Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სტალინიზმის ეპოქა

 ♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

ლევან ზ. ურუშაძე

სტალინიზმის ეპოქა და საქართველოს ტრაგედია: 1921-1953

 

1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკური რუსეთის არმია წითელ ხიდთან თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმავდროულად, 2 მაისს ბოლშევიკები თავს დაესხნენ თბილისის ქართულ სამხედრო სკოლას (ცნობილ იუნკერთა სასწავლებელს). ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 21 წლის იუნკერი, “თეთრი გიორგი”-ს ჯვრის კავალერი მიხეილ მაყაშვილი (მწერალ კოტე მაყაშვილის ძმის შვილი, გენერალ სოლომონ მაყაშვილის ვაჟი). იგი გახლდათ ბოლშევიკთა პირველი მსხვერპლი.

ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით წითელი ხიდიდან შემოსული ბოლშევიკების 3 დივიზიიდან ორი მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ იგი დაედევნა მტრის დარჩენილ ერთ დივიზიას. მაგრამ, ნ. ჟორდანიას ყოვლად უგუნური ბრძანებით ქართული ჯარი იძულებული გახდა შეეწყვიტა დევნა და უკან დაბრუნებულიყო.

გენერალი გიორგი კვინიტაძე (ცენტრში)

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის ძალით რუსეთი უარს ამბობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ნებისმიერ პრეტენზიაზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა, საქართველოს მხრიდან – ელჩმა რუსეთში გრიგოლ ურატაძემ. ხელშეკრულების ხელმოწერისას, თბილისიდან მიღებული დასტურის საფუძველზე, საქართველოს წარმომადგენლის მიერ დაშვებულ იქნა უპატიებელი და სავალალო შეცდომა: რუსული მხარის ზეწოლით ხელი მოეწერა ხერლშეკრულების საიდუმლო დამატებას, რომლის ძალით საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა კომუნისტური პარტიის ლეგალიზება. მოგვიანებით გენერალი კვინიტაძე სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ საქართველომ სწორედ მაშინ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (იხ.: გენერალი გ. კვინიტაძე, ჩემი პასუხი, თბილისი, 1990, გვ. 11-13).

ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა დროის მოგებისა და საქართველოს ხელისუფალთა ყურადღების მოდუნების მიზნით გააფორმა, ფარატინა ქაღალდი იყო ბოლშევიკებისთვის. 1921 წლის 11 თებერვალს, ბოლშევიკების შენაერთებმა 5 მხრიდან შემოუტიეს საქართველოს: აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი), სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი), დარიალის და მამისონის მხრიდან და სოხუმის მიმართულებით. თბილისისკენ მოემართებოდა მე-11 არმია, რომელსაც ქართულმა არმიამ, იუნკერთა სკოლის ასეულებმა და მოხალისეებმა უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან.

საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წ.

1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელი არმია თბილისში შემოვიდა.

1921 წლის მარტში ეროვნული არმიის შენაერთმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით თურქი ასკერებისგან გაწმინდა ბათუმი და მთელი აჭარა. სწორედ მაზნიაშვილის და მისი პოლკის დამსახურებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნა აჭარა.

საინტერესოა ერთი მომენტი: 1922 წელს ამიერკავკასიის ე.წ. “საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის” ცაკ-მა მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვა N# 1 “წითელი დროშის ორდენი”-თ, წარწერით “თბილისის აღებისათვის”!..

თბილისში შემოსვლისთანავე, მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ დაიწყო აქტიური რეპრესიები ბოლშევიკებისთვის “საეჭვო ელემენტების” მიმართ. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ბაქოში ყოფნის დროს, ხსენებული არმიის სამხედრო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა დახვრეტა მიუსაჯა იმხანად ბაქოში მყოფ საქართველოს არმიის წარმომადგენლებს. მაგალითად, სიცოცხლეს გამოასალმეს (კასპიის ზღვაში ჩაახრჩეს) სახელოვანი გენერალი ბალო მაყაშვილი, დახვრიტეს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკი, კაპიტანი პეტრე ფავლენიშვილი და სხვანი. თბილისში შემოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ დახვრიტეს ეროვნული არმიის სადარაჯო ათასეულის ყოფილი მეთაური, კაპიტანი კონსტანტინე ჭუჭულაშვილი.

ანასტას მიქოიანი, იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე – Anastas Mikoyan, Joseph Stalin and Sergo Ordzhonikidze in Tiflis, 1925

იცოდნენ რა, რომ ხალხი არ შეურიგდებოდა ოკუპანტი ბოლშევიკების მმართველობას და “არჩევნების” შემთხვევაში დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდა სისხლით მოსულ რეჟიმს, სტალინის მითითებით გადაწყდა, რომ “საქართველო საჭიროებს ცხელი უთოთი გადავლას” (სწორედ ასეთი მოწოდებით გამოვიდა სტალინი ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1921 წლის ივნისის სხდომაზე. იხ.: საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს საიტი http://archive.security.gov.ge/saqartvelos_okupacia.html).

1921 წლის გაზაფხულის დამლევს ანტიბოლშევიკურმა ამბოხებამ იფეთქა სვანეთში. მას სათავეში ედგნენ გენერალი ნესტორ გარდაფხაძე, ეგნატე გაბლიანი და ბიძინა პირველი. დასაწყისში აჯანყებულები წარმატებით მოქმედებდნენ. მათ მხარეზე გადავიდნენ ამბოხების ჩასახშობად გაგზავნილი რაზმის მებრძოლებიც. მაგრამ, დამატებითი ძალების და ავიაციის გაგზავნის შემდეგ საოკუპაციო ნაწილებმა შეძლეს აჯანყების ჩახშობა.

აღსანიშნავია, რომ მთელ საქართველოში იქმნებოდა პარტიზანული რაზმები (ლაშქარაშვილის ქართლში, მხეიძის იმერეთში, მათითაიშვილის გურიაში და ა.შ.).

1922 წლის აგვისტოში იფეთქა ახალმა აჯანყებამ ხევსურეთში. მას სათავეში ედგა პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი. სამწუხაროდ, შეუთანხმებლობის გამო, ეს ამბოხებაც მარცხით დასრულდა. ავადსახსენებელმა “ჩეკა”-მ დააპატიმრა მისი არა ერთი აქტიური მონაწილე: გიორგი ლიქოკელი, ბერდია არაბული, დათვია ლიქოკელი, მინდია ლიქოკელი, ხოხონა ლიქოკელი, მინდია ჭინჭარაული, მამუკა ჭინჭარაული, აპარეკა არაბული, იმედა წიკლაური, ბეცინა არაბული, აპარეკა ლიქოკელი, როსტომ შეთეკაური, გიგუჩა ჭინჭარაული, ბაძია ლიქოკელი, ღადუა ჭინჭარაული, გაგა ჭინჭარაული და სხვანი. აღსანიშნავია, რომ ამ ამბოხების აქტიური მონაწილე იყო ვაჟა-ფშაველას ძმა თედო რაზიკაშვილი, რომელიც მხეცურად მოკლეს ჩეკისტებმა იმავე 1922 წელს. მათთან შეტაკებისას დაიღუპნენ, აგრეთვე, ამბოხების აქტიური მონაწილენი სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმა) და როტმისტრი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი. ამბოხების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს პავლე შანიძე, ალექსი მისრიაშვილი, ჯანგირ ხირჩლაშვილი, გიორგი თანდილაშვილი და სხვანი. აღსანიშნავია, რომ ამ ამბოხებას მიეძღვნა ივანე ლიქოკელის შესანიშნავი მონოგრაფია “ხევსურები და ქაქუცა” (თბილისი, გამომცემლობა “არტანუჯი”, 2006). მოგვიანებით, ხევსურეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დახვრიტეს როტმისტრი ს. ანდრონიკაშვილი, ლეიტენანტი სუმბათაშვილი, ლეიტენანტი არჩ. ვაჩნაძე, ვახტანგ აბაშიძე, სოციალ-დემოკრატი ს. გელაშვილი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი კვინიტაძე; Kakutsa Cholokashvili (right) and Gen. Giorgi Kvinitadze (left)

1922 წელს შეიქმნა საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული არალეგალური პარიტეტული კომიტეტი (იგივე “დამოუკიდებლობის კომიტეტი”) და მისი სამხედრო ცენტრი, რომელსაც კავშირი ჰქონდა 1921 წლის 5 ნოემბერს პარიზში შექმნილ “სამხედრო კომისიასთან”.

გამცემლობის შედეგად, 1923 წლის მარტში “ჩეკა”-მ მოახერხა “სამხედრო ცენტრი”-ს წევრთა დაპატიმრება. იმავე წლის 19 მაისს მათ მიესაჯათ დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. კერძოდ, დახვრეტილ იქნენ: 1. გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), 2. გენერალი ვარდენ წულუკიძე, 3. გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 4. გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, 6. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, 7. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, 9. კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, 10. როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, 11. როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, 12. ნიკოლოზ ზანდუკელი, 13. იასონ კერესელიძე, 14. სიმონ ჭიაბრიშვილი, 15. ივანე ქუთათელაძე.

თბილისის დაცვისათვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცები – Killed Georgian Soldiers by Russian Army, 1921

ამის შემდეგ, აღნიშნული პარკის ტერიტორიაზე დაიხვრიტა სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი რამდენიმე ათასი პატრიოტი. მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა ამ ადგილას სავსებით შეგნებულად შექმნა პარკი, რათა ხალხს ეტაშფანდურა წამებულ მამულიშვილთა ძვლებზე და მათი სისხლით გაჟღენთილ მიწაზე. ასევე შეგნებულად უწოდეს ამ ცოდვის პარკს “გამარჯვების პარკი”… ასე, რომ სამართლიანობა იზეიმებს, თუ “ვაკის პარკში”, იქ, სადაც დღეს ე.წ. “უცნობი ჯარისკაცის საფლავია”, მოეწყობა “საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ მამულიშვილთა ხსოვნის მემორიალი”. საამისოდ პარკში უკვე არსებობს კომპლექსი საქართველოს სახალხო მხატვრის, ბატონ გოგი ოჩიაურის ორი შესანიშნავი სკულპტურით. რაც შეეხება უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ყველაზე უპრიანი იქნება, თუ ამგვარი საფლავი მოეწყობა მუხათგვერდზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა საძმო სასაფლაოზე. ამის ღირსნი ნამდვილად არიან ის გმირები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში შეეწირენ რუსი ბარბაროსების წინააღმდეგ უთანასწორო, ჭეშმარიტად სამამულო ომს და რომელთა ცხედრებიც, სამწუხაროდ, ამოუცნობია. ვფიქრობთ, სახელი უნდა შეეცვალოს “გამარჯვების პარკს”: სასურველია, მას ეწოდოს “სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მამულიშვილთა ხსოვნის პარკი”.

1923 წელს დამკომმა აირჩია სამხედრო ცენტრის ახალი შემადგენლობა. ცენტრს ეწოდა “ცენტრალური სამხედრო კომისია” და მის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე.

მარცხნიდან სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე. დგანან ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფო ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი; Kakutsa Cholokashvili (sitting left) General Spiridon Chavchavadze (sit. right) members of “Oath of Fealty” (stending)

1924 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე დამკომმა დაადგინა ერთდროული საერთო-სახალხო ამბოხების თარიღი: 1924 წლის 29 აგვისტო, დღის 2 საათი. სამწუხაროდ, მენშევიკთა დესტრუქციული და გამცემლური მოქმედების გამო, ჭიათურა გამოვიდა დადგენილ დროზე 24 საათით ადრე, რამაც ჩაშალა აჯანყებასთან დაკავშირებით შემუშავებული გეგმები.

ჩეკისტები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყების მონაწილეებს. 1924 წლის სექტემბერში დახვრიტეს არა ერთი ცნობილი მოღვაწე, მათ შორის: გენერალი გიორგი ფურცელაძე, პოლკოვნიკი დავით ყაფლანის ძე ვაჩნაძე, გენერალი რევაზ ყარალაშვილი, გენერალი სოლომონ ყარალაშვილი, პოლკოვნიკი დავით (დათა) ქარცივაძე, პოლკოვნიკი ილია მახარაძე, შტაბს-კაპიტანი ალექსანდრე ჯანდიერი, პოლკოვნიკი გრიგოლ ერისთავი, პოლკოვნიკი სვიმონ ამილახვარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ამილახვარი, პოლკოვნიკი მუშნი დადიანი და მისი ძმა – შტაბს-კაპიტანი ოთარ დადიანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე ელენე თარხან-მოურავი, პოლკოვნიკი ივანე ცომაია, ცნობილი მწერალი და ეროვნული მოღვაწე ნიკო გერგესელი (კვერნაძე), პოლკოვნიკი ნესტორ გარდაფხაძე, ცნობილი ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ მიქელაძე, აჭარის დამკომის თავმჯდომარე გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე, პოლკოვნიკი ვახტანგ ნაცვლიშვილი, დამკომის სამხედრო კომისიის წევრი, როტმისტრი მიხეილ კოღუაშვილი, თვალსაჩინო ექიმი და საზოგადო მოღვაწე იონა მებურიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი გიორგი გუჯეჯიანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლეო დგებუაძე, როტმისტრი დავით ბაგრატიონი, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი პეტრე (ტუტკუ) გვარამია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი სიმონ მჭედლიძე, მღვდელი იეროთეოზ ნიკოლაძე, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, მღვდელი ბესარიონ კუხიანიძე, არქიმანდრიტი ექვთიმე (კერესელიძე), ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიმამრი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ილია მეღვინეთუხუცესი, პოლკოვნიკი ეკო წერეთელი, როტმისტრი სანდრო წერეთელი, როტმისტრი ბაუკი წერეთელი და მისი ძმა, პორუჩიკი პეტრე წერეთელი, გიორგის კავალერი, როტმისტრი მანუჩარ ჯანდიერი, პოლკოვნიკი პანტელეიმონ გედევანიშვილი, გენერალი ასლან-ბეგ აბაშიძე და ა. შ.

1924 წლის დამლევს ახალგაზრდა ქართველმა პოლიტემიგრანტებმა შალვა ბერიძემ, კალისტრატე სალიამ, ირაკლი ოთხმეზურმა და სხვებმა პარიზში დააფუძნეს ქართული ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია – ეროვნული ერთობის დარაზმულობა “თეთრი გიორგი”, რომელსაც 1925 წლიდან სათავეში ჩაუდგა იმხანად უკვე გამოჩენილი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე. 1926 წლის დამდეგს მან მოადგილედ მიიწვია სახელოვანი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. სწორედ ისინი იყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგები. 1926 წლის შემოდგომაზე “თეთრი გიორგი”-ს პირველი კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა თბილისში. ჯგუფს ხელმძღვანელობდა 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ევგენ (გენო) ღვალაძე. ჯგუფმა იარსება 1937 წლის აგვისტომდე, როდესაც მისი წევრები იქნენ დაპატიმრებულნი. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, ისე წევრები დახვრიტეს 1937 წელს, ე.წ. შინსახკომი-ს ე.წ. “დიდი სამეული”-ს გადაწყვეტილებით. “თეთრი გიორგი”-ს მეორე კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა 1928 წელს, პირველი რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკის ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მთელი შემადგენლობა დააპატიმრეს 1930 წელს და იმავე წელს დახვრიტეს. ორგანიზაციის მესამე ჯგუფი შეიქმნა 1942 წელს. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ ლევან აბდუშელიშვილი და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. 1944 წელს ჯგუფის წევრები გაასამართლეს. სამს (აბდუშელიშვილი, სვანიძე, სუტა) მიესაჯა დახვრეტა, დანარჩენები გადაასახლეს სხვადასხვა ვადით. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ლევან (მუსტაფა) შელია იმავე ხანებში მოკლეს.

1923 და 1925 წლებში ჩეკისტებმა მოკლეს ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი (იხ.: საქართველოს შსს საარქივო სამმართველო, ფ. 6, საქ. 2370) და შესანიშნავი პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი მიხა ხელაშვილი. ლევან რაზიკაშვილის შეწყალების თხოვნით მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ კოტე მაყაშვილმა წერილობითი თხოვნით მიმართა “ჩეკა”-ს და პირადად ს. ორჯონიკიძეს. ამ უკანასკნელმა ასე მიუგო მწერალთა ჯგუფს: – ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თავად ვაჟა რომ ცოცხალი იყოს, მასაც ზედ დავაყოლებდი-ო.

1922 წლიდან ცნობილი პედაგოგისა და ეროვნული მოღვაწის, 1926 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტის ფერდინანდ ბეთანელის თაოსნობით, თბილისში არსებობდა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი არალეგალური ჯგუფი, რომელიც აქტიურად ემზადებოდა სამხედრო გამოსვლებისთვის. 1924 წლის ამბოხების ჩახშობიდან მცირე ხნის შემდეგ ჯგუფის წევრები (გარდა ფ. ბეთანელისა, რომლის კვალს ვერ მიაგნეს) დააპატიმრეს. მათგან დახვრეტა მიუსაჯეს 12-ს: ვლადიმერ გიორგობიანს, გერმანე ღლონტს, გიორგი ჩიკაშვილს, აკაკი ნინუას, მიხეილ შარვაძეს, აპოლონ ჭუბაბრიას, ალექსანდრე მდინარაძეს, ნიკოლოზ კაკოიშვილს, იაკობ შარვაძეს, ილია სიამაშვილს, ვახტანგ თარხან-მოურავს და სევერიან ფანცხავას. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი თბილისში, 1925 წლის 27 იანვარს.

1924 წლის 31 აგვისტოს ბათუმში დახვრიტეს აგვისტოს ამბოხების 23 აქტიური მონაწილე: პოლკოვნიკი დავით დადიანი, გენერალი გიორგი ფურცელაძე, ვლადიმერ ახვლედიანი, აკაკი რამიშვილი, დიომიდე გეგიაძე, აპოლონ ფანცულაია, აღათი გორდელაძე, ანტონ იმნაძე, გიგა ჩიქოვანი, ალექსანდრე ზოიძე, კალენიკე მალაზონია, ალფეზ ხომერიკი, ისიდორე ზოიძე, კირასი მკურნალიძე, ვლადიმერ ზაპერტოვი, ნიკოლოზ მუჯირი, ლავრენტი ქადეიშვილი, მიხეილ თაყაიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, სოფრომ ქინქლაძე, მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი და ავთომოზ ჩიქოვანი.

1937-1939 წლების სისხლიან რეპრესიებს თითქმის მთლიანად შეეწირა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 20-იან წლებში გადარჩენილი ნაწილი. გარდა ამისა, დახვრიტეს მეცნიერებისა და კულტურის დარგებში მოღვაწე მრავალი შესანიშნავი მამულიშვილი. იმისთვის, რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს, თუ აღნიშნულ წლებში ბოლშევიკურმა რეჟიმმა როგორ გააპარტახა ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ქვემოთ ჩამოვთვლით მცირეზე მცირე ნაწილს იმ პიროვნებებისა, რომლებიც გაანადგურეს უშუალოდ სტალინის პირადი მითითებით: აკადემიკოსი გრიგოლ წერეთელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მემედ-ბეგ აბაშიძე, პროფესორი ბიძინა რამიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, პროფესორი შალვა ცინცაძე, პროფესორი ბენედიქტე (ბენო) მესხი, ცნობილი ბიბლიოგრაფი და პედაგოგი ვიქტორ ბროსე (აკადემიკოს მარი ფელისიტე ბროსეს შვილიშვილი), რეჟისორი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, მსახიობი ივანე (ვანიკო) აბაშიძე, პროფესორი სოლომონ ქურდიანი, პროფესორი ილია ჯანდიერი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე აკაკი ანდღულაძე, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, ადვოკატი და პუბლიცისტი ევგენ (გენო) ღვალაძე, პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი, ეროვნული არმიის ყოფილი პოლკოვნიკი პავლე კოდუა, პოლკოვნიკი ვლადიმერ (ლადო) ქარუმიძე, პოლკოვნიკი დავით (დათა) ქარუმიძე, ადვოკატი ირაკლი ამირეჯიბი, ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე იოსებ (ოსიკო) ბარათაშვილი, პროფესორი ლევან ლეონიძე, 1922-1924 წლებში დამკომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იასონ ჯავახიშვილი, 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში გაბრიელ (გაბო) ხუნდაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი სეით დევდარიანი, მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, პოეტი ტიციან ტაბიძე, პროფესორი გიორგი (გოგი) ელიავა, მსახიობი ივანე (ვანო) ლაღიძე, პროფესორი იოსებ აბაკელია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი ივანე ლორთქიფანიძე, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) ჭანიშვილი, მხატვარი პეტრე ოცხელი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰენრიკ ჰრინევსკი, ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწე გაიოზ ბერელაშვილი, მწერალი გერცელ ბააზოვი, ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ისიდორე ვარაზაშვილი, ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პართენ გოთუა (მწერალ ლევან გოთუას მამა), დრამატურგი ვახტანგ გარიკი (ვაჩნაძე), ცნობილი ადვოკატი, პუბლიცისტი და მთარგმნელი პეტრე ქავთარაძე…

1941 წელს ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ქართველი ასპირანტებისა და უნივერსიტეტის უმცროს პედაგოგთა თაოსნობით თბილისში შეიქმნა არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია “სამანი”, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოს თავისუფლება.

1942 წლის შემოდგომაზე “შინსახკომმა” მოახერხა ჯგუფის 33 წევრის დაპატიმრება. დახურული სასამართლო პროცესი გაიმართა 10-20 სექტემბერს. 25 სექტემბერს გამოცხადდა განაჩენი, რომლის ძალით ჯგუფის წევრებს გიორგი ახობაძეს, რომან ბატიაშვილს, დიმიტრი ბურდიაშვილს, გივი თარგამაძეს, ლევან თორაძეს, გიორგი იმერლიშვილს, მიხეილ იმერლიშვილს, სოლომონ იმერლიშვილს, მიხეილ კაციტაძეს, ზურაბ მისაბიშვილს, გიორგი ქადაგიძეს, შალვა შავიანიძეს, თურმან შანშიაშვილს, გიორგი ძიგვაშვილს, კონსტანტინე (კოტე) ხიმშიაშვილს და კონსტანტინე ჯოგლიძეს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა. 13 სამანელი შუა აზიაში გადაასახლეს. სასამართლო პროცესამდე მოკლეს დაჯგუფების ლიდერი ადამ ბობღიაშვილი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე საბჭოთა რეჟიმმა ხელი მიჰყო სხვადასხვა მაქინაციებით გავლენიან და ავტორიტეტულ პოლიტიკურ ემიგრანტთა შემოტყუებას. არც მოტაცებას თაკილობდნენ. ასე აღმოჩნდნენ საქართველოში ტიტე მარგველაშვილი, სვიმონ ციციშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე და არა ერთი სხვა ცნობილი მოღვაწე, რომლებიც დახვრიტეს 1947-1951 წლებში. რაც შეეხება ექვთიმე თაყაიშვილს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდათ უმკაცრეს იზოლაციაში, შინა პატიმრობაში.

ამით როდი დასრულდა რეპრესიები. სტალინის მითითებით და იმპერიული მთავრობის 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილებით, “არაკეთილსაიმედოობის” მოტივით დაიგეგმა საქართველოდან შუა აზიაში რამდენიმე ათასი ადამიანის გადასახლება. ამ მიზნით რუსეთიდან იქნა მოწვეული შინაგანი ჯარის საგანგებოდ მომზადებული ქვედანაყოფი. “სპეცგადასახლებას” დაექვემდებარენ 1941-1945 წლებში ტყვედ ნამყოფთა ოჯახები, პოლიტიკურ ემიგრანტთა ოჯახები და ნათესავები, “ხალხის მტრები”-ს ოჯახები. ამ ამოცანის ხორცშესხმის მიზნით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში და სხვა ქალაქებში ჩააყენეს სატვირთო (!) ეშელონები. 1951 წლის 25 დეკემბერს, კათოლიკური შობის დღეს, 11 ათასზე მეტი ადამიანი ჩაყარეს ამ ვაგონებში და შუა აზიისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. გადასახლებულთა შორის იყო ემიგრაციიდან მოტყუებით ჩამოყვანილი გამოჩენილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე სამსონ ფირცხალავა, რომლის ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტს. იგი გზაში გარდაიცვალა 1952 წელს. გადასახლებულთა შორის იყვნენ, აგრეთვე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწის რევაზ გაბაშვილის ვაჟი, – არქიტექტორი გურამ გაბაშვილი, ასევე ცნობილი პოლიტემიგრანტის ზურაბ ციციშვილის ვაჟი, – თეიმურაზ ციციშვილი, ბაბო დადიანი და მისი ოჯახის წევრები, ცნობილი სპორტსმენი (ფეხბურთელი) ზ. ქვარიანი და სხვანი (იხ.: საიტი http://archive.security.gov.ge/1952.html).

დაბოლოს, არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ის ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელიც გამოიჩინა საბჭოთა რეჟიმმა უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მიმართ. 1954 წლის 31 დეკემბერს აშშ-ის 83-ე კონგრესს რეზოლუციის პროექტის სახით წარედგინა ამერიკის ქართული ასოციაციის და მისი იმჟამინდელი თავმჯდომარის ლეო დუმბაძის აქტიური მონაწილეობით შედგენილი ვრცელი ტექსტი “კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია” (საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში #6). აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის ოფიციალური ანგარიშის სახით 1955 წელს ვაშინგტონში გამოსცა აშშ-ის სამთავრობო გამომცემლობამ. 2007 წელს მისი ქართული თარგმანი გამოსცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა. მასში ვკითხულობთ: “1951 წელს, კათოლიკოსმა კალისტრატემ, თბილისში გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” წარმომადგენელთან, ჰარისონ სოლზბერისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ 100 ეკლესია შემორჩა. სხვა ფაქტები რომც არ არსებობდეს, ესეც საკმარისი იქნებოდა იმის საილუსტრაციოდ, რაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დამართეს” (გვ. 41). ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მესაჭის ეს უაღრესად თამამი და რისკიანი განცხადება სავსებით საკმარისი იყო ჩეკისტებისთვის, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ კათოლიკოს-პატრიარქის “ურჩობის” ასალაგმავად.

“კათოლიკოსი კალისტრატე, რომელიც “ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტ სოლზბერის ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი ჰქონდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ, 1952 წლის თებერვალში, კათოლიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ზემოხსენებულ ავტორიტეტულ გამოცემაში (გვ. 45).

ამდენად, ძნელი არ არის იმის განჭვრეტა, რომ სტალინის უფრო ხანგრძლივი დღეგრძელობის შემთხვევაში ახალი, არანაკლებ სისხლიანი რეპრესიების ტალღა ელოდა საქართველოს…

 

გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული უნივერსიტეტი”, N47-48, 2010

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s