Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ემიგრანტები

 

 

***

 

რას ელოდება ქართული ემიგრაცია 27 სექტემბერს „ქართველთა მარშისაგან“

 
26.09.2011

[ნინო ცხოიძე]

ქართული ემიგრაციის ინტერესი ქართული პოლიტიკისადმი, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმარისად არის გამძაფრებული. თუმცა, წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით, ემიგრაციაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტად ჭარბობს ეკონომიკური მიგრანტების რაოდენობა, ვიდრე პოლიტიკური თავშესაფრის მქონე პირთა. მიუხედავად ამისა, ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი კვლავ ცდილობს, თუნდაც შორიდან, მიიღოს მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მოსაზრებები მაინც გამოთქვას.

ადამიანები, რომლებიც ემიგრაციის პრობლემებს ყურმოკვრით იცნობენ, ხშირად საყვედურობენ უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეებს და „თბილი ადგილიდან“ ჭკუის დარიგებად აღიქვამენ იმ წუხილსა და გულისტკივილს, რაც სამშობლოს, ოჯახებსა და ქართულ გარემოს იძულებით მოწყვეტილ ემიგრანტთა მხრიდან ისმის. არადა, ფაქტია – ათწლეულების განმავლობაში ერთიდაიგივე ადგილის ტკეპნა, ქუჩის აქციების უშედეგოდ დასრულება და მხოლოდ „საქართველოს“ ძახილი მათ უიმედობასა და განაწყენებასაც იწვევს.

ამდენად, ვამკვიდრებთ ახალ რუბრიკას – „ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია“, რაც საშულებას მისცემს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ძველ, თუ ახალ ემიგრანტებს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან სამშობლოში არსებული  პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური მდგომარეობისადმი.

პირველ აქტუალურ თემად 27 სექტემბერს დაგეგმილი „ქართველთა მარში“ შევარჩიეთ. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანისათვის კარგად არ არის ცნობილი მარშის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ხოლო „ვარდების მოედნიდან“ სამებამდე მსვლელობაში თბილისის მოსახლეობის განსაკუთრებულ აქტივობას ისინი ნაკლებად ელოდებიან.

რესპოდენტების უმრავლესობამ თავიანთი ვინაობის გამხელა უპრობლემოდ გადაწყვიტა. თუმცა, ზოგმა – პირიქით, მხოლოდ ინიციალების გამჟღავნების პირობით გამცა პასუხი შეკითხვებზე.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, ოპოზიციამ დიდი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა ურთიერთკინკლაობით და ლანძრვა-გინებით, ქუჩებსა თუ სტადიონებზე ხალხის უშედეგოდ ტარებით პოლიტიკურად აქტიურ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლის სურვილი დაუკარგა.

პ. ი. (ბელგია) „2007 წელს ოპოზიციაც კი არ ელოდა, რომ 2 ნოემბერს ასეთი დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდოდა მიტინგზე, ისევე, როგორც ლეიბორისტები არ ელოდნენ ასეთ მხარდაჭერას, როცა დედაქალაქი სააკაშვილს გადააბარეს. მე სულაც არ მაქვს სურვილი, მიშა ნინომ ჩაანაცვლოს. „გრეჩიხებიც“ წარსულს ჩაბარდა. არც იმის იმედი მაქვს, რომ 27 სექტემბერს ბევრი ხალხი გამოვა მარშში მონაწილეობისათვის. საერთოდ, არ მესმის, რა მიზანს ისახავს „ქართველთა მარში“, პარადია, თუ რა ხდება? ან, ისევ სამებაში რომ სრულდება, თუნდაც – პანაშვიდით, სამგლოვიარო მარში გამოდის. მე მაინც ვფიქრობ, სანამ შიგნიდან არ დაერევიან ერთმანეთს, მანამ 2000 მარში რომ მოაწყონ წელიწადში, ქვეყანას და ხალხს არაფერი ეშველება“.

ალექსანდრე სანდუხაძე (ავსტრია) პირიქით, მიიჩნევს, რომ ბოლო ორმა ათეულმა წელმა საქართველოს ისტორიაში შავად შემოსილი თარიღები დატოვა, მათ შორის 1991/1992 წლების გასაყარი. 1992 წლის 14 აგვისტო, 1993 წლის 27- 30 სექტემბერი, 2008 წლის 7-8 აგვისტო და ბევრი სხვაც.

„რაც შეეხება წლევანდელ 27 სექტემბრის მსვლელობას, მე ჩემი მოსაზრება მაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი მარშები აუცილებლად უნდა იმართებოდეს და უნდა იყოს საერთო ეროვნული გლოვის გამომხატველი. მაგრამ ამის ორგანიზატორი არ უნდა იყოს ერთი, ან თუნდაც რამდენიმე პარტია. ამ დღეს არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში უნდა გამოდიოდეს ხალხი და ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფო არ დაიბრუნებს მტერთაგან წაგლეჯილ მის მიწას.

ამგვარი მსვლელობებით ჩვენს შვილებს სულსა და გულში უნდა ჩავუნერგოთ ხსოვნა აფხაზეთისა და შიდა ქართლისა, ასევე ანდერძი სამშობლოს გამთლიანებისა და გაფრთხილებისა“.

ვლადიმერ ხმელიძე (საფრანგეთი) ქართველი ხალხის აბუჩად აგდებად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან ყველა მნიშვნელოვანი და მტკივნეული თარიღის სათავისოდ გამოყენებას.

„ჯერ იყო და, ბატონი პატარკაციშვილი გამოიყენეს და სანამ არ მოაკლევინეს, არ დაწყნარდნენ და რომ მოკლეს, მერე არავინ, თურმე, არ იყო კავშირში. შემდეგ, 9 აპრილის გმირებს მიადგა ისეთი ხალხი, რომლებმაც თავის დროზე უღალატეს მათ გმირობას და ხსოვნას. ყველამ ვნახეთ, რა კრახითაც დაამთავრეს გმირთა ხსოვნის დღეს დაგეგმილი აქცია.

შემდეგ, ორჯერ, 26 მაისი. პირველად 60-70 ათასი ადამიანი მოვიდა სტადიონზე იმის იმედით, რომ  ძმები „გრეჩიხები“ და ძმანი მათნი მართლა შეასრულებდნენ ხალხისთვის მიცემულ პირობას და იმ დღესვე დაამთავრებდნენ მიშას და მის გუნდს. მაგრამ რა მივიღეთ?.. უფალმა გვიხსნა, თორემ ყველამ კარგად უწყის, მიშას და ვანოს ზონდერები მზად ყავდა, არაფერს მოერიდებოდნენ, სისხლს დაღვრიდნენ.

შემდეგ 2011წლის 26 მაისი – ვერ შესრულდა გეგმა და დარჩა მოედანზე 500 გულანთებული ქართველი, თუ არაქართველიც. უმოწყალოდ დაარბიეს და დახოცეს თავდადებული პატრიოტები. მივიღეთ დარბეული, დახოცილი, დამცირებული ქართველი ხალხი. რა დღეში ჩააგდეს ოჯახები, არავინ არ მოითხოვა საქმის გამოძიება და დამნაშავის დასჯა.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის და აფხაზეთის ჩაბარების დღეა, ამას ქართველების მარში კი არა, ამ საქმეს უნდა მშვიდობიანად, დიპლომატიურ ენაზე, ურთიერთმოფერება – ერთმანეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ, ორთავე, ვართ ქართველები და უნდა ვიცხოვროთ ერთად, ერთიან ოჯახში და ერთიან ქვეყანაში. უნდა დავდოთ ერთიანი გეგმა და საბოლოოდ უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ აღარასოდეს აღვმართავთ იარაღს და ერთიანი შეთანხმებით მარში მოვაწყოთ მარშრუტით: თბილისი-სოხუმი, სოხუმი-თბილისი. ამის პროგრამა და გეგმა გვაქვს ჩვენ – საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას და აღვასრულებთ ჩვენს ერთიან გეგმას. გვაქვს შეხვედრები აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლებთან, რიგ პოლიტიკოსებთან და თითქმის 90% თვლის, რომ ის ომი იყო რუსეთის, შევარდნაძის და ზოგიერთი აფხაზი უზნეო ადამიანის მიერ პროვოცირებული. ამიტომ, ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენი პროგრამის განხორციელებას“.

ბატონ ლადო ხმელიძეს მიჩნია, რომ პოლიტიკოსები ამ მარშს მხოლოდ გარკვეული დავალების საფუძველზე შეურთდებიან. „ხალხი შეიძლება გამოვიდეს 27 სექტემბერს ჯვართამაღლებაზე, რომ მოიხსენიოს ის გმირები, ვინც თავი შესწირა სამშობლოს, მაგრამ ეს მიშას და რუსეთის მიერ მართულ პოლიტიკოსებს სიკეთეს არ მოუტანს“.

ამ რუბრიკით ამ და სხვა თემებზე ჩვენ კვლავ გავაგრძლებთ ემიგრაციიდან მიღებული გამოხმაურებების, ინტერვიუებისა თუ რეპორტაჟების გაშუქებას. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიციები. ჩვენ ასევე გვინდა, ქართულ  საზოგადოებას გავაცნობთ მიგრაციის რეალური სურათი, რამდენად რთულია ემიგრაციაში დამკვიდრება, რატომ ტოვებენ ქართველები სამშობლოს და აპირებენ თუ არ უკან დაბრუნებას.

http://www.presage.tv/?m=politics&AID=6994

***

„ყველაფერი თუ მოგწონს საქართველოში, მაინც უცხოეთში სხვისი მოსამსახურეობა როგორ უნდა გინდოდეს?!.“

02.10.2011

[ნინო ცხოიძე]

ჩემს ბავშვობაში არაერთხელ მიტირია, მონადგაყიდული ქართველების ისტორიებს რომ ვუსმენდი, ან ფილმებში ვუყურებდი. მერე გამოხდა ხანი და სკოლაში საქართველოს წარსულს ფრაგმენტულად გავეცანი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები პირველყოფილი დროიდან შეგვასწავლეს. მოგვიანებით გავიგე, „ჩაგრული ხალხის დიადი მომავალი“ რომ გაბრწყინდა, თურმე, საქართველო ბევრ ქართველს დაუტოვებია, მაგრამ მათი იძულებითი ემიგრაცია მონობას არ უკავშირდებოდა. სახელგანთქმული ქართველების ცხოვრებასაც გავეცანი და გურამ შარაძის დახმარებით ისიც შევიტყვე, რამდენნაირი ემიგრაცია განხორციელდა საქართველოდან საუკუნეების განმავლობაში.

რელიგიური, სამეცნიერო, თუ პოლიტიკური მიგრაციის მაშტაბები ნამდვილად ვერ გაუტოლდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან გადახვეწილთა რაოდენობას, რომელიც, ძირითადად, სოციალურმა მდგომარეობამ და სახელისუფლებო იერარქიაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა, სახელმწიფო გადატრიალებმა, ან ე.წ. „რევოლუციებმა“ განაპირობეს. ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტემიგრანტთა და ეკონომიკურ მიგრანტთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ქართველთა გენის გამრავლებაც საზღვაგარეთ უფრო შეიმჩნევა, ვიდრე სამშობლოში.

21-ე საუკუნის „გარიჟრაჟზე“, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე გერმანიის საკონსულოს კიბეებთან მუდმივი რიგები მაფიქრებინებდა, რომ ემიგრაციაში ხალხის გადინება მათი უკეთესი საცხოვრისის მოპოვებით იყო განპირობებული. მაგრამ ეს შეხედულება, გარკვეულწილად, შეცვალა გერმანიაში ჩემმა პირველმა ვიზიტმა.

2002 წელს საქართველოს საელჩოში სტუმრობისას შევიტყვე, რომ საკონსულოს საპასპორტო განყოფილებაში უამრავი არალეგალი იყო აღრიცხული. თუმცა, მათი ზუსტი ციფრი მაშინაც უცნობი იყო, რადგან არალეგალები საკონსულო სამსახურთან ურთიერთობას, გამონაკლისი აუცილებლობის გარდა, თავს არიდებდნენ. ხოლო იყო შემთხვევები, როცა ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები დამკვირდებას ვერც „აუპაიერის“ პროგრამით ახერხებდნენ და უმუშევრად დარჩენილმა 21 წლის გოგონამ თავი ხეზე ჩამოიკიდა.

ამ ფაქტმა იმდენად შემძრა, რომ გადავწყვიტე, სხვა ქვეყნებშიც შემესწავლა ემიგრანტთა მდგომარეობა და მათი თავგადასავლები. ასე გახდა ჩემთვის ცნობილი, რა გზით და რის ფასად ახერხებენ ქართველი ემიგრანტები საქართველოში დარჩენილი ოჯხების გამოკვებას.

რაც შეეხება გზას, ყველაზე სახიფათო მარშრუტი საქართველოდან თურქეთამდე ავტობუსით და თურქეთიდან საბერძნეთამდე (ბულგარეთის გავლით), ტყე-ღრეში ფეხით სიარულს უკავშირდება, რაც ხანგრძლივ, დამღლელ და უკიდურესად საშიშ გზას წარმოადგენს. საბერძნეთში შევიტყვე, რომ ხშირია ფეხით მიმავალ ემიგრანტთა დაღუპვის ფაქტები. ზოგი ტყეში მხეცმა შეჭამა, ზოგი უკანჩამორჩენილი, ორმოში ჩავარდილს ვერავინ რომ ვერ მიეშველა, გაიყინა.

ამ შემზარავი ისტორიების შესახებ საბერძნეთში მიმავალმა, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ პირველსავე კაფეში შევიტყვე. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ქალბატონი ჩვენს უკან მომავალ საბარგო ავტობუსით „მგზავრობდა“. საზღვრის გადალახვისას ისინი ბარგში ჩასვეს. შემოწმება დასრულდა თუ არა, მძღოლმა სასწრაფოდ ავტობუსში შეგვყარა, ყავის დალევაც ვერ მოვასწარი. თურმე, კონტროლის გავლისას ქალები კინაღამ გაგუდულან. ერთი იმასაც იხსენებდა, ყუთში ჩაკუჭულმა ვიგრძენი, რომ შუქი მოგვანათეს და სპაზმისაგან კინაღამ ხველება ვერ შევიკავეო, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონაო.

ამ გზით საბერძნეთამდე ჩასული ქალები იძულებით მონობას რის ფასად იტანენ, ათენის „გრაფიოებში“ ღამისთევისას ვნახე და ბევრი რამ შევიტყვე. მშობლიურ მხარეს, ოჯახს და ახლობლებს მოშორებული ქალები, ინტერნეტიზაციამდე, საფოსტო ჯიხურების სტუმრები იყვნენ, თუნდაც კვირაში ერთხელ. ასევე კვირაში ერთხელ ჰქონდათ ბანაობის და რეცხვის უფლებაც.

სამსახურის შოვნა არც მაშინ იყო იოლი, და მით უფრო, გართულებულია ეკონომიკური კრიზისი პირობებში. მითუმეტეს, რომ ადგილობრივი მუშა-ხელი მეტი უპირატესობით სარგებლობს ევროპის ყველა ქვეყანაში, ვიდრე არალეგალი ემიგრანტები და ანაზღაურებაც „შავად დასაქმებულისა“ ბევრად დაბალია.

რატომ ტოვებენ ისინი სამშობლოს და ოჯახს, როგორ პირობებში უწევთ შრომა და აპირებენ თუ არა უკან დაბრუნებას? ამ შეკითხვით მივმართავ-ხოლმე ახალგაცნობილ ემიგრანტებს. მათი პასუხები მეტ-ნაკლებად განსხვავებული, მაგრამ ხშირად ძალზე მსგავსიც მომისმენია.

ბ. ს-მ იტალიამდე უჩვეულოდ ხანგრძლივი გზა განვლო. თუმცა. მისი, „ტურისტული მოგზაურობა“ მოსკოვიდან დაიწყო და თითქმის ნახევარი ევროპა გაიარა.

„ვიზები მოსკოვში გაგვიკეთეს. ჯგუფი საკმაოდ დიდი იყო. ავტობუსით 52 ადამიანთან ერთად ვიმგზავრე, რომელთაგან ზოგი საბერძნეთში მიდიოდა, ზოგი იტალიაში და სხვები კიდევ, – სხვადასხვა ქვეყანაში. მარშრუტი თბილისიდან იწყებოდა: მოსკოვი, პეტერბურგი, გერმანია, შვედეთი, იტალია, საბერძნეთი და შემდეგ, უკან იტალიაში დავბრუნდი. ჩვენ ხომ ტურისტები ვიყავით, ოღონდ გაღლეტილები!

გასაუბრებაზე რომ გავედით მოსკოვში, ყველანი გამოპრანჭულები ვიყავით. საბუთებიც წესრიგში გვქონდა. ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ ბანკის „კარტაზე“ მხოლოდ 10 ევრო მედო. ხელზე კი 1500 ევრო უნდა გვქონოდა. ეს ფული ხელიდან ხელში გადადიოდა. სხვები ჩემზე უფრო გაჭირვებულები იყვნენ. პროცენტიანი ვალი ავიღე სესხად და ისე წავედი. რა მენქა? ახალგაზრდა ქალი, პენსიამდე ბევრი წელი რომ მაკლდა, ორი შვილის დედა, უმუშევარი სანამ გავჩერებულიყავი? არც საჭმლის ფული მქონდა და არც წამლის… ავადმყოფი დედა ქვრივ დას დავუტოვე. შვილები კი უკვე დიდები არიან, მაგრამ 2005 წელს მათი დატოვება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ცოტათი ენა ვიცოდი და გამიმართლა, 20 დღეში დავსაქმდი, მაგრამ სულ ვტიროდი. ჩემი ოჯახი მენატრებოდა.

როგორც სხვები, მეც მოხუცს ვუვლი და ამ შრომის ფასად საქართველოში სამ ოჯახს ვინახავ. სხვებსაც მინდა დავეხმარო, მაგრამ ამანათების გაგზავნაც გააძვირეს და ისეთ ყურადღებას ვერ ვიჩენ, როგორიც მინდა“.

ბ.ს-ს ნაამბობი იტალიასა და საბერძნეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტების ცხოვრებას ძალიან ჰგავს. თუმცა, ზოგიერთისაგან განსხვავებით, მან 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საბუთის, ანუ იტალიურად „პერმესო“-ს აღება, რომ საქართველოში ჩამოსვლის უფება ჰქონოდა. არიან ემიგრანტები, რომლებიც ამ საბუთისათვის გადასახდელ თანხას 3 წელში აგროვებენ. ისინი სხვებსაც ურჩევენ, ოჯახის და შვილების მოსანახულებლად, სხვა რამისთვის ფული მოიკლონ.

ხოლო საბერძნეთში ისეთებიც მეგულება, 8-10, ან 13 წელი რომ არ ყოფილან საქართველოში. მათ შვილების და შვილიშვილების ზრდის პროცეზე დაკვირვება ინტერნეტმა გაუადვილა. სამწუხაროდ, ასეთები ევროპის სხვა ქვეყნებშიც არიან, რამდენადაც ვიცი.

5 წლის უნახავ ოჯახთან პირველ შეხვედრას ჩემი ემიგრანტი რესპოდენტი უემოციოდ ახლაც ვერ იხსენებს. მაგრამ დიდი ხნით მათთან ყოფნა მაინც ვერ მოახერხა. იმ 2 თვეს კი, სანამ თვითონ ოჯახის წევრებთან დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობდა, „მის მოხუცს“ იტალიაში 70 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი უვილდა. საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ჩადებული ფულიც დაკარგა და უბინაოდაც დარჩა. ამიტომაც ისევ იტალიაა მისი გადამრჩენელი.

„ახლაც ბევრი ემიგრანტი ჩამოდის იტალიაში. ქალაქი ბარი სავსეა ქართველი ქალებით, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან. მაგრამ მე პატარა დაბაში ვარ, სადაც 2005 წელს მხოლოდ 6 ქალი ვიყავით, ახლა 70-ზე მეტი ვართ. უმეტესობა, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული მდგომარეობით უკმაყოფოლოა და სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლების შეცვლას ელოდება. თუმცა, ისეთებიც არიან, მიშას რომ აქებენ და მაინც არ ბრუნდებიან „აყვავებულ“ სამშობლოში. ამაზე ხშირად ვკამათობთ კიდეც, არ მესმის ამ ხალხის, ყველაფერი თუ მოგწონს საქართველოში, მაინც უცხოეთში სხვისი მოსამსახურეობა როგორ უნდა გინდოდეს?!

http://www.presage.tv/?m=society&AID=7123

 

 

***

 

არჩევნები გვიახლოვდება… საზღვრებსაც კი ნაციონალები აკონტროლებენ!..

 
 
07.10.2011
[ნინო ცხოიძე]

საქართველოდან მოსახლეობის გადინება რომ არ წყდება და კატასტროფულ მაშტაბებს იღებს, ამის შესახებ მხოლოდ მიგრაციის ტემპების ზრდით შეწუხებული ადამიანები, ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები, ასევე – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დროდადრო საუბრობენ.

განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკეთა და სავარაუდო სტატისტიკაც მოიყვანა. თუმცა, „საქსტატის“ მონაცემებით, ხელისუფლება სულ სხვა სურათს გვიხატავს და დადებითი საემიგრაციო სალდოთი უკვე 2007 წლიდან იწონებს თავს.

საქმეში კარგად ჩახედული ინკოგნიტო წყარო კი გვიდასტურებს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სააქართველოდან გასულთა და უკან არ დაბრუნებულთა ზუსტი ციფრები გააჩნია, რაც ბევრად განსხვავებულია ოფიციალურად დასახელებულისაგან. თუმცა, არ ამხელს.

ემიგრანტების გამოხმაურება მედიაში, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ჩემს გადაცემებში და პრესით გავრცელებულ პულიკაციებში), ცხადყოფს, რომ მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოდან პოლიტიკური მოტივით გადახვეწილ, უმეტეს შემთხვევაში – სამსახურებიდან დათხოვნილი ახალგაზრდა ოჯახების ზრდის თვალსაზრისით. ხელისუფლება მაინც სირაქლემას პოზაში რჩება და ამ ფაქტზე წაყრუებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის დიდ მნიშვნელობაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები კი კიდევ ერთ ფაქტორს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად – მათი თქმით, თავიანთი აზრის ხმამაღლა გამოთქმის, ან საპროტესტო აქციებზე გამოსვლის საშიშროება არა მარტო საქართველოში დარჩენილი ოჯახების გამო ემუქრებათ… თავადაც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, არალეგალურად ცხოვრობენ, თუ – უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ამის მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველს . ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი მოჰყავს. გერმანიაში მცხოვრებ .- კი ერთ-ერთ სასტუმროში ლევან გაჩეჩილაძისა და კახა თარგამაძის გახმაურებული შეხვედრა ახსენდება. ავსტრიაში მცხოვრები ემიგრანტი .. ქართველი ჟურნალისტების მიერ ბადრი ბიწაძის, ხოლო საფრანგეთში მცხოვრები .. ირაკლი ოქრუაშვილის „მოულოდნელად პოვნის“ შესახებ საუბრობენ.

იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც მიაჩიათ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ მიტინგებზე მის წინააღმდეგ განწყობილი დევნილების პასიურობა სწორედ ამ ფაქტორებითაა გამოწვეული.

სამაგიეროდ, ასეთ უცნაურ ფაქტსაც ვიგებთ, რომ საფრანგეთში, კერძოდ – სტრასბურგში, ევროპარლამენტში რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟოზეფინას ბაღის კიდეზე შეკრებილი 12-მდე ქართველი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საფრანგეთში თავის დროზე სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან თავის დასაღწევად ჩამოვიდა. მაგრამ ხელში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების დაკავება სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს.

ეს ინფორმაცია 2009 წლის სექტემბერში ჩემი სტრასბურგში ყოფნის დროს დავაზუსტე. მე თავად წავაწყდი ამ ჯგუფს და ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. თუმცა, როგორც კი შემნიშნეს, მაშინვე მიიმალნენ. მოგვიანებით ქართველი ემიგრანტის, ორგანიზაცია „ეროვნული მოძრაობა – ემიგრანტების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვლადიმერ ხმელიძის ოჯახში სტუმრობისას მის სატელეფონო საუბარს შევესწარი.

„თქვენ არ იყავით, საფრანგეთს თავი რომ შეაცოდეთ, მიშას დევნილები ვართო? ახლა რატომ დგახართ მისი დავალებით და გაჰკივით, რუსი ოკუპანტიაო? არ იცით, რომ ორივე ოკუპანტია?ხომ ხართ ღირსი, ჩაგსვან თვითმფრინავში და საიდანაც ჩამობრძანდით, იქეთ გაგამზავრონ?!“ – ცხარობდა ლადო. იგი ბევრ ქართველს დახმარებია სტატუსის მიღების პროცედურის გავლისას. ამიტომ ყველა მათგანის ისტორია ზეპირად იცის. საუბარი გრძელდებოდა. „რა ვქნათ, ცისკარიშვილი მოვიდა და გვთხოვაო“, – ეუბნებოდნენ „დარცხვენილი“ ემიგრანტები.

როგორც საფრანგეთის სხვა ქალაქში სტატუსის მისაღებად ჩასული ქართველებისგანაც შევიტყვე, ასეთ კატეგორიას ბევრად უფრო უადვილდება პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება, ვიდრე რეალურად შევიწროვებულ ადამიანებს.

თუმცა, სწორედ 2009 წლიდან, აპრილ-ივნისის საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ბევრმა ქართველმა მიაშურა საფრანგეთს, თანაც – უვიზოდ. მინსკიდან პოლონეთის ბანაკში ჩაბარების და იქედან საფრანგეთამდე ჩაღწევის შედეგად, საფრანგეთმა ქართველების, ისევე როგორც უკრაინელების თავშესაფრის მიღება შედარებით გააიოლა. პრეფექტურებზე გაკრული წარწერა – „ქართველებს და უკრაინელებს არ ვიღებთ“, სწორედ 2009 წლის ოქტომბრიდან ჩამოიხსნა.

თუმცა, ზოგიერთ დევნილს, დღემდე არ მიუღია სტატუსი და უკვე ქვეყნის დატოვებასაც აიძულებენ. ამდენად, ევროპა დევნილების მიმართ არც ისე ლოიალურია, როგორც ეს გავრცელებული ინფორმაციებიდან ერთი შეხედვით ჩანს და არც ისე მხარდამჭერია საქართველოს ხელისუფლებისადმი, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოთქმულ საფრთხეებს და ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებისათვის სასურველი პირების აღმოჩენის შესაძლებლობას, როგორც ინკოგნიტო წყარომ „პრესაგე.ტვ“-ს აცნობა, ინტერპოლზე მეტად, ნაციონალების „გრძელი ხლების“ ეფექტურობას აეროპორტის უწყებაში მათ მიერ მგზავრთა სიების შემოწმებაც განაპირობებს. რეგისტრაციების მიხედვით წინასწარ იციან, ვინ რა მიმართულებით მიფრინავს და რომელ რეისზე. ვინც ამ სიას არ გადასცემს მომთხოვნს, მას სამსახურიდან ითხოვენ.

2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, კოორდინატორების გააქტიურება უბნებზეც შეინიშნება. უკვე მიმდინარეობს მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით გადარჩევის ახალი ეტაპი. რის გამოც, რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნებით დატოვა სამსახურები, რომ ნარკოტიკების ჩადების, ან სხვა პროვოკაციების მსხვერპლი არ გამხდარიყო.

ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ მიგრაციის ტალღა ქეყნიდან კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, მსოფლიო კრიზისის პირობებში ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყანა გაუღებს კარს, საკუთარი სამშობლოდან გამოძევებულ ადამინებს, რომლებსაც უკვე ოჯახის სრული შემადგენლობით გადაუწყვეტიათ ქვეყნის დატოვება. ამ ადამინების უკან დაბრუნების შანსი კი, ძალზე მცირეა. სამაგიეროდ, ძალზე დიდია შანსი იმსა, რომ ამ ადამიანების ხმები, ტრადიციისამებრ, კვლავ ნაციონალების ყულაბაში მოხვდეს.

http://www.presage.tv/?m=society&AID=7209

 

 

                     

 

 

დატოვე კომენტარი