Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუხაძე – მორღვეული კავკასიის ქედი

ვასილ რუხაძე

საქართველოს სამხედრო სტრატეგია

 მორღვეული კავკასიის ქედი –  როგორ დავიცვათ თავი ქართველებმა?

 

კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძეს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც მან ექსკლუზიურად “პირველს” მიაწოდა. გთავაზობთ რუხაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის სრულ ვერსიას. 
 
“საუკუნეების განმავლობაში არსებობისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო ერთ დიდ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას ფლობდა, რომელმაც მრავალწილად ჩვენი, ქართველების, როგორც ეთნოსის, ფიზიკური გადარჩენა განაპირობა. ეს უპირატესობა კავკასიის ჩრდილოეთის ქედი და მთიანეთი გახლდათ, რომელიც ქართულ არმიებს და მოსახლეობას ზურგს უმაგრებდა და სამხრეთიდან შემოსეული მტრების პირობებში საშუალებას აძლევდა, ჩრდილოეთისაკენ უკან დაეხია, გადაჯგუფებულიყო, ძალა მოეკრიბა და სამხრეთისაკენ ახალი ბრძოლები გაეჩაღებინა მტრის მიერ დაპყრობილი საქართველოს სამხრეთული მხარეების გასანთავისუფლებლად და მტრის გასანადგურებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, კავკასიის მთები ის ურყევი კედელი გახლდათ, რომელსაც ზურგმიბჯენილი საქართველო სამხრეთელ დამპყრობლებს გულდაჯერებული ებრძოდა. თუკი მე-8 საუკუნეში ჩრდილოეთიდან ხაზართა ხანმოკლე შემოსევას და მე-18 საუკუნის “ლეკიანობას” არ ჩავთვლით, საქართველოს ყველა მომხვდური ძალა (რომაელები, ბიზანტიელები, ირანელები, არაბები, სელჩუკები, მონღოლები, ოსმალოები და სპარსელები) სამხრეთიდან უტევდა, რაც ჩვენს ქვეყანას კავკასიის მთებისაგან ბოძებულ ბუნებრივ, გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას უნარჩუნებდა.  კავკასიაში რუსეთის იმპერიის გამოჩენამ საქართველოს ეს დიდი უპირატესობა მოუსპო. რუსეთი პირველი დამპყრობელი გახლდათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სწორედ ჩრდილოეთიდან უტევდა. რუსეთის მიერ კავკასიის ქედის გადმოლახვა საქართველოს დაცემას ნიშნავდა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთმა კავკასიის ქედი 1801 წელს უმტკივნეულოდ გადმოლახა და ზურგმოშლილი საქართველოც საკმაოდ სწრაფად, თანმიმდევრულად და, შეიძლება, ითქვას, უმტკივნეულოდ დაიპყრო. ყველა წინა დამპყრობლისაგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო კომუნიკაციების ხაზები და ძლიერების ცენტრები არა სამხრეთიდან, არამედ სწორედ ჩრდილოეთიდან, კავკასიის ქედის გავლით შემოდიოდა საქართველოში. როგორც იტყვიან, რუსეთმა კავკასიის ქედი კარგად აითვისა. საქართველომ ისტორიული, სამხედრო-გეოგრაფიული უპირატესობა დაკარგა. ეს გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბარისამარადდარჩენილი საქართველო რუსეთის იმპერიის საუკუნოვანი ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა შეირაღებულ აჯანყებაში სასტიკად დამარცხდა.

რუსეთი კარგად ითვალისწინებდა და ითვალისწინებს, თუ რა დიდ სტარეტეგიულ უპირატესობას ფლობდა საქართველო კავკასიის ქედის სახით, ამიტომაც “ცარისტული”, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთი მუდამ თავდადებით ცდილობდა ამ ბუნებრივი ზღვარის მოშლას. მე-19 საუკუნეში ხევსურეთის დაპყრობა, ხევსურთა ფიზიკური განადგურება, მე-20 საუკუნეში ხევსურების დარჩენილი ნაწილის საქართველოს მთიანეთიდან ბარში გადასახლება, აფხაზეთიდან გამუსლიმანებული ქართველების თურქეთში განდევნა (“მუჰაჯირობა”), საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნა და იქ ექსტრემისტული სეპარატიზმის გაღვივება იმ რუსული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ, რომელიც ცდილობდა, მოესპო საქართველოს, როგორც მთიანი ქვეყნის სტატუსი და მისი უაღრესად მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის მთიანი მხარეები ჩვენი ქვეყნისათვის მოეწყვიტა. სამაჩაბლოს 1990-1992 წლების და აფხაზეთის 1992-1993 წლების ომებმა ეს პროცესი დააჩქარა. რუსეთმა საქართველო აიძულა, ცხინვალში და აფხაზეთში ექსტრემისტულ-სეპარატისტული  მოსკოვის მარიონეტული რეჟიმები მიეღო. ამასთანავე რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია “სამშვიდობო” ფორმატი, რომელიც რეგიონში რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო ძალის მონაწილეობას გამორიცხავდა. სეპარატისტულ რეგიონებში ჩაყენებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ჯარები კი პრომოსკოვურ კრიმინალურ რეჟიმებს უმაგრებდნენ ზურგს. საქართველომ, კოდორის ხეობის გამოკლებით, მთელს აფხაზეთზე, ასევე ჯავის რაიონზე და ქალაქ ცხინვალზე შიდა ქართლის რეგიონში იურისდიქცია დაჰკარგა. თუმცა ეს არ გახლდათ ის, რაც რუსეთს მთლიანად აკმაყოფილებდა. მოსკოვს სჭირდებოდა კავკასიის ქედზე კონტროლის გაფართოება და მის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმების შექმნა, რაც ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მის ჩრდილოურ მიმართულებას ერთიანად მოაშიშვლებდა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგები რუსეთისათვის დიდი წარმატება გახლდათ. რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებით დაასრულა ის პროცესი, რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებით მთლიანად ვერ მიაღწია. რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოს კავკასიის ქედის ჯავშანი მოუშალა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მტერმა წარმატებით დაასრულა კავკასიის ქედის სამხრეთით, ჩვენს მიწაზე, ორი ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა ექსტრემისტულ-სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, რომელიც, ერთად აღებული, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის მეხუთედს შეადგენს. დავკარგეთ ის ბუნებრივი ჯავშანი, რომელიც ასე ერთგულად გვემსახურებოდა საუკუნეების განმავლობაში. საქართველოსთვის სამხედრო-პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვალა. როგორც იტყვიან, რუსეთმა საქართველოს ზურგიდან დაარტყა.

რა ვქნათ ჩვენ, ქართველებმა, ამ ახალი რეალობის პირობებში? საუკუნეების განმავლობაში ხომ საქართველოს  თავდაცვის სტრატეგია კავკასიის ქედის და მთიანეთის ირგვლივ იგებოდა — სამხრეთიდან შემოსეულ მტერს შებმულნი უკან, ჩრდილოეთში, მთებისკენ ვიხევდით და ნელ-ნელა, ბრძოლით მტერს სასიცოცხლო ძალებს ვაცლიდით მანამ, სანამ დაძაბუნებული და სისხლისგან დაცლილი მომხდური საქართველოს დატოვებას არ გადაწყვეტდა. ახლა კი, კავკასიის ქედის სამხრეთში, საქართველოს მთიანეთში, ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში მტერია მყარად დაბანაკებული, ათეულ-ათასობით ჯარისკაცით, ტანკებით, არტილერიით და ავიაციით, რომელსაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, დედაქალაქის ჩათვლით, შეუძლია, ნახევარი საათის მონაკვეთში მძიმე სამხედრო დარტყმები მიაყენოს. ჩვენი ზურგი კი არა ჩრდილოეთი და კავკასიის ქედი, არამედ სამხრეთის ზეგნები და სომხეთის საზღვრებია.

აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არა აქვს. ამ ძირძველი ქართული კუთხეების გარეშე საქართველო ვერასოდეს აღიდგენს საკუთარ ბუნებრივ, სტრატეგიულ უსაფრთხოებას. საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის და არა ენგურზე და ცხინვალ-ახალგორზე. აფხაზეთის და შიდა ქართლის გარეშე ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი მუდამ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე იდგება. რუსეთმა მშვენივრად უწყოდა და უწყის და ჩვენც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კავკასიის ქედის ბუნებრივი ზღუდის გარეშე საქართველო მხოლოდ უხერხემლო ლომია, რომელსაც საკუთარ ბუნაგში ყველა ტურა ადვილად გაგლეჯს. ჩვენი და ქართველთა მომავალი თაობების უპირველესი მორალური და პოლიტიკური ამოცანა აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებაა, მაგრამ ამ დიდი მიზნის მიღწევამდე საქართველოს სჭირდება თავდაცვის გეგმა და სტრატეგია.

ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთის გეგმები ცხინვალზე და აფხაზეთზე გაცილებით შორს მიდის. ცხინვალი და აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოს ჩათვლით, მხოლოდ ნაწილი გახლავთ იმ დიდი რუსული სტრატეგიისა, რომელსაც კავკასიის ახლიდან დაპყრობა-ასიმილაცია და სამხრეთისაკენ ხმელთაშუა ზღვაზე და სპარსეთის ყურეში გაჭრა აქვს დასახული მიზნად. შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთს საქართველოს მხოლოდ დაპყრობა აკმაყოფილებს. გავადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას: აფხაზეთის ოკუპაცია და ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, შიდა ქართლის ოკუპაცია და იქაც ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, 1991-2003 წლებში აჭარაში თითქმის დამოუკიდებელი, რუსეთის მფარველობაში მყოფი, ფეოდალის უშფოთველი თორმეტწლიანი მმართველობა, 1992-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფის მცდელობა. კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტი არსებობს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიიდან, რომელსაც არათუ ეს პატარა სტატია, არამედ მრავალი წიგნი ვერ დაიტევს. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთს საქართველოს არა მხოლოდ დაპყრობა, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქვეყნის დაშლა-დანაწევრება და პოლიტიკური რუკიდან წაშლა სურს? ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი ქართველი ერის, როგორც ეთნოსის თანმიმდევრულ აღმოფხვრას ახდენს?

რუსეთმა კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობა და წარმატება მოსკოვის გავლენის ან პირდაპირი მმართველობის ქვეშ მყოფი, კავკასიის თავისუფლებისმოყვარე და განვითარებისათვის მებრძოლი ერებისათვის მუდამ მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო იქნება. ეს კი მოსკოვის გავლენასა და ბატონობას არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც მუდამ მომაკვდინებელ საფრთხეს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღის წესრიგში დგას საკითხი, ადრე თუ გვიან, დაშალოს  ქართული სახელმწიფო  და მოახდინოს მისი ლიკვიდაცია, რითაც კავკასიაში მოსპობს წარმატებული სახელწიფოებრიობის პრეცედენტს, მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლ ერებს, ისევე, როგორც მის მორჩილ ეთნიკურ ჯგუფებს, ჩააგონებს რუსეთის “უძლეველობას” და თავისუფლებისათვის ბრძოლის “უშედეგობას” და ამ რეგიონში თანმიმდევრულად აღმოფხვრის ანტირუსული წინააღმდეგობის კერებს.

მრავალი მიამიტი ქართველისაგან განსხვავებით, უამრავი დასავლელი პოლიტოლოგი, სოციალური მეცნიერი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე და უბრალო მოქალაქე მიხვდა, რომ რუსეთს ომი საქართველოში და კავკასიაში  მხოლოდ გავლენის აღსადგენად არ სჭირდებოდა. 2008 აგვისტოს ომამდე ყველაზე ზომიერნიც კი ახლა, ომის შემდეგ, აღიარებენ, რომ რუსეთი ემუქრება თვით ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ფიზიკურ არსებობას, რათა რუსი ხალხისათვის და კავკასიაში მისი მორჩილი რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის საცხოვრებელი გეოგრაფიული სივრცე მოათავისუფლოს და კავკასიის პრობლემა საბოლოოდ და წარმატებით გადაჭრას.

ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჩვენ, ქართველებმაც სრულად აღვიქვათ საფრთხე და შესაბამისი სტრატეგია დავსახოთ მაშინ, როცა მტერმა ჩვენი ბუნებრივი ჩრდილოური საფარი შემოგვაცალა. და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ  ქართველებმა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი, როგორც ერის არსებობის გადასარჩენად? ეს სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის  მცდელობაა და ქართულ მთავრობას და მთელ ქართველ საზოგადოებას შესაბამის მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო რეკომენდაციებს და რჩევებს სთავაზობს.

პირველი, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ საქართველოს ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურა თანდათანობით საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თურქეთთან ახლოს, კერძოდ, აჭარაში, გურიაში და სამცხე-ჯავახეთის დასავლეთ ნაწილში გადაიტანოს. ეს საშუალებას მისცემს ქართულ ჯარს, განმეორებითი, ძლიერი რუსული შეტევის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან თურქეთისკენ დაიხიოს, ზურგიდან საფრთხის გარეშე ამ მიმართულებით გამაგრდეს და მომარაგების ხაზი სრულად შეინარჩუნოს.

მეორე, ქართულმა მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოური საზღვრის გაძლიერების მიზნით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ჩრდილოეთის, არაოკუპირებული მთიანი რეგიონების, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთის, რაჭისა და სვანეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, სახელდობრ:

ა) ამ სამივე რეგიონში უნდა დაარსდეს მსუბუქად შეიარაღებული სამთო-მოიერიშე და სამთო-სადესანტო ბატალიონების მცირე სამხედრო ბანაკები, რომლებიც პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად ამ რეგიონების ლანდშაფტისა და გეოგრაფიული თავისებურებების კარგად მცოდნე ადგილობრივ მოსახელობასაც გაწვრთნის საბრძოლოდ სამთო პირობებში.
ბ) აღნიშნული სამხედრო ბანაკები სურსათით უნდა მომარაგდეს ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით, რაც წაახალისებს მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას ამ რეგიონებში, დაამაგრებს და მოიზიდავს მთიდან ბარად გადასახლებულ ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოს ამ სასაზღვრო კუთხეების გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და აღორძინებას.

მესამე, აუცილებელია, ქართულმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალის მშენებლობაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. აგვისტოს ომის დროს რუსულმა არმიამ საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ბლოკირებით ძალიან სწრაფად და ადვილად მოსწყვიტა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ერთმანეთს. რუსეთის მომავალი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გათვალისწინებით, აბსოლუტურად აუცილებელია, შეიქმნას ახალი ავტომაგისტრალი რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლისგან მოშორებით, კერძოდ, სამხრეთში, რომელიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის გავლით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს რუსეთის არმიის სწრაფი შეტევის და თბილისი-გორი-ქუთაისის ავტომაგისტრალის დაკავების შემთხვევაში.

მეოთხე, ქართულმა უმაღლესმა მთავარსარდლობამ უნდა გადააფასოს და გაითვალისწინოს, რომ რუსეთთან კონვენციური ომის წარმოება საარმიო ფორმირებებით, ტანკებით, ავიაციითა და არტილერიით ძნელია მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობის, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამო. შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ურბანულ და სამთო-სატყეო პირობებში ხანგრძლივი პარტიზანული ბრძოლის წარმოებაზე, რომელიც რიცხობრივად უპირატეს და კარგად შეირაღებულ მტერს თანდათან დააძაბუნებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა:

ა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეიქმნას პარტიზანული მოძრაობის კარგად დამუშავებული გეგმა და სქემა, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ბ) პარტიზანული ბრძოლებისათვის აუცილებელი დიდი რაოდენობით მსუბუქი იარაღის შეძენა, როგორიცაა ერთი მეომრის მიერ ხელით იოლად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღდეგო იარაღები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღდეგო ნაღმები და ა.შ.

გ) საქართველოს ურბანულ ცენტრებში და არაოკუპირებულ მთიან რეგიონებში, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიან აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭა_ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო სამეგრელოში შეიქმნას საიდუმლო თავშესაფრები, ტყის საფორტიფიკაციო ნაგებობები და იარაღის იატაკქვეშა, საიდუმლო საწყობები, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგობის არმიისთვის აბსოლუტურად აუცილებელი იქნება.

დ) ქართული საჯარისო ფორმირებები და მოხალისეები დაექვემდებარონ ინტენსიურ წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შემოჭრილი მტრის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის, სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების ოპერაციების მომზადებაში.

მეხუთე, ქართულმა მთავრობამ  აქტიური მუშაობა უნდა გასწიოს ქართული საზოგადოების დარაზმვის და თვრამეტწლიანი სამხედრო დამარცხებების შედეგად საკმაოდ დაცემული საბრძოლო მორალის ამაღლების კუთხით. ამმხრივ პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თავად ქართველ ხალხს. კერძოდ:

ა) მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, მთელმა ერმა უნდა გაისიგრძეგანოს ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნის. თითოეულმა ქართველმა უნდა აღიქვას, რომ ავტორიტარული, რევანშისტული, ულტრა-ნაციონალისტური და ფსევდო-ქრისტიანული იდეოლოგიით შეიარაღებული რუსეთი ემუქრება არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ თითოეული ჩვენგანის პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას, ჩვენი და ჩვენი ოჯახების ღირსებას და თვით ფიზიკურ არსებობას. რუსეთის საბოლოო გამარჯვება მთელ ქართველ ერში ჩაკლავს თავისუფალ აზრს და მომავალ თაობებს გადააქცევს გადაგვარებულ, დეგრადირებულ, უსამშობლო სუბიექტებად, რომელთა ხედვის და აზროვნების დიაპაზონი პროგრესის და თავისუფლების თანამედროვე და მომავალ ეპოქაში რუსულ სამყაროს ვერ გასცილდება.

ასევე უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ საქართველოს დაცვა არის ჩვენი წმიდათა-წმიდა ვალი და პასუხისგებლობა იმ მილიონობით ქართველის წინაშე, რომელთაც ჩვენი ხანგრძლივი და დრამატული ისტორიის მანძილზე საქართველოს თავისუფლებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებად დავბადებულიყავით, უანგაროდ თავი გასწირეს. ასევე უნდა გვახსოვდეს ჩვენი უზარმაზარი ვალი მომავალი თაობების წინაშე, მათი თავისუფლებისა და ბედნიერების წინაშე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიყოთ ის თაობა, რომლის დროსაც საქართველო მთლიანად და საბოლოოდ დაეცა.

ბ) ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს, რაოდენ დაუნდობელი და უმოწყალოა ჩვენი მტერი. სოლომონ დოდაშვილიდან მოყოლებული, დღევანდელობამდე, გავიხსენოთ ყველა ქართველი ეროვნული გმირი, რომელთაც “ცარისტული” და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში ბუნებრივი სიკვდილი არ ჰღირსებიათ. გავიხსენოთ ცარიზმის დროს ტომრებში ძალადობრივად დამხრჩვალი პატრიოტი ქართველი სამღვდელოება, გაძარცული და თეთრადგადაღებილი ქართული ტაძრები (რომ აღარაფერი ვთქვათ კომუნისტურ საეკლესიო ტერორზე) და მივხვდებით, რომ რუსეთის და მისი ქართველი სატელიტების პროპაგანდა “ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხების საუკუნოვან ძმობაზე” ვერაგი მტრის თვალთმაქცური პროპაგანდაა. გავიხსენოთ შიდა ქართლსა და აფხაზეთში ნაწამები, დახოცილი და ყელგამოჭრილი ჩვენი და-ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი ქართველები და ყველა დავინახავთ, რომ მრავალთა მიამიტური წარმოდგენა მეგობრულ, უწყინარ რუსეთზე მხოლოდ მწარე ილუზიაა. დაე, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მტერს და ნურავინ მოელის მისგან დანდობასა და შეწყალებას.

გ) ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს არაბუნებრივად და არარეალურად დიდი იმედების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ და დიპლომატიურ დახმარებასა და მათ დეკლარაციებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო საზოგადოების სიტყვიერი და წერილობითი მოწოდების მიუხედავად, ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსთან დაკავშირებით. დასავლური, ცივილიზებული სამყარო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თბილისისკენ რუსული შეტევა 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის ჩარევის საფუძველზე შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ახალ შეტევას საქართველოზე დასავლეთის დიპლომატიურ-პოლიტიკური ზეწოლის შედეგად კვლავ შუა გზაში შეაჩერებს. თუკი რუსეთმა დანარჩენი საქართველოს დაპყრობა განიზრახა და შეტევა დაიწყო, მას ისიც გადაწყვეტილი ექნება, რომ დასავლეთის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარევას ყურადღება აღარ მიაქციოს.

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთი და საერთოდ უცხო ქვეყნები იმ ერებს და ქვეყნებს ეხმარებიან, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას და არსებობას საკუთარი ბრძოლით და სისხლით იცავენ, იმ ერებს, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა და თავგანწირვა ძალუძთ. ჩვენი თავისუფლება და ღირსება თავად ჩვენ, ქართველებმა, უნდა დავიცვათ და არა უცხო ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა. რეალურ საგარეო დახმარებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ.

ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებს სავარაუდოდ, სკეპტიკოსები გამოუჩნდებიან. კერძოდ, რუსეთის უძლეველობის მითით დაზაფრული ზოგიერთი ადამიანი, ალბათ, ამ სტატიის სტრიქონებს ბოლომდე არც ჩაამთავრებს, მაგრამ ფაქტი ერთია: რუსეთმა საქართველოს კავკასიის დამცავი ქედი მოუშალა. სანამ ქართველები ჩვენს ძირძველ მიწას, აფხაზეთს და შიდა ქართლს არ დავიბრუნებთ, ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოება არ აღდგება.

ზემოთაღნიშნული რეკომედნაციები საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში,  თავდაცვის ახალი სტრატეგიის შეთავაზების მცდელობა გახლავთ. მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთის მიერ დანარჩენი საქართველოს ოკუპაციის ხელმეორე მცდელობის შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს თავგანწირული ომის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენია. თუკი ჩვენი, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, ღირსება და საქართველოს მომავალი რამედ გვიღირს, განა შეიძლება, სხვაგვარად იყოს?! თავგანწირვა და სიმამაცე ყველა დაბრკოლებას ლახავს. ევროპის ახალ ისტორიაში თავისუფლების მოყვარულმა ერებმა დაამტკიცეს, რომ თავგანწირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უაზრობა სულაც არ გახლავთ. და თუ მათ გადაარჩინეს თავიანთი თავისუფლება და მომავალი, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?!

ზემოთ განხილული, ხუთ პუნქტად ჩამოყალიბებული რეკომენდაციები იმ თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, ქართულმა მთავრობამ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ, თუკი ქართველი ხალხი ახალი რუსული შემოტევის შემთხვევაში დანებებისა და კიდევ ორ-საუკუნოვანოვანი მონობის ნაცვლად, თავისუფლებისათვის წმიდათა-წმიდა ბრძოლას გადაწყვეტს. ეს არის ერთადერთი გზა წყვდიადიდან – რუსული დესპოტიზმისა და დეგრადაციიდან თავისუფლებისაკენ, ევროპისა და პროგრესისაკენ. არჩევანი ქართველ ერზეა!”

ლევან ჭითანავა
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”

 

 

2 Responses to “• რუხაძე – მორღვეული კავკასიის ქედი”

  1. AFXAZI said

    ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიას თუ ხელს შევუწყობთ უკეთესია, ისინი ჩვენ საქმეს გააკეთებენ თავის ტერიტორიაზე. ნახევარი გაკეტებულია ანუ ამერიკული იარაღი უკვე მოხვდა რუსეთში აგვისტოს ომის საშუალებით, დანარჩენი ჭკვიანი მთავრობის ხელშია. რატომღაც მგონია, ეს საქმე უკვე კეთდება წარმატებულად…

    Like

  2. jaba melkadze said

    წერა და თეორიების სხმარტალი ადვილია ჩემო ძმაო, მარა ბრძოლაა ძნელი ამ მახინასთან. თუმცა კი შესანიშნავად გაქვს თეორია ჩამოყალიბებული, მაგრამ პრაკტიკა… შენ ომობდი აგვისტოში?

    Like

დატოვე კომენტარი