Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გიორგი მაღრაძე – ახალქალაქი

♥ იბერიანა – Iberiana

376769275_2386046128262196_5164249034631545140_n

“ახალქალაქი ჯავახეთისაი”

ახალქალაქის, ძველი ქალაქის აღმოცენების ზუსტი დრო ცნობილი არაა. სავარაუდოა, რომ აქ არსებული დასახლება ქალაქად გადაიქცა IX-X სს-ში. რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებამ, პოლიტიკურმა და კულტურულმა აღმავლობამ და სტრატეგიულმა მდებარეობამ. ახალქალაქი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

ამრიგად XI-XIII სს-ში ახალქალაქი ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი იყო. ბაგრატ III-ის (980-1014) მეფობის დროს ქალაქი ჯერ კიდევ „უზღუდო“ იყო. „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისასა … გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდითა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“ (ქც 1: 298,9). ქალაქის შემოზღუდვა დამთავრდა ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს.

XI ს-ის 60-იან წლებში ახალქალაქი ალფ-არსლანმა ააოხრა (ქც 1: 306,16-18). 1191 წ. თამარის (1184-1207) წინააღმდეგ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრე ფეოდალებმა გადაწყვიტეს აეღოთ ახალქალაქი, მაგრამ დამარცხდნენ (ქც 2: 51,6). XIII ს-ში ახალქალაქი მონღოლებმა გადაწვეს. XVI ს-ში ქალაქი სამცხის ერისთავების, ჯაყელების ხელშია. 1535 წ. ის ბაგრატ III იმერეთის მეფესა (1510-1565) და ათაბაგ ყვარყვარეს შორის ბრძოლის ასპარეზი იყო (ქც 4: 497,28). 1545 წ. ახალქალაქი ოსმალთა სულთნის, შაჰ-თამაზის ჯარმა დაიპყრო. XVI ს-ის ბოლოს ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში მოექცა და სანჯაყის ცენტრს წარმოადგენდა. XVIII ს-ის 70-იან წლებში ერეკლე II-მ (1744-1798) რამდენჯერმე სცადა ქალაქის გათავისუფლება (ბაგრატიონი 1983: 23, 55, 73, 77, 79; ორბელიანი 1981: 89, 115, 213). 1828 წ. რუსეთ-საქართველოს სამხედრო ნაწილებმა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს. მაჰმადიანი ქართველები აიძულეს თურქეთში გადახვეწილიყვნენ, ახალქალაქში კი სომხები ჩამოასახლეს ერზერუმიდან. 1918 წ. ქალაქი ისევ ოსმალებმა დაიპყრეს. 1921 წ. ახალქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ

დღეს, 9 სექტემბერს,  ახალქალაქობა, ისტორიული ქალაქის დაარსების 959 წლისთავი, გურიის სტიქიის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. ცხადია დაარსების თარიღი პირობითია და ამ შემთხვევაში ათვლის წერტილად აღებულია ისტორიულ წყაროებში ახალქალაქის პირველად მოხსენიების თარიღი, თურქ-სელჯუკების შემოსევა, ახალქალაქის აღება (1064წ)

ერთ დროს ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და ხალხმრავალი ციხე-ქალაქიდან დღეს მხოლოდ ციტადელის ნანგრევებია შემორჩენილი, ნაქალაქარის ტერიტორია მდინარე ფარავნის (ჯავახეთის მტკვრის) და ორმოცისწყალის შეერთების ადგილზე წარმოქმნილ კონცხს მოიცავს და რამდენიმე ჰექტარზეა განფენილი.

გიორგი მაღრაძე

9.09.2023

სურათების გასადიდებლად დააწკაპუნეთ.

დატოვე კომენტარი