Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ჯანელიძე – ოსთა საკითხი (1918-1921)

 ოთარ ჯანელიძე

ოსთა საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საქართველოში ბოლო დროს ბევრი იწერება. მომეტებულ ინტერესს იწვევს, თუ როგორ იყო გადაჭრილი ეს საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921). სამწუხაროდ, ზოგიერთები ამ თემას თანამედროვე პოლიტიკას უკავშირებენ და წარსულს დღევანდელი საჭიროებიდან გამომდინარე აშუქებენ. ამის მკაფიო ნიმუშად ცხინვალის პარლამენტის დეპუტატთა მოქმედება გამოდგება.

2006 წლის ოქტომბერში ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია 1918-1920 წლებში ოსი ხალხის გენოციდის შესახებ. ამ დოკუმენტის შედგენისას, როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, გაუთვალისწინებიათ ჯერ კიდევ 1990 წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა სესიის გადაწყვეტილება ,,რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაციისა და 1920 წელს სამხრეთ ოსების გენოციდის თაობაზე”. პარლამენტს პოლიტიკური შეფასება მიუცია აგრეთვე 1918-1920 წლების მოვლენებისათვის. ჩვენ ხელთა გვაქვს ინტერნეტში მოძიებული მთელი ეს მასალა (http://www.Regnum.ru/nevs/ 732900. html) და შევეცდებით, ობიექტურად გავაანალიზოთ იგი.

ხსენებულ ტექსტებზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ: აქ თავიდან ბოლომდე გაყალბებულია ჩვენი ახლო წარსულის, კერძოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია.

განსახილველ დოკუმენტში (,,პოლიტიკური შეფასება”) აღნიშნულია, რომ კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციის დამყარების მომენტისათვის (XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნა), როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად თავისუფალი იყო. აქ არაფერს ვამბობთ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ოსურ ხეობებზე, დღეს რომ ჩრდილოეთ ოსეთს შეადგენს და რომლებზეც რუსეთთან შეერთების ხანისათვის ყაბარდო ბატონობდა. რაც შეეხება ,,სამხრეთ ოსეთს”, ამგვარი ეთნოპოლიტიკური ან ეთნოისტორიული ერთეული იმ დროისათვის არ არსებულა და ამდენად, მის თავისუფლებაზე ლაპარაკი აბსურდია. შიდა ქართლის ოსური თემები ქართლ-კახეთის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო და იგი რუსეთის იმპერიას 1801 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დაექვემდებარა.

ოსი პარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ ,,მენშევიკური საქართველო კურსს იღებს სამხრეთ ოსების ეთნიკური თვითიდენტიფიკაციისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ყოველგვარი ცდების შეიარაღებული ჩახშობისაკენ” და რომ საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პრეტენზია განაცხადა სამხრეთ ოსეთზე.

ვნახოთ, როგორ იყო საქმე სინამდვილეში.

1917 თებერვლის რევოლუციამ რომანოვთა სამეფო ტახტი რომ შეიწირა, რუსეთის იმპერიის რღვევასაც დაუდო სათავე. თვითმპყრობელობის დამხობამ იმპერიის ჩაგრულ ერებს გზა გაუხსნა თავისუფლებისაკენ. ამოძრავდნენ ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ხალხები და სხვ. გამოცოცხლება დაეტყო სამხრეთ კავკასიის ერებსაც, თუმცა ეს მხარე 1918 წლის აპრილამდე იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში რჩებოდა. მას ჯერ დროებითი მთავრობის რწმუნებული ორგანო ოზაკომი განაგებდა, შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატი და ბოლოს ამიერკავკასიის სეიმი მესვეურობდა. 1918 წლის 9 (22) აპრილს ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა რუსეთს, 1918 წლის 26 მაისს კი შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ასე რომ, ამ უკანასკნელ თარიღამდე საუბარი ,,მენშევიკურ საქართველოზე” ისტორიული სინამდვილის ან უცოდინრობაა ან კიდევ შეგნებული დამახინჯება.

შეუსაბამოა ტერმინი ,,მენშევიკური საქართველოც”. მართალია, ქართველი სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) სათავეში ედგნენ ახლად შექმნილ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ქვეყანას, რომელიც აღიარებულ იქნა საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდებოდა და იგი ამ სახელწოდებით უნდა მოიხსენიებოდეს.

1918 წლის მაისში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობა აღდგა XIX საუკუნიდან რუსეთის მფლობელობაში მოქცეულ ერთიან ქართულ მიწა-წყალზე, მათ შორის ოსებით დასახლებულ შიდა ქართლზეც. მთელი ეს ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქციაში ბუნებრივად მოექცა. საქართველომ ე. წ. სამხრეთ ოსეთზე პრეტენზია კი არ განაცხადა, არამედ საკუთარი უფლებამოსილება მასზე კანონიერად განავრცო, როგორც ისტორიულად თავის კუთვნილ ერთ-ერთ პროვინციაზე.

1917 წლის ბოლოდან 1918 წლის მაისამდე საქართველოს ცალკეულ კუთხეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მათზე ძირითადი პასუხისმგებლობა ამიერკავკასიის პოლიტიკურ მმართველობას ეკისრება და არა საქართველოს ხელისუფლებას, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს ამ პერიოდში საკუთარი არც სახელმწიფოებრიობა გააჩნდა და არც ხელისუფლება, რადგან იგი ნაწილი იყო სხვა სახელმწიფოების. საქართველოში 1917 წლის ნოემბრამდე, ვიდრე ეროვნული ყრილობა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აირჩევდა, ქვეყნის ინტერესების დამცველი და გამომხატველი რაიმე ერთიანი ორგანოც არ არსებულა. საქართველოს ოსურმა მოსახლეობამ თავისი ეროვნული საბჭო ქართველებზე ადრე _ 1917 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და, იმ დროინდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თვითგამორკვევას შეუდგა.

ეს პროცესი დაემთხვა 1917 წლის გაზაფხულიდან სამხრეთ კავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე ოზაკომში დაწყებულ მსჯელობას. ოსთა თავდაპირველი მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული: სამხრეთ ოსეთის გამოყოფა ცალკე საერობო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად. შემდეგში ამას სკოლის, ადმინისტრაციის, სასამართლოსა და ჯარის ნაციონალიზაციის თემა დაემატა. ცოტა მოგვიანებით კი გამოიკვეთა ერობის ფორმაც _ მთიანი ოსეთის რაიონის სამაზრო ერობა ცენტრით ცხინვალში (ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1991, გვ. 16-17).

ამის პარალელურად, საქართველოს ოსური მოსახლეობა, ქვეყნის დანარჩენ მცხოვრებთა მსგავსად, ჩართული იყო მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში და ხმა ქართველ სოციალ-დემოკრატებს (მენშევიკებს) მისცა (,,ერთობა”, 1917 წ., 13 დეკემბერი).

1917 წლის 16-18 დეკემბერს ცხინვალში საქართველოში მცხოვრებ ოსთა ყრილობა გაიმართა. ყრილობას საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით აკაკი ჩხენკელმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა. დელეგატები აღფრთოვანებით, ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ თბილისიდან მისულ მისალმებას. საპასუხო გზავნილში აღნიშნულია: ,,სამხრეთ ოსეთის ეროვნული ყრილობა უსაზღვრო მადლიერებას უძღვნის საქართველოს ეროვნულ საბჭოს ძმური სალმისთვის. . . . ყრილობა დარწმუნებულია, რომ სოლიდარობა კავკასიის ხალხთა შორის განმტკიცდება მხოლოდ მთელი კავკასიის რევოლუციონურ დემოკრატიის მეშვეობით” (,,ერთობა”, 1917 წ., 24 დეკემბერი).

საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ჯავაში, სოფელ წუნარსა თუ ცხინვალში ჩატარებული ოსთა სხვა ყრილობებიც, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა. ყრილობებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ხოლმე. არ ყოფილა დაძაბული ურთიერთობა არც საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს შორის, მიუხედავად იმისა, ერთპარტიული იქნებოდა ეს უკანასკნელი თუ მრავალპარტიული. მეტიც, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები რესპუბლიკის მთავრობას საქართველოსთან ოსეთის ფედერაციულ საფუძველზე შეერთების წინადადებით მიმართავდნენ და ამ საქმეში თანადგომას თბილისში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ გრაფ შულენბურგს თხოვდნენ (,,სახალხო საქმე”, 1918 წ., 15 ივნისი).

ოსების პოლიტიკური თვითგამორკვევა ავტონომიის მოთხოვნას არ გასცდენია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ახლო ხანებშიც. ამას თვალნათლივ ცხადყოფს 1918 წლის აგვისტოში გამართული სამხრეთ ოსეთის ყრილობის რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია: ,,სამხრეთ ოსეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ფართე ტერიტორიული თვითმმართველობის საფუძველზე _ ერთიან ტერიტორიაზე მოსახლეთათვის და კულტურულ პერსონალური ავტონომიის საფუძველზე იმ ოსებისათვის, რომელნიც მოსახლეობენ ქართველებში. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მდგომარეობის კონკრეტული პირობების გამორკვევას და გამომუშავებას ყრილობა ანდობს სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს, იმ პირობით, რომ ეს პირობები წარედგინება დასამტკიცებლად ოსეთის VI ყრილობას” (,,საქართველოს რესპუბლიკა”, 1918 წ., 1 სექტემბერი).

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთისათვის ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით შემოიფარგლა 1919 წლის მაისში შემდგარი ოსი ხალხის VI ყრილობაც და ყრილობაზე არჩეული ოსთა ეროვნული საბჭოც, რომელიც თითქმის მთლიანად ბოლშევიკებისაგან იყო დაკომპლექტებული (И.Новиков, Крестьянские восстания в Юго-Осетии в 1917-1920 г. г., Сталинир, 1956, стр. 67).

როგორი იყო ქართული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ამ მწვავე პრობლემისადმი?

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალებს, _ არც მმართველ და არც ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოში მცხოვრები ოსებისადმი ეთნიკური ნიშნით რაიმე აგრესია არ გამოუვლენიათ.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეროვნულ უმცირესობებს თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების უფლება-შესაძლებლობა მიეცათ. ჯერ კიდევ 1918 26 მაისს მიღებული ,,დამოუკიდებლობის აქტი” საქვეყნოდ აცხადებდა, რომ საქართველო თანასწორად უზრუნველყოფს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სხვ. რომ ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს”. ყოველივე ეს აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც, რომელშიც ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს ცალკე (მეთოთხმეტე) თავი ჰქონდა მიძღვნილი.

თუ როგორ ხორციელდებოდა ცხოვრებაში დანაპირები, მოწმობს სახელმწიფოს ხარჯით ჯავაში გახსნილი უმაღლესდაწყებითი ოსური სკოლა, ასევე საქართველოს მთავრობის თანხმობა ოსთა ეროვნული საბჭოს წინადადებაზე _ ასეთივე სასწავლებელი დაეარსებინათ ცხინვალში და სხვ. (დ. ჭუმბურიძე, განათლება 1918-1921 წლებში, თბ., 2000, გვ. 74, 78).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთგულებას დეკლარირებული პრინციპებისადმი მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ მიჩნეულ ამ დაწესებულებაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. საქართველოში მცხოვრებ ოსებს საქართველოს ეროვნულ საბჭოში 2 დელეგატის წარგზავნის უფლება მიეცათ.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, რომელიც პროპორციული სისტემით იქნა არჩეული, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით სამი სადეპუტატო მანდატი ოსი ეროვნების მოქალაქეებს _ გ. გაგლოევს, კ. პანიევსა და ა. ფარნიევს დაეთმო.

საქართველოს მთავრობა ოსთა ეროვნულ საბჭოს რესპუბლიკის ფარგლებში სრულიად კანონიერ ორგანიზაციად მიიჩნევდა და მასთან თანამშრომლობას არ გაურბოდა. საქართველოს ეროვნული უმცირესობების, როგორც მაშინ უწოდებდნენ, “ნატეხი ერების”, უფლებათა განსაზღვრისა და დამკვიდრების პრობლემა სოციალ-დემოკრატიული პარტიის და შესაბამისად _ ხელისუფლების მუდმივი ყურადღების საგანი იყო. პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში (ცენტრალური კომიტეტი, ყრილობა), სახელისუფლო სტრუქტურებში ეს საკითხი ინტენსიურად განიხილებოდა. მსჯელობდნენ კანტონალური სისტემის შექმნის, საჯარო უფლებრივი კავშირების დაშვების, კომპაქტურად მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა თემებად გაერთიანების შესახებ და სხვ. (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1825, აღწ. 1, საქ.#126, ფურც. 34). ერთი სიტყვით, განიხილებოდა ყველა შესაძლებელი ვარიანტი, რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებიც დაეცვათ და არც სახელმწიფოს ინტერესები შელახულიყო. ხანგრძლივი დებატების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაქართველი მოსახლეობისათვის მიენიჭებინათ ეროვნულ-კუტურული ავტონომია, რაც ითვალისწინებდა კომპაქტურად დასახელებულ ეროვნულ უმცირესობათა თვითმმართველი თემების დაფუძნებას ეროვნული ადმინისტრაციით სათავეში, ასევე ეროვნული სასამართლოს, ეროვნული სკოლის მოწყობას და სხვ. (შ. ვადაჭკორია, ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში, თბ., 2001, გვ. 221).

ახლად შექმნილ სახელმწიფოში ქართველებთან თანაცხოვრების ასეთ პირობებს უქმნიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოს ხალხს 1918-1920 წლებში, რაც იმ ხანად პრობლემის მოგვარების ყველაზე გამართლებული და უალტერნატივო გზა იყო.

არ არსებობს პრეცენდენტი, რომ რომელიმე ქვეყანას თავის ტერიტორიაზე მოსახლე არადომინანტი (არასატიტულო) ერის ნაწილისათვის, ვისაც სამშობლო სხვაგან აქვს, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური წარმონაქმნის ჩამოყალიბების ნება დაერთოს. ამას ვერც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაუშვებდა და არც დაუშვია. კოლიზიაც აქ წარმოიშვა.

საჭიროა გამოვყოთ რამდენიმე გარემოება, რომლებიც განსაკუთრებით ძაბავდა და ამწვავებდა სიტუაციას:

 
1. ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში მიგრირებული ოსების აბსოლუტური უმრავლესობა შიდა ქართლის სოფლებში ხიზნის სტატუსით ცხოვრობდა. ქართველი ფეოდალები დაინტერესებული იყვნენ თავიანთ სამფლობელოში მიწის მუშაკთა მოზიდვით. ისინი ახალ მოსახლეებს ყოველმხრივ ეხმარებოდნენ დაბინავებასა და საცხოვრისის მოწყობაში. ოსები თავადთა მიწებს იჯარით ამუშავებდნენ და გასამრჯელოს იხდიდნენ. წერილობითი ხელშეკრულებები თითქმის არ ფორმდებოდა. თავადი და ხიზანი ვერბალური შეთანხმებით იფარგლებოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ორივე მხარე მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და გართულებებიც უმნიშვნელო იყო. მოგვიანებით, როცა მიწის სიმცირის გამო საიჯარო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, უთანხმოებანიც გახშირდა.

რუსეთის მეფის მთავრობამ საქმის მოწესრიგება კავკასიის ადმინისტრაციას დაავალა. სხვადასხვა წლებში განიხილებოდა ხიზანთა მოწყობის სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ თვითმპყრობელობა ისე დაემხო, საკითხი გადაუჭრელი დარჩა. მხარის ახალი ხელისუფლების ცდებიც ამ მიმართულებით ნაკლებ ეფექტური გამოდგა. გაჭიანურებულ საქმეს დასასრული არ უჩანდა, რეალური მდგომარეობა კი ამგვარი იყო: ქართველ თავადებთან შეხიზნული ოსები ბატონყმობის გაუქმების შემდგომ დროებითვალდებულ ადგილობრივ გლეხებზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდნენ. ხიზნებს ტყითა და საძოვრებით უფასოდ სარგებლობის ნება ეძლეოდათ, მაშინ როდესაც მკვიდრი გლეხობა ამაში ფულს იხდიდა. ამასთან, ხიზნები ფლობდნენ იმ მიწებს, რომლებიც საკუთრებაში ვერ დაემტკიცებინათ, მაგრამ წლების განმავლობაში თვითონ ამუშავებდნენ. ხიზნები ტყის გაჩეხვის ხარჯზე სახნავ ნაკვეთებსაც აფართოებდნენ და იტაცებდნენ, შთამომავლებს დაპატრონებულ მიწებზე ასახლებდნენ და სხვ. ამ ნიადაგზე ხიზან ოსებს ქართველ მიწისმფლობელებთან და გლეხობასთანაც დროდადრო დაპირისპირება ჰქონდათ.

2. მდგომარეობა მეტად გამწვავდა 1917 წლის ბოლოდან. ფრონტიდან თავიანთ სოფლებში დაბრუნებული ჯარისკაცები (იგივე ფარაჯიანი გლეხები) შეიარაღებულ რაზმებს ქმნიდნენ, თავს ესხმოდნენ მემამულეთა ოჯახებს, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ მშვიდობიან მცხოვრებლებს. სისასტიკით გამოირჩეოდა გორის მაზრაში მოქმედი ოსური რაზმი, რომელიც ცალკეულ სოფლებში დათარეშობდა და მბრძანებლობდა. ასეთი განუკითხაობა და ანარქია გამეფებული იყო ზოგიერთ სხვა მაზრაშიც. ხელისუფლება მოვალე იყო ვითარების გამოსწორებისათვის ეზრუნა.

3. შიდა ქართლში მცხოვრებ ოსებს საზოგადოდ ქართველი ხალხის სიძულვილი კი არ ამოძრავებდა, არამედ სახელმწიფოს შიში. მათთვის ქართული სახელმწიფო სიახლე იყო. ამასთან, იგი ოსთა ჩვეული ცხოვრების წესს შეზღუდვითა და გარკვეულ ჩარჩოში მოქცევით ემუქრებოდა.

იარაღასხმული ოსები განსაკუთრებით მტრობდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს სახელით ანარქიის ნაცვლად წესრიგს ამყარებდა, უკანონო საბრძოლო რაზმებს იარაღის ჩაბარებისა და დაშლისაკენ მოუწოდებდა. ოსები განიარაღებას არ თანხმდებოდნენ, სახელისუფლო სტრუქტურებს ეურჩებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ. მათ საქართველოს მთავრობისაგან შეთავაზებულ თუნდაც დემოკრატიულ წესსა და რიგს ლენინურ-ბოლშევიკური ,,грабь награбленное” ერჩივნათ, რომლისთვისაც გემო ჯერ კიდევ 1905-1907 წლების რევოლუციის დროს გაესინჯათ და ფიქრობდნენ, რომ ახლაც საამისო დრო დამდგარიყო.

4. ძალზე მნიშვნელოვანი იყო გარეშე ძალის _ კერძოდ რუსეთის ფაქტორი.

ცნობილია, რომ საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება მტრულად შეხვდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. კრემლი ამას არასგზით დაუშვებდა, მაგრამ სამოქალაქო ომის ხანძარში გახვეულ რუსეთს იმ მომენტისათვის ძალა არ შესწევდა, შეეჩერებინა ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფება ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლებისაკენ. გაჭიანურებულმა შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა და საერთაშორისო ვითარებამ რუსეთი იძულებული გახადა, ოფიციალურად ეღიარებინა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და 1920 წლის 7 მაისს მასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაც დაედო. თბილისში რსფსრ–ს საელჩო გაიხსნა. მოსკოვში მუშაობის განახლების საშუალება მიეცა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და სხვ. თუმცა, ამის პარალელურად, არ შეწყვეტილა ლეგალური თუ არალეგალური მუშაობა რუსეთისაგან ჩამოშორებული საქართველოს კვლავ იმპერიის ფარგლებში მოსაქცევად, რის წინაპირობადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყანაში ბოლშევიკების გაბატონება იყო მიჩნეული.

კრემლში შემუშავებული ამ გეგმის განსახორციელებლად მოსკოვი დიდძალ თანხას გამოყოფდა, იარაღითა და სხვა საშუალებებით ეხმარებოდა ადგილობრივ კომუნისტებს, საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ სეპარატისტულ ძალებს, რომლებიც ლენინისა და რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქციებით იმართებოდნენ. ამის დამამტკიცებელი უამრავი დოკუმენტია გამოვლენილი და აქ ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დავსძენ მხოლოდ, რომ ოსთა მთელ მოძრაობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აქეზებდა და წარმართავდა მეზობელი სახელმწიფო _ რუსეთი და მისი კომუნისტური ხელისუფლება.

1918-1920 წლებში შიდაქართლელმა ოსმა მეამბოხეებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება ამ კუთხეში საბჭოთა წყობილების დამყარებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკურ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით. სამივე ეს აჯანყება საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის კრიტიკულ მოვლენებს დაემთხვა.

ბოლშევიკური ლოზუნგებით ოსთა პირველი გამოსვლა, რაც ცხინვალის დარბევასა და ძარცვაში გამოიხატა 1918 წლის მარტში, შეგულიანებული იყო იმ ხანად ჩრდილოეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებითა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნმით. ეს ის დროა, როდესაც ოსმალეთი ბრესტის ზავით მისთვის უსამართლოდ მიკუთვნებულ ქართულ და სომხურ ტერიტორიებს აღარ დასჯერდა და სამხრეთ კავკასიის სიღრმეში შემოიჭრა. Dდამპყრობლის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას ოსებმა ზურგში მოღალატურად გაუხსნეს ცეცხლი.

1919 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს მოხალისეთა თეთრგვარდიული არმია მოუახლოვდა. შეიქმნა დენიკინის თავდასხმის რეალური საფრთხე. ოსებმა ისარგებლეს ამ გართულებებით და კვლავ ამბოხება წამოიწყეს.

1920 წლის მაისში რუსეთის წითელი ჯარის ნაწილებმა გასაბჭოებული აზერბაიჯანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საზღვრები გადმოკვეთეს. საქართველოს თავისუფლებას ახალი განსაცდელი დაემუქრა. შიდა ქართლის ოსებმა თავდაცვით ომში ჩაბმულ ქართულ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ ჩასცეს მახვილი ზურგში. ხსენებულ აჯანყებებთან, სამწუხაროდ, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ქართველი ბოლშევიკები ა. გეგეჭკორი, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, ს. ორჯონიკიძე და სხვა, რომლებიც მტრად ექცნენ საკუთარ სამშობლოს. თავის დროზე ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ოსთა გამოსვლები ,,მასების სტიქიური მოძრაობა იყო” და კომუნისტური პარტია მხოლოდ შემდეგ ერეოდა ამ მოძრაობაში (,,კომუნისტი”, 1920 წ., 6, 10 ივნისი). სინამდვილეში, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ამ პერმანენტულ ბრძოლას, მოსკოვის დავალებით, რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ეს ბოლშევიკური ორგანიზაცია გამოსცემდა ბრძანებებს ყოველი აჯანყების დაწყებისა თუ შეჩერების, შეიარაღებული რაზმების გადაადგილების, ადგილობრივი რევკომების შექმნის, მათთვის თანხების გამოყოფის და სხვ. შესახებ, რის თაობაზეც დოკუმენტურადაა მოთხრობილი ოსი ისტორიკოსის ი. ცხოვრებოვისა და მისი ქართველი კოლეგიის მ. ცოტნიაშვილის ერთობლივ ნაშრომში ,,ვ. ი. ლენინი და რევოლუციური მოძრაობა ოსეთში”, რომელიც 1970 წელს გამოქვეყნდა.

კრემლი დეკლარაციულად ამ მოვლენებს ყოველთვის ემიჯნებოდა, მაგრამ არსებობს დიდძალი მასალა, რომელიც საპირისპიროს ცხადყოფს. აქ დავიმოწმებ გაზეთ ,,კომუნისტში” დაბეჭდილ ერთ იმ დროინდელ ოპერატიულ ინფორმაციას. მასში აღნიშნულია: ,,ცხინვალის მიმართულებით 8 ივნისს მტერმა ისარგებლა რა თავისი მრავალრიცხოვნობით, შემოუარა ორივე ჩვენ ფლანგს, რის შემდეგაც ჩვენი ნაწილები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ ცხინვალი” (,,კომუნისტი”, 1920 წ., 10 ივნისი. ხაზი ჩემია, _ ო. ჯ.).

კიდევ უფრო ბევრისმთქმელია საქართველოში საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლის ს. კიროვის ინტერვიუ გაზეთ ,,ერთობის” კორესპონდენტთან. ცნობილი რუსი ბოლშევიკის სიტყვები 1920 წლის ივნისით რომ არ იყოს დათარიღებული, კაცს დღეს ნათქვამი ეგონებოდა. შიდა ქართლში მიმდინარე ოსთა აჯანყებაზე საუბრისას კიროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ,,კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში” (,,ერთობა”, 1920 წ., 24 ივნისი. ხაზი ჩემია, _ ო. ჯ.).

სქემა მარტივია: რუსეთი თავის მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით სხვა ქვეყანაში ქმნის გართულებას, იწვევს დესტაბილიზაციას და მერე თვითონვე ესწრაფვის, შეასრულოს ,,მიუდგომელი” შუამავლის როლი.

ოსი პარლამენტარები არა მხოლოდ ისტორიაში მოიკოჭლებენ, არამედ ელემენტარულ მათემატიკაშიც. მათი გამოანგარიშებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა რაოდენობა 1920 წლისათვის 60 ათასი ყოფილა (დაღუპულთა რიცხვმა _ 4812 (სხვა მონაცემით _ 5279) მთელი მოსახლეობის 6-8 % შეადგინაო). მეორე გამოთვლით, რომელიც ასევე ,,პოლიტიკური შეფასების” ტექსტშია მოცემული, სულ სხვა მაჩვენებელს _ 66 ათასს ვღებულობთ (ჩრდილოეთ ოსეთში გაქცეული 50 ათასზე მეტი ლტოლვილი ოსი მოსახლეობის 75 %-ს უდრიდაო); დოკუმენტის სხვა აბზაცში კი 100 ათასი ოსი გლეხის ეროვნულ თვოთგამორკვევაზეა საუბარი.

რამდენიც არ უნდა ყოფილიყო განსახილველი პერიოდის შიდა ქართლის ოსური მოსახლეობა, ფაქტია, რომ ამბოხებულთა და მათ იდეოლოგთა სულისკვეთებას დიდი ნაწილი არ იზიარებდა. საილუსტრაციოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელზე 1920 წლის ივლისში გაგზავნილი ოსთა ეს განცხადებაც გამოდგება: ,,ჩვენ, გორის მაზრის, ხაშურის რაიონისა და ოქენის საზოგადოების მცხოვრებნი, ვაცხადებთ, რომ არავითარი დამოკიდებულება არა გვაქვს და არა გვქონია მთის ოსეთის აჯანყებასთან. პირიქით, გადაჭრით ვკიცხავდით მათ და ამ აჯანყებას დამღუპველად ვთვლიდით ოსი ხალხისათვის. ჩვენ ოსები იმდენად გავითქვიფეთ ქართველი ხალხის მასასთან, რომ ჩვენსა და ქართველებს შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მათი გამოსვლის დროს ჩვენ გამოგვიგზავნეს აგიტატორები, რომლებიც ასაჯანყებლად მოგვიწოდებდნენ. Mმაგრამ მაშინ ჩვენი რაიონის ოსები არ გაყვნენ ბნელ ელემენტებს. თუმცა ბანდებმა თავისი მოქმედება ჩვენ რაიონში გადმოიტანეს, მაგრამ მშვიდობიანმა ოსმა მოსახლეობამ არა თუ მიიღო მონაწილეობა, არამედ თვითონ დაზარალდა მათგან და ახლა სასურსათო კრიზისს განიცდის” (,,საქართველოს რესპუბლიკა”, 1920 წ., 7 ივლისი).

ცხინვალის პარლამენტის წევრები შეგნებულად აზვიადებენ 1920 წელს შიდა ქართლიდან დევნილ ოსთა რიცხვს, როცა მიუთითებენ, რომ იგი 50 ათასს აჭარბებდა. თვითმხილველთა მოწმობით, ვინც ამ ხალხის ჩრდილოეთ ოსეთში დაბინავებაზე ზრუნავდა, ლტოლვილთა რაოდენობა 20 ათასამდე აღწევდა (ზოგიერთი ცნობით, 20 ათასზე მეტს შეადგენდა) (Известия Юго-Осетинского научно-исследовательского института краеведения, вып. II, Сталинир, 1935, стр.122, 127).

ორივე ეს მონაცემი აღნიშნულია აგრეთვე 1920 წელს ლენინისათვს გაგზავნილ რკპ(ბ) სამხრეთ ოსეთის საოკრუგო კომიტეტის თავმჯდომარის ვ. სანაკოევის დეპეშებში (Известия.. . . , стр.127). გამოდის, რომ ან ოსი ბოლშევიკები ატყუებდნენ თავის დროზე პროლეტარიატის ბელადს, ანდა ახლანდელი დეპუტატები ნაცარს აყრიან თვალში თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებას (მათი მიმართვა დაეგზავნა გაეროს, ეუთოსა და ა. შ.).

,,პოლიტიკური შეფასების” ავტორები არასწორად წარმოაჩენენ ე.წ. გენოციდის მსხვერპლთა ოდენობასაც. თითქოს ქართველებს დაუხოცავთ 669 ოსი ეროვნების ადამიანი, ხოლო ემიგრაციაში გაქცევისას დაღუპულა 4143 დევნილი.

1920 წელს აჯანყებულ ოს ბოლშევიკთა მოგონებებში, რომლებიც 1935 წელსაა გამოქვეყნებული, სულ სხვა რამეა ნათქვამი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ,,მენშევიკთა შემოჭრის შემდეგ, მათი სიმხეცით შეშინებული ოსური სოფლები დაცარიელდა. აქა-იქ თუ შემორჩა დაჩაჩანაკებული დედაბრები, ბერიკაცები და გზააბნეული პირუტყვი. Oოსი მოსახლეობა უკლებლივ აიყარა მშობლიური ადგილებიდან და მიაშურა ჩრდილოეთ ოსეთს. …. . . . გარბოდა დიდი თუ პატარა _ მოხუცები, ქალები, ბავშვები” (Известия. . .…, стр. 59, 108, 122, 127. ხაზი ჩემია, _ ო. ჯ.).

ამავე მოგონებებში ისიცაა ნათქვამი, რომ მეამბოხეთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო. აჯანყებულებმა ბრძოლით დაიხიეს უკან, იფარავდნენ ლტოლვილებს და ისე გადაიარეს უღელტეხილები.

თუ მეამბოხეთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო, მშვიდობიანი მოსახლეობა სახალხო გვარდიის გამოჩენისთანავე პირწმინდად გაიკრიფა და ჩრდილოეთ ოსეთში გადაინაცვლა, ,,მენშევიკთა აგრესიის” მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ეს ზემოთ იყო მითითებული.

როცა ხალხს ასეთი ,,სიზუსტით” ითვლიან, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ დაითვლიან ოსი დეპუტატები ჯოგსა და მის ღირებულებას. ზარალში ცალ-ცალკეა ,,გამოანგარიშებული” გატაცებული, დაკარგული და გაყიდული მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელი და ,,დადგენილია” მათი საერთო ფასი. თავი რომ დავანებოთ საფასურის შეუსაბამობას (გატაცებული ძროხის თუ ხარის ფასი საშუალოდ 50 მანეთია, დაკარგულის _ 57, ხოლო გაყიდულის 27), მეტის-მეტადაა გაზრდილი თვით ნაზარალევი ჯოგის საერთო მაჩვენებელი: მარტო მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აქ 30368-ს უდრის, მაშინ როდესაც, იმავე აჯანყების მონაწილე ოს ბოლშევიკთა მონათხრობით, ჯოგის დიდი ნაწილი ოსმა მოსახლეობამ ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანა, ხოლო ,,დაცარიელებულ სოფლებში კი აქა-იქ შემორჩა გზააბნეული პირუტყვი” (Известия. . .…, стр. 108).

ამბოხებული ოსი ბოლშევიკები კიდევ ერთ საიდუმლოს გვიმხელენ, რაზედაც თანამედროვე ცხინვალელი პარლამენტარები კრინტს არ ძრავენ. ირკვევა, რომ შიდა ქართლიდან ისტორიულ სამშობლოში დევნილი ოსი ხალხის რბევა-აწიოკებაში მათივე ჩრდილოელი თანამოძმენიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მოვუსმინოთ აჯანყებულ ოსთა საბრძოლო რაზმების მეთაურს მათე სანაკოევს. იგი გვამცნობს: ,,Из Северной Осетии получали тревожные сведения: там контрреволюционно-бандитские элементы грабили стариков и женщин, убивали, похищали девиц, воровали скот у отступавших повстанцев. . . . Я думал, что перевалив на север, беженцы будут в безопасности, но кулацко-бандитские шайки открыто нападали на революционную бедноту” (Известия …, стр. 109, 113. ხაზი ჩემია, – ო. ჯ.).

ეს ცნობა სრულ უფლებას იძლევა, ითქვას: ცხინვალელ პარლამენტართა მიერ ოსი ხალხის გენოციდად სახელდებული მოვლენის შედეგები მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არ უნდა დაბრალდეს. შიდაქართლელი ოსების სისხლში ხელი აქვთ გასვრილი ჩრდილოეთ კავკასიელ ოსებსაც.

ოსი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 1918_1920 წლებში სამხრეთელ ოსებს თითქოს თავს მოახვია გამანადგურებელი ომი. ფაქტები სხვას მეტყველებენ: ,,1918 წლის აჯანყება ჩახშობილი არ ყოფილა. იგი ლიკვიდირებულ იქნა მოლაპარაკების გზით”, _ ვკითხულობთ 1920 წელს შედგენილ ,,მშრომელი სამხრეთ ოსეთის მემორანდუმში” (იხ. ა. მენთეშაშვილი, ოსური სეპარატიზმი 1918_1920 წ.წ. , კრებულში – ოსთა საკითხი, გორი, 1996, გვ. 300).

აჯანყების მონაწილეთა მოწმობით, ვიდრე სამხედრო ძალას გამოიყენებდა, საქართველოს მთავრობა ამბოხებულ ოსებს საქმის მშვიდობიან გათავებას სთავაზობდა 1920 წლის ივნისშიც, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო (Известия, стр. 73).

არსებობს სხვა დოკუმენტიც, რომელიც ნათელყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები პრევენციულ ზომებს მიმართავდნენ, ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს ლოიალობისა და კანონიერების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ. აფრთხილებდნენ, რომ სახელმწიფოებრივი წესრიგის დარღვევის, განსაკუთრებით შეიარაღებული გამოსვლისათვის ისინი მკაცრად იქნებოდნენ დასჯილი. მოვიშველიებ 1918 წლის ივნისით დათარიღებულ ერთ ოფიციალურ ცნობას, რომელიც გვაუწყებს: ,,მთავრობამ სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ა. თიბილოვს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: საქართველოს რესპუბლიკას ცნობები მოუვიდა, რომ ბოლშევიკები ოსთა შორის აგიტაციას ეწევიან და მოუწოდებენ ცხინვალზე გამოილაშქრონ. მთავრობა წინადადებას გაძლევთ თქვენ, გააფრთხილოთ მცხოვრებნი, რომ ასეთი გამოსვლა დამღუპველი იქნება მათთვის, რადგანაც ყოველი შეიარაღებული გამოსვლა აჯანყებად ჩაითვლება და მთავრობა მას უსასტიკესი ზომებით ჩააქრობს. გაცნობებთ რა ამას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებლობას იშორებს თავიდან შედეგებისას, თუ ამგვარი გამოსვლა მართლა მოხდება. წინადადებას გაძლევთ, ეს აცნობოთ მცხოვრებლებს” (,,ერთობა”, 1918 წ., 13 ივნისი).

პოლიტიკური შეფასების ავტორები გვმოძღვრავენ, რომ 1918_1920 წლების მოვლენები ვცნოთ ,,სამხრეთ ოსეთის ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლად”. საკითხავია, რატომ უნდა ვაღიაროთ ოსთა შეიარაღებული გამოსვლები ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლად, როდესაც თვით ამ მოძრაობის წამომწყებთა და მეთაურთა მტკიცებით: ,,ეს იყო სამოქალაქო ომის დასაწყისი, ამიერკავკასიასა და სამხრეთ ოსეთში კლასობრივი პარტიული ბრძოლის, საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის დასაწყისი.” მათივე სიტყვით, ,,ამ მოვლენაში არ ყოფილა ,,ქართველი” და ,,ოსი”. აქ იყვნენ მხოლოდ რევოლუციონერი ამბოხებული ბოლშევიკები და მუშათა რევოლუციის კონტრრევოლუციური მოღალატე მენშევიკები. . . . ვერავინ მიუთითებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მშრომელ ხალხებს შორის ეროვნული შეჯახების ვერც ერთ შემთხვევას. . . . სამხრეთ ოსეთში მათ საერთოდ არ ჰქონია ადგილი” (მშრომელი სამხრეთ ოსეთის მემორანდუმი, _ კრებულში _ ოსთა საკითხი, გვ. 301).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას ამბოხებულ ოსთა მიმართ არ გამოუჩენია განსაკუთრებული სიმკაცრე 1918_1919 წლებში მათ მიერ მოწყობილი გამოსვლების გამო. თუ მოიხელთებდნენ, სჯიდნენ მსოლოდ მოთავეებს. სხვებისადმი მთავრობა გულმოწყალებას იჩენდა, ახსნა-განმარტების, შეგონებისა და სხვ. მშვიდობიან მეთოდებს ამჯობინებდა. საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით გათამამებული ბოლშევიკურად განწყობილი ოსები, რომლებსაც მხარში ედგნენ ქართველი კომუნისტებიც, თავისას არ იშლიდნენ, ესწრაფოდნენ საქართველოსაგან მოეწყვიტათ მისი ერთ-ერთი ისტორიული კუთხე და იგი რუსეთის ნაწილად ეცნოთ. მეტიც, ისინი რევოლუციურ ომს უცხადებდნენ საქართველოს, იბრძოდნენ მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და აბრკოლებდნენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.

1920 წლის ზაფხულში დაწყებული შიდა ქართლის ოსთა აჯანყების მესვეურები გორის აღებას, სურამის უღელტეხილის ჩაკეტვას, საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში ,,კომუნიზმის წითელი დროშის” აღმართვის გეგმებსაც კი სთხზავდნენ. რა საერთო აქვს სამხრეთ კავკასიაში კომუნიზმის დამყარების მიზანს ოსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასთან, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ოსთა ბოლშევიკური გამოსვლები რომ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არღვევდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრიდა სახელმწიფოს პოლიტიკურ სიმტკიცეს, ეს უცილობელი ფაქტია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოვალე იყო დაეცვა ქართველი ხალხის ხანგრძლივი ბრძოლით მონაპოვარი თავისუფლება და სუვერენიტეტი. საქართველოს მთავრობამ 1920 წელს აჯანყებული ოსი ბოლშევიკები დასაჯა მათი ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი ქმედებისათვის და არა ეთნიკური ნიშნით. უფრო ადრე სახელმწიფომ აღკვეთა ასეთივე ხასიათის გამოსვლები დუშეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში და სხვ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში სისასტიკეც გამოიჩინა, მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია საქართველოსადმი მტრულ მოქმედებაზე და მას არაფერი აქვს საერთო ოსი ხალხის გენოციდთან. Aაჯანყებისაგან განზე მდგომი, სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი არც ერთი ოსი ეროვნების მცხოვრებისათვის მთავრობას ხელი არ უხლია. ისინი კვლავ რჩებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეებად.

ყოველივე ზემოთქმულიდან სავსებით ნათელია: ჭეშმარიტი ისტორია ოს სეპარატისტებს მოკავშირედ ვერ გამოადგება, უფრო _ პირიქით. Aამიტომაც მიმართავენ ცხინვალელი პარლამენტარები წარსულის ფალსიფიკაციას. ისინი აყალბებენ და თავიანთ თარგზე ჭრიან გარდასულ წელთა მატიანეს, სურთ შეალამაზონ ისტორია და იგი პოლიტიკის სამსახურში ჩააყენონ. მათ ავიწყდებათ, რომ ეს მცდარი გზაა. ამ გზას სისხლისღვრამდე მივყავართ. ეს უკვე იყო და აღარ უნდა განმეორდეს.

ურთიერთწყენა წარსულის გამო სიმართლემ უნდა განკურნოს. ისტორია არც დღევანდელ და არც მომავალ თაობებს მშვიდობიანი თანაცხოვრების გზაზე წინაღობად არ უნდა აღემართოს. 1918_1920 წლებში ქართველი და ოსი ხალხების ისტორიული ურთიერთობის მწარე გამოცდილება უმჯობესია გაკვეთილად გამოვიყენოთ და არა ახალი დაპირისპირების წინაპირობად. 

 

 

დატოვე კომენტარი