Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ სააკაშვილის ძირითად დანაშაულთა ჩამონათვალი

 სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი

saakashvili

პასუხად ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს

სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ღალატის აქტები
გაახლებთ სააკაშვილის ძირითად დანაშაულთა ჩამონათვალს

(მოკლეს და, ალბათ, არასრულს)

I სახელმწიფო ღალატის ფაქტები

 
1. საქართველოს ხელისუფლებამ შევარდნაძის მეთაურობით 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმებით რუსეთს მისცა ცხინვალის რეგიონში, მის მიერვე ორგანიზებული და მართული “ქართულ-ოსური” კონფლიქტის ტერიტორიაზე, “სამშვიდობო” შეიარაღებული ძალებით მოქმედების მანდატი. ამასთანავე, მან “კონფლიქტის ზონად” ჩათვალა არა რეგიონის ის ტერიტორია, სადაც კონფლიქტი რეალურად იყო (ცხინვალის და ყოფ. ზნაურის რაიონები), არამედ მთელი ყოფილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიაც.

სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააუქმა რუსების სამშვიდობო მანდატი, რითაც რუსებს დაუტოვა უფლება, ცეცხლი გაუხსნან ქართველებს, ქართველებს კი არ მისცა უფლება, ცეცხლი გაუხსნან რუსებს. ამის უშუალო შედეგი იყო სამარცხვინო დამარცხება 2004 წლის ომში და სტრატეგიული პოზიციების, მათ შორის – ერედვი-ხეითის გზის გადასვლა მტრის ხელში.

 2. შევარდნაძის ხელისუფლებამ არ გამოიყენა საქართველოს კანონიერად არჩეული უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით “სამხრეთ ოსეთის” უკანონო “ავტონომიური ოლქის” გაუქმების ფაქტი და დაუშვა გამოთქმის “სამხრეთ ოსეთი” ხმარება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ოფიციალურ დოკუმენმტებში მისი ხმარების ჩათვლით. სააკაშვილის ხელისუფლებამ გააღრმავა ეს ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკა იმით, რომ გამოთქვა ოფიციალური მზაობა შექმნას კიდევ ერთხელ “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს მიწაწყალზე და ამით საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აღიაროს მეზობელი ქვეყნის (ოსეთის, ანუ ალანიის, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარის) სამხრეთ ნაწილად. ამის პარალელურად, სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა და ხელი შეუწყო უკანონო “სამხრეთ ოსეთის” “პრეზიდენტის” “არჩევას” კრიმინალისა და სეპარატისტის – სანაკოევის სახით, რომელიც ღიად ლაპარაკობდა “სამხრეთ ოსეთზე”, როგორც არსებულ კანონიერ ერთეულზე.

3. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაშალა დალის ხეობის ერთადერთი რეალური დამცველი _ ბატალიონი “მონადირე”  და განაიარაღა ქართველი მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში.

4. სააკაშვილის ხელისუფლებამ, შევიდა რა შეთქმულებაში რუსეთის ფედერაციასთან, მასთან ერთად მოახდინა 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის წარმატებული შემოტევის და საქართველოს მიერ როგორც რეალური ომის, ისე (დროებით) საპროპაგანდო ომის წაგების ორგანიზება. სახელდობრ,

_ სააკაშვილის ხელისუფლებამ 6 და 7 აგვისტოს არ განაცხადა ოფიციალურად, რომ რუსეთი, მას შემდეგ, რაც სისტემატურად ბომბავდა ქართულ სოფლებს საკუთარი ხელით და ოსი სეპარატისტების ხელით, დაიწყო პირდაპირი შეიარაღებული შემოტევა საქართველოზე (ცეცხლის წარმოების პარალელურად) მანევრის სახით: მან დაიკავა სტრატეგიული პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა იქ თავის შეირაღებულ ძალთა კონცენტრაცია, რითაც მოიგო ომი 7 აგვისტოს დღის ბოლომდე. ამის შემდეგ სააკაშვილმა გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება 7 აგვისტოს 23 საათსა და 35 წუთზე და გახსნა ცეცხლი რუსეთის მიერ დავალებული მიმართულებით (მოსახლეობისგან წინასწარ დაცლილი ქ. ცხინვალის მიმართულებით), რუსეთის მიერ დავალებული სახის იარაღით. ამგვარად, სააკაშვილმა, რუსეთის პროპაგანდისტული ინტერესების შესაბამისად, ისიმულანტა ომის დაწყების ინიციატივა ორი დღეღამით უფრო გვიან, ვიდრე იგი დაწყებული იყო და მოგებული იყო რუსეთის მიერ.

_ ამავე ომში, 8 აგვისტოს, სააკაშვილმა რამდენიმე საათიანი დაზავებით  მისცა რუსებს როკის გვირაბში თავის დამატებით შეიარაღებულ ძალთა დაუბრკოლებლად გამოტარების საშუალება.
_ აღნიშნული წინასწარგანზრახული ღალატის მოტივებიდან გამომდინარე სამხედრო დანაშაულია ის, რომ სააკაშვილმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, საშუალება მისცა სამოქალაქო პირებს მონაწილეობა მიეღოთ შეიარაღებული ძალების მართვაში (უგულავა და სხვანი), რაც მხოლოდ იმით შეიძლება აიხნას, რომ მისთვის ამ ომში მნიშვნელოვანი იყო არა კვალიფიციური სარდლობა, არამედ სარდლობა განდობილი პირის ანუ შეთქმულების კურსში მყოფი პირის მიერ.

5. სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გამოიძია შევარდნაძისა და არძინბას მიერ რუსეთის ხელისუფლების მითითებით ერთობლივად 1992-93 წლების აფხაზეთის ომისა და მოწინააღმდეგისათვის საქართველოს ტერიტორიის ხელოვნურად ჩაბარების ფაქტი, აგრეთვე ომის წაგების შემდეგ “შუამავლად” რუსეთის დატოვებისა, არ მოახდინა რუსეთის მონაწილეობით დადებული არაფრით არ გამართლებული კაბალური ხელშეკრულებების დეზავუირება, არ აღძრა საქმე აფხაზეთში (საქართველო) ჩატარებული გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტის გამო და შევარდნაძის მიერ ჩადენილ სამხედრო ღალატთა სერიის გამო (მათ შორის – აფხაზეთიდან საქართველოს მძიმე ტექნიკის გამოყვანის გამო).

6. სააკაშვილის ხელისუფლებამ გააგრძელა შევარდნაძის პოლიტიკა საქართველოში რუსული აგენტურის ხელშეუხებლობისა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენების საბოტირებისა, სათავდაცვო წარმოების ნარჩენების განადგურებისა, სამოქალაქო თავდაცვის არშექმნისა, სარეზერვო სამსახურის სისტემის ფიქტიურ დონეზე დატოვებისა და სოფლის, როგორც თავდაცვითი მართვის ერთეულის, მოშლისა მასში არჩევითი ხელისუფლების არარსებობის შედეგად.

7. სააკაშვილის ხელისუფლებამ გააგრძელა შევარდნაძის პოლიტიკა მსოფლიოს წინაშე რუსეთისა და მისი მარიონეტი სეპარატისტების დეზინფორმაციული ომის ხელშეწყობისა, სახელდობრ, მან დაუმალა და დღესაც უმალავს მსოფლიოს, რომ

_ “ოსეთი” კავკასიონის სამხრეთით რუსული გამონაგონია, დღეს – ხელოვნურად შექმნილი (ძირითადად, 1921-1940 წლებში) ოსური მოსახლეობის უმრავლესობით დასახლებული რეგიონია, და არა ბუნებრივი მოვლენა ანუ ისტორიულ პროცესთა თავისუფალი მდინარების შედეგი (დუმს იმაზეც, რომ ამ ზონაში რუსების მიერ გამოყენებული პრინციპი – ტერიტორიის სტატუსის განსაზღვრა მასში მიმდინარე დემოგრაფიული პრინციპების (ისიც – ხელოვნურის) მიმართულების მიხედვით – ქმნის მთელ მსოფლიოში ყველა ეთნიკური ჯგუფის შიშს ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე – ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მუდმივ მოქმედ ფსიქოლოგიურ სტიმულს.

_ აფხაზეთი არ არის აფსუა ხალხის, ქართულად და მრავალ  სხვა ენაზე “აფხაზებად” წოდებულის, ქვეყანა, არამედ აქ ქართველი ხალხი ავტოხთონურია, აფსუა (“აფხაზი”) ხალხი კი მხოლოდ იმის წყალობითაა უფლებამოსილი ავტოხთონური მოსახლეობის ყველა უფლებით ისარგებლოს (ქართველებთან ერთად), რომ მას გაწყვეტილი აქვს თავის ძველ სამშობლოსთან (კავკასიონის ჩრდილოეთით) და თავის მონათესავე ადიღე ხალხებთან თვითიდენტიფიკაციური კავშირი და ამჟამად სხვა, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, ლოკალიზებული საკუთარი ეთნიკური თვითცნობიერება აქვს.

რუსული და რუსეთის მიერ ინსპირირებული და მართული სეპარატისტული პროპაგანდის ხსენებულ პუნქტთა ხელშეწყობა (ამ შემთხვევაში – პასიური ხელშეწყობა) იმის მისაღწევადაა გამიზნული, რომ იმ შემთხვევაში, თუ (უფრო ზუსტად, მაშინ, როცა) რუსეთის იმპერია იძულებული იქნება ხელი აიღოს სამხედრო მყოფობაზე კავკასიონის სამხრეთით, ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა კვლავ დეზინფორმაციასა და გაუგებრობაზე აგებული დაბრკოლებების წინაშე დარჩეს მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში, ანუ მსოფლიომ ვერ გაიგოს, რომ აღნიშნული ტერიტორიების ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში არა მხოლოდ იურიდიულად სამართლიანია, არამედ მორალურიც.

8. პ.7-ისგან გამომდინარე, საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის უდავო კანონიერი უფლებების დათმობის შევარდნაძისეულ პოლიტიკას საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველი მოსახლეობა ამ მოლაპარაკებებზე დაშვებული არ არის. აფხაზეთის ტერიტორიულ-პოლიტიკური მოწყობის საკითხში (მის მზაობაზე საქართველოში კიდევ ერთხელ “ოსეთის”  შექმნისათვის ზემოთ უკვე გვქონდა ლაპარაკი) სააკაშვილის ხელისუფლება მდუმარედ და ზოგჯერ მინიშნებითაც მხარს უჭერს ე.წ.  ბოდენის გეგმას აფხაზეთ-საქართველოს ერთობლივი სახელშეკრულებო სახელმწიფოს ანუ კონფედერაციის შექმნის თაობაზე, ანუ ისეთი სახელმწიფოსაზე, რომელიც გარდუვალი დაშლის უდავო პერსპექტივას შეიცავს უახლოეს მომავალში, აგრეთვე დუმს, შევარდნაძის ადმინისტრაციასავით, ერთერთი ყველაზე ბარბაროსული ანტიდემოკრატიული პრინციპის თაობაზე, რომელიც სუფევს უკლებლივ ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზეთის თემაზე: თითქოს აფხაზ მოსახლეობას, ავტოხთონური ქართველი მოსახლეობის საპირისპიროდ, აფხაზეთის დარეგულირების თემაზე ვეტოს უფლება ჰქონდეს, ქართველ უმრავლესობას კი არ ჰქონდეს ასეთი უფლება, და ერთი აფხაზის ხმა ორნახევარჯერ და მეტჯერ მეტი უფლებამოსილების მატარებელი იყოს, ვიდრე ერთი ქართველის ხმა. სააკაშვილის ხელისუფლების ხსენებული ფარული მიზანი (კონფედერაციის შექმნა) დღესაც ძალაშია (და განსაკუთრებით არის ძალაში, ვინაიდან ეს დღეს რუსეთის უმწვავესი საპრესტიჟო ინტერესია), სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად, იქიდანაც ჩანს, რომ მან ყველა შესაძლო დაწინაურებითა და წარმატებით დააჯილდოვა ბოდენის პოზიციის გამავრცელებელი და გამაჟღერებელი ანტიქართული პროექტის ხელის მომწერნი – ბაქრაძე (ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარე) და კუბლაშვილი (ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე).

II. დივერსია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართველი ერის გენოციდი

9. სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს ორი ურთიერთშემავსებელი გზა ერთიანი მიზნის მისაღწევად: საქართველოს ეკონომიკის ხელოვნური ნგრევა და მატერიალური სიღატაკის ორგანიზება, რათა მოხდეს ქართველი მოსახლეობის სტიმულირება საემიგრაციოდ, ერთის მხრივ, და უცხოელთა იმიგრაციის ყველანაირი გაადვილება და სტიმულირება, მეორეს მხრივ. საქართველოს დექართველიზაციისაკენ მიმართული პოლიტიკის ხსენებული პირველი გზა, ერთის შეხედვით, შეიძლება ექვემდებარებოდეს პირწმინდად ეკონომიკური ანგარებითა და კორუფციის მოტივებით ახსნას, მაგრამ მას ვერ დაექვემდებარება მეორე გზა. ამიტომ მეთოდურად გამართლებულია, რომ პირველი გზის – ეკონომიკური გენოციდის _ გამოყენებაშიც არაეკონომიკური, პოლიტიკური მოტივი დავინახოთ.

10. სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლება არის მკაფიოდ გამოხატული დიქტატურა. მის მიერ ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების ჩამონათვალი მოცემულია პროფ. ბ. სავანელის პუბლიკაციებში და მას აქ არ გავიმეორებთ. დავუმატებთ იმ კონსტატაციას, რომ ეს დიქტატურა უფრო დესპოტიის ტიპისაა, ვიდრე ტირანიისა, სახელდობრ, იგი ემყარება საზოგადოებაში დამოუკიდებელ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ძალთა არარსებობას (არის მხოლოდ მმართველი ხუნტა და უსახსრო მასა), განსხვავებით ტირანიისაგან, რომელიც ემყარება საზოგადოებაში არსებულ ძალთა ამა თუ იმ კომბინაციას (როგორც წესი, დროში არამდგრადს). ამ დესპოტიის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარეა კაკისტოკრატიის (“უარესთა ხელისუფლების”) კულტივაცია, რაც სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშანია მარიონეტული დიქტატურისა: ყოვლისმომცველი სოციალური მობილობის პირობებში, პიროვნების დაწინაურება ხდება არა მისი პირადი პოზიტიური თვისებების მიხედვით, როგორც დამოუკიდებელ დიქტატურაში (სიმამაცე, ნიჭი, ენერგია, თუნდაც ბოროტი და ა.შ.), არამედ მისი მზაობის ხარისხის მიხედვით, რომ თავისი ქვეყნის ინტერესები უცხო ბატონის სასარგებლოდ დათმოს.

11. სააკაშვილის ხელისუფლება არის დივერსანტული თავისი ქვეყნის მიმართ. კონკრეტულად, იგი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრივსა და სოციალურ სისტემებს, ისევე როგორც მისი მენტალიტეტის შემადგენელ პოზიტიურად მოქმედ სისტემებს, მაგრამ ამას იქმს “დასავლური ღირებულებების” სახელით ამ უკანასკნელთა დისკრედიტაციის მიზნით, რაც საკუთრივ პოლიტიკური ამოცანაა. დივერსია მუშაობს მრავალ სფეროში, მათ შორის:

  • ეკონომიკურში.  საქართველოში ინგრევა (სხვათა შორის, მახინჯი საგადასახადო სისტემის გამოყენებითაც) წარმოება, განსაკუთრებით – მრეწველობა. გამჭოლი მიზანია მოსახლეობისათვის მხოლოდ არაკვალიფიციურ მომსახურებაში დასაქმების შესაძლებლობის დატოვება.
  •  მეცნიერებისა და განათლებისაში.  რადიკალურად შევიწროებულია განათლების დარგობრივი სპექტრი და მოსწავლეთა რაოდენობა (პირველ ყოვლისა, ფუნდამენტური ცოდნის ხარჯზე), არაქმედით მინიმუმზე დაყვანილია მეცნიერული კვლევების ორგანიზაციული სისტემა, ხდება ორივეს განუხრელი შემდგომი დავიწროება. საქართველო კარგავს მეცნიერულ საკითხებზე საკუთარი ექსპერტიზის უნარს, ერთის მხრივ, და კვალიფიციური კადრის (თვით მუშათა კადრის ჩათვლით) ყოლის პრინციპულ შესაძლებლობას, მეორეს მხრივ.
  • მენტალურში. პროპაგანდით, რომელიც მეცნიერულ ცოდნასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში დგას და განკუთვნილია პრიმიტიული გონებრივი დონისათვის, და ტელეეკრანზე ხელისუფლებისადმი მონურად ერთგულ არხთა ფართო გამოყენებით (სხვა ორიენტაციის არხები არც არსებობს) ხდება მოსახლეობის ფართო მასების მიზანმიმართული დეზინფორმირება თანამედროვეობის კულტურულ, მორალურ, პოლიტიკურ და ზოგადმსოფლმხედველობრივ ტენდენციათა და მოთხოვნათა შესახებ, რაშიც გამჭოლი მიზანია ამ მოსახლეობის გონებრივი დეგენერირება და მისი მოწყვეტა როგორც ჯანსაღი შემოქმედებითი და შრომითი მოღვაწეობისაგან, ისე ჯანსაღი ეროვნული და სოციალური ოპტიმიზმისაგან
  • მორალურში.  იმავე მონოპოლიზებული ეკრანებით და იმავე პრიმიტიულ დონეზე ხდება არა მხოლოდ კონკრეტული ტრადიციული მორალური მცნებების, არამედ ზოგადად მორალისაც, როგორც ასეთის, დისკრედიტაცია, მოზარდ თაობათა მასობრივი მოტყუება, თითქოს მორალი, როგორც ცნობიერების ფორმა, მოძველებულია და ისტორიას ჩაჰბარდა. დივერსიის ამ კონკრეტულ სახეში დიდი როლი ეკუთვნის გააფთრებულ ბრძოლას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც დღეს განსაკუთრებით მწვავე და უსირცხვილო ხასიათი აქვს.

12. გარდა ეკონომიკური დივერსიისა და მატერიალური გაჭირვების ორგანიზების მოტივისა, ემიგრაციის სტიმულირების მიზნით ხდება სახელმწიფოს ეკონომიკური ბაზის ნგრევა პირდაპირი სტრატეგიული მიზნითაც. ამ პროცესის არსი მდგომარეობს სათავდაცვოდ, ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სულიერად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტთა გაყიდვაში, რომელშიც ლომის წილი მოდის რუსეთისათვის და რუსული ფირმებისათვის მიყიდვაზე. მიზანმიმართული დივერსიის ეს კონკრეტული სახე უმრავლეს შემთხვევაში ინიღბება პირადი ანგარების, როგორც ერთადერთი მამოძრავებელი მოტივის, ნიღბით, თუმცა მისი რეალური მიზანი სინამდვილეში ანგარება არ არის. ამ წესით არის გასხვისებული, მაგალითად, საქართველოს სანაოსნო შევარდნაძის, აბაშიძისა, ადეიშვილის და სხვათა მიერ. გაყიდულია ჰესები, იყიდება რკინიგზა, პორტების ნაწილები და მრავალი სხვა. ამ სახის “კორუფციის”, სინამდვილეში კი შეგნებული და გარედან დავალებული დივერსიის არც ერთი მსხვილი აქტი დღეს, ისევე როგორც შევარდნაძის მმართველობის დროს, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის საგანი არ ხდება.

შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი დივერსიის, და არა ეკონომიკური გათვლის ან კორუფციურლი ანგარების, ელემენტია ის, რომ თავისუფალ ბაზარზე, სადაც დღეს არც ერთი კონკურენტუნარიანი ადგილობრივი მოქალაქე არ არსებობს, გატანილია საქართველოსა და ქართველი ერის ძირითადი სადღეისო და სამომავლო საარსებო წყარო – საქართველოს მიწა (სასოფლო-სამეურნეოს ჩათვლით), რაც, სხვათა შორის, შეუთავსებადია სასურსათო უსაფრთხოებასთანაც.

13. სახელმწიფოში სამართლებრიობისა და სამართლიანობის ფაქტობრივი არარსებობის ფონზე სახელმწიფო აპარატი და მმართველი პარტია ფართოდ და ეფექტიანად იყენებენ ტერორს – როგორც დამიზნებითს (ანუ არასასურველ პირთა მოცილებისათვის განკუთვნილს), ისე არადამიზნებითს (ანუ მასის დაშინებისათვის განკუთვნილს). მაგალითები ცნობილია.

14. სააკაშვილის ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულია ის, რომ საქართველოს სამხრეთი რაიონებიდან 1944 წელს უცხო ინსტანციის (საბჭოთა კავშირის) მიერ რელიგიური ნიშნით გასახლებული მაჰმადიანები მან ცალკე ეთნოსად მიიჩნია და დღეს თანახმაა, რომ მათი შთამომავლები, განურჩევლად ამ უკანასკნელთა დამოკიდებულებისა საქართველოს სახელმწიფოსადმი, მასობრივად შემოასახლოს ჩვენს ქვეყანაში იმ ხიფათის მიუხედავად, რომ მაღალი ალბათობა აქვს მათს ახლო ან შორ მომავალში გამოყენებას მეზობელი ძლიერი სახელმწიფოს მიერ საქართველოსათვის მისი სამხრეთი რაიონების წასართმევად. ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ შემოსასახლებლად განზრახულთა რიცხვში არიან არა მხოლოდ გასახლებულთა შთამომავლები, არამედ სომხეთიდან და ნახიჭევანიდან გასახლებულებისაც, და მათი ოჯახის წევრებიც, რომელთა რაოდენობა შეუზღუდავია.

15. წინააღმდეგ კონსტიტუციისა და ეროვნული ისტორიულმასშტაბიანი ინტერესის პირდაპირი მოთხოვნისა, სააკაშვილის ხელისუფლება აგრძელებს შევარდნაძის მიერ დაწყებულ პრაქტიკას საქართველოს ისტორიულ პროვინციებად დაყოფის  მიმართულებით, რასაც ხან “ფედერალიზმის” სახელით ახსენებენ, ხან “რეგიონალიზმის” მორცხვი სახელით (რაც არასწორია). კონსტიტუციით გაუთვალისწინებულ ადგილობრივ მმართველებს ნიშნავენ კუთხური სახელით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისათვის საყოველთაოდ ცნობილია, რა მოსდევს ამ პრაქტიკას პერსპექტივაში. სახელდობრ, მას მოსდევს არა მხოლოდ საქართველოს გარდაუვალი დაქუცმაცება ისტორიულ პროვინციებად, არამედ თვით ქართველი ერის დახლეჩაც და ქართული ეროვნული ცნობიერების შინაარსობრივი დახლეჩაც პროვინციულ ცნობიერებათა ჯამად.

16. სააკაშვილის ხელისუფლების უდავო დანაშაულია მრავალრიცხოვანი ფაქტები მის მიერ საქართველოში შეფარებული ჩეჩნების მოღალატური გადაცემისა ჩვენი და მათი დაუძინებელი მტრის – რუსეთის სისხლიანი ხელისუფლებისადმი, რასაც არა მხოლოდ მორალური ასპექტი აქვს, არამედ პრაქტიკულიც, სახელდობრ, ის, რომ ამ მოღალატური და ამორალური ქმედებით რუსეთის სპეცსამსახურებს ხელი ეხსნებათ, რათა საქართველოში რაგინდარა მასშტაბის და რაგინდარა არაადამიანური შინაარსის ტერაქტები მოაწყონ და ჩეჩნების შურისძიებას დააბრალონ.

ეს გახლავთ, ჩვენის აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების დღესდღეობით ცნობილი ძირითადი (მაგრამ არა ყველა) დანაშაულები საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და კონკრეტული პიროვნებების წინაშე. მათ მიერ ქვეყნისა და ერისათვის მოყენებული ზარალისა და ზიანის მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურება (გამოსწორება), ჩვენი აზრით, შესაძლებელია. ამ მიზნის მიღწევის ერთერთი საშუალება, სხვა მრავალთა პარალელურად, არის ის, რომ საქართველო ჯერ თავისი პოლიტიკური სპექტრის სახით, ხოლო შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობის სახით გაემიჯნოს სააკაშვილისა და მისი გუნდის დანაშაულებრივ პოლიტიკას და მათ მიერ დადებულ ხელშეკრულებებს, ნასყიდობის კაბალურ აქტებს და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა კაპიტულანტურ ნაბიჯებს. ამისათვის ორი ძირითადი მორალური და იურიდიული არგუმენტი არსებობს. პირველი ის გახლავთ, რომ ეს ხელისუფლება მხილებადია (და, ფაქტობრივად, უკვე მხილებულიცაა) უცხო ქვეყნის, სახელდობრ, რუსეთის ინტერესთა სამსახურში საქართველოს ინტერესთა საზიანოდ, ანუ სახელმწიფო ღალატში. მეორე ისაა, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია (უკანონოა), ანუ ძალაუფლებაში იმყოფება ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ერთხანს “შეუმჩნევლად” იქნა დატოვებული, მაგრამ ბოლოს მაინც გამხელილ იქნა მათ მიერ. ამ ხელისუფლების თავის ფუნქციებში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისა და მოქალაქეებისათვის ლახვრის ჩაცემაა, ამიტომ მისი წასვლა აუცილებელია. 

ამის ყველაზე ფრთხილი გზა, ჩვენის აზრით, არის:

_  კარგად ორგანიზებული მასობრივი ზეწოლით ხელისუფლებისაგან რეალური საარჩევნო კანონის გამოძალვა;
_  კარგად ორგანიზებული მასობრივი აქციებით მისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გამოძალვა;
_ ასევე, კარგად ორგანიზებული აქციით არჩევნების რეალურად ჩატარება, ანუ საარჩევნო სიებისა და მიცემული ხმების დაცვა გაყალბებისაგან.

ეს გახლავთ ხელისუფლების შეცვლის ყველაზე მოკლე და გონივრული გზა.

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი

“საქართველო”  01.2010

2 Responses to “♦ სააკაშვილის ძირითად დანაშაულთა ჩამონათვალი”

  1. hie said

    when i learning and i just google blog,blog is a good place to learning, i am glad to found your blog

    Like

  2. […] […]

    Like

დატოვე კომენტარი