Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ფუტკარაძე – საერთოქართველური ენა

putkaradze-1

ტარიელ ფუტკარაძე

ასომთავრული ანბანისა და ქართული სამწიგნობრო ენის სათავე – ძვ.წ. II-I ათასწლეულებში არსებული საერთოქართველური ენა

 

საქართველოს ისტორიაში ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს იდეის განხორციელების ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი არსებობს და ორსავე პერიოდის სიძლიერისა და ერთიანობის გამოხატულებად მიჩნეულია ქართული ენის განსაკუთრებული როლი; შდრ.: ქუჯ-ფარნავაზის ეპოქა: ”არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა სხუა ენა, თვინიერ ქართულისა” და გრიგოლ ხანძთელის ეპოქა: ”ქართლად ფრიადი (მრავალი) ქუეყანა (მხარე) აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა” ყოველი აღესრულების”… პირველ შემთხვევაში საქართველოს გაერთიანებისთვის არსებითი როლი შეასრულა ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ, მეორე შემთხვევაში კი – სამხრეთ-დასავლეთ (ტაოში) და დასავლეთ საქართველოში (ეგრისში) აღზრდილმა ბაგრატიონებმა…

გავრცელებული შეხედულების თანახმად, უძველესი პერიოდიდან (ძვ.წ. III-II ათასწლეულებიდან) თითქოსდა არსებობდა სამ მონათესავე ენაზე მოლაპარაკე სამი ქართველური ტომი: ქართი, ზანი და სვანი (იხ., მაგ., ო.ჯაფარიძე, 2006, გვ. 366, 353: ”ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის საქართველოს ეთნიკური რუკა ასე გამოიყურება: კოლხეთის მთიანეთში – სვანი, კოლხეთის ბარში – ზანი, აღმოსავლეთ საქართველოში – ქართველი”). ამავე თეორიის მიხედვით, შემდეგ პერიოდში ქართველების/ქართების ენის ბაზაზე შეიქმნა სალიტერატურო ენა, რომელიც, მოგვიანებით, მეგრელ-ლაზთა და სვანთა კულტურის ენადაც იქცა. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს უკანასკნელი დებულება ორგვარი ინტერპრეტაციით გვხვდება:

1. იძულებითი ქართიზაცია: ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებმა მოსახლეობამ – ქართველებმა – თავიანთი ენა და კულტურა ძალით მოახვია თავს დასავლეთ საქართველოს ბარში მცხოვრებ მეგრელებს, ლაზებს, კავკასიონის კალთებზე მცხოვრებ სვანებს, ფხოველებს, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მცხოვრებ ჰერებს, სამხრეთ ამიერკავკასიაში მცხოვრებ მესხებს და სხვ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ”კონცეფცია” მომდინარეობს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ქეროპე პეტროსის ძე პატკანიანისგან (პატკანოვისგან). აღმოსავლეთ საქართველოს ძველი მოსახლეობის აღსანიშნავად საბჭოთა პერიოდში დაამკვიდრეს ეთნონიმი ქართი (”ქართებს” ზოგი ავტოქთონად თვლის, ზოგი – მოსულად); პარალელურად გაჩნდა საოცარი ფრაზაც: ქართი – ტომიყლაპია: ”ქართის ტომის მიერ დაპყრობა-შერწყმა სხვა ტომებისა და შემდეგ თანდათან მისი სახელმწიფოებრივ ორგანიზაციად გარდაქმნა (კლასობრივი ურთიერთობის წარმოქმნა) მას განუზომელ უპირატესობას ანიჭებდა სხვა ტომებთან შედარებით და მოხდა უდიდესი ნახტომი: ქართის ტომმა მცხეთა დაიპყრო და აქ შეიქმნა ახალი ქართლი. ამის შემდეგ ამ ტომთა შერწყმა კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯით წავიდა. ქართი ტომიყლაპია: იბერები, მესხები, ზიდრიტები, კახები, ჰერები, ფხოვი, ჭართალი, ბაზალი, დუალი, ეგრე, სვანი, აფხაზი, აფშილი, სანიგი” (ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ. 237). ე.წ. ქართებისგან სხვა ქართველურ ტომთა ასიმილაციის დაუსაბუთებელ მოსაზრებას სამეცნიერო ლიტერატურაში ”ქართიზაციის”, ”გაქართების”, ”ქართველიზაციის”, ან ”გაქართულების” სახელით იხსენიებენ (იხ., მაგ., ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ. 225, 353, 406-409; გ.მჭედლიძე, 1996, გვ. 111, 115, 370, 534 და სხვ.).

2. ნებაყოფლობითი ქართიზაცია: ზანური და სვანური ”ენების” მფლობელებმა თავიანთ სალიტერატურო ენად ნებაყოფლობით მიიღეს მოძმე ”ქართების” სალიტერატურო ენა. ამ მოსაზრების თვალსაჩინო ნიმუშად წარმოვადგენთ ციტატას ა.ონიანის ერთ-ერთი ბოლო ნაშრომიდან: ”ქართულთან, მეგრულთან და ლაზურთან ერთად სვანური არის ქართველურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ქართველურ ენებზე, ბევრი სხვა მონათესავე ენათა ჯგუფისაგან განსხვავებით, არ წარმოქმნილა სხვადასხვა ეროვნული კულტურა (მეცნიერება, ხელოვნება)… ქართული იყო მთელი ქართველი ხალხის ბუნებრივი (და არა – თავსმოხვეული) საერთო-სახალხო ეროვნული ენა, მეცნიერების, კულტურის ენა და ერთადერთი სალიტერატურო ენა. ეს არის ის დიდი ტვირთი, რაც ისტორიამ ქართველურ ენათაგან მხოლოდ ქართულს დააკისრა და რის გამოც ის არის სწორედ სრულიად საქართველოს საერთო-სახალხო ეროვნული ენა და ქართველი ხალხის ერთიანობის ბურჯი. დანარჩენი ქართველური ენები კი, რომლებიც ლინგვისტური თვალსაზრისით ჩვეულებრივი ენებია, ფუნქციონალურად (საზოგადოებრივი ფუნქციის მიხედვით) ქართული ენის დიალექტებს უტოლდებიან (ხაზგასმა ყველგან ჩემია – ტ.ფ.). ნათქვამიდან ჩანს, რომ სვანური (მეგრულისა და ლაზურის მსგავსად) უმწერლობო ენაა” (ა.ონიანი, 1998, გვ. 3-4; მსგავსი მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე: რ.გორდეზიანი, 1993, გვ. 70).

საბჭოთა პერიოდამდე ცნობილ ქართველ საზოგადო და სასულიერო მოღვაწეებს არასოდეს გაუზიარებიათ მოსაზრება ქართველთა რამდენიმე ენის არსებობის შესახებ და ე.წ. ქართიზაციის თეორია (ქართველოლოგიაში ენისა და კილოს საკითხის შესახებ იხ., თ.გვანცელაძე, 2006), მაგრამ XX საუკუნის საბჭოთა იმპერიის (ბუნებრივია, ამ პერიოდის საქართველოს) სამეცნიერო წრეებში ეს იყო აღიარებული, წამყვანი სამეცნიერო თეორია; მეტიც, ამ ვარაუდის (!) ”სრულყოფის” ცდად უნდა ჩაითვალოს ქართებისა და ქართლელების გაიგივება (გ.მელიქიშვილი, 1973, გვ. 118, 125-127), ქართული ეკლესიისათვის პროზელიტიზმის დაბრალება (დ. მუსხელიშვილი, 2005, გვ. 33: ”…ქართული ეკლესიის კულტურულ-იდეოლოგიური პროზელიტიზმი წინასწარ ქმნიდა მკვიდრ ნიადაგს პოლიტიკური პროცესების წარმატებით განვითარებისათვის”) და ქრისტიანობის გამოცხადება ქართიზაციის პროცესის ხელისშეწყობად (გ.მჭედლიძე, 1996, გვ. 368: ”ქართულ ენაზე ქრისტიანობის აღმსარებლობა ქართიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და ამით ეთნიკურ ბარიერებს სპობდა”).

სამეცნიერო ლიტერატურაში ე.წ. ქართიზაციის თეორია პირველად გააკრიტიკა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ, ისტორიკოსმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ, რომელმაც, ქართულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თავისი ხედვა ასე ჩამოაყალიბა:

”ნ.მარისგან მომდინარეობს იდეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის, ჰერეთის, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ”ქართიზაციისა” ანუ გაქართველების შესახებ.[/ ხელოვნურია ტერმინი და იდეაც ასეთივეა; სინამდვილეში კი, ძველი წყაროების თანახმად, მთიანეთის, კახეთ-ჰერეთის, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობას ”ქართიზაცია” არ ესაჭიროებოდა, რადგან ძველთაგანვე (და ფარნავაზის დროსაც) აღნიშნულ კუთხეთა მცხოვრებნი, როგორც მთიელები, ისე ეგრისელები (მესხებსა და ჰერ-კახელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ქართველი ხალხის ძირითად ნაწილად განიხილებოდნენ. ეს ასე ესმის ”ქართლის ცხოვრებას”, ძველ ქრონიკებს და ძველ ავტორებს… დიდმა ივანე ჯავახიშვილმა გამოიკვლია, რომ ქრისტიანობამდე ყველა ქართულ ტომთათვის (სამეგრელოსა და სვანეთშიც) კულტმსახურების ენა იყო ქართული ენა… შესაბამისად, ამ ტომებს ქართიზაცია არ სჭირდებოდათ…” (ა.ჯაფარიძე, 1996, გვ.195-197, 213, 215-216; იხ., აგრეთვე, ა.ჯაფარიძე, 1998, გვ.261-263; ა.ჯაფარიძე, 2003).

იძულებითი ქართიზაციის თეორიის უსაფუძვლობას ცხადყოფს მრავალი სხვა ფაქტი და ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ წარმოებული კვლევებიც; კერძოდ: არც ერთ საისტორიო (თუ სხვა სახის) ქართულ თუ უცხოურ წყაროში არ დასტურდება ქართის ტომი; ვინც არ არსებობდა, როგორ შეეძლო სხვისი დაპყრობა (ტ.ფუტკარაძე, 2005, გვ. 325)? ფაქტია ისიც, რომ საისტორიო წყაროების მიხედვით, ქართველური ტომების/თემების თუ სამთავროების გაერთიანების იდეა თითქმის ყოველთვის დასავლეთ ან სამხრეთ საქართველოს მოსახლეობისგან (მათი წინამძღოლებისგან) მოდიოდა; იხ., მაგ., ქუჯის, მარუშიანის, დავით კურაპალატის, ლეონიდების, ბაგრატ III-ის, ჭყონდიდლების, ლევან დადიანისა (”იბერიელთა ერთობის ტრაქტატი”) და სხვათა ძალისხმევა.

შენიშვნა: საყურადღებოა: კ.კეკელიძესთან კამათში ივ.ჯავახიშვილს სიტყვა ქართები ბრჭყალებით მოჰყავს (ივ.ჯავახიშვილი, 1979, გვ. 236); შდრ.: კ.კეკელიძის რწმენით, სვანებთან ნარევი მესხების კუთვნილი ქართლი ძვ.წ. IV-III საუკუნეებში დაუკავებიათ ქართებს, რომელთაც ახალი ქართლი შეუქმნიათ; ჩანს, ივ. ჯავახიშვილი არ იზიარებდა ქართის ტომის არსებობის იდეას, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამის შესახებ მას საგანგებოდ არ უმსჯელია. ივ.ჯავახიშვილისგან განსხვავებით, ქართიზაციის თემა გაააქტუალურა ნ.ბერძენიშვილმა; დავიმოწმებთ მის ტიპურ ციტატას (ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ. 225): ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბების ხანისათვის ქართლის ექსპანსია ძირითადად დასრულებული იყო… ქსნისა და არაგვის ხეობებმა ”სახელი ქართლი არ მიიღეს; არ მიიღო ეს სახელი არც იმერეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ქართის კულტურა, ქართის ენა მათთვის მშობლიური ენა გახდა (შეიძლება იბერნი იყვნენ და იმთავითვე მათი ენაც იგივე იყო, რაც ქართლისა, ოღონდ დიალექტი…)” [ხაზგასმა ჩემია – ტ.ფ.].

”იძულებითი ქართიზაციისა” და ქართული ეკლესიის პროზელიტურობის თეორია დღესაც ატაცებული აქვთ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრე ჯგუფებს (განსაკუთრებით, რუსეთის იმპერიის მესვეურებს). რამდენადაც იძულებით ქართიზაციას ფაქტობრივი მონაცემები მხარს არ უჭერს, ხოლო I საუკუნიდან მომდინარე ქართული ეკლესიის ისტორია საფუძვლიანი კვლევით ნათლადაა წარმოდგენილი მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ფუნდამენტურ გამოკვლევევებში (ა.ჯაფარიძე, 1996; ა.ჯაფარიძე, 1998; ა.ჯაფარიძე, 1999; ა.ჯაფარიძე, 2003; იხ, აგრეთვე, ბ.დიასამიძე, 1999), ამ საკითხებზე მსჯელობას ჩვენ აღარ გავაგრძელებთ.

უფრო ბუნდოვნად და წინააღმდეგობრივად გამოიყურება მოსაზრება ე.წ. ”ნებაყოფლობითი ქართიზაციის” შესახებ; ამ თვალსაზრისის მიმდევართა აზრით, ძველთაგანვე არსებულ ქართველურ ტომობრივ ენათაგან ერთ-ერთზე (”ქართების ენაზე”) შექმნილი სალიტერატურო ენა დროთა განმავლობაში ქართველი ერის ეროვნულ ენად იქცა (მსჯელობისათვის იხ., მაგ., განათლების სამინისტროს მიერ სტუდენტთათვის სახელმძღვანელოდ დამტკიცებული ”ენათმეცნიერების შესავლის საკითხები” გ.ახვლედიანის რედაქციით, თბ., 1972, გვ. 36). აქვე (გვ. 22) ვკითხულობთ: ”ქართული და მეგრული იმდენად არის დაცილებული ერთმანეთისგან, რომ თუ ან მეგრელმა ქართული არ იცის ან ქართველმა მეგრული, მაშინ ისინი ერთმანეთს ვერ გაუგებენ”… წიგნის ავტორთა მიხედვით, ქართული ენის ეროვნულ ენად ქცევის მიუხედავად, მეგრული და ქართული ოპოზიციური ცნებებია, ხოლო მეგრელი და ქართველი მათთვის სხვადასხვა ხალხად კვალიფიცირდება…

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში შექმნილ ამ სახელმძღვანელოში ქართველობის წარმოდგენა ორ ხალხად არის ლოგიკური შეცდომა, რომელიც გამომდინარეობს ქართველური ენობრივი სამყაროს იმ არალოგიკური გააზრებისგან, რომელიც გაბატონებული იყო საბჭოთა ენათმეცნიერებაში. ქართველურ ენობრივ ერთეულთა მსგავსი კვალიფიკაცია აქტუალურია საბჭოთა იმპერიის დასუსტებისა და დაშლის შემდეგაც (იხ., მაგ.: ბ.ჯორბენაძე, 1989, გვ. 172-173; ბ.ჯორბენაძე, 1995, გვ. 18-20; თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე, ი.შადური, ნ.შენგელაია, 2003, გვ. 622; ვ.ბოედერი, 2005, გვ. 230-232… ვ.ბოედერის ”არგუმენტების” კრიტიკისათვის იხ., თ.გვანცელაძე, 2006); შესაბამისად, საქართველოში თუ საზღვარგარეთ ბევრ მკვლევარს დღესაც არა აქვს ნათელი წარმოდგენა ქართველთა ეთნოკულტურული ისტორიის შესახებ; ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ შუა საუკუნეებიდან დღემდე ქართების (/ქართველების/ქართლელების) ენა და კულტურა თავს აქვთ მოხვეული სხვა ქართველური მოდგმის ”ხალხებს” (სვანებს, ლაზებს, მეგრელებს, მესხებს, აჭარლებს, ფხოველებს… (კონკრეტული მასალისათვის იხ., თ.გვანცელაძის, მ.ტაბიძის, რ.შეროზიას, ა.ჯაფარიძის, მ.ნაჭყებიას ნაშრომები, რომლებიც დამოწმებულ ლიტერატურაშია წარმოდგენილი).

მონათესავე ტომთაგან ერთ-ერთის გაძლიერება და მის მიერ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი გაერთიანების ორგანიზება ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში; თუმცა, უკვე ეროვნებებად ჩამოყალიბებული მონათესავე ხალხების ენებისაგან ერთ-ერთი ენის აღმატებულად – სახელმწიფო ენად – გამოცხადება და ამ ერის სახელწოდების, კულტურის, ენის განზოგადება მონათესავე ეროვნებათა სახელად, კულტურად, ენად, ძნელი წარმოსადგენია; როგორც წესი, ამგვარი ”დაახლოების” პროცესები იწოდება: ერთი ერის მიერ სხვათა დაპყრობად, ასიმილაციად და ა.შ. შდრ.: გ.მელიქიშვილი, 1973, გვ. 124-128: არაბობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრი ქართის ეროვნების მიერ მოხდა დასავლეთ საქართველოს არაქართი მოსახლეობის ”ენობრივ-ეთნიკური” დაახლოება-შერწყმა…

გ.მელიქიშვილის (და ზემოთ დასახელებული სხვა მკვლევრების) მსჯელობებში ერთმანეთისგან გამომდინარე ორი უსაფუძვლო დაშვება გვაქვს: არსებობდა ქართის ტომი/ეროვნება; არსებობდა ქართის ენა.

უკვე ხაზგასმით ითქვა: ქართის ტომის არსებობის ვარაუდის საფუძველს მსოფლიოში არსებული არც ერთი ისტორიული წყარო არ იძლევა; გარდა ამისა, დაუსაბუთებელია ”ისტორიული ქართების”, ქართველებისა და ქართლელების გათანაბრება. ვფიქრობთ, უფრო ლოგიკურია ისტორიული ქართლის მოსახლეობის სახელდება მესხებად (ლიტერატურისა და მსჯელობისათვის იხ., ტ.ფუტკარაძე, 2005, გვ. 87-90).

საკითხის ისტორიის შესწავლით გაირკვა, რომ XX საუკუნის ისტორიკოსთა გამოკვლევებში ქართველთა სამ შტოდ წარმოდგენას სათავე ლინგვისტებმა დაუდეს: ”ქართველებს ენათმეცნიერება სამ უმთავრეს შტოდ ჰყოფს: ერთ შტოს ქართლურად (ქართის ენაზე) მოსაუბრენი შეადგენენ (ქართლელნი, კახელნი, ფშავ-ხევსურნი, მესხები, აწინდელნი იმერლები და გურულები); მეორეს იბერიელნი ეკუთვნიან, ანუ მეგრელ-ლაზ-ჭანები; ხოლო მესამეს – სვანები: (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 19, 21; აგრეთვე, გვ. 3-6). ხოლო, მოსაზრებას ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ქართის (ზანის, სვანის) ტომის არსებობის შესახებ, ბიძგი მისცა ზოგი ლინგვისტის (გ.კლიმოვის, თ.გამყრელიძის…) მიერ ამ პერიოდში სამი ქართველური ენის არსებობის სათუო დაშვებამ, რომელთაგან ერთ-ერთზე – ქართულ ენაზე – თითქოსდა შეიქმნა ანბანი; სწორედ ლინგვისტთა ვარაუდზე დაყრდნობით, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი უშვებს, რომ არსებობდა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართის ტომი, რომელმაც სხვა ქართველური ტომების ასიმილაცია მოახდინა (ბოლო პერიოდის მსჯელობისათვის იხ., მაგ., ო.ჯაფარიძე, 2006, გვ. 339-340).

ამგვარად, ე.წ. ნებაყოფლობითი (თუ იძულებითი) ქართიზაციის რეალურობის სამტკიცებლად თუ უარსაყოფად საკვანძო მნიშვნელობისაა პასუხი კითხვებზე:

როდის არსებულ, როგორი სახის და რომელ ენობრივ ერთეულს ემყარება ქართველთა ანბანი და ქართული სამწიგნობრო ენა?

ქართული სამწიგნობრო (სალიტერატურო) ენის საყრდენი ენობრივი ერთეულის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ორგვარი მოსაზრება არსებობს:

ა. ქართველთა სალიტერატურო ენა შეიქმნა ერთი კილოს /ენა-კავის (ქართლური, ქართლ-კახური…) საფუძველზე; შემდეგ ეს ენა იქცა ქართველთა საერთო ენად;

ბ. ქართული სალიტერატურო ენა შეიქმნა საერთოქართველური ენის საფუძველზე, შესამაბისად, თავიდანვე ის ყველა ქართველური თემის შემოქმედების ნაყოფია

კერძოდ:

ა. ივ. ჯავახიშვილი: ”ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული მწერლობის ენა ქართლურია… ქართველთა ძველი მწერლობის ენა კი შეიძლება ეკუთვნოდეს მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს” (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 20); შდრ., იქვე, გვ. 4: ”საერთო ენა და მწერლობა ყველა ქართველმა ტომმა შექმნა”; შდრ., აგრეთვე, ივ.ჯავახიშვილი, 1979, გვ. 154-156: ქართლელ-კახელ-იმერელ-გურულებისა და მეგრელ-სვანების საერთო შემოქმედების ნაყოფია, საერთო ენაა ქართული, რომელიც არა მხოლოდ ქრისტიანული მწერლობის, არამედ უფრო ადრეული წარმართობის ენაცაა.

არნ. ჩიქობავა: ”სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის საფუძველზე, ასე, მაგალითად, რუსულ ეროვნულ ენას, როგორც აღნიშნავს ი. სტალინი, საფუძვლად დაედო კურსკ-ორიოლის მეტყველება… ძველი სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე; ახალი ქართული სალიტერატურო ენა ქართლურის გარდა კახურსაც ემყარება” (არნ. ჩიქობავა, 1952, გვ. 114-115).

გ. ახვლედიანი, გ.ნებიერიძე: ”ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ სალიტერატურო ქართული არ ემთხვევა მთლიანად ქართლ-კახურ დიალექტს, სალიტერატურო ენას საფუძვლად ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლებიც დაწინაურებული არიან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით; ასე მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო რომის დიალექტი, რადგან რომს გაბატონებული მდგომარეობა ეკავა რომის იმპერიაში. ამავე მიზეზის გამო ფრანგულს საფუძვლად დაედო პარიზის დიალექტი, ძველ ბერძნულს – ატიკური დიალექტი, ქართულს – ქართლ-კახური და ა.შ.” (გ. ახვლედიანი, 1972, გვ.27).

ბ.ჯორბენაძე: ”სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის საფუძველზე… ძველი სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე; ახალი ქართული სალიტერატურო ენა ქართლურის გარდა კახურსაც ემყარება” (1989, გვ. 172-173).

რა არგუმენტები და წინააღმდეგობები აქვს წარმოდგენილ მოსაზრებებს?

ქართლურის (ქართლ-კახურის) გამოცხადება სამწიგნობრო ენის ბაზად ემყარება დამწერლობის/მწიგნობრობის შექმნის დროს მცხეთის/თბილისის ანუ ქართლის პროვინციის დაწინაურების ფაქტს და სალიტერატურო ენასთან ქართლური კილოს მეტ სიახლოვეს.

ამ მოსაზრების გაზიარებას ხელს უშლის რამდენიმე წინააღმდეგობა:

არც ერთი ფაქტით არ დასტურდება ქართის ტომის არსებობა; შესაბამისად, დასადგენია ქართული ანბანის/მწიგნობრობის შექმნის დროს არსებული ის ქართველური თემი (/თემები), რომელიც (რომლებიც) შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველი.

ჩვენამდე მოღწეული არქაული წერილობითი ძეგლების ენა (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური სტრუქტურები) ქართლურთან არ ავლენს უფრო მეტ სიახლოვეს, ვიდრე მესხურთან, იმერულთან, ხევსურულთან თუ იმერხეულთან; შესაბამისად, რამდენად ლოგიკურია ქართლურის (მით უმეტეს, არ არსებული ე.წ. ქართის ენის) გამოცხადება სამწიგნობრო ენის საფუძვლად?

დატოვე კომენტარი