Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სეგმ- მემორანდუმი

 

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი _ საქართველოს პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის დღევანდელ მძიმე მდგომარეობასა და პასუხისმგებლობას ქართული ერის წინაშე, ვიზიარებთ რა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტში განცხადებულ ძირეულ პრინციპებს, ვერთიანდებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარშემო, მემორანდუმზე ხელმოწერით ვთანხმდებით და საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ:

1991-1993 წლების, ქვეყნის გარედან ინსპირირებულმა, სამხედრო-კრიმინალურმა სახელმწიფო გადატრიალებამ შესაძლებლობა მოუსპო ეროვნულ ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრივობის აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით, საფუძველი დაუდო ტოტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასიურ დარღვევებს, დააფუძნა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამართალშეგნება, ან სულაც უარყოფინა მას კანონის უზენაესობის პრინციპი. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქართველოში  სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების რეორგანიზების დაწყებიდან, რაც ე. წ. ხავერდოვან რევოლუციად წარმოგვიდგინეს, დროებითმა ფაქტობრივმა მმართველობამ და მათ უკან მდგარმა ძალებმა გააყალბა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნები, მიიტაცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ქვეყანაში მოკლა პოლიტიკური პროცესები და ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი, ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით, დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას, ეკონომიკის “პრიორიტეტად” აქცია წართმევა, გააღატაკა მოსახლეობა, მიზანმიმართულად გაანადგურა პროფესიონალი კადრები, სამარცხვინოდ დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან, სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და  კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის  ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე, დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა,  უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ეროვნული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო. ყოველივე ამის განსახორციელებლად კი აუცილებელია, საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის გადაჭრას უპირველესი პრობლემა _ უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი;

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველო არ განმტკიცდება თავის თავისუფლებაში ყველა _  პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ასპექტით. შესაბამისად უწყვეტია მისი ისტორიულ-თემატური დრო და ამ დროში მის მიერ დატოვებული კვალიც, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამდენად უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის, ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საკითხები.

საქართველოს ეროვნულ-გამანთავისულებელი მოძრაობასთან ერთად ვიღებთ ინიციატივას ვიყოთ ამ პროცესების წამმართავი ძალა, რომლის მიზანი იქნება დაამკვიდროს ქვეყანაში მშვიდობა, ურთიერთგაგება, მონანიებისა და მიტევების გზით ხელი შევუწყოთ ეროვნული თანხმობისა და შერიგების პროცესს. მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ – სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თანხმობის მიღწევა. მხოლოდ სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპეპზე დაყრდნობით მიღწეული სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება წარმოადგენდეს ერთადერთ სავალდებულო პოზიციას სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციებისათვის და ეს ბრძოლა  გავაგრძელოთ მანამ, სანამ ქართველ ხალხს არ ეყოლება ერის ნების გამომხატველი სამართლებრივი, კანონიერი, ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება, რამეთუ მიგვაჩნია, რომ სხვა გზა არის გათიშულობის, დაპირისპირების და კონფრონტაციის გზა;

მიზნად უნდა დავისახოთ: საქართველოს გათავისუფლება ქვეყნის შიდა, თუ გარე ბოროტი ძალებისაგან და ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისულებელი მოძრაობა, გავაერთიანოდ ჩვენი ადამიანური, ორგანიზაციული, საინფორმაციო, ფინანსური და სხვა რესურსები, ავირჩიოთ მიზანმიმართული, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის გზა, ჩვენს რიგებში მოვუხმოთ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, რათა ერთად ვიხსნათ სამშობლო;

საქართველოს ნამდვილ მამულიშვილს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ უნდა ემსახუროს ქართველი ხალხის უზენაესობას, მარადიული ჭეშმარიტების მოთხოვნებს. ვუერთდებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართველი პოლიტემიგრანტების მოთხოვნებასა და მიმართვებს სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი წყვეტის აღმოფხვრასა და ახალი ლეგიტიმირებული, სამართლებრივი არჩევნების დანიშვნას, რამეთუ სწორედ ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და გამარჯვებას აქვს აზრი. მხოლოდ მას შემდეგაა რეალური და უცილობელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა. დიდი მიზნების მიღწევას შესაძლოა ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს. გამარჯვების გარანტი სწორად საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა;

მთავარი ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ვერთიანდებით სამშობლოს გადასარჩენად!
უკანონობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ კანონით!
უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!
სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ სიმართლით!     

 საქართველომ პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

 საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

 

***

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

 

 ***

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ  ა  ნ  ი  ფ  ე  ს  ტ  ი

 

დატოვე კომენტარი