Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ მისიის თავმჯდომარეს ჰ. ტალიავინის

საქართველოში შექმნილი კონფლიქტის გარემოებათა გამორკვევის
დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის თავმჯდომარეს ელჩს ჰ. ტალიავინის

ქართველი საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ცნობილია დასავლეთის გარკვეული წრეების (ყველაზე მეტად, გერმანულის) უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი მათს მრავალ განზომილებაში. ცნობილია აგრეთვე, როგორ წარიმართა 2008 წლის აგვისტოს ომი: იგი დაიწყო და მოიგო (მანევრით ანუ ჯარების გადაადგილებით) რუსეთმა 2008 წლის 6 და 7 აგვისტოს: დაიკავა პოზიციები საქართველოში და მოახდინა ამ პოზიციებზე ძალების კონცენტრაცია. შემდეგ უბრძანა სააკაშვილს ომის დაწყების სიმულაცია. ბრძანება შესრულდა: სააკაშვილმა გაისროლა მაშინ, როცა რუსმა უბრძანა, ის ჭურვი, რაც რუსმა უბრძანა, და იქით, საითაც რუსმა უბრძანა. ცნობილია ქალბატონ ჰაიდი ტალიავინის მოღვაწეობაც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის თანამდებობაზე. ამიტომ საზოგადოება მოელოდა მიკერძოებულ ანტიქართულ დასკვნას საერთაშორისო ფაქტების გამომრკვევი კომისიისაგან, რომელიც შეიქმნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის ინიციატივით ქ-ნ ტალიავინის მეთაურობით. წინამდებარე წერილი მისიის მისამართზე გაიგზავნა დასკვნის გამოქვეყნებამდე. სამწუხაროდ, მოლოდინი გამართლდა: დასკვნა ტენდენციურია საქართველოს საზარალოდ, მაგრამ მასში მოყვანილი ფაქტები მაინც აჩენენ რუსეთს, როგორც აგრესორს.
ვაქვეყნებთ ქართულ თარგმანს.

თქვენო აღმატებულებავ,
თავის ანგარიშში “რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით” საქართველოს მთავრობამ გამოტოვა რამდენიმე არსებითი მნიშვნელობის გარემოება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია 2008 წლის ომის მიზეზთა და ფაქტორთა გაგებისათვისაც და მონაწილეთა მოქმედების შეფასებისათვისაც სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გარემოებებს უყურადღებოდ დატოვებს ქართველი ერი, საქართველოს საოგადოებრიობა და საქართველოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად ასახავენ საზოგადოებრივ აზრს და რომელთაც თავის მოვალეობად და უფლებად მიაჩნიათ, განსაზღვრონ თავისი დამოკიდებულება მისიის მუშაობისადმი, როცა მისი შედეგი წარმოდგენილი იქნება მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე.

გარემოებები, რომლებიც მხედველობაში გვაქვს, შემდეგია:

I. “სამხრეთ ოსეთი” წმინდად რუსული კრეატურაა და არა ბუნებრივი მოვლენა
რუსეთის აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოსი ეროვნების პირთა მასობრივი გამოყენებით არ დაწყებულა არც 2008 წლის აგვისტოში, არც 1989 წლის 31 დეკემბერს, როცა მოხდა პირველი გასროლა და მოიკლა 17 წლის ვეფხია თუთარაშვილი: იგი დაიწყო 1802 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსიიდან (1801) 10 თვის შემდეგ, როცა რუსული ადმინისტრაციის მეთაურმა საქართველოში, გენერალმა კნორინგმა შეთხზა გამოთქმა “სამხრეთ ოსეთი”, თუმცა მთლიანად საქართველოში ამ დროს ცხოვრობდა (სხვადასხვა ხეობებში მიმოფანტულად) სულ რამოდენიმე ასეული ოსი და არ არსებობდა არც ერთი დასახლებული პუნქტი (სოფელი, დაბა, თემი ან ქალაქი), რომელშიც ოსები უმრავლესობა იქნებოდნენ. კნორინგის ამ ნაბიჯის მიზეზი იყო ის, რომ ოსები იყვნენ ჩრდილო კავკასიის ერთადერთი ეთნოსი, რომელიც მხარს უჭერდა რუსებს ჩრდილო კავკასიის დაპყრობის პროცესში, ხოლო მიზანი იყო საქართველოს მიწაწყალზე, მაშასადამე, _ კავკასიონის სამხრეთით რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ოსური მოსახლეობისათვის მყარი პოზიციის, სახელდობრ, ოსური ანკლავის (ანკლავების) შექმნა მომავალში. ამის შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ პრაქტიკაში შემოიღო სახელის “ოსური” (ზედასართავის სახით) გამოყენება საქართველოს მცირე ადმინისტრაციული ერთეულების დასახელებებში, თუმცა არც ერთ მათგანში ოსები უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ (осетинский округ, осетинский участок და ა.შ. იხ.  В. Итонишвили, Южная Oсетия в Грузии  Сб. Осетинский вопрос, თბილისი, 1994, გვ. 22). ზედსართავს осетинский საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილების მიმართ ხშირად ხმარობენ რუსეთის საეკლესიო წრეებიც, მათ შორის “კავკასიაში მართლმადიდებლობის გავრცელების საზოგადოებაც”. ცნობილია, რომ საქართველოს პოლიტიკური, დემოგრაფიული და კულტურული დექართველიზაცია ამ საზოგადოების მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა, ისევე როგორც რუსული სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციისას (იხ. С. Лекишвили, Когда возник термин Южная  Осетия? კრ. Осетинский вопрос, თბ. 1994, გვ. 229-248).

რუსული საბჭოთა ოკუპაციის დროს შექმნილ “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს” (ცხინვალის, ჯავის, ზნაურისა და ახალგორის რაიონები) არა აქვს ისტორიული სახელწოდება, რადგან იგი არ არის და არც ოდესმე ყოფილა არც გეოგრაფიული, არც ეკონომიკური, არც სხვა რამ სახის ერთეული, არამედ ეს არის ზემოწელები რამდენიმე პარალელური მდინარის, კავკასიონიდან სამხრეთით მტკვრისკენ ჩამდინარს, ხეობებისა. ამ ხეობებს ერთმანეთისაგან ყოფს მაღალი ქედები, რომლებიც დღემდე დაბრკოლებას წარმოადგენენ მიმოსვლისათვის, რის გამოც მიმოსვლა ხეობებს შორის მუდამ წარმოებდა და დღესაც ძირითადად, წარმოებს ბარში ჩამოსვლით და შემდეგ მეორე ხეობის აყოლით.

მთელი ოსური მოსახლეობა საქართველოში არის დიასპორა. ოსები ჯავაში მოვიდნენ XVII საუკუნეში, რომელიც საქართველოსთვის ერთერთი ყველაზე დიდი ძნელბედობის საუკუნეა ინტენსიური თურქული და ირანული შემოსევების გამო. ოსების შემოსვლა საქართველოში ძირითადად მშვიდობიანი იყო, მაგრამ ზოგჯერ მას უსწრებდა ან ახლდა ქართველი მოსახლეობის ამოჟლეტა, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ჯავასა და თიღვში (იხ. Дж. Гвасалиа, Шида Картли и осетинская проблема, კრ. Осетинский вопрос, თბ. 1994, გვ. 80-81)

XIX ს-ის შუამდე ოსური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოში არ მომხდარა.
საქართველოს ოსი მოსახლეობის სწრაფი ზრდის პროცესი დაიწყო 1864 წლიდან, როცა საქართველოში მოხდა ყმა გლეხების გათავისუფლება. მემამულეებმა (რომელთა 100% ქართველი იყო) შეინარჩუნეს მიწები, მაგრამ მათ აღარ ჰყავდათ ამ მიწების დასამუშავებლად მუშა ძალა. ამიტომ მათ იწყეს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებიდან ოსი ოჯახების შემოყვანა ხიზნებად და თავის მამულებში დასახლება. ამ გზით შეიქმნა მნიშვნელოვანი ოსური მოსახლეობა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა უმრავლესობას იგი ვერსად ვერ მიუახლოვდა გარდა ჯავისა და მისი ვიწრო მიდამოებისა დიდი ლიახვის ხეობაში. მეორე დიდი ტალღა ოსური იმიგრაციისა, მაგრამ ამჯერად ხელოვნური, იწყება საბჭოთა პერიოდთან ერთად. იგი ერთერთი ნაწილია საქართველოს დექართველიზაციის პოლიტიკისა. 1989 წლის აღწერით საქართველოში იყო 164 ათასი ოსი. მათი ინტეგრირებულობის ხარისხი საქართველოს საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო (რაც განიზომება, მაგალითად, შერეული ქართულ-ოსური ოჯახების პროცენტით). მხოლოდ 65 ათასი სული ამ რიცხვიდან ცხოვრობდა ყოფილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” საზღვრებში, 30 ათას ავტოხთონურ ქართველ მოსახლეობასთან ერთად. ოსები არ არიან ავტოხთონურნი საქართველოს ტერიტორიის არც ერთ ნაწილში.
ოსური მოსახლეობა მთლიანად აგრარული იყო და მთლიანად მიწის საკუთრების არმქონე, რაც ქმნიდა აგრარულ მოტივზე დამყარებული დაპირისპირების ძლიერ მუხტს (XIX საუკუნის დამლევის რუსული აღწერებით საქართველოში არ ჩანს მიწის საკუთრების მქონე არც ერთი ოსი).

როცა რუსეთში და მის იმპერიაში დაიწყო რევოლუციებისა და სამოქალაქო ომების ხანა, რუსეთის ბოლშევიკებმა ქართველ ბოლშევიკებთან ერთად გამოიყენეს აგრარული დაპირისპირების ეს ფსიქოლოგიური მუხტი იმ პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, რომელიც მათთვის საქართველოში ყველაზე საძულველი იყო _ ქართული ეროვნული სულისკვეთების (მათი ტერმინოლოგიით _ ნაციონალიზმის) საწინააღმდეგოდ. 1919 წელს მათ მოაწყეს ცხინვალში და მის მიმდებარე ზონაში ოსების რამდენიმე აჯანყება იმ დროს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს (“საქართველოს დემოკატიული რესპუბლიკის”) წინააღმდეგ. ამ დროს ამ ზონაში ოსური მოსახლეობა კვლავ უმცირესობაში იყო. ქ. ცხინვალში სულ რამდენიმე ოსი ოჯახი ცხოვრობდა. აჯანყებას, რომელიც თავისი შინაარსით და ემოციური მუხტით აგრარული იყო (მისი მიზანი იყო მიწის მოპოვება საკუთრებაში), ორგანიზატორები პროპაგანდას უწევდნენ როგორც “ოსების ბრძოლას ქათველი მჩაგვრელების წინააღმდეგ”. აჯანყება დაიწყო ოსური ბოლშევიკური რაზმის თავდასხმით ქ. ცხინვალზე, მისი გაძარცვით და მისი მოსახლეობის მასობრივი ხოცვით. აჯანყება ჩაქრობილ იქნა ხელისუფლების მიერ.
რეალური ლოზუნგები (“მიწა იმას, ვინც მას ამუშავებს!” და ა.შ.). ამ გამოსვლებში მიჩქმალული იყო თითქოსდა ეროვნული მოტივების მაჩვენებელი ლოზუნგების სასარგებლოდ. ამ ბოლშევიკურმა აჯანყებებმა მოიცვა 1918-1920 წლები. ამ აჯანყებების დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთადერთი ნაწილი, რომელშიც ოსურმა იმიგრაციამ შექმნა ოსური უმრავლესობა (დვალეთი), მდებარეობს მამისონის უღელტეხილის ჩრდილოეთით. იგი რუსულმა ადმინისტრაციამ საქართველოს (“თბილისის გუბერნიას”) ჩამოაშორა და ჩრდილო კავკასიას დაუქვემდებარა ჯერ კიდევ XIX ს-ში, რის გამოც ეს მხარე ამის შემდეგ ჩვენს მიერ განსახილველ პროცესებში აღარ მონაწილეობს. იგი საქართველოს ნაწილი მას შემდეგ აღარ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოთქმაში “სამხრეთ ოსეთი” რუსული ადმინისტრაციის მიერ ნაგულისხმევი ტერიტორია არასოდეს არ კონკრეტდებოდა. იგულისხმებოდა საქართველოს ყველა ის ნაწილი, სადაც ოსები იყვნენ (რაგინდარა უმცირესობის სახით). იგივე განმეორდა 1919-1920 წლებში, როცა საქართველოში ბოლშევიკების მიერ “ოსეთის” შექმნის ოპერაცია ტარდებოდა. იმ ოსური “რაიონული” რევოლუციური კომიტეტების სია, რომლებიც ამ რაიონებში “ოსეთის” შექმნას ცდილობდნენ, ანუ მათგან “სამხრეთ ოსეთის” შექმნას, იყვნენ კობი-თრუსოს, კახეთის, გუჯარეთის და ქარელის რაიონებიც (იხ. А. Ментешашвили Осетинский сепаратизм в 1918-1920 годах, კრ. Осетинский вопрос,თბ. 1994, გვ. 282-283).

1920 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირობებში, საბჭოთა რუსეთის მმართველი პარტიის _ “რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (“ბოლშევიკების”) კავკასიის ბიურომ, რომელიც ქ. როსტოვში მდებარეობდა, მიიღო დადგენილება საქართვე¬ლოში “სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნის შესახებ. იმავე წელს იგივე დადგენილება გაიმეორა იმავე პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მოსკოვში, ანუ რუსეთმა განახორციელა ტოპონიმური და პოლიტიკური დივერსია (აგრესია) სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.

1921 წელს მოხდა საქართველოს ანექსია (დაპყრობის გზით) რუსეთის მიერ. ამ ანექსიიდან 14 თვის შემდეგ საქართველოს მარიონეტულმა საბჭოთა ხელისუფლებამ (“ცაკ”-მა) თავისი დადგენილებით ოფიციალურად შექმნა საქართველოში “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, რომელშიც შევიდა დაახლოებით 4,5 ათასი კვ.კმ. ტერიტორია. მოსახლეობა ამ ახალ ტერიტორიულ-პოლიტიკურ ერთეულში ისევ ძირითადად ქართული იყო, ქართული სოფლების რაოდენობაც აღემატებოდა ოსურისას. ქ. ცხინვალში, ძველებურადვე, ოსური ოჯახები თითქმის არ იყო. ხსენებული აქტით, ანუ საქართველოს ნაწილისათვის სახელის “ოსეთი” შეთხზვით და მისთვის ზედსართავის “სამხრეთი” დარქმევით (არავითარი “ჩრდილო” ოსეთი ამ დროს არ არსებობდა იურიდიულად) რუსეთმა შექმნა ილუზია, თითქოს ეს ტერიტორია მეზობელი ქვეყნის, რეალური ოსეთის, ამ დროს რუსეთში შემავალის, სამხრეთი ნაწილია, მაშასადამე, _ ოსი მოსახლეობის და კაცობრიობის წინაშე დააყენა ორი “ოსეთის” _ ერთი ნამდვილის (კავკაიონის ჩრდილოეთით) და მეორე ყალბის (კავკასიის სამხრეთით) _ გაერთიანების ამოცანა. თქმულიდან ჩანს “სამხრეთ ოსეთის” იურიდიული ხარისხი: იგი სავსებით უკანონო წარმონაქმნია.

“სამხრეთ ოსეთის აო”-ს შექმნის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ ამ ტერიტორიაზე კურსი აიღო მისი ყოველმხრივი, პირველ ყოვლისა _ დემოგრაფიული ოსიზაციისაკენ და დექართველიზაციისაკენ. ამ ტერიტორიაზე 1989 წლის აღწერით ოსებმა (ცოტა გაბერილი მონაცემებით) მოსახლეობის ორი მესამედი შეადგინეს (დანარჩენი ქართველია).

რუსეთის მიერ ორგანიზებული და შეიარაღებული სეპარატისტული ოსური მოძრაობა ცხინვალის რეგიონში შეიქმნა და ფართოდ გაიშალა 1987-1989 წლებიდან, როგორც პასუხი ქართულ ეროვნულ მოძრაობაზე სსრკ შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლისათვის. ამ მოძრაობის პროცესში მოხდა (მანამდე განადგურებული და დღეს აღარ არსებული სხვა სოფლების გარდა) კიდევ ორი ქართული სოფლის _ ცხინვალის ქალაქში ინკორპორირებული მამისაანთუბნისა და გუჯაბაურის _ მოსპობა. დღეს მოსპობილია (ეთნიკურად ქართველებისაგან “გაწმენდილია”) ყველა ქართული სოფელი ამ ტერიტორიაზე. 1988 წლიდან საქართველოს ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, ანუ მდინარეების ქსნის, ლეხურას, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს, ფცისა, ფაწასა და ჯეჯორის ზემოწელებში ოსური შეიარაღებული რაზმები, რუსების მიერ შეიარაღებულნი და რუსების მიერ გაწვრთნილნი, ანხორციელებდნენ და ანხორციელებენ ჟლეტას, ფაქტობრივად _ გენოციდს ქართველების მიმართ (ისეთი განსაკუთრებულად სასტიკი მკვლელობების ჩათვლით, როგორიცაა ვ.დათაშვილის გადახერხვა “დრუჟბით” და ასაკოვანი ბუზალაძის ქალის ცოცხლად დაწვა, აგრეთვე რვა ქართველი ახალგაზრდის ცოცხლად დაწვა ს. ოს-ფრისის ზემოთ). ეს მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების, სახელდობრ _ შვეულმფრენთა პოლკის და საინჟინრო პოლკის მფარველობის ქვეშ. ანტიქართული ეთნიკური წმენდის შედეგად, რომელიც განხორციელდა 90-იან წლებში, მოისპო ზნაურის რაიონის ყველა ქართული სოფელი და ქართველი მოსახლეობა ქ. ცხინვალში. ის ფაქტი, რომ კონფლიქტი პოლიტიკურია და არა ეთნიკური, დაადასტურა სამმხრივმა საპარლამენტთაშორისო კომისიამ (საქართველო, რსფსრ, სსრკ), რომლის დასკვნაში წერია: “Настоящий конфликт препятствует нормальному процессу восстановления государственной независимости Грузии согласно волеизъявлению ее граждан на референдуме 31.III 1991 года, связан с папиткой определенных сил нарушить территориальную целостность Грузии и имеет политическую основу” (31.V.1991).

“ქართველთა ჟლეტა ეთნიკურობის ნიშნით, ანუ გენოციდი და ეთნიკური წმენდა, კიდევ უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდა 2008 წლის აგვისტოში.
აღსანიშნავია, რომ მოვლენათა ამგვარი სამწუხარო განვითარება ნათლად არის ნაწინასწარმეტყველები პოლიტიკურ განცხადებაში, რომელიც გაკეთებულია საქართველოს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ 2008 წლამდე რამდენიმე წლით ადრე (2006). აქ ვკითხულობთ:
ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს აქვს ორი ასპექტი. ერთი (და გადამწყვეტი) არის ის, რომ რუსეთი იბრძვის ამიერკავკასიისათვის, კავკასიონის სამხრეთით საიმედო პლაცდარმის შექმნის მცდელობის სახით. მეორეა ის, რომ ოსი ეთნოსი იბრძვის მიწისათვის და დამატებითი ტერიტორიისათვის სა¬ქართველოს ხარჯზე.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ოსებში არიან ადამიანები, რომელთა ცნობიერებაში ქართველი ერის გენოციდის დიდი ისტორიული მეხსიერება ცოცხლობს. ოსური ლაშქრობის მიერ ჯავის გაუკაცრიელების ფაქტი (XVII ს.) ზემოთ უკვე ვახსენეთ. უახლესი ისტორიის ფაქტია ქართული სოფლების დარბევა, ჟლეტა, განადგურება და აყრა 1921 წლის თებერვლის შემდეგ, როცა საქართველო რუსეთის მიერ მეორედ იქნა ანექსირებული და მის ყველა მტერს, რუსეთის წინაშე უკვე დიდი დამსახურების მქონე ოსური რაზმების ჩათვლით, სამოქმედოდ ხელი გაეხსნა. არსებობს ამ დროს ცხინვალის მიმდებარე რამდენიმე ქართული სოფლის მაცხოვრებელთა კოლექტიური განცხადება გასაბჭოებული საქართველოს მთავრობის სახელზე, სადაც აღწერილია გენოციდის ეს პროცესი1 (ის სოფლები _ მონასტერი და კიდევ რამდენიმე სხვა  – მას შემდეგ მართლაც  აღარ არსებობენ, როგორც ქართული სოფლები. იქ ახლა მხოლოდ ოსები ცხოვრობენ). იგივე გენოციდი გრძელდება ახლაც… 40 ქართული სოფლიდან, რომელიც ძალადობით შეიყვანეს “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტით, დღეს თითქმის ნახევარი უკვე აღარ არსებობს. ეს გაბედა ოსურმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ავტონომიურ ოლქში, რომელიც პირწმინდად უკანონო იყო და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია დღემდე რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალის მასში დგომის გარეშე. ადვილი წარმოდსადგენია, რას გაბედავს იმავე ოსების ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მსოფლიოში დღეს ტრიუმფალური სვლით მავალი და¬სავლური დემოკრატიის სანქცია ტერიტორიის სამართავად! ჩვენ არ ვართ ისეთი პესიმისტები, რომ ქართველთა გენოციდის ზემოხსენებული ისტორიული ტენდენცია ყველა ოსს მივაწეროთ. ეს სულისკვეთება, მით უმეტეს _ მისი ქმედებაში რეალიზაციისათვის მზაობა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის, რა თქმა უნდა, ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტშია მოცემული მკაფიო სახით. მაგრამ ამ მცირე პროცენტში იგი არის. საკმარისია, მას შესაბამისი სოციალური და პოლიტიკური პირობები შეექმნას (მაგალითად, ოსების სასარგებლოდ ქართული ტერიტორიის მიტაცების “კეთილშობილური პატრიოტული ამოცანის” კონტექსტში), რათა ამ ინსტიქტმა სტიქიური ძალით იფეთქოს და უხვი ახალი მოსავალი მოიტანოს.

თქმულიდან ნათელია, რომ თვით ფაქტი საქართველოს მიწაწყალზე “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ტერიტორიულ-პოლიტიკური (მანამდე კი _ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული) ერთეულის არსებობისა არის ძალადობა საქართველოს სახელმწიფოსა და ერზე, რომელიც უშუალო ხიფათს უქმნის მის სახელმწიფოებრივ მთლიანობას, მის მოქალაქეთა ნორმალურ თანაცხოვრებას და საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას და რომელსაც არანაირი საფუძველი არა აქვს არც დემოგრაფიული თვალსაზრისით, არც ისტორიული და არც მორალური თვალსაზრისით. ქართველების რაოდენობა “ოსეთად” გამოცხადებულ ქართულ ტერიტორიაზე იყო 20 ათასი, ოსებისა _ 11 ათასი. აღსანიშნავია, რომ არც ჰუმანიტარული სამართალი, ანუ არც ეროვნული უმცირესობების დაცვის პრინციპი, რომელიც ამ სამართლის ნაწილია, არ ცნობს დიასპორის უფლებას, რომ მოითხოვოს მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტერიტორიული თვითგანსაზღვრა, ე.წ. “თვითგამორკვევა”, ანუ არ ცნობს ერთი ეთნოსის უფლებას, რომ საკუთარი ტერიტორიულ-პოლიტიკური თვითგანსაზღვრისათვის განკუთვნილი უპირატესი უფლებამოსილების სივრცე ჰქონდეს ორგან, ორ სახელმწიფოში. ასეთ უფლებას იგი ცნობს მხოლოდ ადგილობრივი უმცირესობისათვის, ანუ ისეთისათვის, რომელიც აქაურია და სხვაგან დედამიწაზე თავისი ეთნიკური ტერიტორია არ გააჩნია. ოსებს აქვთ თავისი სამშობლო _ ესაა ვრცელი გეოგრაფიული არეალი ვლადიკავკასის გარშემო, სადაც დღევანდელი ოსი ერი ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში ადგილობრივი ოსებისა და ალანების შერწყმით. საქართველოს ოსურ დიასპორას აქვს სრული უფლება, რომ იცხოვროს, მოახდინოს თვითდამკვიდრება და განვითარდეს, როგორც ინდივიდთა და ოჯახთა სიმრავლე, იმ უფლების ჩათვლით, რომ არ განიცადოს რაიმე დისკრიმინაცია და სამარადისოდ შეინახოს თავისი ეთნიკური ვინაობა. მაგრამ მას არა აქვს უფლება, რომ შექმნას საკუთარი პოლიტიკური ტერიტორიული ერთეული და, კერძოდ, მას თავისი ეთნიკური ჯგუფის სახელი უწოდოს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ როცა რუსეთის კომპარტიამ მიიღო თავისი  გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის” შექმნის შესახებ (1920) და მონურად მორჩილმა საქართველოს ხელისუფლებამ აღასრულა ეს გადაწყვეტილება თავისი დეკრეტით (1922), “ჩრდილოეთი ოსეთი” არ არსებობდა, ანუ მათ შექმნეს “სამხრეთ ოსეთი” მაშინ, როცა ნამდვილ ოსეთში სიტყვა “ოსეთი” არ იხმარებოდა! აღსანიშნავის, რომ 14 თვე საქართველოს ანექსიის დღიდან (25 II 1921) მასში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის დღემდე მოჰხმარდა დაჟინებულ “მუშაობას”, რათა შეძლებისდაგვარად დათრგუნულიყო ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ გეგმისადმი (იხ. А. Ментешашвили , ციტ. შრომა, გვ. 249-296). ამ აქტს წინ არ უსწრებდა არავითარი რეფერენდუმი და მის დროს არ არსებობდა არავითარი არჩეული ხელისუფლება, ანუ არ იყო დემოკრატიის არავითარი ნიშანი. საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც ცნობილი იყო მსოფლიოს მიერ ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ დე იურე, არავითარი “ოსეთის” არსებობა თავის მიწაწყალზე არ უცვნია. პირიქით, საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი ხაზს უსვამდა, რომ “არავითარი სამხრეთ ოსეთი საქართველოს საზღვრებში არ არსებობს” (იხ. მისი 1920 წლის 20 მაისის ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი (А. Ментешашвили, ციტ. შრომა, გვ. 289). საქართველოში “სამხრეთ-ოსეთად” წოდებული ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის შექმნა და დაცვა თავისთავად არის ამ ერთეულის ძალით შემქმნელის _ რუსეთის _ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომის ელემენტი, რომლის გაუქმებისათვის ბრძოლაც, ძალის გამოყენების ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფოს უფლებაცაა თავისი მოსახლეობისა და მსოფლიოს წინაშე და მოვალეობაცაა თავისი ქვეყნის მომავალი თაობების წინაშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს პირველმავე დემოკრატიულად არჩეულმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ _ საქართველოს უზენაესმა საბჭომ _ 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით გააუქმა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, რაც მის პირდაპირ მოვალეობას შეადგენდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გორბაჩოვმა 1991 წლის 3 მარტის ბრძანებულებით მოინდომა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ამ კანონის გაუქმება, მაგრამ მას ამის უფლებამოსილება უკვე აღარ ჰქონდა, რადგან საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებით საქართველო აღიარებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს დაპყრობილ და ფაქტობრივად ანექსირებულ ქვეყნად, ხოლო ამავე დადგენილების ამავე წლის 29 ივნისის დამატებებით ამ დადგენილებისათვის გაუქმებული იქნა ხსენებული დაპყრობისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ორგანოთათვის მინიჭებული უფლებამოსილებები საქართველოს შინაგანი ვითარების რეგულირების სფეროში, რომელთა შორის იყო, ბუნებრივია, საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს აქტების გაუქმების უფლებაც. ოსური აქტი (20 IX 1990) “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” გარდაქმნისა “რესპუბლიკად”, ისევე როგორც ამ აქტის მომყოლი “არჩევნები” ამ “რესპუბლიკის” “პარტლამენტისა” (9 XII 1990) და 1991 წლის იანვრის “რეფერენდუმი” ამ “რესპუბლიკის” დამოუკიდებლობაზე და რუსეთისადმი მის მიერთებაზე, უკანონოა, რამდენადაც ეწინააღმდეგება იმ დროს მოქმედ კონსტიტუციას, და ბათილია, რამდენადაც “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” მოსახლეობას, როგორც ასეთს, არ ჰქონდა საგარეო თვითგამორკვევის, ანუ სახელმწიფოსგან გამოყოფის უფლება  (იხ. Л. Матарадзе, Юридические аспекты грузинско-осетинского конфликта, კრ. Осетинский вопрос,თბ, 1994 გვ. 322-338). ამგვარად, “სამხრეთ ოსეთი” დღეს იურიდიულად არ არსებობს. არც ქართველს, არც უცხოელს არა აქვს უფლება ოფიციალურ სიტყვახმარებაში გამოიყენოს გამოთქმა “სამხრეთ ოსეთი”.
რუსეთმა საქართველოს კანონით არსებული ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის დამოუკიდებლობა ცნო.

II. სამწუხაროდ, ევროპული დიპლომატიის მოქმედება ცხინვალის რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით მოიცავს არაადექვატური მიდგომის შემთხვევებს. მხედველობაში გვაქვს პირველ ყოვლისა ეუთოს საქართველოს მისიის მიერ (თავმჯდომარეები ჯარმატი, უნგრეთი, შემდეგ ცვეტკოვი, უკრაინა, აიფი, გერმანია, ბოდენი, გერმანია) შემუშავებული “რეკომენდაციები” კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომლებიც გამართულია ოსებისადმი მიკერძოების და ქართული ინტერესებისადმი დაპირისპირების სულისკვეთებით. ეს რეკომენდაციები უხვად შეიცავენ ულოგიკობას, უპასუხისმგებლობას ფაქტების გადმოცემაში და პრინციპებისადმი შეუსაბამო პოლიტიკურ მიდგომებს, რის გამოც ეს ტექსტი ალბათ ერთერთი სამწუხაროა დიპლომატიური პრაქტიკისა და პოლიტიკური აზრის ისტორიაში მაგალითი მრავალია. დავიმოწმებთ ზოგს. ტექსტში ნათქვამია: “სიტუაციის შეფასებაში საყოველთაოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ეუთოს პრინციპების მოთხოვნაა, რომ  მხედველობაში მიღებულ იქნას ფაქტები, არა მათი წარმოშობის ისტორია”. ეს მანკიერი პრინციპია (რადგან იგი უგულებელყოფს ერისა, ქვეყნისა და ინდივიდის უფლებას, რომ ისტორიული მეხსიერება ჰქონდეს, და მათსავე უფლებასა და მოვალეობას, რომ არ დაუშვან კრიმინალური გზით მოპოვებულ უპირატესობათა გამოყენება) კერძოდ, “სამხრეთთ ოსეთად” წოდებული ერთეულის არსებობა უპირატესად ოსური მოსახლეობით (თუმცა ეს “ერთეული” შექმნილია უცხო ოკუპანტების მიერ და მხოლოდ 70 წლის ისტორია აქვს, რომლის არც ერთ საათს არ ჩაუვლია იქ უცხო, რუსული რეგულარული ჯარის დგომის გარეშე) მისიას საფუძველს აძლევს, ერთის მხრივ, დასკვნისთვის, რომ სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს ოსების საზარალოდ, მეორე მხრივ დასკვნისათვის, რომ იგივე უნდა შეიცვალოს მათ სასარგებლოდ. კიდევ მაგალითი. ტექსტშია: “კოლექტიურ დონეზე შეიარაღებულ კონფლიქტს სხვადასხვა შედეგები ჰქონდა ოსებისათვის და ქართველებისათვის. მეტისმეტად მრავალ ქართველ მონაწილეს ჰქონდა გრძნობა, რომ დრო მოვიდა, შეიცვალოს სამხრეთ ოსეთის დემოგრაფიული სტრუქტურა და “შესწორდეს ისტორია”. ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო უკანასკნელი და ყველაზე მხეცური შედეგი ოსების განდევნისა და განადგურებისა… ოსები ცხინვალში და მის გარშემო თავისი არსებობის გამო შიშში იყვნენ თვეების მანძილზე. ამიტომ ქართველებს ჰმართებთ დამარწმუნებლად იმოქმედონ, რათა დააჯერონ ოსები, რომ მათ საქართველოში მომავალი აქვთ”. ეს სიტყვები ცილისწამებაა ქართული მხარის მიმართ. ჯერ ერთი, ცხინვალი მთელი კონფლიქტის მანძილზე ღია იყო მოძრაობისათვის წუნარის (“ხეთაგუროვო”) და ჯავის მიმართულებით. მეორეც, არავის ქართველს არ გამოუთქვამს დემოგრაფიის შეცვლის სურვილი. ერთადერთი სურვილი, რომელიც ქართველებს ჰქონდათ და აქვთ, არის ის, რომ ვერ აღდგეს ყალბი სახელი “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც რუსებმა ამ ტერიტორიას მისცეს. ბრალდებებს, რომლებსაც რუსეთი აყენებს, დასაბუთება სჭირდება, რომელიც მისიას ვერ ექნება მათი სიყალბის გამო. ცხინვალის საარტილერიო დაშენა რუსული ფაბრიკაციაა. მიკერძოება ვლინდება მისიის მიერ ქართველთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტის უგულებელყოფაშიც (რუსული ხიშტების საფარ ქვეშ), ისევე, როგორც ქართული სოფლების _ ყველასი ზნაურის რაიონში და ორისა _ ცხინვალში) მოსპობის ფაქტისაში, ისევე როგორც ცხინვალელი ქართველი მოსახლეობის თითქმის სრული განადგურებისაში). ეს სამწუხარო შეცდომები მისიის მუშაობაში აღძრავს ეჭვს, ხომ არ თამაშობს ევროპელ დიპლომატთა პოზიციის განსაზღვრაში (იმ დროს მისიას მეთაურობდნენ ჯერ ელჩი აიფი, მერე ელჩი ბოდენი) ევროპელთა პოლიტიკურ აზროვნებაში არსებული რაიმე სპეციფიკური მომენტი, სახელდობრ, ის, რომ რუსეთის იმპერიის მშენებლობაში XVIII საუკუნიდან 1917 წლამდე არსებითი როლი ეკუთვნოდა ევროპელ, პირველ ყოვლისა _ გერმანულენოვან ბიუროკრატიას რუსეთში, რამაც მისიის პრორუსული პოზიცია განსაზღვრა.

III. სამწუხაროდ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს ეჭვისათვის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი საზოგადოების მიერ მიჩნეულ იქნენ რუსეთის მიერ მართულ მარიონეტებად, რომლებიც თავის პოლიტიკურ საქმიანობაში საქართველოს სათავეში ყოფნისას ხელმძღვანელობენ რუსეთის ნებით და არა საქართველოს ინტერესებით _ რომ, ფიგურალურად რომ ვთქვათ (რაც ქართულ პრესაში არაერთხელ დაბეჭდილა), სააკაშვილმა “გაისროლა მაშინ, როცა რუსმა უბრძანა, გაისროლა ის ჭურვი, რომელიც რუსმა უბრძანა, და იმ მიმართულებით, რომელიც რუსმა უბრძანა”. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შელახეს ჰუმანიტარული სამართლის, ან ომის წარმოების, ან სხვა რამ საყოველთაოდ მიღებული ნორმები, რითაც რუსეთმა მოინდომა საბაბის პოვნა შეტევისათვის, მეთოდოლოგიურად გონივრული იქნება, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში გამოძიებულ იქნას, ისინი თავის მოქმედებაში საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდნენ თუ რუსეთის ნებას ასრულებდნენ.

IV. გვინდა, მისიამ იცოდეს, რომ მშვიდობიანი დარეგულირების პრობლემის დაძლევა საქართველოს და მის ხალხს თავისუფალად შეუძლია. აქვე გვინდა გაგიფანტოთ (თუ გაქვთ) ეჭვი იმის თაობაზე, არებობს თუ არა საქართველოს საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში პოზიტიური გეგმა ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირებისა (რის წანამძღვარსაც და არსებით ნაწილსაც, ბუნებრვია, ქართველი და ოსი მოსახლეობის მშვიდობიანი და ორგანულად ინტეგრირებული თანაცხოვრების კვლავ აღდგენის ამოცანა წარმოადგენს). ასეთი გეგმა არსებობს და იგი საყოველთაოდ ცნობილია: არავითარი “ოსეთი”, როგორც ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული, საქართვლელოში არ არის და არ შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს რაღაცა სახის ტერიტორიული ავტონომია სხვა სახელით (იმის გამო, რომ აქ  კონკრეტული პრობლემის დარეგულირების საჭიროება არსებობს, რისთვისაც ადგილობრივი ადმინისტრირება უფრო მოხერხებულია, ვიდრე ცენტრალური), მაგრამ ეს არ შეადგენს, არც ერთ დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში მოქმედი არც ერთი ნორმით, სახელმწიფოს მოვალეობას. ცხინვალის რეგიონის, ანუ ყოფილი ე.წ. “სოაო”-ის ტერიტორიის ოსური მოსახლეობის სპეციფიკურად ოსური, ისევე როგორც ყველა სხვა, ინტერესების სამსახურისათვის,  ოსური მოსახლეობისათვის მთლიანობაში (ანუ დანარჩენ საქართველოში მაცხოვრებელი 100 000 სულისათვისაც (1989 წლის აღწერით) და ცხინვალის რეგიონში მოსახლე 60 ათასისათვისაც ერთობლივად), ამ ინტერესების დასაცავად ყველაზე მოხერხებული ფორმაა ე.წ. ფუნქციური ავტონომია, ანუ პრაქტიკა ოსების მიერ საკუთარი ოსური ორგანიზაციის (ორგანიზაციების) შექმნისა ოსური ინტერესების ლობირების მიზნით სახელმწიფოს მასშტაბით მთლიანად. ამ უკანასკნელ ფორმას, რომელიც სავსებით შეთავსებადია პირველთან (ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან) და ავსებს მას, ის უპირატესობაც აქვს, რომ იგი მოიცავს არა მხოლოდ კომპაქტურად მოსახლე ოსებს, არამედ გაბნეულად მოსახლეებსაც (ზემოხსენებული 100 000 სული სწორედ ასეთია). ბუნებრივია, რომ თვითორგანიზაციის ეს უკანასკნელი ფორმა რეკომენდირებულად და ყურადღების ღირსად ჩვენ მიგვაჩნია არა მხოლოდ ოსებისათვის, არამედ საქართველოს მაცხოვრებელი ნებისმიერი ეთნიკურობის მქონე სხვა მოქალაქეებისთვისაც, ქართველების ჩათვლით.

V. თქმულის შუქში ჩვენ გულმოდგინედ ვადევნებთ თვალს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რუსული საპროპაგანდო ომის განვითარების პერიპეტიებს (იგი წარმოებს 80-იანი წლების დამლევიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში “სეპარატიზმის” მის მიერვე ჩადებული ნელი მოქმედების ბომბები აამოქმედა, და იგი შეიცავს აუარებელ პირდაპირ სიყალბეს, როგორიცაა, მაგალითად, ეკრანზე ოსების მიერ დახოცილი ქართველების გამოჩენა, რომელთაც მოსახლეობა სახით ცნობს, და მათი გამოცხადება ქართველების მიერ დახოცილ ოსებად), შეუნელებელი ყურადღებით მოველით საერთაშორისო მისიის დასკვნას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რათა, შეცდომის შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ევროკავშირისა და მსოფლიოს ყურადღებას წარვუდგინოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის სამართლიანი ინტერესების დაცვას მძიმე საპროპაგანდოსა და იდეოლოგიურ ბრძოლაში, რომელიც რუსეთის იმპერიასთან გვაქვს.

სამწუხაროდ, კონკრეტულ შექმნილ ვითარებაში გაძლიერებული სიფხიზლისათვის საფუძველიც გვაქვს. ევროკავშირის შემადგენლობაში, სულ ცოტა, ერთი წევრია ბატონი ლუხთერჰანდტი, გერმანიის ერთერთი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ჩვენ მისი აქამომდელი ინტერნეტპუბლიკაციებით ვიცნობთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს სამართლიანი საქმის თანმიმდევარსა და აქტიურ მოწინააღმდეგეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ თავის პუბლიკაციებში (არ ვიცით, მიზანმიმართულად თუ უნებურად) ლოგიკური შეცდომების დამშვებს და, რაც მთავარია, არაკომპეტენტურს იმ ფაქტებზე მსჯელობაში (და ფაქტების კონსტატაციაში), რომელსაც თავისი რეკომენდაციებისა და შეფასებების წანამძღვრად იყენებს. მაგალითად, იგი მკითხველს სთავაზობს ასეთ სილოგიზმს: “სამხრეთ ოსეთს” დღეს საქართველო ვერ აკონტროლებს. მაგრამ იგი თავისთავს მართავს კოკოითის ხელით: ხალხი ცხოვრობს, წესრიგი დაცულია. მაშასადამე, მისი ცხოვრების მოშლა, მასზე თავდასხმა იგივეა, რაც ნებისმიერ სახელმწიფოზე თავდასხმა. ეს აგრესიაა, გაეროს და საერთაშორისო სამართლის წინაშე, და სასჯელს იმსახურებს”. ამ სილოგიზმის სიცრუე იმაშია, რომ ცხინვალის რეგიონში გაბატონებული მკვლელების ბანდა თვითონ ვერ მართავს ვერაფერს. მისი აბრის უკან რეალური აგრესორი _ რუსეთი მართავს.  არ იცის ექსპერტად მიჩნეულმა ბ-ნმა ლუხტერჰანდტმა ისიც, რომ სვანეთში (მას მხედველობაში აქვს, ალბათ, დალის ხეობა, რომელიც სვანეთის მხოლოდ ერთი მესამედი ნაწილია, და არა სვანეთი მთლიანად) სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციების შესუსტების არანაირი იურიდიული მცდელობა არ ყოფილა, მათ შორის არც დალის ხეობაში, წინააღმდეგ მისი სიტყვებისა საქართველოს ეთერში, არამედ იყო მხოლოდ ბ-ნ ემზარ კვიციანის და მისი რამდენიმე თანამოსაქმის იზოლაციის ოპერაცია, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჰბრალდებოდათ. სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ ჩვენი მსჯელობა ბ-ნ ლუხთერჰანდტის საქმიანობის შესახებ ერთგვარად გავაფართოვოთ თემატურად და განვაზოგადოთ. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს და რაც უნდ მოულოდნელი იყოს ჩვენთვის, საქართველოს საზოგადოებისათვის, ხდება, რომ ცენტრალურევროპული დიპლომატიის და მედიის გარკვეული ნაწილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ ნაბიჯს დგამს. ეუთოს საქართველოს მისიის ზემოხსენებული მკვეთრად ანტიქართული და ლოგიკურად გაუმართავი პოზიცია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის საკითხზე, ალბათ, ისტორიას შეჰრჩება, როგორც არაინფორმირებულობის, უსამართლო მიკერძოებისა და პრინციპთა უგულებელყოფის სამწუხარო მაგალითი. ამიტომ ვერ გავექცევით ვარაუდს, რომ, შესაძლებელია, დიპლომატებისა და მედიის ამ ნაწილის ხსენებული პოზიცია აიხსნება იმ მოტივით, რომ დღეს მეტ-ნაკლებად ფართო სპექტრი ცენტრალური ევროპის საზოგადოებრიობისა სასურველად თვლის მსოფლიოს ამ ნაწილის ინტელექტისა და რუსული რესურსების იმ ორასწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის აღდგენას, რომელიც რუსეთში პეტრე პირველის მეფობის დროიდან ნიკოლოზ მეორის დამხობამდე ნაყოფიერად იღწვოდა რუსული იმპერიის მშენებლობისათვის რუსეთის ევროპულენოვანი განშტოებული და კვალიფიციური ბიუროკრატიის სახით, რათა შეიქმნას ახალი ეკონომიკური (და არა მხოლოდ ეკონომიკური) კომპლექსი ამ ქვეყნებისა რუსეთთან, რომელიც ჯანსაღი და თავისუფალი მეტოქეობისუნარიანი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ძალასთან ან ძალთა კავშირთან. გვინდა შეგახსენოთ, რომ, რაც უნდ პერსპექტიული, ჰუმანური და მსოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისით მართებული იყოს ეს გეგმა, იგი პრაქტიკის დარეგულირების გეგმაა, რაც ურთიერთკომპრომისებსა და ტაქტიკურ სვლებს უშვებს, და პრინციპულად განსხვავებულია თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კომისიის ამოცანა. იგი მდგომარეობს მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენაში, რაც არა პრაქტიკულსა და ბალანსის მაძიებელ, არამედ მხოლოდ აბსოლუტურად უკომპრომისოსა და პრინციპების რიგორისტულად დამცველ მიდგომას გულისხმობს. ფიატ ჯუსტიტია, პერეატ მუნდუს.

თუ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი მისიის მუშაობა მაინც ორიენტირებული იქნება რეალურ ძალთა ბალანსისა და სტაბილობის პრაგმატულ ინტერესებზე, მაშინ ჩვენი რჩევაა, მან გაითვალისწინოს შემდეგიც: იმ შემთხვევაში, თუ პრეცედენტად დაკანონდება, რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე დემოგრაფიული პროცესების დინამიკა (ანუ რომელმა ეთნიკურმა ჯგუფმა მიაღწია უმრავლესობას და რომელი ჩამორჩა გამრავლებაში) განსაზღვრავდეს ამ ტერიტორიის იურიდიულსა და პოლიტიკურ სტატუსს, ამით შეიქმნება სტიმული ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისათვის ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე _ ცდუნებაც ეთნიკური წმენდისათვის და მისი მთავარი იარაღისათვის _ გენოციდისათვის _ მთელ მსოფლიოში (შეგახსებნებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე “ოსეთის” შექმნისათვის არანაირი საპატიო მოტივი გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ოსი მოსახლეობის ხელოვნური უმრავლესობაა შექმნილი, არ არსებობს).
ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტთა გამრკვევი მისია თავისი დასკვნის გამოტანის პროცესში ვერ ასცდება შემდეგი კითხვების ცალსახა, გარკვეულ და დასაბუთებულ პასუხს:

1. არის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე არაქართული ეთნოსისათვის, რომელსაც საქართველოს გარეთ თავისი სახელობის ეთნიკური ტერიტორია აქვს და რომელიც მთლიანად დიასპორაა, ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის შექმნა და ამ ერთეულისათვის ამ არაქართული ეთნოსის სახელის დარქმევა საქართვლოს სახელმწიფორივი და ეროვნული ინტერესების ძალადობით შელახვა ანუ აგრესია, ხოლო ამ ვითარების ძალადობითვე გაგრძელება _ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელება? ხოლო თუ არის, მაშინ რა ლეგალური ან არა ლეგალური, მაგრამ მორალურად იმპერატიული შეზღუდვები ეგულება მისიას საქართველოს სახელმწიფოს საპასუხო მოქმედებისათვის ამ მიმდინარე ქართულ-რუსული ომის მოსაგებად და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ამ აგრესიის აღსაკვეთად?

2. არის თუ არა 4500 კვ. კილომეტრის ტერიტორიაზე ოცდაათზე მეტი ქართული სოფლის ძალის გამოყენებით გაქრობა რამდენიმე წლის მანძილზე ეთნიკური წმენდა მისი ყველაზე რადიკალური მეთოდის _ გენოციდის გამოყენებით? თუ არის, მაშინ თვლის თუ არ თვლის (და თუ არ თვლის, რა არგუმენტით არ თვლის) მისია ამ ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში დამნაშავედ რუსეთს, რომლის რეგულარული შეიარაღებული ძალების ამ რეგიონში დგომის გარეშე მასში არც ერთი საათი დღემდე არ უარსებია “სამხრეთ ოსეთს”?

3. ცნობილია თუ არა კომისიისთვის რუსეთის დიქტატორის პუტინის ტელეეკრანზე გაჟღერებული სიტყვები, რომ რუსეთმა უნდა “დასაჯოს” საქართველო, ანუ პუტინის ღიად გამოთქმული პოზიცია, რომლითაც იგი რუსეთს აკუთვნებს ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე მეზობელი ქვეყნის “დასჯის” (და არა მისი უჯერო ან სახიფათო ქმედებებისაგან ამა და ამ სუბიექტის დაცვის) ფუნქციასა და უფლებას?

4. მიაჩნია თუ არა მისიას, რომ არსებობს რაღაცა კონკრეტული პირობები, რომელშიც შესაძლებელი ან, მით უმეტეს, სასურველი და გამართლებული ხდება გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დემოგრაფიული და პოლიტიკური შედეგების დაკანონება? თუ მიაჩნია, მაშინ რომელია ეს პირობები და რომელია (თუკი არსებობს) ჩატარებული გენოციდის პატიებისათვის განკუთვნილი ხანდაზმულობის ვადა?

 

პატივისცემით და მისიის პრინციპული კეთილსინდისიერების იმედით
საქართველოს სახალხო ფრონტი   ნ. ნათაძე  (თავმჯდომარე)

სამხედრო ფორმირება “იმედის” ვეტერანთა კავშირი “იმედი”
თადარიგის პოლკოვნიკი  დ. ხომასურიძე, მეთაური

საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია  
 პ. ნაზარიშვილი,   თავმჯდომარის მოადგილე

26.IX.2009

 “საქართველო”

დატოვე კომენტარი