Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე

 ♥ ზვიად გამსახურდია

 

გზა თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე
ანუ დისიდენტი პრეზიდენტის დავიწყებული მონაპოვარი

 

ზაირა მიქატაძე
(24.05.2010)

  “1918 წლის 26 მაისს, როგორც თანამედროვენი იგონებენ, საქართველოს მთელი მოსახლეობა ფეხზე იდგა. ამ დღეს თბილისში, მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა – ქარტია თავისუფლებისა. ქართველმა ერმა ამ დღეს უარყო სხვისი ბატონობა და გადაწყვიტა თვითბატონობა. 26 მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მისი ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება… საქართველო იშვა 26 მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში.

  “და რა არის დღეს საქართველო? ის აღარ არის, მას მოუბრუნდა ძველი მტერი, მას მოეპარა ჩრდილოეთი და მოსტაცა სული ძლიერი. მან შეწყვიტა ერის მაჯისცემა და შეაბა ძველი ბორკილები. პატივაყრილი, უფლებაწართმეული, ენა ამოგლეჯილი ქართველი ერი ბნელ სარდაფშია ჩამწყვდეული. მისი ერთგული იდევნება, მის ორგულს ფიანდაზა ეფინება… მრუდე გზაზე სიარული დაჯილდოებულია.
 

 “ქართველი ხალხისათვის დედასამშობლო დედინაცვლად გადაქცეულა. მტერნი “მოყვრულად” თავს ეხვევიან და მოითხოვენ გუნდრუკის კმევას. მათ უგალობენ ქებათა ქებას. ხალხი ძაძებში გახვეულა, 26 მაისი აკრძალული, შებოჭილია… მაგრამ 26 მაისი მაინც ანათებს. ის მუდამ ახალია, მუდამ სანატრელია, მუდამ ცხოველია, ის ჩვენი მომავალია. 26 მაისი არ მომკვდარა, არცა სძინავს. ის მოგვიწოდებს სიფხიზლისა და ბრძოლისაკენ. არ გვმართებს უიმედობა, განთიადი მოახლოებულია”.
 

 ეს სიტყვები ნოე ჟორდანიამ პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობიდან 20 წლის შემდეგ წარმოთქვა. ერთი წლის შემდეგ კოლხურ კოშკში ვაჟი გაჩნდა. კონსტანტინე გამსახურდიას შვილი შეეძინა. ალბათ იმ ხანად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნოე ჟორდანიას სიტყვებს “26 მაისი არ მომკვდარა, არცა სძინავს. ის მოგვიწოდებს სიფხიზლისა და ბრძოლისაკენ”, დიდი კონსტანტინეს შვილი, ზვიად გამსახურდია გააცოცხლებდა. მამამაც სწორედ ეს უწინასწარმეტყველა 16 წლის ზვიადს:

  “მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება, მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია თუ მითარგმნია, მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აბელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შესძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრება რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი. შენი მამიკო. 1955.”

  მამის პრინციპებზე გაზრდილი პირველად მე-11 კლასის მოსწავლე დააპატიმრეს. დაკითხვისას დასცინოდნენ, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრი მაშინ მითს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. და არც ამის სურვილი ყოფილა. დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მას, ვინც ეროვნულ დროშას აღმართავდა, საკუთარი თანამემამულეების გამოღვიძებაზეც უნდა ეზრუნა. და ეს მისია თავის თავს ზვიად გამსახურდიამ დააკისრა.

  “პირველად რომ დამაპატიმრეს 17 წლის ვიყავი. ჩემი საქმე ასაკოვან, გამობრძმედილ გამომძიებელს ჩააბარეს. როდესაც საქართველოს თავისუფლებაზე, იმპერიიდან თავის დახსნაზე, ეროვნულ აღორძინებაზე ჩემი შეხედულებები მოისმინეს, ბევრი იცინეს. ბოლოს მითხრეს, გეტყობა, რომ ბავშვი ხარ, დარწმუნებული ვართ, ასაკთან ერთად ჭკუაც მოგემატება, გონს მოეგები და ასეთ რაღაცებზე ფიქრს სამუდამოდ თავს დაანებებო. თქვენ კარგად იყავით და ოთხმოცი წლისაც იგივეზე ვიდარდებ-მეთქი, – არ ჩამოვრჩი “უფროსებს”. მართალი მითქვამს! აგერ, 52 წლის გავხდი და ზუსტად ისე მწყურია საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც მაშინ. ჩემს სიყმაწვილესთან ალბათ, უპირველესად, ეს მაკავშირებს. ჩემს გატეხვას იმპერია ყოველნაირად ცდილობდა, არაფერს თაკილობდა, რათა მრწამსი შემეცვალა, ბრძოლაზე ხელი ამეღო. მართალია, ტაქტიკური თვალსაზრისით უკანდახევები მქონია, მაგრამ ჩემი იდეალებისთვის არასოდეს მიღალატია, ბრძოლა არ შემიწყვეტია და საქართველოს მომავალზე ფიქრი არასოდეს გადამიდვია. ზვიად გამსახურდია.”

  დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებაც სწორედ მის სახელს უკავშირებდა. დღეს ზოგიერთი ვაიმამულიშვილი გამოვა და ამბობს, რომ თითქოს საქართველო თავისუფლებას მაინც მიაღწევდა. 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობა რამდენიმე კაციანი ჯგუფების გამოსვლებით დაიწყო. კომუნისტური მონობისაგან მოჯადოებული ადამიანები მათ ისე უყურებდნენ, როგორც სამშობლოს მოღალატეებს. სამფეროვანი დროშების აღმართვასაც თავისებური რეაქცია ახლდა. მენშევიკების დროშებს აფრიალებენო, ხშირად გაიგონებდით და ამ ისედაც გაუცნობიერებულ ადამიანებს იმჟამინდელი პრესით გონებას კიდევ უფრო უბნელებდნენ. ერთ-ერთ მთავარ გამოცემაში, გაზეთ “კომუნისტში”, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა შესულიყო, ზვიად გამსახურდიას სარეველა უწოდეს.

  თავისუფლებისა და ეროვნული აღორძინების მქადაგებელი ადამიანი თურმე იმ სარეველა ბალახს ჰგავდა, რომელიც ირგვლივ მყოფებს ამახინჯებს. ზვიადმა ეს პროპაგანდისტული შემოტევაც გადაიტანა. იგი აქტიურად განაგრძობდა ხალხის გამოღვიძებას და ამისთვის არც პროკლამაციების დაბეჭდვას ერიდებოდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მიერ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს, როგორებიცაა, “ოქროს საწმისი”, “საქართველოს მოამბე”, საქართველო”, “მატიანე”. ზვიად გამსაახურდია გახდა საქართველოში ჰელსინკის კავშირის დამფუძნებელი და ადამიანის უფლებათა დაცვასაც საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა.

  ბედნიერია ის ადმიანი, რომელიც ამ პროცესებს შეესწრო და მასში თავად მონაწილეობდა. საქართველო ბრძოლის ველს ჰგავდა. ცა ყოველთვის მოქუფრული იყო, თითქოს ღრუბელსაც მტერი გვიგზავნიდა. სჭექდა რუსთაველის გამზირი, შემდეგ ეს ტალღა სრულიად საქართველოს მოედო. ახლო იყო გამარჯვება – დამოუკიდებლობა – ერთ ხელშესახებზე. მაგრამ შურმა და პირველკაცობის ამბიციამ ფეხზე დამდგარი ეროვნული მოძრაობა წელში გატეხა. “ნუ იყოფინ, ქართველებო”, – აფრთხილებდა ზვიად გმსახურდია ლაშქარს, რომელსაც გამარჯვება უნდა მოეტანა. ქართველები მაინც გაიყვნენ. 1990 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის დღე მაშინდელი “ლოკომოტივის” სტადიონზე აღნიშნა, გამოყოფილმა ძალებმა კი – “დინამოს” სტადიონზე.

  “ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან, ან ჩვენ დავამარცხდებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგა და გვეუბნება, აი, ერვნული მოძრაობა, და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე. მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

  გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა! გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ! ზვიად გამსახურდია. 1990 წლის 26 მაისი.”

  ერი კი მაინც გაიყო. ის ცალ-ცალკე მივიდა იმ ტაძართან, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია. 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულმა არჩევნებმა ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები მოიყვანა. არა “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, არა “საქართველო სიღარიბის გარეშე”, არა “გასაკეთებელი ისევ ბევრია”… მრგვალი მაგიდის საარჩევნო პლაკატზე ზვიად გამსახურდიას ის სიტყვები იყო წამძღვარებული, რომელიც ადამიანს თავის დანიშნულებას შეახსენებდა. შთააგონებდა, რომ სამშობლოს კეთილდღეობისათვის ის უფრო მეტის საკეთებლადაა მოვლენილი, ვიდრე დაგებული ასფალტით, ჭრელა-ჭრულა ატრაქციონებით, კეთილმოწყობილი სტადიონებითა და გრანდიოზული ხიდებით ტკბობაა.

  “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
  ბნელში მსხდომთ კვლავაც აღვუნთოთ კვარი,
  და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
  წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი”.

  გზა კი მართცლაც ეკლიანი აღმოჩნდა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა? – გამარჯვებით დასრულდა: საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა. იმავე წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის პატრიარქმა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. “დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. უფალმა მოგვივლინა ეს დღე, ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა. ჩვვენმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი – იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 9 აპრილი.”

  იმავე წლის 26 მაისიც ცრემლნარევი სიხარულის გამოხატულება იყო. ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად არჩეული იქნა ადამიანი, რომელიც თავისუფლებისათვის სიყრმიდანვე იბრძოდა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული ეროვნული გვარდიის აღლუმიც მოკრძალებული იყო და არა თვალშისაცემი და ნიშნის მომგებიანი. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ეროვნულ აღორძინებას ვერ მივაღწიეთ. პირიქით, დავკარგეთ ყველაფერი, რაც ადამიანურსა და ეროვნულს უკავშირდებოდა და გოლგოთის აღმართს შევუყენეთ ზვიად გმსახურდია, მხოლოდ 6-თვიანი პრეზიდენტობისთვის. 70-წლიანი უღელი გაცილებით ადვილი ასატანი ყოფილა, ვიდრე ის პიროვნება, რომელიც თავისი ეროვნულობით, მოწამებრიობით, დიდი სიკეთითა და სიყვარულით, ნიჭითა თუ გონით მართლაც უდავოდ გამორჩეული იყო. ცასაც რომ მისწვდეს გმირთა მოედანზე აღმართული მემორიალი, და იქ ზვიად გამსახურდიას ხსენება არ იყოს, ზვიადი ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო იქნება.

  “ვჭვრეტ საღამოს, ნიმბიანს და დანისლულს,
  ო, რარიგად ეუცხოვა ტანი სულს!”..

  ვინ იცის, იმ დღეებში, როდესაც ზვიად გამსახურდიას ნეშტი სამშობლოში დაბრუნდა, მერამდენედ ვიმეორებდი გულში მის ამ სიტყვებს. მაშინაც კი, როდესაც იგი ცოცხალი იყო და ჩვეულებრივი ადამიანივით გვესაუბრებოდა, ვგრძნობდი, რომ სხეული მართლაც ზედმეტი იყო მისი სულისათვის. ახლაც ასეა. პირადად მე განსხეულებულ ზვიად გამსახურდიას, მის მიწიერ არსებას კი არ მივსტირი, არამედ იმ იდეებს, იმ ეროვნულ ღირსებებს, რელიგიურ მრწამს, ვაჟკაცობას, ქართული სიტყვის სისპეტაკეს, გონების ზებუნებრიობას, მიზანს, ღვთისნიერი ადამიანის თავისუფლებას, ქართველობის განძს, მიწიერსა და სულიერს შორის გარდამავალ გზაზე მავალ საქართველოს. ყველა იმ გრძნობას, განცდას, ჭეშმარიტებას, აზრს, რასაც ზვიად გამსახურდია ერს შთააგონებდა. ყოველივე ეს დღეს სამარდება.

  მივყვებოდი პროცესიას და ვხედავდი ნათლად, რომ იმ კუბოში, რომელსაც სამფეროვანი დროშა ფარავდა, მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ძვლები არ ესვენა, არამედ ყველა ის ღირებულება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და რასაც ჩემი გონება ვერ მიწვდა ჩამოსათვლელად. გაცილებით უკეთესი იყო, გაენადგურებინათ ზვიადი ფიზიკურად და დარჩენილიყო ვინმე მისი საქმის გამგრძელებელი. მაგრამ, საუბედუროდ, მთაწმინდამ საბოლოოდ დამარხა ყველაფერი, რაც მე-20 საუკუნის საქართველოს ამაღლებას უკავშირდებოდა. დარჩა სახელად თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მხოლოდ მშრალი და ფაქტობრივი, და ესეც ზვიად გკამსახურდიას მოპოვებული.

  იმ დღეს მოღალატე იქ არავინ მისულა. იდგნენ შეცდენილი და შეუმცდარი ქართველები. იქ კი, საიდანაც ზვიადის ზეცასშერწყმული სიტყვები მოისმოდა ხოლმე, მისი კუბო ესვენა. ეს იყო გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ. ზღვა ხალხი იქ სანახაობას არ შეუყრია. შეჰყარა ისევ ზვიად გამსახურდიამ, მკვდარმა და ნაწამებმა. ამიტომაც იდგა მის კუბოსთან მდუმარედ დღევანდელი პრეზიდენტი, იდგა მამინაცვლის როლში და მას ეს სახეზე აღბეჭდვოდა. ან კი რა უნდა ეთქვა? – ნებისმიერი იქ მყოფი მასზე ათასჯერ უკეთესად შეაფასებდა ზვიად გამსახურდიას ნამოღვაწარს. იქ მდგარი ნებისმიერი ქართველი მიშაზე გაცილებით დიდი იყო, რადგანაც ისინი ეროვნული გმირისადმი პატივის მისაგებად იდგნენ საათობით და არა წუთიერად – ვალის მოხდის მიზნით.

  ესვენა ზვიადი იმ შენობის წინ, საიდანაც ცეცხლითა და ტყვიით გამოაძევეს. შემდეგ კი სამფეროვანი დროშებით გადაიჭედა მთაწმინდის კალთა. როგორც მაშინ, ეროვნული მოძრაობის დროს, იმ დღესაც მრავალჯერ მოვიხედე უკან და..

 

***

მაკა ივანიშვილი – შეთქმულების მზადება

 

             

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი