Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•სამოქალაქო საზოგადოება

 

ნ. ბაღდავაძე

სამოქალაქო საზოგადოება

 

დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესები და ურთიერთობები ისეთ რეჟიმშია, ქვეყნის მართვის სადავეები ისეთ ძალებს აქვთ ხელში ჩაგდებული, რომლებმაც არსებითად დააჩქარეს, ფორსირებული ხასიათი მისცეს ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ერის თვითმყოფადობისა და ძირეული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ ნეგატიური ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების გამოვლენასა და კონსოლიდაციას, რისკებისა და რეალური საფრთხეების ზრდას.

 დროა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალების საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ დემოკრატიის პრინციპებსა და ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებთან წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ცალკეული ქმედების კრიტიკული შეფასებებიდან გადავიდეთ მათ მიერ დამყარებული საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელის თავისებურებებისა და კანონზომიერების ობიექტურ ანალიზზე.

 დღევანდელი საქართველოს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ ყველა საოკუპაციო და კოლონიური რეჟიმი აპრიორი არადემოკრატიულია, თუმცა ყველა არადემოკრატიული მმართველობა არ წარმოადგენს საოკუპაციო და კოლონიურ რეჟიმს. ჩვენს ქვეყანაში დამყარებული რეჟიმი კი, არამარტო ფიგურალურად, შინაარსითად საოკუპაციოა.

 დღეისათვის აღარაა საკმარისი იმაზე საუბარი, რამდენად მოჩვენებითი და ფასადურია დემოკრატია საქართველოში. თავად სახელმწიფო კი ჩამოყალიბდა თვითკმარ და ფაქტობრივად ტირანულ სისტემად. დღეისათვის საქართველო მთლიანადაა ოკუპირებული: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორია და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები _ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უცხო მსოფლმხედველობის, არამეგობრულ, მტრული მენტალობისა და საეჭვო ფასეულებების მქონე აგრესიულ ფაქტობრივ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას, საზოგადოებას და მთლიანად სახელმწიფოს განიხილავენ, როგორც თავიანთი იდეებისა და ამბიციების განხორციელების პოლიგონს, პირადი კეთილდღეობის მაქსიმალური უზრუნველყოფის, ჰედონისტური სურვილების რეალიზაციის საშუალებას და არა საზოგადოების წევრთა კეთილდღეობის ზრდის პირობას. არ სჯერათ, რომ ხალხს აქვს შინაგანი იმანენტური პოტენცია, თავადვე უზრუნველყოს პირადი კეთილდღეობა, ბედნიერება და პროგრესი.

 ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მომხრეების ყოველმხრივი წახალისება, მათი ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგძლივებლად. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოდ რეჟიმის მოწინააღმდეგეების ეკონომიკური დასუსტება და განადგურება. ხელისუფლება გამომწვევად უგულვებელყოფს საზოგადოებრივ აზრს, ხოლო განსხვავებული აზრის ღია გამოხატულებას სისტემატურად დევნის, ოპოზიციურად, კრიტიკულად მოაზროვნეებს მტრულ, ანტაგონისტურად განწყობილ ძალებად აღიქვამს.

 ფაქტობრივად, ხელისუფლება ყველა მეთოდით (პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ადმინისტრაციული, ძალისმიერი და ა.შ.) ცდილობს ჩამოაყალიბოს მაქსიმალურად მასზე დამოკიდებული და კონტროლირებადი საზოგადოება, მხოლოდ მისთვის მისაღები სოციალური სტრუქტურით.

სამოქალაქო საზოგადოება კი ისეთი საზოგადოებაა, სადაც ყველა წევრმა იცის საკუთარი უფლება მოვალეობები, აქტიურად იბრძვის კიდევაც თავისი უფლებების დასაცავად და აქტიურად მოუწოდებს სხვებსაც, საკუთარი მაგალითის ჩვენებით, მათაც შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. სამოქალაქო საზოგადოება, ხომ ისეთი საზოგადოებაა, სადაც მის წევრებს, პირველ რიგში, კარგადა აქვთ გაცნობიერებული საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს ზოგადი და ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში.

და, რაც მთავარია, ეს უფლება-მოვალეობები აგებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, პლურალიზმი, ნიჭიერება, სამართლიანობია, ჰუმანიზმი, ადამიანის უფლებები, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები და სხვა ზოგადსაკაცობრიო პროგრესული მონაპოვრები.

საქართველოში ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ძალზედ ადრეა. სანამ მოსახლეობა არ შეიგნებს, რომ მთავრობას და მთავრობის მოხელეებს რიდით და აღტაცებით კი არ უნდა უყურონ, არამედ უნდა თვლიდნენ, რომ ისინი მათი მოსამსახურეები არიან.

მთავრობა და სახელმწიფო მეტი არაფერია თუ არა უამრავ ვალდებულებათა ნაკრები.

სამოქალაქო საზოგადოება არის ადამიანთა ერთობა, რომელთაც აერთიანებთ მოქალაქეობრივი ნება, იარსებონ საზოგადოებად!

მოქალაქეობა კი ნიშნავს კეთილ ნებას, როგორც შეგიძლია პირადად მონაწილე და პასუხისმგებელი იყო იმაშიც, რაც შენს ირგვლივ ხდება!

ეს სერიოზული საპასუხისმგებლო ტვირთია და არა უცხოეთის წინაშე საკეკლუცო და სამარიაჟო,  და რაც მალე გააცნობიერებს ამას ხალხი და ხელისუფლება, მით უკეთესი! ეს უფლება-მოვალეობები აგებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, პლურალიზმი, ნიჭიერება, სამართლიანობია, ჰუმანიზმი, ადამიანის უფლებები,  კანონიერება, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

რომელი გვაქვს წესრიგში, რომ ახლანდელი ვითარება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობად მივიჩნიოთ? სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არც ერთი.

 

30 მაისი, 2010

 

 ***

საზოგადოებრივი აქტიურობა

 

აქტიური მოქალაქე დემოკრატიის ძირითად ნიშანს და მისი განხორციელების საფუძველს წარმოადგენს. ადამიანის სამოქალაქო აქტივობას კი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სხვა ადამიანების მიმართ ნდობა და საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ინტერესი. 

 შემაშფოთებელია ის, რომ ნდობა სხვების მიმართ, რომელიც სოციალური კაპიტალის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ქვეყანაში დაბალია და იგი განუხრელად კლებულობს. კიდევ უფრო მკვეთრად დაეცა მოსახლეობის ინტერესი პოლიტიკის მიმართ. დადასტურებულად ითვლება პოლიტიკისადმი ინტერესის შედარებითი სიმცირე ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის. დაბალია საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივი აქტიურობა. ნებაყოფლობითი ორგანიზაციის წევრი, გაწევრიანების  ორ ძირითად მიზეზად ყველაზე ხშირად ახლობლების თხოვნას  და საკუთარი პროფესიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას  ასახელებს. უცნაურია, რომ საზოგადოებისათვის  სასარგებლო საქმის კეთებისათვის ნებაყოფლობით ორგანიზაციაში გაწევრიანების მოტივაცია ძალზე მცირედს გააჩნია.

 მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს დადებითად აფასებს, ძალზე მცირე ნაწილს შეუძლია დაასახელოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოსწონს.

ამგვარად, მონაცემები ცალსახად მიუთითებენ სამოქალაქო აქტიურობის დაბალ ხარისხზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის ერთერთი ფაქტორი სხვებისადმი  ნდობის დაბალი დონეა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ინტერესის მსგავსად ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად კლებულობს. მცირეა სამოქალაქო სექტორის ხილვადობა.

 ამგვარად, მოსახლეობის ნახევარი საკუთარი ცხოვრებით არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო. კმაყოფილების ყველაზე დიდ წყაროს ოჯახური ურთიერთობები, ხოლო ყველაზე მცირეს ოჯახის შემოსავალი წარმოადგენს. მკვეთრად გამოიკვეთა ასაკის მნიშვნელობა ცხოვრების ხარისხსა და ღირებულებებზე. ოპტიმიზმი, ბედნიერების განცდა და თვითშეფასება  ასაკთან ერთად კლებულობს, ისევე როგორც განათლების, სამსახურის, მეგობრების, რელიგიის, პიროვნული დამოუკიდებლობის და თავისუფალი დროის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე კი პერსპექტივა საზოგადოებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა მსუბუქად რომ ვთქვათ, არასახარბიელო და ძალზე მცირეა.

ზემოთ ავღნიშნეთ, რომ საკმაოდ დაბალია ზოგადად ნდობა სხვა ადამიანების მიმართ, რომელსაც ხშირად ასევე სოციალურ ნდობას უწოდებენ და რომელიც დემოკრატიის ფუნქციონირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. იგი კავშირში უნდა იყოს  პოლიტიკურ მოქმედ პირთა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობასთან. ძალზე დაბალია ნდობა ყველა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტის, ოპოზიციისა და მედიის მიმართ. 

 ზოგადად ეფექტურ მმართველობასთან  არის დაკავშირებული ის, თუ რა მიაჩნიათ ადამიანებს საჭიროდ სამსახურის შოვნისათვის ანდა  სამსახურეობრივი წარმატების მისაღწევად. წარმატება აღქმულია, როგორც საკუთარ ცოდნასა და უნარებზე თუ ნაცნობობასა და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული. დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სამსახურეობრივი წარმატება დამოკიდებულია საქმის ცოდნაზე, უცხო ენის  და კომპიუტერზე მუშაობის ცოდნაზე. აღსანიშნავია, რომ სასარგებლო ნაცნობობა, ახალგაზრდობა და მმართველი _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა, ასევე დიდი ნაწილის მიერ არის აღქმული სამსახურეობრივი წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად.

 სამართლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, უმუშევრობა, სიღარიბე, და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა – ეს ის ხუთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც მიჩნეულია, როგორც ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მნიშვნელობის გარდა, ასევე უახლოესი წლების განმავლობაში, მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობად გარემოს დაბინძურება, გაჩანაგება და ქართული ტრადიციების დაკარგვაა ყველაზე მეტად მოსალოდნელ საფრთხეებად აღქმული. 

 ამრიგად, ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიული პრაქტიკის დეფიციტი, სამოქალაქო საზოგადოების ხილვადობის სიმცირე და მოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობის დაბალი დონეა, რაც თავის თავში ბევრ გაუთვალისწინებელ საფრთხესაც მოიცავს.

1 ივნისი, 2010

 

დატოვე კომენტარი