Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მოდერნისტთა ვნებანი

  რიჩარდ ნიჟარაძე – მოდერნისტთა ვნებანი 

კაცობრიობის ისტორის ყველა დრო გამოირჩეოდა ზოგადი ევოლუციური მოვლენებით. ზოგჯერ ევოლუცია, რევოლუციურ ბარბაროსობას მოითხოვდა, რაც ერთგვარად საზოგადოებრივი ღირებულებების დევალვაციას იწვევდა. სამყაროს განახლების სურვილით შეპყრობილთა ვნებები, ახალ იდეათა გენიას ემყარებოდა და უკეთესი სამყაროს აშენებების იმედით აპურებდა. რამდენად სასარგებლო იყო  საზოგადოებრივ ღირებულებათა ცვლილებანი, ამის პასუხი ნათლად შემოგვინახა საკაცობრიო ისტორიის სხვადასხვა ფურცელმა. საჭიროა გამოვყოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები_ წარსული სტერეოტიპების დაწუნების გამო, არ მოვიხიბლოთ ჯერ კიდევ გამოუცდელი სიახლით, უმჯობესია  დავფიქრდეთ, რას ვაშენებთ რის დანგრევის ხარჯზე.

თანამედროვე საზოგადოებას აქვს ერთი განსაკუთრებული პრობლემა, ხშირად ამა თუ იმ  საკაცობრიო ტრადიციული ღირებულების მნიშვნელობის განმარტებისას,  მას არ ესმის მისი სრული არსი, და მასში მხოლოდ უარყოფითს ხედავს, რადგან იგი  ან არასრულყოფილად აქვს შესწავლილი ან მისი შეფასება თანამედროვე  მატერიალისტური პროპაგანდის აპარატის მსხვერპლია, ეს საშიშროება მით უფრო შესაძლებელი ხდება, თუ  ამ ყველაფრის გარდა, ეს პიროვნებანი მეამბოხური პოპულიზმის სენითაც არიან შეპყრობილნი, და არსებულ ფასეულებათა კრიტიკით ეწევიან თვით დამკვიდრებას. თავისეული ხედვის დასამტკიცებლად ისინი არ იხევენ უკან, ყოველგვარ სოფისტურ მანქანებს იყენებენ, ზოგჯერ  მათ ისე გაიტაცებთ თავიანთი რიტორიკა, მარადიულ ღირებულებებსაც შეეხებიან, შემდგომ უკან დახევის შეეშინდებათ და საამისოდ მზად არიან გაწირონ ისეთი ადამიანური ღირსებები რასაც ჰქვია ერისშვილობა, ოჯახისშვილობა, აქამდე სასიცოცხლოდ და პიროვნულ იდენტიფიცირებამდე მომყვანი რელიგიური მრწამსი, და ყველაფერი ეს პროგრესულობისა და ცივილურობისკენ სწრაფვის აუცილებლობით გაამართლონ.

ხშირ შემთხვევაში ისეთი საზოგადოებრივი პოსტულატი, როგორიც  ხალხის თავისუფლებაა, გამოყენებულია მათი მხრიდან საზოგადოებრივი მორალის დასამხობად, ანუ ეგიდით ყველაფერი თავისუფლებისთვის ერთგვარად გულისხმობს იმ საკაცობრიო პრიმატის ჩანაცვლებას, რომელიც გვეუბნებოდა ყველაფერი ზნეობისთვის ან ყველაფერი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ესეთი მიმართულება, საჭიროა თუნდაც მიტომ, რომ იგი უშლის ხელს იმ იდეოლოგთა პროექტირებას, რომლებიც გვიქადაგებენ, თავისუფლება სექსს, თავისუფლება სექსუალური უმცირესობის  პათოლოგიურ მიდრეკილებებს, თავისუფლება ანტიიერარქიულ ღირებულებათა დებულებებს, თავისუფლება ახალგაზრდა თაობის გამოუცდელ და ექსპერიმენტულ ამბიციებს, რომელიც ყოველგვარ  თავშეკავებას კრძალავს და მათ შორის წინა თაობებისადმი მოკრძალების და დამოწაფების სტანდარტებს. ასევე, თავისუფლება რელიგიურ დოგმატიკას, რაც ერთგვარად სასულირო აზროვნების დამანგრევლად ითვლება, თავისუფლება ნაციონალური აზროვნებისგან, რაც ერთა კულტურული თვითშეგნების აღმოფხვრას ემსახურება და ასე შემდეგ. საბოლოოდ საზოგადოება კი არ იძენს თავისუფლებას, არამედ მის ადამიანურ გაგებას სცილდებ,ა რადგან ინსპირებულია კონკრეტული მონოპოლისტური სტრუქტურიდან, ხალხის კომერციულ თუ იდეოლოგიურ დაქვემდებარების მიზნით.

თანამედროვე განვითარების ინსტიტუტებმა ბევრჯერ შეუცვალეს სახელი სხვადასხვა  ტრადიციული აზროვნების დებულებებს, თუმცა თითქოსდა არ შეცვალეს მისი არსობრივი გაგება, მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ სახელის გადარქმევამ გამოიწვია, ხშირ შემთხვევაში, საგნის არსობრიობის დავიწყება, რადგან ადრე აპრობირებულ ცნობიერებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მათში, დროთა განმავლობაში ტრადიცია დაარქვეს, ხოლო ტრადიცია შემდგომ მხოლოდ აქსესუარულ რიტუალად აქციეს, და როცა  ამით თავად მისმა პრაქტიკულმა დატვირთვამ დაკარგა მნიშვნელობა, ეს რიტუალიც უფუნქციო და ეპოქალურ გემოვნებაში დაწუნებული იქნა  თანამედროვე, ზედაპირულად განათლებული საზოგადოებისგან.  თუმცა აშკარაა, რომ არა ტრადიცია არის ამაში დამნაშავე არამედ თავად გულმავიწყი ამბიციური საზოგადოება.

სრულიად საკმარისია  თუნდაც მოვიყვანოთ მაგალითად თანამედროვე ფსიქოლოგია, რომელისგანაც მხოლოდ სახელწოდება დარჩა დარგის  აღმნიშვნელ ტერმინად, ხოლო თავად სახელის მნიშვნელობა, მეცნიერება სულის შესახებ (ანუ ფსიქო – სული, ლოგოს – მეტყველება) დავიწყებული იქმნა, და უფრო რეფლექსოლოგიად გადაკეთდა. თუმცა რა გასაკვირია, თანამედროვე ფსიქოლოგიური სკოლები ხომ ათეისტურ რევოლუციური ეპოქიდან იწყებენ წარმოშობას, თანამედროვე მედიცინა, ხომ სულს არ აღიარებს და რა გასაკვირია ფსიქოლოგიამაც დაკარგოს ადამიანში სულის კვლევის მიზანი.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, თანამედროვე საზოგადოება ძირითად შემთხვევაში არის ათეისტური ეპოქის შვილი, რაც ერთგვარად გაამპარტავნებულია თანამედროვე ტექნიკური მიღწევებით და სამყაროში უმაღლესი ძალის დომინანტად ადამიანურ პოტენციალს ასახელებს. თუმცა კარგად უწყის ადამიანური შესაძლებლობების სიმწირეს, რაც მსოფლიოში ომებით, მრავალი ეპიდემიების გავრცელებით და ეკოლოგიური კატასტროფებით გამოიხატება. როგორც ადამიანის თავაშვებულობის და თვით გაღვრთოობის შედეგი.

ფრიად საინტერესოა იმ ცრუ ბრძენთა და იდეოლოგთა პასუხისმგებლობა, რომლებიც უდგანან საზოგადოების მართვის საჭეებს, ფლობენ მსოფლიოს მამოძრავებელ კაპიტალს, საგამანათლებლო აგიტაციურ ინსტიტუტებს, და ამ საშუალებით, მსოფლიოში საღი აზროვნებისკენ მიდრეკილ საზოგადოებას უქმნიან ბრმა ცნობიერებას, მატერიალისტურ ჩვევებსა და გრძნობებს, პირდებიან ტექნიკურ და სოციალურ სამოთხეს, სადაც ადამიანები არათუ გამოვლენ მათი აზრით შუასაუკუნოვანი ფეოდალური სიბნელიდან, არამედ საერთოდ ზოგად ადამიანური თვისებებიც შეიძლება სიბნელედ მოეჩვენოთ. ეს ვითომ პროგრესულნი, არც კი ცხრებიან  და დემოკრატიის და თავისუფლების ეგიდით, თავის თავს კაცობრიობის გადამრჩენად და სამართლიანობის მამამთავრებად ასაღებენ. თუმცა აქაც გაბრიყვებული საზოგადოება ვერ ამჩნევს  ნამდვილ დემოკრატიასა და მათგან ნაქადაგებ ფსევდოდემოკრატიას შორის ზღვარს, რადგან მას არჩევანის უფლება კარგი ხანია წართმეული  აქვს. რასაც მათ სთავაზობენ იგი იმდენად ავტორიტეტული  სტრუქტურებიდანაა ნაკარნახევი, რომ მისი კრიტიკა ჩამორჩენილობად ითვლება და კიდევ მეტიც, შეიძლება კრიმინალურადაც მოინათლოს.

 ესე იგი, უნდა მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც გვეუბნებიან ჩვენზე მეტი ძალაუფლების მქონენი, ანუ მცოდნენიც. დამეთანხმებით (სასაცილოა), ამაზე უკეთესი დემოკრატია არც იარსებებს . . .

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი საშიში ფორმაც, რომელიც დღესდღეისობით  მატერიალისტ-ნოვატორებისგან გამოყენებულია მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად. ჩვენ ყველამ ვიცით სულ ახლო ისტორიაში, როგორ განიცადა მარცხი მათმა აღლუმმა საბჭოთა კავშირის სახით, ძირითადი მიზეზი ამისა იყო საბჭოთა კავშირის ერთ ლოკალურ ნაციონალურ იმპერიად ჩამოყალიბება, სადაც მაინც ვერ შეძლეს აღმოეფხვრათ, მცირე ერთა რელიგიური და ეთნოლოგიური ტრადიციები და ხალხის მორალი მაინც თავისუფალი დარჩა, საერთო მსოფლიო რეჟიმის ჩამოყალიბებისგან, ახლა კი ამ ყველაფერმა სახეშეცვლილი სიცრუის ფორმა მიიღო.

მატერიალისტებმა უარყვეს თავიანთი საბჭოთა სამემკვიდრეო, თავიანთი თავი დემოკრატებად გაასაღეს, ვითომდა დაიწყეს უბრალო ხალხში თავიანთნაირებისგან შთაგონებული საბჭოთა რეჟიმის ტრადიციების აღმოფხვრა, სინამდვილეში კი ხალხში, საბჭოთა ხანაში  სიმწრით და ბრძოლით შენარჩუნებული თავისუფლების, ბუნებრივი ნიჭის და ზნეობრივი კულტურის  განადგურება დაიწყეს, ვითომდა ესეც საბჭოთა რეჟიმის დროს შეძენილი თვისებები არისო. ხოლო თავად სისტემა შენარჩუნებული იქნა და მისი პროგრამირება გაძლიერდა. ბრძოლა გამოეცხადა ნაციონალური თვისებების მატარებლობას, ხელახლა განახლდა ინტერნაციონალიზაცია, ვითომდა შოვინიზმის დასაძლევად საზოგადოებაში, რელიგიური აზროვნებისთვის შემუშავდა სისტემა კონფესიური აღრევისა შემდგომ დაგეგმილი უნივერსალური საერთო მრწამსად ჩამოყალიბებისთვის, რადგანაც ეს ფორმა დააკნინებს დროთა განმავლობაში თეისტურ აზროვნებას, საბოლოოდ გაანადგურებს კონსერვატიულ მსოფლმხედველობას და ახალ, ინსტანციურად იოლად სამართავ, გლობალურ მატერიალურ რელიგიას ჩამოაყალიბებს. ამავდროს, დაიფარება სისტემის ორგანიზატორთა ათეისტური ზრახვები რაც ადრე  განსაკუთრებული აგრესიულობით ხორციელდებოდა და აშკარად ადამიანთა მორალურ უფლებებს არღვევდა. ეხლა კი თავად რელიგიურნი გაანადგურებენ სარწმუნოებრივ დოგმატებს აქ  კი “დემოკრატი” ათეისტები არაფერ შუაში არ იქნებიან…

ყოველი ამის შემდეგ შეიქმნება თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიური აპარატი, რომელიც  იქნება მართული მსოფლიოს მართველი სტრუქტურიდან.     სწორედ ამავე პრინციპით ხორციელდება დღესაც მცირე ერთა მიმართ მიზანდასახული დენაციონალიზაცია,  მიმდინარეობს წარსული ისტორიული ტრადიციების მიზან დასახული აღმოფხვრა, რაც თანამემამულეთა ხელით ხორციელდება. ფორმულა იოლად მისახვედრია თანამემამულეს,  მიაღებინებენ უცხოურ განათლებას, შეპირდებიან პრივილეგიებს მსოფლიო საზოგადოებაში, მანამადე უკვე მისივე ერში გავრცელებულია ყოველ უცხოურზე დადებითი და წარმატებული დამოკიდებულება, რომ უცხოეთი ცივილიზაცის დღევანდელი აკვანია, ხოლო ჩვენ ჩამორჩენილები ვართ  განვითარებისგან, ამის მაგალითი კი ჩვენი ეკონომიური და ამავდროს მისგან გამოწვეული სულიერი კრიზისია, რომ უკვე ჩვენი ტრადიციები მოძველდა და გადახალისებას ან სრულიად შეცვლას საჭიროებს, რადგან იგი დაბრკოლებაა ნათელ პროგრესულ მომავალში.

ჩვენ, რომ გადავრჩეთ,  უნდა ვისწავლოთ ყველაფერი უცხოეთისგან, თუმცა ამას გვიმალავენ, რომ თანამედროვე ცნობიერება უცხოურიც არაა, არამედ მსოფლიოში ექსპერიმენტალურია. ჩვენი მომავალი  კი ნელნელა ხდება სერტიფიცირებული უცხოური აზროვნებით, ხოლო ეს სერტიფიცირებულთა საზოგადოებრივი წარმომადგენლები, უკვე პოპულარულები არიან ტელევიზიისა და მასმედიის საშუალებებით და ჭკუასაც გვარიგებენ, გემოვნებასა და კულტურასაც გვირჩევენ და ანტიეროვნულ მოქმედებებზეც აწერენ ხელს, რათა თავიანთი უკვე მორგებული პრივილეგიები არ დაკარგონ. ერთგვარად ბევრი მათგანი უკვე უცხოურ სპეცსამსახურებზეც მუშაობს, მათი რევოლუციური გამოსვლები: დავანგრიოთ ძველი და შევქმნათ ახალი, ნორჩ კომკავშირელების გამოსვლებს უფრო გვაგონებს, ვიდრე დემოკრატთა რაციონალიზმს, ისინიც ყველა ტრადიციონალისტურს, ეროვნულსა და  რელიგიურს უწოდებენ საბჭოთა კავშირის გადმონაშთს, აღვირახსნილობას კი ადამიანის ბუნებრივ პოტენციალად თვლიან.

 

2011

 

 

დატოვე კომენტარი