Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი I

 

  

ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)

საქართველო და სომხეთი

გამომცემლობა “ეგრისი”

თბილისი 2008

საუკუნეების განმავლობაში ეგრეთწოდებული დიდი სომხეთი ცდილობდა ქართული მხარეების დაპყრობას, მაგრამ ქართველი ერი შეუპოვარი ბრძოლით უკანვე იბრუნებდა დაკარგულ მიწაწყალს. თუ ე. წ. დიდი სომხეთი ძალზე იშვიათად ამართლებდა თავის სახელწოდებას, დიდი საქართველო ნამდვილად არსებობდა გაცილებით მეტ ხანს. დიდმა საქართველომ გააერთიანა მთელი კავკასია. კავკასიის მზედ საქართველო იქცა და არა სომხეთი. მაგრამ სომხური წრეების პრეტენზიები ქართული მიწა-წყლის მიმართ დღემდე გრძელდება. ყოველივე ამის შესახებ მოკლედ მოთხრობილია წინამდებარე წიგნში.

სპონსორი და რედაქტორი მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი ვაჟა აფშინაშვილი

ავტორი დიდ მადლობას მოახსენებს ბატონ ვაჟა აფშინაშვილს, აგრეთვე ბატონ როლანდ მათიაშვილს და მერაბ კოსტავას საზოგადოების თანამშრომლებს

შესავალი

ქართველები და სომხები უძველესი დროიდან, ადამჟამობიდან მოაქჟამამდე ერთმანეთის მეზობლები არიან. მეცნიერული სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს სულ ცოტა 26 საუკუნეა მაინც. შესაძლოა, ქართველი და სომეხი ხალხები, ტომები, მათი განსახლების ტერიტორია უფრო ადრეც ესაზღვრებოდა ერთმანეთს, მაგრამ მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ამის თაობაზე გადაჭრით თქმა ძნელია.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა სომხური მოსახლეობის ერთი ნაწილი და დღესაც მათი ნაშიერი საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობს საქართველოში.

მართალია, ქართველები მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ხოლო სომხები გრიგორიანი (მონოფიზიტი) ქრისტიანებია, მაგრამ ორივე ერი ხომ მაინც ქრისტიანია და მათ მეზობლობას ქრისტიანული მორალი, ზნეობა, პრინციპები უნდა დადებოდა საფუძვლად. მოხდა კი ეს ასე? ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილება VII საუკუნეში ხდება და ამგვარი რამ III-VI ასწლეულებში, ყოველ შემთხვევაში, მკაფიოდ არ შეიმ- ჩნევა.

ცხადია, სასურველი იყო ქართველებსა და სომხებს უძველესი დროიდან დღემდე ჰქონოდათ კეთილმეზობლური ურთიერთობა, გამოენახათ საერთო ენა უამრავ დამპყრობთა წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით, ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლველად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. სომხებმა უძველესი დროიდანვე, ყოველ შემთხვევაში ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნიდან აიკვიატეს, რომ უნდა არსებულიყო ეგრეთწოდებული დიდი სომხეთი, რომელსაც მთელი კავკასია უნდა მოეცვა.

ბუნებრივია, ძველ კოლხთა ნაშიერი, დიდი წარსულის მქონე ქართველები სომხებს ვერ გაიბატონებდნენ, ვერ გასომხდებოდნენ და ყოველივე ამას მოყვა ბრძოლა, ომები ქართველებსა და სომხებს შორის. ეს ომები დასტურდება 22 საუკუნის წინ, შემდგომაც და, სამწუხაროდ, სომხეთის დაშნაკურმა რესპუბლიკამ ჯარი 1918 წელსაც შემოუსია საქართველოს.

დღესაც სომხები პრეტენზიას აცხადებენ, რომ სომხეთს უნდა მიეკუთვნოს ძირძველი, მრავალტანჯული ქართული მხარე _ ჯავახეთი. უფრო მეტიც, მათ სომხურ მიწა-წყლად მიაჩნიათ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ქვეყნის გული, დედაქალაქი თბილისიც. ამას გაჰყვირიან არა მხოლოდ სომეხთა პუბლიცისტები, არამედ მათი მეცნიერებიც, მაგალითად, არაქელ ბაბახანიანი (ის ლეოს ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაშრომებს), პარუირ მურადიანი, რონალდ სიუნი და მრავალი სხვა. სომხები ახერხებენ (ფული საკმაოდ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ქართველებზე შეუდარებლად ბევრად მეტი) და ამგვარ აზრებს გამოათქმევინებენ საკმაოდ ხშირად უცხოელ მოღვაწეებს, მეცნიერებსაც. საქართველოში კი ქართველ მეცნიერებსაც არა აქვთ შესაძლებლობა, პირობები იმისთვის, რომ გულდასმით, დინჯად, მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლონ საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია.

საკვლევი, საძიებელი იმდენია, რომ ამ დარგით დაინტერესებულ თითოეულ ქართველ მეცნიერს, არმენოლოგს უნდა უფრთხილდებოდეს საქართველოს ხელისუფლება და უნდა არსებობდეს ნორმალური კადრებით დაკომპლექტებული სამეცნიერო უჯრედიც. საგანგებო ზრუნვაა საჭირო იმისთვისაც, რომ აღიზარდოს ქართველ არმენოლოგთა მომავალი, უნარიანი თაობა. სამწუხაროდ, არაფერი ამის მსგავსი საქართველოში არ ხდება. უფრო მეტიც, სომეხთა გარკვეული წრეები ყველაფერს აკეთებენ იმ მიზნით, რომ არ არსებობდნენ საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ისტორიის ქართველი, ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სპეციალისტები. ასეთ ვითარებაში სომხებს გაუადვილდებათ თავის გემოზე მოჰფინონ მსოფლიოს სურათი იმისა, თუ რას წარმოადგენდნენ სომხები და ქართველები ათასწლეულთა მანძილზე. სერგო სერგოს ძე მამულოვმა რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ თავის წიგნებში და სხვა სომხებმაც ასე გადაჭრეს ეს პრობლემა: სომხები შემოქმედი ერია, ხოლო ქართველები მათი მიღწევების ამთვისებელნიო, სომხების ხელში შემყურეო.

ბუნებრივია, ქართველები ვეუბნებით სომხებს: თუ ქართველი ერი მართლა სომხური კულტურით ვიკვებებოდით, მაშინ როგორ მოხდა, რომ სომხებმა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის“ მეასედი ღირებულების მქონე ნაწარმოები ვერ შექმნეს? გგონიათ, იხტიბარს გაიტეხენ? არამც და არამც!Dდანდუროვსა და მის მსგავს სომხებს პასუხი გაშანშალებული აქვთ: შოთა რუსთაველი ხომ სომეხი იყოო. თუ საბუთს მოვთხოვთ, გვპასუხობენ: წარმოუდგენელია, ქართველს “ვეფხისტყაოსანი” დაეწერა, ეს მხოლოდ სომეხს შეეძლო, რამეთუ სომხები არიული მოდგმის რასა, არიელები ვართო. სხვა არგუმენტი მათ არ გააჩნიათ.

მკითხველმა რომ გადაჭარბება არ დამაბრალოს, ვფიქრობ, უპრიანია მოვიტანო დიდი ქართველების, ჩვენი კლასიკოსების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას ნაწერებიდან ცალკეული ადგილები იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობდნენ სომეხთა გარკვეული წრეები წაერთმიათ ქართველი ერისთვის სამშობლო, საქართველო, გაესომხურებინათ, გაესომხებინათ ჩვენი ქვეყანა, ქართველები.

ქართველ-სომეხთა ურთიერთობა იმდენად გამწვავდა გარკვეული მიზეზების გამო, რომ ილია ჭავჭავაძე 1899 წელს იძულებული გახდა დაეწერა და გამოექვეყნებინა “სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი”, რომელიც უფრო მეტად შემოკლებული სათაურით, ”ქვათა ღაღადის“ სახითაა ცნობილი.

საქართველოს მიმართ სომეხთა უსაშველო პრეტენზიების მიზეზად ილია თავისი თანამედროვე ქართველების გადაჯიშებას, დაცემასაც მიიჩნევს: “ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს”. ილიას ღრმა რწმენით, ამგვარი მიზანი დაუსახავთ, კერძოდ, სომეხთა გარკვეულ, ფულიან წრეებს: მათ “ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ… სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი _ აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი!Aაი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.

ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი 6 გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც.” ამით მიზნად ისახავდნენ, ემტკიცებინათ კავკასიაში სომეხთა დიდი უპირატესობა ქართველებთან შედარებით; ილია განაგრძობს: “სახელის გატეხას თქვენი ჭირიმც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” (სომხები ქართველს ვრაცის ეძახიან _ ა. ა.) ყრილან _ ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს “ვრაციები”, ვითარცა ერი არაფრად სახსენებელია, იმიტომ, რომ გაწყვეტისა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან…

ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველ ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელ ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა…

რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექაქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.

“ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?” ილია ადანაშაულებს სომეხთა გარკვეულ წრეებს მიზანმიმართულ ანტიქართულ ქმედებებში. ამ წრეებს დაუსკვნიათ, რომ ქართველი ერის არსებობა ხელს უშლიდა სომეხთა გაძლიერებას: “ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვაბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.”

თუ ქართველები სომეხთა პრეტენზიების საფუძვლიანად, სამართლიანად გაბათილებას, უკუგდებას შეეცდებოდნენ, სომხები ამაზე განგაშს ტეხდნენ, ქართველ მოღვაწეებს ათასნაირ ბრალდებებს უყენებდნენ, კაცთმოძულეობასაც კი აბრალებდნენ: “თქვენი წკიპურტიც-კი გვწყინსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ…

“სომეხთა…მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია.” ისინი ცდილობენო, დაარწმუნონ კაცობრიობა, რომ “მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი _ მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი…”…ყოველგვარი წყარო, ქვებიც კი ღაღადებენო სომეხთა მეცნიერების სიყალბეს, მათ მიერ მრავალტანჯული საქართველოს წარსულის დაკნინებას, გაბიაბრუებას: “ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა.”

ილიას და სხვა ქართველ მიღვაწეთა თანახმად, სომხური წრეები, თავიანთი მიზნების მისაღწევად, ჟამთა სიავეს გადარჩენილ საბუთებსაც ანადგურებდნენ.Aამ წრეებისთვისო “ცოტაა სხვისა მართალი ჰმალოს, თვისი ტყუილი აყვიროს. ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდა დამალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ…

რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, _ ვისა სჭერია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები, მონასტრები ჰღაღადებდნენ, რომ ძველის-ძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმეებს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ… აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუხელებიათ, წაუშლიათ ყოველივე კვალი.

ამისი მოხერხება…ძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს. დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს.” შემდეგ ილია ასახელებს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, დიმიტრი ბაქრაძის მიერ აღწერილ სათანადო შემთხვევას: “დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერს უნარს სომხების ერთგვარ გუნდისას. ართვინში ერთი დიდი ეკლესიაა თურმე ძველის-ძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკკლესიის დაჩემება.Mმინამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, _ ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს… იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკკლესია მართლმადიდებელთათვის ხელიდამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ”.

ილია ეხება სომეხი მეცნიერის ქეროპე პატკანოვის ტენდენციურობას, მის მიერ საქართველოს წარსულის გაყალბებას, ქართული კულტურის დაკნინებას და დასძენს: “ასე გვამკობს, ასე მიწასთან გვასწორებს ქართველებს, მერე რა ხნის ქართველებს? მეთორმეტე საუკუნისებს. მერე ვინ? პროფესორი და მეცნიერ-მწიგნობარი. მართალია, სომეხთა პროფესორია, სომეხთა მეცნიერია, მაგრამ ნუთუ აქაო-და სომეხია, მართალი არ უნდა სთქვას, მართალი არ უნდა დაინახოს?Gგანგებ თვალებზე ხელი რად აუფარებია მეთორმეტე, ან მეთერთმეტე საუკუნოების ქართველებზე…

ვინც განგებ გონებადახშული არ არის, ან განგებ თვალებზე ხელაფარებული, ვინც კითხვა იცის და გაგება წაკითხულისა, განა იკადრებს თქმას, რომ “ვეფხის-ტყაოსნის” შემქმნელი ერი იმოდენად ბრიყვი იყოო, რომ ისტორიის საჭიროების გრძნობაც არა ჰქონიაო. ვის მოუვა ამის თქმა ფიქრად, თუ არ სომეხთა ფილოსოფოსებსა და პროფესორებს.”

ილია მიიჩნევს, რომ ქ. პატკანოვს ანტიქართული განწყობილების ვირუსი, ბაცილა შეუყრია თავისი მოწაფისთვისაც, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, დედით ქართველი ნიკო მარისთვისაც. არსებობს ვერსია, რომ ნიკო მარი მამითაც ქართველი იყო. ამ აზრისაა, კერძოდ, გამოჩენილი მეცნიერი და მოღვაწე, ნიკო მარის უახლოესი მეგობარი, ექვთიმე თაყაიშვილი. ნ. მარის ოფიციალურმა მამამ, იაკობ მარმა ნ. მარის დედა, სრულიად ახალგაზრდა ქალი, 85 წლის ასაკში შეირთო ცოლად და ხსენებული ვერსიის თანახმად, ნიკო მარი დედამისს ქართველი მამაკაცისგან შესძენია.

ნ. მარის პოზიციას ილია ასე გადმოგვცემს: “თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების მოწყალებითაო, სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო.” ნ. მარი ცნობილი მეცნიერი იყო, მას მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს შექმნილი არა მარტო არმენოლოგიის, არამედ ქართველოლოგიის პრობლემებზეც, მაგრამ მას მერყევი ხასიათი ჰქონდა და სომხური წრეები ცდილობდნენ ამის გამოყენებას თავიანთ სასარგებლოდ. ისინი აფინანსებდნენ კიდეც ნ. მარს, რომ მას არქეოლოგიური გათხრები ეწარმოებინა სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისში, მეცნიერულ დონეზე შესწავლა ანისის სიძველენი, მის ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემები, ისევე როგორც, საზოგადოდ, სომეხთმცოდნეობის საკითხები. საფიქრებელია, რომ სომხური წრეები ცდილობდნენ, რათა ნ. მარს ქართველოლოგიური პრობლემები, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების საკითხები სომხური პოზიციებიდან ეკვლია1 და ზოგჯერ ამას აღწევდნენ კიდეც. ნ. მარი ნაწყენიც იყო ქართველებზე. პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა, ნ. მარის უცნაურობების გამო, უარი თქვა მიეწვია ის თავის კათედრაზე, სამაგიეროდ მიიწვია ქ. პატკანოვმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ნ. მარი შეყვარებული ყოფილა ქართველ ქალიშვილზე, რომელიც ცოლად არ გაჰყვა.

ილია ადანაშაულებს თბილისში მცხოვრებ სომეხ მოღვაწეებს, კერძოდ თბილისში გამომავალი სომხური გაზეთის “მშაკის” რედაქტორს, გრიგოლ არწრუნის, რომ ისინი უცხოელებს ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოს შესახებ: “საქართველო, ტფილისითურთ, სომხეთად მოაჩვენეს ევროპიელ კორესპონდენტს და ეს ამბავი ქვეყანაში მოაფენინეს უცხო კაცს”… ეს იმიტომაც მოხდაო, რომ სომხებმა მას დიდი პატივი სცეს და ამით მოხიბლულს, გაბრუებულს ჩასჩიჩინებდნენო: “ტფილისი და საქართველო ჩვენი ბინააო, ჩვენი ქვეყანააო”. ფრანგ კორესპონდენტს სომხებმა ისიც ათქმევინეს, რომ ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში XIX საუკუნის ”დასასრულამდე სომხები მალე გამრავლდებიან და ქართველებზე მეტნი შეიქმნებიანო”. ილია სვამს კითხვას: “ეს რა უცნაური უნარია სომხების გაშენებისა და ქართველების გადაშენებისა, რომლის ძალითაც 23 წელიწადის განმავლობაში ცოტა სომეხი გაბევრდება და ბევრი ქართველი დაცოტავდება”. სომეხთა გარკვეული წრეები ქართველებს მომაკვდავ ერად მიიჩნევდნენ და თუ ქართველთა ერთი ნაწილი არსებობას მაინც გააგრძელებდა, მათ გასომხებაზე ფიქრობდნენ.

ილიას თანახმად, სომეხი მეცნიერები და მოღვაწეები ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ მსოფლიო, თითქოს ამიერკავკასიაში ძველათაც წამყვანი ერი სომხები იყვნენ და მომავალიც მათ ეკუთვნით, ხოლო ქართველები მაჩანჩალა ერია, სომხებზე დამოკიდებული ძველადაც და ამ- ჟამადაცო: “განა აშკარა არ არის, რომ იმისთანა მეცნიერნი, როგორიც პატკანოვია, ფილოსოფოსი არწრუნია და ვიღაც ეზოვები, ხუდაბაშოვები და მთელი მათი ამქარი, არაფერს თაკილობენ, ოღონდ-კი თავისი შავი გაათეთრონ და ჩვენი თეთრი გააშავონ იმისდა მიხედვით, რა დროს რა სწყურიანთ, რა დროს რა უხდებათ ტანად და პირად… …

განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომხებზე უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის მცირე აზიაში და ნამეტნავად ამიერკავკასიაში. მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც “ვრაცები” ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც ახსენებენ, მაგრამ ასეთ საქმეს დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ. თუ ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-წყალი აქვთ და ჩვენ ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი, დავაჯერებთ, რომ ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან ამოსწყდებიან დედა-ბუდიანად, ან გასომხდებიან”.

დაბოლოს, სომხური წრეების მისამართით ილიამ განაცხადა: “ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას. ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით2.” სომხური წრეებისთვის იმდენად მიუღებელი იყო ილია ჭავჭავაძის დიდი მასშტაბის ეროვნული მოღვაწეობა, მისი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს, ქართველი ერის გადასარჩენად, რომ ჩემი აზრით, ილიას მკვლელობის მოწყობაში სომხურმა წრეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში, მათ დააფინანსეს მაინც ილიას მკვლელობის მომწყობნი და უშუალო მკვლელები. მკვლელობის მომწყობებმა იცოდნენ, რომ ილიას მოკვლა გარკვეულ სომხურ წრეებს გულს გაუხარებდათ და ამ მიზნით საქართველოს სომხური ბურჟუაზია ფულის გაღებაზე უარს არ იტყოდა. ეს ფული საქართველოში მცხოვრებ სომხური ბურჟუაზიის წარმომადგენლებს ძირითადად ხომ ქართველი ხალხის გაყვლეფის შედეგად ჰქონდათ ნაშოვნი და თუ ქართველი ერის მამას, ილიას მოკლავდნენ, ამით სომხური წრეების გეგმები საქართველოს დასაკუთრებისა უფრო ადვილად განსახორციელებელი გახდებოდა. რაც შეეხება სომხური ბურჟუაზიის პარპაშს საქართველოში, ეს რუსეთის იმპერიის ანტიქართული ქმედებების შედეგია.

აკაკი წერეთელს თავის წერილში – “ისტორიული განხილვა სახელ-წოდების: არმენის, ჰაისტანის და სომხეთის” – ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მოაქვს ნაწყვეტები თედო რაზიკაშვილის მოთხრობიდან – “ფითრი”. აკაკის პოზიციის უკეთ გასაგებად უპრიანია ცოტა რამ მეც ამოვიწერო ამ მოთხრობიდან:

 “მცივა, მცივა, შემიბრალე, თავშესაფარი მომეც, სიცივით ნუ მომკლავ. ხო ხედავ, რა პატარა ვარ, ლამის ქარმა გადამაგდოს და თოვლმა ჩამახრჩოს! ბინა მომეც, ცასქვეშ ნუ დამაგდებ, _ ასე ევედრებოდა სიცივისაგან სიკვდილის პირზე მისული პაწაწა ფითრის თესლი მსხლის ხესა, რომელსაც ამაყად თავი მაღლა აეღო და ირხეოდა.”

მსხლის ხე “ეძებდა, ვინ ეძახდა, რა სულიერი იყო მთხოვნელი, ათვალიერებდა, მაგრამ არავინა ჩანდა.” ფითრის მარცვალი, “რაც ძალი და ღონე ჰქონდა იჭიმებოდა, დამინახოსო

_ აქა ვარ, პატარა ვარ, დაიხარე კიდევ, რო დამინახო; ჩემი ტოლ-ამხანაგებიდან მარტო მე გადავრჩი, გაუმაძღარმა ჩხართვმა გადაყლაპა ყველანი, მეც ნახევრად დაგლეჯილ-დაფლეთილმა აქ შენ შემოგაფარე თავი. შენ თუ არ დამმალე, ის მსუნაგი მეც ჩამყლაპავს, არ გადავურჩები…

_ მცივა, მცივა! – წრიპინებდა ფითრის თესლი, _ აქვე შევძვრები, თორემ ეს არის სული ამოვიდა.

_ შეძვერ, შე საწყალო, ადგილს როგორ დაგიჭერ, _ უთხრა გულმტკივნეულად მსხალმა, _ თუ თქვენები კიდევ ნახო ვინმე გაჭირვებული, მოვიდნენ, არ დავიშურებ არც იმათთვის ბინასა, თქვენ ხომ ნაყოფს არ შემიჭამთ ჭიებივით…

_ რასა ბრძანებთ, თქვე დალოცვილო, ჩვენი ჯიში ხილეულს არ ეწყობა და არც მე გიახლებით, არხეინადა ბრძანდებოდე. ოჰ, რა მადლობელი ვარ, რა მადლი მიყავ, ერთი სული მომარჩინე სიკვდილსა. თუ ფითრი ვარ, გადაგიხდი შენს სიკეთესა. ფითრის მარცვალი შეძვრა მსხლის ქერქქვეშ, სადაც უფრო ღრმად იყო გახეთქილი და ზედ ცილაზე მიეკრა.

_ ოჰ, რა კარგად ვარ, არც შემცივა, არც მომშივა! _ ბუტბუტებდა ფითრი…

რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი ფითრიც იცვლებოდა, მსხლის ქერქზე, ტკიპასავით დაკრობილი, იზრდებოდა, იბერებოდა, სულ გან-გან იწევდა. მსხლის ცილა რამდენიმე ალაგას ჩაეხვრიტა და ტუჩებით დაჰკვროდა…

ცილაში ჩაკრობილი ფითრის თესლი კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წუწნიდა ახლად გამართული ტუჩებით ისეც სიცივისაგან გამოფიტულ მსხლის ქერქსა.

ეს სისხლის წოვნა კი უგრძნობელი არ დარჩა მსხალსა…”

გამძღარი ფითრი იხსენებს თავისი ჯიშ-ჯილაგის თავგადასავალსაც: ჩხართვიო “სადაც კი ფითრს ნახავს, იქ დაიბუდებს, აღარ მოეშვება, სანამ სათითაოდ არ გამოჰკენკავს… წავა ჩხართვიც, სადმე ქორფა მსხალზე ან ვაშლზე მოსკინტლავს, ჩვენებთაგანიც ვინმე გაჰყვება სკინტლში უჭირველ-უტკივარი. ძალიან ბედიერადა გრძნობს იქ თავსა. სამშობლოს მოშორებული თავისთვის იწყებს წარმოებას. შეხედავ სამი-ოთხი წლის შემდეგ, ერთი უშველებელი გამხდარა. მსხლის ტოტებში მწვანე კორდივით გადაფენილა. გამრავლდება, გაავსებს ტოტებსა და დაიჭერს მთლად ყველა ადგილს. საკვირველი კაი ჯიში გვაქვს. ის არის კიდევ საკვირველი, რომ… თუ არ მზამზარეული საკვებით, ჩვენი გვარი ვერ ხეირობს. თუ სხვას არ ვასხედვართ, დედამიწაზე ჩამოყრილები ერთ დღეს ვეღარა ვცოცხლობთ……

მსხალი კი თანდათან იმშეოდა. ახლა კი მწვავედ იგრძნო მსხალმა ტკივილი იმ ადგილზე, სადაც ფითრი აჯდა…

_ ვინა ხარ, რა ხარ, რა სულიერი ხარ? აღარ მომშორდები? _ ეკითხებოდა ფითრსა. _ თუ სტუმარი ხარ, სტუმრობა ამდენი ხანი არ გაგონილა…

_ ხა! ხა! ხა! _ გადაიხარხარა ფითრმა, ისეთი საზარელი და საძაგელი ხმითა და კილოთი, რომელშიც გამოიხატებოდა მწარე და გულის მომკვლელი დაცინვა. _ სად უნდა წავიდეთ, ვერა ჰხედავ, რამდენი ვართ?! ჩვენი სამშობლო ეს არის…

_ ჰაი, ჰაი, ფითრო, აღარ გახსოვს, ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ როგორი იყავ, როცა მსხალს თავშესაფარს თხოვდი. ახლა კი მსხალმა შენ უნდა გთხოვოს, რომ სიცოცხლე აჩუქო ამ საბრალოსა!” ადამიანებმა ფითრი მოაშორეს, ჩამოსხეპეს მსხლის ხისგან. მომაკვდავმა მსხალმა გამოცოცხლება იწყო: “ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ, არ მოვკვდებით, ჩვენამდე ჯერ სიკვდილს არ მოუღწევია, სასოებას ნუ ჰკარგავო. – იძახდნენ თურმე ფესვები…” მსხლის ხე გადარჩა.3

თედო რაზიკაშვილის მოთხრობიდან ნაწყვეტების მოტანის შემდეგ აკაკი ასე მსჯელობს: როგორც მცენარეებში ფითრი, სურო და ხავსი, ანუ ცხოველებში მკბენარი მწერები, ისე ადამიანის ტომებშიაც ურევიან მისთანა გუნდები, რომელთაც თვითარსებობა თავის თავად არ შეუძლიათ და უნდა სხვის სხეულზე იხარონ. ამის მაგალითს გვიჩვენებს ის დიდი გუნდი მოვაჭრეთა, რომელსაც ჩვენ… სომხებათ ვუწოდებთ. უხსოვარი დროიდან, იმ თავითვე, გადმოუდგამს თუ არა ბიჯი ივერიელ ტომს, ისინიც ადევნებიან… გადმოულახავთ მასისი (არარატი) და აქამდე ჩამოჰყოლიან, რომ ფითრივით გარს შემოხვეოდენ და კანში ჩაჭროდენ…

ეს ხალხი, სადაც-კი შეხიზნულა და თავი შეუფარებია, ცოტა სულის მობრუნების შემდეგ, დაპატრონება მოუნდომებია, თავიც იქაურ მკვიდრათ აღუარებია და ბოგანოთ მოსულობა გადაუფუჩეჩებია. მიუხედავათ ქართულ-ბერძნულ ისტორიის წყაროებისა, მათმა ისტორიამ მეფის წართმევაც-კი მოგვინდომა და დიდი დავით კურატპალატი თავის მეფეთ აღიარა, რასაკვირველია იმ განძრახვით, რომ ქვეყანა დაერწმუნებია: თუ მეფე ჩვენი იყო, მაშასადამე, მისი სამფლობელო_ტაოსის კარი ანუ ახლანდელი ჭოროხის ხეობაც სასომხეთო ყოფილაო. მომავლის გასაკვლევათ სხვისი წარსულის მისაკუთრება და მისივე ყოფილის უარის ყოფა უპირველეს ხერხათ უჭირავთ ხელში. იმათ ისტორიას რომ დავეკითხოთ, თვით-არსებობა ქართველთა არასოდეს არ ყოფილა სახსენებელი, ენაც იმათ უწყალობებიათ ჩვენთვის, ანბანიც მათს მესრობს შეუთხზავს ჩვენი და წეს-წყობილებაც მათგან მიგვიღია!..”

აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეხედულებები დღესაც გავრცელებულია სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში, მაგ., “სომეხი ხალხის ისტორიის” მრავალტომეულში, “სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაში” და ბევრგან სხვაგანაც. სომხური წყაროებისა და გამოკვლევების გავლენით მსგავსი აზრები გვხვდება უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებშიც და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებშიც. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ამ ბოლო წლებში რუსეთში გამოცემული ”მართლმადიდებლური ენციკლოპედიაც.” მიუხედავად იმისა, რომ სომხები გრიგორიანები არიან და არა მართლმადიდებლები, რუსულ “მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაშიც” მოუხერხებიათ საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ტენდეციურად, სომხური პოზიციიდან გაშუქება, უფრო სწორად, ჩაბნელება. საქმე იქამდე მიდის, რომ აკადემიკოსად წოდებულმა ს. აივაზიანმა ამ ბოლო ხანებში წარმოშობით სომხებად გამოაცხადა თვით ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ყველა ქართული თავადური გვარი, ერთადერთი გამონაკლისის გარდა. ქართველები, თურმე, წარმოშობით სომხები ყოფილან, მაგრამ სომეხთა ერთი ნაწილი მოგვიანებით რატომღაც გადაჯიშებულან და ამ გადაჯიშებულ სომხებს დარქმევიათ ქართველები. ამგვარი თვალსაზრისი გვხვდება ძველ სომხურ წყაროებშიც და ახალ სომხურ გამოკვლევებშიც.

აკაკი განაგრძობს: ვთქვათ დავეთანხმეთ სომეხთა მეცნიერებსო _ ”აღარ ვიწამეთ და აღარ ვირწმუნეთ არც უცხო ერების ისტორიული წყაროები ჩვენი ერის შესახებ, არც ჩვენი საკუთარი ქრონიკები, არც გუჯრები; ყალბათ ვიცანით ჩვენი პერგამენტები, არხეოლოგია, ნუმიზმათიკა და სხვანი, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, რაც ახლა ჩვენს თვალსა-და-ხელ-შუა ხდება და რასაც ასე ნათლათ ჩვენი თვალითა ვხედავთ?! გუშინდელი ამბავი არ არის მათი შემოხიზვნა და ჩვენ მიერ მათ საპატრონოთ ხელის გაშვერა? ჩვენმა უკანასკნელმა მეფეებმა ისინი შიგ შუაგულ საქართველოში შემოხიზნეს და როგორც ვაჭარ-ხალხს, ომში გამოუსადეგარს4, ქალაქები ჩააბარეს. ქართველი ხალხი-კი ბრძოლის ველზე ათენ-აღამებდა…

დაღალული, დაქანცული და დაწყლულებული ქართველები, შინ რომ შემობრუნდენ, რა დაუხვდათ? ის, რომ მათი ყოფა-ცხოვრება შემოხიზნულ და მოძმეთ მიღებულ ვაჭრების ხელში იყო და ბოდიშის მაგიერათ, პირ-იქით მედიდურათ ჰყვიროდენ: “ვინ ხართ და საიდან მოდიხართო? თქვენ როდის ყოფილხართ აქო? ეს ყოველთვის ჩვენი ყოფილაო!” დასამტკიცებლათ ქართველებისვე ტაძრებ-მონასტრებს მიუთითეს, სადაც ქართული ზედ-წარწერა ამოეფხიკათ და “დავით-ბაგრატების” ნაცვლათ “არშაკ-მარშაკები” ჩაეწერათ!..

ჩვენ გვაკვირვებს შეცდომა და გულუბრიყვლობა ჩვენი მეფეებისა და ქართველი ხალხის, თვარა ეს სწორეთ ასეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ბრძოლა არსებობისათვის მსოფლიო კანონია და ვერც სომხები აცდებოდნენ ამ კანონს, მით უფრო, რომ ძველი ანდერძი ხელში ეჭირათ და მისი გატეხა ისე არ შეეძლოთ, როგორც საკუთარი რჯულისა!.. ჩვენ რაღათ უნდა ვეცადოთ სომხების სინიდისში ჩაგდებას, რომ მსოფლიო კანონს ეწინააღმდეგონ და რჯული გატეხონ? მაგრამ სრული ნება კი გვაქვს, ვუსაყვედუროთ იმ შეუგნებელ და ცრუ-ლიბერალ ქართველ ინტელიგენტებს, რომელნიც ბანს აძლევენ სომხებს და გაიძახიან: “იბრძოლეთ თქვენც მხოლოდ იმ იარაღით, რომელსაც ისინი ხმარობენო!” რა ეთქმის იმ მწყემსს, რომელსაც ფარეხში მგლები შეცვენიათ და მის ნაცვლათ, რომ მან კომბალი აიღოს ხელში მოსაგერებლათ, მხოლოთ იძახის: “უნდა მეც ისე მოვიქცე, როგორც ისინი იქცევიანო! ე.ი. მოვიცადო იმ დრომდი, სანამ ჩემ ცხვრებსაც არ ამოუვათ მგლის კბილები და საკბენათაც მგლურათ არ აეშლებათ საღერღელიო?!“5

აკაკი ასევე ამბობდა: რაიმე მატერიალური სარგებლობის მოტანა რომ შეეძლოს, დარწმუნებული ვარ, სომხები ქართველებს დედა-ენასაც წაგვართმევენო.

1899 წელს ვაჟა-ფშაველას დაუწერია პოემა “ჰაოს და ქართლოს”. ჰაოსი და ქართლოსი სომეხთა და ქართველთა მითიური წინაპრების სახელებია. 1899 წელსვე გაზეთ “ივერიაში” (# 116) გამოქვეყნდა ცნობა, რომ ი. იმედაშვილს განუზრახავს ამ პოემისა და ვაჟას რამდენიმე ლექსის ცალკე წიგნად გამოცემა. მაგრამ იმდროინდელმა, რუსეთის იმპერიის ცენზურამ ნებართვა არ გასცა, რათა დასტამბულიყო ეს წიგნი. საფიქრებელია, თბილისში მოკალათებულმა სომხურმა ბურჟუაზიამ და მისმა ამქარმა მოახდინეს გავლენა ცენზურაზე. ნ. დურნოვოს სიტყვით, ქართული ეკლესიის გამძარცველი საქართველოს რუსი ეგზარქოსები მეგობრობდნენ სომეხ მაგნატებთან; საერთოდაც, სომეხი კრეზები კვებავენო რუსეთის იმპერიის კავკასიელ ჩინოვნიკებს6. ქართველი ხალხის გაყვლეფის შედეგად გამდიდრებული სომხები მოქრთამავდნენ ცენზურასაც, რათა მას ნება არ დაერთო ქართველ ავტორთა სომეხთათვის მიუღებელი თხზულებების დასტამბვაზე.

ვაჟა-ფშაველას პოემა “ჰაოს და ქართლოს” პირველად დაიბეჭდა ავტორის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, 1932 წელს, ალ. აბაშელის რედაქციით გამოცემულ ვაჟას თხზულებათა მეოთხე ტომში.

ვაჟას პოემაში ქართლოსი განსახიერებაა ქართველი ერისა, ხოლო ჰაოსი _ სომეხი ერისა. ავტორის მიხედვით, თვალცრემლიანი, კონკებში გახვეული ჰაოსი “ქართლოსს მოადგა კარზედა” და შეეხვეწა: ძმაო ქართლოს, “ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა ბინას არ მომცემ სახლშია?” ქართლოსი მტირალ ჰაოსს “ყელს გადაეჭდო, აკოცა, როგორც წესია ძმობისა” და გულუხვადაც გაუმასპინძლდა. პურობის ჟამს ჰაოსი მოუყვა ქართლოსს, თუ როგორ აიკლო მისი ქვეყანა მტერმა და კიდევ ერთხელ დახმარება სთხოვა ქართლოსს: “ადგილიც მტერმა წამართო, სარჩო-საბადი ყველაო, ღონე შენზედა დავყარე, თუ შაგიძლიან შველაო?!“ გულაჩვილებულმა ქართლოსმა აღუთქვა ჰაოსს: “რაცა მაქვს, შუა გაგიყოფ.” ქართლოსმა შეიკედლა, შეიხიზნა ჰაოსი.

საქართველოს ოდესმე ხანგრძლივად ღირსებია მშვიდობა? ქართველ ერს განა დიდხანს მოასვენებდნენ დამპყრობლები? არსებობს ხატოვანი გამოთქმაც: მშვიდობიანი პერიოდები საქართველოს ისტორიაში შეიძლება შევადაროთ ანტრაქტებს თეატრის წარმოდგენებში, სპექტაკლებში. იმ ხანებშიც მტრის ურდოები შემოესივნენ ჩვენს ქვეყანას. ქართლოსი საქართველოს დასაცავად, საომრად გაეშურა. მან სახლ-კარი და ცოლ-შვილიც ჰაოსს ჩააბარა. უთვალავმა მტერმა უთანასწორო ბრძოლაში ქართველები შეავიწროვა: “ურიცხვი ქართლოსიანი მტრებთან ბრძოლაში კვდებოდა.” ომი დიდხანს გაგრძელდა და “დიდიც მოგვცა ზიანი.“ ქართლოსი “იბრძოდა პიროფლიანი, ხმალს არ აგებდა ბუდესა.” ჰაოსი არ მონაწილეობდა ომში. იგი არც გულხელდაკრეფილი ყოფილა ომიანობის დროს, შრომობდა, “მაგრამ როგორ და ვისთვისა?! ცხვარი ვის დაუბარებავ, თქვენგან არ მიკვირს, მგლისთვისა?”

ქართლოსი რომ საომრად წავიდა, იმ წელიწადს შიმშილობა იყო. “ჰაოსმაც პურები ყიდა და ზოგიც სესხად გაიღო, და კალოობას ერთს კოდზე ორი სარგებლად აიღო!” გათავხედებულმა ჰაოსმა დაასკვნა: ქართველები “ბილანი7 ხალხი ყოფილა და მინდობილის გულისა_აქა ყოფილა კიდევაც სწორედ ხაზინა ფულისა.”ჰაოსმა საქართველოში გახსნა დუქანი და “მას აქეთია ჰაოსი არის და არის მსუქანი.” მან შეავიწროვა ქართლოსის ცოლ-შვილი, საკუთარი სახლიდან განდევნა ისინი. მათ კერაზე “ჰაოს-ხანუმა დაფუძნდნენ,” აგრეთვე მათი ძენი, მიკიჩ და გალუსტა.

მძიმედ დაჭრილი ქართლოსი ქართლოსიანებმა საკაცით მოიყვანეს. ჰაოსმა ქართლოსი მისსავე სახლშიც აღარ შეუშვა: “აქ მას ბინა აქვს არაო… სად იყო, რა გამიკეთა, აბა რა მოიტანაო?” ჰაოსის ვერაგობით გამწარებული “ქართლოსის ცოლი თამარი ზარით მოსთქვამდა ამასა: “ღირსი არ არის, ნუ სტირით, შვილებო, თავის მამასა, თქვენთვის ყელების საჭრელად ჰაოსს აძლევდა დანასა. დღეს სხვა ჰმკის გადამთიელი თქვენის მამულის ყანასა… საწყალის გულის პატრონო, ვის ენდობოდი, რადაო?”

პოემის ფინალში ვაჟასეული სიღრმითაა დახატული “კაი ყმის,” “დაჭრილი არწივის,” ქართლოსის სახე: საკუთარი სახლიდან გამოგდებულ, ფანჩატურში მწოლიარე ქართლოსს “როცა მოსცემს სიცხესა _ უტყდება ტეხა წყლულისა, მაშინ ამოდის და გვესმის პასუხი იმის გულისა. იქნებ გგონიათ სახლ-კარის, მამულის დაკარგულისა? ჰაოსის მოღალატობა, სიმრუდე იმის სულისა? _ არა, ის ომსვე იგონებს, ჰბოდავს: “დაჰკარით მტერსაო… ფარი და ხმალი სადა მაქვს;” იქითკენ იწვდის ხელსაო.”8

ნიშანდობლივია, რომ ვაჟა-ფშაველამ “ჰაოს და ქართლოს” დაწერა იმავე წელს, როცა შეიქმნა და გამოქვეყნდა ილიას “სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი.” ზემოთ აკაკის წერილიდან ნაწყვეტები რომ მოვიტანეთ, ის 1898 წელსაა დაბეჭდილი. 1897 წელს კი დაისტამბა იაკობ გოგებაშვილის წიგნი “სიმართლე თბილისის შესახებ” (რუსულ ენაზე), რომელშიც იაკობი ამხელდა ვინმე “მოქალაქეს” (ეროვნებით სომეხს). “მოქალაქე” თავის ნაწერში აცხადებდა, რომ თბილისი ყოველთვის სომხური ქალაქი იყო. დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და სხვები სომეხთა მეფეები იყვნენ? ანდა ვახტანგ გორგასალმა თბილისი ქალაქად, დედაქალაქად სომხებისთვის შექმნა? იმდენად არასერიოზული, იმდენად აკვიატებული, ისე ბინძურია მსგავსი აზრები, რომ ნაშრომის შესავალ ნაწილში ამაზე საგანგებო მსჯელობას ვერ გავმართავთ. ეს კია, რომ უნებურად გვაგონდება თბილისთან დაკავშირებულ სომეხთა პრეტენზიებზე ნოდარ დუმბაძის ხუმრობა: ვახტანგ გორგასლის გარდა თბილისის დაარსებაზე სხვასაც თუ აქვს ვინმეს პრეტენზია, შემოვუჯენთ გორგასალს ცხენზე, ადგილი კია და ყველაფერიო. იგულისხმება გორგასლის ძეგლი მეტეხის ეზოში.

ილია, აკაკი, ვაჟა და სხვა ქართველი მოღვაწეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სომხურ წრეებს ქართული მიწა-წყლის მიტაცება, საქართველოს, ქართველი ერის გასომხურება, გასომხება ეწადათ. ამიტომაც ასტეხეს მათ განგაში, რითაც კვლავ დაამტკიცეს, რომ დიდი ერისკაცები იყვნენ მრავალტანჯული ქართველი ერისა. ის არ გვეყოფოდა, რომ ქართველი ერის გადაშენებას ცდილობდნენ დიდ-დიდი დამპყრობლები, სპარსელები, არაბები, თურქები, მონღოლები, რუსები, და სხვები? XIX საუკუნეში ასეთივე მიზანი დაისახეს სომხურმა წრეებმაც. ისმის კითხვა: შემთხვევითი იყო ეს მოვლენა, თუ მას ფესვები წარსულში აქვს გადგმული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები წინამდებარე, სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომში.

 

პირველი თავი

საქართველო და სომხეთი უძველესი დროიდან გაქრისტიანებამდე

 

ამჟამად სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია, რომ ქართული ტომები ისტორიული საქართველოს (ის დღევანდელ საქართველოზე გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავდა) მიწა-წყალზე უძველესი დროიდან, ადამჟამობიდან მკვიდრობდნენ. რაც შეეხება სომხეთს, იქ ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში ხურიტულ-ურარტული ტომები ცხოვრობდნენ და არა სომხები9. სომხეთის ისტორიის მამად მიჩნეული მოვსეს ხორენაცის ცნობებითაც, სანამ სომეხთა მოდგმა სომხეთში დაიდებდა ბინას, მანამდე იქ სულ სხვა, სომეხთაგან განსხვავებული ტომები მკვიდრობდნენ. ამ დროისთვის ქართული ტომები კარგა ხანია (თუ იმთავითვე, დასაბამიდან არა) საქართველოს მიწა-წყლის მკვიდრნი არიან და სწორედ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიზეზების გამო, დაწყებულია ფუძე-ქართული ენის დაშლა დიალექტებად, რის შედეგადაც თანდათანობით ჩამოყალიბდნენ ძველი ქართული, სვანური და მეგრულ-ლაზური (ჭანური) ენები.

რ. გორდეზიანის თანახმად, დღეს არავინ არ დავობს იმაზე, რომ ინდოევროპელმა სომხებმა სომხეთში, ყოველ შემთხვევაში, ისტორიული საქართველოს მეზობელ, მომიჯნავე სომხეთის მხარეებში მხოლოდ ურარტუს სამეფოს დაქვეითების ანუ ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეთა მიჯნიდან იწყეს შეღწევა და მათი ფიქსაცია ამ ტერიტორიების მკვიდრებად სწორედ ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან იწყება10. ოთხი ასწლეულის შემდეგ დასტურდება სომეხთა სწრაფვა იქითკენ, რომ დაეპყროთ ქართული მიწა-წყალი. ვინაიდან ქართველები სომხებზე დიდი ხნით ადრე მკვიდრობდნენ ამიერკავკასიაში და მათ საამაყო წარსულიც ჰქონდათ იმ დროისათვის, როდესაც სომხებმა ქართული მხარეების დაპყრობა სცადეს, ცხადია, ქართველი ერი სომეხთა ქართველებზე გაბატონებას ვერ შეეგუებოდა.

ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნის და ქრისტეს შობიდან  პირველი ასწლეულის დასაწყისის ცნობილი ბერძენი სწავლული, სტრაბონი გვაუწყებს: “მოგვითხრობენ არმენიაზე, რომ პირველად ის პატარა ყოფილა, გაზრდილა არტაქსიასა (არტაშესის – ა. ა.) და ზარიადრის მეშვეობით, რომლებიც პირველად ანტიოქ დიდის სარდლები იყვნენ, ხოლო მერე, მისი დამარცხების შემდეგ, გამეფდნენ, ერთი სოფენეს, აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა [მხარეში], ხოლო მეორე _ არტაქსატას მიდამოებში. ამათ გაზარდეს [ქვეყანა იმის ხარჯზე], რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები; მიდიელთაგან _ კასპიანე, ფავნიტი და ბასოროპედა; იბერებს _ პარიადრეს კალთები, ხორზენე და გოგარენე, რომელიც მტკვრის გადაღმა არის. ხალიბებისა და მოსინიკებისაგან [წაიღეს] კარენიტი და ქსერქსენე, რომლებიც მცირე არმენიის მეზობლად არიან, თუ მისი ნაწილები არიან; კატაონთაგან _ აკილისენე და ანტიტავროსთან მდებარე ადგილები, სირიელთაგან _ ტარონიტი, ისე რომ ყველანი ეხლა ერთ ენაზე ლაპარაკობენ.’’11

ეს ამბები ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში მოხდა. დადგენილია, რომ სომხებს იმ ხანებში დაუპყრიათ ქართული მხარეები _ ბასიანი, ტაო, სპერი, კოლა-არტაანი, ქვემო ქართლის ნაწილი, შესაძლოა, ნახევარი ჯავახეთიც და სხვაც. ეს მოხდა ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რომის გაძლიერებულმა სახელმწიფომ დაამარცხა სირიასა და მეზობელ ქვეყნებში არსებული სელევკიდების სამეფო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიქმნა. რომისა და სელევკიდების სამეფოს შორის ომის დროს იბერიის სამეფო სელევკიდების სახელმწიფოს მოკავშირე იყო, ხოლო სომეხთა ხელისუფალნი განდგომიან სელევკიდ მეფეს, ანტიოქ დიდს და მიმხრობიან რომს. სტრაბონისვე ცნობით, “ანტიოქ დიდის სარდლების (როდესაც ანტიოქი რომაელებს ებრძოდა) არტაქსიასა და ზარიადრისაგან, [არმენია] ორად იყო გაყოფილი. ესენი მართავდნენ, მინდობილი კი მეფისაგან (ანტიოქისაგან _ ა. ა.) ჰქონდათ. [როდესაც მეფე] დამარცხდა, ისინი შეუერთდნენ რომაელებს და მოეწყვნენ თავთავისთვის როგორც მეფეები’’.12 ეტყობა, რომის მხარდაჭერით, დახმარებით მოხდა, რომ სომხებმა შეძლეს მეზობლების, კერძოდ, ქართველების მიწა-წყლის ერთი ნაწილის დაპყრობა.

სომხურ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში მიღებულია აზრი, რომ სტრაბონის მიერ მოხსენებული, სომეხთაგან დაპყრობილი ქართველთა მხარეები ადრეც სომხების ყოფილა, შემდგომში, თითქოს, ქართველებს დაუპყრიათ და ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში სომხებს კვლავ დაუბრუნებიათ ისინი. ეს შეხედულება გატარებულია, კერძოდ, ზემოთ დასახელებულ “სომეხი ხალხის ისტორიის” პირველ ტომში და “სომხეთის ისტორიის” მეხუთე კლასის სახელმძღვანელოშიც კი. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად არავითარი მასალა არ არსებობს.13

“სომეხი ხალხის ისტორიის” მრავალტომეულის პირველ ტომში აკადემიკოსი სურენ ერემიანი აჭარასაც სომხეთის ნაწილად აცხადებს: “ვსაუბრობთ რა დიდი სომხეთის ტერიტორიული ცვლილებების თაობაზე 37 წ. (ქრისტეს შობიდან _ ა. ა) საზავო ხელშეკრულების მიხედვით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთითაც ჩამოცილებულ იქნა და ქართველთა სამეფოს შეუერთდა დიდი სომხეთის ჩრდილო სანაპირო მხარე, გოდერძაკანი, რომელიც მოიცავდა… აჭარისა და სამცხის ოლქებს.” აჭარა დიდხანს სომხეთის შემდგენელი ნაწილი იყოო. “სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც” აცხადებენ: კღარჯქი (ე. ი. კლარჯეთი) არისო დიდი სომხეთის გუგარქის მხარის ოლქი. ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან მოექცა ურარტუს სამეფოს, ხოლო შემდგომ დიდი სომხეთის შემადგენლობაში. სომხეთის არშაკუნთა სამეფოს დაცემის (428 წ.) შემდეგ კლარჯეთი მიათვალესო ქართლის სამარზპანოს. შემდეგ ომში სომხებმა დაიბრუნესო ეს მხარე. რაც შეეხება აჭარას, ის კლარჯეთის ნაწილიაო, ე.ი. აჭარა საუკუნეთა განმავლობაში სომხეთის შემადგენლობაში შედიოდაო.

არავითარი მასალა არ არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ აჭარა სომხეთს დაეპყრო და თანაც მრავალი საუკუნის მანძილზე ყოფილიყო სომხეთის ნაწილი. მართალია, ქრისტეს შობამდე პირველ ასწლეულში სომხეთის მეფემ, ტიგრან II დიდმა შეძლო მრავალი ქვეყნის თუ მხარის დაპყრობა, მაგრამ ტიგრანის არამყარი იმპერია მხოლოდ ოციოდე წელიწადს არსებობდა და შემდეგ დაიშალა. ამასთანავე, ტიგრანი იყო პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის მოკავშირე და ხშირად მისი კარნახითაც მოქმედებდა. მის დასტურია ბერძენი მემატიანის, აპიანეს ცნობა: “მითრიდატემ შეაგულიანა… ტიგრანი, რათა იგი თავს დასხმოდა კაპადოკიას.” ყოველ შემთხვევაში, ტიგრანი მითრიდატესთან შეთანხმებით მოქმედებდა მანამდე მაინც, სანამ რომის სახელმწიფოსგან დამარცხების საფრთხე დაემუქრებოდა. ამის შემდეგ ის მალე დამარცხდა და დაკნინდა კიდეც. დასავლეთ საქართველო კი მითრიდატეს გავლენის ქვეშ იყო მოქცეული და ტიგრანიც აჭარას ვერ დაიპყრობდა. მით უფრო გამორიცხულია სომეხთა შედარებით სუსტი, სხვა მეფეების მიერ აჭარის დაპყრობა.

რაც შეეხება გამოთქმას, ტერმინ დიდ სომხეთს, ის თავდაპირველად გაჩნდა იმის გამო, რომ სომხეთის ეს ნაწილი განესხვავებინათ ე. წ. მცირე სომხეთისგან. მოგვიანებით კი სახელწოდება დიდ სომხეთში იმპერიული შინაარსიც ჩასდეს. სტრაბონი რომ აღნიშნავს, სომხეთსა და დაპყრობილ მხარეებში ამჟამად ყველანი ერთ ენაზე ლაპარაკობენო (იგულისხმება ერთი სახელმწიფო ენის დაწესება), ე. ი. სომხურადო, ცხადია, აქაც სომეხთა იმპერიული მიზნებია ასახული. როგორც უკვე ითქვა, ქართველები ვერ შეეგუებოდნენ სომეხთა ბატონობას, სომხეთის მიერ ქართული მხარეების დაპყრობას. ცნობილია, რომ ქრისტეს შობამდე 65 წელს იბერიის სამეფოს ჯარმა სისხლისმღვრელი ბრძოლები გაუმართა ძალიან ძლიერი რომის სახელმწიფოს ჯარებს, რომელსაც პომპეუსი სარდლობდა და მიზნად იბერიის დაპყრობას ისახავდა. დამპყრობელი რომის წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველი ქალებიც ომობდნენ და შეეწირნენ კიდეც სამშობლოს თავისუფლებას. რომის სახელმწიფო იგივე ტიგრანისეულ სომხეთზე ბევრად ძლიერი იყო და ტიგრანსაც არ შეეპუებოდნენ ქართველები. როგორც ითქვა, ტიგრანის იმპერია ოციოდე წელიწადში დაინგრა, სომეხთა სხვა მეფეები ტიგრანზე გაცილებით სუსტები იყვნენ და დიდი ხნით ქართული მხარეების დაპყრობას, შენარჩუნებას ვერ შესძლებდნენ.

ქრისტეს შობამდე II საუკუნეში არტაქსიამაც (არტაშესმა) რომ დაიპყრო ქართული მხარეები, ამის შემდეგ მალე ის დამარცხდა, სელევკიდ მეფესთან ბრძოლაში, ტყვედაც ჩავარდა. საფიქრებელია, ქართველები უკვე იმ ხანებში ეცდებოდნენ სომეხთაგან მიტაცებული ქართული მხარეების უკან დაბრუნებას. ასევე, ცნობილია, რომ ტიგრან II დიდი, სანამ მეფე გახდებოდა, უფლისწულობის დროს, ათი წლის მანძილზე პართიის (ირანის) ხელისუფლებას ჰყავდა მძევლად, რაც იმდროინდელი სომხეთის სისუსტით იყო განპირობებული. ქართველები ამ გარემოებითაც ისარგებლებდნენ და თუ სომხეთს კვლავ ჰქონდა მიტაცებული ქართული მიწა-წყალი (იმ ხანებში და შემდგომშიც ქართველ-სომეხთა შორის სადავოდ ქცეული მხარეები ხელიდან ხელში გადადიოდა), ჩვენი წინაპრები ისევ ეცდებოდნენ დანაკარგის დაბრუნებას. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ სანამ სომხები შემოგვიტევდნენ, ჩვენ უკვე ისტორიის გრძელი გზა გვქონდა გავლილი, სომხებთან შედარებით ამიერკავკასიის გაცილებით უფრო ძველ მკვიდრებად ვითვლებოდით და ტრადიციაც შექმნილიყო იმისა, რომ ქართველები თავის თვითმყოფადობას, ეროვნულ მეობას არ დათმობდნენ, სანამ დამპყრობელი ყველა ქართველს არ მოსპობდა, მათ გვამებზე არ გადაივლიდა. ეს ჩვენი ქვეყნის დიდ-დიდმა დამპყრობლებმა ვერ შეძლეს სომხების ასპარეზზე გამოჩენამდეც და მით უფრო სომხები ვერ შეძლებდნენ.

როდესაც ვსაუბრობთ ამიერკავკასიაში ქართული სახელმწიფოებრიობის სიძველეზე სომხურთან შედარებით, პირველ რიგში ვგულისხმობთ ძველი კოლხეთის სამეფოს. ისტორიის მამად წოდებული, ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნის ავტორის, ჰეროდოტეს ცნობით, კოლხები წარმოშობით ეგვიპტელები ყოფილან – ქრისტეს შობამდე XIII ასწლეულში ეგვიპტელთა ჯარის ერთი ნაწილი დარჩა, დამკვიდრდა კოლხეთში და მათი ნაშიერია კოლხებიო. მეცნიერთა უმეტესობა ამ შეხედულებას არ იზიარებს, მაგრამ ჰეროდოტეს ცნობაში ის ამბავი ნამდვილადაა ასახული, რომ კოლხების, ვითარცა უძველესი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მქონე ხალხის, ძველ ეგვიპტელებთან შედარება შესაძლებელი ყოფილა. გავიხსენოთ ბერძნული მითიც ძველი კოლხეთის შესახებ, სხვა მასალებიც და უფლება მოგვეცემა დავასკვნათ, რომ ძველი კოლხეთის სახელმწიფო სულ ცოტა 3500 წლის წინ უკვე არსებობდა.

ძველი კოლხეთის სამეფო მარტო დასავლეთ საქართველოსთან არ უნდა გავაიგივოთ. მასში შედიოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ერთი ნაწილი მაინც. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს სახელწოდება კოლხიც. მასში –ხი დაბოლოებას, სუფიქსს წარმოადგენს, ფუძედ კი გვრჩება “კოლ”. კოლა ქართულ მხარეს ერქვა მტკვრის სათავეში, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული ქართველი ერის შავბედობის გამო. აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები ასევე ქართველი ერის მოუშუშებელი ტკივილის, ძირძველი ქართული მხარის, ტაოს მკვიდრთ ტაოხებს ეძახდნენ. კოლა ტაოსთან შედარებით ძალზე პატარა მხარეა და მასალებიც მის შესახებ ცოტა შემოგვრჩა, თორემ, შესაძლოა, ტაოხების ანალოგიურად კოლაელებისთვისაც ეწოდებინათ კოლახები, კოლხები. ერთი სიტყვით, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ძველი კოლხეთი სრულიად საქართველოს გაერთიანებას შეეცდებოდა საუკუნეების მანძილზე და არა მარტო დასავლეთ საქართველოსას. მოგვიანებით ყოველი საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა იბერიის სამეფო ფარნავაზიანთა დინასტიით სათავეში. ამგვარ ლტოლვას საფუძველი ჩაუყარა, ტრადიცია შეუქმნა ძველი კოლხეთის სამეფომ.

ძველი კოლხეთის გარდა იგივე უძველეს ხანებში არსებობდა დიაოხის ქართული სახელმწიფოც. სახელწოდება დიაოხი იგივეა, რაც ტაოხი ანუ ტაო. როგორც ჩანს, დიაოხის სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილს ტაო წარმოადგენდა. ხსენებული ჰეროდოტე დიდ ტომად მიიჩნევს უძველესი ქართული მხარის სპერის (ახლანდელი ისპირი თურქეთის შემადგენლობაში) მკვიდრთ, სპერელებს, რომელსაც ის სასპერებს უწოდებს.

ქრისტეს შობამდე IV საუკუნის დამლევს შეიქმნა იბერიის სამეფო ცენტრით მცხეთაში. ის მოიცავდა, კერძოდ, იმ ქართულ მხარეებსაც, რომლებიც სომხებმა დაიპყრეს ქრისტეს შობამდე მეორე ასწლეულის დასაწყისში. სტრაბონი გვაუწყებს, რომ იბერიელები, ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის მემატიანის, “აპოლოდორეს მტკიცების თანახმად, არმენიას ესაზღვრებიან არაქსით”.14 აქ შეიძლება იგულისხმებოდეს არაქსის ზემო დინების აუზი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ სომხები საერთოდაც გვიან მკვიდრდებიან არაქსის ჩრდილოეთით და ამის შემდეგ ქართული მიწაწყლის დაპყრობასაც ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ სომხეთის საზღვრებში მოქცეულ ყარსს ძველად ქართული სახელი კარი, კარნი ერქვა. აქედანაა მიღებული სომხური კარს, ხოლო თურქული ენის გავლენით – ყარს, ყარსი15.

სტრაბონისვე ცნობით, “მოსხების (მესხების – ა. ა.) ქვეყანა, რომელშიც არის სამლოცველო, სამ ნაწილს შეიცავს: ერთი მისი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე იბერებს და მესამე არმენიელებს”.16 აქ, ამ შემთხვევაში მოსხების ქვეყანა, ანუ მესხეთი ნაგულისხმევია ფართო მნიშვნელობით. ის მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. მესხეთი რომ ქართული მიწა-წყალია, ამაზე, წესით და რიგით, სომეხი მეცნიერები, საერთოდ, ჭკუაზემყოფელი ადამიანი არ უნდა შეგვეცილოს. მაშასადამე, ძირძველი ქართული მხარის, მესხეთის ნაწილი სომხებს ჰქონიათ დაპყრობილი. რაც შეეხება მესხეთის სხვა ნაწილების მოქცევას იბერიისა და კოლხეთის შემადგენლობაში, ეს მესხებისათვის ისე მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო, როგორც სომხეთის მიერ მესხეთის ერთი ნაწილის მიტაცება, რამეთუ იბერიასა და კოლხეთში მესხები თავიანთ ქართულ იერ-სახეს შეინარჩუნებდნენ. უფრო მეტიც, ქართული სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული მესხეთი, მესხები იბერიელებთან და კოლხებთან ერთად შეეცდებოდნენ სომხეთის მიერ დაპყრობილი მესხეთის ნაწილის გათავისუფლებას სომეხთა ბატონობისაგან. მესხეთი რომ იბერიის სამეფოს ნაწილი უნდა ყოფილიყო და არა სომხეთისა, ამას კანონზომიერად მიიჩნევს მეექვსე საუკუნის ცნობილი ბერძენი მემატიანე პროკოპი კესარიელიც: “იბერიის გასწვრივ ცხოვრობენ ძველითგანვე იბერთა ქვეშევრდომი მესხები, რომელთაც მთებში აქვთ საბინადრო ადგილები. მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არამედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგანაც მესხებიც მარჯვე მიწისმუშები არიან და იქ ვენახებიც არის. ამ ქვეყანაში მთებიც მეტად მაღალია, უზარმაზარი… ამათ უკან აღმოსავლეთით არის იბერია”17.

სომხეთის სამეფოს საზღვრებში მოქცეულ ქართულ მხარეებში ქართველთა გასომხება უცებ ვერ მოხდებოდა, ამას ხანგრძლივი დრო სჭირდებოდა, მეტადრე უძველეს ეპოქებსა და ადრე შუა საუკუნეებში. ამას განაპირობებდა ის, რომ ქართველებს უკვე იმ ხანებში გამოკვეთილი თვითმყოფადობა, ეროვნული სახე გააჩნდათ. ამ მხრივ გასათვალისწინებელია სომეხი მეცნიერის, ნ. ადონცის აზრიც: “მდებარეობდა რა ხალხთა დიდი მოძრაობის გზაჯვარედინზე, იგი (სომხეთი – ა. ა.) იტოვებდა და ისრუტავდა თავის ნიადაგზე ბევრ რასობრივ მიმდინარეობასა და ტომობრივ ნაკადებს. ქვეყნის პირობები ხელს არ უწყობდა ასიმილაციას: მაღალი მთაგრეხილები, რომლებიც სერავდნენ ქვეყანას ყოველი მიმართულებით, ქმნიდნენ ხევხუვების ქსელს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენდა ტომობრივი თავისებურებების დაცვისათვის უაღრესად ხელსაყრელ ჩაკეტილ გარემოს”.18 ეს დებულება განსაკუთრებით შეიძლება მივუსადაგოთ იმ ეპოქებს, სანამ სომხური ეკლესია გამოკვეთილად ეროვნულ მიმართულებას მიიღებდა და ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას იტვირთავდა. მნიშვნელობა ჰქონდა ამ მხრივ სომხური დამწერლობის შექმნას და სომხური მწერლობის გაჩენას მეხუთე საუკუნიდან.

უფრო ადრინდელ სომხეთში, კერძოდ, სომხეთის მიერ დაპყრობილ უცხო მხარეებში, როგორც წესი, არ არსებობდნენ ისეთი ძალები, არ მოქმედებდნენ საზოგადოებრივი განვითარების იმგვარი ფაქტორები, რომლებიც სხვადასხვა ხალხების, მეტადრე ქართველების გასომხებას, მათი თვითმყოფადობის წაშლა-გაქრობას გამოიწვევდნენ. ცნობილია, რომ ქრისტეს შობიდან I-II საუკუნეები იბერიის სამეფოს ძლიერების ხანაა. ამის შესახებ მოთხრობილია ბერძნულ-ლათინურ წყაროებში, კერძოდ, ტაციტუსისა და დიონ კასიუსის საისტორიო თხზულებებში. “ახ. წ. I-II საუკუნეებში, როდესაც ქართლის (ანუ იბერიის – ა. ა.) სამეფო19 პოლიტიკურ აღმავლობას განიცდის, ეჭვი არ არის, მისგან ადრე წაღებული ტერიტორიები მისსავე ფარგლებში შემოდიოდა”.18 იგულისხმება, კერძოდ, სომხეთის მიერ დაპყრობილი ქართული მხარეების დაბრუნება ქართველთაგან ქრისტეს შობიდან პირველ ასწლეულში. უფრო მეტიც, იმ ხანებში იბერიის მეფე ფარსმან I ცდილობდა დაემორჩილებინა მთელი სომხეთი. ქრისტეს შობიდან I საუკუნეში სომხეთის სამეფო ტახტზე ქართველი მეფეები, ჯერ ფარსმან I-ის ძმა მითრიდატე, ხოლო შემდეგ მისივე ვაჟი რადამისტი აკურთხეს.19

ტაციტუსის მიხედვით, ფარსმან პირველი “უფრო ამწვავებდა ძველითგან მომდინარე მტრობასა და სიძულვილს არმენიელების მიმართ”. ეს მტრობა და სიძულვილი მომდინარეობდა იქედან, რომ სომხეთი ქრისტეს შობამდე II-I საუკუნეებში ცდილობდა ქართული მხარეების დაპყრობას, რასაც ომებში გამოწრთობილი ქართველი ერი ვერ შეურიგდებოდა. ტაციტუსისვე ცნობით, ქრისტეს შობიდან 58 წელს ფარსმან I-ის ბრძანებით, სომხეთში შეიჭრნენ მესხები.20 მართალია, ფარსმან I რომის იმპერიის მოკავშირე იყო, მაგრამ რომს იბერიის სამეფოს მეტისმეტად გაძლიერება არ აწყობდა და ის ყოველი ღონით ცდილობდა იბერიის სამეფოს სომხეთი არ შეერთებინა. რომის იმპერიის ხელისუფალნი თვითონ ისახავდნენ საბოლოო მიზნად როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს დაპყრობას. რომის იმპერიის ვერაგული პოლიტიკის დასტურად გამოდგება ერთი ასეთი მაგალითიც: ქრისტეს შობიდან III საუკუნეში რომს სპარსეთის წინააღმდეგ ომებში ძალიან დაეხმარა პალმირის მეფე. რომს იმ ხანებში უჭირდა გაძლიერებული სასანიანთა21 სპარსეთის შეტევების მოგერიება. პალმირის მეფის ჯარმა ამ შეხლა-შემოხლაში მრავალგზის დაამარცხა სპარსელები. რომის იმპერიას არ აწყობდა არც მისი მოკავშირის, პალმირის გაძლიერება. რომაელებმა მოსპეს კიდეც პალმირის სამეფო 273 წელს.

მართალია, ფარსმან I-ს რომმა არ დართო ნება, შეერთებინა სომხეთი, მაგრამ იბერიის მეფემ გარკვეულ წარმატებას მაინც მიაღწია. ტაციტუსის სიტყვით, რომის იმპერიის ხელისუფალთაგან “ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები დამორჩილებოდნენ ფარასმანეს” (ე. ი. ფარსმან I-ს), მისი სამეფოს მოსაზღვრე. დიონ კასიუსის მიხედვითაც, საქართველო-სომხეთს შორის სადავოდ ქცეული მხარეები I-II საუკუნეებში იბერიის სამეფოს შემადგენლობაშია, II-III ასწლეულთა მიჯნაზეც მტკვრის ორივე მხარეს სომხები კი არა, ქართველები (იბერიელები) ცხოვრობდნენ.22 ქრისტეს შობიდან I საუკუნის რომაელი ავტორის, პლინიუს უფროსის ცნობითაც, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, ტაშირი იბერიის სამეფოს შემადგენლობაშია. ქრისტეს შობიდან I-II ასწლეულების ბერძენი ჟამთააღმწერლის, პლუტარქეს თანახმად, “მდინარე მტკვარი იბერთა მთებიდან გამოდის, გზაზე სომხეთიდან მომავალ არაქსს იერთებს და თორმეტი შესართავით კასპიის ზღვაში ჩადის.23

სომხეთის ისტორიის მამად მიჩნეული მოვსეს ხორენაცის ცნობით, სომეხთა მეფე არტაშესმა (ეს იგივე სტრაბონისეული არტაქსიაა, რომელსაც ქართული მიწა-წყალი დაუპყრია) “თავისი ასული, არტაშამა მიათხოვა ვინმე მიჰრდატს, ქართველთა დიდ პიტიახშს.” აქ იგულისხმება ქვემო ქართლის, სტრაბონისეული გოგარენეს (სომხური სახელწოდებით გუგარქის) პიტიახში.24 მაშასადამე, მოვსეს ხორენაცი არტაშესიანთა ხანის გოგარენეს საპიტიახშოს ქართველთა საპიტიახშოს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა შესძლო გოგარენეს (ქვემო ქართლის ან მისი ერთი ნაწილის სახელწოდებაა) გარკვეული ხნით დაპყრობა. საერთოდაც, ხორენაცი ქვემო ქართლს ქართულ მიწა-წყლად მიიჩნევს და არა სომხურად, თუმცა მისი სათანადო ცნობები ბუნდოვანია, ჩახლართულია. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ სომეხთა სურვილი იყო ქვემო ქართლი სომხეთის ორგანული ნაწილი გამხდარიყო. მოვსეს ხორენაცი ახსენებს გუგარელთა პიტიახშს აშუშასაც და მის სამთავროს, ტაშირის მხარეს.25 არშუშა ანუ აშუშა გუგარეთის, ქვემო ქართლის თუ მისი ერთი ნაწილის პიტიახშია მეხუთე საუკუნის 20-50-იან წლებში. იგი მამა იყო ავად სახსენებელი, საქართველოს მოღალატე ვარსქენ პიტიახშისა. ყურადღებას იპყრობს, თუ რატომ იხსენიება სომხურ წყაროებში (კორიუნი, ხორენაცი) არშუშა ტაშირის მთავრად. დ. მუსხელიშვილის სიტყვით, ხორენაცის სათანადო ცნობა “არშუშას მფლობელობის გაორებულ ხასიათს გულისხმობს: როგორც ფეოდალი, იგი მემკვიდრეობით მფლობელია, მთავარია ტაშირისა, ხოლო როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ანუ მოხელე _ გუგარქის პიტიახშია”. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სომეხი მკვლევარისათვის (მაგ., “ლორეს კვირიკიანი მეფეების ისტორიის“ ავტორის, ღ. მოვსესიანისთვის) სახელწოდებები _ გუგარქი და ტაშირი სინონიმებია. “ტაშირის “ ორნაირი, ვიწრო და ფართო აზრით, მნიშვნელობით გამოყენება დადასტურებულია X-XI საუკუნეებშიც.26 

 მოვსეს ხორენაცის მიერ გუგარელთა პიტიახშად მოხსენიებულ აშუშას V ასწლეულის მეორე ნახევრის სომეხი მემატიანე ლაზარ ფარპეცი ხშირად ახსენებს და მის შესახებ ამბობს: “ქართველთა ქვეყნიდან ბდეშხი (პიტიახში _ ა. ა.) აშუშა”… “ქართლის ბდეშხი აშუშა”… “ქართლის იშხანი (მთავარი _ ა. ა.) აშუშა”… საუბრობს რა სპარსეთის ხელისუფლებისაგან შევიწროებულ ჰმაიაკ მამიკონიანის ცოლზე, მის შესახებ ლაზარ ფარპეცი ამბობს: “თავისი ვაჟები მან აღზარდა და ასწავლა მათ ქართლის ქვეყანაში, ქართლის ბდეშხ აშუშას სახლში.”27 მაშასადამე, გუგარეთი, გუგარქი, სტრაბონისეული გოგარენე ლაზარ ფარპეცისთვის ქართლის, იბერიის სამეფოს ნაწილია.

IX_X საუკუნეების სომეხი მემატიანე (რომელიც სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქიც იყო) ოვანეს დრასხანაკერტცი გვაუწყებს: “ეხლა მე მჭმუნვარე და სევდიან ამბავს მოგითხრობთ: ჩვენმა მეზობლებმა და ხალხებმა, ჩვენს გარშემო რომ არიან, ბერძნებმა, მეგრელებმა (დედანშია _ ეგრისელები _ ა. ა.), გუგარელებმა და უტიელებმა _ კავკასიის ძირას მოსახლე ჩრდილოელმა ტომებმა გადაწყვიტეს საკუთარი ძალით ეხსნათ თავი… მაგრამ შემდეგ მათ ავაზაკები და მეკობრეები შეერივნენ [და] ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოვიდნენ. ყველაზე [დიდი უბედურება] მაინც ის იყო, რაც მათგან თავს გადახდა ღმრთივნაშენ ეკლესიებს: გარემოედვნენ მათ და დაარღვიეს, წაახდინეს და გააუქმეს. მრავალი ქვეყანა28 უდაბნოდ, გაუვალ და ურწყულ [ადგილად] აქციეს, თითქმის ისეთ ქვეყნად, სადაც არ გაუვლია კაცს და არც ძე კაცისა [იქ ოდესმე] დამკვიდრებულა. ამრიგად, გაშენებული დაბა უდაბნოდ იქცა. ერთმანეთთან შეტაკების დროს დიდძალი სისხლი დაიღვარა, ჩვენი ქვეყანა გვამებით აივსო. საერთოდ, დიდ-ძალი ალაფი და ნადავლი წაიღეს თითოეული ქვეყნისთვის თანაბრად. ასე გაუკაცრიელდა, უმემკვიდროდ დარჩა, გაპარტახდა და დაკარგა ბრწყინვალება ჩვენმა დაბებმა და სოფლებმა. ისინი ნარეკლიან ყანებად იქცნენ. გადახმა ყანები და საძოვრები. ჩვენი ქალაქები კი დაემხო მოსახლეობის გადაშენების გამო. მიწათმოქმედნი დაძაბუნდნენ. გლოვამ მოიცვა [ყველა]. ასე ამგვარად მოგვეზღო ჩვენ ჩვენი უპატიობის გამო და ასრულდა ჩვენზე ესაიას წინასწარმეტყველება: “ქუეყანა თქუენი ოხერ არს, ქალაქნი თქუენნი ცეცხლით მომწუარ, საყოფელსა თქუენსა წინაშე უცხონი შეშჭამდენ, და მოოხრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხო თესლთაისა.”

ამგვარად განვიცადეთ რა ჭირი და უმწეობა უცხო ავაზაკთაგან, ჩვენი ქვეყნის მეფეებს, მთავრებს, თავკაცებსა და ნახარარებს (ერისთავებს _ ა. ა.) დავუწყეთ ცქერა [იმედის თვალით]”…29 აშკარაა, რომ სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი ოვანეს დრასხანაკერტცი (ამ სახელდების ქართული ფორმაა იოანე დრასხანაკერტელი) ისევე არ მიიჩნევს გუგარეთის (გუგარქის, გოგარენეს) მკვიდრ გუგარელებს სომხებად, როგორც ბერძნებსა და ეგრისელებს. ამასთანავე, ოვანესი გუგარელებად თვლის ზოგჯერ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას. მაშასადამე, გუგარელები ოვანესისთვის იგივე ქართველებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველად სომხები ქვემო ქართლის ერთ ნაწილს “ვრაც დაშტს,” ე.ი. “ქართველთა ველს” ეძახდნენ. სომეხი მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქვემო ქართლი, გუგარქი (გოგარენე) სომხური მიწა-წყალია. “სომხურ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც” კი (სათანადო მონაკვეთის ავტორია ამჟამად სომხეთის უპირველესი ქართველოლოგი პ. მურადიანი) შავით თეთრზე სწერია, რომ სომხეთ-საქართველოს პოლიტიკური და ეთნოგრაფიული საზღვარი მტკვრის შუა წელს გასდევდა. ქრისტეს შობიდან I საუკუნის რომაელი ავტორი პლინიუსი იხსენიებს “არმენოხალიბებს”.30

ამგვარი სახელწოდების გაჩენა, ჩემი აზრით, იმის შედეგია, რომ სომხებმა ქრისტეს შობამდე II ასწლეულის დასაწყისში დაიპყრეს ხალიბთა ქართული (ქართველური) ტომის ქვეყანა, მხარე ან მისი ერთი ნაწილი. როგორც ეტყობა, სომხებს საუკუნეთა განმავლობაში ხალიბთა გასომხება ვერ მოუხერხებიათ. ასევე ვერ გაასომხებდნენ ისინი სხვა ქართულ ტომებსაც. ამას ხელს შეუშლიდა, კერძოდ, ის, რომ ქართველები განუწყვეტლივ იბრძოდნენ სომეხთაგან დაპყრობილი ქართული მხარეების გასათავისუფლებლად.

ცნობილია, რომ იბერიის სამეფო ფრიად გაძლიერდა ქრისტეს შობიდან II საუკუნეში, ფარსმან II ქველის მეფობის ჟამს. ფარსმანი არ ეპუებოდა რომის უზარმაზარ, უძლიერეს იმპერიას. მასთან ჭიდილში ფარსმან ქველმა ღირსეულად დაიცვა თავისი ერის სასიცოცხლო ინტერესები. ფარსმანის მეფობის წლებში იბერიის სამეფომ შეძლო დასავლეთ საქართველოში სამფლობელოს გაფართოება და რომის იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, შავ ზღვაზე გასასვლელიც მოიპოვა. რომის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა ფარსმან ქველი შეერიგებინა და იბერიის სამეფოს მიმართ დათმობებზე წასულიყო. II-III საუკუნეების ბერძენი მემატიანე დიონ კასიუსი მოგვითხრობს: როცა ფარასმანეს იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონინუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება აღმართა მარსის მოედანზე და თვითონ (ე.ი. რომის იმპერატორი _ ა. ა.) უყურებდა ფარასმანესის, მისის ვაჟის და სხვა იბერი თავკაცების ასპარეზობას”. 31 იმდროინდელი სომხეთი არ წარმოდგენდა ძლიერ სახელმწიფოს და თუ მის შემადგენლობაში მოქცეული იყო ქართული მიწა-წყალი, უეჭველია, ფარსმან ქველი შეძლებდა მათ დაბრუნებას. ეს ეხება არა მარტო ქვემო ქართლს, არამედ ბასიანს, ტაოს, სპერს, კოლა-არტაანს. აკი ფარსმანმა ქართული მხარეების ერთი ნაწილი მაინც დაიცვა თვით რომის იმპერიის აგრესიისგანაც.

ქართველები, მართალია, არ აპირებდნენ სომხეთის ბატონობას შეგუებოდნენ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქრისტეს შობამდე II საუკუნის დასაწყისიდან სომხები დროდადრო ახერხებდნენ ზოგიერთი ქართული მხარის დაპყრობას. ისმის კითხვა: რითი იყო ეს გამოწვეული? მთავარი მიზეზია ის, რომ უძველეს ხანებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სახელმწიფოში მტკიცედ გაერთიენება ვერ ხერხდებოდა. გაერთიანების ცდები უთუოდ იყო ჯერ კიდევ ძველი კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის დროს, შემდგომში ფარნავაზის, ფარსმან II ქველის მეფობის ჟამს და სხვა ხანებშიც, მაგრამ ამ მხრივ დიდი წარმატებები ვერ მოიპოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს ძირითადად განპირობებული იყო დამპყრობთა ხშირი შემოსევებით. ყურადღება უნდა მიექცეს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ საქართველო, სახელდობრ, მისი დასავლეთ ნაწილი, შავი ზღვისპირა ქვეყანაა. დამპყრობლებს არ სურდათ, საქართველო ძლიერ საზღვაო სახელმწიფოდ ქცეულიყო. ამ მიზნით ისინი  ხელს უშლიდნენ საქართველოს გაერთიანებასაც, გაძლიერებას. ერთიანი, ძლევამოსილი საქართველო არ დაუშვებდა შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე დამპყრობთა ბატონობას, პარპაშს. ცალ-ცალკე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან შედარებით კი სომხეთი უფრო დიდი ქვეყანა იყო. სომხეთის ხელისუფლებამ უძველესი დროიდანვე მიზნად დაისახა მთელს კავკასიაში გაბატონება. ამის თაობაზე ცნობები, მასალები დაცულია ძველ სომეხ მემატიანეთა, კერძოდ, მოვსეს ხორენაცის, თხზულებებში. ხორენაცი მოგვითხრობს: “არშაკ დიდი, სპარსთა და პართელთა მეფე, რომელიც ტომით პართელი32 იყო, როგორც ამბობენ, აუჯანყდა მაკედონელებს და გამეფდა მთელს აღმოსავლეთსა და ასურეთში; მოკლა რა ნინევიაში ანტიოქიის მეფე, დაიმორჩილა მან მთელი ქვეყანა. არშაკმა თავისი ძალაუფლების სიმტკიცისათვის მიზანშეწონილად ჩათვალა მისი ძმა ვალარშაკი33 გაემეფებინა სომხეთში. სატახტო ქალაქად გადასცა მას ნიზიბინი, ხოლო სამფლობელოდ გამოუყო დასავლეთ ასურეთის ერთი ნაწილი, პალესტინა, აზია, მთელი შუა ხმელეთი, თეტალია, პონტოს ზღვიდან იმ ადგილამდე, სადაც კავკასიის [მთა] უერთდება დასავლეთის ზღვას33, აგრეთვე ატროპატენა.34 “სხვაც [შენი იყოსო], უთხრა მას, რამდენსაც შენი გონება და სიმამაცე მისწვდება, რამეთუ ვაჟკაცთ ისეთივე საზღვრები აქვთ, რა ზომითაც მათი იარაღი გასჭრის35”. როგორც ვხედავთ, ირანის შაჰს სომხეთის მეფისთვის, თითქოს, მრავალი ქვეყანა, უზარმაზარი ტერიტორია გადაუცია სამფლობელოდ, მისთვისვე დაურთავს ნება, დაეპყრო სხვა ქვეყნებიც და ხორენაცი მთელ კავკასიასაც სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში რომ აქცევდეს, ეს რაღა გასაკვირია.

ხორენაცის მიხედვით, სომხეთის მეფე არტაშესი მფარველობდა ალან-ოსებს ჩრდილო კავკასიაში. ეს ამბავი ასე მომხდარა: “იმ ხანებში ალანები შეუთანხმდნენ ყველა მთიელებს, მიიმხრეს ქართველთა ნახევარი ქვეყანაც და დიდძალი ლაშქრით მოეფინნენ ჩვენს (ე.ი. სომხების _ ა. ა) მიწა-წყალს36. არტაშესმაც შეჰყარა თავისი მრავალრიცხოვანი ჯარი და ატყდა ომი ორ მამაც, მშვილდოსან ნათესავს (ხალხს, ერს – ა. ა.) შორის. ალანებმა ცოტა უკან დაიწიეს, გადალახეს დიდი მდინარე მტკვარი და დაიბანაკეს მის ჩრდილო ნაპირზე. არტაშესი მიჰყვა მათ და დაისადგურა [მტკვრის] სამხრეთით; [მეტოქეებს] მდინარე ჰყოფდა ერთმანეთისაგან.

რადგან სომეხმა მეომრებმა შეიპყრეს ალანი უფლისწული და მიჰგვარეს არტაშესს, ალანთა მეფემ ზავი ითხოვა; [იგი დაჰპირდა] არტაშესს, რომ რასაც მოიწადინებდა, მისცემდა… როცა არტაშესმა უარი თქვა [დატყვევებული] მოყმის განთავისუფლებაზე, მაშინ იმ ჭაბუკის და ავიდა მდინარის ნაპირზე მდებარე ერთ ბორცვზე და თარჯიმანთა მეშვეობით გასძახა არტაშესის ბანაკისაკენ”… მშვენიერი ალანი ასული აღიარებდა არტაშესის ვაჟკაცობას, ალანთა დამარცხებას და ზავს, აგრეთვე ძმის ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. სომეხთა მეფეს მოსწონებია ალანთა მეფის ასული, სახელად სათენიკი და მისი ცოლად შერთვა განუზრახავს. მოტაცებით თუ ალანთა მეფესთან შეთანხმებით არტაშესს შეურთავს კიდეც სათენიკი: “სათენიკი პირველი გახდა არტაშესის ცოლებს შორის.” ხორენაცისვე ცნობით, არტაშესის სარდალს, სმბატს დაულაშქრავს ჩრდილო კავკასია: “უბრძანა მას არტაშესმა, რომ წაეყვანა ჯარი და წასულიყო ალანთა ქვეყანაში სათენიკის ძმის დასახმარებლად, რამეთუ სათენიკის მამის სიკვდილის შემდეგ მძლავრობით ვიღაც სხვა გამეფებულიყო ალანთა ქვეყანაში და იგი დევნიდა სათენიკის ძმას. სმბატმა გააგდო, გააძევა ის და გააბატონა იმ მხარეში სათენიკის ძმა, იმისი მოწინააღმდეგეების ქვეყანა დაარბია, დაატყვევა იქაურები და არტაშატში37 წამოასხა ურიცხვი სული” 38. ისე გამოდის, რომ სომხეთისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა ჩრდილო კავკასიის, კერძოდ, ოსეთის დალაშქვრა. სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. სომეხთა ჯარი ოსეთში რომ შესულიყო, მას უნდა გაევლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი.  ამას ქართველთა ნებართვის გარეშე დიდ-დიდი დამპყრობლები ვერ ახერხებდნენ და სომხეთი მით უფრო ვერ შეძლებდა.

ნათქვამის დასტურად ერთ ფაქტს მოვიტანთ. ცნობილია, რომ არაბთა სახალიფოს სარდალმა, ბუღა თურქმა IX საუკუნის შუა ხანებში დალაშქრა, დაარბია ამიერკავკასიის ქვეყნები. “მატიანე ქართლისაის” უცნობი ავტორი მოგვითხრობს: “მოვიდა ბუღა თურქი, მონა, ბაღდადით (ბაღდადიდან _ ა. ა.), რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა… შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი.

და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინააღდგომად მისა, და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თვისი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხვი. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა”. ბუღა თურქი “მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის.” გუარამ მამფალმა და კიდევ ერთმა ერისთავმა “მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი.39 უშველან ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხვი ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიხოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.” ბუღა თურქი “შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს”.40

 ის რაც შეუძლებელი გახდა უზარმაზარი არაბთა იმპერიისთვის, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გავლით ოსეთში შეჭრა, მიუღწეველი იქნებოდა სომხეთის სამეფოსთვისაც. მოვსეს ხორენაცი თუ ამას ადვილ საქმედ მიიჩნევს, ეს იმიტომ, რომ მისი და საერთოდ ძველი სომხური იდეოლოგიის მიხედვით, სომხეთი მთელი კავკასიის ბატონ-პატრონი, სომხობა წამყვანი ერი იყო და მის ნებას ვერც ერთი კავკასიელი ხალხი წინ ვერ აღუდგებო.

 

 

——————— 

1 აღსანიშნავია, მაგ., რომ პეტრიწონის ქართულ მონასტერთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ნ. მარის თვალსაზრისის სიყალბესა და მცდარობაზე საუბარია ლ. მენაბდის წიგნში – “ძველი ქართული მწერლობის კერები”, II, 1980, გვ. 257; ნ. მარი ამ პრობლემებსაც სომხური თვალსაწიერიდან გამომდინარე უდგებოდა.

2 ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი V, თბილისი, 1987, გვ. 21-111.

3 იხილეთ “ქართული პროზა”, წიგნი XIV, თბ., 1987, გვ. 70-80.

4 ვითარება შეიცვალა: ამჟამად სომხებზე აღარ ითქმის, ომში გამოუსადეგარნი არიანო _ ყარაბაღისთვის ომი ამის დასტურია.

5 იხ. აკაკის კრებული, #5, პირველი განყოფილება, თბ., 1898, გვ. 32-38.

6 ნ. დურნოვო, ქართული ეკლესიის ბედი, ჟურნალი “განთიადი”, 1990, # 10, გვ. 45, 55.

7 ბილანი გულუბრყვილოს ნიშნავს. 

8 ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. III, თბ., 1964 წ.

9 იხ. სომეხი ხალხის ისტორია, მრავალტომეული, ტ. I, ერევანი, 1971 წ., გვ. 148 (სომხურ ენაზე). 

10 რ. გორდეზიანი, ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა, თბ., 1993, გვ. 47.

11 თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957, გვ. 189.

12 იქვე, გვ. 196.

13 იხ. ა. აბდალაძე, ქვემო ქართლი ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე, კრებული “დმანისი,” ტ. III, თბ., 2001; ქ. ქუთათელაძე, ქვემო ქართლი, პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 2001, გვ. 17,35.

14 თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, გვ. 81. 

15 იხ. ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში, თბ., 1971, გვ. 13.

16 ნ. ადონცი, სომხეთი იუსტინიანეს ეპოქაში, ერევანი, 1971, გვ. 392 (რუსულ ენაზე).

17 ქართლი ამ შემთხვევაში იხმარება ფართო მნიშვნელობით. ქართლის სამეფოში შედიოდა ზოგჯერ მთელი საქართველოც ან, უფრო ხშირად, ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი. კახეთი, მაგ., იმ ხანებში ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილია. 

18 დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, გვ. 80. 

19 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, თბ., 1970, გვ. 511-516.

 20 ტაციტუსი, ანალები,XIII. 37.

21 სპარსეთის იმდროინდელი მმართველი დინასტიაა. 

22 თ. ყაუხჩიშვილი,საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები,თბ., 1976, გვ. 196-206.

23 პლუტარქე, რჩეული ბიოგრაფიები, ა. ურუშაძის გამოცემა, თბ. 1975,გვ. 329.

24 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ა. აბდალიძის გამოცემა, თბ.,1984, გვ. 111, 266. 

25 იქვე, გვ.231. 

26 რ. მათევოსიანი, ტაშირ-ძორაგეტი, ერევანი, 1982, გვ. 58 (სომხურ ენაზე).

27 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962, გვ. 218, 226, 234, 235, 239, 242.

28 ამ შემთხვევაში სომხეთის ცალკეული მხარეები იგულისხმება.

29 იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ., 1965, გვ. 177-179. 

30 იხ. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 161.

31 პართული ენა ეკუთვნის ირანულ ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს.

 32 X საუკუნიდან ეს სახელი სომხურ ენაში გამოითქმის, როგორც ვაღარშაკი.

33 პონტოს ზღვა შავი ზღვაა, დასავლეთის ზღვაში კი ნაგულისხმევია კასპიის ზღვა. დასავლეთის ზღვად მისი მოხსენიება გასაგები გახდება, თუ გამოვალთ პართელთა (ირანელთა) თვალთახედვის არიდან.

34 ასე ეწოდებოდა სამხრეთ ანუ ირანის აზერბაიჯანს.

35 მოვსეს ხორანაცი, სომხეთის ისტორია. 1984, გვ. 67.

36 იბერიელები და ალან-ოსები სომხეთში შეიჭრენ ქრისტეს შობიდან I საუკუნის 70-იან წლებში. 

37 სომხეთის ერთ-ერთი დედაქალაქი, არტაშატი შექმნილია ქრისტეს შობამდე II საუკუნის პირველ ნახევარში იქ, სადაც მდ. მეწამორი უერთდება მდ. არაქსს (ერევნის სამხრეთით). მას, დამაარსებლის, არტაშეს I-ის სახელის მიხედვით არტაშატი ეწოდა _ იხ. “სომეხი ხალხის ისტორია,” I, გვ. 850 (სომხურ ენაზე).

38 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 141-144.

 

გაგრძელება

One Response to “• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი I”

  1. Venita Todorovich said

    Quite a beautiful website. I recently built mine and i was looking for some design ideas and your website gave me some. Did you develop the website alone?

    Thanks

    Like

დატოვე კომენტარი