Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● მერაბ კიკნაძე-ტერიტორიული მთლიანობა

მერაბ კიკნაძე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 

 

მე-20 საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში და მისი მოპოვების შემდეგ, საქართველო ურთულეს გამოწვევათა წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საყოველთაო აღიარებით უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ამ პრობლემის მეტნაკლებად სერიოზული ანალიზის მცდელობა ან მისი მოგვარების ისეთი ხედვა, რომელიც პრინციპულად მისაღები იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ ნაშრომს ასეთი ყოვლისმომცველობის პრეტენზია არ გააჩნია. ჩვენ უბრალოდ ვეცადეთ, საკითხის არსი მის ირგვლივ მრავლად დაგროვილი არაკომპეტენტური და მოკლევადიანი პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული მოსაზრებებისაგან გამოგვეცალკევებინა.

ავტორს, რომელიც „სამოქალაქო დაპირისპირების” სახელით ცნობილი მოვლენების უშუალო მონაწილეა, არც კი უცდია „ზეპარტიული” პოზიცია დაეკავებინა. ეს ფლიდობა იქნებოდა. ერთი ყოფილი კოლეგასგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ჩავთლით, რომ „ბარიკადების ორივე მხარეს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ხალხი იდგა”. ჩვენ არ აგვირიდებია თავი არცერთი საჩოთირო მომენტისათვის და არაფერი არ შეგვილამაზებია. მკითხველს, რომელიც დაასკვნის, რომ ნაშრომი „შავ–თეთრია”, დავეთანხმებით, თუმცა ამის მიზეზად მხედველობის აბერაცია კი არა, ისტორიული მონაკვეთის თავისებურება მიგვაჩნია.

მერაბ კიკნაძე დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი

თბილისი, 2006 ოქტომბერი

 

შინაარსი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

1. აფხაზები და ოსები რუსეთის იმპერიაში

2. საბჭოთა პერიოდი

3. „პერესტროიკა” და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

4. არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებანი

5. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება (1990 წლის 28 ოქტომბერი – 1992 წლის 6 იანვარი)

5.1 ცხინვალის რეგიონი

5.2 აფხაზეთი                             

6. სახელმწიფო გადატრიალება                    

6.1 ცხინვალის რეგიონი                           

6.2 აფხაზეთი                                   

7. დევნილი კანონიერი ხელისუფლება                                     

8. დღევანდელი მდგომარეობა                                                                 

9. რუსული ფაქტორი              

10. დასავლური ფაქტორი      

11. პოლიტიკური სტატუსი                                                                           

11.1 ცხინვალის რეგიონი                               

11.2 აფხაზეთი        

12. ძალის გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა

 

1. აფხაზები და ოსები რუსეთის იმპერიაშრუსეთის იმპერიის პოლიტიკა კავკასიაში ყოველთვის ეთნიკური ნიშნით იყო დიფერენცირებული[1].

იმპერიასთან ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით აფხაზები და ოსები დიამეტრალურად განსხვავებულ ნიშებში მოხვდენ, რაც ნაწილობრივ მათი ეროვნული ხასიათის თავისებურებებითაც აიხსნება. ოსებმა იმთავითვე რუსული პოლიტიკის საყრდენისა და გამტარებლის როლი იკისრეს. აფხაზები „ურჩთა” კატეგორიაში აღმოჩნდნენ – აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მე-19 საუკუნის ბოლომდე აფხაზები მინიმალურად არიან ინკორპორირებული იმპერიაში. აფხაზეთის სამთავრო – აბსოლუტურად ქართული შერვაშიძეთა სახლის მეთაურობით – საქართველოს უკანასკნელთაგანი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც რუსეთის იმპერიამ ძალადობრივად გააუქმა და თავის შემადგენლობაში შეიყვანა (1864 წ.), ხოლო აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, მიხეილ შერვაშიძე, რომელიც თავს ქართველ თავადად თვლიდა, მოტყუებით ქუთაისის ნაცვლად რუსეთში იქნა გადასახლებული. სამწუხაროდ, ეს მზაკვრული გეგმა რუსეთის იმპერიამ ქართული მილიციის უშუალო ხელშეწყობითა და მონაწილეობით განახორციელა[2], რაც ქართული საზოგადოების იმდროინდელი განწყობის გათვალისწინებით არ იყო უპრეცედენტო შემთხვევა (გავიხსენოთ ქართველთა მონაწილეობა რუსეთის მიერ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ მრავალწლიან ომებში). როგორც ჩანს, აქ იღებს სათავეს პირველი ბზარი და გაუცხოება ჩვენს შორის. ამ ძალადობრივი აქტის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, აფხაზები სწრაფად შეეგუენ მარცხს და იმპერიის სამსახურში ჩადგომა ამჯობინეს, რასაც ხელი შეუწყო მკვიდრი, დამცავი კულტურული ჯებირის უქონლობამ. უცხოტომელთა (რუსების) ტრადიციული, ყოფითი მიუღებლობა განცალკევებული ეროვნული იდეისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებამდე ვერ ამაღლდა. ყველაფერმა ამან ხელშესახები შედეგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) წლებში გამოიღო. ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ, რომელიც იმპერიაში შევიწროვებულ კავკასიის მთიელთა შორის უკლებლივ ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც იმპერიული ჩაგვრისაგან თავის დახსნის ერთადერთი გზა, აფხაზებშიც ნოყიერი ნიადაგი იპოვა. პირველმა რესპუბლიკამ ამას ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინციპულად თანმხვედრი მისწრაფებები კვლავ ასცდა, უფრო სწორად კი ხელოვნურად ააცილეს ერთმანეთს და გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდა.

2. საბჭოთა პერიოდი

საბჭოთა პერიოდში კავკასიაში, კერძოდ – საქართველოში ეთნიკური შუღლის ფარულმა გაღვივებამ იქამდე არნახული, სისტემური ხასიათი შეიძინა. აფხაზების მიმართ გატარებული იმპერიული რეპრესიების პოლიტიკა ხშირად იმპერიის სამსახურში მყოფი ქართველების – სტალინისა და განსაკუთრებით ბერიას ხელით ხორციელდებოდა, რასაც აფხაზების ნაწილი ქართულ პოლიტიკად აღიქვმადა. (იგივე ვერ მოხერხდა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ – ვაინახებში, სადაც ეროვნული აზრი იმთავითვე მკვეთრად ანსხვავებდა იმპერიულ პოლიტიკას მისი გამტარებელი მოხელის ეთნიკური წარმომავლობისაგან). საბოლოო დაგვირგვინება ამ პოლიტიკისა საბჭოთა რეპრესიების შესუსტების შემდგომ მოხდა. 1960-იანი წლებიდან აფხაზეთში ქართველების მიზანმიმართული დისკრიმინაცის ფონზე დაიწყო აფხაზთა „ელიტიზაციის” ფაზა. ტერიტორია იმპერიის საკურორტო- საჩვენებელ დანამატად, მცირერიცხოვანი ეთნოსი კი თითქმის მთლიანად კორუმპირებულ საბჭოთა ელიტად აქციეს[3]. ამას დაემატა ძალაუფლებისათვისა და გავლენისათვის ბრძოლა, რომელიც ფარული ფორმით ყოველთვის მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში ავტონომიურ წარმონაქმნებსა და რესპუბლიკებს შორის. ეს იმპერიულ იერარქიაში დაწინაურების სურვილით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე ეთნიკური შეუთავსებლობით.

ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც, რომელსაც, განსხვავევბით აფხაზეთის ავტონომიისაგან, შექმნის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. ამით ბოლშევიკებმა ოსური ეროვნული უმცირესობის ნაწილს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული სამსახური დაუფასეს. ავტონომიის შექმნისთანავე, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, რეგიონიდან ქართული მოსახლეობის ფარული გამოდევნა და ოსების საშუალებით მისი კოლონიზაცია დაიწყო[4]. როკის გვირაბის გაყვანამ ეს პროცესი კიდევ უფრი დააჩქარა. უკვე 1970-იანი წლებისათვის რეგიონში მკვიდრი ქართული მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოსათვის, ერთი მხრივ, ქართველებსა და მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის დამოკიდებულება საგრძნობლად განსხვავდებოდა:

აფხაზების გაუცხოების ხარისხი შეიძლება დავახასიათოთ როგორც მაღალი. რეგიონში ქართველთა დისკრიმინაციის დონეც უფრო მაღალია, ვიდრე ცხინვალის რეგიონში. აგრეთვე უფრო მაღალია მათი „ელიტიზაციის” ხარისხი.

ოსური ეროვნული უმცირესობა – რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს დღევანდელი გადასახედიდან – ამ დროისათვის ყველა სხვა ეროვნულ უმცირესობასთან შედარებით მაქსიმალურად კარგადაა ინტეგრირებული საქართველოში, რაც სრულიად არ გულისხმობდა ასიმილაციას[5]. ეს იმითაც აიხსნება, რომ ოსების ძირითადი ნაწილი ე.წ. „ავტონომიის” ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა და შედარებით სუსტად, ან სრულიად არ იყო დაკავშირებული მოსკოვიდან მართულ ცხინვალურ „ელიტასთან”.

3. „პერესტროიკა” და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

„პერესტროიკის” გამოცხადების შემდგომ, საქართველოში ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმოვლობის პერიოდში, ერთა შორის შუღლის გაღვივება უფრო გაღრმავდა და საბჭოთა კავშირში საქართველოს ჩატოვების ძირითად იარაღად იქცა. ავტონომიებში ძირგამომთხრელმა საქმიანობამ აშკარა ფორმა მიიღო. ფორმულამ „ავტონომიები – რესპუბლიკების წინააღმდეგ” იმპერიული ცენტრის ღია სამოქმედო დოქტრინის რანგში იქნა აყვანილი. ამ პოლიტიკის სამიზნე საქართველო იყო, რადგან დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში იყო ავტონომიური წარმონაქმნები.

დეპუტატების საკავშირო ყრილობათა ტრიბუნა ძირითადად ავტონომიების წარმომადგენლებს დაუთმეს[6]. მათ გამოსვლები ძირითადად საბჭოთა კონსტიტუციაში ასახული იერარქიის (“საკავშირო რესპუბლიკა” – „ავტონომიური რესპუბლიკა” – „ავტონომიური ოლქი” და ა.შ.) კრიტიკას დაეთმო. ისინი უფლებებში გათანაბრებას მოითხოვდნენ, რაც ავტომატურად გამოიწვევდა საკავშირო რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლას. ისმოდა ახალ სამოკავშირო ხელშეკრულებაში (ე.წ. „ნოვო-ოგარიოვოს პროცესი”) დამოუკიდებლად ჩართვის მოთხოვნებიც, რაც არსებითად იგივე შედეგს გამოიღებდა, რადგან საბჭოთა კონსტიტუციაში ქაღალდზე დეკლარირებული ფედერალური მოწყობის სრულ ლიკვიდაციას და უნიტარიზაციას ნიშნავდა.

ეს მიდგომა თავად რუსეთისათვის გამოდგა დამანგრეველი, რადგან საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ მაინც ვერ შეაჩერა, თვით რუსეთში კი, სადაც 100-ზე მეტი ავტონომიური წარმონაქმნია, სეპარატიზმის (საქართველოსაგან განსხვავებით – სავსებით სამართლიანისა და საფუძვლიანის) გაღვივებას შეუწყო ხელი. როგორც ჩანს, ამ ახლომხედველი პოლიტიკის შედეგები რუსეთს მთლიანად ჯერ არ მოუმკია.

საქართველოში ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის დისკრედიტაციის კამპანიაში ამ ეტაპზე, ოფიციალური მოსკოვის მხარდამხარ, ერთი შეხედვით სრულიად მოულოდნელი ძალები ჩაერთნენ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლების სახით (აკად. სახაროვი და სხვ.). გაირკვა, რომ ამ მოძრაობის მიზანი საბჭოთა კავშირის სოციალურ-პოლიტიკური რეფორმა იყო მხოლოდ, იმპერიის რღვევის იდეა კი მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. ამოტივტივდა და ახალი ჟღერადობა შეიძინა ძველმა ლოზუნგმა: „საქართველო – მცირე იმპერიაა”. ამით არაორაზროვნად გვაგრძნობინეს: საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი რესპუბლიკებით არ შემოიფარგლება. ეროვნულ-ტერიტორიალური მოწყობის სახაროვისეულმა გეგმამ უნიტარიზმის ხარისხით კრემლის ოფიციალურ იდეოლოგების გეგმებიც კი უკან ჩამოიტოვა.

მდგომარეობის დამძიმებაში განსაკუთრებით არასახარბიელო როლი დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მაშინდელმა განწყობამ ითამაშა. საბჭოთა კავშირის დაშლის იდეა უკიდურესად არაპოპულარული იყო დასავლეთში: იქ ჩათვალეს, რომ „ბოროტების იმპერიის” დაუძლურებით მთავარი მიზანი მიღწეულია, ხოლო შემდგომი დეზინტეგრაცია არასასურველ პრობლემებს წარმოქმნის – მსხვილი პოლიტიკური ერთეულების მანიპულირება ხომ ბევრად უფრო მარტივია. ამის გამო იყო, რომ მემბოხე რესპუბლიკები, განსაკუთრებით კი საქართველო, რომელიც ბალტიის რესპუბლიკებთან შედარებით მინიმალური მხარდაჭერითაც კი არ სარგებლობდა – აშკარა ( პრეზიდენტ ბუშის ცნობილი „chicken speech” კიევში, „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა”, ე.წ. „პრაღის რეზოლუცია” ვაცლავ ჰაველის მონაწილეობით) თუ ფარული თავდასხმების სამიზნედ იქცა. დეზინტეგრაციის არასაურველი პროცესების განვითარების მთავარ შემაკავებელ იარაღად ეროვნული მოძრაობის ლიდერების „გადაჭარბებულ ნაციონალიზმში” და „ავტორიტარიზმში” დადანაშაულებას მიმართეს. კრემლის მიერ გაჩაღებული საინფორმაციო ომის ექო დასავლურ მედიაში იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველგვარი კრიტიკული ფილტრის გარეშე, თავისუფლად გავრცელდა[7].

ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი, უნიფიცირებული გეგმების გამრავალფეროვნებაც მოახერხა. როდესაც საქართველოში ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ აპრობირებული „ინტერფრონტის” შექმნის მცდელობა ჩაფლავდა, მოსკოვში შეეცადნენ საქართველოსთან კონფრონტაციაში მონათესავე ჩრდილოკავკასიელების ჩაბმის ილუზია შეექმნათ. ამ მიზანს ემსახურებოდა სოხუმში „მთიელ ხალხთა კონფედერაციის” დაფუძნება 1989 წელს, რომელსაც პროგრამულ დოკუმენტში, სხვათა შორის, ერთ-ერთ მთავარ პრინციპად „აღზევებული ქართული ნაციონალიზმის შეჩერება” ჰქონდა დეკლარირებული. ის, რაც თავის დროზე საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, მოგვიანებით ემპირიული სიზუსტით დადასტურდა: ეს ორგანიზაცია იმპერიული სუკის პირმშო იყო და მისი ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) მიზანი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებების კეთება, საჭირო დროს კი – იმპერიული აგრესიის ნიღბის როლის შესრულება იყო, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც აფხაზეთში, და ნაკლებად – ცხინვალის რეგიონში გაჩაღებულ ომებში. რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას თავი საერთოდ აღარ გამოუმჟღავნებია და ჩეჩნეთში რუსეთის მიერ დაწყებული განურჩეველ ხოცვა-ჟლეტას უბრალო სიტყვიერი განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეორე, არანაკლებ მზაკვრული როლი, რომელიც ამ ორგანიზაციას დაეკისრა, საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლების იზოლაციასა და დისკრედიტაციას გულისხმობდა. საქართველოში გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული რეჟიმი გამუდმებით ამკვიდრებდა აზრს, თითქოს ჯოჰარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია მჭიდროდ თანამშრომლობდნენ „კონფედერაციასთან”. ეს ბრალდება იმას ეფუძნებოდა, რომ „კონფედერაციის” ფუნქციონერთა ნაწილმა ჩეჩნეთში მოიკალათა. სინამდვილეში ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ჯოჰარ დუდაევი ჩეჩნეთს მთლიანად ვერ აკონტროლებდა, და იძულებული იყო, ამ ფაქტს შეგუებოდა. უფრო მეტიც, „კონფედერაციის” ჩეჩენ „მოღვაწეთა” დიდი უმრავლესობა (მაგ. იუსუფ სოსლანბეკოვი – ჩეჩნეთის პალამენტის ყოფილი თავმჯდომარე) ჯოჰარ დუდაევს და, შესაბამისად, – ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეას ღიად უპირისპირდებოდა, ხშირად – იარაღით ხელში, ხოლო ჩეჩნეთში ომის დაწყების შემდეგ დაუფარავი კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია. ამ ბრალდების აბსურდულობა დაახლოებით იგივე ხარისხისაა, ვინმეს პრეზიდენტ გამსახურდიასათვის რომ ბრალი დაედო ჯაბა იოსელიანთან თანამშრომლობაში[8]. მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოების ერთ, წინწასწარგანწყობილ ნაწილზე ამ იაფასიანმა ხრიკმა წარმატებით იმუშავა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 1992 წლის სექტემბერში, აფხაზეთში დაწყებული სამხედრო ავატიურის პირობებში ჯოჰარ დუდაევისა და ზვიად გამსახურდიას ინიციატივით გროზნოში „კავკასიური სახლი” დაფუძნდა, რომლის ძირითადი დანიშნულება „მთიელ ხალხთა კონფედერაციის” მავნებლური საქმიანობის განეიტრალება იყო. რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობა, ცალკე მსჯელობის საგანია[9].

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ამ პერიოდის ის ხელისშემშლელი ფაქტორები და შეცდომები, რომლებიც შინაგანი ხასიათისაა, ან ასეთებად არიან შერაცხულნი (აქ არ ვგულისხმობთ ზემოთ უკვე ჩამოთვლილ ისტორიულ შეცდომებს).

გულუბრყვილობად აღიქმება საყოველთაო მოლოდინი, თითქოს დასავლეთი ქმედით დახმარებას თუ არა, მორალურ მხარდაჭერას მაინც აღმოუჩენდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს. საბედისწერო შეცდომა იყო საპასუხოდ მიღებული რეაქციის შინაგანი, ქართული ხასიათის მიზეზებით ახსნის მცდელობა (ამაზე ქვემოთ დაწვრილებით შევჩერდებით). კიდევ უფრო დიდი გულუბრყვილობად მოჩანს „ლიბერალური რუსეთის” მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. უკვე ავღინიშნეთ, რომ ამ მხრიდან შეტევებმა რიგ შემთხვევებში ოფიციალური მოსკოვისასაც კი გადააჭარბეს აგრესიულობით.

ქართული „ლიბერალურ-ინტელექტუალური ელიტა” (კლასიკური მაგალითი – მერაბ მამარდაშვილი) პარტიულ–ნომენკლატურულ ელიტაზე[10] უფრო მძაფრად დაუპირისპირდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. როგორც ჩანს, საზოგადოების ეს ნაწილი იმდენად მტკიცედ იყო ინტეგრირებული საერთო-იმპერიულ ელიტაში, რომ ამ კავშირების გაწყვეტას საკუთარ თავში ეროვნული გრძნობის დათრგუნვა ამჯობინა. ეროვნული ნიჰილიზმის მიზანმიმართული დამკვიდრების გარდა[11] ამ დაპირისპირებამ მაკომპრომენტირებელი მასალების ფაბრიკაცისა და პირდაპირი დაბეზღების ფორმაც შეიძინა. ეს ერთი მხრივ, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის „შოვინისტური” ხასიათის შესახებ გარედან წამოსულ ბრალდებებს შიგნიდან ამაგრებდა და მეტ დამაჯერებლობას სძენდა. მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულება თავისთავად იქცა სეპარატიზმის ერთერთ მასტიმულირებელ ფაქტორად. ყველაფერ ამასთან ერთად, ჩანაფიქრით, ამ დაპირისპირებას ქართული საზოგადოების დეზორიენტაციაც უნდა გამოეწვია[12].

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის თავბრუდამხვევი სისწრაფე თავისთავად გახდა ეთნიკურ უმცირესობებში გარკვეული შეშფოთების მიზეზი, რაც ამ სახისა და მასშტაბის ცვლილებათა გარდაუვალი თანმხლები მოვლენაა. გულუბრყვილი იყო მოლოდინი, რომ ამ შეშფოთების განეიტრალება საწყის ეტაპზევე მოხერხდებოდა. ჩამოყალიბებისა და დაწმენდის სტადიაზე მყოფ მოძრაობას ამისათვის საკმარისი რესურსები არ ჰქონდა, განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილ დესტრუქციულ ქმედებათა ფონზე.[13]

ამ პერიოდში სიტუაციის უკიდურესი გამწვავება აფხაზეთში, რომელსაც სისხლიანი შეტაკება მოჰყვა, სოხუმში, 1989 წლის ივლისში მოხდა. ჩასუს ბელლი აფხაზეთის უნივერსიტეტიდან ქართული ნაწილის გამოყოფა იყო, რასაც აფხაზური მხრიდან დარბევა მოჰყვა. ამ ინციდენტის სერიოზული გამოძიება არ ჩატარებულა, თუმც კი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, მის უკან სოხუმის კორუმპირებული აფხაზური და ქართული ფსევდოაკადემიური ელიტების კორუფციულ ინტერესთა შეჯახება იმალებოდა. ამ სამარცხვინო მიზეზის მიუხედავად, შეტაკებამ ფართო მასშტაბი შეიძინა[14] და რომ არა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ძალისხმევა, რომლებმაც სამეგრელოდან სოხუმისაკენ დაძრული მრავალათასიანი ტალღა შეაჩერეს, კატასტროფულ ხასიათს მიიღებდა.

ამ პერიოდის კიდევ ერთი ინციდენტი, ამჯერად ცხინვალის მახლობლად, 1989 წლის 23 ნოემბერს ქართული და ოსური მხარის სამდღიანი დაპირისპირებაში გამოიხატა, თუმცა საბედნიეროდ შეტაკებაში არ გადაზრდილა. ამ დროისათვის მთელი საქართველო მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციების ტალღამ მოიცვა. ცხინვალის ქართული მოსახლეობის მოთხოვნით, თბილისიდან ცხინვალისაკენ რამდენიმე ასეული მოქალაქე დაიძრა, რომელთაც ქალაქში ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი მიტინგის ჩატარება ჰქონდა განზრახული. საწყის ეტაპზე, თბილისში, მიტინგის ორგანიზაციას ხელისუფლების მხრიდან არავითარ წინააღმდეგობა არ შეხვედრია – პირიქით, მომიტინგეები ტრანსპორტითაც კი უზრუნველყვეს. ცხინვალის შესასვლელთან მანიფესტანტებს გზა რამდენიმე ათეულმა შინაგანი ჯარის მოსამსახურემ და საბჭოთა კავშირის დროშებითა და ლენინის სურათებით საგანგებოდ აღჭურვილმა ოსური ეროვნების მოქალაქეებმა გადაუღობეს. ამჯერად დაპირისპირება – როგორც სჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და მათი მოსკოველი ხელმძღვანელების გეგმის მიუხედავად – სიტყვიერი შეხლა-შემოხლით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, დაპირისპირების დამთავრების შემდეგ სამაჩაბლოში ქართული ეთნიკური წარმომავლობის და ქართველებთან მჭიდროდ ინტეგრირებული ოსური მოსახლეობის მიზანმიმართული დევნის კამპანია დაიწყო, რომელმაც ეთნიკური წმენდის ხასიათი და მასშტაბი შეიძინა.

4. არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებანი

არაფორმალურ შეიარაღებულ ფორმირებათა საკითხში გარკვევის გარეშე საქართველოს უახლესი ისტორიის მეტნაკლებად სრული სურათის შექმნა შეუძლებელია. ერთი მოარული აზრის თანახმად, ეროვნულმა მოძრაობამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც წინააღმდეგობის მშვიდობიან, „განდისტურ”[15] პრინციპებზე ხელი აიღო და შეიარაღებული ბრძოლის გზას დაადგა.

9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევამ მანამდე დაქსაქსული და მინავლებული ეროვნული ცნობიერების გაცხოველება და გაერთიანება გამოიწვია. ეროვნულმა მოძრაობამ ე.წ. არაფორმალური გაერთიანებებისა და მათი მხარდამჭერი ადამიანების თუმცა მრავალრიცხოვანი, მაგრამ მაინც შეზღუდული წრის საზღვრები გაარღვია და მთელ საქართველოს მოედო. ქართული საბჭოთა ელიტისა და „დემოკრატიული რუსეთის” მცდელობა, შეეფასებინათ 9 აპრილის მოვლენა, როგორც „გადაჭარბებული, არაადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან”, ან „უდანაშაულო ხალხის დასჯა”, საყოველთაო აღშფოთებაში ჩაიძირა. ქართველებისათვის ეს ხელისუფლების ქმედება კი არა, მომხდურ მტერთან ბრძოლა იყო, დაღუპულები კი – საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირული გმირები და არა უდანაშაულო მსხვერპლი. „დამნაშავეების ძებნისა” და „დასჯის” იდეა მოვლენების ძველ, საბჭოურ კალაპოტში მოქცევად აღიქმებოდა. დამნაშავე იმპერიაა, მისი დასჯა კი მხოლოდ მისგან თავის დაღწევით შეიძლება – ასეთი იყო იმდროინდელი საერთო ეროვნული განწყობა.

9 აპრილს განცდილი უმძლავრესი ემოციური შოკის ფონზე სხვა დასკვნაც გაკეთდა: შიშველი ხელებით ბრძოლა, რომელიც ქართველობამ რუსთაველის პროსპექტზე ტანკებით შეიარაღებულ მტერს გაუმართა, ისტორიის კუთვნილებად უნდა ქცეულიყო და მომავალში მომხდურებს სხვანაირად მომზადებულნი უნდა დავხვედროდით. ამას დაერთო ეთნიკურ უმცირესობათა მოსკოვიდან ორგანიზებული შეიარაღების კამპანია (განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის აო-ში) ვითომც და „აგრესიულად განწყობილი ქართველი ნაციონალისტებისაგან” თავის დასაცავად.

ეს ყველაფერი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა შეიარაღებული ფორმირებების წარმოქმნისათვის, რომლებიც სხვადასხვა, ხშირად დიამეტრალურად განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ქართულმა კომუნისტურ–ნომემნკლატურულმა ელიტამ ეს განწყობა სწრაფად შეიგრძნო და იმთავითვე თავისი შერყეული პოზიციების გამაგრების, შემდგომში კი – რევანშის განხორციელებისათვის გამოიყენა. ასე შეიქმნა ყბადაღებული „მხედრიონი”, რომლის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა კომუნისტურმა ნომენკლატურამ იკისრა (“აგრომრეწვის” მაშინდელი შეფი გ. მგელაძე), იდეური მხარდაჭერა კი – ქართული „ინტელიგენციის” ავანგარდმა (ა. ბაქრაძე და სხვ). „მხედრიონის” შექმნის დეკლარირებული იდეა, რომელიც სამაჩაბლოში დევნილი ქართული მოსახლეობის დაცვას გულისხმობდა, უმოკლეს ვადაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოსტავა–გამსახურდიას ფრთასთან აშკარა დაპირსპირებაში ტრანსფორმირდა, განსაკუთრებით მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ. „მხედრიონის” კვალდაკვალ შეიქმნა სხვა, უფრო მცირე მასშტაბის შეიარაღებული ფორმირებებიც ( „ავღანელთა კავშირი”, „თეთრი გიორგი” – ”მხედრიონს” ჩამოცილებული ნაწილი, „კოსტავას საზოგადოების” სამხედრო ფრთა, სახალხო ფრონტის სამხედრო ფრთა – „იმედი” და სხვ.).

1989 წლის შემოდგომაზე ე.წ. არაფორმალურ ორგანიზაციებში მკვეთრი პოლარიზაცია მოხდა. ამ ორგანიზაციების ნაწილმა, რომელიც იმპერიული სუკის შემოქმედების ნაყოფი იყო, ან უკვე აშკარად გამოამჟღავნა კოლაბორაციონისტული ხასიათი (“რუსთაველის საზოგადოება”, „ჭავჭავაძის საზოგადოება”), ან მასში გაერთიანებული დიამეტრალურად განსხვავებული ხასიათის ძალების დომინირებისათვის ბრძოლის არენად იქცა (“სახალო ფრონტი’). მეორე ნაწილი „მარგინალიზმის” გზას დაადგა (“ედპ”, „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია” და სხვ.) რაც – როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა – კოლაბორაციონიზმის შენიღბული ფორმა აღმოჩნდა.

შექმნილ ვითარებაში ზ. გამსახურდია და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები (“ჰელსინკიის კავშირი”, „წმ. ილია მართლის საზოგადოება”, და სხვ.) არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: ერთი მხრივ, სავსებით ნათელი იყო რისკი, რომელიც ნებისმიერი გასამხედროებული ფორმირების კონტინგენტის ხასიათიდან გამომდინარე, ფასეულობათა ეროზიასა და სრულიად სპეციფიური ინტერესების ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა; მეორე მხრივ, სრული ჩაურევლობის პოლიტიკა ფიზიკური განადგურების, ან უკეთეს შემთხვევაში – მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე ყოველგვარი კონტროლის დაკარგვის საფრთხეს შეიცავდა. ამდენად, ეს არჩევანი ფიქტიური ხასიათისა იყო და მოქმედება არსებული ფორმირებების ქვეყნის სამსახურში ჩაყენების, ან მათი დესტრუქციული გავლენის განეიტრალების მიმართულებით წარიმართა.

5. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება[16]
ქვეყნის ცხოვრებაში ეს არასრული წელიწადნახევარი, რომელმაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევება ბუნებრივად დააგვირგვინა, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენათა ინტენსივობით და ეროვნულ ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებათა მასშტაბით ბევრად აღემატება მის წინამორბედ სტაგნაციის პერიოდს, რომელიც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდის სერიოზული, აკადემიური ანალიზის მცდელობაც კი არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაწყებული რეაქციისა და ეროვნულ მიღწევათა რევიზიის ტალღა დღემდე გრძელდება. ფაქტია, რომ უკიდურესად მწირი უახლესი ქართული ისტორიოგრაფია ძირითადად სახელმწიფო დამნაშავეთა (თ.სიგუა, ჯ. იოსელიანი, ე.შევარდნაძე და მისთ.) მიერ შემუშავებული პრიმიტიული კლიშეებით და ლეგენდებით იკვებება. ეს პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ დღემდე ქვეყნის ინტელექტუალურ ცხოვრებას ისევ ძველი ელიტა განსაზღვრავს, რომელმაც საბჭოთა იმპერიის დანგრევა – ცნობიერად თუ არაცნობიერად – პირად უბედურებად აღიქვა. აქედან იღებს სათავეს ის უკიდურესად გამარტივებული სქემა, რომელიც მცირედი ვარიაციებით შემდეგნაირად გამოიყურება:

(1990 წლის 28 ოქტომბერი – 1992 წლის 6 იანვარი)

• საბჭოთა კავშირი „თავისით”, ან უკეთეს შემთხვევაში – მხოლოდ გარე ძალების ზემოქმედებით დაიშალა. ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ამაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. მეტიც, მისი წვლილი ამ პროცესში მხოლოდ ნომინალურია.

• ხელისუფლება ხელში ეროვნული რიტორიკის ტალღაზე მოსულ, სრულიად შემთხვევით ძალებს ჩაუვარდა, რომლებმაც ეს ციდან ჩამოვარდნილი შესაძლებლობა ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენეს და საკუთარ გამოუცდელობასა თუ ერთმანეთთან ანგარიშსწორებას გადააყოლეს.

ამ სქემის აქტიურ შემოქმედთა პირდაპირი ოპონირება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. მათი მოტივი აშკარაა: გამარჯვება, რომელიც შენს გარეშე ან შენი ნების საწინააღმდეგოდ იქნა მოპოვებული ან უნდა გააქარწყლო, ან უნდა მოიპარო და დაეპატრონო. ქართული საზოგადოების იმ ნაწილს კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზთა გამო ასეთი შეფასებების ტყვეობაში მოექცა, ვურჩევთ: თუ საკუთარი ანალიზის უნარს ვერ ვენდობით, იქნებ საქართველოს დამოუკიდებლობის აშკარა მტრების რეაქციამ მაინც გამოგვაფხიზლოს, რომლებსაც ეროვნული ხელისუფლებისა და მისი ლიდერის აჩრდილი დღემდე არ ასვენებს და რომელთა შეფასებების სიმძაფრე დღესაც არ განელებულა.

ქვემოთ ჩვენ შემოვიფარგლებით ეროვნული ხელისუფლების მიერ გადადგმული იმ ნაბიჯების ანალიზით, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.

• 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში რჩება ერთადერთ გაუყალბებელ არჩევნებად. ამას ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობაც აღიარებს. დიდწილად ზვიად გამსახურდიას პირადი დამსახურებაა ის ერთსულოვანი მხარდაჭერა, რომელიც ქართველმა ამორჩეველმა ეროვნულ ძალებს გამოუცხადა. ეს იყო საქართველოს სრული და უპირობო დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა და არა „ბრბოს ეგზალტაცია”, როგორც ამას ეროვნული ნიჰილისტები ამტკიცებენ. ეს იყო გმირული და ცნობიერი არჩევანი, ამასთან ერთად ეს რთული არჩევანიც იყო, რადგან არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი, კომპარტიის ჩათვლით, ნათლად გრძნობდა ხალხის განწყობას და ამიტომ დამოუკიდებლობის იდეას ამოეფარა. ქართველი ხალხი ამ მანევრს არ აჰყოლია. ეს რომ საარჩევნო კამუფლაჟი იყო და არა სერიოზული განწყობა, მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დააასტურა. ამის საილუსტრაციოდ ადმირალ ბალტინის ‘მისიისა” და СНГ-ში საქართველოს ძალადობრივი გაწევრიანების გახსენებაც იკმარებს.

• საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანაა (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით), სადაც ეროვნულმა ხელისუფლებამ სრულად ჩაშალა მოსკოვის მიერ ორგანიზებული რეფერენდმის ჩატარება (1991 წლის 17 მარტი) რომელშიც საბჭოთა კავშირში დარჩენის სურვილი უნდა გამოხატულიყო. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ე.წ. ნოვო-ოგარიოვოს პროცესში, რომელიც ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადებასა და ხელმოწერას ითვალისწინებდა

• ეროვნული ხელისუფლების უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის ერთსულოვნება, რომელიც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ – მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა – დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე 1991 წლის 31 მარტს გამოამჟღავნა[17]. ამ წარმატების საფუძველი იყო ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების სრული ერთიანობა. ეროვნულმა ხელისუფლებამ შეძლო დაერწმუნებინა ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა იმაში, რომ ქართველებისათვის დამოუკიდებლობა თამაში კი არა, სისხლხორცეული მოთხოვნილებაა, ამ საკითხში ყოველგვარი კომპრომისი გამორიცხულია და დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა მომავალი მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთი მყარი საფუძველია. ამის შედეგი იყო ის, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების უმრავლესობამ ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში საკუთარი კორუმპირებული ელიტების უკან გაყოლას ქართველების გვერდით დგომა ამჯობინა. ამ რეფერენდუმის შედეგები ერთი მხრივ, იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსა და ქართველებს შორის რეალური თანხმობა შეიძლება არსებობდეს; მეორე მხრივ, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს ის პოზიტიური პრეცედენტია, რომელზეც მომავალში ჭეშმარიტი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის აგებაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ეს ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულებაა იმისა, რომ ე.წ. „ეთნოკონფლიქტები” ეთნიკური კი არა, პოლიტიკური ხასიათისაა და მთლიანდ თუ არა, ძირითადად გარეგანი ფაქტორებითაა განპირობებული. მოგვიანებით ზოგიერთმა ქართველმა ნიჰილისტმა ეს წარმატებაც ეჭვქვეშ დააყენა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან შანტაჟად მონათლა. სჩანს, ამ ტიპის აზროვნების მატარებელთ (მაგ. ვ.ხმალაძე) პრინციპულად უჭირთ იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია საეჭვო ღირებულების პირადულ თუ ვიწრო ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა დადგომა. ამ თეორიის მიმდევართ ვურჩევთ, დეტალურად შეისწავლონ ასეთი „შანტაჟის” მექანიზმი, განსაკუთრებით იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის ერთადერთი რესურსი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ნდობაა. ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევენ თუნდაც ახლანდელ ხელისუფალთ, რომელთაც საკუთარი ხალხის ნდობას გარეგანი მხარდაჭერა ურჩევნიათ, ხოლო სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ენის ჩლექით საუბარი და საკუთარი ქვეყნის გმირული უახლესი ისტორიის განქიქება პოლიტიკური შორსმხედველობის მწვერვალი ჰგონიათ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში დეკლარირებული პრინციპები, ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან ერთად, აშკარა დემონსტრირება იყო იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობდა, ურყევად დაადგა სრული დამოუკიდებლობის მოპოვების გზას, და ამასთან ერთად, მას უნარი შესწევდა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც მოსკოვისათვის, აგრეთვე ქართული მეხუთე კოლონისათვის. შექმნილ პირობებში იმპერიულმა ცენტრმა – სავსებით სამართლიანად – უპერსპექტივოდ მიიჩნია პირდაპირი დაწოლის გზა და დესტრუქციული მოქმედების მთავარი აქცენტი ავტონომიურ წარმონაქმნებში გადაიტანა. ამით საქართველოს სრული შენარჩუნების თუ არა, მისი დასუსტებისა და მასზე ძლიერი კონტროლის განხორციელების პერსპექტივა იქმნებოდა. ეს აშკარად გაცხადდა გორბაჩოვის საყოველთაოდ ცნობილ სატელეფონო მუქარაში: „იქნებ დამოუკიდებლობას მიაღწიოთ კიდეც, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაკარგავთ”. ბედის ირონიაა: თავად გორბაჩოვი და მისი სახელმწიფო ისტორიას უფრო ადრე ჩაბარდნენ, ვიდრე ამ მუქარის განხორციელება მოხერხდებოდა[18].

ახლა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისა და მისი ლიდერის – ზვიად გამსახურდიას მიერ ამ მუქარის მოსაგერიებლად გადადგმული ნაბიჯები განვიხილოთ.

 

5.1 ცხინვალის რეგიონი

ერთი მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, უზენაესი საბჭოს მიერ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება” იქ დაწყებული ომის ლამის უმთავრეს მიზეზად განიხილება. დღემდე გაოცებას იწვევს ის მზადყოფნა, რომლითაც მოსკოვის მიერ შემუშავებული ეს იაფფასიანი პროპაგანდისტული ფანდი – ოსური „ელიტის” კვალდაკვალ – ქართულმა მეხუთე კოლონამაც აიტაცა.

სინამდვილეში, ეროვნული ხელისუფლების არჩევის მომენტისათვის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დაწყებული იყო მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის პროცესი, ხოლო შეიარაღებული შეტაკები სპორადიულ ხასიათს ატარებდა რასაც ЗакВО, მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციების თანახმად, იარაღით „შერჩევითად” კვებავდა.[19]

რაც შეეხება საკითხის ფორმალურ-იურიდიულ მხარეს: ოლქი თავად ავტონომიის საოლქო საბჭომ გააუქმა, როდესაც ორი, ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება მიიღო, ჯერ – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ” (1989 წლის 10 ნოემბერი) და შემდეგ – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ” (1990 წლის 20 სექტემბერი), რასაც „სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციაც” მოაყოლა. სრულიად დემორალიზებული კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც ამ საკითხზე სესიის მოწვევაც კი ვერ მოახერხა, ამ უკანონო გადაწყვეტილებებს პრეზიდიუმის დადგენილებით გამოეხმაურა.

ასეთია მემკვიდრეობა, რომელიც ახლადარჩეულ უზენაეს საბჭოს ერგო. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით საოლქო საბჭოს 20 სექტემბრის დადგენილება გააუქმა. 1990 წლის 9 დეკემბერს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რეგიონში მაინც ჩატარდა „საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს” არჩევნები. ამ პირობებში ერთადერთი ბუნებრივი და ლოგიკური საპასუხო რეაქცია თავად ოლქის გაუქმება იყო (1990 წლის 11 დეკემბერი[20]).

არჩევის პირველი დღიდანვე ეროვნული ხელისუფლება შეეცადა ქართული არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების პრობლემა მოეგვარებინა. იგულისხმებოდა ამ ფორმირებების თავმოყრა ერთ, ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებულ სტრუქტურაში და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება, ან – უარეს შემთხვევაში – ერთდროული მრავალმხრივი (ორმხრივი) განიარაღება. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. ამის ერთერთი (თუმცა არა უმთავრესი) მიზეზი ისიც გახდა, რომ ამ დროისათვის „ოპოზიციურმა” ფორმირებებმა მოხერხებული ქუდი მოირგეს „ეროვნული კონგრესის” სახით, რომელიც ღიად დაუპირისპირდა უზენაეს საბჭოს[21].

ლეგიტიმური ადმინისტაციის გარეშე დარჩენილ ცხინვალში ხელისუფლება წესრიგის აღდგენას შსს ძალების საშუალებით შეეცადა, რასაც რამდენიმე ათეული ქართველი მილიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. რა უნდა გაეწყო დეზორგანიზებული და განიარაღებული[22] საბჭოთა სტრუქტურის გადმონაშთს, რომელსაც მსგავს პირობებში მოქმედების არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, რუსების მიერ კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი სეპარატისტული რაზმების წინააღმდეგ? ეს ნაბიჯი, რომელიც პრაგმატული თვალსაზრისით საკამათოდ გამოიყურება, პირველ რიგში იმის დემონსტაცია იყო, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა სეპარატისტებთან სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას; ფორმალურად საქმე ხომ საქართველოს მოქალაქეებს ეხებოდა[23].

ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მილიციამ ცხინვალი დატოვა, თუმცა ნათელია, რომ ხელისუფლებას რეგიონის გმირი ქართული მოსახლეობა ბედის ანაბარად არ მიუტოვებია. ამის შედეგია ის, რომ ქართული მოსახლეობა ახლადშექმნილი ეროვნული გვარდიისა და მოხალისეთა ჯგუფების დახმარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებით იგერიებდა მასზე განხორციელებულ მასირებულ შემოტევას, ვიდრე თბილისში გადატრიალების შედეგად ძალაუფლებას კაპიტულანტები არ დაეპატრონნენ[24].

ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების, განსაკუთრებით – მისი სარდლობის მიმართ, თავიდან საკმაოდ ფრთხილი იყო: სამაჩაბლოში ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას დამოუკიდებლობის დეკლარირებამდე ხელისუფლება ღიად არ დაპირისპირებია, რაც სიტუაციის მართვის თუ არა, მისი შემდგომი ესკალაციისა და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების შესაძლებლობას ქმნიდა. უზენაესი საბჭო რეგულარულად ისმენდა რუსული სარდლობის ანგარიშს ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ. როდესაც ეს შესაძლებლობა მთლიანად ამოიწურა, უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა ჯარის ნაწილებს საოკუპაციო სტატუსი მიანიჭა და მოითხოვა ქვეყნიდან მათი დაუყოვნებლივ გაყვანა, გაყვანამდე კი – საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარება[25].

კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ეროვნული ხელისუფლების საერთაშორისო აქტივობის ნიმუშად უნდა ჩაითვალოს ზვიად გამსახურდიას ბორის ელცინთან შეხვედრა (ყაზბეგი, 1991 წლის 23 მარტი). ელცინი (მაშინ – რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე), რომელიც გორბაჩოვთან ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მხარდაჭერას ეძებდა, საქართველოს ბუნებრივ მოკავშირედ გამოიყურებოდა. შეხვედრაზე ორმხრივად ხელმოწერილმა ოქმში კონფლიქტის რეგიონი როგორც «бывшая Юго-Оснтинская АО» ფიგურურებს[26]. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე პუნქტი, რომელიც „ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის ნაწილების ხელახალი დისლოკაციის[27]” მოთხოვნას შეიცავს. ამ შეხვედრის შედეგებმა შესაძლო მოკავშირეობის ირგვლივ გადაჭარბებული მოლოდინიც კი გააჩინა. თუმცა მოსკოვში, 1991 წლის აგვისტოში, ГКЧП –ს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც ელცინმა გორბაჩოვი ფაქტიურად გზიდან ჩამოიცილა, მან თავად იკისრა იმპერიული ფუნქციები და მათი შესრულება არანაკლები (თუ მეტი არა) ენთუზიაზმით გააგრძელა, რასაც პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ ჩეჩნეთ–ინგუშეთში აღმავლობის გზაზე დამდგარი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ღია მხარდაჭერა მოჰყვა[28].

აღსანიშნავია აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს ერთობლივი კომისიის დასკვნა, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკურ და არა ეთნიკურ ხასიათს აღიარებდა[29].

ბოლოს საქართველოდან ეთნიკური ოსების გასახლების საკითხსაც შევეხოთ. სრული პასუხისმგებლობით ვამტკიცებთ:

• ეს უდავოდ სამწუხარო მოვლენები ერთეულოვანი, სპონტანური ხასიათისა იყო და გასახლების არცერთ, რამდენადმე ორგანიზებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია[30].

• საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს შემთხვევები. მხოლოდ ამის შედეგია ის, რომ ყველაზე მძაფრი სამხედრო დაპირისპირების ფაზაშიც კი, კონფლიქტი ცხინვალის რეგიონის ფარგლებს არ გასცდენია მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური ოსების დიდი ნაწილი რეგიონის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა და მასზე არანაირი „გარეშე დაცვა” არ ვრცელდებოდა[31].

1991 წლის შემოდგომისათვის კონფლიქტის რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით დინამიური წონასწორობა დამყარდა. ცხინვალელ სეპარატისტთა შორის გამოიკვეთა ძალები, რომლებიც საქართველოსთან დაპირისპირებას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ, რაც უდავოდ საღი აზრის გამოვლინება იყო. მოსკოვშიც ხვდებოდნენ, რომ ამ კონფლიქტის გაჩაღების მთავარი მიზანი – საქართველოს შენარჩუნება ძველ თუ განახლებულ იმპერიულ სტრუქტურებში – მიუღწეველი რჩებოდა. ამიტომ იყო, რომ ცენტრის დესტუქციული მოქმედებების სიმძიმემ კვლავ თბილისში გადმოინაცვლა.

 

5.2 აფხაზეთი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში „…საქართველოს რესპუბლიკა …აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას…”. ეს არ იყო შიშველი დეკლარირება. ეს იყო სამოქმედო პროგრამა. საილუსტრაციოდ ეროვნული ხელისუფლების მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” მიღებული კანონს მოვიშველიებთ, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეში ლიბერალურობის ხარისხით უპრეცედენტოა.

ამ საერთო ფონზე აფხაზებისა და შესაბამისად – აფხაზეთის მიმართ ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულება თავიდანვე პრინციპულად განსხვავდებოდა საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებისაგან, რადგან საქმით, და არა სიტყვით აღიარებდა აფხაზების, როგორც ძირეული ერის განსაკუთრებულ უფლებებს. ამ თვალსაზრისით ეროვნული ხელისუფლება არა მარტო ერთგული დარჩა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918–1921) მიერ დეკლარირებული პრინციპებისა, არამედ უფრო გააღმავა და გააფართოვა ეს პრინციპები[32]. ამასთან, ხელისუფლებამ ჩვენს შორის დაგროვილი უნდობლობისა თუ წყენის გადალახვის მთელი სიმძიმე თავად იკისრა და ამისათვის რადიკალური და ქმედითი (ხშირად – არაპოპულარული და ცალმხრივი) ნაბიჯების გადადგმასაც არ მოერიდა. ეს მიდგომა უსათუოდ გამოიღებდა ნაყოფს, რადგან ქართველთა და აფხაზთა გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს ეფუძნებოდა და სამართლიანობის აღდგენის სურვილით იყო ნაკარნახევი.

ამის დადასტურებაა აფხაზეთის საარჩევნო კანონი (1991 წლის 9 ივლისი), რომლებიც ქართველმა „რადიკალებმა” იმთავითვე „აფხაზურ აპარტეიდად” მონათლეს[33]. კანონი მართლაც უპრეცედენტო იყო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ადგილების განაწილების თვალსაზრისით: 65 მანდატიდან აფხაზებს (მოსახლეობის 17%) 28 მანდატი მიეცა, ქართველებს (მოსახლეობის 47%) – 26, სხვა ეთნიკურ ჯგუფებს – 11. წინასწარვე განისაზღვრა უმაღლესი თანამდებობის პირების ეთნიკური კუთვნილებაც (საბჭოს თავმჯდომარე – აფხაზი, პრემიერი – ქართველი და ა.შ.). მიუხედავად ამ დათმობებისა, კანონი შესაძლო სეპარატისტული გამოხდომებისაგან დამცავ ქმედით მექანიზმსაც შეიცავდა. ჯერ ერთი, ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილების ადგილზე განხორციელებას ხმათა 2/3 სჭირდებოდა, რაც ქართული დეპუტაციის ხმების გარეშე შეუძლებელი იყო. რაც მთავარია, ძალაში რჩებოდა საქართველოს რესპუბლიკის კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ავტონომიაში მიღებული ნებისმიერი არასასურველი გადაწყვეტილების გაუქმების საშუალებას იძლეოდა.

აფხაზეთის, როგორც ავტონომიის პრობლემები (ოსებისაგან განსხვავებით) კავკასიელ მთიელთა შორის გარკვეულ თანაგრძნობას და მხარდაჭერას იწვევდა ყოველთვის, რისი ექსპლოატაციაც მოსკოვმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის” საშუალებით მოახერხა (ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). ამ თანაგრძნობას მხოლოდ ემოციური საფუძველი ჰქონდა და საკუთარი პრობლემების სხვაზე მექანიკური გადატანით აიხსნებოდა, ისევე, როგორც მაგალითად ჩვენსა და მოლდოვას შორის –“ერთ ბედს ქვეშა ვართ” პრინციპით. ზვიად გამსახურდიას და მისი ხელისუფლების რადიკალურმა დაპირისპირებამ იმპერიულ ცენტრთან საგრძნობლად გაანელა ეს თანაგრძნობა, განსაკუთრებით ჩეჩნეთ-ინგუშეთში მიმდინარე მოვლენების ღია მხარდაჭერის შემდეგ, და თავისთავად იქცა აფხაზური სეპარატიზმის მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლით აფხაზურ სეპარატიზმს იდეოლოგიური საფუძველი შეერყა, რადგან იმპერიას თითქმის თავდაღწეულ საქართველოსთან დაპირისპირება ავტონომიური სტატუსის ამაღლებად კი არა, იმპერიაში დარჩენის სურვილად აღიქმებოდა, განსაკუთრებით – ზემოხსენებული დათმობების ფონზე[34].

როგორც ჩანს, ამ პერიოდში აფხაზეთში ცენტრის მიერ მომზადებული პროვოკაციების ჩაშლაში ერთერთი გადამწყვეტი როლი ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმაც ითამაშა. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც სეპარატისტულ შემოტევებს ადეკვატურად პასუხობდა, აღარ აღიქმებოდა იმ უნიათო ქართულ საბჭოთა ადმინისტრაციად, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უპრინციპო დათმობებისა და წაყრუების პოლიტიკით პასუხობდა სეპარატისტულ გამოხდომებს და იოლად ეგუებოდა ავტონომიაში სისტემად ქცეულ ქართველთა დისკრიმინაცია–შევიწროვებას.

რაც მთავარია, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, პირველად დიდი ხნის მანძილზე, თავს ბედის ანაბარა მიტოვებულად აღარ გრძნობდა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიმართ ლოიალობის მაქსიმალური ხარისხით გამოირჩეოდა.

ყველა ამ ფაქტორმა ერთობლივად განაპირობა ის, რომ ეროვნული ხელისუფლების პირობებში და მისი დამხობის შემდეგაც, ვიდრე 1992 წლის ზაფხულამდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა არც ერთი, რამდენადმე მნიშვნელოვანი ინციდენტი ქართველებსა და აფხაზებს შორის (გარდა გუდაუთიდან რამდენიმე ქართული ოჯახის გულრიფშის რაიონში იძულებითი გადასახლებისა), რაც უპრეცედენტო იყო რეგიონის ბოლო ათწლეულების ისტორიაში.

 

6. სახელმწიფო გადატრიალება

“დიქტატორი გამსახურდიას” და „დემოკრატიული რევოლუციის” კლიშეები გადაჭარბებული ხმარებისაგან იმდენად გაცვდა, რომ გამოყენებისათვის სავსებით უვარგისია, თანაც „დემოკრატიული რევოლუცია” სხვა მოვლენის აღსანიშნავად არის დარეზერვებული. ახლა „90-იანი წლების დასაწყისის ცნობილ მოვლენებზე” და „უუნარო ხელისუფლებაზე” საუბრობენ, თანაც სიტყვა „ცნობილმა” რაღაც იდუმალი დატვირთვა შეიძინა, როგორც ჩანს იმის მისაჩქმალავად, რომ ამ „მოვლენების” ჭეშმარიტი არსი ბევრისათვის უცნობია (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილისათვის). მოკლედ რომ ვთვქათ, თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია[35] საქართველოში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას ერთ დიდ და სამწუხარო გაუგებრობად ასაღებს, რომლის ძირითად მიზეზად ხელისუფლების უუნარობა სახელდება.

ჩვენ კი რატომღაც პირიქით გვგონია: ამ გადატრიალების ძირითადი მიზეზი სწორედ ის უნარი იყო, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მოსკოვიდან შექმნილი ურთულეს პრობლემებთან გამკლავებისას გამოამჟღავნა, რაზეც ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ.[36]

დაუშვებელი გამარტივება იქნებოდა, ყველაფერი მხოლოდ გარეშე და შინაური მტრების სიძლიერით აგვეხსნა. რადგან ამ მოვლენებში ჩვენმა სისუსტემაც იჩინა თავი. აი რას ვგულისხმობთ: საბჭოთა კავშირში გაზრდილი ქართველების უმრავლესობისათვის ნაცნობია ეროვნული იზოლაციის სრულიად განსაკუთრებული, გამძაფრებული გრნობა და ის სწრაფვა დასავლეთისაკენ, რომელიც ასე ბუნებრივი იყო „რკინის ფარდის” უკან, ცივილიზებული სამყაროს მიღმა დარჩენილი ადამიანებისათვის. სწორედ ეს აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების აქილევსის ქუსლი. მოწინააღმდეგემ კარგად მიაგნო ამ სუსტ წერტილს და ის მეთოდური დარტყმების სამიზნედ აქცია. თანამედროვეთა უმრავლესობას კარგად ახსოვს პუტჩისტური პროპაგანდის ლოზუნგები: „გამსახურდიამ მოუქნელობითა და რადიკალიზმით ყველა გადაიმტერა”, „გამსახურდიას საქართველოს არავინ არ აღიარებს”, „გამსახურდია იზოლაციონისტია”… ცალკე აღებული, ეს იდეოლოგია შედეგს ვერ მიაღწევდა. რომ არა დასავლეთის ცინიკურ-უტილიტარული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ[37]. ახლა ხომ დღესავით ნათელია, რომ მტრები ზვიად გამსახურდიას „რადიკალიზმმა” კი არა, თვით დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვამ გაგვიჩინა, რადგან „გეგმებში არ ეწერებოდა”; რომ იზოლაციაში გამსახურდიას საქართველო კი არა, საფარმურად ნიაზოვის თურქმენეთიც კი არ მოუქცევიათ. ურემი რომ გადაბრუნდებაო… თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ბევრს ურემის გადაბრუნებამაც ვერ უშველა. ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ ორსაუკუნოვან იზოლაციაში მოქცეული ქართველობაზე ამ პროპაგანდამ დამთრგუნველი ზეგავლენა მოახდინა.. ორი წლის მუდმივი დაძაბულობით გამოწვეული საერთო გადაღლილობის ფონზე მოსახლეობაში აპათია გაძლიერდა, განსაკუთრებით – თბილისში. აპათია კი პუტჩისტების საუკეთესო მოკავშირე აღმოჩნდა – რა თქმა უნდა, ЗакВО-ს ნაწილებთან ერთად[38]. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას მისი ერთადერთი „სახელისუფლებო რესურსი” – მოქალაქეთა აქტიური და ქმედითი მხარდაჭერა გამოაცალეს. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო… გამოფხიზლებული ხალხის მრავალათასიანი საპროტესტო მანიფესტაციები, რომლებიც გადატრიალებას მოჰყვა, უმოწყალოდ დახვრიტეს. „დემოკრატებად” გარდაქმნილმა კომუნისტებმა ეშვები გამოაჩინეს[39].

ჩვენ შეგნებულად შემოვიფარგლებით სახელმწიფო გადატრიალების მხოლოდ იმ შედეგების განხილვით, რომელმაც კატასტროფული გავლენა იქონია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე..

• გადატრიალების პირველი დღიდანვე ქვეყანაში კრიმინალურთან ერთად, სამართლებრივმა ქაოსმა დაისადგურა. „სამხედრო საბჭომ”[40] გაუქმებულად გამოაცხადა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ყველა ორგანო უზნაესი საბჭოს ჩათვლით და რაც მთავარია, გააუქმა მოქმედი კონსტიტუცია[41] – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი სამართლებრივი გარანტი. საქართველომ სეპარატისტული შემოტევებისაგან თავის დაცვის იურიდიული მექანიზმი დაკარგა.

• “სამხედრო საბჭოს” ერთერთი პირველი „დეკრეტით” რუსულ (საბჭოთა) ჯარს საოკუპაციო სტატუსი მოეხსნა. რუსული არმიის გაყვანის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა. ასაბარგებლად გამზადებული „ვანია” მომრიგებელ მოსამართლედ მოგვევლინა[42].

• აღმოჩნდა, რომ უზურპატორების ერთადერთი სახელისუფლებო ატრიბუტი „კალაშნიკოვია”, ხოლო რეგიონებთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმა – „მხედრიონის” სადამსჯელო რეიდი. ამან თითქმის სრული დეზინტეგრაცია გამოიწვია. ქვეყანა სოფლებად, უბნებად, ქუჩებად დაიშალა[43].

• ამ პირობებში ახალი დაუმორჩილებელი რეგიონები წარმოიქმნა სამეგრელოსა და აჭარაში (თუმცა ერთიმეორესგან არსებითად განსხვავებული მოტივებით). თბილისში სრული სერიოზულობით „აჭარულ” და „მეგრულ” სეპარატიზმზე ალაპარაკდნენ (რამაც ალბათ „მომაკვდინებლად” იმოქმედა ნამდვილ სეპარატისტებზე). ქართულმა ნიჰილისტურმა „ელიტამ” ეს ქართველების „ტრაიბალიზმისა” და „ფეოდალური პარტიკულარიზმის” გამოვლინებადDმონათლა. რუსულ ტანკებს ამოფარებული ასლან აბაშიძის დემაგოგიურ განცხადებებს „აჭარის ქაოსისაგან ხსნის” შესახებ უზურპატორებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ვერც დაუპირისპირებდნენ. სამეგრელომ კი, რომელმაც კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების ფორპოსტის როლი იტვირთა, მოკლე ვადაში ხუთი სრულმასშტაბიანი სადამსჯელო ექსპედიცია გადაიტანა.

• ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირებული „ჰარმონიის” ნაცვლად ქვეყანა რუსული ჩექმის შემყურე დარჩა. ამ პერიოდის ყველაზე უფრო ქმედითი დახმარება, რომელმაც დასავლეთმა გაგვიწია, სახელმწიფო მდივნის, ჯიმ ბეიკერის[44] „მხედრიონში” გაწევრიანება იყო, რომელიც 26 მაისს, საპროტესტო მიტინგის დარბევის პარალეურად ჩატარდა.

რა უნდა დაეპირისპირებინა მორალურად, მატერიალურად და იურიდიულად განიარაღებულ ქვეყანას სეპარატისტებისათვის? აღწერილი მოვლენების ფონზე ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს.

6.1 ცხინვალის რეგიონი

გადატრიალების შემდეგ რეგიონში საომარი მოქმედებები ინერციით გაგრძელდა. ქართული მოსახლეობის გმირული ძალისხმევისა და გვარდიის ნაწილების – როგორც ჩანს, „ცენტრთან” შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად 1992 წლის ივნისში ცხინვალი თითქმის ქართული ძალების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. მოვლენების ასეთი არასასურველი განვითარება შევარდაძემ სოჭის კაპიტულაციის ხელმოწერით შეაჩერა (1992 წლის 24 ივნისი). რეგიონის კონტროლი მთლიანად რუსული არმიის ხელში გადავიდა.

6.2 აფხაზეთი

ცხინვალში კონფლიქტის „მოგვარების” შემდეგ აფხაზეთის ჯერი დადგა. გადატრიალების შემდეგ მთელი აფხაზეთი, განსაკუთრებით სოხუმი, საპროტესტო გამოსვლების ტალღამ მოიცვა. შეიქმნა ეროვნული დაუმორჩილებლობის შტაბი, რომელიც რეალურად აკონტროლებდა სიტუაციას. სარკნიგზო დეპო გაიფიცა. აფხაზურმა მხარემ ჩაურევლობის ფრთხილი პოლიტიკა აირჩია. არძინბა აცხადებდა, რომ „ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად”.

1992 წლის თებერვლის დასაწყისში, სამეგრელოს „აღების” შემდეგ, გ.ყარყარაშვილი ზუგდიდში სოხუმიდან ჩასულ შერეულ ქართულ-აფხაზურ დელეგაციას შეხვდა და რკინიგზის გახსნა მოსთხოვა, შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი ქართველები დააიმარტოხელა და უთხრა: „რკინიგზა არ გახსნათ. მე ამას მიზეზად გამოვიყენებ და სოხუმში შემოვალო”. დელეგაციაში შემავალი დაუმორჩილებლობის შტაბის წევრები შეშფოთდნენ და დეპოს მუშებს ურჩიეს, რკინიგზა გაეხსნათ. ამის მიუხედავად ყარყარაშვილის დაახლოებით ასკაციანი რაზმი სოხუმში მაინც შემოვიდა და „ტურბაზაში” დაბანაკდა. რამდენიმე დღის შემდეგ ამ რაზმმა ბ.კაკუბავას თანხლებით მდ.ფსოუმდე გაისეირნა, იქ ქართული დროშა აღმართა, ფსოუს წყლით საქართველოს სადღეგრძელო მიირთვა და უკან დაბრუნდა. მთელი ვოიაჟი მეგაფონების თანხლებით მიმდინარეობდა, რაც ალბათ მაღალი საბრძოლო განწყობილების დემონსტრაციას ემსახურებოდა. ეს პირველი პროვოკაცია ისე დასრულდა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია…

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული ფრაქცია, რომელსაც ეროვნული ხელისუფლების ჩანაფიქრით სეპარატისტების შემაკავებელი პირველი ჯებირის როლი დაეკისრა, ამ ფუნქციას თავს ვერ ართმევდა. გადატრიალების შემდეგ, დევნილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა სოხუმში გამართულ შეხვედრაზე მათ თბილისში მომხდარი მოვლენების განხილვა და შეფასება მოსთხოვეს. ავტონომიის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ამ საკითხის განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში შედეგიანი იქნებოდა: გადატრიალების აღიარება კანონიერი ხელისუფლების მიმართ ლოიალობის გამოცხადებას ნიშნავდა, ხოლო ასეთი კვალიფიკაციის მოუცემლობა – დე ფაცტო რეჟიმის აღიარებას უტოლდებოდა. ორივე შემთხვევაში სეპარატისტები მანევრის საშუალებას კარგავდნენ. ქართულმა ფრაქციამ, თითო-ოროლა ადამიანის გარდა, ამას უმოქმედობა ამჯობინა, რამაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზე აშკარად ნეგატიური გავლენა იქონია.

ყარყარაშვილის ექსპედიციამ არა თუ შეანელა, პირიქით – გააძლიერა კიდეც ქართული მოსახლეობის სამოქლაქო დაუმორჩილებლობა, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, გარდა სამართლიანობის და ღირსების შელახული გრძნობისა, მოახლოებული კატასტროფის განცდაც იყო (განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში კაპიტულაციის შემდეგ). პარალელურად, უმაღლესი საბჭოს ქართული ფრაქციის უმოქმედობამ ზაფხულისათვის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ბოიკოტის სახე შეიძინა. ამან არძინბას ადმინისტრაციას ხელ-ფეხი გაუხსნა, რაც თბილისთან პირდაპირი ანალოგიით, ავტონომიის მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებასა და ე.წ. 1925 წლის კონსტიტუციის ამოქმედებაში გამოიხატა (1992 წლის ივლისი). ცხადია, რომ „სახელმწიფო საბჭომ”[45] ამას სამართლებრივი თვალსაზრისით ვერაფერი დაუპირიპირა.

ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. აგვისტოში, რკინიგზის დაცვის[46] მოტივით, ქართული საჯარისო ფორმირებები ავტონომიის ტერიტორიაზე შევიდნენ, პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს სოხუმი და…შეჩერდნენ, თითქოს რკინიგზის მაგისტრალი სოხუმში მთავრდებოდა. ამ ექსპედიციას ყარყარაშვილის რაზმის მარშრუტის გამეორება არც კი უცდია.

სიტუაციის შემდგომი განვითარება ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ფინალი კი ისეთივეა, როგორც ცხინვალის რეგიონში: სოჭის კაპიტულაცია (1993 წლის 27 ივლისი), რომელმაც ქართული საჯარისო ფორმირებები განაიარაღა, და ტერიტორიის რუსეთის (და არა სეპარატისტების) კონტროლს დაქვემდებარება, ოღონდ ქართული მოსახლეობისათვის შეუდარებლად უფრო დიდი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფის თანხლებით.

ჩვენ ვამტკიცებთ:

• აბსურდულია მოსაზრება, თითქოს აფხაზეთში შესვლა ქართული მოსახლეობის დასაცავად განხორციელდა. შესვლის მომენტისათვის აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას სეპარატისტების მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ პრობლემის მოგვარება სხვანაირად შეიძლებოდა, მაგალითად – მკვიდრი ქართული მოსახლეობის შეიარაღებით და არა „მხედრიონის” შეყვანით. მაგრამ ეს არ მოხდა. შევარდნაძის რეჟიმის უნდობლობის ხარისხი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ იმდენად მაღალი იყო, რომ მოსახლეობისათვის იარაღის დარიგებას შემდგომში გაჩაღებული ომის დროსაც კი, ბოლომდე ერიდებოდნენ.

• შევარდნაძის რეჟიმის სამხედრო კონტროლის ქვეშ ძირითადად ქართველებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები მოექცა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზანი ქართული მოსახლეობის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დათრგუნვა იყო (ისევე, როგორც სამეგრელოში) და არა სეპარატისტების ალაგმვა.

• თქმა იმისა, რომ „აფხაზეთში რუსეთმა მოგვატყუა”, საკუთარი იდიოტიზმის აღიარების ტოლფასია – თითქოს რუსეთთან ურთიერთობის პირველ შემთხვევაზე იყოს საუბარი! როგორ მოგვატყუა? დაგვპირდა – არ ჩავერევიო და ჩაერია?[47] თეორიულად ამის დაჯერება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, (ანუ იმისა, რომ შევარდნაძე და მისი იმდროინდელი გარემოცვა სრული იდიოტები არიან) რომ არა ცხინვალის რეგიონში განხორციელებული კაპიტულაციის აქტი. აფხაზეთის ავანტიურას ხომ ცხინვალის კაპიტულაცია უსწრებდა წინ. ადამიანს, რომელსაც შევარდნაძის იდიოტიზმში ეჭვი ეპარება, საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს იმისა, რომ მთელი ეს სამხედრო ოპერაცია აფხაზეთის რუსეთისათვის ჩაბარებას ისახავდა მიზნად.

 

7. დევნილი კანონიერი ხელისუფლება
გადატრიალების შემდეგ არც პრეზიდენტ გამსახურდიას და არც საქართველოს უზენაეს საბჭოს უფლებამოსილება არ მოუხსნია და დევნილობაში აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე თვით ამ ფაქტს უბედურების სათავედ აცხადებს. ასეთებს შევახსენებთ: საქმე გვაქვს არა თავისუფალ ქვეყანაში მომხდარ სასახლის კარის გადატრიალებასთან, რომლის მიმართაც მოქალაქეთა უმრავლესობა გულგრილია; საქმე ეხებოდა დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელ, ბოლშევიკურ იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში იყო ჩაბმული. ის, ვინც ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, შეგნებულად თუ შეუგნებლად ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფო აქცია სამიზნედ და არა ზვიად გამსახურდია[48]. ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ, ერთადერთ სწორ დასკვნას გავაკეთებთ: იმ პირობებში გადადგომა ხელისუფლებისათვის ბრძოლაზე ხელის აღებას კი არ ნიშნავდა, არამედ გარეშე მტერთან კაპიტულაციას.[49] და მის მიერ დაყენებული „ნამესტნიკის” აღიარებას.

(1992 წლის 6 იანვარი – 1993 წლის 31 დეკემბერი)

დევნილობაში პრეზიდენტ გამსახურდიას და უზენაესი საბჭოს მოქმედების მთავარი მიზანი შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკის მხილება და დანაშაულებრივი რეჟიმის შინაური და საერთაშორისო იზოლაცია იყო. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ამ პერიოდის არცერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის სეპარატისტების მიერ აფხაზეთში მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაც, რომელიც პრეზიდენტმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს იყო თბილისში შექმნილი საკონსტიტუციო ვაკუუმის შევსების მცდელობა, რაც უპასუხოდ დარჩა ორივე მხრიდან[50]. ასევე უპასუხოდ დარჩა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და სიტუაციის შერეული, ქართულ–აფხაზურ–ჩეჩნური ძალებით გაკონტროლების შესახებ, რაც მიზნად კონფლიქტიდან რუსული ფაქტორის გამორიცხვას ისახავდა.

აქ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ აფხაზეთის ომში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის” ეგიდით ჩეჩნების მონაწილეობას, ვინაიდან ეს უსიამოვნო ფაქტი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ქვაკუთხედი გახდა. ამ პროპაგანდას სხვა, უფრო გრძელვადიანი მიზანიც ჰქონდა: მას უნდა აღედგინა ის საუკუნეებით ნაშენები გაუცხოება ჩვენსა და კავკასიონის გადაღმა მცხოვრებ მოძმე, იმპერიასთან ბრძოლაში ბუნებრივად მოკავშირე ხალხს შორის, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და ჯოჰარ დუდაევმა ერთი ხელის დაკვრით ხუხულასავით დაშალეს[51].

• ომის საწყის ეტაპზე ჩრდილოკავკასიელთა შორის „კონფედერაციამ” მართლაც მოახერხა აფხაზების მიმართ ხანმოკლე თანაგრძნობის ტალღის აგორება. რომელიც ჩეჩნეთსაც მისწვდა. ამ თანაგრძნობის ემოციურ საფუძველზე უკვე ვისაუბრეთ. მისი ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შევარდნაძის რეპუტაციაც იყო, რომელიც მთელს კავკასიაში რუსული ხიშტებით დასმულ სატრაპად აღიქმებოდა, და არა დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერად. თუმცა ეს ტალღა მაშინვე ჩაცხრა, როგორც კი გაირკვა, თუ ვის მხარეს გამოდიოდა რუსეთი ამ კონფლიქტში. ეს კი ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში გაირკვა.

• ჩვენი მონაცემებით, აფხაზეთში ომის სხვადასხვა ეტაპზე ჩეჩენ „ბოევიკთა” რიცხვი 100 – 120 კაცს არ ასცილებია, დაღუპულთა რიცხვმა კი 10 –15 კაცი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ გამოიყურება ყაბარდოელების, ადიღელებისა და თუნდაც, ჩვენი თანამოქალაქე სომხების მონაწილეობასთან შედარებით (მხოლოდ ე.წ. „ბაგრამიანის სახელობის დივიზიაში”, რომლის სინდისზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მრავალი შემთხვევაა, 2000-ზე მეტი ადამიანი იბრძოდა, ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ომის დაწყებამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ სახლობდა)[52]. აღარაფერს ვამბობთ რუსულ სადესანტო დივიზიებსა და ავიაციაზე.

• ჩეჩენ „ბოევიკთა” უმრავლესობა ამ ტერმინის შესაბამისი რეპუტაციით სარგებლობდა თავად ჩეჩნეთში (ამათ ხშირად „მაროდიორებადაც” იხსენიებდნენ). იგულისხმება ადამიანი, რომელიც დამქირვებლის ინტერესებისათვის იბრძვის და არა პრინციპებისათვის. იყო სხვა ხალხიც, მათ შორის ყველაზე ოდიოზური – შამილ ბასაევი, რომელიც ჯოჰარ დუდაევის არა თუ მოკავშირე არ ყოფილა, რამდენჯერმე ღიადაც კი დაუპირისპირდა მის ხელისუფლებას, მართალია – ჩეჩნეთში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე[53].

• ზვიად გამსახურდიას გროზნოში ყოფნა რომ არა, ჩეჩენ მონაწილეთა რიცხვი სავარაუდოდ, ერთი რიგით უფრო მაღალი იქნებოდა.

ახლა ერთ საჩოთირო საკითხზეც უნდა შევჩერდეთ, რომელიც აფხაზეთის ომში კანონიერი ხელისუფლების ერთგული ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და მათი მეთაურის, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას მონაწილეობას ეხება. ამ „მონაწილეობა – არმონაწილეობის” ირგვლივ იმდენი ბრალდება დაგროვდა, ადამიანი იფიქრებს – შევარდნაძემ აფხაზეთის სამხედრო ავანტიურა ქობალიას იმედად წამოიწყოო. ჩვენ არ ვაპირებთ ქობალიას მხედრული მონაცემების გაანალიზებას, ან მის ადვოკატობას. დღესავით ნათელია, რომ ამ ბრალდებების მთავარი სამიზნე არც ქობალიაა და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ფორმირება, არამედ ზოგადად სამეგრელოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზეა „მინიშნება” [54].

• საუბარია სამეგრელოს მრავალჯერადი დარბევის საპასუხოდ, სრულიად სპონტანურად წარმოქმნილ თავდაცვით რაზმზე, რომელსაც მოგვიანებით პრეზიდენტმა გამსახურდიამ კანონიერი გვარდიის სტატუსი მიანიჭა. რა გასაკვირი იქნებოდა, ამ რაზმს „აფხაზურ ხაფანგში” (ტერმინი ჩვენი მოგონილი არ არის) თავის შეყოფის შეთავაზებაზე სიფრთხილეც რომ გამოეჩინა?

• სინამდვილეში ამ რაზმს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისაგან თავი არ შეუკავებია. მეტიც, ამ რაზმის ძალებით მოხდა ტამიშის რუსული დესანტის განადგურება , რაც ამ ომში წარმატებულად განხორციელებული ლამის ერთადერთი საბრძოლო ოპერაციაა. ალყაშემორტყმული სოხუმის დებლოკირების (საუბედუროდ – უშედეგო) მცდელობის მთავარი სიმძიმეც ამ რაზმს დააწვა.

• ეს რაზმი არ იყო კანონიერი ხელისუფლებისადმი ლოიალური ერთადერთი ფორმირება, რომელიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდა. ამის ერთერთი მაგალითი სოხუმის ბატალიონია, რომელსაც სოსო ჯომიდავა მეთაურობდა. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ შევარდნაძის რეჟიმის მიერ მოსახლეობის შერჩევითი ნიშნით შეიარაღების პოლიტიკაზე.მრავალი პატიოსანი მოქალაქისათვის „მხედრიონში” ან კიტოვანის გვარდიაში გაწევრიანება, რაც იარაღის მიღების ძირითად საშუალებად რჩებოდა, გადაულახავ ზნეობრივ ზღუდედ იქცა.

პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება მოწინააღმდეგეთათვის დღესაც დაუსრულებელი სპეკულაციის საგანია. მათი ძირითადი მამოძრავებელი ძალა სიმართლის მიჩქმალვის სურვილია, რომელიც მიტაცებული ხელისუფლების დაკარგვის შიშმა გაამძაფრა.

დაბრუნების მიზანი მაქსიმალური სიცხადით თავად ზვიად გამსახურდიამ ჩამოაყალიბა. ეს მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იყო[55]. ოპონენტები ამას პოლიტიკურ რიტორიკად ნათლავენ და ჩამოსვლის ჭეშმარიტ მიზეზად პოლიტიკური რევანშის სურვილს ასახელებენ. ეს ბუნებრივია, რადგან მათთვის სხვა მოტივაცია მიუწვდომელია. თუმცა ის მაინც უნდა იყოს გასაგები, რომ „რევანშისტი” ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს არ ჩამოვიდოდა და მათ მიერ წაგებული ომის შემობრუნებას არ ეცდებოდა.

როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ, პრეზიდენტი გამსახურდია ოჩამჩირის 24-ე ბრგადის შტაბში მეთაურებს[56] ხვდებოდა, რათა ფრონტის რღვევა როგორმე შეეჩერებინა, ჭეშმარიტი რევანშისტი კრწანისის რეზიდენციაში იყო მოკალათებული და საკუთარი სავარძლის გადასარჩენად საქართველოს СНГ-ში შეყვანის გეგმებს აწყობდა.

სამწუხაროდ, გადატრიალების შემდეგ გასული წელიწადნახევარი მორალური და მატერიალური თვალსაზრისით იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას თავგანწირვამ საქმე ვეღარ გამოასწორა.

გაპარტახებულ ქვეყანაში, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე, კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ბუნებრივი პროცესი დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი შევარდნაძის რეჟიმის სრული პოლიტიკური გაკოტრება იყო[57]. თავის დროზე ქვეყნის იზოლაციიდან გამოსაყვანად ჩამოყვანილი „მსოფლიო რანგის პოლიტიკოსის” ისტერიულმა მხარდამჭერებმა ფილარმონიის დარბაზიც კი ვერ შეავსეს. ზუგდიდში თბილისიდან გამოქცეულ, თანამდებობის მაძიებელ მედროვეებთან ერთად საერთაშორისო „მომრიგებლებიც” გამოჩნდნენ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს პროცესი ისევე უსისხლოდ დამთავრდებოდა, როგორც დაიწყო, რომ არა „რკინიგზის გახსნის” მოტივით მოპატიჟებული ადმირალ ბალტინის მისია, რომელშიც შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე მძლავრი საბრძოლო ხომალდი და 10-ათასიანი „შეზღუდული კონტიგენტი” მონაწილეობდა[58].

ამ ნაბიჯის გადადგმით შევარდნაძემ თაყვანისმცემელთა და მოწინააღმდეგეთა ყველაზე უფრო „გაბედულ მოლოდინსაც” კი გადააჭარბა. ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთპიროვნულ ფეხქვეშ გათელვას და კანონიერი ხელისუფლების ხელმეორე ლიკვიდაციას მინიმუმ, აფხაზეთის რეგიონში status quo-ს აღდგენა უნდა მოჰყოლოდა თითქოს. აღმოჩნდა, რომ СНГ-ში შესვლის საფასურად რეკორდულად მაღალი კომპენსაცია – მარაზმული მმართველობის 10 წლით გახანგრძლივება მივიღეთ.

 

8. დღევანდელი მდგომარეობა

ტერმინი „გაყინული კონფლიქტი”, რომელსაც დღეს ფართოდ ვიყენებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის აღწერისას, სინამდვილეს მხოლოდ ცალმხრივად შეესაბამება, ვინაიდან ქართული მხარის სრულ უმოქმედობას აღწერს მხოლოდ. რაც შეეხება რუსეთს, მას ერთი დღითაც კი არ შეუჩერებია აქტიური ქმედება. სამხედრო ოკუპაციის დამთავრების 13-14 წლის თავზე ამ რეგიონების პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ათვისების პროცესი თითქმის დასრულებულია. დე ფაცტო განხორციელებულ ანექსიას დე ჯურე გაფორმება აკლია მხოლოდ. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონებში მოსახლეობის ახალი თაობა გაჩნდა, რომლებსაც ქართველებთან თანაცხოვრების არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მკვეთრად აფხაზეთშია გამოხატული და თანდათან შეუქცევად ხასიათს იძენს. რაც მთავარია, რუსეთმა თავის მთავარ მიზანს მიაღწია – საქართველოს მუდმივად გაორებულ და დათრგუნულ მდგომარეობაში ამყოფებს, რაც შედეგებით ტერიტორიების დაკარგვაზე უფრო დამანგრეველია.

 

9. რუსული ფაქტორი

“არსად იმდენს არ მსჯელობენ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, როგორც ჩვენში, და არსად იმდენი შეცდომა არ დაუშვიათ ამ მიმართულებით, როგორც ჩვენში.”[59] 1921 წელს გამოთქმული ეს მოსაზრება ზუსტად ასახავს მდგომარეობას, რომელშიც დღესაც ვიმყოფებით. ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს რუსეთთან დამოკიდებულების მაგალითზე: თავი რომ დავანებოთ ამ ურთიერთობის ორსაუკუნოვან ისტორიას, თუნდაც ბოლო წლებში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება ცალსახა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

სადავო არ უნდა იყოს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას რუსული პოლიტიკა დიამეტრალურად განსხვავდება შევარდნაძისეულისაგან. აქ პიროვნებათა მიმართ სიმპათია – ანტიპათიაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ცდისეულ ფაქტზე. მცირედი გამარტივებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ორ პოლარულ წერტილთან, რომლებიც შესაძლო დამოკიდებულებათა მთელ სპექტრს საზღვრავს. ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის ოფიციალური სამოქმედო დოქტრინად შევარდნაძემ „მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაცია” გამოცხადდა[60], რაც კონფლიქტის ძირითადი მხარისათვის – რუსეთისათვის – მედიატორისა და მშვიდობისმყოფელის როლის მინიჭებაში გამოიხატა. ეს არ იყო ერთი უპრინციპო ადამიანის პოლიტიკა; ეს იყო შეგნებული, კონცეპტუალური მიდგომა – სხვათა შორის, საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილის მიერ გაზიარებული და მხარდაჭერილი. ამის იქით მხოლოდ რუსეთთან ახალი „воссоединение”[61] რჩებოდა, რისთვისაც თავად რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა უფრო მოუმზადებელი აღმოჩნდა, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

საკუთარი პოლიტიკის ამ პოლარული წერტილებიდან დისტანცირებისა და განსხვავებულ განზომილებაში პოზიციონირების მცდელობა, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაცია პირველივე დღიდან მიმართავს, ცოტა არ იყოს, კომიკურად გამოიყურება, რადგან ჯერჯერობით, რიტორიკის მიუხედავად, ისევ „მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის” ძველ დოქტრინას ეყრდნობა.

შეცვალა თუ არა ამ პოლიტიკამ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ამ კითხვაზე პასუხს რუსულ ოფიციოზში საქართველოს მიმართ გაჩაღებული საინფორმაციო ომი იძლევა. სააკაშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორები სერიოზულად საუბრობენ ანტირუსული პოლიტიკის მემკვიდრეობითობაზე (!), რომელიც გამსახურდია–შევარდნაძე–სააკაშვილის მმართველობას გასდევს. ამ აბსურდის ასახსნელად რუსული „დერჟიმორდობისა” და „გონებაშეზღუდულობის” მოშველიება არასწორი იქნებოდა. ეს არის დამოკიდებულება ქვეყნის, და არა მისი მთავრობის მიმართ[62].

ერთი შეხედვით ეს დამოკიდებულება ირაციონალურია და პოსტსაბჭოურ სივრცეში უმაგალითო. თვით უკრაინის მიმართაც კი რუსეთის პოლიტიკა არ არის ისეთი აგრესიული, როგორც საქართველოს მიმართ. პოლიტიკის მემკვიდრეობითობა სწორედ აქ არის და არ იქ, სადაც ზემოთ ნახსენები ფილმის ავტორები ეძებენ. საქმე იმაშია, რომ რუსეთისათვის მიუღებელი თვით დამოუკიდებელი საქრთველოს იდეაა, რომელსაც რუსეთი მადესტაბილიზირებელ ფაქტორად აღიქვამს. ამის ძირითადი მიზეზი კავკასიის გადაღმა, ჩრდილო-კავკასიელი ხალხების განწყობაში უნდა ვეძებოთ, რომელთათვის დამოუკიდებელი საქართველო არსებობა თავისთავად უმძლავრესი სამოქმედო სტიმულია. არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ ახდენს მსგავსი სახის ზეგავლენას მის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიებზე[63]. ასეთია გეოპოლიტიკური მოცემულობა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა. რუსეთის დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ ძირითადად ამ მოცემულობითაა მოტივირებული და არა ირაციონალური, ემოციური ხასიათის სხვა მიზეზებით.

აქედან გამომდინარე, გულუბრყვილოდ მიგვაჩნია მოლოდინი, თითქოს სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით შესაძლებელი იყოს ამ დამოკიდებულების შეცვლა, რაც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება[64]. ეს მიმართულება მთლიანად ამოწურულია და ცდისეული სიზუსტით შეიძლება უშედეგოდ ჩაითვალოს. ერთადერთი გამოსავალი (თუ არ ჩავთვლით ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას) საქართველოს შინაურ საქმეებში რუსული ჩარევის ფარულიდან ღია ფორმაში გადაყვანაა.[65] ვგულისხმობთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალური აღიარებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გადადგმულიყო: შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებში – პირველ რიგში გაეროში – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და ანექსიის შესახებ საკითხის დასმას. აღარაფერს ვამბობთ ეთნიკურ წმენდაზე, რომლის მასშტაბი უპრეცედენტოა ომისშემდგომი ევროპისათვის. ცხადია, რომ შევარდნაძეს, რომელმაც ხელისუფლება რუსული ხიშტის დახმარებით მოიპოვა და შეინარჩუნა ეს ფიქრადაც კი არ მოსვლია. ჩვენ არ გვინდა მოვლენებს გავუსწროთ, არც ელვისებური სისწრაფის წარმატების მოლოდინში ვართ, თუმცა „ვარდების რევოლუციის” შემდეგ საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა დამთავრებულიყო. შედეგი კი ისაა, რომ სამარცხვინოდ ჩაფლავებული ცხინვალის „ჰუმანიტარული შტურმის”[66] შემდეგ ისევ ძველ და ნაცად „მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის” კალაპოტში მოვექეცით, რასაც თავდაცვის მინისტრის ომახიანი განცხადებები (ალბათ გულწრფელი) ვერანაირად ვერ ამსუბუქებს.

ნათელია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციას ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელს ობიექტურთან ერთად, სუბიექტური ხასიათის წინაარმდეგობებიც უშლის (იქნებ, უფრო მეტადაც). მართლაც, რუსეთის კონფლიქტის მხარედ აღიარების მოთხოვნისას ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ გაჩნდა ეს მოთხოვნა კონფლიქტის აქტიური ფაზის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ? პასუხი ამ კითხვაზე, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ხმამაღლა ძნელი სათქმელია, რადგან 1992 წელს მომხდარი სამართალწყვეტისა და ხელისუფლების უზურპაციის აღიარებას მოითხოვს. ოფიციალურად უნდა გაცხადდეს, რომ რუსეთის საქართველოს შინაგან საქმეში ჩარევა აფხაზეთში კი არ დიწყო, არამედ „90-იანი წლების ცნობილი მოლენებისას”. ეს კი ოფიციალურ დოქტრინას ეწინააღმდეგება (თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს). ამას ვგულისხმობდით, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგების ლიკვიდაციის პრაქტიკულ აუცილებლობაზე ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, სუბიექტური ხასიათის ეს წინააღმდეგობა ჯერჯერობით გადაულახავია: ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია (წამყვანი თუ არა) ხელისუფლებაში ის ელემენტი, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში პირადი მონაწილეობა აქვს მიღებული.

ახლა ობიექტური ხასიათის წინააღმდეგობებს დავუბრუნდეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსკოვი მეთოდურად აძლიერებს საქართველოზე პირდაპირ დაწოლას (ტერიტორიის დაბომბვა, სამხედრო პროვოკაციები, ახალი სეპარატისტული კერების შექმნის მცდელობები, საერთაშორისო დისკრედიტაციის კამპანია, სავიზო რეჟიმი, ცალმხრივი სავაჭრო ბლოკადა, სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა და ა.შ.). ერთადერთი გამოუყენებელი იარაღი, რომელიც რუსულ არსენალში დარჩა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასიური დეპორტაციაა[67]. ეს მართლაც მძიმე არგუმენტია: განხორციელების შემთხვევაში საქართველოს დაახლოებით 1 მლნ. უმუშევარი მოქალაქე დაუბრუნდება, რაც მთლიან ეროვნულ შემოსავალში უხეში შეფასებით 1 – 1.5 მლრდ აშშ დოლარის დანაკლისში აისახება. ღირს თუ არა ამ დანაკარგებზე[68] წასვლა? ამ კითხვას ყველა მოქალაქემ თავად უნდა უპასუხოს, ოღონდ მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ საქმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ გადსადგმელ აუცილებელ ნაბიჯს ეხება. პასუხი მარტივია – თუ გვიღირს, გადავდგათ! თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი „ეკონომიკური სტაბილურობაა”, პატიოსნად ვაღიაროთ ეს და „აფხაზეთში დაბრუნება” აქტიური პოლიტიკის სფეროდან სადღეგრძელოების რეპერტუარში გადავიტანოთ (ვშიშობთ, რომ ეს კარგა ხანია უკვე ასეა). ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული აქვს. სხვანაირად რომ იყოს, СНГ-ში „ყოფნა–არყოფნის” [69] ეკონომიური მიზანშეწონილობის ანგარიში თვეობით არ გაიჭიმებოდა, ვიდრე ყველას არ მიავიწყდებოდა, რუსი „მშვიდობისმყოფელებისათვის” სტატუსის გაგრძელება–არგაგრძელების საკითხის მსგავსად, რომელიც ლამის ფილოსოფიის „წყეული შეკითხვების” რანგში ავიყვანეთ.

ამ პრობლემებთან შედარებით რუსეთის კონფლიქტის მხარედ აღიარება – აქედან გამომდინარე ყველა შედეგით – მართლაც შეუდარებლად უფრო რადიკალური ნაბიჯია რადგან რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომ ზრდას უკავშირდება. თუმცა ამის გარეშე წარმოუდგენლად გვეჩვენება რუსული ფაქტორის იზოლირება და შემდგომი განეიტრალება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

 

10. დასავლური ფაქტორი

დასავლეთის[70] აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაგმატულმა მიდგომამ სწრაფად ჩაანაცვლა, რაც არსებულ რეალობასთან შეგუებას და მისი საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას გულისხმობდა. თუმცა ბალტიის ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კარგა ხანს რუსეთის გავლენის სფეროდ განიხილებოდა. ამ შერჩევითმა დამოკიდებულებამ, რომელიც, ვშიშობთ, დღემდე გრძელდება,[71] გადამწყვეტი გავლენა იქონია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. უნდა ითქვას, რომ ასეთი დამოკიდებულება შევარდნაძის რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკითაც იყო გამაგრებული; მართლაც, აბსურდია, მოკავშირეს რადიკალიზმი მოსთხოვო იქ, სადაც შენ გაურკვეველი ევფემიზმებით იფარგლები.

სააკაშვილის ადმინისტრაციის დასავლური პოლიტიკა საერთოდ გამოყვანილია კრიტიკის სფეროს მიღმა. ეს შესაძლოა, ორ რამეს ნიშნავდეს: ან ეს პოლიტიკა მართლაც უალტერნატივოა, ან ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია[72]. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია პანაცეადაა მიჩნეული და რელიგიური დოგმის რანგშია აყვანილი. ფრთხილი განცხადებაც კი იმისა, რომ ეს ავტომატურად არ მოასწავებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მკრეხელობად აღიქმება[73].

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ დასავლეთის მოკავშირეობა უშედეგო ან მითუმეტეს, საზიანოა. უბრალოდ ეს მოკავშირეობა ორმხრივად შედეგიანი უნდა იყოს. მტკიცება იმისა, რომ ერაყის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობით ქართული მხედრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება, უსაფუძვლო გადაჭარბებაა. ჯერჯერობით ამ სამსახურის შესაძლო ნეგატიური სამომავლო შედეგები უფრო ადვილი დასანახია, ვიდრე პოზიტიური. ბოლოს და ბოლოს, ყველა „გაგწვრთნის და აღგჭურვავს”, თუ ეს საკუთარი, საეჭვო ღირებულების ამოცანების გადაჭრას ემსახურება მხოლოდ.

სამწუხაროა, რომ დასავლური (უფრო ზუსტად – ამერიკული) პოლიტიკური მხარდაჭერა მხოლოდ ხელისუფლების შინაგანი პოზიციების გამაგრებაზე იხარჯება. ასე იყო აქამდე და ასეა დღესაც. თეორიულად უმძლავრესი ამ პოლიტიკური მხარდაჭერის ჭეშმარიტი სიღრმე დღემდე უცნობია[74]. მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ამ მხარდაჭერას ხელშესახები შედეგის მოტანა შეუძლია. ვგულისხმობთ რუსული ფაქტორის პოლიტიკური იზოლაციას და განეიტრალებას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ამ სირღმის დასადგენად საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა გადადგას აუცილებელი პირველი ნაბიჯები. როგორც ჩანს, ამისათვის სააკაშვილის ადმინისტრაცია ამერიკელებისაგან ისრაელის დონის მხარდაჭერას ელოდება. ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა ამაოა. ჩვენს საომარს რომ სხვა არ იომებს – ესეც ცხადია. რეალური პოლიტიკური (და არა სამხედრო) მხარდაჭერა კი კატეგორიულად მოსათხოვია. ეს მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აღიარებას,Uხოლო მიტაცებული ტერიტორიების ღია ანექსიის მცდელობის შემთხვევაში – რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გარანტიას[75].

სხვანაირად ეს მოკავშირეობა ისეთივე ცალმხრივი და უნაყოფო იქნება, როგორც „მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის” პოლიტიკა[76].

 

11. პოლიტიკური სტატუსი

აბსურდულია რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიების დაყოფა მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვან ტერიტორიებად. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა თანაბარი სირთულისაა. რაც შეეხება ტერიტორიების პოლიტიკურ სტატუსს, აქ სრულიად განსხვავებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

11.1 ცხინვალის რეგიონი

“სამხრეთ ოსეთი” მკვდარშობილი პოლიტიკური და გეოგრაფიული ტერმინი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება მომავალშიც, თუ მის ხელოვნურ რეანიმაციას არ მოვახდენთ[77]. ბევრი პატრიოტულად განწყობილი მოქალაქისაგანაც კი გაიგონებთ: „ოღონდ დავიბრუნოთ და რა სტატუსიც უნდათ, ის მივცეთ.” ამ საკითხზე ნებისმიერი სახის ვაჭრობა დაუშვებლად მიგვაჩნია. ეს არც პოლიტიკური პურიზმია და არც ახირება. რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონში კომპაქტურად მოსახლე ოსები ქართულმა სახელმწიფომ ისეთივე უფლებებით უნდა უზრუნველყოს, როგორც ნებისმიერი სხვა, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. რაიმე სახის აღმატებული, ავტონომიური სტატუსის მინიჭება ყველა თვალსაზრისით დაუშვებლად მიგვაჩნია, მითუმეტეს – არსებული ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. status quo-ს აღდგენით ამის გამართლება აბსოლუტურად მიუღებელია. ძნელი სავარაუდო არაა, რომ ეს თითქმის ავტომატურად გამოიწვევს სხვა კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების (პირველ რიგში – სომხების) ანალოგიურ მოთხოვნათა ტალღას[78].

11.2 აფხაზეთი

სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა აფხაზეთში. აფხაზების ისტორიული სამშობლო აფხაზეთი, ანუ საქართველოა. ამის აღიარება ალბათ ეროვნული თვითგამორკვევის უფლებასაც გულისხმობს, რაც აფხაზებს საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ნებისმიერი სხვა ეთნიკური ჯგუფისაგან განასხვავებს. ამის გათვალისწინების გარეშე, ჩვენი აზრით, პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. გ.ყარყარაშვილის მიერ აფხაზეთის ომის დროს წამოსროლილი ფორმულა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოს მასს-მედია შემოიარა, უზნეოცაა და უნაყოფოც.[79]

რა თქმა უნდა, აფხაზთა თვითგამორკვევის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უფლება, უსაზღვრო და უპირობო არ არის. ამ უფლების განხორციელება უშუალოდაა დაკავშირებული ერთი მხრივ, მკვიდრი ქართული მოსახლეობის სრულ და უპირობო დაბრუნებასთან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.[80] დაუშვებელია, ერთი ეთნოსის თვითგამორკვევა მეორის ეთნიკური წმენდის ფონზე მიმდინარეობდეს. ამასთან ერთად, თავიდანვე მკვეთრად უნდა განისაზღვროს, რომ თვითგამორკვევა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მესამე ქვეყანასთან მიერთებას. ეს ანექსიაა და არა თვითგამორკვევა.[81]

ჩვენი აზრით, თვითგამორკვევის ამ სახით აღიარებული პრინციპი აფხაზურ (და არა რუსულ) მხარესთან რეალური მოლაპარაკების საფუძველი შეიძლება გახდეს, რადგან მომავალი პოლიტიკური სტატუსის შესაძლებლობათა მრავალფეროვან სპექტრს ქმნის[82]. რუსული ფაქტორის იზოლაციისაკენ გადადგმული ნაბიჯების პარალელურად ასეთი მოლაპარაკების წარმატების შანსი პროპორციულად გაიზრდება[83].

ბოლოს უნდა ითქვას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ დიფერენცირებული დამოკიდებულება სხვა თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი. ასეთი მიდგომა სეპარატისტებს შორის ამჟამად არსებული „სოლიდარობის” სრულ ლიკვიდაციას თუ არა, მნიშვნელოვან შესუსტებას მაინც გამოიწვევს. მხედველობაშია მისაღები ჩრდილო–კავკასიური ფაქტორიც, რომლის თავის სასარგებლოდ გააქტიურებას რუსეთი საჭიროების შემთხვევაში კვლავ ეცდება. სამწუხაროა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით არავითარ მუშაობას არ აწარმოებს და ამ ნიშნითაც თავის უშუალო წინამორბედდთან ასოცირდება[84].

 

12. ძალის გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საკმაოდ მაღალი ალბათობით უკავშირდება სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობას. ძალის გამოყენებაზე პრინციპულად უარის თქმა კაპიტულაციის ტოლფასია, თუმცა ძალის გამოყენება მხოლოდ მაშინ გახდება მართებული და მიზანშეწონილი, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგმება და მაქსიმალურად შესაძლო შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენი აზრით, ეს ალბათობა შედარებით უფრო მაღალია ცხინვალის რეგიონში, თუმცა შესაბამისად დაბალია მისი გამოყენების შესაძლო მასშტაბი. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია კონფლიქტების მოგვარების რიგითობაში.[85]

სისტემატური და თანმიმდევრული პოლიტიკური ქმედებების განხორციელებით, თუ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რესურსს სწორად და მიზნობრივად გამოვიყენებთ, რუსეთი – როგორც მინიმუმ – ვერ შეძლებს საქართველოს წინააღმდეგ ღია საომარი მოქმედების წარმოებას. ასეთი მოქმედება უცილობლად გამოიწვევს საერთო კავკასიური ომის გაჩაღებას, რაც ჩრდილო-კავკასიური მდგომარეობის გათვალისწინებით თვით რუსეთის შემდგომ დეზინტეგრაციაში გადაიზრდება. გამორიცხულია, რომ რუსეთი, რომელიც საყოველთაო აღიარებით ტერიტორიების კარგვის, და არა მოპოვების ისტორიულ ეტაპზე იმყოფება, საქართველოზე დაწოლის ბერკეტების შესანარჩუნებლად ამ მასშტაბის ავანტიურაში ჩაებას. რაც შეეხება „დროშაგაუშლელ”[86] რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას, ამის რისკი საკმაოდ მაღალია. თუმცა შეუდარებლად უფრო მაღალია ასეთ დაპირისპირებიდან წარმატებით გამოსვლის შანსი.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რად გვიღირს საქართველოს გამთლიანება და რისი გაღება შეგვიძლია ამისათვის. ეს კი არა მარტო და არა იმდენად ხელისუფლების, არამედ თვითეული მოქალაქის გადასაწყვეტი საკითხია.

 

P.S. ამ მოკრძალებული ნაშრომის დასრულების შემდეგ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა – ვგულისხმობთ ჯაშუშურ სკანდალს და მასთან დაკავშირებულ ორმხრივ რიტორიკულ კამპანიას. საქართველოს არცერთი მოქალაქე ამის გამო სერიოზულად არ შეშფოთებულა. ეს არც ჩვენს განსაკუთრებულ გულადობაზე მეტყველებს,და არც იმაზე, რომ ქვეყნის ბედი არ გვაღელვებს. ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ბოლო წლებში უტყუარი კოლექტიური ალღო გამოვიმუშავეთ, რომელიც სიმულაციის ამოცნობის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, ამ ალღომ ამჯერადაც არ გვიმტყუნა.

ერთი ახალი სიმპტომიც გამოჩნდა. NATO-სთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის კომენტირებისას, ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელემ აღნიშნა: „დარღვეული ტერიტორიალური მთლიანობა NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამტკიცებდნენო”. გამოდის, რომ ამ ხალხისათვის NATO თვითმიზანია, და არა პრობლემების მოგვარების გზა. იქნებ ვცდებით, მაგრამ ამ კომენტარიდან რამე განსხვავებული, პოზიტიური აზრის ამოკითხვა ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

 

მერაბ კიკნაძე

დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი

 

________________________________________

[1] Пестель, Русская Правда.

[2] თედო სახოკია, მოგზაურობანი. ბათუმი, 1985

[3] ამ პროცესს არც საქართველოსათვის აუვლია გვერდი, რამაც მოგვიანებით ძნელად გადასალახი წინააღმდეგობები შეგვიქმნა. თავის დროზე ქართველებმა “განვითარებული სოციალიზმი” ისე კარგად მოვირგეთ, რომ “საბჭოთა ნოსტალგიის” რეციდივები დღემდე გრძელდება და სრულიად მოულოდნელ ფორმებს იღებს.

[4] მსგავსი პროცესი ინგუშეთშიც განხორციელდა, ოღონდ შეუდარებლად უფრო დიდ მასშტაბში და ბარბაროსული ფორმით, როდესაც 1943 წელს მთლიანად დეპორტირებული ინგუშების ტერიტორიის დაახლოებით 1/3, ახლანდელი ვლადიკავკაზის დიდი ნაწილის ჩათვლით (ე.წ. Пригородный р-н), ოსეთს გადასცეს და ძირითადად ოსებით დაასახლეს. ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია და საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რეგულარული შეტაკებების მიზეზი ხდება (ძნელი არ უნდა იყოს იმის გამოცნობა, ვის მხარეს იკავებს ხოლმე ამ შემთხვევებში რუსული/საბჭოთა ადმინისტრაცია). ამ ტერიტორიის ნაწილის ქართველების ხელით ათვისების მცდელობა ჩაიშალა, რადგან 50-იანი წლების ბოლოს, გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა უსიტყვოდ დაუბრუნეს მიწები. ეს კეთილშობილი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი, ინგუშეთში დღესაც ლეგენდარული შარავანდითაა გარემოცული.

[5] თვით ოსების აღიარებით, ეროვნული კულტურისა და განათლების თვალსაზრისით მათი მდგომარეობა საქართველოში საგრძნობლად უკეთესი იყო, ვიდრე ისტორიულ სამშობლოში – ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, სადაც აგრეთვე თვალშისაცემად უფრო მაღალია მათი ასიმილაციის (რუსიფიკაციის) ხარისხი. იგივე მდგომარეობაა უკლებლივ ყველა სხვა ეთნიკური უმცირესობის თვალსაზრისითაც.

[6] განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იყო ავტონომიების “ელიტების” მიერ 9 აპრილის მოვლენების მიმართ დაკავებული სამარცხვინო პოზიცია. ამაში განსაკუთრებულად ოსურმა დეპუტაციამ “ისახელა” თავი, როდესაც 9 აპრილის ჯალათს, გენერალ როდიონოვს მისალოცი დეპეშაც კი გაუგზავნა

[7] ამ პროპასგანდისტული ომის ერთერთ “რუპორად” იმდროინდელი “რადიო თავისუფლება” მოგვევლინა, განსაკუთრებით – მისი ქართული რედაქცია, რომელმაც აგრესიული განწყობით რუსულს ბევრად გადააჭარბა.

[8] კომიკურობის მიუხედავად, ამ ტიპის იდეებმა, მაგალითად “გამსახურდია – შევარდნაძის ალიანსის” შესახებ, ეროვნული მოძრაობას მიტმასნილი ე.წ. მარგინალური ფრთის (“ედპ”, “ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია”და სხვ.) სამუშაო ლოზუნგების ფორმაც კი შეიძინა.

[9] ახლა ამ იდეას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის “დიდი მეგობარი”, ქ-ნი ნაირა გელაშვილი უწევს ექსპლოატაციას.

[10] თავად ეს დაყოფა იმდენად პირობითია, რომ თვითეულ კონკრეტულ შემთხვევაში გამყოფი საზღვრის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

[11] იხ. გიორგი ყიფიანის ფუნდამენტური გამოკვლევა „ეროვნული ხასიათი“ და განვითარება თბილისი 2002

[12] ჩვენ გვიჭირს ამ დეზორიენტაციის რეალური მასშტაბების დადგენა. ყოველ შემთხვევაში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე ეს არ აისახა.

[13] ეროვნული მოძრაობა არასოდეს დაშვებულა ვულგარულ ქსენოფობიამდე. მთელს ამ პერიოდში ქართული მხრიდან არ დაფიქსირებულა “პოგრომის” არცერთი შემთხვევა. 9 აპრილის შემდეგ იმპერიული პროპაგანდის გაფაციცებული ძიება ერთი რუსი ჯარისკაცის პოვნით დამთავრდა. რომელიც შემოწმებისას მთვრალი ოფიცრის მიერ ნაცემი “დენშჩიკი” არმოჩნდა.

[14] ამ დაპირისპირებამ რამდენიმე ქართველი პატრიოტის, მათ შორის ვოვა ვეკუას სიცოცხლე შეიწირა.

[15] როგორც ჩანს, ამ აზრის მიმდევრებს განდის პრინციპებზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმდგენა აქვთ.

[16] ტერმინს “ეროვნული ხელისუფლება” შეგნებულად ვიყენებთ და ვგულისხმობთ ხელისუფლებას, რომლის ერთადერთი სახელმძღვანელო პრინციპი საერთო-ეროვნული ინტერესებია. პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ ამ ნიშნითაა გამორჩეული. შევარდნაძის რეჟიმი ისე დასრულდა (თუკი დასრულდა საერთოდ), რომ არა თუ ეროვნულობის, არამედ ლეგიტიმურობის ნიშნების მოპოვებაც კი არ უცდია. ახლანდელი ხელისუფლება ერთის მხრივ, შეგნებულად გაურბის 1992 წლის გადატრიალების შედეგების ლიკვიდაციას, მეორეს მხრივ, ეროვნული ხელისუფლების განქიქების პოლიტიკას აგრძელებს, რითაც ნებსით თუ უნებლიედ თავის წინამორბედთან ასოცირდება. ეს ფორმალური და პრაქტიკული თვასაზრისით ორჭოფულ მდგომარეობაში აყენებს არა მარტო მას, არამედ ქვეყანას მთლიანად.

[17] მნიშვნელოვანი დეტალია: არსად სარეფერენდუმო კითხვა ისეთი სიცხადით არ ჩამოყალიბებულა, როგორც საქართველოში. მაგალითად, ლიტვის რეფერენდუმის ერთერთმა მონაწილემ მოსკოველი ტელეჟურნალისტის კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: «Да, я за независимую Литву, но в составе СССР!» ქართული ფორმულირება სრულად გამორიცხავდა ასეთ ორაზროვან ინტერპრეტაციას, რომელიც მოსკოვს თავის სასარგებლოდ შეეძლო გამოეყენებინა.

[18] სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ არ მიმართა იგივე ტაქტიკას რუსეთმა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ? იქ ხომ ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი (ესტონეთი, ლატვია – 50% და მეტი), ბევრად უფრო ერთგვაროვანი (რუსული), ძირეული მოსახლეობის მიმართ შეუდარებლად უფრო გაუცხოებული, ძირეულ მოსახლეობასთან თანაცხოვრების ყოველგვარ გამოცდილებას მოკლებული და მეტიც – მის მიმართ აშკარად მტრულად განწყობილი დასაყრდენი ეგულებოდა? ჩვენი ეროვნული ნიჰილისტების პასუხის გამოცნობა ძნელი არაა: ისინი ამას ბალტიელების მაღალი და შესაბამისად ჩვენი, ქართველების დაბალი პოლიტიკური კულტურით ახსნიან. ჩვენ კი გვგონია, რომ ჭეშმარიტი მიზეზს კულტურასთან არაფერი ესაქმება და ის საბჭოურ და პოსტსაბჭოურ სივრცეში მიმდინარე მოვლენების მიმართ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების განსხვავებულ, შერჩევით დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დამოკიდებულება ბოლო დროს ნაწილობრივ მაინც შეიცვალა, რაშიც ასე გულდასმით გვარწმუნებენ ჩვენი ახლანდელი ხელისუფალნი.

[19] ამ მიდგომამ ისედაც დემორალიზებული რუსული საბჭოთა არმია მთლიანად გახრწნა, რამაც მოგვიანებით სრულად ჩეჩნეთში იჩინა თავი. ჩეჩნეთის პირველი ომის ერთერთი უშუალო მონაწილე სრული სერიოზულობით აღწერს ასეთ ეპიზოდს: Град –ის სისტემის საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა საკმაოდ მოკრძალებული ანაზღაურების ფასად დივიზიონის ცეცხლით მის მეზობლად დისლოცირებული რუსეთის შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი სრულად გაანადგურა და მიიმალა.

[20] რა გასაკვირია, რომ “მსოფლიო პოლიტიკოსის” შეგირდებისათვის, რომლებიც “დაბალანსებისა” და “წაყრუების” პრინციპებზე არიან აღზრდილნი, ეს გადაწყვეტილება უგნურების ნიმუშია. ამ სკოლის მიერ მიღწეული თავბრუდამხვევი შედეგები მათთან კამათს ძალიან ართულებს.

[21] სამართლიანობა მოითხოვს იმის აღიარებას, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების სამარცხვინო პრაქტიკა საქართველოში შევარდნაძეს არ დაუნერგავს; პრეცედენტი 1990 წელს, “ეროვნული კონგრესის” არჩევნებმა შექმნა. ეს წარმონაქმნი უნიკალურია სხვა თვალსაზრისითაც: მიუხედავად იმისა, რომ ის არ ცნობდა უზენაეს საბჭოს და თავს ალტერნატიულ ხელისუფლებად თვლიდა, მასში გაერთიანებული სუბიექტების დიდმა ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოთხპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნა, “ეროვნული კონგრესი” მის მესვეურებსაც კი აღარ გახსენებიათ.

[22] შსს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანას “უკანასკნელი სამსახური” გაუწია, როცა სამინისტროს განკარგულებაში არსებული 25 ათასამდე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია სასწრაფო წესით რუსეთის ტერიტორიაზე გაიტანა.

[23] ერთმა იმდროინდელმა ფრონდიორმა 1991 წლის ზაფხულში, პირად საუბარში თქვა: ”ზვიადს დიდი შეცდომა მოუვიდა. რაფიკ ნიშანოვი უფრო ჭკვიანი გამოდგა, როცა თურქი მესხები დედაბუდიანად აყარა და ქვეყნიდან გააგდოო”. ჰუმანიზმის ამ მარგალიტის ავტორმა გადატრიალების შემდეგ “პროვინციული ფაშიზმის” მხილებით ისახელა თავი და დღემდე მაღალი პოლიტიკური რანგის მოხელეა.

[24] ჩვენ დეტალურად არ ვიცნობთ ამ მხარდაჭერის მექანიზმს, რაც ალბათ აშკარა შეუსაბამობაშია “ტრანსპარენტულობის” ახლანდელ მოთხოვნებთან. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ხელისუფლების პირობებში ბევრი ისეთი რამაა შესაძლებელი, რაც სხვა ვითარებაში წარმოუდგენლია.

[25] ამ დადგენილებამ, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილის გარკვეულწილად ბუნდოვანმა ფორმულირებამ მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიციის ძლიერი შეშფოთება გამოიწვია: “გამსახურდიას გადაწყვეტილი აქვს, რუსული ჯარი ჩვენს გასანეიტრალებლად გამოიყენოსო”. თითქოს რუსული ჯარი მოუთმენლად ელოდებოდა ამ დადგენილებას, რათა “ოპოზიციის გასანეიტრალებლად” გამსახურდიას სამსახურში ჩამდგარიყო! ეს რეაქცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მაშინდელი “ოპოზიციის” ადექვატურობას.

[26] თვითმხილველების გადმოცემით, ამ ფორმულირების გამო ელცინის მრჩეველმა, კავკასიის “დიდმა მეგობარმა”, აწ გარდაცვლილმა ელენა სტაროვოიტოვამ “შეფს” პატარა ისტერიკაც კი მოუწყო.

[27] ოქმის რუსულ პირში გამოყენებული ტერმინი передислокация უფრო ზუსტად ასახავს საქმის არსს და ცალსახად გულისხმობს რეგიონიდან ჯარის გაყვანას.

[28] ამ მხარდაჭერის ვრცელი ანალიზი შორს სცდება მოცემული ნაშრომის ფარგლებს. აქ მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ არასწორი იქნებოდა მხოლოდ საპასუხო მოქმედების ჩარჩოებში მისი მოქცევა. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა ეს მოვლენები, რუსეთს რომ საქართველოს მიმართ მტრული მოქმედების ესტაფეტა საბჭოთა კავშირისაგან არ გადაებარებინა. ყოველ შემთხვევაში, ზ. გამსახურდიას ეს ნაბიჯი, ჩვენი აზრით იმის ნიმუშია, რომ ზნეობრივი პოლიტიკა ყველაზე უფრო შედეგიანიცაა.

[29] ამ დოკუმენტის მოძიება ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, ის გადატრიალების შედეგად განვითარებულ ქაოსში გაუჩინარდა.

[30] ერთ ასეთ შემთხვევას თბილისში, ჯავის ქუჩაზე ჰქონდა ადგილი, როდესაც იარაღის შესაძენად ფულის შეგროვებისა და ცხინვალში გაგზავნის ფაქტი გაიხსნა. ხელისუფლებისაგან შეთავაზებული ხელშეუხებლობის გარანტიების მიუხედავად, ამ ფაქტში მხილებულ მოქალაქეთა უმრავლესობამ არჩია, საქართველოს ფარგლებს გასცლოდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები სხვაგანაც განმეორდა.

[31] წარმოსახვით ოპონენტს, რომელიც ამ მოსაზრებებს რიტორიკად მიიჩნევს, უსიტყვოდ დავეთანხმებით, თუ ეთნოკონფლიქტების უახლეს ისტორიაში მოიძიებს ერთ მაგალითს მაინც (კვიპროსი, აზერბაიჯანი, ხორვატია, ბოსნია, კოსოვო და ა.შ), სადაც ასეთი ლოკალიზაცია მოხერხდა. საქართველოს ნაცვლად ნებისმიერი სხვა ქვეყანა რომ ყოფილიყო, ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთი ეთნიკური ოსი არ დარჩებოდა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ კონფლიქტს ეთნიკური საფუძველი არ გააჩნდა.

[32] 1921 წლის კონსტიტუციაში, რომელიც ბოლშევიკური ანექსიის გამო ვერ ამოქმედდა, გათვალისწინებულია ავტონომიური მმართველობა აფხაზებისათვის (სოხუმის ოლქი), შიდა ქართლში კომპაქტურად დასახლებული ოსებისაგან განსხვავებით.

[33] აფხაზეთის “ქართული ელიტის” ზოგიერთი წარმომადგენელისაგან, რომელსაც ნეტარხსენებული საბჭოთა კავშირი მონატრებია, აფხაზეთში დაბრუნებას კი საკუთარი დაჟანგული სკამი ურჩევნია დღესაც, გაიგებთ პრეტენზიებს, თითქოს ბოროტების სათავე ამ კანონში იყოს. როგორც რუსები იტყოდნენ, не надо перекладывать с больной головы на здоровую.

[34] ეს განწყობა განსაკუთრებით ძლიერად ვაინახებში იყო გამოხატული და მეზობელ დაღესტანსაც გადაედო. ინგუში მოღვაწის, ისა კაძოევის თქმით, ამ პერიოდში თბილისი თავისუფლების “მექად”, ზვიად გამსახურდია კი კავკასიის პრეზიდენტად აღიქმებოდა. ამაში პირადად დარწმუნდი, როდესაც 1991 წლის შემოდგომაზე, ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ვესწრებოდი დამკვირვებლად: ამომრჩევლების უმრავლესობა, განსაკუთრებით – მოხუცები, ქართველებთან გასაუბრებისას აუცილებლად იტყოდნენ ხოლმე: “Звиад – наш Кавказский президент!”. ერთმა მოხუცმა კი თქვა: “Гамсахурдиа заслуживает уважения хотя бы потому, что единственным среди руководителей не явился с поклоном в Москву”. გამახსენდა ოპოზიციის კიჟინი: “არსად ფეხს არ ადგამს…” და მისთ. სხვათა შორის, ამავე მოგზაურობისას შეუიარაღებელი თვალიც კი ადვილად შეამჩნევდა აფხაზების მიმართ სიმპატიის საგრძნობ განელებას.

[35] ეს სერიოზული ტერმინი სრულიად არ შეესაბამება საგანს, რომლის აღსანიშნავადაც ვიყენებთ, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ. “პროპაგანდა” უფრო ზუსტია, მაგრამ ესეც ძალიან გაცვეთილია

[36] კითხვაზე – რამ გამოიწვია გადატრიალება – ზუსტი პასუხი თავად შევარდნაძემ გასცა. 1992 წლის იანვარში, მოსკოვში, დანგრეული იმპერიის უმუშევარი მინისტრი ამბობს: «Достаточно того, что произошло с Южной Осетией – такое не прощается ни одному правительству…» («Новое Время» №3, 1992). ეს პუბლიკაცია სხვა თვალსაზრისითაც არის საინტერესო: შევარდნაძე, რომელიც ღიად საუბრობს კიტოვან-იოსელიან-სიგუასთან მჭიდრო კონტაქტებზე, მათ პოლიტიკურ მომავალსაც განსაზღვრავს. როგორც სჩანს, საუბრის ობიექტებს ეს პუბლიკაცია არ წაუკითხავთ. არადა, გამოადგებოდათ…

[37] მარტო ჯ.იოსელიანის პოლიტიკურ პატიმრად შერაცხვა რად ღირს. ამ სამარცხვინო ლაქას ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციები დიდხანს ვერ ჩამოირეცხავენ. სხვათა შორის, შევარდნაძის მიერ დაპატიმრებული იოსელიანი აღარავის გახსენებია.

[38] იხ. სტატია Munitioners Moscow News weekly No.51, 1992, სადაც სრულად არის გახსნილი ЗакВО-ს მიერ პუტჩისტების იარაღითა და ცოცხალი ძალით მომარაგების მექანიზმი.

[39] ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევიდან (26 მაისი) ოპოზიციის სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებამდე (19 აგვისტოს “პუტჩი” მოსკოვში) მხოლოდ სამი თვე გავიდა. “დემოკრატიის დროშით” გამოსულ ოპოზოციას არც კი უცდია, სამ თვეში “გადიქტატორერბული” პრეზიდენტის გადასაყენებლად რაიმე სახის დემოკრატიული მექანიზმის გამოყენება, მაგ. ხელმოწერების შეგროვება, რეფერენდუმის ჩატარება და ა.შ. ამის ჭეშმარიტი მიზეზი ის ცაიტნოტი იყო, რომელშიც ოპოზიციას უწევდა მოქმედება (რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტორატის განწყობაზე). “დემოკრატიული რევოლუცია” საქართველოს საერთაშორისო აღიარებამდე უნდა მოხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მთავარი იდეური საფუძველი – გამსახურდიას “იზოლაციანიზმი” ეცლებოდა. ამ აღიარებათა ტალღამ თბილისში მთავრობის სახლის დაბომბვას მოუსწრო დეკემბრის მიწურულს. რა თქმა უნდა, “დემოკრატებს” ამის გამო ცეცხლი არ შეუწყვეტიათ.

[40] კიტოვან-იოსელიანის “სამხედრო საბჭოში” სიგუა რატომღაც არ გააწევრიანეს. შეიძლება, ბოლშევიკურ “ტროიკა”-სთან ზედმეტად გამჭვირვალე ანალოგიის გამო.

[41] “იზოლაციონისტი” ზვიად გამსახურდიას მისამართით ხშირად ისმოდა პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მან ძველი საბჭოთა კონსტიტუცია ხელაღებით არ გააუქმა, რაც სხვა სიკეთესთან ერთად არაღიარებული ქვეყნის თვითიზოლაციასაც გამოიწვევდა. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, კონსტიტუციაში იმდენი ცვლილება შევიდა, რომ გადატრიალების მომენტისათვის მასში ერთადერთი “საბჭოთა” ნორმა დარჩა, რომელიც მოქალაქეობასა და პასპორტებს ეხებოდა.

[42] სოხუმიდან ლტოლვილი ერთი ქართველი მოქალაქე, რომელსაც საქმიანობის ხასიათის გამო, ხშირი შეხება ჰქონდა აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ჯარის ოფიცებთან იხსენებს: “გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ოფიცრები სამხედრო ნაწილიდან ყველაფერს კაპიკებად ჰყიდდნენ _ მანქანებს, გენერატორებს და ა.შ. ერთმა პონტონური ხიდიც (!) კი შემომთავაზა ჯართის ფასად. როდესაც გაკვირვება ვერ დავმალე, ამიხსნა: “ჩვენ აქ ვინ დაგვაყენებს! აქედან ჯარის გაყვანა დღეების საკითხიაო.””

[43] სამწუხაროდ, პრეზიდენტ გამსახურდიას ვარაუდი (უზენაესი საბჭოს სესია, 1991 წლის ნოემბერი) მისი გადადგომის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, მთლიანად გამართლდა. წინასწარმეტყველებას დავარქმევთ ამას თუ პროგნოზს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

[44] ამ პოლიტიკურ ფიგურას საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაშინდელ პრეზიდენტ ბუშთან ერთად, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, 1992 წლის თებერვლის ბოლოს ბეიკერმა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა მოინახულა საქართველოს გარდა. “სამხედრო საბჭომ” მასთან შესახვედრად მოსკოვში “პრემიერ-მინისტრი” სიგუა გააგზავნა. ფორმალურად უმაღლესი სახელმწიფო რანგის მოხელე (სიგუა) აშშ სახელმწიფო მდივანმა პენსიონერ შევარდნაძის ბინაში (!) მიიღო. შეხვედრის შემდეგ კამერებთან გამოჩენილ “პრემიერს” ადამიანის ფერი და დანაწევრებული მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე გადაწყდა “პენსიონერის დაბრუნება”…მარტო საქართველო არ ყოფილა “ძმაკაცური რესპუბლიკა!”

[45] “სამხედრო საბჭოს” ტრანსფორმირებული ნაირსახეობა.

[46] საქართველოს უახლეს ისტორიაში “რკინიგზის დაცვამ” პირქუში, კატასტროფის მომასწავებელი სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა.

[47] სინამდვილეში ეს სატრაპის ლოგიკაა: “მე ხომ ერთგულად გემსახურებით, ამას რატომ მიკეთებთ?”. თუმცა სატრაპსაც უნდა ესმოდეს, რომ ბატონი საკუთარ გეგმებში ბოლომდე არასოდეს ჩაახედებს.

[48] ამ აზრის მქადაგებელთა დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია მოკალათებული და სახელმწიფოებრიობის აპოლოგეტის მანტია აქვს მოსხმული. ასეთებისათვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარგლებს გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების შიმშილობა “90-იანი წლების ცნობილი მოვლენების” თანაზომადია.

[49] ის, რომ მტერმა შესანიღბავად ქართული ლეღვის ფოთლები გამოიყენა, მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს. ამხანაგი სერგოც ქართველი იყო (იქნებ უფრო გულწრფელი, ვიდრე მისი სულიერი მემკვიდრეები არიან)

[50] შევარდაძე – არძინბას “მხარეებად” ხსენება უბრალო ინერციაა. ეს ყველაფერი ოთხ ხელში შესრულებულ საფორტეპიანო პიესას უფრო ჰგავს. ამ ბატონებს ბოდიშს ვუხდით უხერხული შედარებისათვის.

[51] ეს წარმატება ჩვენი დიდი წინაპრების: აკაკი წერეთლის, ალქსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, არნოლდ ჩიქობავას ოცნების ახდენას ჰგავდა.

[52] საქართველოს უახლეს ისტორიაში, კერძოდ _ აფხაზეთის მოვლენებში სომხური თემა იმდენად ტაბუირებულია, რომ “სამზარეულოს საუბრებშიც” კი არ ფიგურირებს. დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ, ერთმანეთს შეადაროს აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ომამდე და ომის შემდეგ. ეს მონაცემები “სირაქლემას პოლიტიკის” ნებისმიერ მიმდევარს გამოაფხიზლებს.

[53] ჩეჩნეთის მომდევნო არჩეული პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი ღიად სდებდა ბრალს ბასაევს ჩეჩნეთის მეორე ომის გაჩაღებაში რუსეთისათვის გაწეული დახმარებისათვის.

[54] “აფხაზური ხაფანგის” სახელით ცნობილ დოკუმენტურ შედევრში შარტავას სატელეფონო საუბარი ქობალიასთან (?) ომის საკვანძო ეპიზოდის რანგშია აყვანილი. შარტავას საყვედური დაახლოებით ასე ჟღერს: “მთელი საქართველო აქ არის და სამეგრელო რატომ არ უნდა იყოს…და ა.შ.” პასუხი რა თქმა უნდა, კადრს მიღმა რჩება. როგორც ჩანს, ავტორს იმის თქმა სურს, რომ სოხუმელების ბედი, მაგალითისათვის, გურჯაანელებს ან ტყიბულელებს უფრო აღელვებდა, ვიდრე ზუგდიდელებსა და წალენჯიხელებს. “ტრაიბალიზმით” ეს ნამდვილად ვერ აიხსნება, აქ უფრო “პროვინციულ ფაშიზმთან” უნდა გვქონდეს საქმე.

[55] პრეზიდენტმა გამსახურდიამ ეს ჩამოსვლის მეორე დღეს, ზუგდიში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე განაცხადა. ამავე გამოსვლაში მან უკანონო ხელისუფლებას გადადგომის შემთხვევაში ხელშეუხებლობის გარანტიები და ახალი არჩევნების დანიშვნა შესთავაზა.

[56] საინტერესო დეტალია: ამ შეხვედრაზე მხოლოდ პირადი დაცვის თანხლებით მისულ ზვიად გამსახურდიას უკლებლივ ყველა მეთაური ისე შეხვდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტს – მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, უკანონო რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო შენაერთებს წარმოადგენდნენ. ოპონენტეებისათვის ეს ალბათ უპრინციპობის ნიმუშია.

[57] 9 აპრილის ჯალათის ზნეობრივ გაკოტრებაზე საუბარი ზედმეტად მიგვაჩნია. სამწუხაროდ, პატიოსან მოქალაქეთა ნაწილი თავად წავიდა ზნეობრივ კომპრომისზე, როდესაც საქართველოში განვითარებული დაპირისპირების არსში ჩაწვდომას თავი აარიდა და გამარტივებული პროპაგანდისტული შტამპი ირწმუნა.

[58] ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ფინეთში ვიზიტით მყოფ რუსეთის თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა რუსეთი შევარდნაძისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. გრაჩოვმა უპასუხა: “ასეთი დახმარების გაწევას სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შევძლებთ, რადგან საქართველოსთან არანაირი მსგავსი ხელშეკრულება არა გვაქვს დადებული”.

[59] კონსტანტინე გამსახურდია. „სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს“

[60] შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლების “პროდასავლური” ორიენტაცია მოსკოველ “შეფზე” განაწყენებულის პოზიორობა იყო მხოლოდ.

[61] ეს აბსურდული ტერმინი შევარდნაძემ რუსეთის მიერ ფეხქვეშ გათელილი “გეორგიევსკის ტრაქტატის” ასი წლისთავის აღნიშვნისას მოიგონა, რითაც მანამდე არსებული ოფიციალური და შედარებით ნეიტრალური “присоединение“ ჩაანაცვლა.

[62] ამის გაგება განსაკუთრებით უჭირს ძველ ელიტას, რომელიც ГосПлан-ში Людмила Ивановна –თან ჩატანილი კონიაკისა და რუსული რომანსების შესრულებით მიღწეული შედეგების გახსენება არ აძლევს მოსვენებას.

[63] საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოკავკასიური ტერიტორიების მიმართ სიტყვა “რუსულს” პირობითი მნიშვნელობით ვიყენებთ.

[64] ახლანდელი ადმინისტრაციის ერთი მაღალი რანგის მოხელე საჯაროდ მსჯელობდა ასეთ “საშიშროებაზე”: იგორ გიორგაძეს რუსეთი აფხაზეთის მმართველად “აყენებს”. “მოუხელთებელი იგორი” ამით “ქულებს იწერს” და მთელ საქართველოს დაეპატრონება…

[65] არსებობს სხვა გზაც – საკუთარ უუნარობას ხელი მოაწერო და ცხოვრება გააგრძელო. ბოლო ათწლეულის გაუთავებელ პოლიტიკურ სიმულაციას იქნებ ეს ჯობდეს. ყოველ შემთხვევაში ანექსირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ ეს ბევრად უფრო პატიოსანი დამოკიდებულება იქნებოდა.

[66] თუ ეს რეალურ შედეგზე ორიენტირებული ქმედება იყო და არა “პიარ-აქცია”, მით უარესი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ცხინვალზე კონტროლის აღდგენის ამოცანა ბათუმში გასეირნების სირთულისა ეგონა, რაც მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს.

[67] აფხაზებისა და ოსების “რუსული პასპორტიზაციის” პროცესი ამ ნაბიჯის პოლიტიკურ საპირწონედ შეიძლება იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, ამ პასპორტიზაციაში მონაწილე მოქალაქეებს მიზანმიმართულად უნდა განემარტოს ის საფრთხეც, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღგენის შემდეგ მათი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სრულ პოლიტიკურ და სამოქალაქო იზოლაციას უკავშირდება

[68] რა თქმა უნდა, “დანაკარგებში” არ ვგულისხმობთ ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა ვუშვებთ, რომ ხელისუფლება ამას მადესტაბილიზირებელ სოციალურ ფაქტორად განიხილავს.

[69] ვიდრე ჩვენ “რადიკალური განცხადებებით” ერთ ადგილს ვტკეპნით, ამ საკითხში “თურქმენბაშიმ” ჩამოგვიტოვა უკან. არაა გამორიცხული, რომ СНГ-ში ბოლოს მხოლოდ ჩვენ და რუსეთი დავრჩებით.

[70] ამორფულ ტერმინს “დასავლეთი” ძირითადად აშშ-ს მნიშვნელობით ვიყენებთ.

[71] ყოფილმა ელჩმა მაილსმა ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში ეს მიდგომა ასე დაახასიათა: “რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება ნულოვანი მოგების თამაში აღარ არის. ეს მიდგომა ცივი ომის დროინდელია და ისტორიის კუთვნილებად იქცა.” (ნულოვანი მოგების თამაში ისეთი თამაშია, სადაც ერთი მხარის მოგება მეორეს წაგებას ნიშნავს და პირიქით). ჩვენი აზრით, ეს რეალური დამოკიდებულების გულწრფელი გაცხადება იყო და არა უბრალო პოლიტკორექტულობის ნიმუში.

[72] ერაყის სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც კანადაც კი გაემიჯნა, საქართველოს მონაწილეობა სადავო მხოლოდ ი.სარიშვილისათვის გახდა, რაც ამ ქალბატონის პოლიტიკური რეპუტაციის გათვალისწინებით, ხელისუფლების პოზიციას მხოლოდ დამაჯერებლობას ჰმატებს.

[73] ორად გახლეჩილი კვიპროსის ბერძნული ნაწილის ევროგაერთიანებაში გაწევრიანებამ თავისთავად ვერც ქვეყნის გამთლიანება გამოიწვია და ვერც თურქული ნაწილის კოლონიზაციის პროცესი შეაჩერა

[74] ჩვენ არ ვფლობთ არანაირ კულუარულ ინფორმაციას ამ საკითხზე და მხოლოდ ხილული შედეგების მიხედვით ვმსჯელობთ.

[75] რუსეთის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ახლანდელ ხელისუფლებას შეუძლია დევნილი კანონიერი ხელისუფლების მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის აღიარების აქტი გაიხსენოს, რომელიც არავის გაუუქმებია. რუსეთისათვის ეს არგუმენტი იქნებ არანაკლები დამაჯერებლობისა იყოს. თუმცა, ვიმეორებთ: ჩვენთვის ამ აქტის მნიშვნელობა და ღირებულება შორს სცდება ერთი, თუნდაც წონიანი პოლიტიკური კონტრნაბიჯის ფარგლებს.

[76] აქ ამ მოკავშირეობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ვიხილავთ მხოლოდ.

[77] ასეთივეა “ჩრდილოეთ ოსეთიც”, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა.

[78] “ოსს იმიტომ ვანიჭებ, რომ ადრე უკვე ჰქონდა”- ეს ლოგიკა ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს.

[79] აქ ამ “ფორმულის” მოყვანის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. საქმე გვაქვს იდიოტიზმის ქართული ნაირსახეობის ნიმუშთან. სხვა აკეთებს და არ ამბობს, ამან თქვა და ვერ გააკეთა.

[80] რაიმე სახის ტერიტორიული შეზღუდვა (მაგ. მხოლოდ გალის რაიონში დაბრუნება) ან საომარ მოქმედებებში მონაწილეობა-არმონაწილეობის პირობის დაყენება ამ პრობლემის არსებითი გაყალბებაა და სერიოზული განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს. თუ საუბარი სამხედრო დამნაშავეებს ეხება, ეს ცალკე საკითხია, რომელსაც ორი (და მეტი) მხარე აქვს და არა მხოლოდ ქართული.

[81] აქ თავისთავად წამოიჭრება რუსული პასპორტიზაციის საკითხი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ცხადია, რომ რუსეთის მოქალაქეობა თვითგამორკვევის შესაძლო პროცესში მონაწილეობაზე ნებაყოფლობით ხელის აღების ტოლფასი იქნება.

[82] აქ მხოლოდ ზოგად პრინციპებზე ვსაუბრობთ. შემდგომი დეტალიზაცია ამ ნაშრომის ფარგლებსაც და ავტორის კომპეტენციასაც სცდება.

[83] ბოლოს და ბოლოს, აფხაზებს რუსული ჩექმის თანდაყოლილი სიყვარული არასოდეს აწუხებდათ. სავარაუდოდ, ეს გრძნობა ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად არ გაღრმავებულა.

[84] ქართველ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს რუს კოლეგებთან კამათისას ხშირად მიმუმართავთ ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემებს შორის არარსებული ანალოგიების ძიებისათვის. რატომღაც ითვლება, რომ ეს რუსეთის “ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის” მხილების საუკეთესო პოლემიკური ხერხია. ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად უსაფუძვლო, ხოლო ზნეობრივი თვალსაზრისით ამაზრზენი ეს ძიება ორივე ამ პრობლემის სრული პროფანაციაა და სხვა არაფერი.

[85] ამ რიგითობის დაცვა სასურველია, თუმცა, შესაძლოა – განუხორციელებელი.

[86] ეს ხატოვანი გამოთქმა ერთ სტაჟიან და სამწუხაროდ – ხელმოცარულ პოლიტიკოსს ეკუთვნის, რომლის გამოცნობა ძნელი არაა.

 

 

 

2 Responses to “● მერაბ კიკნაძე-ტერიტორიული მთლიანობა”

  1. AFXAZI said

    EROVNULI ZALEBI NELNELA ROM GAMTLIANDNEN DA DABNEUL XALXS SIMARTLE UTXRAN KARGI IQNEBA, TOREM AXALGAZRDEBI VER ARCHEVEN MTERS DA MOYVARES, AGARC AINTERESEBT ARAFERI “KARGAD CXOVREBIS” GARDA. GANSAKUTREBIT UZENAESI SABWOS DEPUTATEBMA UNDA MOAXERXOT DA GVERDZE BEVRI DAGIDGEBAT, DAFINANSEBIS SASHUALEBEBIC GAMOCHNDEBA DARWMUNEBULI VAR. BEVRMA WARMOACHINA “TAVI TVISI” ASE ROM DRO DGEBA “QVEBIS SHEKREBISA”, YVELAFERS UNDA DAERQVAS TAVISI SAXELI…MADLOBA B-T MERABS TABU DADEBULI MARTALI SITYVISTVIS.

    Like

  2. უჩა said

    გენიალური პუბლიკაციაა, მნიშვნელოვან მოვლენათა საუცხოო ანალიზით

    Like

დატოვე კომენტარი