Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ვაი ქართველებს

 

გელა ჯიღაური

ვაი ქართველებს –

თქვენ არავინ არა ხართ, ბატონო …

 

ვინც კი გაზეთ “მოსკოვსკიე ნოვოსტის” ოცდამეჩვიდმეტე ნომერში გამოქვეყნებული აკაკი მიქაძისა და გენადი ჟავორონკოვის წერილი “პრეზიდენტის შემოდგომა” წაიკითხა, კიდევ ერთხელ ჩაწყდა გული, რეაქციულ გაზეთში, ამგვარი ამაზრზენი პუბლიკაციისთვის ქართული გვარის მატარებელი პიროვნების ხელმოწერის დანახვაზე. აღარაფერს ვამბობ იმ სიბინძურესა და უწმინდურობაზე, იმ გესლსა და ბალღამზე, აშკარად და იაფფასიანი ფორმით რომ არის გადმონთხეული ვითომცდა დემოკრატიული გაზეთის ფურცლებზე.

ვინა ხართ თქვენ, ბატონო აკაკი? საიდან მოხვედით, ვინ გამოგგზავნათ? ვის დავალებასა და მითითებას ასრულებთ?

თუმცა, რა საჭიროა და რა ფასი აქვს კითხვების დასმას – ყველაფერი ხომ აშკარაა და დღესავით ნათელი. თქვენ რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი, ლაგამამოდებული მშიშარა მსახური ხართ, დამპყრობელს ფერწასული და აკანკალებული რომ შესციცინებთ ჩასისხლიანებულ თვალებში. უჩუმარი აღმასრულებელი ხართ ქართველი ერის ფიზიკურად მომსპობი კაცთმოძულე გადამთიელებისა.

თქვენ ქართველი არა ხართ და საერთოდ, ეროვნება არ გაგაჩნიათ – თქვენ ხართ ტიპიური საბჭოთა არსება, ანუ ტიკინა, რომელსაც იმპერიის შოვინისტურ წრეებში მოკალათებული კაციჭამიები საკუთარ ნებაზე გათამაშებენ. იმას გაკეთებინებენ, იმას გაწერინებენ, რასაც ბილწი, შერყვნილი გვამები მოისურვებენ. მათ კი მხოლოდ ერთი სურვილი და მიზანი ამოძრავებთ – თავისუფლების ამოხრჩობა, სხვათა სამუდამო დამონება. მათ ხელში თქვენ მოლაპარაკე ავტომატი და ყუმბარა ხართ, რომელიც იმ საშინელ, უსულო იარაღებზე უფრო სწრაფმომქმედი და მომაკვდინებელია. თქვენი მიზანია ქართველი ერი კაცობრიობას უვიც, პირველყოფილ და გულბოროტ ხალხად გააცნოთ, მისი წინამძღოლი კი საძულველ, ფაშისტ დიქტატორად. აკი სარბიელიც ფართო და მოცულობითი გაქვთ – ქართველთა მოძულე და ძირის გამომთხრელი “დემოკრატიული მოსკოვსკიე ნოვოსტი”.

ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველი შორს დაიჭერდა თავს ასეთ გაზეთთან თანამშრომლობისგან, უყოყმანოდ დათმობდა მისგან ბოძებულ მაღალ ხელფასსა და ჰონორარს. აკი თქვენს მეტმა არც არავინ მოინდომა. თქვენ კი ორივე ხელით ჩაებღაუჭეთ …

თქვენნაირები ყველა ხალხს, ყველა დროს ჰყავდა. ქრისტესაც ხომ ჰყავდა – ისკარიოტელი, ოცდაათ ვერცხლს რომ ანაცვალა მაცხოვარი. ჰოდა, რა ხვედრი ერგო გამცემს, მოგეხსენებათ. იგივე გაიზიარა ამ გზაზე დამდგარმა ყველა გამყიდველმა. თუმცა თქვენ ეს არ იცით, რადგან როგორც ჩანს, წმინდა წიგნად ისევ მარქსიზმის კლასიკოსთა ნაბოდვარი მიგაჩნიათ.

ბატონო აკაკი! თქვენ ბევრჯერ გაყიდეთ საქართველო, ქართველები, დაუნანებლად დაგვასხით თავს ლაფი, ყველანაირი სიბინძურე, გული იჯერეთ ქართველთა პრეზიდენტის ლანძღვა – გინებითა და განქიქებით. მაინც საიდან მოედინება ამდენი შხამი და გესლი, რა ისეთი ულევი სამსალით გიმასპინძლდებიან ჩრდილოელი მბრძანებლები? თუმცა, ცოდვიანსა და სახედაკარგულს, უნებურად მაინც წამოგცდებათ ხოლმე სიმართლე და ორშაურად ჰყიდით საკუთარ თავს. ამისი ნიმუში გახლავთ თქვენი უკანასკნელი წერილი.

პუბლიკაციაში “პრეზიდენტის შემოდგომა” წერთ: “გამსახურდიას ხელისუფლების სათავეში მოსვლის მომენტიდან, ჩვენი ცენტრალური პრესა საკმაოდ ძუნწად წერდა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებაზე”. ამაში უყოყმანოდ გეთანხმებით, რომ თქვენს პრესას არამც თუ ძუნწად, საერთოდ არასდროს არაფერი დაუწერია საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, სიმართლეზე. სიყალბესა და სიცრუეზე, ჭორსა და ჭუჭყზე, ღირსების შელახვაზე, შეურაცხყოფაზე, იცოცხლეთ ბლომად და უამრავჯერ.

ნათქვამია: მკვდარზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო. თქვენ “ვაჟკაცურად, ჟურნალისტური მიუდგომლობითა და კეთილსინდისიერებით” იქცევით და “ქართველ სოკრატეს”— მ. მამარდაშვილსა და გადარუსებულ ა. სახაროვს (მანაც თქვენსავით ზურგი აქცია საკუთარ ერს, სხვისი გვარი მიიწება) ტკბილად იხსენებთ და გულდათუთქული მისტირით მათს “ბრძნულსა და მისნურ წინასწარმეტყველებას” ქართველი ერისთვის სამომავლოდ მოსალოდნელ “უბედურებაზე”, რომელიც აგერ “აგვიხდა” კიდეც. თქვენგან განსხვავებით, მათზე ვერაფერს ვიტყვი სასიკეთოს, მხოლოდ ცხოვრებისეულ კანონს შეგახსენებთ—ადრე თუ გვიან, ყველას მიეგება თავისი. ¨ქართველი სოკრატე”, ბატონ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საქართველოს დატოვებით იმუქრებოდა, ეგონა მიმდევარი ბევრი ეყოლებოდა. მაგრამ მადლობა ღმერთს, ბატონ ზვიადის არჩევის შემდეგ, ამ მიზეზით საქართველოდან არავინ გაქცეულა. რაც შეეხება ვითომცდა რუს აკადემიკოსს, იგიც ბევრს ეცადა მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში საქართველოს გაცამტვერებასა და ჩირქის მოცხებას, “მცირე იმპერიად” მოგვნათლა და მის მართლაც და იმპერია – “სამშობლოსთან” შედარებით, გაცილებით საშიშ ერად “ჩამოგვაყალიბა”. თქვენ კი ცხარე ცრემლებსა ღვრით “დამშვრალთათვის” და არც ახლა შეგშრობიათ თვალთა ჩინი.

წერთ, რომ ზვიად გამსახურდიას მოსვლით, დამოუკიდებელ გაზეთებს უმალ შეუწყვიტეს ქაღალდის მიწოდება, ტელევიზიის “კრიტიკულად განწყობილი” ბევრი ჟურნალისტი უმუშევარი დარჩაო. აქაც პირწმინდად თვალთმაქცობთ. პატიოსნისთვის და სიმართლის მთქმელისთვის არავის არაფერი უკადრებია, ოპოზიციურ გაზეთებს კი თვლა არა აქვთ, საკმაოდ გამოდიან. თითოეული მათგანი მზად არის თქვენნაირების გულში ჩასაკრავად, ნებისმიერი მოცულობისა და რაოდენობის წერილის გამოსაქვეყნებლად, რაც თქვენც კარგად იცით.

მიწის რეფორმის დაგვიანებასაც “შეუწუხებიხართ და გულდაკოდილი” გამოჰკიდებიხართ “ბედშავი” გლეხების “მწარე ხვედრს”. საიდან მოიტანეთ დაბეგვრის სამოცდათხუთმეტი პროცენტი? იგი ხომ თქვენს მეტს არავის უხსენებია, თვით უკიდურესად დაპირისპირებულ ოპოზიციასაც კი. საქვეყნოდ გაჰყვიროდით, არიქა, ბატონმა გამსახურდიამ მმართველობის ყველა სტრუქტურა შეინარჩუნა და ცენტრის ფულადი ინვესტიციებით ცდილობს თავის გატანასო. თანაც, უშიშროების კომიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოსკოვის დოტაციაზეაო, სწორედ ცენტრის ფულით იგმანება რესპუბლიკის ბიუჯეტში გაჩენილი ხვრელებიო.

ერთი ეს მიბრძანეთ”სიმართლისთვის დამშვრალო” იმპერიიდან მოვლენილო არამკითხე “ჟურნალისტო”! განა შეიძლება ხელის ერთი დაკვრით ყველაფრის ერთბაშად შეცვლა – განახლება? შეგნებულად არ ჩამოვთვლი განახლებულ სტრუქტურებს, ძირეულ ცვლილებებს, რადგან თქვენც შეგნებულად დახუჭავთ თვალებს, დაიგმანავთ ყურებს. ამიტომ, სიმართლის ამ შემთხვევაში მტკიცება, წყლის ნაყვა იქნება და სხვა არაფერი. თქვენმა ჩრდილოურმა “გარდაქმნამ ანუ პერესტროიკამ”, რისთვის ტკეპნა ექვსი წელიწადი ერთი ადგილი და საბოლოოდ ის თქვენი იმპერია უფსკრულისკენ რაღად გააქანა?

რაც შეეხება უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის დოტაციაზე ყოფნასა და იქიდან მიღებული ფულით ბიუჯეტის ხვრელების ამოვსებას, ესეც ელვისებური სისწრაფით ვერ მოგვარდება. არა გვგონია ბატონ ზვიად გამსახურდიაზე მეტად შეგტკიოდეთ გული ამ ეშმაკეული მანქანიდან თავის დასაღწევად. მაგრამ, ვაი რომ არც ისე ადვილია მანდ შექმნილი ჯოჯოხეთური და დამთრგუნველი ქაოსიდან გამოღწევა. ისე, გული საგულეს ჩაიდეთ და დაჯერებით გაუწყებთ, მაგასაც მოევლება, უსაშველო ამქვეყნად უკურნებელი სენისა და სიკვდილის გარდა, არაფერი არსებობს.

ახლა თქვენგან გადმოსროლილი კიდევ ერთი “კოზირი” უნდა გავჭრა. ჩვენს პრეზიდენტს თქვენს იმპერიაში მომხდარ აგვისტოს სამარცხვინო პუტჩთან გაუგებარსა და აბლანდულ კავშირში სდებთ ბრალს, ვინმე ცხრა მთაგადაღმელსა და საკუთარი ერის მოღალატე პუგოსთან არარსებული საუბრის “ჩანაწერს” იშველიებთ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალ პატრიკეევთან “შეთანხმებასა” და ეროვნული გვარდიის “დაშლას” სწამებთ.

ბატონმა ზვიადმა პუტჩის მოწყობის მეორე დღეს, მიმართვა გაუგზავნა მსოფლიოს პროგრესულსა და დემოკრატიულ სახელმწიფოებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. პუგოსთან “საუბრის” ჩანაწერის მოხმობა მტკნარი სიცრუეა და უძალო ჭორი. ასეთი “ჩანაწერი” რომ არსებობდეს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ოპოზიცია მისით ყურებს გამოგვიჭედავდა. რაც შეეხება პატრიკეევთან “შეთანხმებას”, გვარდიის “დაშლას”, ტყუილად დამშვრალხართ მასზე “დარდითა და წუხილით”. პრეზიდენტმა განსაცდელის ჟამს სწორი და ტაქტიკური სვლა გააკეთა და მას დროებით შეუცვალა სტატუსი. მეტი სხვა არაფერი. შეგიძლიათ დამშვიდდეთ – ქართული გვარდია არსებობს.

2 სექტემბერს, კინოს სახლთან მომხდარი ინცინდენტის შესახებ შეიტყობდით, რომ საფუძვლიანი გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენთან ერთად თქვენც უეჭველად შეიტყობთ სიმართლეს. პრეზიდენტი, დამნაშავეებისთვის კუთვნილის მიგებას, მკაცრად დასჯას გვპირდება.

თუმცა, ბანქოს თამაშში, კოზირს ერთხელ როდი იყენებენ. და აჰა, თქვენი მეორე “კოზირიც” – ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ პრეფექტებზე დაწოლა, რაიონებიდან ხალხის ჩამორეკვაზე და ხელისუფლების დაცვაზე. ამისი განცხადებით კიდევ ერთხელ გამოკვეთილად ადასტურებთ თქვენს არაქართველობას. ამიტომაც, იძულებული ვარ შეძლებისდაგვარად ახლოს მოგიყვანოთ და რამენაირად ჩაგახედოთ ქართველის უმდიდრეს სულში, გავარვარებულსა და უსაზღვრო სიყვარულის დამტევ საოცარ გულში. ქართველს – ქალსა თუ კაცს, დიდსა თუ პატარას არასდროს, არავისი მითითება და ბრძანება არა სჭირდება ენის, მამულის, სარწმუნოების, წინამძღოლის შეყვარებაზე, მოვლასა და დაცვა – გაფრთხილებაზე. ეს გრძნობა და მოვალეობა ჩვენს სულშია, სისხლშია გათქვეფილი, გულშია ჩაჭედილი. ამიტომაც მოდის საქართველოს ყველა კუთხის ხალხი მისგანვე არჩეული პრეზიდენტის გასამხნევებლად, მხარდასაჭერად და დასაცავად!

ბატონო აკაკი! თქვენს სამარცხვინო წერილში კიდევ ერთხელ ცდილობთ სიმართლისთვის “წამებულის” ნიღბის მორგებას და კიდევ ერთი “ბუნდოვანი, ჩახლართული” საკითხის გარკვევას – უკვე არარსებული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის ს. რიგვავასა და გაზეთ “ცხოვრების” რედაქტორის, ბატონ ო.იოსელიანის ირგვლივ დახვეული “გორგალის გახსნას”. გეტყვით, რომ გაზეთის რედაქტორი თავისუფალი და უვნებელია, პატიმრობაში მყოფი მეორე მდივნის საქმეს კი პროკურატურა იკვლევს. დაველოდოთ, ერთად შევიტყოთ სიმართლე და მაშინ აცნობეთ იგი თქვენი გაზეთის მკითხველებს. მანამდე კი ნუ აჩქარდებით, წინასწარმეტყველება ყოველთვის როდი მართლდება …

დასასრულს, სინანულს გამოვთქვამ რესპუბლიკის მწვავე ვითარების სიმბოლურ გამოხატულებაზე, მთავრობის სახლის წინ ვითომცდა სექტემბრის მოვლენების დროს, 9 აპრილის მსხვერპლთა მოსახსენებლად დადგმული მარმარილოს დაფის გატეხვის თაობაზე. აქაც აშკარად იაფფასიან, გულის “ამაჩუყებელ” ფანდს მიმართავთ, ტყუილად ცდილობთ არარსებული ცრემლების დაღვრას. თქვენგან ნახსენები დაფა დიდი ხნით ადრე გატყდა, რამაც ყველანი შეგვაწუხა. მაგრამ, ეს არაფერია იმ საწუხართან, იმ განსაცდელთან შედარებით, ახლა რომ გვიდგას ქართველებს. რაც შეეხება დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ გატეხილ დაფას, თითქოს სწორედ ასეთი შეეფერება ჩვენს ახლანდელ ყოფას. მერე კი, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ჟამს, წამებულთა უკვდავ სახელებს დიდებულ ძეგლს დავუდგამთ.

თუმცა, ისევ ანდაზა უნდა მოვიშველიო: შეაყარე კედელს ცერცვიო და გამომშვიდობებისას კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ: ვინა ხართ თქვენ, ბატონო აკაკი?

თავათვე გიპასუხებთ: თქვენ ქართველი არა ხართ! ნუ გეწყინებათ ჩემგან ამგვარი განაჩენის გამოტანა, რადგან პირფერობასა და მიხვეულ – მოხვეული გზით სიარულს არა ვარ ჩვეული. ქართული გვარი მანდ, ცივსა და პირქუშ, თავისუფლებისა და ადამიანთა მოძულე იმპერიაში მოგაწებეს. სინამდვილეში თქვენ ან ულიანოვი ხართ, ან კრუჩკოვი, ან იაზოვი, ან ხრუშჩოვი, ან რასპუტინი, ან ბრეჟნევი, ან გორბაჩოვი, ან სუსლოვი, ან იანაევი, ან … მათი მოდგმისა ვინმე ქართველთა მოძულე და მტერი.

თქვენ საქართველოს გამყიდველი ბრძანდებით! მაგრამ, ისიც ვერ გაგიგიათ ვისთან და რაზე ყიდით ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანას, უსასრულოდ ტანჯულ ერს. იმდენად დაგბინდვიათ გონება, ისიც ვეღარ გაგიგიათ, რომ უკიდურესობამდე გაძვალტყავებულ – გაღატაკებულსა და დანგრეულ იმპერიას ის ოცდაათი ვერცხლიც აღარ უყრია გახვრეტილ ჯიბეში, თქვენნაირ ლაჩრებსა და მონა – მორჩილებს რომ გადმოგიგდებდათ ხოლმე. თუმცა, რად უნდა იგი გულღრძოსა და პირსისხლიანს, როცა უიმისოდაც სრულიად უმტკივნეულოდ გლეჯს თქვენნაირების ხელით, მაგ ცივ მიწაზე ზღვად მოსულ ნარ – ეკალსა და ლენცოფას, ჩვენს თბილსა და ბარაქიან მიწაზე დასათეს – მოსამრავლებლად. მაგრამ, უნდა გული მოგიკლათ და გითხრათ — უცხო და ყინულოვანი მიწის საძულველ თესლს ქართულ მიწაში არასდროს გაუდგამს ფესვი, არასდროს უხარია.

ვინა ხართ – მეთქი გკითხეთ ბატონო აკაკი და პასუხიც თავათ გავეცი საკუთარ კითხვას. თუმცა, იგი მთლად დასრულებულად არ მიმაჩნია, რადგან ადამიანებისა არ იყოს, თურმე ცხოველ – ფრინველთა შესახებაც წამოიჭრება ხოლმე ეს დილემა. ქართველებს თქვენი მოსახელე დიდი პოეტი გვყავდა, რომელმაც ბრწყინვალედ განსაზღვრა ფრინველისა თუ მღრღნელის – ღამურას ბედი. ვგონებ, ეს ლექსი რუსულად უნდა იყოს გადათარგმნილი, აუცილებლად წაიკითხეთ. ვიმედოვნებ, მიხვდებით თუ რატომ გირჩევთ ასე დაჟინებით.

თუმცა, თქვენნაირი არსების ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს იშვიათად რამეში თუ გავიმტყუნებთ, გავკიცხავთ. პირიქით, მტყუანსა და დამნაშავეს ყოველთვის სხვაგან ვეძებთ, სხვისკენ ვიშვერთ ხელს.

ამიტომ, რად გვინდა დიდი აკაკის ის ბრძნული ლექსი თქვენი ვინაობის დასადგენად. პირდაპირ გეტყვით:

თქვენ არავინ არა ხართ !

 

გაზეთი “თბილისი”

1991 წელი, სექტემბერი

 

 

3 Responses to “• ვაი ქართველებს”

  1. ეხ რამდენი ვაი ქართველია საქართველოში:(( თან ზევითა თანამდებობი უკავიათ მე მაგათ დედებს……..

    Like

  2. rabi said

    ვინმემ მიპასუხეთ რომელი სჯობს აშშ–ს მონობა თუ რუსეთთან მეგობრობა ?საქართველოს სხა გზა არ აქვს და ვინც სხვა გზით სირულს ურჩევს ისაა ქართველი ერის მტერი .. ამასაც ვიტყვი და ეს უკვე ფაქტია, ის რაც 9 წლის განმავლობაში აშშ–ს მიერ დასმულმა არაქართულმა ხელისუფლებამ დამართა საქართველოს მათივე ბრძანებებით ისტორიულმა მტრებმა (ირანი, თურქეთი) ვერა დააკლეს ქვეყანას ! კითხვა მაინც დასვით რატომ იყო 2008 წლის 5 აგვისტოს ამერიკის შავი ქალბატონი თბილისში ჩამოსული ? “საწყალი” კონდოლიზი მიშიკოს კალთები დაახია ომი არ გაბედოო ! რა სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს !ყოველთვის ვიძახდი და ვიტყვი ომი მიშას არ რაუწყია , მას უბრძანეს და რა ექნა ? ეხლა როგორც არა დროს ისე მინდა მიშა ცოცხალი გადარჩეს რადგან აშშ ყოველთვის სიცოცხლეს ასალმაბს არასასურველ მოწმეებს ..გაიხსენეთ ცსს ანუ ცრუ აგენტი ბენ ლადენი , ბატონი ბადრი და არაბული გაზაფხულის მსხვერპლნი ! რა უნდათ ქართველებს ავღანეთში ? არ მითხრათ სამშობლოს იცავენო თორემ არაკორექულად დედას არ დაუზოგავ ამის მთქმელს! აბა გაიხსენეთ 80–იან წლები!ჰოდა ბევრი ესეთი თავგადასავლები… ჩემი პირადი დასვნა რუსები ერია , მათთან ლაპარაკი ყოველთვის შეიძლება და აშშ–სთან შედარებით ფრთიანი ანგელიზია !

    Like

    • გორძამაშვილი ლალი said

      რუსეთთან მეგობრობას სიკვდილი ჯობია რადგან რუსეთმა მეგობარი არ იცის..მხოლოდ მონა..

      Like

დატოვე კომენტარი