Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ლარსი

2 მარტი 2010 

პრეზიდენტი ლარსის პუნქტის გახსნით კმაყოფილია

რადიო “კომერსანტი“, FM 95.5

4-წლიანი პაუზის შემდეგ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს. მისი თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს მის საზღვარს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საზღვრის გახსნით რუსეთი არაპირდაპირ აღიარებს 2005 წლიდან ემბარგოს პოლიტიკის წარუმატებლობას.

რაც შეეხება საზღვრის გახსნის გამო რეგიონის უსაფრთხოებას, პრეზიდენტის განმარტებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე – გახსნილი. “საქართველოს ექნება საზღვრის კონტროლის სრული შესაძლებლობა და ამის ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს” -აცხადებს პრეზიდენტი. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი პირველ მარტს გაიხსნა. საზღვარი რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაკვეთა.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=15757&ct=6

 
 

* * *

01-03-2010 

“ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურში”

“არ დაუშვათ ლარსის გახსნა!”

“თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც!”

“სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დაგრჩებათ”

“შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან?”

“არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.

ჩემი წინაპრები დადიანებთან ერთად გადასახლებულან ჩრდილო ოსეთში. მე ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის ომი ატყდა, ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. შარშან ჩემმა მეგობარმა ოსმა ქალმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს, შემომთავაზა, გავწევრებულიყავი ორგანიზაცია “დარიალში”. მაშინ უარი ვუთხარი. დაახლოებით ოთხი თვის წინ კი ისევ შემომთავაზა გაწევრება. როგორც მითხრა, ამ ორგანიზაციაში გაწევრებული ყოფილან პატრიოტი ოსები და თუ მეც გავხდებოდი წევრი, მომცემდნენ ბინას ყაზბეგში, კოტეჯსა და მიწას კი გუდაურში. დავინტერესდი და დავთანხმდი. შეხვედრები უნივერსიტეტში, საღამოს 9-დან 12 საათამდე იმართებოდა.

პირველივე შეხვედრაზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვლადიკავკაზის თითქმის ყველა ცნობილ პირს მოეყარა თავი. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სომხების წარმომადგენლები, ასევე ერევნიდან ჩამოსული სომხები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რატომ გვთავაზობდნენ ორგანიზაციის წევრებს ბინებს ყაზბეგში და ვილებს – გუდაურში. იანვრის შეხვედრაზე ისეთი რამ შევიტყვე, თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქვეყანას შევატყობინო. ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა.

სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, რომ შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ “თავიანთი მიწის” დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი.

ასევე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს. სხდომაზე დაისვა საკითხი: გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს.

ჩემო ძვირფასო ქართველებო! გამოიჩინეთ გონიერება, არ დაუშვათ ლარსის გზის გახსნა. მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.

ამ ბარათს რომ მიიღებთ, ვლადიკავკაზში აღარ ვიქნები. უცხოეთში მივემგზავრები. მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ.

ეს წერილი ერთმა კეთილმა ადამიანმა დამაწერინა. მე ქართული არ ვიცი.

თქვენი ქართველი”

ეს წერილი ერთადერთი არ არის, რომელიც ასეთ ინფორმაციას აწვდის საქართვლოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას. დიდი ხანია, ინგუშები გვაფრთხილებენ, რომ ვლადიკავკაზში მეტად სახიფათო ფაციფუცი აქვთ. ამას წინათ ერთმა ინგუშმა ისტორიკოსმა მომწერა, ხალხო, გაიღვიძეთ, ქვეყანა თავზე გემხობათ, გულზე ხელები რას დაგიკრეფიათო. სხვათა შორის, ინგუშები აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრეც გვაფრთხილებდნენ რუსეთის თავდასხმისა და პროვოკაციის საშიშროებაზე, ახლა დღის წესრიგში ლარსის გზის გახსნის საკითხი დადგა(?!). როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ლარსის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის.

მეზობლების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ!

 

“კვირის პალიტრა”

http://www.kvirispalitra.ge/politic/2692-qosebi-ukve-inatsileben-sakhlebs-yazbegshi-da-agarakebs-gudaurshiq.html

 

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

***

 

გურამ შარაძე – ლარსი

 
 ,,ლარსი საქართველოს ნაწილია – არქივზე დაყრდნობით ამტკიცებს შარაძე’’, ,,7 დღე’’, 24-25 დეკემბერი, 1997
“ჩხეიძემ სიტყვების კორიანტელი დააყენა, მაგრამ რა გაკეთდა?”, “ახალი თაობა”, 24 დეკემბერი, 1997

 

***

 

 ლარსი საქართველოს ნაწილია

– არქივზე დაყრდნობით ამტკიცებს შარაძე

 

შეიქმნა ლარსის საკითხის შემსწავლელი საგანგებო სასაზღვრო კომისია. მასში არ შეუყვანიათ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წარმომადგენლები, რომელთა კომისიაში მონაწილეობა აუცილებელი იყო – მიაჩნია კომიტეტის თავმჯდომარეს, გურამ შარაძეს. ,,დღევანდელ საქართველოში მიდის გაუთავებელი კომისიობანა. იწუნებენ მერებს, პარლამენტს, კომისიებს, პრეზიდენტს. ამით საქართველოს ცუდი იმიჯი ექმნება. ამიტომაც არის, საზღვრების საკითხს არასერიოზულად რომ ეკიდებიან’’. რამდენიმე ხნის წინათ ბატონ შარაძეს ამერიკიდან ჩამოუტანია არქივი, სადაც შედიოდა ქართველი მეცნიერებისთვის უცნობი, რომსა და ვენეციაში დაბეჭდილი რუბრიკები. ეს არქივი ბატონ გურამ შარაძეს ,,ზოგისთვის კბილებში ამოსარტყმელად’’ დასჭირდება. მისი განცხადებით, კომიტეტს გააჩნია მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლარსი საქართველოს ისტორიული ნაწილია. ამას ადასტურებს 1689 წელს რომში გამოცემული უნიკალური რუკა. ერთა ლიგისთვის წარსადგენად შედგენილ დოკუმენტებში, რომლებიც პარიზიდან და ჰარვარდიდან არის ჩამოტანილი, ლარსი საქართველოს ორგანულ ნაწილად არის წარმოდგენილი. საფრანგეთიდან ჩამოტანილი საარქივო დოკუმენტის – ,,საქართველოს საზღვრების’’ მე-5 აბზაცში ნათქვამია, რომ ლარსიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით გადის საქართველოს საზღვარი. 1955 წელს საბჭოთა პერიოდში გამოცემულ რუკაზე ლარსი საქართველოს საზღვრებშია.

,,ბევრი ქართველი მეცნიერისათვის ამ რუკების არსებობა აღმოჩენაა. ისინი არა პატრიოტული და თავის მოსაწონებლად, არამედ ერთა ლიგისთვის შექმნილი და რომში, პარიზსა და ვენეციაში შექმნილი დოკუმენტებია.

საზღვრების საკითხის შესწავლა ცალმხრივად არ შეიძლება. საჭიროა გაერთიანდეს პარლამენტი, აკადემია, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

,,თუ თავს დემოკრატიული საქართველოს მემკვიდრედ ვაცხადებთ, ავიღეთ დროშა, ჰიმნი, გერბი, მაშინ მათი დოკუმენტაციაც უნდა მივიღოთ. საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რადგან იარაღისა და სხვათა გადანაწილებისას არ გავხსენებივართ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქართული დოკუმენტაციით და ვსაუბრობთ დემოკრატიული საქართველოს ტერიტორიაზე’’, – განაცხადა შარაძემ. მისთვის მიუღებელი და გაუგებარია, 1944 წელს ,,ნაჩუქარი’’ მიწები რატომ გადაეცა 1957 წელს დაღესტანს, ოსეთსა და ჩეჩნეთს. როგორც ბატონ გურამ შარაძეს მიაჩნია, საზღვრის გარშემო არსებული გაუგებრობა მჟავანაძის მთავრობისდროინდელი ანტისტალინური, ხრუშჩოვისეული პოლიტიკის შედეგია. ,,რატომ ხდება საქართველო ყოველთვის გაუგებრობისა და დანაწილების ობიექტი? რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ სხვისი შედგენილი რუკებით?

 
ნანა ყაველაშვილი
,,7 დღე’’, 24-25 დეკემბერი, 1997

 

 

“ჩხეიძემ სიტყვების კორიანტელი დააყენა, მაგრამ რა გაკეთდა?”

 

მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გურამ შარაძე აშკარად ვერ ფარავს აღშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მალხაზ კაკაბაძის “თავხედობის” გამო და ვიცე-მინისტრს აღნიშნული საპარლამენტო კომიტეტის არსებობას შეახსენებს. საქმე ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში კაკაბაძის უშუალო ხელმძღვანელობით ლარსის საკითხის შემსწავლელ კომისიაში თურმე რაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები და ამ საკითხში კომპეტენტური სხვა პირები შეუყვანიათ, რასაც გურამ შარაძე ასეთ კომენტარს უკეთებს: – მაინც ვინ შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ კომისიაში? მე არ ვიცი, თქვენ იცით? კაკაბაძეს მოსწონს თუ არა, უნდა თუ არა, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს კურატორია.

გურამ შარაძის განცხადებით, “ანცვიფრებს მათი სითამამე და თვითნებობა. მას არ აინტერესებს, თუ რომელ კომიტეტთან ახერხებს მალხაზ კაკაბაძე ჰარმონიულ თანამშრომლობას, რომელი კომიტეტი უშლის ნერვებს და რომელი არა, მაგრამ თავის უფლებებს მკაცრად შეახსენებს”.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ლარსის საზღვარს პირვანდელი ფორმა დაუბრუნდა, ეს საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრშია და, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იქნება პოლიტიკოსთა განსჯის საგანი. სწორედ ლარსი და საქართველოს ისტორიული საზღვრები გახდა გურამ შარაძისა და მასმედიის შეხვედრის მიზეზი. თუმცა, როგორც თავად ბატონი გურამი ამბობს, კარგა ხანს თავს იკავებდა მოსაზრებების გამოთქმისაგან იმ იმედით, რომ პრობლემას შესაბამისი პროფილის სტრუქტურები მოაგვარებდნენ. საბოლოოდ გურამ შარაძე დარწმუნდა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა და თავად ითავა ამ თემაზე საუბარი.

გაიხსენა რა ამ საკითხს გადაყოლილ გენერალ ნიკოლაევის ამასწინანდელი კატეგორიული განცხადება “თუ სპირტის კონტრაბანდისტული ქარავანი უკან არ დაიხევს, დაბომბვასაც არ მოვერიდებითო” და იქვე საქართველოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძის “კვეხნა და ბაქიაობაც” მოიგონა, “ჩხეიძემ სიტყვების კორიანტელი დააყენა, მაგრამ რა გააკეთა?!” – არაერთაზროვნად იკითხა შარაძემ.

ყოველი სუვერენული სახელმწიფოსათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლებისათვის აუცილებელი ექვსი ატრიბუტის: ტერიტორია, საზღვრები, დროშა, გერბი, ჰიმნი და კონსტიტუციაზე საუბრისას გაკვირვებულმა აღნიშნა: “ამათ პარლამენტი და პრეზიდენტი არ უნდათ. რამდენი გამსახურდია, რამდენი გადატრიალება, რამდენი გადმოტრიალება უნდათ, ვერ გამიგიაო” და მათრახი კვლავ მალხაზ კაკაბაძეს გადაჰკრა. “კაკაბაძეს ხომ არ ჰგონია, რომ მე ცოტა რამ გამეგება ამ საკითხში? რისთვის ჩამოვიტანე ეს არქივი? ვინმეს ხომ არ ჰგონია, მედლებისთვის? ვინმემ არ გაბედოს და ღირსების ორდენზე არ წარმადგინოს ამის გამო – “ვიღაცეები” წინასწარ გააფრთხილა შარაძემ და აშშ-დან ცოლ-ქმარი ანჯეი დობროვისა და ნინო ჯავახიშვილის მიერ ჩამოტანილი 1775 წელს ვენეციაში და 1789 წელს რომში გაკეთებული საქართველოს რუკები გვაჩვენა, რომელიც ემიგრანტ ვანო ნანუაშვილს ანდერძით დაუტოვებია მისთვის. აქვე ჰარვარდიდან და პარიზიდან ჩამოტანილი არქივიდან ამოღებული რუკებიც დაგვიწყო წინ.

– ამ რუკებზე ნათლად ჩანს, ვის ეკუთვნის ლარსი. მალხაზ კაკაბაძის კომიტეტი, მას სხვანაირად ვერ ვუწოდებ, კომპეტენტურ წყაროდ 1945 წლის რუკებს ასახელებს და ამის მიხედვით აკეთებს დასკვნებს, – განაცხადა გურამ შარაძემ და  კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი კომპეტენციები საგარეო საქმეთა სამინისტროს ლარსის საზღვრების საკითხის შემსწავლელ კომისიას და ნაირა გელაშვილს. როგორც ცნობილია, გელაშვილმაც აცილება მისცა შარაძეს “კავკასიური სახლის” ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. ბოლოს ისიც გაირკვა, რომ მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ელდარ შენგელაიაზეცაა განაწყენებული.

– აღმაშფოთებელია ელდარ შენგელაიას იქ წაბრძანება და პარლამენტის სახელით განცხადება: ,,ნუ მიაქცევთ გურამ შარაძეს ყურადღებას, პრეზიდენტთან შევალ და საქმეს მე მოვაკვარახჭინებ’’, – განაცხადა შარაძემ.
თამარ ასლანიკაშვილი
“ახალი თაობა”, 24 დეკემბერი, 1997

 

http://guramsharadze.wordpress.com/devnili/larsi/

 

 

დატოვე კომენტარი