Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მუჰაჯირ ქართველთა იდენტობის საკითხები

 

ინგა ღუტიძე

                       ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 მუჰაჯირ ქართველთა ენობრივი და ეთნიკური  იდენტობის საკითხები

 

ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის სულის წიაღში მოიპოვება ერთადერთი, განუმეორებელი წყარო, რომელიც ეხმარება მას იდენტობის გამოხატვაში, ეხმარება დარჩეს ისეთი, როგორიც არის და თქვას სათქმელი ისე, როგორც ამას ვერ იტყვის ვერცერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი მსოფლიოში.

        

ნ. ს. დორიანი წერს: “ხალხი და ენა – რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი და  ადვილად გასაგები? იდეალურ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა. არსებობს განსაკუთრებული ადგილი, სადაც ცხოვრობს კონკრეტული ჯგუფი ხალხისა, რომელიც კონკრეტულ ენაზე ლაპარაკობს. მათ აქვთ სახელი თავიანთი თავისა და საკუთარი ენის გამოსახატავად. ეს სახელი მხოლოდ მათ მიეკუთვნებათ და ამ სახელით არ არსებობს არცერთი სხვა ხალხი და არც ეს ენაა მშობლიური სხვა რომელიმე ხალხისთვის. თუ თქვენ მათ იპოვით, ისინი გეტყვიან, ვინ არიან და რომელ ენაზე ლაპარაკობენ” (DORIAN, 1999: 25).   

        

 ჩვენი გამოკვლევა იმ ტიპის სოციუმს ეხება, რომელიც ისტორიაში ქართველი მუჰაჯირების სახელითაა ცნობილი. ნებისმიერი ეთნიკური ერთობის თვითშეგნების შესწავლას, ჩვენს შემთხვევაში კი ქართველ მუჰაჯირთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხების გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს; რადგან ენა, ისევე როგორც ყველა  სხვა შემთხვევაში, ქართველი მუჰაჯირების შემთხვევაშიც პირუთვნელად ასახავს მათ დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. რამდენადაც ტრაგიკული და მწარეა ისტორია ქართველი მუჰაჯირების აყრისა და გასახლებისა, იმდენადვე მრავალფეროვანი და საყურადღებოა მათი ენობრივი და ეთნიკური იდენტობის გამოხატვის ფორმები.  მუჰაჯირთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის დასადგენად გამოვიყენეთ სოციოლინგვისტიკისათვის დამახასიათებელი ის ძირითადი ფორმები, როგორებიცაა – ინტერვიუ და დაკვირვების მეთოდი, რაც შეეხება ანკეტირებასა და ტესტირებას, მათზე გარკვეული მიზეზების გამო ხელი არ მიგვიწვდებოდა.  

        

მუჰაჯირი არაბული სიტყვაა და ნიშნავს სამშობლოდან წასვლას, გასახლებას სხვა მხარეში. მუჰაჯირობად მიიჩნევა ის გასახლება, რომელიც ხდებოდა კავკასიაში რუსეთის მიერ შემოერთებული მიწა-წყლიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. ქართველ მუჰაჯირთა შესახებ ისტორიული ცნობებიც ძალზე მწირია და შესაბამისი სამეცნიერო გამოკვლევებიც. ქართველ მუჰაჯირთა პრობლემატიკას შეეხო ზ. ჭიჭინაძე, შ. მეგრელიძე, ა. ფრენკელი, ხ. ახვლედიანი, ვ. იაშვილი, ჯ. ჩხეიძე, ვ. სიჭინავა, ნ. კახიძე, გაზეთები: ”დროება”, “Обзор”,  “Кавказ”, ”Голос”.  ჩამოთვლილთაგან ყველაზე ვრცლად ამ საკითხზე ზ. ჭიჭინაძე და შ. მეგრელიძე მსჯელობენ. ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავს: ”რაკი გადასახლების შესახებ ისტორიული ცნობები არ გვაქვს, ამიტომ მგზავრობის დროს, ზეპირ ამბები ვკრიბე ამის შესახებ. არ არის ისეთი კუთხე ქართველ მაჰმადიანთა, რომ იქ მოხუცებულთ არ ეამბნათ ცნობები  მასზედ, თუ ძველად ოსმალთ მათ ხეობიდამ რამოდენა ხალხი აჰყარეს და გადაასახლესო” (ჭიჭინაძე, 1912 : 25).

        

ცნობილია, რომ მუჰაჯირობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ოსმალეთი, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ხალხი აეყარა და გაესახლებინა ოსმალეთში რუსეთის მიერ დაკავებული მაჰმადიანებით დასახლებული კავკასიის ტერიტორიდან. შ. მეგრელიძე თავის გამოკვლევაში მიუთითებს, რომ ”ეს ხალხი მას სჭირდებოდა ჯარის გასაძლიერებლად, დაპყრობილ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩასაქრობად, მუდმივი ომებით, სხვადასხვა ტომთა ურთიერთდარბევებითა და ხოცვა-ჟლეტით შეთხელებული მცირე აზიის მოსახლეობის შესავსებად, რუსეთის მოსაზღვრე რაიონების საიმედო ელემენტით დასასახლებლად” (მეგრელიძე, 1964 : 4).

ამას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ რუსეთის მმართველობის დამყარების პირველ წლებში  აჭარაში მწვავე პოლიტიკური ვითარება და უმძიმესი ეკონომიკური პირობები შეიქმნა; ხალხი მიწას ვერ ამუშავებდა, რასაც მოუსავლიანიანობა და შიმშილი დაერთო, გავრცედა დაავადებანი, გახშირდა სიკვდილიანობა; შფოთი და მღელვარება გამოიწვია კამერალური აღწერის ჩატარებამ, რომელიც ხალხმა ახალი გადასახადების გატარებისა და ჯარში გაწვევის ნიშნად მიიღო;  რუსეთის მიერ გატარებული ღონისძიებები (როგორიც იყო სასამართლო პროცესზე ქალის მოწმედ გამოცხადება, სისხლის აღების წესის აკრძალვა და სხვ.) ეწინააღმდეგებოდა ხალხში საუკუნეების განმავლობაში მყარად ფესვგადგმულ ტრადიციებს, ამას თან ერთვოდა ცარიზმის მოხელეთა დამოკიდებულება და ურთიერთობა ხალხთან, რითაც ისარგებლეს ოსმალო მოხელეებმა და ბათუმის ოლქის მოსახლეობას დაურიგეს თურქეთში დაბეჭდილი ბროშურები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მმართველობის ქვეშ დარჩენილი ყველა მაჰმადიანი სულით და ხორცით წაწყმდებოდა და ედემს ვერ ეღირსებოდა (“დროება”, 1880, № 100).

ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ “თურქთა ბატონობის მთელ პერიოდში აჭარაში არ შექმნილა კულტურის არცერთი კერა, არ იყო საერო ხასიათის არცერთი სკოლა და თურქთა ბატონობის სამასი  წლის მანძილზე მოსახლეობა დაბეჩავებამდე მივიდა. ამიტომ ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიურ ვითარებაში, როგორშიც აჭარა აღმოჩნდა რუსეთის მმართველობის დამყარების პირველ წლებში, თურქეთის აგიტაცია ადვილად იკიდებდა ფეხს და დამაჯერებელი ხდებოდა გაუნათლებელი და რელიგიის მორწმუნე ხალხისათვის” (მეგრელიძე, 1964 : 21).

მუჰაჯირობის ოფიციალური ვადა იყო 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე, მაგრამ თურქებმა მოსახლეობის გასახლება აჭარიდან გაცილებით ადრე, რუსეთის ჯარის აჭარაში შესვლამდე დაიწყეს. 1879 წლის გაზაფხულზე წასულა მუჰაჯირთა პირველი ნაკადი; პირველი ნაკადის გასახლება იმავე წლის შემოდგომამდე გაგრძებულა და ამ დროს წასულა მუჰაჯირად აჭარის მოსახლეობის საერთო გასახლებულთა უმეტესი ნაწილი. 1880 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ისევ გაგრძელდა გასახლება, 1881 წლის გასახლება უფრო მაჭახლიდან, მურღულიდან და შავშეთიდან მომხდარა.             

 

ზ. ჭიჭინაძე გადასახლებულთა რაოდენობის შესახებ თავისი ნაშრომის სხვადასხვა გვერდზე განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, ხოლო გადასახლებულთა საერთო რაოდენობას, რომლის შესახებაც ცნობა ბათუმის მუფთის-ჰასან ეფენდი გვერდაძეს მიუწოდებია, 150 000-ით განსაზღვრავს (ჭიჭინაძე, 1964 : 146-147); რადგანაც გადასახლებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია, ეს ციფრი რეალობას, შესაძლოა, ზუსტად ვერ ასახავდეს. გაზეთ “დროების” მიხედვით, აჭარიდან გადასახლებულთა რაოდენობა 10 000 სულით განისაზღვრება (“დროება”, 1882, № 38).

შ. მეგრელიძე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ აჭარაში, კერძოდ, კი ქვემო აჭარის რამდენიმე სოფელში, მთლიანად აფხაზები ცხოვრობდნენ და მათი ძირითადი ნაწილი მთლიანად გადასახლდა. გადასახლებულ აფხაზთა რაოდენობას ის მუჰაჯირობასთან დაკავშირებული მასალების შესწავლის შედეგად 2-3 ათასით განსაზღვრავს. გარდა ამისა, ბათუმის ოლქში ცხოვრობდნენ ლაზები, რომელთა ნაწილი, 2 000 კაცი, აჭარაშიც იყო. შ. მეგრელიძე გადასახლებულთა რაოდენობას აკლებს 4 000 კაცს და აგრეთვე იმ ქართველთა რაოდენობას, რომლებიც დაუბრუნდნენ სამშობლოს და აჭარიდან გასახლებული ქართველი მოსახლეობის რაოდენობას 5 000 განსაზღვრავს (მეგრელიძე, 1964 : 53-54).

ყველაზე დიდი ნაწილი გადასახლებულა ქვემო აჭარიდან, კერძოდ კი ქობულეთიდან; შედარებით ნაკლები გადასახლებულა ჩაქვის მახლობლად მდებარე სოფლებიდან და გონიოს უბნიდან, ხოლო ზემო აჭარიდან გადასახლებულთა რაოდენობა სრულიად უმნიშვნელო ყოფილა და მათი უმრავლესობაც უკან დაბრუნებულა.

ნ. კახიძე წერს: “უპირველესად ქედს ვიხრით იმ მუჰაჯირთა წინაშე, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ამასთანავე მადლიერებით ვიხსენიებთ თურქეთში მცხოვრრებ მუჰაჯირთა შთამომავლებს, რომლებიც მრავლად სახლობენ თურქეთის სხვადასხვა ვილაითებსა და სოფლებში და რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს წინაპართა ტრადიციები, მშობლიური ქართული ენა, წეს-ჩვეულებები, ქართული თვითმყოფადი მატერიალური და სულიერი კულტურის ფასეულობანი” (კახიძე, 2008 : 15).

მიუხედავად იმისა, რომ მუჰაჯირობის დროს გადახვეწილ ეთნიკურ ქართველთა ხსოვნამ ბევრი რამ შემოინახა, დანამდვილებით, დაზუსტებით მაინც  ძნელია თქმა იმისა, ეთნიკური ქართველები თურქეთის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში პირველად როდის გამოჩნდნენ და დამკვიდრდნენ. ერთი რამ, რაც ყველა ეთნიკური ქართველის მეხსიერებას შემორჩა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის ცოდნა იმისა, რომ ისინი ჰიჯრით 93 წელს წამოვიდნენ  საქართველოდან. გარემოებას ართულებს ისიც, რომ მთქმელი, მთხრობელი ცოტაა.

 საბაჰატინ ბაშთურქის (ვახტანგიძე) გადმოცემით, დაახლოებით 1867 წლისათვის თავისი დიდი პაპა ოსმალთა იმპერიის ჯარში მსახურობდა, ფადიშაჰის სასახლეს იცავდა. ერთხელ ფადიშაჰს სხვა ტანსაცმელი გადაუცვამს და ისე გამოსულა მცველების დასათვალიერებლად, უნდოდა შეეტყო, თუ როგორ ასრულებდნენ მცველები თავიანთ მოვალეობას. იმ ღამით მორიგე მცველი გურჯი ვახტანგიძე ყოფილა. ფადიშაჰს უთქვამს, სასახლეში უნდა შევიდეო. ვახტანგიძეს გადაცმული ფადიშაჰისთვის უთქვამს, როგორც კი გაინძრევი, გესვრი და მოგკლავო. მეორე დილით ფადიშაჰს ერთგული მცველისთვის ასისთავობა უბოძებია. 1887 წელს, მუჰაჯირობის დროს, დაახლოებით 20 კომლი აჭარიდან სტამბულს ჩასულა. ასისთავ ვახტანგიძისთვის შეუტყობინებიათ მათი ჩამოსვლის ამბავი, ვახტანგიძემ არ იცოდა სად დაებინავებინა სამშობლოდან აყრილი ქართველები. გახსენებია, რომ ინეგოლში ერთი ქართველი ყადი იყო და მისთვის შეუტყობინებია ეს ამბავი. ყადის უთქვამს, ჩემთან გამოგზავნეო. 20 კომლი გემით სტამბულიდან მუდანიაში ჩამოსულა, ხოლო იქიდან ურმით, რომელსაც “ხარის არაბას” უწოდე ბენ, ინეგოლში ჩამოუღწევიათ. ყადის ჩამოსული ქართველებისთვის უთქვამს, აქ ერთი ადგილია, წადით, ნახეთ, ტყე, წყალი, კორდი თუ მოგეწონებათ, დასახლდითო. გურჯებს მოსწონებიათ ეს ადგილი, დასახლებულან ამ ადგილას და მისთვის ბახჩეკაია უწოდებიათ. ამდენად, მუჰაჯირ ქართველთა პირველი ნაკადი ინეგოლში გადმოცემით 1887 წელს გამოჩნდა.  ამის შემდეგ 10 კომლი მოსულა კიდევ აჭარიდან, ყადის ისინი  “კორდიან”, საძოვრებიან ადგილას დაუსახლებია და ამ სოფლისათვის თავისი სახელი ყარაყადი  (Karakad) უწოდებია. ბახსჩეკაიას შემდეგ, საბაჰატინ ბაშთურქის ნაამბობის მიხედვით, მუჰაჯირმა ქართველებმა დაარსეს  ალაჩამი. ალაჩამის შემდეგ გაჩნდა სოფლები: საადეთი (ყოფილი ფაზარალანი), შემდეგ კი ჰილმიე. მეჰმეთ გულფეკინის (გულაშვილი) გადმოცემით, სოფელი ჰილმიე ჰილმიე დედემ დაარსა, რომელმაც სოფელს თავისი სახელი  უწოდა. ჰილმიე დედე ჭვანადან იყო და ყველა ჭვანელი იქ მიდიოდა. არსებობს სხვა ვერსიაც, ჰილმიე დედე რომ დღევანდელ სოფელ ჰილმიეში ჩავიდა, მას უკვე იქ სოფელ ბახჩეკაიდან წასულ მუჰაჯირ ქართველთა 10 კომლი დახვდა და სოფელს თავისი სახელი შემდეგ უწოდა. ჰილმიეს შემდეგ ეთნიკურ ქართველთა სხვა სოფლები: მეზითი, თუფექჩიყონაღი, გულბახჩე… გაიხსნა.

              

მთხრობელთა გადმოცემით, როგორც ეს მათ წინაპრებისგან გაუგონიათ, 1923 წლამდე გაგრძელებულა მუჰაჯირ ქართველთა პირველი ნაკადის სამშობლოდან აყრა და თურქეთში გადასახლება. მუჰაჯირ ქართველთა მეორე ნაკადი, რომელიც რაოდენობრივად ბევრი არ იყო,  ინეგოლში 1931 წელს ჩამოსულა აჭარიდან; 1938 წელს უჩამფიდან (შუახევი) ერზრუმში წასულა 100 კაცი და იქაურ სასტუმროში დამდგარან. ამ დროს გარდაიცვალა ათა-თურქი. ქართველები შეშინებულან, უკან რომ დავბრუნდეთ, დაგვხვრეტენო, აქ კი ვინ გვიპატრონებსო. 100 კაციდან ორი ინეგოლში მოსულა; ერთი მათგანი ქალაქში დარჩენილა, ხოლო მეორე მათგანი კი, გვარად ველიაძე, ბახჩეკაიაში ასულა. ამის შემდეგ კი 1941 წელს 20 კაცი წამოსულა ერთი სოფლიდან (გოგაძეებიდან – შუახევი), დაუტოვებიათ ოჯახები და ერზრუმში დარჩენილან 3 თვე, იქიდან კი ყველანი ინეგოში გამოუშვიათ; ინეგოლიდან ბევრი ბახჩეკაიაში ასულა, ნაწილი კი ჰილმიეში, ერთი  წლის შემდეგ კი უმეტესობა ბახჩეკაიადან და ჰილმიედან დიარბაქირში დასახლებულა. 

              

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინეგოლში დამკვიდრებული მუჰაჯირები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ მუჰაჯირობის დროს “წამოსვლა იყო, გამოქცევა არ იყო”, ანუ მათ  ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით უფლება ჰქონდათ აყრილიყვნენ მამა-პაპისეული საცხოვრებელი ადგილებიდან და თურქეთში გადასახლებულიყვნენ, ხოლო “გამოქცევა” ზოგის გადმოცემით 1927 წელს დაიწყო, როდესაც ეთნიკურ ქართველთა პირველი ნაკადი გამოიქცა, ხოლო ზოგის ინფორმაციით გამოქცევა 1939 წელს დაიწყო, რომელიც 1942 წელს დამთავრდა. ნეჯათ ქუფჩიოღლის (დავითაძე) გადმოცემით, რომელიც მას პაპისგან მოუსმენია,  1941 წელს გამოიქცნენ: გაბაიძეები (ხულო, სოფ. ხიხაძირი), ფუტკარაძეები (შუახევი, სოფ. ოლადაური, ლომანაური), დიასამიძეები (ბათუმი), თურმანიძეები (შუახევი, სოფ. წაბლანა), დავითაძეები (ტბეთი), გოჩიტიძეები (ტბეთი). ამავე გადმოცემით, ერთ წამოსვლაზე 1500 კაცი წამოსულა. ეს ყველაზე ვრცელი ინფორმაციაა, რომელიც ინეგოლელ მუჰაჯირთა ხსოვნამ შემოინახა აყრის, გასახლებისა და გაქცევის შესახებ.

              

მუჰაჯირთა უმეტესობა თავდაპირველად ხოფასა და ტრაპიზონში ჩერდებოდა და აქედან ანაწილებდნენ მათ ოსმალეთის სხვადასხვა, უმეტესწილად კი ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი კლიმატისა და მოუსავლიანობის გამო აუტანელ პირობებში ჩავარდნილან. ის ფაქტი, რომ ქართველი მუჰაჯირები ინეგოლში პირველად 1887 წელს გამოჩდნენ, იმით უნდა აიხსნას, რომ 1879 წლიდან მოყოლებული ამ პერიოდამდე ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, რათა ისეთი ადგილი ეპოვათ, სადაც დადგომა და  ცხოვრება შესაძლებელი იქნებოდა, რადგან “თურქეთი ომში დამარცხებული ქვეყანა იყო და ეკონომიურადაც დაუძლურებული. მას საკუთარი მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არ შეეძლო, არათუ მუჰაჯირებზე ზრუნვა” (კახიძე, 2008, 14).

              

 როგორც ცნობილია, ეთნიკურ-ენობრივი კონტაქტები მრავალმხრივი და აქედან გამომდინარე რთული ცნებაა. თანამედროვე თურქეთი მრავალეთნიკურია, იგი მრავალი ეთნოსის შერევის შედეგადაა წარმოიქმნილი; მათ ისეთი სახელმწიფო შექმნეს, რომელშიც ყველა ეთნოსის წარმომადგენელი თურქად მიიჩნევდა თავს, რათა თავიდან აეცილებინათ მუდმივი დაძაბულობა სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკურობისა, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის უნდა ებრძოლა, მათ შორის ეთნიკურ ქართველებსაც.

              

ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ეთნოსად მიიჩნევენ ამა თუ იმ ხალხს, მაგრამ “არა უბრალოდ ხალხის ჯგუფს, არამედ იმ ხალხს, რომელიც თავის თავს გამოაცალკევებს სხვა ხალხებისაგან ენობრივი და კულტურული ნიშან-თვისებებით. . . ეთნოსისათვის (ხალხისათვის) ყველაზე მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის ეთნიკური თვითშეგნება” (თოფჩიშვილი, 2005 : 42).

              

ჩვენი მიზანიც მუჰაჯირ ეთნიკურ ქართველთა ჯგუფის შემთხვევაში სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან ენობრივი ნიშნით გამოცალკევება და მათი თვითშეგნების ასახვა იყო.

              

დღეს მუჰაჯირ ქართველთა დიდი ნაწილი ქალაქ ბურსას ინეგოლის რაიონსა და ინეგოლის სოფლებში ცხოვრობს:

სულჰიეში (ეთნიკური ქართველები – 70 კომლამდე, აფხაზები – 5 კომლი),

 ჰაირიეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 130 კომლამდე),

ჰილმიეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 150 კომლამდე),

მურათბეიში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 40 კომლამდე),

თუფექჩიყონაღში (მთლიანად  ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 120 კომლამდე),

გულბახჩეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 100 კომლამდე),

საადეთში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 50 კომლამდე),

მესრურიეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 100 კომლამდე),

ბახჩეკაიაში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 25 კომლამდე),

ჩაილიჯაში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 40 კომლამდე),

ფევზიეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 50 კომლამდე),

ჰამიდიეში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 50 კომლამდე),

ჰასანფაშაში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 100 კომლამდე),

ჩიფთლიქში (მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული – 70 კომლამდე),

ელმაჩაიში (ეთნიკური ქართველები – 40 კომლამდე),

ყარაყადიში (ეთნიკური ქართველები – 50 კომლამდე, ე.წ. “მესხი თურქები”- 8 კომლამდე),

ბაჰარიეში (ეთნიკური ქართველები – 9 კომლამდე, ბოსნიელები – 16 კომლამდე),

ერიქლიში (ეთნიკური ქართველები – 30 კომლამდე, დანარჩენი ახალციხიდან მოსული ე.წ. “მესხი თურქია”),

ფინდიკლიში (ეთნიკური ქართველები – 20 კომლამდე, დანარჩენი ჩერქეზია),

გუნეი ქესთანეში (ეთნიკური ქართველები – 20 კომლამდე, დანარჩენი აფხაზია),

ყარაჯაყაიაში (ეთნიკური ქართველები – 15 კომლამდე, აფხაზები – 2 კომლი, დანარჩენი თურქია),

ჰაჯიყარაში (ეთნიკური ქართველები – 20 კომლამდე, ჩერქეზები – 70 კომლამდე),

დაბა იენიჯეში (ეთნიკური ქართველები – 100 კომლამდე, დანარჩენ მოსახლეობას პომაკები, ბულგარელები, ბოსნიელები და თურქები წარმოადგენენ).

              

საკუთრივ ინეგოლის მოსახლეობა 160 000 სულს შეადგენს, ხოლო სოფლებიანად 220 000-ს; აქედან მოსახლეობის 35%-მდე ეთნიკური ქართველია. თურქეთში ზუსტი მონაცემები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ ძნელი მოსაპოვებელია გარკვეული და ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომ ეს ციფრები ზუსტი არა, მაგრამ რეალობასთან შეძლებისდაგვარად მიახლოებულია.

              

ინეგოლსა და ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა უმეტესობამ მამა-პაპათაგან გადმოცემით იცის, თუ საიდან, რომელი სოფლიდან არიან წამოსულები. ჰაირიეში ყველა ეთნიკური ქართველი მაჭახლიდანაა, მურათბეისა და ჰასან-ფაშაში ჩაქვიდან, ჰილმიეში უმეტესობა შუახევის რაიონის სოფელ ჭვანადანაა, ყაზელში ყველაზე მეტი ღორჯომიდანაა, ხოლო დანარჩენ სოფლებში – შუახევიდან (სოფლები: ნენია, ნიგაზეული, ჭალა, ჭვანა, შუახევი, ფურტიო, ჩანჩხალო, ოლადაური, ლომანაური, ჯუმუშაური, წაბლანა, ბაბოშვილები, რიყეთი, ტბეთი, დღვანა, ბარათაული, გოგაძეები, წყაროთავი, გოგნიაური, წაბნარეთი, შუბანი, გუნდაური, კობალთა მაწყვალთა, ქვახეთი), ხულოდან (რიყეთი), ქედადან (ზუნდაგა), გონიოდან და აჭარის სხვადასხვა სოფლებიდან; შესაბამისად, ინეგოლის ეთნიკური ქართველები სოფლებსაც ასე ანაწილებენ: აჭარელი (რესპ.: აჭარლების) სოფელი, მაჭახელი (რესპ.: მაჭახლელების) სოფელი, ჩაქველი (რესპ.: ჩაქველების) სოფელი, ასევე ანაწილებენ ამ სოფლების მაცხოვრებლებსაც: აჭარელია, მაჭახელია, ჩაქველია.

              

რაც შეეხება გვარებს, ეთნიკურ ქართველთა ნაწილმა კარგად იცის საკუთარი გვარი, ისევე როგორც იმ სოფლის სახელი, რომლიდანაც მისი მამა-პაპა წამოსულა. ჩვენ მიერ ჩაწერილი გვარებია_ჰაირიეში: ხინკილაძე, მალაყმაძე, მიმინაძე, ძველიშვილი/ქოქოლაძე, გურგენიძე, ლეკიშვილი/ლეკირაშვილი, გელაშვილი, ქავთარაძე, კირკიტაძე; მურათბეიში_ჩიბურდანიძე, ქავჯარიძე, ფართოშვილი, ონაზე, გურანიძე, ბასილაძე, ონაძე, კონწალიძე, აფაქიძე, ეწერაშვილი, მემიშაიშვილი, მემედაღიშვილი; თუფექჩიყონაღში: ფუტკარაძე (სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფუტკარაძეა), დუმბაძე, თავდგირიძე, მაკარაძე, მელაძე, დავითაძე, დეკამაძე; საადეთში: ჭაღალიძე, მამულაძე, ცეცხლაძე, ქათამაძე, დიასამიძე, ტაკიძე, ვახტანგიძე, გელიშვილი, ჩოგაძე; ბახჩეკაიაში: ჰაჯიშვილი, ვახტანგიგიძე; ჰილმიეში: გულაშვილი, ბერიძე, ჟავანიძე // ჟავანაძე, დავითაძე, ჭაღალიძე, ნახევარიშვილი, დავითაძე; ყაზელში: მეკეიძე, ბერიძე; ჩიფთლიქში _ ბერიძე; სულჰიეში: გუნდაძე, თავდგირიძე, აბაშიძე, მაკარიძე, ლომაძე, გოგიტიძე, დუმბაძე, ქამადაძე, მამულაძე, დავითაძე, ფუტკარაძე; ყარაყადიში: მამალაძე, დიასამიძე, მაკარიძე, ბერიძე.

              

ნებისმიერი ეთნიკური ერთობლიობა, ისევე როგორც ესა თუ ის ეთნოსი, მუდმივ განვითარებას განიცდის; ეთნიკური ჯგუფი, რომელიც განვითარებას წყვეტს, ქრება.

              

ზემოთ, არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ვისაუბრეთ იმ ისტორიულ პირობებზე, რომლის შედეგადაც ქართველთა ერთი ნაწილი სხვის მიწა-წყალზე დასახლდა. ბუნებრივია, ქართველთა ეთნიკური ჯგუფიც გადასახლების შემდეგ მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა. რადგანაც ეთნიკური ჯგუფისთვის მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი  თვითშეგნებაა, რომლის საფუძველზეც ეთნიკური და ენობრივი იდენტობის კონსტრუირება ხდება, საინტერესოა ამ კუთხით იმ ეთნიკურ ქართველთა ეთნიკური და ენობრივი  იდენტობის კვლევა, რომლებიც ოდითგანვე არ იყვნენ პატრონები იმ ტერიტორიისა, რომელზეც ცხოვრობენ და არც ენობრივ უმცირესობად მიიჩნევიან.

              

ბურსას რეგიონი, ისევე როგორც თურქეთის სხვა რეგიონების უმეტესობა მრავალეთნიკურია, აქ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ცხოვრობენ, მაგრამ თურქეთის მოქნილი პოლიტიკის წყალობით ყველა ეთნოსის წარმომადგენელი თურქია; მაგრამ ყველა ეთნიკური ჯგუფი ეთნიკურ თვითშეგნებას ეთნონიმით (თვითსახელწოდებით) გამოხატავს. როგორ გამოაცალკევებენ ეთნიკური ქართველები თავიანთ თავს სხვებისგან, რა ლექსიკური ერთეულები დასტურდება მათ მეტყველებაში ეთნიკური და ენობრივი იდენტობის გამოსახატავად? ეს საინტერესოა, რადგანაც, როგორც ჯ. ფიშმანი მიუთითებს, “ჩვენი ცოდნა საკუთარი იდენტობის შესახებ არ არის ინვარიანტული, მაგრამ იცვლება შემთხვევიდან შემთხვევამდე” (FISHMAN, 1999 : 153 ). 

              

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეთნიკურ ქართველებში, ჩვენი დაკვირვებით, გამოიყოფა სამი ჯგუფი:

1. ეთნიკური ქართველები, რომლებიც ყოველთვის ხაზგასმით მიუთითებენ თავიანთი ქართული წარმომავლობისა და ენის შესახებ, რაც ყველაზე არსებითი და ძვირფასია მათთვის;

2. ეთნიკური ქართველები, რომელთათვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა რელიგიას ენიჭება, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ გურჯები (რესპ.: ქართველები) არიან;

3. ეთნიკური ქართველები, რომლებიც ასიმილირებულნი არიან თურქულ ეთნოსთან და მათთვის უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეთნიკურ წარმომავლობას.

              

ეთნიკური ქართველები თავიანთ თავს ჩვენებურს, თელი ჩვენებურს (მთლიანად ჩვენებურს), გურჯს, ანუ გურჯისტანიდან (რესპ.:საქართველოდან) მოსულს უწოდებენ. ასევე უწოდებენ მათ სხვა ეთნოსის წარმომადგენლები: თურქები, აფხაზები, ჩერქეზები, ქურთები, ბოსნიელები, ბულგარელები და სხვები. სხვებს ვეუბნებით, გურჯები ვართ და ეს გურჯობა ყველაზე მაღალი რამეა აქ. მათი აზრით, თუ გურჯი ხარ, უნდა თქვა, თუ არ იტყვი, მაშინ ადამიანიც არ ხარ. იმ გურჯების შეფასებით, რომელთათვისაც გურჯობა ყველაზე აღმატებული ცნებაა, ჩვენმა შვილმა რომ თქვას, გურჯი არ ვარ, მის თავ ჩამოაგდებ.  შესაბამისად, სოფელიც გურჯია, ანუ ქართულია. ასევე ინტენსივობით იყენებენ საკუთარი თავის გამოსახატავად შესიტყვებებს : “გურჯის სისხლი ვარ”, “ჩვენი სისხლის კაცია”. ხანში შესული ეთნიკური ქართველები მიუთითებენ, რომ თურქები  მათ გიაურსაც უწოდებდნენ, მათი მუსულმანობის  მიუხედავად.  სიტყვა ქართველის ხმარება სირცხვილად მიიჩნეოდა, რადგან იგი არამუსლიმანს ნიშნავდა. ქართველიშვილოს ან გაბრაზების ჟამს იყენებდნენ და ის, რასაკვირველია, უარყოფითი კონოტაციის შემცველი იყო. ეთნონიმ ქართველის ხმარება აქ დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო და, შესაბამისად, ახალი ლექსიკური ერთეულებიც გაჩნდა: ქართული (ქართველი), გაწურული ქართველი, სუფთა ქართველი. რესპოდენტებმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სამი სოფლის მოსახლეობა იტყვის ქართველი ვარ, ხოლო დანარჩენები იტყვიან მუსლიმანი ქართველი ვარ. საქართველოში მცხოვრები ქართველები კი თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ქართველი გურჯები არიან, რითაც ერთგვარად მიანიშნებენ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების შესახებ.

              

 საინტერესოა ის ლექსიკური ერთეულები, რომლებსაც ეთნიკური ქართველები სხვა ეთნოსის და განსაკუთრებით კი მუჰაჯირობის დროს კავკასიიდან წასულებს უწოდებენ თავიანთი თავის მათგან გასამიჯნავად. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ აფხაზებს ისინი აბაზებს უწოდებენ და ვერც ერთი შემთხვევა ვერ დავადასტურეთ ეთნონიმ აფხაზის ხმარებისა. აბაზა მათთვის  გურჯისტანში (რესპ.: საქართველოში) გვიან მოსულია. აფხაზების აღსანიშნავად იყენებენ აგრეთვე სიტყვას კაბიანი. ამგვარად, აფხაზის აღსანიშნავად გამოიყენება ორი სიტყვა: აბაზა და კაბიანი. გურჯების თქმით, ინეგოლში კაბიანი სოფლებიც (აფხაზების სოფლები) არის. ჩერქეზს ინეგოლელი ეთნიკური ქართველები ჩერქეზს, ჩეჩენს და იუნან თოხუმს (ბერძნის თესლს) უწოდებენ; მათი აზრით, ბერძნები რომ ზღვაში ჩაყარეს, ანუ თურქეთიდან განდევნეს, ისინი ბერძნებს ეხმარებოდნენ და აქედან შემორჩათ მათ ეს სახელი, ხოლო თურქებს კუდიანებს უწოდებენ, რასაც  ორგვარ ახსნას უძებნიან – პირველი სამოსთან, კერძოდ კი შარვალთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე განმარტებით ვინც ჩვენებური, ანუ ქართული არ იცის, კუდიანია. ლაზებს ჭანებს უწოდებენ; ოღონდ ლაზებს, რომლებსაც ჭანებს უწოდებენ, განარჩევენ ე.წ. მოხთი, ქომოხთი ლაზებისგან. მოხთი, ქომოხთი ლაზებს ტრაპიზონელ და რიზელ ლაზებს უწოდებენ, რომლებმაც ენა იციან და მათი აზრით, ესენი კარგი ლაზები არიან, რადგან ენა შეინახეს, ხოლო ინეგოლში მცხოვრებმა ლაზებმა ენა არ იციან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუკი ეთნონიმ ქართველს ნაკლები ინტენსივობით ან სულ არ იყენებენ ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, ლაზებთან მიმართებით ეთნიკურ ქართველთა უმეტესობა ხაზგასმით მიუთითებს: ლაზი არ ვარ, ქართველი ვარ; ქართული ჩვენ ვართ, ისინი ქართულა არ ლაპარაკობენ, ანადილი (დედა- ენა) ლაზურია. ცნობილია, რომ თურქეთში მცხოვრები ლაზები, ყოველ შემთხვევაში მათი უდიდესი ნაწილი, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, კატეგორიულად ემიჯნებიან აზრს ქართული წარმომავლობის შესახებ: ლაზი ვარ, ქართველი არ ვარ. ამის საპირისპიროდ, გურჯთან თუ ლაზების შესახებ ჩამოვარდა საუბარი, ყველა თაობის წარმომადგენელი, თუკი სხვა შემთხვევებში მოერიდებოდა ეთნონიმ ქართველის ხმარებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველთვის ამბობს: ქართველი ვარ. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგანაც ეთნიკური ქართველი, რომელიც თავის ისტორიულ მიწა-წყალზე აღარ ცხოვრობს და ეთნონიმ ქართველის ხმარებას თავს არიდებს რელიგიური ფაქტორიდან გამომდინარე, თავს ყოველთვის ქართველს უწოდებს ლაზებთან მიმართებით. გარდა ამისა, მათთვის უცხოა ჩვენში ესოდენ გავრცელებული “თურქი ქართველი”. ჩვენ მოცემულ რეგიონში მუშაობისას არსად დაგვიფიქსირებია “თურქი ქართველი”-ს გამოყენების შემთხვევა ეთნიკურ ქართველებში. ამ ხელოვნური შესიტყვების გამოყენება მათ გაორებასა და გულისტკივილს იწვევს: ქართულა ვლაპარაკობ, გურჯი ვარ.      

              

თავისებური დამოკიდებულება აქვთ ეთნიკურ ქართველებს მესხეთიდან და ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან გადასახლებულთა მიმართ, რომელთაც  ახისკალს ან კიდევ, რაც ნიშანდობლივია, მესხ თურქს უწოდებენ და არა თურქ მესხს, რასაც ენობრივი მომენტი უდევს სარჩულად. ისინი, მესხები, საქართველოს უძველესი კუთხის მკვიდრნი იყვნენ, მაგრამ რადგანაც ქართული დაივიწყეს, თურქები გახდნენ. ყველა ეთნიკური ქართველისთვის ისინი მესხი თურქები არიან და მესხურა ლაპარაკობენ. როგორც გაირკვა, მესხურა იგივე თურქულია, ოღონდ ცუდი. რესპოდენტები მიუთითებენ: ახისკალები ამბობენ, გურჯი ვარ, ყაზელში ფოცხოვოდან მოვიდნენ, მაგრამ იმათ ქართულა არ იციან, თურქი არიან; ყაზელში ფოცხოვოდან მოვიდნენ ახისკალები, მესხი თურქები იყვნენ და აქ გურჯები გახდნენ. გულბახჩეშიც ასე მიიჩნევენ: აქ ჩვენებურები დასახლდნენ, შემდეგ მესხეთიდან წამოსული თურქები მოვიდნენ,გადაერივნენ ჩვენებურებში, ჩვენებური ისწავლეს. ამიტომაც უწოდებენ მათ გადარეულ (შერეულ) მესხებს ან კიდევ გარეულ მესხეთელებს. ასეთვე მდგომარეობაა ალმაჩაიშიც. თუ გულბახჩეში, ყაზელსა და ალმაჩაიში ეთნიკურმა ქართველებმა მათ ენის სწავლა აიძულეს (ასეც ამბობენ, იძულებული იყვნენო), ყარაყადიში პირიქით მოხდა, 7-8 კომლმა გარეულმა მესხეთელმა სოფელში გურჯული დალია. თვითონ ეს ჯგუფი როგორ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ეს ცალკე კვლევის საგანია და შესწავლას საჭიროებს, მაგრამ ამ ჯგუფის წევრთა აზრით, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ჩვენ მესხებ გვიძახიან, 93 წელს (ჰიჯრით) წამოვედით მესხეთიდან, ჩვენ გურჯები ვართ. ამგვარად,  ისინი თავს გურჯებად მიიჩნევენ, ასევე ფაქტია ის გარემოებაც, რაზეც ეთნიკური ქართველები მიუთითებენ: მათ ჩვენებური, ქართულა არ იცოდნენ, იძულებულები იყვნენ და დაისწავლეს.

        

 როგორც აღვნიშნეთ, ეთნიკური ქართველები არ არიან მკვიდრები იმ ტერიტორიისა, რომელზეც ცხოვრობენ, ამ ფაქტორის გამო მათ განსაკუთრებული განცდა აქვთ ისტორიული სამშობლოს მიმართ. ეთნიკური ქართველებისთვის საქართველო, ანუ გურჯისტანი მემლექეთია, სამშობლოა; ცნობიერებაში ასე ასხვავებენ თურქეთსა და საქართველოს: ვათანი – თურქეთია, სამშობლო – გურჯისტანია. ქართული ლექსიკური ერთეული სამშობლო მხოლოდ საქართველოს მიემართება, ხოლო ლექსიკური ერთეული ვათანი, რომელიც ასევე სამშობლო ნიშნავს, გურჯისტანია. საქართველოს დედა- სამშობ- ლოსაც უწოდებენ. ქართული ლექსიკური ერთეული სამშობლო მხოლოდ საქართველოს მიემართება. ფორმულირებას შემდეგნაირად ახდენენ: მე გურჯი ვარ, მემლექეთი გურჯისტანია, მაგრამ თურქეთის ვათანდაში (მოქალაქე) ვარ, შესაბამისად, თურქეთი ვათანია, მემლექეთი _  საქართველოა.

              

როგორც ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა ეთნიკური ქართველებისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სისხლით და სულით გურჯობას, რასაც შემდეგნაირად გამოხატავენ: “სისხლით არ მოიშლება გურჯობა”, “მე გურჯი ვარ, სისხლი იქიდან მოდის” და სული, რომელსაც შემდეგნაირად გამოხატავენ: “შიგნით გურჯი ვარ”. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლით გურჯობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქაური ქართველების უდიდესი ნაწილისთვის: გურჯულა არ დამისწავლია, მაგრამ გურჯი ვარ; ენა რომ არ მქონდეს (ენა რომ არ ვიცოდე), მაინც გურჯი ვარ; რომ გაჭრა, გურჯი გამოდინდება სისხლი.

              

მიუხედავად ზემოთქმულისა, ენა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი კონცეპტია მუჰაჯირობის დროს წასულ ქართველთათვის თურქეთში, რომელიც სისხლისა და სულისაგან განსხვავებით მათი იდენტობის გარეგანი, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივი ამსახველია. ამის დამადასტურებელი ის ფაქტია, რომ როდესაც იქაურ ეთნიკურ ქართველს ვეკითხებით, თუ რომელია მშობლიური ენა მისთვის, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე პასუხობს _ ჩვენებური, გურჯული, ხოლო როდესაც ვეკითხებით თურქული რა არის მისთვის, პასუხად მოგვიგებს — მეორე ენა: ჩვენი ანადილი (მშობლიური ენა) ჩვენებურია (რესპ.: ქართული), მეორე ენა კი_თურქული ”, ”ანადილიმი ქართულაა”. უნდა აღვნიშნო, რომ ეს პასუხი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ არა მხოლოდ გურჯების იმ ჯგუფისგან, იმ ნაწილისგან, რომელთათვისაც ”გურჯობა ყველაზე მაღალი რამეა” და ქართულადაც ჩინებულად მეტყველებენ, არამედ ახალგაზრდა გურჯების იმ ნაწილისგან, რომლებიც დამტვრეული ქართულით საუბრობენ ან კიდევ ესმით, მაგრამ ჯერ არ უსწავლიათ ქართული.

              

სანამ ენასა და ეთნიკურობას შორის არსებულ კავშირზე ვისაუბრებდეთ, იმაზე, თუ რას ნიშნავს გურჯისთვის ენა, მანამ იმ ლექსიკურ ერთეულებს დავიმოწმებ, რომლითაც ქართულს, ანუ მშობლიურ ენას (ანადილს) მოიხსენიებენ: ჩვენებურა // ჩვენებური, გურჯულა // გურჯული // გურჯი // გურჯიჯა, ქართულა // ქართულაი // ქართული, ქართველურა. ის ფაქტი, რომ ეთნიკური ქართველები, რამდენიმე ლექსიკურ ერთეულს იყენებენ მშობლიური ენის აღსანიშნავად, ამას ქართული ენის სისავსე განაპირობებს, რომელიც დიალექტთა მრავალფეროვნებით (მოხევური, ფშავური, ხევსურული, თუშური, მთიულურ-გუდამაყრული, ქართლური, კახური, მესხური, ჯავახური, იმერული, სვანური, რაჭული, ლეჩხუმური, მეგრული, გურული, აჭარული, იმერხეული, ფერეიდნული) გამოირჩევა. აქვე უნდა მივუთითოთ, რომ დღესდღეობით ყველა მათგანს ინტენსიურად იყენებენ, მაგრამ ჩვენებური // ჩვენებურა-ს გამოყენების სიხშირის მიხედვით უპირატესობა ენიჭებოდა და ენიჭება დღესაც, ის განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის გასაგები მიზეზების გამო, ამ ტერმინის საშუალებით ახდენენ თვითიდენტიფიკაციას, ტერმინის, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევს თურქეთში. თუ ეთნიკური ქართველებისთვის ეთნიკურობა ძირითადი ჩარჩოა, რომელსაც მათი იდენტობა ეფუძნება, მაშინ ენა ამ იდენტობის გამოსახატავი უმთავრესი საშუალებაა. ჩვენებური // გურჯულა // ქართულა // ქართველურა მათი ღირებულებების, სტერეოტიპების, ურთიერთობების გამომხატველია. ჩვენებური მოიცავს ადამიანური ურთიერთობების ყველა სფეროს, რასაც შემდეგნაირად გამოხატავენ: ენა გურჯიჯა მექცევა (ქართულისკენ გამირბის).

              

როგორ გამოხატავენ ეთნიკური ქართველები იმ ფაქტს, რომ ენა მათთვის, ისევე როგორც ბევრი ეთნიკური ჯგუფისთვის მსოფლიოში, მათი ეთნიკურობის მთავარი მარკერია? აქ, უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიმოწმო 2009 წლის ზაფხულში ინეგოლსა და ინეგოლის სოფლებში ჩაწერილი მასალებიდან, რომლებსაც იქაურ ქართველებთან საუბრისას ვიწერდი, შემდეგი: “ჩვენ მუჰაჯირ არ გვეტყვიან. ბულგარისტანიდან, ბოსნიადან, იუგოსლავიიდან და ზოგ იერიდან (რესპ. ადგილიდან) მოსულს მუჰაჯირ ეტყვიან. ჩვენ აბაზას მუჰაჯირ არ ვეტყვით, აბაზას ვეტყვით, ისინი ჩვენ გურჯ გვეტყვიან, მუჰაჯირ არ გვეტყვიან. ჩერქეზს მუჰაჯირ არ ვეტყვით, ჩერქეზს ვეტყვით. ვისაც დედაენა გვაქვს, ენა რომ შენახული გვაქვს, ასე გვეტყვიან. ვისაც ენა არა აქვს, მუჰაჯირ ვეტყვით”. როგორც მოყვანილი ნაწყვეტიდან ჩანს და რასაც ხაზგასმით მიუთითებენ ეთნიკური ქართველები ის გახლავთ, რომ ისინი თავიანთ თავს მუჰაჯირებად არ მიიჩნევენ და არც სხვები უწოდებენ მათ მუჰაჯირებს, რადგანაც ენა შემოინახეს, რომელსაც დედაენას უწოდებენ. როცა კიდევ უფრო ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ მათში არსებობს ცნება “გერჩექ მუჰაჯირისა” (რესპ.:ნამდვილი მუჰაჯირისა)”. მათი აღქმით, “გერჩექ მუჰაჯირი (ნამდვილი მუჰაჯირი)” იგია, ვინც ჰიჯრით 93 წელს გადაახტა და ენა დაკარგა. ამგვარად, მარკერი, რომელიც გურჯს, აფხაზსა და ჩერქეზს სხვა, ნამდვილი მუჰაჯირებისგან გამოარჩევს, ენაა. აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ არცერთ ეთნიკურ ქართველს, რომელიც თავს გურჯად მიიჩნევს, არ უთქვამს, რომ მუჰაჯირია; როდესაც ამ საკითხს შევეხებოდით, პასუხი ყოველთვის ასეთი გახლდათ: მუჰაჯირობის დროს წამოვედით ან კიდევ ჩვენებურებს 93-ის მუჰაჯირებ გვეტყვიან (გვიწოდებენ). 93-ს თუ გადაახტა, გერჩექ მუჰაჯირია. მუჰაჯირი ბოსნიაკია, არნაუტია. 

              

საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი, სხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის დამოკიდებულების აღწერა ენისადმი ძალზე რთული ყოფილა. დიდი ქვეყნების ენობრივი პოლიტიკისა (როდესაც ქვეყანაში მხარდაჭერა მხოლოდ ოფიციალურ ენას აქვს და არცთუ მთლად სასურველია მცირე ეთნიკური ჯგუფების ენების წახალისება) და თანამედროვე კომუნიკაციების შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელმაც სოფელს თავისი სახე დაუკარგა, ყველა მკვლევარი ამა თუ იმ მცირე ეთნიკური ჯგუფის ენის კვლევისას მხოლოდ უიმედო სურათს ელოდება. თუ პრაქტიკული თვალით შევხედავთ, თვით მცირე ეთნიკური  ჯგუფის წარმომადგენლებისთვისაც ეთნიკური ენის სწავლა, იგულისხმება მე-3, მე-4… ა. შ. თაობის წარმომადგენლები, არაფრისმომცემია. ჩვენც ამგვარ სურათს ველოდით ეთნიკურ ქართველთა მე-3, მე-4 და მე-5 თაობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას და  საუბრებისას ენების გამაუჩინარებელ, მყლაპველ 21-ე საუკუნეში, როდესაც წინაპრების ენის შესახებ მხოლოდ ხსოვნაა შემორჩენილი. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მხოლოდ ჩვენებური, ანუ წინაპრების ენა აკავშირებს თურქეთის ეთნიკურ ქართველებს თავიანთ ისტორიულ მემკვიდრეობასთან, რომელსაც ვერავითარი სხვა მარკერი ვერ ენაცვლება. ენაა ერთადერთი შეუცვლელი კომპონენტი მათი ეთნიკურობის გაცხადებისა.

        

თუ რა არის გურჯებისთვის ჩვენებური // გურჯულა // ქართულა // ქართველურა, ამის საილუსტრაციოდ ისევ ჩაწერილ მასალას მოვიხმობ:

 

         ჩვენ გურჯობას ენით გამოვხატავთ.

         ქართველურა ვლაპარიკობთ, ჩვენ თავ მუჰაჯირ არ ვეტყვით, გურჯი ვარ ვიტყვი.

         ნამუს ვინახავთ, ჩვენებურ რომ ვლაპარაკობთ.

როგორც ვხედავთ, ჩვენებური მათი გურჯობა და ნამუსია, ხოლო ენის დაკარგვა, მათი აზრით, გურჯობისა და ადამიანობის დაკარგვას ნიშნავს:

         ვინცხამ ენა დაკარგა, გურჯი არ არის.

         გურჯობის დაკარგვა ენიდან დაიწყება.

         ენის დაკარგვა ინსნობის (ადამიანობის) დაკარგვაა.

         ენა როცა დაიკარგება, ქართველობაც დაიკარგება.

         ვისაც ქართული დაამიწყდება, გაცდეს (მოკვდეს) მაშინ.

აქვე მინდა დავომოწმო დიალოგი ხანში შესულ კაცსა და ახალგაზრდას შორის:

         _ ჩვენებურა იცი?

         _ არა!

         _ მაშინ რაის გურჯი ხარ? ჩვენებურმა არ უნდა დაგამძიმოს.

         _ გურჯი ვარ.

         _ ენა იცი?

         _ არა!

         _ მოთავებულა.

         _ გურჯიჯა იცი?

         _ არა!

         _ აბა, რაფელი გურჯი ხარ? 

ზემოთ მოყვანილ მაგალითები ცხადად გვიჩვენებს, რომ გურჯებმა შეძლეს სწორი ორიენტირის შენარჩუნება საკუთარი იდენტობის გადასარჩენად.

სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ: “ენობრივი კოლექტივების სიცოცხლისუნარიანობა მოიცავს პოლიტიკურ, ისტორიულ, ეკონომიკურსა და ლინგვისტურ საკითხებს, რომლებიც გასათვალიწინებელია სოციოფსიქოლოგიურ მსჯელობასთან ერთად… ენობრივი კოლექტივის ეკონომიკური სტატუსი (ენობრივი ჯგუფის გავლენის ხარისხი ეკონომიკურ ცხოვრებაზე მოცემულ რეგიონსა და ან საზოგადოებაში), ენობრივი უმცირესობის მონაწილეობის ხარისხი ეკონომიკურ ყოფაში… სოციალური სტატუსი ახლოს დგას ეკონომიკურთან და ძირითადად გამოიხატება იმაში, თუ რამდენად მაღალია საკუთარი თავისადმი ამ ენობრივი ჯგუფის პატივისცემის ხარისხი… სოციოისტორიული სტატუსი არის მნიშვნელოვანი ენობრივი ჯგუფისათვის, რომლითაც იგი თავს განისხვავებს დანარჩენებისაგან ისტორიის საფუძველზე. ბევრი ეთნოლინგვისტური ჯგუფი საკმაო პერიოდითაა დაშორებული თავის ისტორიულ ამოსავალს, მაგრამ ისტორიულ კავშირებს შეუძლია მობილიზება საერთო სიმბოლოებით ინდივიდებისა, რომლებიც ერთმანეთსაც შესაძლოა საკმაოდ არიან დაშორებულნი აწმყოში” (ტაბიძე, 2005 : 147-148).

ეთნიკური ქართველები მოცემულ რეგიონში  ძალზე დაწინაურებულები არიან ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაურმა გურჯებმა შეიძლება ითქვას, უმოკლეს ხანში მოახერხეს დუხჭირი ცხოვრებისგან თავის დაღწევა და ფეხზე დადგომა. ასევე მაღალი სოციალური სტატუსით გამოირჩევიან ეთნიკური ქართველები, რეგიონის ცხოვრებაში მათ სიტყვას არსებითი მნიშვნელობა აქვს.  

        

რაც შეეხება ჩვენებურის ცოდნის ხარისხს, ისევ გურჯებს დავიმოწმებ. მათი აზრით, სადაც კი ქართველები ცხოვრობენ, იქიდან ყველაზე კარგი ქართულით ინეგოლში ლაპარაკობენ: “დედეები იტყოდენ, ინეგოლი პატარა საქართველოა”. ზემოჩამოთვლილი სოფლებიდან ყველაზე კარგად და ლამაზად ჰილმიეში, ბახჩეკაიაში, ყაზელში, თუფექჩიყონაღში, სულჰიეში, გულბახჩესა და საადეთში ლაპარაკობენ.

ბახჩეკაიელმა გურჯმა მეჰმედ ოზჯანმა, რომელიც შესანიშნავი ქართულით მეტყველებდა, ხუმრობით მითხრა: მე იმათ ლაპარაკს არ ვკადრულობ (იგულისხმება ჰაირიეს, მურათ-ბეისა და ჰასან-ფაშას გურჯები). ეს სოფლები ინეგოლს ზედ ებმის და ქალაქთან სიახლოვის გამო “ჩვენებურა ლამაზა ვერ ლაპარიკობენ “. გარდა ამისა, ჰაირიეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გერმანიაში ცხოვრობს და სოფელში მხოლოდ მცირე დროით, ზაფხულობით ჩამოდის. როდესაც რესპოდენტებს უფრო ღრმად ჩავეკითხეთ სოფლებს შორის მეტყველების სხვაობის თაობაზე რაც, თავისთავად ცხადია, ცალკე სტატიის თემაა, მიპასუხეს: იმათი (იგულისხმებიან ჰაირიელები) გაწეწილია, ჩვენი კი მოკლეა. ჰაირიემ თქვენიავეთ გაწეწილი ლაპარაკი იცის, ჩვენ ქისა (მოკლედ) ვლაპარიკობთ. სოფლებს შორის დასტუ- რდება მთელი რიგი სხვაობები ქართული ლექსიკური ერთეულების გამოყენების თვალსაზრისით.

        

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ყველა, ვინც ამ საკითხით დაინტერესდება, ზერელე დაკვირვებითაც კი შეამჩნევს, რომ ჩვენებურმა (ქართულმა) გაუძლო დროს ყოველგვარი მხარდაჭერის, თვით ძალზე მოკლევადიანი კურსების არარსებობის პირობეში და მისი შენარჩუნება დღემდე შეძლეს ეთნიკურმა ქართველებმა, მაშინ როდესაც უარავი პროგრამის მიუხედავად, ამა თუ იმ დიდ სახელმწიფოში სულ უფრო და უფრო ძნელდება თუნდაც არცთუ ისე მცირერიცხოვან სხვა ეთნიკურ ჯგუფთა ენების შენარჩუნება დიდ სახელმწიფოთა ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მკაფიოდ განსაზღვ- რული ენობრივი პოლიტიკის შედეგად. რა განაპირობებს ქართულის შენარჩუნებას ეთნიკურ ქართველებში? პასუხი ასეთი შეიძლება იყოს: ეთნიკური ჯგუფის განწყობა წინაპრების ენისადმი, განწყობა იმისა, რომ მხოლოდ ჩვენებურით, ქართულათი შეიძლება საკუთარი იერ-სახის, იდენტობის შენარჩუნება უცხო მიწაზე.

        

აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ ნებისმიერ სიტუაციისა და მოვლენის აღწერა განიცდის ცვლილებებს. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ ეთნიკურ ქართველთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის შესახებ, აღწერა, როგორც რეალური სურათის დადგენის ფორმა, ცვალებადი იქნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. თუკი გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის ეთნიკურ ქართველთა  ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხის შესწავლისას ეთნიკურ ქართველთა რაოდენობას დიდი და გარკვეული ადგილი ექნებოდა ენის შენახვა-შენარჩუნების თვალსაზრისით, დღეს ენობრივი ასიმილაციის პირობებში, როდესაც თურქული ეროვნებათა შორის ურთიერთობების ენაა, მხოლოდ ეთნიკური ჯგუფის სიდიდე-სიმცირე არაფრის მთქმელია. დღეს ეს ეთნიკური ქართველების განწყობაზეა დამოკიდებული, რომელიც მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათი იდენტობაა. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ეთნიკური ქართველების ის ნაწილი, რომელმაც ბავშვობა ინეგოლში, ქალაქში, გაატარა და არა ინეგოლის რომელიმე სოფელში და რომელთა ასაკი 20-დან 30 წლამდე მერყეობს, აღნიშნავენ, რომ ქართული 18 წლის შემდეგ ისწავლეს, რადგანაც ენა ბრუნდება ანადილისკენ (მშობლიურ ენას ვუბრუნდებით).

        

 ქართულის ცოდნის თვალსაზრისით შემდეგი ჯგუფები გამოიყოფა:

1. 80 წელს გადაცილებული ქალები (მათი რაოდენობა დიდი არ არის), რომელთაც ცუდად იციან თურქული ენა და ძირითადად ქართულ ენაზე ლაპარაკობენ. ქალები ძირითადად ოჯახში საქმიანობდნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად  დღესაც გრძელდება. გურჯი ქალების საქმიანობა ინეგოლში, ისევე როგორც თურქეთის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები სხვა გურჯი ქალებისა, ოჯახის მოვლით, დიასახლისობით შემოიფარგლება. ზემოაღნიშნული ასაკის ადამიანებისთვის ქართული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც მშობლიური ენაა;

2. 60-75 წლის ეთნიკური ქართველები, რომელთაც ცხოვრება სოფლებში აქვთ გატარებული ძირითადად ქართულად ლაპარაკობენ. მათი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას სასაუბრო ენა მხოლოდ ქართულია; თურქულს იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან უხდებათ ურთიერთობა ან კიდევ საზოგადოებრივ ცხოვრებაში იღებენ მონაწილეობას რაიმე ფორმით. ამათგან გარკვეულ ნაწილს სკოლაშიც არ უვლია გასაგები მიზეზების გამო;

3. 35-60 წლის ეთნიკური ქართველები, რომელთაც განათლება თურქულ ენაზე აქვთ მიღებული. ეს ნაწილი მიუთითებს, რომ თურქული ენა მხოლოდ სკოლაში წასვლის შემდეგ ისწავლეს, რაც მათ პრობლემებს უქმნიდათ და თითო კლასში ზოგჯერ ორ-ორი წელი უხდებოდათ ჯდომა;

4. რაც შეეხება ეთნიკურ ქართველებს 35 წელს ქვემოთ, აქ შემდეგი ჯგუფები შეიძლება გამოიყოს:

ა) ჰილმიეს, ყაზელის, ბახჩეკაიას, თუფექჩიყონაღის, სულჰიეს, გულბახჩესა და საადეთის ახალგაზრდები საუბრობენ ქართულად და ერთმანეთთან ურთიერთობა ქართულ ენაზე მათთვის პრობლემა არ არის;

ბ) ჯგუფი, რომელიც დამტვრეული ქართულით ლაპარაკობს;

გ) ესმის, რასაც ეუბნებიან, მაგრამ ვერ ლაპარაკობს;

დ) არ ესმის ქართულად არც ერთი სიტყვა და, შესაბამისად, ვერც ლაპარაკობს;

ე) ჯგუფი, რომელმაც ქართული 18 წლის შემდეგ ისწავლა.

ზემოჩამოთვლილი ყველა ჯგუფისთვის წევრისთვის მშობლიური ენა ჩვენებურია, იმათი ჩათვლით, ვინც ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თავს გურჯად მიიჩნევს. განსხვავება აღქმაშია: დიდი ნაწილის აზრით, თუ ენა არ იცი, რაის გურჯი ხარ?

ნაწილის აზრით კი გურჯობა სისხლით არ მოიშლება. როცა ამ უკანასკნელთ ჩვენებურის არცოდნის მიზეზის თაობაზე ვეკითხებოდით, თითქმის ყველა მათგანი დედის ფაქტორზე მიიუთითებდა: ანა (დედა) არ მელაპარაკებოდა ჩვენებურად, ან კიდევ ანა გურჯი არ იყო. ზოგმა კი გვითხრა, დედა რომ ქართულად არ მელაპარაკებოდა, ამიტომ ქართული 18 წლის შემდეგ დავისწავლე, მინდოდა, ჩემი ენა მცოდნოდაო. რაც შეეხება თურქულს, ისინი მას დღემდე თათრულს უწოდებენ: თათრულა ლაპარაკობს; მე თათრულა მეორე კლასში დევისწავლე; მე თათრულა არ გამიგონია.

        

ეთნიკური ქართველები თავიანთი ენის შესახებ აღნიშნავენ, რომ მათი წინაპრები 100 წლის წინათ როგორი ქართულითაც ლაპარაკობდნენ, თვითონაც ისეთივე ქართულით ლაპარაკობენ:  ჩვენ მაშინდელი ქართველები ვართ, ასი წლის წინ რაც დარჩენილა, იმას ვლაპარაკობთ. მათი  აზრით, მეტყველებაში ბევრი უცხო სიტყვაა შემოტანილი: ჩვენი ქართულაი გარეცხილია, შემოტანილი სიტყვები გვაქვს; ამის გამო, მიუთითებენ:  ჩვენი ქართველურა გადაქცეულია, გადაბრუნებულია; ჩვენი ენა მეიშალა. ამ კუთხით ერთგვარ შედარებასაც კი აკეთებენ იმერხეველ ქართველებთან : “იმერხევლებმა, შავშელებმა რაფრათ დაისწავლეს, ისე ლაპარაკობენ, ჩვენ გადავბრუნდით”. მას შემდეგ, რაც თურქეთ-საქართველოს საზღვარი გაიხსნა და მისვლა-მოსვლა დაიწყო, იმ გურჯების მეტყველება,  რომლებიც საქართველოში დადიან, გამდიდრდა ქართული ლექსიკური ერთეულებით.

        

უცხო მიწაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხების კვლევამ და დაკვირვებამ მიგვანიშნა იმ განწყობაზე, რომელიც ქმნის ძალასა და ენერგიას  წინაპრების ენის იმ კონცეპტად გადასაქცევად, რომელიც ეთნიკურ ჯგუფს ანიჭებს ძალას იდენტობის შესანარჩუნებლად.

 

                        

                          დამოწმებული ლიტერატურა:

       დორიანი, 1999 _ N. C. DORIAN, Linguistic and Ethnigraphic Fieldwork – Language and Ethnic Identity, Edited by JOSHUA  A. FISHMAN, NEW York, Oxford, Oxford University Press, 1999.        

       დროება, 1880, 1882 – გაზეთი “დროება”, 1880, № 100; 1882, № 38.

        თოფჩიშვილი, 2005 – რ. თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები, I, თბ., 2005.

       კახიძე, 2008 _ ნ. კახიძე, მუჰაჯირობის ასახვა ქართულ პრესაში (გაზეთ “დროეში” აჭარაზე დაცული ცნობების მიხედვით), სამხრეთ – დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები, II, ბათუმი, 2008.

       მეგრელიძე, 1964 _ შ, მეგრელიძე, თბ., 1964.

       ტაბიძე, 2005 – მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005.

        ფიშმანი, 1999 _  J . A. FISHMAN, Sociolinguistics – Language and Ethnic Identity, Edited by JOSHUA A. FISHMAN, New York, Oxford, Oxford University Press, 1999.

         ჭიჭინაძე, 1912 – ზ. ჭიჭინაძე, ქართველ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში – მუჰაჯირ-ემიგრაცია, თფილისი, 1912.

   

კავკასიის ეთნოლოგიური კრებული”, ტ. XII, 2010 წლის იანვარი.

  

 

***

 იხილეთ აგრეთვე:

• ლექსიკის სესხების ერთი თავისებურების შესახებ თურქეთის ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაში

• ეთნიკურ ქართველთა ენის შენარჩუნების სოციოლინგვისტურ ასპექტთა შესახებ თურქეთში

 

 

 

 

 

2 Responses to “• მუჰაჯირ ქართველთა იდენტობის საკითხები”

  1. დათუა ბისკაია said

    ვენაცვალე მაგათ! ავტორს დიდი მადლობა.

    Like

დატოვე კომენტარი