Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ მეგრელთა საქმე

ვ. ნ. შონია

ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს “მეგრელთა საქმე”

სტალინის სიკვდილი

 რეპრესირებულთა განთავისუფლება და შემდეგ მათი რეაბილიტაცია უშუალოდაა დაკავშირებული სტალინის სიკვდილთან. დანამდვილებით ჯერჯერობით არავინ იცის სტალინის სიკვდილის ნამდვილი მიზეზები, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით არსებობს სხვადასხვა ვერსია1.

 

 ზოგიერთი რამ ლ. ბერიას შესახებ

beriaახლა მოვლენათა განვითარების არსში სიცხადის შეტანის მიზნით საჭიროა, ცოტა უკან დავიხიოთ და მკითხველს გავაცნოთ ზოგიერთი დეტალი ლ. პ. ბერიას შესახებ.

ძიკი კვარაცხელია განთქმული მეჯოგე იყო. იგი ტოლს არ უდებდა ასევე განთქმულ მეჯოგეს ჯარნაზ არქანიას, რომელსაც “კრასნაია პოლიანას” მიდამოებში ჰყავდა 3000 სული საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვი. ჯოგს 50-ზე მეტი მწყემსი უვლიდა. ჯარნაზს, ასევე ძიკის ბანკში ჰქონდათ გახსნილი ანგარიში, ჰქონდათ ჩეკი და თავიანთი სურვილისამებრ განაგებდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხებს.

ძიკი კვარაცხელიას სახელთანაა დაკავშირებული “კვარაცხელიას ჯიშის” განთქმული მეგრული ძროხა, ამ ჯიშის ძროხის რძე ცხიმიანობით კამეჩის რძეს უახლოვდება, თანაც კამეჩთან შედარებით ნაკლებ საკვებს საჭიროებს.

ძიკის საძოვრები არენდად ჰქონდა აღებული გურიაში, ბახმაროს მიდამოებში, თავადების გურიელისა და მაჭუტაძისაგან. ძიკის ცოლშვილი არ ჰყავდა, შვილივით ზრდიდა და ეფერებოდა ერთერთი ძმის შვილს დიმიტრის. იგი ზაფხულობით დაყავდა გურიაში. მეტად მოხდენილი ტანის და ლამაზი სახის ახალგაზრდა მნახველში ცოცხალი და ჭკვიანი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამასთან ერთად დიმიტრი კარგი ცხენოსანი იყო, ჰყავდა ყაბარდოს ჯიშის საუკეთესო ცხენი. დიმიტრიმ ბახმაროში გაიცნო გურიის თავადის – ჯაყელის ქალიშვილი მართა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალეც შეუღლდნენ. ეყოლათ ბიჭი, რომელსაც კაპიტონი დაარქვეს. კაპიტონი ხუთი წლის იყო, როდესაც დიმიტრი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაქვრივებული მართა საცხოვრებლად გადმოდის კვარაცხელიებთან სოფელ ჯგალში (წალენჯიხის რაიონი). მართა ლამაზი ქალი იყო. ავი ენების მიერ დაირხა ჭორი, თითქოს მართას ერთერთი მაზლი უყვარდა. ეს უკანასკნელი სასულიერო პირი იყო. ჭორმა ძიკის დანარჩენი ძმების და ახლო ნათესავების ყურამდე მიაღწია. შეიქმნა მეტად გაუსაძლისი უხერხულობა. ამ ამბის დადასტურება დიდი სირცხვილი იქნებოდა მთელი საძმოსათვის. თუმცა ყველაფერი ეს მტკნარი სიცრუე იყო. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყვიტეს გაეთხოვებინათ მართა. ასეც მოხდა. ქალი მიათხოვეს სოხუმის რაიონის სოფელ მერხეულის მცხოვრებ 50 წლის კაცს – პავლე ბერიას. მართას კვარაცხელიებმა მზითვად გაატანეს 12 სული ძროხა, 22 სული ცხენი და დიდძალი სხვა ქონება. მართას მალე ბიჭი შეეძინა, რომელსაც დაარქვეს ლავრენტი.

ლავრენტი ცოცხალი და ჭკვიანი ბავშვი იყო, თანაც, სწავლის მოყვარული. შვიდი წლის ასაკში იგი შეიყვანეს სოხუმის “უმაღლეს დაწყებით” სასწავლებელში. მართა სასწავლებლის დამთავრებამდე შვილთან ერთად ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში. ლავრენტიმ სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა. იგი დაინტერესებული იყო არქიტექტურითა და სამშენებლო საქმით. ამ მიზნით ის მიემგზავრება ბაქოში. 15 წლის ყმაწვილი შედის ბაქოს სამშენებლო-მექანიკურ საშუალო-ტექნიკურ სასწავლებელში. 1919 წელს წარმატებით ამთავრებს სასწავლებელს და ღებულობს მშენებელი არქიტექტორის სპეციალობას. ბაქოში ცხოვრობდა და მუშაობდა მართას პირველი შვილი კაპიტონ კვარაცხელიაც.

ლ. პ. ბერია 1917 წელს შედის რსდმპ(ბ) რიგებში. მაშინ იატაკქვეშეთში მყოფი პარტიის კავკასიის ბიუროს მდივანი იყო ძველი რევოლუციონერი ვიქტორ ნანეიშვილი, კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში შედიოდა მთელი ამიერკავკასიის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, დაღესტანის და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონების ორგანიზაციები. იატაკქვეშა ბიურო იმყოფებოდა ბაქოში, რომელიც მაშინ მუსავატებს ეჭირათ. კავკასიის ბიუროს დავალებით ბერია შედის მუსავატების პარტიაში. აღნიშნულ პარტიაში იგი შევიდა მისი ბაქოელი მეგობრის მირზა ბაალის რეკომენდაციით. მანვე გააცნო ბერიას მირჯაფარ ბაგიროვი. ბერია მის მიერ მოპოვებულ სადაზვერვო მასალებს აწვდიდა ბაგიროვს, ეს უკანასკნელი კი მათ უგზავნიდა მეთერთმეტე არმიის დაზვერვას ასტრახანში. ასტრახანში პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლად მაშინ გახლდათ ანასტას მიქოიანი, ბერია კი მის მოადგილედ ითვლებოდა. ერთი წლის შემდეგ 1920 წლის გაზაფხულზე ბერია დააკავეს ქუთაისში, როგორც საბჭოთა რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი. ქუთაისის ციხეში მან გაიცნო საშა გეგეჭკორი, აქ შეხვდა ის პირველად საშას ძმისშვილს ნინოს, რომელსაც “პერედაჩები” მიჰქონდა ციხეში ბიძასთან.

საქართველოში საბჭთა რუსეთის ელჩის, კიროვის თხოვნით ნოე ჟორდანიამ ბერია პატიმრობიდნ გაანთავისუფლა. იგი მაშინვე გაემგზავრა ბაქოში, სადაც ამ დროს დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება და საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავმჯდომარედ მუშაობდა მისი მეგობარი ბაგიროვი. ამ უკანასკნელმა ბერია ჯერ დანიშნა სამეურნეო ნაწილის უფროსად, ხოლო მოგვიანებით გადაიყვანა საიდუმლო პოლიტგანყოფილების უფროსად. 22 წლის კაცისათვის ეს დიდი ტრამპლინი იყო.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობა, ოკუპაცია და ანექსია. ბერია ბაქოდან გადადის თბილისში უფროს ოპერად. საშა გეგეჭკორის ძმისწული ნინო აგრონომიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. ბერია პირდაპირ გამოცხადდა საშასთან და მორიდებული ტონით ნინოს ხელი სთხოვა. გეგეჭკორმა ამ კაცში დაინახა განათლებული და ენერგიული პიროვნება. მალე ლავრენტი და ნინო დაქორწინდნენ.

beria

ბერია  და მისი შვილი სერგო

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი თავის წიგნში “ტრიუმფი და ტრაგედია” მიიჩნევს, თითქოს ბერია სტალინმა პირველად 1929-30 წლებში გაიცნო წყალტუბოში. ა. ანტონოვ-ოვსენიკოვი კი თვლის, რომ პირველი განცობა მოხდა 1924 წელს, როცა გენერალურმა მდივანმა მიიღო საქართველოს ცეკას და საგანგებო კომისიის (ჩეკას) პასუხისმგებელი მუშაკები. სინამდვილეში ორივე ავტორი ცდება, თვითონ ლ. პ. ბერიას შვილი სერგო ბერია (ამჟამად გეგეჭკორი) ამბობს (იხ. რაულ ჩილაჩავა “სინ ლავრენტია ბერია (რასსკაზივაეტ)”), რომ 1921 წელს ს. ორჯონიკიძემ სტალინს წარუდგინა ბერია, როგორც პერსპექტიული მუშაკი. ეს მოხდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, როცა სტალინი ჩამოვიდა თბილისში, ხოლო როდესაც 1924 წლის ცნობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ სტალინს წარუდგენენ საქართველოს ცეკას და საგანგებო კომისიის (ჩეკას) პასუხისმგებელ მუშაკებს, მას გაახსენდება ახალგაზრდა ჩეკისტი, რომელსაც თურმე გარდა ჩეკისტური დაგეშილობისა (“სიფხიზლისა”) ახასიათებს პოლიტიკური ინტუიციაც. სტალინს ჯერ კიდევ ნაციონალურ საკითხთა სახალხო კომისრად მუშაობისას ზოგი რამ სმენოდა ბერიას შესახებ იმ “პოლიტიკური ტრაქტატის” მიხედვით, რომელიც შეიცავდა საბჭოთა დაზვერვითი ორგანოების ბაქოში მუშაობის გეგმას და შედგენილი იყო ლ. ბერიას მიერ.

beria

ბერიას ოჯახი

 

1923 წლის ბოლოს ბერია უკვე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტ-სამმართველოს (დოს) საიდუმლო ოპერატიული განყოფილების გამგედ, მალე მას აწინაურებენ ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტ-სამმართველოს უფროსის სტანისლავ რედენსის პირველ მოადგილედ.

ს. რედენსი, პოლიტიკური საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ანდრეი ერშოვი, ლ. ბერია და სხვა წამყვანი ჩეკისტები დროს ყოველთვის ერთად ატარებდნენ. 1931 წლის აპრილის ერთერთ დღეს, როდესაც ჩეკისტები ბერიას ბინაში ქეიფობდნენ, რედენსი ზომაზე მეტად დათვრა. მას მოსწონდა ჩეკას კანცელარიის ერთერთი ახალგაზრდა თანამშრომელი გოგო. სიმთვრალეში რედენსს შეეშალა საყვარლის ბინა და სხვის კარს მიადგა, დააკაკუნა. როცა ხმა არავინ გასცა, კარს ბრახუნი დაუწყო, მაგრამ არავინ გაუღო. როცა ბრახუნს არ მოეშვა, გამოვიდა ბინის პატრონი და ატყდა ჩხუბი. ხმაურზე მეზობლებმა გაიღვიძეს. ვიღაცამ მილიციას შეატყობინა. მოვიდნენ თანამშრომლები და რედენსი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ეს ინციდენტი ცნობილი გახდა ზემდგომი ორგენოებისათვის, მათ შორის სტალინისათვისაც. რედენსი მოსკოვში გამოიძახეს, იგი სტალინმა ბელორუსიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად გადაიყვანა. სტანისლავ რედენსი გადაარჩინა იმან, რომ მას ცოლად ჰყავდა ნადეჟდა ალილუევას და ანნა (რედენსი სტალინის ქვისლი იყო).

1932 წლის შემოდგომაზე სტალინი წყალტუბოში ჩამოდის დასასვენებლად. მას მაშინათვე ეახლა ბერია და ერთერთ საუბარში ასეთი რამ უთხრა: …”ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ თქვენი დაცვა დაევალოს მოსკოვიდან მოვლინებულ თანამშრომლებს. ჩვენ მთლიანად ჩვენს თავზე ვიღებთ თქვენს დაცვას, მოგვენდეთ”. სტალინმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ბერიამ სასწრაფოდ სტალინის ორი ორეული გამოაწყო. როდესაც კეკე (სტალინის დედა) შვილის სანახავად ჩადის წყალტუბოში, ბერიამ იგი შეიყვანა იმ ოთახში, სადაც ორეულები ისხდნენ და მომღიმარი სახით მიმართა კეკეს: …”ამოირჩიეთ თქვენი შვილი”. მშობელმა ეს ვერ შეძლო და პირჯვარი გადაიწერა. ამ დროს შემოდის თვითონ სტალინი და დედაშვილი ერთიმეორეს გადაეხვივნენ. კეკემ საყვედურით მიმართა შვილს: …”როგორ მწყინს შვილო, რომ მღვდელი არ გამოხვედი”.

სტალინის ორეულებიდან ერთი საგანგებო დავალებით გაიგზავნა ბაქოში. ხოლო მისი დაბრუნების შემდეგ მეორე მიემგზავრება ერევანში. ისინი ხვდებოდნენ აქტივს და სათანადო აკურატულობით ასრულებდნენ სტალინის ყველა დავალებას. ნამდვილი სტალინი კი ამ დროს წყალტუბოში იმყოფებოდა.

წყალტუბოში ბალნეოლოგიური მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ სტალინმა დასვენება მიუსერაში გააგრძელა. აქ მან მოიწვია ძველი ბოლშევიკ-რევოლუციონერები მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, გერმანე მგალობლიშვილი, სერგო ქავთარაძე, ნესტორ ლაკობა, ისაკ ჟვანია, ქართველიშვილი, სუმბატოვი და სხვები. გაიშალა სუფრა, რომლის თამადობა ერგო ნესტორ ლაკობას. მან პირველად ადღეგრძელა სტალინი,. შემდეგ მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე და ა. შ. ბერია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ლაკობამ ბოლოსათვის მოიტვა, როცა ჯერი მასზე მიდგა, ჭიქა სტალინმა აიღო და თქვა: …”ამ პატარა ჭიქით პატარა და მატყუარა კაცს გაუმარჯოსო”. სტალინს მხედველობაში ჰქონდა ორეულების მოწყობა. ნათქვამს მან დასძინა: …”ეს კაცი მომწონს, როგორც ჩანს, საკმაოდ განათლებულია, დიდი ენერგიისა და უნარის მქონედ მეჩვენება. ჩემის აზრით, იგი ღირსეულად გაუძღვება საქართველოს“. სტალინმა აქვე უყარა კენჭი, თუ ვინ ემხრობოდა მის წინადადებას. იქ მსხდომი 32 კაციდან 31-მა ხელი ასწია. ერთმა – ისაკ ჟვანიამ (მაშინდელმა ზუგდიდის რაიკომის პირველმა მდივანმა) თავი შეიკავა და განაცხადა: …”ეს კაცი ნამეტანი ახალგაზრდააო” (ეს თავშეკავება მას უფრო გვიან ძვირად დაუჯდა).

მეორე დღეს უკმაყოფილო მიხა ცხაკაია შედის სტალინთან და ეუბნება:

 …”რატომ ეს ჩეკისტი დაგვისვი ცეკას მდივნად. ნუთუ საქართველოში ამ თანამდებობისათვის უფრო შესაფერისი პიროვნება არ შეიძლება მოიძებნოს?” მაგრამ სტალინის არჩევანი შეუვალი იყო. ამის შემდეგ მიხა ცხაკაია დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში, იგი სამუდამოდ გადასახლდა მოსკოვში, ხოლო რაც შეეხება ისაკ ჟვანიას, იგი 1937 წელს რეპრესიის მსხვერპლი გახდა.

ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს კპ(ბ) ცეკას პირველ მდივნად ბერიას დანიშვნისთანავე თითქმის ყველა რაიონში შეწყდა კოლექტივიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლები… როგორც ირკვევა, ამგვარ პროცესებს ბერია მთელი სიმკაცრით არ ებრძოდა და ამას ჩადიოდა შეგნებულად, რათა სტალინი განეწყო მაშინდელი ცეკას მდივნის სამსონ მამულიას წინააღმდეგ.

ბერიას პარტიულ სამუშაოზე გადასვლის შემდეგ საქართველოს პოლიტ-სამმართველოს (დოს) უფროსი გახდა ს. ა. გოგლიძე. მის მოადგილედ კი დაინიშნა შალვა წერეთელი.

საქართველოში კოლექტივიზაცია ჩქარი ტემპებით მიმდინარეობდა. თუმცა გლეხობის წინააღმდეგობას აქა-იქ მაინც ჰქონდა ადგილი. 1934 წელს ნიკოლაევმა ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა კიროვი – ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი.

კიროვის მკვლელობაზე ძალიან მწვავედ ირეაგირა სტალინმა. ერთი ორად გაძლიერდა ჩეკას “მუშაობა” და “სიფხიზლე”.

ლევ ტროცკი, რომელიც ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა ლენინს და ოპოზიციაში ედგა მას 1927 წელს გამართულ პარტიულ დისკუსიაში, დამარცხდა, რის შემდეგაც გაძევებული იქნა საბჭოთა კავშირიდან. იგი ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ ქვეყანაში დარჩა ბევრი მისი თანამოაზრე.

1935-37 წლებში ოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მასიურ დივერსიებს. ჩეკამ ამოქექა ძველი საქმეები. შერისხვა ემუქრებოდა არასაიმედო და ეჭვმიტანილ პირებს. მალე დაიწყო მასიური დაპატიმრებები. აირია ქვეყანა, გამხეცდნენ ადამიანები. ბევრმა ისარგებლა სიტუაციით და შეუდგა პირად ანგარიშსწორებას. მეზობელი აბეზღებდა მეზობელს. ცილს სწამებდა მას და აჭერინებდა. მთელს ქვეყანაში საშინელი ტერორი გამეფდა. სრული დატვირთვით მუშაობდა ე. წ. “ტროიკები”, რომელთაც მასობრივად გამოჰქონდათ სასიკვდილო განაჩენი.

 

———————————————–

 1. ავტორი გადმოგვცემს რამდენსამე ვერსიას, რომელიც გავრცელებული იყო საზოგადოებაში იმ დროს. ეს ვერსიები ეხება მხოლოდ სტალინის ურთიერთობას პოლიტბიუროს ამა თუ იმ წევრებთან. ჩვენ ამ მსჯელობას გამოვტოვებთ, რადგან დამოუკიდებელ ან ახალ ინფორმაციას ეს ვერსიები არ შეიცავენ. ზემოთ უკვე გვქონდა მსჯელობა სტალინის მოკვლის ნამდვილ მიზეზზე: შეთქმულებმა იგი მოკლეს იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მათ მოკლავდა და პოლიტბიუროს ახალგაზრდებით დააკომპლექტებდა. ხოლო მათ იგი იმიტომ მოკლავდა, რომ იცოდა: ისინი მოინდომებდნენ პოლიტიკის რადიკალურ შეცვლას იმის გამო, რომ სსრკ ჩინეთთან ერთად დამარცხდა კორეის ომში დასავლეთის წინააღმდეგ. პოლიტიკის შეცვლა კი სტალინის ხელით შეუძლებელი იყო. ამას ხელისუფალთა შეცვლა სჭირდებოდა. რედ.

  “საქართველო ”  # 11 (1783)

8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

დატოვე კომენტარი