Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გვიხმობს ფერეიდანი!

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

გვიხმობს ფერეიდანი!

 

ამას ამბობდა ქართველი,

სპარსეთში გადახვეწილი,

რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,

მაინც დავრჩები ქართველი.

ირანის ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთით, იქ, სადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც ფერეიდანს ეძახიან. თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ამ მაღალ მთებში ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველი მოსახლეობა. ისინი ჩვენში “ფერეიდნელი ქართველების” სახელით არიან ცნობილი310.

ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა და მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობას.

მთელი XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში არცერთი ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური არ მოხვედრილა ფერეიდანის მხარეში, რის გამოც ამ პერიოდის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იქ მოსახლე ქართველების შესახებ.

მხოლოდ 1840 წელს გაიარა გზად ფერეიდანში ინგლისელმა ჰენრი ლეიარდმა, რომელმაც შემოგვინახა პირველი წერილობითი ცნობა ფერეიდანთან დაკავშირებით311.

ირანის ცნობილ ისტორიკოსსა და სტატისტიკოსს სეიდ ალის, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწეობდა და რომელმაც ირანის ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნებათა მთლიანი სტატისტიკა შეადგინა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ირანში ქართველები მოსახლეობენ. რა თქმა უნდა, რომ არც საზღვარგარეთელი ავტორები იხსენიებენ ირანში ქართველი მოსახლეობის არსებობის ფაქტს. XIX საუკუნის ცნობილი მკვლევარი ელიზე რეკლიუ, რომელმაც მსოფლიო გეოგრაფიის მრავალტომიანი შრომა შეადგინა,

107

როცა ირანის გეოგრაფიას გადმოსცემს, ამ მხარეს ფერეიდუნად იხსენიებს და თვლის, რომ თითქოს იქ ცხოვრობენ საქართველოდან გადასული სომხები, რომლებიც ქართულ ენაზე ლაპარაკობენო. რეკლიუ სწორ ინფორმაციას ემყარება, როცა აღნიშნავს, რომ ფერეიდანის მოსახლეობა საქართველოდან არის გადასული (თუმცა არა გადასული, არამედ ძალით გარეკილი) და მათი სალაპარაკო ენა ქართულია, მაგრამ ცდება და ერთმანეთში ურევს სომხებსა და ქართველებს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ფერეიდანის ქართველ მოსახლეობას312 სომხებად თვლის.

რადგან შაჰ-აბასი ქართველებში უნარიან მეურნეებსა და გულად მეომრებს ხედავდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტყვე ქართველების ფერეიდნის მაღალმთიან რაიონში ჩასახლებით მტკიცე ბარიერი შეექმნა ბახთიარების, ლურებისა და ქურთების ტომებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ და მუდმივი შიშის ქვეშ აყენებდნენ სეფიანთა შაჰების სატახტო ქალაქ ისფაჰანსა და მიმდებარე სპარსელთა სოფლებს. ფერეიდანი სწორედ ბახთიარიდან ისფაჰანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მოხერხებული და ცბიერი შაჰის ეს ვარაუდი შემდეგში ცხოვრებამ დაადასტურა.

ბახთიართ ტომები: ჩარლანგი, ჰაფლანგი, ბოსაქი, მომსალე, ქუნუსი დროგამოშვებით ერთიანდებოდნენ და დარბევებს აწყობდნენ ქართველთა სოფლებზე. ქართველები არა თუ თავს იცავდნენ, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც მფარველობდნენ. თუ არა ქართველები, იქაური სომხებისა და ზოგიერთი სპარსული სოფლის ხსენებაც აღარ იქნებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველი ქალი იარაღს აისხამდა და მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგჯერ ქართველები თავად ბახთიარებისგან შევიწროებულ ბახთიარებსაც იფარავდნენ313.

მოგვიანებით, შაჰის ბრძანების თანახმად, აქ მცხოვრები ქართველების გაძლიერების მიზნით, ისფაჰანის პროვინციაში დასახლებული ჩვენი თანამემამულენი ფერეიდანში ჩაასახლეს314. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ქართველების კომპაქტურად დასახლება მოხდა. მართალია ირანის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა ეს აქტი, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთმა ვითარებამ შეაძლებინა ქართველობას დღემდე მოეტანა

108

 

თავისი ეროვნული სული. სხვა შემთხვევაში, როგორც ყველა დამპყრობს ჩვევია და ზევით უკვე ითქვა ქართველობა მთელი ირანის ტერიტორიაზე გაფანტეს, რის შემდეგ მათი ასიმილაცია ადვილად განხორციელდა.

საქართველოში ზეპირგადმოცემებიდან იცოდნენ, რომ სპარსეთის მივარდნილ მხარეში მათი მოძმე ქართველები ცხოვრობდნენ. ბევრ ქართველს შემდეგშიც ხშირად უმუხთლა ბედმა და ისტორიის მთელ ამ მონაკვეთში ნებით თუ უნებლიედ, თავის სიცოცხლეს ირანის შაჰის კარზე ან ქვეყნის რომელიმე პროვინციაში ატარებდა. სამწუხაროდ, ფერეიდნელთა ვინაობის შესახებ წერილობითი ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. “კალმასობის” ავტორი თავის ცნობილ პერსონაჟს ლოცვაში ათქმევინებს: “ეძიე (ადონაი უფალო) სისხლნი ივერიისა, დანთხეულნი მირიან მეფითაგან ვიდრე აქამომდე, და მოიყვანე ერი იგი (ქართველი) ფერეითიდგან (ფერეიდანი)315.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრი ირანში გადასახლებულ ქართველებზე. პოლიევქტოვის პირად არქივში დაცულია ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ირანს გადასახლებულ ქართველთა ერთ-ერთი თანმგრძობი მოითხოვს შეიქმნას საზოგადოება ან კომიტეტი, რომელსაც დაევალებოდა საზღვარგარეთ მცხოვრები და ადგილობრივ მაჰმადიან ქართველთა საქმეების შესწავლა. პირველ რიგში ამ კომიტეტს უნდა მოეწყო ექსკურსიები სპარსეთში, თურქეთში… ქართველ მაჰმადიანთა ენის, წეს-ჩვეულებათა, რელიგიისა და ყოფის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით. მათ მჭიდრო კონტაქტი უნდა დაემყარებინათ მაჰმადიან ქართველებთან.

საქართველოდან გადასახლებულ ქართველთა ბედ-იღბალზე ქართველი საზოგადოების დაინტერესებას მოწმობს გაზ. “ივერიაში” და “დროებაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციები316.

დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში 1871 წელს პირველი ფერეიდნელი ქართველის _ იოთამა ონიკაშვილის ჩამოსვლამ თბილისში. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაცხოველდა ქართველი ხალხის ინტერესი ფერეიდანის მიმართ. ბევრმა ქართველმა გამოთქვა სურვილი წასულიყო და თავისი თვალით ენახა იქ მცხოვრები ქართველები. ამ ამბავს ფართოდ გამოეხმაურა იმდროინდელი ქართული პრესა.

პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც 1894 წელს ფეხი დადგა ფერეიდანის მიწაზე, რათა გაცნობოდა იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის

109

ყოფას, იყო ლადო აღნიაშვილი317. როგორც თავად ლადო იგონებს ირანში შეხვედრილ სომხის ტერტერას არ ესიამოვნა ქართველის ვიზიტის მიზანი და შეეცადა გაადაფიქრებინა ფერეიდანში წასვლა: “ისინი საზიზღარი ფანატიკოსები არიან, შეუძლიანთ შენც გაგამაჰმადიანონ”318 _ “არიგებდა” დიდ მამულიშვილს.

ლ. აღნიაშვილმა დაათვალიერა ყველა ქართული სოფელი. გადაიღო ფოტო-სურათები. თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი თავისი მოგზაურობის შესახებ. აღნიაშვილი ფერეიდნელ ქართველებს სთხოვდა არ მოეხდინათ სისხლის აღრევა სპარსელებთან, შეენარჩუნებინათ ენა და ეროვნული ტრადიციები, ეცხოვრათ მეგობრულად და დალოდებოდნენ განთავისუფლებას. ლადომ, სოფელ ბოინის მცხოვრებ ქართველს სამახსოვრო წერილი დაუტოვა. ეს უკანასკნელი რამდენიმე წელი ინახავდა წერილს, როგორც რელიქვიას, მაგრამ ხელისუფლების შიშით გაანადგურა. მოხუცი ქართველები დიდი სიხარულით იგონებდნენ აღნიაშვილის მათთან ყოფნას319.

1896 წელს კიდევ ორი ფერეიდნელი ესტუმრა საქართველოს _ ხუციშვილი და ონიკაშვილი, ხოლო 1905-1906 წლებში თბილისში იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი მაჰმუდ მაყაშვილი. ასევე, თბილისში ყოფილა მისი სიძე ნასრულა. ქართულ კლუბში ის დასწრებია ბალ-მასკარადს. მასკარადის დროს მისთვის ქართველებს გადაუციათ უთარიღო ბარათები, სადაც ეწერა: “ნასრულა მიყვარხარ”, “ნასრულა გაკოცებ”.

თეირანში დაბრუნებული ნასროლა გაცნობია ქართველ მოჭიდავეს, რომელსაც სახელი გაუთქვამს და ფალავნობით საკმაო თანხაც უშოვია. შემდეგ ნასრულას თანხლებით ის წასულა ისფაჰანში, მაგრამ გზაზე ორივე მოუკლავთ ყაჩაღებს320.

1922 წელს ფერეიდნელი ქართველი სეიფოლა იოსელიანი ეწვია საქართველოს. იგი აქ დარჩა 1923 წლის ზაფხულამდე. სანამ იოსელიანს მიუჩენდნენ მისთვის განკუთვნილ ბინას, იგი თითქმის თვენახევრის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში თავისი ძველი მეგობრის პავლე ლორთქიფანიძის ბინაზე321.

110

1922 წლის 25 აგვისტოს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დაავალა განსახკომს მოეწყო ექსპედიცია ირანის ქართულ კოლონიებში რსფსრ წარმომადგენლობის მეშვეობით და წაეღოთ ქართული გაზეთები ლიტერატურასთან ერთად322.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი დიპლომატიური ღონისძიებები გაეტარებინა ირანში მცხოვრები ქართველების სასარგებლოდ. ასევე გამოყო შესაბამისი თანხა სეიფოლა იოსელიანის დასაფინანსებლად საქართველოში ყოფნის დროს323.

სეიფოლამ საქართველოს ცაკ-ს მიმართა თხოვნით გამოეყოთ მისთვის სათანადო თანხა ირანში _ ფერეიდანში, დასაბრუნებლად და ასევე საჭირო სახსრები, რათა მას შესაძლებლობა მისცემოდა ფერეიდნელი ქართველი ბავშვებისათვის ესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ეზრუნა მომავალი თაობის აღზრდაზე. მაგრამ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მთლიანობაში არ დააკმაყოფილა ეს მამულიშვილური საქმე. დადგენილებაში აღინიშნა, რომ “მიეცეს წინადადება ს. იოსელიანს საჩქაროდ წარმოადგინოს ცნობა თუ რამდენი დასჭირდება მას სპარსეთში, თავის სოფელში დასაბრუნებლად და ამისდა მიხედვით გადასწყდეს მისი გამგზავრების საკითხი. დანარჩენ ნაწილში მისი თხოვნა დატოვებული იქნას უყურადღებოდ”324.

1923 წლის სექტემბერში იოსელიანმა იგივე თხოვნით მიმართა საქართველოს ცაკ-ს, რაზეც ანალოგიური პასუხი მიიღო325. თუმცა აღმასრულებელმა კომიტეტმა ამავე დროს დააყენა საკითხი სპარსეთის ქართულ სოფლებში კულტურულ დაწესებულებათა დაარსების შესახებ, რაც განსახილველად გადაეცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს326.

1942 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ თეირანში სსრკ ელჩთან შეთანხმებით, ფერეიდნელ ქართველებს გაუგზავნა 97 დასახელების ლიტერატურა ქართულ ენაზე327. ასევე “პატეფონის” 32 ფირფიტა. 10 ცალი

111

ჩონგური, 5 ფანდური, 2 დოლი, 5 დაირა328. ამავე დროს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მითითებით რადიოკომიტეტში მომზადდა საკონცერტო პროგრამები (ძირითადად, ქართული ხალხური მუსიკის თემატიკაზე)329.

1943 წელს, როდესაც სტალინი თეირანის კონფერენციაზე ჩავიდა აუდიენციაზე ეწვია შაჰს სასახლეში. შაჰი ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაემხო და სტალინს მხსნელი უწოდა. სტალინმა ფეხზე ააყენა… უკან რომ გმობრუნდა სტალინი თავის გარემოცვაში მყოფ ქართველებს ქართულად გაესაუბრა: “აფსუს, ახლა გიორგი სააკაძე რომ ააყენა და მუხლმოდრეკილი სპარსეთის შაჰი დაანახაო…”330.

საბჭოთა დელეგაციის ჩასვლამ ირანში ბევრს გაუღვიძა იმედის ნაპერწკალი. მას დაბეჯითებით სთხოვდნენ მფარველობას აზერბაიჯანელები და ფერეიდნელი ქართველები331.

საელჩოში რამდენჯერმე მივიდა ფერეიდნელ ქართველთა წარმომადგენელი სეიფოლა იოსელიანი, ესაუბრა სტალინს, უამბო, რომ 1922 წელს საქართველოში ჩამოსულა, ყოფილა ფილიპე მახარაძესთან და უთხოვია, გადაეწყვიტა ირანელ ქართველთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი. მახარაძეს დახმარება აღუთქვამს, ისიც კი მიუნიშნებია, სამგორის ველზე დაგასახლებთო. მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მისცემია. საიფოლამ სთხოვა სტალინს გადაესინჯა ფერეიდნელ ქართველთა დაბრუნების საკითხი. სტალინმა უპასუხა, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, რადგან ახლა ამის დრო არ არისო332.

1944 წელს ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ჩაიტანა ქართული ლიტერატურა. დარიგების დროს დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ყველა ცდილობდა მეტი წიგნი მიეღო. სოფელ ფორელში ჩხუბიც კი მოუვიდათ. ასევე ჩაიტანეს პატეფონი, რამდენიმე ასეული ქართული სიმღერების ფირფიტა. იყო შემთხვევა სოფელ ავჭალაში, როდესაც ქართულ სიმღერებს დილიდან საღამომდე უსმენდნენ. განსაკუთრებით, მოწონებიათ მარო თარხნიშვილის გუნდის სიმღერები.

იმავე 1944 წელს სოფელ ბოლნისის მკვიდრის, მოლა პაპაშვილის თაოსნობით, საქართველოში გამოგზავნეს პირველი ქართული წერილი,

112

რომელიც საქართველოს ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. წერილი შემდეგი შინაარსის არის: _ “გამარჯობათ ქართველებო, გისურვებთ მტერზე გამარჯვებას, ნაზად იყოს ჩვენი მამა ბატონი სტალინი”. წერილის დაწერას ესწრებოდა 200 კაცამდე. აუწერელი იყო ის სიხარული, როდესაც პაპაშვილმა წაუკითხა წერილი იქ დამსწრე ქართველობას333.

1945 წელს სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობდა ფერეიდანში მცხოვრები თვისტომნი სამშობლოში დაებრუნებინა. ასეთი ხმების გავრცელება აღელვებდა ფერეიდნელ ქართველებს334.

ირანში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კოტე ფრუიძე და მოსე ნატროშვილი. ისფაჰანში სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელი შეიქმნა. მდგომარეობის გამოსწორებამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ზამთრის დროს მათ გადაწყვიტეს ფერეიდანში წასვლა სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ისინი მივიდნენ ქართულ სოფელ თოლერში. ორივე ქართველი სოფელში იყო დაბადებული და მათთვის სოფლის მეურნეობა ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენდა. ამას გარდა, მოსე ნატროშვილი მეცხვარეობაში დახელოვნებული სპეციალისტი იყო.

თოლერის სტუმრები ირანში 13 წლის ყოფნის მანძილზე მუშაობდნენ რკინიგზების მშენებლობაზე, სადაც გაიცნეს მრავალი ქართველი, რომლებიც ფერეიდანიდან სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანთან დამეგობრდნენ კიდეც და სწორედ მათი მიწვევით 1945 წლის აგვისტოში წავიდნენ სამუშაოდ ფერეიდანში. 

“დაუპატიჟებელი” სტუმრების მისვლა არ ესიამოვნა ფეოდალ-ხანს, რომელიც იყო არა მხოლოდ მემამულე არამედ ფეოდალიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხანმა გადაწყვიტა ფრუიძისა და ნატროშვილის განდევნა. პირველ რიგში მათ შესახებ აცნობა ისფაჰანში მყოფ “საბჭოთა” კონსულს, რომ “მის სოფელში მივიდა ორი ფაშისტი ან მათი მსგავსი ორი პიროვნება გაურკვეველი მიზნით…” მეორე დღეს ისფაჰანიდან სოფელში გამოცხადდა საკონსულოს წარმომადგენელი. ადგილზე გაეცნო ვითარებას. ბუნებრივია, მან ვერავითარი საეჭვო ვერ აღმოაჩინა და გულთბილად გამოემშვიდობა ქართველებს. მაშინ ხანი თავად გაემგზავრა პატარა ქალაქ დარანდში და აცნობა ქალაქის ხელისუფლებას, რომ თითქოს მის სოფელში ჩავიდა ორი ქართველი ბოლშევიკი ქართველ მოსახლეობაში პროპაგანდის გასაწევად და არეულობის მოსახდენად. მონაყოლის გამძაფრების

113

მიზნით ხანმა ახალი სიცრუეც მოიგონა: “რომ ისფაჰანიდანაც კი მათთან მოვიდა თავად რუსი კონსული და დიდხანს რაღაცას რუსულად ლაპარაკობდნენო”.

ამის შემდეგ კოტე და მოსე გაგზავნეს “ისპრავნიკთან”, რომელმაც პირადად დაკითხა ქართველები თუ ვინ იყვნენ, რატომ მოვიდნენ, როდის ჩამოვიდნენ საქართველოდან, რა საქმიანობას ეწეოდნენ? და სხვ. მათ საბედნიეროდ, პოლიციელთა შორის აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც იცოდა რკინიგზის მშენებლობაზე ქართველების მრავალწლიანი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა ისპრავნიკი იცნობდა ირანელ მშენებლებს, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეს ორი ქართველი. კოტემ და მოსემ ხელი მოაწერეს ოქმს, რომ ირანში დიდი ხანია ცხოვრობდნენ და “საბჭოთა საქართველოსთან” არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ოქმში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ფრუიძე და ნატროშვილი ფერეიდანში ჩავიდნენ მუშაობის მიზნით, რადგან ქალაქებში ეკონომიკური კრიზისის გამო უმუშევრობა მძვინვარებდა და თავის რჩენა ჭირდა. მოგვიანებით ქართველები გაათავისუფლეს.

ხანის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების გამო ფერეიდანის სტუმრებს სამუშაოს შოვნა გაუძნელდათ. მეგობრების ხარჯზე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რადგან თვითონ ისინი შიმშილობდნენ. თეირანში დაბრუნებაც შეუძლებელი შეიქმნა ნაადრევი დიდთოვლობის გამო. გზებზე მოძრაობა აღარ შეიძლებოდა. კოტე და მოსე იძულებული გახდნენ თორელში დაბრუნებულიყვნენ. შეიძინეს 30 ცხვარი, მოიმარაგეს მათთვის საკვები და ასე გაატარეს ზამთარი. გაზაფხულზე გზები გაიხსნა. კარგად ნაკვები ცხვრები გაყიდეს და შეძლეს თეირანში დაბრუნება.

ფერეიდანის სტუმრები შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ქართველ გლეხებთან ყოფნის დროს მოწმენი გახდნენ მათი გამოუვალი, მწარე ცხოვრებისა, მონობისა, ძალადობისა და ძარცვისა…

გამომგზავრების დროს მათ აცილებდნენ თვალცრემლიანი ფერეიდნელი ქართველები. ისინი სთხოვდნენ კოტესა და მოსეს მისულიყვნენ გენერალურ საკონსულოში და მოეთხროთ მათი ცხოვრების შესახებ თუ რა ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ კონსულს განცხადებით მიემართა “დიდი და უფროსი ძმის სტალინისათვის, როგორ ცხოვრობდნენ და იტანჯებოდნენ ღმერთისაგან დავიწყებული და ძალით სამშობლოსაგან მოწყვეტილი ქართველები”335.

114

1947 წლის იანვარში ისფაჰანში საბჭოთა კავშირის კონსულს _ კრიუჩკოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. კიკნაძემ ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისათვის გადასაცემად გაუგზავნა 104 ეგზ. გაზეთი “კომუნისტი”, 18 ცალი ჟურნ. “პიონერი”, “ოქტომბრელი”, 14 ეგზ. გაზ. “ნორჩი ლენინელი”336.

უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ ირანში მცხოვრებ ქართველებს 1946 წელს გაუგზავნა მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო: “ირანში მცხოვრებ ქართველებს. ძმებო ქართველებო! უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი ხართ დედა-სამშობლოს, მაინც არ დაივიწყეთ საყვარელი დედა-ენა და შეირჩინეთ საკუთარი ნაციონალური გრძნობანი.

ამიტომაც ჩვენი საზოგადოება გიგზავნით თქვენ და თქვენ შვილებს ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებს, ქართულ წიგნებს. ისინი მოგცემენ საშუალებას ნაწილობრივ მაინც გაეცნოთ თქვენი დედა-სამშობლოს თანამედროვე ყოფას და წარსულის ისტორიას.

ჩვენ გიგზავნით მშობლიური ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს. წიგნს “დედა-ენას” ათეული წლების განმავლობაში სწავლობს ქართველი ბავშვების სულ ახალი და ახალი თაობა. თუ მოისურვებთ ჩვენ გამოგიზავნით სხვა ქართულ წიგნებსაც. ძმური სალმით უცხოეთთან კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ მიქავა”337.

ამ პერიოდში აღნიშნული საზოგადოების რეზიდენცია მდებარეობდა თბილისში, ვოლოდარსკის ქ. # 3-ში.

ასევე, საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 1946 წლის 6 დეკემბერს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერს აკადემიკოსი ა. ჯავახიშვილი. წერილში ნათქვამია: “ძმებო ქართველებო! საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ, შორეულ ირანში მყოფ ქართველებს არ დაგვიწყებიათ სამშობლო და გაინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ თქვენი ძმები დედა საქართველოში.

ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი ყურით გაიგონოთ დედა საქართველოს ქართველებისაგან ძმური სალამი, მოისმინოთ ამბები მათს ცხოვრებაზე, მოისმინოთ მშობლიური სიმღერები და მუსიკა. ამიტომ ჩვენ თხოვნით

115

მივმართავთ საქართველოს რადიო-კომიტეტს, რათა მათ მოაწყონ ხოლმე გადაცემანი თქვენთვის.

ამავე მიზნით გიგზავნით საჩუქრად რადიო-მიმღებებს, რომლებიც მოიტანენ თქვენამდე დედა საქართველოს ალერსიან ხმებს. მოგვწერეთ წერილი, შეგვატყობინეთ თქვენი სურვილი იმის შესახებ, თუ რის მოსმენა უფრო გინდათ საქართველოდან, რა უფრო გაინტერესებთ გაიგოთ სამშობლოდან.

ჩვენ შევეცდებით გიამბოთ ბევრი საინტერესო რამ ჩვენი სამშობლოსა და მისი ხალხის შესახებ. ჩვენი საუკეთესო მომღერლები გიმეორებენ თქვენ ძველსა და ახალ ქართულ სიმღერებს. მუსიკოსები შეასრულებენ მშობლიური მუსიკის საცეკვაო და სხვა მელოდიებს; პოეტები წაგიკითხავენ ლექსებს, მეცნიერები გიამბობენ ჩვენი სამშობლოს სიმდიდრისა და ბუნების სილამაზის შესახებ.

ხშირად მოგვწერეთ წერილები, შეგვატყობინეთ თქვენი ცხოვრების ამბები, თქვენი ჯავრი და სიხარული. დაე, ეს ჩვენი საჩუქარი იყოს თავდები ჩვენი ძმური მეგობრობისა და ურთიერთკავშირისა”338.

50-იან წლებში თითქმის შეწყდა ურთიერთობა ფერეიდანთან. სტალინის გარდაცვალებამ, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბა. 1960 წელს ფერეიდნელი ქართველები საქართველოს ხელისუფლებას უგზავნიან წერილს მათი მძიმე მდგომარეობის შესახებ: “… გაცნობებთ, რომ ჩვენ ქართველები ცუდად ვცხოვრობთ. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს უმაღლეს საბჭოს აღმოგვიჩინოს მატერიალური და მორალური დახმარება. გთხოვთ არ გამოიყენოთ ეს ცნობა ირანისათვის თქვენს რადიოგადაცემებში, რადგან ეს წერილი საიდუმლოდ არის დაწერილი და ჩვენ არ გვინდა, რომ ირანის ხელისუფლებამ გაიგოს ამის შესახებ. ირანის ხელისუფლება უპატივცემულოდ გვეპყრობა და არასდროს არ აქცევს ყურადღებას ჩვენს საჩივრებს.

ეს არის მეორე მომართვა თქვენდამი. პირველზე… პასუხი არ მიგვიღია. გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გაგვცეთ პასუხი. მეტად აღარ შეგაწუხებთ”339.

60-იანი წლების მეორე ნახევარში დღის წესრიგში დადგა ქართველ საზოგადოებაში ფერეიდნელთა საკითხი, რასაც ხელი შეუწყო ქართველ მეცნიერთა პუბლიკაციებმა, პოპულარულმა ლიტერატურამ, ქართულმა პრესამ, სალექციო და კინოპროპაგანდამ. ცოცხალი კადრებით შემოუნახეს

116

შთამომავლობას ფერეიდნელთა სახეები კინოხელოვნებმა ირაკლი კანდელაკმა, გიორგი ასათიანმა, გურამ პატარაიამ, ირაკლი ონოფრიშვილმა.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, მეცნიერული მიზნით, ფერეიდანში ჩასული იყვნენ: ნოდარ კოჭლაშვილი, ნოდარ ნაჭყებია, ზურაბ შარაშენიძე, მაგალი თოდუა, თედო უთურგაიძე, დარეჯან ჩხუბიანიშვილი…

ფერეიდნელთა მეტყველებისა თუ ყოფის საკითხებს ნაშრომები მიუძღვნეს: თეო ჩხეიძემ, თინათინ ჭავჭავაძემ, მაია მაჭავარიანმა, გიორგი ჭიპაშვილმა, გიორგი გოცირიძემ…340

1969 წლის ოქტომბერში ფერეიდანში, ქვემო მარტყოფში ყოფნის დროს ცნობილ ირანისტს მაგალი თოდუას “ძველებური” სახლ-კარის პატრონმა ნოსრათ ალ-ლაჰიმ მის ოჯახში დაცული შვიდი საგვარეულო საბუთის დედანი გადასცა341.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად აქტუალური გახდა ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლების სურვილი342.

ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს ორგანიზაციულად მომზადდა წინაპირობა ფერეიდნელთა 300-მდე ოჯახის საქართველოში ჩამოყვანის შესახებ. 70-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელთა პირველი ჯგუფი ორი ათეული ოჯახის რაოდენობით ჩაასახლეს გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონების სოფლებში. ყოველი ოჯახისათვის აგებული იყო ოთხოთახიანი ორსართულიანი სახლი. სათავსოებით, ეზოებით. კომფორტაბელურად გაწყობილი იყო ოთახები და სამზარეულო. ხელმძღვანელობამ იზრუნა რეპატრირებულთა შრომითი მოწყობისა და სათანადო მატერიალური პირობების შექმნისათვის; სწავლა-განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის.

მაგრამ ეს ისტორიული ექსპერიმენტი ჩანასახშივე წარუმატებელი აღმოჩნდა. მოკლე ხანში ჩამოსულ ფერეიდნელთა ნახევარზე მეტმა დაბეჯითებით მოითხოვა დაბრუნება ირანში. საბჭოთა პერიოდში რეპატრიაცია არ იყო ადვილი საქმე, ხოლო რეპატრიანტების უკან დაბრუნება უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

იბადება კითხვა, რატომ დამთავრდა მარცხით იმდროინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის ესოდენ კეთილშობილური ზრახვები და ქმედებანი? ცნობილი მეცნიერისა და დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის სამართლიანი შეფასებით, საქმე ის იყო, რომ ფერეიდნელებმა არ იცოდნენ სად

117

მოდიოდნენ და რა გარემოში იცხოვრებდნენ, ხოლო თბილისელებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ ვინ მოჰყავდათ საქართველოში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის წარმოდგენაში ფერეიდნელი წამებულის შარავანდით მოსილი პიროვნებაა, რომელიც მუდამ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე. მართლაც, როცა კითხულობ ფერეიდნელის მიერ შეთხზულ ასეთ სტრიქონებს:

ფერეიდანის მიწას ხნავ,

აგერ ოთხასი წელია,

აგერ ოთხასი წელია.

გამხმარი ფიქრი ჩავთესე

ხმელი ხორბალი ერია.

სამშობლოს მონატრული ვარ

აგერ ოთხასი წელია,

აგერ ოთხასი წელია…

სხვა დასკვნას, თითქოს, ვერ გააკეთებ, ვახუშტი კოტეტიშვილის განმარტებით, “ეს არის ალბათ გენეტიკური ნოსტალგია, მემკვიდრეობითი სევდა, თაობიდან თაობაში გადასული და ვერ დავიწყებული, დროსა და სივრცესთან ჯიუტი ჭიდილი ასწლეულის მანძილზე”.

ფერეიდნელთა საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღიდანვე ცალსახად დადგა ახალ პირობებთან მათი შეგუების პრობლემა. ხელმძღვანელები, რომლებიც ყურად არ იღებდნენ ამ საკითხზე კომპეტენტურ სპეციალისტთა აზრს, ფიქრობდნენ, რომ ხელის ერთი მოსმით აღმოფხვრიდნენ ჩამოსახლებულ ფერეიდნელთა ყოფაში ღრმად ჩამჯდარ იმ ჩვევებს, რაც მათ მიიღეს და შეითვისეს უცხო გარემოში საუკუნეთა მანძილზე ცხოვრების შედეგად.

სპეციალისტების აზრი იმის შესახებ, რომ ფერეიდნელთა დასახლება უნდა მოხდეს კომპაქტურად არ იყო გათვალისწინებული და განხორციელდა დეპორტირებულთა ცალკეულ სოფლებში გაფანტულად ჩასახლების გაუმართლებელი მეთოდი. პირველად ახალჩამოსულებს სოფელში ზოგიერთმა უწოდა “ირანელი თათრები”. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ახალჩამომულებს პირდაპირ ეკითხებოდნენ “ღორის ხორცს რატომ არ ჭამ თუ ქართველი ხარ” ან “რანაირი ქართველი ხარ ღვინოს არ სვამო”.

ნიშანდობლივია, რომ რეპატრირებული ფერეიდნელი ქართველების უკან დაბრუნების საქმეში, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი იყო ფერეიდნელი ქალების პოზიცია და როლი. ფერეიდნელი ქალი, რომელიც 400 წლის განმავლობაში გმირულად იცავდა კერას გარეშე ელემენტების შეღწევისაგან და

118

ფაქტობრივად მან შეუნარჩუნა ფერეიდნელებს ქართული ენა, საქართველოში იგი აღმოჩნდა იმ კონსერვატორულ-რეაქციულ ძალად, რომელიც წინ აღუდგა თანამედროვე საქართველოში არსებულ ყოფითსა და მოქალაქეთა შორის ყოველდღიური ურთიერთობის ნორმებს343.

ფერეიდანიდან ჩამოსული ქართველები ირანში დაბრუნების მიზეზად ასახელებდნენ საკუთარი ცხოვრების წესის დაკარგვას, რაც საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდათ. ასევე მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობას, რომელსაც დიდი სითბოს მიუხედავად ვერ გრძნობდნენ. საკუთარ თავს ღამურებს უწოდებდნენ. ირანში “გურჯებად” ცნობილ ფერეიდნელებს აქ “თათრები” შეარქვეს, რაც მათ ძალიან წყინდათ. ფერეიდნელი ქართველის რეზო ხუციშვილის სიტყვებით “ჯობია ირანში “გურჯი” ვიყო, ვიდრე საქართველოში თათარი”344.

 

 

სოფლები და მოსახლეობა

 

თანამედროვე ფერეიდანი ირანის რიგით მეათე, ისფაჰანის ოსთანის (საგუბერნატორო) შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს (პროვინცია) წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ იგი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში, ბახთიარიის მაღალ მთებში. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით _ გოლფაეგანის, აღმოსავლეთით _ ისფაჰანის ცენტრალური, სამხრეთით _ შაჰრქოდის შაჰრესთანები, ხოლო დასავლეთით _ მას ბულიუქ-ოლ ბაქუდარაზი საზღვრავს. ამის გარდა, გორჯის, ქარჩამბუს და ჩადეგანის დეჰესთანებში (სასოფლო თემი) შემავალი სოფლები ირანის სტატისტიკური სამმართველოს მიერ ფერეიდანის ერთ დიდ დეჰესთანად არის მიჩნეული.

ფერეიდანის შაჰრესთანი შედგება ახორეს (მარტყოფი) და დარანის ბახშების (რაიონი), 6 დეჰესთანისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან. მისი მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება.

ფერეიდანის შაჰრესთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დარანის ბახშში) მდებარე გორჯის დეჰესთანი აერთიანებს 25 სოფელს _ 24,175 მოსახლით. გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში ქართველები ცხოვრობენ.

119

გორჯის დეჰესთანს სამხრეთით ესაზღვრება მაგუის ანუ ჰუმეს დეჰესთანი, რომელშიც ქართველებით დასახლებული სამი სოფელია. ამას გარდა, ქართველები ცხოვრობენ ახორე ბალაში (ზემო მარტყოფი), რომელიც ახორეს ბაღშის ცენტრს წარმოადგენს345.

ფერეიდანის ადგილ-მდებარეობა მაღალია, სააგარაკო. აქ იცის შედარებით ხანგრძლივი ზამთარი. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება 2 მეტრი თოვლი მოვიდეს და მთელი გზები დაფაროს და გააფუჭოს. ზოგჯერ თოვლისაგან გაწმენდის დროს ადგილიც კი აღარ რჩება თოვლის გადასაყრელად და იძულებულნი ხდებიან თოვლი გადაყარონ ქუჩაში, რომლის დონეც გაცილებით მაღალია ვიდრე სახლის სახურავი. მცხოვრებლები ქუჩაში გასავლელ გვირაბებს აკეთებენ, რათა ერთი სახლიდან მეორეში გადავიდნენ. ხშირად ქუჩაში გავლის საშუალებაც არ არის346. ასე რომ, ამ მხრივ, ფერეიდანი ზოგიერთ ჩვენს მთიანს ადგილს ჰგავს. წვერის მთაზე, რომლის გარშემო სახლობს ქართველების მეტი წილი, თოვლი არ დნება შუა ზაფხულამდე; მის ხევებსა და ღრანტეებში მთელი ზაფხული ინახება ყინულის დიდი მარაგი, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობა საჭიროების დროს. ეს მთა განირჩევა მშვენიერი წყაროს წყლებით და ჰაერით, რომლითაც ადგილობრივი მკვიდრნი ამაყობენ. იშვიათად დაგელაპარაკება ვინმე, რომ თავიანთი “წყალისა და ჰაერის სიმდიდრე” არ ახსენოს.

ეს მთები, როგორც ყველა მთა სამხრეთ ირანში, ერთი შეხედვით, წარმოადგენენ ვეება ლიტონი ქვის ზოდებს, რომელთა სხეულზე ვერ ნახავთ ხის ნატამალს. ისინი დაჩეხილი და დასერილია ნიაღვრებისაგან, ალაგ-ალაგ სრულიად გადარეცხილია, დაღრეჯილი და პირქუშად გამომზირალი. ისინი თითქო წარბებშეკრული, ცივის გამომეტყველებით დაცქერიან ზევიდან გარშემო დაფენილ ამწვანებულ სოფლებს. მაგრამ ამ უსიცოცხლო მთებსაც თავისი სიცოცხლე ჰქონიათ. მათი შორეული და ხშირად მიუვალი წიაღიდან გამოდის მრავალი ნადირი და ფრინველი _ ჯეირნები, თხები, მგლები და ტურები, კაკბები და ქედნები, აგრეთვე ვეფხვები, რომლებზედაც ხშირად უხდებათ ნადირობა. ამ კუზიანი მთების თხემებზე დაფრიალებენ ქორები და არწივები, რომლებიც ეშვებიან ძირს, როგორც გადმოსროლილი ისარი, რაიმე წაქცეული ცხოველის დანახვაზე.

120

მიტომ ფერეიდნელი, რომელიც შეკედლებია ამ მთებს საუკუნეების განმავლობში, და არც გაშორებია მას არასოდეს, ცხადია, უკეთესს ვერ წარმოიდგენს347.

სოფლები შედარებით ლამაზია. ხელთნაშენი საჩრდილე და საბელავი ხეების ტყე მშვენიერი დასანახავია, განსაკუთრებით, შორიდან. ამ მხრივ ქართველების სოფლები ბევრად სჯობს სომხების და თურქების ზოგიერთ სოფელს348.

“ძველების” გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადმოსახლებული ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც თავისი სოფლის სახელი უწოდებიათ349. ირანელი ავტორების ცნობით ფერეიდანის ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფია (ახორე ბალა, ახლა ფერეიდუნშაჰრი). ამ სოფელში უმრავლესობა (სამი მეოთხედი) ქართველები ცხოვრობენ.

იგი მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით, გრძედის 50 გრადუსზე, 6 წუთსა 15 სეკუნდზე და განედის 32 გრადუსზე, 56 წუთსა და 20 სეკუნდზე. ზღვის დონიდან ეს სოფელი 2670 მეტრზეა გაშენებული.

დედაქალაქ თეირანთან შედარებით დროში სხვაობა 6 წუთი და 12 წამია. ასე რომ, როცა თეირანში 12 საათია, მარტყოფში მაშინ 11 საათი, 53 წუთი და 47 წამია.

ზემო მარტყოფი მდებარეობს ფართო და მიმზიდველ ხეობაში, რომელიც მცენარეულობით არის შემოსილი. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია აფუსის მთით, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან საზღვრავს ყაბლესა და დეზის მთები, აღმოსავლეთიდან კი მაჰავერის ბორცვი აკრავს. შეიძლება ითქვას, რომ დაბა მარტყოფი ფერეიდანის მთისძირის ჭიშკარს წარმოადგენს. იგი ფერეიდანის უკიდურეს მთებში მდებარეობს და ახორეს სახელწოდებაც აქედან მიუღია. სიტყვა “ახორე” ეტიმოლოგიურად “ახერი”-დან მომდინარეობს. “ახერ” სპარსულია და ქართულად ბოლოს, კიდეს ნიშნავს.

მარტყოფის ჰავა ცივი და მკაცრია. ზამთარში ხშირად თოვლისაგან გზები იკეტება. ზაფხული მოკლე და გრილი იცის. ამიტომ იგი ფერეიდანის შაჰრესთანის მოსახლეობისათვის საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ცხელ ზაფხულში ხალხი მარტყოფში მიემგზავრება თვით ისფაჰანიდანაც სუფთა,

121

ჯანსაღი ჰაერისა და სამკურნალო წყლებისთვის. შემოდგომის დამდეგს მარტყოფის ჰავა უკვე აციებას იწყებს.

მარტყოფი სარწყავ წყალს მდინარე ჩუღურეთიდან იღებს. აქ მრავალი ბუნებრივი სასმელი და სამკურნალო წყაროა. მარტყოფის წყალს სასიამოვნო გემო აქვს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ აქაური ხალხი ფეროვანი, ძლიერი და ჯანსაღია350.

ყველა დანარჩენი ქართული სოფელი, აგრეთვე, მთებში, ცივი სარტყლის ზონაში მდებარეობს351.

ამა თუ იმ მოგზაურს თუ მკვლევარს ფერეიდანში ისეთი სოფლებიც აქვთ დასახელებული, რომელიც სხვაგან არ არის მოხსენიებული. ლ. აღნიაშვილის მიერ დასახელებული სოფელი შაანათი სხვაგან არსად გვხვდება. ასევეა სეიფოლა იოსელიანის მიერ ხსენებული სოფელი აღაგოლი. იგივე მდგომარეობაა ამბაკო ჭელიძესთანაც, რომელიც სრულიად ახალი სახელწოდების ორ სოფელს _ დარბენდი და სარდაბი _ ასახელებს. ორ განსხვავებულ სახელწოდებას _ ხამის ლიანი და უზუნ ბელაყი _ გვაძლევს იური მარიც და ბოლოს, რაზმარასთანაც ორი ახალი სოფლის სახელს ვხვდებით: დაჟგანი და შეშჯავანი. ამგვარად, ერთი და იგივე სახელწოდების სოფლის სახელებთან ერთად, ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა სახელის მქონე თითო-ოროლა სოფელს და ამავე დროს სხვადასხვა ცნობაში სოფლების სხვადასხვა რაოდენობას352.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ სოფელში ქართული მოსახლეობა უკვე აითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ დაკარგეს თავიანთი ეროვნული თვითშეგნება, ანდა კიდევ, იმის გამო, რომ ხშირად ერთსა და იმავე სოფელს სხვადასხვა ორი, თუ ზოგჯერ სამი სახელიც ერქვა, შესაძლებელია, ერთი და იგივე სოფელი სხვადასხვა სახელით აქვთ მოცემული ავტორებს. მაგალითად, ლადო აღნიაშვილის დროს ერთ სოფელს სამი სახელწოდება ჰქონია: აფუსი, რუისპირი და რუსთავი; ა. ჭელიძესთან სოფელი თოლეი, თელავად და დომბექამარადაც იწოდება და სხვ.353

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ, ფერეიდანი ოთხ ნაწილად, უბნად ანუ ნაჰიედ იყოფა. ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც ქართული სოფლები და მოსახლეობაა ეწოდება “გურჯი ნაჰიე” _ “ქართველთა უბანი”, ანუ “პატარა

122

საქართველო”. დანარჩენ სამ უბანში “ნაჰიე ჩადეგუნ”, “ნაჰიე ფარსაღ”, “ნაჰიე თოჰმაჰლუში” სპარსელები, ქურთები, ბახთიარები და სომხები ცხოვრობენ.

XIX საუკუნის ბოლოს ლადო აღნიაშვილის მონაცემებით, ქართველების დასახლებაში 14 სოფელია: შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა, შაიურდი, ჯაღჯაღი, სიბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, დეესური და ნინოწმინდა. “ზოგიერთ სოფელს ორი სახელი ჰქვია. მაგალითად, ზემო მარტყოფს _ ახორაბალა (ზემო), ქვემო მარტყოფს _ ახორა ფაინ (ქვემო). თოლერს _ დომბე-ქამარე და ნინოწმინდას _ ქუდუბანაქ. პირველ სახელებს ქართველები გამოთქვამენ, მეორეს სპარსელები”354.

1894 წლისათვის ლ. აღნიაშვილის აზრით, ჩამოთვლილ სოფლებში 2460 კომლი და 12-15 ათასი სული ქართველი უნდა ყოფილიყო355.

XX საუკუნის 20-იანი წლებისათვის ქართული სოფლების შესახებ ამბაკო ჭელიძე შემდეგ მონაცემებს გვთავაზობს:

“1. ქვემო მარტყოფი (ახორე ფაინ) _ ქართულს არავინ ლაპარაკობს, გარდა ორიოდე ღრმად მოხუცებული პირისა. ამ სოფელში ათას სულამდე მცხოვრებია.

2. ზემო მარტყოფი (ახორე ბალა) _ ყველაზე დიდი სოფელია და ითვლება ქართველი მოსახლეობის ცენტრად. ამ სოფელში, ქართველების გარდა, არიან ჩასახლებული ირანელები და ებრაელები, დაახლოებით 250 სულამდე. ყველამ ზედმიწევნით იცის ქართული ლაპარაკი, ზოგს მაინც ქართველებისაგან ვერ გაარჩევთ. საერთოდ, აქ ენა საუცხოოდ არის დაცული. განსაკუთრებით, ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ქართული ენა იციან. დაახლოებით 3000 მცხოვრებია.

3. ჩუღურეთი (ჩუღრუთი) _ ეს სოფელი ზიღლი სულთანმა მიჰყიდა ბახტიარის ხანს. ამ სოფლის ერთი მეხუთედი ეკუთვნის ქართველებს, დანარჩენი ბახტიარებია. მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 650 სულს უდრის.

4. ვაშლოვანი (სიბაქი) _ ქართული კარგად იციან. 1800 სული ცხოვრობს.

5. ჯაყჯაყი _ ქართული კარგად იციან. 750 სული ცხოვრობს.

6. ნინოწმინდა (ქუდმუნაქი) _ ქართულს ივიწყებენ. 400 სულამდე მცხოვრებია.

7. დაშქესანი _ ქართული იციან სპარსულის შერევით _ 400 სულამდე მცხოვრებია.

8. ბოინი _ ქართული კარგად იციან. 1100 სული ცხოვრობს.

9. თოლეი-თელავი (დომბექამარი) _ ადრე შეისყიდა თურქმა. ქართულს ივიწყებენ, 1200 სულამდე მცხოვრებია.

10. რუისპირი (აფუსი) _ ქართულ ივიწყებენ. 1300 სულამდე ცხოვრობს.

11. ახჩა _ შაჰს მიუყიდნია ბახტიარისათვის, ამჟამად მესამედი ეკუთვნის ქართველებს. 2300 სული ცხოვრობს.

12. შავსოფელი (შაურდი) _ ქართულს ივიწყებენ. 600 სულია.

13. დარბენდი _ ბახტიარების სოფელია. ქართველი 40 სულია. 14. სარდაბი _ ბახტიარების სოფელია _ ქართველები 40 სულია. 15. ბადიგანი _ ესეც ბახტიარების სოფელია. ქართველები 25 სულია”356.

ა. ჭელიძეს გაანგარიშებით მთლიანად მოსახლეობა 12545 სულს უდრიდა. აქედან, 20%-ს ქართული აღარ ცოდნია357.

საარქივო მასალების მიხედვით, 1931 წელს ქართველები ცხოვრობდნენ 15 სოფელში 13 ათასამდე სული358, ხოლო 1945 წლის მონაცემებით, ფერეიდანში, მხოლოდ 12 ქართული სოფელია დაფიქსირებული: 1. ზემო მარტყოფი _ დაახლოებით 10 000 სული; 2. ბოინი _ 1200; 3. ქვემო მარტყოფი _ 1500; 4. აფუსი _ 2000; 5. თორელი _ 1200; 6. სიღნაღი (სიბაქი); 7. ჯაყჯაყი; 8. ჩუღურეთი; 9. დარბანდი; 10. ახჩაი; 11. დაშქესანი; 12. შაურთი.

იყო სოფელი ყანდაური, რომლის მოსახლეობა გადასახლდა ქალაქ შირაზის რაიონში. სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო, დაახლოებითი გამოთვლით ფერეიდანის ქართული მოსახლეობა იმ დროისათვის 23 ათასზე მეტი უნდა ყოფილიყო359.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ირანის ისტორიაში პირველად მხოლოდ 1956 წელს ჩატარდა. ამ აღწერით ფერეიდანის ქართულ სოფლებში ცხოვრობდა 16012 სული, ხოლო 1966 წლის აღწერით _ 18043 სული.

როგორც ვხედავთ, 1956 წელს 40-იან წლებთან შედარებით, ფერეიდანის ქართულ სოფლებში, საერთოდ, მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს მთის სოფლებიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებით ან ქალაქებში საშოვარზე წასვლით. ამ ხანებში ბევრი ფერეიდნელი წავიდა სამუშაოდ თეირანში, ისფაჰანსა და სხვა ქალაქებში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როგორც ირანის პრესა წერდა, მოსახლეობის პირველი აღწერის დროს ზოგიერთ შორეულ და მაღალმთიან სოფლებში ბევრი ოჯახი მთლიანად აუწერელი დარჩა. 1966 წლის მოსახლეობის აღწერა შედარებით უფრო ორგანიზებულად მოეწყო. ამ აღწერის მონაცემებით, ფერეიდანის ქართული სოფლების მოსახლეობა ორი ათას სულზე მეტით გაიზარდა. სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში ფერეიდანის ქართულ სოფლებში ცხოვრობდა სულ ცოტა 12 ათასი ქართველი ანუ 2500-მდე ოჯახი. მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, არ

124

შედიან ის ქართველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქალაქებში ან შესაძლოა მაზანდერანში და ზოგიერთ სხვა პროვინციაში360.

თავდაპირველად, სოფელ დაშქესანის მოსახლეობა შედგებოდა ქართველებისა და სომხებისაგან, ჰქონდათ საერთო ეკლესია. ქართველების მიერ ისლამის ძალდატანებით მიღების შემდეგ სომხები გადასახლდნენ სხვა დასახლებულ პუნქტებში. მათ ადგილას ხელისუფლებამ ჩამოასახლა სოფელ ხამშილიდან თათრები. 1944 წლისათვის მოსახლეობის ნაწილი თათრები იყვნენ, დანარჩენი ქართველები და საქართველოდან ჩამოსახლებული ბოშები. ხშირი იყო თათრებსა და ქართველებს შორის შერეული ქორწინება. აღსანიშნავია, რომ თათრები ბორჩალოს რაიონიდან ჩაასახლეს ირანში. მთელ ფერეიდანში მათ სახელი გაითქვეს ქურდობით361.

ირანში, სადაც მხოლოდ სახელებითა და მამის სახელით მიმართავენ ხოლმე, გვარები კი დიდად არ არის მიღებული ხმარებაში, ქართველებმა წმინდად შეინახეს თავიანთი მამა-პაპეული გვარები.

ფერეიდანში გავრცელებული გვარებია: ბათუანი, იოსელიანი, სეფიანი, ლაჩინაანი, გუგუნაანი, ასლანიანი, ონიკიანი, მიქელაანი, ხუცუცაანი, დავითაანი, გოგიჩაანი, აღიაანი, გულიანი, დარისპანაანი, ელარაანი, ვარდიაანი, ზეკოკიაანი, თამაზაანი, თავერდაანი, ლობიტაანი (იოსებაანი), მათიაანი, მამუკაანი, მარტიაანი, სამადაანი, სუფიაანი, სულიკაანი, ფოცხვერაანი, ქევსიაანი, ქურდაანი, შოშიაანი, ხადიკოიაანი, ხატიკაანი და სხვ362. სახელები კი სპარსული აქვთ: იადოღლა, როყია, შარაფა, ლეილა, ასადოლა, ყოლია, ალიმერდუნი, ნეიმათოლა, სოლთანა, ჯავარა, ფარანგისა, მუსტაფა, ყადამხეირა, ეშრათი, ჰოსეინ, სექინა, სედიყა, რეზა, მარზია, მოაჰედი და სხვ363.

XX საუკუნის 40-იან წლებში გვხვდება ასეთი გვარ-სახელები: ალი მაჰმედ შეიხ მაჰმადი ეშმაკაშვილი364, ქოლამ ჰუსეინ რეზაი _ მგელაშვილი. ოფიციალურ სახელთან ერთად (პასპორტის მიხედვით) ფართოდ იყო გავრცელებული გვარები: ციკანაშვილი, მელანაშვილი, ბურჯიშვილი, თავაძე, მიქელაძე, ნინიკაშვილი, ონიკაშვილი, ფოცხვერაშვილი, რობიტაშვილი, გიორგაშვილი, ზაქარიაშვილი და ა. შ365.

125

ამავე დროს ფერეიდანში გვარების შეერთებას ჰქონდა ადგილი. ერთ შემთხვევაში იგი გვარის გაძლიერებით იყო გამოწვეული, ხოლო მეორე შემთხვევაში გვარის შემცირებით. ამასთან ერთად, გარკვეულ როლს ასრულებდა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორიც. ძლიერი და გავლენიანი გვარები, რომელთა წარმომადგენლებიც ხშირად “ხანები”, “თავადები”, “მამასახლისები” და სხვ. წოდებისა თუ თანამდებობისანი იყვნენ, თავის გვარზე იწერდნენ რიცხობრივად შემცირებულ ან ეკონომიკურად დასუსტებულ გვარებს, რაც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი, რამეთუ გარკვეული პრივილეგიის მქონე გვარებს მფარველობა გაეწიათ დასუსტებული გვარებისათვის, ამით ძლიერი გვარები დასუსტებულ გვარებს ასიმილაციის პროცესისაგან იცავდნენ366.

ყოველ სოფელს ჰყავდა ქეთხუდა და მოსამართლე “სეფიდრიში” (თეთრწვერა). ესენი მართლაც მოხუცები იყვნენ, გამოცდილებით დაბრძენებული და მოსახლეობის მხრიდან პატივისცემით სარგებლობდნენ.

სოფლის მმართველობაში განუსაზღვრელი იყო ხანის უფლებები367. ქართველი გლეხები, რომელთაც მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავდათ ძარცვის ობიექტი ხდებოდნენ ხანის მსახურებისაგან. მათ არც მეზობელი ლურის ტომი ჩამორჩებოდა368. ხანი ყველა ზომას მიმართავდა მოსახლეობის ხელში ჩასაგდებად. მაგალითად, 1945 წელს ხანის ბრძანებით ქართველი გლეხი წააქციეს და მუცელზე გაცხელებული ქვები დაადეს. გლეხმა წამებას ვეღარ გაუძლო და ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის გაყიდვის დოკუმენტზე ხანის სასარგებლოდ369.

ხანის უფლებებთან შედარებით სასამართლოსა და პოლიციას არავითარი ძალა არ გააჩნდა. პირიქით, ისინი ხანს ექვემდებარებოდნენ. ძალაუფლების ცხოვრებაში გასატარებლად ხანს ყავდა დიდი რაოდენობით მსახურები, რომლებიც მის ყოველ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. აი, მათი საქციელის რამდენიმე მაგალითი: 1945 წლის შემოდგომაზე ხანის მსახურებმა თავი გაუტეხეს და სასტიკად ცემეს ყოლამ ჰუსეინ გელაშვილის ცოლს. ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეეძლო ფეხზე წამოდგომა. მომხდარი შემდეგმა მიზეზმა გამოიწვია: ხანს ახლობლები ესტუმრნენ. ხანმა გადაწყვიტა

126

ქათმის ხორცით გაეწია მასპინძლობა. მთელ სოფელში კი ქათამი, მხოლოდ 5-6 ოჯახს ჰყავდა 2-3 ფრთის რაოდენობით. როდესაც ხანის ბრძანებით ყოლამ გელაშვილის ოჯახს ქათმები წაართვეს, მისი მეუღლე დასაჯეს, რადგან მან პროტესტის ნიშნად ყვირილი დაიწყო მშველელის მოსახმობად.

ხაშიმმა სარდაფში ცოტაოდენი ყურძენი შეინახა ოჯახის წევრებისათვის. ღამით ხანის მსახურებმა ხილი მთლიანად წაიღეს.

ფერეიდნელმა ქართველმა ქალმა მთელი წელი იშრომა და ლამაზი ხალიჩა მოქსოვა, როგორც კი შეიტყო ხანმა, ხალიჩა მაშინვე მისი საკუთრება გახდა.

იმისათვის, რომ გლეხმა რაიმე პროდუქტი წაიღოს ქალაქში გასაყიდად აუცილებელი იყო ხანის ნებართვა. ამავე დროს უნდა გადაეხადა ქირა სახედრით მგზავრობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სახედარი გლეხს ეკუთვნოდა. ასევე გადასახადი იყო საჭირო ქალაქში შესასვლელად370.

სოფელი თორელი, რომელიც ისფაჰანიდან 150 კილომეტრით არის დაცილებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. გლეხების “უფორმო” სახლები გაფანტული იყო სიბინძურესა და “ბრმა” შესახვევებში. თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა უჰაერო და ბნელი იყო. ირგვლივ ჭუჭყი, პარაზიტები და სიღარიბე სუფევდა371. ასეთი ვითარებაში ხანის რეჟიმით თავმობეზრებულმა თორელის მოსახლეობამ გადაწყვიტა “უკეთესი” ხანის სამფლობელოში გაქცევა. მაგრამ ჟანდარმერიამ ძველ საცხოვრისში დააბრუნა372. მაშინ დაიწყო ხანის წინააღმდეგ მოსახლეობის გამოსვლა. შეშინებული ხანი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა და როგორც ამბობდნენ, სახალხო პარტიაში ჩაეწერა. სოფელში დატოვა საქმის მწარმოებელი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძო ხალხის ძარცვა373.

სხვადასხვა დავალებით მოსული ჩინოვნიკები ჩვეულებრივად დაკავებული იყვნენ მოსახლეობის ძარცვით. საჩივარს არავითარი რეაგირება არ მოსდევდა. ფულის წართმევის საბაბი ყოველთვის მოიძებნებოდა. ჩვეულებრივი მაგალითი: თორელში გარდაიცვალა ავადმყოფი. მაშინვე გამოცხადდა პოლიცია და აჯარიმებს გარდაცვლილის ყველა მეზობელს, რომ მათ დროულად არ შეატყობინეს ხელისუფლებას მომხდარის შესახებ.

127

ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად სცემდნენ როზგებით. სცემდნენ უმნიშვნელო მიზეზის გამო, სცემდნენ, აჯარიმებდნენ, გზავნიდნენ ციხეში, მხოლოდ იმის გამო, რომ პასუხი არავის მოეთხოვებოდა374.

1966 წლის აღწერის მასალების მიხედვით ფერეიდანის თითოეულ ქართულ სოფელში არსებობდა სოფლის ენჯუმენი (საბჭო), დაწყებითი სკოლა და მეჩეთი375.

ქართულ სოფლებში იყენებდნენ ორბორბლიან ფართო ურმებს, რომლებშიც აბამდნენ 2-დან 6-მდე ხარს. ურმებით გადაჰქონდათ ჭირნახული და სამშენებლო მასალა. მხოლოდ სოფელ ახორში სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა სახედარი.

ქალაქსა და სოფელს შორის მიმოსვლა სახედრების საშუალებით ხდებოდა. ზამთრის თვეებში მგზავრობა ძალიან შეზღუდული იყო დიდთოვლობის, გარეული ნადირის, (განსაკუთრებით მგლების) საშიშროებისა და ქურდების თავდასხმის გამო.

1965 წლიდან ფერეიდნის ორი დიდი სოფელი _ ქვემო და ზემო მარტყოფი ფერეიდნის დაბა-ქალაქად _ ფერეიდუნშაჰრად იქცა. იგი ამჟამად ფერეიდნის ცენტრს წარმოადგენს376.

 

 

გაგრძელება

მეურნეობა, რელიგია და ყოფა-ცხოვრება

 

————————-

310 გ. ჭიპაშვილი, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1963, გვ. 3.
311 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი “გურჯები”, თბ., 1979, გვ. 60-61.
312 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 7-8.
313 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 10-11; მისივე, სერგო გამ-დლიშვილი (“სერგო გურჯი”), და მისი ირანული დღიურები, თბ., 1983, გვ. 113.
314 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
315 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 61.
316 მ. კუტალაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 168-169.
317 ზ. შარაშენიძე, ახალი მასალები ფერეიდნელი ქართველების შესახებ, თბ., 1969, გვ. 8.
318 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 168-169.
319 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 21.
320 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1951, გვ. 14-15.
321 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი “გურჯები”, გვ. 73.
322 სუიცსა, ფ. 284, ანაწ. 2, საქ. 2, ფურც. 21.
323 იქვე, ფურც. 29.
324 იქვე, ფურც. 31.
325 იქვე, ანაწ. 1, საქ. 56, ფურც. 24ბ
326 იქვე.
327 სპა, ფ. 14, ანაწ. 14, საქ. 210, ფურც. 10.
328 იქვე, ფურც. 12.
329 იქვე, ფურც. 5.
330 კ. ნაჭყებია, თეირანი. 1943 ნოემბერი, კრ. “გაფრინდი შავო მერცხალო”, თბ., 2000, გვ. 247.
331 იქვე, გვ. 245.
332 კ. ნაჭყებია, დასახ. ნაშრომი, გვ. 250-251.
333 ი. კანდელაკი, ქართველები, ირანში, ჟურნ. “დროშა”, 1958, # 3, გვ. 13.
334 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 6.
335 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 1-2.
336 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 265, ფურც. 1.
337 იქვე, ფურც. 4.
338 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 265, ფურც. 6.
339 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 514, ფურც. 5.
340 ნ. ბართაია, ირანული ჩანახატები, თბ., 2001, გვ. 101-102.
341 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 187.
342 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 616, ფურც. 3.
343 ჯ. გიუნაშვილი, ფერეიდნელ ქართველებთან კულტურული კავშირის გაღრმავებისათვის, “მეგობრობის მაცნე”, 2005 წლის მარტი, # 4, გვ. 9.
344 თ. ცაგარეიშვილი, ფერეიდნელები საქართველოში, თბ., 1981, გვ. 34.

3 Responses to “• გვიხმობს ფერეიდანი!”

  1. giorgi said

    amas rom vkitxulob pereidnel qartvelebze nervebi meshleba, isini arian xalxi vinc 400 celi ar gadaagdes qartveloba, rac cota sulac ar aris. da rom chamoasaxles mati nawili saqartveloshi vigac … dascines gaamasxaraves da sheaviwroves imdenad rom mattvis sheudzlebeli agmochnda saqartveloshi gachereba. im a x v r e b s vinc dascinodnen pereidanidan gadmosaxlebul qartvelebs da kidev im a x v r e b s a c vinc dgesac ase piqroben rom qartveli kaci aucileblad unda chamdes goris xorcis mwvads da svamdes gvinos tavianti d e b i l i tvinebi aamushavon da ipiqron isic rom rac aris qristiani qartvelebis raodenoba aseve amdenive iqneba daaxloebit muslimi qartvelebic(pereidanshi, saingiloshi da turqetshi) da sxvatashoris zustad vici rom muslim qartvelebshi upro dzlieria saqartvelos siyvaruli vidre qristian qartvelebshi. da enasac chvenze metad uprtxildebian vidre qristiani qartvelebi, magalitad pereidanshi laparakoben me-16 saukunis dasacyisi kaxuri dialeqtit da satiralia chven rom viviwyebt chvens dzvirpas enas da vurevt inglisur sityvebs ase uazrod da daudevrad.
    gaixaret da gamravldit saqartvelos moyvarulno yvela qartvelo rwmenis miuxedavad.
    gadzlierdi da gamravldi saqartvelo.

    Like

  2. qristine said

    არ შეგიძლიათ დაწეროთ ვინ არის პირველი მცხოვრები ჩუღურეთში?

    Like

  3. qristine said

    proeqti maqvs gasaketebeli

    Like

დატოვე კომენტარი