Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ არაბიძე – კოსოვო

 

დავით არაბიძე

 

კოსოვოსა და მეტოხიის პრობლემა – კვაზი სახელმწიფო და გიგანტების სტრატეგია

 

1999 წელს აშშ-ს “დემოკრატი პრეზიდენტის” ბილ კლინტონის მმართველობისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო იუგოსლავიის (სერბეთი და ჩერნოგორია) დაბომბვა (არგუმენტი იყო: “რა საჭიროა აშშ-სთვის ასეთი დიდი სამხედრო ძალის ფლობა, თუ მას იგი არ გამოიყენებს”). თითქმის სამი თვის განმავლობაში მარტოდ დარჩენილი იუგოსლავია განიცდიდა NATO-ს 19 ქვეყნის საავიაციო და სარაკეტო ძლიერების ძალას. სერბებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო რუსეთის პრეზიდენტის ბ. ელცინის ღალატი (რომელმაც დაპირების მიუხედავად იუგოსლავიის არმიას არ გადასცა ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები) და ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ NATO-ს ბომბდამშენებისთვის აეროდრომების დათმობა (მაგალითისთვის უნდა ითქვას, როცა 1938 წელს ჩეხოსლოვაკიას ჰიტლერის აგრესია დაემუქრა, 100 ათასზე მეტი სერბი მოხალისეთა ლაშქარში ჩაეწერა, რათა დაეცვათ ჩეხები). იუგოსლავიის ლიდერი ს. მილოშევიჩი საბოლოოდ იძულებული გახდა კოსოვოსა და მეტოხიიდან ჯარი და სერბული ადმინისტრაცია გამოეყვანა.

2008 წლის 17 თებერვალს ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის მარტი ახტისაარის გეგმით (ჰიტლერის მიერ შექმნილი ბოჰემიის “სახელმწიფოს” მსგავსად) შეიქმნა ევროკავშირის პროტექტორატი კოსოვოს კვაზისახელმწიფო. ამ პრობლემის ევროკავშირის პროტექტორატის ქვეშ მყოფი კვაზისახელმწიფოს შეკოწიწებით გადაწყვეტა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: 1999 წლიდან განსხვავებით დღეს მსოფლიოს ერთადერთი ჰიპერსახელმწიფოს — აშშ-ს წინაშე დიამეტრალურად სხვა ამოცანები დგას; 2001 წლის 11 სექტემბერმა აჩვენა, რომ XX საუკუნის 80-იან წლებში აშშ-სა და ისლამურ ფუნდამენტალიზმს შორის ჩამოყალიბებული ალიანსი, რომლის იდეოლოგიური საფუძველი იყო ბრძოლა მარქსიზმ-ლენინიზმთან (ამ ალიანსის თვალნათელი დადასტურება იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯორჯ შულცის (ეთნიკური ებრაელი) პირადი ვიზიტი პაკისტანში არსებულ ავღანელ მოჯახედთა სამხედრო -პოლიტიკურ ბანაკში 1983 წელს) აღარ არსებობდა. აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი ცდილობდა ბოსნიაში — სლავი მუსულმანებისა და კოსოვოს, მეტოხიასა და მაკედონიაში ალბანელი მუსულმანების მხარდაჭერით კვლავ გაეხანგრძლივებინა ეს ალიანსი, მაგრამ ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ნათლად დაინახა, რომ 1991 წელს აშშ-მ არ დაუშვა XIX საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის იმპერიალიზმის მიერ ერაყისგან (ბასრის ვილაეთისგან) მოწყვეტილი კუვეიტის კვლავ ერაყთან მიერთება, რამეთუ, გაერთიანებული დიდი ერაყი მსოფლიოს ნავთობმარაგის 1/3-ზე მეტის პატრონი გახდებოდა. ისლამური ფუნდამენტალიზმი კი მიიღებდა მყარ ეკონომიკურ გარანტიას და ისტორიულ პერსპექტივას. აშშ-მ კი რა შესთავაზა მას? — ბოსნიისა და კოსოვოს კვაზი სახელმწიფოები, დონორთა პერმანენტული დახმარება ზესრულად დამოკიდებული, უსიცოცხლო წარმონაქმნები, მეტიც აშშ-მ 2003 წელს მოახდინა ერაყის სრული ოკუპაცია, ისევე როგორც ეს მან გააკეთა 2001 წელს ავღანეთის მიმართ, სადაც დასვა მარიონეტული რეჟიმები, მეტიც, კოსოვოს კვაზისახელმწიფოს “დამოუკიდებლობის” დეკლარაციაში არ დაუშვა ალაჰის სახელის ხსენებაც კი, მაშინ, როცა მაგალითად პროსაბჭოური ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი პრინციპების დოკუმენტი ალაჰის სახელით იწყებოდა.

დღეს აშშ-ს სხვა სტრატეგიული პრიორიტეტები აქვს, ესაა რუსეთის იმპერიული ამბიციების აფეთქება, ჩინეთის ეკონომიკური სასწაული და ჩინელთა ეკონომიკური ექსპანსია, ატომური ბომბი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელში, ირანის გარჯა შექმნას დამოუკიდებელი ბირთვული ენერგეტიკა.

აშშ-მ ინტერესი დაკარგა შიდა ევროპული პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე, მან კოსოვოში ხელში ჩაიგდო ბალკანეთში ყველაზე სტრატეგიული სამხედრობაზა და დანარჩენი ევროკავშირს გადაულოცა, რაზეც ევროკავშირი უარს ვერ იტყვის, რადგან კავშირის თანამშრომლობის გაღრმავების სტრატეგიას ანხორციელებს, რომლის ცენტრალური ამოცანაა ევროკავშირის ერთიანი საგარეო თავდაცვითი პოლიტიკის შექმნა, ევროკავშირის მიერ ამ სტრატეგიაზე უარის თქმა ნიშნავს გაიზიაროს საბჭოთა კავშირის ბედი, ამიტომაც იგი თანახმაა კოსოვოს პოლიტიკურ პრობლემაზე იზრუნოს. დიახ, კოსოვოს კვაზი-სახელმწიფო უსიცოცხლო წარმონაქმნია. მიუხედავად იმისა, რომ იქ ევროპული დონის საავტომობილო ტრასებია, დახარჯულმა მილიარდებმა კოსოვოს საწარმოო ძალები არ განავითარა, ეს ფინანსური სახსრები კორუფციული სქემებით ამერიკელი, ევროპელი ჩინოვნიკებისა და ადგილობრივი ალბანელი მაფიოზებისა და პოლიტიკანების ჯიბეებში დაილექა. რა მიიღეს კოსოვოელმა ალბანელებმა? მათი მოსახლეობის 2/3-ზე მეტი უმუშევარია, ხოლო ვინც ამერიკულ ან ევროპულ მისიებში არის დასაქმებული, ისინიც მხოლოდ დამლაგებლები, შოფრები, ყარაულები ან საუკეთესო შემთხვევაში თარჯიმნები არიან. აი, ასეთი“თავისუფლება” მოუტანა სეპარატიზმმა მათ. შედეგად, კოსოვოში ჰყვავის მაფია, მხარე ქცეულია ნარკოტიკების გიგანტურ საწყობად და მონათვაჭრობის ცენტრად. კოსოვოს კვაზისახელმწიფოს “მთავრობის მეთაური” ხაშიმ ტაჩი კი შვეიცარიელი ყოფილი პროკურორის კარლა დელ პონტეს მიერ ადამიანთა ორგანოებით ვაჭრად არის გამოცხადებული.

გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუცია ზუსტად ადგენდა, რომ კოსოვოს პოლიტიკურ-სამართლებრივ  სტატუსზე მოლაპარაკებები დაიწყებოდა მხოლოდ ყველა დევნილის შინ ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების შემდგომ. გაეროს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით 14 ათასი ადამიანი დაბრუნდა, ხოლო 20 ათასი იძულებით დააბრუნეს და ეს ამადამიანთა საერთო რიცხვის 5%-ზე ნაკლებია, აღსანიშნავია ისიც, რომ კოსოვოში დღეს მცხოვრები 150 ათასი სერბი გეტოებშია გამოკეტილი და მათ უსაფრთხოებას მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ფაქტორი იცავს. კოსოვოელმა სეპარატისტებმა დროშაზე 6 ვარსკვლავი კი გამოხატეს (ვითომცდა მხარის 6 თემის ნიშნად), მაგრამ 150 ეკლესია და მონასტერი (მხოლოდ მართლმადიდებლური) დაწვეს და დაანგრიეს, ათეულობით სერბული სოფელი გადაბუგეს. კოსოვოს “დამოუკიდებლობა” კი ისე გამოცხადდა, რომ არც ამ ვანდალიზმს და ბარბაროსობას და არც დევნილთა ტანჯვა-ვაებას ყურადღება არ მიექცა, რაც საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიზმის პრინციპების ფეხქვეშ გათელვაა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი არ სცნობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, დღეს სერბები კოლექტიურად ისჯებიან, რადგან არ სურთ შეეგუონ მათი სამშობლოს გახლეჩას, მშობლიურ კოსოვოსა და მეტოხიაში ეროვნულ უმცირესობად ქცევას. სერბეთმა 1999 წლის შემდეგ კოსოვოსა და მეტოხიიდან 200 ათასზე მეტი სერბი და 100 ათასამდე ბოშა შეიფარა. ევროკავშირმა სერბეთი დაავალდებულა ხელშეკრულებით, რომ კოსოვოსა და მეტოხიიდან გამოდევნილი ყველა პირი, რომელიც ვერ მიიღებდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თანხმობას, კვლავ სერბეთში იქნებოდა დეპორტირებული. სერბეთიც იღებს ამ ადამიანებს და მათი რიცხვი ათეულ ათასობითია.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის 17 თებერვალს შეიქმნა “დამოუკიდებელი” კოსოვო, ამ მხარიდან დევნილი მოსახლეობის ბედი კიდევ უფრო უიმედო გახდა. კოსოვოელმა სეპარატისტებმა ყოველგვარი დაინტერესება დაკარგეს ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების საკითხში და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მათ უკვე აღარც აწუხებენ. გაერომ, NATO-მ, ეუთომ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა “მულტიეთნიკური კოსოვოს” განვითარებისთვის. ევროკავშირი ცდილობს რა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, მცდარ კურსს ადგას. სერბეთი დღეს ეროვნული დამცირების რეჟიმშია ჩაყენებული, ევროკავშირი კი ლტოლვილთა კვლავ სერბეთში დეპორტაციით განუზომლად ზრდის სერბეთის დამცირებას და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ჟენევის კონვენციის შესაბამისად ვალდებულია დაეხმაროს და შეიფაროს კოსოვოდან გამოდევნილი ადამიანები. თუმცა დღეს საერთაშორისო სამართალი კვლავ დაუბრუნდა XX საუკუნის დამდეგის მდგომარეობას. აფრიკის დეკოლონიზაციისთვის გამოყენებული ერთა თვითგამორკვევის პრინციპი დღეს პრობლემად ექცა ევროპის, აზიისა და იბეროამერიკის ქვეყნებსაც. ფინეთში— შვედები, ბრიტანეთში— ირლანდიელები და შოტლანდიელები, საფრანგეთში— ბასკები, ბრეტონელები და კორსიკელები, ესპანეთში— ბასკები, კატალონიელები, და გალისიელები, იტალიაში— ტიროლელი გერმანელები, რუმინეთში— უნგრელები… ესაა არასრული სია კონფლიქტების, ჯერ მდორედ მიმდინარე კონფლიქტებისა, ხოლო აზიაში არა ერთ ქვეყანაში(თვალსაჩინო მაგალითია შრილანკა, სადაც ტამილელი სეპარატისტების ტერორი რამდენიმე ათეული წელია, რაც გრძელდება). იბეროამერიკაში— ბოლივიის რესპუბლიკაში სანტაკრუსის ნავთობით მდიდარ მხარეში უკვედაიწყო სეპარატიზმისკენ მიმართული პოლიტიკური მოქმედებები. ეს დიდი კატაკლიზმების დასაწყისია.

აშშ-მ კოსოვოს კვაზი-სახელმწიფოს შეკოწიწებით და პრობლემის ევროკავშირისადმი გადალოცვით, ხელები გაითავისუფლა აზიის მიმართულებით სამოქმედოდ, რადგან ეს მიმართულებაა მისთვის დღეს პრიორიტეტული და სტრატეგიული. ევროკავშირს სურს გაექცეს საბჭოთა კავშირის ბედს და ცდილობს ყველანი უმცირესობაში მოაქციოს, ამ პირობებში მისთვის გაცილებით იოლია აბსორბცია გაუწიოს პატარა, სუსტ და თუნდაც მუდმივად დონორზე დამოკიდებულ კვაზი-სახელმწიფოებს, ვიდრე ცალ-ცალკე ესაუბროს მეტნაკლებად დიდ და გამძლე სახელმწიფოებს (მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ პოლონეთი, რომელმაც წარმატებით დაბლოკა ურთიერთობა ევროპის კავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის). ევროკავშირი ცდილობს შექმნას საერთო არმია, რომლის ავანგარდში გერმანია და საფრანგეთია. ამ მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მათ, რა თქმა უნდა, საგარეო თავდაცვის პოლიტიკის კონსოლიდაცია ესაჭიროებათ. კოსოვოს კვაზი-სახელმწიფო მათთვის ხელსაყრელი ლაბორატორიაა, სადაც დამუშავდება იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური კონცეფციები და პროგრამები, რაც საბოლოო ჯამში ევროკავშირის გეოსტრატეგიულ აქციებში აისახება. ეს ცინიზმია, მაგრამ ევროსტრატეგების თვალსაზრისით ერთადერთი საშუალება, რათა ევროკავშირმა საბჭოთა კავშირის ბედი არ გაიზიაროს.

 გიგანტებს, რა თქმა უნდა, საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვთ, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ გეოსტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით საკუთარი ეროვნული, სასიცოცხლო მიზნები— დამოუკიდებლობა, ერთიანობა, კეთილდღეობა განახორციელოს. დღეს საქართველოს შეუძლია მობილიზაციის, კოორდინაციისა და ფაქიზი ბალანსირების გზით მიაღწიოს ყველა სტრატეგიულ მიზანს.

 

 

“განმათავისუფლებელი”  N17

 

 

 

დატოვე კომენტარი