Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

♥ აფხაზეთი-Abkhazia

Зураб Папаскири:  ПАРАД  НЕВЕЖЕСТВА

ზურაბ პაპასქირი

„უმეცრობის ფართი-ფურთი“

ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომ

აღნიშნული პოლემიკური წერილი დაიწერა 1992 წლის ნოემბერში სოხუმში გამომავალი ქართული გაზეთის „აფხაზეთის ხმის“ მთავარი რედაქტორის, ბატონ თამაზ ჩოჩიას შეკვეთით და გამოქვეყნდა 1992 წ. 21, 26 ნოემბერს (#150, #151).
სტატიის შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა აგრეთვე გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (#25, 26; 24 ივნისი, 1 ივლისი, 1994 წ.).

მოგვიანებით წერილი დაიბეჭდა წიგნში: ზურაბ პაპასქირი. აფხაზეთი საქართველოა (თბილისი, 1998, გვ. 76-101 – https://www.academia.edu/29437456/Afxazeti_Saqartveloa_Abkhazia_is_Georgia_.pdf).
გარდა ამისა, სტატია გამოქვეყნდა რუსულადაც: «Парад невежества. Или очередной вымысел известного фальсификатора» (იხ. გაზეთი: «Демократическая Абхазия»,
26 თებერვალი, 3 მარტი, 7 მარტი, 1993 წ. იგივე პუბლიკაცია
იხ. აგრეთვე წიგნში: Зураб Папаскири. Моя Абхазия. Воспоминания и размышления. Тбилиси, 2012, გვ. 241-264
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29851/1/Moia_Abxazia.pdf).

ელექტრონული ვერსია იბეჭდება უცვლელად, მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო (ტექნიკური ხასიათის) ჩასწორებით.

ჩვენს სამშობლოს – საქართველოს დიდი გასაჭირის ჟამი დაუდგა, აგერ უკვე მეოთხე თვეა, რაც ნამდვილი ომი მიმდინარეობს მის ერთ-ერთ ულამაზეს და უმშვენიერეს კუთხეში – აფხაზეთში. იღვრება სისხლი ორ ჭეშმარიტად ახლობელი, მჭიდრო ნათესაური კავშირებით შეკრული ხალხისა. ფრონტის ხაზის საპირისპირო მხარეებზე დგანან და იარაღით ებრძვიან ერთმანეთს ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები და დეიდაშვილ-ბიძაშვილები.

დღეს, რასაკვირველია, ძნელია ყოველმხრივ გაანალიზებულ იქნეს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ცხადია: აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა ყველაფერი იღონეს, და მიაღწიეს კიდევაც იმას, რომ აფხაზს ქართველში დაენახა არა მოძმე და მოყვარე, არამედ მტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, „ართმევს“ მას სამშობლოს და, საერთოდ, ყოველგვარ ისტორიულ პერსპექტივას „უკარგავს“. რასაკვირველია, ეს ერთბაშად არ მომხდარა. ეგ არის შედეგი იმ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელსაც ასე გამიზნულად და თანმიმდევრულად ეწეოდნენ აფხაზი ნაციონალ-სეპარატისტები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.

voronov[1]

იური ვორონოვი

ამ ფართო მასშტაბის ანტიქართულ კამპანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციას. სწორედ ისტორიული სიმართლის გაყალბებას ეკავა გამორჩეული ადგილი ნაციონალ-სეპარატისტთა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ არსენალში. განა ყველას არ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ სულ ახლახან, თითქმის ყოველდღე, გაზეთების ფურცლებზე, რადიოთი თუ ტელევიზიით, როგორ გამოდიოდნენ აფხაზური მოძრაობის „მამები“ და რა მიწიერ თუ არამიწიერ ცოდვებში არ სდებდნენ ბრალს საქართველოს, ქართველ ხალხს. საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველობას სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ აცხადებდნენ აფხაზი ხალხის თავზე დატრიალებული ყველა უბედურებისა და ბოროტების მთავარ მიზეზად. ანტიქართული ფსიქოზით დაავადებული ცალკეული ისტორიკოს-პოლიტიკოსები ისეთ მკრეხელობამდეც კი მიდიოდნენ, რომ მზად იყვნენ XIX საუკუნეში მეფის რუსეთის მიერ მოწყობილ აფხაზი ხალხის გენოციდშიც კი ქართველები დაედანაშაულებინათ. ბოლო დროს ისტორიის ფალსიფიკაცია საერთოდ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი, რასაც მოწმობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და სხვა სახელმწიფო „მოღვაწეთა“ არაერთგზის საჯარო განცხადებები 12-საუკუნოვანი აფხაზური სახელმწიფოებრიობის შესახებ. საქართველო-აფხაზეთის ისტორიის გაყალბების საქმეში სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მეცნიერ-პოლიტიკოსებს ერთგულად ედგნენ მხარში აქ „მოღვაწე“ რუსი ისტორიკოსები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იური ვორონოვი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ვიქტორ ლოგინოვი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ისინი არათუ არაფრით ჩამორჩებოდნენ თავიანთ აფხაზ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის წარსულის განქიქებასა და ძაგებაში, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა წაშლილიყო ქართველთა ისტორიული კვალი დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული „ღვაწლი“ ამ საქმეში მიუძღვის ი. ვორონოვს.

abhaz01ill[1]ჩვენმა საზოგადოებრიობამ კარგა ხანია იცის ი. ვორონოვის ანტიქართული პუბლიკაციების შესახებ. მისი აქტიურობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 70-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთში არსებული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოაცილა ქართულ სამყაროს. თანდათანობით ი. ვორონოვის თავდასხმები ქართველი ხალხის ისტორიასა და კულტურაზე სისტემატურ და უფრო მასშტაბურ ხასიათს ღებულობდა, თუმცა ბოლო დრომდე ყოველივე ეს, გარეგნულად მაინც, თითქოს „აკადემიური მსჯელობის“ ფარგლებს არ სცილდებოდა. ამ უკანასკნელ ხანს კი, მას მერე, რაც მეცნიერი ი. ვორონოვი პოლიტიკური „მოღვაწის“ მანტიითაც შეიმოსა, მისმა საქმიანობამ ამ მიმართულებით თვისობრივად ახალი სახე მიიღო და მთლიანად აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის პოლიტიკური კონიუნქტურის სამსახურში ჩადგა. ამის მკაფიო ნიმუში გახლავთ ი. ვორონოვის ე.წ. „ექსპრეს-ნარკვევი“: „აფხაზები – ვინ არიან ისინი?“, რომელიც მიმდინარე წელს გამოსცა (რუსულ ენაზე) მცირე საწარმო „ადირრამ“.

პირველი და უმთავრესი, რაც თვალში ეცემა კაცს ამ 30-გვერდიანი ბროშურის გაცნობისას, ეს არის ავტორის მოურიდებელი სწრაფვა, თავდაყირა დააყენოს მთელი მსოფლიოს ისტორიაც კი, ოღონდაც არ წარმოაჩინოს რეალური სიმართლე აფხაზთა და ქართველთა ისტორიული თანაცხოვრების შესახებ. სწორედ ეს მოტივი გასდევს წითელ ზოლად ვორონოვის მთელ ამ ნაცოდვილარს. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ წიგნში მოინახოს რომელიმე ადგილი, სადაც ნაჩვენები იყოს არათუ ქართველ-აფხაზთა ერთიან ისტორიულ და კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროში ყოფნა, არამედ მათი შორი-ახლო თანაარსებობაც კი. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ბროშურის პირველი თავი, რომელშიც ლაპარაკია აფხაზური ენის როლისა და ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიოს ენათა ოჯახში.

აფხაზობა, ი. ვორონოვის მტკიცებით, წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ ეთნოსს, „ვრცელი ენობრივი ერთობის ერთგვარ რელიქტს“, რომელსაც ჯერ კიდევ 7 ათასი წლის წინათ ეკავა მთელი კავკასია და მისი სამხრეთი ტერიტორიები. საინტერესოა, რომ ამ „ვრცელ ენობრივ“ სამყაროში ის ვერ უძებნის ადგილს ქართველურ ენებს, რომელთა ერთ „იბერიულ-კავკასიურ“ (ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ-დაღესტნურ) ენათა ოჯახში მოქცევა, თურმე მხოლოდ XX ს. 30-60-იან წლებში საბჭოურ მეცნიერებაში გაჩაღებული აქტიური პროპაგანდის შედეგი ყოფილა. და ეს მაშინ, როდესაც ი. ვორონოვის აზრით, აფხაზურ-ადიღური ენები, ღმერთმა იცის, რომელ ენებთან არ არიან გენეტიკურ კავშირში, დაწყებული დღევანდელი ნახურ (ჩეჩნურ-ინგუშურ) – დაღესტნური ენებიდან, რომელთანაც თითქოს ისინი ერთიან „ჩრდილო-კავკასიურ ენათა ოჯახს“ ქმნიან, მცირე აზიის აწ უკვე მკვდარ ხათურ, აგრეთვე ხურიტულ-ურარტული ენებით დამთავრებული.

უფრო მეტიც, უკანასკნელ ხანს „ლინგვისტურ რეკონსტრუქციაში“ მოპოვებული წარმატებები (განსაკუთრებით ს. სტაროსტინისა და სხვათა შრომები) ვორონოვს საშუალებას აძლევს, „ჩაიხედოს აფხაზ-ადიღების უფრო შორეულ ისტორიაში“ და დაადასტუროს ჩრდილო-კავკასიური ენების ნათესაობა სინურ-ტიბეტურ ენობრივ სამყაროსთან, რომლის საფუძველზეც, თითქოსდა შეიძლება ლაპარაკი სინურ-კავკასიურ მაკროოჯახზე, მასში შემავალი „ძველი სამყაროს არანოსტრატული ენებითა და მათთან დაკავშირებული სუბამერიკული კონტინენტის ინდიელთა (კალიფორნიული და სხვ.) ენებითურთ“. ი. ვორონოვი ამასაც არ სჯერდება და თავის ლინგვისტურ „ძიებებს“ ასრულებს იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ „დადასტურებულია კონტაქტების არსებობა (ზემო ჩადური ენების მეშვეობით) ნახურ-დაღესტნურ ენებსა და აფრ-აზიის მაკრო-ოჯახს შორის, რომელსაც მივყავართ რასების ჩამოყალიბების ეპოქამდე, იმ დრომდე, როდესაც „ჰომო საპიენსი“ დაიძრა თავისი აფრიკული წინარე-სამშობლოდან და მოედო მახლობელ აღმოსავლეთს, იქიდან კი დაიწყო მისი განსახლება ევროპაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ აზიაში“. აფხაზ-ადიღთა და აფრიკის შავი რასის მოსახლეობას შორის შორეული ნათესაობის დასამტკიცებლად ი. ვორონოვი არ კმაყოფილდება მარტო „ლინგვისტური რეკონსტრუქციით“ და არქეოლოგიურ მასალასაც იშველიებს. მისი აზრით, ამ ნათესაობაზე მიუთითებს „ხოლოდნი გროტის (ცენტრალური აფხაზეთი) ანთროპოლოგიური მასალები“, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, იმ ეპოქაში (ძვ. წ. მე 14-13 ათასწლეულები), თურმე ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონია ნეგროიდული რასისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

რასაკვირველია, უაზრობაა ჩაერიო ი. ვორონოვის ამ ენათმეცნიერულ „მიგნებებში“, მით უფრო, როცა არ ხარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ძნელია, რაც არ უნდა გაუთვითცნობიერებელი იყო აღნიშნულ საკითხებში, არ დაგებადოს სრულიად ბუნებრივი კითხვა, თუ როგორ შეიძლება ილაპარაკო აფხაზური ენის გენეტიკურ და არაგენეტიკურ კონტაქტებზე მსოფლიოს თითქმის ყველა მკვდარ თუ ცოცხალ ენებთან, ჩრდილო-კავკასიური ენებიდან დაწყებული და აფრიკული ენებით დამთავრებული, და კრინტი არ დასძრა ქართველურ ენებთან აფხაზური ენის ნათესაობაზე. თუ ი. ვორონოვი მართლაც სერიოზულად ფიქრობს, რომ აფხაზებს ენობრივად და ანთროპოლოგიურად უფრო მეტი აკავშირებს აფრიკის ნეგროიდულ მასასთან, ვიდრე კავკასიის ქართულ მოსახლეობასთან, რას ვიზამთ. ამით ქართველებს არა დაგვაკლდება რა, მაგრამ, საინტერესოა, რას შემატებს ამგვარი ნათესაობა თვით აფხაზ ხალხს?

ამაზე, ალბათ, უმჯობესია, იმათ იმტვრიონ თავი, ვისაც ასე აღიზიანებს ქართულ-აფხაზური ერთობის აღიარება. ისე კი, დღევანდელ აფხაზთა წინაპრების ნეგროიდებთან ანთროპოლოგიურ მსგავსებაზე მსჯელობისას, ურიგო არ იქნებოდა, ი. ვორონოვს ათასეულობით აფხაზი გულიების, გურგულიების, დამენიების, გვარამიების, კვარაცხელიების, ძიძარიებისა და ვინ მოსთვლის კიდევ ვისი აზრიც გაეგო და შემდეგ მოედო ქვეყნისათვის მათი აფრიკული ფესვების შესახებ. თუმცა, დღეს ზოგიერთ ამ გვარის წარმომადგენელს ისე აქვს გონება დაბნელებული, რომ საეჭვოა, ითაკილოს ი. ვორონოვის მიერ მოძიებული ახალი ნათესავები. ახია მათზე! კაცს რომ მეხსიერებაზე დამბლა დაგეცემა და შენსავე ჯიშსა და მოდგმას მტრად დაუდგები, უკეთესის ღირსი არც ხარ. რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ანთროპოლოგიურ ერთობას, ეს თანამედროვე მეცნიერებაში არავითარ ეჭვს არ იწვევს და უპრიანი იქნებოდა ი. ვორონოვს, სანამ ჩავიდოდა ცენტრალურ აფრიკაში, თუნდაც ჩადის რესპუბლიკაში და იქაურ ზანგებთან აფხაზების ნათესაობის საკითხს გაარკვევდა, როგორმე გავებედნიერებინეთ და ამ უკანასკნელთა ქართველებთან ანთროპოლოგიური მსგავსებაც დაეფიქსირებინა.

ი. ვორონოვს ცალკე თავი აქვს დათმობილი აფხაზთა ეთნოგენეზისის საკითხისათვის. ყოველნაირად ცდილობს რა, რომ დაამტკიცოს აფხაზთა პირველმოსახლეობა დასავლეთ კავკასიაში, ის ტენდენციურად აშუქებს მეცნიერებაში არსებულ თეორიებს ბოლო 5 ათასი წლის მანძილზე რეგიონში მიმდინარე მიგრაციული პროცესების შესახებ. მისი აზრით, აფხაზთა წინარე-სამშობლოს წარმოადგენს კოლხეთის ტერიტორია და მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები, ქართველთა წინარე-სამშობლო კი უნდა ვეძიოთ დასავლეთ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ, იმავე მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, საიდანაც კოლხეთისაკენ ჯერ დაძრულან სვანური ტომები, ხოლო ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგიდან კი ზანები, რომლებმაც ჩრდილოეთისაკენ შეავიწროვეს მანამდე იქ მცხოვრები აფხაზური ტომები.

ამასთან, ი. ვორონოვი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უაპელაციოდ აცხადებს, რომ ძვ. წ. II -I ათასწლეულების მიჯნაზე ადგილი ჰქონდა ადიღთა წინაპრების გადანაცვლებას კოლხეთიდან დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთი კალთებისაკენ და ამას უკავშირებს „ფართო კულტურულ ექსპანსიას კოლხეთიდან შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით“ – ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც აპოგეას აღწევს ძვ. წ. IX-I საუკუნეებში. ი. ვორონოვის განმარტებით, ამის შედეგად იქ აღმოცენდა „კოლხურ-ყობანური მეტალურგიული პროვინცია“. ამრიგად, ი. ვორონოვმა, ერთი ხელის მოსმით, ქართველებს წაგვართვა ე.წ. „კოლხური კულტურა“, რომლის შემქმნელებად საყოველთაო აღიარებით, ითვლებიან ჩვენი სახელოვანი წინაპრები – კოლხები და მათთან ერთად ზოგიერთი სხვა ქართველური წარმოშობის ტომებიც (მაკრონები, სასპერები, ტიბარენები, და სხვ.). ამ საკმაოდ შორსმიმავალი დასკვნის არგუმენტაციისათვის ჩვენს „გულთმისან მეცნიერს“ დიდად არ შეუწუხებია თავი. ამისათვის ის დასჯერდა მხოლოდ ზოგად განცხადებას იმის შესახებ, რომ ზანებმა კოლხეთში შემოღწევა დაიწყეს ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგიდან („კოლხური კულტურის“ აღმოცენება კი ძვ. წ. XIV საუკუნიდან მაინც უნდა ვივარაუდოთ), ხოლო სვანურ ტომებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში, შესაძლებელია, ზანებამდე გაჩნდნენ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ მეტალურგიასა და მიწათმოქმედებასთან. გამოდის, რომ „კოლხური კულტურა“ შეუქმნია არა კოლხ-ქართველებს, არამედ აფხაზებს და მათვე გაუყოლებიათ ის ჩრდილოეთ კავკასიაში „კულტურული ექსპანსიის“ მოსახდენად მიმავალი ადიღებისათვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ი. ვორონოვი დასავლეთ ამიერკავკასიის ეთნიკური სურათის ჩვენებისას არც ერთხელ არ ახსენებს „კოლხებს“ და ამ რეგიონში (მისი აზრით, ძვ. წ. I ათასწლეულიდან) მოსახლე დასავლურ-ქართველურ ტომებს მხოლოდ ზანებად მოიხსენიებს. ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში (ძვ. წ. I ათასწლეულში) არსებობდა საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებული წერილობითი ტრადიცია დასავლეთ საქართველოში მოსახლე კოლხური ტომების შესახებ, რომელთაც მოგვიანო ხანის ბერძნულ-ბიზანტიური მწერლობა ცალსახად უკავშირებდა ლაზურ-ქართველურ ეთნიკურ სამყაროს. ჩვენს „ყოვლისმცოდნე“ არქეოლოგს, რომელსაც არ ავიწყდება ბერძენ ავტორთა (არა უადრეს ახ. წ. II -I სს.) ის თითო-ოროლა ცნობა აბაზგ-აფსილების შესახებ, რასაკვირველია, უნდა გახსენებოდა დასავლელ ქართველთა – „კოლხთა“ – ეს იმ დროინდელ ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე მიღებული სახელწოდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მას ალბათ მოუწევდა „ფრჩხილების გახსნა“ და იმის განმარტება, თუ რატომაა, რომ „კოლხური კულტურის“ შემქმნელ აფხაზურ ტომებს  ძველი ბერძნები მაინცდამაინც „კოლხებად“ იხსენიებენ და არა „აბაზგ“-„აფსილებად“.

გარდა ამისა, თავს უფლებას მივცემთ, ი. ვორონოვს, როგორც მეცნიერ-არქეოლოგს, შევახსენოთ არქეოლოგიურ მეცნიერებაში ანბანურ ჭეშმარიტებად მიჩნეული ერთი დებულება: ერთი ეთნოსის მიერ მეორე ეთნოსის სამოსახლო ტერიტორიის დაკავება და იქ ხანგრძლივად დაფუძნება სათანადო ასახვას ჰპოვებს მატერიალურ კულტურაში. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ადგილი აქვს ერთგვარ წყვეტას სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში. ე.ი. თუ ქართველური ტომები მხოლოდ ძვ. წ. I ათასწლეულიდან გაჩნდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აქ მანამდე მათთვის უცხო აფხაზურ-ადიღური ტომები ცხოვრობდნენ, მაშინ რეგიონში მიმდინარე ამ ეთნიკურ ცვლილებას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა გარკვეული წყვეტა მატერიალურ კულტურაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერჯერობით ვერც ერთმა არქეოლოგმა ვერ შესძლო დაესაბუთებინა რაიმე სერიოზული დარღვევა დასავლეთ საქართველოს სამეურნეო-კულტურული ცხოვრების განვითარების ზოგად ხაზებში. მთელი ამ ხნის მანძილზე (ძვ. წ. XXI-XX საუკუნეებიდან მაინც) არქეოლოგიურ მასალებში კულტურული განვითარების არავითარი წყვეტა არაა დაფიქსირებული. ასე რომ, ი. ვორონოვს, სანამ დასავლეთ საქართველოში აფხაზთა პირველმოსახლეობასა და ქართველთა შემდგომ ჩამოსახლებაზე კატეგორიულ განცხადებას გააკეთებდა, უმჯობესი იყო ამ მეტად მნიშვნელოვანი არგუმენტის გაბათილებაზე ეზრუნა და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებნა აფხაზ-ადიღთა ფესვები უხსოვარი დროიდან ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე.

არანაკლებ ტენდენციურად და გაყალბებულადაა გაშუქებული აფხაზეთის ისტორიული წარსული ბროშურის მესამე თავში, რომელსაც მეტად მრავლისმეტყველი და ამასთან რამდენადმე ფილოსოფიური სათაური აქვს წამძღვარებული – „აფხაზთა ისტორია – ვიწროტერიტორიული და ზოგადსაკაცობრიო“. ამ ნაწილში ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს აფხაზთა კავშირურთიერთობანი გარე სამყაროსთან. ი. ვორონოვის დაკვირვებით, თავისი ისტორიის მანძილზე აფხაზებს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონიათ მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ცენტრებთან. მისი მტკიცებით, „ბრინჯაოს ხანაში დასავლეთ კავკასია (იგულისხმება მხოლოდ აფხაზური ტომებით დასახლებული – ზ.პ.) წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთის კულტურული სამყაროს მცირეაზიური ვარიანტის შორეულ პერიფერიას… ხოლო ადრე რკინის ხანაში, მცირე აზიურ გავლენასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის (ე.ი. დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ აფხაზთა – ზ.პ.) მატერიალური კულტურის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი (ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.) როლი შეუსრულებია ურარტუს სახელმწიფოს“. საინტერესოა, ურარტულმა ლურსმულმა წარწერებმა, რომლებმაც საკმაოდ მრავალფეროვანი მასალები შემოგვინახეს „კოლხა“–„კულხას გაერთიანებაზე, რომლის ტერიტორია სწორედ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიას მოიცავდა, რატომ არაფერი არ იციან ამ რეგიონში მოსახლე რომელიმე აფხაზურ ტომზე!?

ძვ. წ. VIII საუკუნიდან, ი. ვორონოვის აზრით, დასავლეთ კავკასია ექცევა ეგეოსური სამყაროს გავლენის ქვეშ, ხოლო ძვ. წ. III საუკუნისათვის ადგილობრივი მოსახლეობის (აქ უკვე გაუგებარია, თუ რომელი რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს მხედველობაში ი. ვორონოვს: მთელი დასავლეთ კავკასიისა თუ საკუთრივ დღევანდელი აფხაზეთისა) ყოფითი კულტურა მთლიანად გაჟღენთილია ბერძნული კულტურის ელემენტებით. ახ. წ. VI-VIII საუკუნეებში ტრანსკავკასიური გადასასვლელი გზების მეშვეობით, აფხაზეთი დაკავშირებული ყოფილა ე.წ. „დიდ აბრეშუმის გზასთან“, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთს აერთებდა ინდოეთსა და ჩინეთთან. ამის წყალობით, აფხაზეთი დაკავშირებული ყოფილა ევროპის, აზიისა და აფრიკის მთელ რიგ ცენტრებთან. ამ გზებს შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი აფხაზეთის ადრეფეოდალური სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.

აფხაზეთის სამეფოს შემდგომი ისტორია დაკავშირებული ყოფილა ბიზანტიასთან, რომელსაც სტიმული მიუცია აფხაზეთის სამეფოს აყვავებისთვის X საუკუნეში. ბიზანტიის გავლენა აფხაზეთის ცხოვრებაზე საგრძნობი ყოფილა თვით XV საუკუნემდე – კონსტანტინოპოლის დაცემამდე. ХIV-ХVII საუკუნეებში კვლავ გამოცოცხლებულა მხარის კავშირ-ურთიერთობანი ხმელთაშუაზღვისპირეთთან, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია აფხაზეთის სანაპიროზე აღმოცენებულ გენუელთა ფაქტორიებს, რომელთაც დიდი კვალი დაუმჩნევიათ ადგილობრივ ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ისტორიასა და კულტურაზე. ამოქმედებულა გადასასვლელი გზები, რომლებიც აკავშირებდნენ აფხაზეთს ჩრდილოეთ კავკასიასა და ოქროს ურდოსთან, ხოლო „მრავალენოვან სებასტოპოლისში“ (ე.ი. სოხუმში) კვლავ დაუწყიათ ფულის მოჭრა. მხარის მშვიდი ცხოვრების თითქმის იდილიური სურათი, რომელსაც გვიხატავს ი. ვორონოვი, არ შეცვლილა თურქების მოსვლის შემდეგაც. ამ დროს, რეგიონში ფართოდ გავრცელებულა ცეცხლსასროლი იარაღი, კავკასიური ხანჯლები, სპეციფიკური ტანსაცმელი, ჩამოყალიბებულა თვითმყოფადი აფხაზური სამზარეულო და ა.შ. 1810 წლიდან კი, რუსეთის მეშვეობით, აფხაზეთი დადგომია „ინტენსიური ევროპეიზაციის გზას“.

ასეთია, მოკლედ, ი. ვორონოვისეული წარმოდგენა იმ ისტორიული გზისა, რომელიც გაუვლია აფხაზ ხალხს დღიდან გაჩენისა თითქმის ჩვენს დრომდე. როგორც ვხედავთ, ამ ისტორიულ ექსკურსში ყველას მოეძებნა ადგილი, ურარტუელებითა და ბერძნებით დაწყებული და გენუელებით, თურქებითა და რუსებით დამთავრებული, და, რაც მთავარია, ყველა ამ ხალხს, პრაქტიკულად, მხოლოდ პოზიტიური წვლილი შეუტანია აფხაზთა ისტორიული განვითარების პროცესში. ამ სიაში არ ჩანან მხოლოდ ქართველები და საქართველო, თითქოს ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში არც არსებულან. მხოლოდ ერთხელ, და ისიც გაკვრით, არის ნათქვამი, რომ „XI ს. მიწურულიდან ვიდრე XII ს. შუა ხანებამდე აფხაზეთის სავოევოდო ავტონომიური უფლებებით შედიოდა “აფხაზთა და ქართველთა” სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო მოგვიანებით ნაწილობრივ („ზემო აფხაზეთი“) ანექსირებულ იქნა აღმოსავლეთის მეზობლის სამეგრელოს მიერ“. ესაა და ეს. ჩვენმა „ჭკუის კოლოფმა“ ამით ამოწურა ქართველთა და აფხაზთა თითქმის ორათასწლოვანი თანაცხოვრების ისტორია.

ი. ვორონოვის ამ „ნააზრევში“ ბევრი რამაა სადავო, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ რამდენიმე ზოგადი ხასიათის შენიშვნით შემოვიფარგლებით. უპირველეს ყოვლისა, იმთავითვე უნდა ითქვას: ყოველგვარი მსჯელობა აფხაზთა რაღაც ეთნოპოლიტიკური და კულტურული სამყაროს არსებობაზე კოლხეთის ტერიტორიაზე ახ. წ. I- II საუკუნეებამდე აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი სახესხვაობა სენსაციების მოყვარული ლენინგრადელი პროფესორის გ. ტურჩანინოვის ცნობილი თეორიისა, რომლის მიხედვითაც აფხაზთა წინაპრები არათუ ცხოვრობდნენ კოლხეთში, არამედ სწორედ ისინი არიან „კოლხური კულტურისა“ და აიეტიდების კოლხეთის ერთადერთი მეპატრონენი, თავიანთი უძველესი კულტურითა და ე.წ., „მაიკოპის ფილის“ დამწერლობით (აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, არა სხვა ვინმემ, არამედ თვით რუსმა მეცნიერებმა თითქმის სასაცილოდ აიგდეს გ. ტურჩანინოვის ეს „ნაბოდვარი“).

სინამდვილეში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დაწყებული I ათასწლეულის მიწურულიდან არსებობს საკმაოდ მდიდარი წერილობითი ტრადიცია (ასურულ-ურარტული „კილხი“-„კოლხა“, „კულხა“, ძველბერძნული „არგონავტიკის“ ციკლი და სხვ.), რომლის მიხედვით დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძირითადად დაფიქსირებულია ქართველური ტომები. პირველ რიგში, ესენია „კოლხები“ (ფსევდო-სკილაქს კარიანდელი – ძვ. წ. I ს. და სხვ.). საკუთრივ „კოლხებს“ გარდა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჩრდილო ნაწილში დაფიქსირებული არიან „კორაქსებიც“, რომლებიც ძვ. წ. VI ს. ავტორის ჰეკატეოს მილეტელის აზრით, ასევე კოლხურ ტომს წარმოადგენდნენ. ანტიკური ხანის ავტორები ცალკე ახსენებენ „სვანებს“ (პლინიუსი და სხვ.), „სვანო-კოლხებს“ (პტოლემაიოსი, სტრაბონი), აგრეთვე „სანიგებსა“ და „ჰენიოხებს“, რომელთაც მეცნიერთა დიდი უმრავლესობა (ი. ორბელი, ნ. მარი, ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი და სხვ.) სავსებით საფუძვლიანად მიაკუთვნებს ქართველურ ეთნიკურ სამყაროს.

ისმის კითხვა: თუ აფხაზთა წინაპრები – „აბაზგები“ და „აფსილები“ ახ. წ. I- II საუკუნეებამდე ცხოვრობდნენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაშინ რატომაა, რომ მაინცდამაინც ისინი გამორჩათ ძველ ბერძენ ავტორებს, რომლებსაც საკმაოდ მდიდარი ინფორმაცია მოეპოვებათ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებზე? განა ის ფაქტი, რომ დიოსკურია-სებასტოპოლისს – დღევანდელ სოხუმს – ქართული სამყარო ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში სვანური სახელწოდება – „ცხუმით“ („რცხილა“, „რცხილნარი“) იცნობდა, არ არის პირდაპირი დადასტურება აქ, ანტიკურ ხანაში (ახ. წ. I საუკუნემდე) სვანთა განსახლების შესახებ სტრაბონის ცნობისა? მართლაც ცოდვის კითხვა არაა, კაცმა თვალი დახუჭო ყოველივე ამაზე და მაინც ამტკიცო მთელი ამ მხარის აფხაზური წარმომავლობა?! ისე საინტერესოა, აფხაზური კულტურის რომელ ძეგლებში შეამჩნია ი. ვორონოვმა ასე მკაფიოდ ურარტული ცივილიზაციის გადამწყვეტი გავლენა! ან რანაირად გაარკვია მან ამ ძეგლების აფხაზურობა? აკი თვითონ „გვმოძღვრავს“, რომ მატერიალური კულტურის ძეგლების ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა თურმე „სამამულო ნაციონალურ-ადმინისტრაციული სახელმწიფოებრივი სისტემის ნაყოფი“ ყოფილა და რომ „ადამიანის ხელებით შექმნილი ძეგლთა უმრავლესობა“ არის არა რომელიმე ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხის კუთვნილება, არამედ „სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ინდივიდუმებისა და კოლექტივების“ ერთობლივი შრომის პროდუქტი.

„აფხაზთა“ სამეფოს ფორმირებისა და განვითარების პროცესიც თავდაყირა აქვს დაყენებული ჩვენს „ყოვლისმცოდნე მკვლევარს“. ყოველგვარი ეჭვების გარეშე მიიჩნევს რა ამ პოლიტიკურ ერთეულს აფხაზურ ნაციონალურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად, ი. ვორონოვი მთლიანად გვერდს უვლის აღნიშნული გაერთიანების ეთნო-პოლიტიკური და კულტურული შინაარსის გარკვევას. სამაგიეროდ, განსაკუთრებით უსვამს ხაზს ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურსა და კულტურულ გავლენას აფხაზეთზე არა მარტო II-X საუკუნეებში, არამედ თვით X საუკუნემდეც კი. ეს, როგორც იტყვიან, სრული აბსურდი და წმინდა წყლის უმეცრებაა, რადგან „აფხაზთა“ სამეფოს წარმოქმნა VIII ს. მიწურულს უშუალო შედეგი იყო სწორედ რომ ბიზანტიის იმპერიასთან დაპირისპირებისა. მთელი IX-X ს. I ნახევრის მანძილზე კი „აფხაზი“ მეფეები თავგამოდებით იბრძოდნენ კონსტანტინოპოლის პოლიტიკური და იდეოლოგიური „ბრჭყალებიდან“ საბოლოო განთავისუფლებისათვის. ამის გამოხატულება იყო მათ მიერ დასავლეთ საქართველოს ბერძნული საეპისკოპოსოების გაუქმება და მათ ნაცვლად ქართული საეკლესიო ცენტრების შექმნა. ეს ბრძოლა, როგორც ცნობილია, X ს. დამდეგისათვის „აფხაზთა“ მეფეების სრული გამარჯვებით დასრულდა და ამიერიდან მთელი დასავლეთ საქართველო, რასაკვირველია, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ჩათვლით, სამუდამოდ მოექცა ქართული ეკლესიის სამწყსოს შემადგენლობაში, რაც ასე თვალსაჩინოდ აისახა X ს. გამოჩენილი ქართველი მწერლის – გიორგი მერჩულეს ცნობილ ფორმულაში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“.

დროა, ერთხელ და სამუდამოდ მოვიდნენ გონს ი. ვორონოვი და „ძმანი მისნი“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან და როგორმე შეიგნონ, რომ „აფხაზთა“ სამეფო არასოდეს არ ყოფილა აფხაზური სახელმწიფო. ის იმთავითვე წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკურ ერთეულს, თავისი ქართული ტერიტორიით, მოსახლეობით (უკეთეს შემთხვევაში აფხაზური ტომებით დასახლებული იყო 8-დან მხოლოდ ორი: აფხაზეთისა და ცხუმის – საერისთაო), სახელმწიფო ენით, დედაქალაქითა და, რაც მთავარია, საერთო ქართული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგიითა და მისწრაფებებით. ლეონ I-სა და მის მემკვიდრეებს საკუთრივ აფხაზური ეროვნული სახელმწიფოს შექმნა რომ ჰქონოდათ განზრახული (უეჭველია, მათ ამას ვერავინ ვერ დაუშლიდა), მაშინ ისინი, ალბათ, ბერძნული ეკლესიისა და იდეოლოგიის ქართულით შეცვლისათვის კი არ იზრუნებდნენ, არამედ როგორმე ხელს შეუწყობდნენ აფხაზური ენის განვითარებას, შექმნიდნენ დამწერლობას და დააკისრებდნენ მას სახელმწიფოებრივ და საეკლესიო ფუნქციებს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ასე არ მომხდარა და ამის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ აფხაზი „ლეონიდებისათვის“ (თუ ისინი მართლაც იყვნენ წარმოშობით აფხაზები და ეს შეიძლება გამორიცხული არც არის) უკვე მაშინ იყო ქართული კულტურულ-პოლიტიკური სამყარო მშობლიური და მათ თავიანთი თავი ამ სამყაროს გარეთ ვერც წარმოედგინათ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულმა საისტორიო ტრადიციამ (ჯუანშერი) საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწეთა, კერძოდ კი, ლეონ I წინამორბედის – ლეონ I-ის ( II ს. I ნახევარი) საერთო-ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროში შემოსვლის დრო და ვითარება.

ერთი სიტყვით, აფხაზთა სამეფოს ქართული შინაარსი იმდენად ნათელია, რომ ამაში მხოლოდ ნაციონალ-შოვინიზმისა და სეპარატიზმის სენით შეპყრობილი ვაი-ისტორიკოსები შეიძლება დაეჭვდნენ. და რაოდენ დასანანია, რომ დღევანდელ აფხაზთა დიდ ნაწილს სწორედ ამ ვაი-ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების სჯერა და არა ისეთი გამოჩენილი ისტორიკოსისა, როგორიც იყო აფხაზი ხალხის ისტორიის ჭეშმარიტი ფუძემდებელი, ქართული საისტორიო სკოლის ნამდვილი მშვენება ზურაბ ანჩაბაძე. სწორედ ნეტარხსენებული ბ-ნი ზურაბი ბრძანებდა ხოლმე: „აფხაზთა სამეფოში დაირწაო ერთიანი საქართველოს აკვანი“. მართლაც X ს. (და არა XI ს. დამლევს, როგორც შეცდომით წერს ი. ვორონოვი) მიწურულს „აფხაზთა“ სამეფოს სათავეში ბაგრატ II ბაგრატიონის (მან „აფხაზთა“ მეფის ტახტი დაიკავა, როგორც გიორგი II „ლეონიდის“ (922-957 წწ.) პირდაპირმა შთამომავალმა – შვილიშვილმა) მოსვლის შემდეგ დაიწყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების დასკვნითი ეტაპი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა XI ს. I მეოთხედში – დავით IV აღმაშენებლის ხანაში. აფხაზებს არავითარი ავტონომია არ ჰქონიათ ამ სახელმწიფოში. აფხაზეთისა და ცხუმის საერისთაოები, რომლებშიც განაგრძობდნენ ცხოვრებას აფხაზური ტომები, არაფრით არ განსხვავდებოდნენ საქართველოს სამეფოს სხვა ადმინისტრაციული ერთეულებისაგან. ერთადერთი პრივილეგია, რომლისთვისაც ნამდვილად იბრძოდნენ ამ პერიოდში ჭეშმარიტი აფხაზები, იყო მხოლოდ ზრუნვა ერთიანი, ძლიერი საქართველოსათვის და ამ მამულიშვილურ საქმეში ისინი ნამდვილად ცდილობდნენ, და წარმატებით ახერხებდნენ კიდეც, არავისთვის არ დაეთმოთ პირველობა.

ი. ვორონოვის სურვილის საწინააღმდეგოდ, არც XII საუკუნის შემდეგ ჩამოცილებიან აფხაზები ქართულ სახელმწიფოებრიობას. არა ქართული წყაროებით, არამედ იმდროინდელი უცხოური (აღმოსავლური და ევროპული) მასალებით ირკვევა, რომ XIII-XIV სს. სოხუმი ქართული ქალაქი იყო და აქ 1330 წ. იჯდა „სებასტოპოლისის კათოლიკე ეპისკოპოსი ქვემო იბერიისა“. ამ პერიოდში სოხუმში მართლაც იყო ზარაფხანა, მაგრამ აქ მონეტებს ჭრიდა არა სხვა ვინმე, არამედ საბედიანოს (სამეგრელოს) მმართველი ვამეყ დადიანი (1384-1396 წწ.). გარდა ამისა, 1480 და 1497 წწ. შედგენილ იტალიურ რუკებზე მდ. კელასურის შესართავთან დაფიქსირებულია „პორტო მენგრელო“, ხოლო XVI ს. თურქული მასალების მიხედვით, „დადიანის ქვეყანას“ ეკავა ტერიტორია „გურიის გაღმით სოხუმამდე, რომლის იქით აფხაზთა ოლქები“ იწყებოდა. ასე რომ, ი. ვორონოვის განცხადება იმის შესახებ, რომ XIII-XIV საუკუნეებში, თურმე სამეგრელოს სამთავრომ მოახდინა (ალბათ მანამდე „დამოუკიდებელი“) ე.წ. „ზემო აფხაზეთის“ ანექსია, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მოჩანს.

სინამდვილეში კი XVII საუკუნეში მართლაც ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას მეგრელ დადიანებსა და აფხაზ შარვაშიძეებს შორის. მაგრამ შუა საუკუნეების ისტორიაში ოდნავ ჩახედული კაცისთვისაც კი ცნობილია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ფეოდალური შინააშლილობისა და შუღლის გამოვლინება (ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო მწვავე იყო სამეგრელო-იმერეთის დაპირისპირება) და არა ერთი „სუვერენული“ სახელმწიფოს ომი მეორე „სუვერენულ“ სახელმწიფოსთან, როგორც ეს სურს წარმოადგინოს „სუვერენული“ აფხაზური სახელმწიფოს ძიებით გატაცებულ რუს ისტორიკოსს. შარვაშიძეების აფხაზეთის სამთავრო, ფაქტობრივად, ისეთივე ქართული ფეოდალური სამთავრო იყო, როგორც დადიანების ოდიში და გურიელების გურია. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ დაახლოებით XVII  ს. I ნახევრიდან აფხაზეთში კვლავ იძალა, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოწოლილმა „მთიურმა სტიქიამ“, ხოლო, მეორე მხრივ, ოსმალთა ექსპანსიამ, რამაც მართლაც გარკვეული ბზარი შეიტანა ქართულ-აფხაზურ ისტორიულ ერთობაში.

ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ ადგილობრივ აფხაზთა გადამთიელმა აფსუა „მოძმეებმა“, რომელთათვისაც ნამდვილად უცხო იყო აქაური ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია, იმ დროს XVII ს. 70-იანი წლები) დასავლეთ საქართველოში მყოფი იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის თქმით, ნაცარტუტად აქციეს „მოქვი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე /ცხენისწყალი/“ (ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.). ყოველივე ამის შემდეგ, რასაკვირველია, ძნელი გასარკვევი არ არის, თუ ვინ ყოფილა ნამდვილი პატრონი ამ ე.წ. „ზემო აფხაზეთისა“, რომლის ანექსიასაც ასე დაბეჯითებით აბრალებს სამეგრელოს მთავრებს ი. ვორონოვი.

უაღრესად ტენდენციურია ი. ვორონოვის ექსკურსი აფხაზთა რელიგიური ცხოვრების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავს ჩვენი ავტორი მაშინ, როდესაც ის ეხება ქრისტიანული ეკლესიის მდგომარეობას რეგიონში. კერძოდ, ის შეცდომით თვლის, რომ აფხაზეთზე X საუკუნის განმავლობაშიც ვრცელდებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია. ისტორიოგრაფიაში (ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა, ს. ყაუხჩიშვილი, ზ. ანჩაბაძე, მ. ლორთქიფანიძე) დიდი ხანია დადგენილია, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესია X ს. დამდეგიდან მაინც (თუ უფრო ადრე არა) სრულიად დამოუკიდებელი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან.

ი. ვორონოვის სრულ უვიცობაზე მეტყველებს მისი დასკვნა იმის შესახებაც, თითქოს XI ს. ადგილი ჰქონდა ბიზანტიის მიერ აფხაზეთის (ეტყობა, ამჯერად, ის გულისხმობს დღევანდელი აფხაზეთის რეგიონს და არა დასავლეთ საქართველოს მთლიანად) ოკუპაციას, რის შედეგადაც აფხაზეთის ეკლესია კვლავ რჩებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. XI საუკუნეში ბიზანტიის მიერ აფხაზეთის არავითარ ოკუპაციას არ ჰქონია ადგილი. ცნობილია მხოლოდ XI ს. 30-იან წლებში კონსტანტინოპოლში გაქცეული დემეტრე უფლისწულის – გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის გიორგი I-ის ვაჟისა და ბაგრატ I ნახევარძმის მიერ ბიზანტიის იმპერატორისათვის ანაკოფიის ციხის გადაცემის ფაქტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ უკვე XI ს. 70-იან წლებში დაიბრუნა. ეს არის და ეს.

რაც შეეხება აფხაზეთის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსოს დაქვემდებარებაში სავარაუდო შესვლას (რომელიც ი. ვორონოვის მიხედვით, თითქოს უნდა მომხდარიყო XI ს. შემდგომ), მას მიაჩნია, რომ ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ავტორის აზრით, XIII საუკუნიდან ვიდრე  XVII საუკუნემდე აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, თუმცა მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ქართლთან, ბიზანტიასთან, მცირე აზიასთან, სირია-პალესტინასთან. ერთი სიტყვით, თუ ი. ვორონოვის „ავტორიტეტულ“ მტკიცებას დავუჯერებთ, აფხაზეთში ქართული ქრისტიანობის ნიშან-წყალიც კი არა ჩანს და ყველაფერი, რაც ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული, მთლიანად წმინდა აფხაზური ეთნოკულტურული სამყაროს პროდუქტია.

აი, ეს გახლავთ სწორედ ის, რასაც ჰქვია ისტორიის სრული ფალსიფიკაცია და ისტორიული სინამდვილის თვავდაყირა დაყენება. განა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ი. ვორონოვმა, რომელსაც თავი მოაქვს ძველი და შუა საუკუნეების პერიოდის თვალსაჩინო სპეციალისტად, მართლა არ იცის (თუ ასეთი უვიცია, მით უარესი მისთვის), რომ აფხაზური ეკლესია არასოდეს არ არსებულა, რომ ის, რასაც აფხაზეთის საკათალიკოსო ჰქვია, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ორგანიზაციაა და სხვა არაფერი, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია, იქ მოსახლე აფხაზებითურთ, X საუკუნიდან მაინც მთლიანად ქართულ ქრისტიანულ სამყაროში შემოდიოდა.

ჩვენ, რასაკვირველია, ვერ მოვსთხოვთ ი. ვორონოვს აფხაზეთის საკათალიკოსოსთან დაკავშირებული ყველა წერილობითი მასალის ზედმიწევნით ცოდნას, მაგრამ იმით მაინც დაინტერესებულიყო, თუ რას წარმოადგენდა აღნიშნული საეკლესიო ორგანიზაციის ფუნქციონირების ამსახველი ორი უმთავრესი დოკუმენტური ძეგლი: „აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი“ (ანუ „ბიჭვინთის იადგარი“) და „აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი“. პირველი მათგანი, როგორც ცნობილია, იქმნებოდა XVI-XVIII საუკუნეებში. მის უძველეს ნაწილს, ანუ საკუთრივ „იადგარს“, რომელიც შედგენილია XVI-XVII საუკუნეების. მიჯნაზე, საფუძვლად უდევს იმერეთის ცნობილი მეფის ბაგრატ II-ის მიერ ბიჭვინთისათვის 1537-1565 წლებში დაწერილი იადგარი, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენს XVII-XVIII მეფეების, კათალიკოსებისა და მთავრების შეწირულებათა სიგელების კრებულს.

აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი კი შედგენილია 1622 წელს კათალიკოს მალაქიას დაკვეთით. მასში დაფიქსირებულია იმერეთის, გურიისა და ოდიშის ტერიტორიებზე კათალიკოსის კუთვნილი ყმა მეკომურები და მათი ბეგარა-სამსახური. საინტერესოა, ამ ტიპისა და შინაარსის იურიდიული დოკუმენტების მქონე საეკლესიო ორგანიზაცია როგორ შეიძლება წარმოადგენდეს არაქართულ – აფხაზურ ეთნოკულტურულ სამყაროს. ან იქნებ ი. ვორონოვმა დაგვისახელოს აფხაზურ ენაზე შედგენილი რაიმე იურიდიული დოკუმენტი, რომელიც შექმნილი ყოფილიყოს აფხაზეთის საკათალიკოსოს ეკლესია-მონასტრებში და რომელიც დაადასტურებდა აფხაზეთის საკათალიკოსოს აფხაზურობას. ასეთ რამეს, რასაკვირველია, ვერც ი. ვორონოვი და ვერც ვერავინ ვერ მოგვიძებნის, რამეთუ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ეკლესია-მონასტრები: ბიჭვინთა, მოქვი, ბედია და სხვ. – ისეთივე ქართული საეკლესიო ცენტრები იყო, როგორც გელათი, ჭყონდიდი თუ შიომღვიმე. ამის უარყოფა სრულ ჭკუაზე მყოფ კაცს, ვეჭვობთ, რომ შეეძლოს, მაგრამ რას ვიზამთ, ი. ვორონოვი დიდი ხანია დაავადდა ერთი, ვშიშობთ უკურნებელი სენით, რომელსაც ანტიქართული ფსიქოზი ჰქვია და ამისთანა კაცმა რა გასაკვირია, რომ არ ირწმუნოს ამგვარი ანბანური ჭეშმარიტებანი.

ნამდვილი „უმეცრობის ფართი-ფურთი“ აქვს გაჩაღებული ი. ვორონოვს თავისი ბროშურის იმ ნაწილში, რომელსაც მეტად მაღალფარდოვანი, თუმც რამდენადმე უცნაური სათაური აქვს: „აფხაზები – დედამიწის ყველა ხალხის სისხლით მონათესავენი“. ამ თავში ავტორს ადამიანის (ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, აფხაზთა) გენეტიკის საკითხების შესწავლა განუზრახავს. ამ თვალსაზრისით იგი ერთგვარ ნოვატორობასაც კი ჩემულობს თანამედროვე საისტორიო მეცნიერებაში, რადგან, თურმე ნუ იტყვით და, ამ პრობლემაზე მანამდე „პოლიტიკოსები და მათ კმაყოფაზე მყოფი ისტორიკოსები“ დუმილს ამჯობინებდნენ. ახლა არ იკითხავთ, თუ რა დააკლდა ამით აფხაზეთსა და აფხაზებს.

პირველ რიგში, ის, რომ აქამდე არ ყოფილა დადგენილი ისეთი დიდი მნიშვნელობის (აფხაზთა ისტორიისათვის) ფაქტი, როგორიცაა აფხაზური ტომების გენეტიკური კავშირები აფრიკის ნეგროიდებთან და სინურ-ტიბეტურ ენებზე მოლაპარაკე მონგოლოიდებთან (პირდაპირ გინდა იყვირო: ოჰ, ეს პოლიტიკოსები!). ი. ვორონოვი მეტად შეწუხებულია აგრეთვე იმით, რომ აქამდე ასევე არავის არ გაუმახვილებია ყურადღება აფხაზთა გენეტიკურ ნათესაობაზე ძველ ბერძნებთან. მისი მტკიცებით, 2500 წლის წინათ აფხაზეთის სანაპიროზე მილეტელების მიერ დაარსებულ გიენოსში (თანამედროვე ოჩამჩირესთან) პირველ ბერძენ კოლონისტთა სახლებში მრავლად ყოფილა ადგილობრივი წარმოშობის საოჯახო ნივთები. ეს ნივთები თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, მზითევში მოჰყოლიათ ადგილობრივ აფხაზ ქალიშვილებს, რომლებზედაც დიდი სიამოვნებით ქორწინდებოდნენ ჩამოსული უცხო ტომელები. მოგვიანებით, ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. IV-I სს.), ი. ვორონოვის აზრით, ბერძნულ-აფხაზური ქორწინებითი კავშირები კიდევ უფრო გახშირებულა.

პირდაპირ გასაოცარია, რომელი მმაჩის ბიუროების მონაცემებით განსაზღვრა ჩვენმა „ყოვლისმცოდნე“ მეცნიერმა ბერძნულ-აფხაზური ქორწინებების შემცირება-ზრდის ამპლიტუდა? ან რატომ ფიქრობს ის, რომ ბერძნებს ადგილობრივ მოსახლეობაში მაინცა და მაინც საცოლეები უნდა ეძებნათ. იქნებ არა ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ ადგილობრივი ვაჟკაცები. რა, მათ არ შეეძლოთ შეერთოთ ელადიდან მოსული მშვენიერი ასულნი და ამით კიდევ უფრო განემტკიცებინათ გენეტიკური კავშირები ჰერაკლესა და აპოლონის შთამომავლებთან? ერთი სიტყვით, აქ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება აფხაზები ჩაითვალოს ამ მხარის აბორიგენებად მოცემულ პერიოდში. ისე ი. ვორონოვს, რადგან მან ასე ახლოს მიიტანა გულთან ეს თემა, გულწრფელად გვინდა ვუსურვოთ წარმატებები აღნიშნული პრობლემის შემდგომ დამუშავებაში. თან ისიც გვინდა ვსთხოვოთ, რომ როგორმე არაფრით არ გამორჩეს კოლონისტი ბერძნების ოჯახებში აფხაზ ჭაბუკთა ჩასიძების საკითხიც, რამეთუ ადგილობრივი წარმოების ნივთები ოჯახში შეიძლება მოჰყვეს არა მარტო რძალს, არამედ სიძესაც.

იგივე შეიძლება ითქვას „აფხაზურ-იტალიურ სისხლით ნათესაობაზე“, რომელსაც ი. ვორონოვის თქმით, საფუძველი ჩაყრია ახ. წ. I-III საუკუნეებში, როდესაც რომს ფართო პოლიტიკური და კულტურული კონტაქტები ჰქონია აფხაზეთთან. ჩვენი „გულთმისანი“ ავტორის აზრით, იმდროინდელ (IV-V სს.) რომაულ-ბიზანტიურ ციხე-სიმაგრეებში (სებასტოპოლისსა და პიტიუნტში) ცხოვრობდა არაერთი თადარიგში გასული იტალიელი თუ ბერძენი, რომელიც მაინც და მაინც დაქორწინებული იყო აფხაზ ქალიშვილზე. ეს მასალები ი. ვორონოვმა, ეტყობა, უშუალოდ რომაელთა სადაზვერვო სამსახურიდან შეიტყო, რადგან VI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (რომელსაც თითქოს ის ეყრდნობა) მხოლოდ ცალკეულ „რომაელ მეომართა“ ადგილობრივ პუნქტებში დასახლებაზე გვაწვდის ინფორმაციას და კრინტსაც არ ძრავს მათ ოჯახურ მდგომარეობაზე.

აფხაზთა გენეტიკური ტიპის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი შეუტანიათ ალან-ოსებსაც, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტები (რასაკვირველია, ქორწინებითიც) ჰქონიათ აფხაზებთან ახ. წ. I- II საუკუნეებიდან. ამ საქმეში მათ თურმე არ ჩამორჩენილან სპარსელები, რომელთა გარნიზონი VI ს. შუა ხანებში, სულ მცირე დროით (როგორც ვარაუდობს ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ამიჩბა, მხოლოდ 550 წლის ზაფხულის განმავლობაში) იდგა წებელდის ციხეში (ამ პერიოდში, როგორც ცნობილია, მიმდინარეობდა ე.წ. „დიდი ომიანობა ეგრისში“, რომლის დროსაც დასავლეთ საქართველოში გაბატონებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიზანტია და ირანი). ი. ვორონოვის „მახვილგონივრული“ მიხვედრით, თურმე ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წებელდაში ჩაყენებული სპარსული გარნიზონის უფროსმა ნამუსი ახადა ციხის უფროსის ლამაზ ცოლს – „ტომით აფსილს“, რასაც მოჰყვა აფსილების განაწყენება და სპარსელების გამოყრა წებელდის მიდამოებიდან. ყველაფერს ვიფიქრებდი და ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, რომ პროკოფი კესარიელის მიერ დაფიქსირებულ ამ ფაქტს ოდესმე ვინმე ამგვარ ინტერპრეტაციას მისცემდა და გამოიყენებდა აფხაზ-სპარსელთა გენეტიკური ნათესაობის დამადასტურებელ არგუმენტად. ჭეშმარიტად, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.

უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძილზე, ი. ვორონოვის განმარტებით, აფხაზეთში უცხოვრიათ და ადგილობრივ აფხაზურ მოსახლეობასთან ახლო კონტაქტები (მათ შორის, უნდა ვიფიქროთ, ალბათ ქორწინებითიც) ჰქონიათ ებრაელებს, გერმანელებს, სომხებს, არაბებს, ხაზარებს, თურქული მოდგმის ტომებს, სლავებს, მონღოლებს, იტალიელებს და ჩინელებსაც კი. ამათგან სლავური ტომების წარმომადგენლები აქ პირველად გამოჩენილან VI საუკუნეში, ხოლო ტმუტარაკანის რუსული სამთავროს ეპოქაში (IX-X სს.), ი. ვორონოვს აბსოლუტურად არ ეეჭვება აფხაზთა და რუსთა სისხლით დანათესავება. განსაკუთრებით ფართო ხასიათი კი ამას მიუღია XIX საუკუნეში, როდესაც მარტო ერთ სოფელ წებელდაში 120-ზე მეტი სამსახურიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცი ყოფილა აფხაზ ქალიშვილებზე დაქორწინებული.

კი მაგრამ, სადღა არიან ქართველები? ალბათ, იკითხავს მკითხველი. ი. ვორონოვი, ბუნებრივია, გრძნობს, რომ, ცოტა არ იყოს, უხერხული იქნება ამ კითხვას გვერდი აუაროს და ერთგვარი მოწყალების სახით ჩვენთვისაც იმეტებს რაღაცას. ის დაბეჯითებით გვაუწყებს, რომ თანამედროვე მეგრელთა წინაპრები – ლაზები, თურმე მხოლოდ VI საუკუნეში (ე.ი. იმავე დროს, როდესაც, ი. ვორონოვის ჭკუით, სლავები, როგორც ჩანს, აქ საკმაოდ მოშინაურებულები იყვნენ.) გამოჩენილან აფხაზეთის შინაგან რაიონებში და მათთან აფხაზებს, რატომღაც, მარტო მატრიმონიალური კავშირები ჰქონიათ (ეს მიმართულება, როგორც ჩანს, ი. ვორონოვისათვის „მშობლიურია“, რადგან ცნობილია, რომ ის ქვეყნიერებას რატომღაც მოევლინა არა მამის, არამედ დედის გვარით). განსაკუთრებით ინტენსიური ეს ურთიერთობანი ყოფილა „საკონტაქტო ზონაში მდ. ენგურის გაყოლებით“.

„მეგრელთა ინფილტრაცია“ აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში, განაგრძობს ი. ვორონოვი, უნდა გაძლიერებულიყო X ს. მიწურულიდან, როდესაც შეიქმნა ბედიის საეპისკოპოსო, რომლის იურისდიქციაში ენგურის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. მოგვიანებით კი, როდესაც სამეგრელომ „მოახდინა ზემო აფხაზეთის ანექსია“, გაძლიერებულა ასიმილაციური პროცესები, რის შედეგადაც მეგრელები და აფხაზები გენეტიკურად კიდევ უფრო დაახლოებულან. რაც შეეხება „ქართველ-გრუზინებსა“ და სვანებს, მათთან აფხაზებს ასევე ჰქონიათ (მისი აზრით, არა უადრეს VIII საუკუნისა), მართალია ეპიზოდური, მაგრამ „ნაყოფიერი კონტაქტები“. მოდი და ამის შემდეგ არ შეგეცოდოს სტრაბონისეული „სვანები“ თუ „სვანო-კოლხები, რომელთაც ი. ვორონოვმა ასე ერთბაშად დაუკარგა სულ ცოტა ერთი ათასწლეულის „ნაღვაწი“ დიოსკურიასა და მის მიდამოებში. ან რა პირით შევხედოთ ზემოთ უკვე ნახსენებ ჰეკატეოს მილეტელისა და ფსევდო-სკილაქს კარიანდელის „კოლხებს“. ისინიც ხომ ჩვენი სისხლი და ხორცია. სადღა ვეძებოთ აფხაზებთან მათი „საკონტაქტო ზონები“? აფსუს! რამდენ პიკანტურ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა ჩვენი ხალხების – აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის ისტორიაში ი. ვორონოვისთანა კიდევ რამდენიმე „ჭკუის კოლოფი“ ისტორიკოსი რომ გვყავდეს.

ი. ვორონოვის „მახვილ თვალს“ არც დინასტიური ქორწინებითი კავშირებიც გამორჩენია, თუმცა ჩვენთვის სრულებით გაუგებარია, თუ რომელ წერილობით წყაროებში დააფიქსირა მან „ადგილობრივ მეფეთა და მთავართა“ (ე.ი. აფხაზ ხელისუფალთა – ზ.პ.) ბერძენი, ოსი, სომეხი, ყივჩაყი მეუღლეები. ჩვენ, რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე აფხაზ მთავარს მართლაც ჰყავდა ცოლად ზემოთ ჩამოთვლილი ხალხების წარმომადგენელი (ამაში გასაკვირი, აბა, რა უნდა იყოს), მაგრამ, სამწუხაროდ, წყაროებმა ამგვარი ინფორმაცია ნაკლებად შემოინახეს. ერთადერთი, რაც ზედმიწევნით არის ჩვენთვის ცნობილი, ესაა გაერთიანებული საქართველოს („აფხაზთა“) მეფეთა: გიორგი I-ის, ბაგრატ IV -ის, დავით IV აღმაშენებლის, გიორგი III-ისა და სხვა ბაგრატიონთა დინასტიური ქორწინებები სომხეთის, ბიზანტიის, ოსეთის სამეფო საგვარეულოების წარმომადგენლებსა და ყივჩაყთა ბელადის ასულზე.

თუ ეს ქორწინებანი აქვს მხედველობაში ი. ვორონოვს, მაშინ რაღა დააშავა სხვა ხალხებმა, თუნდაც მონღოლებმა? აკი ცნობილია, რომ დავით ულუს – ლაშა-გიორგის ძეს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდა, მაინც „აფხაზთა“ მეფედაც იწოდებოდა, მონღოლი ჰყავდა ცოლად. რა გვიშლის ხელს, ეს ფაქტიც გამოვიყენოთ აფხაზთა გენეტიკური ტიპის ჩამოყალიბების ისტორიის შესწავლისას? არა გვგონია, ამ შემთხვევაში ი. ვორონოვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმ „უმნიშვნელო“ გარემოებას, რომ ულუ-დავითს ჯიგდა-ხათუნ მონღოლთან შთამომავლობა არ გასჩენია და ამდენად ეს „უნაყოფო“ ქორწინება, ბუნებრივია, ვერ იქონიებდა გავლენას აფხაზთა გენეტიკური ტიპის ჩამოყალიბებაზე. ამ მხრივ, არც ბაგრატ IV – „აფხაზთა“ მეფის ბიზანტიის საიმპერატორო კარის წარმომადგენელ ელენეზე ქორწინება იყო „ნაყოფიერი“. ასე რომ, არა გვაქვს არავითარი საფუძველი, ვილაპარაკოთ აფხაზურ-ბერძნული დინასტიური ქორწინებების (სხვა ფაქტი „აფხაზ“ მეფეთა ბერძენი ცოლების შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია) „წვლილზე“ აფხაზური გენის ბერძნული სისხლით გაკეთილშობილების საქმეში.

ი. ვორონოვის ფალსიფიკატორული ნიჭი კულმინაციას აღწევს ბროშურის დასკვნით ნაწილში, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი სათაური აქვს: „აფხაზეთი – 2500-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ქვეყანა“. თავის მსჯელობას სახელმწიფოებრიობის გენეზისზე აფხაზეთში ი. ვორონოვი იწყებს მისთვის ჩვეული თეორიული „ფართი-ფურთით“. მისი „მიხვედრით“, სახელმწიფოებრიობა თურმე ყოფილა „არსებობის შენარჩუნებისათვის ზრუნვის სისტემა, რომელიც დამყარებულია პროდუქტების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და განაწილებაზე“. ამ დასკვნის პოლიტიკური შემადგენელი ნათელია: დღევანდელ აფხაზებს არსებობის შენარჩუნებისთვის აუცილებლად სჭირდებათ ეროვნული სახელმწიფოებრიობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გადაშენება უწერიათ. ამას მოსდევს კიდევ უფრო გონებამახვილური დასკვნა: სახელმწიფოებრიობა აფხაზეთის ტერიტორიაზე „შემოუტანიათ“ მილეტელ ბერძნებს, რომლებმაც ძვ. წ. VI ს. – ე.ი. 2500 წლის წინათ – დააარსეს ქალაქ-სახელმწიფო დიოსკურია. სწორედ აქედან იწყებს აფხაზური სახელმწიფოებრიობის ათვლას ჩვენი „გულთმისანი“ მეცნიერი.

რაც შეეხება კოლხეთის სამეფოს, რომელიც არსებობდა ძვ. წ. VI-I საუკუნეებში და „რომლის ფარგლებში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია“, ეს, ი. ვორონოვის მტკიცებით, წმინდა წყლის ისტორიული მითია და ის თურმე შეუქმნიათ „პოლიტიკოსებსა და მეცნიერებს ჩვენი საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან – ლავრენტი ბერიას ეპოქაში“. პირდაპირ უნდა განვაცხადო, მე არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, ვინც ძველი კოლხეთის სახელმწიფოებრიობას ერთგვარად ჰიპერბოლიზირებულად წარმოაჩენს და მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღმოცენება და საბოლოოდ გაფორმება რეალურად დაკავშირებულია აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებასთან – იბერია-ქართლთან, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კოლხეთში არავითარი სახელმწიფოებრიობა არ არსებობდა. პირიქით, ჩვენს განკარგულებაში არსებული წერილობითი (ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები) თუ არქეოლოგიური მონაცემები (მათ შორის, პირველ რიგში, ნუმიზმატიკური მასალა) აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ კოლხეთში VI-I საუკუნეებში (თუ უფრო ადრე – არგონავტების ხანაში – არა) მაინც არსებობდა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩამოყალიბებული სამეფო ხელისუფლებით. როგორც ცნობილია, ანტიკური ხანის არაერთი ავტორი (ქსენოფონტე, სტრაბონი, პლინიუსი, პომპონიუს მელა და სხვ.) დაბეჯითებით მიუთითებს კოლხეთში ადგილობრივი დინასტიის არსებობაზე და ადასტურებს ლეგენდარული აიეტის შთამომავლების ყოფნას სახელმწიფოს სათავეში.

თუ ი. ვორონოვის ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ ანტიკური ხანის ავტორთა ის მდიდარი წერილობითი ტრადიცია კოლხეთის სამეფოს არსებობის შესახებ მითია, ხოლო სახელმწიფოებრიობა იმ ტომებისა, რომელთა ხსენებაც არ არის აღნიშნულ ავტორთა თხზულებებში, ისტორიული რეალობა. ჩვენს ბედოვლათ „მკვლევარს“ კოლხ-ქართველებისათვის დიოსკურია და გიენოსი რომ არ ემეტება, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ გაუგებარია, თუ რანაირად შეიძლება აფხაზური სახელმწიფოებრიობის გენეზისი დაუკავშირდეს ამ ბერძნული ახალშენების აღმოცენებას (სხვა შემთხვევაში აფხაზური სახელმწიფოებრიობა ნამდვილად ვერ იქნება 2500-წლოვანი). ერთი წუთითაც რომ დავუშვათ ი. ვორონოვის თეზისის სისწორე და წარმოვიდგინოთ, აფხაზებმა, ბერძნების გავლენით, მართლაც ჩაუყარეს საფუძველი ეროვნულ სახელმწიფოებრიბას ძვ. წ. VI საუკუნეში, მაშინ რა ღმერთი გაუწყრა კოლხებს, რატომ ვერ ისარგებლეს მათ ბერძნების გავლენით (რა, ფაზისი რითიმე ჩამორჩებოდა დიოსკურიას?) და ვერ შექმნეს თავიანთი სახელმწიფო?

აბსოლუტურად არასწორი და ტენდენციურია ი. ვორონოვის მსჯელობა ლაზთა (ეგრისის) სამეფოს აღმოცენებისა და მასში აფხაზური პოლიტიკური წარმონაქმნების გაერთიანების დროისა და პირობების შესახებ. მისი აზრით, თურმე ლაზიკის სამეფო შექმნილა მხოლოდ VI ს. I ნახევარში. ისტორიოგრაფიაში კი დიდი ხანია დადგენილია, რომ ლაზიკის ირგვლივ მთელი დასავლეთ საქართველოს (მათ შორის დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის) გაერთიანება დამთავრებული იყო უკვე IV ს. მიწურულისთვის (ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი, ზ. ანჩაბაძე, ნ. ლომოური, დ. მუსხელიშვილი, გ. ამიჩბა და სხვ.). ის კი არა და, VI ს. I ნახევარში, ზოგიერთი მკვლევარის (ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი, ზ. ანჩაბაძე, გ. ამიჩბა) აზრით, შესაძლებელია, აბაზგები, რომლებიც, პროკოპი კესარიელის თქმით, „ძველი დროიდან“ ითვლებოდნენ ლაზების ვასალებად, სულაც გამოსული ყოფილიყვნენ ეგრისის მეფის დაქვემდებარებიდან. აშკარაა, რომ ი. ვორონოვს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აღელვებს ერთი საკითხი, როგორმე არ დაფიქსირდეს ქართველებისა (ამ შემთხვევაში, ეგრისის ქართული მოსახლეობის) და აფხაზების ერთ სახელმწიფოში ხანგრძლივად ყოფნა, რადგან მაშინ მის მიერ დადგენილ აფხაზთა 2500-წლოვან სახელმწიფოებრიობას კიდევ რამდენიმე საუკუნე მაინც დააკლდება.

ამავე მიზანს ისახავს აგრეთვე „აფხაზთა“ სამეფოს აღმოცენების ი. ვორონოვისეული ვერსია, რომელშიც აბსოლუტურად იგნორირებულია ის ქართული მოტივები, რომლებმაც სინამდვილეში განაპირობეს ერთიანი დასავლურ-ქართული (და არა აფხაზური) სახელმწიფოს წარმოქმნა. ამიტომაცაა, რომ ი. ვორონოვი არაბებზე ანაკოფიის მისადგომებთან მოპოვებულ გამარჯვებას მარტო აფხაზებს მიაწერს და არაფერს ამბობს ამ ეპოპეაში ქართველთა მონაწილეობაზე. მან რომ სრული სიმართლე თქვას, მაშინ მკითხველი უთუოდ დაფიქრდება: რატომაა, რომ ანაკოფიის ციხესთან მურვან-ყრუს ლაშქრის წინააღმდეგ მებრძოლ აფხაზთა და ქართველთა ძალებს სარდლობენ ქართლის ერისმთავრები მირი და არჩილი, ხოლო „აფხაზეთის ერისთავი“ ლეონი სხვა სამხედრო ამოცანას ასრულებდა და ბრძოლის დროს ანაკოფიაში საერთოდ არ იმყოფებოდა. რაც შეეხება „აფხაზთა“ სამეფოს 200-წლოვან პერიოდს, რომელიც, რასაკვირველია, ი. ვორონოვმა ასევე უბოდიშოდ მიათვალა აფხაზური სახელმწიფოებრიობის 2500-წლოვან ისტორიას, ამაზე ზემოთ უკვე გვქონდა მსჯელობა და ამჯერად მასზე ყურადღებას არ შევაჩერებთ. ერთს დავუმატებდით მხოლოდ, რომ არც აკად. სიმონ ჯანაშიას, არც პროფ. ზურაბ ანჩაბაძეს, როგორც იტყვიან, აფხაზეთის ღვიძლ შვილებს, ი. ვორონოვსა და არც სხვა ვინმეზე ნაკლებად არ ჰყვარებიათ აფხაზეთი და აფხაზები და ამის საფუძველი რომ ჰქონოდათ, მათ ვერავინ ვერ დაუშლიდა (ამისათვის მეცნიერული და მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა და, რაც მთავარია, სათანადო კომპეტენტურობა გააჩნდათ), საქვეყნოდ გამოეცხადებინათ „აფხაზთა“ სამეფოს აფხაზურობა.

ანტიქართულმა ფსიქოზმა ი. ვორონოვს, როგორც ჩანს, არა მარტო გონება დაუბნელა, არამედ მეხსიერებაც დაუქვეითა. აბა რას უნდა მივაწეროთ ისეთი ფაქტოლოგიური ლაფსუსი, რომელიც მას დაშვებული აქვს ბაგრატ III-ის გენეალოგიური შტოს გაშიფვრისას: ჩვენმა „ყოვლისმცოდნე“ არქეოლოგ-ისტორიკოსმა „აფხაზთა“ მეფე გიორგი II-ის ასული გურანდუხტი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ ვაჟს – ბაგრატ II-ეს შერთო ცოლად. ი. ვორონოვი იმდენადაა გატაცებული მისხალ-მისხალ დაითვალოს აფხაზური სახელმწიფოებრიობის არსებობის წლები, რომ მზადაა თვით XI-XI საუკუნეებშიც კი არ გააკეთოს წყვეტა და ეს 200 წელიც კი, ამ თვალსაზრისით, აქტივში ჩაუთვალოს აფხაზებს. მერე რა, რომ ამისთვის ის ზოგად (და, რასაკვირველია, აბსოლუტურად უსაფუძვლო) განცხადებას სჯერდება იმის თაობაზე, რომ თითქოს ბაგრატ III-ის, დავით აღმაშენებლისა და თამარის საქართველოში აფხაზეთს თავისი გამოკვეთილი ავტონომიური სამთავრო ჰქონოდეს, რომლის სათავეში ჩაჩბა-შარვაშიძეთა საგვარეულო იდგა.

აფხაზეთის სამთავრო, როგორც აფხაზური ეროვნული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, თურმე XII ს. შემდგომაც არსებობდა და, ი. ვორონოვის სიტყვებით, განაგრძობდა „თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის მეგრელ და იმერელ ხელისუფალთა წინააღმდეგ“ (ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.). მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზები თურმე გმირულად უმკლავდებოდნენ მეგრელებსა და იმერლებს და მათ დასახმარებლად მოსულ ქართველებსაც. ვერც XVII საუკუნეში „აფხაზ-მეგრელთა 30-წლიანი ომის“ (საოცარია პირდაპირ, აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ XVII ს. I ნახევარში, თითქმის ერთდროულად, ორი ოცდაათწლიანი ომი ყოფილა მსოფლიო ისტორიაში: ერთი – საქვეყნოდ გახმაურებული 30-წლიანი ომი შუა ევროპაში, რომელშიც ჩათრეული იყო ევროპის თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო, ხოლო მეორე – აქ, ჩვენთან, როგორც იტყვიან, „ყურის ძირში“) პერიოდში მეგრელი მთავრების მიერ აგებულ 60-კილომეტრიან კელასურის კედელს შეუჩერებია აფხაზები. მათ თურმე „შტურმით“ აუღიათ ეს „მრისხანე ზღუდე“ (საინტერესოა, ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია ვინ მიაწოდა ი. ვორონოვს.) და აღუდგენიათ „თავიანთი ძველი პოლიტიკური საზღვარი“ მდ. ენგურის გაყოლებით.

აი, რამდენი პათოსი ჩააქსოვა აფხაზთა მრავალსაუკუნოვან ბრძოლას „ქართველი დამპყრობლების“ წინააღმდეგ ჩვენმა აფხაზების ჭირ-ვარამით „გულდათუთქულმა მემატიანემ“. და ეს მაშინ, როდესაც ის კრინტს არ ძრავს აფხაზთა ბრძოლაზე ნამდვილი დამპყრობლების – თურქების წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, XVIII საუკუნიდან ადგილი ჰქონია არა აფხაზეთის მოქცევას ოტომანთა იმპერიის უღლის ქვეშ, არამედ, ნუ იტყვით და, თურქეთის სახელმწიფოსთან „პოლიტიკური კავშირების ზრდა – „ნარაშჩივანიეს“. ხედავთ, როგორი სიტყვა გამოძებნა – „ნარაშჩივანიე“. არავითარი „დაპყრობა“–„ზავოევანიე“, არამედ „ნარაშჩივანიე“. რას იზამთ, დღევანდელ აფხაზ სეპარატისტთა პოლიტიკურ კონიუნქტურას სჭირდება თურქთა როლის ასეთი შეფასება კავკასიაში და ამ კონიუნქტურის სამსახურში მყოფი ლაქიისაგან (თუნდაც რუსი, ქრისტიანი კაცისაგან), აბა, სხვას რას უნდა მოველოდეთ.

ქართულ-აფხაზური „ტრადიციული მტრობისა“ და „წინააღმდეგობის“ ფონზე ი. ვორონოვს, რასაკვირველია, არ გამოპარვია რუსეთის იმპერიის „პროგრესული“ როლი აფხაზთა ცხოვრებაში: „ქალაქების აღმშენებლობა, გზების გაყვანა, ელექტროსადგურების, სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოებისა და თეატრების აგება; რუსული გრაფიკის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შექმნა“ და ა. შ. ამდენ სიკეთესთან, აბა, რა მოსატანია ის „წვრილმანი“ გაუგებრობები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. იქნებ არც ის „საღვთო ომი“ – „ჰაზავათია“ სახსენებელი, რომელშიაც ჩაბმული იყო მუსლიმური აფხაზობა თავიანთ ჩრდილოკავკასიელ მოძმეებთან ერთად ქრისტიანული რუსეთის წინააღმდეგ და, რომელსაც შეეწირა ათასეულობით აფხაზის სიცოცხლე? ან რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილი მუჰაჯირობა, რომლის შედეგადაც აფხაზური მოსახლეობის ნახევარმა მაინც დასტოვა მშობლიური მიწა-წყალი და თურქეთში სამუდამოდ გადასახლდა, მხოლოდ კონსტანტინოპოლის ღირსშესანიშნაობების ხილვით დატკბობის სურვილით ორგანიზებული უფასო ტურისტული ექსკურსია იყო და სხვა არაფერი?

სამაგიეროდ, ი. ვორონოვს სრულებითაც არ ავიწყდება გენერალ მაზნიაშვილის მიერ 1918 წელს აფხაზეთის „ოკუპაცია“, ხოლო შემდგომ  „კიარაზის“ რაზმებისა და IX წითელი არმიის მიერ აფხაზებისათვის „მოპოვებული დამოუკიდებლობის“ „ანულირება“ სტალინისა და ბერიას მიერ. და კიდევ ერთი, ი. ვორონოვს არ ავიწყდება „აფხაზთა მასობრივი პროტესტები ქართული „კოლონიური რეჟიმის“ წინააღმდეგ, აფხაზეთის რსფსრ-ს შემადგენლობაში გადაყვანის მოთხოვნით. ამ ბრძოლის დაგვირგვინებად კი მას მიაჩნია 1991 წ. მარტში სსრ კავშირის არსებობის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც აფხაზეთმა გამოთქვა სურვილი იყოს „კავშირში“, საქართველომ (ოჰ, ეს საზიზღარი საქართველო!) კი ხმა მისცა მის დაშლას.

ასეთია, ძირითადად ი. ვორონოვის ახალი ისტორიოგრაფიული „შედევრის“ შინაარსი. მკითხველმა შეიძლება იკითხოს: კი მაგრამ, რა საჭიროა ამ პირწავარდნილი შოვინისტისა და ფალსიფიკატორის ყოველ ნაჯღაბნზე ასე ოპერატიული რეაგირება?  (გასულ წელს ჩვენ ასევე გამოვეხმაურეთ ი. ვორონოვის ანალოგიური ხასიათის პასკვილს – იხ. გაზეთ „აფხაზეთის ხმის“ 16 და 17 აგვისტოს ნომრები). ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მართლაც ზედმეტი იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრიობის ცხოველ ინტერესს საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსულისადმი, ვფიქრობთ, ჩვენი სურვილი, უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ი. ვორონოვის ეს ახალი გამოხდომა, გამართლებულია. მით უფრო დღეს, როდესაც აშკარა გახდა იმ მავნებლური, დიახ, სწორედ მავნებლური საქმიანობის ტრაგიკული შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში ასე ნაყოფიერად ეწეოდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხის საზიანოდ ჩვენი ე.წ. „კოლეგა ისტორიკოსები“.

და ბოლოს, კიდევ ერთი. ჩვენი წერილის სათაურს – „უმეცრობის ფართი-ფურთი“ – დიდ ილიას დავესესხეთ და მოგვიტევოს მისმა უკვდავმა სულმა, თუ სათქმელი ისე „მკვახედ“ (ილიასებურად) ვერ ვთქვით, როგორც საჭირო იყო.

სოხუმი
1992 წლის ნოემბერი

 ***
იხილეთ რუსულად:

ПАРАД  НЕВЕЖЕСТВА 

Или очередной вымысел известного  фальсификатора

https://iberiana.wordpress.com/afxazeti/nevejestva/