Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ავთანდილ კახნიაშვილი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა

 
 

A. Kakhniashvili

ავთანდილ კახნიაშვილი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა

 
ლუკაშენკო და პუტინი დღეს ერთმანეთს ხვდებიან. კარგი იქნებოდა, ბელორუსის, რუსეთისა და უკრაინის კონფედერაციად (ან ფედერაციად) გაერთიანების საკითხზეც ემსჯელათ. არსებითი არ უნდა იყოს აღმოსავლეთ სლავების გაერთიანებით შექმნილ საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს სახელად რა დაერქმევა. შესაძლებელია, „სლავური კავშირი“ ან, თუნდაც „სუვერენულ სლავურ რესპუბლიკათა კავშირიც“ (შემდგომ ტექსტში „სსრკ“) ეწოდოს.
 
გარდა იმისა, რომ ერთიანი კოლექტიური მმართველობის ორგანოს, საზღვრის, ჯარისა და და ვალუტის შექმნით მოგვარდებოდა თავად ამ სახელმწიფოებში და მათ შორის ურთერთობებშიც არსებული პრობლემები, მიმაჩნია, საქართველოსაც (აგრეთვე უკრაინასაც) გაუჩნდებოდა რეალური შანსი აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა და არსებითად გაეუმჯობესებინა ეკონომიკური მდგომარეობა.
 
ვინაიდან ბელორუსსა და უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობები გვაქვს, რეალური ვითარების გათვალისწინებით (ფაქტია, რუსეთი კავკასიონსაც სრულად აკონტროლებს და საქართველოში ჯარიც მრავლად ჰყავს. ამასთან, უკვე ყაზბეგსა და პანკისზეც უჭირავს თვალი, ხოლო ახლო აღმოსავლეთშიც, ფაქტობრივად, დომინანტი გახდა. ამდენად, მისი ნების გარეშე არც ევროკავშირში მიგვიღებს ვინმე და არც ნატოში), გონივრული იქნებოდა, „სსრკ“–სთვის გრძელვადიანი იჯარით გადაგვეცა მიწის ნაკვეთები სამხედრო ბაზების განსათავსებლად, ხოლო სარგებლობის ქირა ნატურით მიგვეღო (მაგ., ნავთობპროდუქტებით, მარცვლეულით, ხის მასალით, ნედლეულით ან ტექნიკით).
 
დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ სლავები (200 მილიონამდე არიან…) რეფერენდუმით დემოკრატიული განვითარების გზას და ევროინტეგრაციას აირჩევენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთსაც არსებითი პრობლემები შეექმნება…), ხოლო ადამიანის უფლებების დაცვაზე ორინტირებული ევროპული ტიპის გაერთიანებად ფორმირების შემდეგ, „სსრკ“–ს, შეიძლება, დასავლეთ და სამხრეთ სლავებით დასახლებული სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ამასთან, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული „სსრკ“–ს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთანაც ითანამშრომლებდა.
 
ამ შემთხვევაში, სლავური კავშირის ინტერესებში აღარ იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა და „მცოცავი ოკუპაციის“ გაგრძელება, რაც დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემდა.
 
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ საქართველოში რეგისტრირებულ 200–მდე პოლიტიკურ გაერთიანებას კიდევ ერთი პარტია „ერთად“ დაემატება და მომავალი არჩევნებისთვის მაინც მოახერხებს ეროვნული ძალების გაერთიანებას და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. დასახელებაში, ერთი მხრივ, ნაგულისხმები იქნება მოქალაქეების გაერთიანება კონსტიტუციის პრეამბულაში „ურყევ ნებად“ დეკლარირებული მიზნების განსახორციელებლად (სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება), ხოლო, მეორე მხრივ, ვინაიდან უზენაესი კანონით „ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციაც“ პრიორიტეტად დავისახეთ, „ერთად“–ში ნაგულიხმები იქნება ევროპისკენ მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის რუსეთთან ან „სსრკ“–თან „ერთად“ სვლაც.
 
იმედი მაქვს, ახალი პოლიტიკური ძალა – „ერთად“ სტაბილური მთავრობის ფორმირებას და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებს, ხოლო მათ, ვინც ჩრდილოელ მეზობელთან კონფრონტაციისკენ მოგვიწოდებს, ვურჩევდი, „ბედი ქართლისას“ თაობაზე ბატონ რობიკო სტურუას პოზიციას გასცნობოდნენ და მის მიერვე გახსენებული დათვისა და „ნასიამოვნები“ მონადირის თაობაზე ძველი ანეკდოტის არსი გაეზრებინათ. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთებს, პარლამენტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გახმაურებული სპექტაკლი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეწონებოდათ, წმინდა ნინო სცენაზე ვაზის ჯვრით ხელში კი არა, „ხუთჯვრიანი დროშით“ რომ გამოჩენილიყო… არადა, დიდი მაესტრო სიმართლის თქმას და „გამარჯვებული ხალხის“ ძილ–ბურანისგან გამოყვანას ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის პერიოდიდან ცდილობს.
 
როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს?! ვფიქრობ, კმარა შიდა დაპირისპირებაც და, აშკარად სხვისი წაქეზებით („ვიღაც მესამის“… მორის ფოცხიშვილს აქვს ასეთი ლექსი) „დათვზე სანადიროდ“ სიარულიც, ხოლო ერთმორმუნე სლავი ხალხის გაერთიანება საშუალებას მოგვცემს საერთო ინტერესებზეც ჩამოვყალიბდეთ და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ურთიერთხელსაყრელ პირობებზე ვითანამშროლოთ.
 
14.09.2020