Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის. 13.05.91

♥ ზვიად გამსახურდია – Zviad Gamsakhurdia

 

 

gamsakhurdia1991 წლის 13 მაისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის

 

– არსებობს მოსაზრება, რომ ეთნოკონფლიქტები ინსპირირებულია მოსკოვის, კერძოდ, სუკ-ის მიერ. გაქვთ თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი?

– ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი და ნიშანი არსებობს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოსი ექსტრემისტები მარაგდებიან იარაღით საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარის მიერ. ისინი ეხმარებიან ოს ექსტრემისტებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. როდესაც აპატიმრებენ ქართველებსა და ოსებს, ოსებს, ჩვეულებრივ, ათავისუფლებენ. არც ერთი ოსი არ ზის იქ ამჟამად ციხეში. ოსი ექსტრემისტები საბჭოთა შინაგანი ჯარების ტანკებში სხდებიან და თავს ესხმიან ქართულ სოფლებს. ისინი ერთად ებრძვიან ქართველებს, სამხედრო პირებსა და ოს ექსტრემისტებს. მძევლებად აჰყავთ ქართული სოფლების მოსახლეობა. აქ იგივე ხდება, რაც სომხურ სოფლებში, სადაც აზერბაიჯანის ომონი და საბჭოთა არმია ერთად მოქმედებენ. ისევე როგორც აზერბაიჯანში, საბჭოთა არმია მხარს უჭერს აზერბაიჯანის ომონს, ასევე საქართველოში იგი მხარს უჭერს ოს ექსტრემისტებს, რადგანაც ოსი კომუნისტი ექსტრემისტები იბრძვიან სსრკ-სთვის, მათ უნდათ აღადგინონ საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური რეჟიმი.

– შეკითხვა ტელეფონით დანიის ტელევიზიიდან: როდის აპირებს საქართველო ცენტრისაგან დამოუკიდებლად იქონიოს საკუთარი ფული, ჯარი, საბაჟო და დამოუკიდებლად შეძლოს საზღვრების დაცვა?

– პირველ რიგში ეს დამოკიდებულია იმაზე, გვაღიარებენ თუ არა დასავლეთის ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

როდესაც ცენტრი ჩვენ გვაღიარებს უცხო ქვეყნად, ეს ფაქტობრივად დიპლომატიური აღიარების ტოლფასი იქნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ საკუთარი არმიის ჩამოყალიბება, მალე დავიწყებთ ფულის მოჭრას და გვექნება საზღვრებიც, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ოფიციალური აღიარების შემდეგ.

– ვინ ამარაგებს ქართულ გვარდიას?

– ჩვენ ამჟამად გვყავს მხოლოდ შინაგანი ჯარები და მას ამარაგებს სახელმწიფო.

– თუ სწორად გავიგეთ თქვენი ნათქვამი, 15 რესპუბლიკას სურს მიიღოს თავისუფლება, ამ რესპუბლიკაში არის არა ეთნოკონფლიქტები, არამედ ცალკეული ხალხების ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმპერიას სურს გააღვიძოს ეთნოკონფლიქტები რესპუბლიკებში.

– თქვენ იცით, რომ სსრკ-ში შემავალი 9 რესპუბლიკა ხელს აწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხოლო 6 უარს ამბობს მასზე, მას შემდეგ, რაც ეს 9 რესპუბლიკა ხელს მოაწერს ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საბჭოთა ფედერაცია 9 რესპუბლიკისაგან იქნება შემდგარი. ამის შემდეგ ექვს რესპუბლიკას მიეცემა უცხო სახელმწიფოს სტატუსი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თვით სსრკ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ევროპული თანამეგობრობის ისეთი მოდელი, როგორიც არის, მაგალითად, ბრიუსელში, გადმოღებულ იქნას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის?

– მე ვფიქრობ, რომ იმ ექვს რესპუბლიკას, რომელიც ხელს არ მოაწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, შესაძლებელია ჰქონდეს ბრიუსელის მოდელი და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა ერთმანეთთან.

– კითხვა ეხება 26 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, 27 აპრილს თქვენ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადეთ, რომ შესაძლებელია 26 მაისის არჩევნები არ ჩატარდეს. რა არის ამის მიზეზი?

მე უშუალოდ ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. მე ვთქვი, რომ კრემლი იბრძვის, რათა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, რადგან მას ეშინია ამ არჩევნების. გუშინ, მაგალითად, მოხდა კრემლის ძალზე არასასიამოვნო პროვოკაცია. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი წარმომადგენელი, რომლებიც ახლდნენ პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს და არაკანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოში, დროებით დაკავებულნი იქნენ, ამ კანდიდატმა მოსკოვიდან მოიწვია სსრკ-ს სპეცსამსახურის, სუკ-ის თანამშრომლები მისი პირადი დაცვის მიზნით. ისინი აქ საიდუმლოდ ჩამოვიდნენ ჩვენი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნებართვის გარეშე. მათ თავი წარმოგვიდგინეს ამ კანდიდატის მცველებად, სინამდვილეში კი ჩვენ არ ვიცით, ისინი რა ფუნქციას ასრულებენ. როგორც კანდიდატი ამბობს, მან ისინი მოიწვია, როგორც მოსკოვის ერთ-ერთი კოოპერატივის წევრები, მაგრამ ამ დროს მათ აქვთ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები.

გუშინ საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იყო, თუ როგორ შემოიჭრნენ ეს სუკ-ის აგენტები, რომლებიც თავს მილიციის თნამშრომლებს უწოდებენ. მაგრამ ცნობილია, რომ სუკ-ი ხშირად იყენებს ამ მეთოდს და აძლევს თავის წარმომადგენლებს მილიციის მოწმობას. ეს ერთ-ერთი პროვოკაციაა ჩვენი არჩევნების წინააღმდეგ. ცენტრი ცდილობს, რომ იაქტიუროს წანასაარჩევნო კამპანიაში და მას ჰყავს ამისათვის ისეთი ხალხი, როგორიც ხსენებული კანდიდატია, რომელიც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატია.

– როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტის შემდგომ იგი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში?

– მე არ ვიცი, ეს მასზეა დამოკიდებული, გუშინ ტელევიზიით ნაჩვენები იყო, რომ იგი თანამშრომლობს საბჭოთა სპეც-სამსახურთან, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ვერ იპოვნა დაცვა საქართველოში და რატომ მოიწვია სპეც-სამსახური მოსკოვიდან, მან უპასუხა, მე არ ვენდობი ქართველებს და ამიტომ მოვიწვიე ისინი მოსკოვიდანო. მაშინ მას ჰკითხეს: თუ თქვენ არ ენდობით ქართველებს, რად გინდათ, რომ გახდეთ პრეზიდენტი?

– მე გავიგე, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერებთან დაკავშირებით.

– ზოგიერთ კანდიდატს ყალბი ხელმოწერები აღმოაჩნდა. ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ეს ხელმოწერები საჭიროა გამსახურდიასთვის, ვინაიდან სხვები იქნებიან მისი მოადგილეები, ანუ თანაპრეზიდენტები, ისინი მოტყუებით და ზოგჯერ ძალადობით აღწევდნენ ამას. „მხედრიონის“ ზოგიერთი წარმომადგენელი ძალადობით აგროვებდა ხელმოწერებს ზოგი კანდიდატისთვის. გუშინ, როდესაც სუკ-ის თანამშრომლები დააკავეს მილიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის აღმოჩნდნენ „მხედრიონის“ წევრებიც.

– თქვენთვის ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ში. მაგრამ მათ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს. გენბერის განცხადებით, ცენტრისა და რესპუბლიკების კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ ერთის მხრივ მოსკოვში შეინიშნება სურვილი კონფედერაციის შექმნისა, ხოლო მეორეს მხრივ, გარკვეული რესპუბლიკები იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის. ეს წინააღმდეგობა კრემლს აგონიაში აგდებს. მოსკოვს აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის საშიშროება, რომ მას ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებენ?

სამწუხაროა, რომ აშშ-ს არ სურს სცნოს ბალტიისპირეთის, საქართველოს და სხვათა დამოუკიდებლობა. აშშ, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები კვლავ იმედებს ამყარებენ სსრკ-ზე, გორბაჩოვზე. მაგრამ მე ვფიქრობ, მომავალში წარმოუდგენელია სსრკ-ს არსებობა.

– ლიტვამ ერთი წლის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაიწყო მოლაპარაკებები მოსკოვთან, თქვენ როდის ფიქრობთ მოლაპარაკებების დაწყებას მოსკოვთან?

– ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს და მე შევხვდები პრეზიდენტ გორბაჩოვს თვის ბოლოს. ჩვენი მოლაპარაკებები ისეთივე იქნება, როგორც ლიტვის, ეს იქნება დამოუკიდებლობის შესახებ.

– თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემა ამჟამად ეკონომიკური განვითარებაა. როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე?

– ჩვენი პირველი ნაბიჯებია პრივატიზაცია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებთან.

– ბატონი ხოშტარია იმყოფებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში, როგორია ამ ვიზიტის შედეგები?

– შედეგები დიდია, რადგან ჩვენ დავამყარეთ ახალი, განსაკუთრებით ეკონომიკური კონტაქტები ამ ქვეყნებთან.

– თქვენი ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა სათავეშია, მაგრამ ჯერ არ მოხერხდა პრივატიზაციის შესახებ კანონის მიღება. რა არის ამის მიზეზი?

– მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი საბჭოთა კავშირისაგან. როგორც კი ჩვენ გამოვეყოფით სსრკ-ს და გავარღვევთ ეკონომიკურ იზოლაციას, ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა, ახლა კი, თქვენ იცით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკის ნაწილს. ამჟამად ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი პრივატიზაცია, მაგრამ სრული პრივატიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სსრკ-დან გამოყოფის შემდგომ.

– თქვენ დაიწყეთ საყოველთაო გაფიცვა. გრძელდება თუ არა იგი?

– არა, გაფიცვა შეწყდა მიწისძვრის გამო.

– ბალტიისპირეთში ჩვენ გვითხრეს, რომ საქართველო მოქცეულია ენერგეტიკულ ბლოკადაში. კერძოდ, მას არ აწვდიან გაზს. რამდენი ხანია ეს მიმდინარეობს?

– ჩვენ ყველა სახის ბლოკადაში ვართ მოქცეული, ენერგეტიკული, პროდუქტის, ახლა დაიწყო ფინანსური ბლოკადა.

– კომუნისტურმა რეჟიმმა 70 წლის მანძილზე შექმნა Homo Sovieticus-ის ტიპი. საზოგადოებრიობის ფართი ფენები კორუმპირებულია, შეიცვალა ადამიანთ ფსიქოლოგიაც, საქართველოს თავისუფლების გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები განათლებისა და კულტურის შედეგად გახდნენ მართლაც თავისუფალნი?

– ძალიან ძნელია კორუფციის და სხვა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ამ 70 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ძალიან ძნელია ადამიანთა ფსიქოლოგიის შეცვლა, ჩვენ არ შეგვიძლია ამის სწრაფად გაკეთება, ამას დრო სჭირდება. ჩვენ ამისათვის გვჭირდება სრული გამოყოფა სსრკ-დან.

– ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესია ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა სსრკ-დან გამოყოფამდე. როგორია თქვენი აზრი?

– დამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მთელ მსოფლიოს სწორედ მოსკოვის წყალობით. ჩვენ ვცდილობთ ეს იზოლაცია გავარღვიოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციით და დიპლომატიური აღიარების მიღწევით. მხოლოდ ამის შედეგად გახდება შესაძლებელი ნამდვილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური საზღვრები. ჩვენ არ შეგვიძლია ეკონომიკის შეცვლა, სანამ სსრკ-ს შემადგენლობაში ვართ.

– ოსეთის პრობლემის გარდა არსებობს მღელვარება აჭარაში, აფხაზეთში, ყველაფერი მოსკოვის ბრალია? თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით?

– დიახ, იმიტომ, რომ გორბაჩოვმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, გვექნება პრობლემები ოსეთსა და აჭარაში. ასეთივე პოლიტიკა აქვს მას მოლდავეთისა და სომხეთის მიმართ. იგი იყენებს ეთნოკონფლიქტებს რესპუბლიკებზე ზემოქმედებისთვის.

– გაქვთ თუ არა კონტაქტი სსრკ-ში და მთელ დასავლეთ სამყაროში კარგად ცნობილ პიროვნებასთან, ვგულისხმობ ედუარდ შევარდნაძეს?

– დიახ, მე მქონდა მასთან კონტაქტი და მე ვუთხარი, რომ მან უნდა მოახდინოს გავლენა გორბაჩოვზე და ემსახუროს საქართველოს, მაგრამ მე რეალურად ამას ვერ ვხედავ.

– როდის ელაპარაკეთ მას?

– დაახლოებით ერთი თვის წინ.

– გორბაჩოვი იზოლირებულია სამხედრო ძალებისა და სუკ-ის მიერ, მისი უფლებამოსილებანი შეზღუდულია. ყველაფერი მის სურვილზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უჭირს მოერიოს ამ უზარმაზარ სამხედრო აპარატს. თქვენ რას ფიქრობთ?

– დიახ, გორბაჩოვი მართლაც მათი გავლენის ქვეშ იმყოფება, მას ამჟამად მართლაც უჭირს ამ გავლენის დაძლევა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამაში მას დასავლეთი, აშშ, გერმანია დაეხმარება. თუ მას დაეხმარებიან, იგი შეძლებს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ბატონ ელცინზეც.

– გაქვთ თუ არა კონტაქტი ბატონ ელცინთან?

– დიახ, ჩვენ გვქონდა კონტაქტი, მაგრამ მე ვფიქრობ, ამჟამად იგი გაურბის ამ კონტაქტებს, რადგან მას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, როგორც რუსეთის პარლამენტში, ასევე გორბაჩოვის სახით. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩვენი კონტაქტები შეჩერებულია.

– როგორ გესახებათ შვეიცარიისა და საქართველოს ურთიერთობა?

– ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შვეიცარიაც სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ უნდა დამყარდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა სახის კონტაქტები.

– არის თუ არა რაიმე დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიას შორის?

– არა, დიპლომატიური არა, მაგრამ გარკვეული კულტურული, საგანმანათლებლო კონტაქტები ახლაც არსებობს. მთავარი მაინც დიპლომატიური, პოლიტიკური ურთიერთობაა.

– გქონდათ თუ არა რაიმე კონკრეტული მიზანი ამ პრესკონფერენციის მოწყობისათვის?

– დიახ. მე უკვე გითხარით, რომ მოსკოვი აგრძელებს პროვოკაციებს წინასაარჩევნო პერიოდში. მოსკოვის პრესსამსახური იჭრება ამ პროცესში. ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებდნენ მისი წევრები თბილისში 12 დღის განმავლობაში. მათ განაცხადეს, რომ ისინი პრეზიდენტობის კანდიდატის დაცვის მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით, ისინი რას აკეთებდნენ, ვინაიდან მათ ურთიერთობა ჰქონდათ დანაშაულებრივ ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრებთან, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ არჩევნების წინ. ჩვენ ამას მივიჩნევთ მოსკოვის ჩარევად წინასაარჩევნო კამპანიაში, საკუთარი კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ გამოვააშკარავოთ ასეთი ფაქტები, ვაუწყოთ ხალხს და გადავცეთ ინფორმაცია დასავლეთს.

– თქვენ ხშირად ახსენეთ საქართველოში მოქმედი კრიმინალური ჯგუფები, რა გაქვთ მხედველობაში?

– კრემლმა შექმნა დიდი კრიმინალური არმია მთელს საქართველოში, რომელსაც გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა. ჩვენ დავაპატიმრეთ ამ კრიმინალური დაჯგუფების 70 წევრი და მისი ლიდერი იოსელიანი, თუმცა მისი სხვა წევრები კვლავ მოქმედებენ და სჩადიან დანაშაულებებს, განსაკუთრებით ღამით. ისინი მოქმედებენ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. ზოგიერთი მათგანი ახლაც ემალება მილიციას.

– მე ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოში ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს.

– თქვენ არ გინახავთ, მაგრამ საქართველოში ამას ხედავენ.

ხდება ძარცვა, ადამიანების გატაცება, გამოძალვა და სხვა არასასიამოვნო ინციდენტები. ამჟამად კი ისინი დაკავებულნი არიან საარჩევნო კამპანიით. ისინი აიძულებენ ხალხს, ძალით მოაწერონ ხელი ამა თუ იმ კანდიდატის მხარდამჭერ სიებს და ა.შ.

– ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში არსებობდა ერთიანი დემოკრატიული ეროვნული მოძრაობა, მიმართული კომუნიზმის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს ერთიანობა დაიშალა, რა მოხდა?

– ეს ცენტრის დამსახურებაა, ცენტრის და სპეციალური სამსახურის, რომელიც ძალიან აქტიური და ძლიერია საქართველოში. ამ ძალებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური სამხედრო შენაერთები, რომლებმაც დაშალეს ეს მოძრაობა და გადაიბირეს მისი ნაწილი. ეს კრიმინალური ჯგუფები ემუქრებოდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს და მოახერხეს ზოგიერთის ჩათრევა კორუფციასა და მაფიაში. ამგვარად, ამ მოძრაობის ერთი ნაწილი ჩვენ ეროვნულ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი კი მაფიას, კრიმინალურ ჯგუფებს და მოსკოვის სპეც სამსახურებს.

– რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ მოსკოვს?

– ვგულისხმობ ცენტრს, როდესაც ვამბობ მოსკოვს, ვგულისხმობ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეს ჯგუფები კომუნისტური პარტიის ლიდერებმა შექმნეს და მოახდინეს მათი ლეგალიზაცია, მოსკოვი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი სპეც-სამსახურის აგენტები არიან.

– თუ მიმართეთ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ დაესწრონ 26 მაისის არჩევნებს?

– დიახ, იქნებიან ოფიციალური დამკვირვებლები, როგორც ეს რეფერენდუმზე და არჩევნებზე იყო.

– როგორ ფიქრობთ, როცა ექვსი რესპუბლიკა არ მოაწერს ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხომ არ აღმოჩნდებიან საფრთხეში?

– ეს ექვსი რესპუბლიკა დიდი საფრთხის წინაშე დგას. ცენტრს შეუძლია განახორციელოს სამხედრო აგრესია, ხოლო სპეც სამსახური ყოველმხრივ ეცდება, რომ გააკონტროლოს აქ სიტუაცია – ამიტომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა, ხოლო დასავლეთის საინფორმაციო წყაროებმა უნდა გადასცენ სწორი ინფორმაცია და დაგვეხმარონ ჩვენ ამ ბრძოლაში.

– რამდენიმე ხნის წინ თქვენ ბრძანეთ, რომ საზღვარგარეთ ხშირად გადაიცემა არასწორი ინფორმაცია, რა არის ამის მიზეზი, მე არა მგონია, რომ ჩემი კოლეგები ამას განზრახ აკეთებდნენ.

– არა, შეიძლება ისინი ამას განზრახ არ აკეთებენ. მაგრამ დასავლეთის საინფორმაციო წყაროები მოსკოვის დიდ გავლენას განიცდიან, განსაკუთრებით გერმანელი ჟურნალისტები, რომლებიც ზედმეტად ენდობიან საკდესს და მოსკოვს, რომელიც ყალბ ინფორმაციას გადასცემს.

 

1991 წლის 13 მაისი