Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რამდენიმე მოსაზრება საქართველოს მომავალ კონსტიტუციაზე

რამდენიმე მოსაზრება საქართველოს მომავალ კონსტიტუციაზე

საქართველოს მომავალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობს რამდენიმე ჯგუფი. ამათში ოფიციალური ერთია _ ეს გახლავთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ბ-ნ ავთანდილ დემეტრაშვილის თავმჯდომარეობით. სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ყველაზე შორს წასული თავის საქმიანობაში არის ჯგუფი ბ-ნ ვახტანგ ხმალაძისა და ბ-ნ ტაბუციძის ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, რომ ამ რთული და საპასუხისმგებლო შრომის მონაწილეებს აქვთ არაერთგვაროვანი ზოგადი იდეოლოგიაც და კონკრეტული მოსაზრებებიც კონსტიტუციის სხვადასხვა თემების შესახებ. მოსალოდნელია, რომ ჯამში მაგიდაზე დაიდება ერთი კარგი პროექტი მაინც (თუ მეტი არა), რომელიც ადექვატური იქნება საქართველოს წინაშე რეალურად მდგარი პრობლემებისა და ამოცანებისა. საზოგადოება არ იმედოვნებს და არც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არსებული ხელისუფლება შემოთავაზებულ პროექტებსა და ცალკეულ იდეებს შორის უკეთესს აირჩევს და ყურმოჭრილად მორჩილ პარლამენტს, რომელსაც უკვე მრავალი ცოდვა აწევს ერისა და ქვეყნის წინაშე, მისაღებად შესთავაზებს. მაგრამ კონსტიტუციის რეალური პროექტის, ანუ სახელმწიფოს ამოცანებთან რეალურად მორგებულის, მაგიდაზე დადებას აზრი მაინც აქვს _ ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კონსტიტუციის შექმნა უდიდესი შემოქმედებითი ამოცანაა მეცნიერული და სახელმწიფოებრივი აზრისათვის, ამიტომ ეს შემოქმედებითი აქტი მაშინვე უნდა შესრულდეს, როცა მის შესასრულებლად საკმარისად უნარიანი და საკმარისად პრინციპული ადამიანები შეიყრებიან. როდის ხდება ან ვერ ხდება ასეთთა შეკრება, ეს უკვე განგების საქმეა და არა ორგანიზაციისა. მეორეც, საქართველოს ნებისმიერმა კანონიერმა, უკანონო თუ ნახევრად კანონიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, ისევე როგორც თვით საზოგადობამ, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა კონსტიტუციურ დონეზე შესაძლებელია, რის ილუსტრაციაც მას ხელთ ექნება შემოთავაზებული ტექსტის სახით, და რომ, მაშასადამე, თუ არსებული კონსტიტუცია ამ ამოცანებს ვერ უპასუხებს, ეს ამა და ამ პირთა კეთილი ნების უკმარისობის ბრალია და არა ამოცანის დაუძლეველობის, ან საქართველოს ინტელექტის სიმწირისა.

მკითხველს ჩვენს მოსაზრებებს შევთავაზებთ ამჯერად სამ საკითხზე.

1. რაზე უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს კონსტიტუცია.
დღევანდელი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არსებულ პოლიტიკურ კურსთან შესატყვისი და სახელმწიფო სტრუქტურებთან მეტნაკლებად მიახლოებული წრეებიდან მომდინარე მცდელობები კონსტიტუციური მუშაობისა ორიენტირებულია იმაზე, თუ რა არის დღევანელი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში, ანუ ორიენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მაქსიმალურ მიახლოებაზე ამ ქვეყნებში არსებულ კონსტიტუციებთან. ამ მცდელობას, რაღა თქმა უნდა, უკიდურესად ეკლექტური, ანუ უსისტემოდ შეკოწიწებული და, ამდენად, წინააღმდეგობათა შემცველი ხასიათი აქვს. პირადად ჩვენს პრაქტიკაში ამ მიუღებელი ტენდენციის ყველაზე უკიდურესი გამოვლინება გახლავთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ეკუთვნის თავისუფლების ინსტიტუტის ერთერთ აქტივისტს და, თუ არ ვცდები, ერთერთ ლიდერსაც _ ლევან რამიშვილს. ეს პროექტი წავიკითხეთ და მივიღეთ მონაწილეობა მის განხილვაში. ჩვენი შთაბეჭდილებით, ეს იყო მექანიკურად გადმოწერილი და უტრირებული (“მეფეზე უფრო როიალისტობის” სულისკვეთებით განწყობილი) ერთიმეორესთან დაუკავშირებელი ნორმები დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებისა, რომლებიც შემკოწიწებელს ყველაზე რადიკალურ დაპირისპირებაში მყოფად ეჩვენა იმასთან, რასაც თანამედროვე განათლებული ქართველი საჭიროდ მიიჩნევს, რათა მისი ეროვნული სახელმწიფო ეფექტიანად ფუნქციობდეს. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ (და ამ უკიდურეს შემთხვევას განვეყენოთ), კონსტიტუციური მუშაობის დღეს არსებული სტილი და მოდა არ მოიცავს იმის მცდელობას, რომ რაიმე კავშირი დაინახოს შემოთავაზებულ ფორმულირებასა და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგომი რომელიმე ამოცანის გადაჭრის მოთხოვნილებას შორის. მსჯელობის ლოგიკა მთლიანად ასეთ ჩარჩოში თავსდება: “ეს ნორმა არის ამა და ამ ქვეყნის კონსტიტუციაში და ეს ქვეყანა კარგია. მაშასადამე, ეს ნორმა კარგია”. ამავე ლოგიკის მეორე სვლაა: “თუ კარგია, მაშ გადმოვიღოთ იგი”. ეს ლოგიკა მეციერულად მანკიერია, რამდენადაც იგი წარმოადგენს აზროვნების იმ ხარვეზის მაგალითს, რომელსაც ლოგიკის მეცნიერებაში “პოპულარული ინდუქცია” ეწოდება, ანუ დასკვნის გამოტანა უკმარისი ფაქტებიდან იმ არაფერზე არდამყარებყული   დარწმუნებულობით, რომ თუ ორი ხდომილება ან გარემოება ერთმანეთს დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორის მიზეზი ყოფილა!.

საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ასეთ ანეკდოტს. 1947 წელს ქალაქი აშხაბადი მიწისძვრით დაინგრა. ანეკდოტი მოგვითხრობს, რომ მაშველი სამუშაოებისას ნახეს საჭირო ოთახის კაბინა და მასში მომწყვდეული გახეთქილი მთვრალი, რომელიც სიცილით კვდებოდა. “ასეთი არაფერი მინახავს: როგორც კი ჩამოვწიე წყლის ჩასარეცხის სახელურს, დაიგრგვინა და ქალაქი დაინგრაო”. შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტებიდან დასკვნის გაკეთებას სჭირდება ორი პირობიდან ერთი მაინც: ან ფაქტების რაოდენობა უნდა იყოს ძალიან დიდი, რათა თითქმის დარწმუნდე “როგორც ჩანს, ამ მოვლენებს შორის ესა და ეს კავშირი ყოფილაო”. ამის მაგალითია ელვის დანახვაზე ცოტა ხნის შემდეგ ქუხილის გაგონება. ან, თუნდ ფაქტები ცოტა იყოს, თქვენ თქვენს გონებაში ახდენთ ანალიზს და ისაზრებთ, რა მექანიზმით ხდება ერთი ფაქტის მიერ მეორე ფაქტის გამოწვევა. თუ გერმანიაში ფედერალური სახელმწიფო მოწყობაა და გერმანია კარგია, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერალური წყობა კარგია! მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ იგი საქართვე¬ლოსთვის კარგია! თუ იზრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა და თუ იზრაელი კარგია, ეს არ კმარა იმის დასტურად, რომ საპატრლამენტო რესპუბლიკა კარგია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ აშშ კარგი ქვეყანაა და აშშ საპრეზიდენტო სახელმწიფოა, არ ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო სისტემა კარგია და ა.შ.

ამგვარი უანალიზოდ და უიკრიტიკოდ მბაძველი დამოკიდებულების არაადექვატურობის საილუსტრაციოდ დავიმოწმებთ სამ კონკრეტულ გარემოებას. არის არაერთი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, სადაც კონსტიტუციისთვის საინტერესო თემა არაა არჩევნების ჩატარების ტექნიკური მხარე, ანუ იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლითაც მათი უფალსიფიკაციო ჩატარება უნდა მოხდეს, საქართველოში კი ამ თემას კონსტიტუცია ვერ გამოტოვებს, ვინაიდან საქართველო ისეთი ქვეყანაა, მიუხედავად თავისი კულტურული მემკვიდრეობისა და დიდი ისტორიისა, სადაც არჩევნების რეალური არსებობის მთავარი საფუძველი _ საშუალო მოქალაქის ისეთი მენტალიტეტი, რომელიც მისი საარჩევნო უფლების დარღვევას პირად შეურაცხყოფად ღებულობს, _ შექმნილი არ არის. მის შექმნას უნდა თაობები და არჩევნებთან დაკავშირებული ღირებულებების “სისხლში გაჯდომა”.

მეორე მაგალითი. არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკები და საპრეზიდენტო რესპუბლიკები. არსებობს შერეული წყობის რესპუბლიკებიც და მონარქიებიც. რა და რა კრიტერიუმებით ირჩევს კონკრეტული განვითარებული, დემოკრატიული და კეთილდღიანი სახელმწიფო ერთ ან მეორე მოდელს, აგრეთვე ტრადიციულად ცნობილია. მაგრამ საქართველოს ამ კრიტერიუმების გარდა თავისი სახელმწიფოს წყობის არჩევაში ვერ გამორჩება ის ამოცანა, რომ კონსტიტუციაში ჩადოს მექანიზმები სახელმწიფოზე გარე ზემოქმედების მოგერიების, ანუ ხელისუფლების შესაძლო მარიონეტულობის წინააღმდეგ ბრძოლისა. მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოს ამა და ამ ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორთა გამო (ეს ფაქტორები კი ძალიან ღრმაა და ერთი თაობის მანძილზე ვერ მოიხსნება) ხელისუფლებაში მარიონეტების მოსვლისა და დარჩენის უშუალო საფრთხე ელის. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საქართველო იძულებულია და კიდევ დიდხანს იქნება იძულებული, რომ ამ პერსპექტივის გამკლავებისათვის კონსტიტუციური მექანიზმი ჰქონდეს. ასეთ მექანიზმად გამოდგება, მაგალითად, ის, რომ რეალურ გადაწყვეტილებათა მიმღები ადამიანები, ანუ მმართველები, იყონ საზოგადოების რაც შეიძლება უწყვეტი კონტროლის ქვეშ, რადგან იგულისხმება, რომ საზოგადოება თავისი უმრავლესობის სახით თავის თავისადმი  ორგული ვერ იქნება. თქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი ხდება, რომ პირველი პირი სახელმწიფოში იყოს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველდღიურად ექვემდებარება პარლამენტის მიერ კონტროლს (იგულისხმება, რომ მარიონეტული პარლამენტის შექმნა უფრო ძნელია, ვიდრე მარიონეტული პრეზიდენტისა), ხოლო პარლამენტის მანდატი იყოს იმპერატიული (არსებობდეს დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი), ანუ პარლამენტის წევრი ექვემდებარებოდეს საზოგადოების მუდმივ კონტროლს თავისი ამომრჩევლების სახით. გადაწონის თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკის ეს უპირატესობა საპრეზიდენტო რესპუბლიკის უპირატესობებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეალური პირობები ექნება მოცემულ ქვეყანას მოცემულ მომენტში: ემუქრება თუ არა მას, ისე როგორც საქართველოში, გარედან დასმული მარიონეტის პრეზიდენტად ყოლის საშიშროება და ა.შ.

კიდევ მაგალითი. კონსტიტუციისათვის პრობლემაა, რამდენად შეზღუდოს სახელმწიფოს პირველი პირის მიერ სასწრაფოდ მისაღები გადაწყვეტილებებში მისი ინდივიდუალური ნების თავისუფლება, ანუ რამდენად გახადოს იგი დამოკიდებული პარლამენტის თანხმობაზე, ვთქვათ, მაშინ, როცა იგი ომს აცხადებს ან ცეცხლის გახსნის ბრძანებას იძლევა. თვით საკითხიც კი, არის თუ არა ქვეყნის პირველი პირი შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალი, კონსტიტუციისათვის არსებითია და დინჯად განსასჯელია ყველა  კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ საკითხავია, ის, რაც ზემოთ ითქვა პირველი პირის მარიონეტობის საშიშროების შესახებ, ძალაშია მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც თუ არ არის. ამ ბოლო მაგალითში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ხსენებული გარე ფაქტორის როლი იმ უდიდესი სახელმწიფო ინტერესების შეზღუდვაში, რომ გადაწყვეტილებების მიმღებს მათი მიღება სწრაფად შეეძლოს.

თქმული შეგვიძლია განვაზოგადოთ და განვავრცოთ შემდეგი კონსტატაციით: არის ვითარებები (და, შესაბამისად, ქვეყნები და მათი ისტორიის ეპოქები), სადაც საგარეო ამოცანები გაბატონებულია საშინაო ამოცანებზე. ეს ისეთი ვითარებაა, როცა ქვეყნის საშიშროებათა სათავეში საგარეო საშიშროება დგას, რის გამოც ქვეყნის შიგნით განვითარებისა და ოპტიმალურად მოწესრიგების ამოცანები რაღაცა ზომით იწირება შესაკვეცად და გადასავადებლად გარკვეული დროით. არის, პირიქით, ისეთი ქვეყნები, ეპოქები და ვითარებები, სადაც წარმმართველია შინაგანი ამოცანები: ქვეყანა, საზოგადოება გარედან საკმარისად გამაგრებულია. მას უდიდესი მნიშვნელობის საშინაო ამოცანები აქვს შიგნით მიმდინარე რაღაც პროცესების (ვთქვათ, რეფორმების) გამო, ამიტომ იგი არჩევს, რომელიღაცა საგარეო ამოცანები გადადოს, ან სულაც შეკვეცოს, რათა თავისი ამ შინაგანი ამოცანების გადაჭრას ძალისხმევა არ მოაკლოს. ეს ხდება, ჩვეულებრივ, ისეთ პირობებში, როცა ქვეყანა გარედან საკმარისად დაზღვეულია, რის გამოც მისი საგარეო ამოცანები ძირითადად შეტევითია (და არა თავდაცვითი) და უმტკივნეულო გადავადებას უშვებს.

საქართველოს ისტორიას ამ მხრივ მყარი და არცთუ მხიარული ტრადიცია აქვს: მის საშინაო პოლიტიკას, თითქმის შეუვალად და კანონზომიერად, მისი საგარეო თავდაცვითი ამოცანა _ გარეშე მტრისგან მისი სიცოცხლის, ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის დაცვის ამოცანა _ განსაზღვრავს. საქართველოს ისტორიის გაგრძელებაც, როგორც ჩანს და სავარაუდოა, ამ მიმართულებით წავა. იმ ქვეყნების ისტორია, დღევანდელობა და უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ცხოვრება კი, რომელთა კონსტიტუციების გადმოწერაშიც მდგომარეობს, დიდწილად, დღეს მიმდინარე საკონსტიტუციო “აზრის” მუშაობა, საგარეო მუქარის პრაქტიკულად არმქონე ქვეყნები არიან. მათი კონსტიტუციების აღება ქართული კონსტიტუციის დედნად, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფუნდამენტური გარემოებების ვერშემჩნევას ან მენტალური სიზარმაცით გამოწვეულ მათს უგულებელყოფას ნიშნავს. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც საკუთარი ავტობიოგრაფიის გადმოწერა მეგობრის ავტობიოგრაფიის ტექსტიდან ან მეგობრისთვის საკუთარი ავტობიოგრაფიის ტექსტის მიწოდება “შპარგალკად” მისი ავტობიოგრაფიის დასაწერად (ეს უკანასკნელი შედარება ეხება საქართველოს კონსულტანტ-ექსპერტებს და არა თვით ქართველებს).

ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის შექმნაზე მომუშავე პირი ვერ გაექცევა იმის გათვალისწინებას, რომ კაცობრიობის უახლოესი მომავალიც,  და მისი განჭვრეტადი მომავალიც მთლიანად, მოიცავს არა მხოლოდ ინდივიდთა კონკურენციას და მეტოქეობას, არა მხოლოდ კორპორაციებისას, ქვეყნებისას, ერებისას, კონტინენტებისას და ცივილიზაციებისას, არამედ, სხვა ყოველივესთან ერთად, თვით მათი სახელმწიფოებრიობის მოდელებისასაც: ვისი მოდელიც სხვისაზე უკეთესი იქნება ხარისხობრივად, ანუ მისი ინდივიდუალური დღევანდელი შესაძლებლობების და მისი დღევანდელი სპეციფიკური ამოცანების გათვალისწინების ხარისხით, იმას მეტი შანსი ექნება გადარჩენისა და გამარჯვებისა არსებობისთვის ბრძოლის პროცესში, ვიდრე იმას, ვინც ამ თვალსაზრისით ნაკლები ხარისხის მოდელს შექმნის. ამ პრინციპისთვის დავიმოწმებ მის ფორმულირებას გ. ნათაძის წიგნში “თორმეტი წერილი საქართველოს პერსპექტივაზე (ფილოსოფიური, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით”, თბ. 2002, გვ. 41).

უცხო კანონმდებელთა ზეგავლენა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტზე დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ როგორც
_ მეცნიერული ცოდნის უდავოდ დადგენილი ფუნდამენტური დებულებების პრაქტიკული განხორციელებისა (რამდენადაც იგულისხმება, რომ კონსტიტუცია დგება ამ ფუნდამენტური მეცნიერული ცოდნის შესაბამისად და მისი გათვალისწინებით, ყოველ შემთხევევაში, არა მის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, დაუშვებელია კონსტიტუციის დამფორმულებლების მიერ არ იქნას გათვალისწინებული მონტესკიეს მიერ შეცნობილი პრინციპი, რომ საზოგადოების ქმედით ფუნქციონირებას და მასში ადამიანის ინტერესისა და ღირსების დაცვას სჭირდება ძალაუფლებათა გაყოფა).
_ შეზღუდვისა მოქალაქეთა მიმართ სახელმწიფოებრივი იძულების განხორციელების საქმეში _ პრაქტიკულად, იმ უფლებადაცვითი ნორმების შესაბამისად, რომლებიც ხელმოწერილია მოცემული სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში საქართველოს, მიერ.  (მაგალითად, დაუშვებელია, რომ კონსტიტუციის მიხედვით დაშვებული იყოს ეჭვმიტანილის უდანაშაულობის პრეზუმფციის სავალდებულოობის უგულებელყოფა ისეთი შემთხვევისათვის, როცა საქმე ეხება განსაკუთრებით საშიშ დანაშაულს).
_ შემოქმედებითი სტიმულისა კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავეთა აზრისათვის, რომ სრულყოს ეს ტექსტი მის მიერ რეალურ პრინციპულ ამოცანათა მოცვის, პრინციპთა სიღრმის, ფორმულირებათა სიზუსტის, კომპაქტურობის, შესაძლო შედეგთა რეალისტური გათვალისწინების და სხვა არაერთი თავალსაზრისით. არცერთი სხვა სახე მსოფლიოს სადღეისო და ისტორიულ პრაქტიკაში მოცემული პრეცედენტების გავლენისა საქართველოს კონსტიტუციის შექმნის პროცესზე (მაგალითად, ასეთი მოტივებით: “მეტისმეტად განსახვავებული ხომ არ გამოგვივა განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციებისაგან?” “რას იფიქრებენ ამა და ამ ჩვენთვის პატივსაცემ ქვეყანაში?”) ჩვენ დასაშვებად არ მიგვაჩნია.

2. სოციალური დაცვის თემა კონსტიტუციაში
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის რაგვარობასა და მიმართულებას, თვით მის საჭიროებასაც კი განსაზღვრავს,
_ ის, თუ რა სჭირდება მის მოქალაქეს (საკვები, ბინა, ჯანდაცვა და ა.შ.),
_ ის, თუ რის მიცემა მისთვის მიაჩნია საჭიროდ სახელმწიფოს (სასიცოცხლო საგნები, რომ ფუნქციონირება შეძლოს, პლუს გასართობი, რომ არ მოსწყინდეს, პლუს ჯანდაცვა, რომ კარგად იყოს, პლუს პენსია, რომ სიბერის არ ეშინოდეს და კიდევ სხვა რამ ან ნაკლები რამ) და
_ რის გაღებას თავის სასარგებლოდ აიძულებს სახელმწიფოს თვით მისი მოქალაქე სხვადასხვა ზეწოლითი ქმედებების სახით. სამივე ამ კრიტერიუმის კონკრეტული შემავსებელი შინაარსი დამოკიდებულია სახელმწიფოს ნების მიმართულებაზე და მის მიერ ღირებულებად აღიარებულ საგანთა (პრინციპთა, ვითარებათა, ფიზიკურ ობიექტთა) რომელობაზე, ერთის მხრივ, და მოქალაქეთა ამავე არჩევანების რომელობასა და რაგვარობაზე, მეორეს მხრივ, ანუ, ჯამში, სახელმწიფოს მმართველებისა და მოქალაქეების მენატლობაზე მის მთლიანობაში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ღიად, ექსპლიციტურად, შეძლებისადაგვარად შთამბეჭდავი და ზუსტი სიტყვებით დაფიქსირებული იყოს, რომ უმაღლესი ღირებულება, სახელმწიფოს თვალში, როცა იგი თავის სოციალურ პოლიტიკას საზღვრავს, არის არა ეკონომიკის  ნაყოფიერება (თუნდა მონეტარისტული მიდგომით და თუნდა ფიზიკალისტურით) და არსებული მოსახლეობისაგან რაც შეიძლება მეტი შრომითი წვლილის მიღება, ჯამში, თავისი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად (დასახელებული ღირებულებები თვითმიზნური არ არის. ეს მხოლოდ საშუალებებია), არამედ, ამის გარდა და ამის ზემოთ, თვით ამ მოსახლეობის ხარისხის და მისი ე.წ. ცხოვრების ხარისხის ზრდა. სახელმწიფო თავის მოქალაქეთა მასას განიხილავს არა მხოლოდ მისგან მისაღები შრომის თვალსაზრისით, ანუ არა იმის მიხედვით, რასაც ეს მოსახლეობა შექმნის, არამედ, ამასთან ერთად, იმის მიხედვითაც, თუ როგორ შეიქმნება, ჩამოყალიბდება თვით ეს მოსახლეობა თავის დღეს მაცხოვრებელსა და მომავალ თაობებში: სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სახელმძღვანელო მიზანთა შორის უნდა იყოს თვით მოსახლეობისთვის, ჯერ ერთი, ოპტიმალურად თავისუფალი სივრცის მიცემა, რათა მან თავისი თავის თავისი გემოვნებისამებრ განვითარება, ანუ საკუთარი ადამიანური ხარისხის ამაღლება შეძლოს, მეორეც, ამ საქმეში მისთვის სახელმწიფოებრივი დახმარების აღმოჩენა იმ სპეციფიკური საშუალებების გამოყენებით, რაც სახელმწიფოს კერძო პირებთან და მათ ორგანიზაციებთან უპირატესობად აქვს.

დავაკონკრეტოთ ნათქვამი რამდენსამე მაგალითზე.
პირველი. მოსახლეობა, ანუ ხალხი, საჭიროებს როგორც ჯანსაღ ეკოლოგიურ სივრცეს, ანუ საღი პროდუქტების ჭამას და სუფთა ჰაერის სუნთქვას, ისევე ჯანსაღ პედაგოგიურ სივრცეს. მაგალითად, დედას რომ საბავშვო ბაღის ასაკის ან ცოტა უფრო დიდი ბავშვი ქუჩაში გამოჰყავს, იქ მან მხოლოდ ისეთი წარწერები უნდა დაინახოს, რომელთა შინაარსის მისთვის ახსნა დედას შეუძლია, ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ დედა ამ სამყაროს _ მათს მშობლიურ ქალაქს _ ფლობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იკარგება საჭირო პედაგოგიური მიმართება დედა-შვილს შორის და ბავშვსა და მის სამყაროს, მის სამშობლოს შორისაც. ანუ დედისთვის გაუგებარი წარწერა ქუჩაში არ უნდა იფინებოდეს. ღია სივრცეში, ტელევიზიის ჩათვლით, დანახული ყველა კადრები თუმცა ვერ დაემთხვევა დედამისის მიერ ბავშვისა და მოზარდისთვის დახატულ იდილიურ სამყაროს, მაგრამ ამ დანახულში იმპლიციტურად (ნაგულისხმევად) მოცემული და ბავშვის მიერ მასში ამოკითხული აქსიოლოგიური შკალა, ანუ ღირებულებათა იერარქია, არ უნდა მოდიოდეს პირდაპირ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც მშობლები ბავშვს უნერგავენ მისი ჯანსაღად აღზრდის მიზნით. მაგალითად, როცა დედა შვილს ეუბნება “შვილო, მოითმინე ტკივილი, თუ გინდა კბილები ჯანმრთელი გქონდეს” და ბავშვი ხედავს რეკლამას “დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, დალიე სპრაიტი”, მაშინ ამ შთაბეჭდილების პედაგოგიურად ცუდ, სახელდობრ, დამასუსტებელსა და პოზიტიური ღირებულებების მადისკრედიტირებელ გავლენას ბავშვი ვერ გაექცევა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ მართულ ტელეეკრანებზე გამოჩენილი პორნოგრაფია ანტიპედაგოგიური იმით კი არ არის, რომ ეს პორნოგრაფიაა, არამედ პირველ ყოვლისა იმით, რომ ეს ღირებულებათა სხვა, ანტიპედაგოგიური შკალის მიზანმიმართული შეთავაზებაა ნაცვლად იმისა, რასაც მიზნად დღესდღეობით საზოგადოებაში მიღებული, პრინციპში, ძირითადად, ჯანსაღი შკალის დარღვევა აქვს.

მოვიყვანოთ კონტრასტისათვის, როგორც იმის ილუსტრაცია, თუ რას ვგულისხმობთ “ჯანსაღ პედაგოგიურ სივრცეში” კონკრეტული მაგალითი. ბრიტანული “ნეიშენელ ჯეოგრეფიკ”, რომელიც სახელმწიფო არხია, გვიჩვენებს იმის უაღრესად შთამბეჭდავ სურათებს, რომ ცივილიზაციის თანამედროვე ტექნიკური მონაპოვრები არ ათავისეუფლებს და ვერ გაათავისუფლებს ადამიანს მისთვის ბუნების მიერ მიცემული პირადი ფიზიკური გამბედაობისა და ნებისყოფის აუცილებლობისაგან: თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის ცხოვრების აქტივში უნდა იყოს ლომების პრაიდში შესვლაც, ნიანგების ხახაში მათი ყბის კუნთების გამზომი აპარატურის ჩაჩრაც, უპარაშუტოდ გადმოხტომისა და სხვის პარაშუტზე მოკიდების სპორტიც და ამავე ყაიდის მრავალი სხვა რამეც. ამ ფილმებით ბრიტანეთის სახელმწიფო თავის ახალ თაობას ჯანსაღად, უფრო ზოგადად რომ ვთქვათ _ ხარისხიანად ზრდის. საქართველოს ხელისუფლება კი თავისას შეგნებულად ამჩვარებს და რყვნის. მას ატყუებს, თითქოს მოწინავე მსოფლიოს აქსიოლოგიური ევოლუცია ტრადიციული პოზიტიური ღირებულებების უკუგდებისკენ მიდიოდეს.

მეორე იმგვარი კეთილსაგნის მაგალითად, რომელიც სახელმწიფომ უნდა მისცეს მოქალაქეებს თავისი სოციალური პოლიტიკის კონტექსტში, დავასახელებთ სოციალური წინსვლის თავისუფალ სივრცეს მოზარდ და ახალგაზრდა თაობათათვის. მოზარდმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ, თუ თვითონ ივარგებს, შეუძლია, პრინციპში, ნობელის ლაურეატიც გახდეს და გაეროს გენერალური მდივანიც. მას უნდა სჯეროდეს, რომ სახელმწიფო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მას ამ კარიერისთვის ვარგისად ზრდის.  და არა მხოლოდ “დასაქმებისათვის” (იგულისხმება _ ძირითადად, მოსამსახურე პერსონალის როლში დასაქმებისთვის) გამზადებულ მაძიებლად, როგორც ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იქმს და აპიარებს. ამისთვის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი პირობაა განათლება, რომელიც საქართველოში დღეს ხელის ერთი მოსმით თითქმის ნოლზე დაყვანილია რუსეთის პირდაპირი ბრძანებით, მაგრამ “დასავლური ღირებულებებისადმი” მისწრაფების ყალბი დამოწმებით. კომენტარისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორი კეთილსაგანი _ ჯანმრთელი პედაგოგიური სივრცე და თავისუფალი სოციალური მობილობის სივრცე, ასე ვთქვათ, ამბიციის სივრცე _ არ იგულისხმება მუქთა საჩუქრად სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანის სოციალურ უფლებათა იმ რიგსა და კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც კონსტიტუცია კი უნდა აღიარებდეს ასეთებად, მაგრამ აქვე შენიშნავდეს, რომ ამგვარ უფლებათა ჩამონათვალის აღიარებიდან არ გამომდინარეობს სახელმწიფოს ჯიბიდან მათი რეალიზაციის დაფინანსების მოთხოვნა. მათი აღიარება კონსტიტუციაში თავისთავადვე ღირებულია იმიტომ, რომ აკანონებს სახელმწიფოს მიზანსახვას მოქალაქის ამ ინტერესის დაკმაყოფილებისკენ, ისიც _ როგორც მიღებულია გამოთქმა _ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში (პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებამ ამ მხრივ სიზარმაცე გამოიჩინა, მას ემუქრება პანღურის დიდი ალბათობა შემდეგ არჩევნებზე). ისიც იგულისხმება და აღინიშნება კიდეც ექსპლიციტურად (გაცხადებულად) არაერთი გამართული ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ ამ რიგის უფლებები რეალიზებადია მხოლოდ დაინტერესებული პირის (მოცემული ახალგაზრდის ან მოზარდის) სათანადო პირადი მონაცემების, მათ შორის სიბეჯითის შემთხვევაში.

მოქალაქის სოციალური უფლებების ამგვარი, შედარებით ფართო განსაზღვრა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, ადვილად მოიმკის ეჭვს და ირონიულ შენიშვნას “ადამიანის ასეთნაირი გაბედნიერება და მასზე ზრუნვა ხომ საბჭოთა სოციალიზმმაც იცოდა, როცა სახელმწიფოს პოზიცია მოქლააქისადმი ასეთი იყო: “საქონელი ხარ, მონა ხარ. მინდა გამუშავებ, მინდა გაგკრეჭ და მოგწველი, მინდა დაგკლავ, მაგრამ ჩემი ხარ, ჩემი საქონელი ხარ, ამიტომ, სანამ შენი დაკვლა არ დამჭირვებია, გზრდი, გაჭმევ, გმკურნალობ და ყველა სხვა შენს საჭიროებას მუქთად ვაკმაყოფილებ”. სინამდვილეში ჩვენი მოსაზრება სოციალისტური მიდგომისგან რადიკალურად განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს უფლების აღიარებაზე და მისი რეალიზაციისკენ თავისუფალი გზის გახსნაზე და არა მუქთად ჩუქებაზე. ჩვენი ამ მიდგომის რეალიზმი კერძოდ საქართველოში იმაში მდგომარეობს, რომ მაღალი ღირებულებები, რომლებზეც აქ ლაპარაკი გვაქვს, ქართველი ხალხის საკუთარი, კერძო გემოვნებისთვის უმაღლესად აღიარებული ღირებულებებია. ამიტომ მოქალაქე არ ელოდება, რომ სახელმწიფომ მას ეს ღირებულსაგნები (ჯანსაღი აღზრდა, განათლება) აჩუქოს. იგი თვითონ მონდომებულია, რომ მათი მოპოვებისათვის ნებისმიერი ძალისხმევა გაიღოს. (ვთქვათ, შვილების განათლებისათვის). ამაში სახელმწიფოს ის წვლილი, რომელიც მან უნდა გაიღოს თავისი მოქალაქის დაკმაყოფილებისთვის (ეს წვლილია პრინციპული აღიარება თავის მიზნად და თავისუფალი გზის გახსნა) ემთხვევა მოქალაქისას. ანუ ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა ის, რასაც სახელმწიფო მოქალაქეს უგეგმავს და უპირებს “თავისი შეძლებისამებრ”, და ის, რასაც მოქალაქე, თუ სახელმწიფომ ამ საქმეში უგანა, მისგან გამოძალვას მოუნდომებს.

მაღალი ღირებულებები, რომელთა მოპოვებისთვის ბრძოლასა და შრომას ქართული სახელმწიფო, ჩვენის აზრით, თავისი მოქალაქის უფლებად უნდა აღიარებდეს, მოიცავს ჯანმრთელობასაც, სილამაზესაც, ვარჯიშით მოსაპოვებელ მახასიათებლებსაც და სწავლით მოსაპოვებელსაც, მაღალ ინტელექტუალურ განვითარებასაც და მაღალ ადგილსაც ვაჟკაცობის საერთაშორისოდ ცნობილ შკალაზე, მკვეთრად აღმავალ სოციალურ მობილობასაც და მრავალ სხვა რამესაც. ამ ჩამონათვალში ბევრია მეტ-ნაკლებად ყველა ხალხის მიერ აღიარებული და ღირებულებათა თავისი პირადი სისტემის განუყოფელ ნაწილად შესისხლხორცებული, მაგრამ ყველა ხალხის მიერ აღიარებული არ არის. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქართული კონსტიტუციის მიერ აღიარებული სოციალური უფლებების ჩამონათვალი ცოტა უფრო ფართო იყოს, ვიდრე დღესდღეობით განვითარებული ქრისტიანული ქვეყნების კონსტიტუციებში აღიარებული. საშუალოდ, ეს ღირებულებები და უფლებები ბუნებრივ მისწრაფებათა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადამიანებს უბიძგებენ თავისი პირადი ადამიანური ხარისხის და თავისი საზოგადოების ხარისხის ამაღლებისკენ, და არა მცონარე თვითკმაყოფილებისკენ და იაფფასიანი ჰედონიზმისკენ.

აქ ერთი დამატებითი შენიშვნაც გვმართებს. მაღალ და შედარებით მაღალ ღირებულებათა და ღირებულსაგანთა შორის, რომელთა დაუფლების შესაძლებლობასაც თანამედროვე კონსტიტუციები მოქალაქის სოციალურ უფლებათა ელემენტებად თვლიან, ზოგჯერ სახელდება “ღირსებაც” (დიგნიტყ). საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენი აზრით, შეუძლია და ჰმართებს ამაზე ცოტა შორსაც წავიდეს. “ღირსება” ამ კონსტიტუციებში და ამ კონტექსტში განუმარტავად არის ხოლმე დატოვებული და მასში, ჩვეულებრივ, იგულისხმება უფრო პირადი შეურაცხყოფისაგან დაცვა და პირადი სოციალური დამოუკიდებლობის გარანტირებული ხელშეუხებლობის განცდის ქონა, ვიდრე რამე სხვა. საქართველოს დღევანდელი მოქალაქისათვის კი, რომელსაც უკვე თითქმის ოცი წელიწადია ატვინებენ (მანამდე კომუნისტური ყალბი პროპაგანდით გამოტვინებულობის ფონზე) და აგონებენ, რომ მის ოცნებათა ბუნებრივი საზღვარია მომსახურებაში დასაქმება და მისი სიამაყის საზღვარი ისაა, რომ რამე არ შეეშალოს ვინმე გონებრივად ჩამორჩენილი სექტანტის ან სექსუალური უმცირესობის “უფლებათა” დაცვაში თავის ქვეყანაში, საჭიროა იმის კონსტიტუციური აღიარება, თუ რას ნიშნავს ადამიანური ღირსების ცნება რეალურად. ღირსება მეტია, ვიდრე პირადი დაცულობა ცხოვრების რაგინდარა პარამეტრში. იგი ნიშნავს სხვა ყოველივესთან ერთად ადამიანის მიერ თავისი თავისუფლების სრულ რეალიზაციას ამ სიტყვის (“თავისუფლება”) სრული მნიშვნელობით, რომელიც მოიცავს იმ მომენტსაც, რომ ადამიანი გარე სამყაროს, პირველ ყოვლისა _ თავის საზოგადოებას და თავის ქვეყანას, ისევე როგორც ამ უკანასკნელის ადგილს სხვა ქვეყანათა შორის, ისე აგვარებდეს, როგორც თვითონ მიაჩნია უმჯობესად და სამართლიანად. ამიტომ სოციალურ უფლებებში, რომელთა მიცემასა და უზრუნველყოფასაც სახელმწიფო უპირებს თავის მოქალაქეს, სასურველია იყოს მისი დაუბრკოლებელი ინფორმირებულობაც მისი სახელმწიფოს პოლიტიკური პრობლემების, გამოწვევებისა და საშიშროებების შესახებ, რათა მოქალაქეს მათი გააზრებისა და მათში თავისი წვლილის შეტანის შეუფერხებელი საშუალება ჰქონდეს.

3. საქართველოს კონსტიტუციური წყობის ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური საფუძვლები

ბუნებრივი კანონებისა და ნორმატიული კანონების სასურველი ურთიერთმიმართება საქართველოს კონსტიტუციურ წყობაში
1. საქართველოს ისტორიულად მოჰყვება და დღესაც აქვს ის სპეციფიკური პრობლემა, რომ მასთან დაპირისპირებულია შეუდარებლად აღმატებული რესურსის მქონე კულტურულად და რელიგიურად განსხვავებული აღმოსავლეთი ქვეყნები, რის გამოც მისთვის ეროვნული გადარჩენის პრობლემა არა პერიოდული, არამედ მუდმივად მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი პრობლემაა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მარეალიზებელი სტრუქტურის _ სახელმწიფოს _ მუდმივი მოვალეობაა და უფლებაა, თავისი აქტივობით მრავალ შემთხვევაში წინ აღუდგეს სტიქიურ პროცესებს, რომლებიც მიმართულნი არიან საქართველოს წალეკვისაკენ ხსენებული მეზობლების მიერ. ამიტომ საქართველოს კონსტიტუციაში დასაშვებია და გარდუვალია, რომ კონსტიტუციური ნორმები ნორმატიული კანონები უფრო ხშირ შემთხვევაში, ვიდრე მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში საშუალოდ, მიმართული იყოს ბუნებრივი კანონებით მართული პროცესების ვოლუნტარული (მიზანზე დაფუძნებული) რეგულირებისაკენ ან აღკვეთისაკენ. ეს ეხება, განსაკუთრებით, დემოგრაფიულ პროცესებს, რომელთა იმიგრაციულ-კანონმდებლობითი რეგულირების გარეშე საქართველოს დემოგრაფიული წალეკვა ელის, მაგრამ არაერთ სხვა სფეროსაც, ეკონომიკურის ჩათვლით.

საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე კონსტიტუციის ღერძია მისი ზოგად-ეროვნული ამოსავალი მიზნები. მათი კონსტიტუციური ფორმულირება, ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვერდს ვერ აუვლის გარე ძელების პირისპირ გადარჩენის საჭიროების ფაქტორს. ამიტომ სახელმწიფოს მიზანთა ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს შემდეგ ჩანაწერსაც. “საქართველო, როგორც დედამიწის ერთერთი ნაწილი, არის ქართველი ერის, როგორც კაცობრიობის ერთერთი ნაწილის, ქვეყანა. ქართველი ერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავტოხთონური მოსახლეობაა. საქართველო არის ქართველი ერის სამშობლო, ანუ დედამიწის ის ერთადერთი ნაწილი, რომელზედაც ქართველ ერს შეუძლია გარანტირებული თავის რჩენა და თავისი თავის, როგორც ერის, ყოველმხრივი რეალიზაცია”. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანთა ჩამონათვალში შედის ობიექტური პირობების შექმნა საქართველოს მარადიულყოფისათვის, როგორც
_ 1991 წლის საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და სახელმწიფოსი
_ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისა და სახელმწიფოსი
_ დღევანდელი სახელის “საქართველო” მატარებელი ქვეყნისა და სახელმწიფოსი და
_ ქართული ქვეყნისა და სახელმწიფოსი, ანუ ისეთისა, რომელშიც ქართული ენა საყოველთაოდ ცნობილი (გასაგები) ენაა და რომელიც თავის მოქალაქესთან ურთიერთობას ახორციელებს ქართულ ენაზე.
ეს მიზანი საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუვალი (აბსოლუტური) მიზანია და მის საწინააღმდეგოდ ან მის საზარალოდ მიმართული არცერთი საკანონმდებლო აქტი, აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და კერძო პირის არცერთი ქმედება არ დაიშვება. თქმული შეიტანება საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის სახით, როგორც ნორმა.

ზემოთ მოცემული განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოს ერთერთი მიზნისა (და არა ის, რომ პრინციპი საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობისა კანონის წინაშე დარღვეული იყოს ეროვნებით ქართველების სასარგებლოდ, რაც დაუშვებელია) შეადგენს ცნების “ეროვნული სახელმწიფო” შინაარსს.

სხვა სიტყვებით: საქართველოს დღევანდელ დღეს, ანუ დღევანდელ საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც დღეს არსებული მსოფლიო სისტემის ერთერთ ელემენტს, არამედ აგრეთვე როგორც საქართველოს წარსული და მომავალი ისტორიის ერთერთ მომენტს. საქართველო, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, თავის თავის, როგორც ქართული ქვეყნისა და სახელმწიფოს, დღევანდელ ინტერესებზე და, ამასთანავე, თავისი უსასრულო მომავლის ინტერესებზე ორიენტირებული და თავისი ძალისხმევის ამ ინტერესებზე მიმმართველი ქვეყანა და სახელმწიფოა.

აღნიშნულის სამართლებრივი შედეგი (ერთი მაგალითი):
ზემოთ ფორმულირებული პრინციპის საკანონმდებლო (კონსტიტუციური) ფიქსაცია განაპირობებს იმას, რომ საქართველოს, როგორც ქართული სახელმწიფოს, მარადიულყოფის ინტერესი იმპერატიულად გათვალისწინებული იქნება, მაგალითად, მიგრაციულ პოლიტიკაში. (ვთქვათ, იმიგრაცია შეწყდება, შეჩერდება ყოველთვის, შემდგომი მოტივაციის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მის შედეგად მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობაში ქართული ენის მცოდნეების ანუ მოქალაქეების ქცევა უმცირესობად და შესაბამისად _ ქართული ენის, როგორც თავის მოქალაქეებთან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციის ენის, უფუნქციოდ დარჩენა).

შენიშვნა 1: ქართველი ერის გარდა საქართველოშია აფზახი ერის სამშობლოც, ანუ დედამიწის ის ერთადერთი ნაწილი, რომელზედაც ამ ერს შეუძლია თავისი მარადიული და ყოველმხრივი თვითრეალიზაცია, საკუთარი გენეტიკური, ტრადიციული და მენტალური მოთხოვნილებებისა და გემოვნების შესაბამისი საზოგადოების და ცხოვრების წესის შექმნის ჩათვლით. მეცნიერებისათვის ცალსახად ცნობილია, რომ ამ ერის, მოდგმით ადიღეურის (ჩერქეზულის) წინაპრები საქართველოს “აფხაზეთად” წოდებულ ნაწილში იმიგრირებულნი არიან კავკასიონის ჩრდილოეთი მხრიდან, ადიღეური მოდგმის ხალხთა გავრცელების არეალიდან, ძირითადად, XVII საუკუნეში, რის შედეგადაც მათ ქართულად, აქედან _ სხვა ენებზეც ეწოდათ “აფხაზი”. ამ შემოსახლების უშუალო წინახანებში ეს ტერმინი აღნიშნავდა ან დასავლეთ ქართველს ან ქართველს საერთოდ. თვითონ დღევანდელი აფხაზები თავის თავს “აფსუას” უწოდებენ. მაგრამ იმიგრაციის შემდეგ ამ მოსახლეობას გამოუმუშავდა საკუთარი ეროვნული თვითცნობიერება (ნაცვლად ზოგად-ადიღეურისა), რის გამოც მას ტერიტორიული ეროვნული თვითრეალიზაციის ასპარეზად საქართველოს გარეთ მდებარე არცერთი ტერიტორიის მიჩნევა აღარ შეუძლიათ. თქმულიდან გამომდინარე, აფხაზ (“აფსუა”) ერს საქართველოში თავისი ტერიტორიული თვითრეალიზაციის უფლება აქვს. ამ უფლების განხორციელება მისი ამ უფლების იმ ელემენტის მოცვით, რომ შექმნას საკუთარი ტრადიციითა და გემოვნებით აგებული საზოგადოება (იხ.  აქვე, ზემოთ) შეიძლება განხორციელდეს ან იმ ფორმით,. რომ იგი (ასეთი ტერიტორიულად განსაზღვრული აფხაზური საზოგადოება) შეიქმნება აფხაზთა კომპაქტური დასახლების სივრცეში (გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში), ან იმ  ფორმით, რომ აფხაზებისთვის მოსაწონი სასურველი ნიშნები საზოგადოებისა და ცხოვრების წესისა წარმოდგენილი იქნება მთლიანად აფხაზეთში, მაგრამ იმგვარი პროპორციით, როგორითაც ეს მისაღები იქნება აფხაზეთის დანარჩენი, ქართველი მოსახლეობისათვის. შესაძლებელია, ამ ორი ფორმის შეთავსებაც.

შენიშვნა 2. აფსუა ტომების, ანუ მომავალი აფხაზი ერის წინაპრების იმიგრაცია საქართველოში ნაწილობრივ მშვიდობიანი იყო, ნაწილობრივ არამშვიდობიანი. მაგრამ ეს უკანასკნელი შემთხვევა, როცა ხდებოდა იმიგრანტთა მიერ  ადგილობრივთა დემოგრაფიული და ეთნიკური დამარცხება ისეთ პირობებში, როცა ციხეებში თურქული გარნიზონები იდგნენ,. არ იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ აფხაზეთის ტერიტორია იმიგრანტთა მიერ დაპყრობილად და, მაშასადამე, ამ ფაქტის შემდეგ მათ საკუთრებაში გადასულად იქნას აღიარებული: იმიგრანტთა გამარჯვებები არასოდეს არ მიყვანილა იმ ნიშნულამდე, რომ ხსენებული ტერიტორია საქართველოს მოსწყვეტოდა იურიდიულად: აფხაზეთი მას შემდეგ არსებობდა, როგორც სამთავრო ან ოდიშის მთავარისადმი (დადიანისადმი) ვასალურ დამოკიდებულებაში, რომელიც თვითოდ დასავლეთ საქართველოს მეფის ვასალი იყო, ან უშუალოდ დასავლეთ საქართველოს მეფის ვასალობაში. თარიღი, როცა აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შესულიყოს ან მისგან გასვლის შემდეგ დაბრუნებულიყოს, ისტორიაში არ არსებობს (რაც, სხვათა შორის, იმის ერთერთი ილუსტრაციაა, რომ ქართიულ-აფხაზურ ურთიერთმიმართებასა და რუსულ-ჩეჩნურ ურთიერთმიმართებას შორის არანაირი ანალოგია არ არსებობს: ისტორიაში არ არის თარიღი ჩეჩნების დასახლებისა დღევანდელ ადგილზე, მაგრამ არის თარიღი (XVIII-XIX სს) ამ ტერიტორიის (იძულებითი) შესვლისა რუსეთის შემადგენლობაში).

2. საქართველოს სამართლიანი, რეალისტური და, ამდენად, სტაბილური სახელმწიფოებრივი მოწყობის კონსტიტუციური დაფორმულება გვერდს ვერ აუხვევს საქართველოს არაქართველი მოქალაქის იურიდიული, მაგრამ მასთან ერთად აგრეთვე იდეოლოგიური, ანუ მორალური და მეტაიურიდიული სინამდვილით განპირობებული სტატუსის თემას. პრობლემის ფრანგული გადაჭრა, სადაც ყველა მოქალაქე “ფრანგია”, საქართვე¬ლოსთვის მიუღებელია მისი ზედაპირულობის და, მაშასადამე, არასანდოობისა და არასტაბილურობის გამო. საბჭოთა სისტემა მცოცავი რუსიფიკაციისა მიუღებელია მისი შოვინიზმის გამო, სააკაშვილისეული სისტემა ეროვნების, როგორც მოქალაქისა და პიროვნების ნიველირებისა, ამ უარსებითესი პარამეტრის, ჭკუამსუბუქი უგულებელყოფისა, არარეალისტურობის და ანტიქართულობის გამო. საქართველოსთვის მისაღებია მხოლოდ პრინციპი “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე”, რაც გულისხმობს, სხვა ასპექტთა შორის, იმასაც, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დოკუმენტებში თავისი ეროვნული რეკვიზიტების აღნიშვნისა. სახელმწიფომ უნდა იცოდეს ასეთ აღნიშვნათა სტატისტიკაც და მისთვის საინტერესო მოქალაქის ეს მენტალურ-მსოფლმხედველობრივი მახასიათებელიც. თუ დიასპორული ეროვნების მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაციების სტატისტიკა მაღალია, მაშინ სახელმწიფო ითვალისწინებს ამ მონაცემს ამ ეროვნების სახელმწიფოსთან თავისი ურთიერთობის პროცესში (მაგ. თუ ბევრი ფრანგი ჰყავს, ცდილობს საფრანგეთს არ ეომოს, რათა თავისი მოქალაქე მის თანამოეროვნესთან არ აომოს). ეს ცოდნა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი შინაგანი ორგანიზების პროცესშიც (მაგ. საფრანგეთთან ომი თუ აქვს, მაშინ ფრანგს, რომელიც თავს ამგვარად აიდენტიფიცირებს, იგი სარდლად არ დანიშნავს).

საჭიროა იმის ფიქსაცია, რომ
_ მოქალაქეს, რომელიც ქართველი არ არის, სახელმწიფო ვერ დაავალდებულებს, რომ იბრძოლოს სახელმწიფოს ინტერესებისათვის ისეთ პირობებში, როცა მოქმედი კანონი (ვთქვათ, ოკუპანტის კანონი) მისგან ამას არ ითხოვს და მას ამას უშლის.
_ მოქალაქეთა მიერ თავისი ეროვნების ფიქსაციის და არაფიქსა¬ციის ხსენებული ფაქტის გათვალისწინებით სახელმწიფოს აქვს საშუალება პროგნოზირებისა, ექსტრემალურ პირობებში როგორი იქნება და რა ალბათობით მოსახლეობის ამა და ამ ეთნიკური და გეოგრაფიული კატეგორიების ქცევა, რათა სახელმწიფომ ზურგში დანა არ მიიღოს.

იმისათვის, რომ საქართველოს არაქართველი მოქალაქის ადგილი სახელმწიფოში იყოს გამჭვირვალე, მკაფიოდ განსაზღვრული, რეალისტურად განსაზღვრული, ადამიანის პირად ღირსებასთან, როგორც მოქალაქისა, თავსებადი, ფორმალიზებული უნდა იყოს, ანუ კონსტიტუციურად განსაზღვრული უნდა იყოს პიროვნების, როგორც საქართველოს მოქალაქის, უფლებრივი და მოვალეობრივი მიმართება საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც (ეს მიმართება) ერთი და იგივეა განურჩევლად მოქალაქის ეროვნებისა, ანუ იმისა, ქართველია იგი თავისი ეროვნული ცნობიერებით თუ არა. ერთსა და იმავე კაცს საქართველოს წინაშე მოვალეობები აქვს როგორც ეროვნებით ქართველს და როგორც საქართველოს მოქალაქეს. მოქალაქის უფლებრივი მიმართება სახელმწიფოსთან, პრინციპში, ხელშეკრულებითია.
ამ განსაზღვრების ზოგადი აზრისა და სულისკვეთების საილუსტრაციოდ მკითხველს ვთავაზობთ, როგორც შესაძლო საკონსტიტუციო ნორმას, ასეთ ტექსტს:
“საქართველოს სახელმწიფო, როგორც საქართველოს მოსახლეობის მართვისა და ძალისხმევის ორგანიზების ისტორიულად ჩამოყალიბებული ინსტიტუტი თავისი განვითარების დღევანდელ ეტაპზე, არის საქართველოს მოქალაქეთა ერთობლივი ნებითა და დემოკრატიული წესით განსაზღვრული მმართველი სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს
_ ყოველი მათგანისათვის მის ინტერესთა კანონით დადგენილი მინიმუმის დაცვასა და შეძლებისდაგვარად გაფართოებას
_ მათი ერთობლივი ინტერესების დაცვასა და შეძლებისდაგვარად გაფართოებას
_ მათ შორის უფლებათა და მოვალეობათა პრინციპულად თანასწორ განაწილებას (და საამისოდ ობიექტური პირობების შექმნას)
_ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, აქტუალურ (მიმდინარე) ინტერესთა დაცვას და შეძლებისდაგვარად გაფართოებას
_ საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, სამომავლო ინტერესების დაცვასა და შეძლებისდაგვარად გაფართოებას _ მათი შთამომავლობისთვის საქართველოს ტერიტორიის დაუზარალებლად შენარჩუნების ჩათვლით, როგორც თავის სარჩენი მატერიალური ბაზისა და სრული მოქალაქეობრივი თვითრეალიზაციის ასპარეზისა.
საქართველოს მოქალაქედ ფიზიკური პირის ყოფნა მდგომარეობს ამ პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის კანონით დადგენილი უფლებებით სარგებლობაში და კანონით დადგენილი მოვალეობების შესრულებაში. საქართველოს მოქალაქის უფლებები წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს მოვალეობებს მოქალაქის წინაშე.

ყოველი მოქალაქე თავისუფალია იმის არჩევაში, იტვირთოს თუ არა ეს მოვალეობები და სამაგიეროდ მიიღოს თუ არა ეს უფლებები, ანუ იმის არჩევაში, იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ყველა მოქაალაქეს აქვს ერთი და იგივე უფლებები და ერთი და იგივე მოვალეობები (ანუ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე).
საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს უარის თქმისა საქართველოს მოქალაქეობაზე მოტივაციის გარეშე. პირუკუ. საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს შეუწყვიტოს მოქალაქეს, შესაბამისი მოტივაციით, საქართველოს მოქალაქეობა კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს მოქალაქის მოვალეობები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და პირუკუ, საქართველოს სახელმწიფოს მოვალეობები მოქალაქის მიმართ ძალაშია მანამდე, სანამ არ მომხდარა მოქალაქეობის შეწყვეტის იურიდიული აქტი.

საქართველოს მოქალაქის მოვალეობებია
_ საქართველოს კანონის დაცვა
_ საქართველოს სახელმწიფოს მიზანთა სამსახური (კონსტიტუციით გათვალისწინებულისა)
_ საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, ინტერესთა დაცვა სხვა ქვეყნებთან და სახელმწიფოებთან მიმართებაში.
საქართველოს მოქალაქის ამ მოვალეობათა საფუძველია ის, რომ
_ საქართველოს ყოველი მოქალაქე თანამოსარგებლეა იმ უპირატესობით, რომ მას, საქართველოს სახით, აქვს სახელმწიფო, რითაც მას თავისი ადგილი ეკუთვნის მსოფლიოს პოლიტიკურ სისტემაში და რითაც იგი (იდეალური) თანამონაწილეა ამ სისტემის ფუნქციობასა და მასში გადაწყვეტილებათა მიღებისა, აგრეთვე ყველა იმ უპირატესობით, რასაც ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე ადამიანს აძლევს ცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა.
_ მას და მის შთამომავლებს სიცოცხლის სამარადისო მატერიალურ ბაზად აქვთ საქართველოს მიწაწყალი მისი რესურსებითურთ

საქართველოს მოქალაქის უფლებებია
_ მისი სიცოცხლის, საკუთრების და ყველა სხვა ფუნდამენტური ინტერესის შეულახაობა და დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს კანონის თანახმად და დღევანდელ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ნორმების შესაბამისად
_ საქართველოს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონის და ამავე ნორმების შესაბამისად.
_ მისი ეროვნული (ეთნიკური) ინტერესის, ანუ მისი ეროვნული (ეთნიკური) ჯგუფის (მათ შორის _ მისი ერის) მარადიულყოფისა და თვითრეალიზაციის ინტერესის დაცვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ. საქართველოს მოქალაქის ამ უფლებათა საფუძველია:
_ მისი ადამიანური ბუნება, როგორც გონიერი და თავისუფალი არსებისა (ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებებითურთ)
_ მის მიერ მოვალეობათა ქონა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე”.

4. მიგვაჩნია, რომ გარდა ზემოთ შემოთავაზებული პუნქტისა (“საქართველოს მარადიუყლყოფა, როგორც….), საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფოს მიზანთა ჩამონათვალს უნდა დაემატოს ისიც, რომ საქართველო ისწრაფვის მსოფლიო საზოგადოებრიობის შიგნით სამართლიანი ჰარმონიისა და სტაბილურობისათვის ზრუნვის ამოცანებიდან გამომდინარე მიზნების განხორციელებისკენ და იმისკენ, რომ შეიმუშავოს, განახორციელოს თავის შიგნით და მსოფლიოს შესთავაზოს იდეალური და რეალისტური, ანუ რეალურად მუშაობისუნარიანი, მოდელი ყველა ერის, მათ შორის სახელმწიფოს არმქონე ერების, ეროვნული უფლების მინიმუმისა, რომელიც მოიცავს, სხვა ელემენტებთან ერთად, ტერიტორიულ ავტონომიასაც თავის ეთნიკურ სამშობლოში და ამ ტერიტორიაზე საკუთარი გემოვნებით მოწყობილი საზოგადოების შექმნისა და განვითარების გარანტირებულ უფლებასაც.

5. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვერ გაექცევა ცნება “სამშობლოს” ორი პრინციპულად სხვადასხვა შინაარსის დეფინირების ამოცანას, რაც ერთადერთი მეცნიერული მიდგომაა. ერთი დეფინიციაა “დაბადების, ცხოვრების და მოქალაქეობის ქვეყანა”, მეორეა “თავისი ერის მარადიულყოფისა და სრული თვითრეალიზაციის ქვეყანა”.

 

ნ. ნათაძე
პ.კოღუაშვილი

 

 “საქართველო”

იანვარი, 2010

 

დატოვე კომენტარი