Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დღევანდელ დღეს

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დღევანდელ დღეს

J. The Economist ათავსებს ორ მასალას, სადაც მოკლედ, მაგრამ სიღრმისეულად არის განხილული ამერიკულ-რუსული ურთიერთობა (ძალთა რეალური შეფასებიდან დაწყებული და სულიერი ასპექტებით დამთავრებული), თუმცა პუბლიკაციის უშუალო მიზეზი კონკრეტულზე კონკრეტულია: ესაა პუტინის ძალიან კრიტიკული, უფრო მეტიც _ ტონით აგრესიული გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ 10 მარტს მიუნხენში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ ამერიკული და ევროპული პოლიტიკის უგამოჩენილესი ფიგურები გერმანიის კანცლერის ანჟელა მერკელის ჩათვლით. პუბლიკაცია ორია. ერთის, მომცროს სათაურია `ილაპარაკეთ, ნუ იყვირებთ~ (ჟურნალი ამ რჩევით მიჰმართავს ამერიკელებს და არა რუსებს) და ქვესათაურია `გახელებული ვლადიმირ პუტინი ყველაფერში მტყუანი როდია~. მეორის, მოზრდილის სათაური კი არის `ცივი ომი არა, მაგრამ ცივი შელაპარაკება _ კი~ და ქვესათაურია, `პუტინის ამასწინანდელი დიატრიბა (დამგმობით გამოსვლა) ამერიკის წინააღმდეგ ასახავს ყოფილი სუპერძალის ღრმა სიძულვილს დარჩენილის წინააღმდეგ~. ვინაიდან ამ ორ წერილში მსოფლიო პოლიტიკისთვის ცენტრალური საკითხის შესახებ სტრიქონებს შორის ანარაკლებია ნათქვამი, ვიდრე თვით სტრიქონებში, მოგვყავს მათი ტექსტი თითქმის მთლიანად. 
პირველი წერილი:
გაშმაგებული პუტინი ყველაფერში არ ტყუის

 

  `1970 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ჯერ მუშტები, შემდეგ კი ფეხსაცმელი ისე მაგრად უბრახუნა გაეროს მაგიდას, რომ საათი გაჩერდა. ეს არ გახლდათ სპონტანური აფეთქება. მისი შეტყობინება (მესეჯი) იყო, ჩვენ სუპერძალა ვართ, ჩვენ ანგარიში უნდა გაგვეწიოს და თქვენი წესების მიხედვით არ ვითამაშებთო~. ბობოლებს, რომელთაც გაუმასპინძლდნენ ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი ტირადით ამერიკის, ნატოს, ევროკავშირის და კიდევ მრავალი რამის წინააღმდეგ, ეპატიებათ, თუ იფიქრებენ, რომ რუსეთისათვის ხრუშჩოვის აქეთ დრო დიდად წინ არ წასულა~.
`მაგრამ მსოფლიო მაინც არ დგას ახალი ცივი ომის მიჯნაზე. დღევანდელი რუსეთის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა მისი მზარდი ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში. მის უსაფრთხოებას ემუქრება ტერორიზმი, მასობრივი მოსპობის იარაღის გავრცელება და კლიმატური ცვილელებები _ სწორედ ისევე, როგორც ამერიკას ან ევროპას. თუმცა ასეა, ბატონ პუტინის რიტორიკული ბრახუნი მაგიდაზე გათვლილია იმაზევე, რაზეც ხრუშჩოვისა იყო: პოსტსაბჭოური სისუსტის წლების შემდეგ ნავთობით გამდიდრებული რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც პუტინი საჭიროდ დაინახავსო~.

 

`პუტინის სიტყვა მოიცავდა თვითმიზნური ანტიამერიკული  მიმართულების დიდ დოზას. თუმცა ნაკლებ თეატრალურად, მაგრამ იგი შეეხო შეიარაღებათა კონტროლის პრობლემებსაც და მათ ადგილს ამერიკულ პოლიტიკაში. საშიშარი ის არის, რომ ადამიანებს, როგორც ჩანს, მიდრეკილება აქვთ ამ გამოსვლაში უფრო ის ამოიკითხონ, რაც საჭირო არ არის, ვიდრე ის მოისმინონ, რისი ყურის გდებაც საჭიროა.

 

`დავიწყოთ მისი პოპულისტური ლაქლაქით. პუტინი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ გაეროს, ეუთოს და სხვათა მცდელობა, რომ ხელი შეუწყონ `ენ-ჯი-ო~-ების (არასამთავრობო ორგანიზაციების. რედ.) რთულ საქმიანობას, ცოცხალი პრესის განვითარებას და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას ნასაბჭოვარ ქვეყნებში ბელორუსიიდან შუა აზიამდე, სულ მტრული ძალების უკანონო მაქინაციებია. ნატო-ს გაფართოებას იგი გმობს, როგორც მუქარას რუსეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დასავლეთი საზღვარი არასოდეს ყოფილა ისე მშვიდობიანი, როგორც ახლაა. ნატო თავისი ჯარისკაცებით ამ ფუნქციას ახორციელებს ყველგან და თვით პუტინიც არ უარყოფს (თუმცა მისი გენერლები უარყოფენ), რომ ანტისარაკეტო დაცვის მოწყობა პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში არ წარმოადგენს საშიშროებას რუსეთის ბირთვული შემკავებელი ძალების ქმედითობისთვის.

 

`სინამდვილეში ცინიკოს მისტერ პუ¬ტინს უნდა, რომ რუსეთს ჰქონდეს თავისი გავლენის სფერო ევროპაში. ნატოსა და ევროკავშირში რუსეთს თავისი `ნეტ~-ის თქმის უფლება არ აქვს, თვით ერაყში ამერიკელების შეჭრასთან დაკავშირებითაც კი. ვეტო მას მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოში ეკუთვნის. მაგრამ მისმა უარმა, რომ სერბებზე ზეგავლენა მოეხდინა, რათა შეეწყვეტინებინა მათთვის მათი სისასტიკენი კოსოვოში, სტიმული მისცა ნატოს, ჩაბმულიყო თავის პირველ ომში (იუგოსლავიის წინააღმდეგ. რედ.). რუსეთის მიერ უსასრულო ჭიმვა თავისი თანხმობისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღო სანქციები ირანის წინააღმდეგ _ რისი მიზეზიც ნაწილობრივ ის იყო, რომ ამით მას უნდოდა ამერიკისთვის ეჩვენებინა, ეს შემიძლიაო _ მას არ შველის დასახული მიზნის მიღწევაში. მაგრამ ასეთი უნაყოფო აზროვნება, რომელიც ამერიკის ყოველ წარმატებაში რუსეთის წარუმატებლობას ხედავს, ძნელად თუ შეუწყობს ხელს პუტინისადმი პატივისცემას, რომელიც მას ესოდენ სწყურია.

 

`მაგრამ როცა სიტყვა შეეხება შეიარაღებათა კონტროლს, პუტინს უნდა უსმინონ, სხვა თუ არაფერი, იმის გამო მაინც, რომ მოსკოვის ხელშეკრულება, რომელიც განლაგებული სტრატეგიული ქობინების რაოდენობას მხარეებს უზღუდავს 1700-2200 ერთეულამდე, ვადა უთავდება 2012 წელს. ორივე ქვეყანა, ასე ჩანს, წინააღმდეგი არაა, რომ ამ რაოდენობის კვეცა განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი განაგრძობენ თავისი ბომბების სრულყოფას. მაგრამ ბუშის ადმინისტრაციის მოხელეები, თუმც კი ამბობენ, ჩვენ და რუსეთი მტრები არ ვართო, მაინც ეწინააღმდეგებიან შეიარაღებათა კონტროლის ხელშეკრულებებს. ეს შეცდომაა. წინასწარმეტყველებისა და შემოწმებისუნარიანობის მიღწევა, თუ როგორ ასრულებს მეორე მხარე ნაკისრ ვალდებულებას, დარწმუნებულობას მისცემდა (დაამშვიდებდა. რედ.) არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც. 
`იგივე პრინციპი ეხება ცასაც. ამ დარგში ამერიკა სწრაფად მიდის წინ, მაგრამ იგი უარს ამბობს რუსეთთან და სხვებთან მოლაპარაკებაზე იმის შესახებ, თუ რა სამხედრო ხრიკები არ უნდა მოიგონონ და ვერ უნდა მოიგონონ კოსმოსში გამსვლელმა პასუხისმგებელმა ერებმა. ეს აძნელებს იმის მოთოკვას, ვისაც ცუდად ყოფაქცევის სურვილი გაუჩნდება, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, რომელმაც ერთი თვის წინ თანამგზავრი გაუშვა. მისტერ პუტინის თავდაუჭერელი რიტორიკა აქ საქმეს ვერ ჰშველის, მაგრამ ერთ რამეში კი იგი მართალია: ამერიკას და რუსეთს სალაპარაკო ბვრი არ აქვთ~.

 

 მეორე წერილი: 
`რუსეთის ისტორიის გაგების ერთერთი შესაძლო გზაა მისი წარმოდგენა როგორც მუდმივი ბრძოლისა დასავლეთის მეტოქეობის იდეასა და, პირიქით, დასავლეთის არიდების, მისგან იზოლაციის იდეას შორის. XX საუკუნის თითქმის მთელ მანძილზე რუსეთისთვის ამერიკა იყო ყველაზე დიდი აღტაცების და ყველაზე დიდი სიძულვილის საგანი. ამერიკა, რომელსაც ახასიათებს უდიდესი მრავალგვარობა და მძაფრი პატრიოტიზმი, კუნძულის მდგომარეობა და თავისი მოწოდების მესიანური იდეა, მართლაც ბევრი რამით რუსეთის მსგავსია. მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში თავბრუდამხვევი სიჩქარით მიიღო და გაითავისა ამერიკული იდეები, დღეს რუსეთი, პუტინის ხელქვეით, კვლავ ანტიდასავლურ იმპულსებს უბრუნდება. თუ ვიმსჯელებთ პუტინის გამოსვლის მიხედვით (10 მარტი), ეს განწყობილება უკვე ზეობს.

 
`მიჰმართა რა თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტსს, სენატორ მაკ კეინს, ანჟელა მერკელს და სხვა ბობოლებს, პუტინმა წარმოადგინა ამერიკის მიმართ რუსების წყენათა უხეში სია. ესენია: `ერთმხრივი და ხშირად უკანონო მოქმედება~, რაც, პუტინის აზრით, მიზეზი ხდება არაერთი ადამიანური ტრაგედიისა და ქმნის დაძაბულობის ახალ ცენტრებს. მსოფლიო, მისი სიტყვით, `მოწმე ხდება ძალის გადამეტებული გამოყენებისა~, რითაც `მუდმივი კონფლიქტის უფსკრულის პირზე ვდგებით~. იმის შიშით, რომ ვინმემ შეიძლება სწორად ვერ გაუგოს, პუტინმა დააზუსტა, რომ `შეერთებულმა შტატებმა თავისი საზღვრები გადალახა ყოველმხრივ და ყოველნაირად~, რითაც გამოიჩინეს `უფრო და უფრო დიდი უგულებელყოფა~ საერთაშორისო სამართლისა. ეს, პუტინის სიტყვით, საკვებს აძლევს შეიარაღებათა დოღს და უბიძგებს ზოგ ქვეყანას ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად სწრაფვისაკენ~.

 
`არც ერთი მისი ნათქვამი ახალი არ ყოფილა. რუსეთის მოხელეებს არაერთხელ გაუხმოვანებიათ ყველა ეს საყვედური. მაგრამ ახალი იყო კილო, მაღალი ტრიბუნა და ამ ბრალდებათა კონცენტრაციის ხარისხი: მათი პირდაპირი მიმართვა ამერიკაზე. სხვა დროს ბრალდებებს უფრო გადაკრული სახე ჰქონდა ხოლმე. მაგალითად, პუტინმა მოიარებით თქვა ამას წინათ `ამხანაგმა მგელმა თვითონ იცის, ვინ შეჭამოს, და ისე ჭამს მათ, რომ სხვებს არ უსმენს~. როგორც ჩანს, პუტინს უნდოდა შეკრებილებში შეშფოთების გამოწვევა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გეიტსი გასულ კვირაში რუსეთის `გაურკვეველ გზას~ დაასახელებდა ამერიკის სამხედრო შეშფოთების მიზეზებს შორის. მან ეს მოახერხა კიდეც~.

 
პუტინის ეს ეჭვიანი და გააფთრებული გამოსვლა, ჟურნალის სიტყვით, ორ კითხვას ჰბადებს. პირველი: როგორ მივიდა საქმე აქამდე, როცა სულ ექვსი წლის წინ პუტინი და ბუში _ ორივენი ახალმოსულნი და ორივენი საეჭვომანდატიანნი _ ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ? მეორე: წავა თუ არა ურთერთობა ამ ნიშნულიდან კიდევ უფრო ქვემოთკენ?

 
`თავის ნაადრევ ენთუზიაზმში პუტინის გამო დასავლელი დიპლომატები ვარდებოდნენ თავის კლასიკურ შეცდომაში რუსი ლიდერების თაობაზე _ სასურველის მიჩნევაში რეალობად. ის, რასაც ზოგნი განიხილავდნენ როგორც კრემლის სტრატეგიულ არჩევანს ამერიკელებთან პარტნერობის სასარგებლოდ, კრემლისთვის სინამდვილეში ყოფილა მხოლოდ ტაქტიკური მოკავშირეობა. იმის სანაცვლოდ, რასაც რუსები განიხილავდნენ, როგორც თავის დათმობას ამერიკისადმი _ შუა აზიაში ამერიკელთა სამხედრო მყოფობის მოთმენას, ნატოს გაფართოებას რუსეთის ბალტიისპირა საზღვრამდე _ რუსები მოელოდნენ რაღაცა სანაცვლოს. ახლა ხედავენ, რომ სანაცვლო ვერ მიიღეს. პირიქით: იზრდება მათი შინაგანი პოლიტიკის კრიტიკა, უგულებელიყოფა მათი აზრი ერაყის ომზე და წინააღმდეგობა ეწევა რუსული კომპანიების საერთაშორისო ამბიციებს~.

 პუტინის თავდამსხმამ იუკოსსა და მის პატრონ ხოდორკვსკიზე, ჟურნალის სიტყვით, `ეს წყენები ზედაპირზე ამოიტანა~. `მაგრამ მთავარი წყალგამყოფია 2004 წელი, როცა ბესლანის ამბავთან დაკავშირებით პუტინმა ახსენა `უცხო ძალები, რომელნიც რუსეთის დასუსტებას ცდილობენ~. ამას მოჰყვა პუტინის წარუმატებელი მცდელობა უკრაინის არჩევნებში ჩარევისა. რუსებმა ეს მიიღეს, როგორც ვერაგი ამერიკელების მათს გავლენის სფეროში ჩარევის შედეგი. ამერიკელებმა კი ამ ეპიზოდით დაინახეს, რომ პუტინი არ არის დემოკრატი და რომ მისი ეს თვისება გავლენას მოახდენს მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე~.

 
`მაგრამ გარდუვალიი იყო, რომ პუტინის დროს ყველაზე დიდი სიახლე _ ძალის დალექვა კრემლის ხელში და ნავთობზე დამყარებული ეკონომიკური აღორძინება _ გამოიწვვევდა ისეთ თავდაჯერებულობას, რომელიც რუსეთს არ ჰქონია საბჭოთა დროიდან. პარლამენტი, რეგიონული ლიდერები, ერთ დროს ამპარტავანი ეკონომიკური `ტაიკუნები~ (დიდი მახინატორები) მოთოკილნი არიან… რუსეთის საგარეო ვალის დიდი ნაწილი გადახდილია. არ არის არც საგარეო ვალდებულებები, არც შინაგანი იძულება _ და პუტინიც დღეს ისე მეტყველებს, როგორც მოსწონს~. ეს, ჟურნალის თქმით, აშკარა გახდა ჯერ კიდევ დიდი რვიანის პეტერბურგში შეხვედრისას, სადაც პუტინმა `გაისეირნა~ ბუშის მისამართითაც და ბლერის მიმართაც.
`ამგვარად, გათამამებული, Dდღეს კრემლი მოწადინებულია, რომ იგი უყვარდეთ კიდეც და მისი ეშინოდეთ კიდეც. იგი გრძნობს, რომ შეუძლია ძალის ენით ელაპარაკოს უცხო ენერგეტიკულ კომპანიებს და კიდევ ერთხელ შეეკამათოს იმას, რასაც ერთხელ უკვე შერიგებულია~. მაგალითად, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს. მიუხედავად საკუთარი განცხადებებისა, რომ რუსეთის საკუთარი მიწვდომისუარიანობა ამით არ შემცირდება, რუსებმა მაინც დაგმეს ამერიკული თავდაცვის სისტემების საჭურვლის მიტანა პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში. იმასაც გრძნობენ, რომ მათი აღდგენილი ძალა თავისი რეალობის დემონსტრირებას საჭიროებს _ სასურველია, ამერიკის და ძალის დამცირების ხარჯზე. ეს ნაწილობრივ ხსნის რუსების ქცევას ახლო აღმოსავლეთში, სადაც პუტინმა გამომწვევად ილაპარაკა `გაზის ოპეკის~ შექმნის სასურველობაზე (`ოპეკი~ _ ნავთობის მომპოვებელ და გამტან სახელმწიფოთა კავშირია). მიუნხენში მან გაახმოვანა, აგრეთვე, მრავლისმეტყველი თეორია: რუსეთმა ცივი ომი კი არ წააგო, არამედ თავისი ნებით შეწყვიტაო~.

 
ყველა ეს `ატავისტური პრეტენზიები, გაუგებრობები და ზოგჯერ (როგორც ნატოს გაფართოების შემთხვევაში) კანონსაწინააღმდეგო საყვედურები~, ჟურნალის სიტყვით, ზოგს აფიქრებინებენ, რომ პუტინი დღეს არსებულ ყველა ბოროტებათა საბოლოო წყაროა და რომ დღევანდელი დღე ისეთივე წყალგამყოფი წერტილია ცივი ომისკენ მიბრუნების საქმეში, როგორიც იყო ჩერჩილის სიტყვა ფულტონში (1946), სადაც მან პირველად ახსენა `რკინის ფარდა~ (ამ ეჭვს აძლიერებს პუტინის და მისი სამხედრო მინისტრის ივანოვის მიერ ახალი `ბერლინის კედლის~ ხსენებაც). ჟურნალი ასე არ ფიქრობს. `ფულტონის~ ანალოგია გადაჭარბებულია, მიუხედავად მთელი თავისი `თავხედობისა~ რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი. მართალია, მას აქვს მუდმივი ადგილი უშიშროების საბჭოში, რითაც მას შეუძლია ამუხრუჭოს ამერიკული პოლიტიკა ირანსა და კოსოვოს საკითხებში (ამ უკანასკნელმა შესაძლებელია კიდევ შექმნას საბაბი რუსეთის კიდევ უფრო საძაგელი (ნასტყ) ჩარევისათვის საქართველოს განდგომილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), მას აქვს ნახშირწყალბადის ყველაზე დიდი მარაგი მსოფლიოში, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს დაშინებისა და შანტაჟის იარაღებად… მას აქვს უამრავი ბირთვული იარაღი, რომელსაც შეუძლია დააყრდნოს თავისი პატივისცემა თავისი თავისადმი. მაგრამ მას არ გააჩნია ჩვეულებრივი ძალები, არც ეკონომიკური და იდეოლოგიური რესურსები ამერიკელებთან მეტოქეობისათვის გლობალური მასშტაბით, როგორც ამას ცივი ომის დროს იქმოდა. როგორც ფიქრობს ტრენინი კარნეგის ცენტრიდან, `რუსეთი, უფრო, იმ ფოსტას გამოდის, რომ განაცხადოს პრეტენზია ამერიკელებისადმი მსოფლიო ოპო¬ზიციის ლიდერობაზე (რისთვი¬საც დრო შესაფერისი ჰგონია), ვიდრე ცივი ომის გამოცხადებას აპირებს~.

 
ამერიკელებისთვის ყოველივე ეს, ჟურნალის აზრით, შემაშფოთებელია, მაგრამ არა კატასტროფული. ამერიკულ პოლიტიკურ აზროვნებაში რუსეთის პოლიტიკის ამ მიმართულებაზე რეაგირების ორი გზა მოიაზრება. პირველი. დავსაჯოთ რუსეთი, მაგალითად, დაუყოვნებლივ გავსვათ `დიდი რვიანიდან~. მეორე. ვიყოთ გამგებნი მის მიმართ, რათა შევძლოთ თანამშრომლობა ირანის და რიგ სხვა საკითხებში. ბუში მეორეს მართებულობას ემხრობა. ორიენტაცია გაირკვევა მაშინ, როცა გამოჩნდება ამერიკელთა რეაქცია რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე (2008), რომელიც, ცხადია, არჩევნები კი არ იქნება, არამედ ტახტის გადაცემა. საერთოდ, `ბუშის გონებაში რუსეთს ბევრად ნაკლები ადგილი უჭირავს, ვიდრე რუსეთისაში ბუშს~.
ზოგადად, ჟურნალის აზრით, შიშისთვის, რომ ურთიერთობები გაფუჭდება, ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველია `ღირებულებითი უფსკრული~ (ღირებულებათა სისტემების განსხვავება) მხარეებს შორის. `ეს განსხვავება პუტინმა გამოფინა (ამერიკის ძალის გამო რუსულ ნევროზებთან ერთად) მიუნხენში, როცა თქვა, რომ ეუთო, ეს ზოგ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოში არჩევნების გაყალბების მაკრიტიკებელი ორგანიზაცია, არის `ვულგარული იარაღი ერთი ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ინტერესების წინწაწევისა~, თქვა აგრეთვე, რომ ასეთივე იარაღები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. `ალ-ჯაზირასთან~ ინტერვიუში პუტინმა გამოთქვა, თუ რა უდევს საფუძვლად ამ ოხვრა-კვნესას. ესაა რუსეთის ძირეული რწმენა, რომ ამერიკელთა საუბარი რუსეთის დემოკრატიის ხარვეზებზე არის მხოლოდ `რეალპოლიტიკა~ (ანუ რეალურ ინტერესთა წინწაწევა. რედ.), რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები დემაგოგიურად იყენებენ თავისი ქვეყნების ინტერესებისთვის რუსეთში. მეორე საფუძველი ისაა, რომ ეს სულისკვეთება მხოლოდ პუტინსა და მისი კოლეგა უშიშროებელებლისა კი არაა, არამედ ხალხისაცაა. დამოკიდებულება ამერიკელებისადმი რუსეთში მკაცრდება, მიუხედავად ამერიკული კომფორტის მზარდი გავრცელებისა. ჟურნალის აზრით, რუსების დამოკიდებულება ამერიკელებისადმი, ჯამში, `ამბივალენტურია~ (ორჭოფულია) _ პატივისცემისა და მიდრეკილებების მომცველიც და სიძულვილისაც. ეს, მისი აზრით, ისტორიულადაც ასე იყო. საბოლოო დასკვნა. რუსეთში არამარტო მედია მართავს ხალხის სულისკვეთებას, არამედ პირიქითაც: ხალხის ეს დამოკიდებულება ამერიკელებისადმი გარკვეულწილად მართავს ოფიციალურ დამოკიდებულებასაც~. 
რედაქციისაგან. როგორც მკითხველი ხედავს, პუტინი არ ახსენებს (თითქოს ვერ ხედავს) იმ ფუნდამენტალურ ფაქტს, რომ მსოფლიო, წინააღმდეგ მისი სიტყვისა, დიდი ხანია აღარ არის ერთპოლუსიანი: მეორე პოლუსია ჩინეთი. მისი კრიტიკოსებიც არჩევენ, ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ. მკითხველი ხედავს აგრეთვე, რომ `არასამთავრობო ორგანიზაცათა~ სამუშაოების ჩამონათვალში გამოტოვებულია ერთი არსებთი მომენტი მაინც: განათლების სისტემის ნგრევა (რაც საქართველოში ფაქტია. სოროსის ფონდი `ღია საზოგადოება~ ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა).

 
მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ შემდეგსაც: ჟურნალის ძალიან ფრთხილად (მინიშნებით) გამოთქმული რეკომენდაციაა, რომ ცივი ომი, თუკი იგი კიდევ ერთხელ შედგება, არ შეეხოს ბირთვულ მეტოქეობას. ეს ფაქტი მოწმობს, რომ დასავლეთს რუსული პოლიტიკის წარმართვის ძალიან მძლავრი ბერკეტები აქვს. ეს ძალიან დიდი პროგრესია ამ ფრიად რთულ მოვლენისადმი კაცობრიობის დამოკიდებულების ისტორიაში.

 

  2007

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი