Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ხიზნის ფიქრები

ხიზნის ფიქრები სამშობლოს ბურუსით მოცულ მომავალზე

დედა სამშობლო ავ დედინაცვლად გვიქციეს ქართველებს, როგორც სამშობლოდან გადახვეწილებს, ასევე მანდ დარჩენილებს. ქვეყნის მოსახლეობას აევსო მოთმინების და გამძლეობის ფიალა. გაუსაძლისმა ყოფამ, დამცირებამ, აბუჩად აგდებამ, სიღატაკემ, შიმშილმა და სიცივემ, განუკითხაობამ, უსამართლობამ, კაცთაკვლამ თავისი ჰქნა და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ძნელად თუ მოიძევ საქართველოს ისტორიაში ისეთ ხანას, რომელიც დღევანდელ დროებას შეედრება. გავიმეორებთ მრავალჯერ თქმულს: ბოლოდროინდელი კატასტროფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, დაცემა-გადაგვარება ერისა და ეროვნული თვითშეგნებისა სათავეს იღებს 1991-92 წლებში საქართველოში განხორციელებული კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებიდან.

საქართველოს აცამტვერებენ, წერტილს უსვამენ მის არსებობას შევარდნაძე და მის საშოდან შობილი უსახური ადამიან-ამფიბიები. ჩვენს სამშობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საწინდარია კიდევ უფრო უარესისა.

ბურთი და მოედანი პოლიტიკურ სარბიელზე კვლავ, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისერი ხალხის ხელშია. ყოველივე ამან გამოიწვია ნოემბრის დასაწყისში აზვირთებული საერთო სახალხო მოძრაობის კრახი. სახალხო მღელვარების გამოყენება სცადა მოქმედი რეჟიმის ოპოზიციად შერაცხულმა სხვადასხვა ფერის, წარმომავლობისა და მიმართულების გაერთიანებულმა “პოლიტიკურმა” ძალებმა. მიუხედავდ იმისა, რომ დღევანდელი მმართველი რეჟიმის “მოწინააღმდეგე” მხარეს პროფესიონალ პოლიტიკოსებაზე, ბრძენთა-ბრძენობაზე აქვს პრეტენზია, იგი აღმოჩნდა უსუსური, უგნური. გარდა ჭკუა-გონებისა, ნიჭიერებისა, აქ უმთავრესი ისევ და ისევ ისაა, თუ ვის უჭირავს ამა თუ იმ აქციის სადავეები, ვინ არიან ისინი, საიდან მოვიდნენ, როგორ განვლეს გზა დღევანდლამდე. რამდენად უანგარო და წმინდაა მათი ქმედება, რა დგას ყოველივე ამის უკან – საკუთარი მიზნები, ქვენა გრძნობები თუ ქვეყნის გადარჩენის სურვილი და სწრაფვა, თუ უცხო შავბნელი ძალების მერ შექმნილი სცენარით ვითარდება ყოველივე? აი, ეს არის მთავარი! ჩვენის ღრმა რწმენით, სამამულო საქმეში გამარჯვება მხოლოდ სუფთა სულისა და გულის ადამიანებს შეუძლიათ და არა ქვებუდანებსა და ავაზაკებს, ხოლო რამდენად სუფთა და უხინჯო არის მათი უმრავლესობა, ეს ყველამ ვიცით.

ჩვენ გვაქვს გუშინდელი მაგალითი ზნეობრიობის გამარჯვებისა, როდესაც ერთი პიროვნების ზნეობრივმა სიწმინდემ, თავდადებულმა მამულიშვილობამ სძლია უზარმაზარ მანქანას ბოროტებისას. იქნებ შემოგვედაოს ვინმე, რას ვეძახით გამარჯვებას? არა ბატონებო, რაც 1992 წელს მოხდა ის დამარცხებაა იმ ბედკრული საზოგადოებისა, რომელშიც მოუწია ცხოვრება ჩვენს ქართველ მეფე მათეუშს! დიახ, დიახ, ეს დამარცხებაა იმ საზოგადოებისა, რომელმაც იარაღი აისხა სიკეთის, ადამიანობის, მამულიშვილობისა და უფლის წინააღმდეგ! დამარცხებაა მონობაში აღზრდილი საზოგადოებისა, რომელსაც არ აქვს უნარი თავისუფალი აზროვნებისა, განსჯისა, არ გააჩნია უნარი ბოროტების და კეთილის, სიწმინდისა და უწმინდურობის გარჩევისა. ეს საზოგადოება მოკლებულია ღვთიურ მადლასა და სულს! აი, ის დამარცხდა და არა საქართველოს მაშინდელი ჭირისუფალი, რომელიც თვით იყო განსახიერება სამშობლოს თავისუფლების და აღორძინების იდეისა! ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მითად, ხოლო აღსრულებამ სამუდამოდ დაუმკვიდრა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!

ის რომ დაუმარცხებელია ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ბზობის დღემ – პირველმა აპრილმა! განდევნილები და დამარცხებულები, თუნდაც გარდაცვლილები ასეთი დიდებით, ასეთი ტრიუმფით არ და ვერ უბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, თავიანთ ხალხს, რომელსაც მან ყოველივე უანგაროდ შესწირა, ტარიგად მიიტანა მის საკურთხეველზე მისი სიცოცხლე, სანთლად მისი გული დაუნთო და ზეცად აღევლინა, ან კი რა უნდოდა ჩვენს შორის, ვართ კი მისი ღირსი რომელიმე? მან ხომ ყოველი ქართველის ცოდო-ბრალი თვით იტვირთა ჩვენდა სახსნელად და ისე მიეახლა უფალს! ცისქვეშეთის საქართველოში კი დარცხვენილმა და მის წინაშე შერცხვენილმა მართალმა ქართველმა კაცმა გულში ჩაიკრა მისი წმინდა ძვლები, ეთაყვანა და ისე მიაბარა მთაწმინდის წმინდა სავანეს! ის პირველი აპრილი, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იყო ყველაფერი! ამ დღემ სამარადჟამოდ შემოსა ის უკვდავების შარავანდედით და ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უჭკნობი დაფნის გვირგვინით შეუცვალა!

მთელი გულისყურით ვადევნებდით თვალს ნოემბრის დღეებში მიმდინარე მოვლენებს, ტელე-ეკრანს არ ვშორდებოდით, თითქმის ყველა გამომსვლელს მოვუსმინეთ, ცალკე კიდევ ტელე-გადაცემებში მონაწილე პირებსაც ვუსმენდით. ისევ ძველი გვარდია, ისევ ისინი, ვისაც შევარდნაძემ მადლი უძღვნა, ისევ ის უღირსებო “ღირსების” ორდენოსანთა ამალა! არვის, არც ერთს არ უთქვამთ ის უმთავრესი, თუ რა არის მიზეზი ჩვენი გაუსაძლისი ყოფისა, ყოფნა-არყოფნის წინაშე დგომისა. ანდა რას იტყოდნენ, როცა თვით არიან მთავარი გმირები იმ ტრაგედიისა, რომელიც 1992 წელს დაატყდა ჩვენს სამშობლოს თავს, განა ამათ არ დაანთეს ის ცეცხლი, რომელმაც გადაბუგა სრულიად საქართველო? განა ამათ არ გალეწეს სისხლის კალო ჯერ რუსთაველზე და შემდეგ მთელს საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელიც იმხანად საქართველოს ვანდეა იყო? ესენი არ გაჰკიოდნენ – გადაბუგეთ გველების ბუდეო? ჩვენთვის ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და ამაზრზენი, სულში ჩამფურთხებელი იყო გამოსვლა იმ არაკაცისა რომელმაც იჯევანამდის ჩასდია დევნილ პრეზიდენტს და სომეხთა პრეზიდენტისგან მოითხოვდა ლტოლვილების გადაცემას. კიდევ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, მაგრამ ეს კი მეტისმეტი უზნეობა იყო! აბა, რომელს გაახსენდა იმ პერიოდის შვილმკვდარი დედები, რომლებიც დღესაც ელიან სამართალს, რომელმა ახსენა გურამ შარაძის ვერაგული მკვლელობა და ა.შ და ა. შ. საერთოდ, რომელს გაახსენდა, რომ საქართველოს დღესაც ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, რომელმა მოითხოვა მისი აღდგინება? რას აღადგენენ, იმას, რომელიც თვითვე დაამხეს და განდევნეს?!

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ მათი ამჟამინდელი გულისწყრომა პირადულიდან მომდინარეობდა, ზოგი მოხსნეს, ზოგს ბინა ჩამოართვეს, ზოგს რა წაღლიტეს და ზოგს რა. თორემ ასეთი ორომტრიალი და ბაქი-ბუქი სამშობლოს გამო მათ არც შევარდნაძის ჩამოფარფატების დროს დაუტრიალებიათ! რაო მაშინ აღორძინების ეპოქა ედგა საქართველოს თუ რა? ახლა დაინახეს, რომ სამშობლო თვალსა და ხელს შუა ეცლებათ? ადარდებდათ კი ოდესმე მისი ბედი? მაშინ, ერთი ზესტაფონური სიმღერისა არ იყოს, ერთმანეთს უტეხავდნენ მჭადსა და ყველსა და სამშობლოზე ფიქრი არ უტკიებდათ თავს. მაშინ ესენი ყველანი ბედნიერები და გალაღებულები იყვნენ. განა დღევანდელი ხელისუფლება ამათი სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები არ არიან? განა მათ არ წარმოშვეს ის? რას არ ვისმენდით, როგორი სიტყვებით არ მიმართავდნენ ერთურთს, თუ ის ქვეშაფსია, სულით ავადმყოფი, გარეწარი და ნაძირალა იყო, განა ჩვენზე ადრე არ უნდა სცოდნოდათ, ვის უჭერდნენ იმ დარდუბალა ვარდობანაში მხარს? ვისთან შეკრეს ალიანსი?!

შევცდითო. გვაცუცურაკებენ. შეცდნენ იმაში, რომ სახრავი აღარ მიუგდოთ. ისე ეიმედებოდათ კი, თორემ ერთი ყალიბისანი არიან ყველანი! მშრალზედ დარჩენილები აუმხედრდნენ ნახევარ ძმას!

მოდით, დავუშვათ, რომ გაემარჯვა ამ ე.წ. ოპოზიციას, მოსულიყვნენ ხელისუფლების სათავეში. ამათი შეკრული უნია ხომ ორ კვირაში შემოელეწებოდათ ხელში, რამეთუ მათგან ზოგი კონსერვატორი-როიალისტ-მონარქისტია, ზოგი მემარჯვენე, ზოგი მემარცხენე, ზოგიც ცენტრისტი და უკაცრავად პასუხია, ბევრიც, თუ ყველა ერთად არა – დაცენტრილი! ყოველ მათგანს დღევანდელმა დღემ გადაასხა “პრაიავიტელი”! მერმედ სამ კვირაში კიდევ ახალი “რავოლუცია”? აღარ უნდა დამთავრდეს ამდენი “რავოლუციობანა”? ვინ აქცია ჩვენი მამული მსოფლიოს შავბნელი ძალების ლაბორატორიად და საწვრთნელ პოლიგონად? აქ ისევ და ისევ “უჩემოთ ვით იმღერეთა”-ს სულისკვეთება იყო! აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ დღევანდელი “წინასაარჩევნო” ვაქხანალია? დღეს ისევ მიშას სათადარიგო ჭანჭიკები და ბორბლები არიან! ხალხო, სად გაგონილა სამ მილიონიან ქვეყანაში 19 საპრეზიდენტო კანდიდატის არსებობა, ხომ შეგვქმნეს მთელი დედამიწის სასაცილოდ და სამატრაბაზოდ. მოგვჭრეს თავი მთელს დუნიაზე – მაშრიყიდან მაღრიბამდე! ამდაგვარს გუშინ რომ ტანისამოსი მოისხეს, ისინი არ დაუშვებდენ!

ვაი, ჩემო ხალხო, თუნდაც ხუთი კაცი ვერ გაზარდე ისეთი, ამათს მეასედით მაინც რომ სჯობდეს? ყველაფერს ისე ჩალიჩობენ, თითქოს გამოსავალი არსაიდან სჩანდეს. გამოსავალი არის! როგორ არ არის, ის დღეს ტაბუირებულია მკაცრად! არის გამოსავალიც და საშველიც, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება, ეს უკვე ხალხზეა დამოკიდებული – შესძლებს ის ამ ტაბუს დამსხვრევასა და გაცამტვერებას თუ ვერა? მაგრამ მეეჭვება, რომ ის იმ გზას დაადგეს, რომლისკენაც მოგვიწოდა საქართველოს თავისუფლების მესაძირკვლემ და ხუროთმოძღვარმა.

ვიცი, მეტყვიან, დაგვაგდებინეს ის გზაო, იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ არც ნამეტანი სიჯიუტე და ურჩობა გამოგვიჩენია მოძალადის წინააღმდეგ. ნაცვლად პოლიტიკური პასიურობისა – საერთო ეროვნული მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისა, ახლა “წინასაარჩევნო” პოლიტიკური “აქტივობაა” მთელს საქართველოში. დღეს უკვე ნათელია, რომ ე. წ. ოპოზიციის ყოველგვარი ქმედება მმართველი რეჟიმის წისქვილზედ ასხამს ამღვრეულ წყალს, ამ გამოთაყვანებულმა “ოპოზიციამ” იმდენი ჰქნა, რომ ამ “წურბელებსა და პარაზიტებს” კიდევ რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა ბოგინი. ეჭვს მოკლებული არაა ის, რომ ორთავე მხარე შეთანხმებულად მოქმედებდეს საიდუმლო სცენარის მიხედვით, რომელშიც ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიწის პირიდან მოსრაა ჩადებული! ამის თქმის საფუძველს კი მომხდარი გვაძლევს! საბოლოო ჯამში წაგებული და განადგურებული დარჩება ისევ და ისევ ის დარბეული, ნაცემ-ნაბეგვი და მოწამლული ხალხი, რომელსაც კიდევ ერთხელ მოუკლეს მომავლის იმედი, კიდევ ერთხელ შეურყიეს რწმენა საკუთარი თავისა, საკუთარი უფლებამოსილებისა და ძალისა, პატივისცემა საკუთარი ღირსებისა და კვლავ შეჰყარეს ნიჰილიზმის მომაკვდინებელი ბაცილა და რაც მთავარია – ისევ და ისევ არანაკლებ საშიში – შიშის სინდრომი.

უიმედობა, უსასოება, რწმენის და იმედის ჩაკვლა თავისას იზამს, მაგრამ სასწაული რომ მოხდეს და უფალმა კვლავ აღირსოს ჩვენს ერს მერაბები და ზვიადები, აღარც მათ დაძახილზედ გამოვა ქუდზე კაცი. აი, ეს უნდოდათ და მიაღწიეს ერთობლივი ძალისხმევით!

ეხლა, რაც შეეხება “არჩევნებს”: ესეც ჩვეულებრივი, შევარდნაძისეული “არჩევნობანა” იქნება. წყალს და მეწყერს წაუღია ყველა ესენი გაღმელებიც და გამოღმელებიც. მე ერთი რამ მიკლავს გულს, ჩემმა ხალხმა ჭკუა ჯერაც ვერ ისწავალა, ისწავლა კი არა, მგონი სულ გამოელია?! აბა, მერამდენეჯერ უნდა აცუნდრუკონ ეს “არჩევნობანა”? მოდით, ყველაფერს ედოს და მის ნაშიერთ ნუ დავაბრალებთ. დღევანდელი ქართველობა თვით არის დამნაშავე თავის უბედურების შექმნაში. განა ჩვენ რომ ვარგებულიყავით, ის 70 არაკაცი მოგვერეოდა? თუნდ მთელი სამყაროს ეშმაკები და ბელზებელები მდგარიყო მათ უკან? გავიძახით, ქართველი ხალხი ბრძენიაო, ბრძენი კი არა, გონებაჩლუნგი მიხვდებოდა “ვარდების რევოლუციის” ფარსსა და სიყალბეს. ვის აეკიდენით, ვის აედევნეთ აღმა-დაღმა, ვის სახელს გაჰყვიროდით, ვის ირჩევდით “პრეზიდენტად”? საქართველოს მხოლოდ ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი ჰყავს და ისიც ზეციურ საქართველოში დაივანებს ჩვენზედ მლოცველი და მეოხი! აბა, საქართველოს მაოხარის გაწვრთნილი მამულზე ფიქრით რომ არ დაიდაგებოდა ამას არ სჭირდება კანტობა და ჰეგელობა. როდესაც საზოგადოება ჰკარგავს განსჯის, აზროვნების უნარსა და ჯიუტად არ სურს ჩახედოს რეალობას თვალებში, მაშინ ის დასაღუპად არის განწირული. დღეს ხომ ნათელია ყოველივე, თუ თვით ხალხმა არ ინდომა ჭეშმარიტი თავისუფლება, არა ეგების სხვაგვარ! ეს უცილობელი ჭეშმარიტებაა!

ჩვენი საზოგადოების გარდასაქმნელად არ აღმოჩნდა საკმარისი ის მცირე ხანი, ის გაელვება თავისუფლებისა, რომელიც სამარადჟამოდ გვისახსოვრა ჩვენმა წამებულმა ნამდვილმა პრეზიდენტმა და მამულის სარანგმა ზვიად გამსახურდიამ. არ აღმოჩნდა საკმარისი კათარზისისათვის ის დრო, არა და ვიცით თუ რამდენ ხანს ატარა მოსემ მონობაში დაბადებული თაობა უდაბნოში და როგორ შეიყვანა ახალთაობა აღთქმულ ქვეყანაში. ჩვენ გვაგვიანდებოდა მაშინ, თუ კიდეც არ დავიგვიანეთ! მონობა ხომ სასიკვდილო დაავადებაა! მონობაში დაბადებული, აღზრდილი და დაბერებული თაობა ავადმყოფია, ასეთი ავადმყოფი სასიკვდილოდ არის განწირული. ასე მგონია, რომ დღევანდლი ქართველობა საკუთარი თავისა და ქვეყნის მესაფლავეა! თუ თვით არ ინდომა განკურნება, მაშინ …

ისევ და ისევ ამ წყეული არჩევნების შესახებ… ნაცვლად იმისა, რომ შინ დაჯდნენ, კვლავ “წინასაარჩევნო” შეკრებებზე დარბიან, ზოგი ვისთან და ზოგიც კიდევ ვისთან, არა და უმრავლესობა ერთნაირი გარეწარი და ნაძირალაა. ნაძირალაა ის აბა რა არის, ვინც ეჭვ ქვეშ აყენებს რუსთველის, ილიას, ვაჟას სიდიადეს, ხომ აიტაცეს მათმა შთამომავლობამ ესტაფეტად მათი ჩათესილი ბოროტი თესლი, ქართვლის დედაც შეგვიგინეს, თამარიც, კაცობაც და ღირსებაც!

ოპოზიციის წარსულ დანაშაულებრივ ქმედებებს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი მათი ქმედება დანაშაულისა და ღალატის ტოლფასია! სწორდედ ესენი უქმნიან საფუძველს არსებული დიქტატურის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებას! ამათ რომ ჭკუა, აზრი და გონება ჰქონდეთ, არ დათანხმდებოდნენ მიშას შემოგორებულ შხამიან სატყუარას? “კანდიდატურების” წამოყენება კი არა, ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ ყოველგვარი არჩევნებისთვის. ამ ცოდვის შვილებს ჰგონიათ, რომ იმ ერთკვირიანი შახსეი-ვახსეით დაასუსტეს “ხელისუფლება” და “პრეზიდენტი”, არა და საქმე პირიქითაა, მწვანე გზა გაუხსნეს! აი, აჯობა იმ “უწიგნურმა” ამ “აკადემიკოსებს!! საძაგელი სიცრუეა ამათ ხელში “არჩევნების” თავისუფლებაზე და დემოკრატიულობაზე საუბარი. რაო, საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოდიანო? ახლა კი წასულია მიშას საქმე ხელიდანო? განა ისინი შევარდნაძის “არჩევნობანობის” დროს არ ჩამოდიოდნენ საქართველოში მედიატორებად, განა ისინი არ უდასტურებდნენ შევარდნაძეს გაყალბებული არჩევნების ოქმებს? განა იმ გაყალბებული ოქმების შედეგად ბევრი ამათგანი არ იკალათებდა მინისტრების სავარძელში? მაშინ რატომ არ სტეხდნენ გნიასს და დავიდარაბას? აქ იმ ფარსთან არა გვაქვს საუბარი, რომლის შედეგადაც მიშა შემოსვეს პრეზიდენტის სავარძელს. ვისაც ამათი ლაითაიების სჯერა, ის ან გონება სუსტია ან გაიძვერა და თაღლითია! სიცრუე და გამცემლობაა ყოველივე ის, რაც დღეს საქართველოსი ხდება და რაც მოხდება ხვალ!

დასასრულს ერთი რამის შესახებაც მსურს რომ გიამბოთ: 2 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე მრავალსგზის შევეცადეთ, რომ “ოპოზიციის” ტელე-ეკრანიდან ორიოდე წუთით მოეცათ ჩვენთვის ჩვენი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. თითქმის მთელი კვირის მანძილზე ვცდილობდით, მაგრამ ამაოდ. მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი მოსაზრებები. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდით ამგვარს, მათი დამოკიდებულება და სატელეფონო საუბრები შეურაცმყოფელი იყო. ისტერიკაში ჩავარდნილნი გვიკიოდნენ, თქვენი ადგილი რუსთავი 2-ია და იქ დარეკეთო, არა და ბევრი მათგანი იმ ტელეკომპანიაში რომ მუშაობდა, ჩვენ მაშინაც არ გვეხატებოდა გულზე, თუნდაც დაარსების დღიდანვე. ეჭვი ამ ტელევიზიის სულის სიწმინდეშიც შეგვეპარა, შეგვეპარა კი არა, დავრწმუნდით, რომ მათი “მოწინააღმდეგე” ტელეკომპანიისგან არც ესენი განსხვავდებოდნენ ბევრით. გვესმის, რომ პატიოსანი ადამიანი წაქცეულებს წიხლებით არ თელავს, მაგრამ ესეც ხომ რეალობაა. ჩვენ მაშინ იმ გაუსაძლის ყოფაში ჩავარდნილ ხალხს ვგულშემატკივრობდით და არა ამ იწილო-ბიწილოს ორგანიზატორებსა და იმ უმორალო მორალისტებს, რომლებიც თავიანთ თავს ინტელიგენციას უწოდებენ და ჩვეულებისამებრ მოძღვრავდნენ ხალხს. ეხ, მაგენი არ ჰყოლოდა საქართველოს და დღეს ბედნირები ვიქნებოდით ნაღდად.

ვისხედით ტელე-ეკრანის წინ და იქ მოქნეული რეზინის ხელკეტი ჩვენს სხეულს ხვდებოდა, იქ გასროლილი რეზინის ტყვია – ჩვენს გულს გმირავდა, იქ გაშვებულმა გაზმა ჩვენც მოგვიწამლა სული! გულს ისიც გვიკლავდა, რომ ამათ გადამკიდეთ არც მწყემსი კეთილი გყავდათ, გზააბნეულ ფარას. არ გყავდათ ის, ვისაც დედამიწა უნდა შეეზანზარებინა, არა მარტო თქვენი უმოწყალო დარბევის გამო, არამედ ღვთის სახლის მოწამვლისა და შებილწვის გამო, იმ სახლისა, რომელსაც უსინდისოდ დაპატრონებია ქვაბავაზაკი. სინდისის ქენჯნა გვწვავდა, იმათ შორის რომ არ ვიყავით. არა იმათ მიტინგებზე მართლაც არ მივიდოდით, ხოლო იმ ბრძოლის ველს კი, ღმერთია მოწამე, ნამდვილად არ დავაკლდებოდით, რადგან იქ ისევ და ისევ ჩვენი მოტყუებული მშობელი ხალხი იგვემებოდა.

იქნებ ეს ტრაფარეტულად ჟღერდეს, იქნებ ვინმემ აქეთ დაგვამუნათოს – წადით, დაიკარგეთ თქვე სამშობლოდან გაქცეულებოო! მაგრამ ჩვენ იმიტომ გადავიხვეწეთ, რომ ეს ხალხი მაშინ ხელისუფლების ეშელონებში გრიალებდა, ხოლო მათ მხარდამჭერ შევარდნაძის ორდენოსან ინტელიგენციას ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად! ღრმად პატივცემულო ინტელიგენციავ, რა გააკეთე იმისათვის, რომ ჩვენ, უბრალო, უსახელო და უჩინმედლო ქართველები უცხო მიწაზე არ გადავხვეწილიყავით? იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელმა თქვენგანმა მიაბრუნა თუნდაც იმ დღეებში შევარდნაძის ბოძებული ორდენ-მედლები? ჩვენ იმიტომ გადავიხვეწეთ, რომ თქვენ გრიალებდით ჩვენს სამშობლოში, ჩვენ იმიტომ გადავიხვეწეთ, რომ თქვენ დარჩით ჩვენს მამულში! სინდისის მქონე თქვენთაგანი ჩვენ გაგვასწრებდა.

იყო სამშობლოში და წაგღლიტონ სამშობლო, იყო სამშობლოში და თვალსა და ხელს შუა გიკვდებოდეს სამშობლო, ემიგრანტობაზე საშინელია ათასჯერ! ემიგრანტობის სასჯელი კი თავად ვიკისრეთ, ნურვის ეგონება მანდ დარჩენილებზე უკეთესი ცხოვრება და ყოფა გვქონდეს რომელიმეს. აქაური ცხოვრება სხვისი მოახლეობაა! მანდ მამულის მოახლეობა გვსურდა და არ დაგვაცადეთ! ჩვენ კი არავითარ მენტორობაზე და მორალისტობაზედ არ ვდებთ თავს, არა, უბრალოდ შევეცადეთ ჩვენი გულისნადები გადმოგვეტანა ქაღალდზედ, ისე წმინდა ილია მართლისეულად: “მოყვარეს პირში უძრახე”-ო. შენ კი, ჩვენო საყვარელო ხალხო ასჯერ მეტად გვიყვარხართ, გეფერებით და გულში გიხუტებთ! ვაჟასებრ ვლოცულობთ თქვენთვის:

“ხარს ვგევარ ნაიალაღარს, მიწას რქებით ვხნავ, ვბუბუნებ,

ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვბუბუნებ”.

ეს მომოლოგი კი ისევ ილიასეულად გვინდა რომ დავამთავროთ:

“მარად და ყველგან საქართველოვ, მევარ შენთანა,

მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული”

ვლოცულობთ, ღმერთს ვევედრებით, რათა ბედნიერ საქართველოს შეგვასწროს უფალმა, ჩვენ კი თუნდაც აქ გაგვითხარონ ძვალთშესალაგი, მაინც ბედნიერნი მივაბარებთ ჩვენს ცოდვილ სულებს მამაზეციერს, დაე მან განსაჯოს ყოველივე – ვინ მართალია, ვინ არა, ვინ ალალია ვინ არა.

წინდაწინ გილოცავთ კარსმომდგარ აღდგომას. ჭირის ცრემლი სიხარულის ცრემლად შეგცვლოდეთ, ეს გაუსაძლისი – სულიერ ნეტარებად და აღმაფრენათ გექცეთ, გვარ-ჯილაგი დაგილოცოთ და გიმრავლოთ მაცხოვარმა! ამინ!

 

ალალი სიყვარულითა და გაუსაძლისი მონატრებით,

ალექსანდრე სანდოხაძე

ავსტრია

 

 

2 Responses to “• ხიზნის ფიქრები”

  1. ლომისა said

    ღმერთმა ისმინოს შენი ვედრება ძმაო ალექსანდრე!

    გთხოვთ გაეცნოთ დევნილი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნას ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში“- ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

    http://gov.georgia.eu.com/

    თემა-„საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების“ მერვე ყრილობა

    Like

  2. jaba melkadze said

    ბატონო ალექსანდრე გავეცანი თქვენს წერილს და იგი სრულად ასახავს რეალობას, შექმნილს საქართველოში. მე უბრალოდ როგორც რიგით ქართველს ერთი კითხვა მექნება: ჩვენგან ზედმეტად ხომ არაა ჩვენი წარსული გაიდეალებული? იმ ერის შთამომავლობა რომელიც საუკუნეების მანძილზე თავს ტყვეთა ყიდვით ირჩენდა, იმ კათალიკოსთა გენეტიკური ხაზი, რომლებიც ირანის შაჰსა თუ ოსმალთა ხონთქარს დაჟინებით მოუწოდებდნენ საქართველოს გაისლამებას – თავიანთი გამეფების სანაცვლოდ, იმ დეგენერატი გენერლების ერი, რომლებიც ფეხებს უკოცნიდნენ პეტერბურგის სასახლის კარს, სანაცვლოდ კი ჩინმენდლებს ჩრდილოკავკასიელთა სისხლით იპოხავდნენ, ხოლო საკუთარ ერს რუსიფიკაციის გზაზე მიერეკებოდნენ- იმსახურებს კია უკეთესს? რაც ერი, ის ბერიო ხომ გაგიგიათ!

    Like

დატოვე კომენტარი