Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• დონალდ ტრამპის სიტყვა წარმოთქმული რაშმორის მთაზე

● რა ხდება მსოფლიოში

 

trump-delivers-divisive-culture-war-message-at-mount-rushmore-800x445-1

დონალდ ტრამპის სიტყვა წარმოთქმული რაშმორის მთაზე

ეს სიტყვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოთქვა რაშმორის მთის ძირას, 2020 წლის 3 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის გამო. სამხრეთ დაკოტის შტატში მდებარე რაშმორის მთაზე გამოკვეთილია ამერიკის ოთხი ძირითადი პრეზიდენტის სახე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია ამერიკისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. ეს სიტყვა გვამოგზაურებს ისეთ ამერიკაში, რომელიც ჩვენ მოგვწონს. აუცილებლად გაეცანით!

ონსტანტინე გამსახურდია

10 ივლისი, 2020

* * *

„დიდი მადლობა. გუბერნატორო ნოემ, მდივანო ბერნჰარდტ, ჩვენ არ გვესწავლება ამ ყოველივე დაფასება. კონგრესის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო და განსაკუთრებით სალამი შენ, სამხრეთ დაკოტა. ამ შაბათ-კვირის დაწყებისას 4 ივლისს პირველი ლედი და მე ყოველ თქვენგანს ვუსურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. მადლობა თქვენ.

ნება მოგვეცით ჩვენი აღიარება გამოვხატოთ არმიის, სამხრეთ დაკოტას ეროვნული გვარდიის საჰაერო დანაყოფის, ასევე ჩვენი საჰაერო ძალების მიმართ, რომლებმაც ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების დიდებული დემონსტრირებით დიდი შთაგონებით აგვავსეს, და რასაკვირველია, როგორც ყოველთვის ჩვენი მადლიერება ეკუთვნით ლეგენდარულ და ნიჭიერ Blue Angels-ებს. ჩვენი დიდი მადლობა თქვენ. ასევე დიდი მადლობა ჩვენს ჩინებულ ვეტერანებს, სამართალდამცავებს, მაშველთა კორპუსს და ექიმებს, მედდებს და მეცნიერებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ვირუსის მოკვდინებისთვის. ისინი თავგადადებულად შრომობენ. მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ თქვენი შტატის კონგრესის დელეგაციისა. სენატორო ჯონ თიუნ, გმადლობთ. სენატორო მაიკ რაუნდს, გმადლობთ მაიკ. ასევე თქვენც, კონგრესმენო დასტინ ჯონსონ, სალამი დასტი, გმადლობ. და ყველა სხვას, რომლებიც დღეს საღამოს კონგრესიდან აქ, ჩვენთან არიან, გმადლობთ მოსვლისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.

არ არსებობს ამაზე კარგი ადგილი ამერიკის დამოუკიდებლობის საზეიმოდ აღნიშვნისთვის, ვიდრე ამ ზვიადი, გასაოცრად დიდებული მთის და იმავდროულად ყველა დროის ყველაზე დიდი ამერიკელების ძეგლის ძირში. დღეს პატივს მივაგებთ ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონი, აბრაჰამ ლინკოლნის და ტედი რუზველტის ანდერძებს. მე აქ ვარ, როგორც პრეზიდენტი, რათა ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე განვაცხადო: ეს ძეგლი არასდროს იქნება შებილწული, ეს გმირები არასდროს იქნებიან შეურაცხყოფილნი, მათი ანდერძი არასდროს იქნება განადგურებული, მათი მიღწევები არასდროს მიეცემა დავიწყებას, და რაშმორის მთა მუდამ იდგება, როგორც მარადიული ხარკი ჩვენი წინაპრებისადმი და ჩვენი თავისუფლებისადმი. დღეს საღამოს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერი-სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი დღე, 1776 წლის 4 ივლისი აღვნიშნოთ. ამ სიტყვებზე ყველა ამერიკელის გული სიამაყემ უნდა აავსოს, ყოველმა ამერიკულმა ოჯახმა ეს დღე სიხარულით უნდა იზეიმოს და ყოველ ამერიკელ პატრიოტს სიხარული უნდა მოიცავდეს, რამდენადაც ისინი ცხოვრობენ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარჩინებულ ქვეყანაში, და მალე ის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ჩვენმა დამფუძნებლებმა დაიწყეს არამარტო რევოლუცია სამთავრობო დონეზე, არამედ რევოლუცია სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების და კეთიდღეობის მიმართულებით. არც ერთ ერი-სახელმწიფოს არ გაუკეთებია იმაზე მეტი კაცობრიობის წინსვლისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, და არც ერთ ხალხს არ გაუკეთებია კაცობრიობის წინსვლისათვის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი დიდი ერი-სახელმწიფოს მოქალაქეებს. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა იმ 56 პატრიოტის სიმამაცით, რომლებიც 244 წლის წინ შეიკრიბნენ ფილადელფიაში და ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მათ მარადიული გახადეს ღვთიური ჭეშმარიტება, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა მსოფლიო, როდესაც განაცხადეს: „ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორად შეიქმნა“. ეს უკვდავი სიტყვები სათავეს მისცემენ თავისუფლების შეუჩერებელ სვლას. ჩვენი დამფუძნებლები მამაცურად აცხადებდნენ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი ღვთაებრივი უფლებებით ვართ აღჭურვილნი, რომელიც ჩვენ ზეციურმა დამბადებელმა მოგვანიჭა, და ჩვენ იმას, რაც ღმერთმა გვიბოძა, წასართმევად არავის დავანებებთ.

1776 წელი იყო მწვერვალი დასავლური ცივილიზაციის ათასწლეულებისა და ტრიუმფი არამარტო სულის, არამედ სიბრძნის, ფილოსოფიის და გონების. და მაინც ჩვენი დღვანდელი შეხვედრისას იზრდება საფრთხე, რომელიც ემუქრება ყოველგვარ სიქველეს, რომლებისთვისაც ჩვენი წინაპრები მედგრად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, რათა ისინი დაეცვათ. ჩვენი ერი-სახელმწიფო მოწმეა დაუნდობელი კამპანიისა, რომლის მიზანია ჩვენი ისტორიის წაშლა, ჩვენი გმირების დაკნინება ცილისწამებით, ჩვენი ფასეულობების მოსპობა და ჩვენი შვილების ინდოქტრინაცია. მძვინვარე ბრბოები ცდილობენ ძეგლების გადმოგდებას პედესტალებიდან, ჩვენი ყველაზე წმინდა ძეგლების დაზიანებას და ჩვენს ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულობების ტალღის აგორებას. ამ ადამიანთაგან ბევრმა არც კი იცის, რატომ სჩადის ამას, თუმცა ზოგიერთმა იცის. ისინი ფიქრობენ, რომ ამერიკელი ხალხი სუსტია, უნიათო და იოლად დაქვემდებარებადია; მაგრამ არა, ამერიკელი ხალხი ძლიერი და ამაყია, იგი არ დაუშვებს რომ ჩვენი ქვეყანა მისი ფასეულობებით, ისტორიით და კულტურით მას წაართვან.

მათი ერთი-ერთი პოლიტიკური იარაღია კულტურის ამოძირკვა, ადამიანების განდევნა მათი სამუშაო ადგილებიდან, სხვაგვარად მოაზროვნეების დაშინება და ყველას დამორჩილება, ვისაც განსხვავებული შეხედულებანი გააჩნია. ეს არის ზუსტად ტოტალიტარიზმის განმარტება და ეს არის ჩვენი კულტურისთვის და ფასეულობებისთვის სრულიად უცხო, მისი ადგილი საერთოდ არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს შეტევაა ჩვენს თავისუფლებაზე, მათ სურთ ჩვენი შესანიშნავი თავისუფლების შეჩერება, მაგრამ ისინი თავად იქნებიან ძალიან მალე შეჩერებულები. ჩვენ ამ საშიშ მოძრაობას ვამხელთ, ჩვენი ერის შვილებს დავიცავთ ამ რადიკალური თავდასხმებისგან და დავიცავთ ჩვენს საყვარელ ამერიკულ ცხოვრების წესს. ჩვენს სკოლებში, ჩვენი გაზეთების რედაქციებში და თვით ჩვენი საწარმოების გამგეობების დონეზე არსებობს ახალი, მემარცხენა ფაშიზმი, რომელიც აბსოლუტურ ლოიალურობას მოითხოვს. თუკი თქვენ მის ენაზე არ საუბრობთ, მის რიტუალებს არ ასრულებთ, მის მანტრებს არ იმეორებთ და მის მცნებებს არ მიჰყვებით თქვენ მოყვებით ცენზურაში, განიდევნებით, მოხვდებით შავ სიაში, დაიწყება თქვენი დევნა და დაისჯებით. ეს ჩვენთან არ მოხდება.

თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიზნად ისახავს ამერიკული რევოლუციის დამხობას. ამით ისინი დაამხობენ იმ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბისგან, ავადმყოფობისგან, ძალადობისგან და შიმშილისგან და კაცობრიობა აიყვანა მიღწევების, აღმოჩენების და პროგრესის ახალ ეტაპზე. ეს რომ შეძლონ, ისინი მზად არიან ყოველი ძეგლის, ყოველი სიმბოლოს და ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის მოგონების აღმოფხვრისთვის.

ეს ჭეშმარიტად ასეა. ამიტომაც მე ჩავრთე საქმეში ფედერალური სამართალდამცავი უწყება ჩვენი ძეგლების დასაცავად, მარბიელების და დამნაშავეების დაკავება მოხდება კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედებით.

მე მათ მადლობა ვუხდი. მიხარია იმისი უწყება, რომ ფედერალური პოლიციის აგენტებმა გუშინ დაააკავეს დიდი ენდრიუ ჯეკსონის ძეგლზე თავდასხმის წინამძღოლი ვაშინგტონ DC-ში, და მასთან ერთად ასობით იქნენ დაკავებულნი. თანახმად ახალი რეგულაციებისა რომლებსაც სხვა კანონებთან ერთად წინა კვირას მოვაწერე ხელი, ფედერალური ან სხვა რიგის ძეგლების დამზიანებლებს სულ ცოტა 10 წლიანი პატიმრობა მოელით და ამაში შედის ბუნებრივია ჩვენი შესანიშნავი რაშმორის მთა.

ჩვენს ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. იგი ჯორჯ ვაშინგტონის, აბრაჰამ ლინკოლნის, ულის გრანტის და სხვების ძეგლების დამსხვრევას არასოდეს დაივიწყებს. ძალადობრივი ქაოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ქალაქებსა და ქუჩებში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მართულია ლიბერალ-დემოკრატების მიერ, არის პროგნოზირებადი შედეგი მრავალწლიანი ექსტრემალური ინდოქტრინაციიისა და მიკერძოებულობისა განათლებაში, ჟურნალისტიკის სფეროში და სხვა კულტურულ დაწესებულებებში. საზოგადოების და ბუნების ყველა კანონთან მიმართებაში ჩვენს ბავშვებს ასწავლიან სძულდეთ საკუთარი ქვეყანა და სწამდეთ, რომ გმირები, რომელთაც ის ააგეს, თაღლითები და დამნაშავეები იყვნენ. ამერიკული ისტორიის რადიკალური თვალსაზრისი არის სიცრუეების ბადე, სადაც ყველა პერსპექტივა დაშორებულია, ყველა სიქველე შეფარული, ყველა მოტივი უკუღმაა შეტრიალებული, ყოველი ფაქტი დამახინჯებული, ყოველი ნაკლი გადიდებული, ვიდრე ისტორია არ იქნება სრულიად გაწმენდილი და აქტები დამახინჯებული ისე, რომ ვეღარავინ იცნოს. ეს მოძრაობა ხშირად თავს ესხმის რაშმორის მთის ისტორიულ პირთა მემკვიდრეობას. იგი ტალახს ესვრის ხსოვნას ვაშინგტონზე, ჯეფერსონზე, ლინკოლნზე და რუზველტზე. დღეს ჩვენს ისტორიას და მის დასკვნით შეჯამებას თავის მართებულ ადგილს მივუჩენთ.

ვიდრე ეს ფიგურები ქვაში გამარადიულდებოდნენ, ისინი იყვნენ ამერიკელი გოლიათები სისხლით და ხორცით, გალანტური მამაკაცები, რომელთა უშიშარმა საქმეებმა საკაცობრიო პროგრესი სამყაროსთვის უმაგალითოდ დიდი ნახტომით წინ წასწიეს. დღეს საღამოს თქვენ და უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდებს მოგიყვებით ამ დიდკაცების ნამდვილ ისტორიას. თავიდან ფეხებამდე ამერიკელი ხალხის სიძლიერეს, მომხიბლელობას და ღირსებას წარმოადგენდა ჯორჯ ვაშინგტონი. მოხალისეთა მოქალაქეთა და გლეხთა მცირე რაზმისგან მან შექმნა კონტინენტალური არმია და შემოიკრიბა ისინი თავის გარშემო, რათა დაპირისპირებოდა მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალას. რვა წლის განმალობაში, უელლი ფორჯის სასტიკ ზამთარში, საპასუხო დარტყმებთან ერთად გაუძღვა ამ პატრიოტებს საბოლოო ტრიუმფისკენ. როდესაც არმია 1776 წლისთვის ათას კაცამდე შემცირდა, როდესაც დამარცხება სრულიად გარდაუვალი ჩანდა, მისი ჯარის ნარჩენმა გაბედა და დელავარის მდინარე გადალახა. მათ გაიარეს 9 მილი ყინვაში და სიბნელეში, ბევრი ჩექმის გარეშეც იყო დარჩენილი და სისხლის ნაკვალევს ტოვებდა თოვლზე. დილით მათ გამარჯვება მოიპოვეს ტრენტონში, მას შემდეგ რაც იორკთაუნში მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს კაპიტულაცია აიძულეს. გენერალი ვაშინგტონი პრეტენზიას ძალაუფლებაზე კი არ აცხადებდა, არამედ როგორც კერძო პირი დაუბრუნდა მაუნთ ვერნონს.

როდესაც მას ხელმეორედ მოუხმეს, იგი საკონსტიტუციო კონვენტს უძღვებოდა ფილადელფიაში და ერთხმად იქნა არჩეული პირველ პრეზიდენტად. როდესაც იგი ორი სახელისუფლებო ვადის შემდეგ გადადგა, თავისი ყოფილი მოწინააღმდეგე, მეფე ჯორჯი თავისი დროის ყველაზე დიდ ადამიანად დაასახელა. იგი დღემდე პირველია ჩვენს გულებში, რადგან იქამდე, ვიდრე ამერიკელებს თავიანთი ქვეყანა უყვართ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მამას, ჯორჯ ვაშინგტონს პატივს მივაგებთ და დავაფასებთ. იგი არასდროს იქნება მოცილებული, გაუქმებული და რაც ყველაზე მთავარია დავიწყებული.

თომას ჯეფერსონი, დიდი თომას ჯეფერსონი 33 წლისა იყო, როდესაც ჩრდილოეთიდან პენსილვანიაში გაემგზავრა. ბრეივორის სახით შექმნა საკაცობრიო ისტორიის უდიდესი საუნჯე, დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მანვე შექმნა ვირჯინიის კონსტიტუციის მონახაზი და ასევე ვირჯინიის წესდება რელიგიური თავისუფლებისთვის, ჩვენი პირველი კონსტიტუციის დამატების ერთგვარი მოდელი. მას შემდეგ, რაც მან იმსახურა, როგორც პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შემდეგ ვიცეპრეზიდენტმა, იგი პრეზიდენტად აირჩიეს. მან უბრძანა ამერიკელ მეომრებს ბარბერის მეკობრეთა განადგურება. ლუიზიანას შესყიდვის შემდეგ მან ჩვენი ერი-სახელმწიფოს ფართობი გააორმაგა, მან ცნობილი აღმომჩენები ლუისი და კლარკი გააგზავნა დასავლეთით გაბედულ ექსპედიციაში წყნარი ოკეანისკენ. იგი იყო არქიტექტორი, გამომგონებელი, დიპლომატი, სწავლული, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტის დამაარსებელი და თავისუფლების მგზნებარე დამცველი. ამერიკელები ყოველთვის აღტაცებით მოიხსენიებენ ამერიკული თავისუფლების შემოქმედს, თომას ჯეფერსონს, და მას არც ჩვენ დავივიწყებთ ოდესმე.

აბრაჰამ ლინკოლნი, ჩვენ ერის მხსნელი, იყო თვითნასწავლი იურისტი, რომელიც ამერიკის საზღვართან ახლოს, ქოხში გაიზარდა. როგორც პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იგი აღზევდა თავისი მონობის წინააღმდეგ მიმართული შეხედულებების ძალითა და სიცხადით მანამდე დაფარული არსებობიდან მაღალ თანამდებობებზე. ძლიერი, ძალიან ძლიერი შეხედულებებით. მან ხელი მოაწერა ტრანსკონტინენტალური რკინიგზის მშენებლობის კანონს. მან ხელი მოაწერა ჰოუმსტედის კანონს, რაც ზოგიერთ განსაკუთრებულ სწავლულს მიეცა, განსაზღვრა რა ჩვეულებრივ, რომ რიგითმა მოქალაქემ თავისუფალი მიწები მიიღოს ამერიკის დასავლეთში ყველგან დასასახლებლად. და იგი წინ უძღოდა ქვეყანას თავისი ისტორიის უბნელეს პერიოდში, სადაც ყველას თითო მისხალს აძლევდა თავისი ძალისას, იმაში დასარწმუნებლად – რომ ხალხის ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით და ხალხისავე მხარდამჭერი თავადაც არ დამთავრებულიყო. იგი იყო მთავარსარდალი ამერიკული არმიისა სისხლიანი სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც იხსნა ჩვენი კავშირი და მონობის უბედურება მოსპო. 600 000 ადამიანი დაიღუპა ამ ომში, 20000-ზე მეტი იქნა მოკლული და დაჭრილი მხოლოდ ერთ დღეს ანტიეტამში, გეთისბურგში 157 წლის წინ კავშირმა მხნედ მოიგერია 15 000 კაცის შემოტევა და პიკეტი. ლინკოლნმა მოიგო სამოქალაქო ომი. მან გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაციის განაცხადი, მან განიხილა მე-13 დამატებითი დებულება რითიც მონობა სამუდამოდ მოსპო და საბოლოოდ მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს გადამჭრელი ქმედებები, ჩვენი ერი-სახელმწიფოს და კავშირის შესანარჩუნებლად განხორციელებული. ვიდრე ცოცხლები ვართ, ჩვენ ამერიკელები დავიწყებას არ მოვცემთ პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნის ხსოვნას და პატივს მივაგებთ მას.

თეოდორ რუზველტმა გაათვალსაჩინოვა დაუოკებელი ნდობა ჩვენი ეროვნული კულტურისა და იდენტობის მიმართ. იგი ხედავდა ამერიკული მისიის განსაკუთრებულ სიდიადეს მსოფლიოში და იყო მისი მიმდევარი მთელი თავისი ენერგიით და მგზნებარებით. როგორც უფროსი ლეიტენანტი ამერიკა-ესპანეთის ომში იგი მეთაურობდა ცნობილ რაფ რაიდერებს, მტერი რომ დაემარცხებინა სან-ხუანის ბორცვზე. როგორც ნიუ-იორკ-სიტის პოლიციის უფროსმა მან ამოძირკვა კორუფცია, შემდეგ მსახურობდა ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობაზე, ამის შემდეგ გახდა ვიცეპრეზიდენტი და ბოლოს 42 წლის ასაკში იგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

მან ჩვენი ყველაზე დიდი ახალი სამხედრო-საზღვაო ფლოტი მთელს გლობუსზე გაუშვა, რათა ეუწყებინა ამერიკის, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფოს გამოჩენა ასპარეზზე. მან ჩვენ ბევრი ახალი ეროვნული პარკი გვაჩუქა, მათ შორის გრანდ ქენიონი. მან დასაბამი დაუდო გასაოცარი პანამის არხის მშენებლობას და ის ერთადერთი პიროვნებაა, ვინც მიიღო როგორც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ისე კონგრესის საპატიო მედალი. ის სრულყოფილი განსხეულება იყო ამერიკული თავისუფლებისა. ამერიკელი ხალხი არასდროს შეელევა თეოდორ რუზველტის მამაც, მშვენიერ, და დაუოკებელ სულს.

არც ერთ მოძრაობას, რომელიც ეცდება, ეს ღირებული ამერიკული მემკვიდრეობა გააუქმოს, გულში არ ექნება სიყვარული ამერიკისადმი. ეს შეუძლებელია. ვერც ერთი ადამიანი, ვინც სდუმს ამ ბრწყინვალე მემკვიდრეობის განადგურებისას, ვერ გაგვიძღვება უკეთესი მომავლისაკენ. რადიკალური იდეოლოგია, რომელიც უტევს ჩვენს ქვეყანას, მოიწევს სოციალური სამართლიანობის დროში ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში იგი სიამოვნებით დაანგრევდა როგორც სამართლიანობას, ისე საზოგადოებას. იგი სამართლიანობას აქცევდა დაყოფის და შურისძიების იარაღად და ჩვენს თავისუფალ და ინტეგრულ საზოგადოებას ჩაგვრის, მზვაობრობის და გამიჯვნის ადგილად გადააქცევდა. მათ სურთ, რომ დაგვადუმონ, მაგრამ ჩვენ არ დავდუმდებით.

მე მადლობას გიხდით, დიდ მადლობას.

ჩვენ სიმართლეს ბოდიშის მოხდის გარეშე სრული მოცულობით წარმოვადგენთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე სამართლიანი და განსაკუთრებული ერი-სახელმწიფოა აქამდე დედამიწაზე არსებულთა შორის. ჩვენ ამაყნი ვართ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა იუდეურ-ქრისტიანულ პრინციპებზეა დაფუძნებული და ჩვენ გვესმის, რომ ამ ფასეულობებმა მშვიდობის და სამართლიანობის საქმე მთელს მსოფლიოში დრამატულად წინ წასწიეს. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკული ოჯახი ამერიკული ცხოვრების ფუნდამენტია. ჩვენ ვაღიარებთ ყველა ერი-სახელმწიფოს უფლებას და ზნეობრივ მოვალოებას დაიცვან საკუთარი საზღვრები და ჩვენ ვაგებთ კედელს. ჩვენ ვიხსენებთ იმას, რომ მთავრობები არიან საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების და ბედნიერების დასაცავად. ერი-სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს. ეს დროულია. ჩვენ გვწამს შანსების თანაბრობა, თანასწორობა და ერთნაირად მოპყრობა ყველა რასის, წარმომავლობის, რელიგიის და სარწმუნოების მოქალაქების მიმართ. ყველა ბავშვი, რომელი ფერისაც არ უნდა იყოს ის, დაბადებული თუ დაუბადებელი, არის ღვთის წმინდა ხატად შექმნილი.

ჩვენ გვსურს თავისუფალი და ღია დებატი, არ გვსურს ენობრივი კოდი და ასევე რაიმე უარყოფა კულტურის მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ ტოლერანტობას, არა განსჯით წანამძღვრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამბედავ მამაკაცებს და ქალებს სამართალდამცავ სტრუქტურაში. ჩვენ არასოდეს არ გავაუქმებთ ჩვენს პოლიციას და არც ჩვენი კონსტიტუციის დიდ მეორე დებულებას, რაც უფლებას გვაძლევს, ვიქონიოთ იარაღი და ვატაროთ ის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თავიანთი სამშობლის სიყვარული, თავიანთი ისტორიის დაფასება და ჩვენი დიდი ამერიკული დროშის პატივისცემა. ჩვენ ვდგავართ მედგრად, ამაყად, და მუხლს მოვიყრით ყოლვადძლიერი ღმერთის წინაშე. ესაა, რაც ჩვენ ვართ. ესაა, რისიც გვწამს და ესაა ის ფასეულობები, რომლებიც წინ გაგვიძღვებიან უკეთესი და უფრო დიადი მომავლისაკენ. მათ, ვინც ცდილობენ ამოძირკვონ ჩვენი მემკვიდრეობა, სურთ რომ ჩვენ, ამერიკელებმა დავივიწყოთ ჩვენი სიამაყე და ღირსება, ისე, რომ ვეღარ შევძლოთ ამერიკის ბედში გარკვევა. ამხობენ რა 1776 წლის გმირებს, ისინი ცდილობენ სიყვარული და ერთგულების კავშირების მოსპობას, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან გვაკავშირებს და ჩვენც ერთმანეთთან. მათი მიზანი არ არის უკეთესი ამერიკა, მათი მიზანია ამერიკის დასრულება.

მის ადგილას მათ სურთ ძალაუფლება საკუთარი თავისთვის, მაგრამ ისე, როგორც პატრიოტები გასულ საუკუნეში ამას მოიმოქმედებდნენ, ამერიკელი ხალხი მათ გადაუდგება აქეთკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ სწრაფად და ღირსეულად გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ ამერიკის გმირები მათ ჩვენი კვარცხლბეკებიდან ან ჩვენი გულებიდან დაამხონ, ამოაგდონ. ამხობენ რა ვაშინგტონს ან ჯეფერსონს, ამ რადიკალებს სურთ იმ მემკვიდრეობის დამხობა, რასაც ხსენებულმა ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, რათა გაემარჯვებინათ სამოქალაქო ომში, ისინი წაშლიდნენ მოგონებას, რამაც ის ჯარისკაცები შთააგონა სიკვდილზე წასულიყვნენ, როდესაც ისინი რესპუბლიკის საბრძოლო ჰიმნს მღეროდნენ: „როგორც ის მოკვდა, რომ წმინდა-ეყო ვაჟკაცები, ასევე დაგვაცალეთ მოვკვდეთ, რათა ადამიანები გავათავისუფლოთ, მაშინ როდესაც უფალი თავის სვლას განაგრძობს.“ ისინი მოსპობდნენ პრინციპებს, რამაც დაასრულა მონობა და მთელს მსოფლიოში ეს ბოროტი ინტიტუტი გააუქმა, რაც ტანჯავდა კაცობრიობას არაერთი საუკუნე თუ ათასწლეული. ჩვენი მოწინააღმდეგეები დახევდნენ იმ დოკუმენტებს, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ოცნება გამოხატა, რაც საფუძლად დაედო სამართლიანი სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ მოძრაობას. ისინი მოსპობდნენ შეხედულებებს, კულტურას და იდენტობას, რომელმაც ამერიკა აქცია დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცოცხალ და ტოლერანტულ საზოგადოებად. ჩემო ამერიკელო თანამოქალაქენო, დროა ვისაუბროთ ხმამაღლა და მტკიცედ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა!

დროა, ჩვენმა პოლიტიკოსებმა მოუხმონ ჩვენს ამერიკელ წინამორბედთა სიმამაცეს და სიმტკიცეს. დროა. დროა, გავშალოთ ჩვენი დროშები და დავიცვათ ამ დიდებული ქვეყნის ყველა რასის, ყველა ქალაქის, ყველა ნაწილის მოქალაქეები. ჩვენი ღირსების სახელით, ჩვენი ბავშვების სახელით, ჩვენი ერთიანობის სახელით უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენი დიდი გმირები. დღეს საღამოს აქ, ჩვენს წინამორბედთა თვალწინ ამერიკელები ხელახლა აცხადებენ, როგორც ეს 244 წლის წინათ მოიმოქმედეს, რომ ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ტირანული მეთოდებით მოგვეპყროს, დაგვამციროს და არ მივცემთ ბოროტ ადამიანებს ჩვენი დაშინების საშუალებას. ეს არ მოხდება.

ჩვენ განვაცხადებთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის იდეალებს და არასოდეს დავთმობთ სულს, სიმამაცეს და 1776 წლის 4 ივლისის საქმეს. ამ საფუძველზე მყარად და შეუდრეკელად ვიდგებით. იმ სიცრუეების პირისპირ, რომლებიც გვხლეჩენ და გვამცირებენ, ჩვენ ყველას დავანახვებთ, რომ ამერიკის ისტორია გვაერთიანებს.

ინსპირაციით აღგვავსებს, ყველას მოგვიცავს და გვათავისუფლებს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩვენს შვილებს ისევე ასწავლიდნენ ამერიკის დანახვას, როგორც ამას აკეთებდა პრესვიტერი მარტინ ლუთერ კინგი, როდესაც ამბობდა, რომ დამფუძნებლებმა ვალის თამასუქზე ყოველი მომავალი თაობისთვის მოაწერეს ხელი. დოქტორი კინგი ხედავდა, რომ მისია ჩვენგან სამართლიანობას მოითხოვდა, რომ ჩვენ დაფუძნების იდეალები ბოლომდე უნდა გავითავისოთ. ეს იდეალები ჩვენთვის არის დაფუძნების იდეალები, და არიან მნიშვნელოვანი.

იგი საკუთარ თანამოქალაქეებს მოუწოდებდა არ გაეწყვიტათ თავიანთი მემკვიდრეობა, არამედ ღირსნი ყოფილიყვნენ ამ მემკვიდრეობის. ყოველი თემის ბავშვებს უწინარეს ყოვლისა ის უნდა ვასწავლოთ, რომ ამერიკელობა ნიშნავს თავგადასავლის მოყვარული და თვითცნობიერი ადამიანის სულის ტარებას. ამერიკელები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი მანიფესტის ბედს ოკეანის მიღმა, გამოუკვლევ ტყე-ღრეში, უმაღლეს მთებს იქით, შემდეგ ცაში და ვარსკვლავებისკენ მიჰყვებოდნენ.

ჩვენ ვართ ენდრიუ ჯეკსონის, ულისეს გრანტის და ფრედერიკ დუგლასის ქვეყანა. ჩვენ ვართ უაილდ ბილ ჰიკოკის და ბაფალო ბილ კოდის ქვეყანა. ჩვენ ვართ ერი-სახელმწიფო, ვინც წარმოშვა ძმები რაიტები, მფრინავები ტაკიგი, ჰარიეტ ტაბმანი, კლარა ბარტონი, ჯესი ოუენსი, ჯორჯ პეტონი, გენერალი ჯორჯ პეტონი, დიდი ლუის არმსტრონგი, ალან შეფერდი, ელვის პრესლი და მუჰამედ ალი და მხოლოდ ამერიკას შეეძლო მათი წარმოშობა. სხვაგან ეს შეუძლებელი იყო.

ჩვენ ვართ კულტურა, სადაც ჰუვერის კაშხალი აღმართეს, დააგეს ჩქაროსნული გზები და მანჰეტენის იერსახე ჩამოაყალიბეს. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ოცნებაში თვალსაჩინო მოვლენებს ხედავდნენ, და ამას დაერქვა ლას ვეგასი ნევადას უდაბნოში, მაიამი ამოსული ფლორიდის ჭაობებიდან და ჩვენი გმირები გამოკვეთილნი რაშმორის მთაზე. ამერიკელებმა გამოიყენეს ელექტროობა, გახლიჩეს ატომი და მსოფლიოს მისცეს ტელეფონი და ინტერნეტი. ჩვენ ველური დასავლეთი დავასახლეთ, მოვიგეთ ორი მსოფლიო ომი, მთვარეზე გავუშვით ამერიკელი ასტრონავტები.

და ერთ დღესაც, ძალიან მალე ჩვენს დროშას მარსზე დავკიდებთ. ჩვენ გვაქვს ნაჩუქარი უოლტ უიტმანის პოეზიის სამყარო, მარკ ტვენის ისტორიების, ირვინგ ბერლინის სიმღერების, ელა ფიცჯერალდის ხმა, ფრენკ სინატრას სტილი, ბობ ჰოუპის კომედია, სატურნ V-რაკეტის ძალა, ფორდი F150-ის გამძლეობა და ამერიკული ავიამზიდის არნახული სიძლიერე.

ამერიკელებმა ეს ჩინებული ისტორია არასოდეს არ უნდა დაკარგონ. ჩვენ არა გვაქვს უფლება, იგი დავივიწყოთ. არავის რაიმე ისე არ გაუკეთებია ოდესმე, როგორც ჩვენ. ამის გამო მე ვაცხადებ იმ ავტორიტეტით, რომელიც მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადმომეცა, ახალი ძეგლის აღმართვას ჩვენი წარსულის გიგანტებისთვის. მე ხელს ვაწერ ამერიკელი გმირების ეროვნული გვარდიის აღმართვაზე, და ეს იქნება უზარმაზარი პარკი ქალაქგარეთ, რომელშიც ყველაზე დიდი ამერიკელების ქანდაკებები იდგება, ვისაც კი ამქვეყნად უცხოვრია.

ამ ღამიდან მოყოლებული, ამ დიდებული ადგილიდან გვსურს ჩვენ გაერთიანებულებს ჩვენს განზრახვაში წინ ვიაროთ და საკუთარ თავს ახლიდან მივანიჭოთ ეს მზაობა. ჩვენ ამერიკელი პატრიოტების ახალ თაობას აღვზრდით. ჩვენ დავწერთ ამერიკული თავგადასავლის ახალ საინტერესო თავს. ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს იმის ცოდნას, რომ ისინი ლეგენდების ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ არაფერს შეუძლია მათი შეჩერება, და არავის შეუძლია მათი შეჩერება. მათ ეცოდინებათ, რომ ამერიკაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, და რომ ჩვენ ერთად ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.

რაშმორის მთის ტიტანებისგან აღმართულნი ჩვენ ვიპოვით ერთიანობას, რასაც არავინ მოელოდა. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც არავისთვის ყოფილა შესაძლებელი. ეს ქვეყანა გახდება ის, რასაც ჩვენი მოქალაქეების ამდენ ხანს იმედოვნებდნენ და რისიც ეშინიათ ჩვენს მტრებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ ამერიკული თავისუფლება ამერიკული სიდიადისთვის არსებობს. და ეს არის ის, რაც გაგვაჩნია – ამერიკული სიდიადე. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ანდერძი ის ქალაქები იქნებიან, რომლებიც ჩვენ ავაგეთ, ის ჩემპიონები, რომლებიც გამოვჭედეთ, სიკეთეები, რომლებიც აღვასრულეთ, და ძეგლები, რომლებიც შევქმენით ჩვენს გარშემო ყველას ინსპირირებისთვის. ჩემო საყვარელო თანამოქალაქეებო, ამერიკის ბედი ჩვენს წინაშეა. ამერიკის გმირები ჩვენს გულებში არიან მყარად. ამერიკის მომავალი ჩვენს ხელშია. ბატონებო და ქალბატონებო, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. თქვენთან ერთად ყოფნა დიდი პატივი იყო პირველი ლედისთვის და ჩემთვის. მე მიყვარს თქვენი სახელმწიფო. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მე მსურს ყველას ვუსურვო ძალიან ბედნიერი 4 ივლისი. ღმერთმა დალოცოს ის. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამხედროები და ღმერთმა დალოცოს ამერიკა. მე გმადლობთ თქვენ, გმადლობთ.“ (სიტყვის დასასრული)