Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ მკვახე შეძახილი

 

მკვახე შეძახილი ლია ანდღულაძეს და მისთანათ

 
 
„სათქმელი ხალხმა გვიკარნახა, როგორც გაფრთხილება ქვეყნის ერთიანობისა და თანხმობისათვის. ჭაობიდან და სიბნელიდან გამოღწეული მოსახლეობა ნათელ და იმედიან გზას ადგას წელში სწორდება და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას.“

ვკითხულობ ამ სიტყვებს და მგონია საქართველოს გასაბჭოების წლებშია დაწერილი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს სტრიქონები დღეს იწერება!

და თუ ვინმეს მსგავსი სულისკვეთებით შექმნილი პუბლიცისტური შედევრების თვალის გადავლება მოგენატრებათ, ძველი პრესის ქექვას ნუ დაიწყებთ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ „ასავალ-დასვლის“ ნომრებს და ის დაგიცხრებთ მონატრებას.

ხალხმა გვიკარნახა სათქმელიო, გვამცნობენ ავტორები. ხალხი საქართველოში სხვას ამბობს ქალბატონო ლიავ და სხვანო!
ხოლო იმათ, ვინც ეს სათქმელი გიკარნახათ გულში ეცინებათ, ეცინებათ, როგორც ხელისუფლების მესვეურებს, ასევე მათ, ვისაც თქვენ ამუნათებთ, რამეთუ ისინი, ერთნიც და მეორენიც სინამდვილეში ერთნი არიან, თქვენ კი კარგადაც გაბაიბურებენ!

დღეს ხალხს ნამდვილი ბატონ-პატრონი რომ ჰყავდეს, არც თქვენ გიკარნახებდათ ამგვარ უზნეო დემაგოგიას ვინმე და ასე გულმოდგინედ არ გაირჯებოდით შავის თეთრად წარმოსაჩენად.
დღეს საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე ნამდვილი ოპოზიცია რომ არსებობდეს ეს თქვენი ხელისუფლება და მისი „ოპოზიციაც“ ვირის აბანოში ინებივრებდა.
 
ასეთი რამე-რუმეები კვლავ იბეჭდება გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ფურცლებზე. ავტორები კი, ჩვენდა საავალალოდ, წარსულში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების წევრებად და მომხრეებად მოიაზრებოდნენ.
მიმართვაში ზემოთ მოყვანილის მსგავსი „მარგალიტები“ მრავლადაა წარმოდგენილი მოზრდილი თუ გამუქებული შრიფტით. ყველას გადმოღება შეუძლებელია, სამაგალითოდ ესეც კმარა. მით უმეტეს, როცა თქვენი მონა-მორჩილის სათქმელი მიზნად ისახავს ამ „შედევრების“ გამოხმაურებას, კერძოდ კი გამოხმაურებას ერთ-ერთი თანაავტორისადმი და რათქმა უნდა,  მისი თანამოაზრეებისადმი.

ეს თანაავტორი, უფრო სწორად კი მთავარი ავტორი ქალბატონი ლია ანდღულაძეა, ოდესღაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ყოფილი განათლების მინისტრი, დღეს კი „ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე“ და „ვარდების რევოლუციის“ ტრუბადური.

იკითხავს მკითხველი, ამდენ თანაავტორებში რაღა მაინცადამაინც ეს ქალბატონი ამოარჩიეო, მიზეზი უბრალოა – მას როგორც მე, ასევე ქართული ეროვნული მოძრაობის უმეტესი ნაწილი მეტნაკლებად  იცნობს.

საერთოდ მეჩოთირება ქალბატონებთან პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის… სიმართლის თქმას ჩვენმა სულნათელმა პრეზიდენტმა მიმაჩვია და რომ არ ვთქვა ვერ ვიქნები მართალი მისი სულის წინაშე.
საკითხავია, დღეს რომ ბატონი პრეზიდენტი ცოცხალი იყოს და ისევ დევნილობაში ცხოვრობდეს, მოუწონებდა კი ამგვარ საქციელს მის მინისტრს? დაფიქრებულან კი ამ წერილის დიდად პატივცემული და წარჩინებული ადამიანები ამაზედ?

თუ რადგან ბატონი ზვიადი ჩვენს შორის აღარ არის ყველაფრის ქნა და წერა შეიძლება?
      

მაშ ასე, ქალბატონო ლია, ამ წერილის ავტორი თავს უფლებას ვაძლევ, საკუთარ თავს „ძველი გვარდიელი“ (მხედველობაში ეროვნული მოძრაობა მაქვს) ვუწოდო და  მკვახე შეძახილით მოგმართოთ: კი მაგრამ ქალბატონო ლია, მართლა ბნელა?

სათქმელი ხალხმა გვიკარნახაო, რომ ბრძანებთ, რომელმა ხალხმა ნაცებმა თუ თავისუფლების ინსტიტუტის მესვეურებმა?

მე ჯერ ცოცხალი ვარ და უბრალო, პატიოსან, მართალ ხალხს ამის მსგავსი აგერ უკვე 17 წელიწადია აღარ უთქვამს. ამგვარს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მესვეურნი, მთავრობის წევრები, მათი პოლიტბიურო -„თავისუფლების ინსტიტუტი“ და მათი ლიქნია მონები თუ იტყვიან მხოლოდ!

ძალიან კი ირჯებით, თქვენი მიმართვები ზედიზედ იბეჭდება ამ გაზეთში, მაგრამ გადახედეთ საქართველოს სინამდვილეს, სადაც სულ  საპირისპიროს ვხვდებით. თქვენი მიმართვები ზოგადი სახის დემაგოგიაა, ხოლო ქვეყნის საავალალო, ავბედითი ყოფა კი – საგანგაშო!

ეს აშენდა, ის აშენდაო, აღორძინდაო, სიღნაღსაც ახსენებთ, სიღნაღი კი იმ ცნობილი „სწრაფი და ხარისხიანი“ აღმშენებლობის შედეგად მეწყერწასაღებადაა განწირული.

რაღაც ამათ მოჩორთილ 50 დღიან პროგრამასაც ახსენებთ, სასაცილოა პირდაპირ, სიღატაკის მიღმა თვით მიათრიეს მოსახლეობა და ახლა სიღარიბე 50 დღეში უნდათ რომ დასძლიონ!?
ის ციხეებიც, რომლებიც ევროპულ სტანდარტებზედ ააგეთ ქარ-წვიმის სათარეშოდაა ქცეული. რაც კი ააგეთ, მგონი შადრევნების გარდა, უხარისხობის ნიშნითაა დაღდასმული!

ათასგავრ სიკეთეს მიაწერთ მთავრობას, ისე ჩვენში დარჩეს და თუ რამე გაკეთდა, რა სალაპარაკო ეგ არის, აბა რისთვის „მოხდა“ ის ყბადაღებული „ვარდების რევოლუცია“? რისთვის შეგრიალდნენ ზარზეიმით ქაჯეთის ციხეში შევარდნაძის დაზრდილი პოლიტიკოსები?

ქალბატონო ლია და თქვენ ქვემორე ხელის მომწერებო, ნუთუ მართლა გჯერათ „მშვიდობიანი ვარდების რევოლუციისა“?

და თუ ალალად გჯერათ, მაშინ ვაი ჩვენს პატრონს უბედურს!

ქალბატონო ლია, მრავალი ბატალიების მნახველი ხარ, ჩემგან რა უნდა გესწავლებოდეს, მაგრამ ერთს შეგახსენებთ: ქართველმა ხალხმა 1992 წელს იწვნია  «სახალხო ჯანყისა და რევოლუციის» უბედურება საკუთარ თავზე. მაშინ ხომ საქართველოს სისხლის დელგმამ და თქეშმა გადაუარა და მის შედეგებს კარგა ხანს კიდევ მოიმკის ქვეყანა, თუნდაც ამ ვარდოსნების პარპაშის სახით. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დასრულდა ის ავადსახსენებელი თბილისური ჯანყი, რა უქნეს კანონიერ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, ხოლო ე მაგ თქვენი «ვარდების რევოლუცია» ნამდვილად არ ჰგავდა მას საბოლოო შედეგით, რამეთუ დიქტატორი შევარდნაძე განცხრომით ნებივრობს კრწანისის აპარტამენტებში და კაციშვილი არაა მომკითხავი. ხოლო ნამდვილ პრეზიდენტსა და ჭირისუფალს კი რაც დამართეს…

ქალბატონო ლია, იმ «ბობოქარ დღეებში» თქვენი კუმირი და მისი რაზმი ძელზედ გასმით ემუქრებოდა შევარდნაძეს, მაგრამ ვარდებისა და ჭიქა ჩაის რევოლუციის შემდეგ, რატომღაც ერთობ ლმობიერი და მიმტევებლები შეიქმნენ ჩვენი მტკვრისპირელი გავროშები. ან კი რა ჰქონდათ დასაქადნები მათი აღმზრდელისა და მოძღვრის მიმართ. ის რომ არა ვინ იცის დღეს ესენი სად ეყრებოდნენ!

გახსოვთ ქალბატონო ლია, შევარდნაძე მისეულ „არჩევნებს“ რომ აჩალიჩებდა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მან მაჟორიტარად მოღალატეთა კავშირიდან ამომრჩევლებს წარუდგინა ამერიკიდან ახლად დაბრუნებული ვინმე სააკაშვილი და ხალხს ასე გააცნო – ეს მომავალი თქვენი პრეზიდენტიაო!

თქვენ კი ისევ იმ შხამიანი ვარდების რევოლუციის მტვერს გვაყრით თავლებში.
ის ყველაფერი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო და მეტი არაფერი!
მაშინ ქართული საზოგადოებისთვის მართლაც უცხო ვინმე იყო ეს თქვენი კუმირი, ხოლო ჩემთვის კი ცნობილი იყო და იცით საიდან და როდიდან?

1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენა მიმდინარეობდა და ზუგდიდში კანონიერი უზენაესი საბჭოს სესიები ტარდებოდა, რომელთაც თქვენც ესწრებოდით, მაშინ «ამერიკის ხმის» ეთერში თავისუფლად დათარეშობდა ეგ თქვენი კუმირი და ეროვნული ხელისუფლების და კანონიერი პრეზიდენტის სიძულვილით გადმონთხეული მისი დორბლი და გესლი ლამის იყო თვით რადიოლადანაც ედინებოდა.

ამ კაცს ისეთივე სიძულვილი ახრჩობდა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, როგორც დღევანდელი პარლამენტის წევრებს: გრიგალაშვილს, გაბაშვილს, ბოკერიას, ხაბაზს, ბობოხიძეს და სხვა მრავალთ.

თქვენ კი ლამისაა ჯერარნახულ გმირებად წარმოგვიჩინოთ ეს პუტჩისტები თუ მათი ხორციელ-სულიერი მემკვიდრენი!

ქალბატონო ლია, მე შენ მართლადიდებელ ქრისტეანად მეგულვებოდი, მაგრამ ეს რა გითქვამს: ზვიადის სული მიხეილ სააკაშვილში ჩასახლდაო!

მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით ცოდნით ვერც მე დავიკვეხნი, მაგრამ ის მშვენივრად ვიცი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის უცხო და მიუღებელია სულების ჩასახლება-გადასახლება!
შენი ნათქვამი კი აშკარა შეუწყნარებელი მკრეხელობაა!

ამას თვით მაღალი ღმერთიც არ დაუშვებდა, თუ ჩასახლებაზე მიდგებოდა საქმე, ვინმე ღირსეულს მოიძევდა ქართველთა შორის და თუ ვერ იპოვნიდა, მაშინ გააჩენდა ისეთ ადამიანს, ვინც ღირსი იქნებოდა ზვიად გამსახურდიას სულის ჩასახლებისა!

აი, სადამდე შეიძლება მივიდეს მონური სულის მატარებელი ადამიანის სიმდაბლე და უმეცრება!

ქალბატონო ლია ანდღულაძევ და კანონიერი ხელისუფლების ყოფილო მომხრეებო, ჩვენთვის უბრალო ქართველებისთვის დღესაც მნიშვნელოვანი და უმთავრესია დევნილი კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართვები თუ დადგენილებები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოში პუტჩის ნაშობ არცერთ ხელისუფლებას, სანამ ქვეყანაში არ აღსდგება ისტორიული სამართლიანობა, და ამ სამართლიანობის მემკვიდრე იქნება ის ხელისუფლება, რომელიც გაიმარჯვებს უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნულ არჩევნებში. ჩვენი პრეზიდენტი ყოველთვის მოგვიწოდებდა, რომ ვყოფილიყავით ამ ბრძოლაში უკომპრომისოები, მოუსყიდველნი და შეუპოვარნი.

სხვას რა უნდა მოვკითხო, როცა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მისი პრეზიდიუმის წევრი არის რუპორი შევარდნაძის რეჟიმის მემკვიდრისა!

განა შენ არ გმართებდა უზენაესი საბჭოს დადგენილებების, პრეზიდენტის მიმართვების ერთგულება უპირველესად?
რატომ, რისთვის ჩაერიე ამ მეტად საჩოთირო და სამარცხვინო აურზაურში?

ქალბატონო ლია, ამ კოლექტიური დემაგოგიის ქვეშ შენს სახელს ამშვენებს – ლიტერატურათმცოდნე, აკად. დოქტ. არადა მე თქვენ გიცნობდით როგორც ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტს, მართალია მას მერე თითქმის ოცმა წელმა ჩაიარა, მაგრამ ყოველივე ამის ფონზე ერთობ საეჭვოა ეს ტიტულები, მაშინ როდესაც იმ დროიდან მოყოლებული სამსახურებიდან დათხოვნილი მასწავლებლები, ლექტორები თუ მეცნიერები დღემდის აღუდგენელი არიან თავიანთ თანამდებობებზე, თქვენ კი…

ყოველი კალმის მოსმით სპეკულირებთ ზვიადის სახელით, შეუწყნარებლად ადარებთ მას ამ დღე და გონნაკლულს. მე კი გეტყვით, რომ თქვენ აღარა გაქვთ უფლება ახსენოთ ზვიად გამსახურდიას სახელი, არც თქვენ და არც ოპოზიციად წოდებულ ბანდაში თავამოყოფილ მის პირმშოს!

ქალბატონო ლია, თქვენი ყოფილი კოლეგა, ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ზვიად გამსახურდია  ერთმანეთში ურევდა რუსთველისა და გ. ორბელიანის სტრიქონებს? ერთმანეთში ურევდა სულორსა და ილორს? ამ გაგრია თავის მატარებელ სხეულში ჩასახლებას იკადრებდა ჩვენი ბრძენი პრეზიდენტის სული?

რატომ შეურაცხყვე ჩვენი პრეზიდენტის ისედაც გვემული, სამშობლოს მოამაგე ჭირისუფლის სპეტაკი სული, რა გრჯიდა?
ამით შენ საკუთარ თავს გამოუტანე განაჩენი, რომელსაც ნამდვილად ვერ შევიწყნარებ!

ეროვნული შერიგებაო, გამსახურდიას რეაბილიტაციაო, ესეც ერთ-ერთი სიცრუეა სხვა მრავალთაგან!
ქალბატონო ლია ანდღულაძევ, საქართველოს დედაქალაქში ნუთუ ვერ გამონახა ამ “ხელისუფლებამ” შესაფერისი გამზირი, რომელიც მართლაც ღირსი იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტის სახელის ტარებისა? ჯერ იყო და რას მიანიჭეს, მერე მასაც სეკვესტრი უყვეს და ერთ ჩამოსეკვესტრებულ ნაწილს ალიევის სახელი უწოდეს. ნუთუ არ გეტკინა გული ამის მომსწრეს?

ქალბატონო ლია, მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკაში მიღებულია ასეთი რამ – როდესაც ქვეყნის მეთაური გარდაიცვლება, მას შესაფერისად კრძალავენ, ქვეყანაში ცხადდება გლოვა, ეწყობა გამოსათხოვარი აღლუმი, რამეთუ ის ამავ დროს ქვეყნის მთავარსარდალიცაა და სამარეში ჩაშვებისას ზალპებით აცილებენ. ჩვენში კი რა მოხდა, როგორც იქნა ეღირსა საქართველოსთვის ჩაფერფლილი შვილის სპეტაკ ნეშტს მშობლიური მიწა. დიდებით შემობრძანდა ზარბაზნებით განდევნილი ქვეყნის მეთაური სამშობლოში. ხალხმა მას დაგვიანებული, მაგრამ ღირსეული პატივი მიაგო. შენმა ახალმა “ხელისუფლებამ” კი ის მთაწმინდამდეც არ მიაცილა, არც ზალპები ყოფილა, არც გამოსათხოვარი სიტყვები, არც გლოვა! მერე რა რომ თოთხმეტი წლის წინ დაიღუპა, მე და ჩემნაირ ასიათასებს გვინდოდა ეს გლოვა სახელმწიფო დონეზე ყოფილიყო, თორემ ჩვენ ისედაც დღემდის ვგლოვობთ მის არყოფნას! ცოცხლად საგლოვი ის არის, ვინც რამოდენიმე წუთით გამობრძანდა მთავრობის სახლიდან და მდუმარედ დაუდგა სასახლის თავს!

ქალბატონო ლია, როგორ ფიქრობთ, მიშას გამოსვლისას ხალხის შეძახილი “ზვიადი”, “ზვიადი” ამ ოპოზიციის პროვოცირებული იყო?
არა, არამც და არამც!

ამ ავაზაკებს – შენი ახალი მთავრობიან და მისი “ოპოზიციიანად“ დღესაც სიძულვილით აძაგძაგებთ მისი სახელის გაგონებისას!

აი, მაშინ გამოხატა ჩემმა ხალხმა მისი დამოკიდებულება მაგ შენი მიშასადმი! მაშინ გამოუტანა ვერდიქტი მაგ შენს მიშას იმ ხალხმა, რომლის სახელით სპეკულირებას შენ და შენისთანები ცდილობენ, მაგრამ ღმერთის შეწევნით არ გამოგდით.   

საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ავლისას გული სიამაყით მევსებოდა, როგორაც არ უნდა მიმეჩქაროდა, შევჩერდებოდი, ავხედავდი ჩვენს დიდ მეფეთ – მეფეს!  ან კი რა მეამაყებოდა, დიდი დავითისეული საქართველოს ნარჩენი საბოლოოდ ამ თახსირებმა იავარჰყვეს, გააპარტახეს. შენმა “პატრიოტმა ხელისუფლებამ” კი ესეც არ აკმარა, მისთვის ორიოდ მტკაველი მიწა დაენანა, იმიტომ რომ სარფიან ადგილას იდგა და გასაყიდად ხელს უშლიდა მიშას დახლიდარ ბენდუქიძეს. არც დააყოვნეს და დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქგარეთ გააბრძანეს, სამაგიეროდ შიგ ქალაქში მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის ბელადის ალიევის ძეგლი წამოჭიმეს ნიშნად მეგობრობისა და კეთილი ჟესტისა, ხოლო ამ ბელადის შვილის მთავრობა დღითი დღე გვიმატებს ფასს ნავთობსა და გაზზე. საინგილოში, ქართულ მიწაზე ქართულ ეკლესიას ხურავს, ჩვენს მიწას, სადაც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უშესანიშნავესი ძეგლიღა შემორჩა, იმასაც გვეცილება!

ქალბატონო ლია, გთხოვთ მიპასუხოთ, რა განსხვავებაა ალიევსა და შევარდნაძეს შორის? ორთავენი ხომ სულგაყიდული ბოლშევიკები, პოლიტბიუროს წევრები, კგბ-ს გენერლები და პუტჩის სულისჩამდგმელები იყვნენ!
ეს მიშა მაგარია, თავს ანტიკომუნისტად ასაღებს და  ძეგლს უდგამს სსრკ-ს კგბ-ს გენერალს, უზურპატორსა და დიქტატორს!

ისე საინტერესოა, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში თუ დგას რომელიმე ქართველის ძეგლი?
ალიევის ძეგლის დადგმა არის შესანიშნავი მაგალითი დამდგმელის მონური მლიქვნელობისა და ზნედაცემულობისა!
ამ შენ ნაქებ კუმირს კი საერთოდ არ ანაღვლებს არც შენი გარეჯი და არც საინგილო, სადაც ქართველი მოსახლეობა უკიდურეს დღეშია ჩავარდნილი, ღვთისანაბარაა მიტოვებული არსაიდან ქომაგი და პატრონი!
ეპოტინება რა ჩვენი დიდი მეფეთ-მეფის სახელს, ფიცს დებს დიდი მეფის საფლავზე, მაგრამ მას დავით აღმაშენებელი მხოლოდ ინაუგურაციის დროს ახსენდება სასპეკულიანტოდ!
ან კი წელს მაინც როგორ ავიდა გელათს? რა პირით, რა ნამუსით?

მან ხომ ბოლო მოუღო შაგრენის ტყავად ქცეულ საქართველოს!

ქალბატონო ლია, მაშინაც სიამაყით დავაბიჯებდი იმ გამზირზე, რომელიც ერთ დროს ჩვენი ქართული სიტყვის  დიდოსტატის სახელს ატარებდა, სად გაქრა კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი?

ქალბატონო ლია, რეფორმებიო, ესაო, ისაო. ალბათ განათლების სისტემის ნგრევასაც რეფორმებს უწოდებ არა? იქნებ შენთვის, ყოფილი განმინისტრისათვის მისაღებია ის, რაც ჩვენს განათლებასა და მეცნიერებაში მოხდა და ხდება?! უმაღლესი სასწავლებლების ნგრევა და შტურმიც რეფორმაა?! რეფორმაა ის, რაც უნივერსიტეტს, ილია ჭავჭავაძის დასავლური ენებისა და კულტურის უნივერსიტეტს, სპორტის აკადემიას და რაც მეცნიერებათა აკადემიას დამართეს?! დავიჯერო სტყუის ყველა ის მეცნიერი, ვინც ამას წინ აღუდგა და მხოლოდ თქვენ ხართ მართლები?
იქნებ რეფორმაა ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდა ლაბორატორიები, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის კაბინეტები, კათედრები, ფაკულტეტები…

ქალბატონო ლია, ლოტოტრონის მეშვეობით ხარაზის ან დალაქის სკოლის დირექტორად დანიშვნაც რეფორმაა?
თუ ვინც თქვენთან არ არის, ის აღარც პროფესორი, აღარც აკადემიკოსი და აღარც ვინმეა?

არც მე არ ვარ თქვენთან – არც ერთთან – არც მთავრობასთან და არც თქვენს მიერ ოპოზიციად მონათლულ კამანდასთან! სად წავიდე, ხმა ვეღარ უნდა ამოვიღო კანალიზატორი ლომაიას და მისთანების გადამკიდემ?

რა ვქნა, რას მირჩევთ, რომ არ შემიძლია პოლიქრონიონის მღერა და ამიტომ სულმნათ გურამ შარაძისდარად შუბლში ტყვია უნდა დამახალოთ?

იქნებ, ქალბატონო ლია, შენეული გაგებით, არც ის არ იყო აკადემიკოსი და მეცნიერი?
განა ეროვნული იდეების, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ერთგულებისთვის არ დაახალეს მას ტყვია? აბრალებენ ხელისუფლებასო, უტიფრად გაიძახი, ვინ უგზავნიდა მას ტელეფონით სასიკვდილო გზავნილებს, რომელი “ინსტიტუტის” წევრი?

ქალბატონო ლია, აწ აკადემიკოსო, კაცს რომელსაც არ ძალუძს სიტყვა “ბავშვის” დაწერა უშეცდომოდ მიანდობენ მას ნორმალურ ქვეყანაში განათლების მართვის სადავეებს და რეფორმებს?
 
ქალბატონო ლია, ვიცით ვინც არიან ის თქვენი “ოპოზიციონრები”, ვიცით, მაგრამ გვაინტერესებს, რითი სჯობია მათ ბოკერია, მამაშვილი გაბაშვილები, ძმები რურუები, გრიგალაშვილი, გიგი წერეთელი, ხაბაზი, კაკო ბობოხიძე და ა. შ.

ქალბატონო ანდღულაძევ,  განა ჩემზე უკეთ არ იცი თუ რა ხვითოც ბრძანდება გია ნოდია? იქნებ სააკაშვილის სიყვარულმა დაგავიწყა ყველაფერი?
მოსკოვის აგენტები, ასეთები და ისეთებიო, მაგრამ ვინც კკბ-ს უმაღლეს სკოლაში სწავლობდა – ის ვისი აგენტიღა იქნება?

ან კიდევ, ვინ არის შენი კუმირის სისხლისმიერი ნათესავები? რომელი ორგანოს მაღალჩინოსნები და გენერლები არიან?

მე მშვენივრად ვხვდები ყოველივეს, ვიცი რატომ და რისთვის იწერება ეს ყოველივე. ეს გამიზნული მზაკვრობაა, მცნება – ოპოზიციის მიმართ, ჯანსაღი განსხვავებული აზრის მიმართ, რომლის დასამარებასაც თქვენ სცდილობთ.
ეს იმიტომ ხდება, რომ მომავალში თუ ვინცობისაა წელი მოიდგა და მომძლავრდა ჭეშმარიტი ეროვნული ძალები ამდაგვარი პასკვილებით წინდაწინ ცდილობთ მისთვის სამოღვაწეო ასპარეზის გამოცლას, სცდილობთ სახელი გაუტეხოთ და ხალხს შეაძულოთ ეს მცნება! და ეს თქვენი ოპოზიციაც თავის მხრივ თქვენი მარჯვენა ხელია ამ საქმეში!
ერთი რამ კიდევ, ხალხის რაოდენობა, რაოდენობაო, სპეკულირებთ ორთავე მხარე. ქალბატონო აკადემიკოსო, ის ასიათასობით ადამიანი მაგ შენ ოპოზიციად მონათლულ ჯგროს ქუჩაში მართლაც არ გამოუყვანია! ის ასეულათასობით ადამიანი სააკაშვილის მახრჩობელა გველად ქცეულმა ძალისუფლებამ გამოიყვანა ქუჩაში და მისმა ნახევარ ძმებმა იხსნეს შენი კუმირიცა და მისი ძალმომრეობაც ამ ხალხის რისხვისაგან! თორემ მათ რომ ნორმალური წინამძღოლი ჰყოლოდა, გარწმუნებ, დღეს არც თქვენი წერილების კითხვისას მომეწამლებოდა სული და გული!

ამის თქმის უფლებას მთელი ამ თვეების მანძილზე მიმდინარე შოუები მაძლევს, ამ თქვენმა ნახევარმა ძმებმა ამოდენა ხალხი უთავბოლოდ აცუნდრუკეს და ბოლოს – მორჩა კინო, წაით სახლებშიო!

ახლა არჩევნებსაც შევეხები, თუმც მე ის საერთოდ არ მაინტერესებს, და იცით რატომ ქალბატონო ყოფ. დეპ-ო? იმიტომ რომ ჩემმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 1992 წლის “იმედის” არჩევნების დროს მომიწოდა საყოველთაო ბოიკოტისკენ მანამ, სანამ საქართველოში 1990 წელს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებით არჩეული ხელისუფლება არ აღსდგება და სიკვდილის პირამდე, შენგან და შენნაირებისაგან განსხვავებით, ერთგული ვიქნები ამ გზის, თუნდაც ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ შენმა მკვლელობაში გაწაფულმა “ხელისუფლებამ” ტყვია დამახალოს შუბლში!

ყოველ მართალ ადამიანს მოეხსენება ამ არჩევნების სიავკარგე, მე ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ: პრესის ფურცლებზე გამოქვეყნდა პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები. ამ სიაში ისევ შენი კუმირი ლიდერობს 23 მილიონით (თუ ეს მართალი მონაცემებია).

ქალბატონო ლია, ამ ციფრმა შენში არავითარი გრძნობა არ გამოიწვია? საიდან ჰქონდა სააკაშვილ-ალასანიას ვაჟს ამოდენა თანხა, როცა ნათელაშვილს სულ 35 ათასი დაუხარჯავს? იქნებ შემოწირულობები მიხსენოთ, ჰა? რაღაც არც ეს მჯერა, ეს შემოწირულობები კი არა შეწერილობები უფროა.
ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ხაზინა დააცარიელესო, ამ ვაუჩერებით, დაზღვევებით და ათასი რამე რუმეებითო. ახლოა ეს სიმართლესთან, თორემ ნაარჩევნებზე ხალხს გახუთმაგებული გაზ-დენის-მიწის-წყლისა და ჰაერის გადასახადი რატომ მიუვიდათ? იქნებ ესეც სიცრუეა?

ცრუ და ყალთაბანდია ის, ვინც მოსკოვიდან დაბრუნებული მეუბნება ფსოუს და როკის გვირაბს რუსები და ჩვენ ერთობლივად გავაკონტროლებთო, ამას მივაღწიეო, იქადნიდა შენი კუმირი, მაგრამ სიცრუეს მოკლე ფეხები აქვსო და რუსებმაც არ დააყოვნეს, ასეთი რამ ჩვენ აზრად არ მოგვსვლია მიშას ვოიაჟისას მოსკოვ ქალაქსო.

რუსები ცრუობენო – შემომაგებებ აკადემიკოსო ქალბატონო, მაგრამ აღდგომა და ხვალეო, მაგასაც მოვესწრებით დალევენ თუ არა საკუთარ ხალხზე დაგეშილი მიშას სალდაფონები ფსოუს წყალს!

ღმერთმაც ამ დღეს შემასწროს!

ქალბატონო ყოფილო განმინისტრო, კი ნუ გეწყინება ასე შემოკლებით რომ მოგმართავ, ასეთი რამ შენს მიერ ქებულმა მთავრობაძემ მასწავლა – აქ კუდიო, აქ სოდიო, აქ კიდევ რა ვიცი რამდენი რამ და მეც მგონია ასეთი რამე-რუმეები მოდაშია დღეს საქართველოში და მას მეც ფეხი უნდა ავუწყო, თორემ დამამუნათებ – დროს ჩამორჩიო. ზვიადის სული მიშაში ჩასახლდაო, რომ მიკიჟინებ, მინდა ერთიც გკითხო, მიუხედავად იმ თახსირთა კიჟინისა გამსახურდია ყველას ლანძღავსო, რა, შენი მიშა ნაკლებია თუ!?

ერთი რამ, რაც მას არასდროს უკადრებია ეს არის, გორბაჩოვისთვის არ წამოუძახნია – ახ, შე ტყლიპიანოო, არც ელცინისთვის უძახნია – შე ლოთბაზარაო! ეს შენი კუმირი კი სამი წელიწადი სულ ფურთხინისა და ლილიპუტინის ძახილში იყო. კიდე კარგი კაცი ყოფილა ის ჩვენი ქართველების რძალს მოყოლილი შვილი, თორემ მის ადგილას სხვა ხოშკაკალასავით დაგვაყრიდა ბომბებს!

ესაა ქალბატონო აკადემიკოსო პოლტიკოსობა და დიპლომატია?                             

ამას იკადრებდა ბატონი ზვიადი?

ქალბატონო ლია, ჩემზედ უკეთესად მოგეხსენებათ თუ როგორ უფრთხილდებოდა ყოველ გროშ-კაპიკს ზვიად გამსახურდია, თავს არიდებდა ვოიაჟებს, ის სულ ერთხელ იყო საზღვარგარეთ. ეს ვაჟაბტონი კი სულ ცაშია თვითონაც და მისი საყვარელი ბებიებიცო, ასე ამბობს ხალხი.
იქნებ გამაცნობიეროთ და მითხრათ ვისი საკუთრებაა ეს თვითმფრინავი ქალბატონო ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარევ!

 მიშა მაგარია არა? ქალბატონო უზენაესი საბჭოს ყოფილო დეპუტატო, მაგარია მა რაა, იმ ჩვენს სულნათელ პრეზიდენტს ერთი ჯავშან მანქანა ანთხევინეს და ამას ამეებში არვინ არაფერს ეუბნება, თუ ვინმემ გაბედა, შენ კიდე სულ აგენტს და მაიმუნს ეძახი.

ჰა, ქალბატონო ყოფილო განმინისტრო ეს ლოგინებიანი თვითმფრინავი რაღათ უნდოდა ნეტა?

 

THE GRAND MASTER RECEIVES THE PRESIDENT OF GEORGIA, MIKHEIL SAAKASHVILI

Rome, 3 March 2005

This afternoon the Grand Master of the Order of Malta, Fra’ Andrew Bertie, received the President of the Republic of Georgia, Mikheil Saakashvili, accompanied by the Minister of Foreign Affairs, Salomé Zourabichvili.

In his speech, the Grand Master stressed that current relations between the Order and Georgia were excellent.

The Grand Master, after having recalled the humanitarian activities the Order carries out in Tiblis, expressed his appreciation to the President for the political commitment to promoting Georgia’s economic development, respect of human rights and strengthening of national identity and unity.

In recognition of the strong bonds of friendship and cooperation between the Order and the Republic of Georgia, the Grand Master conferred the Order’s Collar “pro Merito Melitensi” on President Saakashvili.

ამ სურათსა და ტექსტს კომენტარი არ სჭირდება!
ყოველივე ამის შემდეგ გამოდგება ვარდოსნების – როზენკროიცერების ტრუბადური ანდღულაძის ქლაბატონი და გაჰკივის “ზვიადის სული სააკაშვილში ჩასახლდაო”, ვაი უბედურო საქართველოვ!

და ბოლოს, ქალბატონო ლია ანდღულაძევ, უზენაესი საბჭოს ყოფილო დეპუტატო და პრეზიდიუმის ყოფილო წევრო, როგორ ემხრობი შენ იმ ხელისუფლებას და მთავრობას, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტ თურქმანულ ტომს გისახლებს საქართველოში?

შენმა “ყოფილმა” ხელისუფლებამ ხომ ტაბუ დაადო ამ საკითხს თავის დროზე, დღეს კი რას სჩადიხარ? არის თუ არა ეს ღალატი ყოველივე ჩვენი კანონიერი უზენაესი საბჭოს მიერ დადგენილი კანონებისა, რომლებიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან მომდინარეობდა? კალამს ცვეთ მათ ქება–დიდებაში, არ უკარგავ “ღვაწლსა” და “მიღწევებს”.
 ამ საგანგაშო ღალატს კი მალავ და ფარავ, ამუნათებ “ოპოზიციას”, მაგრამ ამ უპირველეს საკითხში შენი ნაცებისა და ბერძენიშვილების პარტიის პოზიცია ხომ თანხვედრია?

ასე, რომ ქალბატონო ლია ანდღულაძევ და შენს “შედევრებზე” ხელის მომწერნო, რაც არ უნდა დაშვრეთ, ფაქტი ერთია, ეს “ხელისუფლება” თავის ოპოზიციიანად, შობილია ერთ წიაღში, შევარდნაძის წალკოტში, ისინი ისეთივე დამღუპვლები არიან ქვეყნისა, როგორიც თვით ამბროსევიჩია, მაგრამ ამნაირი დემაგოგიური პასკვილების ავტორნიც არანაკლებ საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის! 

დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ ზემოთ მოყვანილი მიმართვების ხელისმომწერნი და მათი მსგავსი ადამიანები დასაწყისშივე შეაგორა “მრგვალი მაგიდის” შემადგენლობაში და ეროვნულ მოძრაობაში, იმ ავადასახსენებელმა ორგანიზაციამ, რომელსაც დღემდის საქართველოს საშიშროების კომიტეტი ჰქვია და ეტაპობრივად ხდება მათი თვით ლუსტრაცია.  

აბა, ვინ იქნებით შემდეგი?!

 

 

განმათავისუფლებელი

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი