Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ შიდა ქართლის დაბრუნების გზა

  შიდა ქართლის დაბრუნების გზა

 

 ცხინვალის პრობლემა

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი აცხადებს მზაობას, საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას “სამხრეთ ოსეთი”, ანუ  საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს ოფიციალურად დაარქვას მეზობელი ქვეყნის  (ალანია _ ოსეთის) ეთნიკური სახელი, და საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი აღიაროს მეზობელი  ქვეყნის ეთნიკური ტერიტორიის სამხრეთ ნაწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის წინაშე დგება ორი “ოსეთის” – ერთი ნამდვილის და მეორე  ყალბის – გაერთიანების ამოცანა, მაშასადამე, საქართველოსათვის მისი ტერიტორიის ერთი ნაწილის წართმევის ამოცანა, რაც ჩვენ მიგვაჩნია პირდაპირ და დაუფარავ ეროვნულსა და სახელმწიფო ღალატად, საჭიროდ ვრაცხთ გამოვთქვათ ჩვენი პოზიცია დღესდღეობით ცხინვალის რეგიონში (საქართველო) მიმდინარე – რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებული – შეიარაღებული კონფლიქტის მექანიზმებისა და მისი ჩაქრობის გზების შესახებ. წინასწარ მივაწვდით საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებისა და ოსების ჩათვლით, და მსოფლიოს საზოგადოებრიობას რამდენსამე ძირითად ცნობას კონფლიქტის ფაქტორებისა და პირობების შესახებ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პროპაგანდისტული სიცრუის მხილებას, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით ავრცელებენ რუსეთის პოლიტიკური წრეები, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საქართველოს პრორუსული მთავრობის დაქვემდებარებაში  ან გავლენაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები.

აუცილებელი ცნობები:

I. ტერიტორია და სახელწოდება

 მიუხედავად იმისა, რომ ოსური დასახლებები საქართველოში არსებობს, XVII-XVIII საუკუნეებიდან და რომ საქართველოში მიღებული იყო და არის პროვინციების სახელდება მათში ისტორიულად მოსახლე ტომთა სახელების მიხედვით (კახეთი _ კახთა სამოსახლო, მესხეთი _ მესხთა სამოსახლო, სამეგრელო _ მეგრელთა სამოსახლო და ა.შ), სახელი “ოსეთი” საქართველოს ტერიტორიაზე არ გაჩენილა საქართველოს პირველ ანექსიამდე რუსეთის მიერ /1801/. ამ სახელწოდებას პირველი ხმარობს კავკასიის სამოქალაქო საქმეთა მმართველი და სარდალი გენერალ-ლეიტენანტი კრონინგი 26 მარტს 1802 წელს, ანუ ანექსიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თავის პატაკში რუსეთის იმპერატორისადმი იგი ჯავის ზონას, ანუ დიდი ლიახვის ხეობის ზემოწელს, და პატარა ლიახვის ხეობის ზემოწელს, სადაც ოსები სახლობენ ქართველ მოსახლეობასთან შერეულად, უწოდებს “ოსეთს”. ჯავაში ოსური დასახლების ისტორია ცნობილია დოკუმენტურად: ჯავა გაუკაცრიელებულ იქნა, ანუ ჯავის ქართველი მოსახლეობა დახოცილ იქნა “ოსთაგან”, ანუ ოსთა თავდასხმის შედეგად, XVII ს-ის პირველ ნახევარში. ამ ხდომილების ამსახველი დოკუმენტი (ნასყიდობის სიგელი ქვაბულ და ზაალ მაჩაბლების სახელზე) ეხება იმ დროს, როცა ქართველი მოსახლეობა უკვე განადგურებულია მარბიელი რაზმების მიერ, მაგრამ ოსები ჯერ შემოსახლებულები არ არიან.  (იხ. Дж. Гвасалиа, Шида Картли и осетинская проблема, კრებული “ Осетинский  вопрос”, Тбилиси, 1994. გვ. 80-81).  სხვაგან ოსების შემოსახლებას ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

XIX საუკუნის პირველ ნახევარშივე რუსული ადმინისტრაცია ზედსართავს “ოსური” (“осетинский”) იყენებდა მცირე ადმინისტრაციულ ერთეულთა სახელდებაში, რომლებშიც ოსები ცხოვრობდნენ ქართველებთან შერეულად ან ქართველების გარემოცვაში და უმრავლესობას არ შეადგენდნენ: “осетинский округ”, “ოсетинский участок” და ა.შ. იხ. В. Итонишвили. Южная Осетия в центральной Грузии”, კრებ. “Осетинской  Вопрос”  1994, გვ. 22).

ყველაზე უფრო ინტენსიურად სახელს “ოსეთი” და მის ზედსართაულ ფორმას “ოსური” საქართველოს ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილების მიმართ XIX საუკუნეში ხმარობდნენ რუსული საეკლესიო წრეები, მათ შორის “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელების საზოგადოება”, რომელთათვისაც, როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიტიკური, დემოგრაფიული და კულტურული დექართველიზაცია ისევე იყო უპირველესი წარმმართველი მიზანი, როგორც სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციისათვის. (იხ. С. Лекишвили. Когда возник термин ,,Южная Осетия” კრებული “Осетинский  Вопрос” თბ. 1994. გვ. 229-248).

საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს შექმნილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიას (ცხინვალის, ჯავის, ზნაურის და ახალგორის (მაშინ ლენინგორის) რაიონები) ისტორიულად სახელი არა აქვს, ვინაიდან იგი არც გეოგრაფიული, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ან სხვა რამ სახის ერთეული არ არის და არც ოდესმე ყოფილა: ეს არის რამდენიმე პარალელური მდინარის ხეობათა ზემოწელი, რომლებიც მტკვრისაკენ ჩაედინებიან, და რამდენიმესი, რომელნიც რიონისაკენ ჩაედინებიან, ერთურთისაგან გაყოფილნი მაღალი და, პრაქტიკულად, კომუნიკაციისათვის (მიმოსვლისათვის)  დღემდე გამოუყენებელი ქედებით, ასე რომ ერთი ხეობიდან მეორეში გადასვლა დღესაც ხდება ბარში ჩამოსვლით და მეორე ხეობის აყოლით.

საყურადღებოა, რომ გამოთქმაში “სამხრეთ ოსეთი” ნაგულისხმევი ტერიტორია არც მაშინ, როცა რუსულ სიტყვახმარებაში ეს გამოთქმა შემოდის, არც შემდეგ 1922 წლამდე, როცა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” შეიქმნა, არ კონკრეტდება: იგულისხმება საქართველოს ყველა ის ტერიტორია, სადაც ოსები არიან, და არა ის, სადაც ისინი მოცემულ არეალში /სოფელში, თემში, ხეობაში. . .) უმრავლესობა არიან. იხილეთ, მაგალითად, “სამხრეთ ოსეთის” კომუნისტური რაიკომების ჩამონათვალი რუსეთის კომპარტიის (ბოლშევიკების) “სამხრეთ ოსეთის” საოლქო კომიტეტის ცნობილ მემორანდუმში, რომელზეც ხელს აწერენ, სხვებთან ერთად, კობი-თრუსოს,     კახეთის, გუჯარეთის, ქარელის რაიკომები. (ციტ. А. Ментешашвили Осетинский сепаратизм в   1918-1920 годах. კრებული “Осетинский вопрос “, თბ. 1994 წ. გვ. 282-283)  ეს იმას ნიშნავს, რომ “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაში რუსეთის მიერ მართული სეპარატისტები  გულისხმობენ საქართველოს მთელ იმ ნაწილს, სადაც არის ოსური იზოლირებული სოფლები და მოსახლეობა, დაწყებული დასავლეთი საქართველოდან და  დამთავრებული კახეთის აღმოსავლეთი რაიონებით.

საქართველოს ტერიტორიის ის ერთადერთი ნაწილი, სადაც ოსებმა იმიგრაციის შედეგად პრაქტიკულად ერთგვაროვანი ოსური მოსახლეობა შექმნეს (დვალეთი), რუსულმა ადმიანისტრაციამ XIX საუკუნეშივე გამოიყვანა თბილისის გუბერნიის შემადგენლობიდან, ამიტომ ის 1918 წელს საქართველოს საზღვრებში აღარ იყო.

 

II. მოსახლეობა

საქართველოში 1989 წლის აღწერით 164 ათასი ოსი ცხოვრობს. ამ მოსახლეობის ინტეგრირებულობა საქართველოს საზოგადოებაში ტრადიციულად ძალიან დიდია (მაგ. შერეული, ქართულ-ოსური ქორწინებების პროცენტის მიხედვით). ამ რაოდენობიდან მხოლოდ 65 ათასი (აღწერისას ხელოვნურად გაზრდილი მონაცემებით) ცხოვრობს ყოფ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ფარგლებში (30 ათას ქართველთან ერთად). საქართველოს ტერიტორიის არც ერთ წერტილში ეს მოსახლეობა ავტოხთონური არ არის. იმიგრაცია (მშვიდობიანის ჩათვლით) დაწყებულია XVII ს-ში, მაგრამ მისი ძირითადი ტალღები – მთელი  ამ რაოდენობის ძირითადი მასა  – მოდის 1864 წლის შემდგომ ხანებზე (ესაა საქართველოში ბატონყმობის გაუქმების წელი, რომლის შემდეგაც უყმებოდ დარჩენილი ქართველი თავადაზნაურობა იწყებს კავკასიონის ჩრდილო კალთებიდან ოსების მასობრივ შემოსახლებას ხიზნებად) და საბჭოთა ხელისუფლების წლებზე, როცა ტარდებოდა ხელოვნურად შექმნილი “სამხრეთ ოსეთის” ხელოვნური დასახლება ოსებით. საქართველოს მთელი ოსური მოსახეობა არის დიასპორა.

 

III. სოციალური პირობები.

პრაქტიკულად საქართველოს მთელი ოსური მოსახელობა XX საუკუნის დამდეგისათვის იყო უმიწაწყლო აგრარული მოსახლეობა. წინა საუკუნის დამლევის რუსული აღწერები მოსახლეობისა უკვე გვიჩვენებს აღმ. საქართველოში მრავალრიცხოვან ოსობას, მაგრამ მათში არც ერთი არაა მიწის მესაკუთრე. ამით შეიქმნა უმწვავესი აგრარული კონფლიქტი და უმწვავესი სიძულვილი უმიწაწყლო აგრარული მოსახლეობისა (პრაქტიკულად _ ოსებისა) მიწის მქონეების (პრაქტიკულად – ქართველების) მიმართ. ამ სიძულვილმა (ისევე, როგორც მისმა გამომყენებელმა ლოზუნგმა “მიწა _ მშრომელებს”) შეადგინა ფსიქოლოგიური საფუძველი რუსი ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული სამი ოსური “აჯანყებისათვის” (1918-1920 წლები) დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მისმა ორგანიზატორებმა ხელოვნურად მისცეს “ნაციონალური” აჯანყების გარეგნული სახე.

 

IV. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის “ოსეთად” გარდაქმნის

იურიდიული ფორმა

 საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის გადაწყვეტილება (1920 წ) ეკუთვნის “რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების)” ცეკას კავკასიის ბიუროს, რომელსაც არანაირი უფლება არ ჰქონდა უცხო სუვერენულ ქვეყანაში (საქართველო იმ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა იყო) ამ  უკანასკნელის სახელმწიფო მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა. საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობისა და მეორე ანექსიის (1921 წლის თებერვალი) შემდეგ საბჭოთა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მითითებით და რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის კომიტეტის მითითებით საქართველოს მთავრობამ (ცაკ-მა) მიიღო დეკრეტი #2 საქართველოში “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნის შესახებ (20 აპრილი 1922). თოთხმეტი თვე, რომელიც ამ თარიღს აცილებს საქართველოს ანექსიის თარიღისაგან, მოჰხმარდა ინტენსიურ მუშაობას იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად დაეთრგუნათ ხსენებული ტერიტორიის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგობა განზრახული გადაწყვეტილებისათვის და, რაკი იგი ვერ დაითანხმეს, მიეღოთ გადაწყვეტილება მისი ნების ფაქტობრივი უგულებელყოფის შესახებ (პრაქტიკულად, გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ცალსახად უკარნახა ქართულ საბჭოთავე ხელისუფლებას, რომელშიც წინააღმდეგობა ამ დადგენილებისადმი დიდი იყო. იხ. А. Ментешашвили. Осетинский сепаратизм в 1918-1929 годах, კრებული Осетинсктй вопрос, თბილისი, 1994, გვ. 249-296).

 

ავტონომიური ოლქი შეიქმნა “სამხრეთ ოსეთის” სახელწოდებით და მასში შეყვანილ იქნა 40 ქართული სოფელი პირწმინდად ქართველი, ავტოხთონური მოსახელობით.

ეს სიახლე განხორციელდა საქართველოში ყოველგვარი რეფერენდუმის ჩაუტარებლად და საქართველოში რაიმე წარმომადგენლობითი არჩეული ხელისუფლების, ანუ დემოკრატიის ყოველგვარი ნიშნების, არარსებობის პირობებში.

საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას (1918-1921), რომელიც მსოფლიოს მიერ ცნობილი იყო ჯერ დე ფაქტო, შემდეგ დე იურე, საქართველოში “ოსეთის” არსებობა არ უცვნია. პირიქით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ნოტაში რუსეთისადმი ხაზს უსვამს “В пределах Грузии нет Южней Осетии” (იხ. მისი 1920 წლის 20 მაისის ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი. ციტ. А. Ментешашвили   ციტ. შრომა  გვ. 288).

საქართველოს პირველი რეალურად (დემოკრატიულად) არჩეული (1990 წ 28 X_ 11. XI) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო _ საქართველოს უზენაესი საბჭო _ ვალდებული იყო გაეუქმებინა უკანონო (უსაფუძვლო) და მოსახლეობის მხრიდან სანქციის არმქონე ავტონომიური ერთეული “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” და გააუქმა კიდეც იგი 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით.

1991 წლის 3 მარტს სსრკ-ს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანებულება საქართველოს ხსენებული 11 დეკემბრის კანონის გაუქმების შესახებ, რისი კანონიერი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, რადგან საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 29 ივნისის დადგენილებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადდა ყველა აქტი, რომელიც “აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს” და “ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებულ პოლიტიკური და სამართლებრივი დაწესებულებებით”, მათ შორის ის აქტებიც, რომლითაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას უფლება მიენიჭებოდა, რომ გააუქმოს საქართველოს უზენაესი საბჭოს აქტები საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ.

“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” “რესპუბლიკად” გარდაქმნის ცხინვალში შესრულებული აქტი (20 IX 1990), ისევე როგორც შემდგომი არჩევნები ამ “რესპუბლიკის” “პარლამენტისა” (9. XII 1990) და 1991 წლის იანვრის “რეფერენდუმი” “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის თაობაზე და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე, კანონსაწინააღმეგოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ამ დროს არსებულ კონსტიტუციას, და იურიდიული ძალის არმქონეა, ვინაიდან “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” მოსახლეობა, როგორც ასეთი, არ არის და ვერ იქნება საგარეო  თვითგამორკვევის, ანუ სახელმწიფოსაგან ტერიტორიული გამოყოფის (სეცესიის) უფლების სუბიექტი. (იხ. Л. Матарадзе, Юридический аспект грузино-осетинского конфликта, ციტ. კრებული  გვ. 322-338).

ამგვარად, დღეს დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე “სამხრეთ ოსეთი” არ არსებობს, ამიტომ არც საქართველოს ხელისუფლებას, არც სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებს თავის ოფიცილურ სიტყვახმარებაში არა აქვთ ტერმინის “სამხრეთ ოსეთი” ხმარების უფლება.

 

V. “ქართულ-ოსური” კონფლიქტის მიმართება სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებთან

 დღეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის, ისევე როგორც საერთოდ ოსური სეპარატიზმის მთავარი ინიციატორი, წამქეზებელი და სულის ჩამდგმელი რუსეთი  ტრადიციულადვე დაინტერესებულია

– საქართველოს დასუსტებაში (ყველა პარამეტრში), რათა შესაძლებელი იყოს მისი იმპერიული ძალის კვლავ დაბრუნება საქართველოში, როგორც სამხრეთისაკენ შეტევის ან ზეწოლის (ევენტუალურად) და შუა აზიისაკენ დასავლეთისათვის გზის გადაკეტვის (დღესვე) პლაცდარმზე.

_ კავკასიონის სამხრეთით სათავისოდ ბაზის შექმნაში მაგისტრალური გზის “შავი ზღვა _ კასპიის ზღვა _ შუა აზია” კონტროლირების შესაძლებლობის მოსაპოვებლად (ცხინვალიდან გორამდე, რომელიც სარკინიგზო კვანძიცაა და საავტომობილო გზისაც, 32 კილომეტრია).

ევროპის ზოგი ქვეყანა დაინტერესებულია

_ კავკასიაში ოსური მოსახლეობის სახით საყრდენის მოპოვებაში ინდოგერმანული სოლიდარობის იდეოლოგიურ ბაზაზე (ოსები ინდოევროპელნი არიან _ ერთადერთი ინდოევროპელი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში).

_ გარკვეული ეროვნული ანკლავის გავლენისუნარიანობის გაძლიერებაში _ საქართველოში ფაქტობრივად ოსური სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნაში _ რითაც ჩნდება პრეცედენტი გარკვეული ეთნიკური (ეროვნული) ანკლავის (ანკლავების) პოლიტიკური გაძლიერებისათვის ევროპაში.

– იმაში, რომ ეთნიკური სეპარატიზმის ძალის გაძლიერებისაკენ მიმართულმა პრეცედენტმა წონა მოუმატოს იმ ქვეყნების საკუთარ სპეციფიკას ევროპის შიგნით, რომელთაც თავის შიგნით სეპარატისტული ძალები არ ჰყავთ.

არსებობს აგრეთვე გარკვეული ლობის დაინტერესება

– დასუსტებული საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკურ ათვისებაში, ხოლო შემდეგ იქ საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაში და საკუთარი დემოგრაფიული პოზიციების შექმნაში, რათა ალტერნატიული ტერიტორია შეიქმნას, როგორც რეზერვი, იმ შემთხვევაისათვის, თუ იქ, სადაც სახელმწიფო აქვს, საშიშროება შეექმნა მეზობლებთან ომების შედეგად.

– “შავი ზღვა _ შუა აზია” მომავალი გზის შესაძლებლობათა შემცირებაში, როგორც კონკურენტისა დასავლური დემოკრატიის აღმოსავლური პლაცდარმის როლის ტვირთვაში.

საქართველოსათვის ვერც ერთი ამ მიზანთაგანი იმპერატიული ვერ იქნება. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის აწმყო და სამომავლო სასიცოცხლო ინტერესი;

 

VI. ვინ არიან საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის

გადაწყვეტილებაზე პასუხიმგებელი  პირები

მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, რომ  საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დიდი მანძილი აშორებს სრულფასოვანი ლეგიტიმურობის მდგომარეობისაგან. საქართველოს პირველი (1921 წლის ანექსიის შემდეგ) დემოკრატიულად არჩეული, ანუ რეალურად არჩეული ხელისუფლება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და პრეზიდენტი) 1991-1992 წლების მიჯნაზე დაემხო სამხედრო პუტჩის შედეგად, რომელიც,  როგორც დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოში, ორგანიზებული იყო რუსეთის მიერ. ამ უკანასკნელის მიერვე, ხუნტისავე ხელით, ხელისუფლებაში მოყვანილ იქნა შევარდნაძე, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, მხილებულია საზოგადოებრიობის თვალში, როგორც რუსეთის აგენტი და რუსული ინტერესების გამტარებელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი და მისი კოლეგები დღევანდელ ხელისუფლებაში რვა წლის მანძილზე შეადგენდნენ შევარდნაძის ერთგულ გუნდს, რომელიც მორჩილად ატარებდა შევარდნაძის ყველა ანტიქართულ განზრახვას და მონაწილეობდა კორუფციის კულტივირებაში. ეს გუნდი ხელოვნურად ჩაენაცვლა შევარდნაძეს და უსისხლო “ვარდოვანი” “რევოლუციის” სახით დაეუფლა სახელმწიფოს საჭეს შევარდნაძისადმი ხალხის უფართოესი მასების სიძულვილის ტალღაზე. დღევანდელ ხელისუფლებაში პარლამენტი არის პირწმინდად არალეგიტიმური, რადგან იგი არჩეულია ტოტალური გაყალბებით, რომელშიც არანაირად არ აისახება ხმათა მიცემის რეალური რიცხვები. ამგვარად, საქართველოს მმართველი ჯგუფი  არ არის უფლებამოსილი, ქვეყნის სახელით დასაკარგავად (დღეს ან მომავალში) დათმოს მისი ტერიტორიები. ამ ხელისუფლების მიერ საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არალეგიტიმური წყაროდან მომდინარე ნაბიჯი, რის გამოც გარდაუვალია მისი გაუქმება მომავალი რეალური (დემოკრატიულად არჩეული და ერთგული) ხელისუფლების მიერ და მის გადამდგმელთათვის პასუხის მოთხოვნა.

 

VII. არსებული კონფლიქტი, როგორც პრეცედენტი მსოფლიოსათვის

იმ შემთხვევაში, თუ პრეცედენტის სახით დაკანონდება, რომ დემოგრაფიული დინამიკა (რომელი ეთნიკური ჯგუფი გამრავლდა, რომელი უმცირესობაში დარჩა და ა. შ) განსაზღვრავს მოცემული ტერიტორიის პოლიტიკურსა და იურიდიულ სტატუსს, ეს იქნება სტიმულირება ყველა ეთნიკური ჯგუფის შიშისა ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე, პირდაპირი სტიმულირება ეთნიკური წმენდისა და მისი ძირითადი იარაღის _ გენოციდისა _ მთელ მსოფლიოში.

 

VIII. ცხვინვალის კონფლიქტი ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით

მსოფლიოში მიღებული ნორმებით, რომლებიც არეგულირებს ადამიანის უფლებების, მათ შორის _ მინორიტეტულ ჯგუფთა უფლებების დაცვას, ეთნიკური და ეროვნული თვითგანსაზღვრა (თვითგამორკვევა) არ გულისხმობს ჯგუფის მიერ საკუთარი ჯგუფური ეთნიკური (ეროვნული) თვითდამკვიდრების ძებნას სხვების ეთნიკურსა და პოლიტიკურ ტერიტორიაზე თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულების შექმნის გზით. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ეთნიკური (ეროვნული) ჯგუფი მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს ტერიტორიული თვითგამორკვევის უფლებით არა მისი სახელის მატარებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა იგი ადგილობრივი უმცირესობაა, ანუ როცა იგი, როგორც ეთნოსი, აქაურია. ხალხს, რომელსაც დედამიწაზე სამშობლო აქვს, ისიც _ სახელმწიფოს ან სხვა პოლიტიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნის სახით, არა აქვს იმის უფლება, რომ მისმა დიასპორამ სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ-ტერიტორიული თავითგამორკვევა, მით უმეტეს _ თავისი ეთნონიმით სახელდებული ტერიოტორიულ-პოლიტიკური თვითგამორკვევა მოითხოვოს. ოსებს აქვთ თავისი სამშობლო _ ქ. ვლადიკავკასის გარშემო არსებული დიდი გეოგრაფიული არეალი, რომელიც დღევანდელი ოსი ერის შუა საუკუნეებში ფორმირების ადგილია (ალანთა და ადგილობრივ ოსთა შერწყმით). ოსურ დიასპორას საქართველოში აქვს ცხოვრების, თვითდამკვიდრებისა და განვითარების ყველა უფლება, როგორც ინდივიდთა და ოჯახთა კრებულს, მათ შორის – ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფლებისა და საკუთარი ეთნიკური (ეროვნული) სახის მარადიულყოფის უფლებაც, მაგრამ არა აქვს მოცემული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულის შესაქმნელად გამოყენების უფლება, მით უმეტეს _ მისი საკუთარი ეთნონიმის მიხედვით სახელდების უფლება.

კურიოზულია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის კომპარტიის გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლითაც “სამხრეთ ოსეთი” შეიქმნა, და საქართველოს მონურად მორჩილი მარიონეტული მთავრობის მიერ მისი დეკრეტად ქცევის დროს “ჩრდილოეთ ოსეთი” არც კი არსებობდა _ შექმნეს “სამხრეთ ოსეთი” მაშინ, როცა ნამდვილ ოსეთში სიტყვა “ოსეთი” არ ფიგურირებდა.

 

IX. პერსპექტივა

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს აქვს ორი ასპექტი. ერთი (და გადამწყვეტი) არის ის, რომ რუსეთი იბრძვის ამიერკავკასიისათვის, კავკასიონის სამხრეთით საიმედო პლაცდარმის შექმნის მცდელობის სახით. მეორეა ის, რომ ოსი ეთნოსი იბრძვის მიწისათვის და დამატებითი ტერიტორიისათვის საქართველოს ხარჯზე.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ოსებში არიან ადამიანები, რომელთა ცნობიერებაში ქართველი ერის გენოციდის დიდი ისტორიული მეხსიერება ცოცხლობს. ოსური ლაშქრობის მიერ ჯავის გაუკაცრიელების ფაქტი (XVII ს.) ზემოთ უკვე ვახსენეთ. უახლესი ისტორიის ფაქტია ქართული სოფლების დარბევა, ჟლეტა, განადგურება და აყრა 1921 წლის თებერვლის შემდეგ, როცა საქართველო რუსეთის მიერ მეორედ იქნა ანექსირებული და მის ყველა მტერს, რუსეთის წინაშე უკვე დიდი დამსახურების მქონე ოსური რაზმების ჩათვლით, სამოქმედოდ ხელი გაეხსნა. არსებობს ამ დროს ცხინვალის მიმდებარე რამდენიმე ქართული სოფლის მაცხოვრებელთა კოლექტიური განცხადება გასაბჭოებული საქართველოს მთავრობის სახელზე, სადაც აღწერილია გენოციდის ეს პროცესი1 (ის სოფლები _ მონასტერი და კიდევ რამდენიმე სხვა  – მას შემდეგ მართლაც  აღარ არსებობენ, როგორც ქართული სოფლები. იქ ახლა მხოლოდ ოსები ცხოვრობენ). იგივე გენოციდი გრძელდება ახლაც. მაგალითად, 90-იან წლებში მოისპო ქ. ცხინვალში ინკორპორირებული წმინდად ქართული სოფლები გუჯაბაური და მამისაანთ უბანი. ზნაურის რაიონში მოისპო 11 ქართული სოფელი: მოსახლეობა აყარეს რუსის ხიშტის საფარს ქვეშ და ისეთი მეთოდების გამოყენებით (სხვასთან ერთად), როგორიც იყო, მაგალითად, მოხუცებული ბუზალაძის ქალის დაწვა საკუთარ სახლთან ერთად (ადამიანთა ცოცხლად დაწვას, როგორც მეთოდს, ოსებმა მიმდინარე კონფლიქტში მრავალჯერ მიჰმართეს. მსურველს შეუძლია ნახოს მათი პატარა ჯგუფის ფერფლის საფლავი გორის რაიონის ს. ტყვიავის ცენტრში). 40 ქართული სოფლიდან, რომელიც ძალადობით შეიყვანეს “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტით, დღეს თითქმის ნახევარი უკვე აღარ არსებობს. ეს გაბედა ოსურმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ავტონომიურ ოლქში, რომელიც პირწმინდად უკანონო იყო და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია დღემდე რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალის მასში დგომის გარეშე. ადვილი წარმოდსადგენია, რას გაბედავს იმავე ოსების ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მსოფლიოში დღეს ტრიუმფალური სვლით მავალი დასავლური დემოკრატიის სანქცია ტერიტორიის სამართავად! ჩვენ არ ვართ ისეთი პესიმისტები, რომ ქართველთა გენოციდის ზემოხსენებული ისტორიული ტენდენცია ყველა ოსს მივაწეროთ. ეს სულისკვეთება, მით უმეტეს _ მისი ქმედებაში რეალიზაციისათვის მზაობა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის, რა თქმა უნდა, ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტშია მოცემული მკაფიო სახით. მაგრამ ამ მცირე პროცენტში იგი არის. საკმარისია, მას შესაბამისი სოციალური და პოლიტიკური პირობები შეექმნას (მაგალითად, ოსების სასარგებლოდ ქართული ტერიტორიის მიტაცების “კეთილშობილური პატრიოტული ამოცანის” კონტექსტში), რათა ამ ინსტიქტმა სტიქიური ძალით იფეთქოს და უხვი ახალი მოსავალი მოიტანოს.

საქართველოს დღევანდელ ფარულად პრორუსულ ხელისუფლებას მოვლენათა განვითარება სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავს. მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომელთა ერთმა ნაწილმა, ეუთოს საქართველოს მისიის სახით, სამწუხაროდ, გამოთქვა ძირფესვიანად არარეალისტური და ასევე ძირფესვიანად ანტიქართული რეკომენდაცია საქართველოში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნის შესახებ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხსენებული მიმართულების ხელისუფლება საქართველოში მუდამ არ იქნება. მისი არსებობა ისტორიული შემთხვევითობაა, მძიმე რუსულ-აგენტურული მემკვიდრეობით განპირობებული, და, ამდენად, წარმავალია. საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული წარმომადგენლობითი ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გააუქმებს საქართველოში უკანონო “ოსეთს”, რომლის შექმნა ქართველი ერის  შეურაცხმყოფელია და სახელმწიფოს ძირის მომთხრელი. დღეს მისი შექმნა იქნება არა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის გამარჯვებით დამთავრება, არამედ ამ ბრძოლის მხოლოდ გადავადება. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ მძიმე დამარცხების რისკი ამ ბრძოლაში (რაც, ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო შეთქმულებასთან ბრძოლაა), არსებობს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ საქართველო წინააღმდეგობის გაუწევლად დასთანხმდეს თავისი ისტორიის ესოდენ სამარცხვინო დამთავრებას, ან საბოლოო დამარცხება განიცადოს, ძალიან მცირეა.

ქართველი ხალხი არ დათმობს ტერიტორიას, არც დაუშვებს (ჯამში) თავისი დღესდღეობით უბოროტესი და უსახიფათოესი მტრის _ რუსეთის _ ოფიციალურსა და კანონიერ გადმობიჯებას კავკასიონის ქედზე. იქნება მუდმივი ბრძოლა ცვალებადი წარმატებით, რომელშიც ქართველი ხალხი ან გაიმარჯვებს და გააგრძელებს თავის მიწაზე ცხოვრებას და განვითარებას, ან დამარცხდება და შეუქცევადად დაადგება დედამიწის პირიდან თანდათანობით აღგვის გზას (რადგან კავკასიონზე ზღუდემორღვეული საქართველო გეოპოლიტიკურად არასიცოცხლისუნარიანი ხდება).

შენიშვნები: საკითხის სინათლისთვის საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენს წინამდებარე განცხადებას რამდენიმე შენიშვნა დავურთოთ.

1. უკვე მრავალი წელიწადია, რაც რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა ნორმის დარღვევით რუსეთის მოქალაქეობას აძლევს მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის _ მოსახლეობას, რათა საბაბი ნახოს თავისი უხეში ჩარევისათვის შეიარაღებული ძალით (თუმცა კანონიერ საბაბად ამისათვის ამ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ყოფნა არ კმარა). ამ პრაქტიკაზე ეფექტიანი რეაგირება არ მიუცია არც შეცვარდნაძის ხელისუფლებას, არც დღევანდელს. ასევე, არ ყოფილა მათგან ამ წლების მანძილზე ოფიციალური განცხადება და შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იმის გამო, რომ რუსეთი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, ანუ ომს საქართველოს წინააღმდეგ, _ რომ, მაშასადამე, საქართველოს ომები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში არის ქართულ-რუსული ომი, რომელიც გრძელდება.

ხსენებული ორი ფაქტის გათვალისიწნება აუცილებელია ყველა იმისათვის, ვისაც ჰსურს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება მის მიერ გამოცხადებულ კაპიტულაციათა მომავალი საქართველოსათვის სავალდებულოობის ან არასავალდებულოობის თვალსაზრისით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებათა მიერ განხორციელებული კაპიტულაციები თავისუფალი მომავალი საქართველოსათვის სავალდებულო ვერ იქნება.

2. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში სულ 164 ათასი ოსი ცხოვრობს, ამათში 100 ათასი _ ყოფილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ფარგლებს გარეთ. დღეს ხელისუფლებას (საფიქრებელია, რუსული დავალებით) ამ უკანასკნელი რაოდენობის შემცირების ტენდენცია აქვს, რათა შეინიღბოს ის ფაქტი, რომ ოსი მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის _ მის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა ორიენტირებული უნდა იყოს იმ 100 ათასზე, და არა მარტოოდენ უკანონო ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომიის და რუსეთთან შეერთების მაძიებელ 60 ათასზე. ამიტომ საჭიროა იმის გათვალისიწინება, რომ

_ ოსური მოსახლეობის მკვეთრი შემცირება კონფლიქტის პირველ (მწვავე) სტადიაზე არ მომხდარა. რუსული პროპაგანდა საქართველოდან “ლტოლვილთა” რიცხვად ასახელებდა 40, 60, 80 და 120 ათას სულს, თუმცა სინამდვილეში მათი რიცხვი, საქართველოს მთავრობასთან არსებული ქარ-თულ-ოსური ურთი-ერთობების დროებითი კომისიის (თავმჯდომარე ნ. ნათაძე) გამოთვლით, იყო 19 ათასზე ნაკლები. მათი დიდი უმრავლესობა დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს. მართალია, დღეს საქართველოდან არის უზარმაზარი ემიგრაცია სამუშაოს საძებნელად, მათ შორის, ცხადია, ოსებისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გამოაკლდნენ საქართველოს მოსახლეობას (რადგან იგულისხმება, რომ საშოვარზე გასული ადრე თუ გვიან შინ ბრუნდება)

3. ეუთოს საქართველოს მისიამ (პირველი დამფუძნებელი _ დიარმატი, უნგრეთი, შემდეგი თავმჯდომარე _ ცვეტკოვი, უკრაინა, შემდეგი თავმჯდომარე _ აიფი, გერმანია, შემდეგი თავმჯდომარე _ ბოდენი, გერმანია) შეიმუშავა და საქართველოს ხელისუფლებას წარმოუდგინა “რეკომენდაციები” ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, რომელიც თავისი ანტიქართული მიკერძოებით, ულოგიკობით, ფაქტებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით  და პოლიტიკური აზროვნების არაადექვატურობით, ალბათ, ერთერთი ყველაზე არასასახელო ტექსტია დიპლომატიის პრაქტიკაში და პოლიტიკური აზრის ისტორიაში. მოვიყვანთ შემდგენელთა მსჯელობის რამდენსამე ნიმუშს.

 

ულოგიკობის მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)

ზოგადი წანამძღვრიდან “საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო  პრაქტიკა და ეუთოს პრინციპები მოითხოვენ, რომ ვითარების შეფასებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნან ფაქტები, და არა მათი წარმოშობის ისტორია”, რაც თავისთავად მანკიერი პრინციპია (რადგანაც უგულებელყოფს ერის, ქვეყნისა და ადამიანის უფლებასაც, რომ ჰქონდეს ისტორიული მეხსიერება, და გუშინდელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უპირატესობების დღეს გამოყენების აღკვეთის უფლებასა და მოვალეობასაც) ორი სხვადასხვა კონკრეტული სუბიექტისათვის ორი სხვადასხვა დასკვნა კეთდება. სახელდობრ, იმ ფაქტიდან, რომ “არსებობს “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ერთეული, რომლის მოსახლეობაშიც ჭარბობენ ოსები” (თუმცა ეს ერთეული შექმნილია უცხო ოკუპანტის მიერ და არსებობის სულ 70 წლის ისტორია აქვს, ისიც მხოლოდ რუსული რეგულარული ჯარის იქმყოფობის პირობებში), ერთის მხრივ, კეთდება დასკვნა, რომ, სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს ოსების პოზიციის საზარალოდ, მეორე მხრივ კი დასკვნა, რომ, ოსების ნების შესაბამისად, იგი უნდა შეიცვალოს ქართველების საზარალოდ, _ რომ ოსებს უნდა მიეცეთ მრავალი ახალი უპირატესობები ამ ტერიტორიაზე, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ.

 

ფაქტების არასწორი კონსტატაციის (სიცრუის) მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)

მისია აცხადებს, რომ ოსების დასახლება საქართველოში მოდის XIV საუკუნიდან. ეს ტყუილია. ამ საუკუნეში იყო ოსების ლაშქრობა საქართ-ველოზე (მონღოლთა ლაშქრობის კონტექსტში), მაგრამ მას დემოგრაფიული შედეგი არ ჰქონია: ოსები განდევნეს ისე, რომ მათი დასახლება არ მომხდარა. ამგვარად, ოსური დასახლების დასაწყისი ამ საუკუნეს არ ეკუთვნის (და რომც ეკუთვნოდეს, ამით მაინც არ ირღვევა ის ფაქტი, რომ ოსები საქართველოს ავტოხთონური მოსახლეობა არ არიან, არამედ ავტოხთონური ქართული მოსახლეობის მყოლ უცხო ტერიტორიაზე მოსული მოსახლეობა (დიასპორა) არიან).

 

კონფლიქტის დაცხრობის ამოცანისადმი მისიის ამორალური მიდგომის მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)

მისიის რეკომენდაციებში ვკითხულობთ: “კოლექტიურ დონეზე, შეიარაღებულ კონფლიქტს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისა და ოსებისათვის. კონფლიქტის ქართველ მონაწილეთა შორის მეტისმეტად მრავალს ჰქონდა იმის განცდა, რომ დადგა დრო “სამხრეთ ოსეთის” დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლისა და ისტორიის “შესწორებისა”. ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო უკანასკნელი და  ყველაზე  მხეცური შედეგი პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ისახავდა ოსების განდევნას და მოსპობას… თვეთა მანძილზე ოსები ცხინვალში და მის გარშემო თავისი არსებობისათვის გარდუვალი საფრთხის წინაშე იდგნენ. ამიტომ ქართულ მხარეს ჰმართებს დამაჯერებელი მოქმედება, რათა ოსები დაარწმუნოს, რომ მათ საქართველოში მომავალი აქვთ”. ეს სიტყვები ცილისწამებაა ქართული მხარის მიმართ. ჯერ ერთი, ქ. ცხინვალი მთელი კონფლიქტის მანძილზე ღია იყო მიმოსვლისათვის ჯავისა და წუნარის (“ხეთაგუროვოს”) მიმართულებებით, მაშასადამე, მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილება შეეძლო. მეორეც, არც ერთი ქართველის მიერ არ გამოთქმულა დემოგრაფიული სურათის შეცვლის და ისტორიის “შესწორების” სურვილი, არამედ ფიგურირებდა (და ძალაშია) მხოლოდ იმის სურვილი, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ამ ტერიტორიისათვის მინიჭებული ყალბი სახელი “სამხრეთ ოსეთი” აღარ აღდგეს. (ამგვარი განზოგადებული ბრალდებების წამოყენებას ფაქტის დამოწმება უნდა, რასაც მისია არ იქმს და ვერ იქმს). მესამეც, მოგონილია (რუსული პროპაგანდის მიერ) ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა ქართველების მიერ. ამის მაჩვენებელია ის, რომ ცხინვალში საარტილერიო ცეცხლით მიყენებული დაზიანება არავის უნახავს. საქართველოში ხელისუფლების ფაქტობრივი აღარარსებობის პირობებში ცხინვალის გარშემო დაეხეტებოდნენ რუსული სამხედრო ქვეგანაყოფის “ღამურას” მებრძოლები მძიმე ტექნიკით, რომელთა ღია “მიზანიც” იყო თავისი სამსახურის შეთავაზება მხარეებისათვის, ნამდვილი დავალება  კი (რაც ყველასათვის ცხადი იყო) _ პროვოკაციების მოწყობა (იმ საარტილერიო “დაბომბვის” _ ფუჭი ჭურვების, “ბალვანკების” გამოყენებით _ სიმულირება და ა. შ.). მოყვანილ ტექსტთან დაკავშირებით მისიის პოზიციის ამორალობა იმაშიც გამოიხატება, რომ იგი მალავს ოსების მიერ (რუსების ხიშტებს ამოფარებით) ქართველთა ეთნიკური წმენდის და, მაშასადამე, გენოციდის ფაქტს, აგრეთვე 1989 წელს რუსების მიერ პროვოცირებული შეიარაღებული  კონფლიქტის მანძილზე ცხინვალის რაიონში ორი ქართული სოფლის და ყოფ. ზნაურის რაიონში ყველა ქართული სოფლის (ავნევისა და ნულის გარდა) განადგურების ფაქტს, ისევე როგორც ოსების მიერ ქართველ მოქალაქეთა ცოცხლად დაწვის, ხერხით “დრუჟბა” გადახერხვის, ქვაბში მოხარშვის, დაჩეხვის და მრავალი სხვა სახით წამების მრავალრიცხოვან ფაქტებს, რომლებიც დოკუმენტირებულია.

 

მისიის რეკომენდაციათა ავტორების არაადექვატური პოლიტიკური აზროვნების მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)

 მისია მსჯელობს “სამხრეთ ოსეთის” ოსი მოსახლეობისათვის ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების საჭიროების შესახებ, მაგრამ არ თვლის საჭიროდ დააკონკრეტოს, რა განაპირობებს ავტონომიის ამ საჭიროებას. თუ მას განაპირობებს შინაგანი მართვის ეფექტიანობა, მაშინ ამ მიზნის მიღწევისათვის სავსებით საკმარისია რეალიზებული დემოკრატიული თვითმმართველობა ეფექტიანი საარჩევნო სისტემის პირობებში; თუ ამ საჭიროებას განაპირობებს მოქალაქეთა დაცვის საჭიროება დისკრიმინაციისაგან, მაშინ ამ მიზნისათვის საკმარისია საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის (ამ ზონაში) დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ერთგულების ხარისხი, რის მიღწევაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა საერთაშორისო დოკუმენტის ხელმომწერი სახელმწიფოა; თუ ავტონომიის შექმნას მისია საჭიროდ თვლის იმის გამო, რომ მოწყობის ეს ფორმა ასახიერებს ერის (ეროვნული ჯგუფის) თვითგამორკვევის უფლებას, მაშინ მან უნდა განსაზღვროს ოსების ამ ინტერესის პრინციპული და პრაქტიკული მიმართება ამავე რეგიონის დანარჩენი, სახელდობრ, ქართველი მოსახლეობის, აგრეთვე მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან და ყველა ამ ინტერესთა დაბალანსების ფორმა მოძებნოს. მისია მდუმარე წანამძღვრად იღებს იმას, რომ საქართველოს ერთი ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიული თვითგამორკვევის უფლება აქვს, რაც არანაირი სამართლებრივი და უფლებადაცვითი ნორმით არ დასტურდება. მისიის მცდელობა სეპარატისტების და მათდამი თავისი სიმპათიის გამართლებისა უნაყოფო მცდელობაა, ვინაიდან სეპარატისტული სურვილი _ “სამხრეთ ოსეთის” სეცესია (გამოყოფა) საქართველოსაგან და მისი შემდგომი შეერთება რუსეთთან _ ცალსახა და ექსპლიციტური მოთხოვნაა როგორც 1918-20 წლების ოსი სეპარატისტებისა, ისე ახლანდელებისა. ხოლო თუ ავტონომიის შექმნის აუცილებლობა (გარდუვალობა) განპირობებულია არა ამა თუ იმ პოზიტიური მიზნით, არამედ მხოლოდ მიზეზით, სახელდობრ, ოსთა გამარჯვებით ქართველებზე და მათთვის თავისი ნების მოხვევით ამის შედეგად, მაშინ მისიას ჰმართებს, ჯერ ერთი, იმის ცოდნა, რომ ამ ტერიტორიის დღესდღეობით საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქციის გარეთ ყოფნა არ არის ოსების გამარჯვება ქართველებზე, არამედ რუსების გამარჯვებაა, რომელთა სამხედრო თანამყოფობის გარეშე (ვიმეორებთ) “სამხრეთ ოსეთს” ისტორიაში არც ერთი საათი არ უარსებია და ვერც იარსებებს. მისიას ჰმართებს აგრეთვე იმის გათვალისწინება, რომ (ვიმეორებთ) პრეცედენტი _ ტერიტორიის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა მასზე მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესთა დინამიკის მიმართულებისა და ტემპის მიხედვით _ არის ყოველი ეთნიკური ჯგუფის შიშის წყარო ყველა დანარჩენის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე _ ეთნიკური წმენდის სტიმულირება მთელ მსოფლიოში ევროპის ჩათვლით.

 

II. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ქვემორე ხელისმომწერ ორგანიზაციათა და პირთა პოზიცია

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი აზრი და სულისკვეთება ასახავს ქართველი ერისას საერთოდ, ვაცხადებთ:

1. საქართველოში კიდევ ერთხელ “სამხრეთ ოსეთის” შექმნა არის როგორც კანონის, ისე მსოფლიოში დღეს მოქმედი უფლებადაცვითი ნორმების წინააღმდეგ სვლა.

2. იგი არის საქართველოს სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ სვლა და, ამდენად, სახელმწიფოსა და ერის ღალატი

3. “სამხრეთ ოსეთი” გაუქმდება დაუყოვნებლივ, როგორც კი საქართველოს სათავეში რეალური, ერის მიერ კორექტული არჩევნების შედეგად ხმამიცემული ხელისუფლება მოვა.

 

III. დამატება. კონფლიქტის მოგვარების პრინციპული გზა

კონფლიქტის დარეგულირების გზას პირველ ყოვლისა წაეყენება ის მოთხოვნა, რომ იგი იყოს სამართლიანი, ამავე დროს _ რეალისტური, რაც შეკავებათა და ბალანსთა   (ცჰეკს ანდ ბალანცეს) ადექვატური სისტემის გამოყენებასაც გულისხმობს. ეს გზა შედგება, ერთის მხრივ, დემოკრატიული თვითმმართველობის მექანიზმთა მაქსიმალური განვითარებისაგან, მეორეს მხრივ, ფუნქციური (და არა ტერიტორიული) ავტონომიისაგან საქართველოს მთელი ოსი მოსახლეობისათვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენისათვის ქართველების ჩათვლით (იხ. ლ.მატარაძე, ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტებისა და მისი დარეგულირების შესაძლებლობების შესახებ”, კრებული “Осетинский вопрос”, Тб. 1994. გვ. 322-330).

თქმული გულისხმობს, რომ:

_ მაქსიმალურად ვითარდება ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული არჩევნების ბაზაზე, რაც უმრავლესობას იმის გარანტიას უქმნის, რომ იგი განახორციელებს თავის ყველა არაკანონსაწინააღმდეგო ინტერესებს ადგილობრივი კომპენტეციების შესაბამისად. ბუნებრივია, რომ იმ ადგილებში, სადაც ოსები უმრავლესობას წარმოადგენენ, გარანტირებული იქნება მათი პრევალირება ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხთა გადაწყვეტაში. ამგვარად, ასეთ ადგილებში ოსების ნეგატიური დისკრიმინაცია (ანუ შევიწროება) ვერ მოხდება. არაოსური მოსახლეობის (ანუ უმცირესობის) უფლებები ამ ადგილებში დაცული იქნება კანონით დადგენილი საშუალებებით, სახელდობრ, იმავე საშუალებებით, რომლითაც დაცული იქნება ოსური თუ ყველა სხვა უმცირესობის უფლებები საქართველოს ყველა სხვა ადგილებში, სადაც ეს სხვანი უმრავლესობას არ წარმოადგენენ.

_ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა უფლებამოსილებანი და მათი გამიჯვნა ხელისუფლების უფრო მაღალი ორგანოებისაგან, სახელმწიფო ორგანოების ჩათვლით, აგრეთვე მათი გამიჯვნა ქვემდგომი ორგანოებისაგან დგინდება კანონის მიერ მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი წესით, იმ რეგიონთა ჩათვლით (აფხაზეთის გარდა), სადაც არაქართველი მოსახლეობაა.

_ ფრონეს, ლიახვის, ლეხურასა და ქსნის ხეობათა ზედაწელების დარაიონება შეიძლება დაზუსტების პროცესში იყოს მანამდე, სანამ არ მოინახება ოპტიმალური ვარიანტი ანუ ისეთი, რომელიც მინიმალურს გახდის ეროვნებათშორის კონფლიქტს ყოფითი საკითხების გამო (თუმცა ეს გადასინჯვა სრულებითაც არაა აუცილებელი). ადგილობრივი მოსახლეობის (ამ შემთხვევაში _ ოსურის) ის ინტერესები, რომელთა დაკმაყოფილება არაა ადგილობრივი ორგანოების შესაძლებლობათა ფარგლებში (მაგალითად, საყოველთაო სწავლება ყველასათვის თავთავის დედაენაზე ანუ საამისოდ თანხების გაღება) უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ კანონის და სხვა არსებული ნორმების საფუძველზე.

_ სასურველია, რომ უმცირესობათა უფლებები ადგილზე, როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ, ერთი და იგივე იყოს ყველა იმ უმცირესობისათვის, რომელთა ეთნოსსაც (ეროვნებასაც) მოეპოვება თავისი ეთნიკური დასახელების ტერიტორიულ-პოლიტიკური სახელმწიფო წარმონაქმნი საქართველოს რესპუბლიკის გარეთ,  რადგანაც უთანაბრობა ამ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს უფლებათა გაფართოებით დაინტერესებას და, მაშასადამე, კონფლიქტებსაც. მაგრამ დასაშვებია, გარემოებებისა და სპეციფიკური ვითარებისდა მიხედვით, გარკვეული ასიმეტრიაც.

_ ადგილობრივ დემოკრატიულ თვითმმართველობასთან ერთად ვითარდება ფუნქციური ავტონომია, რომლის ოპტიმალური ფორმაა ოსური ეროვნული თემი ან სათვისტომო,  რომელიც, მათი სურვილის შემთხვევაში, მოიცავს საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ოსს. თემს შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, კულტურული და ყველა სახის ინიციატივათა უფლება, რომლებიც მიმართული იქნება ოსთა ეროვნული ვინაობის დაცვა-შენახვისაკენ, ქვეყანაში მათი გავლენის გაზრდისაკენ, ეკონომიკური კეთილდღეობის მომატებისაკენ, კულტურისა და განათლების განვითარებისაკენ და ნებისმიერი სხვა კანონიერი ეროვნულად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისაკენ. იგი შეიძლება  იყოს მუდმივი ბაზა და ფონი, კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ მოძრაობათა შექმნისათვის, რომელთაც ოსებისათვის საინტერესო მიზნები და პროგრამები აქვთ. მას (თემს) შეუძლია, იმ პარტიათა გზით, რომელთაც მხარს დაუჭერს საქართველოს ოსი მოსახლეობა, და სხვა კანონიერი გზებით გავლენა მოახდინოს პარლამენტის არჩევნებზე და მიჰმართოს თვითორგანიზაციის ყველა სხვა არაკანონსაწინააღმდეგო გზებს სახელმწიფოს, როგორც მთლიანის, მასშტაბით. ამგვარად, ოსებს (ისევე, როგორც სხვა ეროვნულ უმცირესობებს) შეუძლიათ იქონიონ გავლენა ცენტრალურ პოლიტიკაზე თავისი რიცხვის პროპორციულად. გარდა ამისა, მათ, ისევე როგორც ყველა სხვა ეროვნულ ჯგუფებს (ქართველების ჩათვლით), შესაძლებლობა აქვთ, გავლენისა და კეთილდღეობის ყველა ფორმის მოპოვებას ეცადონ თავისი უნარის პროპორციულადაც.

ეროვნული ვინაობის გარანტირებული შენახვისა და დაცვისათვის _ ანუ ისეთისათვის, რომელიც არ მოითხოვს აქტივობას შესაბამისი უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან _ ოსებისათვის, ისევე როგორც საქართველოს და, ალბათ, მთელი მსოფლიოს ყველა სხვა დიასპორებისათვის, განსა-კუთრებული პერსპექტიული და ნაყოფიერი, ალბათ, ეროვნული თვითორგანიზაციის სწორედ ეს მექანიზმი _ ეს ცენტრალური მექანიზმი _ აღმოჩნდება და არა მოცემული ეროვნების ადგილობრივი უმრავლესობების ორგანიზაცია ტერიტორიული ნიშნით. ასევე, ერთიანი ორგანიზაციის ფუნქციაა, მაგალითად, ოპტიმალურ კანდიდატთა მოძებნა პარლამენტში მონაწილეობისათვის, რაციონალურად დაბალანსებული განაცხადების მოძებნა განსაზღვრა კანონმდებლობისათვის, რაციონალურად დაბალანსებული განაცხადების შედგენა ბიუჯეტიდან ამა და ამ თანხების მიღებისათვის მოცემული ჯგუფის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, ეროვნული კადრების მომზადება, დედაენაზე განათლების სისტემის დაგეგმვა და ლობირება და ა. შ.. ეთნიკური (ეროვნული) შეფერილობის კონფლიქტთა წარმოშობის შემთხვევაში ადგილებზე ეროვნული თვითორგანიზაციის ამ ცენტრალური მექანიზმის არსებობა გააადვილებს ზოგადმნიშვნელადი ანუ მთელი დიასპორის ინტერესთა შესაბამისი გადაწყვეტილებების პოვნას, რითაც გაადვილდება გაღიზიანების, ჯავრის ყრის სურვილის და სხვა დესტრუქციული აფექტების ნეიტრალიზაცია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

საქართველოსათვის ეროვნებათშორისი ურთიერთობების რეგულირების ამგვარი მეთოდის მიზანშეწონილების სასარგებლოდ შეგვიძლია ორი გარემოება დავიმოწმოთ. პირველი: საქართველოში ეროვნული უმცირესობები ტრადიციულად (1801 წლამდე) განიხილებოდნენ, როგორც თვითრეგულირების საკუთარი მექანიზმის მქონე და საკუთარ ლიდერთა მყოლი ერთიანობები, და ეს ლიდერები თავისთავში ასახიერებდნენ მოცემული უმცირესობების უფლება-მოვალეობებს საერთოდ. მეორე: საქართველოში, ისევე როგორც კავკასიაში საერთოდ, ეროვნული ვინაობის შენახვას ტრადიციულად ერთ-ერთი უმაღლესი ადგილი უჭირავს ღირებულებათა შკალაზე და ამ მხრივ იგი არ ჩამოუვარდება ინდივიდის იმ უფლების ღირებულებას, რომ დაცულ იქნას დისკრიმინაციისაგან ეროვნული (ეთნიკური) ნიშნით.

მთლიანად საქართველოს ოსებისათვის თვითორგანიზაციის ზემოხსენებულ საერთო ფორმას შეიძლება ეწოდებოდეს “თემი”, “სათვისტომო”, “ცენტრი”, “კომიტეტი”, “საბჭო”, “ასოციაცია” ან სხვა რამ სახელი და მისი შექმნისა და პერიოდული განახლების მექანიზმები შეიძლება მდგომარეობდეს რაღაც დემოკრატიულ პროცედურაში მის წევრთა შორის ან მასში შესვლის მსურველთა შორის არჩევნებით ან დემოკრატიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სხვა რამ გზით. ასევე, რაღაც მექანიზმი შეიძლება მოიძებნოს იმის განსასაზღვრავად, რა ფორმით მიიღებს ესა თუ ის უმცირესობა მონაწილეობას პარლამენტში მომავალი კონსტიტუციის შესაბამისად. ყველა შემთხვევაში ზემოხსენებულ ოსურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ კანონით დაშვებულ ფარგლებსა და ფორმებში ეკონტაქტოს სამთავრობო, არასამთავრობო და ეროვნებათშორის ორგანიზაციებს საქართველოს გარეთ. უნდა მოიძებნოს მექანიზმი მისი მონაწილეობისათვის ოსებისათვის სპეციფიკურად მნიშვნელოვან ყველა სხვა პროცესებში მმართველობითი ან სათათბირო სტრუქტურების სახით.

საქართველოს ოსური მოსახლეობის მიერ ეროვნული თვითორგანიზაციისა და თვითრეგულირების ზემოხსენებული ფორმის ქონა რეალური განხორციელებაა ოსების მონაწილეობისა სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, რელაური ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.

 

არაკონსტიტუციური (ანუ დროებითი, ერთჯერადი) მოწესრიგების მექანიზმი

დღევანდელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების მექანიზმი, თუ მას განვიხილავთ გარეგანი ფაქტორისაგან განყენებით, მდგომარეობს ზემოხსენებული ოსური ორგანიზაციისათვის (რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს ოსობას) სუბიექტის (ან შუამავლის) ფუნქციის დაკისრებაში ადგილზე მოლაპარაკების დროს. ამ სტრუქტურას შეიძლება ჰქონდეს თავისი რეზიდენციები ცხინვალში და სხვა ნებისმიერ ადგილას, თავისი სიმბოლიკის დემონსტრირების უფლება, მისასვლელი ყველა სახის ინფორმაციასთან, ორმხრივი კონტაქტის რწმუნება ვლადიკავკასის (ჩრდილოეთ ანუ ნამდვილი ოსეთის) ხელისუფლებასთან და ხალხთან (რათა ეჭვის ქვეშ არ დადგეს, რამდენად წმინდაა მისთვის საერთო-ოსური ინტერესები) და იგი უნდა მონაწილეობდეს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა:

ა) რაიონების დატოვება  და გადასინჯვა

ბ) გზების გაყვანა კონფლიქტის ზონაში

გ) ზერაიონული საკონსულტაციო და მმართველი სტრუქტურების შექმნის მიზანშეწონილება თუ მიზანშეუწონლობა.

დ) მართლწესრიგის დაცვის ფორმები და მათ ორგანოთა დაკომპლექტება.

ე) განათლებისა და კულტურული ცხოვრების რეგულირების ფორმები

ვ) ადმინისტრაციული რეგულირების სხვა ფორმები, შემოსული წინადადებების განხილვის ჩათვლით.

 

დღევანდელი კრიზისული მდგომარეობიდან საბოლოო (დარეგულირებულ) მდგომარეობაში გადასვლის ოპტიმალური ტაქტიკა

საქართველოს ერთგულ ხეისუფლებას შეუძლია ეს გადასვლა მოახდინოს უმტკივნეულოდ _ პოლიტიკური და ფიზიკური ძალის ფონზე, მაგრამ მის გამოუყენებლად. მოქმედების ტაქტიკა (რომელსაც, რა თქმა უნდა, დაემატება ესა თუ ის კერძო ნაბიჯები სიტუაციისდა მიხედვით) შემდეგია:

1. საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, და ოფიციალურად მიჰმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს და სასამართლოს ჩათვლით. ამ საფუძველზე ან გაჰყავს რუსეთის შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონიდან (და, საერთოდ, საქართველოდან) ან, თუ რუსები იმიზეზებენ თავისი მოქალაქეების “დაცვის” საჭიროებას (თუმცა ეს მომიზეზება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს), რუსულ პრეტენზიას კანონსაწინააღმდეგოს კვალიფიკაციას აძლევს, ამით რუსების შეიარაღებულ მყოფობას ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმურს ხდის, აქედან გამომდინარე ყველა  შედეგებით. (მაგალითად, რუსს ერთმევა უფლება ცეცხლი გახსნას და ა. შ.)

2. საქართველო აპროტესტებს ამავე ინსტანციების (სასამართლოს ჩათვლით) წინაშე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის კონფლიქტურ ზონებში რუსეთის მოქალაქეობის მიცემის პოლიტიკას და აცხადებს რუსეთის მოქალაქეებისათვის (გარკვეული ვადის მიცემით) სავიზო რეჟიმს.

3. (პარალერულად). საქართველოს ხელისუფლება აქვეყნებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ისევე როგორც ყველა წონიან სპეციალისტს, უგზავნის ცხინვალის რეგიონში საბოლოო სამართლიანი დარეგულირების  ფორმულირებას (ზემოთ მოყვანილი პრინციპის “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე” მიხედვით და ფუნქციური ავტონომიის ფორმით) და აცხადებს მზაობას, მადლიერებით მიიღოს რჩევები (მაგრამ, ცხადია, არა განკარგულებები) საკითხში ჩახედულ პირთაგან და ორგანიზაციათაგან. იგივე ტექსტი ქვეყნდება ქართულ და ოსურ ენებზე და ფართოდ ვრცელდება მოსახლეობაში იმავე წინადადებებით. (რჩევის მოცემის შესახებ).

4. გონივრული წინადადებების გათვალისწინებით (თუკი ასეთები შემოვა) საქართველოს პარლამენტი ადგენს ცხინვალის  რეგიონში მოწყობის კონკრეტულ ფორმულირებებს და შემოაქვს ეს ფორმულირებები, როგორც კონსტიტუციური ნორმა.

5. საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს როგორც იარაღის ძალით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის მცდელთა მიმართ, ისე ცხინვალის რეგიონში პიროვნებათა წინააღმდეგ დანაშაულთა ჩამდენების მიმართ. სეპარატისტული შეიარაღებული მოქმედების ლიდერები  (კოკოითის ჩათვლით) ცხადდებიან ოფიციალურად სახელმწიფო დამნაშავეებად და ძებნილებად. ამით ავტომატურად გამოირიცხებიან რეპრესიის მოსახდენთა სიიდან ისინი, ვინც ამ ჩამონათვალში არ მოხვდება, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის დამშვიდებას.

6. (პარალერულად) მიიღება გამკაცრებული კანონმდებლობა იარაღის ძალით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის წინააღმდეგ, რომელიც ითვალიწინებს სასჯელის უმაღლეს ზომას.

7. იქმნება პოლიციური ძალა, რომელსაც შეუძლია როგორც ქართველი დევნილი მოსახლეობის დაბრუნება თავის საცხოვრებელ სახლებში, ისე ძებნილთა დაკავების ოპერაციების განხორციელება და როკის გვირაბის კონტროლს ქვეშ აღება. ოპერაციის მეთვალყურეებად მოიწვევიან საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

8. იქმნება დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც ეძლევა გაფართოებული უფლებამოსილებები ამ ოპერაციის განსახორციელებლად.

როგორც  ვხედავთ,  ჩამოთვლილი ნაბიჯები მოიცავს ძალის ფაქტორს, თუმცა არ ამოიწურება ამ ფაქტორით. ძალა აუცილებელია, რადგან

– ძალის ფაქტორის გარეშე შეუძლებელია უვნებელყობა სახელმწიფოს  იმ პირდაპირი მტრებისა (რუსეთის აგენტურისა), რომელიც ხელმძღვანელობს კრიმინალურ სეპარატისტებს.

– ძალის საჭიროება დავა მინიმუმზე (თუმცა არა ნოლზე) დღეს ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანთა დიდი უმრავლესობის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არაპირდაპირ განთავისუფლების შედეგად (იხ. ზემოთ პუნქტი 5)

– საკმარისი ძალის კონცენტრაციის შემთხვევაში, რუსეთის ზემოხსენებული იურიდიული ნეიტრალიზაციის ფონზე, შეიარაღებული წინააღმდეგობა, სავარაუდოა, აღარ შედგება. თუ იგი შედგება, მასში რუსეთი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას პირდაპირ (ღიად), არამედ იმოქმედებს მხოლოდ არაპირდაპირ, ანუ შეიარაღებულ მოქალაქეთა (კაზაკთა, “მოხალისეთა”,  ჩრდილოელ ოსთა) შემოგზავნის სახით. ამ არაოფიციალური (და, მაშასადამე შეუდარებლად უფრო სუსტი) წინააღმდეგობის დაძლევისათვის საქართველო მზად უნდა იყოს.

 2007

2 Responses to “♦ შიდა ქართლის დაბრუნების გზა”

  1. Andrew Pelt said

    Hi there may I use some of the information here in this post if I provide a link back to your site?

    Like

  2. როგორ უნდა დავიბრუნოთ და ვინც მანდ “ოსეთის” შექმნის მომხრეა უნდა გავჟუჟოთ და ვინც უბრალოდ ავტონომიას ითხოვს გავყაროთ საქართველოდან სამოდამოდ ქონების გარეშე შიმშილითაც რომ გაწყდნენ. ეგეც ჩვენი დემოკრატია, ანუ ვინ ყრიან ვიღაც ჩამოთრეულები რომ ავტონომია ჰქონდეთ, და ეს ეხება არამარტო ოსებს…

    Like

დატოვე კომენტარი