Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ბიბლიის მეგრულად თარგმნა

 

 რატომ ითხოვს რუსეთი ბიბლიის მეგრულად თარგმნას და რატომ არის რუსული სახელმწიფოს მთავარი სამიზნე ქართლისა და ქართლელების განადგურება

ნინო ხაჩიძე

„… მთავარი, რასაც უნდა ვებრძოლოთ, არის არა ქართული სახელმწიფო, არა სააკაშვილი, არა მისი მთავრობა, არა არმია, არამედ, იდეოლოგია! ქართლური იმპერიული, ადამიანთმოძულე იდეოლოგია – აი, ის მიზეზი, რაც უნდა დაინგრეს! ვერც საქართველოს იძულება, უარი თქვას სუვერენიტეტზე და ვერც მისი გუბერნიად გადაქცევა ვერ შეცვლის ქართლელების მენტალიტეტს. ისტორია გვიჩვენებს, რომ, მაშინაც კი, როდესაც ქართლელები ყველაზე ცუდ დღეში იყვნენ, ისინი არ წყვეტდნენ მეგრული ენის განადგურებასა და ოსური გვარის – ჯუღაევის ქართულ ჯუღაშვილად გადაკეთებას. ეს მათ სისხლში აქვთ. ეს არის ქართული ნაციის ბირთვის – ქართლელების მენტალიტეტი. საქართველოში უნდა მოხდეს მოსახლეობის დეფაშიზაცია, დაახლოებით ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიაში. მხოლოდ ამას შეუძლია, შეცვალოს სიტუაცია… ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ კანონები ყველასთვისაა, რომ მზე მეგრელისთვისაც ისევე ანათებს, როგორც ქართლელისა და სომხისთვის, რომ ღმერთი არ არჩევს ელინელსა და იუდეველს, მაშინაც კი, როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი თავისი მრევლის ერთ ნაწილს მეორის წინააღმდეგ ომისთვის აძლევს ლოცვა-კურთხევას და როდესაც კრძალავს ბიბლიის თარგმნას თავისი ხალხების ენებზე. ქართველებს უნდა გავაგებინოთ, რომ კრასნოდარის მხარე არ არის ქართული ტერიტორია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის იყო ქართული 900 წლის წინათ; რომ აფხაზებსა და მეგრელებს აქვთ უფლება, ილაპარაკონ, წერონ და იკითხონ თავიანთ ენებზე. ფედერალიზაცია და დეფაშიზაცია არ იქნება და არც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრული, მაგრამ ეს გახდება ქართული იმპერიულობის დასასრული და მაშინ, შეიძლება, ასე დავსვათ საკითხი: საქართველო ქართველებისთვის თუ ქართველებისთვის – საქართველო?“ – ეს გახლავთ ნაწყვეტი რუსი პოლიტოლოგისა და ისტორიკოსის (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე უწოდებს საკუთარ თავს) – ანდრეი ეპიფანცევის ერთი-ერთი წერილიდან. მოსაზრებების ორიგინალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით მას და უშუალოდ პირველწყაროდან მიგვეღო ინფორმაცია.

– ანდრეი, რატომ დაინტერესდით საქართველოსა და ქართველების თემით?

– მე თვითონ კავკასიიდან ვარ, ძირძველი მაიკოპელი და ყოველთვის მაინტერესებდა კავკასია.

– რას ეფუძნება თქვენი წარმოდგენა ქართველების, უფრო ზუსტად, ქართლელების ადამიანთმოძულეობის შესახებ?

– უბრალოდ, ეს ჩემი ნააზრევია. საქართველოს ყველაზე მტკივნეული თემაა მრავალეროვნულობა, იმის მიუხედავად, დავწერთ თუ არა ჩვენ ამის შესახებ. ეს თემა არახალია, როგორც ვიცით, ის თავის დროზე სახაროვმა წამოსწია და მაშინ მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები. ამჟამად ჩემს ამ მოსაზრებას ერთგვარი ბიძგი თვითონ ქართულმა მხარემ მისცა. ხუთდღიანი ომის შემდეგ ოფიციალური თბილისიდან მუდმივად მოდიოდა აზრი, რომ რუსეთი რისკავს, დაკარგოს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასია, არამედ ბაშკირეთი, თათარსტანი. სწორედ ამან ჩამაფიქრა.

– და, როგორ აზრამდე მიხვედით?

– დასკვნა ის არის, რომ მრავალეთნიკურობა საქართველოს ყველაზე მტკივნეული საკითხია. აქ რამდენიმე მიდგომაა. ჩემი აზრით, თუ სიტუაცია ამ მიმართულებით წავა, ჯავახეთი ან საერთოდ წავა, ან მიიღებს ფართო ავტონომიას; გარკვეული პრობლემები იქნება ბორჩალოშიც, რადგან ის არ არის აჭარა, სადაც უხეშად ირღვევა ყარსის შეთანხმება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთისა და რუსეთის მიერ, იმიტომ რომ, ისინი არ ასრულებენ ყარსის შეთანხმების პირობებს. მე არ ვამბობ, რომ აჭარა გავა საქართველოს შემადგენლობიდან, აჭარლები არ არიან სეპარატისტები, მაგრამ, ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, აჭარას უნდა ჰქონდეს რეალური ავტონომია და არა მხოლოდ ქაღალდზე. რაც შეეხება სამეგრელოს, ეს საქართველოს განსაკუთრებით მტკივნეული ადგილია. ბევრ ქართველს არც ესმის ამ პრობლემის სიღრმე.

– მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. რა არგუმენტები გაქვთ საიმისოდ, რომ სამეგრელო მტკივნეული ადგილია?

– მოსკოვში ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოდან, მათ შორის, სამეგრელოდან. ჯდები ტაქსიში, გესმის ქართული აქცენტი და, როდესაც ეკითხები, ქართველი ხარო? გპასუხობს – არა, მეგრელიო. მეგრელები არის ნაცია, რომელიც სანახევროდ უკვე ასიმილირდა. მეგრელების ის ნაწილი, რომელთა ასიმილაცია მოხდა, თავს ქართველად გრძნობს, მაგრამ, არის მეგრელების მეორე ნაწილი, რომელიც არ არის ასიმილირებული, ხედავს, რომ ხდება ასიმილაცია, რასაც გულში ძალიან ეწინააღმდეგება და, როდესაც აქვს შესაძლებლობა, ამბობს თავის სატკივარს.

– დავაზუსტებ, ანდრეი: თავიანთ სატკივარს ამბობენ მოსკოვში ტაქსისტობისას?

– დიახ, როდესაც იციან, რომ მათ ნათქვამს ვერავინ გაიგებს. მეგრელების იმ ნაწილში, რომლებიც ახლა ჩუმად არიან, უკმაყოფილების დიდი ტალღაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ასიმილაცია. 90-იან წლებში მეგრელების დიდი კონგრესი გაიმართა, რომელიც სააკაშვილმა დაშალა. ისინი კულტურულ ავტონომიას ითხოვდნენ.

– ამაში მე მხარს ვუჭერ სააკაშვილს. ოთხმოცდაათიან წლებში სააკაშვილი არ იყო პრეზიდენტი და ვერანაირ კონგრესს ვერ დაშლიდა, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, პირადად მე დავეთანხმებოდი მას.

– ეს თქვენი უფლებაა. გავიხსენოთ, რომ ახლახან ილია მეორე გამოვიდა ბიბლიის მეგრულად თარგმნის წინააღმდეგ.

– მე ვეთანხმები ჩვენს პატრიარქს.

– არა მხოლოდ თქვენ, ქართველების უმეტესობა ეთანხმება ამას, მაგრამ, არ ეთანხმება მეგრელების ის ნაწილი, რომლებზეც მე ვლაპარაკობ.

– აგვისტოს ომის დროს სამეგრელოში რუსული ჯარი იდგა და მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი ელოდნენ, როდის გადავიდოდა ადგილობრივი მოსახლეობა მათ მხარეს, მაგრამ ეს არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. თუ ის ვერსია, რასაც თქვენ ამბობთ, სწორია, რით ხსნით მაშინ მეგრელების პასიურობას? „მტარვალი“ ქართველებისგან გასათავისუფლებლად მათ შესანიშნავი მომენტი ჰქონდათ.

– თქვენ სწორად სვამთ კითხვას და ამაზე ას-პროცენტიანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჯერ ერთი, სამეგრელოში არ არსებობს ორგანიზაციები, მოკლედ, არ არის ლიდერი. რომ აღმოჩენილიყო ადამიანი და ეთქვა, რას ველოდებით, გადავიდეთ რუსეთის მხარეზეო, შესაძლოა, სხვანაირი ვითარება შექმნილიყო. შესაძლოა, ისინი სომხების გამოსვლას ელოდნენ. ჩემამდე მოდიოდა ხმები, რომ ასეთივე რამ ახალქალაქსა ან ნინოწმინდაში რომ მომხდარიყო, სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები. მოცემულ მომენტში მეგრელები არ არიან სეპარატისტები, ისინი არ არიან ოსები ან აფხაზები და მათთვის მთავარია კულტურული ავტონომია, თავიანთი იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნება, თუმცა, ისიც გასაგებია, რომ მეგრული ნაციონალური მოძრაობა ითრგუნება. მაგრამ, მთავარი ისაა, რა იქნება შემდეგ. ჯავახეთისგან განსხვავებით, სამეგრელო ბეწვის ხიდზეა: ან მოხდება მათი ასიმილაცია და მეგრული ენა ბასილაიას კვინტეტის დონეზე შენარჩუნდება, ან ისინი რაღაცნაირად მოახერხებენ, რომ შეინარჩუნონ მეგრული ენა. ამ მხრივ საქართველო ბევრ საერთაშორისო კანონს არღვევს.

– როგორც ვხვდები, თქვენ მეგრელებს ეთნიკურ უმცირესობად მიიჩნევთ.

– სასაცილოა იმის თქმა, რომ მეგრული ენა არის ქართულის დიალექტი.

– მეგრული და სვანური ქართულის მონათესავე ენებია.

– ნინო, ძვირფასო, ეს არ აძლევს უფლებას ქართველებს, რომ მეგრელებს მეგრულად ლაპარაკი აუკრძალონ. რუსულსა და პოლონურს შორის უფრო მეტი დამთხვევაა ენაში, ვიდრე ქართულსა და მეგრულში.

– მეგრელები არ უჩივიან ამ პრობლემას. მე მყავს მეგრელი მეგობრები და მათ არ ეშინიათ ჩემი იმის გამო, რომ ადამიანთმოძულე ქართლელი ვარ.

– ისინი ლაპარაკობენ მეგრულად?

– ლაპარაკობენ. ანდრეი, თქვენი ვარაუდით, რისკენ განვითარდება სამეგრელოს კულტურული ავტონომია? ერთიანი მეგრულ-აფხაზური სახელმწიფოსკენ თუ დამოუკიდებელი სამეგრელოსკენ?

– მე არ გამოვიყენებდი სამეგრელოსთან მიმართებაში სიტყვა „სახელმწიფოს“. მეგრელების უმეტესობას არ უნდა სახელმწიფოებრიობა, მათ უნდათ კულტურული ავტონომია. ერთობლივი აფხაზურ-მეგრული სახელმწიფო საერთოდ არარეალისტურია, თუმცა, გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია – როდესაც ის ჩეჩნეთში იყო, სერიოზულად მსჯელობდა ამაზე.

– რაზე? მე არ ვიცი.

– ზვიად გამსახურდია ლაპარაკობდა აფხაზურ-მეგრული ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

– მე სხვა ვერსია ვიცი: მას შესთავაზეს, რომ დააბრუნებდნენ პრეზიდენტად, მაგრამ შემდეგ აფხაზეთი დამოუკიდებლად უნდა გაეშვა. მან უარი თქვა და ამით თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი.

– თქვენ მსჯელობთ იმ ვერსიის ფარგლებში, რაზეც მე ვლაპარაკობ: მეგრელები, რომლებიც ქართულ სივრცეში არიან, კარგად გრძნობენ თავს, როდესაც ლიდერის პოზიციები აქვთ.

– ეს დასავლეთ ქართველების თვისებაა – უყვართ ძალაუფლება.

– ხოლო, როდესაც ცუდად გრძნობენ თავს, მაშინ სეპარატისტულ იდეებს ავითარებენ. ზვიადი სერიოზულად განიხილავდა კონფედერაციის პროექტს.

– ამბობთ, რომ მეგრული ენა უნდა შევინარჩუნოთო. ჩრდილოეთ კავკასიაში არის ეთნიკური სკოლები? იქ ცხოვრობს უამრავი ეთნოსი და არის უამრავი ენა.

– ჩვენ სხვადასხვა რამეებზე ვლაპარაკობთ. მართალია, დაღესტანში, ერთ რესპუბლიკაში, ასზე მეტი ენაა, მაგრამ მეგრელები 450 000 არიან. მეგრელებიც ხედავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ადიღეში, არის თეატრი, ტელევიზია, რადიო, წიგნები; ენა შეისწავლება არა სკოლებში, არამედ – სამეცნიერო წრეებში. თუმცა ადიღეში მოხდა ერთი მტკივნეული რამ: აიკრძალა ადიღეური ენის შესწავლა. მე ამის წინააღმდეგი ვარ, თუ ცხოვრობ რესპუბლიკაში, უნდა იცოდე ადგილობრივი ენა.

– სამეგრელო რესპუბლიკა არ არის.

– მერედა, ეს რას ცვლის?

– ძალიან ბევრს. სამეგრელოში ყოველთვის ქართულად ლაპარაკობდნენ და სწავლობდნენ.

– სამეგრელოში ქართულად ლაპარაკობდნენ მხოლოდ რუსეთის მოსვლის შემდეგ.

– არა, სულ ბოლო მაგალითს მოვიხმობ: როდესაც ათი საუკუნის წინ ერთიანი სახელმწიფო შექმნეს ქართველებმა და აფხაზებმა, მათ გადაწყვიტეს, რომ ილაპარაკებდნენ ქართლურ დიალექტზე, ანუ ქართულად.

– რასაც თქვენ ამბობთ, ალბათ, სიმართლეა. ჩვეულებრივ, ადამიანები სამეგრელოში მეგრულად ლაპარაკობდნენ. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი ენა.

– გასაგებია. მეორე მტკივნეული წერტილი რა გვაქვს?

– უდავოდ, ჯავახეთი.

– აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი: გამოდის, რომ არ უნდა მივიღოთ გაჭირვებული ადამიანები იმის შიშით, რომ ასი თუ ას ორმოცდაათი წლის შემდეგ არ მოითხოვონ ავტონომია.

– მართალია, სომხების რაღაც ნაწილი პასკევიჩმა ჩაასახლა ჯავახეთში, მაგრამ სომხები იქ ყოველთვის ცხოვრობდნენ.

– იმიტომ, რომ სხვადასხვა დროს ჩასახლდნენ, როდესაც სომხეთის სახელმწიფო დაიშალა. რა ვქნათ? აღარ შემოვუშვათ არავინ?

– თბილისიც, თავის დროზე, სომხური ქალაქი იყო. მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ კავკასიაზე, რომელიც ფენომენალური ტერიტორიაა: ადამიანს უბრალო კითხვას უსვამ და ის იწყებს ლაპარაკს – ეს იმიტომ მოხდა, რომ 300 წლის წინათ ჩემმა წინაპარმა ესა და ეს გააკეთაო.

– მე კავკასიელი ვარ და კავკასიელივით ვსვამ კითხვებს.

– მაგრამ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ასეთი საკითხები სხვაგვარად წყდება. ჯავახეთში 100 000-ზე მეტი თუ ნაკლები სომეხი ცხოვრობს, რომლებსაც უნდათ, ილაპარაკონ თავიანთ ენაზე, მაგრამ, როდესაც მათთვის სომხეთიდან შემოაქვთ წიგნები, სააკაშვილი ამბობს, ჩვენ მივცემთ მათ სახელმძღვანელოებსო. სომხები ამბობენ, რომ ეს სომხურად დაწერილი ქართული სახელმძღვანელოებია, ეს არ არის ჩვენი ისტორია, ეს არის ქართველების თვალით დანახული სომხეთის ისტორიაო.

– ბუნებრივია, არც ერთი ქვეყანა არ აღზრდის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ უნდა აღზარდოს საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის, გეოგრაფიის ერთი ვერსია. ვცდები?

– გეთანხმებით, საერთო იდეოლოგიური საფუძველი უნდა იყოს, მაგრამ არის მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები. თუ იცი მხოლოდ სომხური და არ იცი ქართული, უბრალოდ, ვერ ცხოვრობ.

– ეს ბუნებრივია. მე შევძლებ რუსეთში ცხოვრებასა და მუშაობას, თუ არ ვიცი რუსული ენა?

– თქვენ რომ ჩეჩნეთში ცხოვრობდეთ, სადაც მხოლოდ ჩეჩნები არიან და სხვა არავინ ცხოვრობს, შეგიძლიათ, არ იცოდეთ რუსული.

– ჩეჩნეთი რესპუბლიკაა და ის ყოველთვის ჩეჩნეთი იყო, ჯავახეთი კი საქართველოა და ყოველთვის საქართველო იყო.

– ამიტომ ვამბობ, მტკივნეული ადგილია და, ოდესღაც, შეიძლება, გასკდეს. ერთ დღეს სომხეთმაც შეიძლება, თქვას: ბიჭებო, თქვენ ჩაგრავთ ჩვენებს და მიეცით რესპუბლიკაო. თუ საქართველოს ფედერალიზაციის პროექტს გადავხედავთ, რომელიც ახლახან გამოჩნდა, ის აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალური უმცირესობების მოთხოვნებს. დააკვირდით, 30 მაისს იქნება..

 

  http://www.presa.ge/

 

 

One Response to “•ბიბლიის მეგრულად თარგმნა”

  1. Marika said

    Dasanani isaa rom ucxour site-ebshic, magaliad Wikipedia-shi tu modzebnit “Georgia”-s iq naxavt “Date of formation” (daarsebis tarighi) da weria qristeshobamde 300 weli, anu iberiis daarsebis tarighi da kolxeti saertod ar aris naxsenebi rogorc saqartvelo. Inglisur enaze “Georgians” ar aertianebs megrelebsa da svanebs. Saertod, Wikipedia yvelaze antiqartuli site-a rac ki shemxvedria. Iq afxazetis regions saqartvelos demografiashi 1989 wlidan agar tvlian da 2008 wlis omze ki tavad naxet raebi weria!
    Megrelebis erti natsili martla sashishia da samtsuxarod rac am andreim tqva taqsis mdzgholebze, simartlea.
    Gons modit xalxno! Sity’va qartveli otxi xalxis gaertianebaa da sheudzlebelia aghmosavletis qartvelma tqvas rom is aris “qarti”!

    Like

დატოვე კომენტარი