Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ აფხაზი თავადები თავიანთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ!

აფხაზი თავადები თავიანთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ!

ქვემოთ გთავაზობთ აფხაზი თავადების მიერ რუსი დიდმპყრობლებისადმი მიწერილ წერილს, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ აფხაზი თავადაზნაურობა საქართველოში ისეთივე ქართველად გრძნობდა თავს, როგორც ჩვენი სხვა კუთხის წარმომადგენელი.

ამ წერილის დაწერიდან საუკუნე გავიდა და რუსმა აფსუებზე დაყრდნობით მოახერხა ნამდვილი აფხაზებიც ჩვენივე მტრებად ექცია.

ქვემოთ წარმოდგენილ წერილს ახლა, სამწუხაროდ, მხოლოდ ისტორიული ღირებულება აქვს. ღმერთმა ქნას, ერთი-ორი აფხაზისთვის მაინც შეეძრას გული და თავისი ნამდვილი ვინაობა შეეხსენებინოს.

 მოხსენებითი ბარათი

მის ბრწყინვალებას, გენერალ-ადიუდანტს, თავად სვიატოპოლკ-მირსკის, წოდებრივ და საადგილმამულო საქმეთა ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარეს!

აფხაზეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურობისაგან

1870 წლის 23 მარტი

მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, ჩვენმა ყოვლადმოწყალე ხელმწიფემ, მამობრივი ზრუნვით თავისი ერთგული ქვეშევრდომების კეთილდღეობაზე, ბრძანა უშუალო რუსული მმართველობა შემოეღოთ აფხაზეთში, რითაც შესაძლებლობა მიანიჭა აფხაზეთის მკვიდრთ უწინდელ მშფოთვარე დროისთვის ჩვეული შიშისა და ხიფათის გარეშე მისდიონ თავიანთ საქმიანობას და მშვიდად იცხოვრონ კანონებისა და წესრიგის საფარველ ქვეშ.

ამ მოწყალების გაღებითაც არ დაკმაყოფილდა და ხელმწიფე იმპერატორმა კეთილად ინება აფხაზეთზეც გაევრცელებინა 1861 წლის 19 თებერვლის კეთილისმყოფელი რეფორმა, უკვე ამოქმედებული იმპერიის სხვა ნაწილებში და ამიერკავკასიაში.

ამ მიზნით უზენაესად დამტკიცდა სოხუმის წოდებრივი და საადგილმამულო კომისია, შემდგომ კი ტფილისის კომიტეტიც თქვენი ბრწყინვალების თავმჯდომარეობით. მართალია, სოხუმის წოდებრივმა და საადგილმამულო კომისიამ უკვე დაამთავრა დავალების შესრულება და თავისი მოსაზრებებიც წარუდგინა ტფილისის კომიტეტს, მაგრამ ამ უკანასკნელმა, სანამ რაიმე გადამჭრელ და საბოლოო დასკვნას გამოიტანდა, საჭიროდ ჩათვალა უფროსობის განკარგულებით საგანგებო გამოკითხვით შეემოწმებინა კომისიის დასკვნები ამ საქმისთვის აფხაზეთის მკვიდრთა ყველა წოდებისაგან არჩეულ დეპუტატთა შორის. უფროსობის ბრძანებით შეკრებილმა აფხაზეთის თავად-აზნაურობამ პატივი დაგვდო და თავის წარმომადგენლებად ჩვენ ამოგვირჩია, დაგვავალა რა მათი საჭიროებანი და ინტერესები გადმოგვეცა კომიტეტში გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით.

დიდად ვაფასებთ რა მთავრობის ასეთ ნდობას ხალხისადმი და სავსებით გვესმის რა თანამოძმეთაგან ჩვენზე დაკისრებული დავალების მნიშვნელობა, ჩვენ გადავწყვიტეთ საგანგებო მოხსენებით ბარათში გადმოგვეცა ყოფილი აფხაზეთის სამთავროსა და სამურზაყანოს თავად-აზნაურობის წოდებრივი და საადგილმამულო უფლებანი, რათა ნათელგვეყო აფხაზეთის მკვიდრთა ცხოვრების პირობები.

ძველთაგანვე აფხაზეთი ყოფილი საქართველოს სამეფოს ნაწილს შეადგენდა. ქართველ მეფეთა უკანასკნელი დინასტიაც აფხაზური დინასტიაა. ბიჭვინთის უძველესი ტაძარიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე აფხაზთა და ქართველთა კათოლიკოსების საკათედრო ტაძარი იყო. სულ უკანასკნელ დრომდე აფხაზეთში ჰყვაოდა დრანდის, მოქვისა და ბედიის საეპისკოპოსოები. ბედიის ტაძარი, აგებული აფხაზური დინასტიის პირველი ქართველი მეფის _ ბაგრატის მიერ, თავის წიაღში იფარავს ამ სახელმწიფოებრივი მაშენებლის ნეშტს. მოქვის ტაძარი კი აგებულია ქართველთა და აფხაზთა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ. აფხაზ ხალხსაც უკანასკნელ დრომდე საქართველოსთან, სამეგრელოსთან და იმერეთთან საერთო სარწმუნოება, ჩვეულებები თუ კანონები ჰქონდა და თუკი ქრისტიანული სარწმუნოება აფხაზეთში მნიშვნელოვნად შესუსტდა მუსლიმური უღლისა და სხვადასხვა არეულობათა ზეგავლენით, მაინც მისი უეჭველი კვალი შენარჩუნებულია აფხაზი ხალხის ცხოვრებაში, რომელიც, მართალია, ასრულებს ზოგიერთ მუსლიმურ თუ წარმართულ წეს-ჩვეულებას, მაგრამ, ამავე დროს მას არასოდეს შეუწყვეტია მთავარი ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნა და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესაც ყველანი ერთმანეთს უძღვნიან კრავებსა და წითლად შეღებილ კვერცხებს. აფხაზეთის მთავართა მთელი წყებიდანაც, რომელნიც გამოეყვნენ საქართველოს ამ უკანასკნელის საბატონოებად დაყოფის შემდეგ, მხოლოდ ორნი _ ზურაბ-ბეი და მისი ძმისწული ქელეშ აჰმად-ბეი აღიარებდნენ  მუსლიმთა რელიგიას _ პირველი  იმიტომ, რომ სიჭაბუკეშივე წაიყვანეს თურქეთში, მეორე კი იმ მიზეზით, რომ თურქეთში დაიბადა და იქვე აღიზარდა. ყველა დანარჩენი მთავარი კი აფხაზეთისა ქრისტიანი იყო. ქართველ მეფეებს არასოდეს  არ გამოურიცხავთ აფხაზეთი დიდი ქართული ოჯახიდან და თავისი არსებობის მთელს მანძილზე _ როგორც სამეფოს გაყოფამდე, ასევე შემდგომაც, უკანასკნელ დრომდეც იწოდებოდნენ მეფეებად ქართველთა, აფხაზთა, იმერთა და კახთა. როცა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფემ ვახტანგ VI-მ კანონთა კრებულის შედგენა დაიწყო და ყოფილი საქართველოს სამეფოს ყველა პროვინციიდან წარმომადგენლებს იწვევდა ამ საქმეში თანადგომისათვის, მან აფხაზეთიდანაც მოიწვია დეპუტატები, სადაც უკანასკნელ დრომდე შენარჩუნებული იყო უძველესი ქართული ჩვეულებები. აფხაზეთი რომ საქართველოს ეკუთვნის, ამის დამადასტურებელ არანაკლებ მნიშვნელოვან საბუთად, გარდა ქრისტიანული ტაძრებისა და წეს-ჩვეულებებისა, გამოდგება სხვადასხვა საერო თუ სამხედრო ნაგებობათა ნანგრევებიც. ასე, მაგალითად, პსირასთას ხეობის ცნობილი ციხე-კოშკები, გადმოცემით, აგებულია საქართველოს დიდებული მეფის თამარის მიერ. კელასურის ქვითკირის გალავანი აშენებულია ვამეხ დადიანის მიერ; ციხე-სიმაგრეები აშტუვაში, ოცარცასა და მრავალ სხვა სოფელში, თუმცა კი ცნობილი არ არის, ვისი აგებულია, მაგრამ ზედმიწევნით ჰგავს სამეგრელოში მდებარე ასეთივე ციხე-სიმაგრეებს. თქვენს ბრწყინვალებას ვთხოვთ იმასაც მიაქციოს ყურადღება, რომ ძველ დროშიც და ამჟამადაც საცხოვრებლები, შესამოსელი, საზრდო, მიწათმოქმედების იარაღები, სოფლის მეურნეობის გაძღოლის წესი სრულიად იგივე იყო და არის აფხაზეთში, რაც სამეგრელოშია. ადგილებსაც უმეტესწილად ქართული სახელწოდებანი აქვთ. მცხოვრებთა უდიდესი ნაწილიც თავის მეგრულ თუ ქართულ წარმომავლობას აღიარებს და ბევრს თავიანთი ქართული და მეგრული გვარებიც კი აქვს შენარჩუნებული. მხოლოდ ერთი რამ შეიძლება საბაბს გვაძლევდეს საქართველოდან გამოყოფილად მივიჩნევდეთ აფხაზეთს _ აფხაზური ენა, მაგრამ მასშიც სანახევროდ მეგრულ და ქართულ სიტყვებს ვხვდებით, ხშირად ძალზე შეცვლილთაც, თუმცა არც ისე, რომ ძნელი იყოს მათი თავდაპირველი მეგრული თუ ქართული ძირის მოძიება. მაგალითად, “ათავად” _ ქართული “თავადია”, “აკამბაშ” _ “კამბეჩი”, “აძამ” _ “ჯამი” და სხვა. მეორეს მხრივ, ენათა სხვაობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან რუსეთშიც ბევრია არა-რუსულ ენაზე მოლაპარაკე ტომი, რომლებიც სავსებით ემორჩილებიან რუსულ კანონებს და უკვე დიდი ხანია რუსული წეს-ჩვეულებების მიხედვით ცხოვრობენ. საქართველოს სამეფოს საზღვრებშიც, ბორჩალოში, ქართველ მემამულეთ უკანასკნელ დრომდე ჰყავდათ ყმა-გლეხებად ყარაფაფახები _ თათრული წარმოშობისა და მუსლიმური რელიგიის მაღიარებელი ადამიანები, რომელნიც თავიანთ ყოფა-ცხოვრებაში შარიათის კანონებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მათ მიმართაც ის დადგინებანი გამოეყენებინა, რასაც ქართველ ყმა-გლეხთა მიმართ იყენებდა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში როდისმე ოფიციალურად ყოფილიყოს შემოღებული ვახტანგ მეფის კანონები, მაგრამ ის კი უდავოა, რომ თვით ეს კანონები წარმოადგენენ მხოლოდ წერილობით სისტემატიზებულ ფორმას ჩვენი წეს-ჩვეულებებისა, რომლებიც საერთო გვაქვს ქართველებთან, მეგრელებთან, იმერლებთან თუ გურულებთან, და რომ ეს წერილობითი კანონები შედგენილ იქნა ვახტანგ მეფის უმაღლესი ხელმძღვანელობით საქართველოს სამეფოს ყველა დასახლებული მხარის დეპუტატთა მიერ, რომელთა შორის აფხაზეთის წარმომადგენლებიც იყვნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან თქვენი ბრწყინვალებისთვის ცხადი უნდა შეიქმნას, რომ აფხაზეთში შეუძლებელია სხვა სამოქალაქო წყობილება ყოფილიყო განსხვავებული იმისაგან, რაც ყოველთვის არსებობდა ქრისტიანული ამიერკავკასიის დანარჩენ ნაწილში. ამიტომ ჩვენი წოდებრივი და საადგილმამულო უფლებები იგივე იყო, რაც საქართველოში, სამეგრელოში, იმერეთში თუ გურიაში, სულ უმნიშვნელო თავისებურებებით, რომლებიც წარმოშობილი იყო ადგილობრივი, ოდენ ეკონომიკური პირობებით და არ აღემატებოდა საქართველოს სხვა მხარეებს, მაგალითად, ქართლსა და იმერეთს შორის არსებულ განსხვავებებს. ეს განსხვავებანი მხოლოდ ზოგიერთ წვრილმან საკითხს შეიძლება ეხებოდეს და არამც და არამც არ არღვევდეს მთლიანობაში იმ სრულ მსგავსებას, რაც აფხაზეთს ჰქონდა ქართველ მეფეთა მფლობელობაში შემავალ ყველა სხვა მხარესთან.

როგორც ეს უკანასკნელ დრომდე სამეგრელოში იყო, აფხაზეთისა და სამურზაყანოს ყველა მცხოვრებიც წოდებრივი უფლებების მიხედვით შეიძლება დაიყოს თავადებად, აზნაურებად, გლეხებად და სამხედრო ტყვეებად (მოჯალაბეებად).

ქონებრივი უფლებების მიხედვით აფხაზები განიყოფიან მემამულეებად, გლეხებად და ტყვეებად. გარდა ამისა, აფხაზეთში არსებობს (არა როგორც ცალკე წოდება) საკმაოდ მრავალრიცხოვანი კლასიც ასასებისა, ანუ სხვადასხვა წოდების პირთა, რომელნიც სტუმრებივით ცხოვრობენ სხვათა სამამულო მიწებზე. ასეთ პირთ საქართველოსა და სამეგრელოში ხიზნებს უწოდებენ.  ასეთია აფხაზეთის ყველა მცხოვრებთა უფლებები და მდგომარეობა.

მთელი აფხაზი ხალხის სათავეში იდგა აფხაზეთის მთავარი, უძველესი ქართული გვარის _ შერვაშიძეთა წარმომადგენელი. ყველა სხვა ქართველ მთავართა მსგავსად, რომელნიც საქართველოს სამეფოს გაყოფის შემდეგ დამოუკიდებელნი შეიქნენ, ხელთ ეპყრა უმაღლესი პოლიტიკური და სამოქალაქო ძალაუფლება მთელს აფხაზ ხალხზე, თავად-აზნაურთა გამოუკლებლივ და აგრეთვე სამემამულეო ხელმწიფებაც დასახლებულ თუ დაუსახლებელ მამულებზე, რომლებიც პირადად მას ეკუთვნოდა როგორც მემამულეს, ანუ ყველა ის აფხაზური მიწა-წყალი, რომლებიც არ ეკუთვნოდათ დანარჩენ მემამულეებს _ თავადებსა და აზნაურებს. მასზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომნი იყვნენ საბატონო (სახასო, საუფლისწულო) თავადები, ანუ ისინი თავად შერვაშიძეთაგან, რომელთაც მთავართაგან საკუთრებაში ჰქონდათ ნაწყალობევი სამფლობელოები. ეს საბატონო თავადები, ქართველი საუფლისწულო თავადების მსგავსად, თავიანთი სამფლობელოების საზღვრებში ყველა იმ პოლიტიკური, სამოქალაქო და სამემამულეო უფლებებით სარგებლობდნენ, რომლითაც აღჭურვილი იყო აფხაზეთის  სხვა, ამა თუ იმ ნაწილის მფლობელი, ვინც უშუალოდ განაგებდა თავის საბატონოს და მათი კავშირი აფხაზეთის მთავართან მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ პატივი ეცათ მთავარისათვის, დამორჩილებოდნენ მას როგორც თავიანთ უფროს ძმას და ყოველმხრივ შესწეოდნენ მას ომში. მთავარსა და საბატონო თავადებს, ვითარცა მემამულეებს, თავიანთ დასახლებულ და დაუსახლებელ მამულებში ისეთივე უფლებები ჰქონდათ, რაც დანარჩენ მემაულეებს. ამ უფლებებს ქვემორე განგიმარტავთ.

თავადები და აზნაურები წოდებრივი უფლებების მხრივ მცირედ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მთელი განსხვავება, როგორც საქართველოში, აქაც იმაში მდგომარეობდა, რომ, ჯერ ერთი, თავადის სისხლისათვის უფრო მეტი საზღაური იყო მისაგები, ვიდრე აზნაურის სისხლისათვის, და, მეორეს მხრივ, თავადებს უფლება ჰქონდათ მფლობელობაში ჰყოლოდათ ე.წ. სათავადო აზნაურები, რომელნიც თავადთა მამულებში ცხოვრობდნენ. აზნაურებს კი უფლება ეძლეოდათ მხოლოდ გლეხები და ტყვეები (მოჯალაბენი) ჰყოლოდათ, რომლებიც მათს სააზნაურო მამულებში ცხოვრობდნენ. თავადებისა და აზნაურების სამემამულეო უფლებები სრულიად ერთნაირი იყო და ამიტომ შემდგომში ორთავეს საერთო სახელწოდებით _ მემამულეებად მოვიხსენიებთ. მემამულეები სრული საკუთრების უფლებით, თითოეული თავ-თავის ცოცხალი მიჯნებით დადგენილ საზღვრებში, ფლობდა გლეხებს (აფხაზურად _ `ანხავ~), სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებს, ბაღ-ვენახებს, ტყეებს და წყლებს. აფხაზეთში რუსეთის მმართველობის შემოღების დროიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი სოხუმის წოდებრივ-საადგილმამულო კომისიის დაფუძნების შემდეგ, გლეხები გაიძახიან, თითქოს მთელი მიწა-წყალი მემამულეებს კი არა, სწორედ მათ, გლეხებს ეკუთვნოდეთ იმის გამო, რომ ისინი მემამულეებზე ადრე დასახლებულან ამ მიწა-წყალზე, მემემულეები კი შემდგომში გამოჩენილან და მხოლოდ ძალის გამოყენებით უიძულებიათ გლეხეები მათთვის ემსახურათ და ძალითვე მიუტაცნიათ მთელი მიწა-წყალი. მაგრამ გლეხების ამ მტკიცებას არანაირი მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს უკვე იმიტომ, რომ მთელს ქვეყნიერებაზეც თავდაპირველად ყველანი მხოლოდ გლეხები თუ თავისუფალი ადამიანები იყვნენ, მემამულეები კი მოგვიანებით გაჩდნენ, თუმცა, რაგვარადაც და რა დროსაც არ უნდა გაჩენილიყვნენ მემამულეები, გლეხები ვერ უარყოფენ მემამულეთა არსებობის ფაქტს აფხაზეთში უხსოვარი დროიდან, ამასთან ყველა იმ უფლებებით, ამჟამადაც რომ აქვთ მათ. თუკი ეს ფაქტი თავდაპირველად მართლაც ძალადობის შედეგი იყო, იგი სხვა ქვეყნებშიც ასევე ძალადობის ნაყოფი უნდა ყოფილიყო, და ეს ძალადობა ისტორიული ჟამთასვლის შედეგად კანონით დამკვიდრებულ უფლებად გადაიქცა, რომელიც აღიარებულ იქნა არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ, სადაც, ისევე, როგორც აფხაზეთში, იგი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე არსებობდა, არამედ თვით რუსეთშიც კი, სადაც ბატონყმური უფლება გაცილებით უფრო მოგვიანებით გაჩნდა. ამრიგად, მემამულეთა უფლება ყმა-გლეხთა ფლობისა, უძველესი დროიდანვე, საუკუნეთა განმავლობაში დამკვიდრებული და მთავრობის მიერ აღიარებული იმპერიის დანარჩენ ნაწილებში ვერ იქნება სამართლიანად უარყოფილი აფხაზეთშიც. გლეხების ურთიერთობაზე თავიანთი მემამულეებისადმი ქვემორე ვიტყვით, როცა გლეხობაზე ვისაუბრებთ.

მიწა-წყალს მემამულენი საკუთრების სრული უფლებით ფლობდნენ. ეს იმით მტკიცდება, რომ აფხაზი მემამულეები, ქართველთა მსგავსად, აქირავებდნენ თავიანთ საძოვარ ადგილებს და საზღაურს იღებენ საქონლის მეპატრონეებთან ურთიერთშეთანხმებით; რომ მემამულენი არცთუ იშვიათად ერთმანეთსაც მიჰყიდდნენ მიწებს და მემკვიდრეობით _ შთამომავლობით სარგებლობაში იძლეოდნენ და ახლაც იძლევიან მიწის ნაკვეთებს, როგორც თავიანთ საკუთარ ყმა-გლეხებსა და ტყვეებს, ასევე მათი მფარველობის ქვეშ მოსულ სხვადასხვა წოდების სტუმრებს (აფხაზურად _ ასასებს, ქართულად _ ხიზნებს) და ტყესაც ჩეხავდნენ და განჰყიდდნენ. ამის დასადასტურებლად წარმოვადგინოთ რამდენიმე მაგალითს.

1.     მიწა-წყლის შესყიდვის, გაყიდვის და ჩუქების მაგალითები:

ა) აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ ბზიფის ოლქში შეისყიდა თავად ემუხვარის მამულები ყმა-გლეხებითურთ, მიწა-წყლითა და ტყითურთ და საჩუქრად უბოძა ისინი 1847 წელს გენერალ-მაიორ კაცო მარგანის;

ბ) აფხაზეთის მთავარმა ქელეხ-ბეიმ, თავისი ძის საფარ-ბეის აღზრდისთვის, საჩუქრად უბოძა აზნაურ ბეჟან მარგანის ორი სოფელი _ ემირხვა და აბაალოუ აგიმი მიწა-წყლითა და ყმა-გლეხებითურთ;

გ) აზნაურმა ჯოგერია ლაკერბამ ასევე აზნაურ ბეჟან მარგანის მიჰყიდა მიწა-წყალი და ყმა-გლეხები დაბა სოფელ მუგუძირხვაში;

დ) თავადმა ანჩაბაძემ მთავარ საფარ-ბეის მიჰყიდა თავისი მამულის ნაწილი ფოკვეშიში და მთელი მამული ოჩამჩირეში;

ე) თავადმა ანჩაბაძეებმა აზნაურ ჩახმეტ ეშბას საჩუქრად უბოძეს მიწა-წყლის ნაწილი თავიანთ მამულ ტყვარჩელში (შემდეგ ჩახმეტმა ამ მიწაზე ათი კომლი დაასახლა თავისი ყმა-გლეხთაგან);

ვ) თავადმა თლაპს მარშანიმ 350 მანეთად მიჰყიდა სამოსახლო ადგილი და ბაღი გლეხებს ელკანსა და ჩხატუ ქაბბას;

ზ) თავადმა უტა შერვაშიძემ 60 წლის წინათ თავად ლომკაც ემუხვარს აჩუქა სოფელი ქაფშ-იქითი მიწა-წყლითა და ყმა-გლეხებით;

თ) თავადებმა ბუტუ და ალმასხან შერვაშიძეებმა სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანს მიჰყიდეს მიწა ენგურის პირას იმ ადგილას, რომელსაც ოცარცას უწოდებენ;

ი) წარჩენის თავადმა ანჩაბაძემ 1867 წელს თავადებს ბათა და კაცო ემუხვარებს მიჰყიდა მიწა-წყალი სოფელ ესკედაში, რის შესახებაც საბუთი იქნა წარდგენილი სოხუმის წოდებრივ-საადგილმამულო კომისიაში;

კ) ჯიქეთის თავადებმა ცანბაევებმა ბზიფის თავადებს ინალიფებს სისხლის საზღაურის ანგარიშში მიჰყიდეს ტყე მდინარე ბზიფის მარჯვენა ნაპირას.

აფხაზ მემამულეთა მიერ მიწა-წყლის გაყიდვის მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრი შეგვეძლო ჩამოგვეთვალა, მაგრამ რაც მოვიხსენიეთ, ისიც საკმარისია.

II. მემამულეთა მიერ ხე-ტყის გაყიდვის მაგალითები:

ა) 1850 თუ 1851 წელს გენერალ-მაიორმა კაცო მარგანიმ ბზის ტყე მიჰყიდა მოსაჭრელად სოხუმელ ვაჭარს სიმონ პერსოპულოს;

ბ) თავადებმა ინალიფებმა ასევე ბზის ტყე მიჰყიდეს მოსაჭრელად თურქ აჯას ისმაილს, რომელიც ამჟამად გუდაუთაში ცხოვრობს, და სოხუმში მცხოვრებ ბერძენს ბენდელ ჩურბაჯის;

გ) აზნაურმა ქვაჯა მარგანიმ მუხის ხე-ტყე მიჰყიდა ამერიკელებს ტრავერზებისათვის;

დ) თავადმა ბოლხუხუ ემუხვარმა (თავად ბათა ემუხვარის მამამ) ბზის ხე-ტყე მიჰყიდა რედუტკალელ ვაჭარს ავგერინოს;

ე) ოჩამჩირელი თურქი  ჰაჯი ჰუსეინი ცაცხვის ტყეს ყიდულობდა მოსაჭრელად მდინარე ბზიფის მარჯვენა სანაპიროზე თავად ინა-ლიფასაგან (ჰაჯი ჰუსეინი ამჟამად სოხუმში ცხოვრობს).

გლეხები აფხაზეთში მანამდე არასოდეს არ ყოფილან თავისუფალნი. მხოლოდ უშუალო რუსული მმართველობის შემოღების დროიდან გლეხებმა (აფხაზურად _ “ანხავ”) თავის გამოსყიდვა იწყეს მიწითურთ ან უმიწოდ, რათა გათავისუფლებულიყვნენ. ასე მაგალითად, მხოლოდ სამურზაყანოში უკანასკნელ წლებში ათასამდე გლეხის კომლმა გამოისყიდა თავი. მრავალმა ყმა-გლეხმა გამოისყიდა თავი აფხაზეთის სხვა ნაწილებშიც. მათი და ზოგიერთი სხვა ყმა-გლეხის გამოკლებით, რომელნიც თვით მემამულეებს გაუაზატებიათ საკუთარი ნებით, ყველა სხვა გლეხი მემამულის კუთვნილებაა. ყმა-გლეხი მთლიანად ეკუთვნის მემამულეს, რომელსაც უფლება ჰქონდა გაეყიდა იგი მიწით თუ უმიწოდ აყრით, ანდა საჩუქრად ებოძებინა ვინმესთვის. ყმა-გლეხის მოკვლის შემთხვევაში სისხლისთვის საზღაურის ნახევარი მემამულეს ეძლეოდა, ხოლო მოკლულის ნათესავნი მხოლოდ მეორე ნახევარს იღებდნენ; ყმა-გლეხის ასულს გათხოვებისას გასვლის საზღაური უნდა გადაეხადა მემამულისთვის (აფხაზურად _ “ახშიბარ”, ქართულად _ `ქალამანი~); მართალია, საკარმიდამო, საბაღე-სავენახე და სახნავ-სათესი მიწებით ყმა-გლეხი საშვილიშვილოდ სარგებლობდა, მაგრამ ეს მიწა ყოველთვის მფლობელი მემამულის კუთვნილებად რჩებოდა. ამ შემთხვევაში გლეხს მხოლოდ მიწაზე გაწეული შრომა ეკუთვნოდა _ ხეხილი, ვენახი, საკარმიდამო ნაგებობანი და დამუშავებული მიწისაგან მიღებული მოსავალი. ყმა-გლეხის მემკვიდრე მხოლოდ მისი ძე ანდა ღვიძლი ძმა შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს უკანასკნელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ იყო გამოყოფილი ოჯახიდან და ცალკე გასული. ხოლო თუკი გარდაცვლილ ყმა-გლეხს არ ჰყავდა ძე, მაშინ მთელი მისი ქონება-სამკვიდრებელი შერჩევითი (ქევხის სამართლით) უფლებით  მემამულეს რჩებოდა, გარდაცვლილის ასულნი კი მემამულის სამსახურში დგებოდნენ მოახლეებად, რომელიც მათ ათხოვებდა.

აი, მაგალითებიც იმისა, თუ როგორ ჰყიდდნენ და საჩუქრად უბოძებდნენ ხოლმე მემამულეები თავიანთ ყმა-გლეხებს მიწიანად თუ უმიწოდ:

ა)    გენერალ-მაიორმა კაცო მარგანიმ აზნაურ ჰუსეინ ბალხუს იფა ლაკერბასაგან 300 მანეთად იყიდა ყმა-გლეხი მაცი აგირბა (ეს ყმა-გლეხი გენერალ მარგანის ძემ პორუჩიკმა ტიტუ მარგანიმ გაააზატა ხელმწიფე იმპერატორის გადარჩენის სახსოვრად მისი სიცოცხლის ავაზაკური ხელყოფისაგან);

ბ) აზნაურმა მურზაყან შარვან იფა მარგანიმ სოფელ ხუდაარში იმავე გენერალ კაცო მარგანის ორი კომლი ყმა-გლეხი მიჰყიდა, გვარად ზუხბები;

გ) თავადმა მიხეილ შერვაშიძემ სამი კომლი ყმა-გლეხი, გვარად აპუგუები, უბოძა საჩუქრად გენერალ კაცო მარგანის;

დ) ასევე თავადმა მიხეილ შერვაშიძემ უმიწოდ აჩუქა იმავე გენერალ კაცო მარგანის ერთი კომლი ყმა-გლეხი _ დახუხქვა თარბა. გენერალმა კი ეს გლეხი თავის მამულ ხოფიში გადაიყვანა.

ე) აზნაურმა შარვან მარგანიმ ორი კომლი ყმა-გლეხი, გვარად არგუნები, მიჰყიდა აზნაურ უზბეკ მარგანის:

ვ) აზნაურმა ყიზილ ბეგ ჩაპიაგ იფა მარგანიმ ორი სული ყმა-გლეხი მიჰყიდა აზნაურ ტიტუ მარგანის სოფელ ჩიგურხვაში;

ზ) ამავე სოფელში აზნაურმა ნავროზ მარგანიმ ორი კომლი ყმა-გლეხი მიჰყიდა ტიტუ მარგანის, გვარად ათებები;

თ) სოფელ ხოფიში მცხოვრებ გლეხთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილებში უმიწოდ ნაყიდი ყმა-გლეხებია ამ მამულის მფლობელ გენერალ კაცო მარგანის მიერ, რომელმაც ისინი თავის მიწაზე დაასახლა;

ი) აზნაურმა ხალკოჩ იფა ლაკირბამ ხუთი კომლი ყმა-გლეხი გაყიდა, დახუხუათა გვარისანი, სოფელ დიურუფშში;

კ) აზნაურმა დრაკ მარგანიმ ყმა-გლეხი ნუგუ ხინტვა მიჰყიდა აზნაურ მაჰმულ ზვანბაის;

ლ) აზნაურებმა მარგანებმა ყმა-გლეხი სოგომუა ეშბა მიჰყიდეს აზნაურ ხალიმ ზვანბაის;

მ) აზნაურმა თემურკვა ბლაბმა თავად დარუკვა ინალ იფას თავისი ყმა-გლეხთა ვალდებულებების ნაწილი მიჰყიდა, რაც შედგებოდა საბატონო ბეგარისაგან და თითო თიკნისაგან ყოველი კომლისაგან, ხოლო მათი დანარჩენი ვალდებულებანი მემამულის მიმართ თავისთვის დაიტოვა;

ნ) თავადმა სოულახუ (კონსტანტინე) ინალ იფამ ოთხი კომლი ყმა-გლეხი უბოძა საჩუქრად თავად ამშუკ (ალექსანდრე) ინალ იფას.

ო) თავადმა სალიბეი ინალ იფამ თავისი ყმა-გლეხი კვასა ცილიცია უბოძა საჩუქრად თავად სოულახუ ინალ იფას;

პ) აზნაურმა ჯოგარია ლაკერბამ, სოფელ ორდანირხვაში თავად დარუყვა ინალ იფას ექვსი კომლი ყმა-გლეხი მიჰყიდა მიწიანად და შვიდი კომლიც მოჯალაბენი (ტყვეები);

ჟ) 1859 წელს აფხაზეთის მთავრის მეუღლე თავად თლაპსა ინალ იფას მიწვევით სტუმრად იმყოფებოდა სოფელ მაზიხვაში. აფხაზური ჩვეულებისამებრ, თლაპსას ცოლმა იშვილა მთავრის მეუღლე და ამ შემთხვევის გამო თავადმა თლაპსა ინალ იფამ 3000 მანეთი ფულად მიუძღვნა, 12 ცხენი და ოთხი კომლი ყმა-გლეხი კი საჩუქრად უბოძა;

რ) ნაშვილობის ასეთივე შემთხვევის გამო 1862 წელს თავადმა ტიტუ ინალ იფამ აფხაზეთის მთავრის ძეს, თავად გიორგი შერვაშიძეს 16 ცხენი, 3 ვერცხლის უნაგირი და ოთხი კომლი ყმა-გლეხი უბოძა საჩუქრად სოფელ ქალდახვარაში.

უადგილობა ნებას არ გვაძლევს სხვა ურიცხვი მაგალითებიც მოვიყვანოთ აქ ყმა-გლეხთა გაყიდვისა მიწით თუ უმიწოდ, ცალკეული კომლებისა თუ მთელი სოფლებისა. მაგრამ ჩვენს მიერ მოხმობილი მაგალითებიც უკვე საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში გლეხები ისევე მთლიანად ეკუთვნოდნენ თავიანთ მემამულეებს, როგორც საქართველოში. ერთი მემამულისაგან მეორესთან თავისუფალი გადასვლის უფლება აფხაზეთისა და სამურზაყანოს გლეხებს არასოდეს არ ჰქონიათ.

თუმცა, იყო არცთუ იშვიათი შემთხვევები გაქცევისა, რაც ყოველთვის ფარულად _ უმეტესწილად ღამით _ ხდებოდა. გაქცეული ყმა-გლეხები, ჩვეულებრივ, რომელიმე სხვა ძლიერი თუ მდიდარი მემამულის მფარველობის იმედით სტოვებდნენ თავიანთ ბატონებს. ასეთ გაქცეულ ყმა-გლეხთა მფლობელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მათი უწინდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მაგრამ, რადგან აფხაზეთშიც ისევე, როგორც საქართველოში, უჯერო საქმედ ითვლებოდა სტუმრად თუ მფარველობის ქვეშ მოსულ ხიზანთა გაცემა, და ამასთან, რაკი თავად-აზნაურთათვისაც ყოველთვის საამო იყო, როცა უცხო ადამიანები მათს მფარველობას ეძიებდნენ, ამიტომ ისინი იცავდნენ და შეიფარებდნენ ხოლმე ასეთ ხიზნებს და კი არ უბრუნებდნენ მათ უწინდელ ბატონებს, არამედ ცდილობდნენ მშვიდობიანად მოეგვარებინათ ეს საქმე და საზღაური გადაეხადათ გამოქცეული ყმა-გლეხის მფლობელისათვის. ზოგიერთი ძალზე მძლავრი და უსამართლო თავადები თუ აზნაურები, სარგებლობდნენ რა ძლიერის უფლებით, ზოგჯერ არც არანაირ საზღაურს არ აძლევდნენ გამოქცეული ყმის ბატონებს, თუმცა, ასეთი შემთხვევები, ძალზე იშვიათნი აფხაზეთში, როგორც ცნობილია, საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოშიც ხდებოდა, რაც მესაკუთრეთა უფლების დარღვევად ითვლებოდა და არ აძლევდა ყმა-გლეხებს თავისუფალი გადანაცვლების უფლებას. მემამულეთა კუთვნილი ყმა-გლეხების ვალდებულებანი მფლობელი თავადებისა და უბრალო აზნაურების მიმართ შედგებოდა საბატონო ბეგარისა და ღალისაგან, რომელიც ბეგარის დამატებით გადაიხდებოდა.

საბატონო ბეგარა შემდეგში მდგომარეობდა:

1.  საბატონო ყმა-გლეხთაგან ყველა მამაკაცი ვალდებული იყო გაზაფხულის ხვნა-თესვის დროს 6 ან 10 დღით თავისი მუშა საქონლითა და სამიწათმოქმედო იარაღებით ასულიყო მემამულის მიწებზე სამუშაოდ;

2. სიმინდისა და ღომის აღებისას ორივე სქესის ყმა-გლეხები უნდა გამოსულიყვნენ სამუშაოდ მემემულის სასარგებლოდ მოსავლის აღების დასრულებამდე;

3. რთველისა და თხილის კრეფაზე თითო კომლიდან ერთი კაცი უნდა გამოსულიყო მემამულის მიწებზე სამუშაოდ მოსავლის აღების დასრულებამდე;

4. ყმა-გლეხები ვალდებულნი იყვნენ თავიანთი ცხენებით გადაეზიდათ ბატონის საპალნეები, მორბედებად მომსახურებოდნენ ბატონებს და მათს სახლშიც რიგრიგობით ემსახურათ სტუმრობების დროს;

5. ყმა-გლეხები, ამასთან, ვალდებულნი იყვნენ დაემზადებინათ და თავიანთი საპალნე საშუალებებით გადაეზიდათ სამშენებლო მასალები და შეძლების კვალობაზე ნაგებობებიც აეშენებინათ მემამულის მიწაზე (საკარმიდამო და სამეურნეო ნაგებობანი).

ყმა-გლეხთა ყოველი კომლი იხდის შემდეგ ღალას:

1. ერთ ცხვარსა და ერთ ბატკანს, ხოლო თუკი ჰყავს, ერთ თხასა და ერთ თიკანს;

2. რვა თურქულ ქილა დაფხვნილ სიმინდს (1 თურქული ქილა უდრის 21 ჩვენებურ ოყას, ანუ ორ ფუთს);

3. ახალი წლისთვის _ ერთ ქათამს, (აღდგომის) ნათელ დღესასწაულისთვის _ ერთ ყვერულს (დაკოდილ მამალს), ხოლო ყველიერისთვის ერთ თავ მშრალ, შებოლილ ყველს;

4. მთელი წლის განმავლობაში, მემამულის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად: ახალ ამოღებულ ყველს, კვერცხებს, მაწონსა და ლობიოს _ განუსაზღვრელი ოდენობით;

5. როცა ყმა-გლეხი მოკვდება, მისი მემკვიდრენი ვალდებულნი არიან ქელეხის დროს მემამულეს ერთი ცხვარი ან დაკლული საქონლის ნახევარი მიართვან;

6. ყმა-გლეხის ქალიშვილები გათხოვებისას ვალდებულნი არიან გამოსასვლელი საზღაურის სახით ერთი ძროხა მიართვან ბატონს;

7. როცა ყმა-გლეხი საქონელს დაჰკლავს, ხორცის ორი მთლიანი საუკეთესო ნაჭერი ბატონს უნდა მიართვას; ასევე, როცა ნადირობისას მოჰკლავს მსხვილ ნადირს (ჯიხვს ან ირემს), ვალდებულია ბატონს მიართვას თავ-კისერი, მკერდის ნაჭერი და ნეკნების ცალი მხარე;

8. გარდა ამისა, ყმა-გლეხი ვალდებულია ქორწილისთვის, ქელეხისთვის თუ სალაშქროდ განუსაზღვრელი ოდენობით მისცეს ბატონს სხვადასხვა სანოვაგე;

9. იმ შემთხვევაში, თუკი ბატონს ვინმეს სისხლი მართებს, ყმა-გლეხები ვალდებულნი იყვნენ მისი მოთხოვნით საქონლის ან ფულის სახით გადაეხადათ კომლზე 10-20 მანეთი;

10. ბატონთან სტუმრების ჩამოსვლისას, ყოველი კომლი ვალდებული იყო მთელი სტუმრობის განმავლობაში მათი ორი ცხენი და ერთი კაცი გამოეკვება;

11. საჭიროების შემთხვევაში ყმა-გლეხს თავისი ცხენი უნდა მიეცა (ეთხოვებინა) ბატონის შიკრიკისათვის;

12. მოკლული ყმა-გლეხის სისხლის საზღაურის ნახევარს ბატონი თავის სასარგებლოდ იღებდა;

13. ყმა-გლეხთა ყოველი კომლი თავისი ვენახიდან 5 ვედრო ღვინოს მიართმევდა ბატონს.

ყველა ეს ვალდებულება, ძალზე უმნიშვნელო განსხვავებულობებით, რაც განპირობებული იყო ადგილობრივი სამეურნეო მიზეზებით, აფხაზეთისა და სამურზაყანოს მემამულეთა კუთვნილ ყველა სოფელში არსებობდა. მათი აღწერიდან თქვენი ბრწყინვალება დაინახავს, რომ ისინი ზუსტად იგივე იყო, რაც სამეგრელოში, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან აფხაზეთი და სამურზაყანო ყოველთვის ერთ მთლიანს შეადგენდა სამეგრელოსთან ერთად, და უკანასკნელ დრომდეც აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროები სრულიად მსგავს სამოქალაქო და ეკონომიკურ პირობებში არსებობენ.

ხშირი ომების, არეულობებისა და შინა ქიშპობის მიზეზით, აგრეთვე თურქების ზეგავლენით, რომლებიც ხელს უწყობდნენ და მფარველობდნენ ტყვეთა გაყიდვას, სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში წარმოიქმნა უუფლებო ტყვეთა განსაკუთრებული კლასი, ცნობილი იმერეთსა და სამეგრელოში მოჯალაბეთა სახელწოდებით, აფხაზეთში კი საერთო სახელით “აგირვა”. ჩვეულებრივ, ომში ჩაგდებულ ტყვეებს, თუკი მათ თავისიანნი არ გამოისყიდდნენ, მონებად აქცევდნენ და ისინი დაუქორწინებელნი რჩებოდნენ. ხშირი გაყიდვა-შესყიდვის საგანი იყვნენ და თითქოს წვრილ ფულად ემსახურებოდნენ თავიანთ მფლობელებს. მათ  აფხაზეთში ახაშვალებს უწოდებდნენ (რაც აფხაზურად ერთ უცოლოს ნიშნავს). ამ ახაშვალების ყიდვა მემამულეებსაც შეეძლოთ და გლეხებსაც, და მათ არც თვლიდნენ ადამიანებად. წესრიგის შემოღების შემდეგ ეს ახაშვალები თავისთავად უნდა მოსპობილიყვნენ, და მართლაც, სამეგრელოსა და იმერეთში, რუსული მმართველობის შემოღების დროიდან მოჯალაბენი სრულიად მოისპნენ. აფხაზეთში კი, ამ მხრეში მშვიდობის დამყარებისა და ტყვეთა გაყიდვის შეწყვეტის შემდეგ, ისინი სულ უმნიშვნელო რაოდენობითღა დარჩნენ. ხოლო რადგანაც მათგან მხოლოდ ის სარგებლობა ჰქონდათ აფხაზ მემამულეებსა და გლეხებს, რომ მათი გამოყენება გადასახდელისათვის შეიძლებოდა ფულის სანაცვლოდ, ამიტომ ტყვეთა მფლობელნი უფრო ხელსაყრელად მიიჩნევდენ დაექორწინებინათ თავიანთი მონები და თავიანთ მიწაზე დაესახლებინათ გამოსყიდვის უფლებით, რის შემდეგაც ისინი გლეხებად იქცეოდნენ და, ამგვარად, უფრო მეტი სარგებლობა მოჰქონდათ თავიანთი ბატონისათვის. ეს დაქორწინებული და ბატონთა მიწაზე დასახლებული ტყვეები სამეგრელოში მოჯალაბეებად იწოდებიან, აფხაზეთში კი _ ახუეებად. რაც უფრო მდიდარი იყო მოჯალაბე, მით უფრო მეტი გამოსასყიდის გაღება შეეძლო მას საკუთარი თავისთვის, და იმ მიზნით, რომ მათთვის უფრო ადვილი ყოფილიყო რაიმე ქონების შეძენა, ბატონები გარკვეულ უფლებებს ანიჭებდნენ მათ, რომლებიც არ ჰქონდა დაუქორწინებელ მონას (ახაშალას). ასე, მაგალითად, მოჯალაბეს ნებას რთავდნენ ზაფხულის განმავლობაში სამუშაო დროის ნახევარი მისთვის გამოყოფილი მიწის დამუშავებისთვის დაეთმო; მას უფლება ეძლეოდა, აგრეთვე, შეეძინა თავისი მოძრავი ქონება, მაშინ, როცა ახაშალს, გარდა შესამოსელისა, უფლება არ ჰქონდა რაიმე ჰქონოდა პირად საკუთრებაში. მოჯალაბე ვალდებულია თავისი ბატონის სასარგებლოდ იმუშაოს მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ის თავის მინდორში არ ირჯება, და გააკეთოს ეს მაშინვე, როგორც კი ამას ბატონი უბრძანებს; ამ წოდების ქალები (მოჯლაბეთა ცოლები და ქალიშვილები) გამუდმებით ემსახურებიან მემამულეს მის სახლში; მოჯალაბეს ასულს მხოლოდ იმ პირობით შეეძლო გათხოვილიყო, თუკი მემამულეს მის ღირებულებას გადაუხდიდნენ. გლეხთა წოდებაში გადასვლა მოჯალაბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუკი მთელ თავის ქონებას ბატონს გადასცემდა, რომელსაც უფლება ჰქონდა დათანხმებულიყო ასეთ გამოსყიდვაზე, ანდა არ დათანხმებულიყო. ზოგიერთ შემთხვევაში მოჯალაბეს გამოსყიდვა მონობიდან მთლიანად კი არ ხდებოდა, არამედ მისცემდა რა თავის ბატონს გარკვეულ გამოსასყიდს, რამდენადმე უფრო მეტ უფლებებს იძენდა და რაღაც საშუალოს შეადგენდა ნამდვილ მონასა (მოჯალაბე, ახუე) და გლეხს (ანხაე, ფიოში) შორის. ნაწილობრივ თავგამოსყიდულ მოჯალაბეთა ასეთი ჯგუფები კვლავაც არსებობენ აფხაზეთის ზოგიერთ ადგილას, და განსაკუთრებით სამურზაყანოში. სამურზაყანოში ამ ნახევრად გლეხებს მოინალეებს უწოდებენ, დანარჩენ აფხაზეთში _ ამაციურასგუებს. მონათა ამ, უმაღლესი თანრიგის უფლება-მოვალეობანი ყველა მემამულესთან ერთნაირი როდია და დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე. ყველა შემთხვევაში ისინი კვლავ მონებად რჩებიან და მათი ფლობა გლეხებს შეუძლიათ. სანამ მოჯალაბე გლეხს ეკუთვნის, მემამულეს მასზე არანაირი უფლება არ აქვს; ხოლო როცა მოჯალაბე მთელი თავისი ქონების გაღებით გამოვა მონობის ამ მდგომარეობიდან და გლეხად იქცევა თავის ამგვარი გამოსყიდვით, მაშინ იგი იმ მემამულის ყმა შეიქნება, ვისი კუთვნილებაც მისი უწინდელი ბატონი _ გლეხი იყო.

აფხაზეთსა და სამურზაყანოში ყველა თავადსა და აზნაურს როდი აქვს თავისი საკუთარი მამული. ზოგიერთი მათგანი ან სიღარიბის, ან სხვა რამ მიზეზით, სხვის მამულში ცხოვრობს როგორც სტუმარი (აფხაზურად _ ასასი, ქართულად _ ხიზანი)

გარდა უმაღლესი წოდების წარმომადგენელი რამდენიმე პირისა, რომლებიც ხიზნებად ცხოვრობდნენ სხვის მიწაზე, ყველა სამემამულო სოფლებში მრავლად იყვნენ ხიზანი გლეხები. ზემოთ ჩვენ ვთქვით, თუ როგორ იღებდნენ მემამულენი თავიანთ ბატონთაგან გამოქცეულ ყმა-გლეხებს თავისი მფარველობის ქვეშ. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, თუ რა ურთიერთობები არსებობდა ხიზნებსა და მემამულეს შორის, ანუ იმ მიწის მფლობელს შორის, რომელზეც ისინი დასახლებულიყვნენ. უმაღლესი წოდების ხიზნები უნდა მომსახურებოდნენ თავიანთ მემამულეებს ისე, როგორც ეს თავად-აზნაურობას შეეფერება. ანუ ისინი მემამულის ამალაში უნდა ყოფილიყვნენ მის მგზავრობებსა თუ ლაშქრობებში; უნდა დახმარებოდნენ მას ყველა შეჯახებაში თუ შინაომში სხვა მემამულეებთან, და საერთოდაც, შესწეოდნენ თავიანთ მემამულეებს მის ყველა წამოწყებაში.

გლეხთა წოდებიდან გამოსული ხიზნები ახალ ადგილებზე დასახლების პირველ წლებში არანაირ გამოსაღებს არ იხდიდნენ, გარდა ზოგიერთი სადღესასწაულო ძღვენისა, და ვალდებულნი იყვნენ მხოლოდ მემამულის მიწვევით გასულიყვნენ მინდვრის სამუშაოებზე. დროთა განმავლობაში ეს ხიზნები მთლიანად იმ მემამულის ყმა-გლეხებად იქცეოდნენ, ვის მიწაზეც ისინი შემოხიზნულიყვნენ და დასახლებულიყვნენ, და მაშინ ყველა ის ვალდებულებანიც ეკისრებოდათ, რაც მემამულის სხვა, მკვიდრ ყმა-გლეხობას ჰქონდა. საერთოდ, ხალხის უწინდელი მოუსვენარი ცხოვრების გამო, როცა ადგილობრივი ადმინისტრაციული ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფდა მცხოვრებთა პიროვნული და ქონებრივი უფლებების დაცვას და როცა თითოეულს თვითონვე, იარაღის ძალით უნდა დაეცვა თავისი სიცოცხლეცა და ქონება-სამკვიდრებელიც, მემამულეებისთვის მეტად ხელსაყრელი იყო, რაც შეიძლება ბევრი მომხრის ყოლა. სწორედ ამით აიხსნება, ერთის მხრივ, ხიზანთა სიმრავლე ყველგან, თითქმის ყველა თავადისა თუ აზნაურის მამულში, ხოლო მეორეს მხრივ, მემამულეთა შემწყნარებლობა  და დამყოლობა მათთვის  დიდი ოდენობით მიწების დათმობაში, რაც ხშირად ყოველგვარი ანაზღაურების მიღების გარეშე ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხიზნების მიერ დაკავებული მიწა, სულ ერთია, რომელი წოდების წარმომადგენლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ყოველთვის კვლავაც მემამულის საკუთრებად რჩებოდა და ასეთადვე მიიჩნეოდა ყველას მიერ, მსგავსად იმისა, როგორც ეს საქართველოში იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან თქვენი ბრწყინვალება ადვილად დაინახავს, რომ წოდებრივ-საადგილმამულო ურთიერთობანი ყოფილ აფხაზეთის სამთავროში და სამურზაყანოში არაფრით არ განსხვავდება ასეთივე ურთიერთობებისაგან საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში. კვალად იმასაც დავძენთ, რომ, თუმცა განსხვავება ქართლსა და სამეგრელოს შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ მაინც საკუთრივ სწორედ ამ მცირე განსხვავებამ წარმოშვა ის დაბრკოლება, რომლის მიზეზითაც მთავრობამ ვერ შეადგინა ორივე ზემოხსენებული ქვეყნისთვის საერთო დებულებები გლეხთა საკითხზე (ანუ საერთო _ სამეგრელოსა და აფხაზეთისთვის _ რედ.). კადნიერად მოველით რა თქვენი ბრწყინვალებისა და კომიტეტის წევრების სამართლიანობას და მოწყალე ყურადღებას ჩვენი საჭიროებებისადმი, ჩვენ ვბედავთ იმის იმედი გვქონდეს, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში გლეხთა რეფორმის ამოქმედებისას ჩვენ არ ვიქნებით გარიყულნი საქართველოს ხალხთა საერთო ოჯახიდან, რომელსაც ოდითგანვე მივეკუთვნებით. თავს ნებას ვაძლევთ ვიფიქროთ, რომ ჩვენს მიმართაც სავსებით და სრულად შეიძლება გამოყენებული იქნას ის დებულებები, რომელთა დამკვიდრებაც კეთილად ინება ხელმწიფე იმპერატორმა ყოფილი საქართველოს სამეფოს დანარჩნი ნაწილებისათვის, და რომ ჩვენს მიმართ არ იქნება დაშვებული გამონაკლისი.

 

პორუჩიკი, თავადი ბათა ემუხვარი, გარნა (რუსული) წერა-კითხვის უცოდინარობის გამო, მისი პირადი თხოვნით ხელი მოაწერა ივანე ზედგინიძემ;

თავადი მისოუსტ მარშანი, გარნა (რუსული) წერა-კითხვის უცოდინარობის გამო, მისი პირადი თხოვნით ხელი მოაწერა ივანე ზედგინიძემ;

პორუჩიკი ტიტუ მარგანი;

თავადი კონსტანტინე ინალ იფა

 

5 Responses to “♦ აფხაზი თავადები თავიანთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ!”

  1. AFXAZI said

    ჩემი გვარის ქართულ-აფხაზური ფუზეა შარვაშიძე(შარვანის შაჰის ძე, ამაზე სხვა დროს მოგახსენებთ), რომელიც რუსულად ვერ გამოითქმებოდა და შეიცვალა შერვაშიძედ. კიდევ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი წინაპრები ქართველობდნენ, მაგრამ აფხაზურ რაინდობას ყოველთვის ხაზს უსვავდნენ, ხოლო აფსუები აფხაზობდნენ, ენა ერთია აფხაზურ-ადიღეური გასაგებია, მაგრამ ლიტერატურული და სახელმწიფო-საურთიერთო ყოველთვის ქართული იყო, ამას ვუხსნი დგემდე აფსუებს, მაგრამ შევარდნაძის გამყიდველურმა ანტიკავკასიურმა პოლიტიკამ, აქამდე მიგვიყვანა.

    მოგეხსენებათ აფხაზების დიდი ნაწილი გამსახურდიას დიდ პატივს სცემდა და მხარსაც უჭერდა, ამიტომ სანამ ეროვნული მთავრობა არ მოვა, არაფერი არ გამოვა. აფსუა სეპარატისტებმა აიძულეს აფხაზები, რომ ებრძოლათ მხედრიონის წინააღმდეგ, ვინც შევარდნაძის ხუნტას დაუდგა გვერდზე ისინი გამოყარეს ან თვითონ გამოვიდნენ. კგბ-ს აგენტებმა ორივე მხრიდან კარგად იმუშავეს, რაცას ზვიადი შეეწირა.

    ისე აფხაზებს ერთი შეკითხვა აქვთ ილია მეორესთან და აინტერესებთ, რატომ მონათლა იუდა-გიორგათ და აკურთხა მტაცებელი ცხოველები და ფრინველები “ავაზები” და “არწივები” აფხაზების გასაჟლიტად..?

    ასე რომ სანამ ამ გველებს არ მოიშორებს ქართველი ერი აფხაზეთზე არც იოცნებოთ…მემგონი ლოგიკურია..!

    Like

    • iberiana said

      “ისე აფხაზებს ერთი შეკითხვა აქვთ ილია მეორესთან და აინტერესებთ, რატომ მონათლა იუდა-გიორგათ და აკურთხა მტაცებელი ცხოველები და ფრინველები “ავაზები” და “არწივები” აფხაზების გასაჟლიტად..? ”

      ეს კითხვები ჩვენც გვაქვს – არააფხაზებს.

      Like

  2. jaba melkadze said

    ჩვენი ერი ისეა გაბერწებული და ზნედაცემული ძმა, რომ გამსახურდიებსა და კოსტავებს ვეღარ წარმოშობს! ეხლა მოდაში სოდომიტ-ლესბოსელი ნაცმოზრაობაა და თავის მიერ გაკვალულ შმორიან ბილიკზე მიათრევს ქართველ ერს ასევე მყრალი და კავკასიური ეთნოფსიქოლოგიისათვის ყოვლად უცნობი და მიუღებელი “დასავლური დემოკრატიისაკენ”! რაც შეეხებათ იუდებს, ეს რატომ გაგიკვირდა ძმა, როცა ეროვნულ ხელისუფლებას ქაშუეთიდან და ლურჯი მონასტრიდან უბათქუნებდნენ არტილერიით და ეკლესია თევზის მდუმარებით დუმდა! მათ ხომ(სამღვდელოებამ) ფაქტიურად გაწირეს ზვიადი! მერე კი, ვინც საქართველოს პირველხარისხოვანი გმირი დაამხო, იმას დაუჩოქა ლამის ჩვენმა პატრიარქმა! (უფალო, შემინდე, თუ ვმკრეხელობ) დიდად მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩემთვის თეთრი თეთრია და შავი -შავი! ყოველივე ამის მერე და პლიუს რაც 26 მაისს ნახა, რაღა გული და სურვილი უნდა ჰქონდეს აფხაზ ერს ჩვენთან დაბრუნებისა? მე მინდა ჩემი უბნით გამოვეყო დღევანდელ საქართველოს და აფხაზს როგორ ენდომება ამ მგლების ხროვაში დაბრუნება! (თუმცა, ჩემი პირადი აზრით აფხაზებმაც უღალატეს ზვიადსა და საქართველოს ცნობილი “ლიხნის კრებით” და გარკვეულწილად დაიმსახურეს ის, რომ დღეს ფაქტიურად დიდ კაზაკურ სტანიცად და ახალ არმენიად აქციეს საკუთარი მიწა)

    Like

  3. Zaza said

    იბერიანას რედაქციას ძალიან ვთხოვ დამეხმაროს ამ წერილის რუსული ორიგინალის მოძებნაში, ანუ თუ შეგიძლიათ მიმითითოთ სად და როგორ არის ის ხელმისაწვდომი. გმადლობთ წინასწარ,
    პატივისცემით
    ზაზა ნებიერიძე.

    Liked by 1 person

  4. ირადონ said

    მესმის თქვენი გულისტკივილი,მაგრამ : გაერთიანებული და არა ერთიანი საქართველოს ოფიციალურად დაშლის 1490 წლის მერე /თუმცა პირველი ორ მეფობის მერე პრაქტიკულად დაშლილი იყო/ იმერეთს იქვე აფხაზეთიც გამოეყო,გურია-სამეგრელო- სვანეთთან ერთად ეს ოთხი ერთეული არა თუ ცნობდა დასავლეთში მეფის ხელისუფლებას,არამედ აქტიურად იბრძოდა მის სასამხობად.არა ერთხელ მსხდარან იმერეთის ტახტზე თუ ისინი,თუ მათი სასურველი წარმომადგენლები.ახალს არაფერს ვამბობ,მაგრამ ყველამ არ იცის ეს ამბავი.შევარდნაძეს ჩემი დაცვა არ ჭირდება,მაგრამ დაჭრილ დახოცილებს რომ ტოვებდნენ და ავეჯს აგზავნიდნენ შევარდნაძემ დაავალა? ჭუბერზე გადმოსულებს,ერთი ნაჭერი პურის სანაცვლოდ,რაც გადაურჩათ ისეც რომ წაართვეს ხალხს, “სისპეტაკით და რაინდობით” ცლობილმა სვანებმა ესეც მისი მითითებით გააკეთეს?გეორგიევსკის ტრაქტატით გამთლიანებული /სხვის ხელით/ საქართველო ვერ შევირგეთ.მწარე რეალობაა მაგრამ ასეა. ილიასი არ იყოს “რა გითხრათ,რით გაგახაროთ”

    Like

დატოვე კომენტარი