Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•კოლხური კოშკი

♥ ზვიად გამსახურდია

 

***

ვინ გაძარცვა და გაანადგურა კოლხური კოშკი?

 

 გურამ შარაძე: ჩემი აზრით კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდზე უნდა დაიკრძალონ

თხუთმეტი წლის უკან ჩაიფერფლა დიდოსტატის სავანე… თხუთმეტი წლის უკან, თხუთმეტ მარტს წარსულად იქცა კონსტანტინეს კალმით მოხატული დავით მეფე, გიორგი მეფე, შორენა, პიპა… ლანდებთან ლაციცი დაიწყო ერმა… ნაძირალებმა ცეცხლი გაუხსნეს პირველი პრეზიდენტის საცხოვრისს და იავარქმნეს ისტორიული მნიშვნელობის ლიტერატურული მუზეუმი საქართველოს უპირველესი კლასიკოსისა… დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ ერთადერთს – გურამ შარაძეს მიანდო კოლხური კოშკის ბედი და ნდობა იჩქერიის რესპუბლიკის ნოტარიუსითაც დაუმოწმა. შემდეგ იყო ჯიხაშკარი და ხიბულა… და იდგა 1993 წლის 30 დეკემბერი. ტყვიადახლილი ერი მორიგ, სისხლიან ახალ წელს ხვდებოდა და ამ დროს, თურმე – ერის რჩეული პრეზიდენტი სისხლისგან იცლებოდა…  და მაშინ, არავინ იცოდა, რას უმზადებდა განგება ნაწამები და მარტვილი პრეტზიდენტის ძვლებს… სწორედ მაშინ უბოძა ხალხმა ნდობის მანდატი გურამ შარაძეს! კოლხური კოშკის ეზოში და გალის ქუჩის აღმართზე შეკრებილი ათასობით ნაწამები და დარბეული ადამიანი მისგან ელოდა ახალს… მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. ერის მკვლელთაგან ბევრი მიწამ მიიბარა. ბევრის სიკვდილი არც გაუგია ხალხს… ბევრი დაიმალა და დაავიწყდათ, რომ ისტორიას ვერსად დაემალებიან! ზვიად გამსახურდია კი მალე საქართველოში დაბრუნდება! დიდოსტატის კოლხურ კოშკსაც აღადგენს საქართველო! თუმცა, ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟში ბატონი გურამ შარაძე არ გარეულა. ცოტა გულნატკენიც მეჩვენა საუბრისას…

– ბატონო გურამ, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ მკითხველის წინაშე… არადა, დღეს ყველამ ზვიად გამსახურდიაზე დაიწყო საუბარი. ხალხს თქვენი აზრი აინტერესებს პრეზიდენტის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით…

– ამის თაობაზე სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული პოზიცია ცოტა ხნის უკან. მთავარი ის არის, რომ ბატონი ზვიადი არ უნდა დაშორდეს კონსტანტინე გამსახურდიას. ხოლო კოლხური კოშკის ეზო სასაფლაო არ არის! მე კატეგორიულად გამოვრიცხავ კოლხურ კოშკს. არამც და არამც! კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალვა მისი ნება და სურვილი არ იყო და ეს ბევრმა არ იცის! პროტესტის ნიშნად, იძულებით, მას გაცხადებული აქვს, რომ სანამ მთაწმინდაზე ილიას მკვლელი ფილიპე მახარაძე ასვენია, მე იმ მთაწმინდაზე არ დავიკრძალებიო. საბედნიეროდ, ეს დამაბრკოლებელი მიზეზი აღარ არსებობს. ხმამაღლა ვამბობ: პირველ რიგში, უნდა დაკმაყოფილდეს ქართველი ხალხის სურვილი, რომ უპირველესი მწერალი-კლასიკოსი ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის გვერდით იყოს დაკრძალული. ბატონი კონსტანტინე მთაწმინდაზე უნდა იყოს დაკრძალული. და იმავდროულად, მისი შვილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უკვდავთა სავანეში. ზვიად გამსახურდია ღირსეული მამისა და სულიერი ძმის მერაბ კოსტავას გვერდით, მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოს.

– ბატონო გურამ, ამით თქვენ, ფაქტობრივად, ქალბატონი მანანას სურვილს ეწინააღმდეგებით… მას სამების ტაძრის ეზოში სურს პრეზიდენტის დაკრძალვა.

– რატომ წავალ სამების ტაძარში ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის წინააღმდეგი? მაგრამ, ეს უპირველესად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და უწმინდესი სინოდის გადასაწყვეტია. მე ვერ შევიჭრები მათ ფუნქციებში. ძალიან მინდა ვისურვო, რომ ზვიადის უკანასკნელი განსასვენებელი იყოს მშობლიურ მიწაში და ეს არ მოდიოდეს ოჯახთან წინააღმდეგობაში.

– ვერ დავიჯერებ, რომ თქვენც მომხრე ხართ ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსასურდიას ერთად დაკრძალვისა…

– მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის. სხვათა შორის, პირველად რამდენიმე თვის უკან ბატონმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა ზვიად გამსახურდიას სამების ეზოში დაკრძალვის შესახებ. ეს განცხადება მან გააკეთა საპატრიარქოს სახელით, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ეს პატრიარქთან შეუთანხმებლად განუცხადებია.

– თითქოს შეკითხვას გაურბიხართ…

– არა. მე თქვენს შეკითხვას არ გაურბივარ! ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დღეს არ მაინტერესებს, მერე სად დაიკრძალება ედუარდ შევარდნაძე.

თუ საპატრიარქო და სინოდი სამების ტაძრის ტერიტორიაზე ზვიადის  დაკრძალვის მომხრე არ არის, ხაზგასმით ვამბობ, თუ არ არის მომხრე – ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, არის და რჩება – დაიკრძალოს ზვიად გამსახურდია მთაწმინდის პანთეონში! და აუცილებლად კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად!

ხოლო ახალი, სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონის შექმნა სერიოზული განსჯის საგანია და ამჟამად ვერ გიპასუხებთ.

– ბოლო დროს ქალბატონი მანანა არჩვაძე და ბატონი კოკო გამსახურდია ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნუთუ არ გიცდიათ ჩარევა და მედიატორის როლის აღება საკუთარ თავზე? ან რით ვუწამლოთ ამ სირცხვილს?

– ჩემი პასუხი არის აბსოლუტურად მოკლე. ამ პრობლემას უნდა უწამლოს ზვიად გამსახურდიას სულმა და მისი ხსოვნისადმი ღრმა პატივისცემამ!

– ქალბატონ მანანაზე საუბარს თავს არიდებთ თითქოს…

– არა, რატომ?.. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე!

– ბატონო გურამ, 15 მარტს სრულდება 15 წელი კოლხური კოშკის განადგურებიდან. დღეს მერიაში საუბრობენ მის აღდგენაზე, თუმცა, ბატონი ზვიადის ნოტარიულად გაფორმებული საბუთით ერთადერთს, თქვენ გაქვთ საფუძველი მოითხოვოთ თქვენი ჩართვა ამ საშვილიშვილო საქმეში…

– ჩემი რეაქცია იქნება დადებითი. ვინც გადაარჩენს კოლხურ კოშკს, ჩემს სისხლს რომ წოვდეს, მის გვერდში დავდგები. თუმცა ჩემს იგნორირებას ვერავინ შეძლებს! მე ვალდებული ვარ ზვიადის სულისა და ანდერძის წინაშე. მე ზვიად გამსახურდიამ დამნიშნა კოლხური კოშკის აღდგენის ფონდის თავმჯდომარედ! მე არც ფულს ვითხოვ და არც არაფერს… ამ რამდენიმე დღის წინ გამიკვირდა კიდეც ,,იმედის’’ ჟურნალისტები რომ მოვიდნენ ჩემთან. ამ ხელისუფლებას აკრძალული აქვს ყველა არხზე ჩემი ხსენებაც კი… ამ რამდენიმე დღის წინ ,,რეაქციაში’’ ვინ არ საუბრობდა და ვინ არ ჭირისუფლობდა ზვიად გამსახურდიას. წამყვანს ორჯერ შეახსენეს კიდეც ღია ეთერში ჩემი გვარი და სახელი, მაგრამ მან ყურიც არ გაიბერტყა, იმიტომ, რომ დაუფარავად ახდენენ ჩემს იგნორირებას.

– ბატონო გურამ, კოლხური კოშკის გაძარცვისა თუ განადგურების გამო პასუხი არავის უგია. თითქოს ბურუსითაც არის რაღაც დეტალები მოცული… იქნებ გაიხსენოთ, რაც არასდროს გითქვამთ! ერმა ბოლოს და ბოლოს, სიმართლე უნდა იცოდეს…

– 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას მირეკავს ჩემი მეგობარი მანანა ასათიანი (მამია ასათიანის ქალიშვილი) და საკმაო გაღიზიანებით მსაყვედურობს: ,,დღეს დილით ზვიადმა დატოვა საქართველო და კოლხურ კოშკს ეს ნაძირალები შეესიენ და ძარცვავენ, ნუთუ შენთვის არაფერს ნიშნავს კონსტანტინე გამსახურდიას არქივი?’’ მაშინვე გავიქეცი. გალის ქუჩის მისადგომებთან ქუჩები უკვე გადაკეტილი იყო და არ გამატარეს. მე ამ დროს ვარ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე, რომ კოშკისთვის უნდა მომევლო და მეპატრონა, რადგან ჩემთვის იგი მუზეუმზე მეტია. მომადეს მხედრიონელებმა ავტომატი და კიტოვანისა და იოსელიანის ხელმოწერილი საშვი მოითხოვეს. ჯაბა მაშინ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის კაბინეტში იჯდა. ამასაც პირველად ვამბობ. საქმე იმაშია, რომ მე გახლდით მონაწილე ჯაბა იოსელიანის დისერტაციის დაცვისა და დოქტორის ხარისხის მინიჭებისა ლიტერატურის ინსტიტუტში. ეს ახსოვდა ეტყობა მას. თან ისე ვიყავი გაცეცხლებული – ჯაბას კი არა ბაყბაყდევს დავახრჩობდი. როგორ, იმისთვის დაგაცვევინეთ სადოქტორო დისერტაცია, რომ კონსტანტინეს სახლ-მუზეუმი გაძარცვოთ-მეთქი? გაწითლდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ვერაფერი მაკადრა. შემდეგ მოვუყევი სიტუაციის შესახებ. მაშინვე თავის მდივან გოგონას ააკენკინა საბეჭდ მანქანაზე ნებართვის ტექსტი და გაგზავნეს კიტოვანთან შიკრიკი ჯაბასთან ერთად მისი ხელმოწერისათვის. მომცეს ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი საშვი და ამ ,,იარაღით’’ გავქანდი კოშკში. მაგრამ ჩემი აქეთ-იქეთ სირბილის პერიოდში კოლხური კოშკი დაულუქავს ვინმე ვაჟა შენგელიას. მაშინდელი გენერალური პროკურორის, ვახტანგ რაზმაძის თანამშრომელს. მე ვადებ ხელს ვაჟა შენგელიას და გამომეხმაუროს თქვენი გაზეთის საშუალებით! პროკურატურიდან სასწრაფოდ მოვიყვანე ეს შენგელია, მაგრამ ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირის ნებართვის გარეშე არ ახსნა ლუქი კოლხურ კოშკს. საუბედუროდ, ვერცერთმა ოჯახთან დააახლოებულმა პირმა და ნათესავმა ვერ იკისრა პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, იძულებული გავხდი შემექმნა კომისია ჩემი თანამშომლებისაგან (მათ შორის იყო აწ განსვენებული ქალბატონი ციცი ბუქურაული) და ყოველდღე ვდარაჯობდით კოშკს, სანამ მთაწმინდის რაიონის მილიციის მაშინდელი უფროსის ელგუჯა ჯამბურიას მიერ გამოყოფილმა რაზმმა არ ჩაგვანაცვლა. ასე გაგრძელდა 15 მარტამდე. 15 მარტის ღამის სამ საათზე მირეკავს ქალბატონი თინა სხირტლაძე, რომელიც კოშკის ზევით ცხოვრობს და მეთვალყურეობას უწევდა კოლხურ კოშკს. მირეკავს და მაგებინებს ამ ვანდალურ ფაქტს…

– 7 მარტს შევარდნაძე ჩამოვიდა, ბატონო გურამ…

– ჰო. შევარდნაძე ახალი ჩამოსულია, ცხოვრობს ჩემს მეზობლად, მრგვალ ბაღთან და თან გამოცხადებულია კომენდანტის საათი. გამოყოფდი გარეთ თავს და გაუფრთხილებლად დაგხვრეტდნენ. როგორღაც გამოვძვერი უკანა ქუჩიდან და 15 წუთში კოშკში ვიყავი. უპირველესად მეხანძრეებს შევაწყვეტინე კოშკის წყლით დასველება. ამას დაადასტურებს მათი უფროსი, გენერლის ჩინით, ბატონი სულავა. იმ დღესვე, დილითვე შევქმენი ახალი კომისია და აღვწერე ეს ყველაფერი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კონსტანტინეს ბიბლიოთეკის შენახვაზე უარი მითხრა. მაგის გამო ეხლა ბიბლიოთეკას გაუჩენენ ხანძარსო.

– ვინ იყო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაშინ?

– გარდაცვლილია და არ დავასახელებ.

– ბატონო გურამ, თქვენ ვალდებული ხართ ერის წინაშე და თქვით…

– აკაკი ძიძიგური იყო.

– ?!

– შემდეგ ხელოვნების მუზეუმს მივადექი, სადაც ზვიადის წინააღმდეეგ იარაღით ბრძოლის დამსახურებისათვის კიტოვანს ლომოური დაესვა. ნოდარ ლომოურმა დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის ორიგინალები და სხვადასხვა ღირებულების ნივთები არ მიიღო! ბოლოს საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა, ახლახან გარდაცვლილმა ბატონმა ზურაბ მახარაძემ აღმოგვიჩინა დახმარება. შემდეგ ქალბატონი თამარ სახოკიას ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა დაიწყო ბატონი კონსტანტინეს არქივის რესტავრაცია.

,,სტენვეის’’ როიალი ქალბატონ მედეა ფანიაშვილთან, ხელოვნების მუშაკთა სახლში გადავმალეთ. ხოლო ავეჯი, მათ შორის ბატონი კონსტანტინეს სამუშაო მაგიდა, ძველი სასადილო მაგიდა და სხვა ანტიკვარული ნივთები – ერთ უსათნოეს ქალბატონთან იზაბელა ერგემლიძესთან შევინახეთ, რომელიც თავად თავის ავადმყოფ დასთან გადავიდა საცხოვრებლად და თავისი ბინა მთელი სამი წლით უსასყიდლოდ დაგვითმო ბატონი კონსტანტინეს ავეჯის შესანახად.

ამ წამებაში ვარ და შეიარაღებული ნაძირალებისგან შემდგარი რაზმით მომადგა გელა ლანჩავა, მაგრამ კოშკის ეზოში არ შევუშვი. ერთი საათის შემდეგ უკვე სავსე ავტობუსით მობრუნდა. ამას დამიდასტურებს მაშინ რაზმაძის მოადგილე, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ გვარამია. მე მაინც არ ვუშვებდი და ხეს ამოფარებული ვახტანგ გვარამია შორიდან ადევნებდა თვალს ჩემს საუბარს ამ ნაძირალებთან. წამიყვანეს ავტობუსში და რაციით მასაუბრეს თენგიზ სიგუასთან. შენ მანდ რეებს ბედავო, დაგხვრეტ ადგილზეო – მეუბნება სიგუა. შენ რანაირი პრემიერ-მინისტრი ხარ, გურამ შარაძეს საათნახევარი ელაპარაკები, ან დამხვრიტე ბოლოს და ბოლოს და თავი დამანებე-მეთქი – ვუთხარი. ამასობაში ჩვენი საუბარი რადიოხულიგნებს ჩაუწერიათ და გაუგზავნიათ ბატონი ზვიადისთვის გროზნოში… და ამას პირველად ვამბობ თქვენთან… მირეკავს ბატონი ზვიადი და მეუბნება: ,,ჩემო გურამ, მე სათანადოდ ვერ დაგაფასე და თუ მეღირსა როდესმე საქართველოში დაბრუნება, ამ დიდ ამაგს ოდესმე გადაგიხდიო’’. ამას დამიდასტურებს ქალბატონი მანანა. სიტყვასიტყვით გეუბნებით ჩემს ლაშიკოს სულს ვფიცავარ.

ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა ქალბატონი მანანა და მან კატეგორიულად მომთხოვა, რომ გადამეცა მისთვის კოშკიდან შესანახად წამოღებული არქივი და ნივთები, რაც, ბუნებრივია, სიამოვნებით შევასრულე.

– ცეცხლი საიდან გაჩნდა კოშკში, ბატონო გურამ?

– გეტყვით, ის ცეცხლი გააჩინეს ზემოდან, ათსართულიანი სახლის სახურავიდან ცეცხლგამჩენი ტყვიით. ესროლეს კოლხური კოშკის ნაწილს, დღეს კრამიტით რომ არის გადახურული. ვინც ამას ისროდა, იცოდა კოშკის შიდა ნაგებობები, რომ კოშკის ქვეშ სარდაფამდე სულ ხის მასალით იყო გაკეთებული კიბე…

– ანუ…

– ანუ ის, რომ ცეცხლი გააჩინა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცოდა კოლხური კოშკის შიდა აგებულება.

– სერიოზულ განცხადებას აკეთებთ, ბატონო გურამ…

– ძალიან სერიოზულ განცხადებას ვაკეთებ, დიახ! და ამ ცეცხლის ენების შედეგად ხანძარი გაუჩნდა სამუზეუმო ოთახს, რის შედეგადაც დაიწვა ქალბატონი მირანდას გენიალური პორტრეტი – გრაბარის შესრულებით და ბატონი კონსტანტინეს ქეთევან მაღალაშვილისეული პორტრეტები.

მთავარს გეტყვით: თუ ვაჟა შენგელიას მიერ კოლხური კოშკის დალუქვამდე მოიპარეს ეს ტილოები ან ღამე თუ მოდიოდა ვაჟა შენგელია და ხსნიდა ლუქს და მიჰქონდა ეს ნივთები, არ ვიცი… თუ არ არის დამწვარი, ამას ქართველი ხალხი აუცილებლად იპოვის.

– ხელნაწერები, ბატონო გურამ?

– გეტყვით. ცეცხლმა ჩააღწია ქვემოთ ე.წ. სარდაფში და მთლიანად განადგურდა და ნაცარტუტად იქცა ზვიადის ოთახი და მისი არქივი. დაზარალდა ბატონი კონსტანტინეს ბიბლიოთეკა და ის სამუშაო ოთახი, რომელიც პირველ სართულზე ჰქონდა.

– ბატონო გურამ, დღეს რატომღაც გაურბიხართ პრეზიდენტის ოჯახზე საუბარს… არადა, თქვენ ერთადერთი ადამიანი იყავით, ვინც ითავა ამ საშვილიშვილო საქმის კეთება…

– ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში ყველა ხედავს ამას და ღმერთის წინაშე მე ვერავის დავადებ ხელს… მე ვერ დავიჯერებ ამას, თუმცა ზვიადის ანდერძის საფუძველზე მე დღესაც ვითვლები კოლხური კოშკის აღდგენა-რესტავრაციის ფონდის ხელმძღვანელად.

– მახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლებამ თანხა გამოყო კოლხური კოშკის აღსადგენად.

– იმ თანხებთან მე არაფერი კავშირი არ მქონია. ერთი თეთრი არ დამჯდარა ანგარიშზე. არცერთ ბიზნესმენს არც ერთი თეთრი არ გადმოურიცხავს კოლხური კოშკის აღსადგენად, თუმცა, თქვენი გაზეთის დამატების სახით ,,პრეზიდენტი’’ გამოდიოდა მაშინ და იქ ყველამ დაიტრაბახა…

მე მაინც უნდა ვაღიარო, რომ გარეთა ღობე, ჭიშკარი და ასეთი სახის სამუშაოები მერიის გამოყოფილი თანხებით გაკეთდა. მე, როგორც ამ ფონდის პრეზიდენტს, ერთი თეთრი არ მიმიღია, თვითონ გააკეთეს (ეს იციან ვანო ზოდელავამ და დავით ღვინიაშვილმა). რამდენი იყო და როგორ იყო, არ ვიცი. ვერ იტყვის ვერავინ გურამ შარაძესთან ამდენი გადავრიცხეო… სხვათა შორის, არც ქალბატონ მანანას მიუღია ის თანხა და ვერც გამოიტანდა ჩემი ხელმოწერის გარეშე.

სხვათა შორის,  ზვიადი თავიდანვე წინააღმდეგი იყო კოლხური კოშკის აღდგენის. მას სურდა, რომ იგი დარჩენილიყო შევარდნაძის ხელისუფლების ვანდალიზმის ცოცხალ ძეგლად. შემდეგ დავურეკე გროზნოში და გადავაფიქრებინე. დამიჯერა, მოლბა, სხვათა შორის, ამას დაადასტურებს ქალბატონი მანანა. შემდეგ რაც მოვახერხეთ, გადავხურეთ კოშკი და დღემდე კოლხური კოშკი რომ დგას, არ ჩამოიქცა, არ ჩამოინგრა და აგურ-აგურ არ იქნა გატანილი – ეს მე გავაკეთე! ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბატონმა ირაკლი ანდრიაძემ, რომელმაც ბორჯომიდან ჩამომიტანა არაჩვეულებრივი ხის მასალა. შემდეგ, გაზაფხულზე, ბოტანიკოსებიც კი მოვიყვანე და აღვწერე ბაღი და ზოგიერთი რამ აღვადგინე კიდეც.

– ბატონო გურამ, ზვიად გამსახურდიას ნეშტის პოვნაზე და ექსპერტიზაზე რას ეტყვით მკითხველს? ან 13 წლის გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, მოიკლავდა თავს ზვიად გამსახურდია?

– ვინ მოიპოვა ზვიად გამსახურდიას ნეშტი? თავის დროზე სად იყო მისი ცხედარი? გაიხსენეთ, როგორი დრო იყო… თქვენ როგორ გგონიათ, გულნატკენი არ ვარ, როცა პრეზიდენტის გადმოსვენებაზეა საუბარი და გურამ შარაძეს არაფერში რევენ?… თავად ხარ შემსწრე გროზნოში, მე რომ არ მეთავა ეს საქმე და მე რომ არ შევხვედროდი ქალბატონ მანანას და ბატონ ჯოხარ დუდაევს და არ ამეღო ჩემს თავზე იჩქერიის ხელისუფლებას, ზვიად გამსახურდიას ოჯახისა და შევარდნაძის ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქცია, ვინ იპოვიდა ზვიადის ნეშტს? მე ჩამოვიყვანე იჩქერიის თვითმფრინავი საქართველოში, მე მოვიპოვე ნეშტი ჯიხაშკარში და მე გადავასვენე ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში…

გიორგი გამსახურდიას მინდა შევახსენო, ჩემს ძვირფას გიორგის… ეხლაც ყურში ჩამესმის მისი ცრემლიანი ხმა ,,ძია გურამ, მამა დამიბრუნეო’’… მაშინ ძია გურამი ვიყავი… მე მართლა შევუსრულე მას თხოვნა და მამა დავუბრუნე და ჩავუტანე ნამდვილი ზვიად გამსახურდიას ნეშტი და ძვლები, ეხლა ძია გურამი ბატონ გიორგი გამსახურდიას რატომ არ აგონდება? როცა პრეზიდენტის ნეშტი საქართველოში გადმოსვენებაზეა ლაპარაკი?!

– ძალიან გულნატკენი ხართ, ბატონო გურამ… ამდენი ხანი რატომ დუმხართ?

– მე ახლაც ვიკავებ თავს… ვიცი, გურამ შარაძის ხსენება სააკაშვილის ხელისუფლებაში ქალბატონ მანანასაც და გიორგისაც დისკომფორტს შეუქმნის… ისევ ქრისტიანული მორალიდან გამოვდივარ და… იქნებ ძალიან უნდათ ჩემი ამ კომისიაში შეყვანა, მაგრამ მე არ შევალ ნოღაიდელის კომისიაში. მე ელენე თევდორაძის გვერდით დავჯდები? მე კოტე გაბაშვილის გვერდით დავჯდები, რომელმაც ავტომატით დაცხრილა თბილისი და ჩამოაგდო პრეზიდენტი და სანაცვლოდ ჯერ თბილისის მერობა მიიღო და მერე ელჩობა გერმანიაში? მე გიგა ბოკერიას გვერდით დავჯდები, რომელიც მაშინ ავტომატით დარბოდა თბილისის ქუჩებში და მერე დედამისმა გადამალა იტალიაში?.. მე ეკა ხერხეულიძის გვერდით დავდგები? ეკა ხერხეულიძე რატომ არ იყო ჩემთან ერთად კოლხურ კოშკში და რატომ არ გამოჰქონდა დამწვარი წიგნები? ან გრიგოლიას გადაცემაში არ უნდა ეკითხა, რატომ არ არის მოწვეული დღეს აქ ბატონი გურამიო?

– ბატონო გურამ, ეკამ არაერთი გმირული ნაბიჯი გადადგა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ხუნტის მიერ დახვრეტილი მიტინგების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო და ყველა დევნიდა იმ ავადსახსენებელ წლებში…

– კაცო, მე არ მაინტერესებს, ვინ იყო ეკა ხერხეულიძე… მაგრამ დღეს რა პოზიცია აქვს? ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, რა… თუ ესეთი კარგი გოგოა, ეკას არ უნდა დაესვა საკითხი ჩემს შესახებ იმ კომისიის წევრებთან?

გული მტკივა, რომ ჩემი ხელით ნაპოვნი ნეშტი მე რატომ არ უნდა დავაბრუნო საქართველოში? ზარიც არ ყოფილა მათგან, არც გიორგისგან, არც ცოტნესგან, არც ქალბატონი მანანასგან, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთხელ მაინც ეკითხათ რამე…

– თქვენ დაგერეკათ, ბატონო გურამ…

– არცერთ შემთხვევაში! გროზნოში რომ ჩავაკითხე და გვაპოვნინე, გვაპოვნინეო – მეხვეწებოდნენ, ახლა აღარ უნდა გავახსენდე?

მაშინ მე ხალხმა მომცა მანდატი და ხელმოწერები შემიგროვეს, რომ მეთავა ზვიადის ნეშტის პოვნისა და გადასვენების საკითხი. ათასობით ხელმოწერა შეგროვდა… თქვენც ძალიან კარგად იცით ეს…

თუმცა მე მზად ვარ, ჩემი გამოცდილება და ურთიერთობა მოვახმარო მათ, თუკი მათი თხოვნა იქნება.

– ცხედარი, რომელიც ჩეჩნეთში გადაასვენეს, ნამდვილად პრეზიდენტს ეკუთვნოდა? ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა გროზნოში?

– მე უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ შეშფოთებული ვარ ბატონი ავთო მარგიანისა და ქალბატონი იუნონა აფაქიძის განცხადებებით, რომელიც ჩვენს პრესაში გამოქვეყნდა. ერთიც და მეორეც მიანიშნებენ, რომ ზვიად გამსახურდია თითქოს ცოცხალია.

ვეკითხები მათ: როგორ, ზვიადი რომ ცოცხალი იყოს და საქართველო ასე ინგრეოდეს, საკუთარი ტყვავის გადასარჩენად დაიმალებოდა ჯუნგლებში? ამით შეურაცხყოფას რომ აყენებენ საქართველოს პრეზიდენტს, დაფიქრებულან? გავგიჟდი, გავოცდი, რომ წავიკითხე მათი აზრები.

ან კიდევ, ვიღაც მხატვარი რომ გამოვიდა… სამარცხვინო! ის როგორ ბედავს… თავი არ გამოეყოფა საზოგადოებაში… ვითომ ჩუჩელა დავასაფლავეთ ჩვენ… ფიტული… ეს რა უბედურებაა!

ვაცხადებ ღმერთის წინაშე, საქართველოს და ქართველი ერის წინაშე:

მე 1994 წლის 17 თებერვალს, სამეგრელოში, ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას თავლაში ჩალის ზვინების ქვეშ მოვიპოვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნამდვილი ნეშტი, ნამდვილი მისი ძვლები და ის ჩავაბარე მის ოჯახს, ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და შვილებს, ცოტნეს და გიორგის და ის პრეზიდენტის ღირსებით დავკრძალეთ 24 თებერვალს, გროზნოში, ჩეხოვის ქ. #15-ში, მისი რეზიდენციის ეზოში, რომელიც სასწაულად ჰგავს კოლხურ კოშკს!

1994 წლის 24 თებერვლის შემდეგ რა მოხდა გროზნოში, სად გადაასვენეს, რა იპოვეს და რა არ იპოვეს, მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ.

მე პასუხს ვაგებ ზვიად გამსახურდიას ნამდვილ ნეშტზე და ნამდვილ ძვლებზე 1994 წლის 24 თებერვლამდე!

 გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასვალი’’, 12-18 მარტი, 2007

http://guramsharadze.wordpress.com/devnili/100tserili/2007-2/

 ***

გურამ შარაძე: მოვუწოდებ იმათ, ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით, კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

***

კონსტანტინე გამსახურდიასეული კოლხური კოშკის ფოტო

4 Responses to “•კოლხური კოშკი”

  1. marishele said

    ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით მომწერეთ, როგორ დაუკავშირდე გიორგი გამსახურდიას ან მანანა არჩვაძეს. მაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ხელთნაწერები და მინდა ოჯახს გადავცე. shelmia@mail.ru 593 21 35 33 მარიამი

    Liked by 1 person

  2. George said

    რას იძახით ეხლა რომ მანანას და ოჯახის გარეშე გაკეთდა ეგ? )))) მე გეტყვით ეგ გააკეთა თბილისის განვითარების ფონდმა და ყველ დეტალი აი ჭანჭიკამდე თანხმდებოდა ოჯახთან კერძოდ მანანა არჩვაძესთან!!!

    Like

დატოვე კომენტარი