Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ არაბიძე- ბრძოლის არჩევანი

დავით არაბიძე

ბრძოლის არჩევანი

 

 პროგრესირებადი დეგენერაციის დასასრული

   

 საბჭოთა ინტელიგენციის ფორმირებისას   მოსკოვი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში სპეციალურად არჩევდა ისეთ სუბიექტებს, რომელთაც  შეიძლება ეწოდოს  “თავჩაღუნული კუდაბზეკილები“. ზუსტად ასეთი იყო ვლადისლავ არძინბა. 15 წლის განმავლობაში (1989-2004 წლებში) საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართულ ეროვნულ მოძრაობას მისი სახით  ყველაზე ვერაგი მტერი ჰყავდა. ვ. არძინბა ბუნებით და ქცევით ტურა იყო, სიცოცხლის ბოლომდე  ვეფხვის შერხანის _ რუსეთის იმპერიალიზმის მორჩილი დარჩა, ინიციატივიანი მონდომებით ასრულებდა იმპერიის ყველაზე არაადამიანურ  მიზნებს.

თავი პირევლად წარმოაჩინა 1989 წელს, როგორც 9 აპრილის “გმირის” გენერალ როდიონოვის მხარდამჭერმა.  არაფრით გამორჩეულმა  “ხეთოლოგმა” ისარგებლა რა “პერესტროიკის” ტალღით 1990 წელს აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე აღმოჩნდა. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ–იანვარში მომხდარი ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალებაც მისთვის სასარგებლო გამოდგა, 1992 წლის 23 ივლისს თავადაც განახორციელა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება აფხაზეთში  და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე  უტიფრად განაცხადა, რომ მის პოლიტიკის შედეგად ქართველები პირველი გაისროდნენ. 1992-2004  წლებში ვ. არძინბას მოთავეობით აფხაზეთში განხორციელდა უპრეცედენტო სისასტიკის ეთნიკური  წმენდა. მან არაერთხელ დადო შეთანხმებები (1992 წლის 3 სექტემბერი, 1993  წლის 27 ივლისი) მხოლოდ იმისთვს, რომ შემდეგ ვერაგულად დაერღვია. მისთვის უცხო იყო კავკასიური ტრადიციები და კავკასიური სოლიდარობა. სრულიად კავკასია  დარწმუნდა, რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა სხვა არაფერი იყო თუ არა კრემლის ,,მეხუთე კოლონა”, რომლის მთავარი ფუნქცია გახდა ,,კავკასიური სახლის” იდეის განხორციელების ჩაშლა. 

        მოკვდა ტურა, რომელიც შეცდომით ადამიანის ფორმაში იყო დაბადებული. სიკვდილთან ერთად თან წაიღო ათასებისა და ათიათასების სიცოცხლე. მისი სახელი  წარსულში დაჩება, როგორც მაგალითი ადამიანის გადაგვარებისა. მრავლისმეტყველია, რომ ამ ტურას სულიც იმპერიის ცენტრში აღმოხდა.

      

კოლაბორაციონიზმი და მისი ალტერნატივა

 

დღეს რუსეთს მართავს  სამხედრო-სამრეწველო და  სათბობ-ენერგეტიკულ  კომპლექსების  ალიანსი. ამ ალიანსის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია მსოფლიოს დაყოფა  გავლენის სფეროებად და ევროპაში გამყოფი ხაზებს დაწესება. მათ ამ მიზნის განხორციელებაში დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნიათ.

კრემლის პრობლემა ისაა, რომ დღეს მას აღარ შეუძლია თბილისში კარლ კნორინგის მსგავსად გენერალ-გუბერნატორის დასმა, იგი ვერც მშრომელთა მასებს შესთავაზებს ფაბრიკა-ქარხნებს, მიწას, საბჭოების ხელისუფლებას. კრემლს არ სურს  2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გადასინჯვა, ჯარების დაბრუნება ომამდელ პოზიციებზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” ცნობის აქტების გაუქმება  და მის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა.

მისთვის სასურველი რეალობის შესანარჩუნებლად  მას ისეთივე “პარტნიორი”  სჭირდება, როგორიც თავის დროზე ჰყავდა ჰიტლერს საფრანგეთში “ვიშის” მთავრობის სახით. მოსკოვში ჩქარობენ, რადგან რუსეთში იზრდება სოციალ-ეკონომიკური კრიზისი და მის გადასაფარად აუცილებელია წარმატება საგარეო ფრონტზე. ამით არის განპირობებული ზურაბ ნოღადელისა და ნინო ბურჯანაძის მიღება ვლ. პუტინის მიერ.

ის ვინც თანხმდება იყოს რუსეთის იმპერიალიზმის აგრესიული სტრატეგიის “პარტნიორი”, ვეღარ იქნება დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს პატრიოტი. ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის სწორება რუსეთისკენ არა მარტო პოლიტიკური, არამედ კერძო ინტერესებითაცაა განპირობებული. 2004-2007 წლებში ორივე  მათგანი ინიციატივიანი თანამონაწილე იყო იმ “გაკულაკების” პოლიტიკისა, რასაც მ. სააკაშვილის “ნაციონალური” რეჟიმი ახორციელებდა “ვარდების რევოლუციის” შედეგად დამარცხებულთა მიმართ.  თავადაც რომ არ გახდნენ ამგვარი “გაკულაკების” ობიექტნი ისინი ცდლობენ კრემლის სახით მოიპოვონ მათი და მათი კლანების კაპიტალის საიმედო დამცველი, მაგრამ მუქთი ყველი მხოლოდ სათაგურშია.

დიდად სამწუხაროა, რომ მათ გზას დაადგა ქარული ეროვნული მოძრაობისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი ზვიად ძიძიგური, მან ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ საქართველომ უნდა აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დეოკუპაციამდე. მან და სხვამაც ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ წარსულის დამსახურებები არაა დღევანდელი რენეგატობის ინდულგენცია.

კოლაბორაციონიზმი არ ახალი მოვლენაა. 1940-44 წლებში ოკუპანტებთან არაერთმა ფრანგმა ითანამშრომლა, მარტო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციის 164 სენატორიდან და დეპუტატიდან 110-მა კოლაბორაციონისტობა იკადრა, ისევე როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პიერ ლავალმა. მაგრამ არცრთმა ფრანგულმა პარტიამ არ იკადრა გერმანის მმართველ ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ როცა ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ – მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”, რუსეთის  მმართველ პარტია “ერთიან რუსეთთან” მოაწერა ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებას.    

კოლაბორაციონიზმი დღეს სტრატეგიული საფრთხეა საქართველოსთვის. შემთხვევითი არაა, რომ ეუთო-ში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა “საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს”, კრემლმა შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი, სადაც ამზადებს ჩვენი ქვეყნის წინააღმეგ სამხედრო ინტერვენციის ბაზას. ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე არც “პუბლიკოლაა” და არც “აგრიკოლა”. მ. სააკაშვილის “ნაციონალური” რეჟიმი მართლაც რომ კოლაბორაციონისტების სამჭედლო გამოდგა, ამ რეჟიმის დამსახურებაა, რომ მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე უკვე ჯიკავი და გაიწი-გამატარეა.

კოლაბორაციონიზმის ალტერნატივა არის ეროვნული, დემოკრატიული და სოციალური ძალების კონსოლიდაცია ისეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბლოკში, რომელსაც ექნება ეროვნული ტრადიციებისა და სოციალური დემოკრატიის პრინციპების შესაბამისი პროგრამა, სტრატეგია და ტაქტიკა.

აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1984 წელს ფრანგულ გაზეთ “ფიგარო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა “… როდესაც თავსუფალი ხალხი გადაწყვეტს გააკეთოს ის რაც აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვერავითარი მოწინააღმდეგე ვერ შესძლებს მის დამარცხებას”.

კოლაბორაციონიზმის ალტერნატივა არის ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოს არჩევანია.

 

 

 იხ. აგრეთვე:

დავით არაბიძე – აგვისტოს გაკვეთილები

 

დავით არაბიძე – გლობალური  საბაზრო ეკონომიკის კრიზისის მზარდი გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა და უმუშევართა უფლებები

დატოვე კომენტარი