Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• თ. ქავთარაძე – საქართველოს “მომავალი“ დღეს

♥ იბერიანა – Iberiana

 

თორნიკე ქავთარაძე

თორნიკე ქავთარაძე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  III კურსის  სტუდენტი

 

საქართველოს “მომავალი“ დღეს

 

21-ე საუკუნე  ცივილიზაციის, განვითარების ხანაა. მას თან ახლავს ინოვაციები სხვადასხვა სფეროში, მრავალი გამოწვევა, სიახლე. ეს ეპოქა გვაძლევს საშუალებას, ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მასიური ინფორმაცია, იყოს მეტად ინფორმირებული და ინტელექტის მაღალი დონის წყალობით გახდეს აქტიური მონაწილე საზოგადოებრივი და და მოქალაქეობრივი ცხოვრებისა.

თუმცა, ყველაფერს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. დღეს,  21-ე საუკუნეში თვალწინ გვაქვს მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ჩვენს მომავალს კარგს არაფერს უქადის. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სწორედ მომავალი თაობაა, ახალგაზრდობა, რომელსაც არც თუ ისე კარგ ვითარებაში უწევს ცხოვრება და ჩემი დღევანდელი საუბრის თემაც ზუსტად იმ აქტუალურ, მწვავე საკითხებს შეეხება, რაც საფრთხეს უქმნის მომავალ თაობასა და მაშასადამე ჩვენი ქვეყნის მომავალსაც.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული საქართველომ მრავალი რთული დღე გამოიარა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ერთიანი, სტაბილური, განვითარებული და პროგრესული სახელმწიფო ჰქვია. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით ახალგაზრდებზე იმოქმედა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მრავალი მშობელი ზღვებსა და ოკეანეებს გადაღმა გადაიხვეწა. აქ დარჩენილი შვილების უმეტესობა ყურადღების გარეშე დარჩა, ზოგი ქუჩას მიეჯაჭვა, ბევრმა ნიჭიერმა, გონებაგახსნილმა ახალგზრდამ უარი თქვა სკოლაზე, განათლებაზე.

მოგეხსენებათ.  განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – გვყავს ჩვენ განათლებული მომავალი თაობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია, თუ გადავხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვით, დაწყებითი განათლების ხარისხით საქართველო 144 ქვეყანას შორის 99-ე, ხოლო წიგნიერებისა და ზოგადი განათლების მიხედვით 74 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებს. შედეგი ნათელია, მაგრამ მიზეზების პოვნაა რთული, თუმცა აუცილებელი.

ზემოთ მოყვანილი მაგალითი, სადაც სოციალური ფაქტორების გამო ქვეყანამ მრავალი ნიჭიერი ადამიანი დაკარგა, მხოლოდ ერთ-ერთია ძირითად პრობლემებს შორის. ახლა მეორე კუთხიდანაც შევხედოთ საკითხს და დავსვათ კითხვა – რამდენად ვზრუნავთ იმ ახალგაზრდებზე, ვისაც უარი არ უთქვამს განათლებაზე, ვისაც აქვს შანსი მიზნის მიღწევისა და ვისზეც უნდა დავამყაროთ მომავლის იმედები? რამდენად ვუფრთხილდებით ამ რესურსს?

თავდაპირველად, დავიწყოთ განათლების იმ ინსტიტუტიდან, რომელიც პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს. ეს არის სკოლა – ზოგადი განათლებისა და სოციალიზაციის ინსტიტუტი, სადაც ხდება ბავშვის მოქალაქედ აღზრდა. ის ახალგაზრდებს მომავალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს, უნდა ამზადებდეს  და უნდა უქმნიდეს იმ საფუძველს, რაზეც, მან უნდა გააგრძელოს თავისი მომავლის დაშენება.  მაგრამ პასუხობს  ეს ინსტიტუტი ამ გამოწვევებს? რამდენად შედეგიანია ის საგანმანათლებლო რეფორმები, რაც ამ წლების მანზილზე ტარდება? საბოლოოდ ვიღებთ მეტად დამაფიქრებელ სურათს, სადაც ნათლად ჩანს მთელი რიგი პრობლემები: დაუხვეწავი, არაფრისმომცემი სახელმძღვანელოები, არაკვალიფიციური პედაგოგ-მასწავლებლები, მატერიალურ- ტექნიკური ბაზების უქონლობა და ა.შ. რაც ყველაზე საგანგაშოა, ხდება მოზარდის სკოლასთან გაუცხოება, სკოლა იქცა მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების ასპარეზად. ამ ყველაფრის შემდეგ, მრავალი მოსწავლე ვერ აბარებს დამამთავრებელ გამოცდებს, რჩება სასკოლო ატესტატის გარეშე და ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც პირველ ადგილზე უმუშევრობის პრობლემა დგას, ეს ახალგაზრდა ფაქტიურად დასაღუპადაა განწირული, მას ესპობა ყველა გასაქანი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვკარგავთ მომავალ თაობას.

ახლა მეორე საკითხი, რომელიც ეხება იმ ახალგაზდებს, ვინც ჩააბარა საატესტატო, ეროვნული გამოცდები და მოხვდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში –  უნივერსიტეტში. ხარისხიანი უმაღლესი განათლება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი სახელმწიფოს შენების უმთავრესი ფაქტორია. უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემები იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ტარდება მრავალი რეფორმა განათლების სფეროში, ბევრი რამ არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მოდად გადაიქცა, სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხი ყოველწლიურად იზრდება. ახალგაზრდებისთვის ხშირ შემთხვევაში თვითმიზანი არა ხარისხიანი განათლების მიღებაა, არამედ ის, რომ მოიპოვონ უმაღლესდამთავრებულის სტატუსი. ერთი სიტყვით, არც აქ არის მთლად სახარბიელო მდგომარეობა და მრავალი სტუდენტი მთელ რიგ პრობლემებს აწყდება რომელთა შორის პირველია მატერიალური მდგომარეობა. სწორედ იმ მიმბაძველობითი, „ვითომ“ ევროპული სტანდარტებისა და დაუხვეწავი განათლების სისტემის წყალობით 2016 წლის მონაცემებით ქვეყანაში 35000  სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. მათ უმრავლესობას სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. გარდა ამისა, ქვეყანაში დღეისთვის 57 უმაღლესი სასწავლებელია რეგისტრირებული, როდესაც საკმაოდ საეჭვოა, მათგან რამდენი აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც 21-ე საუკუნის უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, იკვეთება ტენდენცია, რომ კერძო უნივერსიტეტი უკეთესია, ვიდრე სახელმწიფო და არის კიდეც ამის მაგალითები. მაგრამ, ეს „უკეთესი“  განათლების ხარისხი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა ერთეულებისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მაგრამ მრავალ ასეთ უკეთეს კერძო სასწავლებელში სწავლის საფასური 10000 ლარზე მეტია, რისი ფუფუნებაც ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილს არა აქვს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი უნივერსიტეტის მეპატრონე, ორიენტირებულია პირად სარგებელზე და არა იმაზე, თუ რა პროდუქტს შესთავაზებს ქვეყანას.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. როდესაც საქსტატის 2016 წლის მონაცემებით საქართველოს 140 ათასამდე სტუდენტი ჰყავს, ამ დროს კი ქვეყანა უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარზეა, არ არის სამუშაო ადგილები და ყოველწლიურად თითქმის 17 ათასი სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტს, საინტერესოა, სად მიჰყავს და რას უპირებს სახელმწიფო ამდენ დიპლომიან ახალგაზრდას? მითუმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განათლების ხარისხით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით და იმ 17 ათასიდან  დიპლომიანი და უცოდინარი, თავისი საქმის დილეტანტი სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია. არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მათი უმრავლესობა კაფეებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში ხვდება მოლარე- კონსულტანტებად, სადაც სრულიად დამამცირებელ პირობებში უწევთ მუშაობა ყოველგვარი შეღავათების გარეშე, შრომის კოდექსის გაუთვალისწინებლად და სრულიად მიზერული თანხის გულისთვის, რაც სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის. არც ის არის ჩვენთვის უცხო, რომ სტუდენტებს თვით სწავლის პერიოდში უწევთ მუშაობა, ღამეების თენება და დილით ისევ ლექციაზე ჯდომა, რომ ოჯახს მდგომარეობა შეუმსუბუქონ. ცხადია, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს სტუდენტთა უმეტესობა ხარისხიანი ეფექტური განათლების მიღებას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. როგორც ცნობილია, საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის რაოდენობა 2.5 მილიონს არ აღემატება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  დასავლეთის მიმართულებით  ე.წ. ტვინების გადინება სწორედ საქართველოდან ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით. იმ ქვეყნიდან, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 2015 წელს გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულში შეიყვანა. ერთი მხრივ სასიხარულო, მისასალმებელი მოვლენაა, როდესაც ამდენ ახალგაზრდას საშუალება ეძლევა განათლება საზღვარგარეთ მიიღოს უფრო პრესტიჟულ, განვითარებულ, მაღალი დონის უნივერსიტეტში. მაგრამ, რა ვუყოთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ მათი უმეტესობა უკან არ ბრუნდება? იქ განათლებამიღებული, საღად მოაზროვნე ახალგაზრდა, რომელმაც გაიგო ნამდვილი ცოდნის გემო, იცის საკუთარი დონის ფასი, აღარ ფიქრობს უკან დაბრუნებაზე, ვერ ხედავს აქ იმ პერსპექტივას, რისი საშუალებითაც თავის ერუდიციასა და გამოცდილებას  საკუთარი თავისა და ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დავფიქრდეთ იმაზე, იქ ცოდნამიღებული კადრი რამდენად გამოყენებადია ჩვენს ცოდნით თუ შრომით  ბაზარზე. დღეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ტექნოლოგიური განვითარების გზას ადგანან,  ჩვენ კი ამ საკითხში საკმაოდ მოვიკოჭლებთ.

ბევრისთვის ისტორია ერთი გადაშლილი ფურცელია, ჩავლილი დღეებია, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ამბობენ  „ყველაფერი ახალი  კარგად დავიწყებული ძველია“ და ისტორიაც არ შეცვლილა. თუკი საუკუნეების წინ უცხოელი დამპყრობლები ძალით გვართმევდნენ ახალგაზრდა,  ნიჭიერ ქალ-ვაჟებს და თავიანთ ბაზრებზე ჰყიდდნენ, დღეს თავისუფლად, ჩვენივე  ნებით ვიმეტებთ საუკეთესო ქართულ გენსა და ჯიშს უცხო ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ასე უჭირს  და ისე გვჭირდება განათლებული, შრომისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი ხალხი, როგორც უდაბნოში მყოფს წყალი. ეს მაშინ,  როდესაც არავის აღელვებს, უცხოელთა მიერ ქალაქის შუაგულში გახსნილ ღამის კლუბებსა და ბარებში ქართველი 18-19 წლის გოგონები რომ მუშაობენ.

ჩემი არც თუ ისე სასიამოვნო საუბრის ძირითად ნაწილში, ყურადღება გამახვილებული იყო იმ ახალგაზრდებზე, ვინც საქართველოს „თავისუფალ“ ტერიტორიაზე ცხოვრობს. თუმცა, არსებული რეალობა, რომლის მიხედვით, დღეს „დროებით“ დაკარგული გვაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და იქ ქართული მთავრობის იურისდიქცია არ ვრცელდება, არ გვაძლევს უფლებას, რომ უარი ვთქვათ მათზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში  იქ მცხოვრებ ახალგაზრდებზე, ვინც მომავალში უნდა იქცეს „გაღმა ნაპირთან“ დაკავშირების მთავარ საშუალებად.

მაგრამ რა მდგომარეობაა დღეს ამ კუთხით?  რა გარემოში იზრდებიან აფხაზი ახალგაზრდები? შევძლებთ კი ოდესმე ისინი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ? ეს თაობა ომის შემდეგ დაიბადა, ომის შემდეგ იზრდება, მაგრამ ვისთვის იზრდება? არცერთი სიტყვა იქ ქართულად არ ჟღერს, არცერთი პროდუქტი, ნივთი იქ ქართული არ არის. ენას რუსულად იდგამენ, ბაღში, სკოლაში რუსულად ასწავლიან, გადაცემები რუსულად მიმდინარეობს და რაც ყველაზე საგანგაშო და სახიფათოა ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის, ისინი სწავლობენ ყალბ ისტორიას, ყოველდღე უყურებენ ომის შედეგად დანგრეულ შენობებს და ქართველების მიმართ სიძულვილის გრძნობა უფრო უმძაფრდებათ.

ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ეს „უძღები შვილი“  მამასთან დავაბრუნოთ? ან რა უნდა გავაკეთოთ? შესაძლებელია რომ მათ ინტერესი გავუღვიძოთ?

აი, როგორ სწყდება თანდათან სამშობლოს ძირძველი ნაწილი, ურომლისოდაც ქართული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, უფროსი თაობის ბევრ  წარმომადგენელს არც კი ესმის, თუ რა მძიმე სასჯელს უტოვებს მემკვიდრეობად მომავალ თაობას.

მე მოვიყვანე მაგალითები იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს „მომავალი“ ახალგაზრდობა, ჩემი თაობა, რომლითაც ასე ვამაყობთ, როგორც თავისუფალ, დემოკრატიულ, ჯანსაღ ქვეყანაში გაზრდილი მომავლით. აი შედეგი!!!  პრესა, ტელევიზია, აჭრელებულია არარეალური, ხელოვნურად აგორებული პრობლემებით, რომელთა ფონზეც გვავიწყდება მთავარი – ის, რაზეც ქვეყნის მომავალი უნდა აშენდეს, ის რესურსი, რომელსაც თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ და მომავლისთვის საძირკველს ვუმაგრებდეთ. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ დღეს, 21-ე საუკუნეში და საამაყო და საზეიმო არაფერი გავქვს, რადგან ეს უსარგებლო თესლი აღმოცენდება და ძალიან ცუდად დაგვხვდება წინ.

ვფიქრობ, საჭიროა განათლების სისტემის სრული ცვლილება, ძირეული რეფორმაცია და ეს ცვლილებები უნდა დაიწყოს დაწყებითი კლასებიდან, სადაც სახელმძღვანელოს პროგრამაში „მამიდასთანა“ ლექსების ნაცვლად შეტანილი იქნება ის მასალები, რაც ბავშვს სკოლას,  თავის ერსა და ქვეყანას შეაყვარებს და შეუქმნის პიროვნებად ჩამოყალიბების საფუძველს. ეს მხოლოდ მცირე დეტალია იმისა, თუ რა და როგორ  უნდა შეიცვალოს. მთავარია, სახელმწიფომ გაიაზროს თავისი ფუნქცია, მისია და ჩამოაყალიბოს ურყევი სისტემა, რომელიც ქვეყნის მომავლის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს და საით მივდივართ.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქადაგებაში ბრძანებს: “გლობალიზაცია მეტად რთული და პასუხისმგებლობით აღსავსე მოვლენაა, გონიერად მოქცევა გვმართებს, უნდა ვიცოდეთ რისი დათმობის უფლება გვაქვს და რისი არა!!!“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://geostat.ge/?action=page&p_id=205&lang=geo

http://geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo

http://newspaper.tsu.ge/ge/articles/view/184

https://greatcommitments.uga.edu

http://forbes.ge/news/393/brZeni-qarTveli-eri

PISA (PROGRAMME FOR INTERNATIONAL STUDENT ASSESSMENT).