Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ქართული ხელნაწერები უცხოეთში

♥ დამწერლობა – Geo Alphabet

 

ვახტანგ იმნაიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 უძველესი ქართული ხელნაწერები უცხოეთის წიგნთსაცავებში

 

ქრისტიანული კულტურის ისტორიის შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთის ქრისტიანი ხალხების ლიტერატურულ მემკვიდრეობას. არაერთი ბერძნული ხელნაწერი დაკარგულია და დღეს ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ თარგმანების სახით აღმოსავლურ ენაზე. ხშირად ძველი ქრისტიანული ლიტერატურის ამა თუ იმ წერილობითი ძეგლის უძველესი და უკეთესი ვარიანტი შემორჩენილია სწორედ რომელიმე აღმოსავლურ ენაზე1, თუნდაც ქართულზე (ამის ერთ ნიმუშს ჩვენ ქვემოთ გავეცნობით). აქედან გამომდინარე, სამეცნიერო წრეები დიდ ინტერესს იჩენენ აღმოსავლეთის ხალხთა ხელნაწერების გამომზეურების, შეკრებისა და შესწავლის საქმიანობაში. ქართველი ხალხი სწორედ აღმოსავლეთის ასეთ უძველეს ხალხებს მიეკუთვნება. ამიტომ მისი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ძეგლები მკვლევართა საგანგებო ყურადღებას იპყრობს. დღეს მინდა თქვენი ყურადღება სწორედ ასეთ სიძველეებზე, ძველ ქართულ ხელნაწერებზე, შევაჩერო, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო კავკასიონის კალთებიდან რამდენიმე ათასეული კილომეტრის დაშორებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ მუზეუმთა თუ ბიბლიოთეკათა მტვერდადებულ თაროებზე დაუდვიათ მყუდრო სავანე.

ერთი ნაწილი ძველი ქართული ხელნაწერებისა დაცულია ავსტრიაში _ ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. რამდენიმე ქართული ხელნაწერი შემოუნახავს ბრიტანეთის მუზეუმის თაროებსაც.

 

 გრაცის უნივერსიტეტის ქართული ხელნაწერები

გრაცის ქართული ხელნაწერების თავგადასავალი ჰუგო შუხართის სახელთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. რომ არა ეს გამოჩენილი სწავლული, გრაცის 400-წლიანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თაროებზე, ეჭვგარეშეა, არ იქნებოდა დაწყობილი ბიბლიოთეკის სიამაყე _ ძველთაძველი ქართული ხელნაწერები, რაც ბიბლიოთეკას შუხართის სიკვდილის შემდეგ დარჩა ანდერძით. 

 ჰუგო შუხართი იყო გამოჩენილი ავსტრიელი ენათმეცნიერი, რომანული ენების ცნობილი სპეციალისტი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ვენის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. შუხართის მეცნიერული დამსახურების აღიარებაზე მეტყველებს მისი საპატიო ტიტულების ჩამონათვალი: ბოლონიის, ბუდაპეშტის, ოსლოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ბუდაპეშტის, ბერლინის, მიუნხენის, რომის, ამსტერდამის, ლისაბონის, კოპენჰაგენის, კრაკოვის მეცნიერებათა აკადემიების წევრი, საპატიო წევრი სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტისა სან-სებასტიანში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. სხვათა შორის, ჰუგო შუხართი ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრიც იყო. შთამბეჭდავია შუხართის გამოქვეყნებულ მეცნიერულ ნაშრომთა რაოდენობა: მათი რიცხვი 770-მდე აღწევს.

ჰუგო შუხართი, ჩანს, XIX საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა ქართულით, მან არტურ ლაისტის მეშვეობით საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ქართველ სწავლულებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მათგან სისტემატურად ღებულობდა ქართულ სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურას. შუხართის ქართველ ნაცნობთა შორის შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ცაგარელი, და სხვანი. მათ არა მარტო მიმოწერა ჰქონდათ შუხართთან, არამედ ზოგიერთი მათგანი ევროპაში ყოფნისას პირადადაც გაეცნო გამოჩენილ მეცნიერს.

შუხართს 2 ათეულამდე გამოკვლევა აქვს დაბეჭდილი ქართულის შესახებ. თავის ერთერთ უკანასკნელ წერილში ის აღნიშნავს, რომ ქართული მისთვის სიმპათიური და საინტერესო ენაა. სწორედ ამ დიდმა სიმპათიამ და გამოკვეთილმა მეცნიერულმა ინტერესმა ქართული ენისადმი უბიძგა შუხართს, რომ ქართული მატერიალური კულტურის უბერებელი ძეგლები, რომლებიც ვიღაც გადამყიდველების ხელში მოხვდა და, ვინ იცის, ბედი რა გზას გაუყენებდა ამ ყდაშემოხეულ და დაფურცლულ მოწმეებს ჩვენი სახელოვანი წინაპრების თავაუღებელი საქმიანობისას შორეულ სინას მთაზე თუ იერუსალიმში, შემდგომი დაზიანების ან, უარეს შემთხვევაში, დაკარგვისაგან ეხსნა და თავის საიმედო ხელებში მოექცია.

 ქართული ხელნაწერების ისტორია მოკლედ ასეთია:

1883 წელს ა.ცაგარელმა იმოგზაურა სინას მთაზე და იქაური ქართული ხელნაწერები აღწერა. 19 წლის შემდეგ, 1902 წელს, ნ. მარრსა და ი.ჯავახიშვილს ზოგიერთი ხელნაწერი სინაზე, წმ.ეკატერინეს მონასტერში, აღარ დახვედრიათ. 1927 წელს ქართული ხელნაწერების შესახებ შუხართმა ა.შანიძეს აცნობა. 1927 წლამდე გრაცის ქართული ხელნაწერების თაობაზე სამეცნიერო წრეებში არავითარი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენშიც და უცხოეთშიც ამ ხელნაწერებით დაინტერესება. აქამდე მიჩნეული იყო, რომ გრაცში დაცული ხელნაწერები XIX საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 1895 წელს, გაიყიდა ვენაში.

 

შუხართის არქივში დაცული მასალების საფუძველზე გამოირკვა შემდეგი:

1883 წელს ჯერ კიდევ სინას მთაზე დაცული ქართული ხელნაწერები 1894-1895 წლების მიჯნაზე ავსტრიელი მხატვრის, ალფონს მილიხის, თვალთახედვის არეში მოხვდა, საფიქრებელია, ეგვიპტეში. აღნიშნული ხელნაწერების ყიდვის მსურველთა შორის თურმე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღებულა. ბოლოს ისინი ხელში ჩაუვარდა მილიხს, რომელმაც მათი ნამდვილი ღირებულება არც კი იცოდა. მილიხმა დაახლოებით ორ წელიწადს მოიცადა და 1896 წლის ოქტომბერში 4 ხელნაწერი შესასყიდად ვენის სასახლის ბიბლიოთეკას შესთავაზა. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცაისბერგმა, ხელნაწერების შეძენაზე უარი თქვა მათი საეჭვო წარმომავლობის გამო _ მას აცნობეს, რომ სასახლის ბიბლიოთეკისთვის შესასყიდად შეთავაზებული ხელნაწერები ოფიციალურად სინას მთის წმ.ეკატერინეს მონასტრის კუთვნილება იყო (ცაგარლის აღწერილობის მიხედვით) და, ალბათ, მონასტრის კედლებიდან მალულად იყო გამოტანილი. “მოპარულ ხელნაწერებს ჩემი ბიბლიოთეკის თაროებზე ვერ დავაწყობო” _ ასე იმართლა თავი ბიბლიოთეკის ფრთხილმა დირექტორმა. ცაისბერგის უარი რომ შეიტყო, ვ.იაგიჩმა, ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა, დაუწუნა მას ამგვარი შანსის ხელიდან გაშვება და დასძინა: “ასე რომ მოქცეულიყვნენ, ევროპის დიდ ბიბლიოთეკებს ძვირფასი განძი, ძველთაძველი ხელნაწერების დიდ ნაწილი, დღეს თაროებზე არ ექნებოდა დაწყობილიო”. მოკლედ რომ ვთქვათ, მილიხმა მოპარული ხელნაწერები იყიდა და მათს უფრო ძვირად გაყიდვას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მათი გასაღება გაუჭირდა, რადგან ამ ამბის გახმაურებისა შეეშინდა და ფრთხილად იქცეოდა, თანამზრახველების მეშვეობით ეძებდა ქართული ხელნაწერების პოტენციურ მყიდველებს. ასეთები კი მაშინ ავსტრიაში თითებზე ჩამოსათვლელადაც კი არ ჩანდა _ მხოლოდ ფ.მიულერი და ჰ.შუხართი ფლობდენენ, ასე თუ ისე, ქართულს. სხვათა შორის მას დაემუქრნენ, რომ ამ საქმეში ჩარევდნენ ავსტრიის კონსულს კაიროში, რომელიც დაადგენდა, მილიხი კანონიერი მფლობელი იყო სინური ხელნაწერებისა თუ არა. მილიხმა არ ისურვა კონსულის ჩარევა ამ წინასწარ წაგებულ საქმეში და სხვა გზა გამონახა _ ხელნაწერების სწრაფად გასასაღებლად ქართული ხელნაწერებით დაინტერესებული პირი გამოძებნა _ გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ჰ.შუხართი. ორთვიანი გაცხოველებული ვაჭრობის შემდეგ, 1897 წლის 12 იანვარს, ხელნაწერები (ამჟამად გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის /#2058/ ##1-2-3-4 ხელნაწერები) შუხართმა შეიძინა 420 გულდენად. მალე (21.I.1897) მილიხმა შუხართს კიდევ ერთი ხელნაწერი, “ცოტა ხნის წინ მიღებული პერგამენტის გრაგნილი” შესთავაზა საყიდლად და ოთხი თვის შემდეგ (28.5.1897) ისიც მიჰყიდა გრაცელ პროფესორს 25 გულდენად (ამჟამად იმავე კოლექციის #5 ხელნაწერი). სანამ გრაგნილს შეიძენდა, შუხართი ინტენსიურად მუ- შაობდა ქართულ ხელნაწერებზე და 1897 წლის მარტის ბოლოსთვის მისი კუთვნილი 4 ქართული ხელნაწერის თავისებურებათა შესახებ ვრცელი გამოკვლევა დაწერა, რომელიც არ გამოუქვეყნებია. ამ ნაშრომის ორიგინალი დღეს თბილისში ინახება, ცენტრალურ არქივში. მას შუხართის ხელით საგანგებო მინაწერი აქვს _ გამოკვლევა დაუსრულებელიაო. ალბათ, ამიტომ არ დაბეჭდა ავტორმა ეს ნაშრომი მაშინ, ვერც მერე მოიცალა, რადგან უამრავ საქმეს იყო შეჭიდებული და, ჩანს, გადაავიწყდა კიდეც. მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1927 წელს, წააწყდა მას შემთხვევით: სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, თავისი ნაწერები გადაჩხრიკა აკანკალებული ხელით და ხსენებული გამოკვლევა მოხვდა ხელთ. არ დაახანა, მაშინვე ა.შანიძეს დაზღვეული ბანდეროლით გაუგზავნა თბილისში, ვითარცა, მისი სიტყვები რომ გავიმეორო, “მოწმე მისი ინტერესისა მისთვის ისეთი სიმპათიური და საინტერესო ენისადმი, როგორიც ქართულია”. სანამ ქართული ხელნაწერების შესახებ გამოთქმული მეტად საყურადღებო შენიშვნები საქართველოში ჩამოაღწევდა, მისი ავტორი ცოცხლებში უკვე აღარ ერია. უნდა აღინიშნოს, რომ მილიხმა სასახლის ბიბლიოთეკას შესასყიდად ქართულთან ერთად სლავური ხელნაწერებიც შესთავაზა. მათ მალე გამოუჩნდა მუშტარი: ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ვატროსლავ იაგიჩი. იგი პროფესიით სლავისტი იყო და, როგორც კი გასინჯა ხელნაწერები, დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე შეიძინა 5 ხელნაწერი. ერთერთმა _ დობრომირის ოთხთავმა _ ძალიან დააინტერესა, რომელიც, მართალია, ნაკლული იყო, მაგრამ მაინც მიიპყრო მისი ყურადღება. იაგიჩმა დობრომირის ოთხთავის შესახებ ვენის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე საგანგებოდ აღნიშნა: “ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა პერგამენტის ხელნაწერი, რომელმაც დიდი გზა გამოიარა აღმოსავლეთიდან ვენამდე და უფრო შორს, დასავლეთისკენ, აპირებდა თავისი მოგზაურობის გაგრძელებას, აქ რომ არ შეგვე- ჩერებინა…”. რაკი ქართული ხელნაწერებიც იმავე გადამყიდველის კუთვნილება იყო, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ჩვენმა ხელნაწერებმაც იგივე გზა გამოიარეს.

სხვათა შორის, მილიხმა არც კი იცოდა მის ხელთ არსებული ქართული ხელნაწერების ნამდვილი ღირებულება, მან მხოლოდ ინტუიციით იგრძნო, რომ მათი შესყიდვა კაიროელი გადამყიდველებისაგან, დიახაც, ღირდა, რაკი გარეგნულად სიძველის მიმზიდველი ელფერი დაჰკრავდა (ამ საქმეში მას გამოცდილება არ აკლდა!). აკი განუცხადა კიდეც შუხართს გულახდილად: “თქვენ მიერ შეძენილი ხელნაწერების გამო ორი წლის წინ ნამდვილი ომი გაჩაღდა _ ამან გამოიწვია ხელნაწერების შესყიდვა მათი ნამდვილი (ანუ შეფარული) ღირებულების უცოდინრად”. მოდი, ვნახოთ, რა ხელნაწერებმა გამოიარეს დაბრკოლებებით სავსე გზა, სანამ სინას მთიდან გრაცამდე მოაღწევდნენ.

გრაცის უნივერსიტეტის ჰ.შუხართისეული ქართული კოლექცია სამეცნიერო წრეებს პირველად ა.შანიძემ გააცნო2.

რა ხელნაწერები შეიძინა ჰუგო შუხართმა მხატვარ ა.მილიხისგან 1897 წელს? ხუთი ხელნაწერიდან ყველაზე ძვირფასი, ცხადია, #1, ე.წ. ხანმეტი ლექციონარია. იგი VII საუკუნით არის დათარიღებული და მიიჩნევენ, რომ V საუკუნის დედნიდან მომდინარეობს. დღეს ხანმეტი ლექციონარი გრაცში იმ სახით აღარაა შემორჩენილი, როგორც იგი ა.ცაგარელმა აღწერა: ოდესღაც უფრო ტანმსხვილ ხელნაწერს, რომელიც გრაცში ისედაც საკმაოდ შეთხელებული სახით მოხვდა, ამჟამად აკლია პირველი და უკანასკნელი ფურცლები. ამ ფურცლებს თითქოსდა მიაკვლიეს. ყოველ შემთხვევაში, მის პირველ ფურცელს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მიაგნო ფრანგმა მკვლევარმა ბ.უტიემ. ხელნაწერიდან მოვარდნელი ეს ფურცელი ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციას შეემატა 1933 წლის შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად როდის ან საიდან, ამის შესახებ დღესდღეობით არაფერია ცნობილი3, რაც შეეხება ცაგარლის მიერ აღწერილ ბოლო ფურცელს, იგი ბელგიელმა ქართველოლოგმა ჟ.გარიტმა იპოვა ბირმინგემში4, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ფურცელი, რომელზეც X საუკუნის ცნობილი მოღვაწის, იოვანე-ზოსიმეს, მიერ შესრულებული ანდერძია მოთავსებული, არაა ხანმეტი ლექციონარის ორგანული ნაწილი. შესაძლებელია, იგი მორიგი აკინძვისას ჩააკერეს, ჩაურთეს ხელნაწერს ბოლოში, ანდა, უფრო სარწმუნო მგონია, რომ იგი შემ- თხვევით, დასანანი დაუდევრობის გამო მოხვდა ხელნაწერში სინაზე ა.ცაგარლის მუშაობის დროს წმ. ეკატერინეს მონასტერში, რადგან თავისი ზომებით საგრძნობლად განსხვავდება ძირითადი ნაწილისაგან.

ამჟამად ხელნაწერი 27 ფურცელს შეიცავს, თუმცა აშკარაა, რომ იგი თავის დროზე შედარებით დიდტანიანი უნდა ყოფილიყო. ნაწერი ასომთავრულია. ხანმეტი ლექციონარი შინაარსით წარმოადგენს აღდგომის საკითხავებს. საკითხავები მარტოოდენ ახალი აღთქმის წიგნებიდანაა. ა.შანიძის აზრით, ლექციონარი VII საუკუნეში უნდა იყოს გადაწერილი, იგი სინაზე ატანილი უნდა იყოს პალესტინიდან, ალბათ, იერუსალიმიდან, როგორც ბევრი სხვა ხელნაწერი. ხანმეტი ლექციონარი დაწვრილებით გამოიკვლია ა.შანიძემ5.

იგი შეისწავლა მ.თარხნიშვილმაც6. გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ დაახლოებით 4 მილიონ ერთეულს შორის 10%, ანუ 400000, ხელნაწერია, მათ შორის კი ქართული ხანმეტი ლექციონარი ყველაზე  ძველი ეგზემპლარია. ჩვენი ქართული ლექციონარის გარდა ბიბლიოთეკას არა აქვს არათუ VII, არამედ არც VIII საუკუნის ხელნაწერი. ხნოვანებით მეორე მხოლოდ IX საუკუნით თარიღდება. როდესაც გაიგეს, რომ VII საუკუნის ქართული ხელნაწერი გამოიტანეს საცავიდან და მასზე მე ვმუშაობდი, ამ უნიკალური ძეგლის სანახავად გრაცის უნივერსიტეტის ხელნაწერთა განყოფილებაში საგანგებოდ მოდიოდნენ სიძველეთა მოყვარულები. ბევრს უთხოვია ჩემთვის: თუ შეიძლება ხელით შევეხებიო.

#2 ხელნაწერი წარმოადგენს ფსალმუნს. ხელნაწერი იმითაა საყურადღებო, რომ იგი სომხურ-ქართული პალიმფსესტია (გვიან ჩამატებული პირველი ოთხი ფურცლის გარდა). მკვლევრები მას X საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებენ. ხელნაწერი ამჟამად 283 ფურცელს შეიცავს, თუმცა ა.ცაგარელს მისი აღწერის დროს 302 ფურცელი დაუთვლია, ხოლო მზ. შანიძეს _ 275. ვფიქრობ, ა. ცაგარელს მძიმე სამუშაო პირობების შედეგად აერია სათვალავი, გაუსაძლის სიცივეში მუშაობისას სიჩქარეში შემთხვევით წაუმატა 20 ფურცელი. შემორჩენილი ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელნაწერს არც უნდა ჰქონდა ზედმეტი 20 ფურცელი, რადგან საამისო არაფერი აკლია, საკმაოდ სრული ტექსტია. ნაწერი ასომთავრულია (პირველი ოთხი ფურცლის გარდა, რომლებიც ნუსხურითაა დაწერილი). გადამწერია მონაზონი სერაპიონი. ეს ძეგლი ქართული ფსალმუნის შემცველი ერთერთი უძველესი ხელნაწერია.

გრაცის #2 ხელნაწერი საგანგებოდ არავის შეუსწავლია. პროფ. მზ. შანიძემ მისი მონაცემები გამოიყენა ქართული ფსალმუნის უძველესი რედაქციების შესწავლისას7.

#3 ხელნაწერი შეიცავს “სვიმეონ სალოსოს ცხოვრებას”. მისი ავტორია VII საუკუნის მოღვაწე, კვიპროსის ქალაქ ნეაპოლისის ეპისკოპოსი ლ.ნეაპოლელი, რომელიც ქართულ წყაროებში ხშირად ლ.ნიკოპოლელის სახელითაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში, “სიმეონ სალოსოს ცხოვრების” დღემდე მოღწეულ სხვა ხელნაწერებში. ძეგლი X საუკუნისაა, ნაწერია ნუსხურით. ხელნაწერი 163 ფურცელს შეიცავს, მას მოსდევს 164-ე ფურცლის ნაფლეთები, რომელზეც, ფაქტობრივად, მხოლოდ 7 ასოს ამოკითხვა ხერხდება. გადამწერია თეოდორე წყუდელელი. ტექსტი 163-ე ფურცელზე მთავრდება, მისი დიდი ნაწილი მინაწერებს უჭირავს. წიგნის ამკინძველია იოვანე-ზოსიმე. რაკი ეს ძეგლი ნაკლებადაა შესწავლილი, მას უფრო დაწვრილებით შევეხები. სვიმეონ სალოსი (522-590) VI საუკუნის ცნობილი მოღვაწეა. მას ერქვა “სალოსი”, ანუ სულელი, უფრო სწორად, “ღმრთისათვის სულელი”. ამ პერიოდში სირიელ ასკეტთა შორის მოღვაწეობის ახალმა სახეობამ იჩინა თავი. ისინი უწინდებურად განმარტოებით კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ხალხში გაერივნენ, დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებსა და მოედნებზე გამოჩნდნენ, დუქნებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვანაირი ადგილების ხშირი სტუმრები გახდნენ. იმ საქმისათვის, რომელსაც თავი შესწირეს, მათ, ცხადია, არ უღალატიათ, მაგრამ თავიანთ მიზნებს სხვა ხერხითა და მეთოდით, შეფარვით ახორციელებდნენ _ სულელი კაცის სამოსში გახვეულები. მათ თითქოსდა ორი ცხოვრება ჰქონდათ: გარეგანი და შინაგანი. სხვების დასანახად ერთნი იყვნენ, ღმრთისა და საკუთარი თავის მიმართ კი _ მეორენი. სწორედ ასეთ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა სვიმეონი, რომელმაც “სალოსობა” 582 წლიდან დაიწყო.

#4 ხელნაწერი შედგება ორი ნაწილისგან: 1) იაკობ მოციქულის ჟამისწირვა (1-95 ფ.); 2) წესი განახლებისა (96-110 ფ.). ხელნაწერი გადაწერილია სინას მთაზე იოვანე-ზოსიმეს მიერ 985 წელს.

1940 წელს გრიგოლ ფერაძემ #4 ხელნაწერი იაკობის ლიტურგიის უძველეს რედაქციად მიიჩნია და მიუთითა, რომ იგი აღნიშნული ძეგლის რესტავრაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. 1948 წელს მ.თარხნიშვილმა ამ ძეგლს გამოკვლევა მიუძღვნა, ხოლო 2 წლის შემდეგ ტექსტიც გამოსცა8.

 ხელნაწერი ასომთავრულითაა ნაწერი. მას ყდა არა აქვს და ამჟამად 110 ფურცელს შეიცავს. ხელნაწერი ნაკლულია, პირველ ფურცელს ნაწერის თავზე აწერია ბ, ე.ი. ესაა მეორე რვეულის დასაწყისი ფურცელი. მაშასადამე, ხელნაწერს პირველი რვეული აკლია. მას 1959 წელს პრაღაში მიაკვლია მწერალმა ა ბელიაშვილმა, ხოლო ცნობილმა ჩეხმა მკვლევარმა ი.იედლიჩკამ 1961 წელს გამოაქვეყნა ტექსტიცა და მცირე გამოკვლევაც ჯერ გერმანულ, ხოლო შემდეგ _ ქართულ ენაზეც9. ი.იედლიჩკა იგონებს: “1959 წლის შემოდგომაზე ცნობილი მწერალი ა.ბელიაშვილი პრაჰაში იმყოფებოდა როგორც ტურისტი და ტელეფონით მელაპარაკა. მან მაცნობა: ეროვნული მწერლობის ძეგლთა მუდმივი გამოფენის დათვალიერების დროს ვიტრინაში ვნახე ხელნაწერი, რომელიც იქ შეცდომით აღნიშნულია როგორც სომხური მწერლობის ძეგლიო. მაშინვე ერთად წავედით ყოფილ პრაჰის მონასტერში სტრაჰოვზე, ეროვნული მწერლობის ძეგლთა გამოფენაზე. ხელნაწერის დანახვისთანავე ცხადი გახდა, რომ ხელნაწერი სომხური კი არ იყო, არამედ ქართული. სამწუხაროდ, ვიტრინა  დაკეტილი აღმოჩნდა და ხელნაწერის გაცნობის საშუალება მხოლოდ მაშინ მომეცა, როცა ა.ბელიაშვილი პრაღიდან გაემგზავრა”10.

პირველი რვეულის რვა ფურცლიდან პრაღაში მხოლოდ 6 არის შემორჩენილი. აკლია პირველი და მერვე ფურცლები. პირველზე რა ეწერა, ახლა ძნელი სათქმელია, რადგან ტექსტი მეორე ფურცლიდან იწყება და აქ მას არაფერი აკლია, ხოლო მერვე ფურცელზე მოთავსებული ტექსტის აღდგენა ხერხდება სხვა გამოცემების მიხედვით.

ძეგლი იმითაცაა საინტერესო, რომ 96-ე ფურცელზე საყურადღებო მინაწერს შეიცავს: “ამ ჟამისწირვის დედანს მრავალი ლოცვა და სიტყვები აკლდა დასაწყისიდან დასასრულამდე, ვიდრე მე ვიცოდი ჩემი მასწავლებლებისაგან და ჩემს ჟამისწირვებში ეწერა. ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ ვინც მაწერინებდა, მევედრებოდა _ რაც მანდ წერია, მხოლოდ ის გადაწერე უცვლელადო. მეც მისი ნება შევასრულე ჩემი სურვილის წინააღმდეგ და, ღვთის გულისთვის, შემინდეთ ჩემი ამგვარი ქცევაო”.

 ქებას იმსახურებს გადაწერის დამკვეთის პოზიცია. იგი მოითხოვს, ავალდებულებს გადამწერს: როგორც დედანში წერია, ისე გადაწერე ტექსტი, არაფერი შეცვალოო (მიუხედავად იმისა, რომ, ეტყობა, იოვანე-ზოსიმესთვის დედნის ენა მოძველებული, ხოლო ზოგიერთი სხვა საკითხიც მიუღებელი ყოფილა). აქედან ისიც ჩანს, რომ, ეტყობა, გადამწერებს თავიანთი შეხედულებით შეეძლოთ, გადაწერისას თვითნებურად შეეცვალათ ტექსტი _ წინააღმდეგ შემ- თხვევაში ასეთი საგანგებო გაფრთხილება მაშინ საჭირო აღარ იქნებოდა.

 ამ 4 ხელნაწერის შეძენიდან 10 დღის შემდეგ შუხართმა გადამყიდველისგან ახალი საინტერესო შეთავაზება მიიღო. მილიხი წერდა: “რამდენიმე დღის წინ კაიროდან ცნობა მივიღე, რომელშიც, სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ ამგვარი ფურცლები იქ კიდევ არის… ამჟამად კი მე მაქვს ცოტა ხნის წინ შეძენილი პერგამენტის გრაგნილი, რომელიც, როგორც ვვარაუდობ, სომხურია ან იბერიული”. შემოწმებისას გრაგნილი იბერიული გმოდგა. მაისში ეს ხელნაწერიც შუხართის კუთვნილება გახდა. ესაა ამჟამინდელი #5 ხელნაწერი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, გრაგნილია და 4 გადაბმული ნაჭრისგან შედგება. გრაგნილის სიგანე მიახლოებით 10 სმ-ია, ხოლო ნაჭრების სიგრძეა 10+64+58+62 სმ. ტექსტი მეორე ნაჭრიდან იწყება, პირველზე მხოლოდ ორნამენტია (ჩუქურთმა), რომელიც არაა სრულად  შემონახული. ნაწერი კუთხოვანი ნუსხურითაა, ტექსტი მოიცავს იოვანე ოქროპირის ჟამისწირვას და X-XI საუკუნისა უნდა იყოს11.

რექტო გაცილებით კარგად იკითხება, ვიდრე ვერსო. ამ უკანასკნელის მარჯვენა კიდე იმდენად გაჭუჭყიანებულია, რომ ვერსოს მთელ სიგრძეზე სტრიქონების ბოლოს რამდენიმე ასოს ამოკითხვა მეტად ჭირს. ტექსტის თავისებურებაა ის, რომ უე კომპლექსი, სადაც ქარაგმის გარეშეა, ყველგან À სახით არის წარმოდგენილი..

 იმ დღეებში მილიხი ძალიან აქტიურობდა: “ამჟამად რამდენიმე ცალკეული ფურცლის გარდა აქ, ვენაში, არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალი თვის განმავლობაში კაიროდან ჩემთვის რამე უნდა ჩამოვიდეს”.

ცალკეული ფურცლები. ჰუგო შუხართს 5 ხელნაწერის გარდა მილიხისგან სამი ცალკეული ფურცელიც ერგო. მათ პირობითად A, B და C ლიტერებით აღნიშნავენ.

 A ფურცელი იოვანეს სახარების მე-15 თავის მერვე-მეცხრამეტე მუხლებს მოიცავს. ა.შანიძე ფიქრობს, რომ იგი #13 სინური ლექციონარიდან არის ამოხეული. ნაწერი მრგლოვანითაა შესრულებული.

 რაც შეეხება B და C ფურცლებს, შუხართის აზრით, ორივე ერთი ხელნაწერიდან არის ამოხეული და #80 სინური ხელნაწერის კუთვნილება უნდა იყოს. შუხართი მათ X-XI საუკუნით ათარიღებს, ა.შანიძის შეფასებით კი მათი გადაწერის დროდ XII საუკუნის დასაწყისი უფროა სავარაუდო. ფურცელი შეიცავს ნაწყვეტს წმინდა ანტონის ეპისტოლედა.ნ, C ფურცელზე კი კარგად იკითხება “თქუმული წმიდისა კლემაქსისი. თავი 31.”.

ვინ იცის, ბედი რას უმზადებს ძვირფას ხელნაწერებს. ზოგიერთმა მათგანმა მედგრად გაუძლო საუკუნეების ქარტეხილებს, მაგრამ მეთვალყურეთა წამიერმა უყურადღებობამ ზოგიერთის ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა, მფლობელთა დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზთა გამო ხელნაწერთა ერთი ნაწილის მიკვლევა დღეს აღარ ხერხდება, მთლიანი წიგნები თუ ცალკეული ფურცლები სამუდამოდ მოსწყდნენ მათს თავდაპირველ ადგილსამყოფელს და ვერც სხვა სავანეებში პოვეს მყუდრო ბინა. ამიტომ, წინასწარ რომ დავიზღვიოთ თავი ყოველგვარი შემთხვევითობისაგან და მხედველობის არიდან არ დავკარგოთ მრავალჭირგამოვლილი მოწმეები ჩვენი სულიერი საუნჯისა, საჭიროა დროულად აღიწეროს თითოეული მათგანი, მიეჩინოს მათ სათანადო ადგილი და  გამომზეურდეს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ხელნაწერებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის დაცული და რომლებზედაც შედარებით ძნელად მიგვიწვდება ხელი.

გრაცის ბიბლიოთეკის ძველი ქართული ხელნაწერები მეტ-ნაკლებად ცნობილია სამეცნიერო წრეებისათვის. მათ არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. ამჯერად კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ერთ ნაკლებად ცნობილ, შეიძლება ითქვას, თითქმის უცნობ ფურცელს ასევე უცნობი ხელნაწერისას, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ ავსტრიაში ინახებოდა ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, ფ.მიულერის, კერძო კოლექციაში. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ცალკეული ფურცელი თუ ფრაგმენტი ხელნაწერისა მეტად ძვირფასია და ზოგჯერ ისეთივე დიდი ღირებულებისაა, როგორისაც მრავალფურცლიანი ხელნაწერი. ფ.მიულერი ერთერთი პირველთაგანი იყო ავსტრიელთაგან, ვინც ქართულით დაინტერესდა. იგი ქართულ ხელნაწერებსაც ფლობდა12. აღნიშნულ ხელნაწერებზე კონკრეტულად ცოტა რამის თქმა შეიძლება: ბევრი რამ, რაც ამ საკითხს ეხება, ერთობ ბუნდოვანია. ხელნაწერების არსებობის შესახებ ჩვენ მხოლოდ ფ.მიულერის პირადი წერილებიდან ვიცით, რომლებიც შუხართის პირად არქივშია დაცული. რაც შეეხება თვით ხელნაწერებს, ისინი არსად ჩანს, რადგან ფ.მიულერის არქივი დღესდღეობით დაკარგულად ითვლება. ამჟამად ჩემს ხელთაა მხოლოდ ფ.მიულერის კუთვნილი ხელნაწერისა ერთი ფრაგმენტი. ჰუგო შუხართის არქივში შემონახულია მუყაოზე დაკრული ფოტოსურათი ნუსხურად ნაწერი ფრაგმენტისა (ძნელია თქმა, წიგნისა თუ გრაგნილისა), რომელსაც ქვემოთ შუხართის ხელით გერმანულად აწერია: “ფრ.მიულერის მიერ გამოგზავნილი ხელნაწერიდან”. თვით ხელნაწერი ამჟამად არსად ჩანს.

ტექსტი ლამაზად გამოყვანილი ნუსხური ასოებითაა ნაწერი. ფურცელს ეტყობა ტრანსპარანტის კვალი _ როგორც ჩანს, დახაზული ყოფილა.

როდესაც ამ ფურცელს დავხედე, იგი გრაცის #5 ქართული ხელნაწერიდან გადაღებულ ასლად ჩავთვალე (იმდენად ჰგავს ამ ორი ხელნაწერის ხელი ერთმანეთს), მაგრამ შემოწმებამ ცხადყო, რომ ზემომოყვანილი ფრაგმენტი #5 გრაგნილიდან არაა აღებული. აშკარაა, რომ იგი სრულიად სხვა ხელნაწერიდანაა. შემდგომ სპეციალურად შევუდარე ამ ხელნაწერთა ხელწერა ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ ჩვენს ფრაგმენტზე ასოები ოდნავ მარჯვნივაა გადახრილი, ვიდრე ეს #5 გრაგნილშია. სხვა მხრივ კი, ვიმეორებ, მათ შორის დიდი მსგავსებაა. ამ ხელნაწერთა მსგავსება მხოლოდ კალიგრაფიით ამ ამოიწურება. მათი ენაც წააგავს ერთმანეთს, კერძოდ, ორივესთვის დამახასიათებელია À ჯგუფის ხმარება. ორივე ხელნაწერში ერთნაირადაა დაქარაგმებული ზოგიერთი სიტყვა და ა.შ.

კატეგორიული დასკვნების გაკეთება ძნელია, მაგრამ ეს მსგავსება ზოგიერთი საკითხის გარკვევაში მაინც დაგვეხმარება. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ ფრაგმენტის წარმომავლობას შეიძლება, ერთგვარდ, მოეფინოს შუქი. რაკი #5 გრაგნილი სინური წარმოშობისად არის მიჩნეული, ფ.მიულერისეული ხელნაწერიც, ეტყობა, სინადან მომდინარეობს.

ვენაში ფ.მიულერის კუთვნილ უცნობ ქართულ ხელნაწერებთან დაკავშირებით შეი- ძლება ორიოდე ინფორმაციის დამატება: 1897 წლის 2 მაისს შუხართისადმი გაგზავნილ წერილში ფრიდრიხ მიულერი წერდა: “ქართული ხელნაწერი მისმა მფლობელმა მაჩუქა, როცა შეატყო, რომ მე ხელნაწერს რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე რომ, იგი ახლა მე მეკუთვნისო”.

იმავე წლის ივლისში მიულერმა კვლავ მოიხსენია ქართული ხელნაწერების პატრონი: “ხელნაწერი მფლობელმა_ ერთმა სომეხმა თანამემემულემ _ მაჩუქა, რადგან ეგონა, რომ მისი ყიდვა მსურდა. ასე რომ, მე მორალურად ვალდებული ვარ, ეს ხელნაწერი შევინახო, მაგრამ თუკი თქვენ ეს ხელნაწერი გჭირდებათ, შეგიძლიათ იგი ჩემგან წაიღოთ, როცა გნებავთ, ნებისმიერი დროით.”

 მაშასადამე, მიულერს, სულ ცოტა, ერთი ქართული ხელნაწერი მაინც ჰქონდა. ვამბობ, “სულ ცოტაო”, რადგან ვენაში შუხართის არქივში მივაგენი ერთ წერილს, რომლის ავტორია მხითარისტების კონგრეგაციის წევრი, დოქტორი იაკობ დაშიანი. 1897 წლის 8 თებერვალს იგი სწერს შუხართს: “ის-ის იყო ჩემი პირველი წერილი გამოგიგზავნეთ, რომ ვინმე მიულერი მოვიდა ჩვენს ბიბლიოთეკართან, დოქტორ კალემკიანთან, რათა ორი სომხური ხელნაწერი მიეყიდა, მან გვითხრა, რომ რამდენიმე ქართული ხელნაწერი შეიძინა ბეირუთიდან და რომ მან ისინი, მათ შორის ერთი პალიმფსესტი, სხვა კაცის შუამავლობით ბატონ პროფესორს მიჰყიდა. იმ ორი ხელნაწერიდან ერთი მართლაც სომხური იყო, მეორე კი, ერთი გრძელი გრაგნილი, ქართული გამოდგა და იგი დიდი შრიფტით იყო დაწერილი. კითხვაზე, აჩვენა თუ არა მან ეს გრაგნილი პროფესორს, მან განაცხადა, რომ ეს არ გაუკეთებია, რადგან ეგონა, რომ ეს ხელნაწერი სომხური იყო. ბიბლიოთეკარმა გრაგნილი არ იყიდა, იმ ბატონს კი ურჩია, იგი ბატონი პროფესორისთვის ეჩვენებინა. გრაგნილი ძალიან ძველი უნდა იყოს”. პროფესორი, ცხადია, ფ.მიულერია, რადგან ვენელ პროფესორთა შორის მხოლოდ ის იყო ქართულისა და სომხურის მცოდნე. აქედან ირკვევა, რომ მიულერმა ბეირუთში გაყიდული რამდენიმე ქართული ხელნაწერი შეიძინა.

 

ვენის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები

ამჟამად ავსტრიის უდიდეს წიგნთსაცავში, ვენის ნაციონალურ (ყოფილ სასახლის, ანუ კარის) ბიბლიოთეკაში, 5 ქართული ხელნაწერი ინახება, რომლებიც სხვადასხვა დროს არის ბიბლიოთეკის მესვეურთა მიერ შეძენილი. #1 ხელნაწერი 1873 წლის 8 მაისს იყიდეს 25 გულდენად ანტიკვარ გოლდშმიდტისგან, ## 2-3-4 ხელნაწერები პროფესორმა ტიურკერმა შეიძინა ბიბლიოთეკისთვის უცნობი ანტიკვარისაგან 1931 წლის 3 იანვარს ალექსანდრიაში, დაბოლოს, 1938 წლის 15 ივლისს ბიბლიოთეკამ ვენაში ნ.კრონეგერისგან იყიდა #5 ხელნაწერი _ სახარება. თუ ბიბლიოთეკის დავთარში ჩაწერილ ცნობას დავუჯერებთ, “ეს წიგნი ეკუთვნოდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს, პრინც ბაგრატიონ-მუხრანელს (რომელიც 1921 წელს დახვრიტეს). მისმა მეუღლემ ეს სახარება თბილისში გაყიდა 1929 წელს”. ვფიქრობ, ბაგრატიონ-მუხრანელი ხელნაწერისთვის ფასის ასაწევად არის მოგონილი. ეს ხელნაწერი სხვათაგან იმით განსხვავდება, რომ ვერცხლით მოჭედილ ბუდეშია ჩასმული.

 #1 ხელნაწერი შეიცავს სახარების ტექსტს. როგორც 1879 წლის 19 იანვარს ბიბლიოთეკის დირექციამ შუხართს ოფიციალურად აცნობა, იმხანად ბიბლიოთეკას თაროებზე მხოლოდ ეს ერთი ქართული ხელნაწერი იდო _ ოთხთავი. როგორც 147-ე ფურცელზე გაკეთებული მინაწერი გვაუწყებს, ძეგლის გადამწერი და მომკაზმავია მიქაელ პაიჭისძე. ხელნაწერი შეიცავს 257 ფურცელს. ტექსტი ნაწერია პერგამენტზე ნუსხური ასოებით. აბზაცები ასომთავრულითაა შესრულებული. ხელნაწერს თავში აკლია პირველი 4 რვეული, ანუ 32 ფურცელი, და ტექსტი მე-5 რვეულიდან იწყება. ხელნაწერი დაახლოებით XII-XIII საუკუნისა უნდა იყოს.

#2 ხელნაწერი პერგამენტის 136 ფურცელს შეიცავს. იგი მოიცავს მაისის თვის საკითხავებს. ნაწერი ნუსხური ასოებითაა.

ხელნაწერი ყდაში 1931 წლის ივლისში ჩაუსვამთ ნაციონალური ბიბლიოთეკის მესვეურებს. ხელნაწერი შედგება სხვადასხვა ფორმატის მქონე ხელნაწერებიდან ამოღებული ფურცლების ერთ კრებულად გაერთიანებით. გ.ფერაძემ მასში 8 სხვადასხვა გადამწერი გამოყო, ჯონ ბერდზოლმა კი _ 16. უკანასკნელი ხანის გამოკვლევებით, ეს ხელნაწერი 13 სხვადასხვა ხელნაწერიდან ამოღებული ფურცლებისგან არის შეკოწიწებული. იგი იმითაა საინტერესო, რომ წარმოადგენს ქართულ-ქართულ პალიმფსესტს. ხელნაწერის ფურცლებზე აღმოჩნდა ქართული ენისა და მწერლობისთვის უმნიშვნელოვანესი ხანმეტი ტექსტები. ეს ხელნაწერი თავის დროზე ჯვარის მონასტერში ინახებოდა. ბირმინგემში მას ინტენსიურად იკვლევდა ინგლისელი მეცნიერი ჯონ ბერდზოლი. მის მიერ გამოცემული იაკობის პროტოევანგელე VII საუკუნით არის დათარიღებული, ხოლო ოთხთავის ხანმეტი ფრაგმენტები სავარაუდოდ VII საუკუნის ბოლოს ან VIII საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს დაწერილი. ამავე ხელნაწერში ხანმეტი ფრაგმენტები ეზრას წიგნიდან აგრეთვე VII საუკუნის ქართულითაა დაწერილი. აქვეა “ქრისტინას წამების” ხანმეტი ტექსტიც. თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ქართული დამწერლობის ისტორიისთვის ხანმეტ ძეგლებს, ამაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. ესაა ხელნაწერის სიძველის დამადასტურებელი ისეთი უცილობელი არგუმენტი, რომელშიც ვერავინNშეიტანს ეჭვს. სულ ახალი მონაცემებით, ხელნაწერის უძველესი ტექსტები V საუკუნით შეიძლება დათარიღდეს.

როცა ვენის ნაციონალური ბიბლიოთეკის მესვეურებს თავიანთი ბიბლიოთეკის თაროებზე შემოწყობილი ხელნაწერების სიძველითა და მათი განსაკუთრებული ღირსებით თავის მოწონება სურთ, დარბაზში სხვა მნიშვნელოვან ხელნაწერებთან ერთად #2 ქართული პალიმფსესტიც გამოაქვთ სამზეოზე. ასე მოხდა, მაგალითად, ამ ორი წლის წინაც.: 2005 წლის დეკემბერში ვენაში გაიმართა დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა კავკასიური ანბანების (ქართულის, სომხურისა და ალბანურის) შექმნის 1600 წლის თავს. სიმპოზიუმის მონაწილეებსა და სხვა მნახველებსაც ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებამ დასათვალიერებლად შესთავაზა ამ ენებზე ნაწერი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები. ერთმა #2 ქართულმა ხელნაწერმა თავისი სიძველითა და უაღრესი მნიშვნელობით დაჩრდილა ყველა, მათ შორის ყველა სომხური, რომლებიც რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა ქართულებს. უფრო ადრე, 1948 წელს, ნაციონალურმა ბიბილიოთეკამ მოაწყო ბიბლიოთეკის მიერ უკანასკნელ 25 წელიწადში (1923_1948) შეძენილ უმნიშვნელოვანეს ხელნაწერთა საიუბილეო გამოფენა, #2 ქართული ხელნაწერს აქაც თვალსაჩინო ადგილი ჰქონდა მიჩენილი. მე ზემოთ უკვე ვილაპარაკე გრაცში დაცულ ხანმეტ ლექციონარზე. მის სანახავად საგანგებოდ მოდიოდნენ სიძველეთა მოყვარულები. უნდა გითხრათ, იქ ასე ძველი ხელნაწერები ძალზე იშვიათად გამოაქვთ დარბაზში, მაგრამ თავის მოწონების სურვილი, ადამიანის ეს ერთი სისუსტეთაგანი, ხშირად სძლევს პრაგმატიზმს. მათ ხომ თვითონაც ეამაყებათ, რომ ასეთ ძვირფას საუნჯეს ფლობენ. გრაცში მე ბედმა გამიღიმა და ვნახე ერთი გერმანული ხელნაწერი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ გამოაქვთ ხოლმე დარბაზში, რათა შიგ მოთავსებულ ფერად ნახატს ფერი არ გადაუვიდეს და ელვარება არ მოაკლდეს.

#3 ხელნაწერი შეიცავს “თებერვლის თთუენს” და გადაწერილია, როგორც უკანასკნელ ფურცელზე გაკეთებული მინაწერი გვამცნობს, იოანე ხახულელის მიერ (საფიქრებელია, X-XI საუკუნეში). პერგამენტის 258 ფურცელი ნუსხური ასოებითაა ნაწერი.

#4 ხელნაწერი მრავალთავის მსგავსი კრებულია, იგი გადაწერილია 1160 წელს კედვაში, დავითგარეჯის მახლობლად, ნიკოლაოზ ნიკრას მიერ, აკინძულია 1570 წელს მთავარეპისკოპოს ვლასას მიერ. ხელნაწერი 300 ფურცელს შეიცავს, თუმცა ბოლო გვერდს 306 აწერია. ნაწერია ქაღალდზე, ასოები ნუსხურია.

ბერძნული მინაწერი 303-ე ფურცელზე გვაუწყებს, რომ ეს ხელნაწერი ეკუთვნოდა მთავარდიაკონ კლეოპას, შემდგომში ნაზარეთის მთავარეპისკოპოსის, პირად ბიბლიოთეკას. გ.ფერაძის ფიქრით, მთავარეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ რომელიღაც ანტიკვარს მიჰყიდეს ალექსანდრიაში, სადაც 1931 წელს ვენის ბიბლიოთეკისთვის შეძინეს.

 #5 ხელნაწერი, როგორც ზემოთ ითქვა, არის სახარება. საწერ მასალად მსხვილი ქაღალდია გამოყენებული. 281-ფურცლიანი წიგნი ჩასმულია შავი ლედერინის ყდაში, რომელსაც ზემოდან დაკრული აქვს თხელი ფენა ძველი ყდისა, რომელიც მოხატულია. თავის მხრივ, ყდა ჩასმულია ვერცხლის ჩარჩოში, რომელიც სპარსულ ყაიდაზე არის მოჩუქურთმებული. ნაწერი ნუსხურადაა, აბზაცები კი ასომთავრულით იწყება. ხელნაწერს მარჯვენა ზედა კუთხე მომწვარი აქვს. ფურცლებს შეტრუსვის კვალი ეტყობა, ჩანს, ცეცხლი ჰქონია მოდებული. თვით ტექსტი დაზიანებული არაა. 254-ე ფურცელზე საინტერესო მინაწერია, რომლის თანახმადაც სახარება ეყრდნობა გიორგი მთაწმიდლის მიერ რედაქტირებულ ვარიანტს და მასში “არა არს ერთიცა ასოი მრუდი და ნაკლული და არცა მეტი”.

ვენაში ავსტრიის ნაციონალური ბიბლიოთეკის გარდა, ქართული ხელნაწერები მხითარისტების კონგრეგაციის ბიბლიოთეკაშიც ინახება, მაგრამ აქ დაცული ტექსტები ზემოთ მოხსენებულებსავით ფასეული არაა, რადგან შედარებით გვიანდელია და ენობრივად ნაკლებად მნიშვნელოვანი..

 

ბრიტანეთის მუზეუმის #11281 ქართული ხელნაწერი

 საჭროდ ვთვლი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის შესახებ მოგახსენოთ. ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, დაცულია XI საუკუნის შუა წლებში გადაწერილი პატერიკი, საეკლესიო მამათა ცხოვრებანი, რომელმაც არაერთი მკვლევრის ყურადღება მიიქცია. ეს ხელნაწერი 1837 წლის 11 ნოემბერს ბრიტანეთის მუზეუმისთვის მიუყიდია სომეხ მღვდელს, ვინმე კაზანჯის, ალექსანდრიის მკვიდრს. მასში 14 თხზულებაა მოთავსებული, რომლებიც III_VIII საუკუნეების გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრებასა და საქმიანობას წარმოგვიდგენს. აქ მოთავსებულია ისეთი საქვეყნოდ ცნობილი ავტორების ნაწერები, როგორებიც იყვნენ ათანასი ალექსანდრელი და კირილე სკვი- თოპოლელი. მე არ ვაპირებ აქ ვრცლად განვიხილო კრებულში წარმოდგენილ მოღვაწეთა საქმიანობა, მაგრამ მინდა ერთი კი აღვნიშნო. ამ კრებულში შემორჩენილმა ერთმა თხზულებამ მსოფლიო მასშტაბით მიიქცია მეცნიერთა ყურადღება. ეს თხზულება _ “სტეფანესა და ნიკონის ცხოვრება”, მართალია, არაა ვრცელი და სხვებს საგრძნობლად ჩამორჩება მოცულობით, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ მისი ავტორია ათანასი ალექსანდრელი, გამოჩენილი პიროვნება _ ალექსანდრიის პატრიარქი, რომელიც 5-ჯერ გააძევეს თავისი სამწყსოდან, მაგრამ ყოველი ასეთი განდევნის შემდეგ მაინც უკან აბრუნებდნენ. მას ეძახდნენ “მართლმადიდებლობის მამას”, იოვანე დამასკელმა “ღმრთის ეკლესიის ქვაკუთხედი” უწოდა, ხოლო გრიგოლ ნაძიანძელმა _ “სამყაროს თვალი”. მისი თხზულებები სრულადაა აღწერილი და გამოქვეყნებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ძეგლში დაცული ზემოთ მოხსენიებული თხზულება, რომლის ბოლოს საგანგებოდაა მითითებული, რომ მისი ავტორი პატრიარქი ათანასი ალექსანდრელია, საერთოდ უცნობი იყო უცხოეთის მეცნიერული სამყაროსთვის. ბრიტანული ხელნაწერი მე 1975 წელს გამოვაქვეყნე თბილისში _ ტექსტები, რომელთაც გამოკვლევა და ლექსიკონი დავურთე _ და იმავე წელს, როცა ავსტრიაში ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით გავემგზავრე, ბრიტანულ ხელნაწერში მოთავსებულ ძეგლთა შესახებ ავსტრიელ ბიზანტინოლოგებს ვესაუბრე. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის იმდროინდელი პრეზიდენტი ჰ.ჰუნგერი, რომელიც ამავდროულად ბიზანტინოლოგთა მსოფლიო საზოგადოების პრეზიდენტიც იყო, დაინტერესდა “სტეფანესა და ნიკონის ცხოვრებით” და მთხოვა, იგი გადამეთარგმნა და თანდართული გამოკვლევითურთ გერმანულ ენაზე გამომექვეყნებინა ავსტრიელ ბიზანტინოლოგთა ყოველწლიურ ჟურნალში. როცა ეს ტექსტი დაიბეჭდა და იგი სპეციალისტებმა გაიცნეს, მაშინვე საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა და არაერთი გამოხმაურებაც მოჰყვა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, როცა ორიგინალი დაკარგულია, აღარ არსებობს, მაშინ მის როლს ასრულებს მისი სხვა ენებზე შემონახული თარგმანი. ჩვენს შემთხვევაში ეს სხვა ენა ერთადერთია და ესაა ქართული. ამიტომ ამ ხელნაწერის ჩვენებას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, რაკიღა მხოლოდ ამ ბრიტანულ ხელნაწერსა და, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, კიდევ ერთ ქართულ ხელნაწერს (# A_249) შემოუნახავს ქრისტიანული სამყაროს უდიდესი საეკლესიო მოღვაწის ათანასი ალექსანდრელის ეს მნიშვნელოვანი თხზულება.

 ეს 369-ფურცლიანი ხელნაწერი, როგორც ფიქრობენ, დაახლოებით 1034_1042 წლებშია იერუსალიმის ახლოს ჯვარის მონასტერში გადაწერილი.

მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ხელნაწერებთან დაკავშირებული მასალების გაცნობაც კმარა, რომ ერთგვარი წარმოდგენა შეგვექმნას იმ წრეზე, სადაც ყველაზე უფრო ითბობდენ ხელს ძვირფასი ხელნაწერების გაყიდვით. კაირო და ალექსანდრია ამგვარი ნივთებით ვაჭრობის საყოველთაოდ ცნობილი ცენტრები იყო. ალექსანდრიაშია გაყიდული ვენის ## 2, 3 და 4 ხელნაწერები, აგრეთვე ბრიტანეთის მუზეუმის ქართული პატერიკი, კაიროში შეიძინა მილიხმა ან, ყოველ შემთხვევაში, იქიდან გამოუგზავნეს მას ამჟამად გრაცში დაცული ხელნაწერები. კაიროდან ჰპირდებოდნენ მილიხს ცალკეული ფურცლების გამოგზავნას გრაცში, ფ.მიულერის კუთვნილი ქართული ხელნაწერები თითქოს ბეირუთში უნდა იყოს გაყიდული, თუ ერთერთ წერილში გაჟღერებულ ცნობას დავუჯერებთ. ისე, შესაძლოა ეს ქალაქი კვალის ასარევადაც იყოს დასახელებული.

 ახლა შევხედოთ ამ საკითხის მეორე მხარეს: ვინ არიან ამ ხელნაწერებით მოვაჭრეები? ვინ ყიდდა ქართულ სიძველეებს ავსტრიისა თუ ბრიტანეთის მიწაზე? გრაცის ხელნაწერები ვენელი მოხეტიალე მხატვრის, ა.მილიხის, ხელში მოხვდა. ფ.მიულერისათვის ნაჩუქარ ხელნაწერებს ვენაში მყოფი სომხები ჰყავდათ პატრონად, ალექსანდრიელმა სომეხმა კაზანჯიმ, მღვდელმა, მიჰყიდა ბრიტანეთის მუზეუმს ქართული პატერიკი. თვალშისაცემია ქართული ხელნაწერებით მოვაჭრეთა შორის ამდენი სომეხი გადამყიდველის არსებობა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ძველი ქართული და სომხური ასოების მოხაზულობა ერთმანეთს წააგავს და, თუ ამ საკითხში კაცი კარგად გარკვეული არ არის, მას შეიძლება შეეშალოს და ქართული ნაწერი სომხურად აღიქვას (როგორც ეს მოხდა პრაღაში). ხსენებულმა გადამყიდველებმა ეს ხელნაწერები სომხურად მიიჩნიეს, სადღაც ან თვითონ მოიპარეს, ან სხვა მათნაირი ქურდბაცაცებისგან შეიძინეს, რომ მერმე უფრო სარფიანად გაეყიდათ და, ერთგვარად, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რაკი, გასაგები მიზეზების გამო, ქართულ ხელნაწერებს ნაკლები მუშტარი ჰყავდა, ვიდრე სომხურს, და, ამდენად, მათი გასაღება გაუჭირდათ (მე იმას ვგულისხმობ, რომ სომხური დიასპორა, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ქართული და, აქედან გამომდინარე, სომხურის მიმართ ინტერესი, ბუნებრივია, უფრო ცხოველი იქნებოდა). ზემოთ დასახელებულ ზოგიერთ ხელნაწერს, რომელთა ადგილსამყოფელი დღესდღეობით დაუზუსტებელია, კარდაკარ დაატარებდა ვინმე მიულერი (თუ ეს გვარი კვალის ასარევად არ არის მოგონილი), რომელიც იმდენად იყო გათამამებული, რომ, ეტყობა, არაფრის შიში არა ჰქონდა და ვენელ მხითარისტებს მშვიდად და დაუფარავად სთავაზობდა შავ ბაზარზე ნაყიდ თუ მოპარულ საუნჯეს, ძველისძველ ქართულ ხელნაწერებს, რომელთა სავანედაც მათს შემქმნელებს, საქართველოში მცხოვრებ თუ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბერებს, სულ სხვა ადგილი ჰქონდათ გათვალისწინებული.

 

—————–

1 გ.ფერაძე, ქართული ხელნაწერები ბრიტანულ ფონდებში, ცისკარი, #9, 1989, გვ. 309.

 2 ა.შანიძე, ქართული ხელნაწერები გრაცში: ტუმ, IX, 1929.

Bernard Outtier, Un feuillet du Lectionaire géorgien hanmeti à Paris: Le Muséon, LXXXV, 3-4, Louvain, 1972.

4 ჟერარ გარიტი, მინგანას კოლექციის ქართული ფურცლები შელლყ Oაკ-ში (ბირმინგემი): მაცნე, #3, 1973.

 

 5 ა.შანიძე, ხანმეტი ლექციონარი, 1944. 

 
  
 6 M.Tarchnišvili, Zwei georgische Lectionarfragmente aus dem 5. und 8. Jahrhundert: Kyrios, 6, Königsberg

 

 

 

 

7 ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზ.შანიძემ, 1960.

 8 M.Tarchnishvili, Eine neue georgische Jakobusliturgie: Ephemerides Liturgicae, 62, 1948, gv. 49-82; Liturgiae Ibericae Antiquiores,Edited M.Tarchnišvili: Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, Vol. 122 (Scriptores Iberici, I/I), Lovanii, 1950.

J.Jedlička, Das grazer Fragment der altgeorgischen Jakobusliturgie: Archiv Orientalny, #29, 1961. i.iedliCka, iakobis Jamiswirvis xelnaweri prahaSi: mnaTobi, #6, 1961;10 ი.იედლიჩკა, იაკობის ჟამისწირვის ხელნაწერი პრაჰაში, გვ. 180

11  M. Tarchnišvili, Die georgische Übersetzung der Liturgie des hl. Joh. Chrysostomos nach einem PergamentRotulus aus dem XXI Jh.:Jahrbuch für Liturgiewissenschaft, N14, Münster,1938; Liturgiae Ibericae Antiquiores, edited M. Tarchnišvili, gv. 64-83. 

 

12 ვ.იმნაიშვილი, ვინ ყიდდა ავსტრიაში ქართულ ხელნაწერებს: ცისკარი, #8, 1979, გვ. 140-141; მისივე, უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში, 2004, გვ. 323.

 

 

 

დატოვე კომენტარი