Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● წანარნი

წანარნი

 

ყაზბეგის რაიონი ისტორიულად ცნობილია ხევის სახელწოდებით, ხოლო ადრინდელ შუა საუკუნეებში მოიხსენებოდა როგორც წანარეთი.

ანტიკური, ქართული, სომხური და არაბული წყაროების მონაცემების მიხედვით, წანართა ტომის სამოსახლო ადგილად ცენტრალური კავკასიონი, დარიალის ხეობის რაიონია საგულვებელი. აქედან (ე.ი. საკუთრივ წანარეთიდან) ეს მთიელი წანარები უტევენ ბარს, სამხრეთს და იქვემდებარებენ მას.

„რანთა და კახთა სამეფოს“ შემადგენლობაში შემავალი ეთნიკურ ჯგუფებს შორის წანარებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირათ. უფრო მეტიც, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღიარებული ზოგიერთი ავტორის მიერ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში თვით კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება წანართა მოთავეობით ხდება და, ამასთანავე, წანარების მიერ არაბებთან წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად იმავე ხანებში უნდა განთავისუფლებულიყო იგი ამ უკანასკნელთა უღლისაგან. და რადგანაც „რანთა და კახთა სამეფოს“ ჩამოყალიბების საწყის ეტაპს სწორედ წანარებს და მათ ჰეგემონობას უკავშირებენ, ბუნებრივია, წანართა ეთნიკური ვინაობის გარკვევა ერთ-ერთი უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხი ხდება ქართულ ისტორიოგრაფიაში.

ეთნონიმ „წანარის“ (სანარი) ყველაზე ადრეულ მოხსენიებას ვხვდებით პტოლემაოსის ” გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“, სადაც ძალზე მოკლედ და ლაკონურად აღნიშნულია, რომ . . . ალბანის იქით – სანარები ცხოვრობენო. ამ უძველესი ცნობიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ წანარები II საუკუნეში კავკასიონის მთიანეთში სახლობენ.

„ მოქცევაი ქართლისაი“-ს ერთ-ერთ ცნობაში, რომელიც VI საუკუნის 30-40-იან წლებს უნდა ეხებოდეს, მოხსენებულია „ წანარეთის ხევი“: „და ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლსა შინა, სპარსნი გაძლიერდეს და ერეთი და სომხეთი დაიპყრეს, ხოლო ქართლი უმეტესად დაიპყრეს და კავკასიანთა შევიდეს და კარნი ოვსეთისანი აიგეს, და ერთი პარჭუანს დურძუკეთისასა, და იგი მთიულნი გომარდად დაადგინნეს, და სხუაი ვინმე კაცი დაიდგინეს მთავრად წანარეთისა ფევსა და მორჩილებაი დასდვეს მისი“ როგორც ვხედავთ, აქ ეს ტოპონიმი ისეთ კონტექსტშია მოცემული, რომ შესაძლებელი ხდება, პტოლემაიოსთან შედარებით, უფრო დაზუსტდეს წანართა სამოსახლოს არე. კერძოდ, როგორც ეს ს. ჯანაშიამ დაასაბუთა, აქ ცენტრალური კავკასიონი უნდა იგულისხმებოდეს: დარიალანი, ლიახვ-არდონის წყალთგასაყარი ქედის ზეკარი და ფშავ-ხევსურეთიდან ჩაჩან-ქისტეთში მიმავალი გზა.

შემდეგი წყარო, რომელშიც ეთნონიმი „ წანარი“ გვაქვს დადასტურებული, არის VII საუკუნის სომხური ანონიმური გეოგრაფია. აქ წანართა ტომი წანარ-(ქ)-ის ფორმითაა მოხსენებული. ანონიმი ავტორი ამბობს: „იმავე მთასთან (კავკასიის მთასთან) ბინადრობენ რაჭველები, დვალები. . . ოსები, წანარები სადაც მდებარეობს ალანთა კარი და მეორე კარი, რომელიც წელქანად იწოდება იმავე სახელწოდების ტომის (შესაბამისად). შემდეგ არიან თუშები, ხუნძები. . . ქისტები, შემდეგ ცხავატელნი, გუდამაყარელნი, დურძუკნი, დიდოელნი, ლეკნი“. აღნიშნულ ძეგლში წანარები ალანების, დვალების, თუშებისა და დიდოელთა გეოგრაფიულ გარემოცვაში არიან მოქცეულნი. მოტანილი ნაწყვეტიდან აგრეთვე ირკვევა, რომ წანარები სხვა მეზობელი ტომებისაგან გამოირჩევიან, როგორც თერგისა და არაგვის ხეობაში გაბატონებული ტომი, რომელიც ფლობს ალანთა (ანუ დარიალის) კარს და აგრეთვე ე.წ. წელქანის კარს, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი წილკანის კარად კითხულობს. ქართულ საისტორიო წყაროებსა („მოქცევაი ქართლისაი) და სომხურ ანონიმურ გეოგრაფიაში შემონახული ცნობების შესწავლის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ „წანარებს არაგვის ხეობაში ჰქონდათ მკვიდრობა და თითქოს ამ ხეობის მცხოვრებთა საზოგადოება სახელადაც გამოდის, მაგრამ ჩვენი ძველი მატიანე (იგულისხმება „მოქცევაი ქართლისაი“) ამტკიცებს, რომ წანართა ქვეყანა არაგვის ხეობის ერთი კუთხეთაგანი იყო და მათის მკვიდრობის ადგილს „წანარეთისა ფევი“ რქმევია; იქნებ წანარეთის ფევი იმ ადგილს ეწოდებოდა, სადაც წილკანის კარი იყო“? VII საუკუნის „სომხური გეოგრაფიის“ უკანასკნელ, ს.ტ. ერემიანისეულ გამოცემაში წანარები განსახლებულნი არიან კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში, ყაზბეგის რაიონისა და მდ. თერგის ზემო დინების აუზში. ს.ტ. ერემიანი მათ ტერიტორიას დაახლოებით 945 კვ.კმ.- ით განსაზღვრავს.

VII საუკუნის სომხური ანონიმური გეოგრაფია, რომელიც ასახავს IV-VII საუკუნეების ვითარებას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ წანარებს ახსენებს.

სომხურ ანონიმურ გეოგრაფიაში, იქ სადაც წანარების შესახებაა საუბარი ნათქვამია: „წანარნი რომელთაც უჭირავთ ალანთა კარი და წექანის (წილკანის) კარი“.

ყველა მკვლევარისათვის, რომელნიც კი შეხებიან წანარების განსახლების საკითხს, ამოსავალს ანონიმური გეოგრაფიის ეს ადგილი წარმოადგენს. აქ დაცული ერთ-ერთი ორიენტირი- ალანთა კარი მკვლევართა ერთსულოვანი აზრით დარიალთანაა გაიგივებული და ამდენად შედარებით მარტივად დგინდება წანართა განსახლების ჩრდილოეთი მიჯნა.

რაც შეეხება მეორე ორიენტირს – „წექან დურნ“-ს (რომელშიც ასევე ერთსულოვნად „წილქანის კარებს“ კითხულობენ.) მისი სხვადასხვა ადგილას ლოკალიზაცია ასრულებს წანართა მოსახლეობის სამხრეთი საზღვრის საკითხს.

ივანე ჯავახიშვილი წერს, მთიულებადვე ითვლებოდნენ აგრეთვე „წანართა“. ქართული საისტორიო წყაროებითგან ჩანს, რომ „წანართა“ არაგვის ხეობის მცხოვრებნი იყვნენ.

სომხური უსახელო გეოგრაფიაც ამას ამტკიცებს, იგი ამბობს: „წანარნი, რომელთა ქვეყანა არის კარი ალანთა (= დარიალანი) და წილკანის კარი (წექანდურნ> წილკანდურნ“).

არაბ ისტორიკოსს მასვუდისაც ჰყავს მოხსენებული წანარნი და იგიც ადასტურებს ზემოთ მოყვანილ ცნობებს. „ამ ქვეყანასა (ქართლსჯოზან) და ალანთა ციხეს (= დარიალანს) შორის ქრისტიანე ტომის წანართა ქვეყანა არის, რომელთა მთავრები <<ქორისკობოს>>-ად იწოდებიან; მათს ეხლანდელს მთავარს სენეჰერები ჰქვიან“-ო.

ს. კაკაბაძემ წანარები ძირითადად თერგის ხეობაში – ხევში მოათავსა, მაგრამ რადგანაც წილკნის კარები წილკნელთა და ჭართალელთა საზღვარზე (ფარანაურის სამხრეთით) ივარაუდა, ამდენად მათი მოსახლეობა არაგვზეც დაუშვა. ს. ერემიანი ჩანს იზიარებს  ს. კაკაბაძის აზრს და წყაროებზე მიუთითებლად წილკანის კარს მთიულთკარის ადგილას ათავსებს.

წილკნის თემი მოხსენებულია უძველეს ქართულ მატეანეში „მოქცევაი ქართლისაი“, ქართლის მთიანეთის უძველეს გაქრისტიანებასთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ „მოქცევაი„-ის ცნობა წილკანელთა გაქრისტიანების შესახებ ეხება არა მუხრანის ველის წილკნელებს, არამედ მთიელ წილკნელებს. „მოქცევაი ქართლისაი“-ის და ლეონტი მროველის თხზულებიდან ჩანს, რომ წობენში მოსაქცევად მოუწოდებენ მთიელებს. წობენი, სადაც მოსაქცევად მოიხმეს მთიელნი მდებარეობს არაგვის მარცხენა

ნაპირზე, მის მთიან ნაწილში, დაახლოებით დუშეთის ჰორიზონტზე, ასეთ ადგილას მცხეთასთან ახლოს მყოფ ბარელ წილკნელთა მოხმობა ლოგიკურად გაუმართლებელია.

მთელი წილკნელები ერთ შემთხვევაში მოხსენებელია ფხოველებთან „მოქცევაის შატბერდული ნუსხა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი გუდამაყრელებთან მეზობლობაში.

გუდამაყრის გეოგრაფიული მდებარეობა დღეს კარგადაა ცნობილი, ხოლო ძველი ფხოვი დღევანდელ ფშავ-ხევსურებთანაა გაიგივებული. მაშასადამე, მთის წილკნის თემი უნდა მოთავსდეს სადღაც გუდამაყარსა და ჭართალს შორის. მაგრამ ჭართალს ჩრდილოეთით, როგორც ჩვენ დავადგინეთ, ესაზღვრებოდა ცხავატის თემი, რომელსაც, ეჭირა თეთრი არაგვის ორივე ნაპირი ქვეშეთამდე. მაშასადამე, ადრეფეოდალური ხანის დასაწყისში წილკნელთა განახლება ივარაუდება თეთრი არაგვის მარცხენა ნაპირზე, ქვეშეთის ჩრდილოეთით, შემდგომდროინდელი ხადის თემის ადგილას და შესაძლოა ღუდას მიდამოებში.

ხადის სოფელ იუხოს მცხოვრებლების გ. მძელურისა და ივ. ირიულის ცნობით, ხადას ძველად წილკანი რქმევია.

დასაშვებად მიგვაჩნია „წილკანის“ ეტიმოლოგიური კავშირი „წინკართან“. ეს კავშირი ასე წარმოგვიდგება: წინკარი>წინკანი>წილკანი. პირველ საფეხურზე ადგილი აქვს მეტათეზისს (რ და ნ ადგილმონაცვლეობას), ხოლო მეორე საფუძველზე დისიმილაციას.

საინტერესოა, რომ სამუხრანოს სოფელი წილკანი 1745 ელის საბუთში მოხსენიებულია, როგორც „წირკანი“. ჩვენი აზრით, გვიანდელი ხადის მიდამოებში წილკნის თემის არსებობის გათვალისწინებით, სომხური გეოგრაფიის „წილკნის კარები“ უნდა მოთავსდეს ჯვრის უღელტეხილის (ჯვართა ყელის) მიდამოებში. მაშინ გასაგები გახდება გეოგრაფიის

ცნობა, რომ „წანარებთან არის ალანთა და წილკნის კარები“.

ხანდახან ხევში შემდეგი გზები გადადიოდა:

1. წკერე-ქუდოსძირის კუდები-ღუნჭიანის კუდები-ართხმო-სნო-სტეფანწმინდა;

2. წკერე-მილიონა-კობი-სტეფანწმინდა;

3. წკერე-მიღურე-მთა მირურეს ყელი-საკოხე მთა-გუდაური-ჯვართავაკე-ჯვართაყელი-კობი-სტეფანწმინდა;

4. ქვეშეთი-დიდველი-კაიშაურთკარი-ქუმლისციხე-გუდაური-ჯვართავაკე-ჯვართაყელი-კობი-სტეფანწმინდა. წვერიდან მილიონზე გამავალი გზა იყო უმოკლესი და ამასთან ურთულესი. მოსახლეობა მას ცხვრის გზას უწოდებენ. მისი ცხენით გავლა ძლიერ საშიშია. გზა მოქმედებს მხოლოდ ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე.

როგორც ავღნიშნეთ, ხანდახან ხევში რამდენიმე გზა გადადიოდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოხერხებული იყო და რჩება ჯვრის უღელტეხილზე („ჯვართაყელზე“) გამავალი გზა. ეს უღელტეხილი და გზა უძველესი დროიდან მოქმედებს.

ამ გზით გადადის გიორგი ბრწყინვალე ხევში. მის „ძეგლის დადებაში“ პირველად გვხდება სახელწოდება „ჯვართა ყელი“. უღელტეხილის სახელწოდებად, ერთ შემთხვევაში იხმარება „ჯვართა ყელი“, ხოლო მეორე შემთხვევაში წინკარი.

ზემოთქმულის გამო გვგონია, რომ „წილკანის კარები“ (წინკარი) უნდა მოთავსდეს ჯვრის უღელტეხილის მიდამოებში.

ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტომი-II, 1965წ, გვ:45. ამ წიგნში აღნიშნავს: „ძველს მწერლობაში შემდეგი ცნობები მოიპოვება;- არაგვის ხეობით დავიწყებთ, ჩრდილოეთითგან და ისე ჩამოვყვებით ქვემოთ. უკიდურესი ჩრდილოეთი ადგილი არის „სტეფანე წმიდაი არაგუსა ზედა“ (მქ ცი ქი, Опись. II, 726-727), ერქვა. უძველესი ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ „გარბანელნი მოაქცივნა ვარაზ-ბაკურ აპაი-პატრიკიოზმან.

სომხურ საისტორიო მწერლობაში წანართა შესახებ საინტერესო ცნობები გვხდება მომდევნო ხანაშიაც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია თომა არწრუნის (IX-X სს.) თხზულება „არწრუნთა სახლის ისტორია,“ რომელშიაც წანარებს ცალკე თავი აქვთ დათმობილი – „წანართა თავგადასავლის შესახებ“. თომა არწუნის ცნობით, წანარები

ცხოვრობენ ჩრდილოეთის მხარეში, „ქვეყანაში, რომელსაც წანაკი ეწოდება. ისინი დამკვიდრებულნი არიან მთის სიმაგრეებში, უზრუნველად და მშვიდად გარეშე მტრების (საფრთხისაგან). სამეფო ხარკი და გადასახადი მათვე რჩებათ, მხოლოდ თავიანთი სურვილისამებრ თავის გამგებლად ერთ კაცს აყენებენ. ისინი შეთანხმებითა და ერთსულოვნად ცხოვრობენ ურთიერთ შორის. ტომი ტომთანაა დამკვიდრებული ერთმანეთისაგან მოშორებით. მათ ახლოს არის კავკასიის მთა, სადაც დამკვიდრებულნი არიან ტომები, რომლებიც ენების მიხედვით განიყოფებიან 72-ტომად და ცხოვრობენ წინამძღოლის გარეშე.

წანარნი მოხსენიებულნი არიან იოანე დრასხანაკერტელის (IX-X სს.) „სომხეთის ისტორიაში“. ერთი ცნობის თანახმად, სუმბათმა დაიმორჩილა გუგარელნი და წანარნი ალანთა კარამდის და მათი მცველი კარის სიმაგრე თავად აიღო.

მეორე ცნობაში იოანე დრასხაკერტელი ლაპარაკობს რა „ წანართა დიდ ქორეპისკოპოსზე“, იქვე აღნიშნავს, რომ იგი „ალანთა კარის ახლოს გუგარეთის ნაწილს ფლობდა“.

XIII საუკუნის სომხური ავტორის ვარდან დიდის მიხედვით, წანართა ტომის პირვანდელი ადგილსაცხოვრისი კავკასიის მთის ძირას მდებარეობდა და მათ ქვეყანას წანარქი ანუ წანარეთი ეწოდებოდა.

ამრიგად, ზემოთ განხილული სომხური წყაროების შესწავლის და მათი ერთმანეთთან შეჯერების შედეგად ირკვევა, რომ წანარების ქვეყანა ძირითადად ალანთა (დარიალის) კარის მიდამოებში ლოკალიზდება. რაც შეეხება ცნობას წანართა მიერ წილკნის ანუ წელქანის კარის მფლობელობის შესახებ, იგი VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის გარდა სხვა სომხურ წყაროებში არ მოიპოვება.

ეთნონიმ „წანარს“ კარგად იცნობენ არაბი ავტორებიც. ამჯერად აქ მოვიყვან მხოლოდ X საუკუნის ერთ-ერთი არაბი ავტორის მასუდის ცნობას.

ვ. ფ. მინორსკი მასუდის ცნობას წანარების შესახებ ასე თარგმნის: „სასაზღვრო ციხე-სიმაგრე ტფილისსა და უკვე ზემოთხსენებულ ციხე-სიმაგრე ალანთა კარს შორის მდებარეობს წანართა სამეფო, რომლის მეფესაც ეწოდება ქორისქუსი. . . ისინი ქრისტიანები არიან, მაგრამ პრეტენზია აქვთ, რომ თავიანთი თავი წარმოშობით არაბებს დაუკავშირონ. . .

ამ ქვეყანაში ისინი (ე.ი. წანარები) ბატონობენ მრავალ ადგილობრივ ხალხებზე. წანარეთის სამეფოს იქით მდებარეობს შაქი“. . . როგორც ვხედავთ მასუდის თხზულებაში, შედარებით ჩვენს მიერ ზემოთმოტანილ ანტიკურ, ქართულ და სომხურ წყაროებთან, დაცულია ზოგიერთი ახალი ცნობა, რომელიც ძირითადად წანართა ლოკალიზაციის საკითხს შეეხება.

X საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება აგრეთვე ბიზანტიელი მწერლის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობა წანართა ქვეყნის შესახებ. კონსტანტინე პორფიროგენეტი თავის შრომაში აგვიწერს სამეფო კარზე სხვადასხვა შემთხვევების დროს მიღებულ წესებს. კერძოდ, აქ საუბარია, თუ როგორი ფორმით და რა ტიტულით მიმართავდნენ ბიზანტიის კეისრები უცხო სახელმწიფოთა მეთაურებს და აი, ამიერკავკასიის სხვა პოლიტიკურ ერთეულთა შორის კონსტანტინე პორფიროგენეტი ასახელებს „ წანარის ერისთავსაც“ ასეთ კონტექსტში:

„ალბანიის ერისთავს; კედონიის ერისთავს; წანარიის ერისთავებს; ერისთავს სირვანისას, რომელიც მდებარეობს ალანიასა და წანარწიას შუა. კონსტანტინე პორფიროგენეტის ამ ცნობიდან გამომდინარე მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ წანარია ალანთა ქვეყნის მახლობლად მდებარეობდა.

ქართულ საისტორიო წყაროთაგან წანარების ადგილსამყოფელის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი განსაზღვრა მოცემული აქვს „ მოქცევაი ქართლისაი“-ს ქრონიკის ავტორს, რომელიც წანართა საცხოვრებელ ადგილად „წანარეთის ხევს“ ასახელებს. აღნიშნულ ცნობას ყურადღება მიაქცია აგრეთვე ს. კაკაბაძემ. მას „მოქცევაი ქართლისაი“-ს „წანარეთის ხევის“ ერთგვარ გადმონაშთად მიაჩნია გვიანდელი ხანის ქართულ საისტორიო წყაროებში მოხსენებული „ხევი“. იგი წერს: „ В XIII в. Бывшая область расселения цанаров в верховьях Терека до Дарьял носит уже груз. Название ხევი удержанное по сей день.“

ზემოთ მოტანილ მოსაზრებას „მოქცევაი ქართლისაი“-ს „წანარეთის ხევისა“ და შემდეგდროინდელ წყაროებში მოხსენებული „ხევის“ იდენტურობის შესახებ, ჩვენი აზრით, სავსებით რეალური საფუძველი გააჩნია. საკმარისია, ყურადღებით განვიხილოთ გვიანდელი ხანის ქართული ისტორიული ძეგლების ცნობები „ხევის“ ადგილმდებარეობის შესახებ, რომ დავრწმუნდეთ მათ სრულ ურთიერთშესატყვისობაში.

ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: „ . . . შევიდეს გზასა ხუარაზმის ხევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ხევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალი იყო. ჩავლო ხუტულბულა, და განვიდეს ხადას, და გარდვიდეს ხევსა.“ იგივე „ხევი“მოხსენიებულია ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში (პირველი ტექსტი)“: „რამეთუ მაშინ ის ქალი არაშას ციხეში ჰყავდათ, რომელ არს ციხე ხევისა“. უფრო ნათელი და ზუსტი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ „ხევის“ (წანარეთის ხევი) ადგილმდებარეობაზე, მივმართოთ ვახუშტი ბაგრატიონს: „ ხოლო გუდამაყარის – ხევის შესართავს ზეით, დასავლეთ- ჩრდილოს შუა, არს მთიულეთი. . . ხოლო მთიულეთის ჩრდილოეთ არს ხევი. გარდავალს გზა ხევს, ადის დასავლეთიდამ, კავკასსა ზედა. . . მდინარესა ხევისასა ეწოდების არაგვე ჩერქეზამდე და მუნ ლომეკის მდინარე ძუელადვე, და აწ უწოდებენ თერგსა;  გამოსდის ქურთაულისა, ზახისა და მაღრან-დვალეთისა შუათს, აღმოსავლეთიდამ, კავკასიის მხრიდან, დის აღმოსავლეთად ჩასავალამდე“. მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვახუშტის მიხედვით „ხევი“ შეცვლილი სახელია. იგი წერს: „ არამედ ხევი, რომელი აღვსწერთ ქართლისა ზედა, არს დუალეთისავე, გარნა ვინაითგან მტკიცედ დაიპყრეს მეფეთა ქართლისათა, იგი უწოდეს შეცვლილითა სახელითა ხევად, ვინაითგან არს ხევი შუენიერი“.

ვახუშტის სიტყვები – „ უწოდეს შეცვლილითა სახელითა ხევად“, ბუნებრივია, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ „ხევს“ ადრე სხვა სახელწოდება ჰქონია. ეს სხვა სახელწოდება კი უნდა ყოფილიყო „ წანართის ხევი“.

ამრიგად, ზემოთ მოტანილი წერილობითი წყაროების შესწავლისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე ნათლად იკვეთება ის არეალი, სადაც „წანარეთის ხევი“ და აქედან გამომდინარე თვით წანარები უნდა ვივარაუდოთ. ვფიქრობთ, არ შევცდებით, თუ წანართა ადგილსამყოფელს დარიალის კარისა და მისი მიმდგომი მთიანეთის რაიონით შემოვფარგლავთ.

თუ ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ანტიკურ, ქართულ, სომხურ, არაბულ, ბიზანტიურ და სპარსულ წყაროებში შემონახული მწირი ცნობების მიხედვით ერთგვარად შესაძლებელი ხდება განისაზღვროს წანართა ადგილსაცხოვრისი, სამაგიეროდ იგივე ცნობები სრულიად არაფერს არ იძლევა წანართა ეთნიკური ან ენობრივი კუთვნილების საკითხის შესახებ. აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მკვლევართ დარჩენიათ ეთნიკური და ტოპონიმიკური მასალის მოშველიება და მათზე დაკვირვება: ხოლო ამის შემდეგ ლინგვისტური ანალიზის მეთოდის გამოყენებით გარკვეული მოსაზრებებისა და დასკვნების გამოტანა, შესაძლებლობის ფარგლებში.

წანარების ვინაობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ნ. მარმა ეთნონიმი „ წანარი“ სვანურის ნიადაგზე ახსნა. იგი წანარებს თითქმის სვანურ ტომად მიიჩნევს. ს. ჯანაშია საეჭვოდ მიიჩნევდა ნ. მარის თეორიას წანართა ეთნოგენეზის შესახებ. წანარების სვანური წარმოშობის თეორიას მხარს უჭერს ს. კაკაბაძეც.

ნ. მარისა და ს. კაკაბაძის თვალსაზრისი წანარების ქართულ ტომად- სვანებად – მიჩნევის შესახებ შემდგომში ზოგიერთმა მკვლევარმა არ გაიზიარა, წარმოიშვა შეხედულებანი წანარების ვეინახური (ჩეჩნურ-ინგუშური) წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც წანარების ვეინახური წარმოშობის იდეა წამოაყენა, იყო ა. გენკო.

იგი არა მარტო წანარებს მიიჩნევდა ჩეჩნურ-ინგუშური წარმოშობის ტომად, არამედ თავის ნაშრომში ყოველგვარი მტკიცებისა და საბუთების მოტანის გარეშე საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მობინადრე მოსახლეობაზე ლაპარაკობს როგორც ვეინახური მოდგმის ხალხებზე.

ყოველგვარი კომენტარის გაკეთების გარეშეც სავსებით ცხადია ა. გენკოს მოსაზრების სრული უსაფუძვლობა.

ასევე წანარების ვეინახებად თვლის ვ.ფ. მინორსკი. ქართული მკვლევარი ჯ. გვასალია წანარებს სვანურ ტომად მიიჩნევს.

რუსი მკვლევარი ნ. ვოლკოვა დაასკვნის: ვინაიდან არ გაგვაჩნია პირდაპირი ჩვენებანი წანარების ენობრივი კუთვნილების შესახებ, ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს დავუკავშიროთ ეს ხალხი ვეინახების, დაღესტნელების ან ქართველების წინაპრებს. გამოვდივართ რა კავკასიის ჩვენთვის საინტერესო რეგიონში არსებული ეთნიკური სიტუაციიდან ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების პერიოდში, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ წანარები ლაპარაკობდნენ იბერულ-კავკასიურ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ ენაზე.1

წანარების ეთნიკური კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თავს ნებას მივცემთ გამოვთქვათ ზოგიერთი მოსაზრება ვარაუდის სახით და გავუზიაროთ იგი მკითხველს. ამ მიმართებით ჩვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორიაში“ წანართა შესახებ დაცულ ერთ ცნობაზე, რომელსაც, ჩვენი აზრით, გარკვეული ღირებულება უნდა ჰქონდეს წანართა ეთნოგენეზის საკითხის გასარკველად. ამას მით უფრო ვთვლით საჭიროდ, რომ წანართა წარმოშობით დაინტერესებული ავტორები, რომელნიც ზემოთ გავიცანით, რატომღაც მხედველობის გარეშე ტოვებენ ვარდანის ამ ცნობას და არ განიხილავენ მას ჩვენთვის საინტერესო ასპექტში – ე.ი. წანართა ეთნიკური ისტორიისათვის. უპირველეს ყოვლისა, მოვიტანოთ თვით ეს ცნობა:

„ზოგიერთი ვინმე კაცნი ხალდებისა გამოსულნი თავიანთი სამშობლოდან, მოვიდნენ გარდმანში და მიმართეს გარდმანის იშხანს – „დაგვითმე ჩვენ ნაწილი იმ ჯვრისა, რომელიც ირაკლისაგან გაქვს მიღებული, ხოლო ჩვენ მივიღებთ ქრისტეს რჯულს და გავხდებით შენი მსახურნი“. ეს კიდევაც აღსრულებულ იქნა. ბაღდადის ამირამ, შეიტყო რა ეს ამბავი, დაემუქრა მათ, და ისინი შეშინებულნი გაემართნენ კავკასიის მთის ძირას. ქრისტეს შემწეობით, რომელიც მათ ირწმუნეს, ისინი დაეპატრონენ მთელს იქაურ მეზობელ მხარეებს, ისე რომ ერთი მათგანი, სახელად დავითი, შეუკავშირდა რა ძოროგეტის მეფეს, სამეფო ტახტზეც კი ავიდა. ამ (ხალდებმა) თავიანთ მხარეს უწოდეს წანარქი იმ საფუძველზე, რომ მასში მათ შეიცნეს თავიანთი პირვანდელი ადგილსაცხოვრისი და რადგანაც ისინი (ე.ი. ხალდები) ლაპარაკობდნენ ქართული ენით, ამიტომ გარდმანის იშხანმა მოიწვია მათთვის ქორეპისკოპოსი.1

მიუხედავად იმისა, რომ ვარდანის ზემოთმოტანილს ცნობაში ჩვენ ვხვდებით ცნობილი ისტორიული ფაქტების დამახინჯებას (მაგ: წანარეთის მფლობელთა წარმოშობა, ქორეპისკოპოზის ინსტიტუტის დაარსება წანარებში და სხვა), იგი მაინც შეიცავს რეალური სინამდვილის ნაპერწკალს და გამოძახილს წანართა ეთნოგენეზის საკითხისათვის.

პირველ რიგში, ვარდანის ამ ცნობაში ჩვენთვის საინტერესოა ის ამბავი, რომ ხალდიდან- ქალდიიდან გამოსულებს, გარკვეულ ხანაში, კავკასიის მთის ძირას დაუარსებიათ თავიანთი ქვეყანა და მისთვის ქანარქი ანუ წანარეთი უწოდებიათ. ე. ი. გამოდის, რომ XIII საუკუნის სომეხ ავტორს ხელთ ჰქონდა რაღაც ცნობა, ან იცნობდა რაიმე ისტორიულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც წანარების წინაპრები ხალდიიდან-ქალდიიდან იყვნენ გამოსულნი. ამისათვის საჭიროა გაირკვეს: თუ რა ქვეყანა იყო ეს ხალდია-ქალდია, ვინ იყვნენ ხალდები, რომელთა წრიდანაც გამოსულებს წანარეთი დაუარსებიათ; საჭიროა დადგინდეს, თუ რის აღმნიშვნელად იხმარება ისტორიულ წყაროებში ეთნიკური ტერმინი „ხალდი“.

ხალდია- ქალდია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანას ერქვა (უფრო გვიანდელი ჭანეთი ანუ ლაზისტანი). ამ ჩვენთვის საინტერესო რეგიონში ანტიკური წყაროები, ასახელებენ მრავალ სხვადასხვა ტომს (ტიბარენები, ხალდები, მოსინიკები, მაკრონები, სანები (ჭანები) და სხვა). უძველეს პერიოდში აქ მობინადრე მოსახლეობას შორის ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი ეკავა ტომთა იმ ჯგუფს, რომელიც ხალდების სახელს ატარებდა. სტრაბონის მიხედვით: „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ქალდები და სანები. . . „ცოტა უფრო ქვემოთ სტრაბონი უმატებს: „ეხლანდელი ქალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ, უფრო ამათ შორის მდებარეობს ფარნაკია“. საყურადღებოა, რომ სტრაბონზე გაცილებით ადრე, ძვ.წ. VII საუკუნის წყაროებში სწორედ ამავე რაიონში ფიგურირებს სახელწოდება, რომელსაც ი. მ. დიაკონოვის აზრით, უეჭველი კავშირი აქვს „ხალდების“ სახელწოდებასთან. ეს არის „ხალიტუ“, მოხსენიებული ურარტუს მეფის რუსა II -ის ე.წ. ადილჯევაზის წარწერაში ძვ.წ. 776 წლის ამბების არწერისას. ეს გარემოება კი უდავო მოწმობაა სახელწოდება „ხალდი-ს“ რეალურობისა და აი, ამ უძველესი დროიდან მოკიდებული სახელწოდება „ხალდია“ – „ქალდია“ საკმაოდ მტკიცედ იკიდებს ფეხს აღნიშნულ ტერიტორიაზე და ხანგრძლივადაც ცოცხლობს. ეს სახელწოდება ცნობილი იყო აგრეთვე ძველი სომხებისათვის. დამახასიათებელია ამ მხრივ VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის შემდეგი ცნობა: “ჭანეთი, რომელიც არის იგივე ხალტიქი (ხალდია)“.

ხალდია-ქალდია ზემოაღნიშნული ქვეყნის აღსანიშნავად ქართულ საისტორიო წყაროებშიც გვაქვს დადასტურებული. პირველ რიგში მივმართოთ იოანე საბანისძეს (VIIIს), რომელსაც, თავის თხზულებაში „აფხაზეთის“ სამეფოს საზღვრების აღწერისას ნათქვამი აქვს:’ რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაი იგი პონტოისა, სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთა, მოსაზღვრადმდე ქალდიაისა, ტრაპეზუნტისაი მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაისაი და ნაფსაის ნავთსადგური“.

„მატიანე ქართლისაი“-ს ავტორი აღნიშნავს: „ბასილ კეისარი თრიალეთის, ჯავახეთისა და არტანის მოოხრების შემდეგ, წარვიდა და დაიზამთრა ქვეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა.“ ამავე ამბავთან დაკავშირებით სუმბათ დავითის ძე წერს: „მეფე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკუმოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა და კუალად უბოროტესადრე მოაოხრა და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა“.

სახელწოდება „ხალდია“ იმდენად გამძლე აღმოჩნდა, რომ როდესაც ჩვენთვის საინტერესო რეგიონი მთლიანად ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა ადმინისტრაციულად და აქ ჩამოყალიბდა წმინდა ბიზანტიური პროვინცია (თემი), მაშინაც კი ეს პროვინცია ბიზანტიური წყაროების მოწმობით (კონსტანტინე პორფიროგენეტი და სხვა), „ხალდიის თემის“ სახელწოდებას ატარებდა. ამრიგად, ზემოთ განხილული ისტორიული წყაროების მიხედვით, „ხალდია“- „ქალდია“ არის შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე  მდებარე ქვეყანა, მთავარი ქალაქი ტრაპიზონით.

მაგრამ ვინღა იყვნენ ეთნიკურად ეს „ხალდები“? ამ საკითხის გამოსარკვევად მეტად მნიშვნელოვანია ზემოთ მოტანილი ცნობა ძველი სომხური წყაროებიდან, კერძოდ კი VII საუკუნისს ანონიმური სომხური გეოგრაფიიდან. ამ შემთხვევაში უპირველესად სომხურ წყაროებს მივმართავთ, იმიტომ რომ სწორედ სომხურ წყაროშია (ვარდან დიდის „ მსოფლიო ისტორია“) დაცული ჩვენება წანართა წინაპრების ხალდიადან წარმომავლობის შესახებ. ამისათვის კი საჭიროა გაირკვეს, თუ რა ეთნიკური შინაარსის შემცვლია ტერმინი “ხალდი“.

როგორც ცნობილია, სომხური გეოგრაფია ბევრი რამით არის დამოკიდებული ბერძნულ, ხოლო ქართული მიწაწყლის არწერისას კი ქართულ წყაროებზე. მაგალითად, კოლხეთს იგი უწოდებს „ეგრი“-ს. მის ოლქად იგი ასახელებს (ლაზივი), ჭანეთს. როგორც ვხედავთ, ზოგიერთი ამ სახელწოდებებიდან წარმოგვიდგება ქართული დაბოლოებებით („ეთ“ და „ივ“). ამიტომაც მეტად დამახასიათებელია, რომ „გეოგრაფიის“ ავტორი საჭიროდ თვლის განმარტოს ქართულ-ბერძნული ტერმინი „ჭანეთი“ და შენიშნავს: ეს არისო იგივე „ხალდია“ – „ხალტიქი“. ნათლად ჩანს, რომ „ხალდ“ (ხალტ) წარმოადგენს სომხურ სახელწოდებას იმ ეთნიკური ჯგუფისა, რომელიც ბერძნულ-ქართულ სამყაროში არის ჭანების-სანების აღმნიშვნელი სახელი. ჭანები კი ჩვენ გვევლინებიან დასავლურ-ქართულ ტომებად. საფიქრებელია, რომ მეზობელი სომხები სახელწოდება „ხალტიქ“-„ხალდი“-თ აღნიშნავდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ დასავლურქართულ ტომებს საერთოდ. ამ სახელწოდებაში „ქ“ წარმოადგენს სომხური მრავლობით რიცხვის მაწარმოებელ ნაწილაკს. ე.ი. სომხური „ხალტიქი“- „ხალდი“ შეესატყვისება ქართულ „ჭანეთს“. ჭანები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ერთ-ერთი ტომი, ისინი მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში. ამ ტომმა საუკუნეების განმავლობაში სხვებზე უკეთესად შეინარჩუნა თავისი თვითმყოფობა და ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ მხარეში. ამიტომაც მათი სახელწოდება გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და საერთოდ აქ მცხოვრებ დასავლურ ქართულ მოსახლეობაზე. მაგრამ ასეთმა ცვლილებამ სომხებში ასახვა ვერ ჰპოვა, რადგანაც ისინი უძველესი დროიდანვე აღნიშნული მოსახლეობისათვის ხმარობდნენ თავიანთ საკუთარ სახელწოდებას – „ხალტიქი“- „ხალდი“, რომელიც მომდინარეობდა ამ ტერიტორიაზე მოსახლე, სომხების მეზობლობის, დასავლურ ქართული ტომების სახელიდან.1

ამრიგად, ზემოთ ჩატარებული მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ სავსებით ნათელი ხდება, თუ რა ეთნიკური შინაარსი უნდა ჩაიდოს სომხურ წყაროებში დამოწმებულ ტერმინ „ხალტიქ“-„ხალდში“. აქედან გამომდინარე კი გარკვეული შუქი ეფინება ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ვარდან დიდის „ მსოფლიო ისტორიაში” დაცულ ცნობას იმის შესახებ, რომ წანარების წინაპრები გამოსულნი არიან „ხალდიის“-„ქალდიის“ ქვეყნიდან, რომელიც, როგორც დავინახეთ წარმოადგენდა დასავლურ-ქართული ტომების, ხალდების საცხოვრისს.

ჩვენი საბოლოო დასკვნა: XIII საუკუნის სომხურ წყაროებში (ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია“) ჩვენ შემონახული გვაქვს ზეპირი გადმოცემა თუ ისტორიული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ ცენტრალური კავკასიონის რაიონში მცხოვრები წანარების წინაპრები იყვნენ დასავლურ-ქართული ტომი „ხალდები“. ჩვენი აზრით, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ წანარების ეთნიკურ სამყაროსთან ჭანებთან, სანებთან, რომელთა აღმნიშვნელიც ძველ სომხურ წყაროებში, როგორც ზემოთ დავინახეთ, იყო ეთნიკური ტერმინი „ხალტიქი“-„ ხალდი“.

წანარების წინაპრების ხალდების საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გვინდა შევაჩეროთ კიდევ ერთ მეტად საყურადღებო დეტალზე. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „სვანეთში ეხლაც მოიპოვება რამდენიმე სოფლის საზოგადოება, რომელსაც „კალდე“ ანუ ხალდე ჰქვია“-ო და იგი იქვე განმარტავდა: სახელები ხალდე, ქართუ ანუ იგივე კართუ „ქართველი, კარდუ-ხი“, და რომ ეს ქალდები – (ხალდები) ქართველების ღვიძლი ძმები იყვნენ”. ივ. ჯავახიშვილის მიერ შენიშნული ეს გარემოება ერთხელ კიდევ დამატებით მხარს უწერს ჩვენს მოსაზრებას – წანარების ეთნიკურად ქართული სამყაროსადმი მიკუთვნების შესახებ.

ჩვენი აზრით „წან“-ი იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანურ-მეგრული განშტოებისა. თუ როდის ჩნდება „წან“-ების(წანარების) ეთნიკური ელემენტი ჩვენთვის საინტერესო რეგიონში, ცენტრალურ კავკასიონში (დარიალის კარი, „წანარეთის ხევი“), ამის ქრონოლოგიურად განსაზღვრა ფრიად ძნელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვით ფაქტი „წან“-ების გამოყოფისა ჭანურ-მეგრულის ძირითადი მასიდან საკმაოდ ძველ დროში უნდა მომხდარიყო. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ პტოლემაიოსის (II-ს) ჩვენებას, მაშინ წანარები („წან-“ები )  ანტიკურ ხანაში და საფიქრებელია, ამაზე უფრო ადრეც, უკვე ცენტრალური კავკასიონის (დარიალის კარი და მისი მიმდგომი მთიანეთი) რაიონში უნდა ვიგულვოთ. ამის შემდეგ წანართა ისტორიული ბედ-იღბალი სხვა გზით წანართა: ისინი ცხოვრობენ აღმოსავლურ-ქართული მოსახლეობის გარემოცვაში, განიცდიან ამ უკანასკნელთა ენის ძლიერ გავლენას. ყოველივე ეს კი იწვევს მათს სრულ მოწყვეტას ჭანურ-მეგრული ეთნიკური სამყაროსაგან.

წანარების ქართველურ ტომად მიჩნევას სხვა ისტორიული რეალიებიც უჭერენ მხარს. გავიხსენოთ უხტანესის (X ს.) ცნობა, რომლის მიხედვითაც წანარები წმინდა იბერიულ ტომად არიან გამოცხადებული. ამასვე ადასტურებს XI საუკუნის არაბული ანონიმური ისტორია: „ტარიხ ბაბ ალ-აბვაბი“, რომელშიც ვკითხულობთ: 205/820 წელს „ქართველები აუჯანყდნენ მას (ხალიდ იბნ იაზიდს ). იგი დაიძრა მათ წინააღმდეგ და იქ წანარებთან იბრძოდა“.

ვარდან დიდის ცნობაში ნამდვილად საქმე უნდა ეხებოდეს წანარების ქართულ ენაზე ლაპარაკს.

ჩვენს მოსაზრებას იმის, შესახებ, რომ წანარები ქართულ-ენოვან ტომს წარმოადგენენ, მხარს უწერს წანარების განსახლების ტერიტორიაზე ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების არსებობა. მხედველობაში გვაქვს გარბანის ეკლესიის ეპიგრაფიკული მასალა. სოფელი გარბანი დღევანდელი რაიონული ცენტრის ყაზბეგის სამხრეთით მდებარეობს და მისგან 8 კმ-ითაა დაშორებული. იგი გაშენებულია საქართველოს სამხედრო გზის ორივე მხარეზე, სოფ. სიონსა და ანდეზიტს შორის. როგორც ვხედავთ, გარბანი მდებარეობს საკუთრივ ისტორიული „ხევის“ ტერიტორიაზე. „ხევი“ კი, როგორც ზემოთ გვაქვს აღნიშნული, გვიანდელი შეცვლილი სახელია და იგი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით შეესაბამება „მოქცევაი ქართლისაი“-ს „ წანარეთის ხევს“. ეს უკანასკნელი კი, როგორც ვიცით, წარმოადგენდა წანარების ძირითად სამოსახლო ადგილს. გარბანის ხუროთმოძღვრული ძეგლის მხატვრულ-სტილისტიკური ანალიზი ტაძრის აგების ხანას განსაზღვრავს IX საუკუნის მიწურულით და X საუკუნის დასაწყისით.1

აღნიშნულ ხანაში წანარები და მათი ქვეყანა კახეთის სამთავროს ორგანულ შემადგენელ ნაწილს შეადგენდა. გარბნის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ქართული წარწერები, რომელნიც თავისი პალეოგრაფიული  ნიშნებით, შესრულების სტილით IX-X სს. თარიღდება. 2 ე.ი. განეკუთვნება იმ ხანას, რომელშიც გარბანის ეკლესიაა აგებული. მოვიტანოთ ეს ქართული წარწერები მხედრული ტრანსკრიპციით:

I. ტაძრის სამხრეთის შესასვლელის ზემოთ გარედან ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: “ესე ნავი ნაფუშევი მე უღირსმან“. . . წარწერის შინაარსის დაკავშირება ძეგლის ხუროთმოძღვრებასთან გაურკვეველი რჩება.1

II. ეკლესიის შიგნით ჩრდილო შესასვლელის დასავლეთის წირთხლის ერთ ქვაზე მოთავსებულია სამსტრიქონიანი ნუსხური ამოკაწრული წარწერა: “ღორს მყო წმინდამან გიორგი მე . . . ესა. . . დაწყებით”.2

III ასომთავრული წარწერა აღმოსავლეთის კედელზე სარკმელთან: თევდორე.3 IV. იმავე სარკმლიდან მარჯვნივ ზემოთ მეექვსე რიგში ასომთავრული წარწერა: “გრიგოლ” 4

V. ჩრდილო ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში იგივე ასომთავრული წარწერაა განმეორებული. 5

VI. აღმოსავლეთის ფასადზე, მის მარცხენა ნაწილში, ქვევიდან ზემოთ, მეხუთე რიგში, ორსტრიქონიანი ნუსხური წარწერა:  “წდის გიორგის ოქრო.” 6 აქ, როგორც ჩანს, შეწირულობის შინაარსის წარწერა უნდა იყოს.

ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი IX-X სს. ქართული წარწერები, მოთავსებული ისტორიული წანარეთის ტერიტორიაზე მდებარე გარბანის ხუროთმოძღვრულ ძეგლზე, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდში წანარეთში ქართული ენა იყო გაბატონებული და ადგილობრივი წანარული მოსახლეობა საეკლესიო მღვდელთმსახურებას ქართულ ენაზე ისმენდა. ეს კი, თავის მხრივ, იმის მოწმობაა, რომ წანარები ქართულენოვან ტომს წარმოადგენდა და ისინი მტკიცედ და ორგანულად იყვნენ შერწყმულნი ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან.

წანართა ეთნიკური წარმოშობისა და მათი ენობრივი კუთვნილების საკითხის განხილვის შემდეგ, საჭიროდ მიგვაჩნია სპეციალურად შევრჩერდეთ თვით ტერმინ „წანარებ“-ისა და „წანარეთ“-ის საკითხზე. ისევე როგორც ზოგი სხვა ქვეყნის სახელებს, ასევე „წანარეთ“-საც რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ვიწრო და ზოგადი. „წანარეთი“ თავისი ვიწრო მნიშვნელობით მოიცავს ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილ ფარგლებს: დარიალის და მისი მიმდგომი მთიანეთის რაიონს-„წანარეთის ხევს“. ასეთივე ვითარება სავარაუდებელია ანტიკურ ხანასა და ადრეფეოდალური ხანის დასაწყისში. შემდეგ ხანებში, VII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი VIII-IX საუკუნეებში, როდესაც ადგილი აქვს წანართა ტომის პოლიტიკურ გაძლიერებას და დაწინაურებას, ტერმინი „წანარეთი“ ჩვენ გვევლინება, როგორც ზოგადი, კრებითი მნიშვნელობის შინაარსის შემცველი ეთნოპოლიტიკური სახელწოდება კახეთის მთიანეთის მოსახლეობისა. ქართულ წყაროებში ამ სახელწოდების შესატყვისად იხმარება მეტად მკაფიო და კოლორიტული გამოთქმა „მთიულეთი კახეთისა“.1 ხოლო არაბულ და სომხურ წყაროთა მონაცემების შესწავლის სათქმელია მოსაზრება, რომ პოლიტიკური აზრით „წანარნი“ და „წანარეთი“ ეწოდება არა მხოლოდ კახეთის მთიელებს, არამედ საერთოდ მთელ კახეთს.2

საფიქრებელია, რომ წანართა პოლიტიკური დაწინაურება VIII-IX სს.-ზე უფრო ადრეულ ხანაში უნდა მომხდარიყო, კერძოდ მაშინ როდესაც ისინი ძირითადად მთაში, წანარეთის ხევში ცხოვრობდნენ. წანარების დაწინაურებასა და განსაკუთრებული პრიორიტეტის მოპოვების საქმეში გადამწყვეტი ფაქტორის როლს ასრულებდა დარიალის ხეობის დაცვისა და გამაგრების პრობლემა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაშივე წანართა ტომის ბელადს დაკისრებული ჰქონდა დარიალის ხეობის დაცვის მოვალეობა. შეიძლება ითქვას, ეს იყო წანართა ტომის ბელადის მემკვიდრეობითი თანამდებობა, რომელსაც ადრე თუ გვიან უნდა გამოეწვია წანართა პოლიტიკურად წინ წამოწევა და სხვა მეზობელ ტომთა შორის ჰეგემონობის მოპოვება.

სასანიანთა ბატონობის დროს, „მოქცევაი ქართლისაი“-ს ცნობის მიხედვით, ირანელებმა „სხუა ვინმე კაცი დაიდგინეს მთავრად წანარეთის ხევსა და მორჩილებაი დასდვეს მთავრად წანარეთის ხევსა და მორჩილებაი დასდვეს მისი“. ეს ამბავი როგორც ცნობილია, ხდება ირანის შაჰის ხოსრე I ანუშირვანის (531-578 წწ) დროს. როგორც ვხედავთ, VI საუკუნეში წანარეთის მთავრის მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ მოქცეულია სტრატეგიულად ისეთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი, როგორც დარიალის კარი იყო. წანარების ასეთი წამყვანი როლი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უმნიშვნელოვანესი გადასასვლელის, დარიალის კარის, დაცვაში, საიდანაც ადგილი ჰქონდა წინა კავკასიიდან მომთაბარე ტომების შემოჭრას, ბუნებრივია, მათ დიდ წონასა და პოლიტიკურ მნიშვნელობას სძენდა, ზრდიდა მათს ავტორიტეტს სხვა ტომთა შორის.

სასანიანთა ირანის ბატონობის დამხმობის შემდეგ ქართლის საერისთავო, რომელიც მოიცავდა აგრეთვე არაგვის ხეობასა და თერგის ქვემო წელის ტერიტორიას, დასუსტდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი, რომლის შემადგენლობაშიც ექცევა მთელი ზემოაღნიშნული ტერიტორია, ე.ი. წანარების სამოსახლო და აი, ამიერიდან წანარები სათავეში უდგებიან ახალი დამპყრობლების – არაბების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში მათ გაიერთიანეს არა მარტო კახეთის მთიულები, არამედ არაბთა სახალიფოს ბატონობით უკმაყოფილო ყველა ტომი, მათვე უერთდებიან ჩრდილოკავკასიელი ტომებიც. ათეული წლების განმავლობაში წანარები წარმოადგენდნენ ანტიარაბული ფრონტის მრისხანე ძალას.

არაბთა მფლობელობის პერიოდში წანართა წამყვანი როლი და მათი გაზრდილი პოლიტიკური მნიშვნელობა წერილობითი წყაროებშიც აისახა. სწორედ აღნიშნული ხანის არაბულ წყაროებში მოხსენებული ტერმინი „სანარია“ და სომხური წყაროების „წანარქი“ პოლიტიკური აზრით უდრის მთელ კახეთს. ასე შეიძინეს ტერმინებმა „წანარნი“ და „წანარეთი“ თავიანთი უფრო ფართო, ზოგადი და კრებითი მნიშვნელობა.

დებულება იმის შესახებ, რომ გარკვეულ პერიოდში სომხურ-არაბული წყაროების „წანარეთი“ პოლიტიკურად გაგებული იდენტურია „კახეთის სამთავროსი“, სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ-ერთმა პირველთაგანმა წამოაყენა და დაასაბუთა ი. მარკვარტმა. იგი აღნიშნავს, რომ იოანე კათალიკოსთან და X საუკუნის სხვა სომხურ-არაბულენოვან მწერლებთან მოხსენიებული წანარნი და მათი ქორეპისკოპოზი ისეთივე პოლიტიკური როლის შემსრულებულნი ჩანან, როგორც ქართული ქრონიკების კახეთი და მისი ქორეპისკოპოსიო. ამ მოსაზრების ნათელსაყოფად ი. მარკვარტი იმოწმებს იოანე დრასხანაკერტელის „სომხეთის ისტორიდან“ ცნობას, რომ მასში მოხსენიებული წანარნი და მათი ქორეპისკოპოსი, მართლაც იდენტურია კახეთისა და მისი ქორეპისკოპოსისა.1

ი. მარკვარტი აღნიშნავს, რომ არაბული წყაროების “წანარეთი“ უდრის „კახეთის სამთავროს“,

ამის დასამტკიცებლად ი. მარკვარტს მოაქვს იაკუბის ცნობა რომ „ წანარეთი“ (სანარია) პოლიტიკურად გაგებული ნიშნავს „კახეთის სამთავროს“.

აქვე დავუმატებთ მხოლოდ პატარა ნაწყვეტს მასუდის (X ს ) მეტად ნიშანდობლივი ცნობიდან, რომელიც მთლიანად ერთხელ უკვე მოვიტანეთ ზემოთ.  მასუდი თავის ცნობილ ისტორიულ-გეოგრაფიულ თხზულებაში „მურუჯ ად-ძახაბ“ წერს: სასაზღვრო ციხე სიმაგრე ალანთა კარს შორის მდებარეობს წანართა სამეფო, რომლის მეფესაც ეწოდება ქორისქუსი, რაც აქაური მეფეების ჩვეულებრივ ტიტულს წარმოადგენს. ისინი ქრისტიანები არიან. ამ ქვეყანაში ისინი ე. ი. წანარები ბატონობენ მრავალ ადგილობრივ ხალხებზე.1 მასუდის ჩვენებიდან სრული აუცილებლობით მტკიცდება, რომ ამ შემთხვევაშიც „წანართა სამეფო“ პოლიტიკური გაგებით კახეთის სამთავროზე უნდა მიგვითითებდეს, ხოლო წანართა მეფეების ჩვეულებრივი ტიტული „ქორისქუასი“ კი კახეთის მთავართა საეკლესიო- იერარქიულ ტიტულს “ქორეპისკოპოსს“ გულისხმობს.

მასუდის ცნობაში ყურადღებას იპყრობს აგრეთვე გამოთქმა: „ წანარები ბატონობენ მრავალ ადგილობრივ ხალხებზე“. ეს გარემოება კიდევ ერთი დამატებითი საბუთია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გარკვეულ პერიოდში (VIII-IX სს.) ტერმინი „წანარნი“ და „ წანარეთი“ წარმოადგენენ ზოგადი, კრებითი მნიშვნელობის შინაარსის შემცვლელ სახელწოდებას. დებულებას იმის შესახებ, რომ გარკვეულ პერიოდში ეთნოპოლიტიკური ცნობები „წანარნი“ და „კახნი“ იდენტურნი არიან, მხარს უჭერს და საფუძველს უმაგრებს ისტორიული წანარეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლებიც. ამ მიმართებით ერთი მეტად საგულისხმო მოვლენა იქცევს ყურადღებას: საქმე იმაშია, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება კახეთის მატერიალური კულტურის საერთო მასიდან ე.წ. „წანარული“ მატერიალური კულტურის გამოყოფა.

კახეთის ხუროთმოძღვრებაში „წანარული“ კომპლექსების გამოყოფა არავის უცდია. ეს იმ დროს, როდესაც საუკუნეების განმავლობაში წანარები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კახეთის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. წანარები აქ მრისხანე ძალას წრმოადგენდნენ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და უცბად ასეთ ვითარებაში ვხედავთ სრულიად მოულოდნელ შედეგს: არავითარი წმინდა, საკუთრივ „წანარული“ მატერიალური კულტურის კვალი. ეს, ერთი შეხედვით უცნაური მოვლენა აიხსნება იმით, რომ წანარეთის ტერიტორიაზე მდებარე მატერიალური კულტურის ძეგლები, ყველა ნიშნით, მსგავსი და იდენტურია კახეთის სინქრონული ძეგლებისა. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ წანარეთის შედარებით მცირე ტერიტორიაზე არსებული IX-X სს. ისეთი ხუროთმოძღვრული ძეგლები, როგორიცაა სიონის სამნავიანი ბაზილიკა, სიონიდან 5-6 კმ. სამხრეთ-აღმოსავლეთით შავ არაგვზე ახალციხის ბაზილიკური ეკლესია,1 იქვე სიონის ჩრდილოეთით1.5კმ. გარბანის ეკლესია2. სამივე ძეგლი თანამედროვე ყაზბეგის რაიონში მდებარეობს. ამათგან თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებით გამოირჩევა გარბანის ტაძარი, რომელიც თვალსაჩინო ადგილს იჭერს ქართული კულტურის, კერძოდ, არქიტექტურის განვითარების ისტორიაში.

ისტორიული კახეთის უკიდურეს ჩრდილო რაიონში, ქართველი მთიელი ტომის წანარების სამოსახლოში, მდებარე გარბანის ტაძარი გვიჩვენებს, რომ IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში აქ აგებენ შენობას, რომელსაც ისეთივე მხატვრული მისწრაფებანი ახასიათებს, როგორიც აღებული დროის დანარჩენ საქართველოს.1 გარბანის ეკლესია თავისი არქიტექტურული ხელოვნებით გენეტიკურად უკავშირდება კახეთის არქიტექტურას.

წანარები ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომია, უძველესი დროიდან ხევის ტერიტორიაზე. ტომის სახელის მიხედვით ქვეყანას წანარეთი ეწოდება.

წანარეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მოიცავდა დარიალის ხეობის ზემოთს, ჯვრის უღელტეხილისა და მისი მიმდგომი რეგიონის ტერიტორიას წანარეთის ხევს. იგივეა, რაც ხევი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია.2

წანართა თავდაპირველი საცხოვრისი დღევანდელი ყაზბეგის რაიონშია.

VII-VIII საუკუნის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველო არაბების ქვეშევრდომი ჩანს.

VII და განსაკუთრებით VIII-IX საუკუნეებში წანარები დაწინაურდნენ.

ისტორიული კახეთი ქართლის სამეფოს, ხოლო შემდეგ ქართლის საერისთავოს ფარგლებშია მოქცეული.

ქართული წყაროებით VIII საუკუნის მანძილზე და შემდეგაც, როცა „ქართლი“ მოიცავს მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო კახეთი ცალკე გამოთიშული არ ჩანს.

როგორც ქართველი მემატიანე წერს VIII საუკუნის 30 -იან წლებამდე ქართველები არაბებს ხარკს უხდიდნენ „მათ ჟამთა დაეცადნეს სარკინონი შემოსვლად ქართლად ყრუსა წარსვლითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა. აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერისთავთაგან“.1 ეს, ეტყობა, საერთო მდგომარეობაა მთელი აღმოსავლეთ საქართველოსათვის, მაგრამ უკვე ამავე ხანაში ჩნდებიან არაბულ წყაროებში სანარები (წანარები), რომლებთანაც არაბებს ბრძოლა უხდებათ.2

ჰაბიბ იბნ-მასლამას სამხედრო ოპერაციების შედეგად, წანარების მოხარკეებად ხდებიან, მაგრამ VIII საუკუნის შუა წლებში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცხოვრებლებმა, ჩანს, შეუწყვიტეს დამპყრობთ ხარკი და არაბებს უხდებათ ამ მთიანი რაიონების მცხოვრებლებს, კერძოდ წანარების დამორჩილება და ხელახლა დახარკვა. სახელდობრ, 754 წლის ახლო ხანებში ხალიფა აბუ-ჯაფარ ალ-მანსორის მიერ არმენიის ვალიდ დანიშნული იაზიდ იბნ-უსეიდი იმორჩილებს და ხარკავს წანარებს.

როგორც ვხედავთ, არაბები კვლავ იბრძვიან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დამორჩილებისა და დახარკვისათვის. ეტყობა, წანარები ისევ აჯანყებული არიან.3

სწორედ ამ დროიდან იწყება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად წანართა ტომის მიერ მეზობელი მხარეების შემომტკიცება-გაერთიანების მცდელობა. ისინი დროდადრო ახერხებენ თავისი ზრახვების განხორციელებას, არაბები კი საწინააღმდეგო ზომებს მიმართავენ, მაგრამ ისინი ვეღარ ახერხებენ თავისი ძველი მდგომარეობის აღდგენას და წანარები თანდათან დამოუკიდებლობას იპოვებენ. ნისანდობლივია, რომ უკვე VIII საუკუნის დასასრულისა და IX საუკუნის დასაწყისის ამბებში არაბი ავტორები ერთმანეთს უპირისპირებენ ჯურზანსა (ე.ი საკუთრივ ქართლს) და სანარიას ე.ი. კახეთს1.

„სანარია“ უკვე ქართლიდან გამოყოფილი კახეთის სამთავროა, სადაც წანარები ამ დროს კახეთის სამთავროში წამყვან ტომს წარმოადგენენ და პირველი მთავრებიც მათგანვე ირჩევიან. VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში კახეთის გაერთიანება წანართა მოთავეობით მომხდარი ფაქტია.

თავდაპირველად კახეთის სამთავროს ორგანიზაცია ჩრდილო რაიონებში იწყება.

დაუძლურებული ბარის ბრძოლა არაბებთან, ჩამოდის ისტორიული ამბების სცენიდან. მთა, რომელმაც უკეთ შეინახა თავი, იწყებს ბრძოლას არაბთა უღლის გადაგდებისა და სამთავროს  ორგანიზაციისათვის. ამ ბრძოლის სათავეში წანარები დგანან. წანართა ცენტრი, დღევანდელი ყაზბეგის რაიონია. აქედან იწყება წანართა შეტევა კახეთის ბარზე. ჩრდილოეთი თანდათან უტევს ბარს და იმორჩილებს კიდეც მას. ეს მთისა და ბარის ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა. ბარის დასუსტებასთან ერთად მოსახლეობა ჩამოდის მთიდან და ბარში მკვიდრება.

თუ VIII საუკუნის დასასრულს კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი ყაზბეგის რაიონშია, ასეთ უკიდურეს ჩრდილოეთშია, მომდევნო საუკუნისათვის იმავე სამთავროს ცენტრი დღევანდელი თიანეთის რაიონში და მის სამხრეთაა საძიებელი.

უკვე XI საუკუნეში სამეფოს ცენტრი (კახეთის სამთავრისი) თელავშია. ვახუშტი წერს: „არს თელავი, რომელი ჰყო კვირიკემ პირველ გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს, სასახლე დიდი, ვითარცა ალაქი.1

კახეთის სამთავროში რეალური ხელისუფლების მატარებლად მთავრები გვევლინებიან.

როგორც ცნობილია, კახეთის მთავრები ქართულ წყაროებში ქორეპისკოპოსის ტიტულით იხსენებიან.

„ქორეპისკოპოსად“ თვლიან იმდროინდელი კახეთის მმართველებს ივ. ჯავახიშვილი, 2 ს. ჯანაშია3 და სხვანი.

აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებით იხილეთ: მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები, ნაკ. 34, გვ:29-30; მისივე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, გვ: 152, შ. ბადრიძე, მმართველი ქორეპისკოპოსის ინსტიტუტის საკითხისათვის კახეთის სამთავროში, გვ: 91-95, 97-99, გიორგი მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1973წ. გვ:53.

კახეთის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების დროისათვის პოლიტიკური ჰეგემონობა წანართა ხელთაა. ამ პოლიტიკური ჰეგემონობის შედეგად მოხდა „წანარეთის“ ცნების მნიშვნელობის გაფართოება.

ამგვარად VIII საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო კახთა ქორეპისკოპოსით სათავეში.

არაბული წყაროების სანარია-სანარები იგივე ქართული წყაროების წანარეთი-წანარებია.

ნიშანდობლივია და არა შემთხვევით, რომ ქართულ წყაროებში „წანარები“ ადრე ქრებიან და თამარის ისტორიკოსი, რომელიც ყველა მთიელს ჩამოთვლის, წანარებს არ ასახელებს „ხევი“ კი მოხსენებული აქვს.

VIII-IX საუკუნეებში წანარების ტომის დაწინაურებამ და პოლიტიკურმა სიძლიერემ ცნება “წანარეთს“ ზოგადი, კრებითი ეთნ.- პოლიტიკური შინაარსი შესძინა; წანარეთად იგულისხმებოდა კახეთის მთიანეთი – „მთიულეთი კახეთისა“ (მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გარკვეულ პერიოდში პოლიტიკური ასპექტით წანარეთი მთლიანად კახეთს ეწოდებოდა).

კახეთის სამთავროში რეალური ხელისუფლების მატარებლად მთავრები გვევლინებიან, რომლებიც ქართულ წყაროებში „ქორეპისკოპოსის“ ტიტულით არიან მოხსენიებულნი.

„ქორეპისკოპოსი“- ბერძნულად უსამწყსო ეპისკოპოსს ერქვა.

ქართული საისტორიო წყაროების ჩვენებით, საქართველოში სასულიეროსთან ერთად (პარალელურად) საერო ფუნქციებსაც ასრულებს.

ქორეპისკოპოსის თანამდებობა არსებობდა საქართველოში ქართული ეკლესიის გარიჟრაჟიდან ვიდრე XVII საუკუნის ჩათვლით. ქორეპისკოპოსი წმინდა სასულიერო ფუნქციების გარდა, ხშირად ადგილზე სამოქალაქო ფუნქციების მატარებელიც გამოდის. ქორეპისკოპოსებს ახასიათებს მისწრაფება „ხელმწიფობის მოხვეჭისაკენ“. ქორეპისკოპოსის თანამდებობა ერთდროულად დამახასიათებელია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წყობილებისათვის.

ქორეპისკოპოსი ისეთი პირია, რომელიც თავის თავში აერთიანებს მნიშვნელოვან საერთო და სასულიერო ფუნქციებს. ასეთად უნდა წარმოვიდგინოთ კახთა ქორეპისკოპოსებიც. სასულიერო ხარისხის მქონე პირი ქორეპისკოპოსი ითვისებს საერთო ფუნქციებსაც.

 

8 Responses to “● წანარნი”

  1. irakli said

    რაც შეეხება აქ მოყვანილ თემას წანარებზე, მინდა გითხრათ, რომ წანარები იყვნენ სვანური წარმომავლობის ტომი, არის უამრავი მასალა ამის დამადასტურებელი.
    დღესაც ჩეჩნეთში და ინგუშეთში არიან იქაური სვანები. მე-16 საუკუნეში მოხდა სვანების გენოციდი რუსებისა და ყაბარდოელების მიერ. განადგურდა 164 სვანური სოფელი და 4 დიდი ქალაქი. ყაზბეგის მთა ჩეჩნურად ჟღერს როგორც სვანთა მთა, ასევე სვანების მთა არის ინგუშეთში. გენეტიკურადაც ამას ადასტურებს გამოკვლევები. ჩეჩნები, ინგუშები, დიგორელები, რაჭველები, დვალები – მათ ჩამოყალიბებაში სვანებმა დიდი როლი იკისრეს.
    ასევე ცნობილი ძველი ირანელები ჩეჩნებს სოსანების სახელით იხსენიებდენ ან იქაურ სვანებად.

    Like

  2. გოჩა ჯაფარიძე said

    წანართა შესახებ დაბეჭდილი მაქვს სტატია. მინდა განვათავსო, მაგრამ როგორ?

    Like

  3. გოჩა ჯაფარიძე said

    პატივცემული ავტორი, ვგონებ, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე, ყურადღებას აჩერებს XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორიაში“ წანართა შესახებ დაცულ ერთ ცნობაზე, რომელსაც, მისი აზრით, გარკვეული ღირებულება უნდა ჰქონდეს წანართა ეთნოგენეზის საკითხის გასარკველად. მით უფრო, რომ წანართა წარმოშობით დაინტერესებული ავტორები რატომღაც მხედველობის გარეშე ტოვებენ ვარდანის ამ ცნობას და არ განიხილავენ მას წანართა ეთნიკური ისტორიისათვის. ეს ცნობაა:

    „ზოგიერთი ვინმე კაცნი ხალდებისა გამოსულნი თავიანთი სამშობლოდან, მოვიდნენ გარდმანში და მიმართეს გარდმანის იშხანს – „დაგვითმე ჩვენ ნაწილი იმ ჯვრისა, რომელიც ირაკლისაგან გაქვს მიღებული, ხოლო ჩვენ მივიღებთ ქრისტეს რჯულს და გავხდებით შენი მსახურნი“. ეს კიდევაც აღსრულებულ იქნა. ბაღდადის ამირამ, შეიტყო რა ეს ამბავი, დაემუქრა მათ, და ისინი შეშინებულნი გაემართნენ კავკასიის მთის ძირას. ქრისტეს შემწეობით, რომელიც მათ ირწმუნეს, ისინი დაეპატრონენ მთელს იქაურ მეზობელ მხარეებს, ისე რომ ერთი მათგანი, სახელად დავითი, შეუკავშირდა რა ძოროგეტის მეფეს, სამეფო ტახტზეც კი ავიდა. ამ (ხალდებმა) თავიანთ მხარეს უწოდეს წანარქი იმ საფუძველზე, რომ მასში მათ შეიცნეს თავიანთი პირვანდელი ადგილსაცხოვრისი და რადგანაც ისინი (ე.ი. ხალდები) ლაპარაკობდნენ ქართული ენით, ამიტომ გარდმანის იშხანმა მოიწვია მათთვის ქორეპისკოპოსი.

    აქ მოტანილი პასაჟი ემინის რუსული თარგმანიდან მოდის (გვ. 126): мужи халдейские, вышедшие из своего отечества, пришли в Гардман и сказали гардманскому князю — “Уступи нам часть Креста, данного тебе Ираклием, а мы примем христианскую веру и станем твоими слугами;” что и исполнилось. Эмир багдадский, узнав об этом, стал грозить им; и они, устрашенные, удалились к подошве Кавказских гор. При помощи Христа, в Которого они уверовали, завладели они всеми (окрестными) областями, так что один из них, по имени Давид, вступивший в свойство с царем дцоро-гетским, вступил даже на престол. Эти Халдеи назвали свою область Тцанарк’ на том основании, что в ней они узнали первое свое местожительство. И так как они говорили на иверийском языке, то гардманский князь пригласил для них, хорепископа.
    თავად ემინს ეჭვი ეპარებოდა თარგმნის სისწორეში: “И так как они говорили на иверийском языке, то гардманский князь пригласил для них хорепископа”; — вот это место у нашего автора: ***, которое заключает в себе грамматические неправильности, в следствие чего происходит и неясность смысла. Мы перевели его на угад, стараясь впрочем, по разумению нашему, уловить мысль автора.

    ე. კვაჭანტირაძისა და ნ. შოშიაშვილის თარგმანი უკვე განსხვავებულია. მოვიტანთ მხოლოდ ბოლო წინადადებებს: ”ერთი მათგანი, სახელად დავითი, გამეფდა და დაესიძა ძოროგეტის მეფეს. მათ თემს ეწოდა წანარეთი, იმის გამო, რომ მათ აქ შეიცნეს თავიანთი სამკვიდრებელი ადგილი. გარდმანის მთავარმა დაუდგინა მათ ქორეპისკოპოსი ქართული ენის მიხედვით”.
    ასევეა ვარდანის ორ ინგლისურ (ბედროსიანის და თომსონის) თარგმანში: One of them named Dawit’ who had marriage relations with the king of Dzoroyget, even became king. They called that district Tsanark’ because they recognized [tsananel] it as the place of their habitation; while the prince of Gardman called them k’orepiskopok’ [suffragan bishops] in the Georgan language.

    ვარდანის ცნობა, როგორც ვხედავთ, არ იძლევა წანართა ეთნოგენეზზე მსჯელობის საშუალებას . ამის გამო პირადად მე აღარ გავამახვილე მაზე ყურადღება, თუმცა სხვა მკვლევარები მას იყენებენ.არაბულ წყაროებში წანარების შესახებ და წანართა ვეინახური წარმომავლობის კრიტიკის თაობაზე იხ. ჩემი სტატია: წანართა შესახებ. თსუ შრომები,328, 1999, გვ.29-41.
    აქვე აღვნიშნავთ, რომ დღეს ჩეჩნეთ ინგუშეთში თითქმის გაბატონებული საზოგადოებრივი აზრით, წანარები ვეინახები იყვნენ. თუ არა ვეინახებს, აბა ვის შეეძლო ბუღა თურქის 120-ათასიანი ლაშქრის დამარცხება (?!). ცოტაც და კახეთზე განაცხადებენ პრეტენზიას. ამის თაობაზე ცალკე წერილის დაწერა მომიწევს.

    მე შემიძლია ჩემი სტატია წანარებზე განვათავსო აქ, მაგრამ სტატიის ქართული შრიფტი ატომატურად იცვლება ლათინურით, ხოლო ხელახლა ასაწყობად დრო არ მრჩება.იქნებ ვინმემ მირჩიოს, როგორ მოვიქცე?

    Like

  4. gujo said

    წანარების დასაწყისი უნდა დავაბრალოთ ანდრიაპირველწოდებულის მყივნარწვერზე მისვლას,იქ სალოცავის (ბეთლემის) დაარსებას და მყინვარის დაბასა,სტეფსნე პიტრველ მოწამის სახელობის ეკლესიის აშნებას! პირველი საიკუნიდანვე აქტიურ ქრისტიანობას ეწევიან და ქრისტეს მქადაგებლებს,გარშემო მხარეებში და ტომებშიც აგზავნიან..მოგვიანებით მათ უერთდებიან თავისი ნათესავი ხალხი,ხალდები,რომლებიც იღებენ ქრისტიანობას და სახლდებიან მათთანვე,ერთ ტერიტორიაზე(„ზოგიერთი ვინმე კაცნი ხალდებისა გამოსულნი თავიანთი სამშობლოდან, მოვიდნენ გარდმანში და მიმართეს გარდმანის იშხანს – „დაგვითმე ჩვენ ნაწილი იმ ჯვრისა, რომელიც ირაკლისაგან გაქვს მიღებული, ხოლო ჩვენ მივიღებთ ქრისტეს რჯულს და გავხდებით შენი მსახურნი“. ეს კიდევაც აღსრულებულ იქნა.)რომლებიც ისე ძლიერდებიან ბოლოს,რომ მთელ იქაურ ტომებზე ბატონობენ.გარდმანი იგულისხმება დღევანდელი გარბანი,რომელიც ითვლებოდა წანარების დედაქალაქად.გარკვევით წერენ,სომეხი და არაბი ისტორიკოსები,რომ წანარები ცხოვრობდნენ ალანებსა და წილკანს შორისო,წილკანი ადრე ხადას ქვინებია,ხადა არის გუდაურის ქვემთ, ქვეშეთის გაღმა.რომლებიც ცხოვრობენ სიმაგრეშიო. სიმაგრე შეგვიძლია ვივარაუდოთ სადღაც კლდეებშიც,მაგრამ, დღესაც სადაც ბეთლემიდან ზამთრობით ჩამოდიოდნენ ბერები და იზამთრებდნენ,არის გამოკვეთილი კლდე ქალაქი,რომელსაც ეძახიან სიმაგრეს.სიმაგრე ქვია იმ მთას სადაც ქვაბულებია განთავსებული.ამ თის რარშემოა,ის ციკარეს ციხეც(არაშის ციხე) რომელიც დავითმა დალაშქრა(შევიდეს გზასა ხუარაზმის ხევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ხევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალი იყო. ჩავლო ხუტულბულა, და განვიდეს ხადას, და გარდვიდეს ხევსა.”)ამ ლაშქრობის მერე,წანარეთის სახელი აღარ ხსენდება,მაგის მერე ხსენდება უბრალოდ ხევი.

    Like

  5. gogi said

    იქნებ მითხრათ “დასავლელ ქართველებო”, რომელ დიალექტზე საუბრობდა პტოლემაოსის წანარი და რამდენ ხანს გრძელდებოდა “ენის ცვლა” მათთვის?ყოველ წვრილმანზე დაფიქრებულნო, ვარდან დიდის დიდ ამბიციაზე თუ გიფიქრიათ – სომხის იშხანიკის ნება იყო ქალდეს – ქალდეველს, შემოგბედავდით, ზოგადქართველს-ო, დღეს გათითოკაცებულებს მეგრელად, სვანად, აჭარელად სად გვეცხოვრა – ხევში თუ კახეთში. “მკვლევრებო”, იქნებ იმ ვარდან დიდს ის აწუხებს, წანარები ანუ კახები საკუთარ ბუნაგში რომ შეუცვივდნენ იმ იშხანიკს და მერე ქართულად მონათლეს.

    Like

დატოვე კომენტარი