Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● საქართველო კვლავ პროკრუსტეს ბუნაგში – ხრუშჩოვიდან გორბაჩოვამდე

მიხეილ მჭედლიშვილი

საქართველო კვლავ პროკრუსტეს ბუნაგში – ხრუშჩოვიდან გორბაჩოვამდე

მას შემდეგ, რაც სტალინი გარდაიცვალა, ხოლო სულ მალე ბერიაც ზედ მიაყოლეს, კრემლში ხრუშჩოვი გაბელადდა. მისი მმართველობა აღინიშნა რეჟიმის ერთგვარი შერბილებით. ყოველ შემთხვევაში, სხვაგვარად მოაზროვნეებს აღარ ხვრეტდნენ. მაგრამ იმის გამო, რომ სტალინი და ბერია ქართული გვარ-სახელებით მოევლინენ რუსეთის საბჭოთა იმპერიას, – და იმის მიუხედავად, რომ პირადად სტალინს საქართველოსათვის ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია, ხოლო რუსეთის იმპერია ძლიერების ზენიტში აიყვანა, ბატონი ნიკიტა მაინც, რუსული შოვინისტური ბუნებიდან გამომდინარე, უკიდურესი მტრობით განეწყო მთელი ქართველი ერის მიმართ. მისი მიბაძვით, რუსულ საზოგადოებაში გაჩაღდა არნახული ანტიქართული ისტერია. თუკი, ოდესმე (ძირითადად საბჭოთა პერიოდში) რაიმე უბედურება თავს დასტეხია რუსეთს, ყველაფერი დაბრალდა სტალინსა და ბერიას.

იმ აზრის შესაქმნელად, რომ თვით კომუნისტური სისტემა დიადი და საამურია, მაგრამ ყველაფერი სტალინმა გააფუჭაო, – ასევე, იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყნის სათავეში ეროვნებით რუსი რომ ყოფილიყო, ამდენი უსამართლობა არ დატრიალდებოდაო, დაიწყეს არა მარტო ლენინის, როგორც რუსის, უზომო ქება-დიდება, არამედ იმ აბსურდის მტკიცებაც, რომ თითქოს ლენინის მმართველობის დროს ჭიანჭველაც არ გასრესილა და რომ იგი იყო უდიდესი დემოკრატი, – და ეს მაშინ, როცა ფაქტობრივად ლენინი იყო ყველა ბოროტების სათავე – გაუსამართლებლად ასეულ ათასობით ადამიანის დამხვრეტიც (იგი მოითხოვდა საჩვენებელი დახვრეტების მოწყობას ხალხის დასაშინებლად) და მასიური საპატიმრო ბანაკების პირველი დამფუძნებელიც კაცობრიობის ისტორიაში. ამ მხრივ იგი წინ უსწრებს სტალინსაც და ჰიტლერსაც.

 ერთი სიტყვით, ხრუშჩოვმა ისე გააშიშვლა რუსული დიდმპყრობელური შოვინიზმი, რომ მან კურიოზული ხასიათი მიიღო – ერთის მხრივ ებრძოდნენ და ძირკვავდნენ სტალინს, როგორც არარუსს, პიროვნების კულტის ბრალდებით, ხოლო პარალელურად, ლენინი, როგორც რუსი, აჰყავდათ ღმერთის რანგში.

უფრო მეტიც, ხრუშჩოვი, რომელიც გმობდა სტალინის დიქტატორობას, თვით გადაიქცა იგივე დიქტატორად. ამასთან, ქვეყანა მან უარეს ჩიხში მოაქცია, ყოვლად გაუაზრებელი და ზედაპირული ხასიათის რეფორმების გატარებით. არც მას, არც მის წინამორბედებს, და არც მომდევნო ლიდერებს არ ესმოდათ, ან არ სურდათ გაგეოთ, რომ ქვეყანაში არსებული პერმანენტული კრიზისი გამოწვეული იყო ანტიხალხური წესწყობილებით, და თუ იგი არ შეიცვლებოდა, არაფერიც არ ეშველებოდა ქვეყანას. მაგალითად, მალენკოვმა ეკონომიკური აღმავლობის საფუძვლად „კვადრატულ-ბუდობრივი“ თესვა მიიჩნია. ხრუშჩოვი კი იმდენად მოიხიბლა

196

 ამერიკაში მოგზაურობის დროს სიმინდის უხვმოსავლიანობითა და მისი მრავალმხრივი კულინარული პროდუქტიულობით, რომ საქართველოში ჩამოსული, კახელ გლეხებს ურჩევდა – გაკაფეთ ვენახები და მის ნაცვლად სიმინდი დათესეთო.

ბატონმა ნიკიტამ მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო. ბევრგან მისი ქუჩის ბიჭური ქმედებები (გაეროს ტრიბუნაზე მყოფმა ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე ურტყამდა – მომისმინეთო!) და ასევე, არასერიოზული სიტყვიერი გამოსვლები, სახელს უტეხდა მსოფლიოს თვალში რუსეთის საბჭოთა იმპერიას.

ასევე, აბსურდული იყო ბატონი ნიკიტას ქმედებები ქვეყნის შიგნითაც. მაგალითად, 1963 წლის მოუსავლიანობის დროს, როცა ქვეყანა ისეთ კრიზისში მოექცა, რომ ისტორიულად მარცვლეულის ექსპორტიორი რუსეთი იძულებული გახდა ეს აუცილებელი პროდუქტი ამერიკიდან შემოტანა და ხალხს „კორმის“ მაგვარ პურს აჭმევდნენ, ბატონმა ნიკიტამ მსოფლიოს ამცნო: 1980 წლისათვის საბჭოთა ხალხი კომუნიზმში იცხოვრებსო!

მეტის ატანა აღარ შეიძლებოდა. მომწიფდა შეთქმულება. იმ დროს, როცა ნიკიტა ხრუშჩოვი ბიჭვინთის აგარაკზე ლაღობდა, მოსკოვში, მისგან დამოუკიდებლად, მოწვეულ იქნა ცეკას პლენუმი ბრეჟნევის თაოსნობით, ნიკიტას გადასაყენებლად. იგი აგარაკიდან გამოიძახეს და პლენუმის გადაწყვეტილება ამცნეს. გახელისუფლდა ლეონიდ ბრეჟნევი. ეს მოხდა 1964 წლის 14 ოქტომბერს.

ახლა გადავხედოთ, რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში. ჯერ კიდევ სტალინმა, სიცოცხლის ბოლო ჟამს, ასეთი სახის ორგანიზაციული ცვლილება მოახდინა საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში: ტახტიდან გადააყენა 1938-წლიდან ცეკას მდივნის სავარძელში დაობებული კ. ჩარკვიანი და მის ნაცვლად დასვა ნაპიონარ-ნაკომკავშირალი აქტივისტი ა. მგელაძე. ჩარკვიანი გახლდათ კომუნისტური სისტემისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატის კლასიკური განსახიერება. ქართველი საზოგადოებრიობის წინაშე მან თავი გაიპამპულა დიდი ქართველი პოეტის – ვაჟა-ფშაველას ყოვლად უსაფუძვლო კრიტიკით. მოგეხსენებათ, სტალინს ყველგან და ყველაფერში კლასები და კლასობრივი ჩაგვრა ელანდებოდა, – ადამიანთა ყოფის ყოველ კომპონენტს კლასობრივის მნიშვნელობას ანიჭებდა. მან თავის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც ენათმეცნიერებას შეეხებოდა, ენა მიიჩნია კლასობრივი ჩაგვრის იარაღად, რასაც მოჰყვა ენის სიწმინდისათვის ბრძოლის კამპანია.

ჰოდა, ნათქვამი რომაა – კუმ ფეხი გამოყო და მეც ნახირ-ნახირო, ბატონმა ჩარკვიანმა თავისი გამოჩენა მოინდომა ვაჟა-ფშაველას გაკრიტიკებით – მის ნაწარმოებებში ფშავური კილო-კავის ხმარებისათვის. კომუნისტ-ფუნქციონერს არ ესმოდა, რომ ვაჟას ნაწარმოებთა ფშავური კილო ისევე, როგორც ალექსანდრე ყაზბეგის მოხევური კილო და ეგნატე ნინოშვილის გურული კილო-კავი, არათუ აკნინებს რაიმეთი ნაწარმოებებს, პირიქით, იგი ანიჭებს უდიდეს სულიერ შთამბეჭდაობას.

197

  ახლა, რაც შეეხება ჩარკვიანის შემცვლელ მგელაძეს. ეს იყო კომკავშირული სტილის ურა-კომუნისტი, რომელსაც ფანატიკურად სწამდა კომუნისტური სისტემის სიკეთისა – და, თუ პირიქით, სიღარიბე, გამომძალველობა, სახელმწიფო ქონების დატაცება და მექრთამეობა სუფევდა ქვეყანაში, ამას იგი ცუდ ხელმძღვანელობას აბრალებდა, რომელიც არ იცავდა კომუნისტურ „მართლწესრიგს“. ხოლო, როგორც-კი მისი თაოსნობით აღდგებოდა ქვეყანაში კანონიერება და წესრიგი, თხა დ ამგელი ერთად მოძოვდა და ასევე, ადამიანებისათვის საჭირო ყველა სახის პროდუქტი ღვარივით დაიწყებდა დენას.

ამ იმედით, მგელაძემ დაიწყო მოხსნა-დანიშვნების და დაპატიმრებების ფართო კამპანია, მაგრამ არ დასცალდა, თავადვე ეხილა თავისივე ექსპერიმენტების აბსურდულობა – მოსკოვიდან ჩამოსულმა ბერიამ იგი მოხსნა და მის ადგილზე დანიშნა ალექსანდრე მირცხულავა. თუმცა, მისი დღე კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. ბერიას დამხობის შემდეგ ბატონმა ნიკიტამ უკრაინის არმიაში გამოძებნა თავისი მახლობელი – გენერალი ვასილ მჟავანაძე და იგი დასვა საქართველოს ცეკას მდივნის პოსტზე.

შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ვასილი, სხვა ცეკას მდივნებთან შედარებით, არ იყო ბოროტი კაცი. ის, არც კარიერით ყოფილა დაავადებული, როგორც ეს ითქმის მის წინამორბედ მგელაძეზე და მითუმეტეს მომავალ მემკვიდრეზე – ედუარდ ამბროსევიჩზე. უყვარდა ქეიფი, ნადირობა, დროსტარება. ლუკმა-პურის ძიებაში, არც ხალხს ზღუდავდა. აძლევდა ხალხს გასაქანს – ეცხოვრათ, ვისაც როგორ შეეძლო. სამწუხაროდ, ვასილ მჟავანაძის ცეკას მდივნობას დაემთხვა 1956 წლის 9-მარტის სისხლისღვრა.

სამწუხაროდო ვამბობთ, რადგან იგი სულაც არ ყოფილა ამ ტრაგედიის თაოსანი. მანიფესტაციის დარბევა ხრუშჩოვის განკარგულებით მოაწყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ ისე, რომ მჟავანაძისათვის არც უკითხავთ.

მისი ცეკას მდივნობის ბოლო ჟამს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაწინაურდა ყოფილი კომკავშირელი ფუნქციონერი ედუარდ შევარდნაძე. იგი დაუახლოვდა მოსკოვში თავისივე კოლეგა-მინისტრს შჩოლოკოვს, რომელიც თავის მხრივ ახლო დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ბრეჟნევთან.

ბატონმა ედუარდმა – დღევანდელი ჟარგონით რომ ვთქვათ, დაიწყო ამ კაცთან მჟავანაძის „ჩაშვება“, ანუ იმის მტკიცება, რომ საქართველოში საკავშირო გეგმის შეუსრულებლობა და იქ გამეფებული კორუფცია და სხვა მანკიერებანი, რაც სავსებით უცხოა „დიადი საბჭოთა სისტემისათვის“, გამოწვეულია მჟავანაძის ბიუროკრატიული ხელმძღვანელობით, მისი უყურადღებობით, სამართალდარღვევებითა და ასე შემდეგო, რითაც იგი მიანიშნებდა მჟავანაძის გადაყენების აუცილებლობაზე და ამ პოსტზე თავის შესაძლო კანდიდატურაზე. ბატონი შჩოლოკოვი კი ყველაფერ ამას ბრეჟნევს ახსენებდა. ასე მომზადდა მოსკოვში მჟავანაძის გადაყენებისა და მის ადგილზე

198

 შევარდნაძის დანიშვნის აქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1972 წლის სექტემბერში.

ბატონი ედუარდი დაეუფლა თუ არა რესპუბლიკის მართვის საჭეს, მგელაძის მსგავსად გააჩაღა დაუნდობელი ბრძოლა აღნიშნულ მანკიერებათა აღმოსაფხვრელად, რაც მისი კომკავშირული ჭკუით წარმოადგენდა „კაპიტალიზმის მიერ დანატოვარ ნაშთებს“. ასეთ ნაშთებად ითვლებოდა, ფაქტობრივად, ბიუროკრატიული კომუნისტური რეჟიმის მიერ შობილი – ქურდობა-მექრთამეობა, ყალბისმქნელობა, სახელმწიფო ქონების დატაცება, ცრუ ციფრობრივი მაჩვენებლებით გეგმის შესრულება, ქვეყანაში შექმნილი განუკითხაობა და ყოველგვარი მანკიერება, რაც სენივით იყო მოდებული ცხოვრების ყოველ სფეროში.

ბატონი ედუარდი კი, მიამიტი მასის წინაშე, პირადი პოპულარობის მოსაპოვებლად, შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ კომუნისტური რეჟიმი არის ყოველ წესწყობილებაზე უკეთესი ცხოვრების წესი, მაგრამ თუ იგი არ ხორციელდება პრაქტიკულად, ამის მიზეზი ადგილებზე კანონდარღვევა გახლავთო. ჰოდა, როგორც-კი დავიჭერთ და ციხეებში ჩავყრით რეჟიმის დამრღვევ დამნაშავეებს, არსებული საბჭოთა ხელფასიც გეყოფათ საცხოვრებლად და კაი სამართლებრივ სახელმწიფოსაც აგიშენებთო. ხალხსაც მეტი რა უნდოდა, იფიქრეს – ეგ არი და გვეშველაო – და ბევრს, ამ ცრუ დაპირებების ლოდინში ამოძვრათ სული.

ბატონმა ედუარდმა უპირველესი იერიში მიიტანა „კაპიტალიზმის ისეთ ნაშთზე“, თვით კაპიტალისტებს არასდროს წარმოდგენაც რომ არ ჰქონიათ, და არც არასდროს ექნებათ. ეს გახლდათ ეგრეთწოდებული „ყალბი გაწერები“, ანუ ქაღალდზე შესრულებული საწარმოო მაჩვენებლები, რასაც ადგილი ჰქონდა მთელს საბჭოთა იმპერიაში და რაც გამოწვეული იყო ობიექტურად შექმნილი მდგომარეობით.

 აი, ფაქტობრივად, რა იყო ამ სიყალბის არსი: საკავშირო მთავრობა რესპუბლიკებს, ხოლო რესპუბლიკების ხელმძღვანელობა კი რაიონის ხელმძღვანელებს ავალდებულებდა დაემზადებინა იმ რაოდენობის ამა თუ იმ სახის პროდუქცია, რაც მის შესაძლებლობას დიდათ აღემატებოდა. უფრო მეტიც, რაიონებს აწერდნენ გადასახდელად ხორცისა და რძის პროდუქტებს, როცა სულაც არ გააჩნდათ ამ დარგის წარმოებისათვის საჭირო სავარგულები. ამიტომ, რაიონის ხელმძღვანელები, ზემდგომთა რისხვის თავიდან ასაცილებლად, ბაზრებში ყიდულობდნენ აღნიშნულ პროდუქტებს და ისე ასრულებდნენ გეგმებს, ანდა გეგმის შესრულების ყალბ მაჩვენებლებს უდგენდნენ.

აი, ასეთი ფაქტები წაუყენა დანაშაულებრივ ბრალდებად ბატონმა ედუარდმა რაიკომის მდივნებს და მთელს რესპუბლიკაში ყველა დახსნა თანამდებობებიდან. მათ ნაცვლად კი თავისი სანდო ძმაკაცები დააწინაურა, რითაც ცხადია, არც კორუფცია მომსპარა, არც სიყალბე, არც კანონ-სამართალი დამყარებულა ქვეყანაში და არც ხალხს მიუღია ცხოვრების რაიმე შეღავათი. ბატონმა ედუარდმა კომუნისტური „წესრიგის“ დამრღვევებს მარტო

199

 სამსახურიდან გაძევება როდი აკმარა. თავისი მოსკოველი შეფების საამებლად – იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი ქვეყნის ხალხი ფეხებზე მკიდია და თქვენი ერთგული ყმა ვარო, ციხეები ქართველი „სამართალდამრღვევებით“ გაავსო. მოსკოვი საქართველოში მიმდინარე შევარდნაძის შოუ-რეპრესიებს დიდი რეკლამებით მიესალმებოდა.

როგორც აღინიშნა, ბატონი ედუარდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თავისი მოსკოველი შეფების წინაშე, მჟავანაძეს იმაში სდებდა ბრალს, რომ გეგმებს ვერ გისრულებთო. ჰოდა, ახლა, როცა თვითონ გახდა ცეკას მდივანი, ხომ უნდა შეესრულებინა იგი წარმატებით. ამ გზით იგი სახელს მოიხვეჭდა მოსკოველი პატრონების წინაშე, ეგ ხომ ერთი, – ამის გარდა, ისეთი მაღალი ჯილდოს მიღების სურვილიც უღრღნიდა გულს, როგორიც გახლდათ იმ დროს „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდება. მოგეხსენებათ, რუსებს იმაზე უფრო მეტად ვერაფრით ასიამოვნებ, ვიდრე გახლავთ ღვინო-არაყი.

ჰოდა, ბატონმა ედუარდმაც აქეთ აიღო კურსი. გადაწყვიტა, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ღვინო-არაყი დაემზადებინა საქართველოში და გაეგზავნა იგი რუსეთისათვის. ამ მიზნით, მან პირდაპირ ვაგონებით შეაზიდვინა მარნებში შაქარი. უფრო მეტიც, სიღნაღის რაიონში ვეებერთელა ფართობებზე წითელი ჭარხალი დაათესვინა „საფერავი ღვინის“ დასამზადებლად. აი, ასე დაამზადეს „ქართული ღვინის“ რეკორდული რაოდენობა და გაგზავნეს რუსეთში. მათ კი ამ ღვინოების ნაწილი ევროპის ქვეყნებშიც გააგზავნეს, იქიდან ვალუტის მისაღებად. ამ გზით ბატონმა ედუარდმა ქებაც დაიმსახურა კრემლიდან და „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდებაც. რაც შეეხება ღვინოს, რუსები კი აბა, რას დაიწუნებდნენ, მაგრამ ევროპელებმა იგი კარგად გასინჯეს, მისი ფალსიფიცირებაც დაადგინეს და უკანვე დაუბრუნეს რუსეთს. მოსკოვმა ეს სამწუხარო ფაქტი ამბროსევიჩს აცნობა, ხოლო მან, ვითომ მე არაფერი ვიცოდიო, ღვინის დამამზადებლები ციხეებში ჩაყარა – როგორ შემარცხვინეთ, ეს რა გიქნიათო! ჰო, მაგრამ სად ჰქონდათ მარნებს შაქარი, თუ მათ მთავრობა არ მოამარაგებდათ? მაშ რა გამოდის?

 გამოდის ის, რომ ფალსიფიკაციის თაოსანიც ბატონი ედუარდი ბრძანდებოდა და ბოროტებისაც, ამდენი უდანაშაულო ხალხი რომ ციხეებში ჩაყარა თავისი კარიერისტული ვნებების დაკმაყოფილებისათვის.

ახლა, ვიდრე ჩვენს თემას გავაგრძელებდეთ, მინდა შევახსენო მკითხველს: მას შემდეგ, რაც რუსეთმა კომუნისტურ მოძღვრებაზე დაყრდნობით შექმნა განახლებული, რუსულ-საბჭოური იმპერია, ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ მასში იძულებით შეყვანილი „მოკავშირე რესპუბლიკები“ და მათ შორის საქართველოც, სულ მუდამ მისი კუთვნილება იქნებოდა.

ამ მიზნით, ბოლო დროს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეგრეთწოდებული „საბჭოთა კავშირი“ გარდაქმნილიყო რუსულ უნიტარულ სახელმწიფოდ, რუსული ენითა და ზნე-ხასიათით. აქედან გამომდინარე,

200

 რამდენადაც კრემლის ლიდერობას ამ რესპუბლიკათა მიწა-წყალი მაინც თავისად მიაჩნდა, ფიქრადაც არ მოსდიოდა დაერღვია მისი ტერიტორიული მთლიანობა და ნაწილი მისი მიწა-წყლისა თავისი ქვეყნისათვის მიეერთებინა, ეთნოკომფლიქტები გაეჩაღებინა ან ეკონომიურად შეევიწროებინა ისინი.

ამისი აღნიშვნა იმისათვის დამჭირდა, რომ ბატონი ედუარდი, იმის მიუხედავად, რომ მაშინაც გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ თავისი ანტიქართული განწყობილებით, რაც რუსის შოვინისტებსაც აწყობდათ, იგი მაინც სხვა მხრივ ერთგვარად შეზღუდული იყო მოსკოვის ხელისუფლების მიერ აშკარად ეწარმოებინა ქართველთა სამტრო საქმე – ტერიტორიების გასხვისება და სხვა.

თუმცა, ბატონმა ედუარდმა, თავისი ცეკას მდივნობის დროს, მაინც შესძლო არცთუ ცოტა ანტიქართული საქმის კეთება კრემლის საამებლად, რათა თავისი ამ კურსის ჩვენებით უმაღლესი ნდობა მოეპოვებინა რუსი იმპერიალისტების წინაშე და ამ გზით ახლა თვით კრემლის მმართველ იერარქიაში შეეღწია.

ზემოთ, როცა სტალინის თემაზე გვქონდა საუბარი, აღვნიშნეთ, რომ სტალინს, როგორც ულმობელ ტირანს, კაცობრიობის ისტორიაში პროტოტიპი არ ჰყავდა, რადგან სხვა ტირანთაგან განსხვავებით, იგი უპირველესად თავის მრავალტანჯულ სამშობლოს აღუდგა მტრად და ყველაფერი გააკეთა მის დასასამარებლად. და აი, ასეთი პროტოტიპი სტალინს ისევ საქართველოში გამოუჩნდა შევარდნაძის სახით, როგორც თავისი წარმომშობი ერის მოძულე და მტერი. მივყვეთ თემას თანმიმდევრობით და ეს ყოველივე დადასტურდება ფაქტების ჩვენებით. დავიწყოთ ცეკას მდივნობის დროს გამოვლენილი მისი ანტიქართველობით:

1. ბატონი ედუარდი ჩაჯდა თუ არა რესპუბლიკის დიქტატორის სავარძელში, რასაც მაშინ ცეკას მდივნის პოსტი შეიცავდა, თავისი მოსკოველი შეფების საამებლად, უპირველეს მიზნად დაისახა, იმპერიის მასშტაბით, საქართველო პირველი გადაექცია საექსპერიმენტო ბაზად, სადაც „ერების შერწყმის“ კომუნისტური თეორიის თანახმად, მიღებული იქნებოდა უეროვნებო ჰიბრიდი, რომელიც შემდგომში, მისი აზრით, მთელი არარუსი ხალხის ასიმილაციის სამოქმედო ნიმუშად უნდა გადაქცეულიყო.

ამ მიზნით, ბატონმა ედუარდმა გზა გაუხსნა საქართველოში ყველა ჯურის გადამთიელს, ხოლო პარალელურად, როგორც მმართველობის სისტემიდან, ასევე უკლებლივ, ყოველი წარმოება-დაწესებულებიდან გამოდევნა ქართული ენა და რუსული დაამკვიდრა.

 მის დროსვე ჩაეყარა საფუძველი ეგრეთწოდებული „ინტერნაციონალისტური აღზრდის“ საბაბით „კადრების გაცვლის“ ექსპერიმენტსაც, რომლის მიხედვითაც უმაღლესდამთავრებული ქართველი ახალგაზრდობა სამუშაოდ ნაწილდებოდა რუსეთში და იქ ინთქმებოდა რუსულ უკიდეგანო მორევში, ხოლო აქაურ სამსახურებში რუსული კადრი შემოჰყავდათ, რაც ქართველთა გარუსების წყარო ხდებოდა, რადგან ათასკაციან საწარმოში ორი რუსიც რომ ყოფილიყო, ლექცია-მოხსენებები და თვით მმართველობაც რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რადგან იმ ორმა რუსმა ქართული ენა არ იცოდა.

ამ ექსპერიმენტების ავტორი ბატონი ედუარდი, ცხადია, უპირველესად, თავის კარიერისტული ვნებების დაკმაყოფილებაზე ოცნებობდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ თავისი ერისა და ქვეყნის გამწირველ კაცს დაუჯილდოებელს არ დატოვებდნენ რუსი ასიმილატორები და კრემლის მმართველ იერარქიაში საპატიო ადგილს მიუჩენდნენ.

2. ბატონმა ედუარდმა თავისი ანტიქართველობა იმითაც გამოავლინა, როცა ქართველთაგან დაგმობილი ორჯონიკიძის კვლავ აღზევებას შეეცადა და თავისი ამ სულიერი წინაპრის ძეგლი წამოგვიჭიმა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრში.

ამას უნდა დაემატოს ბატონი ედუარდის თაოსნობით განხორციელებული კიდევ ერთი ასეთი მკრეხელური ფაქტი, რომლის მხილველი ადამიანები დღესაც ვერ მალავენ თავიანთ განცვიფრებას. მოგეხსენებათ, ყოველ რუსზე უფრო მეტი რუსი – პეტრე ბაგრატიონი ბოროდინოს ბრძოლას შეეწირა. შოვინისტმა რუსებმა კი ამაგი იმით გადაუხადეს, რომ მართალია პეტრე ბაგრატიონი სულით რუსი კი იყო, მაგრამ, რამდენადაც გვარი ქართველური ჰქონდა შერჩენილი, საფლავიდან ამოყარეს მისი ძვლები და ვითარცა ცრუ-დიმიტრი, იქიდან სადღაც მოისროლეს. ბატონმა ედუარდმა კი, რუსთა საამებლად, მისი ძეგლი დაამზადებინა მაშინდელ ლენინგრადში და რუსთაგან გამოძევებულ პეტრეს ძეგლი საქართველოში ჩამოგვიტანა და დაგვიდგა ერეკლეს ნაომარ კრწანისში.

მე პირადად, ბევრი ვიფიქრე ამ ანომალიაზე და ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივედი: ზემოთ რომ აღვნიშნეთ, მასების ინტერნაციონალური აღზრდის მიზნით, ბატონი ედუარდი ქართველ კადრს რუსეთში აგზავნიდა სამუშაოდ, ხოლო აქ რუსები ჩამოჰყავდა-მეთქი, – ამას კადრების გაცვლა ეწოდებოდა. ჰოდა, ალბათ, იგივე ინტერნაციონალური გაგებით, ბატონი ედუარდი ძეგლების გაცვლასაც ითვალისწინებდა, ანუ ბოროდინოსთან მებრძოლი პეტრე ბაგრატიონის ძეგლი რომ კრწანისში დაგვიდგა, სამაგიეროდ, კრწანისში მებრძოლი ერეკლეს ძეგლის დადგმას, ალბათ, ბოროდინოს ველზე აპირებდა, მაგრამ ამ „დიდებული ჩანაფიქრის“ განხორციელება რატომღაც ვეღარ მოხერხდა. არადა, ამ ძეგლის შემხედვარე ხალხი გაკვირვებული კითხულობს: ბოროდინოსთან მეომარი პეტრე ბაგრატიონი, ნეტა აქ ხმალს ვის უღერებსო?!

3. ქართველთმოძულე, მაგრამ, სამაგიეროდ ოსთმოყვარე შევარდნაძემ, ასევე ცეკას მდივნობის დროს, საფუძველი ჩაუყარა ზემო ქართლის ანუ ისტორიული დვალეთის გასხვისებას – ჩრდილოელ ოსებთან აქ მოსახლე ოსების შემაერთებელი როკის გვირაბის გაყვანით. მათი კიდევ უფრო მჭიდრო ერთიანობისათვის მოსკოვიდან სარკინიგზო ხაზის გაყვანასაც შეეცადა, მაგრამ, უკვე დაწყებული მშენებლობა ზვიად გამსახურდიამ ჩაუშალა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით.

4. 1978 წელს, საბჭოთა კავშირის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბატონმა ედუარდმა ყველაფერი გააკეთა კრემლის საამებლად, რათა ქართული ენისათვის ჩამოერთმია სახელმწიფო ენის ფუნქცია და ეს ენა გაეთანაბრებინა საქართველოში შემოხიზნულ ნაცუმცირესობათა ენებთან – თათრულთან, სომხურთან, ოსურთან, აფსუურთან და ასე შემდეგ.

მისივე ძალისხმევით, ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ვანდალურ წინადადებას მხარი დაუჭირა ცეკას სხდომაზე მოწვეულმა ჩვენმა ლაქია მწერლობამაც, გარდა აკაკი ბაქრაძისა. სხდომის დამთავრებისას, შედეგით კმაყოფილმა შევარდნაძემ ასე მიმართა თავის ერთგულ „წითელ მწერლოაბს“: „აქედან რომ გახვალთ, ერთადერთ მოწინააღმდეგე ბაქრაძეს ქვები არ ესროლოთო!

თუმცა, ბატონმა ამბროსევიჩმა თავისას მაინც ვერ მიაღწია. სტუდენტმა ახალგაზრდობამ, პროფესორ-მასწავლებელთა თანხლებით გამართული გრანდიოზული საპროტესტო მანიფესტაციით აიძულა როგორც საქართველოს, ასევე იმპერიის ხელისუფლება ხელი აეღოთ ამ უბოროტეს გადაწყვეტილებაზე.

5. შევარდნაძის მიერ ჩადენილ ულმობელ ქმედებათა შორის ერთ-ერთ დიდ ცოდვათა რიგს განეკუთვნება – ბოროტების იმპერიიდან საზღვარგარეთ გაღწევის მიზნით თვითმფრინავის გატაცების მცდელობისათვის შესანიშნავი ახალგაზრდების დახვრეტა – მათ შორის ყოვლად უდანაშაულო მღვდელის – თეიმურაზ ჩიხლაძის, რომელიც სულაც არ მჯდარა თვითმფრინავში.

შევარდნაძის მიერ ეს უმოწყალო სისხლის დანთხევა იყო არნახული ბოროტება, რამეთუ უფრო გვიან ადგილი ჰქონდა ჩრდილო კავკასიიდან თვითმფრინავის, არათუ გატაცების მცდელობას, არამედ მის გატაცებას და ისრაელში დასმას, მაგრამ უკან გადმოცემულ ახალგაზრდებს რუსის ხელისუფლებამ მხოლოდ ციხე აკმარა სასჯელად.

მაშ, რიღათი უნდა ავხსნათ შევარდნაძის ასეთი ულმობლობა, თუ არა უსულგულობითა და რუსი იმპერიალისტებისადმი მაამებლობით? შევარდნაძე იმთავითვე იყო და დარჩა რუსეთის ერთგულ ყმად და მსახურად, რადგან სწორედ რუსის იმპერიალისტებმა აღამაღლეს იგი კარიერის უმაღლეს საფეხურებზე და შემდეგაც, ბოლო წუთებამდე რუსული ხიშტი იცავდა მის საპრეზიდენტო სავარძელს. ამიტომ, იგი, როგორც ღმერთისა და საკუთარი ერის უარმყოფელი კონდოტიერი, „ხელებდაკაპიწებული“ (ეს მისი ცნობილი გამოთქმაა) ებრძოდა ქართული ეროვნული ზნეობის დასაყრდენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, და ასევე, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ყველგან, ეკლესიამონასტრებში დაძრწოდნენ შევარდნაძის ჯაშუშები მორწმუნე ახალგაზრდობის გამოსავლინებლად, რასაც თან სდევდა მათ მიმართ მკაცრი რეპრესიები – სამსახურიდან მოხსნა, კომკავშირიდან და პარტიიდან გარიცხვა, საზოგადოებრივი გაკიცხვა და ა. შ. მე თავად მახსოვს სოფლებში, შევარდნაძის ცეკას მდივნობის დროს, საეკლესიო დღესასწაულების დღეებში ეკლესიასთან მისასვლელი გზა

203

 როგორ ჰქონდათ გადაკეტილი სასოფლო საბჭოს მუშაკებს, რომლებიც ეკლესიაში არ უშვებდნენ მორწმუნე ხალხს და ურჩევდნენ, წაეყვანათ თავიანთი ცხვარი და ქათამი და სახლში დაეკლათ. ამგვარ მკრეხელობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ მისი დიქტატორობის წლებში, თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მისი სულიერი წინაპრის – ორჯონიკიძის მმართველობის კიდევ უფრო საშინელ ხანას, როცა ანგრევდნენ საკულტო ნაგებობას და ხატებს ნაგანის ტყვიებით ცხრილავდნენ შეძახილით – აბა, ერთი რამე გვიყოსო!

ბატონი ედუარდი განსაკუთრებული სისასტიკით სდევნიიდა ეროვნულპატრიოტულ გამოვლინებებს, მითუმეტეს, თუ იგი მიმართული იქნებოდა რუსულ-საბჭოური იმპერიიდან საქრთველოს გამოყოფისაკენ. საერთოდ, ბატონი ედუარდი ეროვნული ფენომენისადმი ინდიფერენტულად იყო განწყობილი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ასეთივე განწყობილება დაეთესა ქართველ ხალხშიც. იგი ჯერ კიდევ ცეკას მდივნობის დროს გვიქადაგებდა, რომ ეროვნება „პატრიარქალურტომობრივი“ ხანის გადმონაშთიაო. ბატონი ედუარდის ამ ფრაზაში ჩამალული იყო უდიდესი მზაკვრობა, რადგან მასში როდი იგულისხმებოდა რუსი ერიც, არა, ეს მხოლოდ იმპერიაში შემავალ არარუს ხალხს და მათ შორის ქართველ ერს ეხებოდა.

ბატონი ედუარდი ასეთივე გამონაკლისს უშვებდა რუსული ენის მიმართაც. იგი თავისი მოსკოველი შეფების საამებლად, რუსულ ენას განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებდა იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხის ენებთან მიმართებაში და მისთვის უფრო მეტი წონის მისანიჭებლად ამ ენას მოიხსენიებდა, როგორც „დიდი ლენინის ენას“, რისთვისაც მან რესპუბლიკის თითქმის ყველა რგოლიდან განდევნა ქართული ენა და მის ნაცვლად დაგვიკანონა რუსული ენა. მას „ავიწყდებოდა“, რომ ქართული ენა იყო უფრო მეტი ავტორიტეტის მქონე რუსთაველის ენა, რადგან რუსთაველი იყო მთელი კაცობრიობისათვის მისაღები ჰუმანისტური იდეების მქადაგებელი, ხოლო ლენინი ტირანიის დამფუძნებელი, დიქტატურის იდეოლოგი და საკაცობრიო ჯალათი.

ახლა იბადება კითხვა: ყოველივე, რაც ითქვა შევარდნაძის რუსოფილობაზე, ნიშნავს თუ არა, რომ იგი არის რუსთმოყვარე პატრიოტი? არა, არ ნიშნავს, რადგან ჩვენს სასიქადულო პოეტს – აკაკი წერეთელს რომ დავესესხოთ – ვისაც თავისი მშობელი არ უყვარს, ის ვერც სხას შეიყვარებს, – ვინც პატივს არ სცემს თავის ერს, ის ვერც სხვა ხალხის პატივისმცემელი იქნება. ასე რომ, შევარდნაძე იმდენად „ესიყვარულებოდა“ რუსეთს, რამდენადაც მისი მეშვეობით იკმაყოფილებდა კარიერისტულ ამბიციებს, თორემ იგი სიამოვნებით დაიხურავდა მაჰმადიანის ჩალმასაც, თუკი იგივე თანამდებობრივ ვნებებს სპარსეთი ან თურქეთიც დაუკმაყოფილებდა. თუმცა, შეიძლება ზოგ-ზოგს აღეძრას ასეთი კითხვა: საქართველო ხომ უკმაყოფილებს ბატონ ედუარდს კარიერისტულ სურვილებს – ჯერ ადრე პარტიული დიქტატორი გახლდათ, ახლა კი, აგერ, პრეზიდენტის პოსტზე გვიზის.

204

 მაშ, რატომღა ეპყრობა ასე მტრულად თავის საკუთარ სამშობლოს?

რატომ და იმიტომ, რომ იგი ფართო მასშტაბის კარიერისტია, ხოლო საქართველო მისთვის ვიწრო შემოგარენია. ამიტომ იყო, რომ საქართველო მან მსოფლიოს საქელეხო სუფრად გადააქცია, საიდანაც თითოეულ ქვეყანას გემრიელი ნაჭერი ჩამოუთალა იმის სანაცვლოდ, რომ ამ სუფრაზე დანაყრებულმა ყოველი ქვეყნის მეთაურმა მთელს მსოფლიოში გაახმიანოს ედუარდ შევარდნაძის გვარ-სახელი, როგორც გულუხვი მასპინძლისა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბატონი ედუარდიც თავისი ცეკას მდივნობის დროს განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი, როგორც თავისუფალი აზრისა და სიტყვის მიმართ, ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რაიმე გამოვლინების მიმართაც. არადა, სწორედ მისი ცეკას მდივნობის ბოლო პერიოდში დაიწყო მთელს იმპერიაში და მათ შორის საქართველოშიც ეს ორმხრივი მოძრაობა.

ამას ბიძგი მისცა საბჭოთა იმპერიაში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც საბჭოთა მთავრობა აიძულა დასავლეთისათვის მიემართა ფინანსური დახმარების თხოვნით. საპასუხოდ, ამ დახმარების სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებმა (უპირველესად კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) მას მოსთხოვეს ჰელსინკის გადაწყვეტილების შესრულება – ადამიანის უფლებების დაცვა, სხვაგვარად მოაზროვნეთა დაუსჯელობა და სხვა. საბჭოთა მთავრობა იძულებული შეიქნა ეს წინადადება მიეღო, რის შედეგადაც ოდნავ შერბილდა ადრე მიმდინარე რეპრესიები სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. ამას კი მოჰყვა მანამდე დაგუბებული ფართო სახალხო მოძრაობა შემდეგი მოთხოვნებით: ერთპარტიული, კომუნისტური დიქტატურის დამხობა და დემოკრატიული არჩევნების გზით რესპუბლიკური მმართელობის შემოღება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოძრაობას განსხვავებული შინაარსიც ახლდა ერთის მხრივ, რუსეთში, ხოლო მეორეს მხრივ, მასზე დაქვემდებარებულ რესპუბლიკებში. კერძოდ, რუსი დისიდენტები – ა. სახაროვი და სხვები მოითხოვდნენ მხოლოდ დემოკრატიულ გარდაქმნებს იმპერიის შენარჩუნებით. ქართველი დისიდენტები კი – ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა და სხვები, დემოკრატიზაციის გარდა, იმპერიიდან საქართველოს გამოყოფასა და დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენასაც.

 ვინაიდან, რუსი, რაც არ უნდა დემოკრატიული სულის მატარებელი იყოს, იგი მაინც შეპყრობილია იმპერიული ამბიციებითა და არარუსი ხალხისადმი შოვინისტური განწყობილებით, ადამიანის უფლებების (და არა ეროვნული უფლებების) ისეთმა დიდმა დამცველმა, როგორიც გახლდათ ანდრეი სახაროვი, ყოვლად აბსურდული ბრალდებები წაუყენა ქართველ ხალხს ამ სურვილების გამო. მან და მისმა მომხრეებმა საქართველო, თავისი კუთხური ნიშან-თვისებების განსხვავებულობის მოტივით – ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, აფხაზეთი – „მცირე იმპერიად“ მოგვინათლა და წამოგვიყენა პრეტენზია, რომ – თუკი დიდი რუსეთის იმპერია უნდა დაიშალოს ეროვნულ ერთეულებად, მაშინ, 205 საქართველოს „მცირე იმპერიაც“ უნდა დაიშალოს ეთნიკურ ერთეულებადო. რუსი დისიდენტების ამ იმპერიალისტური დამოკიდებულების მიუხედავად, მეტროპოლიაში დაწყებული დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ჰელსინკის გადაწყვეტილებებს, მაინც დიდი დასაყრდენი და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა კოლონიურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის. სწორედ რუსეთის წაბაძვით, სადაც ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებების დაცვის „ჰელსინკის კავშირი“ ჟურნალ „გლასნოსტით“, პარალელურად საქართველოშიც ჩამოყალიბდა „ჰელსინკის ჯგუფი“ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვათა მონაწილეობით. დაიწყო გამოცემა დისიდენტური ჟურნალებისა – ჯერ „ოქროს საწმისის“, ხოლო შემდეგ „მოამბის“ სახელწოდებით. სამწუხაროდ, ამ ჯგუფის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ამ დროს საქართველოს სათავეში ედგა იმპერიის ისეთი ერთგული სატრაპი, როგორიც გახლავთ ედუარდ შევარდნაძე.

1977 წელს მან დააპატიმრა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ხოლო მესამე აქტივისტი ვიქტორ რცხილაძე გარეთ დატოვა, რათა ზვიადისა და მერაბის მიერ გაჩხრეკამდე გადამალული საბეჭდი მანქანა და პოლიტიკური ლიტერატურა, მისი მეშვეობით მოეპოვებინა და უშიშროების კომიტეტისათვის ჩაებარებინა. ბატონმა ვიქტორმა იცოდა, რომ ეს ყოველივე ჩაბარებული ჰქონდა ცნობილ დისიდენტს – ნიკოლოზ სამხარაძეს. მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ ჯალათურ ხელისუფლებასთან შეურიგებელი მებრძოლი ნ. სამხარაძე ზვიადისა და მერაბის დანატოვარ საბეჭდ მანქანასა და ლიტერატურას ნებაყოფლობით არავის დაუთმობდა. ამიტომ, ბატონმა ვიქტორმა ბანდიტურ ხერხს მიმართა კგბ-ს დავალების შესასრულებლად.

აი, რა მომითხრო ამ ფაქტის შესახებ თვით ბატონმა ნიკოლოზმა იმ საღამოს მასთან მყოფსა და მეორე დილითაც მასთან მისულს: „თქვენი წასვლიდან, სულ რაღაც 10-წუთში (ალბათ, ბ-ნი ვიქტორი ჩასაფრებული იყო და უცდიდა ჩემს წასვლას) კნოპკიანი დანით თავს დამადგა ვიქტორ რცხილაძე და სიკვდილის მუქარით მომთხოვა მისთვის გადამეცა ზვიადისა და მერაბის დანატოვარი საბეჭდი მანქანა და პოლიტიკური ლიტერატურა და თან დასძინა – მე რომ არ დავთანხმებულიყავი, იგი ისე მომკლავდა, რომ კაციშვილი ვერ დაადგენდა (ეცოდინებოდა მხოლოდ რცხილაძის წარმომგზავნელ „კგბეს“) ჩემი მკვლელის ვინაობაო“.

იმის გამო, რომ საბეჭდი მანქანა მე მქონდა წამოღებული სახლში პროკლამაციების საბეჭდად, დანიშნეს დღე მის გადასაცემად პოლიტიკურ ლიტერატურასთან ერთად. დანიშნულ დღეს მივიტანე საბჭედი მანქანა ბატონ ნიკოლოზთან და ცოტა ხანში მოვიდა კიდეც რცხილაძის გამოგზავნილი ქალბატონი თამარ ჩხეიძე, ერთ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, აღნიშნული ნივთების ჩასაბარებლად, რომ შემდეგ იგი რცხილაძისათვის გადაეცა. შედგა გადაბარების ოქმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ – ნ. სამხარაძემ, მე და იმ ახალგაზრდა ბიჭმა. თ. ჩხეიძემ, არ ვიცი რატომ, ოქმზე ხელი არ მოგვიწერა. ასე დასრულდა ეს ბინძური საქმე.

206

 რაც შეეხება თვით ბატონ ვიქტორს, ცხადია, წარმატებით „მოპოვებული“ საბეჭდი მანქანაც და ანტისაბჭოთა ლიტერატურაც უშიშროების კომიტეტს ჩააბარა, ხოლო მათაც ღვაწლი იმით დაუფასეს, რომ სასამართლო ფარსი მოუწყვეს და მცირე ხნით ყაზახეთში გადაასახლეს, რათა როგორც კგბ-ს აგენტი, საზოგადოების თვალში არ გაშიფრულიყო.

ბატონმა ვიქტორმა ამ პროცესზე გულწრფელად დაგმო თავისი ანტისაბჭოური ქმედება შემდეგი სიტყვებით: „ჩემი წარსული სამარცხვინოა“-ო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი გმობდა ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლის იდეებს და ერთგულებას უცხადებდა საბჭოთა სახელმწიფოს, რაც შემდგომში საქმითაც დაამტკიცა. გადასახლებიდან დაბრუნებული ვიქტორ რცხილაძე ერთხანს რელიგიურ ჟურნალში მოღვაწეობდა. ბოლოს კი, ბატონი ედუარდის საამებლად, საქართველოს სამთავრობო გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიწყო ზვიად გამსახურდიას მაკომპრომენტებელი წერილების ბეჭდვა, რაც ბატონმა ედუარდმაც სათანადოდ დაუფასა და იგი საკმაოდ პრესტიჟული გამომცემლობის თავმჯდომარედ აღაზევა.

თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ბატონი ვიქტორის საქციელი როდი იყო ერთადერთი გამონაკლისი. ფსევდო-დისიდენტური წრეებიდან, სხვაც ბევრი დაუდგა გვერდით საქართველოს დამანგრეველ ხელისუფლებას, თუმცა დღემდე თავს იწონებენ თავიანთი დისიდენტური წარსულით. არადა, ისინი, მართლაც რომ ჭეშმარიტი დისიდენტები ყოფილიყვნენ, განა დღეს, კომუნისტურზე უფრო უარეს ხელისუფლებას მხარში დაუდგებოდნენ? აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვინც-კი დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, ხოლო შემდეგ შევარდნაძის ანტიქართულ ხელისუფლებას დაუდგა მხარში, იყო ეროვნულ მოძრაობაში სუკის მიერ შეგზავნილი აგენტი.

ბატონი ვ. რცხილაძის საქციელთან დაკავშირებით, ალბათ, შეგვედავებიან – ზვიად გამსახურდიამაც ხომ მოინანიაო და რატომ უნდა ჩაუთვალოთ ნაკლად ეს ვ. რცხილაძესო, როცა ერთიც და მეორეც ამას სჩადიოდა იმიტომ, რომ ეხსნათ თავი კომუნისტი ჯალათებისგანო?! ეს, რა თქმა უნდა, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, სავსებით სწორია, რამეთუ განათლებული კაცობრიობის არც ერთ წარმომადგენელს ნაკლად არ ჩაუთვლია მონანიება ინკვიზიტორების წინაშე თვით მსოფლიო დონის ისეთი მეცნიერისათვის, როგორიც გახლდათ გალილეო გალილეი, და თუ პარალელს გავავლებთ შუასაუკუნეების ინკვიზატორებსა და კომუნისტ ჯალათებს შორის, არა მგონია თავისი მზაკვრობითა და დაუნდობლობით კომუნისტები უფრო ნაკლებ ჯალათებად წარმოგვიდგეს, ვიდრე იყვნენ თვით იეზუიტი-ინკვიზიტორები.

 მაგრამ, სხვაობა ამ ორ მომნანიებელს შორის სულ სხვა რამეშია, რის გამოც არ შეიძლება ისინი ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ;

207

ბატონმა ზვიადმა  იმ ეგრეთწოდებული მონანიებით საკუთარი თავიც იხსნა კომუნისტი ჯალათებისაგან და ბატონი მერაბის სიცოცხლეც მისი გახმაურებული მოწოდებებით მსოფლიოს წინაშე, ამასთან, გადასახლებიდან ბატონი მერაბის დაბრუნების შემდეგ, მათი ერთობლივი სახალხო ბრძოლის გაჩაღებით, ჩვენი ქვეყანა თავისუფლების კარიბჭემდეც მიიყვანა. ბატონი ვიქტორის მონანიება კი იყო ეროვნულ მოძრაობაში თავისი მონაწილეობის დაგმობა და საბჭოთა სისტემისადმი ერთგულების გამოცხადება, რაც მან თავისი შემდგომი ცხოვრებითაც დაამტკიცა.

ეროვნული მოძრაობიდან საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში გადასული რცხილაძე სავსებით ჩამოიცილეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ. მათ კვლავ აღადგინეს ჰელსინკის კავშირი. ეროვნული მოძრაობა გაფართოვდა. შეიქმნა ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის საზოგადოებები. იმის გამო, რომ ამ საზოგადოებებში, კერძოდ, ი. ჭავჭავაძის საზოგადოებაში ლიდერობა ხელში ჩაუვარდათ გაურკვეველი მიმართულების პირებს – გ. მამულიას, ზ. ჭავჭავაძეს და სხვებს, მის საპირისპიროდ მ. კოსტავას თაოსნობით შეიქმნა „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოება, რომელსაც ბატონი მერაბის დაღუპვის შემდეგ, ჰელსინკის კავშირთან ერთად სათავეში ჩაუდგა ზ. გამსახურდია.

გამოჩნდნენ ახალი ლიდერებიც – გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვები, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გვერდში დგომით დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს, რამაც მათ შეუქმნა პირველკაცობის ილუზია.ამ ნიადაგზე ისინი ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდნენ, რამაც, საბოლოო ანგარიშით, ეროვნული მოძრაობის გათიშვა გამოიწვია.

 ამის მიუხედავად, 1989 წლის 9 —აპრილის ტრაგედიამდე და მას შემდეგაც, გარკვეული დროის მანძილზე, ეროვნული მოძრაობა ასე თუ ისე მაინც ერთად ებრძოდა რუსულ საბჭოურ იმპერიას. ეროვნულ პოზიციაზე მდგომი ყოველი პარტიისა და საზოგადოების უპირველესი ლოზუნგი იყო – რუსეთის იმპერიიდან საქართველოს გამოყოფა, წართმეული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ფარგლებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა და დემოკრატიული არჩევნების გზით საკუთარი სამთავრობო ხელისუფლების შექმნა, რომელიც უნდა დაყრდნობოდა 1918 წელს აღდგენილი, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას.

 მაგრამ არც ხელისუფლებას ეძინა. კრემლის მმართველობამ ეროვნული მოძრაობის დასათრგუნავად ნაცად ხერხს მიმართა, რომელსაც ჯერ კიდევ რომაელები მიმართავდნენ. ეს იყო – გათიშე, დააპირისპირე და იბატონე. იმისათვის, რომ საქართველო ერთიანი ძალით ვერ აღმდგარიყო იმპერიიდან გასვლის მოთხოვნით, ადრევე იღონეს იმპერიის მესვეურებმა – ლენინმა და სტალინმა ქართველ ერთან, აქ მოსახლე ნაცუმცირესობების დასაპირისპირებლად: ქვეყნის შიგნით შექმნეს ავტონომიური ერთეულები.

 და აი, ახლა, როცა დასჭირდათ რუს იმპერიალისტებს, ამ ავტონომიების სახით ჩადებულ დაყოვნებული მოქმედების ბომბს ახსნეს „კაფსული“ და აამოქმედეს საქართველოს წინააღმდეგ.

კრემლის წაქეზებით, 1989 წლის 18 მარტს სოფ. ლიხნში გაიმართა აფსუების მიტინგი, სადაც ორგანიზაცია „აიდგილარამ“ მიიღო მიმართვა აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ იგივე დაადგინა ოსურმა „ადამონ ნიხასმაც“. ერთგანაც და მეორეგანაც დაიწყო ქართველი მოსახლეობის დევნა.

კერძოდ, სოხუმში აფსუებმა მოაწყვეს ქართველთა დიდი ჟლეტა. აფსუებისა და ოსების ამ ავანტიურისტულმა მოთხოვნამ უკიდურესად აღაშფოთა მთელი ქართველი მოსახლეობა. საპროტესტო მიტინგებში წამყვანი როლი დაიკავა სტუდენტმა ახალგაზრდობამ. მიტინგებს მეთაურობდნენ ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, გ. ჭანტურია, ი. წერეთელი და სხვები. 4-აპრილს მომიტინგეებმა თავი მოიყარეს მთავრობის სახლის წინა მოედანზე. შემდეგ დღეებში დიდძალი ხალხი მოაწყდა თბილისს რაიონებიდანაც. გადაიჭედა რუსთაველის პროსპექტი, მიტინგი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილი იყო იგი 14-აპრილამდე გაგრძელებულიყო. ამის მიუხედავად რუსის იმპერიალისტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მომიტინგეებს სამაგალითოდ გასწორებოდნენ, რათა იმპერიიდან საქართველოს გამოყოფის მოთხოვნები სხვა რესპუბლიკებსაც არ გადასდებოდათ.

აქ, ერთი მზაკვრობაც გათამაშდა: იმის გათვალისწინებით, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება კრემლს არ დაბრალებოდა და ინიციატორის როლში საქართველოს მარიონეტი ხელისუფლება გამოეყვანათ, საქართველოს ცეკას მდივანს ჯ. პატიაშვილს ზემოდან უკარნახეს, კრემლში გაეგზავნა შიფროგრამა – „მიტინგის ძალით აღკვეთის აუცილებლობის“ შესახებ. 7-8 აპრილს უკვე დაიწყო სპეცდანიშნულების ნაწილების გადმოყვანა მოსკოვიდან, გორკიდან, ვორონეჟიდან, პერმიდან. ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი იგორ როდიონოვი. მომიტინგეთა დარბევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტრიბუნაზე გამოჩნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც, ცხადია, საქმის კურსში იყო – რა ცოდვის კალო უნდა დატრიალებულიყო იქ სულ ცოტა ხანში.

საბჭოთა ტირანიის პირობებში აღზრდილი ახალგაზრდობა, რატომღაც არ ელოდა, თუ ხელისუფლება ასე ჯალათურად გაუსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს, როცა მათ იარაღის ნაცვლად სანთლები ეჭირათ ხელში, ლოცულობდნენ და პოეტ ლადო ასათიანის ტექსტზე შესრულებულ სიმღერას მღეროდნენ. პატრიარქმა მომიტინგეებს ურჩია – დაეტოვებინათ მოედანი და ქაშუეთის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად.

ჯერ ერთი, ქაშუეთის ტაძარი, როგორ დაიტევდა ათასობით მომიტინგეს, და მეორეც, ერის მოძღვარი უნდა გასცლოდა თავის მრევლს აღნიშნული რჩევის შემდეგ, თუ ჯვრით ხელში თავად უნდა შეგებებობდა რუსის ჯალათებს?! იგი რომ ქართველი ერის ცრუ სულიერი მოძღვარია, მან ეს შემდგომშიც დაამტკიცა, როცა ქვეყნის მოღალატე სიგუა-კიტოვანიოსელიანის ბანდიტურ დაჯგუფებას სასროლ პოლიგონად უქცია ქაშუეთის წმინდა ტაძარი, ნაცვლად იმისა, რომ იგი აქაც, ამ ძმათამკვლელ ომში, ჯვრით ხელში ჩამდგარიყო დაპირისპირებულ მხარეთა შორის.

როგორც ზემოთ ვთქვით, 1989-წლის აპრილის აქციებზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო, იმპერიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართველ „სეპარატისტებს“ საგანგებოდ გასწორებოდა. პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით ამ ოპერაციის ჩატარება დაევალა, იმ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფ იმპერიის უერთგულეს ინოროდცს – ედუარდ შევარდნაძეს.

8 აპრილს თბილისის აეროპორტში მყოფი რუსი გენერალი ლებედი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ დღეს სპეცრეისით აეროპორტში დაფრინდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც 9 აპრილის სისხლიან ტრაგედიას უხელმძღვანელა.

ოპერაცია დაიწყო ღამის 4-საათზე. ადამიანურ გრძნობებს მოკლებული რუსული სპეცნაწილები ალესილი ნიჩბებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. არ ინდობდნენ თვით უმწეო გოგონებს, უმოწყალოდ დაუჩეხეს მათ თავები, მომიტინგეების ამოსახოცად იხმარეს მომწამლავი გაზები, რაც ჰიტლერსაც-კი არ გამოუყენებია მეორე მსოფლიო ომში. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 20-ზე მეტი ახალგაზრდა, უმრავლესობა კი გაზებით მოიწამლა.

მაგრამ მტრის მოლოდინი არ გამართლდა. ხალხი, არათუ ვერ დააშინეს ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციით, პირიქით, მთელი ქართველი ერი ერთ მუშტად შეიკრა. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ არნახული მასშტაბები მიიღო. ეს ჯერ კიდევ ცხადად გამოიკვეთა დაღუპულ მამულიშვილთა დაკრძალვის დღეებში, როცა თითოეული ცხედრის დაკრძალვის პროცესიამ გრანდიოზული მანიფესტაციის სახე მიიღო.

ხალხის დასაშოშმინებლად ედუარდ ამბროსევიჩმა მომხდარი სისხლისღვრისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ცეკას მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს დააკისრა და იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მაგრამ ვერც ამ კოსმეტიკურმა ღონისძიებამ გამოიღო შედეგი. აღმოჩნდა, რომ 9-აპრილის ტრაგედია ერთგვარ კატალიზატორად იქცა ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში. მან მთელი საქართველო მოიცვა. მანიფესტაციებში მონაწილეობის მისაღებად ქ. თბილისს უამრავი ხალხი მოაწყდა რაიონებიდან. ქართველი მამულიშვილების დანთხეულმა სისხლმა ერთ მუშტად შეაკავშირა ერი.

 თვით ეროვნული პარტიების ცალკეული ლიდერებიც ერთ ბირთვად შეიკრა. მასში შედიოდნენ – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვები. საქართველომ ანტიიმპერიალისტურ ბრძოლაში ყველა რესპუბლიკას გაასწრო. ასევე, ყველაზე ადრე მთელს იმპერიაში, ლენინის ძეგლი თბილისში, ქართველებმა დაამხეს. თუმცა არც კომუნისტურ ხელისფლებას ეძინა. 1989-წლის 13-ოქტომბერს ავტოავარია მოუწყვეს ქუთაისიდან  მომავალ მერაბ კოსტავას, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

210

ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს არ ახსოვს ისეთი ხალხმრავალი პროცესია, როგორიც მოეწყო ბატონი მერაბის დაკრძალვისას. ხელისუფლება იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ხალხის მოთხოვნა, რომ ეს სახელოვანი ეროვნული მოღვაწე სხვა დიდ მამულიშვილთა გვერდით, მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ.

სამწუხაროდ, მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ეროვნული მოძრაობა გაითიშა. 1990 წლის მარტში გაიმართა ოპოზიციური ძალების საგანგებო კონფერენცია, რომელიც შეეცადა პარიტეტულ საწყისებზე შეექმნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამაერთიანებელი ორგანო – ეროვნული ფორუმი. მაგრამ ეს დიდებული წამოწყება ჩაიშალა ჯაბა იოსელიანის „მხედრიონელთა“ პროვოკაციული სროლების შედეგად, რომელიც მოაწყვეს „იმელისა“ და საფოსტო შენობებს შორის.

ამ კონფერენციაზე ბატონმა ზ. გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა მოითხოვეს პროვოკაციის მომწყობი ორგანიზაციის დაგმობა, რასაც სხვა ორგანიზაციებმა მხარი არ დაუჭირეს. აი, ამის გამო გამოეთიშნენ ფორუმს ზ. გამსახურდია და მისი მომხრეები და შექმნეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“.

ამგვარად, ერთ მხარეს აღმოჩნდა ფორუმში დარჩენილი პარტიები, რომელთაც სათავეში ჩაუდგნენ გ. ჭანტურია და ი. წერეთელი, ხოლო მეორე მხარეს, ზ. გამსახურდიას გარშემო შემოკრებილი „ჰელსინკის კავშირისა“ და „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოების წევრები.

ასე გაიყო ორ ბანაკად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელთაც ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ერთმანეთიც დაღუპეს და, რაც მთავარია, დაღუპეს თვით საკუთარი სამშობლო. ასე გაყოფილ, გათიშულ ამ ეროვნულ ძალებს შორის პირველი დიდი დაპირისპირება მოხდა მრავალპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა 1990 წლის 28 ოქტომბერს ოფიციალური ხელისუფლების მიერ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეწოლით.

ფორუმის წევრმა პარტიებმა, გ. ჭანტურიასა და ი. წერეთლის მეთაურობით, ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს შემდეგი მოტივით: როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ იმ ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში, რომელსაც ჩვენ ვებრძვითო.

ამ ყოვლად ულოგიკო თვალსაზრისიდან გამომდინარე, 1990 წლის 23- მაისს მათ მოიწვიეს ეგრეთწოდებული „ეროვნული ყრილობა“, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება „ეროვნული კონგრესის“ არჩევნების შესახებ. ეს არჩევნები ჩატარდა იმავე წლის სექტემბერში, რომელშიც მონაწილელობა მიიღო მხოლოდ თითო-ოროლა კაცმა. და მაინც, მისმა ლიდერებმა კონგრესი არჩეულად გამოაცხადეს. სინამდვილეში კი ეს იყო თვითმარქვია ორგანო, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო ხალხთან. რეალური არჩევნები ჩატარდა მხოლოდ 1990 წლის 28-ოქტომბერს, კანონიერების სრული დაცვით, სადაც „მრგვალი მაგიდის“ საარჩევნო ბლოკმა  დამაჯერებელ გამარჯვრებას მიაღწია – უზენაეს საბჭოში მან 155 დეპუტატი გაიყვანა, კომუნისტური პარტიის ბლოკმა კი მხოლოდ 64 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

 პირველ სესიაზევე, რომელიც იმავე წლის 14-ნოემბერს გაიმართა, მიღებულ იქნა კანონი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი –თენგიზ სიგუა. ასევე, აღდგენილ იქნა ის ატრიბუტიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი), რომელიც თავის დროზე მიიღო მენშევიკურმა ხელისუფლებამ. გაუქმდა ქართველი ხალხისათვის ძალით თავსმოხვეული კომუნისტური დღესასწაულები, ნაცვლად, აღდგენილ იქნა ეროვნული და ქრისტიანული სახის დღესასწაულები. ჩვენს ქვეყანას დაერქვა საქართველოს რესპუბლიკა. უდიდესი მნიშვნელობის აქტი იყო 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის 99,08 პროცენტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

სულ მალე, 1991 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნად, პრეზიდენტად, ხმათა უმრავლესობით, აირჩიეს ზვიად გამსახურდია, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აკაკი ასათიანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ თენგიზ სიგუა.

ეროვნული მოძრაობის ამ ფრთის ხელისუფლებაში მოსვლამ პირდაპირ შოკში ჩააგდო ხელისუფლებისათვის მებრძოლი – „კონგრესად“ წოდებული მეორე ფრთა. აქ განმეორდა იგივე, რაც ერთ დროს შესანიშნავად გამოხატა მეფე-პოეტმა არჩილმა:

„ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა,

 აზვავდებიან, იტყვიან: „უჩემოთ ვინ იმღერეთა?..“

აი, ამჯერადაც, აზვავებულმა „კონგრესმენებმა“ იმ მოტივით, რომ თქვენ კი არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაშიო! – ნამდვილი ომი გამოუცხადეს 200-წლის ნანატრ ეროვნულ ხელისუფლებას, რითაც გზა გაუკაფეს ხელისუფლებაში მოსასვლელად საქართველოს დამანგრეველ შევარდნაძეს.

ერთი სიტყვით, განმეორდა იგივე, რაც თან სდევდა საუკუნეთა მანძილზე ჩვენს ქვეყანასა და ხალხს – შინაური ქიშპი და მტრობა, რაც საბოლოო ანგარიშით, იმით მთავრდებოდა, რომ გარეშე მტერთან მებრძოლი საქართველო თვით ქართველების ხელით მარცხდებოდა. აკი უთქვამს კიდეც შაჰ-აბასს: საქართველოს დამარცხება ისე კარგად არავის ეხერხება, როგორც თვით ქართველებსო.

რას არ კადრულობდნენ ეგრეთწოდებული კონგრესმენები და მათი ლიდერები, რა ცილს არ სწამებდნენ ქვეყნის პრეზიდენტს, ოღონდ მისთვის  ჩირქი მოეცხოთ.

212

კაცი, რომელიც მთელი თვე ითმენდა პროვოკატორ-ოპონენტთაგან რუსთაველზე ბარიკადების სახით დაყრილ ნაგავს, – კაცი, რომელიც მთავრობის სახლთან მისეული კრიმინალების დანდობისაკენ მოუწოდებდა თავის მებრძოლებს – თავში არ ესროლოთ, ფეხებში ესროლეთ, რადგან ისინიც, მტრის მიერ შეცდენილი ჩვენივე მოძმე ქართველები არიანო! – აი, ასეთ კაცს ტირანს ეძახდნენ და რუმინელი დიქტატორის – ჩაუშესკოს სახელით მოიხსენიებდნენ. ეს იყო გაუგონარი მკრეხელობა, ღვარძლი და შური, რასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ყველაზე უფრო ამაზრზენი ის იყო, რომ თავიანთი კარიერისტული მიზნების მისაღწევად, თვით საკუთარ სამშობლოსაც არ ზოგავდნენ. ასე მაგალითად, იმ დროს, როცა ოსებმა თვით გამოდევნეს ქართველობა სამაჩაბლოდან, გიორგი ჭანტურიამ პრაღაში გამართულ ნაცუმცირესობათა კონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელის გასატეხად, პირიქით, ქართველებსა და მის პრეზიდენტს – ზ. გამსახურდიას დასდო ბრალი „ოსების გენოციდში“, რისთვისაც მქუხარე ტაშით დააჯილდოვეს იგი იქ დამსწრე სომხურმა და აზერბაიჯანულმა დელეგაციებმა.

მართალია, ზ. გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას ბევრი მტერი გამოუჩნდა თავისივე სამშობლოში, როგორც ძალაუფლების მოცილე „კონგრესმენთა“ სახით, ასევე კომუნისტურ-კოსმოპოლიტური სულისკვეთებით აღზრდილი წითელი ინტელიგენციის სახითაც, მაგრამ მათ შორის პიროვნულად, გია ჭანტურიას ბოროტული როლი თავის პარტიასთან (ედპ) ერთად, ბატონი ზვიადისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციაში, განუსაზღვრელია. კერძოდ, მან უხელმძღვანელა 1991 წლის 2-სექტემბრის ანტისახელმწიფოებრივ, პროვოკაციულ მიტინგს კინოს სახლთან, რომელიც მან სპეციალურად დაამთხვია საქართველოს პრეზიდენტთან ამერიკელი კონგრესმენების სტუმრობას.

დააკვირდით აბა, რამხელა მზაკვრობას ჰქონდა ადგილი მიტინგის დარბევის ინსცენირებით: მიტინგის მოთავეებმა – გ. ჭანტურიამ, გ. ლანჩავამ და მათმა დამქაშებმა თავად ატეხეს სროლა, წივილ-კივილი, ანუ თავად მოაწყვეს მიტინგის დარბევის ინსცენირება, ხოლო შემდეგ მომხდარ ფაქტში ბრალი ხელისუფლებას დასდეს.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ღრმაშინაარსიანი პროვოკაციის მოწყობის ტვინი აქ არც ერთს არ ჰქონდა. იგი ნაკარნახევი იყო იმ კაცისაგან, ვისთანაც წამდაუწუმ დარბოდნენ მოსკოვში საკონსულტაციოდ – შევარდნაძესთან.

რა იყო პროვოკატორთა ჩანაფიქრი? დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს თვალში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისადმი სახელის გატეხვა, ანუ იმის ჩვენება, აი, როგორი დიქტატორი ჰყავს ჩვენს ქვეყანასო, – აი, როგორ ახშობს იგი თავისუფალი აზრის გამომხატველ მიტინგსო და ა. შ. მართალია, მათ ამ პროვოკაციული მეთოდების გამოყენებით ლომის წილი ჩადეს ზ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, მაგრამ ვერც  თავად ეღირსნენ ძალუფლებას.

213

 მათ მხოლოდ ის გააკეთეს, რომ გზა გაუკაფეს საქართველოს დამანგრეველ, ანტიეროვნულ ძალებს, ანუ მოხდა ზუსტად ისე, როგორც ეს შესანიშნავად აქვს ნაჩვენები დ. გურამიშვილს თავის დიდებულ პოემაში – „ქართლის ჭირში“:

„ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,

 მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,

რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს…“

ზუსტად ასევე, ორივე მებრძოლ მხარეს, პოლიტიკურად უფრო გამობრძმედილმა „თეთრმა მელამ“ სტაცათ პირი – ზოგს ტყვიით გაუმასპინძლდა, ზოგნი ციხეებში ჩაყარა, ზოგნი ქვეყნიდან გააძევა – ასევე, ბატონ გიასაც, რომელიც საპრეზიდენტო სავარძლისათვის ბრძოლაში ახლა თვით „თეთრ მელას“ დაუპირისპირდა, ტყვიები დაახალეს, ხოლო ამის საკომპენსაციოდ, სამარადჟამო განსასვენებლად ქაშუეთის ტაძრის ეზოში მიუჩინეს ადგილი.

ახლა, ორიოდ სიტყვა ეგრეთწოდებულ ქართულ ინტელიგენციაზე, რომელთა შორის უმრავლესობას დაკარგული ჰქონდა ეროვნულპატრიოტული სული და პირადი კეთილდღეობისა და კომფორტის იქით აღარაფერი ახსოვდათ. ისინი თავიანთი იდეოლოგიით იყვნენ ნამდვილი საბჭოთა მწერლები და კულტურის მუშაკნი და გულწრფელად ემსახურებოდნენ „საბჭოთა კავშირად“ წოდებულ რუსეთის იმპერიას „კომუნიზმის“ საქებარი პოეტური ქმნილებებითა და თეატრალური დადგმებით. ამიტომ, იმპერიის მესვეურნიც არ აკლებდნენ მათ მზრუნველობას. სახელმწიფო სახსრებით უბეჭდავდნენ ლიტერატურულად მდარე, მაგრამ, სამაგიეროდ, მარქსისტულად გამართულ ნაწარმოებებს, და თანაც, გასაღდებოდა თუ არა, სახელმწიფო მაინც უხდიდა კუთვნილ ჰონორარს… გარდა ამისა, მათ ეძლეოდათ ვიზები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გასასეირნებლად, ასევე, პრემიები და წოდებები – „სახალხო პოეტისა“ თუ „სახალხო არტისტისა“, იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა საერთო მათს ნაღვაწს ხალხის ინტერესებთან.

 ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ „წითელი ინტელიგენცია“ თავიდანვე განუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და კვლავინდებურად მყარად იდგა საბჭოურ-იმპერიულ პოზიციებზე, რათა არ დაეკარგათ კომუნისტური ხელისუფლების მიერ მინიჭებული მუქთა კომფორტი – მითუმეტეს, რომ ზვიად გამსახურდიამ, მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მიხედვით, ასე დაუყენა მათ საკითხი: გამოეცით თქვენი ნაშრომი თქვენივე ხარჯით და ჰონორარიც მიიღეთ იმის მიხედვით, როგორი მასშტაბითაც იგი გასაღდებაო.

მაგრამ ეს როდი აწყობდათ კომუნისტური ხელისუფლების მიერ გაზულუქებულ ჩვენს წითელ ინტელიგენციას. ამიტომ, იმით დაიმედებულნი, რომ დაგვიბრუნდება თუ არა ედუარდ შევარდნაძე, კვლავაც არ მოგვაკლებს ჩვეულ კომფორტსო, მხარში ამოუდგა მთავრობის  სახლზე მოიერიშე სიგუა-კიტოვან-იოსელიანის კრიმინალურ ბანდებს.

214

რა დამავიწყებს, მე თვით ვარ მოწმე, როგორის ველური აღტკინებით ლოშნიდნენ ერთმანეთს ეს არაკაცები ასეთი შეძახილებით: – გავიმარჯვეთ! დავამარცხეთო!

უბადრუკთ, პირადი ამბიციებით შეპყრობილთ, ვგონებ, არც ესმოდათ, რომ ეროვნული მთავრობის დამარცხებით თვით საქართველო დაამარცხეს, რამეთუ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ამ ავანტიურისტული ძალების მიერ გაჩაღებული ბრძოლების შედეგად დაიღვარა თვით ქართველთა ზღვა სისხლი, – ხელისუფლებაში მოვიდა ქართველი ერის მოძულე კოსმოპოლიტური ხელისუფლება, რომლის ანტიეროვნული და ანტიხალხური ქმედებების შედეგად გაიცა ქართველთა ისტორიული მიწა-წყალი – სამაჩაბლო და აფხაზეთი, – მტერთან შეკავშირებული იგივე ხელისუფლების მიერ მოღალატური ხელშეკრულებებისა და საომარი ოპერაციების იგივე მოღალატური გზით წარმართვის ნიადაგზე ამოიჟლიტა ათიათასობით ქართველი და ლტოლვილად იქცა 300-ათასი ქართველი თავისივე ქვეყნის მიწა-წყალზე, – დაინგრა, წინასწარ შემუშავებული ბოროტული გეგმით, ქართული ეროვნული ეკონომიკა, რის შედეგადაც სამუშაო დაკარგა და დაიმშა მთელი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა, – ამასთან, იგივე მტრული ხელისუფლების მიერ, – აღნიშნულის პარალელურად, კვლავაც ქვეყნის დაქცევის მიზნით, გასაქანი მიეცა კორუფციად წოდებულ ქვეყნის მძარცველობას, თვით ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკების მიერ, რათა პრეზიდენტს ამ კრიმინალთა მხრივ ჰქონოდა გარანტირებული დასაყრდენი, – წინასწარ დაგეგმილი, ამ გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შექმნის გამო, რასაც არასდროს არ მოსწრებია ჩვენი ქვეყანა; უცხოეთში გაიხიზნა მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ნაწილი… ყველა ბოროტების ჩამოთვლა, რაც ეროვნული ხელისუფლების შემცვლელმა ანტიქართულმა მთავრობამ დააწია საქართველოს, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ის, რაც ითქვა ბოროტებათა თვით ამ მოკლე ჩამონათვალზე, ვფიქრობ, საკმარისია იმის საჩვენებლად, რაც მიიღო საქართველომ ამ ავანტიურისტული გადატრიალების შედეგად.

ახლა მოდით, ეს ვიკითხოთ – რა მიიღეს თავისთვის წითელმა საბჭოთა მწერლობამ და კულტმუშაკებმა ეროვნული მთავრობის დამხობისა და მის მაგიერ შევარდნაძის კოსმოპოლიტური ხელისუფლების დამკვიდრების ფასად, რაშიც მათ ლომის წილი ჩადეს, და რასაც მოჰყვა საქართველოს ტოტალური ნგრევა, სისხლისღვრა, ლტოლვილობა და მასიური შიმშილობა?

 გარდა იმისა, რომ ვერც თავიანთი ნაცოდვილარი წიგნების უფასოდ გამოცემას ვერ ეღირსნენ და ვერც უცხოეთში ვოიაჟებს, ბატონმა ედუარდმა ამ ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააპურა – უფრო ერთგული და გავლენიანი მლიქვნელები. მათი უმრავლესობა კი, მთელ მასასთან ერთად, მშივრები დაწანწალებენ. და მაინც, როდი იტეხენ ნირს – იმ დროს, როცა საკუთარი თვალით უყურებენ საქართველოს ნგრევას,  არათუ არ ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, არამედ პირიქით, კვლავაც შევარდნაძის ანტიქართულ ხელისუფლებას ერთგულობენ ბოლომდე.

215

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ზვიად გამსახურდია ინტელიგენციას განუდგაო, ყოვლად უმართებულო ბრალდებაა. ეს პირიქით მოხდა – მუდამ საბჭოურ და იმპერიულ პოზიციებზე მდგომი წითელი ინტელიგენცია თავად განუდგა ჯერ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხოლო შემდეგ ეროვნულ მთავრობასაც. მათი იდეალი ყოველთვის იყო შევარდნაძე და კვლავაც საბჭოური მუქთა ჰონორარები.

 აი, რატომ იყო, რომ დიდი სახალხო მოძრაობის დროს, არცერთი მათგანი ახლოს არ გაკარებია ბატონ ზვიადს, ხოლო აეროპორტში ამ ინტელიგენტთა მთელი ხროვა დახვდა შევარდნაძეს. განა აქედან ცხადი არ არის, თუ ვინ ვის განუდგა და ვინ ვის დაუდგა მხარში?

ამასთან დაკავშირებით მე მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო ეროვნული მთავრობის მიმართ კიდევ ერთ უმართებულო შენიშვნაზე. ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ ბატონმა ვალერი გელბახიანმა თემურ ქორიძესთან პაექრობაში, გულშემატკივრის პოზიციიდან ასე მიმართა მას: თქვენი მთავრობა რომ წასულიყო ხელისუფლებისათვის მებრძოლი მეორე ძალის მიმართ კომპრომისზე, ანუ თქვენ რომ დათანხმებულიყავით ხელახალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, ეგებ ავცდებოდით იმ უბედურებას, რაც მოჰყვა სამთავრობო გადატრიალებასო?! თემურ ქორიძემ მას ასე უპასუხა: ჩვენ კი ვთავაზობდით კომპრომისებს, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ დათმობებს, – მათი მოთხოვნა იყო ერთადერთი და კატეგორიული – გადამდგარიყო მთავრობა!

ჩემი აზრით, ეს მართლაც ასე იყო. მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რადგან ეს სიუჟეტი ტელევიზიით გადაიცა: ზვიად გამსახურდიამ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სიგუა-კიტოვანის ბანდიტური შენაერთები თავს დაესხმოდნენ მთავრობის სახლს, თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ ამ ვაჟბატონებს მოსალაპარაკებლად გაუგზავნა ვალტერ შურღაია წინადადებით – ურთიერთ მოლაპარაკებითა და ურთიერთ დათმობებით აეცილებინათ ქვეყნისათვის კატასტროფა. კიტოვანი სდუმდა, აქტიურობდა მხოლო სიგუა. მან ბატონ ვალტერს განუცხადა – არ ვენდობი ზვიად გამსახურდიას სიტყვას, იგი არ დაიცავს მოლაპარაკების პირობასო!

 მაშინ ვ. შურღაიამ ასეთი წინადადება შესთავაზა: თუ ზვიადი გადაუხვევს მიცემულ პირობას, მე ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხსო, მაგრამ სიგუა არც ამ წინადადებას დაეთანხმა, და ეს მისი მხრივ, სავსებით ბუნებრივი იყო, რამეთუ კარგად იცოდა, რომ ხელახალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი ხალხის უმეტესობა მხარს კვლავ ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას დაუჭერდა. ამიტომ, ამ კაცუნათა ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა იყო ძალისმიერი გზით ზვიად  გამსახურდიას გადაყენება და არა მასთან კომპრომისები.

216

აქ, ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი, თავიანთ წამქეზებლებთან, ვინც ისინი საბრძოლო ტექნიკით მოამარაგა, ბუნებრივია, მტკიცე ფიცით იქნებოდნენ შეკრულები, გარდა გადადგომისა, პრეზიდენტის წინაშე არავითარ დათმობაზე არ წასულიყვნენ.

ასე რომ, ზვიად გამსახურდიას დადანაშაულება, თითქოსდა იგი არ წავიდა მეამბოხეებთან კომპრომისებზეო, ყოვლად უსაფუძვლოა. პირიქით, იგი ამ შემთხვევაშიც სავსებით პირმართალი დარჩა თავისი ერისა და ქვეყნის წინაშე. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადაერჩინა იმ უბედურებისაგან, რაც შემდეგში თავს დაატეხეს ჯერ სიგუა-კიტოვან-იოსელიანის ტრიუმვირატმა, ხოლო შემდეგ შევარდნაძის აშკარად გამოკვეთილმა ანტიქართულმა ხელისუფლებამ მთელი 12-წლის მანძილზე.

მაგრამ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად – განვიხილოთ უფრო დაწვრილებით, თუ როგორ მომზადდა ჯერ ანტისამთავრობო შეთქმულება, ხოლო შემდეგ მისი დამხობა და ბოლოს პრეზიდენტის ფიზიკური განადგურება.

აქედანვე უნდა ითქვას, რომ ყოველი ანტიქართული საქმე მაშინაც და ახლაც იგეგმებოდა და იგეგმება კრემლში. ამდენად, ჩვენებური პუტჩისტებიც იქიდან იმართებოდნენ. ჯერ სიგუას გადადგომა პრემიერის პოსტიდან, რასაც თან მოჰყვა პრეზიდენტის წინააღმდეგ ღია ბრძოლის დაწყება, ხოლო შემდეგ კიტოვანის განდგომა და თავისი მხედრობით რკონში დაბანაკება, რაც ასევე პრეზიდენტთან დაპირისპირებას ნიშნავდა, სწორედაც რომ კრემლის წამქეზებლობით იყო ნაკარნახევი. ამის დასტურად მარტო კიტოვანის ეს ავანტიურაც კმარა.

 ფორმალურად, კიტოვანმა ეს ნაბიჯი მოსკოველ პუტჩისტებთან ბატონი ზვიადის ძალაუნებურ დათმობას დაუკავშირა, თუმცა მალე გაირკვა, რომ ეს იყო მხოლოდ საბაბი პრეზიდენტისა და ქვეყნის წინაშე თავისი ღალატის დასაფარავად. მაშ, მივყვეთ მტყუანს ტყუილის კარამდე. 1991 წლის 19- აგვისტოს მოსკოვში მოხდა სამხედრო გადატრიალება. შედგა გენერლების ხელისუფლება. მასში შედიოდნენ: თავდაცვის მინისტრი იაზოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი პუგო, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლუკიანოვი და სხვები. პუტჩისტებს სათავეში ჩაუდგა ვიცე-პრეზიდენტი იანაევი. მათი მიზანი იყო, აწ უკვე დაშლის გზაზე დამდგარი, იმპერიის გამაგრება და შენარჩუნება. მალე მათი წარმომადგენელი გენერლების ერთი ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს ეწვია და მოსთხოვეს მას ქართული ეროვნული საჯარისო ფორმირებების დაშლა.

 საქმე ის გახლავთ, რომ საქართველომ კი გამოაცხადა თავისი თავი დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ რუსეთი (უპირველესად კი, მისი გენერალიტეტი) საქართველოს მაინც რუსეთის ხელდებულ რესპუბლიკად თვლიდა. ახლად ფეხადგმულ ქვეყანას კი ამხელა ვეშაპთან შეიარაღებული ბრძოლის გამართვა არ შეეძლო. თანაც, იმ ხანად გენერალთა ის ხელისუფლება დიდხანს გაძლებდა თუ მალე დაემხობოდა, ამის გამოცნობა,

217

 არათუ ბატონ ზვიადს, თვით კიტოვან „ბრძენსაც“ არ შეეძლო.

ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის შესანარჩუნებლად, ამ ჯარს სტატუსი შეუცვალა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიაკუთვნა. ვფიქრობთ, სხვა მის ადგილზე ამ რთულ სიტუაციაში, უფრო უკეთეს გამოსავალს ვერ მოძებნიდა.

მაშ, რამ გააგულისა კიტოვანი? როგორც ზემოთ ითქვა, ბატონი კიტოვანის რკონში გასვლა პრეზიდენტის მიერ ჯარისათვის სტატუსის შეცვლის მოტივით მხოლოლდ საბაბი იყო საქართველოს პრეზიდენტთან დასაპირისპირებლად. ნამდვილი მოტივი კი ის გახლდათ, რომ ისიც და სიგუაც რუსის იმპერიალისტებთან – გრაჩოვთან და ბეპაევთან იყვნენ შეკრულნი და საქართველოს პრეზიდენტის დამხობის მათ მიერვე მიცემულ დავალებას ასრულებდნენ. არადა, მოსკოველი პუტჩისტების განეიტრალების შემდეგ, როცა პრეზიდენტმა კვლავ აღუდგინა ქართულ გვარდიას ეროვნული ჯარის სტატუსი, რაღა იყო მიზეზი, რომ იგი მაინც არ შეურიგდა პრეზიდენტს? რაღატომ დარჩა იგი პრეზიდენტთან კვლავაც საბრძოლო განწყობილებაში?

როგორც იტყვიან, აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში კიტოვანისა და მისთანა ბედოვლათების მოყვანა თავად ბატონი ზვიადის მიერ დაშვებული შეცდომების ნაყოფია. არადა, დღესაც აუხსნელია, სად გამოძებნა, ანდა რა მონაცემების მიხედვით ჩაუყენა ბატონმა ზვიადმა ეს შემთხვევითი კაცი ეროვნულ გვარდიას?! და ეს მარტო კიტოვანზე ითქმის? ვთქვათ და, ირაკლი მენაღარიშვილი გადასაყენებელი იყო ჯანდაცვის მინისტრობიდან? სად გამოძებნა და რა მონაცემების მიხედვით დასვა მის ადგილზე კვლავაც ისეთი შემთხვევითი პირი, როგორიც გახლდათ ქალბატონი მანანა ძოძუაშვილი, როცა მას სახეზე ჰყავდა ისეთი სახელგანთქმული აკადემიკოსი, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც იყო ვახტანგ ბოჭორიშვილი?! და ეს მარტო ამ ორ პიროვნებაზე ითქმის?

ფაქტია, რომ ბატონმა ზვიადმა ვინც-კი დასვა მინისტრის პოსტზე, თითქმის არც ერთი არ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას არა მარტო თავისი პროფესიონალიზმით, არამედ, ასევე, პრეზიდენტისა და სამშობლოს წინაშე თავიანთი ერთგულებითაც. ჩასხდნენ თუ არა ისინი მინისტრების სავარძლებში, უმეტესი მათგანი ფულებს დაეტაკა საკუთარი ჯიბეების შესავსებად. ამიტომაც ხალხმა ასეთებს სამართლიანად შეარქვა დოლარიჩები. იგივე ითქმის მისივე ძალისხმევით დასმულ უზენაესი საბჭოს დეპუტატებზე, რომლებიც წინ აღუდგნენ მას იმ იმედით, რომ ბატონი ზვიადის შემცვლელი ედუარდი, რომელთანაც წინდაუკან დარბოდნენ მოსკოვში, მისგან უფრო პრესტიჟულ თანამდებობებს მიიღებდნენ.

 მართალია, ბატონი ზვიადისათვის ძალზე რთული საქმე იყო ღირსეული კადრების მონახვა იმ ქვეყანაში, რომელიც 200 წლის მანძილზე ირყვნებოდა მორალურად ჯერ რუსული მონარქიისა, ხოლო განსაკუთრებით კი, კომუნისტური უზნეობის პერიოდში, – ქვეყანაში, სადაც ხალხს დავიწყებული ჰქონდა ეროვნებაც, მამულიც, სარწმუნოებაც

 218

 და ზნეობაც, მაგრამ, აი, სწორედ ასეთ ჟამს საჭირო იყო ამ გადაგვარებული ხალხის მიმართ არა ისეთი ლოზუნგებით მოქმედება, რომლითაც ბატონი ზვიადი მოქმედებდა – ისინი თუ ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთო! – არამედ, რკინის ხელი, რომელიც ერთის დარტყმით აღგვიდა ყოველ გარეწარს, როგორც ეს თავის დროზე დავით აღმაშენებელმა განახორციელა საყოველთაოდ მიღებული აქსიომა – ქვეყნის მართვის საჭეს რომ იღებ ხელში, თუ მისი გადარჩენა გინდა, რა დროს ღვთისმოსაობაზე და მოღალატეთა დანდობაზეა ლაპარაკი – ქვეყნის მტერი და მოღალატე უნდა მოსპო, მორჩა და გათავდა!

 ვინ იტყვის, რომ დავით აღმაშენებელი უფრო ნაკლები ქრისტიანი იყო, ვიდრე ზვიად გამსახურდია, მაგრამ, როცა უსაშინლესი გარეშე მტრის პირისპირ მდგომი ქვეყნის წინაშე შინაგანი მტრის ალაგმვის საკითხი დადგა, მან ათასობით მოღალატე ძელზე გასვა და მხოლოდ ამის შემდეგ, შინაგანად განმტკიცებული დაუპირისპირდა გარეშე მტერს. ამის გარდა, დავით აღმაშენებელი გამეფებისთანავე როდი ეძგერა თურქ-სელჩუკთა უძლიერეს სასულთანოს. იგი 10-წელიწადს მორჩილებდა თურქთა სულთანს და 10-წელიწადს აძლევდა მას დამამცირებელ ხარკს, ვიდრე ერთის მხრივ, შინაგანად არ მოძლიერდა მისი ქვეყანა, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ეს ულმობელი დამპყრობელი არ ნახა ევროპელ ჯვაროსნებთან ბრძოლაში დასუსტებული.

ამის პარალელურად, როგორღა მოიქცა ჯერ კიდევ თიხის ფეხებზე მდგომი საქართველოს პრეზიდენტი, როცა მას შიგნიდან უტევდა მტრის მიერ იარაღასხმული კოლაბორაციონისტების უძლიერესი ბანდა? მახსოვს, ბატონმა პრეზიდენტმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: გორბაჩოვმა დამირეკა და მითხრა: თუკი თქვენ სავსებით არ ამოუკვეთავთ ფეხს რუსეთს საქართველოდან, მე სამაგიეროდ, მოგიხსნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებსო. მე კი ასე ვუპასუხე: არავითარ შემთხვევაში არ გადმოვაბიჯებ კრემლის ზღურბლს, ვიდრე რუსეთი არ იცნობს საქართველოს სრულ დამოუკიდებლობასო.

კი, ბატონო, რა სჯობდა მართლაც, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღესვე რომ მიგვეღწია სრული დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ბატონ ზვიადს ისიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა, ჩრდილოელი მეზობლის სახით რამხელა ვეშაპთან ჰქონდა საქმე და ამასთან რა მდგომარეობა ჰქონდა თვით ქვეყნის შიგნით?!

 მას ხომ წინ ედო ისეთი დიდებული წინაპრების მაგალითები, როგორიც გახლავთ ჯერ დავით აღმაშენებელი, ხოლო შემდეგ გიორგი ბრწყინვალე, როცა ერთი, თურქ-სელჩუკებს, ხოლო მეორე – მონღოლებს მანამდე არ დაუპირისპირდნენ, ვიდრე შინაური მოწინააღმდეგენი არ ალაგმეს და საკმაოდ არ მომძლავრდნენ?! ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ მცირე დათმობებით რუსეთის თანადგომა მოგვეპოვებინა ოს-აფსუა სეპარატისტებისა და შინაგამცემი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, პირიქით, ამ უძლიერეს ქვეყანას დავუპირისპირდით.

219

 შეცდომა იყო ისიც, ხელი რომ არ მოვაწერეთ უდღეურ დაფორმალურად შეკოწიწებულ „ესენგეს“ კავშირში შესვლაზე, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა რუსეთის ინსპირირებით ქართველი პუტჩისტების თავდასხმა საქართველოს ეროვნულ მთავრობაზე, და ბოლოს მისი დამხობაც. დიახ, რომ არა აღნიშნული შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში, დღეს ეგებ კვლავაც ეროვნული მთავრობა გვყოლოდა და ავცდებოდით კლანურ-მაფიოზურ და აშკარად გამოკვეთილ ანტიეროვნულ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო სრულ დანგრევამდე მიიყვანა.

მინდა აქვე აღვნიშნო – რა დაკარგეს თუნდაც შუა აზიის რესპუბლიკებმა, „ესენგეს“ რომ „დაუქვემდებარეს“ თავი?

სამწუხაროდ, რუსულ-საბჭოურ იმპერიაში შემავალმა რესპუბლიკებმა, თუ არ ჩავთვლით ბელორუსიას და მოლდავეთს, ისე მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რომ წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ. მარტო ჩვენ – ქართველები მოვყევით იმპერიის ნანგრევებში ჩვენი ექსტრემისტური პოლიტიკის გამო. ალბათ, შემოგვედავებიან: აგერ, შევარდნაძემ ხომ შეგვათრია „ესენგეში“ აფხაზეთის ომის დღეებში, და განა შეიძლება ეს ნაბიჯი შევარდნაძეს პატრიოტულ ქმედებაში ჩავუთვალოთო? ასეთი პარალელი სრული აბსურდია. ბატონი გამსახურდიასადმი რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბატონ გორბაჩოვის აღნიშნული შემოთავაზება იმას გულისხმობდა, რომ რუსეთი საქართველოს, გარკვეული დათმობის საფასურად, არათუ გაურთულებდა, არამედ დაეხმარებოდა კიდეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებაში.

რაც შეეხება „ესენგეში“ საქართველოს გაწევრიანებას, არც ეს იყო რაიმე უბედურება იმ პირობებში, როცა საქართველოს სათავეში ედგა ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება. შევარდნაძე კი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველი ხელისუფალი, რომელმაც იმიტომ წამოიწყო აფხაზეთში ავანტიურისტული ომი და იმიტომ შეათრია საქართველო „ესენგეში“, რომ აფხაზეთიც და „სამხრეთ ოსეთიც“ რუსებისათვის ეჩუქებინა, და ამის გარდა, მთელი დანარჩენი საქართველოც კვლავ რუსეთის მარიონეტ ქვეყნად გადაექცია. აქ, ერთი რამეცაა საგულისხმო: რუსეთის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას აქეთ ეხვეწებოდა „ესენგეში“ გაწვერიანებაზე, რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ რუსეთი ამის სანაცვლოდ მეტი პატივით მოეპყრობოდა საქართველოს. შევარდნაძემ კი იქით შესთავაზა საქართველო რუსეთს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველო რუსეთის ნების შემსრულებელ ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო და გადააქცია კიდეც!

ამგვარად, ბატონი ზვიადის წადილს, ერთბაშად ეხსნა საქართველო იმპერიის უღელისგან, სამწუხაროდ, აღსრულება არ ეწერა. ეს უნდა მომხდარიყო ნაბიჯ-ნაბიჯ. თვით დიდი ილია სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ანუ ეტაპობრივად ითვალისწინებდა იმპერიის ტყვეობიდან საქართველოს გამოხსნას. პირველ ეტაპზე იგი რუსეთის ხელისუფლებისაგან ითხოვდა მხოლოდ საქართველოსათვის ავტონომიის მინიჭებას – იმპერიიდან სულ გამოყოფას კი მეორე ეტაპისათვის იტოვებდა. ასევე, ამჟამადაც, გარკვეული კომპრომისებით უნდა მომხდარიყო იმპერიიდან საქართველოს  სრული გამოყოფა.

220

იმ დროს არსებულ სიტუაციაში ნაჩქარევი იყო, ასევე, ბატონი ზვიადის მიერ ისეთი დიდებული იდეის წამოყენება, როგორიც გახლდათ „კავკასიური სახლის შექმნა“. ამ იდეამ, როგორც იტყვიან, თავზარი დასცა რუსეთს. ეს ნიშნავდა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე მთელი ჩრდილო კავკასიის ჩამოცილებას რუსეთისაგან, რასაც არათუ რუსეთი, არამედ თვით ამერიკაც არ დაეთანხმებოდა. ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა კიევში გამართულ შეკრებაზე მხარი დაუჭირა რუსეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ვფიქრობ, ესეც იყო, ალბათ, იმისი მიზეზი, ამერიკის პრეზიდენტმა ბატონ ზვიადს რომ შეჰკადრა – „საქართველოს პრეზიდენტი დინების წინააღმდეგ მიცურავსო“.

ჩემი აზრით, ეს იდეა ბატონ ზვიადს ჯერ საიდუმლოდ უნდა შეენახა, ვიდრე მისი განხორციელების ჟამი არ დადგებოდა. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ერის დიდმა ჭირისუფალმა ვერ იდავითა, ერთის მხრივ შინაური მტრებისადმი უზომო დამთომბლობით, ხოლო მეორეს მხრივ, უძლიერესი იმპერიის მიმართ ასევე აბსოლუტური დაუთმობლობით. მაგრამ იმაში, რაც თავს დაატყდა საქართველოს ამის შემდეგ, უმთავრესი ბრალი მიუძღვის თვით ქართველთა არცთუ მცირე ჯგუფს, ასე ულმობლად და უგუნურად რომ დაუპირისპირდა თავისი ქვეყნის უერთგულეს პრეზიდენტს. ამის დასტურად ავიღოთ, თუნდაც, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი. განა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის იმდროინდელი პრეზიდენტები უნაკლონი იყვნენ, მთელი მოსახლეობა რომ გვერდში დაუდგა მათ?! ამ თანადგომით ამ ქვეყნების მოსახლეობამ ხომ თავიდან ააცილეს თავიანთ ქვეყნებს შინაური ანარქია, უსისხლოდ მიაღწიეს დამოუკიდებლობას და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინეს ხელისუფლებაში საჭირო კარდინალური ცვლილებები.

ერთი სიტყვით, თავი რომ მოგვაქვს – „ვინც კარგები ვართ, ქართველები ვართო“ – სინამდვილეში, ყველაზე დაბალ დონეზე აღმოვჩნდით იმპერიაში შემავალ ყველა რესპუბლიკას შორის, თუნდაც იმით, რომ ჯვარს ვაცვით ქრისტესმიერი კაცი, ხოლო მის ნაცვლად მოვიწვიეთ ბარაბა, რომელსაც აგერ უკვე 11-წელია ვემონებით, ვითარცა პირუტყვები. ჰეგელს უთქვამს – ყოველ ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო. ამისი ზუსტი მაგალითია ჩვენი ქვეყანა. ერი, რომელმაც ვერ შეიფერა სამშობლოს სიყვარულში დაფერფლილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ღირსია იმ ხელისუფლებისა, როგორიც ამჟამად ჰყავს!

მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

 

დატოვე კომენტარი