Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ქართული ვაზი და ხორბალი

 

***

გიორგი ბარისაშვილი

ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების განადგურება გრძელდება

 

ჩვენი ქვეყანა – საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგილობრივი ჯიშის არსებობა.

ამ ჯიშებმა, უდავოდ, ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში და წარმოადგენენ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების გამოყვანა, ეს არ იყო არც ერთი, არც ორი წლისა და, თუ გნებავთ, არც ათწლეულების საქმე.

მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა საუკუნეები მოანდომა და ეს ხანგრძლივი პროცესი ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან.

ამ ჯიშთა ბუნება ფაქტობრივად იგივეა, რაც ქართველი კაცის ბუნება. ქართული პურ-ღვინო ის პროდუქტებია, ურომლისოდაც ქართველი კაცი არ არის სრულფასოვანი ქართველი. თუკი ჩვენს წმინდათა წმინდა სამეულს – ენას, მამულსა და სარწმუნოებას ცალკ-ცალკე განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მამული არა მარტო ტერიტორია, არამედ პირველ რიგში, სწორედ ქართული პურ-ღვინოა, რომელიც მეორე მხრივ, ეხმაურება ასევე ენასა და სარწმუნოებასაც.

ეს ყოველივე კი, შესაძლოა, განხილვის საგნადაც გახდეს იმ გაგებით, რომ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების მთავარი სიმბოლო – ზიარება, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, თავდაპირველად, სწორედ პური და ღვინოა, ხოლო რაც შეეხება ენას, განა შეიძლება იმაზე მეტი ითქვას ამის შესახებ, როდესაც სიტყვა ”ღვინო” სწორედ ქართული ენიდან გავრცელდა მსოფლიო ენებში ღვინის აღმნიშვნელად და იგი წმინდა ქართულ სიტყვას წარმოადგენს?

ქართული სოფლის მეურნეობის ეს ორი უმთავრესი დარგი ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის დასაყრდენსა და საფუძველს. სწორედ ამაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ წლის მოსავლის ავკარგიანობის განმსაზღვრელს საქართველოში ხორბლისა და ყურძნის მოსავლიანობა წარმოადგენდა.

აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მთისა და ბარის განსაზღვრებად სწორედ ვაზი გვევლინებოდა – მთად იწოდებოდა ის ადგილი, სადაც ვაზი არ ხარობდა სიცივისა და ზღვის დონიდან სიმაღლის გამო.

ხორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.

ამით სულაც არ გვინდა, ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის კულტურას, მაგრამ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, როცა ძალიან ბევრი ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად ”საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ხორბალი?

ამა თუ იმ ერის კულტურას, ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს მისი ბუნების მრავალფეროვნებაც.

თუკი შესაძლებელია, რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ფლორასა და ფაუნაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად, ქართველმა კაცმა გამოიყვანა ისეთი ვაზისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც არათუ მხარისა და რეგიონის, არამედ ხშირ შემთხვევაში, სოფლების ან სოფლებში კონკრეტული უბნებისა თუ ფერდების სახელს ატარებენ?

მაგალითად: ხორბლის ჯიშებიდან: თიანური დოლისპური, კორბოულის დოლისპური, მესხური დოლისპური და სხვ. და ვაზის ჯიშებიდან – ვერტყვიჭალური თეთრი, ხვანჭკარა, ინგილოური, ვაზისუბნის წითელი, წნორის თეთრი, მაღრაანული ქისი და სხვ. ეს ყოველივე, უდავოდ, სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონესა და განვითარებაზე მეტყველებს.

ხორბლისა და განსაკუთრებით ვაზის ადგილობრივ ჯიშებს სიმრავლით ბადალი არა ჰყავთ. ვაზსა და ხორბალს არც ხილი ჩამორჩებოდა. ქართველი კაცის მარჯვენამ გამოიყვანა ისეთი უნიკალური, ადგილობრივ პირობებს ზედმიწევნით კარგად მორგებული და შეგუებული ვაშლის ჯიშები, როგორიცაა: თურაშაული, აბილაური, შაქარნაბადა, ჯორისცხვირა, მესხური მსუქანა და სხვ. მათი ჩამოთვლა ისევე ძალზედ შორს წაგვიყვანს, როგორც ქართული კურკოვანი თუ თესლოვანი ადგილობრივი ხეხილის ჯიშების სახელების ჩამოთვლა.

აქ, ჩემდაუნებურად, მახსენდება ქართველი ბრძენკაცის მიერ გამოთქმული ერთი ქართული ანდაზა, რომელიც ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს დღესდღეობით შექმნილ სიტუაციას, რომელიც შექმნილია როგორც საზოგადოდ, ისე კონკრეტულად, სოფლის მეურნეობაში – ”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”.

სამწუხაროდ, საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს, თავიანთი ჭკუამოკლეობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან.

ვერ ვხვდები, რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ? ეს მაშინ, როცა თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა, ქართული ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ, თავისად ასაღებენ.

თავის დროზე, საქართველოში რუსმა თუ ევროპელმა ეგრეთწოდებულმა სპეციალისტებმა, ჩვენი ვაიქართველების დიდი გვერდშიდგომით, ვითომდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნების გასამდიდრებლად ჩვენში შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები. რასაც წარმოადგენდა ამ ყველაფრის მოტივი, ეს ჩემთვის ძალზე კარგადაა გასაგები და ალბათ, არც სხვებისთვის იქნება გაუგებარი.

ამ ყოველივეს მოჰყვა ის, რომ საქართველოში თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს (იქნებ არცთუ შემთხვევით) საქართველოში შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა.

ამგვარივე რამ გამოიწვია თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამაც, რომელმაც ერთი მხრივ, გამოიწვია ნიადაგების მასიური გამოფიტვა და გაღარიბება, ხოლო მეორე მხრივ მოჰყვა ის, რომ სიმინდმა განდევნა ისეთი კულტურები, როგორებიცაა ღომი და ფეტვი, რომლისგანაც უწინ მზადდებოდა მჭადი.

ყოველივე ახალი და თანამედროვე მისასალმებელია, მაგრამ ამ ახალმა გავრცელება ადგილობრივი და დიდი ხნის წინ გამოცდილი კულტურის განდევნის ხარჯზე არ უნდა ჰპოვოს.

თავის დროზე, ამ ეგრეთწოდებულ ახალი და გამოუცდელი ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ილია ჭავჭავაძემ. იგი ამბობდა, რომ ისინი, ვინც დაუფიქრებლად და გამოუცდელად შეეცდებიან, ჩვენში დანერგონ რაიმე ახალი ისე, რომ არ გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიცია და გამოცდილება, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ უმარცხოდო.

მაშ ასე, ჩვენს სასიქადულო მთავრობას გადაუწყვეტია საქართველოში შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ხორბლისა თუ ვაზის ჯიშები. ალბათ, სწორედ ამ ყველაფრის ნიადაგის შემზადებაზე მეტყველებს მათივე ”ჭეშმარიტი ქართული საქმე”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ საქართველოში (ჯერჯერობით, მხოლოდ კახეთში) ქართული ვაზის ამოძირკვასა და მოსპობას, რომელიც მეორე მხრივ, ბრწყინვალე გაგრძელებაა შაჰ აბასისა, აღა-მაჰმად-ხანისა და თემურლენგის დაწყებული საქმისა.

ნუთუ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე პირველი და პრიორიტეტული საქმე და ამოცანა? ანდა, ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას გააკეთებდა, რაც ეგრეთწოდებული დევნილთა ქალაქების შექმნით გაკეთდა?

ეს ხუხულა ბარაკები აშენდა საუკეთესო სახნავ-სათეს და სავენახე მიწებზე, რომელთა გაკულტურებაზე, გასარწყავიანებაზე თუ მათი ქარსაფარი ზოლებით უზრუნველყოფისთვის, თავის დროზე, უამრავი დრო, ენერგია და ფული დაიხარჯა.

ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც ამდენი დაცლილი და გაპარტახებული სოფელია საქართველოს მთასა და ბარში. თითოეული ამ ბარაკის ფასად ხომ სახლ-კარი მოვიდოდა თავისი სახნავ-სათესით ნებისმიერ სოფელში? ამით ხომ დაცლილი სოფელიც შეივსებოდა და გაძლიერდებოდა?

ახლა კი მხოლოდ ის გაკეთდა, რომ არსებული საუკეთესო სახნავ-სათესიცა და სავენახე ფართობიც საბოლოოდ დაიკარგა და იქ აშენებულ დევნილთა ბარაკებში შესახლებული, შრომას მიჩვეული მეურნეც, საბოლოოდ, მოსწყდა მიწას. არ ვიცი, კიდევ რამდენი კითხვის ნიშანი დავსვა…

როდესაც ქართველ კაცს ქართულ ვაზსა და ხორბალს და აქედან გამომდინარე, ქართულ პურ-ღვინოს წაართმევ და, სანაცვლოდ, პირდები რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ”ცარიელ” ჯიშებს, რომლებიც არცთუ იშვიათად გენური ინჟინერიითაა მიღებული, რაღაც მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე.

აქ კი, ძალზე დიდი გულისხმევა და დაფიქრებაა საჭირო. ღმერთმა ნუ მოშალოს საქართველოში ქართული პურისა და ქართული, მართალი ღვინის მადლი.

 

 ”ვერსია

 

 

***

   

სიმინდის ქართული ჯიშები ამერიკულზე უხმოსავლიანია

12.04.2011

მთავრობამ ამერიკიდან ჰიბრიდული სიმინდი ისე შემოიტანა, რომ ქართული ჯიშების მოსავლიანობის მაჩვენებელი არც კი მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი, დაახლოებით, 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, ქართველი სელექციონერები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან ცნობილნი.

სპეციალისტების განცხადებით, მთავრობას ქართველი მეცნიერები, რომ გახსენებოდათ ან, ქართულ ჯიშებზე უფრო მეტი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ, ამერიკული თესლისთვის დახარჯული 30 მილიონიდან უფრო მეტ შედეგს მიიღებდნენ. ამჯერად კი, ამ თესლის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან არ არის შესწავლილი, როგორ შეეგუება იგი ქართულ ნიადაგს, რომლის კვლევა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

საქართველოში ამერიკიდან მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ორი ჯიშის – კაჟა და ნახევარკბილა – სიმინდი შემოიტანეს. ქართველმა მეცნიერებმა მათი სელექციის შედეგად სიმინდის ახალი ჯიშები და ჰიბრიდები გამოიყვანეს. ეს ჯიშები ნორმალური აგროტექნიკის პირობებში საკმაოდ კარგი მოსავლით გამოირჩევა და სპეციალისტების განცხადებით, ამერიკიდან შემოტანილ ჰიბრიდებს, რომლისთვისაც მთავრობამ 30 მილიონი ლარი გადაყარა, არაფრით ჩამოუვარდება.

მაგალითად, ქართული კრუგი (ყვითელი სიმინდი) ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 10-12 ტონა მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი – 12-14 ტონას. გეგუთის ყვითელი, ასევე ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 7-8 ტონა სიმინდის მოსავალს იძლევა, აბაშის ყვითელი – 7-8 ტონას, აჯამეთის თეთრი -7-8 ტონას, პაპალაშვილის თეთრი (თეთრი და ყვითელი) – 12-14 ტონას, კაჟა თეთრი – 5-6 ტონას, ნახევარკბილა – 5-6 ტონას. ყველა ამ ჯიშს სასურსათო დანიშნულება აქვს და მაღალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

რაც შეეხება ქართულ ჰიბრიდებს, რომელზედაც სელექციონერი, პროფესორი ზურაბ ჯინჯიხაძე მუშაობდა, ასევე რამდენიმე სახისაა და საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ქართული ჰიბრიდებია წეროვანი-1. იგი ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 12-14 ტონა მოსავალს იძლევა, წეროვანი-2-იც ასევე 12-14-ტონიანია, წეროვანი-4 – 12-14 ტონა, წეროვანი-5 – 10-12 ტონა, ენგური – 12-14 ტონა, ქართული ურწყავი – 10-12 ტონა. სელექციონერები, რომლებიც ამ ჯიშებზე წლები მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი მიღწევები და გამოცდილება აქვთ, დღესაც ცოცხლები არიან. გარდა ამისა, მათ გვერდში ედგნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით ბოლო წლებამდე აგრძელებდნენ მუშაობას.

თუმცა, პროფესორ პაატა კოღუაშვილის განცხადებით, საქართველოში სათესლე მეურნეობა საერთოდ მოკვდა და მისი განვითარება აღარავის აინტერესებს.

„ესენი უნიკალური ქართული ჯიშებია, რომლებმაც 300 წელს გაუძლეს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ადგილობრივი ჯიშები და ჩვენ ჰავასა და ნიადაგს შეგუებელი თესლი გაცილებით მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე შემოტანილი“, -ამბობს პაატა კოღუაშვილი.

„ბიზნეს-რეზონანსი“: თუ ქართული ჯიშები ასეთ მაღალ მოსავალს იძლევა, მაშინ რატომ შემცირდა ქვეყანაში სიმინდის მოსავლიანობა?

პაატა კოღუაშვილი: მიზეზი არის ის, რომ გლეხს არ აქვს საშუალება მიწა კარგად დაამუშაოს, მთავრობას კი არ გააჩნია სტრატეგია, როგორ უნდა მოხდეს მოსავლის გაზრდა. დაახლოებით 10 წელია ნიადაგის კვლევა არ ჩატარებულა. საინტერესოა, თუნდაც შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, როგორ უნდა განსაზღვროს, ამა თუ იმ რეგიონში გლეხმა რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანოს.

სხვათა შორის, ვიცი, რომ სპეციალისტებთან ახლა დაიწყეს იმის ძიება 1 ჰექტარზე რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანონ, რათა დაგეგმილი შედეგი მიიღონ. ზუსტ მონაცემს ვერავინ ეტყვის, ვინაიდან ნიადაგის მდგომარეობის მხოლოდ 10 წლის წინანდელი მონაცემები გვაქვს.

რაც შეეხება მიზეზს, რატომ ვერ იღებს გლეხი მაღალ მოსავალს ქართული ჯიშებით. მიწას დამუშავება სჭირდება და მინიმუმ ორჯერ კულტივაცია. პირველი კულტივაციისას, საშუალოდ, 100 კილოგრამი აზოტის შეტანა, მეორე ეტაპზე – 200 კილოგრამი აზოტია აუცილებელი. ასევე აუცილებელია ფოსფორი და კალციუმი. ეს ყველაფერი დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას, დაახლოებით, 800 ლარი სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით კი, ქართველ გლეხს 30-ლარიანი პრეპარატის შეძენის საშუალებაც არ აქვს.

ბ.რ: ამერიკიდან შემოტანილ ჰიბრიდებსაც ამდენი სასუქი დასჭირდება?

პ.კ: ბუნებრივია, ისე მაღალ მოსავალს არცერთი ჯიში არ მოგცემს. თუმცა, ამერიკული სიმინიდის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება. ჩვენს მიერ გამოყვანილი 1 კილოგრამი სათესლე სიმინდი 3 ლარი ღირს, ამერიკული – 17 ლარი. გარდა ამისა, 1 ჰექტარზე ჩვენი ჯიში რომ დათესო 18 კილოგრამია საჭირო, ამერიკული – 22 კილოგრამი. აქედან ცხადია, რომ იმპორტირებული გაცილებით ძვირი ჯდება.

ბ.რ: სოფლის მეურნეობის სამინისტროდან თუ გამოითხოვა ვინმემ ინფორმაცია ქართული ჯიშებისა და მათი მოსავლიანობის შესახებ?

პ.კ: ამერიკული სიმინდის შემოტანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა ქართველ მეცნიერებს ისედაც არავინ არაფრად თვლის, არც არფერს ეკითხებიან. ეს 30 მილიონის მესამედი ქართულ ჯიშებზე რომ დაეხარჯათ, გაცილებით რეპროდუქციულ თესლს მიიღებდნენ. აჯამეთისა და სართიჭალის სათესლე სადგურებიდან ბოლო თესლი გასცეს და საქართველოში 300-წლიანი ქართული სიმინდის კულტურის ისტორია ამით დასრულდა. ამ სათესლე სადგურებს ჩამოართვეს მიწები და, შესაბამისად, ისინი თესლს ვეღარ დაამუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც მთავრობაში ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული სიმინდის ჯიშები მაღალ მოსავალს არ იძლევა, სწორედ ეს გახდა მიზეზი რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვისა და ამერიკიდან ჰიბრიდული სიმინდის შემოტანისა.

„სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მისი მიზანია საქართველოში სიმინდის მოსავლიანობისა და წარმოებული სიმინდის ხარისხის ამაღლება. სათესლე მასალა გამოირჩევა უხვი და სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი რეზისტენტულობით დაავადებათა ფართო სპექტრის მიმართ და მაღალი გვალვაგამძლეობით. პროექტის ფარგლებში წარმოდგლენილია, სიმინდის თესლის 4 სახეობა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

ექსპერტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ გლეხები შეცდომაში შეიყვანა, ვინაიდან მათ სხვა ქვეყნის ჯიშის სიმინდის მოყვანა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ.

„ჰიბრიდული სიმინდის თესლს დადებითი თვისება ის აქვს, რომ მაღალმოსავლიანია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მისი თესლად გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ ფერმერი თუ გლეხი ყოველ წელს, როდესაც სიმინდის დათესვას გადაწყვეტს, თესლი ისევ იმპორტიორი კომპანიისგან უნდა შეიძინოს. თავად ჰიბრიდული თესლის გამოყვანის პროცესი ძალიან რთულია და მას გლეხი ვერ განახორციელებს.

თანაც, როდესაც მოსავალი მაღალი მოდის, ღარიბდება ნიადაგი. თუ შემდგომ ნიადაგის განაყოფიერება არ მოხდა, იქ მოსავალი, ჰიბრიდს დათესავ თუ ჩვეულებრივ ჯიშს, საკმაოდ მცირე მოვა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჯიშები „აჯამეთის თეთრი“, „აბაშის ყვითელი“ და კიდევ სხვა. თუ ამ ჯიშებს კარგად მოვუვლით, რა თქმა უნდა, მოსავალსაც დიდს მივიღებთ, ქართული ჯიშები მცირემოსავლიანი ნამდვილად არ არის“, – ამბობს პროფესორი თამაზ კუნჭულია.

 [რეზონანსი]

                

 

 

6 Responses to “•ქართული ვაზი და ხორბალი”

  1. prosta zamechatelna now

    Like

  2. giorgi said

    magariaaa da sainteresooo

    Like

  3. Merab Bichikashvili said

    პირველ რიგში უნდა შეწყდეს საქართველოში გენმოდიფიცირებული ამერიკული სიმინდის და ხორბლის, თუ ნებისმიერი სახის მეურნეობისთვის საჭირო სათესლე მასალის შემოტანა და მისი დანერგვა. ეს გამოიწვევს დამოკიდებულობას (მეორე წელს არ ითესება და იძულებული იქნება ფერმერი ისევ იყიდოს, ეს მაშინ როცა ქართული სიმინდი ბევრად უფრო გემრიელი და ჯანმრთელობისვთის უსაფრთხოა.მიირთვით ჯერ ქართული სიმინდით გაკეთებული ღომი ან მჭადი, მერე ამერიკულით და დაინახავთ განსხვავებას. პლიუს ამას არის როგორც ადამიანის, ასევე პირუტყვის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში, იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს). ამით გადაშენდება უნიკალური ქართული კულტურები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გამოსცადა ქართველმა ერმა, და იყენებს მათ.

    “თურაშაულის პატრონი, ტყეში პანტას ეძებდაო”, ჩვენი საქმე ესეა.

    ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელთც გამოიწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქცია, სახელმწიფოს ძალზე ძვირი დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

    ამერიკული სიმინდი ვერ დააბრუნებს ხალხს საკუთარ მიწებზე მათ დასამუშავებლად. ამისთვის უნდა შეიქმნას ყველა დიდ ქალაქში თუ რაიონში მეურნეობები (როგორც ადრე იყო) ტრაქტორებით, კომბაინებით და ყველა საჭირო ტექნიკით. განვითარდეს სარწყავი სისტემები, დაურიგდეს ხალხს უპროცენტო კრედიტები რამდენიმე წლით, რომ შეძლონ მოხნან, დათესონ და მოიყვანონ. ამის შედეგად ათასობით ოჯახი და ადმიანი რომელიც დღეს სოფლებიდან და რაიონებიდან იძულებით არიან გადმოხვეწილი ქალაქში ლუკმა-პურის საშოვნელად, სოფელს დაუბრუნდება. ამით მოიხსნება მასობრივი უმუშევრობის პრობლემა, შეიქმნება იაფი ქართული პროდუქტი, და აღარ დაგვჭირდება თურქული მოწამლული კიტრის, პომიდვრის თუ ათასი სხვა პროდუქტის შემოტანა. ის ფული, რომელიც გარეთ გადის, აქ დარჩება და ხალხს მოხმარდება. სხვა ერები შემოგვნატრიან ჩვენი მიწის პატრონს, და ჩვენ ვერ გაგვიგია რამხელა სიმდიდრის მფლობელი ერი ვართ.

    Like

  4. diaokh said

    სიმინდის ეს თესლი როგორც ჩანს გენმოდიფიცირებულია. ყველა ძირითადი თვისება გენმოდიფიცირებული თესლისა მას გააჩნია (მაღალმოსავლიანობა, ნიადაგის გამოფიტვა, არარეპროდუქტიულობა)… და რაც ყველაზე მთავარია, ცნობილია, რომ აღნიშნულ თესლს აწარმოებს კომპანია “პიონერი”. პიონერი კი გენმოდიფიცირებული თესლის მწარმოებელია!!!

    Like

  5. teona said

    ეს ყველაფერი იმისთვის, რომ განადგურდეს მართლმადიდებელი საქართველო,ის ხომ ერთ-ერთი მთავარი მტერია მასონებისა…ედუარდი, მიშა მათი იდეების განმახორციელებელია…აბა, ზვიადს ქართველი მოკლავდა?!

    Like

დატოვე კომენტარი