Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ისტორიული პარალელები

ისტორიული პარალელები

მემატიანეთა მოვალეობას შეადგენდა ისტორიის ობიექტურად ასახვა და მომავალი თაობისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. საინტერესოა როგორ აფასებენ დღეს მიმდინარე პროცესებს ისტორიკოსები და როგორ პარალელებს ავლებენ საქართველოს წარსულთან.

***

ისტორიას უყვარს გამეორება

ჯორჯიან თაიმსი” ესაუბრა ისტორიკოს გუბაზ სანიკიძეს.
გუბაზ სანიკიძე: ისტორიას უყვარს გამეორება, მიმსგავსებები, ოღონდ არა იდენტურობა. საქართველოში ბოლოს მომხდარ ხელისუფლების შეცვლასა და დავით აღმაშენებლის მოსვლას შორის გავაკეთოთ პარალელი. მაშინაც, ფაქტიურად, მოხდა ხელისუფლების გადაბარება (გიორგი II-ემ ხელისუფლება გადააბარა თავის შვილს, აქ კი, ედუარდ-გიორგიმ _ “შვილს”, გაზრდილს!) და ახლაც იგივე განმეორდა.

“ჯორჯიან თაიმსი”: რა არის მათ შორის საერთო?
_ იდენტურია ის, რომ მაშინაც და ახლაც, ხელისუფლების გადაბარების მომენტში, საქართველო იყო უმძიმეს მდგომარეობაში, როგორც პოლიტიკურად, ასევე სოციალურად და მორალურადაც. მაშინ იყო დიდი თურქობა და პრაქტიკულად, საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი არა მარტო ოკუპირებული იყო, არამედ ქართველი მოსახლეობაც კი აღარ ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე. ფაქტიურად ბაგრატიონები აკონტროლებდნენ მხოლოდ დასავლეთ, ლიხს იქითა საქართველოს.

ასეთივე მძიმე სიტუაცია იყო ედუარდ შევარდნაძის დროსაც. ქვეყანას გადაუჭრელი პრობლემები ჰქონდა: დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, სოციალურ-ეკონომიკურ-მორალური ასპექტებიც ასევე მძიმე დღეში. საზოგადოებრივი განწყობა მაშინაც და ახლაც, დაახლოებით ერთნაირი იყო: სიახლის და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილი. მხოლოდ ეს არის ის, რაც ემთხვევა ერთმანეთს.

თუმცა, დიდი განსხვავებაა მაშინდელ ქართულ და ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას შორის, არისტოკრატიული ელიტის სასარგებლოდ! ის იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც ინიციატივა თავის თავზე აიღო და გიორგი II-ეს გადადგომა მოსთხოვა; როგორც ისტორიიდან იკვეთება, ამას ჰქონდა ულტიმატუმის სახე.

გიორგი II გაცილებით კარგი ადამიანი იყო, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე და მან უმტკივნეულოდ, ლეგიტიმურად უარი თქვა ტახტზე. თავისი შვილის მეფობის დროს საკმაოდ მხიარულ ცხოვრებასაც ეწეოდა: უყვარდა ნადირობა, დროსტარება. როგორც ჩანს, არც ქალბატონებზე ამბობდა უარს, მაგრამ მთლიანად იყო ჩამოშორებული ხელისუფლებას და არც არავინ ეკითხებოდა რაიმეს.

_ ანუ, მას გაცნობიერებული ჰქონდა ქვეყნის მდგომარეობა და თავისი უსუსურობაც?
_ გაიცნობიერა და ფაქტის წინაშეც დადგა: ქართულმა არისტოკრატიამ თავის მოთხოვნას ულტიმატუმის სახე მისცა და ამის წინააღმდეგ წასვლაც არ ეგებოდა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დავით აღმაშენებელს კარგი მონაცემები ჰქონდა, თექვსმეტი წლის ბავშვს ნებით არავინ უთმობს ტახტს! რა თქმა უნდა, ეს იყო შეთქმულება.

_ ასეთ ახალგაზრდას, დამოუკიდებლად არ ეყოფოდა იმის ძალა, რომ სერიოზული ოპონირება გაეწია მამისთვის…
_ თექვსმეტი წლის ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ბევრი კარგი რამ, მაგრამ არ ექნება სიბრძნე, რომელსაც ადამიანს წლები აძლევს. როგორც ჩანს, ეს იყო კლასიკური, ფეოდალური გადატრიალება, რომელიც უსისხლოდ და უპრობლემოდ, მშვიდობიანად მოგვარდა.
ყველა დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის გიორგი II-ეც, რომელმაც უარი თქვა ხელისუფლებაზე.

_ რა მოხდა 2003 წლის გადატრიალებისას?
_ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არის ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე, მისი საქმიანობის გამგრძელებელი. მისი პოლიტიკური ფრთის ქვეშ, მისი ბუდიდანაა გამოჩეკილი და დაფრთიანებული. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სააკაშვილი არის შევარდნაძის ლეგიტიმური მემკვიდრე.

სხვაობა კი არის პოლიტიკურ ელიტაში. ახლანდელი ელიტა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს. პირველ რიგში ეს არის უმეცრების, უწიგნურობის ბრალი. მეორეც: ქართულ საზოგადოებას არ აქვს გაცხრილვის მექანიზმი. ნებისმიერ ვიგინდარას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურ ასპარეზზე!

ზოგი თუ ნაძირლობით ახერხებს ამას, ზოგს შეუძლია უბრალოდ გაუმართლოს: თვითმფრინავში შეხვდეს ვიღაცას, მოეწონოს და ამიტომ საპარლამენტო სიებშიც შეიყვანონ!..

ანუ განსხვავება ძველ და თანამედროვე საქართველოს შორის ის არის, რომ მაშინ იყო ჩამოყალიბებული ელიტა თავისი ტრადიციებით, წარსულით, ბიოგრაფიით. კრისტალიზირებული საზოგადოებაში მოხვედრა ძალიან რთული იყო, თითქმის შეუძლებელი. მათი იდეები გაცილებით ეროვნული იყო, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური ელიტის _ ახლა, პოლიტიკას და ქვეყანასაც, ყველა თავის ტანზე ირგებს.

ამის მაგალითებია ბოლო თხუთმეტი წელი, როდესაც პოლიტიკოსი წინასწარ ხედავს თავის თავს თუ ვინ იქნება და რა პოსტს დაიჭერს. ანუ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა არ არის დაინტერესებული, თუ როგორი ქვეყანა უნდა აშენდეს. არამედ დაინტერესებულია თუ რა სარგებლობას მიიღებს ამ ქვეყნიდან.

რაღაც პერიოდი მოდაში იყო მიხეილ სააკაშვილის შედარება დავით აღმაშენებელთან. გამორიცხულია, რომ რესპუბლიკური წყობის ქვეყნის პოლიტიკოსი შეედაროს მონარქს. ფრანგმა პოლიტიკოსებმა შეიძლება თავი შეადარონ შარლ დე გოლს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეედრებიან ლუდოვიკო XIV-ეს.

სააკაშვილის შედარება აღმაშენებელთან კი, მედიის და ჟურნალისტთა დიდი ნაწილის უმეცრების ბრალი იყო. საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის, როდესაც მედიის წარმომადგენლები არიან უწიგნურები. მარტივია იმის გაცნობიერება, რომ დავით აღმაშენებელი დაბადებითგანვე იყო მეფე და ჰქონდა ლეგიტიმაცია რათა გამხდარიყო მირონცხებული.

შეიძლება, ჩვენს პრეზიდენტს, დიდი სურვილი აქვს, რომ იყოს მირონცხებული, მაგრამ ეს ვერასდროს მოხდება.
ჩვენი საზოგადოება კვლავ ელოდება მეფე მხსნელს, ანუ დავითს, მაგრამ რესპუბლიკური მოწყობის ქვეყანაში მეფე არასოდეს არ იქნება. განსხვავება კი მეფესა და პრეზიდენტს შორის საკმაოდ დიდია: წმინდა ფსიქოლოგიური, მორალური, ზნეობრივი და წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც.

_ ბუნებრივია, მეფეს ხალხის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ის დაბადებიდან მეფეა და სიცოცხლის მანძილზე პასუხს აგებს თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე, განსხვავებით პრეზიდენტისა, რომელიც საარჩევნო ვადით ხელმძღვანელობს ქვეყანას…
_ უფრო მეტიც: მეფის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი აგებს პასუხს თავისი ქვეყნის წინაშე! პრეზიდენტი კი დაქირავებული მოხელეა. როდესაც ჩვენს მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ნებისმიერი არჩევით დანიშნული ხელისუფალი არის მათ მიერ დაქირავებული, ეხამუშებათ, ვერ წარმოუდგენიათ.

პრეზიდენტები მოდიან და მიდიან. მეფეები კი რჩებიან!

მაშინდელი საზოგადოება მზად იყო დიდი და გრანდიოზული ბრძოლებისთვის, რადგან მიუხედავად გარე საფრთხისა და ეკონომიკური სიდუხჭირისა, მას ჰყავდა პროგრესული პოლიტიკური ელიტა, ჩამოყალიბებული ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურა, რასაც მონარქია ჰქვია და ბაგრატიონთა რამოდენიმე საუკუნოვანი ბატონობა.

მიუხედავად ჩვენი დიდი ტრაგედიებისა, დარღვევებისა, ნგრევისა, დაშლისა, საქართველოში არასოდეს ყოფილა დინასტიის შეცვლის მცდელობა. შეიძლება მეფის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, მაგრამ ბაგრატოვანთა ტახტის წინააღმდეგ გამოსვლა არავის თავში არ მოუვიდოდა.

ბაღვაშები არა ნაკლებად ძლიერები იყვნენ, ვიდრე ბაგრატიონები. მათ მოღვაწეობას და ისტორიულ როლს რომ დავუკვირდეთ, დავით აღმაშენებლამდე უფრო მეტ აგრესიულობას ამჟღავნებდნენ. მხოლოდ აღმაშენებელმა შეძლო მათი გატეხვა. ბევრი თვლის, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ, რაც სრული სისულელეა. ლიპარიტ ბაღვაშმა თბილისი აიღო და ბაგრატს ჩააბარა ქალაქიც და მხარგათოკილი ამირაც.

ბაგრატმა კი გაათავისუფლა ამირა, შეეკრა მას და ლიპარიტის წინააღმდეგ გაილაშქრა. რომელია ქვეყნის პატრიოტი: ლიპარიტი თუ ბაგრატი? სხვა საკითხია, როდესაც ისინი აღმაშენებელს და ერთიანი საქართველოს იდეას დაუპირისპირდნენ.

_ ახსენეთ, რომ ბაღვაში დაუპირისპირდა აღმაშენებელს. სააკაშვილის გაპრეზიდენტებასაც მოჰყვა რეპრესიები… ამ მხრივ როგორი პარალელის გავლება შეიძლება?
_ აღმშენებელს არანაირი რეპრესიები არ ჩაუტარებია და სიკვდილით მას არავინ დაუსჯია. როდესაც აიღო თბილისი, დასაჯა ქალაქის მუსლიმური ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველაზე დიდი სასჯელი იყო გაძევება. მასზე რეპრესიების მიწერება საქმეში ჩაუხედავი ადამიანების დამსახურებაა.

_ სიკვდილით არც ესენი სჯიან არავის…
_ სიკვდილით დასჯაა, აბა რა, ამდენი გაუსამართლებლად ციხეში მჯდარი ადამიანი არ ახსოვს საქართველოს. თუ არ გავიხსენებთ კომუნისტების მოსვლას და 1924, 1937 წლებს. კანონის უზენაესობა არის მოგონილი ქიმერა: თუ კანონი არ არის სამართლიანი, მას არავინ არც უნდა დაემორჩილოს.

_ თუნდაც მასე იყოს, კანონი მხოლოდ ერთეულებისთვის უნდა არსებობდეს?
_ კანონი ყველასთვის, ხომ?! ერთ-ერთი ბრძოლისას, დავითმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა. ბრძოლის შემდეგ, გაკიცხეს, რადგან ბრძოლის წესებს არ დაემორჩილა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმემ გაკიცხოს მიხეილ სააკაშვილი? სააკაშვილს კი არა, გუბერნატორებს ვერ უბედავენ ვერაფრის თქმას და მერაბიშვილის, ამ უცხვირპირო, უჯიშო ადამიანის ეშინიათ.

 

ირმა ვარსიმაშვილი, ჯორჯიან თაიმსი

***

სომეხი ხალხის ტრაგედიაში მეფის რუსეთის იმპერიაა დამნაშავე

მეფის რუსეთის წაქეზებამ სომხების ტრაგედია გამოიწვია. დაშნაკების და მეფის რუსეთის პოლიტიკამ სომეხ ხალხს ტრაგედია მოუტანა. თუქეთის, რუსეთის და დაშნაკების იმპერიულ ზრახვებს სომეხი და თურქი ხალხების ტრგედია მოჰყვა. რომ არა რუსული, თურქული და დაშნაკური იმპერიალიზმი, ამდენი სომეხი არ დაიღუპებოდა.

1914 წელს მოხდა დიდი ტრაგედია, თურქეთის იმპერიაში არეულობა იყო, რომელმაც გამიოწვია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების და გასამხედროებული დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან და ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ.

რასაკვირველია, არც ერთი ერი არ არის დამნაშავე სხვა ერის წარმომადგენელთა ხოცვა-ჟლეტაში. ასეთ რამეს მხოლოდ ტერორისტები აკეთებენ, უბრალო ხალხი, ერი კი ამისთვის პასუხს არ აგებს. ამ საკითხში ახალმიკვლეულ გარემოებებზე გვესაუბრება ისტორიკოსი გურამ მარხულია.

_ რა მდგომარეობა იყო იმ დროს თურქეთში?
_ რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად, სან-სტეფანოს ხელშეკრულების თანახმად თურქეთი კარგავდა ბალკანეთის დიდ ნაწილს _ სერბეთს, რუმინეთს, ბულგარეთი ავტონომიური სამთავრო ხდებოდა, ამის გარდა რუსეთის ფარგლებში გადავიდა სამხრეთ ბესარაბია, არდაგანი, ბაიაზეთი, ბათუმი და ყარსი. 1878 წ., როდესაც, რუსეთის ჯარი ანატოლიის სიღრმეში შევიდა და დაიკავა ყარსი, არზრუმი, ხოლო ბალკანეთის ფრონტზე _ გაათავისუფლეს ბულგარეთი და კონსტანტინოპოლს საფრთხე შეუქმნეს, სომეხმა რადიკალებმა ჩათვალეს, რომ დადგა მათი ეროვნული იდეის განხორციელების დრო. სომეხთა დეპუტაცია კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქის ვარჟაბედიანის მეთაურობით კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა მიიღო. იმავდროულად, სომეხთა პატრიარქმა ნერსესმა სომეხი ერის სახელით რუსეთის მთავრობას მიმართა და “მფარველობა” ითხოვა.

სომეხთა ამ ინიციატივის გამო სან-სტეფანოს ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა §16, რომლის თანახმადაც თურქეთი კისრულობდა ვალდებულებას, იმ ვილაიეთებში, სადაც კომპაქტურად იყო დასახლებული სომხური მოსახლეობა, ჩაეტარებინა რეფორმები, რომელიც თვითმართველობის მათთვის გადაცემას ითვალისწინებდა.

სომეხთა ასეთმა მოქმედებამ მნიშვნელოვნად გაამწვავა ურთიერთობა სულთანის იმპერიულ მთავრობასა და თურქეთის სომხურ მოსახლეობას შორის.

_ ვინ ხელმძღვანელობდა სომხების მოძრაობას?
_ 1890 წ. თბილისში, სომეხმა ნაციონალისტებმა ხ. მიქაელიანმა, ს. ზავარიანმა, ს. ზორიანმა და სხვ. შექმნეს სომხური ნაციონალისტური პარტია _ “დაშნაკცუთუნი”, რაც “კავშირს” ნიშნავს.

დაშნაკცუთუნის პირველი პროგრამული დოკუმენტიდან ჩანს, რომ ეს იყო აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია.

პარტია აპირებდა ე.წ. თურქეთისა და რუსეთის სომხეთის გაერთიანებას, ხოლო რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, დაშნაკების მიზანი იყო “დიდი სომხეთის” შექმნა “ზღვიდან ზღვამდე”.

სომხეთის ასეთი სახელმწიფოს შექმნა შეიძლებოდა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ხარჯზე, მხოლოდ იმ ხალხების სისხლის ფასად, რომლებმაც ოდესღაც მიიღეს ისინი და თავიანთ მიწაზე დაასახლეს.

დაშნაკცუთუნის აქტივისტების საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაებრუნებინათ სომეხი ლტოლვილები ოსმალეთის იმპერიაში. მაგრამ 1898 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით, “ახალ განკარგულებამდე შეჩერდა სომეხთა გადასახლება”.

_ ეთნიკური სურათი, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე თურქეთში რამდენად აძლევდათ ხელს დაშნაკებს მიზნის მისაღწევად?
_ პირველ ეტაპზე, მათთვის მთავარი “დიდი სომხეთის” სახელმწიფოსთვის ეთნიკური ნიადაგის მომზადება იყო, რადგან სამხრეთ კავკასიის არცერთ გუბერნიაში ისინი უმრავლესობას არ შეადგენდნენ, თვით ერევნის გუბერნიაში მოსახლეობის 70% მუსლიმური, ანუ აზერბაიჯანული იყო. ეთნიკური სურათი შეიცვალა მხოლოდ სომხური მოსახლეობის სპარსეთიდან და თურქეთიდან გადმოსახლების შედეგად.

1905 წ. 7 თებერვალს ქ. ბაქოში სომხური ტერორისტული ორგანიზაციის _ დაშნაკცუთუნის წევრებმა არეულობის შექმნის მიზნით ასამდე მშვიდობიანი მცხოვრები დახოცეს.

1905 წ. 11 მაისს ქ. ბაქოში ხუთმა სომეხმა ტერორისტმა მოკლა თავადი მ. ნაკაშიძე და გ. თაყაიშვილი, რომლებიც კავკასიის ხალხების მეგობრობის პოზიციიდან გამოდიოდნენ. თვითმხილველ, პ. შუბინსკის მოგონებებიდან ირკვევა, რომ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ პროკლამაციებში აღნიშნული იყო, რომ ეს განხორციელდა სომხური ტერორისტული ორგანიზაციის “დაშნაკცუთუნის” მიერ. ზოგი ცნობით, ერთ-ერთი მკვლელი დრასტამატ კანაიანი (დრო) იყო.

1905 წ. 3 ოქტომბერს დაბა სირხავენდში სომეხმა ტერორისტებმა მხეცურად დახოცეს ათასამდე აზერბაიჯანელი, არ დაინდეს არც მოხუცები, ქალები და ბავშვები. ამ მოვლენის ორგანიზატორი პარტია “დაშნაკცუთუნი”.

1905 წ. 21 ნოემბერს თბილისში და მის გარეუბნებში, სომხური ტერორისტული ორგანიზაციის “დაშნაკცუთუნის” მებრძოლებმა, საქართველოს ისტორიაში ქართველთა ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ამ მოვლენის თვითმხილველების მოწმობით, სომხური ბანდები “ათავისუფლებდნენ ადგილებს” ჩამოსული სომხებისათვის. მათ ამოწყვიტეს თბილისის უბნების ქართული მოსახლეობა, თბილისის გარშემო სოფლებში _ ქართველი მართლმადიდებელი გლეხები, ამასთან მათ არ დაინდეს არც ბავშვები, ქალები და მოხუცები. ეს ფაქტი ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებადაა შესწავლილი და დამატებით კვლევა-ძიებას და მკაცრ შეფასებას მოითხოვს.

დაშნაკთა ბელადები ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ ტერორისტული აქტებით ეთნიკური ბაზის მომზადება მომავალი დამოუკიდებელი “დიდი სომხეთის” სახელმწიფოსთვის საკმარისი არ იყო. მათ სჭირდებოდათ ისტორიული ნიადაგის შექმნა. ამ მიზნით მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან, დაიწყეს გაძლიერებული ზრუნვა სომხეთის განსაკუთრებული ისტორიის შესაქმნელად.

მათ სომხეთის საზღვრები ისე “გააფართოვეს”, რომ თვით დამკვეთებსაც არ სჯეროდათ წარსულში ასეთ საზღვრებში სომხეთის არსებობის და მომავალში შექმნის. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ მსოფლიოს დარწმუნებას იმაში, რომ ეს ტერიტორიები უდავოდ სომხურია. ამ მიზნით ისტორიულ ლიტერატურაში შეგნებულად შემოიტანეს და დაამკვიდრეს ისეთი ძველი და ახალი ცნებები, როგორიცაა: “დიდი სომხეთი”, “დასავლეთ სომხეთი”, “თურქეთის სომხეთი”, “სომხეთის ზეგანი”, “სომხური საკითხი” და სხვა.

ეთნიკური ტერიტორიის მოსამზადებლად დაშნაკთა ბელადებმა მეფის ხელისუფლებას მოსთხოვეს ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება და ქართული, ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებიდან ალექსანდროპოლის სომხური გუბერნიის შექმნა. მაგრამ რუსებმა მოახლოებული მსოფლიო ომის გამო დაძაბული ვითარების შექმნა სამხრეთ კავკასიაში მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ამიტომ, რუსეთის ხელისუფლებამ სომეხ ნაციონალისტებს ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ ვილაიეთზე მიუთითა.

_ ე.ი. რუსეთის იმპერიამ წააქეზა?
_ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და ევროპის ქვეყნების დამნაშავე დიპლომატიამ თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერაგულად შთააგონეს სომხებს, რომ მათი მდგომარეობა თურქეთში მძიმეა და რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება.

სომეხმა რადიკალებმა იცოდნენ, რომ მშვიდობიანი გზით ე.წ. “თურქთის სომხეთის” განთავისუფლება ვერ მოხერხდებოდა, საჭირო ხდებოდა შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება.

1914 წ. 21 თებერვალს რუსული პოლიტიკის წაქეზებით ყარსში სომხურმა ბანდფორმირებებმა დახოცეს 30000 ეთნიკური თურქი. ჩვილ ბავშვებს ართმევდნენ დედებს და ცეცხლში აგდებდნენ. ამ დახოცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის პარლამენტის დეპუტატი _ სტეპან ტერ-დანიელიანი.

1915 წ. გაზაფხულში, როდესაც რუსეთის ჯარმა დაიწყო კონტრშეტევები თურქეთის სახელმწიფოზე, დაშნაკცუთუნის ემისარებმა მიმართეს ტერიტორიის გათავისუფლების ტაქტიკას, მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აჯანყება ვანის ვილაიეთში, საბრძოლო მოქმედების ეპიცენტრში. დაშნაკთა რაზმების მიერ დაკავებულ სოფლებში ათასობით ეთნიკური თურქი იხოცებოდა, მათ ახრჩობდნენ მდინარეებში, აგდებდნენ ჭაში და შემდეგ ქვებით ავსებდნენ.

სომეხთა ასეთმა მოქმედებამ აიძულა თურქეთის ხელისუფლება 1915 წ. 24 აპრილს მიეღო გადაწყვეტილება სომხური მოსახლეობის თურქეთიდან დეპორტაციის შესახებ.

მაშასადამე, “დაშნაკცუთუნის” ემისარების იმპერიული მიზანი, დაეპყროთ თურქეთის ტერიტორიის ნაწილი, და შეექმნათ “დიდი სომხეთი” ზღვიდან ზღვამდე, თურქთის სომხური მოსახლეობის დეპორტაციით და გენოციდით დასრულდა. თუმცა ეს არაფრისდიდებით არ ამართლებს თურქეთის სულთანს.

_ ამ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც მათი და რუსეთის იმპერიის გამოისობით შეემთხვა მათ ხალხს, თუ შეიცვალა დაშნაკცუტუნის პროგრამა?
_ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და მოითხოვა ახალქალაქის, ახალციხის და ბორჩალოს მაზრის სომხეთის საზღვრებში მოქცევა. მეტიც პრეტენზია თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე გამოითქვა და თვით თბილისიც კი აღმოსავლეთ სომხური ცივილიზაციის ცენტრად გამოცხადდა.

1918 წ. 7 დეკემბერს დაშნაკები არ მოერიდნენ მეგობარ ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყეს, მაგრამ დამარცხდნენ და მიზნის განხორციელება ვერ მოახერხეს. დაშნაკცუთუნმა, სამწუხაროდ, სომხურ ეროვნულ მისწრაფებაში ტრაგიკული როლი შეასრულა და 1920 წ. ნოემბერში ისინი იძულებული გახდნენ დროებით ჩრდილში გადასულიყვნენ.

გაიოზ მამალაძე, ჯორჯიან თაიმსი

***

 

სერგეი გადიროვსკი: “საქართველოზე ხუთი მოთამაშე ნადირობს: რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და ირანი”

რუსეთიდან ქართველების მასობრივი გამოძევება იწყება?
რუსეთ-საქარველოს ურთიერთობამ დაძაბულობის პიკს მიაღწია. ეკონომიკურ ბლოკადას, პოლიტიკური განცხადებები ერთვის, რაც კიდევ ძაბავს ვითარებას.

ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, შესაძლოე ღვინის ბედი ბორჯომმა და ნაბეღლავმა გაიზიაროს. რუსი ექსპერტები ამ ნაბიჯებს ეკონომიკურ ბლოკადად არ მიიჩნევენ და პოლიტიკური ბრძოლის ხერხად თვლიან. ზოგი ექსპერტი ამაში კავკასიისთვის ბრძოლასაც ხედავს, სადაც, უდავო ფავორიტს რუსეთს ასახელებენ.
“ჯორჯიან თაიმსი” რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, სერგეი გარდიროვსკის ესაუბრა.

_ ის რაც ხდება, არის პოლიტიკური ურთიერთობების გარკვევა თქვენს პრეზიდენტთან. ამით, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა დაზარალდება. ის, ვინც ბორჯომს ყიდულობს და ისიც, ვინც მას ყიდის.
_ თქვენ ამავდროულად ხართ სტატისტიკური ჯგუფის წევრი. თქვენი მონაცემებით, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ხომ არ ემუქრებათ მათ დეპორტაცია პოლიტიკური ნიშნით?

_ ქართველების რიცხვმა საგრძნობლად მოიკლო. ახლა კავკასიიდან უმრავლესობას სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ. მათთან შედარებით ქართველები ცოტანი არიან. რაც შეეხება დეპორტაციას, შესაძლებელია დეპორტაციები განხორციელდეს ცალკეულ შემთხვევებში, ძირითადად მაშინ, როცა, სავიზო რეჟიმი იქნება დარღვეული.
მოგეხსენებათ რუსეთის ფედერაციას, სავიზო რეჟიმი მარტო საქართველოსთან და მოლდოვეთთან აქვს, სხვა დესეთეს ქვეყანასთან არა. სწორედ ამიტომ, კიდევ ვამბობ, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა დაირღვეს სავიზო რეჟიმი. ერთეული დეპორტაციები არ აისახება ქვეყნების ურთიერთობებში უარყოფითად.
ცალკეული ადამიანები ზარალდებოდნენ და დაზარალდებიან მომავალშიც, ეს პოლიტიკისთვის ტიპიური მოვლენაა. შურისძიების ერთ-ერთი აპრობირებული ხერხია.
გასაგებია რასაც აკეთებს მოსკოვი, ის ცდილობს ზეწოლა გაუკეთოს თქვენს პრეზიდენტს, მაგრამ ამავდროულად ვიტყვი, რომ ეს უკეთესია ვიდრე საომარი ზეწოლა.
ანალოგიურ ზეწოლას ახდენს საქართველოზე ევროკავშირი და ამერიკა, უბრალოდ ეს მტკივნეულად არ წარმოჩინდება ხოლმე.

_ პოლიტიკური ჭიდაობა, რომელიც უკვე ეკონომიკურ ბლოკადაში გადავიდა, ხალხს აღიზიანებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს დაძაბული ფონი რუს და ქართველ ხალხებს შორის ხომ არ გაამწვავებს სიტუაციას?
_ თქვენც ატყობთ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობაც იძაბება. ეს ფაქტია. თუმცა, ვიტყვი, რომ თუ არის ხალხის მეგობრობა, რატომ უნდა იძაბებოდეს ურთიერთობა პოლიტიკის გამო?
გეტყვით უკრაინის მაგალითს. ხალხმა ნარიჯისფერებსა და ცისფერებს შორის გააკეთა არჩევანი, თეთრ_ცისფერთა სასარგებლოდ, რომელიც პრორუსულ ძალად მიიჩნევა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია, ხალხისთვის მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკა.

_ ამ დაძაბულ ვითარებაში დაკარგული ტერიტორიებიც გარკვეულ როლს თამაშობს.
_ რა თქმა უნდა, აფხაზეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ის არის დაძაბული ურთიერთობების მთავარი მიზეზიც. ამ საკითხის დარეგულირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. კონფლიქტური მხარეების პოზიციებმა დაშორება დაიწყო, რაც მშვიდობიან დარეგულირებას ხელს უშლის. ამიტომაც ეს კომფლიქტური ზონებიც მოქმედებს თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებზე.

_ რამდენად სამართლიანი იყო რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის პასპორტიზაციისა?
_ აფხაზებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. ეს იყო მათი სურვილი და არავის ძალა მათზე არ გამოუყენებია. ფაქტი დღეს ისაა, რომ ისინი არიან რუსეთის მოქალაქეებიც.

_ მაგრამ ისინი საქართველოს მოქალაქეებიც არიან…
_ მათ თუ უნდათ ორმაგი მოქალაქეობა ეს მათი გადასაწყვეტია, ისევე როგორც მათი გადასაწყვეტია დატოვონ თუ არა საქართველოს მოქალაქეობა.
დაუკვირდით, ეს არ არის სახელმწიფოებრივი საკითხი, ეს არის მოქალაქეობრივი პრინციპი და არჩევანის თავისუფლება.

_ ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთმა კავკასიაზე კონტროლი დაკარგა და ამაში საქართველოს ადანაშაულებს ეს ასეა?
_ აქ უფრო ფრთხილი ვიქნები. ის გავლენები რაც რუსეთს კავკასიაზე ჰონდა მეოცე საუკუნეში, დღეს რა თქმა უნდა, აღარ აქვს. გავლენები დაიკარგა, მაგრამ საბოლოოდ იმის თქმა, რომ რუსეთმა გზა დაუთმო აშშ, თურქეთს ან ირანს, მართალი არ იქნება.
კავკასია ახლა არის სტრატეგიული ობიექტი, რომელზეც ნადირობს ხუთი მოთამაშე, ესენია: რუსეთი, ევროკავშირი, აშშ, თურქეთი და ირანი. საქართველოში ყველა ამ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს.
მაგალითად, საქართველოში რუსეთის გავლენები ეცემა, სამაგიეროდ მყარია აზერბაიჯანში და სომხეთში. საქართველოში ახლა სერიოზული ბრძოლა მიდის ამერიკასა და ევროკავშირს შორის. თავისას ირანი და თურქეთიც ცდილობენ. საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია.

ირაკლი მანაგაძე, ჯორჯიან თაიმსი

***

ალექსანდრე აბდალაძე: სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის თაობაზე

ცნობილია, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ომის გამოუცხადებლად, ვერაგულად ჯარი შემოუსია საქართველოს.

საუკუნეების განმავლობაში მეზობელი, მრავალტანჯული, ქრისტიანული ქვეყნები – საქართველო და სომხეთი, როგორც პატარ-პატარა კუნძულები, ისე იყვნენ მოქცეულნი ისლამურ, მაჰმადიანურ ოკეანეში. 1918 წელსაც საქართველოს და სომხეთს ჩაყლაპვას უპირებდა თურქეთის იმპერია, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო საფრთხე ბოლშევიკური რუსეთის იმპერიისგან, რომელმაც 1920 წელს დაიპყრო კიდეც სომხეთი, ხოლო 1921 წელს – საქართველოც. ნუთუ ასეთ ვითარებაში რაიმე გამართლება შეიძლება მოეძებნოს სომხეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებას?

ცნობილია ისიც, რომ 1915 წელს, ნაწილობრივ წინა ხანებშიც, თურქებმა უამრავი სომეხი გაჟლიტეს. მრავალრიცხოვანმა სომხობამ მოახერხა და თურქეთის საზღვრებიდან სხვა ქვეყნებში ილტვოდა. ტრადიციულად, სომხეთიდან ლტოლვილი სომხები, პირველ რიგში, საქართველოში გამორბოდნენ და თურქეთში მომხადარი მოვლენების შემდეგაც სომხობამ მოაშურა საქართველოს. მადლობის მაგიერი იყო სომხეთის მიერ საქართველოსთვის ომის ატეხვა? თუ სომხებმა რასაც თურქეთში ვერ მიაღწიეს, ვერ მოიპოვვეს იქ ავტონომია, საქართველოს ხარჯზე შეეცადნენ თავიანთი გეგმების განხორციელებას? საქართველო დაბალ ღობედ მიიჩნიეს?

ეს პრობლემები რომ გავიგოთ, სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დედაარსს რომ ჩავწვდეთ, ამისათვის აუცილებელია წიაღსვლა ისტორიაში, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში. შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ 1918 წელს სომხეთის ხელისუფლებამ იძულებით გარეკა სომეხი ხალხი საქართველოს წინააღმდეგ ომში, ბრძოლის ველზე. თუ ასეა, მაშინ ძირითადად დამნაშავეა სომხეთის მთავრობა და არა სომეხი ერი. მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომს მხარს უჭერდა თითქმის ყველა სომეხი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.

***

სომეხ ხელისუფალთა დაპირისპირება საქართველოსთან ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში დასტურდება. გამოჩენილი ძველი ბერძენი სწავლული, სტრაბონი გვაუწყებს, რომ არმენია, სომხეთი ამ დრომდე პატარა ქვეყანა ყოფილა, იმ ხანებში კი მისი საზღვრები განვრცობილა – სომხებს მოუხერხებიათ მეზობელი ხალხებისთვის, კერძოდ, ქართველებისთვის მიწა-წყლის წართმევა. სომხეთს მიუტაცია ქართული მხარეები – ტაო, სპერი, ბასიანი, ქვემო ქართლის ნაწილი და, შესაძლოა, სხვაც. სომხები შედგომიან ამ ძირძველ ქართულ მხარეებში სომხური ენის გავრცელებასაც. ამ მიზნით სომეხთა ნაწილი ხსენებულ ქართულ მიწა-წყალზე სახლდებოდა კიდეც.

სომხეთის მიერ ქართული მხარეების მიტაცება იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების შედეგი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ იმჟამად რომის გაძლიერებული სახელმწიფო ეომებოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სირიის სელევკიდთა სამეფოს. ამ ომში სომხეთი რომს მიემხრო, ხოლო საქართველო, კერძოდ, იბერიის სამეფო, ტრადიციულად, სელევკიდთა მოკავშირედ დარჩა. ომში რომმა გაიმარჯვა და მისმა მოკავშირე სომხეთმაც მეზობლების ხარჯზე საზღვრები გაიფართოვა.

ქართველი ერი ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა დაკარგული მიწა-წყლის დასაბრუნებლად, ამ მიზნით, ამ მხრივ დიდ-დიდ იმპერიებსაც არ ეპუებოდა, ზღვა სისხლს ღვრიდა და სომხეთის მიერ ქართული მხარეების მიტაცებასაც ვერ ეგუებოდა. ცნობილია, მაგალითად, რომ თბილისი ოთხას წელს მაჰმადიანებს ჰქონდათ დაპყრობილი და დავით აღმაშენებლის ჯარმა გაათავისუფლა ის. საყურადღებოა, რომ ამ ამბავს ხაზგასმით აღნიშნავს დავით აღმაშენებლის მემატიანე, ისევე, როგორც სხვა ქართული მხარეების დაბრუნებასაც, რითაც ქართველ ერს მოუწოდებს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იბრძოლოს ქართული მიწის, სამშობლოს დასაცავად, გასაძლიერებლად.

უფრო ადრინდელი ქართველი მემატიანეებიც ყურადღებას ამახვილებენ, თუ როგორ წუხდნენ ჩვენი წინაპრები ამა თუ იმ ქართული მხარის მტრისაგან მიტაცების გამო და როგორ განუწყვეტლივ, დიდი შემართებით, ძალისხმევით იბრძოდნენ სამშობლოს, მამულის გასამთლიანებლად. სახელდობრ, როცა სომხეთი რომელიმე ქართულ მხარეს მიიტაცებდა, ქართველები ბრძოლას არ წყვეტდნენ მანამდე, სანამ დაკარგულ მიწას არ დაიბრუნებდნენ, იქაურ ქართველებს კვლავ სამშობლოს წიაღში არ შემოიყვანდნენ.

უნდა ითქვას, რომ ძველად სომხეთი დროდადრო, საუკუნეების განმავლობაში, ახერხებდა ცალკეული ქართული მხარეების მიტაცებას. სომეხთა აგრესიას საქართველოს მიმართ უბიძგებდა ისიც, რომ ადრევე გაჩნდა “დიდი სომხეთის” ცნება. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენეს იმისათვის, რომ სომხეთის უფრო დიდი ნაწილი განესხვავებინათ “მცირე სომხეთისაგან”. ასე გამოჩნდა ასპარეზზე “დიდი სომხეთი” და “მცირე სომხეთი”. მაგრამ “მცირე სომხეთს” წარმატებები არ ჰქონია, ის ჩრდილში მოექცა და “დიდ სომხეთს” თანდათან მიენიჭა თავისთავადი მნიშვნელობა, ამ ცნებამ იმპერიული ხასიათიც შეიძინა.

ამიერკავკასიის და მთელი კავკასიის გაერთიანებისკენ სწრაფვა ძველთაგანვე დასტურდება. ჩრდილო კავკასიაში უძველესი მკვიდრი ტომების გარდა არაერთი უცხო, დამპყრობელი ხალხი შემოჭრილა, დასახლებულა ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში. ამიერკავკასიას, საქართველოსაც და სომხეთსაც ხშირად ლაშქრავდნენ ჩრდილო კავკასიის როგორც მკვიდრი, ისე მოგვიანებით იქ შემოსული ხალხები. ამის გამო ჩრდილო კავკასიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ საქართველოც და სომხეთიც. საზოგადოდაც კავკასიას ხშირად ატყდებოდა თავს ძლიერ დამპყრობელთა შემოტევები, თარეში, აწიოკება და კავკასიის გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ საშური საქმე იყო.

სომხეთს ჩრდილო კავკასიაში გავლენა რომ მოეპოვებინა, ამისათვის საქართველო უნდა დაეპყრო. საუკუნეების განმავლობაში სომხები ცდილობდნენ კიდეც ამის გაკეთებას, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი ქართული მხარის დაპყრობას ახერხებდნენ გარკვეული ხნით. უძველეს ხანებში სომხეთი რომ უფრო უტევდა საქართველოს, ვიდრე პირიქით ხდებოდა, საქართველო რომ უფრო თავს იცავდა ამ საუკუნოვან შეხლა-შემოხლაში, ეს შედეგია იმისა, რომ, სათანადო ცდების მიუხედავად, საქართველოს მტკიცედ გაერთიანება მხოლოდ მეათე საუკუნის ბოლოს მოხერხდა. ძველ, დიდ კოლხეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს გაერთიანების საქმეში წარმატება მოიპოვეს ჩვენმა წინაპრებმა ფარნავაზის, ფარსმან პირველის, ფარსმან მეორის, ვახტანგ გორგასლის მეფობის ჟამს და სხვა დროსაც, მაგრამ ეს წარმატებები ხანგრძლივი, მყარი არ აღმოჩნდა. ცალკე აღებულ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან შედარებით კი ეგრეთწოდებული დიდი სომხეთი მართლაც უფრო დიდი ქვეყანა იყო და მას ეს გარემოება საქართველოს მიმართ აგრესიის გუნებაზე აყენებდა.

საქართველოს მტკიცედ გაერთიანებას მეათე საუკუნის დასასრულამდე აბრკოლებდა ისიც, რომ დამპყრობნი ცდილობდნენ ქართველთა კუთვნილ შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე ქართულ მხარეებში ფეხის მოკიდებას, მათ არ აწყობდათ საქართველოს ერთიანობა, ძლიერება, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის დასასუსტებლად.

სომხეთს უძველეს ხანებში შეხების წერტილები უფრო სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთან ჰქონდა, ვიდრე ლიხსიქეთთან. ბრძოლებიც უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ იბერიის სახელმწიფოსა და სომხეთს შორის ხდებოდა. ჩრდილო კავკასიაზე გავლენის მოპოვებას, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ადრინდელი შესაძლებლობების პირობებში, იბერია უფრო ახერხებდა, ვიდრე სომხეთი. იბერია, გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით, სახელდობრ, ჩვენი დედაქალაქები, მცხეთა და თბილისი კავკასიის ცენტრში მდებარეობდნენ. ამ გარემოებას კი მეცხრამეტე საუკუნემდე, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გაჩენამდე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე დღესა აქვს. ამის შედეგადაც იბერიის სამეფო წარმატებით უმკლავდებოდა სომხეთს და ხშირად შეტევაზეც გადადიოდა. იბერია სომხეთზე ძლიერი იყო, მაგალითად, ფარნავაზის, ფარსმან პირველის, ფარსმან მეორის, ვახტანგ გორგასლის მეფობის ჟამს.

სომხეთში თანდათან შეიქმნა ისეთი იდეოლოგიაც, რომლის მიხედვით კავკასიაში წამყვანი ერი სომხები უნდა ყოფილიყვნენ და საქართველოც მათი გავლენის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. ამ იდეოლოგიის შექმნაში, ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა სომხურმა ეკლესიამაც.

საუკუნეთა განმავლობაში ამიერკავკასიაში გაბატონებისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ, ეომებოდნენ, ერთის მხრივ, რომის და მისი მემკვიდრე ბიზანტიის, ხოლო, მეორეს მხრივ სპარსეთის ანუ ირანის იმპერიები. თავიადნ სპარსეთის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა მაზდეანობის გავრცელება საქართველოსა და სომხეთში. სპარსეთმა ეს ვერ შეძლო, რამეთუ ქართველი და სომეხი ერების დიდ წინააღმდეგობას, შეუპოვრობას წააწყდა. ვინაიდან ბიზანტიის იმპერია მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებში ქრისტიანობის ბურჯს წარმოადგენდა, სპარსეთის ხელისუფლებამ განიზრახა საქართველოსთვის და სომხეთისთვის ქრისტიანობის ისეთი მიმდინარეობა მაინც მოეხვია თავს, რომელიც მიუღებელი იქნებოდა ბიზანტიისთვის. ამით სპარსეთს სურდა საქართველო და სომხეთი დაეპირისპირებინა ბიზანტიისთვის, თავისი გავლენა გაეძლიერებინა ამიერკავკასიის ქვეყნებში.

სომხური ეკლესია დაყვა სპარსეთის ნებას. იგი მონოფიზიტური, გვიანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, გრიგორიანული გახდა. ბიზანტიური, ბერძნული ეკლესია კი დიოფიზიტური, ესე იგი მართლმადიდევბლური იყო და არის. ქართულმა ეკლესიამაც მართლმადიდებლური გზა აირჩია, რითაც სპარსეთის რისხვა დაიტეხა თავს. სამაგიეროდ, სპარსეთის ხელისუფლება კმაყოფილი იყო სომხური ეკლესიის არჩევანით და კვკასიაში თავის საყრდენად მიიჩნევდა მას. აღსანიშნავია, რომ სომხეთში სამეფო ტახტი დაემხო 428 წელს, დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ მეფობა იბერიაშიც მოსპეს სპარსელებმა და ასეთ ვითარებაში სომხეთსა და იბერიაში ეკლესიების როლი მეტისმეტად გაიზარდა.

მეშვიდე საუკუნის სომეხი მემატიანის, სებეოსის ცნობით, ამავე ასწლეულის ათიან წლებში სპარსეთში შემდგარა ამ იმპერიაში შემავალი ქრისტიანი ხალხების, ქრისტიანული ეკლესიების ეგრეთწოდებული სპარსული საეკლესიო კრება. ამ კრებაზე სპარსეთის შაჰინშაჰს ხოსრო მეორეს განუცხადებია, რომ ჩემს საბრძანებელში მცხოვრებმა ყოველმა ქრისტიანმა სომხური სარწმუნოება, ესე იგი მონოფიზიტობა, გრიგორიანობა მიიღოსო. სომხური ეკლესია მანამდეც ცდილობდა სპარსეთის მხარდაჭერით დაექვემდებარებინა ქართული და კავკასიის ალბანეთის ეკლესიები. ამ საქმეში სომხურ ეკლესიას მხარში ედგნენ სომეხი საერო ხელისუფალნიც, რომელთაგან ზოგიერთი სპარსეთის სამეფო კარის სამსახურში იყვნენ დაწინაურებული. საზოგადოდ, სომეხთა მეფეები და შემდგომ სომხური ეკლესიაც საუკუნეთა მანძილზე, კავკასიაში თავიანთი გავლენის გაძლიერების მიზნით, ცდილობდნენ ქართველთა და კავკასიის ალბანელების გასომხებას. ამის მისაღწევად ისინი ხშირად თანხმდებოდნენ უცხო, დამპყრობელ ძალასთან გარიგებაზე.

სომხებმა, სომხურმა ეკლესიამ შეძლეს კავკასიის ალბანელთა მნიშვნელოვანი ნაწილის გასომხება. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე არსებობდა ეგრეთწოდებული ალბანური ეკლესია, მაგრამ მასში დიდი ხანია ღვთისმსახურება, წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. ამის მიღწევას ცდილობდა სომხური ეკლესია ქართული ეკლესიის მიმართაც. ჩვენს წინაპრებთან მათ ეს არ გაუვიდათ. სწორედ ამიტომ მოხდა განხეთქილება ქართულ-სომხურ ეკლესიებს შორის მეშვიდე საუკუნის დასაწყისში, რაც უარყოფითი მოვლენა, უბედურება იყო მტერმრავალი ქართველი და სომეხი ერებისათვის.

კავკასიაში გაბატონებისთვის ბიზანტია და არაბთა სახალიფო, ანუ იმპერიაც ებრძოდნენ ერთმანეთს. არაბთა სახალიფოს ერჩია საქართველო და სომხეთი გამაჰმადიანებულიყვნენ, მაგრამ რაკი ამას ვერ მიაღწია, მისთვისაც უფრო მისაღები იყო მონოფიზიტური, გრიგორიანული სომხეთი, ვიდრე ბიზანტიის მოკავშირედ მიჩნეული მართლმადიდებლური საქართველო. მართალია, ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერიაც ცდილობდა საქართველოს ჩაყლაპვას, ისევე, როგორც ამას მოგვიანებით რუსეთის იმპერია აკეთებდა, მაგრამ არაბთა სახალიფოს ისიც აშინებდა, რომ სწორედ ერთმორწმუნეობის გამო ბიზანტიას არ გაადვილებოდა საქართველოს გადაქცევა ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთ მხარედ, შემადგენელ ნაწილად. ამგვარი გეგმები არაბთა სახალიფოს ხომ თვითონ ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. საზოგადოდაც, არაბი დამპყრობლები ცდილობდნენ საქართველო და სომხეთი დაეპირისპირებინათ თავიანთი მეტოქე ბიზანტიის იმპერიისთვის. საქართველოს ბიზანტიასთან დაპირისპირებას კი მათი ერთმორწმუნეობა ხელს უშლიდა.

არაბმა დამპყრობლებმა საშინელებები სომხეთშიც დაატრიალეს, მაგრამ საქართველოსთვის არაბთა ბატონობის უღელი მაინც უფრო მძიმე იყო, ვიდრე სომხეთისთვის. სწორედ ამით აიხსნება, რომ მეცხრე საუკუნის ბოლოს, როცა არაბთა სახალიფოს დასუსტება დაეტყო, სომხეთი ერთიან ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად იყო დაქუცმაცებული. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ სომხეთის აღდგენილი სამეფოს ხელმწიფეებმა შეძლეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და ქვემო ქართლი მიიტაცეს. სომხურმა ეკლესიამაც გააჩაღა საქმიანობა ქვემო ქართლში, სომხეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ქვემო ქართლის გასომხურება, გასომხება დაისახეს მიზნად. თუ ამას მიაღწევდნენ, შემდეგ მთელი საქართველოს გასომხებასაც შეუდგებოდნენ. ამგვარი გეგმა მკფიოდ ჩანს მეცხრე-მეათე საუკუნეებში მოღვაწე სომხეთის კათოლიკოსის, ოვანეს დრასხანაკერტცის “სომხეთის ისტორიაში”. იმ ხანებში სომხები აქტიურობდნენ ეგრეთწოდებული დიდი სომხეთის ხელახლა შესაქმნელად. იმჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში სომხეთი ვერ შეძლებდა კავკასიის სამხრეთით საზღვრების გაფართოვებას და ამიტომ სომხებმა მთელი კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დაპყრობა მიიჩნიეს მათ უპირველეს ამოცანად.

გარკვეული მიზეზების გამო, სომხეთი მეათე საუკუნეში კი არ ძლიერდებოდა, პირიქით, თანდათან სუსტდებოდა, ის ცალკეულ სამეფო-სამთავროებად იშლებოდა. სომხებმა ერთი ასეთი სამეფო, ტაშირ-ძორაგეტის ანუ ლორეს სამეფო მეათე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნეს სომხეთისაგან დაპყრობილ ქვემო ქართლშიც. მის სატახტო ქალაქს 1065 წლამდე სამშვილდე წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ – ლორე.

ქართველი ერი, ცხადია, ვერ შეეგუებოდა სომეხთაგან ქვემო ქართლის მიტაცებას, სამშვილდის გადაქცევას სომეხი მეფეების სატახტოდ. უძველესი საისტორიო ტრადიციის, გადმოცემის მიხედვით ხომ სამშვილდე ქართველთა წინაპრად მიჩნეულ ქართლოსს აუშენებია: …” ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე”. ქართლოსმა ქვემო ქართლში “კუალად აღაშენა მტუერის ციხე, რომელსაც აწ ჰქვიან ხუნანი”. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ ქვემო ქართლში შენება მის მეუღლეს გაუგრძელებია: “ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი”.

ქვემო ქართლის მიტაცებას სომხეთი დროდადრო ადრეც ახერხებდა, მაგრამ მეოთხე საუკუნეში ეს მხარე დიდი ხნით დაიბრუნეს ქართველებმა. მართალია, მოგვიანებით ქვემო ქართლი თბილისის არაბთა საამიროს შემადგენლობაში მოექცა, მაგრამ, ცხადია, ჩვენი წინაპრები ქვემო ქართლს ისევე მიიჩნევდნენ საქართველოს ორგანულ ნაწილად, როგორც თვით თბილისს. საზოგადოდ, ქვემო ქართლი ქართველთა ერთ-ერთ უუძველეს სამკვიდროს, ძველი ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა.

1065 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგენილ იქნა – საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის ჯარმა განდევნა სომეხი მეფე სამშვილდიდან და ქვემო ქართლის დიდი ნაწილიდან. მაგრამ სომეხმა მეფემ იმ დროს მოახერხა ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის შენარჩუნება და სატახტო ქალაქად ლორე გაიხადა. მოგვიანებით თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს ლორე. 1118 წელს დავით აღმაშენებლის მხედრობამ გარეკა თურქ-სელჩუკები ლორედან და მთელი ქვემო ქართლი საქართველოს დაუბრუნა.

სომხეთის საქმე თანდათან უარესდებოდა. სომხები მასობრივად ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს, უცხოეთში გარბოდნენ. მკვლევარ ჰრაჩ ბართიკიანის სიტყვით, “ნათლად ჩანს, რომ მეათე საუკუნის შუა ხანებისათვის სომხები მოხეტიალე, არამდგრად ხალხად მიაჩნდათ”. ჰრაჩ ბართიკიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის სომეხთათვის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისება, იგი შემდგომში უნდა იყოსო შეძენილი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მეათე-მეთერთმეტე ათწლეულებში უამრავი სომეხი აიყარა თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან და უცხო ქვეყნებს მიაშურა. ამ მოვლენის გასამართლებლად სომხეთში ფრიად პოპულარული გახდა “სახარების” სიტყვებიც: “რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად”.

ლტოლვილი სომხების ადგილს სომხეთში მაჰმადიანური მოსახლეობა იკავებდა, ისინი მყარად მკვიდრდებოდნენ სომეხთა ქვეყანაში თავიანთი ჯოგებითურთ. ეს საქართველოსთვის მიუღებელი იყო, რამეთუ ჩვენს სამშობლოს ემუქრებოდა მაჰმადიანურ რკალში მოქცევის საფრთხე. ამის გამო საქართველოს ხელისუფლება მას შემდევგ, რაც სომხეთში ჯერ მეტისმეტად დასუსტდა, ხოლო მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებიდან დაემხო სომხური სახელმწიფოებრიობა, ახორციელებს სომეხთა მფარველობის პოლიტიკას. ბაგრატ მეოთხემ და დავით აღმაშენებელმა ქვემო ქართლი რომ დაუბრუნეს საქართველოს, იქ მომრავლებული სომხური მოსახლეობა არ შეუვიწროებიათ, პირიქით, მფარველობის კალთა გადააფარეს მათ. უფრო მეტიც, ბაგრატ მეოთხემ, დავით აღმაშენებელმა და საქართველოს სხვა მეფეებმაც ჩვენი ქვეყნის არაერთ მხარეში შეიფარეს, შემოიხიზნეს, დაასახლეს სომხები.

საქართველოს მეფეები მიიჩნევდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, სომხეთის მოსაზღვრე ქართულ მხარეებში დასახლებული სომხები, ხელსაყრელ ვითარებაში და იმდროინდელი შესაძლებლობების პირობებში უფრო ადვილად დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, ვიდრე, მაგალითად, ეგვიპტეში ან იტალიაში გადახვეწილი სომხები. ამასთანავე, ლტოლვილი სომხების დიდი რაოდენობით არსებობა საქართველოში ხელს შეუწყობდა ქარველი ერის მიერ სომხეთის გათავისუფლებას მაჰმადიანთა ბატონობისაგან, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.

ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეფეებს მაჰმადიანთა ბატონობის უღლისგან გათავისუფლებას თხოვდა სომხეთში დარჩენილი სომხური მოსახლეობა. ცნობილია, მაგალითად, რომ დავით აღმაშენებელს სომეხთა იმჟამინდელი დედაქალაქის, ანისის სომხური მოსახლეობის თავკაცებმა მიმართეს თხოვნით დახმარებისათვის და განუცხადეს, რომ ანისში სომხებს აღარ დაგვედგომება, თუ არ მოგვეშველეთო. აღმაშენებელმა დაიხსნა ანისი და სომხეთის დიდი ნაწილი მაჰმადიანთა მძლავრობისგან. მაგრამ სომხეთის საქართველოსთან საბოლოოდ შემოერთება, შემომტკიცება უაღრესად რთული საქმე იყო. ქარველმა ერმა მეთორმეტე საუკუნესა და მეცამეტე ასწლეულის დასაწყისში ზღვა სისხლი დაღვარა ამისთვის. ისლამური სამყარო დროდადრო ახერხებდა სომხეთში, კერძოდ, ანისში პოზიციების განმტკიცებას, შურისძიებას, სომეხთა შვიწროებას და ესენიც კვლავ საქართველოში გამორბოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციად დამკვიდრდა ლტოლვილი სომხების საქართველოში ჩამოსახლება. ეს ხდებოდა მას შემდეგაც, რაც ოქროს ხანის საქართველო დასუსტდა დამპყრობთა ურდოების განუწყვეტელი შემოსევების თუ ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შედეგად.

გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს ძალიან რომ გაუჭირდა, ჩვენი ქვეყნის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ერთმორწმუნე რუსეთის მოკავშირე გამხდარიყო. საქართველოს მესვეურებს სწამდათ, რომ რუსეთის მფარველობით ჩვენი ქვეყანა, ქართული სახელმწიფო კვლავ გაძლიერდებოდა. მოხდა პირიქით. ეგრეთწოდებულმა, ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ 1801 წელს მოსპო მრავალტანჯული ქართული სახელმწიფოებრიობა და ათიოდე წლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც.

სომხებს სომხეთში მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ სახელმწიფო აღარ ჰქონდათ. სრულიად სომეხთა საპატრიარქოც ოთხასი წლის განმავლობაში ლტოლვილი იყო, სომხეთის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში დამკვიდრდა ეჯმიაწინში (ეჩმიაძინში). სომხეთი სომხური მოსახლეობისგან იცლებოდა.

ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი ვერ ეგუებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობას. ქართველები მრავალჯერ აუჯანყდნენ რუსეთს. ასეთ ვითარებაში რუსეთის იმპერიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამიერკავკასიაში დასაყრდენად სომხები გაეხადა და მათი დახმარებითაც ებრძოლა ქართველი ერის წინააღმდეგობის გასატეხად, დასაძლევად, ქართველთა დასამონებლად, რათა ჩვენი ხალხი გამხდარიყო რუსეთის იმპერიის ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებელი.

რუსეთის მთავრობის წყალობით ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში ლტოლვილი სომხების დაბრუნებაც მათ სამშობლოში. ამასთანავე, ქართველი ერის დასუსტების მიზნით, რუსეთის მესვეურებმა ეთნიკურად ააჭრელეს საქართველო, ჩვენს ქვეყანაში არაერთი ეროვნების ხალხი ჩამოასახლეს. ამათგან ყველაზე მეტი სომხები და რუსები იყვნენ.

ერეკლე მეორემ 1783 წელს ტრაქტატი რუსეთთან იმ პირობით დადო, რუსეთი იმისთვის შემოიყვანა საქართველოში, რომ რუსების დახმარებით ქართველ ერს დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა. საქმე ეხებოდა სამცხე-ჯავახეთს და სხვა ქართულ მხარეებსაც. ცხადია, ერეკლე მეფეს ესმოდა, რომ რუსეთი უანგაროდ არ დაეხმარებოდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდა საქართველოს მის ვასალად ქცევა.

სამცხე-ჯავახეთი საუკუნეთა მანძილზე თურქეთს ჰქონდა დაპყრობილი. მიუხედავად ამისა, მეცხრამეტე საუკუნის დამდეგისთვის სამცხე-ჯავახეთი ქართულ მხარეს წარმოადგენდა. ამას მოწმობს გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის, გიულდენშტედტის ცნობები და სხვა მასალებიც. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიამ ომში დაამარცხა თურქეთი და სამცხე-ჯავახეთი შეიერთა, მან კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა 1783 წლის ტრაქტატის პირობები და სამცხე-ჯავახეთის არაქართულ მხარედ გადაქცევა განიზრახა. იქაური გამაჰმადიანებული ქართველები ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ მათი დიდი ნაწილი აიყარა და თურქეთში გადასახლდა. ამავედროს, სამცხე-ჯავახეთიდან ლტოლვილ ქრისტიან ქართველებსაც არ მისცეს ნება მშობლიურ მხარეში დაბრუნებისა. სამაგიეროდ, სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ჩაასახლეს თურქეთიდან გადმოყვანილი სომხები. ასე და ამგვარად, ქართული მხარე, კერძოდ, ჯავახეთი, რუსეთის იმპერიის ნებით, XIX-XX ასწლეულებში სომხურ მხარედ აქციეს. დღეს იქ თუ მეტი არა, 95% მოსახლეობისა სომეხია.

კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ერთმორწმუნე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია მოსპო, ხოლო მართლმადიდებელთაგან მწვალებლურად მიჩნეულ სომხურ ეკლესიას შეუნარჩუნა ავტოკეფალია. XIX საუკუნეშიც ქართველთა დიდი ნაწილი ხალხის მეთაურად, წინამძღოლად მიიჩნევდა მეფეს და ეკლესიას, კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქს. ქართველებს აღარც ერთი ჰყავდათ და აღარც მეორე. ამან დააბნია ჩვენი ხალხი, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ნიჰილიზმის წარმოქმნას, ქართველ ერში მისი სასიცოცხლო ინტერესებისათვის მიუღებელი მარქსისტული იდეების ფართოდ გავრცელებას.

სომხებს ჰყავდათ აღიარებული წინამძღოლი ავტოკეფალური სომხური ეკლესიის სახით. სომხურ საერო და სასულიერო წრეებში XIX საუკუნეში კვლავ აღორძინდა “დიდი სომხეთის” იდეა. სომხები სარგებლობდნენ რუსეთის ხელისუფლების ნდობით, მხარდაჭერით და მათ მიზნად დაისახეს, რუსებთან ერთად გაბატონებულიყვნენ საქართველოში, კერძოდ, თბილისში და სხვაგანაც. ამ მხრივ აქტიურობდა სომხური ეკლესიაც. მოვიხმობ ამის დამადასტურებელ ორიოდე ფაქტს. XIX საუკუნის 70-იან წლებში თბილისის ქალაქის თავი იყო გამოჩენილი ქართველი მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის საბჭოს ერთ-ერთ სომეხ დეპუტატს ფიცი უნდა დაედო. ამ ცერემონიალს ესწრებოდა სომეხი მღვდელიც, ტერტერა. ახლად არჩეულმა სომეხმა დეპუტატმა დაიწყო ფიცის დადება სომხურ ენაზე. დიმიტრი ყიფიანმა შეაჩერა – მე სომხური ენა არ მესმის, გარდა მაგისა, თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ფიცი ან ქართულად დადეთ, ან რუსულადო. ტერტერა და სხვა სომხებიც ამაზე განაწყენდნენ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

***

გორგასალმა რომ ხოხობი ჩამოაგდო თურმე სომხური ყოფილა

მთელი მსოფლიოს რუსულენოვანი ინტერნეტმაძიებლებისთვის და დაინტერესებული მკითხველისთვის გაიხსნა სხვადასხვა ქვეყნების სამეფო დინასტიების ისტორიის გვერდი http://alexorgco.narod.ru მასში თითქმის მთელი მსოფლიოს სამეფო საგვარეულოების ისტორია, ბასილოგრაფია, თანამედროვე მდგომარეობაა მოთხრობილი. არის განყოფილება: “საქართველოს სამეფო სახლი” (http://alexorgco.narod.ru/Asia/Georgia.htm). “საქართველოს სამეფო სახლზე” სტატია იწყება მტკიცებით, რომ ურარტუელები იყვნენ სომხები, რომ ურარტული დამწერლობა სომხურია, რომ ბაგრატიონები სომხები არიან, რომ არაბთა შემოსევების შედეგად ბაგრატუნები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მეზობელ “ბიზანტიასა და საქართველოში, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიააო” (ასე მთავრდება სტატია(!).

სტატიის ავტორი სომეხია, თუმცა გვარი არ არის მითითებული. ქართველი მეფეების ქრონოლოგია იწყება ვახტანგ გორგასლიდან (თითქოს მანამდე მეფეები არ გვყოლია ქართველებს). სტატიაში “საქართველოს სამეფო სახლი”, არაფერია ნათქვამი საქართველოს სამეფოების დაარსების, ტერიტორიის, ისტორიის შესახებ. არაფერია ნათქვამი ქართველი მეფეების შესახებ, მათ შორის, ბაგრატიონების თაობაზე. როცა სხვა ქვეყნების, მაგალითად რუსების, გერმანელების შესახებ უამრავი ინფორმაციაა. აღნიშნულ საიტზე ვერ ვიპოვეთ განყოფილება “სომხეთის სამეფო სახლი” ან მსგავსი რამ, ეს ჯერ ვერ შეძლეს გაეყალბებინათ, სამაგიეროდ ქართველებს არ გვეშვებიან. სტატიიდან ციტატების მოყვანას აზრი არ აქვს, ეს სტატია გამიზნულია მხოლოდ სომეხთა განდიდებისა და ქართველთა დაკნინებისათვის.

— თუმცა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველის დაბნევა და მოტყუება შეუძლია. ასეთ მკითხველს სტატია უმტკიცებს რომ, გარდა რუსთველისა, ბაგრატიონებიც: გურგენ ერისმთავარი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლი II და სხვები… სომხები იყვნენ. —

სტატიის ცრუპენტელა ავტორს ალბათ თავი შიგნიდან ექავება, რადგან სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია ვინმემ გაბედოს და თქვას, რომ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და ა.შ სომხები იყვნენ. კომპლექსიან ავტორს ალბათ ჰგონია, ვახტანგ გორგასალმა ხოხობი რომ ჩამოაგდო თბილისის თავზე, ისიც სომეხი იყო, ან სათაფლიაში სომერმა დინოზავრებმა დატოვეს ნაკვალევი ან უცხოპლანეტელებიც წარმომავლობით სომხები, მხოლოდ სომხები და კიდევ ერთხელ სომხები არიან. კიდევ კარგი, მისი “ოფოფები” სომხეთის, საქართველოს მეგობარი სომეხი ხალხის ოფიციალური პოზიცია არაა. თუმცა, დასანანია, რომ ჩვენი მეგობრების წიაღში ასეთი სულელური აზრები აღმოცენდა.

“ჯორჯიან თაიმსმა” ისტორიული შტრიხების გასახსენებლად ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს მიმართა.

“ჯორჯიან თაიმსი”: სომხები მართლაც ურარტუელები არიან?

მარიკა ლორთქიფანიძე: სომეხი მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ არმენები არიან ურარტუელთა შთამომავლები. მეცნიერთა მეორე, დიდი ნაწილი თვლის, რომ არმენები მოსულნი არიან დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ურარტუს კუთვნილება იყო. ზემოაღნიშნულ სტატიაში ამ მოსაზრების ავტორებია მხოლოდ მითითებული. ჩემის აზრით, ურარტული კულტურა სულ სხვაა, სომხური კი სულ სხვა.

_ ერთმნიშვნევლოვნად გადაწყვეტილი თუ არის მეცნიერებაში, რომ სომხები არიან ურარტუელთა შთამომავლები?

_ არა.

_ ურარტუელთა კულტურის ნაწილი თუ არის შემორჩენილი ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში?

_ ურარტუს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შემორჩენილია ქართულ ენაში და ქართულ კულტურაში. გიორგი მელიქიშვილს საინტერესოდ აქვს განხილული ურარტული სიტყვები, ჩვევები ქართულში, იმიტომ, რომ საქართველოს სამხრეთი ურარტუს პოლიტიკური გავლენის სფეროში იყო. ურარტუს დაცემის შემდეგ ნაწილი ურარტუელებისა ქართველებს შეერწყა. ასევე, სხვა ხალხებს.

_ იმის თქმა, რომ ურარტული ლურსმმული დამწერლობა სომხურია, ან რაიმე საერთო აქვს სომხურთან, თუ შეიძლება?

_ მაგას არავინ არ აღიარებს. უამრავი გამოკვლევა არსებობს ურარტული ლურსმნული დამწერლობის შესახებ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს სომხურია. ყოველ შემთხვევაში, ნორმალურ გამოკვლევებში.

_ ბაგრატიონების წინაპრებად ზემოთაღნიშნულ საიტზე, სომხები გამოჰყავთ, კერძოდ ბაგრატუნები?

_ სოლიდურ გამოკვლევებში მიჩნეულია, რომ ბაგრატიონები წარმოშობით არიან სპერიდან. ერთი შტო გამთავრდა ქართლში, მეორე შტო, ბაგრატუნები, სომხეთში, მესამე შტო ალბანეთში. ქართველი ბაგრატიონები ქართველები არიან, სომეხი სომხები და ა. შ. ბურბონები მეფობდნენ საფრანგეთშიც და ესპანეთშიც, მაგრამ არავის მოუვა აზრად, ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს დე ბურბონი ფრანგად გამოაცხადოს. ესპანელები არასოდეს იტყვიან, რომ ბურბონების დროს საფრანგეთი ესპანეთის იყოო.

ის, რაც საიტზეა, ასეთი რაღაცები მცირერიცხოვან, დაჩაგრულ ერებს ახასიათებს. მეთერთმეტე საუკუნიდან სომხებს სახელმწიფო აღარ ჰქონიათ. ამ საუკუნის ორმოციან წლებში ბიზანტიის იმპარატორმა უკანასკნელი ბაგრატუნი მეფე ბიზანტიაში გადაასახლა. მაშინვე, სომხური ვასპურუკანის უკანასკნელი მეფეც გადაასახლა და დანიშნა თავისი ბიზანტიელი მოხელეები. მაორგანიზებელი ძალა დაკარგეს სომხებმა და ამიტომ, სელჩუკებმა ადვილად დაიპყრეს სომხეთი. საქართველოს ბიზანტიამ იგივე ვერ გაუკეთა, ქართველმა ხალხმა შეძლო ამ საშიშროების აცილება. და ამან გადაგვარჩინა. კილიკიაში კი იყო სომეხ მთავართა სახელმწიფო ცოტა ხანს, მაგრამ ის არ არის სომხური ტერიტორია. სომხეთის ტერიტორიაზე იყო სხვადასხვა სახანოები, ერევნის და სხვა, იქ მოსახლეობა კი იყო სომხური, მაგრამ ზედაფენა არ იყო სომხური, სახელმწიფოებრიობა არ იყო სომხური. ამიტომ, ეს უკმარისობის გრძნობა, არმენებს უნდათ რაღაცით ამოივსონ.

_ ეს არასრულფასოვნების კომპლექსი ხომ არ არის?

_ შეიძლება არის კიდეც… ერმიტაჟის დირექტორი, აკადემიკოსი ბორის პიოტროვსკი დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა გათხრებს ურარტუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისა, კარმირ-ბლურისა. სხვათაშორის ცოლი სომეხი ჰყავდა. მან გამოაქვეყნა, ჩამოთვალა ფაქტები, რასაც სომხები თავის ისტორიას მიაწერდნენ, აყალბებდნენ. პირდაპირ მოთხრილი აქვს. გამოიყვანეს მწყობრიდან და იძულებული გახდა ეს მეცნიერი სიმართლე გამოექვეყნებინა (ეს ის პიოტროვსკია, რომელიც აღნიშნულ სტატიაში სომხებს, სომეხი ნახარარების, დიდგვაროვნების ურარტულ წარმოშობის დამამტკიცებლად მოჰყავთ. რაც აწყობდათ მხოლოდ ის დაბეჭდეს პიოტროვსკის ნაშრომებიდან)”. ზოგიერთი წყაროებით ბაგრატიონები ფარნავაზიანთა დინასტიის განშტობას წარმოადგენენ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ბაგრატიონები ისტორიულად იყვნენ და არიან ქართველები. აღნიშნული საიტის ავტორებს, თუ უნდოდათ გაეკეთებინათ მეცნიერულად და მორალურად გამართლებული ინტერნეტგვერდი, ქართველი მეფეების შესახებ, ქართველ მეცნიერთათვის უნდა მიემართათ. საფრანგეთის დინასტიაზე ასეთ გამოცემებში, უნდა დაწეროს ფრანგმა მეცნიერმა, გერმანულზე გერმანელმა, სომეხზე სომეხმა და ა. შ.

გაიოზ მამალაძე

2006.06.15

One Response to “•ისტორიული პარალელები”

  1. Temo said

    ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ბაგრატიონები ისტორიულად იყვნენ და არიან ქართველები. აღნიშნული საიტის ავტორებს, თუ უნდოდათ გაეკეთებინათ მეცნიერულად და მორალურად გამართლებული ინტერნეტგვერდი, ქართველი მეფეების შესახებ, ქართველ მეცნიერთათვის უნდა მიემართათ. საფრანგეთის დინასტიაზე ასეთ გამოცემებში, უნდა დაწეროს ფრანგმა მეცნიერმა, გერმანულზე გერმანელმა, სომეხზე სომეხმა და ა. შ.

    Like

დატოვე კომენტარი