Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ღირსი ვარსკვლავთა დიადემისა

 გიორგი მესხი

 

“ღირსი ვარსკვლავთა დიადემისა” 

(ზვიად გამსახურდიას საიუბილეოდ)

 

 90-იანი წლების შთაბეჭდილებათაგან მახსოვს: უშუქო და უფერული გარემოს ამსახველ, ამავე გარემოსავით ნაცრისფერ ეკრანზე ხანდახან (არცთუ ხშირად) გაიელვებდა ხოლმე სახე მაღალი და ნათელი კაცისა. გაისმოდა ხმა: თბილი და ალერსიანი. სიტყვა – მტკიცე და მართალი. მესმოდა შეძახილი: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ამ ზარისებრ ხმას შემდეგ დიქტორის მონოტონური ტექსტი ენაცვლებოდა, სხვა კადრები ჩნდებოდნენ და მეც თვალს ვარიდებდი ეკრანს გულდაწყვეტილი.

ვხვდებოდი, რომ ეს ნათელსახიანი და მჟღერხმიანი კაცი უკვე ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო და გული მწყდებოდა, რადგან იგი არასოდეს მენახა, არც მისი ხმა მომესმინა. ამიტომაც, ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების ამარა დარჩენილი, ველოდი მის ხელახალ გამოჩენას…

შემდეგ, როცა ვეწაფებოდი მის ნაწერებს, ვეცნობოდი მისი ცხოვრების ქრონიკებს, ყოველთვის თან მდევდა მაღალი და ნათელი კაცის სახება და მისი შეძახილი: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჰფარავდეს ღმერთი!”

***

სამოცდაათი წლის წინ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ვაჟი დაიბადა, რომელსაც მამამ საქართველოს სპასალარის სახელი უწოდა.

მოგვიანებით დაწერილ ავტობიოგრაფიაში ზვიადი იხსენებდა, რომ კონსტანტინე მისთვის არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი მამაც იყო.

“ჩვენ ვხცოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო” – სწერდა კონსტანტინე თექვსმეტი წლის ზვიადს – “გახსოვდეს; ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი დაემსგავსებოდა იმ საცოდავსა და უშინაარსო არსებობას, რომელსაც ეწევიან ცხოველები და ფრინველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ ავიღოთ: მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი”.

უთუოდ განგებისმიერი კანონზომიერება იყო ზვიადის მოვლინება ამგვარ გარემოში, ისევე, როგორც მისი მეგობრობა მერაბ კოსტავასთან, “ქრისტესმიერი ძმობა” რომ უწოდა “ქარიშხლის პირმშომ”. “ისინი მართლაც ქრისტესმიერი ძმები იყვნენ. ერთი ბატონ კონსტანტინეს ხორციელი, ორივენი კი მისი სულიერი შვილები”. (მერაბის დედის, ოლღა დემურიას მოგონებიდან)

მალევე დაამტკიცა ზვიადმა, რომ მისთვის ამაოდ არ უწოდებიათ სპასალარის სახელი. ჯერაც სკოლის მოსწავლემ ჩამოაყალიბა არალეგალური ორგანიზაცია, დაბეჭდა პროკლამაციები და გაავრცელა. ამას მოჰყვა პირველი პატიმრობა.

“შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,

ვეფხთან სარკენად ველად გასულებს” – მოგვიანებით გაიხსენებს მერაბ კოსტავა.

ასეთი იყო გზის დასაწყისი. გზისა, რომელიც შეგნებულად აირჩია დიდი მწერლის ვაჟმა. შეგნებულად თქვა უარი კომფორტულსა და უზრუნველ ცხოვრებაზე. ეს გზა რომ არა, მისთვის ყველა კარი ღია იქნებოდა, ყველა ასპარეზი – ხსნილი. მას გარანტირებული ჰქონდა თუნდაც საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერისა თუ ხელოვანის უშფოთველი ყოფა. მან კი სხვა გზა არჩია; არალეგალური ცხოვრება, ციხე, საგიჟეთი, გადასახლება, შინაპატიმრობა, დევნა, ყოველდღიური ბრძოლა და ეკლიანი გზა ჯვარცმისა… გაოცებას ვერ მალავდნენ სუკ-ელები: “მამაშენმა სახლში ლამის კომუნიზმი შეგიქმნა და იატაკქვეშეთში რას ეძებო?!” ამგვარი ხალხისთვის მართლაც გაუგებარი იყო; რაა ისეთი, ყველასგან აღიარებული კლასიკოსის შვილს რომ უარს ათქმევინებს “კარგ ცხოვრებაზე” და დისიდენტის ეკლიან გზას გაუყენებს?! რაოდენ ძლიერი უნდა ყოფილიყო ეს “ერთი რამის სიყვარული”, რომელსაც სიჭაბუკიდანვე შესწირა ყველაფერი.

გვახსენდება გალაკტიონის ლექსი:

“რად აირჩიე, რად აირჩიე,

რად აირჩიე ტყე და გრიგალი,

ეკლიანი გზა რად აირჩიე,

ახალგაზრდობა რად მოიკალი?!”

“მე არაერთხელ ვყოფილვარ მიზეზი დედის ცრემლებისა და უძილო ღამეებისა. მე შემეძლო მისთვის სიხარულის მოტანა, წარმატებული, წყნარი მოღვაწეობა მეცნიერებაში, მყუდრო ბიბლიოთეკებსა და არქივებში; მშვიდი, უსატკივარო ყოფა ცნობილი კლასიკოსის შვილისა. მაგრამ მე არც საკუთარი თავის ღალატი შემეძლო, არც მამისა და არც წარსულისა თუ იმჟამინდელი საქართველოსი”.

ზვიადი ხომ “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია”.

აქედან იწყება ნამდვილი ბრძოლა, რომელიც სწარმოებდა ოთხი ათეული წლის მანძილზე და რომელიც, მიუხედავად ფიზიკური განადგურებისა, ზვიად გამსახურდიას გამარჯვებით დამთავრდა.

“შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,

ვითარცა მეხი, ცათა მკვეთელი,

ჯიუტი თმენის ზღუდე მისეტყვა,

ზღვა საგუბარის დასცა კედელი.” – ესეც მერაბ კოსტავას სიტყვებია.

ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია – ეს არის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთი დიდი ეპოქა, რომელმაც დაიტია კეთილისა და ბოროტის ფატალური შებმა, დიდი გმირობისა თუ მდაბალი ღალატის, დიდი სიქველისა და ასეთივე გრანდიოზული ბოროტების მაგალითები.

და ეს მძიმე ეპოქა, საოცარი კატაკლიზმებით დატვირთული, ნახევარი საუკუნის მანძილზე მხრებით ატარა ზვიად გამსახურდიამ. მან ბოლომდე ზიდა ეს მძიმე ჯვარი. მისი ყოველი გამარჯვება ქართული სულის აღზევება იყო, ხოლო ბოროტების ავი ტრიუმფი – მისი პირადი ტრაგედია.

“დიდი ადამიანები იმითაც გამოირჩევიან, რომ მათში ეპოქის ტრაგედია ცხოვრებისეულ, პირად ტრაგედიად გარდაისახება ხოლმე. ხშირად მათშივე ისახება მთელი სიდიადე და ბიწიერება დროისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ” – ლეფორტოვის ციხეში დაწერილი ეს სიტყვები საოცრად ახასიათებენ მათსავე ავტორს.

“რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,

ნექტარიც წავიღე და შხამიც იმდენი” – ნათქვამია ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ პოემაში.

მართლაც, წარმოვიდგინოთ მაშინდელი ეპოქა; წითლად მოზეიმე ოქტომბრელები, “მიზანდასახული” კომკავშირლები, კიდევ უფრო მიზანდასახული პარტმუშაკები და ფუნქციონერი სუკ-ელები, აქეთ – წითელი ინტელიგენცია, იქით – დამნაშავეთა სამყარო და “კანონიერი ქურდების” მგლური ჰეროიკა,” ბოლოს კი, მთელი ამ პირამიდის სათავეში – მიზანდამსახავი კომუნისტური სისტემა თავისი “ცეკათი”.

ასეთ გარემოში უცხო და უჩვეულო სჩანდა ზვიად გამსახურდიას პიროვნება, მისი იდეები და მისწრაფებანი.

და რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო ზვიადის და მერაბის ვაჟკაცობა, რომელთაც მხარი მხარს მისცეს, თავი გასწირეს და ამ ასთავიან ჰიდრას შეებნენ.

განსხვავებით მრავალთაგან, ამ ბრძოლას როდი ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, იგი ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს ორი გმირი ნახევარი საუკუნის მანძილზე მხარდამხარ იბრძოდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. პასუხიც არ აყოვნებდა – სუკ-ისმიერი დევნა და ტერორი, ციხეები და საგიჟეთები… “ბოლოს, ჰანოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს”.

დევნა და ტერორი არც შინ დაბრუნებულს მოჰკლებია. გაუსაძლისი შინაპატიმრობა, ახლობელ-ნათესავთა “დამუშავება,” (“მოსალმებისაც ეშინოდათ”) ასისინებული ავყიები და ყოველდღიური პროვოკაცია ზოგჯერ ციხეზე უარესი იყო…

აქაც უნდა გავიხსენოთ იმჟამინდელი რეალობის ამსახველი და, იმავდროულად, წინასწარმეტყველური ლექსი “ქრისტესმიერი ძმისა”:

(სხვათა შორის, სწორედ ყბადაღებული “მონანიების” შემდეგ დაწერილი, ავყიათა დასადუმებლად)

“სხვათა უმეტეს თუ გაისარჯე,

როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,

მოყვასისაგან რად განისაჯე

ღირსო ვარსკვლავთა დიადემისა?!

ალბათ გამოცდა ენება უფალს,

როს გიმზადებდა ხვედრს არასაცდენს,

რადგან, განგებას რომელი უყვარს,

მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.

რას დაგაკლებდა ბედი ტიალი

ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,

ჭორის ღვარცოფმა გადაგიარა

და, როს აღგივსეს ძმარით ფიალა,

არ აიცდინე სასმელი ესე”.

ზვიად გამსახურდიას თამამად შეეძლო გამეორება ვაჟას სიტყვებისა: “რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა!”

“ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა” – ეს გზა გაიარა საქართველოს პრეზიდენტმაც.

***

“როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას”.

ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, ეს იყო არა ერთჯერადი, არამედ ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა, ყოველწამიერი მზაობა “სამსხვერპლოზე სიკვდილისთვის”. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მოწამეობრივმა აღსასრულმა კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ასწია მისი სახელი.

გამართლდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება:

“გადაიჭრები გზნებით მყობადში,

დაემკვიდრები ხალხში მითივით,

ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში

მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.

დაუცხრომელო სულიერ ცდაში,

დაუსაბამო სიტყვის მთხრობელო,

უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში

დემონთა ხროვის დამამხობელო”.

***

ზვიად გამსახურდიას პიროვნება გვაოცებს თავისი უნივერსალობითაც;

დისიდენტი – მართლაც “სიყრმიდანვე ქართვლის ბედს აყოლილი”, რომელმაც “მისი ძებნით დალია დღენი”.

პოეტი – არა მხოლოდ ლექსებით, რომელნიც, თავისთავათ, ძვირფასი მარგალიტებია ქართული პოეზიისა და ჯერაც არ არიან ჯეროვნად შესწავლილ-დაფასებულნი, არამედ მთელი ცხოვრებით, მსოფლმხედველობით, მიმართებით ცხოვრებისადმი.

ლიტერატორი – უაღრესად საინტერესო ნაშრომების, მონოგრაფიების, ნარკვევების, წერილების, ესსეების, თარგმანების ავტორი; პირუთვნელი კრიტიკოსი-მამხილებელი.

ორატორი – ერთ-ერთი უდიდესთაგანი ქართველ ორატორთა შორის; სიტყვები – სულში დანთებული პრომეთესეული ცეცხლის ნაპერწკლები, თავანკარა ქართულით გამოთქმულნი.

მოაზროვნე – ფილოსოფიური ლექციების ავტორი და უაღრესად ორიგინალური თეორიული სისტემის შემქმნელი (“საქართველოს სულიერი მისსია”, “გელათის აკადემიის სულიერი იდეალები”, “სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია”)

პოლიტიკური მოღვაწე – რომელის კურსიც ისტორიამ გაამართლა, რაც დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგად სჩანს და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.

პრეზიდენტი – რომლისთვისაც ხელისუფლება საშუალება იყო და არა მიზანი, განსხვავებით მრავალთაგან…

ბოლოს, “ეკლებზე უეკლეს” გზაზე დამდგარმა, “მთის ეკლესიასავით” მიტოვებულმა, ტყე-ტყე მავალი მებრძოლის მძიმე ხვედრიც იტვირთა…

ილია ჭავჭავაძეს გვაგონებს გასაოცარი უნივერსალობით.

აქვე უნდა გავიხსენოთ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები, ილია ჭავჭავაძის შესახებ ნათქვამი: “მიწა და ღმერთი ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან. ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქყოფნისა”.

***

თავისთავათ იბადება პარალელი: ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია.

ორივე მრავალმხრივი პიროვნება, მრავალმხრივი მოღვაწე: პოეტი, მოაზროვნე, ლიტერატორი, დიპლომატი, პოლიტიკოსი…

ორივე სამოციანელი, “ქართვლის ბედს აყოლილნი” სიყრმიდან სიკვდილამდე, ორივე “საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”.

სხვათა შორის, ლიტერატურული მოღვაწეობა ორივემ მდარე პოეზიის კრიტიკით დაიწყო: ილია ჭავჭავაძე – “ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის შეშლილის თარგმანზედა”; ზვიად გამსახურდია – “პოეტური მეტყველებისთვის”.

ამ ორ წერილს ბევრი რამ აქვს საერთო, ისევე, როგორც მათ ავტორებს.

დამთხვევათა მოყვარულნი სიმბოლურ სიმეტრიას ამოიკითხავენ წიწამურისა და ხიბულის ტრაგედიათა წლებს შორისაც.

ორივე უდიდესი ტრაგედია იყო გასული საუკუნისა, ჩვენი საზოგადოების მიერ დღემდე პასუხგაუცემელი, გამოუძიებელი, ამოუხსნელი და იდუმალი.

აქვე უთუოდ უნდა გავიხსენოთ 17 მარტის ტრაგედიაც, ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ მომხდარი, რომლის შემდეგაც საზოგადოება მიხვდა, რომ დიდი ეროვნული ცოდვა დატრიალდა, ამიტომაც მიაწყდა მთაწმინდას დიდი და პატარა, ერთგვარი დანაშაულისა და სინანულის გრძნობით შეპყრობილნი, ისევე, როგორც 1907 წელს.

საზოგადოებამ თითქოს სიკვდილის შემდეგ დაუმოწმა მთელი ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც სიცოცხლეში დააკლო ამ დიდ პიროვნებებს.

ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში ესეც მოგვიანებით მოხდა, რადგან მისი მკვლელობისა და დასაფლავების გარემოებანი უდიდესი მზაკვრობით დაგეგმეს, ათასგვარი ვერსია და ჭორი გაავრცელეს; დაბნეულმა საზოგადოებამ არათუ პროტესტი ვერ გამოხატა, ისიც კარგა ხანს ვერ დაადგინა, პრეზიდენტი ცოცხალი იყო, მკვდარი თუ მოკლული.

ამიტომაც ყოველ ქართველს გულზე სამსჭვალივით ხვდება ზვიად გამსახურდიას სიტყვები, ნათქვამი 1993 წელს:

“მეგობრებო, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო… ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს.”

დიახ, ის მარტოდმარტო დარჩა 1989 წლის შემდეგ, მარტომ აიტანა გოლგოთაზე უმძიმესი ჯვარი, მარტომ გადაიტანა ეპოქალური ტრაგედია და სიკვდილის პირასაც მარტო აღმოჩნდა კაცი, რომელსაც მილიონები მხარს უჭერდნენ, ასიათასები ტაშს უკრავდნენ და ათასები ეფიცებოდნენ სიყვარულსა და ერთგულებას.

“საღამოობით, როცა ცისფერ ეკრანს ვუსხედით წყნარი თბილისელები და “პოლე ჩუდეს”-ით ვერთობოდით, შორს, წალენჯიხის ტალახიან გზაზე, მიაბიჯებდა ჯოხს დაყრდნობილი, წვერმოშვებული, ჩონჩხადქცეული კაცი.

ეს კაცი საქართველოს პრეზიდენტი იყო.

ორიოდე თვის წინათ მის ყოველ გამოჩენას და მოზეიმე სიტყვას მოსდევდა ტაშის ტალღა, ავტომატების კანონადა და სახეშეშლილი ხალხი ნატრობდა, ახლოდან ენახა იგი. ახლა კი მიდიოდა – ყველასგან მიტოვებული და განწირული, და ღამის სიბნელეში ქრებოდა ლანდი, დანგრეულ სამშობლოზე ჯავრით დალეული…”

(სოსო სიგუა, “დევნილი ტრიუმფატორი”)

ჩვენს საზოგადოებას დიახაც აწუხებს ერთგვარი დანაშაულის გრძნობა, საქართველოდან განდევნილი, ჩეჩნეთში თავშეფარებული, შემდეგ სამეგრელოს ცივ ტყეებში მოკლული და გროზნოში დასაფლავებული საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კი, ილიაზე ვაჟას ნათქვამისა არ იყოს, “მოვკალით ჩვენივე ხელით” და, თოთხმეტი წლის მანძილზე, საფლავიც არ ვაღირსეთ…

90-იანი წლების ეს მომენტი (სხვა სამარცხვინო მომენტებს შორის) დარჩება ერთ-ერთ უდიდეს სირცხვილად საქართველოს ისტორიაში.

“ვინც გინდა იყავ, დამნაშავე თვით შენც ხარ სადღაც, ქვეყნად თავისით არაფერი არ ხდება რადგან” – ჩვენ გვიან ვიწყებთ ამ ჭეშმარიტების შეგნებას, სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის ტკივილიანი შეგრძნების თანხლებით.

მაგრამ სირცხვილის გრძნობა სინდისის ცეცხლით არის განათებული.

დაე, ეს ტკივილიანი განცდა ყოფილიყოს დასაწყისი ქართული სულის განწმენდისა და ზნეობრივი კათარზისისა.

ტარტუ, 2009 წ. მარტი

http://www.lib.ge/body_text.php?6856

დატოვე კომენტარი