Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ შიმშილის პრობლემას გლობალური განზომილება გააჩნია

შიმშილის   პრობლემას   გლობალური   განზომილება   გააჩნია

სასურსათო უშიშროება (უსაფრთხოება) განეკუთვნება ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც. ამასთან, იგი პირდაპირ თუ ირიბად თითოეული ინდივიდის და მთელი საზოგადოების ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას უკავშირდება.

წარსულში, როდესაც ადამიანი მეტად სუსტი იყო ბუნებრივი მოვლენების წინაშე და ვერ ფლობდა მათზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებებს, ხშირი იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით გამოწვეული შიმშილობები. ისტორიაში მრავალი ამგვარი ფაქტია აღწერილი (ეგვიპტე, რომი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბოჰემია, პოლონეთი, ირლანდია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.).

შიმშილობას საქართველოში, მისი უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობების გამო, ძირითადად მტრის შემოსევები და ეპიდემიები განაპირობებდა, რაც ისტორიულ დოკუმენტებშიც ფიქსირდება. 735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ისე დაზარალებულა ქართლის სოფლის მეურნეობა, რომ მემატიანე წერს: “…აღარა იპოვებოდა ნიშნები არც საჭამადი კაცთა და პირუტყუთა”. დიდი შიმშილობები იყო შუა საუკუნეებში ბაგრატ IV მეფობის დროს 1050-1060 წლებში. ამ ფაქტს შესწრებია ათონის მონასტრიდან ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც დააფიქსირა ეს მოვლენა. 1811 წელს შიმშილობის მიზეზი გახდა ქვეყანაში შავი ჭირის ეპიდემია, მკაცრი ზამთარი და წყალდიდობები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XX საუკუნეში სასურსათო პრობლემის გამწვავებას იწვევდა დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რასაც ვერ სდევდა სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მატება. XVIII საუკუნის ჩათვლით კაცობრიობა საშუალოდ 1000 წელიწადში ორმაგდებოდა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში გაორმაგებას 38 წელი დასჭირდა. თუ ადრე გაორმაგება ნიშნავდა 200-220 მილიონი ადამიანით მატებას, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე ეს ციფრი 3.0 მილიარდზე მეტია. 1975 წლისათვის პლანეტაზე ცხოვრობდა 4 მილიარდი ადამიანი, 1990 წელს 5.6 მილიარდი. პროგნოზების თანახმად, 2010 წლისათვის დედამიწის მოსახლეობა 6.5 მილიარდს გადააჭარბებს, 2030 წლისათვის კი 8.9 მილიარდს მიაღწევს.

დემოგრაფიულმა აფეთქებამ XX საუკუნეში კვლავ აქტუალური გახადა ინგლისელი მღვდლის მალთუსის იდეები. კერძოდ, 1798 წელს შექმნილ “მიწის კლებადი ნაყოფიერების” სახელით ცნობილ თეორიაში იგი წერდა: “მოსახლეობის ზრდის უნარი განუსაზღვრელად დიდია მიწის შესაძლებლობებზე აწარმოოს ადამიანის არსებობის საშუალებები”, “როცა მოსახლეობის ზრდა არ კონტროლდება, ის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით… მე ვერ ვხედავ გზას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ კანონის სიმძიმისაგან თავის არიდება, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას ემუქრება”.

ამჟამად მსოფლიოში მთელი მეცნიერული მიმდინარეობებია, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იზიარებს მალთუსის მოსაზრებებს და აუცილებლად მიიჩნევენ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის კონტროლს, თვით ისეთი ბარბაროსული მეთოდებითაც კი, როგორიცაა ომები, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური კატასტროფები, ეპიდემიები და სხვა.

ამგვარი იდეები, რა თქმა უნდა, არ გამოხატავს ცივილიზაციის თანამედროვე ეტაპის არსს. დღესდღეობით შეუძლებელია პროგრესის შენელება-შეჩერება და დედამიწის მოსახლეობის ისეთი ბარბაროსული მეთოდებით რეგულირებაზე საუბარი, როგორიცაა ომები, ეპიდემიები, კატასტროფები, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული (პირიქით, აუცილებელიცაა) მოსახლეობის რაოდენობის რეგულირება თითოეული ქვეყნის შესაძლებლობების მიხედვით. ამის საინტერესო მაგალითს იძლევა ჩინეთი, სადაც მოსახლეობის ზრდის შენელება ხდება საკმაოდ ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფონზე.

გარკვეულწილად არ მართლდება მალთუსის ხედვები ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებითაც. გლობალური პრობლემების ამერიკელი სპეციალისტი ბრაუნი აღნიშნავდა: “მისი (მალთუსის) მრწამსი, თითქოს მოსახლეობის ზრდას გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენცია გააჩნია, ხოლო სურსათით უზრუნველყოფას არითმეტიკულისა, ვერ უძლებს დროის გამოცდას. სამაგიეროდ მისი უფრო ზოგადი მიდგომა, რომ მოსახლეობის ზრდას გააჩნია ტენდენცია წინააღმდეგობა გაუწიოს სურსათით უზრუნველყოფას, გადარჩა”.

როგორც აღვნიშნეთ, უკანასკნელ პერიოდში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების ტემპი 38 წელს უდრის, ხოლო ტექნიკურ-ტექნოლოგიური ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების დონე ყოველ 40 წელიწადში ორმაგდება, ანუ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კაცობრიობის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ზრდის ტემპიც გეომეტრიული პროგრესიის შესაბამისია, ოღონდ იგი ოდნავ ჩამორჩება მოსახლეობის ზრდის ტემპს, რაც არ შეეძლო სცოდნოდა მალთუსს.

მოსახლეობის ზრდასა და სურსათით უზრუნველყოფას შორის წინააღმდეგობა განსაკუთრებით კარგად ვლინდება, როდესაც ვეხებით მიწის რესურსების გამოყენების საკითხს. კერძოდ, ერთი მხრივ, მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების ზრდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ზრდას მოითხოვს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილი აქვს ნაყოფიერი მიწების შემცირებას, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

ბუნებრივი რესურსები სასურსათო პროდუქციის წარმოების გასაფართოებლად მსოფლიოში უკიდურესად შეზღუდულია. მათი განაწილების საკითხი ყოველთვის და ყველგან ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. იგი უფრო გამწვავდება მომავალში. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა მოკლე ხანში კაცობრიობა სურსათის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ადამიანის მოთხოვნილება განუსაზღვრელად იზრდება, ხოლო სურსათის წარმოების რესურსები განსაზღვრულია, ე.ი. არა უსაზღვრო. შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე, საქართველო ბაზრის კონიუნქტურაზე და სურსათის მწარმოებელ ქვეყნებზე დამოკიდებული გახდება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასურსათო პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ორი ფიზიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური _ ასპექტით. ფიზიოლოგიურ ასპექტში იგულისხმება სასურსათო პროდუქციის აბსოლუტური დეფიციტი. ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ მოხმარებული სურსათი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღადგენს მის მიერ ცხოველმყოფელობის პროცესში დახარჯულ ენერგიას, რაც გამოხატულებას პოულობს შიმშილში და იწვევს ადამიანის ორგანიზმის თანდათანობით ცვეთას. ასეთი ასპექტით სასურსათო პრობლემა დგას საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ჩამორჩენილი ეკონომიკა და ცხოვრების დაბალი დონე. სურსათის პრობლემის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი ვრცელდება თვით მაღალგანვითარებულ ქვეყნებზეც, სახელდობრ, მისი მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელმაც სამუდამოდ ან დროებით დაკარგა სამუშაო და ნაკლებ მსყიდველუნარიანი გახდა.

კვების პროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება კვლავაც რჩება პრაქტიკულად ყველა ქვეყნის პირველი რიგის პრობლემად, რის გამოც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა განხილული უნდა იქნეს თანამედროვეობის სხვა პრობლემებთან ურთიერთკავშირში. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში პირველად XXI საუკუნეში ყალიბდება ერთიანი მსოფლიო სისტემა, რომელიც ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს. თითოეულ ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების შესწავლა, გარკვეულწილად, აუცილებელია განხილულ იქნეს მსოფლიო სისტემის განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და თავისებურებების კონტექსტში. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ და კომპლექსურად შევაფასოთ საქართველოს სასურსათო უშიშროება, მისი უზრუნველყოფის როგორც პრობლემები, ასევე გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებები. ნებისმიერ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასურსათო პრობლემა განეკუთვნება მსოფლიო გლობალურ პრობლემათა კატეგორიას, რომლის გადაწყვეტა ორგანულადაა დაკავშირებული პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლო¬გიურ ფაქტორებზე.

მეოცე საუკუნემ (რომელსაც თავისი კატაკლიზმებით ყველა სფეროში ბადალი არ მოეპოვება) საფუძველი ჩაუყარა საზოგადოების განვითარების მრავალ სასიკეთო, პროგრესულ მოვლენას, რომელთა შორის უმთავრესია: განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანის ჩამოყალიბება; პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის დაწყება; მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუციის ინტენსიფიკაცია; კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის მეტოქეობის დასრულება; დეკოლონიზაციის პროცესის განხორციელება; თანამედროვე მეცნიერულტექნიკური მიღწევების წარმოების პროცესებში დაჩქარებული დანერგვა და ერთიანი მსოფლიო სისტემის ფორმირება. ამასთან, მრავალი ისეთი პრობლემა წარმოჩინდა, რომელიც ვერ გადაწყდა განვითარების ინდუსტრიული სტადიის ფარგლებში (მასობრივი განადგურების ბირთვული შეიარაღება, ეკოლოგიური საფრთხე, სასურსათო პრობლემა და ა.შ.).

კაცობრიობის პროგრესი დღემდე საზოგადოებრივი განვითარების ინდუსტრიამდელი და ინდუსტრიული სტადიების ერთობლიობაა. ინდუსტრიამდელი სტადია, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტადიაა, რომლის ძირითადი ნიშანია აგრარული პროდუქციის გაბატონება წარმოებასა და მოხმარებაში. ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი ნიშნებია: მატერიალური და ფინანსური სიმდიდრის წინა პლანზე წამოწევა, სამრეწველო პროდუქციის გაბატონება წარმოებასა და მოხმარებაში, მექანიკური ტექნოლოგიების გაბატონება, ორიენტაცია მოგებაზე და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ცნობილი რუსი მეცნიერის ნ. კონდრატიევის “გრძელი ტალღების თეორია”, რომლის მიხედვით მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია დღემდე ვითარდებოდა ტალღისებურად, საშუალოდ 50 წლიანი ციკლური პერიოდების მიხედვით. პირველმა ტალღამ 1785-1835 წლებში წარმოშვა განვითარების ტიპი, რომელიც ეფუძნებოდა ახალ ტექნოლოგიას საფეიქრო მრეწველობაში. მეორე ტალღა (1830-1890 წწ.) სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდებოდა. მესამე ტალღა (1890-1940 წწ.) უკვე ელექტროენერგიის საფუძველზე მძიმე მრეწველობის, მანქანათმშენებლობის და სხვა ენერგო და მასალატევადი დარგების განვითარებას იწვევდა. მეოთხე ტალღა (1930-1990 წწ.) კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე მრეწველობაში გაზის, ნავთობის და სხვა ბუნებრივი რესურსების მასობრივ ჩართვას უკავშირდება. მეხუთე ტალღას საფუძველი მიკროელექტრონიკამ ჩაუყარა, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი უკვე კომუნიკაციურ-ინფორმაციული და ბიოტექნოლოგიური მიღწევები ხდება, რომელიც თავის მხრივ გენური ინჟინერიისა და მეცნიერების სხვა მნიშვნელოვან მიღწევებთანაა დაკავშირებული.

ახალ ათასწლეულში, როცა სახეზე გვაქვს მსოფლიოში პოსტინდუსტრიული საზოგადოების თანდათანობითი დამკვიდრების პროცესი და როცა ადგილი აქვს ციფრული, ინფორმაციული ეკონომიკის დამკვიდრებას, როცა ყალიბდება სრულიად ახალი მაღალგანვითარებული ადამიანის ტიპი, განუხრელად ძლიერდება გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის ტენდენციები, ადამიანთა დასაქმება, კეთილდღეობა, განათლება და სხვ. სრულიად ახალ შინაარსობრივ და სოციალურეკონომიკურ დატვირთვას იძენს, რის გამოც ისინი განხილული უნდა იქნენ არა ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის პრობლემად, არამედ მსოფლიოს გლობალურ კანონზომიერებებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში, თითოეული ქვეყნის ისტორიულ-კულტურული და სხვა სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით. ამას ობიექტურად მოითხოვს დღეს უკვე ფაქტად ქცეული სასმელი წყლისა და სურსათის დეფიციტის თანდათანობითი გაღრმავების, ურბანიზაციის, ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის და სხვა ნეგატიური მოვლენების არასასურველი შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ერთ რომელიმე ქვეყანას, არამედ მსოფლიო ცივილიზაციას საერთოდ. ამდენად, ახალმა ათასწლეულმა უნდა გასცეს პასუხი მრავალ კითხვას, რომელთაგან ერთერთი უმთავრესია, შეძლებს თუ არა კაცობრიობა მომავალში დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება სურსათზე სათანადო რაოდენობის, ხარისხისა და ასორტიმენტის მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სასურსათო უშიშროება (ზოგადად სასურსათო პრობლემა) ისევე, როგორც ეკოლოგიური და სხვა ხასიათის გლობალური პრობლემები, განხილული უნდა იქნეს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობათა კონტექსტში, ერების თანაარსებობის და მათი შემდგომი განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა კეთილდღეობის პირამიდის საძირკველში სურსათით უზრუნველყოფაა ჩადებული, რომ სურსათი ადამიანის ბიოლოგიური არსებობის საფუძველია და იგი მუდამ დარჩება ადამიანთა მოდგმის არსებობის მარადიულ პირობად.

XXI საუკუნეს კაცობრიობა სასურსათო პრობლემის სერიოზული გამწვავებით შეჰხვდა. თუ ამჟამად დედამიწაზე შიმშილობს 850 მლნ. კაცი, ექსპერტთა შეფასებით უახლოეს ათწლეულში მათი რაოდენობა ერთ მილიარდს გადააჭარბებს.

რა რეალური საფუძვლები არსებობს ასეთი პროგნოზისათვის?

XX საუკუნის ბოლოს სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების წარმოების სფეროში თანდათან წინა პლანზე წამოიწია ახალი პრობლემების მთელმა კომპლექსმა, რომლებსაც დღევანდლამდე სერიოზული ყურადღება არ ექცეოდა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მიწის, წყლის, ტყის და ზოგიერთი სხვა ბუნებრივი რესურსების მოცულობა შეზღუდულია, ყველასთვის იყო ცნობილი, მაგრამ მათგან ცოტა თუ ფიქრობდა, რომ ეს პრობლემები რეალურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას უახლოეს პერიოდში შეიძენდა. ასევე უყურადღებოდ რჩებოდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გარემო სამყაროს მდგომარეობის გაუარესება, ინდუსტრიალიზაციის გავლენა, ცხოვრების ურბანიზაცია და სხვ. მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერებისა და ექსპერტების დიდი უმრავლესობა აღიარებდა და აფიქსირებდა ამ ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი მომავალი თაობების გადასაწყვეტი პრობლემა იყო. პრობლემა ზოგიერთი მეცნიერის მხრიდან მდგომარეობის შავი ფერებით დახატვის სურვილად უფრო აღიქმებოდა. მითუმეტეს, იმ ფანტასტიკური წარმატებების ფონზე, რომელსაც მსოფლიო სასურსათო წარმოებამ XX საუკუნის 50-80-იან წლებში მიაღწია. კერძოდ, როგორც ცნობილია ამ პერიოდში მარცვლეულის წარმოება გაიზარდა 2,6-ჯერ, ხორცის 4-ჯერ, თევზჭერა და ზღვის პროდუქტების მოპოვება 5-ჯერ. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს სხვა მსგავსი პერიოდი. აფრიკაშიც კი მარცვლეულის წარმოება თითქმის გაორმაგდა. მოსახლეობის 2-ჯერ ზრდის მიუხედავად 80-იანი წლების ბოლოს საშუალოდ ერთ სულზე სურსათით უზრუნველყოფამ შეადგინა რეკორდული დონე: მარცვლეულით 346 კგ, ხორცით 34 კგ, ზღვის პროდუქტებით 20 კგ.

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე კაცობრიობამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია არა მარტო სურსათის წარმოებისა და მოხმარების სფეროში. უპრეცედენტო მასშტაბებით გაიზარდა მოსახლეობის შემოსავალი, ამაღლდა ცხოვრების დონე, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობამ 8-10 წლით იმატა.

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მეცნიერები ფაქტობრივი ანალიზის საფუძველზე აკეთებენ ფრიად პესიმისტურ პროგნოზებს.

იმ გარემოებებსა და ფაქტორებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალური გავლენა იქონიოს და სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხს, აღსანიშნავია: სახნავი მიწების ფართობების განუხრელი შემცირების ტენდენცია; სასოფლოსამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდის ტემპის შენელება; საძოვრული მეცხოველეობის მასშტაბების შემცირება საძოვრების პროდუქტიულობის დაცემის გამო; მსოფლიო ოკეანის რესურსების მდგომარეობის გაუარესება; მტკნარი წყლის დეფიციტი; ეკოლოგიური წონასწორობის მუდმივი რღვევა და სხვ.

თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემათა შორის მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება ერთერთი პირველთაგანია. ამჟამად დედამიწაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საერთო ფონდი 1.5 მლრდ. ჰექტარს შეადგენს, რაც პრაქტიკულად მთელი ხმელეთის 10%ია. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სათანადო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაზრდა 6.5 მლრდ. ჰექტრამდე. ჩვენი აზრით ამ კატეგორიის მიწების აღნიშნული მოცულობით გაზრდა უახლოეს პერსპექტივაში არარეალურია, რადგან აქ ნაგულისხმებია უდაბნოების, ნახევრადუდაბნოების, ჭაობების და სხვა ამჟამად გამოუყენებელი მიწების მელიორირება და კულტივირება, რაც უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ხოლო მაღალხარისხოვანი მიწების ხარჯზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადიდების პრაქტიკულად ყველა რეზერვი ამოწურულია. პირიქით, მსოფლიოში თანდათან ძლიერდება მიწების ეროზია, რასაც ემატება ქალაქმშენებლობით და სხვა მიზეზებით გამოწვეული დანაკარგები, რომელთა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად 6.7 მლნ. ჰექტარს შეადგენს.

გარდა პირდაპირი დანაკარგებისა გასათვალისწინებელია ირიბი დანაკარგებიც, რაც მიწების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებაში გამოიხატება. კერძოდ, ექსპერტული გაანგარიშებით მცენარეებს ნიადაგიდან ყოველწლიურად ამოაქვთ დაახლოებით 100 მლრდ. ტონა მინერალური და ორგანული ნივთიერება, ხოლო ადამიანის მიერ მას ხელოვნურად უბრუნდება მხოლოდ ერთ მლრდ. ტონამდე. გარდა ამისა, ყოველ დამუშავებული ჰექტრიდან წყლის მიერ ყოველწლიურად ჩამოირეცხება საშუალოდ 1.34 ტონა ნიადაგი, რის გამოც ერთ დროს ნაყოფიერი მიწის ფართობი გამოუყენებელი მიწის კატეგორიაში გადადის.

ანთროპოგენური ეროზია განსაკუთრებით გაამწვავა ტყეების გაჩეხვამ. ამ მხრივ კაცობრიობა უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როცა ბრაზილიის ცნობილი ჯუნგლების ათვისება დაიწყო (როგორც ცნობილია ტყის ეს მასივი აწარმოებს დედამიწის მთელი ჟანგბადის თითქმის ნახევარს). საბედნიეროდ, ერთი შეხედვით ნაყოფიერი მიწები, მწირი და დაბალნაყოფიერი აღმოჩნდა სასოფლოსამეურნეო წარმოების თვალსაზრისით, რადგან ინტენსიური დამუშავების პირობებში ეს მიწები ორი წლის განმავლობაში, ხოლო საძოვრებად გამოყენების შემთხვევაში საშუალოდ 15 წლის მანძილზე დეგრადირდებოდა.

ცალკეულ ქვეყნებში ასეთი არასწორი ლოკალური გადაწყვეტილებების მიღებისაგან თანამედროვე მსოფლიო არც მომავალშია დაზღვეული. ამიტომ აღნიშნული პრობლემის გლობალური მასშტაბისა და მიწის, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის განსაკუთრებული და ერთერთი ძირითადი შეუცვლელი ფაქტორის დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჭიროა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) ან სხვა საერთაშორისო სტრუქტურასთან შეიქმნას მიწების ერთიანი ბანკი, რომელმაც დროულად უნდა შეიმუშაოს სათანადო წინადადებები მსოფლიოში მიწების დაცვის, ახალი მიწების ათვისების, გაკულტურების და სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის თვალსაზრისით.

ხსენებული ბანკის უპირველესი ფუნქცია (რა თქმა უნდა სხვა ფუნქციებთან ერთად) მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის მიწებზე მუდმივი მონიტორინგი და მათი გამოყენების ეკონომიკურ-ეკოლოგიური მიზანშეწონილობის შეფასება უნდა იყოს.

უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის წარმოების ზრდას, სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან სახნავი მიწების ამოღების შეუქცევადი პროცესი წარმოადგენს. ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცალკეულ ქვეყნებში.

მაინც რა ობიექტური მიზეზები იწვევენ სახნავი მიწების ფართობის შემცირებას?

პირველი. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებით სახნავი მიწების გამოყენება. იგი ძირითადად გამოწვეულია სამრეწველო წარმოების გაფართოებით. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იაპონია, კორეა, ინდოეთი, ჩინეთი (ტაივანის ჩათვლით), ბოლო 10 წელიწადში სასოფლოსამეურნეო ბრუნვიდან ამ მიზეზით ამოღებული იქნა 15 მლნ. ჰა, რაც ნიშნავს, რომ პლანეტამ ყოველწლიურად დაკარგა დაახლოებით 150-200 მლნ. კაცის მარცვლეულით გამოკვების პრაქტიკული საშუალება. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ დედამიწის ერთი მოსახლე კარგავს წელიწადში 910 კგ მარცვლეულის მიღების შანსს.

მეორე. სასოფლოსამეურნეო წარმოების ხელაღებულმა და უკონტროლო ინტენსიფიკაციამ XX საუკუნის 60-80-იან წლებში გამოიწვია ნიადაგის დაჩქარებული ეროზია. როგორც შედეგი ამას მოჰყვა სამეურნეო ბრუნვიდან მნიშვნელოვანი ფართობების ამოღება აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა დაახლოებით 20 მლნ. ჰას დაკონსერვება, რაც მარცვლეულის ყოველწლიური წარმოების 50-60 მლნ. ტონით შემცირების ტოლფასია.

მესამე. უმნიშვნელოვანესი მომენტია მოსახლეობის მხრიდან მიწის რესურსებზე მოთხოვნილების განუხრელი ზრდა, მაშინ, როდესაც XXI საუკუნის დამდეგს ახალი სახნავი მიწების ათვისების შესაძლებლობა (განსაკუთრებით ცალკეულ ქვეყნებში), პრაქტიკულად ამოწურულია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ამ ფართობების შემდგომი ზრდის პერსპექტივაზე დაყრდნობა არ შეიძლება. უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია მათი შენარჩუნება არსებულ დონეზე, რაც სულ 655 მლნ. ჰას შეადგენს.

ცნობილია, რომ საძოვრებსა და მდელოებს უკავიათ დედამიწის ტერიტორიის დაახლოებით 20% და ისინი უმეტეს წილად გვალვიან რაიონებსა და მთის ქანობებზეა განლაგებული. მეცხოველეობაში ამ სავარგულებს განსაკუთრებული როლი განეკუთვნება, რადგან ის იძლევა მსოფლიოში წარმოებული ხორცისა და რძის ძირითად მოცულობას. იგი საკვებით უზრუნველყოფს დაახლოებით 3,2 მლრდ. მსხვილფეხა პირუტყვს, ცხვარსა და თხას (ანუ საშუალოდ 2 პირუტყვს ყოველ სამ მცხოვრებზე გაანგარიშებით).

საქონლისა და ცხვრის ხორცის წარმოება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან განუხრელად იზრდებოდა. შემდგომში, მოსახლეობის სწრაფი ტემპით ზრდასთან ერთად ერთ სულ მოსახლეზე ხორცის წარმოება 1972 წლის 12,7 კგ-დან 2001 წელს 11 კგ-მდე შემცირდა. აღნიშნული მდგომარეობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ უმრავლეს ქვეყანაში საძოვრული მესაქონლეობის გაფართოების შესაძლებლობა პრაქტიკულად ამოიწურა, რაც ორი ძირითადი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი საძოვრების ფართობების გაფართოების შეუძლებლობა და მეორე ზედმეტად მკაცრი ექსპლუატაციის შედეგად მათი პროდუქტიულობის შემცირება და ზოგიერთ შემთხვევაში დეგრადაცია.

შექმნილი მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ საქონლისა და ცხვრის ხორცის წარმოების ზრდა შესაძლებელია ძირითადად პირუტყვის სასუქ კომპლექსებსა და მოედნებზე, მაგრამ ეს სფერო არ შეიძლება პერსპექტივაში ძალიან საიმედოდ მივიჩნიოთ, ვინაიდან იგი მოითხოვს პირუტყვის საკვებად მარცვლეულის დიდ რაოდენობას, რომლის წარმოებაც გარკვეულ წილად ასევე შეზღუდულია. ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ თვალსაწიერ პერიოდში საქონლისა და ცხვრის ხორცის წარმოების შესამჩნევი გაფართოების შესაძლებლობა დიდად შეზღუდულია (ხორცის ამ სახეობის ძირითადი მომხმარებლები ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაა, რომელთა ოდენობა ჩვენს პლანეტაზე საკმაოდ მაღალია).

მძიმე სიტუაციაა შექმნილი ოკეანეების, ზღვებისა და მდინარეების რესურსებთან მიმართებაში.

1990-იანი წლების ბოლოს თანდათან ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ამ სფეროში შეუზღუდავი რაოდენობის რესურსები აღარ არსებობს და იგი მუდმივად მცირდება. ასეთი შეფასება გარკვეულ ფაქტებზე დაყრდნობის და ღრმა ანალიზის შედეგია.

ზღვის პროდუქტების მოპოვება 1950 წლის 22 მლნ. ტონიდან 2000 წელს აყვანილ იქნა 100 მლნ. ტონამდე. ზოგიერთ ქვეყანაში ამ პროდუქტების ფაქტობრივმა მოხმარებამ გადააჭარბა სხვა სახის ხორცის მოხმარების დონეს და გახდა ცხოველური ცილის მიღების ძირითადი წყარო. 1993 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (ფაო) დაადგინა, რომ მსოფლიოს 17 ძირითად თევზჭერის რეგიონში თევზის მოპოვება ხორციელდებოდა დასაშვებ ნორმაზე მეტი რაოდენობით, ხოლო 9 მათგანი უკვე სრული ამოწურვის ზღვარზე იმყოფებოდა. ყოველივე ეს წარმოადგენს 1980-იან წლებში ზღვებსა და ოკეანეებში თევზჭერის სიმძლავრეთა არაკონტროლირებადი ზრდის, აგრეთვე, თევზჭერის მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვის პირდაპირ შედეგს. ამის გამო, თანმიმდევრულად იქნა გამოცარიელებული ატლანტიკის, აფრიკის სანაპიროს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ზღვები, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ს, კანადის, იაპონიის, რუსეთის თევზსარეწ წყლებზე. ზოგიერთი სახეობის თევზის რესურსი უკვე თითქმის 80-90%ის ფარგლებშია ათვისებული, რაც ამ სახეობის არა თუ აღწარმოების, არამედ საერთოდ შენარჩუნებასაც კი ეჭვქვეშ აყენებს.

დაშრობის პროცესმა, შხამქიმიკატებითა და ნარჩენებით მდინარეებისა და ტბების დაბინძურებამ გამოიწვია წყალსატევების კვდომა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მხოლოდ კანადაში 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა 14 ათასი მკვდარი ტბა. არალის ზღვა, რომელიც ჯერ კიდევ ახლო წარსულში წელიწადში იძლეოდა 40 ათას ტონა თევზს, ამჟამად, ეკოლოგიურად მკვდარია. ზოგიერთ წყალსატევში, მართალია, თევზი კი გადარჩა, მაგრამ ადამიანის კვებისათვის იგი პრაქტიკულად გამოუსადეგარია. შექმნილი სიტუაცია საფუძველს არ იძლევა იმედი ვიქონიოთ პერსპექტივაში თევზჭერის მოცულობის მნიშვნელოვან მატებაზე. არსებულ დონეზე (98 მლნ. ტონა, 1 სულ მოსახლეზე 20 კგ) შენარჩუნებაც კი საეჭვო ხდება.

როგორია დედამიწის ბიოპოტენციალი დღეისათვის? ეს საკითხი ბევრი მეცნიერ-მკვლევარის საკვლევი თემაა. მისი დადგენის მთავარი მიზანია ე.წ. მსოფლიო სასურსათო ტევადობის განსაზღვრა პლანეტის ხალხთმოსახლეობის შესაძლო ზღვრის დასადგენად. დღემდე ამ მიმართულებით გაკეთებული მრავალი გაანგარიშება არსებობს. მათ შორის ბევრი საკმაოდ ფანტასტიკურიც. მაგალითად, 1918 წელს უნგრელმა პროფესორმა ნიკოლაიმ გამოიანგარიშა, რომ თუკი ათვისებული იქნებოდა პლანეტის ყველა რესურსი სრულად, მაშინ დედამიწა შეძლებდა სამი ჰეკსალიონი (3ხ1016) ადამიანის გამოკვებას. არსებობს უფრო ზომიერი და რეალობასთან მიახლოებული შეფასებებიც. მაგალითად, თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა განვითარებად ქვეყნებში გაუტოლდება განვითარებული ქვეყნების მონაცემებს, მაშინ შესაძლებელი იქნება 10 მილიარდი ადამიანის გამოკვება. საბჭოთა კავშირში გამოითვალეს, რომ მცენარეების მიერ ფოტოსინთეზისათვის მზის ენერგიის გამოყენების ზრდა 10 პროცენტამდე და სასოფლოსამეურნეო სავარგულების გადიდება 10 მილიარდ ჰექტარამდე შექმნის შესაძლებლობებს 1 ტრილიონი ადამიანის გამოკვებისათვის. შვედი მეცნიერი ჰუგო ოსვალდი, წიგნში “დედამიწას შეუძლია ჩვენი გამოკვება”, აღნიშნავდა, რომ მიწის დამუშავების ტრადიციული მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია დაახლოებით 12 მილიარდი ადამიანის გამოკვება. დანიელი მეცნიერი ა. იაკობსონი ასაბუთებდა, რომ თუკი მსოფლიოში მიღწეული იქნებოდა იმ დონის მოსავლიანობა, როგორიც იმჟამად დანიაში იყო, სურსათით უზრუნველყოფილი იქნებოდა 32 მილიარდი ადამიანი. ბელგიელი ბიოლოგები პ. დიუვინიუ და მ. ტანგა წიგნში “ბიოსფერო და მასში ადამიანის ადგილი” წერენ, რომ თუკი მარცვლეულის საერთო საშუალო მოსავლიანობა მიაღწევს 5 ტონას, მაშინ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაუდიდებლად შესაძლებელი იქნება 140 მილიარდი ადამიანის გამოკვება. ამერიკელი კოლინ კლარკი კი ასაბუთებს, რომ მსოფლიოს მიწათმოქმედების პროდუქტიულობის საშუალო დონე თუ გაუთანაბრდება ახალი ზელანდიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, დედამიწა გამოკვებავს 147-157 მილიარდ ადამიანს.

ერთერთი ყველაზე უფრო რეალური და სრულყოფილი გამოკვლევა ამ განხრით ჩაატარა ამერიკელმა აგროკლიმატოლოგმა ტორნტუაიტმა. მან დედამიწის მთელი მიწის ფონდები გადაიანგარიშა ე.წ. “სტანდარტულ მიწაზე”, რომელსაც საშუალო ნაყოფიერება ახასიათებს ზომიერი სითბოსა და ტენიანობის პირობებში. შედეგად ყველა ქვეყნისა თუ რეგიონისათვის მიღებულ იქნა ფართობის ოდენობა “სტანდარტულ აკრებში” გადაანგარიშებული. ტორნტუაიტის გათვლებში გათვალისწინებული იყო კულტურათა საშუალო მოსავლიანობა, რომელიც მოცემული რეგიონისთვისაა დამახასიათებელი (საძოვრები შეფასდა საკვების გამოსავლიანობის მიხედვით). ის გულისხმობდა, რომ სავარგულები დამუშავდება აგროწესების მიხედვით ყოველგვარი “მომავლის აგროტექნიკის” გარეშე. ამასთანავე, თბილ რეგიონებში მდებარე მიწებს შედარებით მაღალი კოეფიციენტი მიანიჭა, რადგან ამგვარ მიწებზე ორი და სამი მოსავლის მიღება შეიძლება.

ტორნტუაიტის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. მისი გათვლებით დედამიწას შეუძლია 35 მლრდ. ადამიანის გამოკვება, რაც საკმაოდ რეალურად უნდა იქნეს მიჩნეული. საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ ყველა ზემოაღნიშნული პროგნოზი დაფუძნებულია მხოლოდ დედამიწის სასურსათო პოტენციალზე და საერთოდ არ ითვალისწინებს ისეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობებს, როგორიცაა: მტკნარი წყალი, წიაღისეული და სხვა იმ მატერიალურ საშუალებებს, რომელთა კომპლექსი სურსათთან ერთად ქმნის ადამიანებისათვის სასიცოცხლო გარემოს.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოს მთელი ტერიტორიის 53% მთებს უკავია, 33% მთისწინებს, ხოლო 14% დაბლობს. ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 16%ია გამოყენებული სახნავისა და მრავალწლიანი ნარგავებისათვის. მოსახლეობის ერთ სულზე აქ 0,66 ჰა სასოფლო სამეურნეო სავარგული და 0,17 ჰა სახნავი მოდის. სასოფლო-სამეურნეო სავარგული 3025 ათასი ჰექტარია, მ.შ. სახნავი 802 ათასი ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 263 ათასი ჰა, სათიბ-საძოვარი 1960 ათასი ჰა. სახნავი მიწების (802 ათასი ჰა, 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) 39%, ანუ 310 ათასი ჰა განლაგებულია ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე, სადაც შესაძლებელია სოფლის მეურნეობის გაძღოლის შედარებით მაღალი დონის მიღწევა და სასაქონლო წარმოების ფართოდ გაშლა. 230 ათასი ჰა სახნავი, ანუ მისი მთლიანი რაოდენობის 29%, განლაგებულია 500-დან 1000-მდე, სადაც წარმოების რენტაბელობა თანდათან კლებულობს, ხოლო დანარჩენი ფართობები 1000-1500 მზე და უფრო მეტ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც სასოფლო-სამეურნეო წარმოება ერთობ შეზღუდულია და რისკის ზონას წარმოადგენს. გარდა რთული ვერტიკალური ზონალობისა, რელიეფის დახრილობისა და სიჭრელისა, სახნავი მიწების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მთის ზონაში, წარმოდგენილია მცირე კონტურებად დიდი ქანობის ფერდობებზე. იქ გაძნელებულია მექანიზმების გამოყენება. საქართველოს სახნავი მიწების 17% ანუ 135 ათასი ჰა განლაგებულია 10120-ზე მეტი დახრილობის ფერდობებზე, რომელიც ძირითადად ხელით და ცოცხალი გამწევი ძალით მუშავდება. ყოველივე ეს ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო მცირე და საშუალო სიდიდის, მაგრამ მრავალფეროვანი და მრავალდარგოვანი აგრარული წარმოების ქვეყანა იქნება.

საქართველოში 25 ათასი მდინარე, 860 ტბა, 688 მყინვარი, 1400-ზე მეტი მინერალური წყაროა. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის თითქმის 39%. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000-4500, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3000-4000 გრადუსია ატმოსფერული ნალექები დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 2000-2700 მმ. მოდის წელიწადში, ხოლო აღმოასავლეთ საქართველოში 400-500 მმ.

საქართველოს მინერალური რესურსების (წიაღისეულის) მარაგი დაახლოებით 90 მლრდ. აშშ დოლარად არის შეფასებული, ქვეყანას მარტო ამ მონაცემით გააჩნია 30 მლრდ. დოლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების ეკონომიური პოტენციალი. ბუნებრივია, ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ ქვეყნის ნივთიერ-მატერიალურ სიმდიდრეს დაემატება მიწის სავარგულების, ტყეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსის საბაზრო ღირებულებაც (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეისათვის საქართველოს არ გააჩნია აღნიშნული რესურსების საერთო საბაზრო ღირებულების მონაცემები: მიწას, ტყეს, წყალსა და სხვა რესურსებს ხელისუფლება განკარგავს ან გასცემს იჯარაში ისე, რომ არ იცის არც მათი რეალური ნორმატიული ფასი და არც კადასტრული ღირებულება).

 საქართველოს, ისევე, როგორც დედამიწის სხვა ტერიტორიულ ერთეულს, თავისი სასურსათო პოტენციალი გააჩნია. ექსპერტთა შეფასებით, იგი სრულიად საკმარისია 10-12 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მაგრამ აღნიშნულის მიღწევა ქვეყნის ბიოგეოკლიმატური პირობების რაციონალურ გამოყენებაზეა დამოკიდებული. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ჩვენთან ბოლო 18 წლის განმავლობაში არ ტარდება ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ეროზია არარაციონალური მიწათმოქმედების თანმდევი სენია), რომელსაც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 35%, ანუ 1,1 მლნ. ჰაზე მეტი. მათ შორის სახნავი მიწების თითქმის 52%, ანუ 412,4 ათასი ჰა, საძოვრების 34%, ანუ 598,4 ათასი ჰა. ამასთან, მწყობრიდან გამოვიდა მინდორსაცავი ზოლების ნარგაობა, სარწყავი სისტემები. ქვეყანაში ადრე არსებული 470 ათასი ჰა სარწყავი ფართობიდან, ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ 150 ათასი ჰას მორწყვა. მნიშვნელოვნად შემცირდა მრავალწლოვანი ნარგაობა (ხეხილის ბაღები, ჩაის პლანტაციები, ვენახები და სხვ.) თუ 1986 წელს მათი საერთო ფართობი 357 ათას ჰას შეადგენდა, 2007 წელს ის 263 ათას ჰამდე შემცირდა. ცვლილება განიცადა ნათესი ფართობების სტრუქტურამაც. თანდათანობით გაიზარდა მარცვლეული და ზეთოვანი (მზესუმზირა) კულტურების ხვედრითი წილი, მაგრამ არ ხერხდება მათი სტაბილური მოსავლის მიღება სარწყავი სისტემების უმოქმედობისა და სხვა მიზეზების (თესლბრუნვების უგულვებელყოფა, უხარისხო თესლი და ა.შ.) გამო.

1960 წლიდან 2007 წლის 1 იანვრამდე სახნავი მიწების ფართობი 150 ათასი ჰაით შემცირდა და 802 ათასი ჰა შეადგინა. სახნავი მიწების მნიშვნელოვან შემცირებას ადგილი ჰქონდა 1960-65 წლებში (100 ათასი ჰა), რაც სრულიად გაუმართლებელ ტენდენციად უნდა ჩაითვალოს.

სასურსათო პრობლემის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავებაში მყოფი მიწების (სახნავ და მრავალწლიან ნარგავები ერთად) შენარჩუნებას და მათი ფართობის შემდგომ გადიდებას. ამ მხრივაც ქვეყანაში არასასურველი ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, თუ 1960 წელს ამ კატეგორიის მიწის ფართობი 1265,0 ათას ჰას შეადგენდა, 2007 წლისთვის მან 1065,0 ათასი ჰა შეადგინა, ანუ შემცირდა 200 ათასი ჰათი. აღნიშნულის გათვალისწინებით გასამკაცრებელია ღონისძიებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწების ამოღებისადმი. 1953-2007 წწ. ამ დანიშნულებით გამოიყო 400 ათას ჰაზე მეტი მიწის ფართობი (ე.ი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები გადავიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიაში), რაც სრულიად დაუშვებელია მიწით ისეთი მცირედ უზრუნველყოფილი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

როგორც ცნობილია, საძოვრული მეცხოველეობის არსებობა, მისი განვითარების მაჩვენებლები, პირუტყვის რაოდენობა, სტრუქტურა და პროდუქტიულობა ძირითადად ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენებაზეა დამოკიდებული. საქართველოში არსებული სათიბ-საძოვრების მთლიანი ფართობის (1,960 მლნ. ჰა) 2/3 განლაგებულია ზღვის დონიდან ისეთი სიმაღლისა და დაქანების ფერდობებზე, რომ ძნელად გამოსაყენებელია პირუტყვის ნებისმიერი სახეობისათვის, მ.შ. ცხვრისთვისაც კი. საძოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი ექსპლუატაციისა და უყურადღებობის გამო დეგრადირებულია და მათი აღდგენა სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

მინიმალურადაც არაა გამოყენებული შიდა წყალსაცავებში (მ.შ. სატბორე) მეთევზეობის განვითარების შესაძლებლობანი. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში მათ 50 ათასი ჰა ფართობი ეკავა. ეს ის რაოდენობაა, რომელიც დამაკმაყოფილებელი ექსპლუატაციის პირობებში თავისუფლად უზრუნველყოფს 7075 ათასი ტონა ახალი (ნედლი) თევზის რეწვას წლის განმავლობაში.

თანამედროვე მსოფლიოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემათა რიცხვში უდავოდ შესატანია წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება, მისი ოპტიმალური მართვა. ერთი მხრივ მსოფლიოში არსებობს დაჭაობებული ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებენ ზედმეტი წყლის მოცილებას, ხოლო მეორე მხრივ დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის. ამ უკანასკნელის გადასაჭრელად მრავალი ტრადიციული და არატრადიციული (ფანტასტიკურიც კი) პროექტები გამოიყენება (მდინარეების კალაპოტების შეცვლა, აისბერგების ტრანსპორტირება, ზღვის წყლის გამტკნარება და ა.შ.), მაგრამ საეჭვოა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საირიგაციო წყლის პრობლემამ თავისი გადაწყვეტა ჰპოვოს.

მტკნარი წყლის რესურსების დეფიციტის პრობლემა მუდმივად იდგა მსოფლიოს მცხოვრებთა წინაშე, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს აღნიშნული საკითხი იმდენად გამწვავდა, რომ საეჭვო გახდა წყლით, როგორც სასურსათო პროდუქტით, კაცობრიობის სრული უზრუნველყოფის შესაძლებლობაც კი (უკანასკნელი მონაცემებით, თანამედროვე მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის 2,2 მლრდ. ადამიანი). საქართველო ამ მხრივ უმდიდრესი ქვეყანაა. მტკნარი წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სწორი მენეჯმენტის შემუშავების შემთხვევაში იგი საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროდ უნდა იქცეს (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და არაბული სამყაროს ქვეყნებში).

საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გათვლებით ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ შესწავლილი მარაგები აღემატება 51 მლრდ აშშ დოლარს. მათ შორის _ მტკნარი და მინერალურ-სამკურნალო წყლები 10 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიკეთე შეუძლია მარტო ამ რეზერვის ამოქმედებას, თუნდაც არასრული მოცულობით.

ბოლო ფაქტორი, რომელიც სასურსათო უშიშროების პრობლემას უკავშირდება, ეს ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაა. იგი უარყოფითად მოქმედებს სასურსათო ვითარებაზე, რადგან ეკოლოგიურად დარღვეული გარემო პირობები ართულებს სასოფლოსა-მეურნეო წარმოებას და იწვევს სურსათის ხარისხის გაუარესებას. ამდენად, სასურსათო პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია მსოფლიო მეურნეობაში სურსათის წარმოების ზრდის შემზღუდავი ეკოლოგიური პროცესი, რის გამოც მიუღებელი ხდება განვითარების ის მოდელი, რომელიც არაგანახლებადი რესურსების ინტენსიურ გამოყენებას ეფუძნება. მოსახლეობის სწრაფი ზრდისა და არაგანახლებადი რესურსების თანდათან ამოწურვის მიუხედავად, დამტკიცებულია, რომ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესს შეუძლია გადაწყვიტოს მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და საერთოდ, კაცობრიობის მატერიალური და სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

აქვე აღსანიშნავია იმ შეფარდებითი უპირატესობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთისა და მთისწინეთის ყველა რაიონს გააჩნია ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით. მისი წარმოება ეკონომიკურად რენტაბელურია და უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირის მოთხოვნებთან საკვები პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით. ამასთან ხელს შეუწყობს საქართველოს მთიანეთის აღორძინებას, მთაში მცხოვრები მოსახლეობის შენარჩუნებასა და ზრდას, მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მაგრამ, ყოველივე ეს მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს წარმოების ორგანიზაციასა და მართვაში, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის გატარებას, რაც უდავოდ განაპირობებს გარდაქმნებს სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში (პიროვნების როლის ამაღლება და საზოგადოების ჰუმანიზაცია, სოციალური განვითარების წინა პლანზე წამოწევა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი განვითარების სფეროში არსებითი ხასიათის ცვლილებებს იწვევს მთელ საზოგადოებაში).

თუ რაოდენ გამწვავებულია რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრობლემა მსოფლიოში, ჩანს შემდეგი მონაცემებიდან. გაეროს პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობა 2050 წელს მიაღწევს დაახლოებით 10 მლრდ. კაცს, ანუ თითქმის ორჯერ გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხმარების ეკოლოგიური ინტენსიურობა, ანუ ტექნოლოგიური ზემოქმედება გარემოზე ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ნულოვან პირობებშიც კი 4-ჯერ უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ ასეთი მოხმარება დღევანდელი ტემპით, ანუ წელიწადში 23%ით გაიზრდება, 2050 წელს იგი 4-ჯერ უფრო მეტი იქნება. ამ შემთხვევაში ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მოხმარების ეკოლოგიური ინტენსივობა 16-ჯერ უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიურ კატასტროფას თავიდან ვერ ავიცილებთ.

არც შედარებით ახლო პერიოდის პროგნოზებია დამამშვიდებელი. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) მონაცემებით 2010-2015 წლებში მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%ით გაიზრდება. მოსალოდნელი უმწვავესი სასურსათო კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაატყდება თავს. კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გაორმაგდა ხორბლისა და სიმინდის ფასი და მან შესაბამისად 410 და 150 აშშ დოლარს მიაღწია.

აქედან ჩანს, რაოდენ საშური საქმეა მთელი დედამიწის მასშტაბით მდგრად განვითარებაზე გადასვლა. რესურსდამზოგი, უნარჩენო ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა. ამას ემატება კლიმატის შეცვლის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, სიღარიბის დაძლევის გლობალური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა. ამიტომ საჭიროა ახლებურად გავაცნობიეროთ ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება, როგორც ობიექტური აუცილებლობა და შევიმუშავოთ შესაბამისი ღონისძიებები მისი ნორმალურად წარმართვისათვის.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

1) დამუშავებაში მყოფი მიწების შემცირების, სურსათის წარმოების გადიდების ინტენსიური ფაქტორების შეზღუდვისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდება მცირდება. ასეთ ვითარებაში ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის ფულადი შემოსავლების უმნიშვნელო გადიდებაც კი სურსათზე მოთხოვნის გადიდების და სასურსათო პრობლემის გამწვავების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ეკონომიკურ ზრდასა და სასურსათო პრობლემას შორის ასეთი კორელაციური კავშირის გამო ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტოს, რა ზომით დაუშვას უმუშევრობა, ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა;

2) ადამიანთა სასურსათო უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ოჯახის დონეზეა გადასაწყვეტი, ე.ი. იძლევა თუ არა ოჯახის შემოსავლები სურსათის ფიზიოლოგიური ნორმებით უზრუნველყოფის საშუალებას. იგი სამ კომპონენტს მოიცავს და მხოლოდ სამივე კომპონენტის ერთობლიობას (სურსათის ხელმისაწვდომობა, ვარგისიანობა და მისი ეფექტური გამოყენება) შეუძლია ყველა ოჯახის (ადამიანის) უზრუნველყოფა სურსათით;

3) სასურსათო უზრუნველყოფა ანუ სასურსათო პრობლემის მოხსნა მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის არის უმნიშვნელოვანესი მასშტაბის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამოცანა, რომლის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც საშუალებას იძლევა არა მარტო მოსავლის (პროდუქტიულობის) გადიდებისათვის, არამედ ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტიული სისტემების ფორმირებისათვის. ეს კი თავის მხრივ მოითხოვს საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის ჰარმონიზაციის, საკუთარი ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის, დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრების და სხვა პრობლემების მოგვარებას;

4) სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა ეროვნულ (ქვეყნის) დონეზე მოითხოვს სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარებას, სოფლად სიღარიბის დაძლევას, ფერმერთა შრომის ავტორიტეტის ამაღლებას და მათ მატერიალურ სტიმულირებას, სასოფლოსამეურნეო წარმოებასა და კვლევებში (განსაკუთრებით სელექციაში) ინვესტიციების გადიდებას. ეს ყოველივე შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა სამამულო აგროპროდუქციაზე გაჩნდება შესაბამისი მოთხოვნა. ფერმერთა კეთილდღეობა და სოფლის მაცხოვრებელთა სიღარიბის დონის შემცირება, გააუმჯობესებს ბუნებრივი რესურსების მართვას და სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურსათით თავისუფალი ვაჭრობის განვითარებაში არსებული ბარიერების მოხსნას. კერძოდ, 1994 წელს “მარაკეშის შეთანხმების” უპირობო დაცვას (განვითარებულ ქვეყნებში აგროსექტორისადმი მხარდაჭერის შემცირება, საიმპორტო ბარიერების მოხსნა და ექსპორტის სუბსიდირების შემცირება), რაც პრაქტიკულად ათანაბრებს ყველა განვითარებადი ქვეყნის შანსს გახდნენ მსოფლიო ბაზრის ტოლფასოვანი სუბიექტები და გამოიყენონ ის სასურსათო პრობლემის მოხსნისათვის.

 

პაატა კოღუაშვილი

 

 “საქართველო”

 

Advertisements

4 Responses to “♦ შიმშილის პრობლემას გლობალური განზომილება გააჩნია”

  1. dato da gio said

    madloba gaixaret geografiashi 2 ians gadavrchit.

    Like

  2. mari _ana said

    magaria… momewona vnaxot me rogor “gadavrchebi” samoqalaqoshi

    Like

  3. ia said

    მადლობთ, მე მსოფლიო პოლიტიკაში გადავრჩი : )))

    Like

  4. fixera said

    გაიხარეთ მე გეოგრაფიაში გადავრჩი :დდ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s