Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

♥ მჭედლიშვილი- იმპერიის მარწუხებში

მიხეილ მჭედლიშვილი

1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა
და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

 

1937 წლის კაცთაკვლა, რომელიც სტალინმა წამოიწყო მთელი საბჭოთა იმპერიის მასშტაბით, ყველაზე ულმობელი და ყველაზე ბოროტული ქმედება იყო, რაც კი ჩაუდენია ნებისმიერ ტირანს კაცობრიობის ისტორიაში. სტალინისა და მის გარშემო შემოკრებილი ხროვის მიერ შეთითხნილი ბრალდებით, რომ თითქოს „მოღალატეთა და მავნებელთა“ დიდი წრე მოქმედებდა საბჭოთა სისტემის დასამხობად, გამოუძიებლად და გაუსამართლებლად იხვრიტებოდა, ანდა ციმბირის ყინულეთში სამარდებოდა მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი – განსაკუთრებით მაღალი დონის ინტელიგენცია და მათ შორის გამრჯე და გონიერი მუშა და გლეხი, ვინც ოდნავ ხმას იღებდა უსამართლო შრომითი ანაზღაურების გამო, უგასამრჯელო შრომით ბეგარაზე და უუფლებო პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

მაგრამ, სტალინის მიერ წამოწყებული ეს ვანდალური აქცია მარტო იმ მხრივ როდი იყო უდიდესი ბოროტება, რომ ტყუილ-უბრალოდ ისპობოდა უამრავი ხალხი, არამედ იმ მხრივაც, რომ მას თან სდევდა საზოგადოების არნახული ზნეობრივი გახრწნა, რომლის თაოსანიც კვლავ სტალინი გახლდათ. აი, რითი: იმ დროს ხელისუფლებამ დაუშვა ასეთი ბრძანებულება – დაეპატიმრებინათ ყველა ეჭვმიტანილი, რითაც მთელი საზოგადოება გადაჰკიდა ერთიმეორეს, სარფი მიეცა მაბეზღრობას – განაწყენებულ მეზობელთა და თანამოსამსახურეთა შორის ურთიერთ ანგარიშსწორებას. იმ დროს, როგორც ითქვა, ეჭვმიტანილის ბედს სწყვეტდა არა სასამართლო, არამედ ჯალათების „ტროიკა“. საკმარისი იყო მათთან მისულიყო მეზობელზე განაწყენებული მეზობელი და განეცხადებინა – ეს კაცი მთავრობას ლანძღავსო, ან თუნდაც მიეტანა თავის მიერვე ტუალეტში ნახმარი გაზეთის ნახევი, სადაც სტალინი იყო გამოსახული, ეს უკვე საკმარისი იყო, რომ წირვა გამოეტანათ იმ კაცის მიმართ.

ხელისუფლება ხელს უწყობდა მაბეზღრობას სხვა მხრივაც. ცეკას სხდომებზე და სხვა ფორუმებზე აი, ამგვარ ბრალდებას უყენებდნენ და მაბეზღრობისაკენ მოუწოდებდნენ თავისთვის პატიოსნად მყოფ მუშაკებს – „თუ შენ პარტიისა და ხელისუფლების ერთგული ხარ, რატო ერთი „მავნებელი“ მაინც არ გიმხელიაო?!“ და ისიც იძულებული ხდებოდა „ჩაეშვა“ სრულიად უდანაშაულო კოლეგა. კერძოდ, ასე „ჩაუშვეს“ ცნობილი რეჟისორი სანდრო ახმეტელი მისივე კოლეგა მსახიობებმა და ასეთივე მაბეზღრობით ყრიდნენ ერთიმეორეს ციხეებში შიშით შეძრული ადამიანები სხვადასხვა ორგანიზაციებში, რათა ეხსნათ საკუთარი სიცოცხლე კომუნისტი-ჯალათებისაგან. და ეს, საზოგადოების გამხრწნელი პოლიტიკა, მომდინარეობდა სწორედ იმ კაცისაგან, ვისაც დღემდე ვერ შელევია ქართველი ხალხის ერთი ნაწილი.

დიახ, ყველა აღნიშნული ბოროტებანი რომ კრემლიდან მომდინარეობდა, [169] აი, თუნდაც ერთი ასეთი მაგალითი: სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს თბილისში გამართულ სასამართლო პროცესზე საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო ეკითხება საბრალდებო სკამზე მჯდომ რუხაძეს: რატომ ხვრეტდით უდანაშაულო ადამიანებს? რუხაძე მიუთითებს კრემლის ხელისუფლებაზე და პასუხობს: მიბრძანებდნენ და ვხვრეტდი, გიბრძანებენ და დამხვრეტთ, უბრძანებენ და დაგხვრეტენ! მართლაცდა, ხდებოდა რაღაც გაუგონარი საშინელებანი. მთავრობის მოხელენი ჯერ თავად აწამებდნენ და ხვრეტდნენ ეგრეთწოდებულ „მავნებლებს“, ხოლო შემდეგ, ზემდგომი ხელისუფლება თვით ამ დამხვრეტებს ხვრეტდა.

ამ ვითარებაში დაიხვრიტნენ არა მარტო საუკეთესო ქართველი ინტელიგენცია – მწერლები, მეცნიერები, კულტურის მუშაკები, არამედ ისინიც, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას ერთგულობდა და, კერძოდ, 1921 წელს წინ მოუძღოდა საქართველოში სტალინის მიერ შემოსეულ რუსულ არმიებს. რა მიზანს ისახავდა სტალინი მსოფლიო ისტორიაში ჯერ არნახული ასეთი მასობრივი რეპრესიებით?

1. მოესპო კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენცია და დაეთრგუნა მშრომელი ხალხი, რომ ხმის ამოღება ვეღარავის გაებედა მონურ ყოფაცხოვრებაზე;

2. რევოლუციაში მონაწილე და იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი დიდი ავტორიტეტების ჩამოცილებით ერთპიროვნული დიქტატორი გამხდარიყო, მთელი „რევოლუციური მონაპოვარი“ თავისი პერსონისათვის მიეწერა (ამ შემთხვევაში გამონაკლისი იყო ლენინი, იგი დასაყრდენად სჭირდებოდა), ხოლო მათ ადგილზე დაწინაურებული ზეინკლებისა და მეთუნუქეების წრეში დიდ გენიოსად წარმოჩენილიყო;

3. მასიური დაპატიმრება-გადასახლებების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ციმბირის მშენებლობათა უზრუნველყოფა უფასო მუშახელით.

სტალინი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ყოველგვარ ავანტიურაზე მიდიოდა. ასე მაგალითად, ჯერ თვითონ მოუღო ბოლო იმ დროს დიდი ავტორიტეტის მქონე კიროვს, როგორც სახელისუფლო მეტოქეს, ხოლო შემდეგ, ეს მკვლელობა ოპოზიციას – ბუხარინს, რიკოვს, ზინოვიევს, კამენევს… დააბრალა და ყველანი ამოხოცა. აქედანვე ჩაეყარა საფუძველი 1937 წლის გენოციდს.

მაგრამ არ იქნება სწორი, რომ სტალინის მიერ ადამიანთა ეს გრანდიოზული ხოცვა-ჟლეტა მარტო ხალხის დათრგუნვისა და ძალაუფლების მონოპოლიზაციის სურვილით ავხსნათ. ამას არანაკლებად განაპირობებდა მისი მიზანთროპულ-ვამპირული სულიც. მისთვის უცხო იყო სიყვარული, სიკეთე, შეცოდება, გულმოწყალება, ლმობიერება, დანდობა. სამაგიეროდ, მის სულში უხვად იყო ჩაბუდებული ღვარძლი, შური, სიძულვილი, ბოროტება, თვალთმაქცობა, ვერაგობა, ულმობელობა,სადიზმი, კარიერიზმი… იგი ტკბებოდა ოპონენტების მიმართ შურისძიებით, მათი წამებით და, საერთოდ, ადამიანების სისხლისღვრით. სტალინის იდეალი იყო ენახა მსოფლიო მის ფერხთა წინაშე გართხმული, [170] დაბეჩავებული, დაგლახაკავებული, ადამიანთა მთელი მოდგმა რობოტად ქცეული და თანაც მასზე მლოცველი.

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ვინ იყო სტალინი თავისი გვარტომით, ასეთი მძულვარებით რომ იყო აღვსილი, ჯერ საერთოდ მთელი ადამიანთა მოდგმისა და განსაკუთრებით-კი საქართველოს წინააღმდეგ? სტალინის გენეალოგიური ვინაობა ზუსტად წარმოაჩინა ორმა დიდმა ქართველმა მწერალმა – მიხეილ ჯავახიშვილმა და გრიგოლ რობაქიძემ. მიხეილ ჯავახიშვილმა ეს გააკეთა ლიტერატურული შეფარვით თავის შესანიშნავ რომანში – „ჯაყოს ხიზნები“, რასაც ჩემი აზრით, შეეწირა კიდეც (ანდრე ჟიდის საკითხი, აქ მხოლოდ დამატებით ფაქტორად
შეიძლება ჩაითვალოს). ამ რომანში წარმოდგენილი პერსონაჟები – ჯაყო, მარგო და თემური – ასე უნდა აღვიქვათ: ჯაყო ჯივაშვილი – ეს იგივე ჯაყო ჯუღაშვილია, რომელმაც გათელა უსუსურ მდგომარეობაში მყოფი – მარგოს სახით წარმოდგენილი საქართველო. ხოლო თემური, ესაა ენაბლუ და ოჩოპინტრე ჟორდანია, რომელმაც ვერ დაიცვა საქართველო ველური ძალისაგან და უცხოეთში გაძევებული კვლავ ელოდა, რომ დაიბრუნებდა საქართველოს პრემიერობას. ამას გულისხმობს რომანის ბოლო ფრაზაც: „ახლაც ელის ნაქმარევი ნაცოლარს“.

რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძეს – მან თავის რომანში – „ჩაკლული სული“ – პირდაპირ დაგვისახელა, რომ სტალინის მამა ბესო, ეროვნებით იყო ოსი, – უფრო ზუსტად – ლილოელი ოსი. აქედან მოსდგამდა სტალინს ოსური სიჯიუტე და ღრძო ბუნება. ახლა კი გავეცნოთ სტალინის რობაქიძისეულ დახასიათებას:
„ვიწრო, სუსტად განვითარებული შუბლი… ჭორფლი, რომელიც მისი სახის ფერს ციცარს ამსგავსებდა. ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა, თითქოს სურდა რაღაცას დამალვოდა, ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა… ულვაშებში ირონია, დაცინვა ჩამალულიყო, თითქოს სურდა ეთქვა: მე ვხვდები, რისი დაფარვაც გინდა. ამ მდუმარე განცხადებას მაღლა აწეული მარცხენა წარბი აძლიერებდა… სიცოცხლის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ყველგან მტრები ელანდებოდა. მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო: თავდაჭერა და ირონია.

სტალინის თავდაჭერა იოგებისას ჰგავდა, ხოლო მისი ირონია უბადლო იყო. ნელა, გაუნძრევლად, გულგრილად აღიზიანებდა იგი მოწინააღმდეგეს. აქეზებდა, დასცინოდა, წყობიდან გამოჰყავდა. ის ცილისწამებითა და დამცირებით სპობდა თავის მტრებს. ამაში უმოწყალო და სასტიკი იყო. მისი ცივი ჭიხვინა ჩაცინება ხანდახან მკაცრ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიცილში გადადიოდა… მის ხასიათში იმთავითვე რაღაც უცხო გვარის ბოროტი თესლი ბუდობდა… ახლა არავისთან იყო. არ ჰყოლია არც ერთი მეგობარი, რადგან ასეთი ვინმე – მეგობარიც რომ ყოფილიყო – სამუდამოდ მის ქვეშევრდომად უნდა დარჩენილიყო… აშკარად სტანჯავდა სამყაროს მრავალფეროვნება. მეტიც: თვით სიცოცხლის ატანა არ შეეძლო. მკრეხელურად ოცნებობდა ნგრევაზე, რათა თავისი გამანადგურებელი თვითნებობა გამოეცადა და გაეტარებინა… ის დაშორდა ღმერთს და თავაშვებულ მმართველად აღზარდა თავი. ის ყველგან ცუდს ხედავდა, და სადაც კეთილს შეხვდებოდა, დამცინავად იღიმებოდა. ცივსისხლიანი სასტიკად უმოწყალო გახდა. ერთხელ ერთ შუკაში წიწილას ფეხი დააბიჯაო, ჰყვებიან. წიწილას ცალი ფეხი მოსტყდა და წივილით გაფრთხიალდა. სტალინი დაეწია და მთლად გასრისა. „შენ მაინც აღარ ივარგებ“, დაიყვირა უცნაური მრისხანებით“ (იხ. გრ. რობაქიძე, ჩაკლული სული, სტალინის ჰოროსკოპი).

ვფიქრობ, არ იქნება მკითხველისათვის ინტერეს მოკლებული ერთი დეტალიც სტალინის პიროვნების ირგვლივ, რომელიც პირადად მე მომისმენია სტალინის თანაკურსელისაგან გორის სასულიერო სასწავლებლიდან . ეს კაცი გახლდათ სოფ. ანაგაში მცხოვრები ახმეტელაშვილების (იგივე ახმეტელი) ერთ-ერთი ძმა, რომელიც ამ სოფლის მღვდელი იყო. იგი ყვებოდა: „თავისუფალ დროს მოსწავლეები ხშირად გავდიოდით მდინარე ლიახვის საპანიროზე. ზოგი ბანაობდა, ზოგი ლახტაობდა და ა. შ. სოსო კი მეტწილად კაკანათით ბეღურების ჭერით ერთობოდა. დაიჭერდა ბეღურას, დაპტკვნიდა ცოცხლებს, დასხამდა ამ დასისხლიანებულ ბეღურებს და მათი ცქერით ტკბებოდაო“.

სტალინი, როგორც ვიცით, ბავშვობის წლებიდან ქართველ კაცად მოევლინა საქართველოს სოსო ჯუღაშვილის გვარ-სახელით და როგორც ცნობილია (ამას მწერალი გრ. რობაქიძეც გვახსენებს), პატრიოტულ ლექსებსაც თხზავდა საქართველოს მიმართ. კერძოდ, ყოველმა ქართველმა იცის მისი ლექსი – “დილა“. მაგრამ, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთში გადასახლდა და იქ საკმაოდ პრესტიჟულ კარიერას მიაღწია, ახლა უკვე, რუსი ხალხის გულის მოგების მიზნით, თავი რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადა და მშობლიურ ენადაც რუსული აღიარა. მაშ, რა გამოდის? კაცი, ჯერ მამით ოსი, მერე ქართველი თავისი გვარ-სახელით, ბოლოს კი – რუსი. მაშ, ვინ იყო სტალინი თავისი გენეალოგიით? ყოველ შემთხვევაში,
როგორც სავსებით მართებულად ასკვნის მწერალი გრიგოლ რობაქიძე –
„სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა“
(იქვე, გვ. 94).

მართლაცდა, სტალინი არაფრით არ ჰგავდა ქართველს. მასში სავსებით გამორიცხული იყო ყველა ის თვისება, რაც ქართველს ახასიათებს: კეთილშობილება, მოყვასისადმი სიყვარული, მიმტევებლობა, სიბრალული, მტრისადმიც-კი რაინდული დამოკიდებულება და სხვ. იგი, როგორც ითქვა, თავისი ჯიუტი და ღრძო ხასიათით ოსებს მართლაც ჩამოგავდა, მაგრამ როგორც პოლიტიკური მოღვაწე, სტალინი ზუსტი ასლი და გაგრძელება იყო რუსეთის ტირანი მმართველებისა – ივანე მრისხანისა, პეტრე პირველისა, ნიკოლოზ პირველისა, არაკჩეევისა, ხოლო ნომერ პირველ ჯალათს – ვლადიმერ ლენინს ხომ სულიერ ძმად ერგებოდა. ამიტომ, სტალინი სავსებით მართალი იყო ბოლო დროს თავი რომ რუსად გამოაცხადა და მშობლიურ ენადაც რუსული ენა აღიარა. ამიტომ, „თუ ვინმეს მართებს სტალინი ადიდოს და მას თაყვანი სცეს – ეს რუსეთია. მან შექმნა უკიდეგანო რუსეთის იმპერია ბუდაპეშტიდან პეკინამდე და ბერლინიდან ვიეტნამამდე. [172] მართალია, იმპერიულმა ამბიციამ რუსეთი დაამშია, გააღატაკა და დააქცია, მაგრამ ასეთ განდიდებას მსხვერპლი სჭირდებოდა“ (ალ. პაპავა, იქვე).

ვფიქრობ, არ იქნებოდა ინტერესმოკლებული ხალხთა ხოცვა-ჟლეტის იმ მასშტაბების დაფიქსირება, რაც ამ იმპერიის შექმნასა და განმტკიცებას დასჭირდა, ჯერ საერთოდ საბჭოთა იმპერიაში, და კერძოდ კი, საქართველოში.

აი, რა ცნობებს გვაწვდიან იმ ხანის მომსწრენი და საქმეში ჩახედული ცნობილი ადამიანები ამ ვანდალიზმის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა ის პარალელები, რომელსაც გვთავაზობენ ისინი ერთის მხრივ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ სისხლისღვრასა და, მეორე მხრივ, საბჭოთა იმპერიაში და კერძოდ საქართველოში დატრიალებულ კაცთაკვლას შორის. ამისი ცოდნა საჭიროა განსაკუთრებით იმ ქართველი ფანატიკოსებისათვის, რომლებიც ჯერაც ვერ შელევიან საქართველოს უბოროტესი მტრის – სტალინის თაყვანისმცემლობას.

მოვუსმინოთ ჯერ რუსის ცნობილ მწერალს ალექსანდრე სოლჟენიცინს: „რევოლუციამდელ რუსეთში სიკვდილით ისჯებოდა დაახლოებით 17 კაცი წელიწადში“. ეხლა მოვუსმინოთ „ჩეკას“ ანგარიშს, რომელსაც აბარებს მთავრობას თავისი „რევოლუციური მუშაობის“ შესახებ 1918-1919 წლებში (ვ. ი. ლენინის მმართველობის წლებში). ისინი ბოდიშობენ, რომ გასამართლების გარეშე ყოველთვიურად მხოლოდ ათასზე მეტ კაცს ხვრეტდნენ. საანგარიშო მოხსენების სახით ეს წიგნი ჩეკამ გამოსცა 1920 წელს და ინახებოდა არქივში. ჩეკას ამ წიგნით თავისი ერთგულების გამოჩენა აინტერესებდა მთავრობის წინაშე. მაგრამ რა ძვირფას მასალას აწვდის იგი მომავალ ისტორიას თავისი მხეცობის შესახებ, ამაზე ალბათ არც დაფიქრებულა. რა თქმა უნდა, თვეში ათასი კაცის მოსპობა გაუგონარი ბარბაროსობაა, მაგრამ თუ ავიღებთ სტალინური ტერორის მძვინვარე წლებს (1937-1938 წწ.), ეს ციფრი უკვე ისეთ დონეს აღწევს, რომ მსოფლიო ისტორიაში ძნელია იპოვო მშვიდობიანი ხალხის ჟლეტის სხვა ამგვარი მაგალითი. აღნიშნულ ორ წელიწადში დახვრეტილთა რაოდენობა რომ გავყოთ თვეებზე, მივიღებთ 40-ათასზე მეტ დახვრეტილ კაცს ყოველ თვეში!!!

ამასთან დაკავშირებით მე გაგახსენებთ, რომ შუა საუკუნეების, ყველასათვის ცნობილი ინკვიზიცია, სიმკაცრის წლებში მხოლოდ ათამდე კაცს სპობდა თვეში. აბა დაუკვირდით, რამდენად გაუსწრეს წინ კომუნისტებმა ინკვიზიტორებს მშვიდობიანი ხალხის ხოცვა-ჟლეტაში. მაშასადამე, თუ ინკვიზიცია თვეში სპობდა 10-მდე კაცს, კომუნისტებმა ჯერ იგი 1000-მდე გაზარდეს, ხოლო შემდეგ თვეში 40-ათასს გადააჭარბეს. ამასთან, ინკვიზიცია სიკვდილით სჯიდა მხოლოდ იმ პირებს, ვინც ებრძოდა სახელმწიფოში გაბატონებულ კათოლიკურ სარწმუნოებას. კომუნისტები კი, ლენინურ-სტალინური ტირანიის წლებში, ადამიანებს იჭერდნენ, ხვრეტდნენ, ანდა ციმბირში ასახლებდნენ მარტო იმისათვის, [173] რომ იგი იყო ნათავადარი ან მღვდელი, ხოლო ხშირად უწიგნურ გლეხსაც არ ინდობდნენ შიმშილის გრძნობის გამომჟღავნებისათვისაც კი…“ (ალ. სოლჟენიცინი, ამერიკის პროფკავშირების წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან).

ახლა აი, რა ცნობებს გვაწვდის ალ. პაპავა იმ მსხვერპლის შესახებ, ასევე წარსულ ბოროტებასთან პარალელის გავლებით, რომელიც სტალინმა დაატეხა საქართველოს სამი წლის მანძილზე: „1936-37-38 წლებში 2,5 მილიონიანმა საქართველომ 268-ათასი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, ამასთან, დიდი ნაწილი საზოგადოების ნაღები იყო. შეადარეთ: მთელ ევროპაში 400 წლის მანძილზე, როცა იქ ინკვიზიციის კოცონი გიზგიზებდა, მხოლოდ 80-ათასამდე ე. წ. ერეტიკოსი აწამეს. საქართველოში კი 2,5 მილიონმა მოსახლეობამ სამი წლის ანძილზე 268- ათასი ადამიანი დაკარგა.

სტალინის უგუნური თაყვანისმცემლები ასეთ სისულელესაც კი როშავენ, თითქოს სტალინმა ბევრი რამ არ იცოდა, მას იაგოდა, ეჟოვი და ბერია ატყუილებდნენო. ჭეშმარიტად რა უბადრუკი არგუმენტია! ჯერ ერთი, რა გენიალური ხელმძღვანელი ხარ, თუ მილიონებს გიხვრეტენ და შენ ეს არ იცი; მეორეც, რა ხელქვეითები გყავს ისეთები, რომლებიც არაფერს გეკითხებიან და თვითნებობენ.

არა, ბატონებო, სტალინმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი მისგან მოდიოდა და, უწინარეს ყოვლისა, გლობალური ტერორის პირდაპირი და უშუალო ავტორი, ორგანიზატორი, გამტარებელიც და თეორეტიკოსი თვით იყო. რასაკვირველია, ყოველი ცალკეული პიროვნების დაპატიმრებისა და დახვრეტის სანქციას სტალინს არ თხოვდნენ, მაგრამ მასობრივი რეპრესიების აუცილებლობა მისი თეორიიდან მოდიოდა და მისი დირექტივებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ზოგიერთების დასჯის შესახებ განკარგულებას პირადად იძლეოდა. ასეთებს შორის იყვნენ ბ. მდვიანი და მ. ტოროშელიძეც სხვა მრავალ მოღვაწეებთან ერთად…“ (ალ. პაპავა, იქვე).

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტოროშელიძის მსგავსი პირები, რომლებიც სტალინურ ტირანიას ემსხვერპლნენ, როდი არიან ისტორიის მიერ შეწყალების ღირსნი. პირადად ტოროშელიძე ის კაცი იყო, სხვა დანარჩენ რეტროგრადებთან ერთად, ვინც ილიას საფლავშიც არ ასვენებდა და თვით კომუნისტი-რეაქციონერი, პირიქით, ილიას ნათლავდა რეაქციონერად წარსული დიდების „იდეალიზაციის“ ბრალდებით, რასაც თვითონ ხელაღებით უარყოფდა და ქართული ცივილიზაციის ბურჯებად „პროლეტკულტელებს“ მიიჩნევდა. ამიტომ, საქართველო უნდა მისტიროდეს სამშობლოსათვის წამებულ მამულიშვილებს და არა იმათ, მგლების ბუნებიდან გამომდინარე, კომუნისტებმა კომუნისტები რომ დაჭამეს.

ზემოთ ითქვა და კვლავაც ვიმეორებთ – უბედურება მარტო ის კი არ იყო, რომ 1924-1937 წლების ამბებმა უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მთავარი ისაა, რომ სტალინმა მოუსპო საქართველოს უმთავრესად ნაღები ფენა – ზნემაღალი, ნიჭიერი, განათლებული და [174] სამშობლოსადმი პატრიოტულად განწყობილი ელიტა, რითაც საქართველოს, როგორც ერთიან ეროვნულ ორგანიზმს თავი წააცალა. ხოლო მათ ნაცვლად ქვეყანას მეთაურებად მოევლინენ სამშობლოს უარმყოფელი კოსმოპოლიტები, უპრინციპო და სინდისგარეცხილი კარიერისტები – ისეთები, რომლებიც სამშობლოს კი არა, საკუთარ დედასაც კი გაწირავდნენ პირადი ბედნიერებისათვის. მათი მიბაძვით ცხოვრების ნორმად იქცა – ურთიერთ მაბეზღარობა, ცილისმწამებლობა, ქურდობა, გამომძალველობა, მექრთამეობა, მომხვეჭელობა, ყალბისმქნელობა. ამან კი კატასტროფულად დასცა ერის ზნეობა. ცნობილი ამბავია – უზნეო კაცს, არც დედა სწამს, არც მამა, არც ერი, არც ბერი და არც სამშობლო. ისიც ცნობილია, რომ ზნემაღალი ერი კიდევაც რომ დაიმორჩილოს მტერმა, ვერ დაამონებს, ვერ გადააგვარებს. ამიტომ იყო, რომ ყოველ დამპყრობელს შორის, ყველაზე ვერაგმა – მეფის რუსეთმა ჩვენი ქვეყნის დაპყრობისთანავე, ყველაზე მძაფრი იერიში ქართულ, ეროვნულ ზნეობაზე მოიტანა. იგივეს მიმართეს ამჯერადაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ. მათ ცხოვრებიდან გარიყეს პატიოსანი, ალალმართალი და სამშობლოს მოყვარული ადამიანები, ხოლო მათ ადგილზე წამოწიეს – გაიძვერა, თაღლითი და ეროვნების უარმყოფელი გარეწრები.

ეს მოხდა არა მარტო მმართველ ორგანოებში, არამედ ელიტარულმ დაწესებულებებშიც – უნივერსიტეტში, მწერალთა კავშირში და სხვაგან. უნივერსიტეტიდან გამოაძევეს მისი დამაარსებელი და დიდი მოამაგე ივანე ჯავახიშვილი. მწერალთა კავშირში ერთის მხრივ შეზღუდეს სახელოვანი მწერლები, ხოლო მეორეს მხრივ სარბიელი მისცეს ახლებურად მოაზროვნე მუშა პოეტებს, ანუ „პროლეტკულტელებს“. ესენი იყვნენ – სანდრო ეული, კალე ფედოსიშვილი, ალიო მაშაშვილი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკინთე ლისაშვილი, ფ. ნაროუშვილი და სხვები. აი კერძოდ, ის „ოქროს ფონდი“, რომელიც „პროლეტკულტელ“ პოეტთა შორის ზოგიერთმა მათგანმა დაგვიტოვა. აი, რას გვიწერს მაგალითად კალე ფედოსიშვილი, რომელსაც არც პოეტი ეთქმოდა და არც ადამის მოდგმის შვილობა თავისი კანიბალისტური სულით:

„მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას,
თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას…“

ახლა მოვუსმინოთ მეორეს – კონსტანტინე ლორთქიფანიძეს, რომელიც დღესაც ამყრალებს დიდუბის პანთეონის წმინდა სავანეს. იგი ერთ ტაფაში აქცევს ერეკლე მეორეს და ქართველთა სისხლისმსმელს – აღა-მაჰმადხანს ასეთი სიტყვებით:

„რად მინდა სამშობლო; ჩემთვის ერთია ერეკლე მეფე და
აღა-მაჰმად-ხან“. [175]

მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ეს ბოროტი სული ერთერთ თავის ლექსში, რომლის სათაურია „საბარგო ავტომობილი“, ქებადიდებას  ასხამს და უმღერის მანქანას, რომელსაც 20-იან წლებში „რევოლუციისათვისს ღალატის“ ბრალდებით დასახვრეტად გადაჰყავდა სრულიად უდანაშაულო ხალხი და წინასწარ გამზადებულ თხრილში ჰყრიდნენ და მარხავდნენ ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს. აი, ეს ლექსიც:

„… ახლაც გმირი ხარ, ტყვიით დატენილს
არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან,
რევოლუციის მოღალატენი
შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს.“

(იხ. ვახტანგ გურგენიძე, ჯვარს ვაცვით ილია, გვ. 32).
აი, რა ხალხი მოვიდა რუსთაველის, სულხან-საბას, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის და ვაჟას ადგილებზე, ქართული ეროვნული მრწამსისა და საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული უმაღლესი და უწმინდესი ზნეობის დასასამარებლად და ნაცვლად სამშობლოსა და თვით მშობლების უარმყოფელი, მანქურთული იდეოლოგიისა და საზოგადოების გამხრწნელი უზნეობის დასამკვიდრებლად.

როგორც ზემოთ ითქვა, მათ უპირველესად ილიაზე მიიტანეს იერიში, როგორც პატრიოტული იდეოლოგიისა და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის თაოსანზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი სწორედ ამ მანქურთებმა მოკლეს, მკვდარსაც არ ანებებდნენ თავს, თვით მისი ეროვნული იდეოლოგიის აღმოსაფხვრელად. ჩვენი ქვეყნის სათავეში სისხლით მოსულმა და დამკვიდრებულმა მახარაძემ და მისმა ბანდამ ილიას ლამისაა საფლავიდან ამოგდება დაუპირეს. და, აი, ამ დროს, მას „მფარველად“ მოევლინა, ერთ დროს, ბახვის შეკრებაზე ილიას მოკვლის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი მომხრე და ხელის მომწერი – იოსებ სტალინი. რატომ, რა მოხდა?!

ზოგი მათგანი ამას სტალინის სამართლებრივი მიდგომით ხსნის, რისი მიხედვითაც ილია შესაფერისად უნდა დაფასებულიყო იმ დიდი ღვაწლის მიხედვით, რომელიც მას მიუძღოდა როგორც მწერლობაში, ასევე საზოგადოებრივ სარბიელზე. ეს ბავშვური გულუბრყვილობაა. სტალინი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. სტალინის მხრივ ილიას რეაბილიტაციის მოთხოვნა, რაც მან საქართველოს ცეკას წაუყენა, განპირობებული იყო ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორით. დავიწყოთ პირველიდან: როცა ოქტომბრის კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ დასავლეთ ევროპაში გახიზნულმა რუსის ინტელიგენციამ, ლენინის სიკვდილისა და სტალინის გაბელადების შემდეგ განგაში ატეხა ემიგრანტულ პრესაში, რომ ასმილიონიან რუსეთს კავკასიელი ველური დააჯდა თავზეო, სტალინი იძულებული გახდა უძველესი ქართული კულტურის წარმოჩენით ეს ბრალდება გაებათილებინა. [176]

იძულებულიო, ვამბობთ, რადგან სტალინი, რომელიც მანამდე, ყოველი ქართველი კომუნისტის მსგავსად, „ფეოდალურისა“ და საერთოდ „კლასობრივის“ ნიშნით უგულებელყოფდა წარსული ხანის მწერლობას და კულტურას, რითაც, როგორც წარსული ხანის ცივილიზაციის არმქონე ერის შვილი, მართლაც, პირადად მისი ველურობაც დასტურდებოდა – აი, ამის გამო, და არა ილიას სიყვარულით, გადაწყვიტა სტალინმა მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოეჩინა ორიათასწლოვანი ქართული მწერლობა დიდი ილიას მრავალმხრივი მოღვაწეობის თანჩათვლით. ეს კი შეიძლებოდა მწერალთა საკავშირო ყრილობაზე, რომელიც 1934 წელს გაიმართა, სადაც უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებოდნენ.

ოღონდ აქ ერთი გაუგებრობა მოხდა. სტალინმა ყრილობაზე მოხსენების გაკეთება მ. ტოროშელიძეს დაავალა. იგი, ყრილობის დაწყებამდე გაცილებით ადრე წავიდა მოსკოვში და მოხსენების ტექსტი სტალინს წარუდგინა. ამ ტექსტში, როგორც წესი, გალანძღული იყო წარსული მწერლობა ილიას ჩათვლით და მთელი ყურადღება გადატანილი იყო „პროლეტკულტელ“ მწერლობაზე. სტალინმა ტექსტი დაუწუნა და სასწრაფოდ უკან დააბრუნა დავალებით – ყრილობაზე წამოეწია მთელი მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა, ილია ჭავჭავაძის ჩათვლით. ეს დავალება შესრულდა. ყრილობაზე საქართველო წარმოჩენილი იქნა როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. მოხსენების ეს ტექსტი, როგორც ამბობენ, პ. ინგოროყვას შეუდგენია.

ეს, რაც შეეხება რუსი ემიგრანტული ინტელიგენციის წინაამდეგ მიმართულ საპასუხო ღონისძიებას. მაგრამ ქართულ-ემიგრანტულმა ინტელიგენციამ კიდევ, იქაურ ქართულ პრესაში, ილიას მკვლელობის ირგვლივ დაიწყო მამხილებელი მასალების გამოქვეყნება. თვით საქართველოშიც ხომ არ წყდებოდა ამ თემაზე მითქმა-მოთქმა. საქმის ნათელსაყოფად სტალინი საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას ავალებს, რომ სასწრაფოდ დაწერონ წიგნი ილიას მკვლელობის შესახებ და გაასამართლონ კიდეც დამნაშავე პირები. ბერია კი თავისთან იძახებს კოტე გორდელაძეს და ალექსანდრე სიგუას, ამცნობს მათ სტალინის დავალებას და თან დასძენს – წიგნს დაწერს კ. გორდელაძე, ხოლო ალ. სიგუა დაეხმარება მას საჭირო მასალების მიწვდითო. ამავე დროს საქმის კურსში შეჰყავს ისინი ასეთი განცხადებით – „მე მიკვირს, ძალიან მიკვირს, რად უნდა სტალინს ილიას მკვლელების აღმოჩენა და გასამართლება, როდესაც მთავარი მკვლელი ერთი ჩემთან პრეზიდენტის სავარძელში ზის – ფილიპე მახარაძე და მეორე კი მას გვერდით უზის – სერგო ორჯონიკიძეო“.

გორდელაძე დოყლაპია აღმოჩნდა. მან ვერ გაიგო, ვერც სტალინისა და ვერც ბერიას სურვილი, რაც ეგებ, ესეც გახდა შემდეგში მისი დახვრეტის მიზეზი. საქმე ის გახლავთ, რომ ალ. სიგუას, ბერიას დავალებისამებრ, გორდელაძისათვის კი გადაუცია საჭირო მასალები ილიას ნამდვილი მკვლელების შესახებ, მაგრამ მას მაინც შეუტრიალებია ფაქტები და [177] გამოსაცემად დაწერილ ტექსტში ილიას მკვლელებად კვლავაც მეფის „ოხრანკა“ დაუსახელებია. ამის გამო ბერიას ტექსტი დაუწუნებია და მისი აქ ყოფნის დროს გორდელაძის ეს წიგნი, არც დაბეჭდილა.

აი, რას გვაუწყებს ამის შესახებ თვით ბატონი ალექსანდრე თავის შესანიშნავ ნარკვევში – „ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე“. „კოტემ თავის კაბინეტში გამომიძახა და დაღონებულმა მითხრა: – მონოგრაფია ბერიამ დამიწუნა და მკაცრად მითხრა, რომ შენ რეაბილიტაციას უკეთებ ილია ჭავჭავაძის ნამდვილ მკვლელებს, ერის მოღალატეებს, ფილიპე მახარაძეს, სერგო ორჯონიკიძესა და სხვებს. მან პირდაპირ მითხრა: – ვინც ასეთ წიგნს დაწერს ილიას მკვლელობაზე, როგორც თქვენ დაგიწერიათ, – ის მონაწილეა ილიას მკვლელობაში, და განაგრძო: – ჩვენ ბევრ საბუთს ვიცნობთ ილიას მკვლელობის შესახებ, რომელიც სულ მალე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდებაო.

ცხადზე უცხადესია ერთი რამ: ლავრენტი ბერიას რომ მოსწონებოდა კოტე გორდელაძის მონოგრაფია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე და მასში გატარებული აზრები, წიგნი ერთ კვირაში დაიბეჭდებოდა. მაგრამ მან კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელი და მკვლელობის ორგანიზატორი და ამიტომ მონოგრაფია „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“ არ გამოაქვეყნა, დაიწუნა და საზოგადოებისათვის ცნობილი არ გახდა…

ეჭვმიუტანლად შეიძლება ითქვას, რომ ორჯონიკიძესა და ბერიას შორის მწვავე ურთიერთდამოკიდებულებას ბევრი რამ ედო საფუძვლად, მაგრამ ვფიქრობ, პირველ იყო ორჯონიკიძის მონაწილეობა ილიას მკვლელობაში, რაც ბერიასათვის კარგად იყო ცნობილი, – უნდა მოისპოს ორჯონიკიძეთა გვარი, – ხმამაღლა ჩაილაპარაკა მან და ჩვენც შეშინებულნი გამოვედით მისი კაბინეტიდან“.

ბერიამ ფ. მახარაძის განთავისუფლებაც მოინდომა სამსახურიდან, როგორც ბატონი ალ. სიგუა გადმოგვცემს, მაგრამ სტალინმა ნება არ დართო (იხ. ალ. სიგუა, ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე, გვ. 37-40).

ბერიას მოსკოვში გადასვლის შემდეგ შედგა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი 1941 წელს. იმის გამო, რომ პროცესზე გიგლა ბერბიჭაშვილი ხელს ადებდა ფილიპე მახარაძეს, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს, ცეკამ გამოყო ერთი კაცი და ადვოკატ ხონელიძისა და პროკურორის შემადგენლობით ეახლნენ სახლში ფილიპე მახარაძეს საქმეში გასარკვევად. ფილიპე ავად იყო იმ დროს და ლოგინში იწვა. როდესაც მოახსენეს თუ რას ამბობდა გიგლა ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე და ვის ასახელებდა მკვლელობის ორგანიზატორად, ფილიპეს ეს ფაქტი დაუდასტურებია და უთქვამს: „ჩვენ, მესამედასელებმა, კომუნისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დადგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი [178] მოაწერა და ბაქოში წავიდა. ახლა კი, როდესაც ევროპაში ქართველმა ემიგრანტებმა წერილები დაწერეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ, სტალინს უნდა ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს და ასე უბრძანებია: «Наказать не взирая на должность». მოგეხსენებათ, რომ ბერბიჭაშვილს არავითარი თანამდებობა არ უჭირავს, აქ ჩემზეა ლაპარაკი, მე მეხებაო“ (იქვე, გვ. 48).

სავსებით სწორად უნდა ჩაითვალოს ფილიპე მახარაძის ბრალდება ილიას მკვლელობაში სტალინის თანადგომის შესახებ. სტალინმა, აი კიდევ რა სცენარი მოაწყო ამ ბრალდების გასაბათილებლად: მან კრემლში, თავის ბინაზე მიიწვია „ძველი მეგობრები: პეტრე კაპანაძე, სერგო ქავთარაძე (ამ მოგონების ავტორი), ვასო ეგნატაშვილი, და გიორგი ელისაბედაშვილი. მოპატიჟებულ სტუმრებს მან სადილი გაუმართა, რომლის დროსაც სრულიად მოულოდნელად დაუსვა მათ კითხვა: „თქვენი აზრით, ვინ უფრო დიდი პიროვნებაა – ილია თუ მეო?“ ვინ შებედავდა ილიაო, შენო – უთხრეს. „ეჰ, მე თქვენ მაინც უფრო პირამთქმელნი და გონიერად გამსჯელნი მეგულებოდითო, – ილია ჭავჭავაძეს სამოღვაწეო სამოქმედო ასპარეზი ჰქონდა პატარა, მისმა გონებრივმა შემართებამ საქართველოს ვიწრო ჩარჩოებში ფრთები სათანადოდ ვერ გაშალა, იგი არწივად იყო დაბადებული და საქართველოს ვიწრო შემოგარენში სული მოეხუთა, თორემ მსოფლიოს პრეზიდენტად გამოადგებოდაო“.

დიდებული შეფასებაა, ილიას რომ შეეფერება სწორედ ისეთი, უკეთესს ვერაფერს იტყვი. მაგრამ, ეს ხომ იუდას ამბორია, გამიზნული იმ აზრის შესაქმნელად, რომ ამ სიტყვების ავტორი როგორ იქნებოდა გარეული ილიას მკვლელობაშიო, თორემ აღნიშნულ დადგენილებაზე მის ხელმოწერას რომ თავი დავანებოთ, სად იყო სტალინი, ათეული წლების მანძილზე, ტალახში რომ სვრიდნენ ილიას სახელს და საფლავიდან ამოღებასაც რომ ლამობდნენ ქართველი ბოლშევიკები?

სტალინს თუ ასეთი სიმპათიები ამოძრავებდა ილიას მიმართ, და ასე აფასებდა მას, რატომ ხმა არ ამოიღო მახარაძისა და მის მსგავსთა გარეწართაგან ილიას დასაცავად, ვიდრე თვით არ დასჭირდა ქართული ეროვნული მწერლობის ეს უდიდესი ავტორიტეტი რუსი ოპონენტების იმ აზრის გასაბათილებლად, რომ იგი კავკასიის ველური ტომის ველური შთამომავალი კი არა, დიდი რუსთაველისა და დიდი ილიას „გვარ-ტომის“ წარმომადგენელი იყო?!

ასე რომ, სავსებით საფუძველმოკლებულია ილია ჭავჭავაძისადმი სტალინის გულშემატკივრობა. როგორც ზემოთ ითქვა, სტალინს პირადი „მეს“ იქით, არც სამშობლო სწამდა, არც ერი, არც ბერი და არც საკუთარი მშობელი. კაცი რომ საკუთარი დედის დასაფლავებას არ დაესწრება, აქედან განსაჯეთ, თუნდაც მისი ცივსისხლიანობა.

ველური კავკასიელის გვარტომის ბრალდება რომ თავიდან აეცილებინა, სტალინმა ახლა ის მოითხოვა, რომ თავისი გვარის ფუძე – ჯუღა-სათვის – ქართული ძირი გამოეძებნათ. ეს საქმე საქართველოს ცკ-მ ივანე ჯავახიშვილს დაავალა. [179] რა უნდა ექნა დასახვრეტად განწირულ დიდ მეცნიერს – იგი იძულებული გახდა ასეთი ვერსია შეეთითხნა, რომ თითქოს „ჯუღას“ ძირი კახეთის ერთ-ერთი სოფლის ჯუგაანის სახელწოდებიდანაა წარმომდგარი, – რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი იყო.

სამწუხაროდ, 1937 წლის გენოციდით არ დასრულებულა სტალინის ანგარიშსწორება ქართველი ხალხის მიმართ. მან ასევე, რუსეთ-გერმანიის ომში, დანარჩენ რესპუბლიკებს შორის, ყველაზე მეტი სისხლი კვლავ საქართველოს გაადინა. რაღაც სამ მილიონიანი საქართველოდან საომრად გაიყვანა 700 000 ქართველი და მათი უმრავლესობა ქერჩის ყველაზე მძიმე და აშკარად მოღალატურ საომარ ფრონტს შეაჟლიტა. ეს მან წინასწარ, შეგნებულად გააკეთა აი, რა გზით: უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს სხვათა ომი ამდენი მსხვერპლის ფასად არ დაუჯდებოდა, ქართველი მეომრები, ჩვეულებრივად რუსულ სამხედრო ნაწილებში რომ ყოფილიყვნენ გაფანტულები. ამიტომ, სტალინმა სპეციალურად გამოაცალკევა ქართველი მეომრები, შექმნა მათგან ქართული დივიზიები და მათი უმეტესობა ქერჩში ჩახოცა – რაც ხმელეთზე უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა, არანაკლები ზღვაში ჩაიხრჩო, გემებზე მყოფი მეომრებით.

ამ ომში, ქართველების მიმართ სტალინის დამოკიდებულების შესახებ, მკითხველს მინდა მოვუთხრო ერთ ეპიზოდზე, რომელიც ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა მოუთხრო მსმენელთ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას სტალინის დესპოტობისა და მისი ქართველმოძულეობის საილუსტრაციოდ. როგორც ცნობილია, ჰიტლერმა ბოლო დროს დაშალა ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკები და მათგან შექმნა საბჭოთა კავშირთან მებრძოლი ბატალიონები. ერთ-ერთ ასეთ ქართულ ბატალიონს მეთაურად დაუნიშნეს ჩინით კაპიტანი, თუ არ ვცდები, გვარად ჭიჭინაძე. ეს კაცი თავის ხელქვეით ქართველებთან ერთად საბჭოთა კავშირის ერთგულები აღმოჩნდნენ. ამ კაპიტანმა როგორღაც მოახერხა და ფრონტისპირა საბჭოთა სარდლობას დაუკავშირდა, რის შემდეგადაც თავისი ბატალიონით საბჭოთა მხარეს გადმოვიდა და რამდენადაც კარგად იცოდა გერმანელთა ჯარის განლაგება, მათ მიერ დაგეგმილი ოპერაციები და საბჭოთა ჯარებთან ერთად გამანადგურებელი დარტყმა აგემეს გერმანელებს. ქართული ბატალიონის ამ მამაცობის ამბავი საბჭოთა გენერალიტეტმა სტალინს აცნობა და მათი დაჯილდოება ითხოვა. სტალინმა კი საპასუხოდ, მათი დახვრეტა ბრძანა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. ასე ძვირად დაუჯდათ ქართველ მეომრებს საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ თავიანთი გმირობა, მხოლოდ და მხოლოდ, მათი ქართველობის გამო.

რუსის ერს, როგორც ცნობილია, შოვინისტურ-იმპერიალისტური განწყობა ქვეშევრდომი ერების მიმართ არათუ აკლდა ოდესმე, ჭარბადაც კი ჰქონდა, მაგრამ ამ მხრივ, თვით ლენინის განცხადებით, რუსზე უფრო მეტ რუსობას იჩენდნენ გარუსებული „ინოროდცები“ – სტალინი, ორჯონიკიძე, ძერჟინსკი. მაგალითად, ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ ლენინი არ იყო რუსის შოვინისტიო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას [180] არასოდეს დასცდენია სხვა ერებთან მიმართებაში რუსი ერის უპირატესობაზე. ამაზე მხოლოდ სტალინი ალაპარაკდა. მისი მმართველობის დროს რუსული შოვინიზმი ისეთ კურიოზულ დონეზე ავიდა, რომ ის, რაც კაცობრიობამ მიაღწია თავისი არსებობის მანძილზე მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის დარგში, ყველაფერი რუსის ერს მიაწერეს. შეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ისტორიაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში და სხვ., სადაც ამგვარი გაყალბებით მიეწოდებოდა ცოდნა ახალგაზრდობას.

სტალინმა პირველმა შემოიტანა, აგრეთვე ცნება „დიდი რუსი ხალხის“ შესახებ, რამაც კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა რუსულ შოვინიზმს. სტალინი, მართალია, განსაკუთრებული მძულვარებით საქართველოს ეპყრობოდა, მაგრამ საერთოდაც იგი მტრულად იყო განწყობილი იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხის მიმართ. მისი პოლიტიკა აშკარად იყო მიმართული ამ ხალხის გასარუსებლად. თანაც, გამარუსებელი პოლიტიკა ინტერნაციონალიზმად ცხადდებოდა, ხოლო პატარა ერების მხრივ თავისი ეროვნული მეობის დაცვა – ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად. მაშასადამე, სულ სხვა იყო სტალინის დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ და სულ სხვა, თუნდაც ისეთი მცირერიცხოვანი ნაციონალურ უმცირესობების მიმართ, როგორიც გახლავთ ჩრდილოკავკასიელი მთიელები.

აი, რა შესანიშნავ ანალიზს იძლევა ამ მხრივ ცნობილი ემიგრანტი და გულმხურვალე პატრიოტი ალექსანდრე ცომაია: „მოსკოვმა მოქმედების ორი მიმართულება აირჩია: ერთი – რუსების მიმართ და მეორე – არარუსი ეროვნების ხალხთა მიმართ.

პირველ შემთხვევაში, ეგრეთწოდებულ დამნაშავეებს სჯიდნენ, მაგრამ ხალხს ამისათვის ანგარიშს არ სთხოვდნენ; მეორე შემთხვევაში, ცალკეული ადამიანების დანაშაულისათვის მთელი მოსახლეობა სამართლდებოდა… ასე მაგალითად – 1944 წლის თებერვალში სტალინმა ჩაატარა კავკასიელი ტომების – ჩეჩნეთ-ინგუშეთის და ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობის გენოციდი იმ მოტივით, რომ თქვენი ზოგი წარმომადგენელი კავკასიის კალთებთან მოსულ გერმანელებთან თანამშრომლობდაო და ამასთან, ტყვედჩავარდნილი თქვენი ჯარისკაცებიც, სამშობლოს განთავისუფლების მოტივით, გერმანელების მხარეზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენო”.

ბატონი ალექსანდრე, რუსული არმიის პოლკოვნიკის ტოკაევის მიერ მიწოდებული ცნობებზე დაყრდნობით, აი, რა შემზარავ ფაქტებს გვაცნობს ამ გენოციდის შესახებ: „მთელი მოსახლეობა უეჭველი სიკვდილისათვის იქნა აყრილი და გაგზავნილი ციმბირისა და შუა აზიის საკონცენტრაციო ბანაკებში: ჩეჩნეთ-ინგუშეთის 697 400, ყაბარდო-ბალყარეთის – 349 236 და ყარაჩაის – 129 925 ადამიანი… დეპორტაციამდე ენკავედეს ბანდიტებმა მამებისა და ქმრების თვალწინ გააუპატიურეს მათი ქალიშვილები და ცოლები… შემდეგ ჩვეულებრივი მატარებლების მიმოქცევა შეწყვიტეს. ბადრაგი აქვითვინებულ ხალხს მატარებლებთან ერეკებოდა და [181] უწესრიგოდ ყრიდა მათ პირუტყვის ვაგონებში. დედები და შვილები, ასევე, ცოლი და ქმარი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ვაგონებში აღმოჩნდნენ. ციმბირის შორეულ გზაზე, პირუტყვის ვაგონებში, ზოგი შიმშილით დაიღუპა, ზოგი გაიყინა, ასობით ძუძუთა ბავშვი დედებს ხელში ჩააკვდა“ (იხ. ალ. ცომაია, რჩეული ნაწერები, გვ. 254-257).

ბატონი ალექსანდრე განაგრძობს: „სტალინმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კავკასიელებს და ყირიმელ თათრებს მოუწყო გენოციდი გერმანელებთან მიმხრობის მოტივით, თვარა იგივე საქმის ჩამდენ რუსებს როდი აკადრა ეს სასჯელი. არადა, იგივე არ გააკეთა ათასობით რუსმა? განა ვლასოვი და სხვა გენერლები თავიანთი არმიებით არ გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე და იქიდან არ ხელმძღვანელობდნენ „რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას?“ და განა მთელ რუსეთს აგებინეს ამისათვის პასუხი?“ (იქვე, გვ. 258).

სტალინმა მსგავსი გენოციდი მოუწყო საკუთარ სამშობლოს – საქართველოს, რაც მისი ღრძო ბუნების კიდევ ერთი გამოვლინება იყო. ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში, დასაბამიდან დღემდე, არცერთ კაცთამჟლეტ ტირანს არ დაუსჯია თავისი მეომარი ტყვედჩავარდნის გამო, რადგან ყველა მათგანს კარგად ესმოდა, რომ ტყვეობაში მოხვედრა თვით ომის კანონითაა განპირობებული – სადაც არის ომი, გინდა არ გინდა, არის ტყვეც. სტალინმა კი გერმანელთა ხელში ტყვედჩავარდნა სამშობლოს ღალატად გამოაცხადა. მან საბჭოთა ჯარისკაცს მიზნად დაუსახა – ტყვედჩავარდნის შემთხვევაში უკანასკნელი ტყვია შუბლში დაეხალა. ჰოდა, იმ მოტივით, რომ ქართველ მეომართა შორის ეს არავინ გააკეთა, სტალინმა ყველა ისინი შუა აზიის უდაბნოში გადაასახლა. 1951 წლის 25 დეკემბრის ერთ ღამეს ლოგინებიდან წამოყარეს ტყვედნამყოფი მეომრები ცოლითა და ბავშვებით, ჩასხეს ვაგონებში და რამოდენიმე ათასი კაცი ყაზახეთისა და შუა აზიის გადახრუკულ უდაბნოში გადაასახლეს“ (იხ. ფ. ლომაშვილი, საქართველოს ისტორია, გვ. 175).

ეს იყო გაუგონარი ჯალათობა და ამასთან ქართველი ერის მიმართ აშკარად გამოკვეთილი მტრობა, რადგან ეს ვანდალიზმი სტალინმა, სხვა რესპუბლიკებიდან გამორჩევით, მარტო ქართველ ხალხს დააწია. მეორე და მთავარი აი რა არის – მამამ რომ ფრონტზე ტყვედჩაარდნის დროს უკანასკნელი ტყვიით თავი არ მოიკლა, აქ ცოლი და შვილი რა შუაში იყვნენ?!

იმ თვალსაზრისით, რომ ეგებ გონზე მოვიდნენ სტალინის ფანატიკოსი მკითხველები, თავს ნებას მივცემ, ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით მკითხველს მოვუთხრო თუნდაც ერთ ასეთ გულშემძვრელ ეპიზოდზე: ჩვენი ოჯახის მეზობლად, სოფელ ანაგაში ცხოვრობდნენ გოშნიაშვილების დიდი სანათესაო. ამ ოჯახის შვილი – ალექსი გოშნიაშვილი გახლდათ ტექსელის ცნობილი აჯანყების მონაწილე. მაგრამ იმის გამო, რომ მანამდე ტყვედ რატომ ჩაუვარდი გერმანელებსო, არც ის დაინდეს ჩეკისტებმა და ისიც გადაასახლეს შუა აზიის უდაბნოში თავისი ოჯახით – 3-წლის გოგონას ჩათვლით. ნათესავები შეეხვეწნენ ჩეკისტებს – თუ შეიძლება, ეს ბავშვი [182] დაგვიტოვეთ, ჩვენ გავზრდითო. არაო, უთხრეს – ნაბრძანები გვაქვს, მთელი ოჯახი უნდა გადასახლდესო. გზაზე ბავშვს ტირილი დაუწყია, კუკლა დამავიწყდაო. ჩეკისტებმა გულმოწყალება გამოიჩინეს, უკან შემოაბრუნეს მანქანა, დედამ კუკლა გამოუტანა, დააწყნარეს ბავშვი და გაუყვნენ გზას.

1955 წელს, როცა ამნისტია გამოცხადდა, ეს ოჯახიც დაბრუნდა უკან იმ გოგონას გარეშე და აი, რა გვიამბეს: კონტინენტური ჰავის პირობებში, სადაც დღე გაუსაძლისი სიცხეა და ღამე კი ძლიერი სიცივე, ღია ცის ქვეშ დაგვყარეს ალყაშემორტყმულებიო. მიწაზე მწოლიარე ბავშვი გაგვიცივდა, ანთება დაემართა, უწამლობის გამო დაგვეღუპა და იქვე, უდაბნოში დავმარხეთო.

აი, ვის ეთაყვანებიან კვლავაც ზოგ-ზოგი ფანატიკოსები, და ჩვენდა სამარცვინოდ, აი, ვისი სახელობის პოლიტიკური ორგანიზაცია აქვთ შექმნილი ტვინნაღრძობ ქართველებს.

სტალინმა კი იძია შური სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეებზე და მათ ოჯახებზე, მაგრამ უფრო მეტად ბოღმავდა იმ ტყვეთა მიმართ შურისძიება, ვინც არ ისურვა ჯალათური რეჟიმის ქვეყანაში დაბრუნება და უცხოეთში – ინგლისში, საფრანგეთში დარჩა. ქართველ ტყვეთა გადმობირების მიზნით, დასავლეთ ევროპაში გაიგზავნენ ცნობილი ორატორები – პეტრე შარია, სერგო ქავთარაძე და სხვები. მათი შეხვედრა ტყვეებთან მოეწყო ხელებგაწვდილი მშობლებისა და ცოლ-შვილის ამსახველი პორტრეტებითა და ლოზუნგებით მორთულ სპეციალურად შერჩეულ კინო-თეატრების დარბაზებში. გაქნილი ორატორები გულისამაჩუყებელი სიტყვებით, ცრემლების ფრქვევით არწმუნებდნენ მათ, რომ არათუ პასუხს მოთხოვდნენ ტყვედჩავარდნის გამო, არამედ „მშობლიური საბჭოთა მთავრობა“ გულში ჩაიხუტებდა ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში ნაწამებ ტყვეებს. სამწუხაროდ, დაგებულ ანკესს ბევრი წამოეგო. შემოვიდნენ თუ არა საბჭოთა კავშირის საზღვრებში, „მშობლიურმა სტალინმა“ ისინი ციმბირში გაამგზავრა.

ჯერი მიდგა ახლა პოლიტიკურ ემიგრანტებზე. სტალინმა ახლა მათი დასჯა გადაწყვიტა საბჭოთა რეჟიმის ზურგშექცევისათვის. მათ გადმოსაბირებლად კვლავ გაიგზავნენ სერგო ქავთარაძე, შალვა ნუცუბიძე და სხვები. მართალია, ქავთარაძემ ვერ დაიყოლია ნოე ჟორდანია საბჭოთა საქართველოში დაბრუნებაზე, ხოლო გრიგოლ რობაქიძემ ახლოსაც არ გაიკარა შალვა ნუცუბიძე (ეს მისი პირადი ნაამბობია), მაგრამ ზოგის მოტყუება მაინც შეძლეს. მშობლიურ მიწას დანატრებულებს, სტალინმა ციმბირში ამოხადა სული.

სტალინი მაინც ვერ გაძღა ქართველთა სისხლით. იმავე წელს, როცა მან ქართველ ტყვეთა ოჯახები შუა აზიაში გადაასახლა, ქართველი ინტელიგენციისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა გასაჟლეტად „მეგრელთა საქმე“ შეთითხნა. მეგრულ ელიტას ბრალი დასდო – თქვენ გინდოდათ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს ჩამოცილება და მისი თურქეთთან შეერთებაო. ამ ცრუ ბრალდებით უამრავი ხალხი ციხეში ჩაყარა. დაიწყო [183] მათი ბარბაროსული წამება „გამოსატეხად“. ეს ის დრო იყო, როცა სტალინი ბერიას ახლოს აღარ იკარებდა. როგორც სჩანს, მისი სურვილი იყო, წამებით გატანჯულ პატიმარ მეგრელობას ბრალდება დაედასტურებინა და თანაც თაოსნად ბერია დაესახელებინათ. მაგრამ მოწაფემ აჯობა მასწავლებელს და 1953 წლის 5-მარტს სტალინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ასე გასრულდა სიცოცხლე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტირანისა. უნდა ითქვას, რომ სტალინს, მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ტირანთა შორის არ ჰყავდა პროტოტიპი არა მარტო იმ მხრივ, რომ ადამიანთა ჟლეტაში ყველა ტირანს გადააჭარბა, არამედ იმ მხრივაც, რომ იგი სრულიად განსხვავდებოდა სხვათაგან საკუთარი სამშობლოსადმი დამოკიდებულების საკითხშიც.

მაგალითად, ნებისმიერი ტირანი – გნებავთ ჩინგის ყაენი, თემურ ლენგი, ივანე მრისხანე და თვით მისი თანამედროვე ჰიტლერი, მართალია (ისევე, როგორც სტალინი), სხვის ქვეყნებს ებრძოდნენ, იპყრობდნენ, ხალხს ხოცავდნენ, მაგრამ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს როდი მტრობდნენ! სტალინი კი, როგორც ულმობელი ჯალათი, პირველ რიგში, თავის მრავალტანჯულ სამშობლოს – საქართველოს დაუპირისპირდა და ყველაფერი გააკეთა არა მარტო მის დასანაწევრებლად, არამედ თვით ქართული, ეროვნული სახელმწიფოს მოსასპობად და ქართული გენის აღმოსაფხვრელადაც-კი. ამიტომ ქართველი ხალხისაგან მას მხოლოდ წყევლა-კრულვა ეკუთვნის და არა ფეხზე ადგომით სამადლობელი სადღეგრძელო, იმ აბსურდული მოტივით, რომ „სამამულო ომი“ მოიგოო. აქვე ვიტყვით, რომ ის ომი არათუ საქართველოსათვის, თვით რუსეთისათვისაც კი არ იყო სამამულო ომი, რადგან ორივე – გერმანიაც და რუსეთიც იყვნენ კოლონიურ-იმპერიული სახელმწიფოები და იბრძოდნენ არა მხოლოდ თავიანთი იმპერიების შესანარჩუნებლად, არამედ მთელს მსოფლიოზე გასაბატონებლადაც. ასე რომ, 300 000 ქართველი სულ ტყუილუბრალოდ შეეწირა რუსეთ-გერმანიის ომს. ცხადია, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ომის დასრულებისას კვლავ რუსეთი უბატონებდა საქართველოს, თუ მას გერმანია შეენაცვლებოდა. უფრო მეტიც, თუ საქართველო სხვათა მონობას ვერ ასცდებოდა, სჯობდა მისი ბატონი ცივილიზებული გერმანია ყოფილიყო, ვიდრე ავკარგის დაუფასებელი სკვითი. ასე რომ, საქართველო მეორე მსოფლიო ომში აღმოჩნდა იმ ქათმის როლში, ძროხას რომ წააკლეს.

მაგრამ აი, მოკვდა ეს ქართველთმოძულე ტირანი და თითქოს ერთგვარი შვება უნდა ეგრძნო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1956 წელს, მკვდარი სტალინი კვლავ მოევლინა საიქიოდან ჩვენს ქვეყანას „მაოხარი გზირის“ როლში, რასაც უამრავი ახალგაზრდა შეეწირა. ამას ბიძგი მისცა ანტიქართულად განწყობილმა კრემლის ახალმა დიქტატორმა – ხრუშჩოვმა და მის გარშემო შემოკრებილმა რუსი შოვინისტების ბანდამ სტალინის ცალმხრივი კრიტიკით. [184]

მართალია, თავად ის ფაქტი, რომ სტალინი იყო ულმობელი ტირანი, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რა თქმა უნდა, სწორი კრიტიკა იყო სტალინის პიროვნებისა, მაგრამ ყველა ბოროტების წაქცევა მხოლოდ მასზე და ნომერ პირველი ტირანის – ლენინის გამოყვანა კი უცოდველი კრავის როლში, რომელმაც დასაბამი მისცა გაუგონარ კაცთაკვლას, იყო რუსული შოვინიზმის აშკარა გამოხატულება.

რუსის შოვინისტებმა სტალინს სულ მალე ბერიაც მიაყოლეს, რითაც ბოლო მოეღო იმპერიის სათავეში არარუსთა პარპაშს. ახლა ორიოდე სიტყვა ჯერ იმ მიზეზებზე, კერძოდ, რამაც სტალინისა და ბერიას ტრაგიკული დასასრული გამოიწვია, ხოლო შემდეგ იმის განსაზღვრა, თუ რუსულ სარბიელზე მოღვაწე სამეულთაგან, ქართული გვარ-სახელების გარდა, რამდენად ჰქონდათ შემორჩენილი ეროვნული სული.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ „გენიოსმა“ სტალინმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა იგი ბერიას დაუპირისპირდა. რუსულ გარემოცვაში ეს ორი მაღალჩინოსანი ერთიმეორის დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ერთიმეორეს ამაგრებდნენ. იმის მიუხედავად, რომ სტალინი თავისი სულით იყო რუსზე უფრო რუსი და უმძლავრესი რუსული იმპერიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღოდა, რუსული შოვინისტური ბუნება მაინც ვერ იტანდა გენეალოგიით არარუსის ყოფნას იმპერიის სათავეში. მაგრამ მას ვერაფერს აკლებდნენ მანამ, ვიდრე დასაყრდენად ჰყავდა მსოფლიო დონის ისეთი მზვერავი-ჩეკისტი, როგორიც გახლდათ ბერია.

სტალინის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ის იყო, რომ იგი ვერ იტანდა, როცა მის გვერდით სხვა ჩინოსანიც აღზევდებოდა. მწერალს მარტო სტალინის დიდებაზე უნდა ეწერა, მუსიკოსს მხოლოდ სტალინზე უნდა ეწერა ნოტები, მომღერალს მასზე უნდა ემღერა, საზოგადოებას მხოლოდ სტალინის ქებადიდებაზე უნდა ეყვირა და ტაშისცემით ხელის გულები მხოლოდ მისთვის უნდა გადაეტყავებინა. ხოლო, თუ ხალხში მის გარდა სხვისი ავტორიტეტიც ამაღლდებოდა და ზომას ასცდებოდა, მას დაუყოვნებლივ იცილებდა თავიდან.

ასე გაასაღა სტალინმა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გიორგი დიმიტროვი, უფრო ადრე – ძალზე გათამამებული ორჯონიკიძე და სხვები და სხვები… ახლა კი, მთელს იმპერიაში ძალზედ გაიზარდა ბერიას სახელი. იგი თითქმის მეორე კაცად იქცა კრემლის იერარქიაში, რამაც განსაზღვრა ბერიას ბედიც. მაგრამ აქ უკვე დამარცხდა ბებერი ლომი. ბერია იძულებული გახდა საკუთარი ტყავის გადასარჩენად რუსულ გარემოცვას დაკავშირებოდა. ასე, ერთობლივი ძალისხმევით გაიწირა სტალინი.

ახლა ჯერი მიდგა ბერიაზე. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერია, ფაქტობრივად, პირველ კაცად იქცა იმპერიაში. თანამდებობრივად უფრო მაღლამდგომი მალენკოვი და მოლოტოვი მხოლოდ ფორმალურად პირველობდნენ. სინამდვილეში ისინი ბერიას ნების შემსრულებელ მარიონეტებად იქცნენ. [185]

აი, ამ პირობებში ბერიამ ირწმუნა საკუთარი უძლეველობა, რამაც მისი მარცხიც განაპირობა. მან არარაობად ჩათვალა ცეკაში უფუნქციოდ მიგდებული, ნაცარქექიად მიჩნეული ხრუშჩოვი. აქ გამართლდა ლექსად თქმული ცნობილი ქართული ანდაზა: „ნუ იამაყებ თუნდ იყო ცხრათავა ბაყბაყ მდევია, ნუ იტყვი ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთა-მძლევია…“ ამგვარად, ბლაყვმა ხრუშჩოვმა აჯობა მსოფლიო დონის ჩეკისტს და სიცოცხლეს გამოასალმა. ასე დასრულდა ეგრეთწოდებულ ქართველთა კარიერა კრემლში.

ახლა მე მინდა იმ კურიოზულ ფაქტზეც მოვახსენო მკითხველს, რომელიც სუფევდა იმ დროს ქართველ ხალხში კრემლის სათავეში მოქცეული ამ სამეულის: სტალინ-ორჯონიკიძე-ბერიას მმართველობასთან დაკავშირებით. სტალინი – ჩვენი, ორჯონიკიძე – ჩვენი, ბერია – ჩვენი! ეს ფაქტი ისეთ ეიფორიას იწვევდა ღრმა ძილში მყოფ ქართველობაში, რომ ზოგ-ზოგნი თვით რუსერთის იმპერიასაც-კი ლამისაა ქართულ იმპერიად მიიჩნევდნენ.

არადა, საქართველო ყველაზე უფრო მაშინ და ყველაზე უფრო მეტად სწორედ მათგან იწიხლებოდა; ისინი რუსზე უფრო მეტად რუსობდნენ ერთის მხრივ, თავიანთი ანტიეროვნული ბუნებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, რუსთა გულის მოსაგებად. დიახ, საქართველოს უწინარესად მათ (სტალინმა და ორჯონიკიძემ) მოუსპეს ეროვნული სახელმწიფოებრიობა რუსულ იმპერიაში შეთრევით; მათ (სტალინმა და ორჯონიკიძემ) გააჩუქეს ქართული ეროვნული მიწა-წყალი, და ბოლოს, მათ წააცალეს საქართველოს თავი უმაღლესი ქართული გენის მოსპობით… აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ასეთ ქართველებს ეთქმით-კი ქართველობა? ასეთი ქართველებით შეიძლება ერი ამაყობდეს?! როგორ არაო, გვამუნათებენ ეფემერული ილუზიებით მოწამლული სტალინელი ფანატიკოსები: პაწაწინა საქართველოსათვის როგორ არაა საამაყო ამ ვეებერთელა რუსულ იმპერიას 30-წელი ქართველები (უპირველესად ქართველი სტალინი) რომ მბრძანებლობდნენო?! მერე ჩვენ რა!

იმის სამაგიეროდ, რომ ამ მანქურთებს იქ, იმ იმპერიაში მაღალი სამეთაურო პოსტები მიეღოთ, საქართველო ქრთამად მიართვეს რუსეთს და თანაც მათთვის ერთგულების დასამტკიცებლად, უპირველესად ჩვენ, ქართველებს და ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ – დაგვამხეს, დაგვჩეხეს, გაგვანადგურეს და სწორედ კრემლში, ქართველთა ბატონობის ჟამს, ანუ იმ 30-წლის მანძილზე, საქართველოს თავზე ქართველთა სისხლის კალო ლეწეს. განა შეიძლება ასეთი შვილებით საქართველო ამაყობდეს მარტო იმ მოტივით, რომ მან ნომერ პირველი ჯალათის, კერძოდ – ლენინის პარალელურად, ნომერ მეორე ჯალათი – სტალინი მოუვლინა კაცობრიობას?!

საქართველო უნდა ამაყობდეს შოთა რუსთაველით, დავით აღმაშენებლით და სხვა უამრავი სახელოვანი მწერლებითა და პოლიტიკური მოღვაწეებით და არა გაურკვეველი ვინაობის სტალინით, [186] რომელიც უპირველესად თავს დაატყდა მრავალტანჯულ საქართველოს. ამგვარად, იმ ბოროტების მიხედვით, რაც სტალინმა და ორჯონიკიძემ ჩაიდინეს ქართველი ერის მიმართ, მკრეხელობა იქნებოდა მათი ქართველებად მოხსენიება. ეგებ მეც მკრეხელობად ჩამითვალონ, მაგრამ, ოდნავ უფრო სხვა აზრის გახლავართ ბერიაზე, მიუხედავად იმისა რომ, როგორც სტალინის დავალებით, ასევე პირადი ინიციატივითაც უდიდესი ცოდვები ადევს მას კისერზე ქართველი ინტელიგენციისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ, მაინც იგი, ჩემი აზრით, არ იყო მთლად გარეცხილი ეროვნული გრძნობისაგან, როგორც ეს ითქმის სტალინისა და ორჯონიკიძის მიმართ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ფაქტები:

1. საინგილოს უკან დაბრუნების მცდელობა. 1954 წელს მე პირადად გახლდით საინგილოს სხვადასხვა მხარეში. აი, რა გადმომცეს ინგილოქართველებმა: მათი თქმით, 1936-წელს ბერია საინგილოში ჩასულა და ქართველი მოსახლეობისათვის საქართველოს მთავრობის სახელზე განცხადებები დაუწერინებია – საინგილოს კვლავ საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით. საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ აზერბაიჯანის ცეკას მდივანი ბაგიროვი სტალინთან გაქცეულა და უთქვამს მისთვის – ბერია საინგილოს გვართმევსო. სტალინმა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც არ უღალატა თავის ანტიქართულ პოზიციას, რის შედეგადაც ეს დიდებული წამოწყება ჩაიშალა.

ამასთან, სტალინის ამ პოზიციით ისიც დამტკიცდა, სტალინის თაყვანისმცემელი ფანატიკოსების მიერ შეთითხნილი ანეკდოტის საწინააღმდეგოდ, რომ 1921 წელს საქართველოსთან საინგილოს ჩამოგლეჯის ინიციატორი იყო სტალინი, ხოლო ორჯონიკიძე მისი აქტიური მხარდამჭერი და შესრულებელი. არადა, თუკი სტალინი 1921 წელს მართლა წინააღმდეგი იყო საინგილოს გაცემისა, ახლა რატომ არ დაუჭირა მხარი ბერიას საინგილოს უკან დასაბრუნებლად?

2. ბერიას ეროვნულ საქმედ ეთვლება, აგრეთვე, აფხაზეთში ქართული ოჯახების ჩასახლება და ამ უძველეს ქართულ მიწაზე ქართული ეთნოსის აღზევება. და კიდევ ერთი მაგალითი: სტალინისა და ორჯონიკიძის გულუხვობით იმედმოცემული სომხეთის ცეკას მდივანი ხანჯიანი თბილისში ბერიას ეწვია თავის კაბინეტში იმ მოტივით, რომ ჯავახეთში სომხური მოსახლეობა ქართველებისას სჭარბობსო, მოითხოვა ამ მიწაწყლის სომხეთისათვის გადაცემა. ბერიამ არც აცია, არც აცხელა, მას იქვე, კაბინეტში ტყვია დაახალა და სული გააფრთხობინა.

როგორც ზემოთ ითქვა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, კრემლში ბერია აშკარად პირველობდა. პოლიტბიუროს სხდომები ძირითადად მისი თაოსნობით იწვეოდა და მთელი რიგი კარდინალური საკითხების დამყენებელიც და გადამწყვეტიც ბერია იყო. კერძოდ, მან დააყენა საკითხი მთავრობის როლის ამაღლებისა და მისდამი პარტიის ცეკას დაქვემდებარების შესახებ, როგორც ეს იყო ლენინის დროს. [187]

ასევე, მან დააყენა საკითხი – მოკავშირე რესპუბლიკებისათვის მეტი თვითმმართველობის მინიჭებისა და თითოეულ მათგანში მართვა-გამგეობისა და საქმის წარმოება საკუთარ, ეროვნულ ენაზე. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლის შემთხვევაში აუცილებლად დაუბრუნებდა იგი საქართველოს 1921 წელს წართმეულ ტერიტორიებს. ასეა თუ ისე, იმ ეტაპზე ბერიას დამხობა ჩვენი ქვეყნისათვის სრულებითაც არ იყო სასიხარულო.

ახლა, მე მინდა ისევ სტალინის თემას დავუბრუნდე და მკითხველს შევთავაზო შედარებით უჩინარი პოეტის – გაბრიელ ჯაბუშანურის შესანიშნავი პოეტური ქმნილება –„ინვექტივა-მონუმენტი“, რომელიც სტალინის დეტალურ დახასიათებას შეეხება.

გაბრიელ ჯაბუშანური
“ინვექტივა-მონუმენტი”

I
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნია, სავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა…
2
ჩაღრმავებული შენი თვალები
ვულკანებია ჯოჯოხეთისა,
უცხოა მათთვის რამ შებრალება,
უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა…
მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას
თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,
მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად
ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.
მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ
სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;
ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,
მისთვის უცხოა აზრი კეთილი.
თვალში გველები
შუბლზე გველები,
წარბნიც გველები – გველებს ეთვისა
შენი ყურები არის ხვრელები
იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.
შენი ყურები სატანის მოდგმის, –
არის ხვრელები ლუციფერისა,
რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის
მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.
ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი,
უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,
რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის
და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…
3
შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,
მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,
თავისუფლება წაართვი ხალხებს
და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.
შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,
რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით
გამოთქვამს იგი,
აჟრჟოლებს ტანში, –
უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.
შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,
ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,
რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე
შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით,
შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი
მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად.
შენ უწმინდესი ტაძრები უფლის
გადააქციე ცხენის თავლებად.
კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე
და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,
მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე
მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!
ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,
მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,
ჰაერი რად არ დაიშრიტება
ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა…
რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,
რად არ იქცევა ნეტავ ქედები –
შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,
რაც დააზღვავე შენივ ქმედებით…
მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის
ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;
ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის
არის უბრალო გაფრენა მწერის.
შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო
და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,
ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –
შენ წყეული ხარ შენივე საქმით.
შენ წყეული ხარ შენივე აზრით,
შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,
შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად
შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.
აქციე ციხედ თუჯის თაღებით
და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,
შენ თავკაცების წმინდა წაღები
მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ!
შენ თავკაცების მწვედ გამწირველი
ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,
რომ ყოფილიყავ თავად პირველი,
რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.
რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს,
ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი…
ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,
რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.
და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს
ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი…
ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,
რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.
ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, –
სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,
სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას,
რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა.
დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება
და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,
მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,
თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.
ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,
ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,
თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –
სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.
შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –
ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,
მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო,
რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.
ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად
და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,
მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო,
თავად დაიდგი შენ მონუმენტი.
შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი
თავად დაიდგი სიავის შმორით
და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი
ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.
5
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.
შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,
ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,
იყავ წყეული აწ და მარადის
ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.
ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,
გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,
ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,
როს წარუდგები უფალ-იესოს,
რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის
მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!
6
შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა
ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,
შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა
შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.
ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,
ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,
რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –
თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,
დაიცა შენი ჯერიც დადგება, –
აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას
და მათი ლექსის მძლე აზათქება
არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს.
ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა
გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს
და ლექსი ეტყვის შთამომავლობას
თუ რა არგუნე შენ დედამიწას.
7
შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ
და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,
მაგრამ იცოდე: თაობა ესე
ხვალ მესაფლავე იქნება შენი.
შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს
აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი…
შენი მკლავები არის ბორკილი, –
ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.
რაიცა გველი ამა პლანეტას,
შემოხვევია და ხარბად სალტავს,
თან მაინც კიდე ეცოტავება
ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.
გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის
შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,
შენ უდიდესი აიგე ძეგლი,
ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.
ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის,
ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,
სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –
მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!
8
შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,
უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,
ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,
დამ და დაახრჩო დაუნდობელად –
და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,
რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.
არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი
მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.
9
შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,
ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.
შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,
რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.
მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,
კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.
მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,
რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს.
ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,
ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული
მთელი სამყაროს ბოროტებაზე
უბოროტეს არს ეგ შენი გული.
იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება
და არის მასზეც ათასჯერ მეტი,
აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება
ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.
შენ თვით დახატე შენი ხატება,
შენივე სიტყვით, შენივე საქმით,
რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა,
მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.
შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,
შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,
ცრემლით და სისხლით სახელოვანი
შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.
10
აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ,
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა
და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –
დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,
ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.
დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან
და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.
შენთვის სამყაროს ახია რისხვა
და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა
რამდენი ღერი გასხია თმისა,
იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.
დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო
და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,
ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო,
შენთვის არავინ არ ატირდება.
1950-53 წწ.

მაგრამ ვაი, რომ ატირდა ათეული წლების მანძილზე ნატანჯი, დაშინებული, დაგლახაკებული და უმძლავრესი სააგიტაციო მანქანით გამოთაყვანებული მასა, ვისაც დღედაღამ ჩასძახოდნენ იძულებითი რადიომაუწყებლობით, ტელევიზიით, პრესით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, ლიტერატურული ნაწარმოებებით, კინორეპერტუარებით – სკოლაში, სამსახურში, სახლში, ქუჩაში – პოლიტწრეებზე, კრებებზე, მიტინგებზე, კომუნისტურ დღესასწაულებზე…, რომ სტალინი ჩვენი მამა და მარჩენალია, იგი მზეა, ზეკაცია, მისგან გვიდგას სული, პურს ის გვაჭმევს, თვარა აგერ, ამერიკაში შიმშილით წყდება „ჩაგრულთა მასა“ – სტალინი გვიცავს ბურჟუაზიული ქვეყნების აგრესიიაგან, – სტალინით ვცოცლობთ, ვმოძრაობთ, ვსუნთქავთ! ჰოდა, ეს რობოტად ქცეული მასა იმიტომაც დასტიროდა სტალინს, რომ მის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა.

აი, თუნდაც ერთი ასეთი მაგალითი: მე პირადად, სტალინის გარდაცვალების ჟამს სოფელში გახლდით. უცებ მეზობელი ქალის ხმამაღალი ტირილი შემომესმა. მე, დედა და მამა სასწრაფოდ გავვარდით, ვიფიქრეთ, ბავშვი ხომ არ დაეღუპაო. ვნახეთ, ეს ქალი მუხლებზე დაცემული. რა იყო, რა დაგემართაო, ჰკითხა მამამ. რას ამბობ, რაღა უნდა დაგვემართოს უარესი, სტალინი მომკვადარა და რაღა გვეშველებაო! არადა, თვით მას მეტი უსაშველო სხვა რა უნდა დამართნოდა, სტალინური ყოფიდან გამომდინარე, მარტო იმის კაბისათვის რომ შეგეხედათ, ისე იყო საკერებლებით აჭრელებული, თავდაპირველად ვერ გაარჩევდით, რა მატერიით იყო შეკერილი.

მაგრამ ეს კიდევ რაა, გაცილებით უარესი, სენსაციური ამბავია მოთხრობილი, ცნობილი მწერლისა და კრიტიკოსის, აკაკი ბაქრაძის ერთ წერილში, რომელიც დაიბეჭდა 1988 წელს კინო-ჟურნალის პირველ ნომერში ასეთი სათაურით – „ცამეტი წელი კინოში“. ამ ამბის თხრობას აკ. ბაქრაძე ასე იწყებს: „მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისაც სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებს უფრო ადრე აზეპირებინებდნენ, ვიდრე დედა-ს ან მამა-ს წარმოთქმას ისწავლიდა. ნაირ-ნაირი მილეთის, ნაირ-ნაირ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ეთაყვანებოდა და ადიდებდა კრემლის ბინადარს. მისი სურათი ეკიდა ყოველ კედელზე. მისი ქანდაკი იდგა ყოველ ქალაქსა და ყოველ სოფელში. არ დარჩენილა კალამი, მისი სადიდებელი არ შეეთხზა. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ იგი იყო უფრო დიდი, უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ღმერთი. პროპაგანდის მანქანა მუშაობდა დღედაღამ. ამ აზრს აჭედებდა, როგორც ლურსმანს, ყოველი მოქალაქის გონებაში. რომელიღაც მეცნიერს უთქვამს – გამუდმებულ პროპაგანდას ვერ უძლებს ყველაზე [194] გენიალური რუასიც კი. სწორედ ამის დასტურად გამოდგება ერთი შემთხვევა, რომელიც ყოფილმა პოლიტკატორღელმა მიამბო:

1953 წელს, მარტის პირველ რიცხვებში, საკონცენტრაციო ბანაკში უთავბოლო ფაციფუცი ატყდა. ადმინისტრაცია რეტდასხმული და შეშინებული დარბის წინ და უკან. რაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ რა?.. პატიმრები ვერაფერს ვხვდებით. ბოლოს ვიფიქრეთ, ალბათ, ისევ ომი დაიწყოო. მაშინაც ასე იყო, 1941 წლის 22 ივნისს. რამდენიმე დღის მერე ეზოში გამოგვრეკეს. არაჩვეულებრივის მოლოდინში გავინაბეთ. ცივი, სუსხიანი ჰაერი გრომკოგავარიტელის ხმამ გააპო. უცნობმა, სევდითა და ტკივილით გაბზარულმა ხმამ გვაუწყა: – მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადი, მამა და მასწავლებელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა…

და რაც მაშინ მოხდა, ამას არავინ მოელოდა. რამდენიმე ათასი კაცი, როგორც ერთი ადამიანი, გათოშილ-გაყინულ მიწაზე დაემხო და გულსაკლავად აზლუქუნდა. მათ შორის მეც. სადღაც, გონების კუნჭულში ჩარჩენილი საღი აზრი დაცინვით მეკითხებოდა: – ნუთუ შენც, სანდრო, სტირი? შენ, ვინც 17 წელიწადია იტანჯები. უპატრონოდ დაგატოვებინეს ცოლ-შვილი, სახლ-კარი. წაგართვეს ყველა უფლება, პირუტყვად გაქციეს, მაინც სტირი? შენ, ვინც ყოველ-წუთს მის სიკვდილზე ოცნებობდი, სტირი ახლა, როცა ოცნება ასრულდა?.. მაგრამ ჩემი არსება არ უგდებს ყურს ჩემ საღ გონებას. სხვებთან ერთად, დამხობილი ვქვითინებ. სხვებთან ერთად, სასოწარკვეთილი ვეკითხები ცას და ქვეყანას: – რა გვეშველება უსტალინოდ?

იმ წუთს ამ ნატანჯ, ნაგვემ, მშიერ-მწყურვალ, გაძვალტყავებულ ტუსაღთა შორის არ იყო კაცი, რომლის გონებას ანათებდა იმედის ნაპერწკალი: – დიქტატორი აღარ არის. მოვიდა თავისუფლება!.. არა, არ იყო. უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, ობლად დარჩენილი უსუსური ბალღივით გულამოფსკვნილი მდუღარედ, უნუგეშოდ შესტიროდა უსასრულო ტაიგას“. ასეთი იყო ლეგენდის ძალა, ასკვნის ბატონი აკ. ბაქრაძე. ერთ ფილოსოფოსს უთქვამს – მონობას მიჩვეული ხალხი უარს იტყვის განთავისუფლებაზეო. ასე იყო იმჯერადაც.

გაგეძელება

საქართველო კვლავ პროკრუსტეს ბუნაგში –
ხრუშჩოვიდან გორბაჩოვამდე

29 Responses to “● 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში”

  1. ავტორი ნამდვილად იმსახურებს უდიდეს პატივისცემას ეროვნული სულისკვეთების, პრინციპულობისა და მართალი სიტყვისათვის.

    ლევან ზ. ურუშაძე,
    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
    საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი

    Like

    • zura said

      ლევან ურუშაძე ანგლო-საქსური ოკუპაციის მუზეუმი უნდა ერქვას და არა საბჭოთა ოკუპაციის ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა !! მაგრამ იანკებს ასე არ აწყობს !!

      Like

  2. gigakutaiseli said

    თქვენ გაიხარეთ, ვინც ეს დაწერა.
    ძლივს არ ვნახე ერთი ადამიანი, რომელსაც საღად აზროვნება და ობიექტურად მოვლენების შეფასება-აღქმა იმ დროისა შესძლებია.
    ძაღლი მიაკვდა სტალინს და მის მიმდევრებს სულში. მაგაზე უბოროტესი მტერი ლენგის მერე საქართველოს არ ჰყოლია.
    თუნდაც მეორე მსოფლიო ომში. ყოველთვის მიმაჩნდა და ახლა ათასკეცად ვიტყვი, რომ ეს ომი ჩვენი ომი არ იყო, ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვიყავით. გენოციდის მსხვერპლი, 350 000 კაცი დვკარგეთ. ისიც ვის ომში? ვინც 1921 ცელს დაგვიპყრო. ხოლო სულ რაღაც 19 წელიწადში “სამამულო ომში” გაგვრეკეს.
    მომხრე ვარ 9 მაისი ეროვნულ ტრაგედიის დღედ გამოცხადდეს, ნიშნად იმ გაწირული ხალხის მოსაგონრად, ვინც ამ ომში მხეცურად ჩახოცეს.
    ზოგი ტვინგახვრეტილი კიდე ბელადს და მამას უწოდებდა. რაგა შორს წავიდე, ერთი ჩემი მეზობელი
    მიმტკიცებს რომ—-საბჭოთა კავშირში საქართველომ ფრთები გაშალა, თუ რამე მეცნიერება იყო მაშინ აყვავდა, და თუ ვინმე გამოჩენილი იყო და სახელოვანი, მაგ დროს მოღვაწეობდა-ო
    მეთკი შე უნამუსო, რატო იმაზე არ ფიქრობ რეპრესიების დროს რა ხალხი დახოცეს და გადაასახლეს. გამოჩენილი, ნიჭიერი და აყვავება მაშინ გენახა ის ხალხი–ნაღები საზოგადოება–რომ აქ ყოფილიყო რა მწვერვალებს დაიპყრობდნენთქო.

    მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მოაზროვნეები დღესაც ბევრი არიან ჩვენს ირგვლივ ვინც ამ ტირანს ამართლებენ.

    ამ ნაშრომით (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტორს) კი იმედი ჩამესახა, ჩვენ წარსულს არ ვივიწყებთ.

    Like

  3. a.sanduchadse said

    და ამ წიგნის ავტორს, რომელიც მართლაც იმსახურებს პატივისცემასა და დიდ სიყვარულს, საქართველოს დღევანდელმა ყოფამ მოუსწრაფა სიცოცხლე. 1992 წლის გადატრიალებამ და 2003 წლის შხამიანი ვარდების რევოლუციამ.
    ნათელში ამყოფოს ბატონი მიხეილის სული ღმერთმა!

    Like

  4. shalva said

    danashaulad unda chaitvalos sakartveloshi nostalgia rusebze da rusetze!!!…

    Like

  5. lmmmml said

    baton GIGAKUTAISELS es ar iko piradad sakartvelos omi magram am omchi moxvaze kvela kartveli dasafasebelia da kartvelebs rom kargi vajkazoba gamoechinat memorials veravin daangrevda. mitumetes omis monazileni dxes zozxlebi arian da dafaseba unda da ara imase laparaki rom eg chveni omi ar iko… eg msoflio omi iko,chvenz gvexeboda da chezvla ikneboda erti diktaturis meoreti. ase rom itleris zinnaxmdeg omi namdvilad misasalmebelia da gasaziarebeliz. ES MEORE MSOFLIO OMI IKO.

    Like

    • nikoloz saunidze said

      ჰიტლერს რომ გაემარჯვა ცუდად ვიქნენოდით? არ შეიძლება იმაზე ცუდად გვეცხოვრა ვიდრე საბჭოთა კავშირმა გვაცხოვრა

      Like

  6. irakli said

    sakmaod kargad ari yvelaferi aghwerili da ara mikerdzoebuli kargi nashromia

    Like

  7. nino said

    da dges kvlav ugamen mas dzegls…..

    Like

  8. levani said

    როდის უნდა მოვიშალოთ ქართველებმა ისტორიის ზედაპირული აღწერა არც ეგრე მარტივად იყო საქმე და თუ კარგად ჩავურღმავდებით იმ ეპოქას სხვა ფაქტები და გარემოებები გამოიკვეთება.რაც შეეხება სტალინი რო პირსისხლიანი იყო ეგ პაქტია.ისე ისე იმ დროის დასავლელი მართველების გადაწყვეტილებეზე რატომ არავინ მსჯელობს საქართველოში მიკვირს და გამკვირვებია რამდენი უდანასაულო ადამიანი შეეწირა ხიროსიმასა და ნბაგასაკიში არავის აინტერესებს?ან დიდი ამერიკული დეპრესიის დროს რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა იმ დროს როცა ამერიკელი ბანკირები და მაღალი განცხრომით ცხოვრობდა უბრალოდ კითხვას ვსვამ რატო არ ვფიქრობთ და ვაანალიზებთ აღნიშნულ საკითხებს?

    Like

    • vaxo said

      რა უნდა გაანალიზო ლევან ყველაფერი ცხადია, ზუსტად იმ სსრკ-ს ბრალია რომ ასე ღარიბულად ცხოვრობს ხალხი, ლიტვა, ლატვია და ეტონეთი სსრკ-ს წევრები იყვნენ და ,ისი დაშლის შემდეგ გაწევრიანდნენ ევროკავშირში და რა წინსვლა მოუტანა მათ ამან ნახე. ზუსტად შენნაირად რო ფიქრობს ბევრი ამიტომ ვერ მიგვიღო ევროკავშირმა.

      რამდენი წლის ხარ ლევან?

      მე 14 წლის

      Like

  9. levani said

    დღეს რომ მსოფლიოში ყოველდღიურად შიმშილით 20 ათასი ბავშვი იღუპება რა არის ამის მიზეზი?

    Like

  10. Teona said

    rogor minda, es nashromi kvela kartvelma caikitxos da gaigos vis edsaxian belads da udgamen dseglebs.

    Like

  11. miriani said

    ძაღლიც მოგაკვდეთ სულშიც და ღორიც რამდენი სიტყვაცაა იმდენი ბინძური სისულელეა,

    Like

    • nikoloz saunidze said

      იცი რა შენ თუ არ გიცხოვრია იმ დროს და არ იცი ეგ შენი პრობლემაა ხალხი მონებად რომ ჰყავდათ ქცეული ეგ არაფერი? მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა სტალინის სისხლის წყურვილის გამო. სტლინი ნაგავი იყო ქართველების მტერი , მსოფლიოს მტერი მიკვირს რaტომ არ გინდათ ამის დანახვა.sad

      Like

      • შოთა ლაზარე said

        მონები ეხლა ხართ თქვე უბედურებო,, ცოლშვილი რომ ვერ შეგინახიათ და ქართველ ქალებს უგზავნით მსოფლიოს ყველა კუთხეში მონებათა თუ მეძავებად! სად იყო რევოლუცია როცა სოცია,იზმს შეწირულმა მიხეილ ჯავახიშვილმა ძმას ძმა მოაკვლევინა და მაიორმა ორლოვმა დატუქსაკიდეც სულხანი. თუ მეფე გიბრძანებს მშობლებიც უნდა დახოცოვო. გინდაც შახაბასმა კოსტალა რომ გამოგზავნა მამისა და ძმის მოსაკლავად. არაგვისა და ქსნის ერისთავები ხომ როგორც სხვა თავადები სულ ერთმანეთსა ჟუჟავდნენ. კახეთის მეფემ რომ თბილისი დალაშქრა დედოფლის ნიფხავი აფრიალა როცა სიძემ ქართლის მეფემ ძლივას გაასწრო ცოცხალმა. ყმაგლეხებს ხმ ადამიანებად არა თვლიდნენ და გაყიდვას ვინა ჩივის ქორ – მეძებრებში ცვლიდნენ. დიადი სტალინი სწორედაც რომ მესია იყო. სწორედ მისგან შექმნილ ქვეყანაში იგრძნო ყმა გლეხობამ ადამიანებად თავი, ანუ უმრავლესობამ!

        Like

    • ika said

      martlac dzaglo!

      Like

  12. ლევანი said

    ერთი კითხვა მაქ ზოგადად რაც მაწუხებს: ეხლა რო თბილისში კორპუსებს უყურებთ და არა ხუხულებს და მიწურებს ვინ ჩაუყარა საფუძველი, წერა-კითხვა რომ თითქმის ყველამ ისწავლა ვისი დამსახურებაა?
    ავტორო შენ ურა პატრიოტი ხარ, ერთი ბეწო ზომიერება არ გაგაჩნია და არ გინდა სხვისი სიმართლეც დაინახო

    Like

    • nikoloz saunidze said

      ძალიან მაინტერესებს სტალინმა ქართველებისთვის რა გააკეთა გარდა იმისა რომ ეს ერთი ბეწო ერი უფრო დაგვამცირა . წერა კითვა რომ ვიცით ეს ილიას დამსახურებაა და არა სტალინის მან მხოლოდ უბედურება მოგვიტანა.

      Like

    • vaxo said

      levani daukvirdi ras ambob me 14 wlis var da vici vin shemogvinaxa wera-kitxva es ilia iyo stalini ki ara. jer ratom unda mistiro stalins, waikitxe ssrk-ze istoria da gaigeb.

      Like

  13. luka said

    ეხლა არა ახლა :დ

    Like

  14. ნიკოლოზ said

    აქ აღწერილია ბებიაჩემის გოშნიაშვილების გადასახლების ფაქტი და ასეთი ერთი არ იყო სამწუხაროდ!

    Like

  15. gio said

    საბჭოთა კავშირს მისტირიან იმიტომ რო იპარავდნენ ყველა ყველაფერს 70 მანეთი ქონდათ ხელფასები და არც იღებდნენ და გულოობდნენ მოსკოვში საქეიფოდ დადიოდნენ,,,ერთმა მითხრა კარგი იყოს სსრო და მე ვუთხარი თუ კაი იყო ეხლა რატო გყავს გერმანული მანქანა რუსული ახალი არ არისო საწყლად მიპასუხა მიხვდა თავის ბრიყობას,,,

    Like

  16. საბჭოთა კავშირს მისტირიან იმიტომ რო იპარავდნენ ყველა ყველაფერს 70 მანეთი ქონდათ ხელფასები და არც იღებდნენ და გულოობდნენ მოსკოვში საქეიფოდ დადიოდნენ,,,ერთმა მითხრა კარგი იყოს სსრო და მე ვუთხარი თუ კაი იყო ეხლა რატო გყავს გერმანული მანქანა რუსული ახალი არ არისო საწყლად მიპასუხა მიხვდა თავის ბრიყობას,,,

    Like

  17. დავით ჯანყარაშვილი said

    წერილის ავტორს ნამდვილად სწორად აქვს გაკეთებული ისტორიული ანალიზი; ჩვენდა საუბედუროდ, ქართველ ტვინნაღრძობთა ჯგუფს “ძია სტალინის სიყვარულსა და ერთგულებას” ვერაფერი მოუშლის! მაგალითად: დღესაც კი გორის ახლომახლო რაიონებსა და სოფლებში, ნებისმიერ, ჭირისა თუ ლხინის სუფრაზე, მესამე – მეოთხე სადღეგრძელო სტალინს ეძღვნება! თუ ვინმემ უკმაყოფილება გამოთქვა, ვაი მისი ბრალი! სამწუხაროდ, ქართველთა უმეტესობამ არ იცის საკუთარი ქვეყნის ნამდვილი ისტორია! ესეც ძია სტალინის დამსახურებაა! ჩვენ, ქართველები, ყველაფერში მაგრები ვართ, გარდა ქართულ კაცურკაცობისა!

    Like

  18. ზვიადი said

    მადლობა ავტორს

    Like

  19. თამარი said

    უღრმესი პატივისცემა ამ სტატიის ავტორს ! კიდევ ერთხელ ათასმაგად შემძგდა სისხლისმსმელი სტალინი…ჩემს ბაბუას, რომელსაც ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა, 1937 წელს, 36 წლის ასაკში დაატოვებინეს ოჯახი – მშობლები, მეუღლე, სამი შვილი და გადაასახლეს არც კი ვიცით სად… იქვე დაუხვრეტიათ…. ვკითხულობდი სტატიის კომენტარებს და რა სამწუხაროა, რომ კიდევ ბევრი ბნელი გონების ადამიანები გვყავს..ეს იცით რომელი კასტაა??— ის ეპოქა რომ დაბრუნდეს და მათ ხელში იარაღი აღმოჩნდეს, იგივეს გაიმეორებენ, მოკლავენ, დააბეზღებენ, გაწირავენ, ჩაქოლავენ დედებს, მამებს, ძმებს, მეზობლებს…არაფრის გამო….მაგრამ, იმედი მაქვს, მოვა თაობა , რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს ! ნათელი დაადგეს ამ სტატიის ავტორს იმქვეყნად !!!

    Like

  20. ika said

    es werili saqartvelos yvela gazet-jurnals gadaecit dasabechdat da skolebshi da saswavleblebshi gaashuket, ak aravis esmis. amaze sashinelebebi stalinze mec vici. cota akrgtan ertad.

    Like

  21. ??? said

    აფსურდია! თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე 2-ივე მხარე სწორი ხართ. მე მხოლოდ 13 წლის ვარ და ის ვიცი რომ სტალინს კარგიც და ცუდიც გაუკეთებია მაგრამ ამას გახმოვანება არ უნდა! რაც აქ არის დაწერილი აქ დარჩეს 😉

    Like

დატოვე კომენტარი