Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•გულიკო გიგიბერია- ვაი სირცხვილო

 

გულიკო გიგიბერია

ეკონომისტ-ანალიტიკოსი

 

ვაი სირცხვილო . . .

ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ინფრასტრუქტურა განავითარა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და საჭიროცაა (ლიფტი, სათამაშო მოედნები, სახურავი…) ანუ საერთო მოხმარების სიკეთეები. მაგრამ მოუტანს კი რაიმე შვებას სოციალურად დაუცველ ადამიანებს?! მათ ინდივიდუალური დახმარება სჭირდებათ: სამედიცინო პროგრამები, სოციალური შეღავათები, ერთჯერადი ფინანსური დახმარება, შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, უფასო მგზავრობა და კიდევ მრავალი სხვა, რაც გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურ ყოფას, რაც არის კიდეც გათვალისწინებული ბიუჯეტით, მაგრამ არ სრულდება.

ვის ინტერესში შედის სოციალური კრიზისი? ვინ ქაჩავს ფულს ამ პროგრამებიდან? რატომ არის ამ უწყების საიტი გრიფდადებული (პროგრამები არსებობს, იხსნება მხოლოდ 033-ის სახელმწიფო პროგრამა) და რატომ არის ეს პროგრამები ხელმისადწვდომი მარტო იმათთვის, ვისაც გამოუჩნდება ახლობელი სახელმწიფო სადაზღვევო სტრუქტურაში, ე. წ. ,,ფონდში”, სხვა შემთხვევაში ვერავითარ დახმარებას ვერ მიიღებ, ვინაიდან ამ ხალხზე მზრუნველობა თავის თავზე აიღეს კერძო სადაზღვევო კომპანიებმა.

ჩნდება კითხვა, რატომ გადაიქაჩა ამდენი ფული ამ კომპანიებში? არ არსებობს მექანიზმი შემოწმდეს რა რაოდენობის ბენეფიციარს მოხმარდა ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები, ვერ შეამოწმებ ვინ სარგებლობს ან ვის უნდა ესარგებლა ამ დახმარებებით. მეტწილად მოქალაქემ არ იცის თუ რომელ სადაზღვევო კომპანიაზე არის მიმაგრებული და საერთოდ ეკუთვნის კი რაიმე სახის დახმარება, თუ არ ჩავთვლით სიღარიბის ზღვარსქვემოთ მქონე სტატუსმინიჭებულებს. სტატისტიკით ესეთი სახის დახმარებით სარგებლობს მოსახლეობის 15-18%. მაშ, რისთვის გახდა საჭირო ფუნქციის განაწილება კერძო სტრუქტურებზე, როდესაც ფონდი ამას ბევრად უკეთ ასრულებდა – 67-72%-ს.

,,გრიფმინიჭებული” პროგრამები იხსნება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. მოსახლეობას პირდებიან იმას, რაც უკვე არის გათვალისწინებული პროგრამებით 25-მდე კატეგორიაზე, მათ შორის: უსინათლოებზე, მარჩენალ დაკარგულებზე, 9 აპრილს დაზარალებულებზე, მარტოხელებზე, ვეტერანებზე და მრავალ სხვა უმწეოზე, რომელთაც ეკუთვნის დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, ისევე როგორც ადრინდელი, პრიორიტეტად პერსონიფიცირებას, იმუნიზაციას გამოაცხადებს. რით ვერ გაართვა გიგი წერეთელმა, ამდენი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ან თუნდაც დღეს სხვადასხვა პლატფორმებზე მდგომმა, ყოფილმა კომიტეტის წევრებმა, წლების განმავლობაში ამ საკითხს თავი?

გაგიმხელთ ერთ რამეს. მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის სჯეროდა ჩემი, ჩემმა ზარმა, განაპირობა ის, რომ პირველსავე მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტის საყვედურის შემდეგ წერეთელი სასწრაფოდ დაბრუნდა პარლამენტში. ისევ, მერამდენედ კომიტეტის თავმჯდომარედ. მიზეზი ჩემი შეტყობინებისა იყო წერეთლის საგანგებო განაცხადება იმაზე, რომ გაუშვა ბრიგადა პანკისში საყოველთაო აცრების ჩასატარებლად, რადგანაც იქ წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. არაპროფესიონალიზმის გარდა საქმე გვაქვს უტვინო ადამიანთან, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ამას საქვეყნოდ აცხადებს. ყველამ იცის, ამ სენით დაავადებულისთვის და მის გარშემო მყოფებისთვის საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე, აცრის გაკეთება არ შეიძლება. ყველაზე სამარცხვინო იცით რა არის, წერეთელი იმ პროგრამების პრეზენტაციებზე, რომლებიც უკვე არსებობს აუცილებლად რთავს პირველ ლედის, უფრო დამაჯერებელად რომ სჩანდეს მისი თითქოსდა ახალი წამოწყება. მან და მისმა ,,ფეშენ ბანდამ” ხელში ჩაიგდეს ყველა სამედიცინო დაწესებულება – არ განვაზოგადებ… გასაკვირია, როგორ მოახერხა მან ეს, როდესაც კარგად გვახსოვს მიშა სააკაშვილის თავდაუზოგავი ბრძოლა თითოეული საავადმყოფოს პრივატიზაციის წინააღმდეგ, რითაც მან ექიმებისა და პაციენტების დიდი ნდობა დაიმსახურა. როგორ შეაცვლევინა გიგი წერეთელმა და მისნაირებმა პრეზიდენტს აზრი?

ეს არის სისტემის გადარჩენის ერთადერთი გზა?

და კიდევაც კითხულობენ – რა არის ხალხის უკმაყოფილების მიზეზი?

თქვენ, ბატონო წერეთელო, თანამზრახველებთან ერთად თქვენი არაგონივრული პოლიტიკით დაუპირისპირეთ საზოგადოება ხელისუფლებას, მთელი მედპერსონალი და თითოეული მოქალაქე, რომლის მენტალიტეტში ყოველთვის იდო თავის მოვლა, რაც ექიმთან მისვლის აუცილებლობას წარმოადგენდა. გვპირდებით: გექნებათ უფასო მშობიარობა-რა, არ არის ეს პროგრამა? უმწეოთათვის სტაციონარული მკურნალობა – რა, არ არის ეს პროგრამა? გადაუდებელი (ურგენტული) კომპონენტი – რა, არ არის ეს პროგრამა? ფსიქიატრიული, ფტიზიატრიული, ონკოლოგიური, სამეანო, 0-3 წლამდე ბავშვების პატრონაჟი და მრავალი სხვა….

 სად წაიღეთ ამ პროგრამებზე ბიუჯეტით დარიცხული თანხები?… ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა???

არაპროფესიონალიზმმა, არაკომპეტენტურობამ, ფართომაშტაბიანმა კორუფციამ დაანგრია ეს სისტემა.

2005წ. 1 ივლისის N1876-რს დადგენილებით პარლამენტმა მოახდინა ევროპის ადმიანის უფლებეთა დაცვის, სოციალური ქარტიის რატიფიცირება, რომლითაც საქართველო სავალდებულოდ აღიარებს შეუერთდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციით გათვალისწინებული ევროპის საბჭო წევრი სახელმწიფოების მიერ გამოთქმულ თანხმობას…, თავიანთი მოსახლეობისათვის ქარტიით განსაზღვრული სოციალური უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით მათი ცხოვრების დონის და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას”.

სად წავიდა ჯანგანი??? თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური. პავლიაშვილი არ მოგვწონდა, არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებასო, სამაგიეროდ ზაზა გოროზიამ ჩასანსლა ეს სამსახური. ფა-ფუ, ეს სამსახური აღარ არსებობს. ზაზამ თავისი მისია შეასრულა და სამეგრელო ზემო სვანეთის პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაც მიიღო ჯილდოდ. არ დაიჯერებთ, პირველი რაც მან იქ გააუქმა, გამგეობებში სოციალური განყოფილებებია. რა არის ეს, თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში მსგავს უწყებებში არ დასვამდნენ კაცთმოძულე ადამიანებს, არაპროფესიონალობაზე რომ არაფერი ვთქვა – აბა ზაზა გოროზიას, რომელმაც შრომის წიგნაკი ვარდების რევოლუციის მერე გახსნა, სხვა რა მოეთხოვებოდა.

ისე, ის ყველაზე შეუცვლელი კადრი ცეესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნებოდა, არჩევნებზე წაუსვლელად ჩატარდებოდა არჩევნები. აი ამის დიდიოსტატი კი ნამდვილადაა. ვახ, დრონი, დრონი . . .

მავანნი სიამაყით ამბობენ – სახელმწიფო შედგაო. რაში გამოიხატება ეს? 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა მიანიშნებს ამაზე?

შემდგარ სახელმწიფოში არ შეიძლება მსგავსი წინააღნდეგობა არსებობდეს. ამდენი გულგატეხილი, შეურაცყოფილი ადმიანისა და ბედნიერ, გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებულ ინდივიდებს შორის. ამოდენა წინააღმდეგობა არსებობს მხოლოდ უსამართლო სახელმწიფოში.

სად იწყება ამ უბედურების სათავე?

 1991-92 წელსაც არბევდნენ და ტყვიებს უშენდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იმ პროტესტის გამო, რომ ხუნტამ დაამხო კანონიერი – ხალხის ნებით, უმრავლესობით, 87%-ით არჩეული ხელისუფლება. თუმცა რა უნდა გვიკვირდეს?! მაშინ როდესაც ქართველის ტვინში გაჩნდა იდეა ქართული ეროვნული მოძრაობის ჰეგემონის ზვიად გამსახურდიას ღალატისა და შემდგომში მისი ფიზიკური განადგურებისა, მაშინ როდესაც ქართველის ხელით განხორციელდა მე-20 საუკუნის ქართველი ერის სინდისის, დამონებულ ქართველში მეობისგამღვიძებლის  ეს მზაკვრული განაჩენი.

გეყოთ რაც ჩაიდინეთ , თუნდაც ეს მომაკვდინებელი ფაქტი, რაც არ შეიძლება მომხვდარიყო თანამედროვე საუკუნეში არც ერთ სხვა ქვეყანაში. გამარჯვება საკუთარ ხალხზე – ეს არის გამარჯვება? ცნობიერება დაკარგულებს გგონიათ, რომ შეწყდა საქართველოში აზროვნება, რომ თქვენგან და თქვენი მამებისაგან მეობადაკარგულებს ისევ ჩაგვაქნევიებთ ხელს და არ გვაღირსებთ თავის აწევას?!

გულიკო გიგიბერია

თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სამსახურის ყოფილი  უფროსი

ცნობისათვის:  უბნებზე მუშაობის პრინციპი – ჩემი შეთავაზებულია, პერსონიფიცირება, პლასტიკური ბარათები – ჩემი შეთავაზებულია, რაც მოგვცემდა ზუსტ მონაცემთა ბაზას არა მარტო არჩევნებისთვის, არამედ გვექნებოდა უზუსტესი სურათი ასაკობრივი ცენზის მიხედვით  თუ  როგორია სოციალური და  ჯანმრთელობის მდგომარეობა მოსახლეობაში.

One Response to “•გულიკო გიგიბერია- ვაი სირცხვილო”

  1. AFXAZI said

    გაიხარეთ სიმართლის თქმისათვის…

    Like

დატოვე კომენტარი