Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ ნ. ნათაძე – ფრთხილად, სასიკვდილოა!

ნ. ნათაძე

ფრთხილად, სასიკვდილოა!

 

ქართულ სახელმწიფოებრიობას და, რაც პრაქტიკულად თითქმის იგივეა, ქართველი ერის ისტორიულ არსებობას მრავალი საფრთხე ემუქრება. რუსეთის გეგმები ცნობილია. მათზე რუსეთი ხელს არ აიღებს და ვერ აიღებს, სანამ არ დაკმაყოფილდება ან არ დამარცხდება, რადგან საქართველოს არსებობა, როგორც თავისუფალი არჩევანის მქონე ერისა და სახელმწიფოსი, იმას ნიშნავს, რომ განვითარებულსა და ზეგანვითარებულ დასავლეთს, _ დღეს და განჭვრეტად მომავალში სოციალური თავისუფლების პრაქტიკულად ერთადერთ აქტიურ მატარებელსა და ფალავანს მსოფლიოში, _ მისი უდავოდ და ძირეულად მომხრე საქართველოს სახით მუდამ ექნება გზა შუა აზიისაკენ, შუა აზიაში დასავლეთის თავისუფალი შესვლა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ განახორციელებს გამარჯვების თუნდაც მინიმალური შანსის მქონე სტრატეგიულ ალიანსს ჩინეთთან დასავლეთის წინააღმდეგ, მაშასადამე, ვერც იმპერიად დარჩება: მისი საერთაშორისო წონა განსაზღვრული იქნება მხოლოდ მისი მოსახლეობის შრომისუნარიანობით, აზრისუნარიანობითა და დანარჩენ მსოფლიოსთან თანაბარ პირობებში კონკურენციისათვის მზაობის ხარისხით, და არა სხვათა ფლობით. რუსეთის გარდა საქართველოს მიმართ უდავოდ შეტევითი პოზიცია აქვს და განჭვრეტად მომავალშიც ექნება თურქულ (თურქულმოდგმოვან ტურკიც) მსოფლიოს, პირველ ყოვლისა, თვით თურქეთის და აზერბაიჯანის ჩათვლით, რომელიც დღეს საქართველოს თავბრუდამხვევი ტემპით უტევს დემოგრაფიულად და, ნაწილობრივ, პოლიტიკურადაც (ამ შემოტევაში შედის აზერბაიჯანის მიერ საქართველოს აზერბაიჯანელთა ფართომასშტაბიანი დაფინანსება მიწის საყიდლად, მეჩეთების მასობრივი მშენებლობის დაფინანსება და მესხეთში თურქული ცნობიერების პირთა განუზომელი რაოდენობით შემოსახლება, რაც კანონდება). აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობაში არსებობს საზღვარგარეთ მცხოვრებ “თანამემამულეებთან” მუშაობაზე დასპეციალებული სამინისტრო, რომლის სამოქმედო არედ ოფიციალურად განსაზღვრულია საქართველო. ეს ხდება იმ კომუნისტური და ფაშისტური გენოციდის პოლიტიკის ფონზე, რომელიც ტარდება თვით აზერბაიჯანში ქრისტიანი და მუსულმანი ინგილოების მიმართ. ირანის განწყობილება არ ვიცით, მაგრამ ირანის მკვეთრი გაძლიერება ბირთვული და სხვა იარაღის განვითარების გზით, რაც მას რეგიონის ჰეგემონად გახდის, საქართველოსთვის არცთუ უხიფათო ჩანს. რუსეთისა და თურქეთის ალიანსი საქართველოს წინააღმდეგ, რაც დაიწყო 1921 წელს და დაგვირგვინდა ჯერ საქართველოს გასაბჭოებით, შემდეგ კი აზერბაიჯანისთვის ქართული ტერიტორიების გადაცემით, დღესაც დიდი ალბათობის მქონე ისტორიული პერსპექტივაა. საკმარისია ითქვას., რომ რუსეთში გამოსული ერთერთი უკანასკნელი იდეოლოგიური შრომა მთავრდება სიტყვებით, რომლებიც რუსეთის ერთერთი ყველაზე სასურველი სცენარის ფორმულირებაა: “ამერიკა ხელს იღებს კავკასიაზე. კავკასიაზე პასუხისმგებლობას იღებენ რუსეთი, ირანი და თურქეთი”.

საქართველოსთვის პირველხარისხოვნად გასათვალისწინებელ უცხო ფაქტორთა შორის არის ებრაული ლობისა და ისრაელის სახელმწიფოს ფაქტორიც, რომელსაც, მრავალ სხვა სასიკეთო და პროქართულ მიზანთან და სულისძვრასთან ერთად, შესაძლოა ისტორიის ცალკეულ მომენტებში შემდეგი ორი არასასურველი მოტივიც ამოძრავებდეს. პირველი: საქართველოს ჩამოყალიბება, როგორც დასავლეთის გეოსტრატეგიული ფორპოსტისა (მოწინავე პოზიციისა) ახლო აღმოსავლეთში, ამცირებს ისრაელის, როგორც ანალოგიური გეოლოგიური ფაქტორის, როლს, რაც ამ სახელმწიფოსთვის არასასურველია. მეორე: საქართველოს ფეხზე ვერდადგომის შემთხვევაში შესაძლებლია აქ, წინასწარ უკვე შეძენილი უძრავი ქონების ბაზაზე (რაც ინტენსიურად მიმდინარეობს), მეორე ებრაული გეოპოლიტიკური და დემოგრაფიული ბაზის შექმნა, რის მნიშვნელობასაც აძლიერებს ის მუდმივი მუქარა, რაც ისრაელს უპირისპირდება მისი უშუალო გარემოცვის მხრიდან. გასათვალისწინებელია ჩვენი უშუალო მეზობლის, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირის სომხეთის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რომელსაც არაერთი სერიოზული ავტორი სომხების ტრადიციული პოლიტიკური “ახლომხედველობით” ხსნის. ესაა, სახელდობრ, საქართველოსადმი აბსურდული ტერიტორიული და არატერიტორიული პრეტენზიების წაყენების პრაქტიკა (“დერეფნის” მოთხოვნა და მრავალი სხვა), რასაც წყაროდ აქვს სხვა, უფრო ძლიერი და დღესდღეობით საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მოლაშქრე მტრებისაგან (კერძოდ, რუსეთისაგან), დახმარების იმედი. საქართველოს ხელისუფლებაში არსებული სომხური ლობის შესაძლო გავლენა შეიძლება დავინახოთ მესხეთში თურქული ცნობიერების ანკლავის შექმნის ნაბიჯებშიც: მესხეთის წალეკვა პროთურქული ელემენტის მიერ გაამართლებს ჯავახელი სომხების (რომელთა იმიგრაცია ეკუთვნის 1830-32 წლებს) პოზიციას, “საქართველოში აღარ დაგვედგომებაო”. დასასრულ, გასათვალისწინებელია შინაგანი მტრების _ დღესდღეობით რუსეთის მორჩილებაში მყოფი, მაგრამ ჩუმჩუმად პარალელურად აგრეთვე სხვა პატრონების მაძიებელი სეპარატისტების მოქმედება, რომლებიც წინააღმდეგნი არ არიან, რომ, მათი აზრით, “მომაკვდავი” საქართველოს სხეულიდან მათ მიერ ისტორიულად და მორალურად არცერთი ნორმით არდამსახურებული მსუქანი ლუკმები ამოგლიჯონ. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების (შევარდნაძე-სააკაშვილის) მიმართულება და პოზიციაც ცნობილია. ესაა უცხო დავალებით წარმოებული დივერსია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის პარამეტრებში შედის ტერიტორიების გაცემაც, ეკონომიკური დანგრევაც, ემიგრაციის სტიმულირებაც და განუკითხავი იმიგრაციის ხელშეწყობაც.

გასათვალისწინებელია საზოგადოების ერთ გარკვეულ, საკმარისად სერიოზულ ნაწილში გავრცელებული ეჭვიც: დასავლეთს კი უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ნომინალური თავისუფლება რუსეთისაგან, მაგრამ იგი არ ფიქრობს საქართველოს რეალური მთლიანობის ხელშეწყობას: პირიქით, მას უნდა საქართველოს ფაქტობრივი დანაწევრება, კავკასიაში მისი წონის შემდგომი შესუსტება და კავკასიის მთლიანი ახალი ორგანიზება, როგორც თავისუფალ მცირე წარმონაქმნთა მყიფე კონფედერაციისა. კოსოვოს ცნობაც, ამ აზრის მიხედვით, იმ მიზნით მოხდა, რომ ამით შექმნილიყო პრეცედენტი სამხრეთი და ჩრდილო კავკასიის სწორედ ამ წესით მოწყობისათვის. გასათვალისწინებელია საქართველოსათვის უკიდურესად სახიფათო და უკიდურესად სამარცხვინო შემდეგი შინაგანი ფაქტორიც: მთელი რიგი ისტორიული და ფსიქოლოგიური ფაქტორების წყალობთ დღეს საქართველოს საკუთრივ ქართველ მოსახლეობაში კატასტროფულად მაღალია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, სათანადოდ დაფინანსების შემთხვევაში, ამოწყვიტონ ამავე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი. ეს ის “ჯიშია”, ვისითაც კომპლექტდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები (პირველ ყოვლისა _ ჩკ, მაგრამ არა მხოლოდ იგი) კომუნისტური რუსული მმართველობის დროს. დღეს ამათგან კომპლექტდებიან სხვადასხვა რაზმები, რომლებიც, მაგალითად, მხუთავი გაზით უმასპინძლდებიან დემონსტრაციას, რეზინის ტყვიას ესვრიან დამიზნებით თვალში და ა.შ. კატასტროფულად მაღალია იმ ადამიანთა პროცენტიც (ეს დღეს ძირითადად ახალგაზრდობას ეხება), რომელნიც, თავისი მოკლე ჭკუით, მზად არიან აეკიდონ ყოველ რაგინდარა პრიმიტიულ იდეოლოგიურ სატყუარას, რომელიც მათ “გაუმართლებს” ანტიქართული პოზიციის დაჭერას, და, პრაქტიკულად, იმოქმედონ ქვეყნის ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმდეგ. სინამდვილეში, ამ უკანასკნელ პოზიციას ფსიქოლოგიურად კვებავს მხოლოდ ორი ფარული მოტივი: ერთია ბოღმით სავსე “კომპლექსი” სიძულვილისა თავისი თანატოლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ეროვნული ცნობიერების მატარებელია (ეს ცნობიერება, მოგეხსენებათ, მოითხოვს ფსიქიკური განვითარების რაღაცა გარკვეულ მაღალ ნიშნულზე ყოფნას), მეორეა ჭკუასუსტისთვის დამახასიათებელი იმ ილუზიის სიტკბო, თითქოს თვითონ, რაკიღა “მოწინავე” (ანუ, მისი აზრით, მსოფლიოში გამარჯვებულ ან გამარჯვებისკენ მავალ) იდეოლოგიას მიემხრო, ამით თავის თანამოქალაქეებს შორის მოწინავე ადგილი დაიჭირა. ადამიანების (უპირველესად, ახალგაზრდების) ეს კატეგორია საბჭოთა ვითარებაში აკომპლექტებდა ჯერ ფანატიკოსი, შემდეგ კი კარიერისტი კომკავშირლების რიგებს, დღეს იგი “მოქკავშირის”, “ნაციონალების” და მათი მსგავსი სხვა ანტიქართული ორგანიზაციების მკვებავი რეზერვუარია და ხელისუფლების პირადი შემადგენლობის დიდ უმრავლესობას ქმნის. არც პირველთა (პოტენციურ ჯალათთა), არც მეორეთა (პოტენციურ “კამსამოლათა” და “პარტმუშაკთა”) “გამოსწორების” პერსპექტივა არ არსებობს: მათზე მოქმედება შეუძლია მხოლოდ ძალისა და შიშის ენას. ამიტომ, არსებული ხელისუფლების პირობებში, მათი მხრიდან მოსალოდნელია მხოლოდ სახელმწიფო ღალატი _ ანტისახელმწიფოებრივი კანონების მიღება და ცხოვრებაში გატარება, არჩევნების გაყალბება, ძალადობა, კორუფცია და პირდაპირი სამხედრო ღალატი. საზოგადოების მიერ მათი უვნებელყოფისათვის ან მათ მიერ მიყენებული ვნების შემცირებისათვის, ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით, სამი ძირითადი საშუალება არსებობს. ერთია ბრძოლა ხელისუფლებიდან მათი მოცილებისათვის, მეორეა მათგან რაც შეიძლება მასობრივი და დემონსტრატიული გამიჯვნა მოსახლეობისა მთლიანად, რათა მათი წასვლის შემდეგ შესაძლებელი იყოს მათ მიერ მოყენებული ვნების გაბათილება მრავალ პარამეტრში, მესამეა არდაშვება მათ მიერ შემდგომი, საქართველოსთვის სასიკვდილოდ სახიფათო იურიდიული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისა.

წინამდებარე წერილის მიზანია ამ რიგის ორი ყველაზე დიდი საშიშროების მითითება, რომელიც საქართველოს დღეს მოელის მტრის მხარეზე მომუშავე და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიაზე ორიენტირებული მმართველი ძალების მხრიდან.

პირველი საშიშროება შემდეგია. რუსეთი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ცნობითა და ოკუპაციით საერთაშორისო-პოლიტიკურ ჩიხშია მოქცეული და გამოსავალს ეძებს. ასეთი გამოსავალია მისთვის “კონფედერაციის” _ დამოუკიდებელი საქართველო, “დამოუკიდებელი აფხაზეთი”, “დამოუკიდებელი” “სამხრეთ ოსეთი” _ შექმნა, რაც, თავისთავადვე, იურიდიულად საქართველოს მიერ ამ სეპარატისტული მარიონეტული “სახელმწიფოების” აღიარებას ნიშნავს. კონფედერაცია ჰქვია სახელშეკრულებო სახელმწიფოს, რომელიც იშლება მაშინათვე, როგორც კი ამას მოინდომებს მისი ერთი მონაწილე მაინც. ხსენებული კონფედერაციაც დაიშლება მისი ხელმოწერის მეორე, მესამე ან მეათასე დღეს მაინც. ამით რუსეთის პრესტიჟიც გადარჩება და რუსეთის ანტიქართული კავკასიური პოლიტიკის მიმართულებაც. რუსეთისათვის ამ გეგმას ის უპირატესობა აქვს, რომ მას შესაძლებელია გულგრილად ან დადებითად შეხედოს ამიერკავკასიაში სტაბილურობის მსურველმა დასავლეთმა იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება დათქმული, რომ არც აფხაზეთი და არც “სამხრეთ ოსეთი” არ მოითხოვენ კონფედერაციის დაშლას 20, 25, 30 წლის მანძილზე. იმ დროისთვის ამიერკავკასიაში რუსეთის მოთოკვის მექანიზმები დასავლეთისთვის საინტერესო აღარც იქნება, რადგან იმ დროისთვის რუსეთი უკვე განდევნილი იქნება ამ ზონიდან _ როგორც სამხრეთი ანუ ამიერკავკასიიდან, ისე ჩრდილოეთიდან (ვისაც რუკის და სტატისტიკური მონაცემების კითხვა შეუძლია, იმას ამაში ეჭვი ვერ შეეპარება). დაზარალებული ამ გეგმის მიხედვით მხოლოდ საქართველო რჩება. კონფედერაციის დაშლით შექმნილი ახალი “სახელმწიფოები”, რაკი ამ კონფედერაციაზე ხელის მოწერით საქართველომ ისინი უკვე აღიარა, ადვილად მონახავენ საერთო ენას დედამიწის ყველა ქვეყანასთან. ამ ანტიქართული პერსპექტივის დამალვა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურად განუვითარებელი ფენებისაგან ე.წ. ინფორმაციულ ვაკუუმში, სიცარიელეში, რომელშიც ეს ფენა იმყოფება, დემაგოგიაში გაწაფული ხელისუფლებისათვის ადვილი იქნება იმით, რომ ამ მოსახლეობას რამდენიმე ხნით _ ერთი დღიდან დაწყებულ და მაქსიმუმ 30 წლით დამთავრებული _ იგი დაანახვებს პოლიტიკურ რუკას, რომელზეც სოხუმი და ცხინვალი საქართველოს ფერებით იქნება შეღებილი, ხოლო რა იურიდიული ფორმა დგას ამის უკან, ამას ხალხი ვერ გაშიფრავს.

მეორე უშუალო საშიშროება, ისევ და ისევ რუსეთის ხსენებული საერთაშორისო-პოლიტიკური ჩიხიდან გამომდინარე, შემდეგია: რუსეთის რეალურად ეროვნული ძალები, რომელნიც იმპერიისა და სახელმწიფოს გეოსტრატეგიულსა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობენ (რა თქმა უნდა, არა ჰუმანისტურად და არა დემოკრატიულად) და არა საკუთარ პიარზე (ეს ძალები მეტ-ნაკლებად ჩრდილოვანნი არიან), ვერ იქნებიან პუტინისა და მედვედევის ადმინისტრაციის კმაყოფილნი რუსეთის ხსენებული საერთაშორისო-პოლიტიკური ჩიხის გამო. ამიტომ მაღალი ალბათობა აქვს იმას, რომ ამ ძალებმა მოიწადინონ ამ მმართველთა მოცილება იმავე აუცილებლობის ძალით და იმავე მოტივაციით, რომლითაც სტალინი მოიცილეს იმის გამო, რომ იგი არ მიდიოდა და ვერ წავიდოდა დათმობაზე დასავლეთის წინაშე მას შემდეგ, რაც ჩინეთთან ერთად წააგო კორეის ომი (ვერ წავიდოდა იმიტომ, რომ თავის ბიოგრაფიას დათმობით არ “გააფუჭებდა” რუსეთის ეროვნული ინტერესის ხათრით). პუტინის და მედვედევის მოცილება რუსეთს საშუალებას მისცემს შეარბილოს თავისი დაპირისპირება დასავლეთთან _ პირველ ყოვლისა და, კერძოდ, დათმოს საქართველოსადმი ღიად აგრესიული პოლიტიკის საკითხში და ამით გამოვიდეს დღევანდელი ჩიხიდან. ამიტომ პრაქტიკულად გარდუვალია, რომ ამ ძალებმა დღეს “წითელი კვერცეხის გორება” დაუწყონ საქართველოს და ამ “წითელ კვერცხთა” შორის ერთერთ მთავარ კვერცხად საქართველსთვის ამა თუ იმ ფორმით მისი ტერიტორიების დაბრუნება გამოიყენონ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი და მეორე ვარიანტი საქართველოსა და დასავლეთის “მოთაფლვისა” და დაბრმავებისა  _ კონფედერაცია _ და ეს ბოლო ვარიანტი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. შესაძლებელია, რუსეთის მიერ “კვერცხად” გამოყენებული შერბილების პირობა, უსირცხვილოდ და თავხედურად, ისევ და ისევ “კონფედერაციის” შექმნას გულისხმობდეს, ანუ რუსეთს სურდეს დასავლეთს კონფედერაციის გეგმა შესთავაზოს და თან დააყვედროს, ხომ ხედავთ, საქართველოს არაფერს ვერჩით, სოხუმსა და ცხინვალს მისი სახელმწიფოს შემადგენლბაში ვცნობთო.

რომელნი არიან რუსეთის ეს ფუნდამენტურად რუსული ძალები? ესენი (თუ თვალს მივაპყრობთ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფთ) არიან რუსეთის სამხედრო კასტა (პირველ ყოვლისა _ მაღალი ოფიცრობა, და რუსული ეკლესია _ რუსული სამღვდელოება, რომელიც, ტრადიციულად და ისტორიულად, საქართველოს მიმართ ერთერთი ყველაზე აქტიურად ნეგატიური ფენაა რუსეთის მთელს ფრიად და ფრიად შოვინისტურ მოსახლეობაში. სამხედრო კასტასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა ვიგულისხმოთ რუსეთის ძალოვნებიც და რუსეთის რეალურად მმართველი ფენაც, ე.წ. პოლიტიკური კლასიც საერთოდ. მაგრამ ის, რაც ადვილი დასანახავია ქართველი მოქალაქისათვის, რომელსაც აინტერესებს რუსეთის ძალთა განლაგება და განწყობილება, არ შეიძლება არ იყოს ცნობილი მედვედევისა და პუტინისათვის და მათი ადმინისტრაციისთვისაც. ამით _ და მხოლოდ ამით! _ აიხსნება ამ კარიკატურულად ანტიქართველი “დიქტატორისა” და “მიკრობონაპარტეს” რევერანსები საქართველოს მიმართ, რომელთა მოწმენი გავხდით ამ რამდენიმე დღის წინ. ამ მმართველებს არ უნდათ მტრული განწყობილება ხსენებული ფუნდამენტური რუსული ძალების მხრიდან, რომელთაც (პუტინისა და მედვედევის წინაშე პოლიტიკურ ბრძოლაში) ის უპირატესობა აქვთ, რომ, დიდი მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, არ არიან ისე შეზღუდულნი საკუთარი პიარის ინტერესებით, როგორც ისინი, ვინც ხილულად რუსეთის სათავეში დგანან.

ყოველივე აქ თქმული რომ ფუჭი ლოგიკური სქემა არ არის, არამედ რეალობაა, ამას ცალსახად მოწმობს საქართველოს მიმართ პუტინის ეს უკანასკნელი დემარში, ერთის მხრივ, და დ. აქუბარდიასა და შევარდნაძის უდავოდ რუსეთიდან შეკვეთილი დუეტი, მეორეს მხრივ. წამყვანი აქუბარდია ეკრანზე ეხვეწება რესპონდენტს შევარდნაძეს, “ბატონო ედუარდ, მოდით, კიდევ ერთხელ გადაარჩინეთ(!) საქართველო:  კონფედერაციის იდეა გააჟღერეთო”.

რაში მდგომარეობს რუსეთის ხსენებული მეორე წინადადება საქართველოსადმი და როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ მას? ეს მთავარი საკითხი გახლავთ და მისი პასუხის გასაცემად რამდენიმე ანალიზური ნაბიჯის გადადგმა გვმართებს. აქ შესაძლებელია ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ რუსეთის წინადადება გულწრფელია ანუ რეალურია, მეორე კი ის, რომ ეს წინადადება მხოლოდ მახეა, ანუ მისი წამოყენება და შემოთავაზება იმ მიზნით ხდება აქედანვე, რომ მასში შესული პირობა მომავალში დარღვეულ იქნას.

დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ანუ იმით, რომ რუსეთის მიერ საქართველოსათვის შემოთავაზებული გეგმა რეალურია, “გულწრფელია”. ადვილი მისახვედრია, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან თავისი პოლიტიკის შეცვლის სანაცვლოდ. ეს სხვადასხვა კონტექსტებში არაერთხელ გაჟღერებულიც გახლავთ რუსეთის მიერ: ეს არის საქართველოს მიერ ხელის აღება სამხედრო და პოლიტიკურ მოკავშირეობაზე დასავლეთთან. ეს მოთხოვნა ძალიან ანალოგიურია იმ მოთხოვნისა, რომელსაც ირანი აღა-მაჰმად ხანის პირით და სხვა დროსაც უყენებდა საქართველოს: “აიღეთ ხელი სამხედრო და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე რუსეთთან”. დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივილიზებულობისა და ტექნიკური განვითარებულობის თვალსაზრისით დაახლოებით იგივე პროპორციაა, რაც მაშინ იყო ევროპეიზირებულ რუსეთსა და შუა საუკუნეებიდან ოდნავ გამოსულ ირანს შორის, მაგრამ არის არსებითი განსხვავებაც: რუსეთსაც და ირანსაც, ორივეს ერთად, ორივეზე უფრო ძლიერი საერთო ზედამხედველი ჰყავდათ დასავლეთის სახით, ახლანდელ დასავლეთს კი დედამიწაზე ზედამხედველი არა ჰყავს. ამიტომ დღეს დადგენილ ურთიერთობებს მხარეებს შორის, თუკი ეს დადგენა მოხდა ისტორიულად მოკლე დროში, დამრღვევი არ ჰყავს, როგორც დასავლეთმა ააღებინა რუსეთს ხელი თავის ყოფილ კოლონიებზე 1991 წლის ბოლოს. მისაღებია თუ არა საქართველოსთვის რუსეთის ხსენებული წინადადება? ამ კითხვის პასუხს რამდენიმე განმსაზღვრელი პარამეტრი აქვს.

პირველი. რა მოხდება დღესვე იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის მოკავშირეობაზე დასავლეთთან? პასუხია: დასავლეთი არ აიღებს ხელს ამიერკავკასიის ტერიტორიის პირწმინდად სტრატეგიულ დაცვაზე, ანუ კავკასიის ყელის რუსეთისათვის არდათმობის პოლიტიკაზე, რადგან ეს პოლიტიკა დასავლეთისათვის (პირველ ყოვლისა, ამერიკელებისათვის) სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ იგი აიღებს ხელს ამიერკავკასიის შიგნით საქართველოს სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო ინტერესების აქტიურ გათვალისწინებაზე. სწორედ ასეთი ინტერესია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სხვა სიტყვით: იგი თავის გეგმებსა და ზრახვებში ასე თუ ისე შეურიგდება რუსეთისაგან თავისუფალ ამირკავკასიას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი, არამედ 18 სხვადასხვა მიკროსახელმწიფოს დროშა იფრიალებს. რა თქმა უნდა, ეს მეორე ვარიანტი თავისი სტრატეგიული ხასიათით დასავლეთისთვის ნაკლებ სასარგებლოა, ვიდრე პირველი, ანუ ის, როცა საქართველოში ერთი დროშაა, საქართველოს დროშაა, მაგრამ მის დიდ პოლიტიკასთან, _ შუა აზიაში გასვლის ამოცანასთან _ მაინც თავსებადია. საქართვე¬ლოსთვის კი მოვლენათა ეს განვითარება სახელმწიფო სიცოცხლესთან შეუთავსებადია.

მეორე: რა მოელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გეგმა საქართველოს თავისკენ შებრუნებისა გულწრფელია და თუ იგი განხორციელდა? პასუხია: არაფერი და ვერაფერი სხვა გარდა რუსეთის აქტიური პოლიტიკისა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ერის, ერთხელ და სამუდამოდ პარალიზაციის, მისი, ფაქტობრივად, მოსპობის მიმართულებით წაყვანა. ამ თითქოსდა უცნაური თეზისის დასაბუთება მკითხველისათვის არაერთხელ უკვე მოწოდებული გახლავთ. ეს საბუთი ისაა, რომ რუსეთმა იცის თავისი არაკონკურენტუნარიანობა მცირე ერთან ურთიერთობაში, ანუ იცის, რომ მასზე უკეთეს პირობებს ინდივიდუალური და ეროვნული ცხოვრებისა და განვითარებისათვის ამ პატარა ერს შეუქმნიან მისი დამორჩილების ან მასში გავლენის მოპოვების სხვა პრეტენდენტები. ამიტომ რუსეთი თავის პატარა პარტნერს ვერ ელაპარაკება მშვიდად, თუ ეს უკანასკნელი ფეხზე დგას. იგი დაწყნარებულია მხოლოდ მაშინ, როცა ეს პარტნერი გულაღმაა დამხობილი და გულზე რუსული ჩექმა აქვს დაბიჯებული. საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოს ხილვა უნდა მხოლოდ დაშლილი, დაუძლურებული, დემოგრაფიულად დექართველიზებული და უვიცი ბრბოს დონემდე დაყვანილი ადამიანებით დასახლებული სახით. საკუთრივ სტრატეგიული თვალსაზრისით კი, რუსეთის ამ კონცეფციაში საქართველოს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ იყოს გაუვალი (გზებდანგრეული, ინფიცირებული და ა.შ), რათა დასავლეთმა ვერ გაიაროს შუა აზიისაკენ და ვერ დაიკავოს იქ (თავისი მაღალი კონკურენტუნარიანობის წყალობით) ისეთი მყარი პოიზიცია, რომელიც შეაძლებინებს მას, რომ მზად იყოს სტრატეგიული სირთულეებისათვის, თუ შეიკვრება და განვითარდება რუსულ-ჩინური ალიანსი დასავლეთის წინააღმდეგ (ის, რომ რუსეთი და ჩინეთი სწორედ ამ კავშირის შექმნის პოლიტიკას დაადგებიან იმ წამიდან, როცა იმედი გაუჩნდებათ, რომ დასავლეთის ძალას თავისი ერთობლივი ძალებით გაუმკლავდებიან, ან კიდევ უკეთესი _ გადააჭარბებენ, შეუძლებელია არ იცოდეს დასავლეთმა). ამ რუსულ-ჩინურ ალიანსს დასავლეთი ვერ შეუქმნის დაბრკოლებას ვერც ევროპიდან, ვერც არქტიკიდან, ვერც წყნარი ოკეანიდან. ეს მას მხოლოდ ცენტრალური აზიიდან შეუძლია.

მესამე. ვინ იგებს მესამე მსოფლიო ომს, რომელიც უკვე მიმდინარეობს შერეული (ანუ ცივი და ცხელი ეპიზოდების მომცველი) ფორმით _ დასავლეთი თუ მისი მოპირდაპირე ბანაკი ანუ ჩინეთის, რუსეთისა და ისლამური ქვეყნების დიდი ნაწილის ჯერჯერობით გაუფორმებელი ალიანსი? პასუხია: იგებს დასავლეთი, მაგრამ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ზეგანვითარებული წამყვანი ქვეყნები ტექნოლოგიურად და ინდუსტრიულად ააყვავებენ ლათინურ ამერიკას, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ააყვავეს სსრკ (სხვანაირად ჩინეთის რესურსებს დასავლეთი ვერ გაუმკლავდება). ამგვარად, თუ საქართველომ ამჯერად მისთვის მოწოდებულ რუსულ სატყუარას დაუთმო და აჰყვა, ანუ მესამე მსოფლიო ომში რუსული პოლიტიკა გაატარა, საქართველო იქნება მესამე მსოფლიო ომში დამარცხებულთა ბანაკში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომისშემდგომი მსოფლიო დარეგულირების პროცესში ანგარიში არ გაეწევა საქართველოს არანაირ ინტერესებს გარდა ისეთებისა, რომელთა შელახვა დაუშვებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის რეალურად არსებული დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური და სხვა ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ არა მის იმ ინტერესებს, რომლებიც გამომდინარეობს მისი ისტორიული უფლების, სუვერენიტეტის, კულტურის, მორალისა და სხვა ანალოგიური მოტივებიდან. მართალია, მოსალოდნელი არაა, რომ მესამე მსოფლიო ომი ისევე დასრულდება ერთი მხარის უპირობო კაპიტულაციით, როგორც დასრულდა მეორე, მისი შედეგი იქნება ერთი მხარის მიერ მეორე მხარის შევიწროება ზავის საკუთარ პირობებზე დათანხმების სახით და არა მისი დაჩოქება ან მიწაზე გართხმა. მაგრამ წაგებული მხარის დარჩენილი ძალებისა და მათი დარჩენილი კონფიგურაციის ფაქტორი როლს ითამაშებს მხოლოდ მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობის განსაზღვრაში. მანამდე, ანუ მესამე და მეოთხე ომის შუალედში, გამარჯვებულთა ნება ყოვლისგანმსაზღვრელი იქნება და დამარცხებულთა ბანაკში მყოფ პატარა ქვეყანას კარგი არაფერი მოელის.

მეოთხე კითხვა. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, ერთის მხრივ, რუსულ ბანაკში, რომელშიც, თითქოს, გვეპატიჟებიან, და, მეორეს მხრივ, დასავლურ ბანაკში, რომლისკენაც ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მიისწრაფვის ტრადიციულადაც და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ნგრევის პოლიტიკა, რასაც შევარდნაძის ადმინისტრაციაც ახორციელებდა და სააკაშვილისაც განაგრძობს, ხდება “დასავლური ღირებულების” სახელით სპეციალურად იმისთვის, რომ დასავლეთს საქართველოში სახელი გაუტეხოს? პასუხია: განჭვრეტად მომავალში (და არა მხოლოდ ხვალ და ზეგ) კაცობრიობის ლიდერად დასავლეთი რჩება და არა აღმოსავლეთი.  თანამედროვე პოლიტიკური მოდელების მთავარ არჩევანში _ “ორგანიზაცია თუ თავისუფლება”? _ რომლის გონივრული პასუხი მხოლოდ ამ ორი პრინციპის ოპტიმალური შეზავება შეიძლება იყოს, რეალისტური და პერსპექტიული ორიენტაცია დასავლეთს აქვს განხორციელებული და არა აღმოსავლეთს, მით უმეტეს _ არა რუსეთს. დასავლური ორგანიზაცია დამყარებულია თვითორგანიზაციაზე მონაწილეთა საკუთარი თავისუფალი ნებით და თვით სახელმწიფოც ამ თვითორგანიზაციის გაგრძელებაა. ორგანიზაციის ამ ფორმაში ინდივიდის შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა არ ხდება და ამაშია ამ ორგანიზაციის ძალა. აღმოსავლური ბანაკის ქვეყნები კი ისტორიულად დესპოტიები არიან _ ზოგი გონივრული, როგორც ჩინეთისა, ზოგიც თითქმის ბარბაროსული და, ამდენად, მხეცური, როგორც რუსეთისა. იქ ორგანიზაციას, დიდ მასშტაბში აღებულს, საზოგადოების შემადგენელ პიროვნებათა ნებაყოფლობითი თვითორგანიზაციის ფორმა არა აქვს, ორგანიზაცია თითოეული მათგანისთვის გარედან და ზემოდან მოსული წესია. ამიტომ პერსპექტივაში, ძალიან დიდი ხნით, დასავლეთი ინტენსიური განვითარების არეალი იქნება, აღმოსავლეთი კი მასთან შედარებით (მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შედარებით) სტაგნაციისა. განსაკუთრებით ეხება ეს რუსეთს. საქართველო კი, ისტორიულად და ტრადიციულად, დასავლური ტიპისა და მენტალური წყობის ქვეყანაა. ჯერ ერთი, იგი ქრისტიანულია, მაშასადამე, ინდივიდუალური ადამიანის თავისუფლებისა და უსასრულო ღირებულების მცნობი. (ცნობილი დებულება, რომ რუსეთი სიღრმისეული სულისკვეთებით ქრისტიანული არ არის, იმას ემყარება, რომ იქ ინდივიდის ეს აბსოლუტური ღირებულება შესისხლხორცებული არა აქვთ). მეორეც, საქართველოს 5/6-ს თავისი ისტორია გატარებული აქვს ფეოდალიზმის პირობებში, რომელიც შუა საუკუნეების დემოკრატიაა (დესპოტიისგან განსხვავებით), 1/6-ს კი (სახელდობრ, მთას) ე.წ. “სამხედრო დემოკრატიის”, თემობის პირობებში. ანუ: საქართველო, თავისი ჩრდილოეთი და სამხრეთ მეზობლისაგან განსხვავებით, დემოკრატიული სულისკვეთების ქვეყანაა. მესამეც, ქართველი ხალხის ტრადიული მიდრეკილება განათლებისაკენ და თავისუფალი ინიციატივისაკენ მას პერსპექტივას სწორედ ამ ცივილიზაციის წიაღში აძლევს. და ბოლოს, მეოთხე, დასავლეთის ალიანსში ყოფნა საქართველოს გეოპოლიტიკურად აქტიურ პოზიციაში ათავსებს, სახელდობრ, საქართველო არის საკვანძო პუნქტი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კავშირურთიერთობისათვის, ხოლო აღმოსავლურ ბანაკში საქართველოს ყოფნა მას, უფრო სწორად, _ მის ტერიტორიას მხოლოდ აღმოსავლეთისკენ დასავლეთისთვის გზის ჩაკეტვის ფუნქციას აკისრებს. ამ ფაქტების შეხსენება ქართველი საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიულ ლოგიკას და დედამიწის გეოპოლიტიკური ევოლუციის წარსულსა და დღევანდელ ლოგიკას ფლობს, საჭირო არ არის. მაგრამ იმ ნაწილისათვის, რომელიც, საქართველოს დღევანდელი დაცემისაგან გამწარებული, მზადაა, რომ რუსულ პროპაგანდას აჰყვეს, ამ გარემოებათა შეხსენება აუცილებელია. ამ ადამიანებმა უნდა შეიგნონ: რუსეთის წინადადების მიღება თუნდაც იგი ამ კერძო შემთხვევაში გულწრფელი იყოს, საქართველოსთვის სიკვდილია.

რასაკვირველია, იმის თქმა, რომ დასავლეთთან სამხედრო კავშირის გარეშე საქართველოს გადარჩენა (სახელდობრ, რუსეთისაგან თავის დაცვა) არ შეუძლია, არ ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთთან ამ კავშირის შემთხვევაში მას გადარჩენა შეუძლია. ამ მეორე თეზისს თავისი საკუთარი დასაბუთება სჭირდება. ამ დასაბუთებას დაინტერესებული პირი თავისუფლად იპოვის სტატისტიკაში, რომელიც გვეუბნება, რომ რუსეთის მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია შეერთებული შტატებისაზე და ორნახევარჯერ ევროპისაზე, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ ნაკლებია შეერთებული შტატებისაზე და ამდენჯერვე ევროპისაზე, რომ განსხვავება (ტექნოლოგიური დონისა და შეიარაღებისა) დასავლეთს და რუსეთს შორის მუდმივად მზარდია, და მრავალ სხვა ანალოგიურ მონაცემში; იპოვის მას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, საიდანაც ჩანს, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი ამიერკავკასიისადმი თავისი ინტენსივობით აღემატება რუსეთისას, რომელსაც ამ რეგიონისგან სხვა აღარაფერი უნდა, გარდა მისი გადაქცევისა დასავლეთისათვის შუა აზიისკენ გზის ჩამკეტ ზონად. იპოვის მას მსოფლიოს მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების ზოგად სურათში, რომელიც იმაზე მეეტყველებს, რომ მანძილის ფაქტორი ძალოვანი მიმართებების განსაზღვრაში თანდათანობით მცირდება და რომელიმე “ა” სუბიექტისა და “ბ” სუბიექტის ჭიდაობას დაახლოებით ერთიდაიგივე შედეგი ექნება იმის მიუხედავად, კავკასიაში ჭიდაობენ ისინი თუ არგენტინაში ან ანტარქტიდაში. (ამ უკანასკნელი ფაქტიდან გამომდინარეობს, სხვათა შორის, ობამას მიერ გაჟღერებული და ამიერიდან ალბათ უკვე შეუვალი პრინციპიც “არავითარი გავლენის ზონები გეოგრაფიული სიახლოვის ბაზაზე”). დასკვნა ნათელია: დასავლეთი თავის ჰეგემონურ პოზიციებს მსოფლიოში ინარჩუნებს და განჭვრეტად მომავალშიც შეინარჩუნებს როგორც თავისი ორგანიზაციული ფორმის უპირატესობის, ისე მისგან გამომდინარე უზარმაზარი მეცნიერულ-ტექნოლოგიური უპირატესობის გამო. ხელმოწერები საქართველოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნაზე, რეალურად კი _ რუსეთისადმი ყოვლად გაუმართლებელ ნდობაზე, რასაც რუსეთის მრავალრიცხოვანი აგენტურა მოსახლეობის გულუბრყვილო ნაწილში აგროვებს, ობიექტურად არის მცდელობა საქართველოს კიდევ ერთხელ მოქცევისა კაცობრიობის გარდაუვლად წაგებული და, ამავე დროს, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ცალსახად მტყუანი სახელმწიფოების ბანაკში.

მაგრამ ზემოთქმულით ჩვენი ქვეყნის ისტორიული გადარჩენის საკითხი არ ამოიწურება. ეს რომ, სამწუხაროდ, ასეა, იმ მარტივი ფაქტიდან ჩანს, რომ დასავლეთი დიდი სიამოვნებით ითმენდა და ითმენს (ჯერ შევარდნაძის, ახლა კი სააკაშვილის სახით) საქართველოში, ანუ თავის პარტნერ სახელმწიფოში, ისეთ მმართველთა ყოფნას, რომელთა რუსული დაქვემდებარება და პირდაპირი სამსახური ეჭვს არ იწვევს. ამ მძიმე ფაქტს ერთადერთი ახსნა აქვს: ქართველი პოლიტიკოსის ის თვისება, რომ იგი მზადაა ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღოს საქართველოს რეალური ქართული სახელმწიფოს აშენების გეგმაზე და ორიენტაცია აიღოს საქართველოს სტრატეგიულად უძლური, უინდუსტრიო და უგანათლებო, მარტოოდენ წვრილი მოვაჭრეებითა და მოსამსახურე პერსონალით დასახლებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, კმარა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკოსი მისაღებ ფიგურად ჩაითვალოს (და, პირიქით: ამ ეროვნული ღალატისათვის არამზა პიროვნება მისაღებად არ ჩაითვალოს). ამ ვითარების უცვლელად დატოვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება,. მაგრამ ეს სენი სასიკვდილო არ არის, ვინაიდან იგი განკურნებადია. ჩვენი დიდი მოკავშირეების გონების შეტრიალება ჭეშმარიტებისკენ ჩვენი თავის შესახებ ჩვენ შეგვიძლია, ანუ ჭიდაობა და ბრძოლა ღირსეული და სამომავლოდ პერსპექტიული ადგილისათვის დასავლეთის ალიანსში, რომელშიც ერთგულ წევრებად  ყოფნა გვინდა, ჩვენ შეგვიძლია იმ ძალიან მარტივი ჭეშმარიტების ახსნა ჩვენი მოკავშირეებისათვის, რომ მათი ერთადერთი ნამდვილი მოკავშირე საქართველოში არის ქართველის ის ტიპი, რომელსაც ქართველი პატრიოტი და საქართველოს სახელმწიფოს მშენებელი ჰქვია. ჩვენ ძალგვიძს. ოღონდ ამას სხვა ადამიანური მასალისგან შექმნილი და სხვა სულისკვეთების მქონე ხელისუფლება სჭირდება, ვიდრე გვყავს.

მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა ყოვლისშემძლე პარტნერებმა ჩვენი რაგინდარა კარგად დასაბუთებული განმარტება არ შეისმინეს და გვიპასუხეს: “არა! ან თქვენ ააშენებთ ისეთ ფსევდოსახელმწიფოს, როგორსაც ძალიან საშუალო გონების და ძალიან შეზღუდული შემოქმედებითი ფანტაზიის მქონე ადამიანები მოიფიქრებენ და გიკარნახებენ, ან ხელს აგაღებთ და დაუცველს მიგატოვებთ დიდი ურჩხულის _ რუსეთის და პატარ-პატარა ტურებისა და სვავების პირისპირ”? ეს, თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, სავსებით ასეთნაირად არ მოხდება (რადგან რუსეთის გახარება ახალი ლუკმით არავის უნდა), მაგრამ შესაძლოა მაინც ნაწილობრივ მოხდეს, რადგან პატარ-პატარა სვავების გახარება არავის აშინებს. მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ მზად ვიყოთ იმ შემთხვევისთვისაც, რომ ეს მოხდება ნაწილობრივად და მთლიანადაც (ვალდებულნი ვართ თუნდაც იმისთვის, რომ ამის მოხვდომის ალბათობა შევამციროთ). უნდა ვიცოდეთ, რომ, თუ ეს მოხდა, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ იმ საშუალებებით, რომელიც დაგვრჩება, დაწყებული სხვადასხვა საერთაშორისო-ეკონომიკური სტრუქტურების მოაზრებითა და შექმნით, რომლებიც ჩვენ გამოგვადგება (მაგალითად, საქართველოს შესაძლებლობათა გამოყენებით ჩვენი სამეზობლოს პროდუქციის ექსპორტისათვის შავი ზღვის აუზში და, შესაბამისად, მისი იმპორტით) და დამთავრებული პარტიზანული ბრძოლით დამპყრობლის წინააღმდეგ, რეალური პრინციპული დაპირისპირებით მასთან გაეროში, სადაც კარიკატურული და საზოგადოებისათვის ყოველმხრივ მიუღებელი ლომაიას ნაცვლად ნამდვილი უნარიანი და საქმის ერთგული წარმომადგენელი გვეყოლება, და მრავალი სხვა რამით. ჩვენს ამ წმიდა ომში საქართველოს სიცოცხლისათვის არ იქნება ჩართული არც საქართველოს პოტენციურად ჯალათი მოსახლეობა არც ქართველი კომკავშირელი მოსახლეობა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, არც მისი დანარჩენი მოსახლეობის შედარებით პასიური ნაწილი. ასეთი ბრძოლა ყველა დროსა და ქვეყანაში ელიტარული ამოცანაა. მასში, სავარაუდოა, ფართო მონაწილეობას მიიღებს დღეს საქართველოდან დასავლეთში გასული მისი მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილიც. ეს ბრძოლა უშედეგო არ იქნება და ვერ იქნება, ვინაიდან 140-მილიონიანი რუსეთის შემდგომი დარჩენა დედამიწაზე დაუფარავი საერთაშორისო მოძალადისა და დედამიწის მინერალური რესურსების 40%-ის მფლობელის როლში ბუნების საწინააღმდეგოა და, ალბათ, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამ ბრძოლის წარმატება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა შესაძლო წარმატება, გადამწყვეტი ზომით იქნება დამოკიდებული ადამიანთა ხარისხზე. ამიტომ საქართველოს ლოგიკურად პირველი და რიგით პირველი მიზანია თავისი საკუთარი ადამიანური რესურსებიდან გამორჩევა და შექმნა ნამდვილი მებრძოლი ელიტისა, რომელიც საქართველოს მომავალი ლიდერი ფენა, “მარილი ქვეყნისა” უნდა გახდეს.

 

“საქართველო”

01.2010

2 Responses to “♦ ნ. ნათაძე – ფრთხილად, სასიკვდილოა!”

  1. ლომისა said

    გთავაზობთ „დიდგორის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოსაზრებებს ბ-ნ ნოდარ ნათაძის ამ წერილთან დაკავშირებით.

    ნათაძე წერს: “მეოთხე კითხვა. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, ერთის მხრივ, რუსულ ბანაკში, რომელშიც, თითქოს, გვეპატიჟებიან, და, მეორეს მხრივ, დასავლურ ბანაკში, რომლისკენაც ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მიისწრაფვის ტრადიციულადაც და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ნგრევის პოლიტიკა, რასაც შევარდნაძის ადმინისტრაციაც ახორციელებდა და სააკაშვილისაც განაგრძობს, ხდება “დასავლური ღირებულების” სახელით სპეციალურად იმისთვის, რომ დასავლეთს საქართველოში სახელი გაუტეხოს? პასუხია: განჭვრეტად მომავალში (და არა მხოლოდ ხვალ და ზეგ) კაცობრიობის ლიდერად დასავლეთი რჩება და არა აღმოსავლეთი.”

    1) დასავლურ ბანაკში მიისწრაფვის თურმე ტრადიციულად ქართველი მართლმადიდებელი ერი? ნეტა რომელ დასავლეთში: კათოლიკურში, პროტესტანტულში, ანგლიკანურში, ლუთერანულში, თუ “იეღოვას მოწმეთა” პენსილვანიის საგუშაგო კოშკში? ნუთუ, იმ დასავლეთში, სადაც მართლმადიდებლობა დამხობილია, ანტიქრისტეს ტახტი უკვე დადგმული აქვს და მალე განდიდდება სატანა, როგორც ღმერთი? პატივცემულო ბატონო, ერს მარტო ფიზიკურ გადარჩენაზე კი არ უნდა უქადაგოთ, არამედ უპირველესად სულიერზეც, და სულიერ ხსნასა და გადარჩენაზე რომ უქადაგოთ, ჯერ საჭიროა რომ, მართლმადიდებელი ბრძანდებოდეთ, განსწავლული წმინდა წერილით და სჯულის კანონით, რათა მრავალტანჯულ ქართველ ერს მ. სააკაშვილისნაირი ახალი ეშმაკი არ დაასვათ თავზე.
    ––––––––––––
    შემდეგ ნათაძე წერს: “ეს ბრძოლა უშედეგო არ იქნება და ვერ იქნება, ვინაიდან 140-მილიონიანი რუსეთის შემდგომი დარჩენა დედამიწაზე დაუფარავი საერთაშორისო მოძალადისა და დედამიწის მინერალური რესურსების 40%-ის მფლობელის როლში ბუნების საწინააღმდეგოა და, ალბათ, დიდხანს ვერ გაგრძელდება.”

    2) არ შემოგწყრეთ, ბატონო, თქვენ, უფალთან და ღვთისმშობელთან სასუფევლად დავანებული რუს ერზე მლოცველი წმინდა სერაფიმე საროველი, სერგი რადონეჟელი და უფლისათვის სამსხვერპლოზე სიცოცხლის მიმტანი სხვა რუსი წმინდანები და ახალმოწამენი. ცოტა გაწყვიტა დამპყრობლურ ომებში ხალხთა უდანაშაულო მასები ან ამერიკამ, ან გერმანიამ, ან ინგლისმა და ასე შემდეგ? რუსეთში ნუ ეძებთ პრობლემას, არამედ აი ამ წერილში ეძებეთ და შეიმეცნეთ რას გაფრთხილებთ უფალი:
    „თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს, გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე“.

    “თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ, ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი;”

    იცავს კი უფლის მცნებებს საქართველო? მისი ეკლესიის მეთაური და “წმინდა” სინოდი? იქნებ, არც კი იცის მან, თუ რამხელა ღალატში უდგას ფეხი და როგორ გასცა იუდასავით ქართველმა ეკუმენისტმა სამღვდელოებამ ღმერთი? დასავლეთისკენ მივისწრაფვით არა? ნამდვილად მიისწრაფვით თქვენ დასავლეთისკენ შორენა ბეგაშვილის, ნანკა კალატოზიშვილის, და ზოგადად ყვითელი ეროტიკული მასმედიის მეშვეობით! და სწორედ ამიტომაც რუსეთის საშუალებით სჯის უფალი საქართველოს, აი, ზუსტად ასეც:

    “თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.”

    http://didgori.wordpress.com/2008/09/26/wmindanad-sheracxva
    –––––––––––––––––––––
    საით “დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

    Like

  2. ზემოთ გვსურდა ამ წერილის ბმულის განთავსება.

    „მღვდ. გ. სხილაძე – „დიდგორის“ მოთხოვნა სამართლიანია“

    http://didgori.wordpress.com/2008/09/26/didgoris-motxovna-samrtliani/

    Like

დატოვე კომენტარი