Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ საგარეო პოლიტიკა – მისი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა _ ნატო

საგარეო პოლიტიკა – მისი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა _ ნატო

 

I. შესაძლებელია თუ არა საქართველოს

ნეიტრალიტეტი დღეს და განჭვრეტად მომავალში?

1. რუსეთის გეოსტრატეგიული აზროვნება დღეს, ხვალ და განუსაზღვრელ მომავალში კატეგორიულად მოითხოვს, რომ დასავლეთს დაეკეტოს (სახელდობრ, კავკასიაში დაეკეტოს) შუა აზიისკენ მიმავალი გზა. ერთგულების თვალსაზრისით საიმედო მოკავშირე ამ გზის ღიაობის მსურველ დასავლეთს, ამასთან _ ზღვაზე გამავალი ქვეყნის მაცხოვრებელი მოკავშირე _ საქართველოს გარდა არავინ ჰყავს. აქედან _ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა: ქართველი ერის, როგორც ამ ტერიტორიის ქმედუნარიანი მფლობელის, “აორთქლება” პლანეტიდან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს, როგორც შუა აზიის გასაღებისა და ამ რეგიონში დასავლეთის შესაძლო პლაცდარმის, ქმედითი და სამუდამო კონტროლის აღება მისი ჩაკეტვის მიზნით.

2. ამავე მიზეზით იგივე გეოსტრატეგიული მიზანი არ შეიძლება არ ჰქონდეს ირანს, რაც განაპირობებს ბუნებრივ მოკავშირეობას ირანსა და რუსეთს შორის.

3. ასევე (პერსპექტივაში) ამ ორთა კავშირის მესამე წევრია თურქეთი, რომელშიც ფუნდამენტალისტური (კერძოდ, რელიგიური) პოლიტიკური მოტივაციების  გაძლიერება ბოლო ათწლეულებში, ქვეყნის “დასავლეთიზაციისათვის” იდეალური პირობებისა და ხელშეწყობის არსებობის ფონზეც კი, შემთხვევითობა არ არის (თურქეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ტიპოლოგიურად აღმოსავლური ქვეყანაა, რის გამოც  “ანტიდასავლელობას”, როგორც მენტალიტეტის მიმართულებასა და სულისკვეთებას, იქ მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე “მედასავლეთეობას”, რომელიც ქრისტიანულ რუსეთშიც კი ყალბი აღმოჩნდა).

4. არა თუ მოსალოდნელი, არამედ გარდუვალია, რომ სამთა ხსენებული კავშირი, რომელიც (გაუფორმებლად თუ სათანადო გაფორმებით) ჩინეთის მეთაურობით ქმნადობაში მყოფი ანტიდასავლური ალიანსის ნაწილია პოტენციაში, თავის გეოსტრატეგიულ პროგრამა-მაქსიმუმში იმის მაგულისხმებელი იქნება, რომ დასავლეთ-შუა აზიის ერთადერთი პერსპექტიული გზის, კავკასიის საიმედო გადაკეტვის შემთხვევაში დასავლეთი, ამ კონკრეტული რეგიონის სიტუაციისადმი უიმედობით მოცული, ხელს აიღებს მესამე მსოფლიო ომის ამ ერთერთი ძირითადი ფრონტის გადატანის განზრახვაზე კასპიის ზღვის ხაზიდან (ან, მისთვის უარეს შემთხვევაში, საქართველო-აზერბაჯანის საზღვ-რიდან) შუა აზია-ჩინეთის საზღვ¬რისკენ, რასაც ის მოჰყვება, რომ დასავლეთი, აქტიური პოლიტიკის ნაცვლად, დაადგება მესამე მსოფლიო ომში ამ ფრონტზე მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმის პასიური ლოდინის პოლიტიკას და მის წინაშე ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ხაზის მშენებლობას დასჯერდება. ამ შემთხვევაში (რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, თუ ამიერკავკასიის ხიდი რუსული ძალით გადაიკეტა) საქართველო, ყოველივე დაცვის გარეშე, ხელთ რჩება ხსენებულ ოთხთა კავშირს (ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის მიმატებით) და ამ ისტორიული ხაფანგიდან გამოსვლას ვერასოდეს ვეღარ ეღირსება. ეს იზოლაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ისტორიულად ცნობილი იზოლაცია, როცა საქართველო იდგა ორი (ურთიერთმტერი) ისლამური ვეშაპის _ თურქეთისა და ირანის _ პირისპირ და მათ შორის ლავირებასთან ერთად მათი მოპირისპირე ძალისკენ _ რუსეთი¬სკენ _ იყურებოდა. ახლა მისი აგრესიული მეზობლები _ ირანი, თურქეთი და რუსეთი _ ერთნი იქნებიან. ამ ვითარებაში საქართველოს შესაძლო (და არა გარანტირებულ) დამცველად  ერთადერთი ისტორიული სუბიექტი _ დასავლეთი _ რჩება. ნატოში (ან სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო კავშირებში) საქართველოს შეუსვლელობა მისი ამ დაუცველი მდგომარეობის დასტაბილებას (მარადიულყოფას) ნიშნავს.

შენიშვნა: ყოველივე თქმულის გათვალისწინებითღა (მაგრამ არა მანამდე) იწყება ქართული პოლიტიკური აზრის ყველაზე მძიმე ამოცანა. დასავლეთი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს ბიძებისაგან შედგება, არც მისი გადარჩენისათვის თავის გაწირვის ან თუნდაც დამატებითი უკომფორტობის შექმნის მსურველთაგან. დასავლეთს შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაწირვაც და ფეხებზე დაკიდებაც. რით შეგვიძლია ჩვენ (ჩვენსა და დასავლეთს შორის ერთობლივი სასიცოცხლო ინტერსების გათვალისწინებით) ამ ხვედრისაგან თავის დაცვა? პასუხი ერთია: არა სამხედრო ალიირებაზე ხელის აღებით (რის იდეასაც რუსეთი გვინერგავს თავის აგენტთა პირითა და კალმით), არამედ ამ სახის ალიანსებისათვსის (ორმხრივი იქნება ეს თუ მრავალმხრივი, ნატოსავით) ერთობლივი პასუხისმგებლობის არეალთა და პირობათა წინასწარი განსაზღვრითა და დაფიქსირებით. ამ ბაზაზე (და მხოლოდ ამ ბაზაზე) არის შესაძლებელი ჩვენი და ჩვენ მოკავშირეთა ინტერესების წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნების ევენტუალური შემოტევების აღკვეთა. მაგალითად, ალიანსს, რომელშიც საქართველოც იქნება და დასავლელებიც, შეუძლია შეთანხმება ჰქონდეს იმავე ირანთან, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოძრაობას დასავლეთი-შუა აზიის ხაზზე იგი დაბრკოლებას არ უქმნის, ხოლო ჩვენ მის ამა და ამ ინტერესებს არ ვეხებით (ან ხელს ვუწყობთ), და ა.შ. ჩვენი ქვეყნის მომცველი სათავდაცვო ალიანსის ანალოგიური შეთანხმებები შეიძლება თურქეთთან, რუსეთთან და ნებისმიერ სხვასთან, რადგან არც სათავდაცვო ალიირება გამორიცხავს შეთანხმებას მოპირისპირე ალიანსებთან და არც მოწინააღმდეგეთა არსებობა გამორიცხავს ალიირებას ერთობლივი ინტერესების მქონე ქვეყნებს შორის.

  თქმულის საფუძველზე ჩვენი უყოყმანო აზრია:

1. საქართველოს ნეიტრალიტეტი დღეს და განჭვრეტად მომავალში შეუძლებელია და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების თვალსაზრისით დაუშვებელია;

2. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღეს და განჭვრეტად მომავალში სათავდაცვო კავშირი (ალიანსი) დემოკრატიულ დასავლეთთან.

 

II. დემოკრატიულ დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის შესაძლებელი ფორმები, მათი უპირატესობები და ხარვეზები

ასეთი ფორმა (ჩვენი დღევანდელი ხედვის ფარგლებში) სამია:

ა) საქართველო ხდება ნატოს წევრი;

ბ) საქართველო დებს სათავდაცვო ხელშეკრულებას ნატოსთან;

გ) საქართველო დებს ცალ-ცალკე ორმხრივ ხელშეკრულებებს დასავლეთის ქვეყნებთან.

ამ სამ შესაძლებლობას შორის საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება ის, რომელიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას იძლევა, რათა

_ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საქართველოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) იმგვარი ერთობლივი დაინტერესების არეალი, რომელიც (ეს დაინტერესება) საკმარის საფუძველს წარმოადგენს მათი ჩაბმისათვის ერთობლივ ომში ამ ინტერესთა შემლახავი მხარის წინააღმდეგ;

_ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საქართველოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე თითოეული მათგანის კონკრეტული კერძო ინტერესის მესამე მხარის მიერ ხელყოფის შემთხვევაში (ტერიტორიული ინტერესის ჩათვლით);

_ მკაფიოდ განსაზღვრული იყოს საქართველოს და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიის დაცულობის (ჰაერსაწინააღმდეგოსა და რაკეტსაწინააღმდეგოს, ქიმიურის, ბაქტერიოლოგიურის და სხვა) ის ხარისხი, რომლის მოცემულობის შემთხვევაშიც ძალაში შედის საქართველოს მოვალეობა მოკავშირის მიერ წარმოებულ ომში ჩაბმისა.

 

III. არის თუ არა ნეიტრალიტეტი

თავდასხმისაგან საქართველოს დაცვის საშუალება?

არის თუ არა ნეიტრალიტეტის გამოცხადება საქართველოს მიერ, მართლაც, სახელმწიფოს დაცვა? ამ კითხვას მხოლოდ უარყოფითი პასუხი აქვს. იმისთვის, რომ სახელმწიფოზე თავდასხმის უფლება სხვა სახელწმიფოს არ ჰქონდეს, არ არის საჭირო, მას თავი ნეიტრალურად გამოცხადებული ჰყავდეს. თავდასხმა ანუ აგრესია უამისოდაც ყველას კატეგორიულად აკრძალული აქვს. მაგრამ არსებობს აუარებელი მექანიზმები საერთაშორისო სამართლის ამ უპირველესი ნორმისა და მცნებისათვის გვერდის ავლისა, მაგალითად, მსხვერპლად შერჩეული სახელმწიფოსათვის ამა თუ იმ შემთხვევითი გარემოების გამო შარის მოდების ანუ თავდასხმისთვის რაღაცა გამამართლებელი საბაბის შექმნის სახით (ამგვარ შესაძლო საბაბთა არსენალი თავისი ერთპიროვნული ვოლუნტარისტული განცხადებებით საგრძნობლად გააფართოვა რუსეთმა, ამასწინათ რომ თავისი სახელმწიფო უშიშროების დოქტრინა გამოფინა სააშკარაოზე, სადაც იგი უფლებას იჩემებს, თავისი მოქალაქეები თავისი ქვეყნის საზღვრ¬ებს გარეთ (წაიკითხეთ: საქართვე¬ლოში) შეიარაღებული ძალის გამოყენებით “დაიცვას”). ამგვარი საბაბის ძებნას და პოვნას ნეიტრალიტეტის გამოცხადება მსხვერპლის მიერ არც რამეში ეხმარება, არც რამეში უშლის. აგრესიის სურვილის შემთხვევაში მსხვერპლად შერჩეულ რაგინდარა ნეიტრალურ სახელმწიფოს აგრესორის მიერ განეცხადება, “სიტყვით ნეიტრალური ხარ, საქმით კი არაო”, ან “ნეიტრალობა კი გინდა, მაგრამ ჩემი მოქალაქე შეგივიწროებიაო”,  და საბაბიც მზად არის. მცირე სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნეიტრალიტეტი ქმედითია, ანუ რეალურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური აგრესორები _ ამ სახელმწიფოს მეზობლები ან დაახლოებით მეზობლები _ ერთმანეთში შეთანხმებულნი არიან, რომ ამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ნეიტრალიტეტი თვითონაც აღიარონ. ეს კი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინტერესებულნი არიან მის დაცვაში, და მხოლოდ მანამდე, სანამ მათი ეს დაინტერესება გრძელდება. როგორც კი პოტენციური დამრღვევი საჭიროდ და სასარგებლოდ დაინახავს იმ პატარა ქვეყანაზე თავდასხმას, იგი ამას მოიმოქმედებს კიდეც ამა თუ იმ საბაბით და ამით არანაირად არ გაიზრდება მისი პასუხისმგებლობის ხარისხი არც იმ მსხვერპლი სახელმწიფოს წინაშე, არც მისი “იქითა” მეზობლის წინაშე, ვისაც ნეიტრალი¬ტეტზე შეუთანხმდა, არც მსოფლიოს წინაშე. სამაგიეროდ, ხიფათში მყოფი სახელმწიფოს მარტო დატოვებას, ანუ ყოველგვარი თავდაცვითი კავშირის გარეთ დატოვებას პოტენციური ძლიერი აგრესორის პირისპირ რეალური შედეგი მოაქვს, ამასთან, მოაქვს უშუალოდ და დაუყოვნებლივ. ბალტიის ქვეყნები დღეს საიმედოდ არიან დაცულნი ყოველგვარი აგრესიისაგან რუსეთის მხრიდან იმ ფაქტით, რომ უკვე ნატოში არიან. საქართველო საიმედოდ ვერა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც დაცულია რუსეთის პირდაპირი დარტყმისაგან გაშლილი დროშით იმის წყალობით, რომ დასავლეთისა და მსოფლიოს დღევანდელი უდავო ლიდერი აშშ ღიად და დემონსტრატიულად იცავს მას (თუნდაც ტელეფონით) ამ ბედისაგან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი იქნება, რუსეთის მიერ საქართველოსკენ თოფის გასროლა ნატოსკენ თოფის გასროლის ტოლძალი იქნება, რასაც რუსეთი, ძალთა დღევანდელი შეფარდების პირობებში (რომელსაც ცვლილება არ ელის), ვერ იზამს. თუ საქართველო ნატოში არ იქნება და მის იქ შესვლაზე ლაპარაკიც შეწყდება, მაშინ რუსეთი ადვილად მონახავს შესაფერ მომენტსაც და საბაბსაც, რათა საქართველოში ინტერვენცია მოახდინოს, მისი ტერიტორიების მიტაცება და მის სათავეში თავისი ღია აგენტურის დაყენება ცადოს.

 IV. დამატება

რაკი საქართველოში ნეიტრა¬ლიტეტის ქადაგების რუსული ლოგიკის უსაფუძვლობა ვნახეთ და, შესაბამისად, საქართველოს ნატოში არშესვლის მქადაგებელი რუსული არგუმენტაციაც უარვყავით, ვიკითხოთ მთავარი: რა არის საქართ¬ველოსთვის დასავლური ორიენტაციის ზოგადი პოლიტიკა და, კერძოდ, ნატოში შესვლის პოლიტიკა რეალურად, ანუ რა მოაქვს და რა არ მოაქვს მას, პრაქტიკულად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის (გადარჩენისთვის) დღეს და ქართველების, როგორც ერის, არსებობისათვის სამომავლოდ? ამ თემაზე მსჯელობისათვის არსებითია შემდეგი.

გვიან შუა საუკუნეებთან (XV-XVIII) შედარებით საქართველოს მდგომარეობა თავის აგრესიულ რეგიონში დღეს, თუ რეგიონგარე ძალებს არ ჩავთვლით, დამძიმებულია. მაშინ საქართველოს სასიკვდილო საშიშროებას უქმნიდნენ ირანი და თურქეთი, რომელთა უკანაც მთელი სამუსულმანო იდგა და რომელთა ზედაპირულ, მაგრამ მუდმივ ინტერესთა დაპირისპირებებზე თამაშსა და ბალანსირებას საქარ¬თველო წარმატებით ახერხებდა. ამათ საპირწონედ რეგიონში ჩნდებოდა და ძალას იკრებდა რუსეთი, რომელიც ამ ორისათვის უყოყმანო და უპირობო მოწინააღმდეგე იყო და, ამგვარად, საქართველოსთვის იმედი ამათთან ბრძოლაში. დღეს, პირიქით, რუსეთი, რომელიც აგრესიულად ამოქმედებულია, თავისი პოტენციალით კი არ ეპირწონება, არამედ ემატება და უჯამდება ამ ორს, რომელნიც აგრესიულად ამოქმედებულნი არ არიან, თუმცა თურქული გემების რეისები სოხუმში იშვიათი არაა. მათი მაერთებელი ფაქტორი გლობალურ ვითარებაში არის მათი ანტიდასავლურობა (ზოგისა _ აქტუალური, ზოგისა _ ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციური), რომელიც განპირობებულია, ჯერ ერთი, ამ უკანასკნელის (დასავლეთის) მსოფლიო ბატონობით, მეორეც, მისი რეგიონში შემოსვლის და რეგიონს მიღმა (შუა აზიაში) რეგიონის გზით გასვლის უშუალო პერსპექტივით. დღეს რუსეთი, ირანი და თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ, პოტენციურად, მოკავშირეები არიან, რისი პირველი რეალიზაციაც ისტორიაში, ღია სახით, იყო რუსეთის და თურქეთის ერთობლივი (ერთ დღეს მომხდარი) სამხედრო დარტყმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე 1921 წელს. ამათი ერთობლივი (ჯერჯერობით _ მარტოოდენ პოტენციური) მიზანი და მისწრაფებაა დასავლეთისათვის აღმოსავლეთის¬კენ (ცენტრალური აზიისკენ) გზის გადაკეტვა საქართველოს, როგორც ამიერკავკასიის ზღვისკენ გამსვლელი ქვეყნის, აღარარსებობის მიღწევით, რაც განხორციელდება, ვთქვათ, რუსეთის მიერ საქართველოს კვლავ ანექსიის, მისი ტერიტორიის რუსეთსა და თურქეთს შორის გაყოფის ან, როგორც მინიმუმი, მისი გაუვალ რადიოაქტიურ, ქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ უდაბნოდ ან სისხლიანი ქაოსის ზღვად ქცევის შემთხვევაში. ამგვარად, დასავლეთის ფაქტორის გაჩენამ საქართველოსთვის უარყოფითი როლი ითამაშა იმ მხრივ, რომ მისი აგრესიული მეზობლები გააერთიანა და ამიერკავკასიაში საქართ¬ველოსთვის ურთიერთგამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობის შესაძლებლობა მოხსნა. რა რჩება საქართველოს ამ სიტუაციაში? ერთადერთი: დასავლეთზე დაყრდნობა, როგორც ძალით უპირატესსა და დაინტერესების ხარისხით უფრო აქტიურ მოკავშირეზე, ასეთი პირობებით: “მე ვიცავ (უკეთეს შემთხვევაში: ჩემი ცოცხალი ძალით და შენი მატერიალური, ფინანსური, ტექნოლო¬გიური, პოლიტიკური და სხვა დახმარებით) ამიერკავკასიას ჩრ¬დილოეთიდან (და საჭიროების შემთხვევაში სამხრეთიდანაც), შენ კი მიცავ გლობალური სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთის (და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამხრეთის მეზობლების) დარტყმისაგან. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დამატებითი დამთხვევა ის არის, რომ მე, ისევე როგორც შენ, დაინტერესებული ვარ, რომ აღმოსავლელი კოლოსის დემოგრაფიულმა პოტენციალმა არ გადარეცხოს შუა აზია, ხოლო შუა აზიის გადალეკილმა პოტენციალმა _ კავკასია ჩემი ქვეყნის ჩათვლით”. მაგრამ, ამ მართლაცდა იდეალურად ჰარმონიულ სქემას, რომელსაც ძალუძს საუკუნეები იმუშაოს, თავისი საშიშროებები და სიძნელეები (მაგრამ არა თავისი “ანტინომიები”) აქვს. სახელდობრ (ჩამოვთვლით მხოლოდ ზოგიერთს, “ღია სიის” სახით):

1. იმ შემთხვევაში, თუ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი ჩნდება სხვა ზონაში (ვთქვათ, ევროპაში ან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის თავზე), საქართველო ვალდებულია ამ კონფლიქტში (ომში) ჩაებას თვით ახალი ფრონტის გახსნამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს პარტნერთა რეალური უთანასწორობის ფაქტორი და მექანიზმი. საქართველო, როგორც პატარა ფაქტორი საერთო საქმისა, თავის ამ მოვალეობას ვერ გაექცევა. დასავლეთი კი, როგორც დიდი და ძლიერი ფაქტორი, ყოველთვის იქნება იმის უნარმოსილი, რომ საქართველოზე მისი რეგიონალური მეზობლის აგრესიის შემთხვევაში (ვთქვათ, ირანის მხრიდან ან თურქეთის მხრიდან, რომელიც თვითონ ნატოს წევრია) დაუსჯელად მოძებნოს კონფლიქტისათვის თავის გარიდების საბაბი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნატოს თავისი რეგიონგარე მიზნებისათვის დასჭირდა რეგიონში მოქმედებების დაწყება (ვთქვათ, ირანის დაბომბვა საქართველოს ტერიტორიიდან ზოგადსანავთობე სტრატეგიის, იზრაელის დაცვის, ბირთვული გაუვრცელებლობის მიღწევის ან სხვა რამ მიზნით), საქართველო დგება საშიშროების წინაშე, რომ მას ამ არსებითად უცხო ომის ძირითადი ტვირთი და მსხვერპლი დააწვეს.

3. საქართველოს ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო დაცვის, აგრეთვე ბიოლოგიური დაცვის, აგრეთვე ბირთვული და სხვა ნაცვალგების (საპასუხო დარტყმის მიყენების უნარის) ხარისხი ნაკლები არის, და, სავარაუდოა, მომავალშიც ნაკლები იქნება, ვიდრე ნატოს სხვა პარტნერებისა, რის გამოც საქართველო გამრავალკეცებული რისკის ქვეშ დგება თავისი მოსახლეობით და თავისი მომავლით.

4. საქართველო, როგორც ნატოს წევრი, მუდამ იქნება იმ საშიშროების წინაშე, რომ ერთობლივი  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სადაც საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, გაუთვალისწინებელი დარჩეს საქართველოს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები, რომლებიც ნატოსთვის მთლიანად აქტუალური არ არის (მაგალითად, საქართველოს ნაწილთა პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრებოდეს საქართველოსთვის პერსპექტივაში საზიანო, თუმცა მისი მოკავშირეებისათვის მნიშვნელობის არმქონე მიმართულებით, მაგალითად, სტაბილობისა და, ვთქვათ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ინტერესები წინ დგებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაზე).

5. საქართველო მუდმივი საშიშროების წინაშე რჩება, რომ ნატოს დანარჩენი წევრებისათვის არ (აღარ) აღმოჩნდება ხელსაყრელი საქართველოს სტრატეგიული პარტნერობა, რასაც მის პრობლემებზე პასუხისმგებლობის ტვირთვა, და, ვთქვათ, მისი საზღვრების შეიარაღებული დაცვის მოვალეობა ახლავს (ვთქვათ, ჩინეთის მხრიდან მისთვის ხელსაყრელ მომენტში დიდი მუქარისა და დიდი საშიშროების გაჩენის შემთხვევაში), რასაც შედეგად შეიძლება მისი ნატოდან კვლავ გამოყვანა (რაიმე საბაბით) და მისი მტრების პირისპირ მარტო დატოვება მოჰყვეს. აქ აღარას ვამბობთ იმ ბრმა პოზიციაზე, რომელიც არაერთხელ გამოთქმულა საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებაში, ჩვენი მიზანია სასწრაფოდ შემოვიყვანოთ საქართველოში ნატოო (და არა “საჭიროა საქართველო შევიდეს ნატოშიო”), რითაც უგულებელიყოფოდა უარსებითესი განსხვავება ამ ორ ნაბიჯს შორის, სახელდობრ, ის, რომ საქართველოში ნატოს შემოსვლით (ნატოსი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ გავიდეს და მტერს შეგვატოვოს) საქართველო ცალმხრივად იყენებს თავს ხიფათში, მაგრამ პარტნერისაგან არაფერს ღებულობს, ხოლო საქართველოს შესვლით ნატოში საქართველო ვალდებულებებს კისრულბს პარტნერის წინაშე ისევე, როგორც ეს უკანასკნელი კისრულობს საქართველოს წინაშე.

რა გამოსავალი და მოქმედების რა გზები აქვს საქართველოს ამ მართლაც ურთულეს ვითარებაში, რომელიც თავისი მრავალგანზომილებიანობითაც და საშიშროებათა ხარისხითაც ერეკლე II-ის წინაშე მდგარ პრობლემას აღემატება? ზოგადი პასუხი ერთია: საქართველო უნდა იყოს მოქმედი და თვალხილული და არა მონური ქცევისა და ბრმა. იგი უნდა თვითონვე მოქმედებდეს, როგორც პოლიტიკის სუბიექტი (და არა მარტოოდენ ობიექტი), თუ უნდა, რომ პარტნერებმაც იგი სუბიექტად განიხილონ. კონკრეტულად, იგი უნდა ითხოვდეს იმას, რაც მის სასიცოცხლო უსაფრთხოებას ემსახურება დღეს და მის ისტორიულმასშტაბიან ინტერესებს _ მომავალში. მაგალითად, მოყვარემ და მოკავშირემ უნდა იცოდეს, რომ ტერიტორიული ინტერესი საქართ¬ვე¬ლოსთვის დაუთმობადი ინტერესია, რომ ქმედითი საჰაერო დაცვის აწყობამდე საქართველო საავიაციო და სარაკეტო ბრძოლებში არ ჩაერევა, რომ დიპლომატიური დახმარება მსოფლიო არენაზე (საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით) მის მოკავშირეთა პირდაპირ მოვალეობადაა მიჩნეული და, დასასრულ, მას უნდა ჰქონდეს თავის სახელშეკრულებო ურთიერთობაში პარტნერებთან (თვით ნატოს ჩათვლით) განსაზღვრული ინტერესთა ის არეალები, რომელშიც ერთი პარტნერის ხელყოფა ვინმეს მიერ მეორე პარტნერისასაც ნიშნავს და, შესაბამისად, იმ მეორესაც შეიარაღებულ პასუხს ავალებს. ასეთი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნერებთან, ცხადია, მხოლოდ არადონდლო და არაჯაგლაგი ხელისუფლების პერსპექტივაა. მაგრამ ეს მოთხოვნა საქართველოს დამატებით ტვირთსა და ხარჯს არ აკისრებს, რადგან ამგვარი ხელისუფლება საქართველოს სჭირდება თავისი პოლიტიკური მოქმედების ყველა ასპექტში და არა მხოლოდ იმაში, რომელზეც ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს.

თუმცა საქართველოს დასავლურ ორიენტაციას დღეს და სამომავლოდ ალტერნატივა არა აქვს (ანუ საქართველოს სხვა გზა არა აქვს და არც მოეაზრება), მაინც საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ევროპელის თვალში იგი იგივე ევროპა არაა, რაც ევროპული ქვეყნები, და რომ, ამიტომ, არაა გამორიცხული, გარკვეულ სიტუაციაში ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ეთიკური მცნებების პირდაპირი დარღვევის გარეშე, ამა თუ იმ ზრდილობიანი და ლამაზი ფორმით, ნატო საქართველოსთან სამხედრო ალიანსიდან გავიდეს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, განსაცდელის ჟამს საქართველოს უგანოს. ამის არდავიწყება ხელისუფლების მოვალეობაა. თქმულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს დაყრდნობა ნატოზე არ უნდა იყოს იმ ხარისხისა, რომ, თუ ნატო გამოეცალა, საქართველო მიწაზე დაეცეს. ეს კი პრაქტიკულად ნიშნავს სამ რასმე.

პირველი. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იმ ანგარიშით უნდა იგებოდეს, რომ რაღაცა დროის ფარგლებში მაინც (ეს ფარგლები შეძლებისდაგვარად დიდი უნდა იყოს) მას თავდაცვა ავტონომიურ რეჟიმში (ანუ გარედან დახმარებისა და მომარაგების გარეშე) შეეძლოს. ამ ამოცანაში შედის ქვეყნის საკუთარი ძალებით სასურსათო უსაფრთხოების დაცვაც და სხვა ანალოგიური არასაბრძოლო ამოცანებიც.

მეორე: საქართველოს სათავდაცვო ორიენტაციის გარდუვალი და უალტერნატივო დასავლური მიმართულების პირობებში საქართველო ამ ორიენტაციის რეალიზაციის გზათა შორის უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმს, როგორიცაა მრავალმხრივი ნატო, არამედ ორმხრივი სათავდაცვო კავშირებისასაც, ვთქვათ, საქართველოსა და “ა” ქვეყანას შორის, საქართველოსა და “ბ” ქვეყანას შორის, საქართ¬ველოსა და იმავე ნატოს შორის და ა.შ. კავშირის ამგვარი ფორმა უფრო ელასტიურია და მასში უფრო დაკონკრეტებადია ერთობლივი პასუხისმგებლობის არეალი და სავალდებულო ურთიერთდახმარების შემთხვევები.

მესამე: საქართველოს მუდამ მზად უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვისათვის: რას ვიზამ მაშინ, თუ ნატომ (ან: დასავლეთმა საერთოდ) თავისი დახმარების პირობად დამიყენა ჩემ დაუთმობად ინტერესებზე ხელის აღება, მაგალითად, ამა თუ იმ ტერიტორიის დათმობა? ანუ: საქართველოს უნდა მუდმივად მომარაგებული ჰქონდეს შესაძლებლობა რაღაცა ინტენსიური ეკონომიკური და სამხედრო კავშირის კარის გახსნისა, რომელიც დაგმანული აქვს მოცემულ მომენტში თავის უპირველესად სასურველი დღევანდელი მოკავშირეების ინტერესებისათვის ანგარიშგაწევის გამო. მაგალითად, მას უნდა შეეძლოს სწრაფად აწყობა ირანული ნავთობის გატანისა ევროპაში, იაპონური პროდუქციის ამწყობი ხაზის ორგანიზებისა ევროპის ბაზრისათვის და ა.შ., რისგანაც იგი დღეს თავს იკავებს, უმტკივნეულოდ, თავისი დასავლელი სტრატეგიული სასურველი მოკავშირეების ანგარიშგაწევით.

დასავლეთთან სამხედრო კავშირის ხსენებული მინუსები, როგორც ვხედავთ, სერიოზულია, იმ პირველი და აქამდე არხსენებული მინუსით დაწყებული, რომ თვით ამ კავშირის აუცილებლობის აღიარებას, როგორც პოლიტიკის საწყისი პრინციპისა, საქართ¬ველოსათვის კარგა ხნის ნაცნობი საძულველი თეზისის “დამოუკიდებლობა არ შეგვიძლია” სუნი უდის. მაგრამ თუ საკითხს ღრმად და პატიოსნური აზროვნებით მივუდგებით, მაინც უნდა ვაღიაროთ უყოყმანოდ, რომ, ყველა აღნიშნული სიძნელის გადალახვისა და გამოსწორების თუ კომპენსაციის სურვილის ფონზე, დღეს საშინლად გააქტიურებული და შეტევაზე გადმომავალი იმპერიული რუსეთის პირისპირ ჩვენთვის მსოფლიო დემოკრატიული სუპერძალის მოკავშირედ ყოლა პრაქტიკულად აუცილებელია. რუსეთს დღეს, ყველა ნიშნით, თავისი სუპერსახელმწიფოებრივი იმპერიული სტატუსის შენარჩუნების უკანასკნელი შანსი უდგას (ან ჰგონია, რომ აქვს) და ეს შანსი საქართველოს გვამზე გადის. ეს შანსია: ამიერკავკასიური დერეფნის დასავლეთისათვის ჩაკეტვა; ამ ბაზაზე ჩინეთთან და ისლამურ ქვეყნებთან ალიანსის გაძლიერება იმ ზომამდე, რომ აზიაში, დესპოტიების ამ კლასიკურ კონტინენტზე, დასავლეთიდან სტრატეგიული შეღწევის ყველა მცდელობა გამოირიცხოს მთელი ისტორიული ეპოქით; ამ ხელსაყრელ ფონზე აზიის კონტინენტზე ყველა საჭირო საფორტიფიკაციო სამუშაოს ჩატარება პროფილაქტიკურად, რათა გადამწყვეტი შერკინების მომენტისთვის, რომელიც აუცილებლად მოვა (მაგრამ არა აუცილებლად იარაღის გამოყენებით), რეგიონი გარე სამყაროს ინდუსტრიალიზებული დესპოტიების მტკიცე და შეუვალი ჯაჭვის სახით დაჰხვდეს. ამას კი, _ სხვათა შორის, მაგრამ პირველ ყოვლისა, _ დასავლეთის ერთი პატარა, მაგრამ ორგანულად დასავლური ფორპოსტის _ საქართველოს _ დეზაქტივიზაცია სჭირდება მისი დემოგრაფიული, ეკონომიკური, სათავდაცვო, იურიდიული, კულტურული თუ ფსიქოლოგიური დესტრუქციის სახით. საქართველოსთვის უმჯობესია, რომ ამ გეგმისთვის გზის გადაკეტვა მისი რეალიზაციის პირველსვე ეტაპზე მოხდეს, ანუ ბრძოლა თავდაცვის ჯერ ყველაზე შორეულ ზღუდეზე გაიმართოს. ეს ზღუდეა დასავლეთისათვის შუა აზიის გაღება-გადაკეტვისათვის ბრძოლა და ეს ბრძოლა დღეს მიმდინარეობს.

საქართველოს სახალხო ფრონტის

ეროვნული კომიტეტი

 

 გაზეთ “საქართველოს” რედაქციისაგან:

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სავარაუდო პრინციპები დღეისათვის და ახლო (აგრეთვე: მთელი განჭვრეტადი) მომავლისათვის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი ორგანიზაციებისა და პიროვნებების მიერ ძირითადად ერთნაირადაა წარმოდგენილი, თუმცა არანაირი ფორმალური პროცედურით ურთიერთშეთანხმებული არ არის. არსებობს ამ თემის მეტ-ნაკლებად შეჯამებული ვრცელი განხილვაც (იხ. გაზ. “საქართველო”, 2006). ამჯერად ვაქვეყნებთ ამ პრობლემის ძირითადი მონაკვეთის _ ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხის _ მოკლე განხილვას. ის, რომ საქართველო ნატოში უნდა იყოს, პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ყველა ჯგუფისა და ინდივიდის საერთო აზრია.

 

დატოვე კომენტარი