Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაისურაძე–საქართველო-სომხეთიIV

♣ სომხეთი-საქართველო

გურამ მაისურაძე

ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან

  

თავი IV

ახალი ხედვა, თუ ძველი ინერცია?

საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ წინა თავებში აღწერილი დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა საბჭოთა კავშირის დაშლისა და გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი ქართული და სომხური სახელმწიფოების შექმნის შემდეგ, როცა საზოგადოება საბოლოოდ განთავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებიდან და სომხური ისტორიოგრაფიის რიგმა წარმომადგენლებმა, რომელთაც სითამამე ისედაც არ აკლდათ, დაუფარავად გამოხატეს შორს მიმავალი გეოპოლიტიკური ზრახვები. აკად. ლენდრუშ ხურშუდიანმა ერევანში გამოაქვეყნა სტატია – “სომხეთის ეროვნული იდეოლოგია: არსი და შინაარსი”, სადაც წამოყენებულია “დიდი სომხეთის” (ზღვიდან ზღვამდე) აღდგენის ეტაპობრივი გეგმა1. დაშნაკთა პარტიის ამ ცნობილი ფანტასტიკური გეგმის რეალიზაციისათვის ბრძოლის ასპარეზზე ამჯერად, ძირითადად, ახალი თაობის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომელთა შორის ჟურნალისტებმა, მწერლებმა, პოლიტოლოგებმა, სხვადასხვა დარგის არაპროფესიონალებმა იმძლავრეს. წარსულის კრიტიკული შესწავლის ნაცვლად, მათ წინამორბედი და უფროსი თაობის მიერ გაყალბებული ისტორიის ბაზაზე დაშნაკური იდეების პროპაგანდას მიჰყვეს ხელი და ამ პროცესში არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს. სიცრუე, სიყალბე, არაკომპეტენტურობა ამ რიგის “მკვლევართა” საერთო დამახასიათებელ ნიშნად იქცა. სამაგიეროდ, ეს პროპაგანდა ორგანიზაციულად უფრო ქმედითუნარიანი და ფართო მასშტაბისა აღმოჩნდა.

ამ კამპანიის ავანგარდშია სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ორგანიზაცია, ინგლისური აბრევიატურით – RAA, რომელიც აქვეყნებს “სამეცნიერო შრომების კრებულებს, სერიულ გამოცემებს, მათ შორისაა – “სომხური ისტორიული დასახლებანი”, ამ დასახლებათა ცალკეულ ბუკლეტებს, რუკა-ცნობარებს და ა. შ. ამ ორგანიზაციის წევრთა მთელი ძალისხმევა ნიშანდობლივად მიმართულია მაინცდამაინც თავისი ჩრდილოელი ისტორიული მეზობელი ქვეყნებისაკენ მაშინ, როდესაც სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სივრცეებზე თავიანთი ისტორიული უფლების დამტკიცებას, ეჭვი არაა, რომ მართლაც შეძლებდნენ, მთელი ეს წამოწყება ახლა უკვე სამწუხარო ანაქრონიზმს რომ არ განეკუთვნებოდეს.

1992 წ. ხსენებულმა ორგანიზაციამ “სომხური ისტორიული დასახლებების” სერიით ერევანში გამოსცა სამენოვანი (სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) ბუკლეტი სათაურით “ახალქალაქი”. გარეკანის ბოლო გვერდზე “დიდი სომხეთის” რუკა და მომავალში გამოსაცემი ბუკლეტების რუკაა მოცემული, სადაც ქვემო ქართლის, ჯავახეთისა და სამცხის 30 სოფელი და ქალაქი ისტორიული სომხეთის დასახლებებსაა მითვლილი. თვით ტექსტის ძალზე მცირე მოცულობაც (სულ რაღაც ორ გვერდამდე) თავიდანვე ცხადყოფს, რომ მკითხველისათვის ახალქალაქის წარსულსა და აწმყოზე ობიექტური, მეცნიერული ცოდნის მიწოდება მისი ავტორის ინტერესებში არ შედის. იგი კმაყოფილდება ზოგადი და კატეგორიული განცხადებით, რომლის მიხედვითაც “ახალქალაქი მთავარი დასახლებაა გუგარქის გავარ (ანუ პროვინცია) ჯავახქში”. ამგვარივე განცხადებით სომხური მოსახლეობა აქ IX-X საუკუნეებიდანაა, რის დასამტკიცებლადაც მითითებულია ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საფლავის ქვა 1301 წლისა და ახალ ეკლესიაში ჩაშენებული 1289 წ. სომხური ქვაჯვარი, აგრეთვე, ქალაქის მახლობლად მდებარე XII-XIII სს. ეკლესია, რაც ნამდვილად არასაკმარისია. ტექსტის დანარჩენი ნაწილი ეთმობა რუსული ჯარის მიერ ახალქალაქის აღებას და მათ მიერ არზრუმიდან ჩამოსახლებული სომხებით ამ მხარის კოლონიზაციის აღწერას. თუ შუა საუკუნეების ახალქალაქის ისტორიის გადმოცემას 22 სტრიქონი ეთმობა, XIX ს. ქალაქის ისტორიის გადმოცემას – ორჯერ მეტი, რაც არაპირდაპირ იმაზეც მიუთითებს, რომ ახალქალაქისა და ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ისტორია, რეალურად ამ დროიდან იწყება. მიუხედავად ამგვარი შედეგებისა, გამოცემის არჩეული ფორმა (ე. ი. ბუკლეტი) მის ავტორს უფრო მეტ საშუალებას აძლევს მკითხველს ის ცოდნა მიაწოდოს, რაც მას აწყობს, საწინააღმდეგოს კი უფრო მოხერხებულად აარიდოს თავი. ნორმალურ ვი- თარებაში, ასეთი ნაშრომები მეცნიერულ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს 1 და არა, პირიქით, პოლიტიკა განსაზღვრავდეს ფაქტების განხილვის

1 იხ. გაზ. “კავკასიონი”, 1999, 17-23 თებერვალი.

248-249

 წესს. ხსენებული ორგანიზაციის საგამომცემლო გეგმები და უკვე გამოცემული პროდუქცია ეჭვს აღარ გვიტოვებს, რომ ამ ბუკლეტით ისტორიის გაყალბების კერძო შემთხვევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, ანტიმეცნიერულ და ანტიმეზობლურ ფართო კამპანიასთან. ამიტომ მისასალმებელია ჟურნალ “არტანუჯის” რედაქციის ინიციატივა, რომელმაც ცნობილ მეცნიერს, ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტს, დევი ბერძენიშვილს სთხოვა პასუხის გაცემა ბუკლეტში აღძრულ პრობლემებზე, რისთვისაც მას ჟურნალ “არტანუჯის” მთელი ნომერი დაეთმო (1998 წ. # 7).

პირველწყაროების ფართო სპექტრის საფუძველზე დ. ბერძენიშვილმა ახალქალაქისა და ჯავახეთის ისტორიის თანამიმდევრული სურათი წარმოუდგინა მკითხველს უძველესი დროიდან დღემდე, რამაც ნათლად ცხადყო ბუკლეტის ავტორის განცხადებათა სრული უსაფუძვლობა. ამასთან, სომეხი ავტორი ამხილა თვალთმაქცობასა და არაკეთილსინდისიერებაში, რომელიც ამ გზით ცდილობს ფაქტებისა და წყაროთა მონაცემების შინაარსის მისთვის სასურველი მიმართულებით გახმიანებას. მაგალითად, ბუკლეტის ტექსტის მიხედვით, ახალქალაქი ორი მდინარის შესაყარშია, რომელთაგან ერთია “ფარვანა (ე. ი. თავფარავნის წყალი), მეორე კი – “ქარასუნ აღბიურ” (ორმოცი წყარო). ასეთი სახელწოდება არ არსებობს. ესაა სომხური თარგმანი თურქული ყირხბულახისა, რომელიც რუსულ ხუთვერსიან რუკაზეა აღნიშნული. უფრო ადრე მას დლივისწყალი, ხოლო ძველ ქართველ ისტორიკოსებთან ახალქალაქისწყალი ეწოდებოდა. მდინარის გვიანი, თურქული სახელწოდების სომხურად გადაკეთებით ტექსტის ავტორი ცდილობს როგორმე დაამკვიდროს ჰიდრონიმის სომხური ფორმა, შენიშნავს დ. ბერძენიშვილი 2. ბუკლეტში მოყვანილია ახალქალაქის სომხური და სხვა ეროვნების მოსახლეობის რაოდენობის ამსახველი ცხრილი, რომლის მოწმობი- თაც სომხები რაოდენობრივად დიდად სჭარბობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ამ თანაფარდობის ყველაზე ადრეული მაჩვენებელი 1851 წლიდან იწყება და გრძელდება 1976 წლამდე. ცხრილი ასახავს ისტორიულ პერიოდს, როცა ცარიზმის მოხელეებმა, შემდეგ კი საბჭოთა მთავრობამაც პოლიტიკური მოსაზრებით დემოგრაფიული სიტუაცია ამ რეგიონში ძალის გამოყენებით ძირეულად შეცვალა სომეხთა სასარგებლოდ. ბუკლეტის ავტორი კი XIX ს. 30-იანი წლების შემდგომი ხანის მოვლენების დასახელებისა და მოყვანილი ცხრილის შთამბეჭდავი ციფრების ჩვენებით აკეთებს განმაზოგადებელ დასკვნას, რომ “ახალქალაქში ყოველთვის სომხური მოსახლეობა ჭარბობდა”-ო. ამის გამო, დ. ბერძენიშვილი სავსებით მართებულად შენიშნავს: თავისი ისტორიის მთელ მანძილზე ახალქალაქი ქართული დასახლება იყო საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, ამიტომ ბუკლეტის ავტორის აზრი, სომხური მოსახლეობის აქ მუდმივ უმეტესობაზე, აშკარა სიყალბეა3 . მსგავს სიყალბეთა მაგალითები სხვაც არაერთია. თუნდაც ის, რომ XIX ს. ხაჩქარებს ბუკლეტის ავტორი IX-X სს.ად ასაღებს, რათა ახალქალაქში სომხური დასახლების არსებობა ამ საუკუნით დაათარიღოს. ხელოვნებათმცოდნე ეკა ჯანდიერი განმარტავს: ეს ცალკეული ხაჩქარები, არქეოლოგიური სტრატიგრაფიის მიხედვით XIX ს. 30 წლების შემდეგ აქ გადმოსახლებულ სომეხ მოახალშენეთა ნაკვალევია. ამ ქვების გვიანდელ წარმომავლობაზე არა მარტო ორნამენტის ანალიზი, არამედ მათი გარეგნული იერიც და უზადო შენახულობაც მეტყველებს. პასკევიჩის ალყას და 300 ზარბაზნის შტურმს რაღა მარტო ეს ხაჩქარები გადაურჩა ზედაპირზე უვნებლად, როცა მთელი ციხე თავისი ოთხსართულიანი კოშკებით ჩამოილეწა. მაგალითების გამრავლება კიდევაც შეიძლებოდა, მაგრამ მოყვანილიც, ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს ბუკლეტის ავტორის კვალიფიკაციისა და მოქალაქეობრივი კეთილსინდისიერების წარმოსადგენად.

დ. ბერძენიშვილის მიერ მკაცრი მეცნიერული სიზუსტით წარმოდგენილი მდიდარი ისტორიული ფაქტები ახალქალაქსა და მთლიანად ჯავახეთს გვიხასიათებს, როგორც დიდი წარსული მქონე, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს უმნიშვნელოვანეს და ქართული კულტურის სანიმუშო რეგიონს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ენეოლითური და ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, როცა სომხები კავკასიაშიც ჯერ არ იყვნენ, რის გამოც, ჩანს, ბუკლეტის ავტორი ამ მნიშვნელოვან ფაქტს, საერთოდ, არც ახსენებს. ასევე დუმილით გვერდს უვლის ქ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში მოხსენიებულ ქვეყანა “ზაბახა”-ს ანუ ჯავახეთს, რომელსაც მძიმე ბრძოლები ჰქონდა ურარტელებთან. ძველი ჯავახეთის ქართლთან უახლოეს კავშირზე მეტყველებს იბერიის არისტოკრატიაში საკუთარ სახელად ქცეული ჯავახ (ზევახ)-ის პოპულარობა. ეს სახელი

———————————-

2 ჟურნ. “არტანუჯი”, 1998, # 7, გვ. 12.

3 ჟურნ. “არტანუჯი”, 1998, # 7, გვ. 25.

250 251

 არმაზის წარწერებში სამგზისაა დადასტურებული II ს. იბერიის პიტიახშების საკუთარ სახელად (შდრ.: კახა – კახეთი). ქართული წყაროების მიხედვით, წუნდის საერისთავოში გაერთიანებული ჯავახეთი უძველესი დროიდანვე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა. პირველი ქართული ეკლესიები იქ IV-VI საუკუნეებში აშენდა, ხოლო ვახტანგ გორგასალმა ჯავახეთში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. არაბული და სომხური წყაროები (ბალაზორი, იოანე მამიკონიანი) ჯავახეთს ქართლის იმ მხარეთა შორის ასახელებენ, რომლებიც არაბებმა VII ს. დაიპყრეს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი და შესწავლილია ძველი ქართული ეკლესიის IX-X სს. ნაშთი, ე. წ. “თავისუფალი ჯვრის” ტიპის ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობა. მის ნანგრევებში ნაპოვნი ქვაჯვართა ბაზისები და კარნიზები კი V-VII და VIII-IX სს. განეკუთვნება. ივარაუდება, რომ ისინი IX-X სს. ეკლესიის მშენებლობაში იქ არსებული უფრო ძველი სამლოცველოებიდან მოხვდნენ. ხაჩქარებზე უფრო ადრეული და მნიშვნელოვანი ძეგლებით დასტურდება, რომ ახალქალაქის კონცხზე არსებული მოზრდილი სამოსახლო იმდენად დაწინაურებულა, რომ XI სისათვის იგი ჯავახეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გამხდარა და ბაგრატ IV-ის დაქვემდებარებაში გადასულა, რომელსაც მეფემ ზღუდეც შემოავლო. დ. ბერძენიშვილს, ამასთან, მოჰყავს ვრცელი ამონაწერები წყაროებიდან ახალქალაქს თავსგადამხდარი ომების თაობაზე და საგანგებოდ მოყვანილ ამ ამონაწერებში ნიშანდობლივად არ ჩანან სომხები. ყველგან ხაზგასმულია “ახალქალაქის მკვიდრნი”, “დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი” “მესხნი აზნაურნი”, “ქართველები” და “ქართველთა მელიქები”. არსაიდან ჩანს, რომ იქ “ისტორიული სომხური მოსახლეობა” ყოფილიყოს. საყურადღებოა, რომ საერთოდ ჯავახეთის ეპიგრაფიკაში სომხური წარწერები XIV ს-მდე არ ჩანს, ხოლო ქართული წარწერების სიმრავლით ჩვენს ქვეყანაში ეს ერთერთი გამორჩეული მხარეა. 1595 წ. შედგენილი “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრიდანაც” ჩანს, რომ ჯავახური სოფლების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქართველები არიან. არის სოფლები, სადაც ქართულ სახელებს შორის გამოერევა თითო-ოროლა კარაპეტ, ხაჩატურ, ტერაკოფ და სხვ. არის მაჰმადიანური სახელებიც. სამაგიეროდ, არსად ჩანს მხოლოდ სომხებით დასახლებული სოფლები. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალქალაქი კნინდება, მოსახლეობისგან იცლება და კვლავაც ქართლიდან გადმოსულებით ივსება, მაგრამ XVI-XVIII სს. ჯავახეთის ახალქალაქი ძირითადად მაინც ოსმალთა ჯარის სადგომი იყო, სადაც ძლივს ბოგინობდა ადგილობრივი მოსახლეობა4.

ამრიგად, ბუკლეტის ავტორის მტკიცება, თითქოს, ახალქალაქის სომხური მოსახლეობა ყოველთვის სჭარბობდა ქართულს, ძველი სომხური მითია მხოლოდ. საგულისხმოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 1919 წ. გაზაფხულზე დამფუძნებელი კრებისათვის მოწყობილი არჩევნების დროს ახალქალაქის მაზრაში, რომელიც სომხური მოსახლეობის განსაკუთრებული სიჭარბით გამოირჩეოდა მაშინ, არჩევნებში მონაწილე 21. 687 კაციდან 13 ათასმა ქართულ პარტიებს მისცა ხმა და მხოლოდ რვა ათასმა – სომხურს5 . იმედია, ახალქალაქისა და ჯავახეთის სომხური მოსახლეობის 120 წლიანი ისტორია ვერ გადაშლის იმავე მხარის რამდენიმე ათასი წლის ქართულ ისტორიას.

დ. ბერძენიშვილის პასუხის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში, იმავე 1998 წ. სომხეთის გამომცემლობა “მეცნიერებამ” დასტამბა სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ორგანიზაციის სამეცნიერო შრომების მორიგი წიგნი, რომელიც, ფაქტობრივად ისტორიული სიმართლის დამახინჯების ახალ სანიმუშო ცდას წარმოადგენს. წიგნის სათაური “საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და სომხური კულტურის ძეგლები” და განსაკუთრებით მისი შინაარსი, სამწუხაროდ, ვერაფრით ჰგავს მეცნიერებასთან თუნდაც მიახლოებულ ნაშრომს. წიგნს თავიდან ბოლომდე გასდევს თავშეუკავებელი, ღირსებას მოკლებული გამოთქმებით გამოხატული, ზღვარსგადაცილებული ემოციების ტალღა, რომელიც ავტორთა ნაღვაწს ნებით თუ უნებლიედ არასერიოზული პოლიტიკანობის ხასიათს აძლევს. კრებულის შემდგენლის, სამველ კარაპეტიანის განმარტებით, RAA-ს მთელი ძალები და სახსრები მიმართული აქვს მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ არსებულ სომხურ კულტურულ ფასეულობათა შესწავლისაკენ, ე. ი. ისტორიული სომხეთის ტერიტორიისაკენო. საქართველოში კი, მისივე თქმით, სომხური ძეგლები შემჩნეულია არა მარტო ისტორიული სომხეთის გუგარქის ოლქში, არამედ სხვა ადგილებშიცო – ქართლში, კახეთში და სხვაგან6 . ასე, კალმის ერთი მოსმით ქვემო ქართლი და საერთოდ მთელი სამხრეთი საქართველო ისტორიულ სომხეთადაა

———————

4 ჟურნ. “არტანუჯი”, გვ. 13-27.

5 ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989, გვ. 60.

6 დასახელებული სომხური კრებული, გვ. 83.

252 253

გამოცხადებული. თავის აგრესიულ ზრახვათა გასამართლებლად ქართულ მხარეს ბრალს სდებს სომხური ძეგლების განადგურებაში და პროვოკაციულად აცხადებს, თითქოს, სომხური კულტურის ძეგლების არსებობა საქართველოში მიჩნეული იყოს საშიშად იმ მიზეზით, რომ თუ ქართლში, კახეთსა და იმერეთში სომხები, სხვების მსგავსად მოსულები არიან, ვითომც, სამხრეთ საქართველოში ისინი აბორიგენები იყვნენ. ამიტომაც, “უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სომხურმა ისტორიულმა ძეგლებმა სრულმასშტაბიანი და მიზანმიმართული განადგურება და მითვისება განიცადესო”7. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად კი ცილისმწამებლურად აცხადებს, თითქოს, სომხური ცივილიზაციის დამამტკიცებელ ძეგლებთან ერთად საქართველოში ბერძნული, რუსული და გერმანული ძეგლებიც მიზანმიმართულად ნადგურდებოდეს8. ფაქტობრივად კი, ს. კარაპეტიანის მთელი მრისხანება თბილისის სომხური ძეგლების “ნგრევისა და დაზიანების” წინააღმდეგაა მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დედაქალაქი “ისტორიული სომხეთის ტერიტორიის” მიღმა უნდა ითვლებოდეს თითქოს.

კრებულის შემდგენლის ტაქტიკური სვლა არც ისე ძნელი გამოსაცნობი უნდა იყოს. ს. კარაპეტიანი ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას აპირებს. ქვემო ქართლის მიტაცებასთან ერთად ყურადღების გადმოტანას ცდილობს ჯავახეთიდან, სადაც საუკუნეზე მეტია მიზანმიმართულად და სისტემატურად ნადგურდება სომეხთა გვიან მოსულობის მამხილებელი მრავალრიცხოვანი ქართული ძეგლები. გაღმა გამოდავებისა და ცილისწამების ხერხით ს. კარაპეტიანის გუნდის წევრები ცდილობენ ქართველთა წინააღმდეგ მიმართონ ისტორიულ ძეგლთა დაღუპვით გამოწვეული აღშფოთება. სინამდვილე კი თვით ამ კრებულში მოთავსებული ზოგიერთი წერილიდანაც კი ჟონავს. მაგალითად, სომხეთ-საქართველოს საზოგადოების წევრი არმენ ტერ სარქისიანი თავის სტატიაში აღიარებს, რომ რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ სოვეტიზირებულ ქვეყანაში დაიწყო საკულტო ნაგებობათა საყოველთაო მსხვრევა. მიწის პირიდან დაუნდობლად იღგვებოდა ტაძრები, ეკლესიები, მეჩეთები, მინარეთები, სინაგოგები. ამ პროცესმა ამიერკავკასიაც მოიცვა. თბილისში დანგრეულმა სომხურმა ეკლესიებმა ათს გადააჭარბა9. შემდეგ ჩამოთვლილია ამ პერიოდში განადგურებული თითქმის ყველა ის ნაგებობა, რომელთა შესახებ წიგნის გვერდებზე ზარების რეკვაა ატეხილი. წიგნის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ იმ ავადხსენებულ 30-იან წლებში ქართული კულტურის ძეგლები გაცილებით მეტად დაზიანდა, ვიდრე სომხური და ამ საქმეში “ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა” არაფერ შუაშია, მით უფრო უსაფუძვლოა პრეტენზიები დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მიმართ.

RAA-ს წარმომადგენელთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ელიაზე ამიერკავკასიის მასშტაბებისთვის გრანდიოზული სამების ქართული ეკლესიის აშენებამ, რამდენადაც მათ რაღატომღაც საკუთრად მიჩნეული ტერიტორიის შეურაცხყოფად მიიჩნიეს, რის გამოც სამების მშენებლებს “ბარბაროსები” უწოდეს10 და პროვოკაციულად განაცხადეს, თითქოს, მრისხანების ტალღამ გადაუარა საქართველოს სომხურ და რუსულ მოსახლეობას და იმუქრებოდნენ “აუცილებლად დაიქცევა სისხლზე, ძვლებზე და სიცრუეზე აგებული ქართული ტაძრებიო”11. მიუხედავად იმისა, რომ სამების ეკლესია აშენდა ძველი ქართული საკულტო ძეგლის ადგილას და მისი მშენებლობა სავსებით კანონიერი იყო, ქართველთა პატრიარქმა პატივისცემის ნიშნად ეს გადაწყვეტილება სრულიად სომეხთა კათალიკოსს შეუთანხმა, რომელიც მიესალმა კიდეც “ღვთის სასურველ” ამ საქმეს12.

მრუდე სარკეში ფაქტების ჩვენების მაგალითები წიგნში საკმაოდ ბევრია. მავნე ტენდენცია წიგნის ავტორთა პოლიტიკურ სიბეცეზე მეტყველებს და მას ზიანის მეტი არაფერი შეუძლია მოუტანოს მეზობელი ხალხების ურთიერთობას. უღირსი გამოთქმების სიუხვეც (ქართველი ვანდალები, ბარბაროსები, ხულიგნები, მობანდიტო ქართველი მღვდლები, ქართული საპატრიარქოს ვანდალები და სხვ.) იმისთვისაა გამოყენებული, რომ საქართველოს სომხური მოსახლეობის გულუბრყვილო ნაწილში ქართული სახელმწიფოს, ქართული სამღვდელოებისა და საერთოდ ე. წ. “დაუდევარი ქართველებისადმი” სიძულვილი აღძრას, რაც, ეტყობა ვიღაცის (ალბათ საერთო მტრის) ინტერესებში შედის. ყველაზე მიუღებელი ამ წიგნში მაინც ღიად გაცხადებული ტერიტორიული პრეტენზიებია. ს. კარაპეტიანი აკრიტიკებს რა ჟურნალ “არტანუჯში” დაბეჭდილ დევი ბერძენიშვილის მაღალპროფესიულ, მეცნიერულ

————————–

7 დასახელებული სომხური კრებული, გვ. 7.

8 იქვე.

9 იქვე, გვ. 80-81.

1 0 დასახელებული სომხური კრებული, გვ. 51.

11 იქვე, გვ. 52.

12 იქვე, გვ. 51-52.

254 255

 დონეზე შესრულებულ, ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ კრიტიკულ წერილს, რომელიც RAA-ს ასევე სხვა მავნე გამონათქვამებს ეხება, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცების გარეშე აცხადებს, რომ მას, თითქოს, მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არა აქვს, მხოლოდ იმიტომა, რომ ქართველი მეცნიერი, თურმე, გაურბის შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ფართოდ გავრცელებულ სახელს – “სომხითს” და “ისტორიული სომხეთის ოლქის გუგარქის ჩრდილო რაიონების აღსანიშნავად იყენებს ტოპონიმ “ქვემო ქართლს”. ამით დევი ბერძენიშვილს სურს დაფაროს რეალობა, რომელსაც ტერმინი “სომხითი” ანუ სომხეთი ასახავსო13.

ამ შემთხვევაშიც ს. კარაპეტიანი, სხვა სომეხი ავტორების მსგავსად, თვალთმაქცობს. ის აღარაფერს ამბობს იმაზე, რომ სომხური წყაროები იმავე ტერიტორიას “ვრაც დაშტს” ანუ ქართველთა ველს უწოდებენ, ძველი სომხური წყაროები მისთვის უკეთეს შემთხვევაში “გუგარქში” ნარევ მოსახლეობას გულისხმობენ და იქ სომხები არ ეგულებათ. ტერმინი “სომხითი” კი X ს. ჩნდება, როცა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე კვირიკიანთა მცირე სომხური სამეფო ჩამოყალიბდა. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვენი ამის შემდეგაც ამ რაიონს ისევ საქართველოდ აღიქვამდნენ. ეპისკოპოსი მხითარ აირივანეცი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე კვირიკიანთა სამეფოს წარმოქმნას ასე გადმოგვცემს: “981 წ. დაიწყო ბაგრატუნიანთა მეფობა ქართველებზე რამეთუ გურგენი გამეფდა საქართველოში, ხოლო მისი ძმა სმბატი სომხეთში14. აშკარაა, რომ სომეხ ეპისკოპოსს სომეხთა მიერ “გუგარქად” წოდებული ეს მხარე ეთნიკური და კულტურული ნიშნით საქართველოდ მიაჩნდა. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. ასევე საფუძველს მოკლებულია ჯავახეთის სახელის სომხური ფორმით (“ჯავახქ”) დაჟინებული გადმოცემა და ამით გარკვეული ტერიტორიული პრეტენზიების აღძვრა.

კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს ბუნებრივ-ისტორიული საზღვრები ბევრად უფრო სამხრეთით იყო გავრცობილი და საუკუნეების მანძილზე იმდენად მყარი, რომ ამიერკავკასიის ადმინისტრაციულად მოწყობისას რუსეთის მთავრობა იძულებული იყო თბილისის გუბერნია ძველ ისტორიულ საზღვრებში მოექცია. სამაგიეროდ, საზღვრისპირა რაიონებში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მექანიკურად და ძალადობრივი გზით ქართველთა საზიანოდ შეცვალა. ამ გზას ადგა, როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი. ამგვარი საკითხების წამოწევა და მათ შესახებ დისკუსიების მოწყობა მეზობელი ხალხებისადმი მტრულად განწყობილი, პოლიტიკურად გაუმართავი სერიული გამოცემების გზით, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოთა ურთიერთობა თანამშრომლობის, საერთო ინტერესების შეგნებისა და ურთიერთგაგების ნიშნით წარმატებით ვი- თარდება, უბრალოდ მავნეა და ეწინააღმდეგება მეზობელი ხალხების საერთო ინტერესებს.

ამ საძრახის საქმეში განსაკუთრებულად აქტიურობს უკვე ხსენებული სამველ კარაპეტიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული RAA-ს მიერ 1995 წ. სომხურ ენაზე რუკა-ცნობარის “სომხური ეკლესიები საქართველოში” გამოცემა, რომელიც სომხეთს გარდა თბილისის ეკლესიებშიც იყიდება. მის ავტორს საქართველოში აღრიცხული აქვს, მისი თქმით, 650 სომხური ეკლესია, რომელთაგან თითქმის ნახევარი, სინამდვილეში, სომხურს მიწერილი ქართული ეკლესიებია, ამასთან ძალზე მცირეა მათ შორის ისტორიულ-კულტურული ღირებულების ძეგლები. მაგრამ ეს ს. კარაპეტიანს არ ანაღვლებს, მისთვის მთავარია რაოდენობა, რომელმაც საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონების დასახელებული პუნქტები მთლიანად უნდა დაფაროს, რათა იქ ქართული ეკლესიისათვის უბრალოდ მოსანიშნი ადგილიც არ დარჩეს. სწორედ ასეთია მისი რუკა-ცნობარიც, რომლის დანიშნულება ყველაზე გულუბრყვილო მკითხველისათვისას, ვფიქრობ, სავსებით გასაგებია.

ს. კარაპეტიანი თავისი მოღვაწეობის გეოგრაფიულ არეალს თანდათან აფართოებს და 2002 წლისათვის უკვე ბეირუთში RAA-ს ეგიდით აქვეყნებს რუკა-ცნობარს “ჯავახეთის ისტორიული ძეგლები“. ამჯერადაც არ ღალატობს ჩვევას და მის რუკა-ცნობარში მხოლოდ სომხურ ძეგლებს აფიქსირებს, განურჩევლად იმისა გააჩნიათ თუ არა მათ ისტორიული ან კულტურული ღირებულება. მიზანი იგივე რჩება. მკითხველი დაარწმუნოს ჯავახეთის სომხურ წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ძეგლთა უმეტესობა XIX-XX სს. განეკუთვნება15. იმავე 2002 წ. ბეირუთში სომხურ ენაზე გამოქვეყნდა მეცნიერული ნაშრომებისა და სტატიების მოზრდილი კრებული – “მშობლიური ჯავახეთი”. ს. კარაპეტიანს ამ კრებულში ეკუთვნის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სულისკვეთებით დაწერილი, სამი სტატია სადაც სიყალბე და ცილისწამებაც საკმაოდ უხვადაა თავმოყრილი.

——————–

13 ხსენებული სომხური კრებული, გვ. 84.

14 მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძის გამოც. თბ., 1990, გვ. 74.

15 იხ. ლიტერატურული საქართველო, 18-24 ოქტომბერი, 2002 წ.

256 257

 თემატურად ახალია მისი წერილი “ქართული პოლიტიკა ახალციხე-ახალქალაქის მაჰმადიანი მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით”. პრობლემა ს. კარაპეტიანის არცთუ უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს, რამდენადაც მან კარგად იცის, რომ 1944 წ. სამცხე-ჯავახეთიდან შუა აზიაში გასახლებული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ამ ქვეყნის მკვიდრი გამაჰმადიანებული მესხები (მუსლიმანი ქართველები) შეადგენდნენ და დაბრუნების შემთხვევაში მათთან შეხვედრა, ბუნებრივია, გააცოცხლებს უსიამო წარსულს, როცა XIX ს. 30 წლებში ძალით განდევნილი ამ მესხების წინაპართა საბინადროზე ერზერუმიდან ჩამოსახლებული სომხები დაამკვიდრა იმდროინდელი რუსეთის მთავრობამ16. ამიტომაც არის, რომ იმ დროიდან მოკიდებული დღემდე ჯავახეთის სომხური მოსახლეობა ს. კარაპეტიანისა და მათი მსგავსების წაქეზებით მიზანმიმართულად დღენიადაგ შლის ქართველთა კვალს საქართველოს ამ ძირძველ მიწა-წყალზე.

არსებითად წამქეზებლური და აშკარად აგრესიულიცაა სომხეთის რუსულენოვან გაზეთში “ნოვოე ვრემიაში” (2002 წ. 5 ნოემბერი) გამოქვეყნებული სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლისა და პოლიტოლოგის ალექსანდრე კანანიანის წერილი, რომელიც გაზეთის რედაქციის განმარტებით, ხსნის დაპირისპირებათა კვანძს, რომელიც ჯავახქის ირგვლივ შეიკრაო. სამწუხაროდ, მეცნიერული საბუთიანობისა და ეთიკის დაცვის სანაცვლოდ, წერილი სავსეა თვალთმაქცობის, ცილისწამებისა და წყაროების ცნობების გაყალბების მაგალითებით, დაშვებულია არაერთი ფაქტობრივი შეცდომაც. ერთ-ერთი დიდი შეცდომა თუ ტყუილი, ანდა ორივე ერთად, ვფიქრობ, არის ალ. კანანიანის მიერ ამ წერილში წამოყენებული დებულება, თითქოს, “ჯავახქი” სომეხი ერის გენეზისის არეალში შედიოდა. ამ დებულების სისწორეს, მისი თქმით, მოწმობს: “ჯავახქის” ტოპონიმთა ეტიმოლოგია, ისევე, როგორც არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი უძველესი კულტურული პლასტები, მხარის ადრე შუასაუკუნოვანი ტრადიციების ერთიანობა, მისი მჭიდრო კავშირი სომხეთის ზეგანის საერთოკულტურულ არეალთან და ისტორიული წყაროები. საერთოდ ეთნოგენეზისის პრობლემა იმდენად რთულია, რომ ჩამოთვლილი ფაქტორების რეალურად არსებობის პირობებშიც კი დასმულ საკითხზე გადაწყვეტით პასუხის გაცემა შესაძლოა გაჭირდეს. ამ შემთხვევაში კი, როცა დასახელებული ფაქტორები დიდი ეჭვის ქვეშაა, მით უმეტეს, რომ არც ერთ მათგანს კონკრეტული მაგალითი ან ცნობა საერთოდ არ ახლავს, ფაქტორთა მთელი ეს ერთობლიობა იმდენად ზოგადი და არაფრის მთქმელია, რომ ასეთივე “წარმატებით” შეიძლება მიუდგეს ის ნებისმიერი ხალხის ეთნოგეზს.

ალ. კანანიანს თავისი დებულების გასამართლებლად, თუნდაც ერთი სერიოზული გამოკვლევა მაინც რომ დაესახელებინა, კიდევ შეიძლებოდა მისთვის რაღაცა ანგარიშის გაწევა, თორემ თვითონ, რომ ძველი ისტორიის სპეციალისტი არ არის და ეტყობა არც შუა საუკუნეებისა, ეს მისი წერილიდანაც ცხადად ჩანს. მთელ ტექსტში წინააღმდეგობებით გაჯერებული ერთმანეთის გამომრიცხველი დებულებები მონაცვლეობს, რომელთა მიზანი თუმცა კი ჯავახეთის სომხური სამყაროსათვის კუთვნილების დამტკიცებაა, მაგრამ მისდაუნებურად საპირისპიროზე უფრო მეტყველებს. მაგალითად, ალ. კანანიანის თქმით, ქართული ეთნიკური ელემენტის შეჭრა ჯავახეთში უძველეს დროში ხდებოდა და ამ პროცესს მუდმივი ხასიათი ჰქონია, რაც XIX ს. პრესაზე დაყრდნობით დაუდგენია. IX ს-იდან მოყოლებული, განაგრძობს წერილის ავტორი, ჯავახქი ბაგრატიონების არტანუჯელი დინასტიის გავლენის ქვეშ ექცევა და ძლიერ ქალკედონურ ზეწოლას განიცდის. შედეგად, სომხეთის ამ კუთხის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს, თავის პოლიტიკურ ხელისუფალთა მსგავსად, ქალკედონურ საქართველოსთან აქვს შეხება, მართლმადიდებლობას იღებს და ქართველდება. ქალკედონური რწმენის აღმსარებელი ფეოდალები აშენებენ ეკლესიებს, სადაც ღვთისმსახურება წმინდა ბერძნული იყო, ოღონდ ქართულად აღესრულებოდა. ალ. კანანიანის შენიშვნით, ქართული ეპიგრაფიკა ჯავახეთში IX ს. გამოჩნდა და XIV ს. შეწყდა (აშკარაა ცრუობს ან არ იცის). XIV ს-იდან იქ მხოლოდ სომხურ ეპიგრაფიკას ვხვდებითო (სინამდვილეში სომხური ეპიგრაფიკა აქ XIV ს-მდე არცა ჩანს) და განაგრძობს: ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა პოლიტიკურმა ბატონობამ ვერ შერყვნა ჯავახქის ეთნიკური სახეო. ქალკედონიზმის მიმდევრებმა და გაქართველებულმა სომხებმა თურქეთის ბატონობის დასაწყისშივე მიიღეს ისლამი. სომხური მოსახლეობა კი, უმძიმესი წნეხის გამო, თანდათან შემცირდა. ამრიგად, 1830 წ. ჯავახქში სომეხი მოსახლეობის გადასახლება უნდა განვიხილოთ არა როგორც საქართველოს ტერიტორიის “კოლონიზაცია”, არამედ სომხური მოსახლეობის მიგრაცია მისი ერთი რეგიონიდან მეორეშიო. თუკი ალ. კანანიანისავე დაკვირვებით ქართული ეთნიკური ელემენტის, ძირითადად, მესაქონლეების ჯავახეთში შეჭრა უძველესი ხანიდანვე

——————

იხ. ლიტერატურული საქართველო, 2-8 მაისი, 2003 წ.

258-259

 ხდებოდა და ამ პროცესს მუდმივი ხასიათი ჰქონდა, ე. ი. “ქართული ელემენტი” იქ მყარად იჯდა, თუ IX ს-იდან მოყოლებული იქ ქართველი ბაგრატიონები ბატონობდნენ და მათ “სომხეთის ამ კუთხის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი” გაუქართველებიათ კიდეც, ხოლო სომეხთა კვალის მანიშნებელი ეპიგრაფიკა მხოლოდ XIV ს-იდან ჩნდება, აქედან როგორღა გამოჰყავს დასკვნა, რომ ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა პოლიტიკურმა ბატონობამ ვერ შერყვნა “ჯავახქის” ეთნიკური სახეო? ანდა ქართველთა მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური ბატონობა, რომ ალ. კანანიანის მიხედვით, ოსმალთა ბატონობით შეიცვალა, რის შედეგაც სომხური მოსახლეობა ძალზე შემცირდა, ასეთ პოლიტიკურ სურათზე სადღაა “ჯავახქის” ადგილი?

რა თქმა უნდა, ქართლის ეს განაპირა მხარე ანუ ქართული წყაროების ზემო ქართლი ძველ და შუა საუკუნეებში ყოველთვის ჯავახეთად შეიცნობდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სომხური დაპყრობების რამდენიმე უმნიშვნელო ეპიზოდს. რაც შეეხება ეთნოგენეზთან დაკავშირებით ალ. კანანიანის მიერ დასახელებულ ფაქტორებს, უნდა შევნიშნოთ, რომ ისევე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ჯავახეთის ტოპონიმიაშიც შეინიშნება ზანური ენის ნაკვალევი. ფიქრობენ, რომ სახელებში – ჭობარეთი, ტოლოში, დადეში, ორხოფია, მირაშხანი, კორუშეთი, კვარშა, ბურნაშეთი, სალოშეთი, არეშტი, ბარალეთი, ჯანჯღა, ორჯა, ჩუნჩხა, ოლოდა, ეშტიო და სხვა მრავალი უნდა იყოს შემონახული უძველესი ზანური სახელწოდებანი. არქეოლოგიურ მასალაშიც კარგად ჩანს კოლხური ბრინჯაოს კვალი. ჯავახეთში დადასტურებულია როგორც დასავლურქართული, ისე აღმოსავლურქართული კულტურისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები17. ჯავახეთის ტოპონიმების უდიდესი ნაწილი, ცხადია, ქართულია, თუმცა, როგორც დ. ბერძენიშვილი ვარაუდობს, სომეხთა მიერ დროდადრო დაპყრობილ ჯავახეთში ძველთაგანვე იქნებოდა სომხური მოსახლეობაც, რის მოწმობადაც გაისმის ჯავახეთის ძველი ცენტრის – წუნდის სომხური სახელწოდება. მიუხედავად ამისა, განაგრძობს ქართველი მკვლევარი, ჯავახეთში არ შემოგვრჩენია უძველესი სომხური წარწერები, ასეთი აქ მხოლოდ ქართული ჩანს18, რაც ხსენებულ დაპყრობათა ეპიზოდურ და უმნიშვნელო ხასიათზე უნდა მიუთითებდეს. ასე რომ, ალ. კანანიანის უმთავრეს მიგნებას, თითქოს, “1830 წელს ჯავახქში სომეხი მოსახლეობის გადასახლება უნდა განვიხილოთ არა როგორც საქართველოს ტერიტორიის “კოლონიზაცია”, არამედ სომხური მოსახლეობის მიგრაცია მისი ერთი რეგიონიდან მეორეში”, არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

მეცნიერულ პრობლემებზე და თუნდაც პოლიტიკურ საკითხებზეც კამათი, რა თქმა უნდა, შეიძლება და საჭიროცაა, მაგრამ პატიოსნად, ობიექტურად, არგუმენტებისა და საბუთების წარმოდგენით. მაგრამ, როცა ამის სანაცვლოდ, მეცნიერის პრეტენზიის მქონე პირი ცილისწამებას მიმართავს და ისეთ დიდ მეცნიერებს, როგორიც ივანე ჯავახიშვილი და ნიკო ბერძენიშვილი იყო, მეცნიერული კეთილსინდისიერების და პრინციპულობის ნამდვილ ეტალონებს, აუგად და ცუდ ტონში მოიხსენიებს, წერილის ავტორი პირველ რიგში საკუთარ პიროვნულ ღირსებაზე იღებს ხელს. აშკარაა, რომ ალ. კანანიანს ნ. ბერძენიშვილის “არქეოლოგიური დღიურები”, როგორც ამას სომეხი ავტორი უწოდებს ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის საანგარიშო მოხსენებას, ნამდვილად არ წაუკითხავს და ზეპირ გადმოცემას ემყარება, თორემ ანტისომხურს იქ ვერაფერს ნახავდა. ამ “დღიურებში” საუბარია იმ დიდ სიძნელეებსა და დაბრკოლებებზე, რასაც ექსპედიციის მუშაობას უქმნიდა ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში ჩათესილი უნდობლობა ქართველთა მიმართ. ასე იყო ნ. ბერძენიშვილამდეც და იგივე ვითარებაა დღესაც19, ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები და მასზე გაკეთებული წარწერებიც დღესაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრობით ნადგურდება. ეს ფაქტია და ამის მიზეზი მხოლოდ დროთა სვლა და ბუნებრივი სტიქიები არ არის. ალ. კანანიანი გვეფიცება მთელ საქართველოს კი არა, მხოლოდ სომხებით დასახლებულ ჯავახეთს გედავებითო (ეტყობა, ამისთვის უნდა მადლობაც გვათქმევინოს) და თან დღევანდელი საქართველოს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის რაიონებსაც ჩუმ-ჩუმად ხელსა ჰხვევს. მისი მტკიცებით, ის გარემოება, რომ სომხეთს მრავალი საუკუნის მანძილზე გაუქმებული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და ჩრდილო სომხეთის ზოგიერთი კუთხე ნახევრად დამოუკიდებელი ქართული პოლიტიკური წარმონაქმნების შემადგენლობაში შედიოდა, არ აძლევს საქართველოს უფლებას, ეს ტერიტორიები ისტორიულ კუთვნილებად

———————

17 იხ. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბილისი, 1985, გვ. 125.

18 იქვე, გვ. 126.

19 იხ. ჟურნ. “არტანუჯი”, # 7, 1998, გვ 32-34.

260 261

 გამოაცხადოსო და განაგრძობს – შეუცნობელია გზანი ისტორიისა – ალბათ, ამიტომაც ჯავახქი, რომლის სომხური სახე შუა საუკუნეებში დასუსტდა, XIX ს. კვლავ აღდგა, როგორც წმინდა სომხური რეგიონი, იმ დროს, როცა ჩრდილო-აღმოსავლეთი გუგარქი – ბოლნოფორი, ქვეშაფორი, წობოფორი, კოლბო ფორი, მანგლეაცფორი, პრაქტიკულად თურქული ეთნიკური ელემენტებით არის დასახლებულიო (როგორც ჩანს, ამასაც ჩვენ გვსაყვედურობს). რადგანაც ალ. კანანიანი ქართველ ავტორებსა და მათ შრომებს ეჭვის თვალით უყურებს, სომეხთა მიერ “გუგარქად” წოდებულ ქვემო ქართლის ეთნოისტორიაზე მოუყვან ცნობილი სომეხი მეცნიერის ლეონ მელიქსეთ-ბეგის თვალსაზრისს. ისიც სომხეთის პატრიოტი იყო და ამის გამო გარკვეულწილად სუბიექტურ დამოკიდებულებასაც იჩენდა მწვავე საკითხების განხილვისას, მაგრამ არა იმდენად, რომ მეცნიერული სინდისისთვის აშკარად ეღალატა. აი, რას წერდა ღვაწლმოსილი სომეხი მკვლევარი ე. წ. გუგარქის წარსულზე: “ეს კუთხე თუ პრეისტორიულ ხანაში არა, ყოველ შემთხვევაში პირველ საუკუნეებში ქრ. წ., როგორც სტრაბონის გაკვრითი ცნობებიდან ირკვევა და აგრეთვე თვით ამ კუთხის ტოპონიმიკაც გვიდასტურებს, იბერთა (ვერთა) მონათესავე ანუ ქართველთა მოდგმის ტომთა სადგომი ყოფილა” 20.

დღეს მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ ამ ძველქართული ტომის სახელი გოგარები ყოფილა, საიდანაც წარმოსდგა კიდეც მათი სადგომი ქვეყნის ბერძნული სახელი “გოგარენე” და სომხური “გუგარქი”. ეს სახელი ბოლო დრომდე შემორჩენილი ჰქონდა მდ. დებედა-ჩაის სათავის სოფელ “გოგარანს”, რომელიც გუგარქად გადააკეთეს21. ძველქართული პროვინცია “გუგარეთი” (სომხ. “გუგარქი”) ქ. წ. II ს. შემდგომ ხუთჯერ გადავიდა ხელიდან ხელში იბერიასა და სომხეთს შორის სასაზღვრო დავისას, ვიდრე IV ს. მეორე ნახევრიდან საბოლოოდ არ შეუერთდა ქართლს. სომხურივე წყაროების მოწმობით, გუგარქის მკვიდრი მოსახლეობა ქართული იყო22. სომხურ ისტორიოგრაფიაში მდარე, მეცნიერებას დაცილებული ნაშრომების მომრავლებამ ბოლო ხანს, ჩვენი მუდმივი ოპონენტის ბ-ნ პ. მურადიანის შეშფოთებაც გამოიწვია და მას შემდეგ, რაც სომხურ ისტორიულ დასახლებათა სერიის ბუკლეტებისა და ს. კარაპეტიანის რუკა-ცნობარის გამოსვლას ქართულმა საზოგადოებამ მწვავე რეაქციით უპასუხა, ისიც შეუერთდა უმწიფარი ავტორის კრიტიკას. ერევანში გამომავალ გაზეთ “ჰზორ ჰაირენიქ”-ში დაბეჭდა წერილი სათაურით “სინდისისა და მოვალეობის გზაჯვარედინზე”, რომელიც შემდეგ ქართულ ენაზეც ითარგმნა და გაზეთ “ახალ ეპოქაში” გამოაქვეყნეს რუსუდან ჭუბაბრიამ და ბონდო კუპატაძემ 2001 წ. 27 აპრილი – 4 მაისის ნომერში.

პ. მურადიანის კრიტიკა ძირითადად მიმართულია ს. კარაპეტიანისა და ზოგადად RAA-ს თანამშრომლებისადმი, რომლებიც ცოდნის ნაკლებობის გამო სრულიად აშკარა ფაქტებს თითქოს “უნებურად” აყალბებენ. მამხილებელი საილუსტრაციო მასალაც საკმაოდ უხვად მოჰყავს. ეკლესიების ეთნოკულტურული კუთვნილების განსაზღვრის ს. კარაპეტიანის მეთოდზე პ. მურადიანი წერს”: გაურკვეველია, “სომხური ეკლესიის” საპირისპიროდ არასომხურ ეკლესიებს რატომ ვუწოდებთ “მართლმადიდებლურს”, “ბერძნული წესის ეკლესიას” (აბული, აზავრეთი, ალასტანი, ბავრა, ეხტილა, ხორენია და სხვ.), როცა ისინი ქართული ეკლესიებია და ასეც უნდა ეწოდოს. რას უწოდებდა სომეხი მკითხველი იმ ნაშრომს, რომელშიც “სომხური ეკლესია” შეცვლილი იქნებოდა ტერმინებით “მონოფიზიტური” ანდა “იაკობიტურ-ასურული წესისა?” ყოველი ერი თავის ქმნილებას იმსახურებს და ამის არცოდნა არავის ეპატიება. პ. მურადიანი იძულებულია ლექცია წაუკითხოს და ელემენტარული ჭეშმარიტება შეახსენოს ს. კარაპეტიანს, რომ მეცნიერის ყურადღებას უნდა იმსახურებდეს ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები და არა ნებისმიერი ნაგებობა. პირობითად დაუშვათ, განაგრძობს ბ-ნი პ. მურადიანი, რომ საქართველოში მართლაც 650 სომხური ეკლესიაა, როგორც სჯერა ს. კარაპეტიანს, მაგრამ მათგან რამდენია ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე და ყურადღების ღირსი? ჯავახეთში, მაგალითად, კარინის სომხობის დამკვიდრების შემდეგ აგებულ ათეულობით საკულტო ნაგებობიდან მე გამოვყოფდი სოფლების “არაკოვას” და “განძას” ეკლესიებს. სხვები ძირითადად XIX ს. მეორე ნახევარშია აგებული ან გადაქცეულია სამლოცველოებად, როგორნიც ყველგანაა, მათ შორის სომხეთში და სრულებითაც არაა მეცნიერული შესწავლის საგანი. ხელოვნურად და გაუმართლებლად მიიჩნევს პ. მურადიანი ქართული და სომხური ეკლესიების განსასხვავებლად ს. კარაპეტიანის მიერ გამოყენებულ ხერხს. მისი თქმით, სომხები თავიანთ ღვთისმსახურებას ასრულებენ კიოლნში, პროტესტანტებისგან სიმბოლურ ფასად დაქირავებულ

—————

20 ლ. მელიქსეთ-ბეგი, “ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი” და მათი ვინაობა, ტფილისი, 1928, გვ. 22.

21 Д. Л. Мусхелишвили, Из исторической географии Восточной Грузии, Тбилиси, 1982, с. 11-15.

22 იქვე, გვ. 6-15, აგრეთვე, დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ქვემო ქართლი, ნაკ. I, თბილისი, 1979, გვ. 21-23.

262 263

 ეკლესიაში. გვაქვს ჩვენ უფლება ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით კიოლნის ეს ეკლესია სომხურად მოვნათლოთ? კითხულობს ბ-ნი პ. მურადიანი და თავადვე პასუხობს მის მიერ დასმულ კითხვას: ცხადია, არა. ამ შემთხვევაში, რა მეცნიერული და ზნეობრივი უფლებით შეგვაქვს, მაგალითად, სოფელ ხოსპიას (X-XIII სს.) “ბერძნული წესის ეკლესია” სომხურ ეკლესიათა ნუსხაში? მხოლოდ იმიტომ, რომ 1829 წლიდან მოყოლებული აკურთხეს წმინდა 12 მოციქულის სახელზე “სომხური ეკლესიის წესით”. უწინარესად აღვნიშნავ, რომ ის არაა “ბერძნული წესის”, არამედ ქართულია, როგორიც მრავლადაა ჯავახეთში. მეორეც, რატომ მოხდა, რომ 1829 წლის ხელშეკრულებამდე 7-8 საუკუნის განმავლობაში ქართველთა სამსახურში მყოფი და მათ მიერ აშენებული ნაგებობა აღარ ეკუთვნოდა თავის ნამდვილ მეპატრონეს? ათეული წლების წინ ისლამურ სალოცავებად გადაქცეული მრავალი სომხური ეკლესია ახლა აღარაა სომხური? კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძარი ამჟამად აღარ არის ბიზანტიის ხუროთმოძღვრების ძეგლი? ასევე სიმართლის დამახინჯების სხვა არანაკლებ შთამბეჭდავი მაგალითების მოყვანის შემდეგ ბ-ნი პ. მურადიანი დაასკვნის: ეთნოკონფესიური წარსულის უგულებელყოფა და ქართული ეკლესიის სომხურად მონათვლა სრულებით არ შეშვენის ჩვენს კულტურასა და ისტორიას, არც მეცნიერებასთან აქვს კავშირი.

სავსებით სწორია და პ. მურადიანის პოზიციას ამჯერად მივესალმებით. სომხური კულტურა საკმაოდ მდიდარია და იგი ს. კარაპეტიანისა და მისი მსგავსების “დახმარებას” ნამდვილად არ საჭიროებს. ბ-ნი პ. მურადიანის ამ ახალ მიდგომას ქართულ-სომხური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობებისადმი სასიამოვნო სიახლედ აღვიქვამთ, რამდენადაც მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი, მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, სწორედ “მეზობლის საკარმიდამოს ხარჯზე საკუთარის გადიდებისა და მისივე ვენახის ნაყოფის მითვისებისაკენ” იყო ყოველთვის მიმართული, მხოლოდ ს. კარაპეტიანისაგან განსხვავებით, ეს კეთდებოდა საქმის ცოდნითა და, ძირითადად, მეცნიერული ტაქტის დაცვით. ბ-ნი პ. მურადიანის ამჟამინდელი სახეცვლილების მიზეზი, ვფიქრობ, არც ისე ძნელი გამოსაცნობი უნდა იყოს. ათეული წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, სხვა მის კოლეგებთან ერთად, მისმა ამგვარმა ძალისხმევამ ს. კარაპეტინები, ალ. კანანიანები, ს. მამულოვები და მათი მსგავსები შვეს, რომელთა შიშველმა აგრესიამ და პრიმიტივიზმმა, ბოლო ხანს მაინც, კურიოზული სახე მიიღო. ამით შეშფოთებული “მასწავლებელი” ახლა მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს და “აკადემიზმის არტახებში” დაბრუნებას უკიჟინებს თავგასულ მოსწავლეებსა და მის ამჟამინდელ ახალგაზრდა კოლეგებს.

ასეთი “სახეცვლილების” მიუხედავად ბ-ნმა პ. მურადიანმა ხსენებულ წერილში საყვედურის საბაბი მაინც მოგვცა, ვის და ქართული ლიტერატურის კარგ მცოდნეს ბ-ნ პ. მურადიანს არ ეკადრება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (სხვათა შორის ერის მამად აღიარებულისა და ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულის) არაკეთილსასურველ ასპექტში მოხსენიება. მართალია, ჩვენს ოპონენტს ილია ჭავჭავაძე გულზე არ ეხატება, მაგრამ მე მაინც მისი რამდენიმე სტრიქონი უნდა შევახსენო: “ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელი საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა კი პირქვე დაემხო სომხეთი – ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვიცავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა მოესევოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომ ჩვენი უდიდესი მეფენი და სამეფო კაცნი არაფერს არ ჰზოგავდნენ, რომ ეშველნათ სომხეთისათვის, როცა კი გაუჭირდებოდათ”23. ასე გულდაჯერებით ქადაგებდა დიდი ილია ქართველებისა და სომხების ურთიერთთანადგომისა და თანამშრომლობის ისტორიულ აუცილებლობას, იმ დროს, როცა გარეშე ძალების ზეგავლენითა და წაქეზებით, თუ სხვა რამ მიზეზით, სომხური ინტელიგენციის ერთი ნაწილი, თვით საქართველოშივე ანტიქართულ პროპაგანდას აღვივებდა და ქართველთა წარსულსა და ტერიტორიულ მთლიანობას სადავოდ ხდიდა. ილიას სიბრძნემ განაპირობა, რომ მმართველი ბიუროკრატიისა და მეცნიერ-ინტელიგენციის ამ ნაწილის საძრახისი განწყობილება სომხური მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გადაედო. ამ წერილში ბ-ნ პ. მურადიანის კრიტიკას ვერც ქართველი ისტორიკოსები აცდნენ. განსაკუთრებით გაღიზიანებულია იგი ბონდო არველაძის მონოგრაფიის რუსულ ენაზე გამოქვეყნებით, სადაც ნათქვამია, რომ მცხეთის ჯვრის სომხური წარწერა “ნაკაწრია”, “შემთხვევითი ხასიათი აქვს”, ქართული წარწერის თანაბარმნიშვნელოვანი არ არის და არ შეიძლება ის მიჩნეული იყოს ქტიტორულ წარწერად. ერთადერთი უზუსტობა, რომელიც დაშვებული აქვს ბ. არველაძეს ისაა, რომ სომხური წარწერის ადგილად პოსტამენტის ნაცვლად “ცოკოლს” ასახელებს24. ამ არარსებით მცირე შეცდომაზე ხმაურის ატეხვით ბ-ნი

————–

23 ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები, ტ. V, თბილისი, 1987, გვ. 110.

24 Бондо Арвеладзе, “Армянские” или грузинские церкви в Грузии?!, Тбилиси, 1996, с. 4-5.

264 265

პ. მურადიანი ცდილობს საკითხის არსებითი ნაწილის გადაფარვას, რისთვისაც გ. ჩუბინაშვილსაც იმოწმებს, თუმცა ამ უკანასკნელს მის სასარგებლოდ არაფერი აქვს ნათქვამი. თავის გამოკვლევაში “Памятники типа Джвари”, Тбилиси, 1984 г., ბ-ნი გიორგი ჩუბინაშვილი წერს: “На задней широкой грани (საუბარია მცხეთის ჯვრის პოსტამენტზე) вверху имеются три строки армянской надписи (?) или графитти, очень неясно резанной (გვ. 83). როგორც ვხედავთ, სომხური “წარწერის” ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო, ის კითხვის ნიშნის ქვეშა აქვს დაყენებული და უფრო გრაფიტისაკენ იხრება. ხოლო გამოქვეყნებულ ფოტოებზე (გვ. 31) იმდენად აშკარაა სხვაობა მცხეთის ჯვრის პოსტამენტის ქართულ წარწერასა და მის გვერდით წახნაგზე მქრქალად გამოკვეთილ სომხურ წარწერას შორის, რომ არასპეციალისტისთვისაც სრულიად გასაგებია, გრაფიკულად მაინც, მათი არათანაბარი მნიშვნელობა. ეტყობა, ამიტომაცაა, რომ ამ სომხურ “წარწერას” გამოკვლევის ავტორი ამჯერად უკვე უყოყმანოდ გრაფიტთა რიცხვს აკუთვნებს. გ. ჩუბინაშვილის კვალიფიკაციასა და მეცნიერულ კეთილსინდისიერებაში კი, ვგონებ, პ. მურადიანსაც კი არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი. ასე რომ, თუ ბონდო არველაძე მცხეთის ჯვრის პოსტამენტის სომხურ “წარწერას” ნაკაწრს უწოდებს, ეს სულაც არაა მისი “დანაშაული”. იგი მხოლოდ ავტორიტეტულ სპეციალისტებს ემყარება.

რაც შეეხება ამ წერილში ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებულ საკითხებს ნაციონალისტური პოზიციებიდან ვიხილავდე, ესეც მის სინდისზე იყოს. და კიდევ ერთი, ამ წერილის მენტორული ტონი, არა გვგონია, მაინცდამაინც ღირსებას სძენდეს მას. ქართულ-სომხურ ისტორიულ ურთიერთობათა თემაზე ბოლო ხანებში შექმნილ არასერიოზულ ნაშრომთა შორის ჟანრის ორიგინალობით გამოირჩევა სერგო მამულოვის ორი წიგნი ერთნაირი სათაურით “სომხები საქართველოში”. პირველი გამოიცა მოსკოვში 1995 წ. 5000-იანი ტირაჟით, მეორეც – იქვე, 2002 წ. სულ 800 ეგზ. ს. მამულოვი ერთგულად იცავს რა ცნობილ ტენდენციას კავკასიაში სომეხთა განსაკუთრებულ ისტორიულ-კულტურულ უპირატესობათა თაობაზე, მთელი ძალისხმევით ცდილობს საქართველო სომხეთად დაუხატოს მკითხველს. ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში მისი კომპეტენციის დონის მაჩვენებლად, ვფიქრობ, გამოგვადგება 1993 წ. მოსკოვში დიდი ტირაჟით (20 ათასი ეგზ.) გამოცემული მისივე თხზულება – “საოცარი სასწაულების ქვეყნიდან (სომხეთი და სომხები – ცივილიზებული მსოფლიოს უნიკალური ფენომენი)”. სულ რამდენიმე დამახასიათებელ სტრიქონს მოვიყვან ამ თხზულებიდან და მერე მკითხველმა განსაჯოს რამდენად ხელეწიფება მის ავტორს სერიოზულ საკითხებზე მეცნიერული მსჯელობა. სომხეთისა და სომეხი ხალხის ღირსებათა ჩამოთვლისას იგი წერს: “სომხეთი კაცობრიობის აკვანია… ადამი და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში, რომელიც სომხეთის ზეგანზე მდებარეობდა (გვ. 24)”, “გადმოცემის თანახმად კი, ადამი და ნოე სომხურად ლაპარაკობდნენ” (გვ. 18). სომხეთი და სომეხი ხალხი – ესაა მჭვერმეტყველი ფაქტების პალიტრა, რომელიც უმეტესად გამოავლენს პირველს, საუკეთესოს, განუმეორებელს, სომხეთია სამშობლო ხორბლის, ვაზის, გარგარის, ლუდის და ა. შ. (გვ. 24-25). სომხეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასოდეს არსებულან კასტები, მონები, ყმები (გვ. 27). XX საუკუნის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაც სომხეთში იყო 1988 წ. (გვ. 29). ნუთუ ესეც სომეხი ხალხის ღირსებას უნდა მიეწეროს? და კიდევ, ბაბილონისა და ეგვიპტის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის პირველი ადგილი სომხებს ეკუთვნოდათ, ბაღდადისა და მაროკოს არაბმა ხალიფებმა ძალიან ბევრი ქვეყანა სომხების ხელით დაიპყრეს (გვ. 36), ბიზანტიის იმპერიაში მაკედონელთა ანუ სომხური დინასტია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა სახელმწიფოს. იქაურ ტახტზე იჯდა არანაკლებ 15 სომეხი იმპერატორისა და ბერძნულის გვერდით, სომხური სახელმწიფო ენა იყო (გვ. 37) და ა. შ. და ა. შ. ამის მერე მკითხველს, ალბათ, აღარ უნდა გაუკვირდეს, თუკი ს. მამულოვი საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის გადმოცემისას წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს, თითქმის, ანეგდოტურ ფორმამდე დასულ მოარულ გადმოცემებსა და მოძველებულ, უაღრესად ტენდენციურ ლიტერატურას (დაწვრილებით მათ შესახებ იხ. ჩემი რეცენზია “რამდენიმე შენიშვნა სერგო მამულოვის წიგნზე “სომხები საქართველოში”, რომელიც გამოქვეყნდა გაზ. “7 დღე”-ში 1998 წ. 24-26 ივლისის ნომერში), რის წყალობითაც ქართველთა წმ. ნინო მის წიგნში (მხედველობაშია 1995 წ. გამოცემული წიგნი) ერთ-ერთ სომეხ წმინდანად იქცა25, ჩვენ კი გვეგონა, რომ წმ. ნინო ბერძნულად მეტყველი, კაბადოკიელი რომაელი ქალი იყო, როგორც ამას ქართული და უცხოური წყაროები მოწმობს26. მისივე, ე. ი. ს. მამულოვის ძალისხმევით კახაბერისძეთა რაჭის ერისთავის ასული და დავით ულუს მეუღლე

—————-

25 Мамулов С. С., Армяне в Грузии, Москва, 1995, с. 229. 26 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 72-93.

266 267

გვანცა დედოფალი სომეხ ვართუშად გარდაისახა. ილია ჭავჭავაძეც სანახევროდ გაასომხა, რამდენადაც ილიას დედა მარიამ ბებურიშვილი სომეხ ბებურიანად გამოგვიცხადა, რა თქმა უნდა, ყოველგვარი საბუთის გარეშე. როგორც ჩანს, ამჯერადაც ზოგიერთ წრეში გავრცელებულ ჭორებს დაეყრდნო. არადა, კარგადაა ცნობილი, რომ ბებურიშვილები კახელი თავადები იყვნენ. ეს გვარი ქართული საკუთარი სახელი – ბებურიდან წარმოდგა, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების საქართველოში. ჯერ კიდევ XVI ს. ალექსანდრე კახთა მეფის ბაზიერთუხუცესს ერქვა ბებური27. ეს სახელი პოპულარული იყო ვაჩნაძეთა თავადურ გვარში. ეს სახელი ჰქვია ამჟამად ლაგოდეხის რაიონის ერთ სოფელს. ამ საკუთარი სახელიდანაა ნაწარმოები გვარები – ბებურიშვილი, ბებურია, ბებურიძე28. გასაგებია, რომ უცხო ანთროპონიმი ასე ღრმად ვერ შეიჭრებოდა ქართულ ონომასტიკაში და ასე ფართოდ ვერ მოიცავდა მის სფეროებს. ყოველგვარი საბუთიანობისა და კვლევის გარეშე ქართველ მოღვაწეთა და ისტორიულ პირთა გასომხურების შემთხვევები წიგნში სხვაც არა ერთია, რითაც, ეტყობა, მათი ავტორი ცდილობს აღმოსავლეთი საქართველო, ს. მამულოვის ტერმინით “სომხური სულისა” და შემოქმედების ასპარეზად წარმოგვიდგინოს და ამით გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია სომხეთის ისტორიის ნაწილად აქციოს.

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებული ძალით და ყველაზე ფართოდ გაიხსნა და გამოვლინდა სომეხი ხალხის მრავალმხრივი ტალანტი, ხოლო სომეხთა ეროვნულმა სულმა, თანდაყოლილმა ფხიანობამ და შემოქმედების უზარმაზარმა ნიჭმა თავისი განვითარების ყველაზე კეთილსასურველი ნიადაგი სწორედ აქ ჰპოვა29. ავტორის თვალსაწიერი მაინც უმთავრესად თბილისს უტრიალებს, რადგანაც მისივე განცხადებით: “თბილისი დიდხანს იყო სომხური სულის გამოხატვის ასპარეზიო” 30. ყურადღების გამახვილებას “სომხურ სულზე” და “სომხურ სისხლზე” ნაშრომში მრავალჯერ ვხვდებით და მისი გამოვლენის ცდებს წიგნის უმეტესი ნაწილი ეძღვნება. გარდა იმისა, რომ ასეთ ძიებებს ხშირ შემთხვევაში რეალური საფუძველი არ გააჩნია, ის მკვეთრად ემიჯნება მსოფლიო საკაცობრიო ღირებულებების თანამედროვე გაგებას და მის ფონზე მხოლოდ ღიმილისმომგვრელი ხდება. წიგნისთვის დამახასიათებელი დილეტანტიზმი ცუდ სამსახურს უწევს ავტორის მიერ შესავალ ნაწილში გაცხადებულ კეთილშობილურ მიზნებს. ფაქტების ზერელე ინტერპრეტაცია და მათი მნიშვნელობის გაზვიადება მკითხველის თვალში საეჭვოს ხდის საქართველოს სომხური მოსახლეობის მიერ საუკუნეთა განმავლობაში ქვეყნისათვის გაღებულ სასიკეთო ღვაწლსაც. თავისი ნაღვაწის ერთგვარი გაუმჯობესება და “გაკეთილშობილება” სცადა ს. მამულოვმა ამავე სათაურის მქონე მეორე წიგნში, რომელსაც დასკვნით ნაწილს უწოდებს, თუმცა გვერდების რაოდენობით ის 170-ით აღემატება პირველს. გაუმჯობესება კი იმით გამოიხატება, რომ აქ არა მარტო შენარჩუნებული, არამედ განვითარებულიც კია ის არაჯანსაღი ტენდენცია, რაც ასე ნიშანდობლივი იყო პირველი წიგნისათვის. აქაც ცალკე პარაგრაფი ეთმობა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ზოგად მიმოხილვას, თუმცა ეს მიმოხილვა მხოლოდ XII-XIII სს-ით იფარგლება და მთლიანად ს. ერემიანის მეცნიერულ-პოპულარული წერილების საფუძველზე არის აგებული. შემოქმედებითად გადმოგვცემს რა ავტორიტეტული მეცნიერის დებულებებს, გზადაგზა უხეშ შეცდომებსაც უშვებს. ს. მამულოვის მტკიცებით, XII-XIII სს. მიჯნაზე ქართული სახელმწიფო ფედერაციული ხასიათისა იყო. ის მოიცავდა “შვიდ სამეფოს”, რომელთა რიცხვში ჩრდილო სომხეთიც იყო. მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის აზრითაც, იმ ეპოქის ქართული სახელმწიფო ძირითადად ორი ხალხის – ქართველებისა და სომხების გაერთიანება იყო და ქართულ-სომხური ფედერაციული სახელმწიფოს ხასიათს ატარებდაო31. რას ემყარება ს. მამულოვი ამ ცნობის მოწოდებისას გაუგებარია, რამდენადაც მსგავსი მოსაზრება ივ. ჯავახიშვილს არც ერთ თავის ნაშრომში არა აქვს გამოთქმული. ს. მამულოვი არ უარყოფს, რომ ამ დროის საქართველო ცენტრალიზებული ფეოდალური მონარქია იყო და მისი შემდგომი გაძლიერებით სომეხი ხალხიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული 32, იმას კი არ უწევს ანგარიშს, თუ სახელმწიფოს ცენტრალიზებულობა რამდენად შეიძლებოდა შეჰგუებოდა მის ფედერალურ მოწყობას. მისივე აზრით, ქართველ მეფეთა ტიტულატურაც (მეფე აფხაზთა და

——————

27 ქართული სამართლის ძეგლები, II, თბილისი, 1965, გვ. 196.

28 ილია მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბილისი, 1981, გვ. 33.

29 ს. მამულოვი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 5. 30 იქვე, გვ. 16. 31 ს. მამულოვის დასახელებული წიგნის 2002 წლის გამოცემა, გვ. 10. 32 იქვე, გვ. 11-I5.

268 269

ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა…) ადასტურებს შვიდი სამეფოს მომცველი შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს ფედერაციულ ხასიათს. ასეთი დასკვნა პრინციპულად ეწინააღმდეგება ცენტრალიზებული ქართული ფეოდალური მონარქიის პოლიტიკურ აღნაგობას. საქართველოს მეფის ხელისუფლება მის დაქვემდებარებაში მყოფ ჩამოთვლილ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთშიც, მპყრობელობას ემყარებოდა და არა ყმადნაფიცობას, რის გამოც “სამეფოებად” მათი მოხსენიება მხოლოდ სიმბოლური და წარსულის ანარეკლია. თანადროული ქართული წყაროები განმარტავდნენ, რომ ეს “სამეფოები” სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს “ამერ-იმერის შვიდი თემი” – საკუთრივ საქართველოს შემადგენელი ნაწილები. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებლის სიტყვები დიდი ქართული ცენტრალიზებული ფეოდალური მონარქიის შექმნის საშუალებებზე: “ბოროტად გარდავЈედ საზღუართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოЎ ვმკўდრობდ ქუეყანასა ზედა”33. სამეფო ხელისუფლების ეს თვითმპყრობელური ბუნება სავსებით იყო შენარჩუნებული თამარისა და მისი მემკვიდრეების დროსაც.

ცენტრალიზებული ქართული ფეოდალური მონარქიის სომხური ნაწილის ავტონომიურობაში მკითხველის დასარწმუნებლად ს. მამულოვი მიმართავს ნაცად ხერხს და იმეორებს მისი წინამორბედების ლეგენდებს მხარგრძელთა სომხური წარმომავლობის თაობაზე და მიმართავს მათი მოღვაწეობის ჰიპერბოლიზაციას. ამ საკითხებზე უკვე საკმაოდ ითქვა და მათი გამეორების აზრს ამჯერად მაინც ვერ ვხედავ. ასევე უკომენტაროდ ვტოვებ ს. მამულოვის მიერ გამოჩენილ ისტორიულ პირთა გასომხურებით გატაცებასაც, რამდენადაც ის იქაც სხვას იმეორებს, რომელთა შესახებ ჩვენი დამოკიდებულება უკვე გამოვხატეთ. ქართველ და სომეხ ბაგრატოვანთა საერთო წარმომავლობაზე საუბრისას ს. მამულოვი საგანგებოდ შენიშნავს, რომ სომხეთის ეს გავლენიანი არისტოკრატიული საგვარეულო შემდგომში საქართველოშიც გამოჩნდაო, თითქოს, ჯერ სომხეთში დაეწყოთ მეფობა, შემდეგ კი საქართველოშიც გაეგრძელებინოთ მაშინ, როდესაც, მისივე მოწმობით, მათი მეფობა თავთავიანთ ქვეყნებში დაახლოებით ერთდროულად დაიწყო. სომეხ ბაგრატოვანთა მეფობა დაიწყო 886 წ. და 1044 წ. შეწყდა, ქართველ ბაგრატოვანთა მეფობა კი 888 წლიდან 1801 წლამდე გაგრძელდა. თუნდაც ამიტომ ქართველი ბაგრატოვნები სომეხ ბაგრატიდთა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრადიციების გამგრძელებლად ვერ ჩაითვლებიან, რის დამტკიცებასაც გულდაჯერებით ცდილობს ს. მამულოვი 34.

თითქმის მთელი ამიერკავკასიის მომცველ ცენტრალიზებულ ქართულ ფეოდალურ მონარქიაში, სადაც ქართული სოციალურპოლიტიკური სისტემა და ქართული ფეოდალური კულტურა დომინირებდა, ს. მამულოვი საკუთრივ ქართულ სამეფოდ (собственно Грузинского царства-ად) მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ მცირე ნაწილს მიიჩნევს, რომელსაც ამ დროისათვის (XII-XIII სს-თვის) სრულიად შეუფერებელ და გაუგებარ სახელს – “ქართლ-კახეთის სამეფოს” უწოდებს, სადაც, ამასთანავე, მმართველი დინასტიის მფარველობის წყალობით სომხური მოსახლეობა ყოფილა გაბატონებული. გამოდის, რომ არც ეს, ს. მამულოვის მიერ საკუთრივ ქართულ სამეფოდ მიჩნეული ქვეყანა, ყოფილა ქართული.

XIX და XX ს. პირველი ათეული წლების ისტორიის გადმოცემისას ს. მამულოვი, ისე როგორც პირველ წიგნში, ძირითადად ემყარება მოძველებულ და ტენდენციურ ლიტერატურას. საქართველოს ქალაქებში სომხური მოსახლეობის რიცხოვნობაზე წარმოდგენის შესაქმნელად, ჩვეულებრივ, გაზ. “კავკაზ”-ში გამოქვეყნებულ საეჭვო ცნობებს მიმართავს მაშინ, როდესაც მისთვის საინტერესო ქალაქების ისტორიაზე (გორი, თელავი, სიღნაღი და სხვ.) მეცნიერული გამოკვლევები და მონოგრაფიებია გამოქვეყნებული. არაპროფესიული მიდგომის შედეგად მის თხზულებაში საკმაო რაოდენობით ვხვდებით ფაქტობრივ შეცდომებს. მაგალითად, გაზ. “კავკაზ”-ზე დაყრდნობით (1867, # 89) ს. მამულოვი გვამცნობს, რომ თელავი დაუარსებია 1010 წ. კვირიკე III-ს, სინამდვილეში კი ქ. თელავი ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორებისათვისაც იყო ცნობილი. უბრალოდ, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკემ თელავში სამეფო ტახტი დაიდგა. ს. მამულოვი იქვე უხეშ შეცდომას უშვებს, როცა ფრჩხილებში განმარტავს, თითქოს, კვირიკე III დიდი სომხური დინასტიის წარმომადგენელი ყოფილიყოს. არც იმაშია მართალი, როცა ამტკიცებს “ახალქალაქში ყოველთვის სომხური მოსახლეობა პრევალირებდაო”35. ვიდრე გენერალი პასკევიჩი ამ რაიონში

——————

 33 დავით აღმაშენებელი, გალობანი სინანულისანი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, სოლ. ყუბანეიშვილის შედგენილი, თბილისი, 1946, გვ. 375.

34 ს. მამულოვის წიგნის 2002 წლის გამოცემა, გვ. 21-22. 35 იქვე, გვ. 53.

270 271

არზრუმიდან 30 ათას სომეხს გადმოასახლებდა, ქართული მოსახლეობა აქ 90%-ს შეადგენდა.

როგორც პირველ წიგნში, აქაც საკმაო ადგილი უკავია რამდენადმე გამოჩენილ სხვა ეროვნების პირთა საყოველთაო გასომხურების აშკარად მავნე ტენდენციას. გვარის მიხედვით ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა ძალზე რთული საქმეა, მით უფრო საქართველოში, სადაც შუა საუკუნეებიდან მომდინარე ტრადიციის ინერციით საზოგადოებრივი აზრი XIX ს.ც ეთნიკურ კუთვნილებას, ძირითადად, კონფესიური კუთვნილების მიხედვით განსაზღვრავდა, ამასთან, იგივე საზოგადოებრივი აზრი “სომხის” ცნებაში სოციალურ შინაარსსაც დებდა და ვაჭრობა–ხელოსნობაში ჩაბმულ ადამიანებს ერთიანად სომხებად მიიჩნევდა.

საქართველოში ტრადიციულად ფართოდ გავრცელებული აღმოსავლური და ბიბლიური საკუთარი სახელების საფუძველზე აღმოცენებული გვარების ქართულ–სომხური პარალელური ფორმების მსგავსების გამოც (მაგალითად, ასლან-ი-შვილი – ასლან-იან; შაჰყულ-ა-შვილი – შაჰყულ-იან; ისაკა-ძე – ისააკ-იან; სააკ-ა-ძე, სააკ-ა-შვილი – სააკ-იან; თუმან-ი- შვილი – თუმან-იან; აგრეთვე, ბიბლიურ-ქრისტიანული აბრამიშვილი – აბრამიან; იაკობაშვილი – ჰაკობიან; აზარიაშვილი – აზარიან; პეტრიაშვილი – პეტროსიან; პავლიაშვილი – პოღოსიან; ივანიშვილი – ჰოვჰანისიან; მარკოზაშვილი მარკოსიან; ლუკაშვილი – ღუკასიან და სხვა უამრავი), კონკრეტული ვითარების გაუთვალისწინებლად, თითქმის შეუძლებელია ამ გვარების მიხედვით ეროვნული კუთვნილების გამოცნობა. ამიტომაც ცალკეული გვარების სპეციალური კვლევის გარეშე ვერც გვარის წარმომავლობა დადგინდება და ვერც პიროვნების ეროვნული კუთვნილება. ს. მამულოვი კი ყოველგვარი თავის შეწუხების გარეშე, მათ შორის, უეჭველი ქართული საკუთარი სახელების საფუძველზე აღმოცენებული გვარების მქონე (მაგალითად, მამულა-შვილი, მამა-სახლისი, ორბელი და სხვ.) მოღვაწეებსაც ერთიანად სომხურ წარმომავლობას მიაწერს. სხვათაშორის, აქ მოყვანილი ორივე გვარის მაწარმოებელი მამა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ქართული სახელია, რის გამოც ის საფუძვლად უდევს მრავალ ქართულ გვარსახელს, მათ შორის წარმოქმნილფუძიანებს: მამულაიშვილი, მამულაშვილი, მამულია, მამულოძე, მამუკაძე და სხვ. აგრეთვე, რთულფუძიან სახელებსაც: მამასახლისაშვილი, მამაგულაშვილი, მამისთვალიშვილი და სხვ.36 სომხური ისტორიოგრაფიის კლასიკოსი ნიკოლოზ ადონციც აღნიშნავდა ამ ქართული სიტყვის დიდ სიძველეს და ფიქრობდა, რომ ის გვაროვნული ხანის სიტყვაა, რომელიც საფუძვლად დაედო, აგრეთვე, მამიკონიანთა ცნობილი გვარის წარმოქმნას. მისი აზრით, ამ გვარის მთავარი შემადგენელი ძირეული სახელი მამიკ-მამაკ სხვა არაფერია, თუ არა არმენიზირებული ფორმა იბერიული მამასი37. ს. მამულოვი კი ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე რუსული ფორმით გადმოცემულ ქართულ და სომხურ გვარებს ერთიანად სომხურად აცხადებს. ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოღვაწის გასომხებით გატაცებული ს. მამულოვი ვეღარ ხსნის, თუ რატომ არის, რომ XIX ს. მცხოვრები ბევრი “სომეხი” ქართულ გვარს ატარებდა იმ დროს, როცა მთავრობის ანტიქართული პოლიტიკის პირობებში სომხური გვარის ტარება გაცილებით მომგებიანი იყო, ვიდრე ქართულისა.

ორივე წიგნში საკითხებისადმი არაპროფესიული, ზოგჯერ პრიმიტიული მიდგომის შემთხვევები სხვაც არაერთია. ყველა მათგანზე პასუხის გაცემა, ალბათ, არცაა საჭირო. რაც წარმოვადგინეთ, ვფიქრობ, ისიც საკმარისია სამწუხარო ტენდენციის მავნე ხასიათში დასარწმუნებლად.

ბოლოს, აღვნიშავ კიდევ რამდენიმე ნაშრომს, რომლებიც “აკადემიზმის” პოზიციებიდანაც კი უაღრესად ტენდენციურად აშუქებს ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის მთელ რიგ საკითხებს. ესაა 2001 წ. მოსკოვში გამოცემული მართლმადიდებლური ენციკლოპედიის III ტომში, ტერმინ “არმენია”-სთან დაკავშირებული ცალკეული სტატიები, რომლებიც მკითხველს აწვდის ცნობებს სომხეთის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. პირველი წერილი იწყება ქვეყნის ისტორიულგეოგრაფიული მიმოხილვით, სადაც სომხეთის ისტორიულ ოლქებს შორის დასახელებულია ორი ქართული ისტორიული პროვინცია – გუგარეთი ანუ ქვემო ქართლი და ტაო, რა თქმა უნდა, ამ ტოპონიმთა სომხური ფორმით (“გუგარქ” და “ტაიქ”). გეოგრაფიული მიმოხილვის ავტორის განმარტებით, პირველი მათგანი მოიცავს ბამბაკის მთებსა და სევანის ტბის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებს, ხოლო მეორე – მდ. ჭოროხისა და მისი შენაკადების ხეობებს. საენციკლოპედიო სტატიაში პოლემიკის გამართვა და საკუთარი არგუმენტების მოყვანა, შესაძლოა, უადგილოც იყოს, მაგრამ ის მაინც უნდა აღნიშნულიყო, რომ ხსენებულ ისტორიულ პროვინციებზე სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაზრისის გარდა არსებობს არანაკლებ არგუმენტირებული მისი საპირისპირო შეხედულებაც.

——————–

36 ილია მაისურაძე, ქართული გვარსახელები, გვ. 100-101.

37 Н. Адонц, Армения в эпоху Юстиниана, Ереван, 1971, с. 402-403.

272 273

სომხეთის პოლიტიკური ისტორიის გადმოცემისას სტატიის ავტორი ხელოვნურად ზრდის ქვემო ქართლის ტერიტორიაზე X ს. 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ტაშირ-ძორაგეტის სომხური სამეფოს არსებობის დროს და მას 979-1256 წლებით საზღვრავს. ჯერ კიდევ ბაგრატ IV-მ 1065 წ. ტაშირ-ძორაგეტის მეფეს წაართვა სამშვილდე, ხოლო ქვეყანა თავისი ხელისუფლების კონტროლს დაუმორჩილა, რის შემდეგ ქართველი მემატიანის თქმით, “მონებდეს სომეხნი”. მალე კვირიკიანთა სომხური სამეფო სელჩუკიანი თურქების ხელში გადადის. 1110 წ. დავით აღმაშენებელი თურქებს სამშვილდეს ართმევს, 1118 წ. კი – ციხე-ქალაქებს – ლორეს და აგარანს, რითაც ასრულებს კიდეც ქვემო ქართლის შემოერთებას. ასე რომ, ამ სამეფოს შემქმნელი პირველი კვირიკიანის გამეფების თარიღად თუ უფრო სანდო წყაროს მხითარ აირივანეცის ცნობას 981 წ. მივიღებთ, მაშინ ამ სამეფოს არსებობის ხანგრძლივობა 277 წლით კი არ უნდა განისაზღვროს, როგორც ამას საენციკლოპედიო სტატიის ავტორი აკეთებს (1256 – 979 = 277), არამედ 137 წლით (1118 – 981 = 137, ე. ი. მთელი 140 წლით ნაკლები და უფრო მეტადაც, რადგან დიდი თურქობის დროიდან (1080 წლიდან) აქ კვირიკიანთა ხელისუფლება ერთობ საეჭვო ჩანს.

XII-XIV სს. საქართველოს შემადგენლობაში შემოსულ სომხურ თემებს და მათ მმართველ საქართველოს მოხელეებს – მხარგრძელებს, საენციკლოპედიო სტატიის ავტორები სომხური ისტორიოგრაფიის ტრადიციის მიხედვით განიხილავენ, როგორც იმ დროისთვის ძლევამოსილი ქართული სამეფოს შემადგენლობაში მყოფ და “განსაზღვრული დამოუკიდებლობის” მქონე სომხურ სამთავროებს, მხარგრძელებს კი – ზაქარიანებად. სომხეთის ისტორიის ფაქტების გადმოცემისას, მათდა უნებურად, თავს იჩენს ე. წ. “ზაქარიდთა სომხური სამფლობელოების”, თუ “სომხეთის ჩრდილო რაიონების” დანარჩენ საქართველოსთან მუდმივი და განუყრელი, ორგანული კავშირი, რის გამოც არც მონღოლებისათვის, რომლებმაც “გურჯისტანის ვილაიეთში” შეიყვანეს მთელი ქვემო ქართლი და არც რუსებისათვის, რომლებმაც აღმოსავლეთი საქართველო ლორე-ბამბაკ, შამშადინთან ერთად 1801 წ. რუსეთს შეუერთეს, სადავო არ ყოფილა ამ ტერიტორიების საქართველოსადმი კუთვნილება.

ფაქტების გაყალბების ოსტატობით ამ გამოცემაში განსაკუთრებით გამოირჩევა სტატია “სომეხ ქალკედონიტთა ხელოვნება”, რომლის ავტორი, თავისი წინამორბედების ნ. ტოკარსკისა და ტ. მარუთიანის მსგავსად, ტაოს ქართულ ტაძრებს (ოშკი, ხახული, იშხანი, ბანა, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვები) სომხურ ძეგლთა წრეში აქცევს. მთავარი საყრდენი ამ საქმეში მისთვისაც ტაოსა და ქვემო ქართლში სომეხ ქალკედონიტთა ეთნოკულტურული უმრავლესობის უნივერსალური ფორმულაა, რომლის საშუალებითაც, სომეხი ავტორები, ჩვეულებრივ, ადვილად წყვეტენ ქართულ-სომხური ურთიერთობის ნებისმიერ კულტურულ-პოლიტიკურ პრობლემას. თავის დროზე ნ. ტოკარსკისა და ტ. მარუთიანის მსგავსი ცდები, როგორც ითქვა, სააშკარაოზე გამოიტანეს და სიყალბეში ამხილეს აკადემიკოსებმა სიმონ ჯანაშიამ და ვახტანგ ბერიძემ. ეს უკანასკნელი ტ. მარუთიანს ახსენებდა, რომ ის ნაკლებ ყურადღებას აქცევდა საკუთრივ არქიტექტურულ-მხატვრულ თავისებურებათა განხილვას, ე. ი. ძეგლთა არსში ჩაწვდომას, რაშიც უშუალოდ ვლინდება მათი ნაციონალური თავისებურება. ჩანს, საენციკლოპედიო სტატიის ავტორმა კარგად დაიმახსოვრა ქართველი ხელოვნებათმცოდნის ეს შენიშვნა და მის საპირისპიროდ ტაოსა და ქვემო ქართლის ქართულ ძეგლთა სტილისა და მოხატულობის თავისებურებანი, რომელთაც სომეხ ქალკედონიტთა შემოქმედების ნაყოფად მიიჩნევდა, თვალთმაქცურად ქართულ ხელოვნებასთან კავშირითა და მისი გავლენით ახსნა. ამას გარდა, სომეხ ქალკედონიტთა სამშენებლო მოღვაწეობის ასპარეზიც გააფართოვა და მათვე მიაწერა პეტრიწონის მონასტრის მშენებლობაც და მათსავე კუთვნილებად გამოაცხადა დავით გარეჯის მონასტერთა კომპლექსში საბერეების VII ეკლესიაც და ა. შ. (გვ. 316). ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ვარაუდები და დასკვნები ისეთ ვითარებაში კეთდება, როცა სახეზეა ტაო-კლარჯეთის ხსენებულ ძეგლებზე ამოკვეთილი უამრავი ქართული წარწერა ქართველი ქტიტორების, ხუროთმოძღვრების, მშენებლობის ხელმძღვანელების კონკრეტული ჩვენებით (მაგალითად, ქართველი მეფე-მთავრები: ადარნასე II ქართველთა მეფე, ბაგრატ ერისთავთერისთავი, დავით მაგისტროსი და შემდგომში ტაოს სახელგანთქმული მეფე დავით კურაპალატი, ხუროთმოძღვარი ივანე მორჩაისძე იშხანში, გრიგოლ ოშკელი და სხვ.). ასეთ კონტექსტში ძალაუნებურად გვახსენდება წყაროების უგულებელყოფისა და მისი საშუალებით ქვეყნის ისტორიის გადაკეთების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის სამართლიანი კრიტიკა პ. მურადიანის მიერ, რომელიც მან სამველ კარაპეტიანთან კამათისას მოგვცა თავის ცნობილ წერილში “სინდისისა და მოვალეობის გზაჯვარედინზე”. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ძეგლის კედელზე არსებული წარწერაში იხსენიება აგების თარიღი და ქტიტორის ვინაობა, მაშინ როცა კარაპეტიანი იძულებულია, რომელიღაც საუკუნეები ივარაუდოს და ჰიპოთეზები წამოაყენოს.

274- 275

მაგალითად კი მოჰყავს სოფ. ღრტილას შუაგულში მდებარე ეკლესიის წარწერა, სადაც ნათქვამია: “გასრულდა ქვეშელი ლიპარტის მეუღლისა და თმოგველების ასულის რუსუდანის მიერ ღმერთო შეიწყალე ქ-ნი 528 (1308 წ. პ. მ.) ჭორმანის ძე იოანე ღმერთო შეიწყალე”. პ. მურადიანის მართებული კომენტარით, თმოგველების ასული და ქვეშის გამგებლის ლიპარტის მეუღლე რუსუდანი, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიას ააგებდა. ასეთი პრინციპით რომ მიდგომოდნენ საკითხის განხილვას საენციკლოპედიო სტატიების ავტორები, გასაგებია, არც ჩვენ გვექნებოდა რამე მათთან საპრეტენზიო.

სამველ კარაპეტიანის კრიტიკისას ბ-ნ პ. მურადიანის განცხადება, რომ წარსულის გაყალბება “არ შეშვენის ჩვენ კულტურასა და ისტორიას და არც მეცნიერებასთან აქვს კავშირი”, ვფიქრობ, ერთობ დროული და საჭირო მოწოდებაა არა მარტო სომხური ისტორიოგრაფიის ღირსების დასაცავად, არამედ საერთოდ, წარსულის იდეალიზაციის ტენდენციებისა და “ეროვნული განსაკუთრებულობის” იდეისგან თავისუფალი ისტორიული აზრის ნორმალური და ობიექტური განვითარებისათვის კავკასიაში. ამგვარ განწყობათა გაჩენა, თუნდაც ჩანასახოვან მდგომარეობაში, თავისთავად, დადებითი მოვლენაა და მეზობელი ისტორიოგრაფიის წარმომადგენელთა შორის მეტი ურთიერთგაგების იმედს გვისახავს.

ასევე საყურადღებოა, ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის განსაზღვრულ ეტაპებზე მეზობელთა შორის დაპირისპირებისა და შემდეგ ისტორიოგრაფიაში მისი ასახვის გლობალური პოლიტიკური მოვლენებით ახსნის მცდელობა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ბ-ნ აშოტ მელქონიანის მოხსენებაში “სომხურ-ქართულ ურთიერთობათა გაკვეთილები: ისტორია და თანამედროვეობა”, რომელიც მან წაიკითხა თბილისში რუსთაველის საზოგადოების სხდომაზე. მეზობელთა ურთიერთობის ცალკეული რთული პრობლემების საგარეო ფაქტორით ახსნამ მის ავტორს საშუალება მისცა უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება ისტორიული მეზობლების გამაერთიანებელ ინტერესებზე, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის ფაქტორებზე. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ რიგის მასალის წარმოდგენისას სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებულ ტენდენციურ შეფასებებზე აღმოჩნდა მთლიანად დამოკიდებული, თუმცა მათი შერბილება-შელამაზებაც სცადა და ისტორიული ტოპონიმებიც პარალელური სომხური და ქართული ფორმებითაც წარმოგვიდგინა (მაგალითად, ტაიქ-ტაო, ჯავახქ-ჯავახეთი და ა. შ.), რითაც ხაზი გაესვა მათზე განსხვავებული აზრის არსებობასაც. ამასთან ერთად, მოხსენება- ში, შესაძლოა მისდა უნებურადაც, დაშვებულია უხეში შეცდომებიც. მაგალითად, იგი წერს: “X ს.ათვის უკვე გადასახლებულ სომეხთა რიცხვი საქართველოში იმდენად გაიზარდა, რომ კერძოდ, ჰერეთსა და კამბეჩანში დაარსდა ქართულ-სომხური სამეფო”. ასეთ ფაქტს არათუ ქართული ისტორიოგრაფია, არამედ სომხურიც არ უნდა იცნობდეს. სრულ გაუგებრობაზეა დამყარებული სქოლიოში ჩატანილი შენიშვნა, თითქოს, ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, IV ს. დასაწყისისთვის ჯავახეთში საკონტაქტო ენა სომხური ყოფილიყოს. ლეონტის მიხედვით საქართველოსკენ მომავალმა წმ. ნინომ სომხეთის საზღვართან (“საზღვართა სომხითისათა”) გამოიზამთრა. რამდენადაც სომეხ მიაფორთან ყოფნისას მცირედ სომხური ესწავლა, ჩანს, გამოზამთრების პერიოდში, ენის მხრივ მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ვითარება იცვლება ჯავახეთში, ფარავნის ტბის მიდამოებში მოსვლისას, სადაც მწყემსებთან კონტაქტის დასამყარებლად საჭირო ხდება სომხური ენის მცოდნის მოძებნა და “პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი”, ე. ი. მრავალ მწყემსთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა სომხურის მცოდნე. სომხური იქ ყველას რომ სცოდნოდა და, როგორც ბ-ნი აშ. მელქონიანი ფიქრობს, სომხური საკონტაქტო ენა ყოფილიყო ჯავახეთში, მაშინ ხომ სომხურის მცოდნის ძებნაც არ იქნებოდა საჭირო? ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, სასურველი სურათის დახატვასთან უფრო უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე მეცნიერულ ძიებასთან. მოხსენების ტექსტში დაშვებული ხსენებული უხეში შეცდომები კი მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძველი და შუა საუკუნეების ამიერკავკასიის ისტორია, უბრალოდ, ბ-ნ აშ. მელქონიანის სპეციალური კვლევის ობიექტი ჯერ არ გამხდარა.

გაცილებით საინტერესო და დამაჯერებელია მისი მსჯელობა XIX-XX სს. ამიერკავკასიის ისტორიის გადმოცემისას. მისი დაკვირვებით XIX ს. მეორე ნახევრიდან შეიმჩნევა ხარისხობრივად ახალი ეტაპის დაწყება სომხურ-ქართულ ურთიერთობაში, რაც განპირობებული იყო ორივე ხალხის ეროვნული თვითშეგნების ზრდითა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ სწრაფვით. ამასთან აღნიშნავს, მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორების (სინამდვილეში კი იმპერიული პოლიტიკის შედეგად. -გ. მ.) ზეგავლენით ურთიერთობის გაციებას სომხურ და ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებს შორის. ქართულ და სომხურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რა თქმა უნდა, ძირითადად, ოფიციოზის მიერ იყო პროვოცირებული, რაც ბ-ნი აშ. მელქონიანის

276-277

 მიერ შენიშნული გარემოებიდანაც საკმაოდ კარგად ჩანს. მისი მართებული დაკვირვებით, ქართველთა უკმაყოფილებას განსაკუთრებით ის ვითარება იწვევდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ზრდა რუსეთის მფლობელობის პერიოდში, უმთავრესად სხვა ხალხთა ხარჯზე ხდებოდა. იმპერიის ეს დემოგრაფიული პოლიტიკა ქართველთა დენაციონალიზაციას და ამით მისი წინააღმდეგობის დათრგუნვას ითვალისწინებდა, რის გამოც ამ პროცესში სომეხთა აქტიური მონაწილეობა, ბუნებრივია, მხარეთა ურთიერთობის “გაციებას” კი არა და ურთიერთდამოკიდებულების უკიდურეს გამწვავებასაც იწვევდა. გამონაკლისს შეადგენდა მაშინდელი ჩვენი საზოგადოების შორსმჭვრეტელი ნაწილი – დიდი მოღვაწეების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ოვანეს თუმანიანის, გაბრიელ სუნდუკიანისა და სხვა ცნობილ მოაზროვნეთა მეთაურობით, რომლებიც წარმოშობილი დაძაბულობის ჩაცხრობისათვის იღვწოდნენ და კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ ისტორიულ მეზობლებს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს მომხსენებელიც.

XX საუკუნეში წარმოშობილი პრობლემებიდან ერთ-ერთ უმთავრესად, სავსებით მართებულად, მიჩნეულია ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული გამიჯვნის საკითხი, რაც შემდგომში კიდევ უფრო გართულდა საგარეო ფაქტორის ზეგავლენით. თავდაპირველად ეროვნული საბჭოების მოქმედების პერიოდში 1917 წ. ქართველ მოღვაწეთა ერთი ნაწილი სომხური მხარის მიერ წამოყენებული ეთნიკური პრინციპის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, მაგრამ 1918 წ. მაისის ბოლოს ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნამ ცხადყო ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობა. ბ-ნი აშ. მელქონიანი სინანულს გამოთქვამს ქართველ პოლიტიკოსთა იმ ნაწილის პოზიციის შეცვლის და საერთოდ “ეთნიკური პრინციპის” უარყოფის გამო.

ბ-ნი აშ. მელქონიანი აღნიშნავს აგრეთვე საქართველოს სომხური მოსახლეობის სეპარატისტულ მიდრეკილებებს საბჭოთა ხელისუფლების დასაწყის ხანაში და ამ მოვლენას ბოლშევიკური ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკით ხსნის, რამაც მთელი მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვიაო.

ქართულ-სომხური ურთიერთობის თანამედროვე პრობლემებიდან უმთავრესად მიიჩნევს რეგიონალური კონფლიქტების მიმართ საქართველოსა და სომხეთის განსხვავებულ, უფრო ზუსტად, საპირისპირო მიდგომას. ტერიტორიული ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთი მხარს უჭერს ერთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპით საკითხის გადაწყვეტას, რათა ამ გზით შეძლოს ყარაბაღის მიერთება. საქართველო კი აზერბაიჯანთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ არისო, განაგრძობს ბ-ნი აშ. მელქონიანი, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები დაამყარა აზერბაიჯანთან, ვიდრე სომხეთთანო. საქართველოაზერბაიჯანის ალიანსის შექმნას ყოველმხრივ ხელი შეუწყო თურქეთმა და დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომლებიც კავკასიიდან რუსეთის განდევნას ცდილობენო. ამ პროცესის გასაღრმავებლად დასავლეთმა რუსეთის საწინააღმდეგოდ ბაქო-ჯეიჰანის სანავთობო კონტრაქტის ხელმოწერას მიაღწია. ასეთ პირობებში საქართველომ შეინარჩუნა რა სომხეთთან ნორმალური ურთიერთობა, ავტომატურად აღმოჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური შუამავლის როლში როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისე სომხეთსა და თურქეთს შორის. რეგიონში ძალთა ასეთმა განლაგებამ სომხეთი აიძულა უფრო მჭიდრო კონტაქტები დაემყარებინა რუსეთთან, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ დარგშიც. ყველაფრიდან ჩანს, განაგრძობს მომხსენებელი, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ხანებში სომეხ-ქართველთა ურთიერთობა არც თუ ისე ადვილად ვითარდებოდა. იყო მომენტები, როცა ჩვენი ურთიერთობანი, არცთუ მესამე ძალის მონაწილეობის გარეშე, შეიძლებოდა საბრძოლო სიტუაციაში გადაზრდილიყო. საბედნიეროდ ეს არ მოხდა. გაიმარჯვა გონიერებამ და თვითგადარჩენის ინსტინქტმა. სამაგალითოდ იმოწმებს გენერალ ანდრანიკის სიტყვებს, რომელიც მას ნოე რამიშვილთან და ევგენი გეგეჭკორთან საუბრისას 1919 წ. აპრილში წარმოუთქვამს: ქართველ-სომეხთა საომარი კონფლიქტის გამეორების შემთხვევაში ორივე ქრისტიანი ერის დაღუპვა გარდაუვალი იქნებაო. ბ. აშ. მელქონიანის აზრით, სომეხი გენერლის ეს სიტყვები დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალობას. ამჟამად ჩვენი ქვეყნები, მათდა უნებურად, აღმოჩნდნენ ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ინტერესთა მიჯნაზე, რამაც აიძულა ისინი ეზრუნათ ამიერკავკასიაში კოლექტიური უსაფრთხოების ზონის შექმნაზე. დასასრულს, გამოთქვამს იმედს, რომ პრობლემები დაიძლევა, რისი დასტურიცაა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაო.

ასეთ ოპტიმისტურ ნოტზე ამთავრებს ბ-ნი აშ. მელქონიანი თავის მოხსენებას და ჩვენც გვიჩნდება იმედი, რომ სომხურ ისტორიოგრაფიაში ბოლო ხანს გაჩენილი პოზიტიური ძვრების ნიშნები თავის ლოგიკურ განვითარებას პოვებენ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი, დიდი ივანე ჯავახიშვილი წერდა: “ძველ ხანას და ძველ ადამიანებს მიეტევებათ ლეგენდების შექმნა, მაგრამ თავის მხრივ ჩვენ გვევალება განვასხვავოთ ლეგენდები ისტორიული ჭეშმარიტებისაგან” 38. ცხადია, რომ გაყალბებული ფაქტებიდან და მოვლენებიდან მხოლოდ მცდარი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი, რაც ისტორიის გაკვეთილებს ქმედითუნარიანობას უკარგავს. ამიტომაც არის აუცილებელი ყოველმა ერმა იცოდეს “უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი”39. მხოლოდ ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში შეუძლია ისტორიოგრაფიას სარგებლობა მოუტანოს ხალხს, რომელსაც ის ემსახურება.

—————–

38 სერგო ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, თბილისი,
1981, გვ. 43.
39 ივ. ჯავახიშვილი, მამულიშვილობა და მეცნიერება, თხზულებანი, ტ.
XII, გვ. 68.

 

დატოვე კომენტარი