Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• საქართველოში ერთმანეთს ორი იდეოლოგია ეჯახება

 

მართლმადიდებლური ეკლესია გეი-აღლუმის წინააღმდეგ

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას არ დაუშვას, საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა.

26 აგვისტოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ბათუმში გეი-აღლუმის შესაძლო ჩატარება გააპროტესტეს და აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან ბარბარეს სახელობის ტაძრისკენ ფეხით გაემართნენ. მრევლთან ერთად მოძღვრებმა ბათუმის ქუჩები ხატებით, გალობით მოიარეს. გადაიხადეს პარაკლისი.

***

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2010-08-20

 

ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს თბილისში ან ბათუმში განზრახულია ე.წ. გეი-აღლუმის ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს: 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს.

გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა “ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას” გადაურჩნენ (რუსი-ურბნისის კრება).

საერთოდ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე არსებობდა, მაგრამ არცერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.

ჩვენ ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის მავნე 70 წლიანი ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად.

დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო.

20 აგვისტო, 2010 წელი

***

 

სიუჟეტი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე

ეს სიუჟეტი უნდა გასულიყო საპატრიარქოს არხზე “ერთსულოვნება” 21.06.2010. 19სთ 15წთ.

 მაგრამ 11 საათზე არხი გათიშეს დავალიანების გამო.

სიუჟეტში გადმოცემულია კავშირის შექმნის მიზანი და საქმიანობა წლების მანძილზე.

 

***

უხამსობისგან და რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვს

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება  

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობების და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.
გახმაურებული “წიგნის” არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განხორციელდა.

დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადატანილ იქნას “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს.

სინამდვილეში კი ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა.

ვფიქრობთ, არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე (ამ პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება უახლოეს წარსულშიც არაერთხელ გამოვლინდა), მაგრამ ეკლესია ასევე ვერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას.

დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული.

ამიტომაცაა საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას.

ჩვენის აზრით, ყველაფერი გაკეთდა შეგნებულად (დეისაძე დაკვეთის შემსრულებელი ბრმა იარაღი იყო) იმისთვის, რომ მოეხდინათ მორწმუნეთა, განსაკუთრებით კი, მართლმადიდებელთა, პროვოცირება (შევნიშნავთ იმასაც, რომ მართლმადიდებლობის სახელით არცერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი), რათა მათზე აპელირებით მერე უშუალოდ ეკლესიის ავტორიტეტზე განეხორციელებინათ დარტყმა.

ეს “წიგნი” და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისაკენ.

დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის: ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება (სასამართლოში ჩივილით ადამიანი ვერ იღებს იმ კომპენსაციას, რა დონის ზიანიც მას მორალურად მიეყენება), არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას.

15 მაისი, 2010 წელი

http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=555

***

 

საქართველოში ერთმანეთს ორი იდეოლოგია ეჯახება

 

10.05.2010

[ნინო მიქიაშვილი]

ტელეკომპანია ”კავკასია”-ში მომხდარ ინციდენტს, პრესა.გე-სთან საუბრისას, ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე აფასებს, რომელიც მოვლენების განვითარებას თვალ-ყურს ტელეეკრანიდან ადევნებდა.

 მამუკა გიორგაძე: სტუდიაში ხელოვნური დაძაბულობა თავიდანვე იგრძნობოდა, რაც წამყვანის, ნინო ჯანგირაშვილის ზედმეტი ანგაჟირებულობით იყო გამოწვეული – იგი ყველანაირად ცდილობდა, მთელი დღის განმავლობაში ისედაც დაძაბული ადამიანების ნერვები მწყობრიდან გამოეყვანა და ისტერიული ვითარება შეექმნა, რაც მის დაბალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს გეგმის გარკვეული ნაწილიც იყო.

 

წამყვანიც ადამიანია და ხომ შეიძლება, გადაიღალა, ამ ყველაფრის ყურებით?
– როდესაც ჟურნალისტი ხარ და გადაცემა მიგყავს, საკუთარი ემოციების მოთოკვას მაქსიმალურად უნდა შეეცადო. რაც შეეხება გადაღლას, იმ ადამიანებს, რომლებიც სტუდიაში იყვნენ წარმოდგენილები, მთელი დღის განმავლობაში აქციებზე, ღონისძიებაზე უწევდათ ყოფნა და ამიტომ, მათი დაძაბულობა ბუნებრივი იყო; ჯანგირაშვილმა მუშაობა საღამოს ათ საათზე დაიწყო და ბუნებრივია, მას დაძაბულობა არ უნდა ჰქონოდა. გადაცემა ისეთი მიმართულებით მიჰყავდა, რომ ვითარების ღრმა ანალიზისა და შესაბამისი შეფასებების მაგივრად ყოფილიყო პინ–პონგი, გადაძახილ-გადმოძახილი; ისტერიკას თვითონვე ტეხდა, კიოდა, ვითომ წესრიგს ამყარებდა და სინამდვილეში წესრიგს იქ არავინ არღვევდა. მან გადაცემა არ გააწონასწორა, მაგალითად, ლევან ჩაჩუას, რომელიც ნანა დევდარიანთან და მალხაზ გულაშვილთან ერთად იჯდა და რომელიც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, სიტყვა საერთოდ არ მისცა, ისევე, როგორც ნანა დევდარიანს; პრაქტიკულად მიდიოდა თავდასხმები გულაშვილზე, რომელიც იძულებული იყო ეს თავდასხმები მოეგერიებინა.

მაგრამ გულაშვილი და ჯანგირაშვილი იყო მთავარი პრობლემა?!
– რაც ”ბარიერის” სტუდიაში მოხდა, ესაა იმ პრობლემების გამოვლინება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, სადაც ერთმანეთს ორი იდეოლოგია ეჯახება, რომლებიც ერთმანეთთან თანაცხოვრებას ვერ შეძლებენ, რაც ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ამ შემთხვევაში ერთი სიმბოლო გახლავთ ”თავისუფლების ინსტიტუტი” (როგორც კრებსით სიმბოლოს, ისე ვიღებ ამას), ხოლო მეორე – მართმადიდებლური საზოგადოებრივი მოძრაობები. მთავარი საკითხია, აზრის გამოხატვის უფლება უფრო მაღალი ღირებულებაა, თუ თვითონ ადამიანის ღირსება. აქ არის დაპირისპირების სათავე, ეს ორი ხედვა ერთმანეთს ეჯახება და ამის ახსნა, რომ არ მოხდა ”ბარიერში”, ამიტომ გართულდა ვითარება.

”თავისუფლების ინსტიტუტი” ამბობს, რომ ადამიანი უფრო ნაკლები ღირებულებაა, ვიდრე აზრის გამოხატვის თავისუფლება. გამომდინარე აქედან, შეიძლება შენ აზრის გამოხატვის თავისუფლების ნიღბის ქვეშ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მისი რელიგიური, თუ ადამიანური გრძნობები შებილწო და სწორედ ეს პროცესი დაიწყო ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტიდან, როდესაც მართლმადიდებელი აღმსარებლობის სტუდენტებს საშუალება არ მისცეს, ინსტიტუტში თავისი კუთხე ჰქონოდათ. არადა, ასეთი კუთხე ტექნიკურ უნივერსიტეტში არის, ისევე, როგორც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, კანონმდებლობით ამის მოთხოვნის უფლება აქვთ, მაგრამ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ამის უფლება არ მისცა და სტუდენტები ცინიკურად გამოისტუმრა.

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სტუდენტებს არ აქვთ უფლება სალოცავი კუთხე გახსნან, მათთვის სასურველ ლექტორს შეხვედრა მოუწყონ, მაგრამ სამაგიეროდ, ”თავისუფლების ინსტიტუტს” აქვს საშუალება იქ ჰქონდეს ბაზა, საიდანაც ბოლო წლებია იგეგმება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და ქართული ცნობიერების წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები, დაწყებული პირველ არხზე მიმდინარე პროცესებით, დამთავრებული უწმინდესის წინააღმდეგ მიმდინარე შეურაცხმყოფელი განცხადებებით. აი, ამ იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა თემებმა განაპირობა პროტესტის ნიშნად სტუდენტების ქუჩაში გამოსვლა. ეს იყო სუფთა სტუდენტური მოძრაობა, რაშიც არც მართმადიდებლური საზოგადოებრივი მოძრაობები ჩარეულან და არც პოლიტიკოსები. აი, ამის შემდეგ, ეს უნივერსიტეტი აწყობს ერთი უნიჭო, უგემოვნო და მდარე ხარისხის ნაწარმოების განხილვას და პროპაგანდირებას. ხელისუფლებისგან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან დაჩაგრული სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ და ბუნებრივია, ის, რომ ადამიანები, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც ეს სტუდენტები, მათ ამოუდგნენ გვერდში. ”თავისუფლების ინსტიტუტმა” და ხელისუფლებამ, ამ პროცესის ესკალაცია ”კავკასიას” ეთერში განავითარა.

იქნებ ეს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო?!
– ფაქტი სახეზეა – ნინო ჯანგირაშვილი პირდაპირ ეთერში უთითებდა პოლიციის უფროსს, ვინ დაეჭირათ და ვინ არა – ”აი, ეს დაიჭირე, ეს არ დაიჭირო, ეს ჩემი ბიძაშვილია, არ დაიჭირო, ის მოძალადეა, დაიჭირე”. ნინო ჯანგირაშვილის გასარკვევია, ვინ არის დასაჭერი და ვინ არა?! უკვე ამაში ჩანს ამ ყოველივეს პროვოკაციულობა. პატარა კამერით სტუდიაში აურზაურს, რომ ახალგაზრდა ბიჭი იღებდა, ავთო ზუმბაძე, ისიც ჯანგირაშვილის მითითებით დაიჭირეს. ეს ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ისეთი მორჩილებით ასრულებს ეკლესიაში, ელემენტარულად შეიძლება მორწმუნის სიმბოლო გახადო და ის როგორ შეიძლება მოძალადე იყოს?! ფოტი მოძალადე ვერ იქნება. გადაცემის წამყვანმა მას ხელი დაადო, რომ თურმე, ერთი ხელით ჩხუბში მონაწილეობდა და მეორეთი იღებდა. ეს ხომ აბსურდია?! პირდაპირ ეთერში ჩანდა როგორ იდგა და კამერით იღებდა ყველაფერს. თუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე და აზრის გავრცელების თავისუფლებაზეა საუბარი, ფოტი აზრის გავრცელებას ემსახურებოდა. მაინცდამაინც სახელმწიფოდან მიღებული, ე.წ. ჟურნალისტის მანდატი უნდა ედოს ჯიბეში, რომ დავიცვათ?! ის იმ ორგანიზაციის ჟურნალისტია და თავის მოვალეობას ახორციელებდა. ეს ყოველივე იმის დანამდვილებით თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მიმდინარეობს გეგმაზომიერი ბრძოლა, იმ პიროვნებების წინააღმდეგ, ვინც ვერ ჯდება იმ პოლიტიკურ თამაშში, იმ პოლიტიკურ სპექტაკლში, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ საქართველოში.

”ბარიერში” მომხდარ ინცინდენტამდე, ჭადრაკის სასახლეში სცადეს შეკრების ჩაშლა – ახალგაზრდა კაცმა ”იმედის”, ”რუსთავის 2”-ის და პირველი არხის ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობა ”სახალხო მართლმადიდებლური კავშირის” ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გინებით სცადა – ვითომ თქვენი წევრი ვარ და ორგანიზაციიდან გავდივარო. როცა ვიკითხე მის შესახებ, აღმოჩნდა, რომ არავინ იცნობდა. ასე რომ, გასულ პარასკევს საკმაოდ ორგანიზებული პროვოკაციების სერია განხორციელდა, რაც არის გეგმაზომიერი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა მოხდა ფერიის მთაზე, როცა ეკლესია დაანგრიეს, როცა ხაშურის ცენტრში და ქობულეთის შესასვლელში, ჯვრები მოთხარეს და გადააგდეს; ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ”თავისუფლების ინსტიტუტის” მონაწილეობით როგორ იგეგმებოდა პირველ არხზე ანტიქრისტიანული და ანტიმართლმადიდებლური გადაცემები; ვიცით როგორ აგორებდნენ უშუალოდ პატრიარქის და სასულიერო პირების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას და საზოგადოების წინაშე მათი შერაცხმყოფელი ფორმებით წარმოჩინებას.

პროვოკაცია მართლმადიდებელი საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელმაც გადაწყვიტა ყოველივე ამას საზოგადოებრივი მოძრაობის სახით შეეწინააღმდეგოს და მოძალადეებს შესაბამისი პასუხი გასცეს, როგორც იურიდიულად, ასევე საზოგადოებრივი აქტიურობით. სხვათა შორის, ის ბიჭები, რომლებიც დღეს დაჭერილები არიან, თვეების განმავლობაში ღამეებს ათენებდნენ ბოლნისში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლების ნებართვით, ჩუმად, უკანონოდ არ აშენებულიყო მეჩეთი. ეს მორწმუნე ახალგაზრდები ჩადიან და მოსახლეობას ეუბნებიან – ”უკანონოდ ნუ აშენებთ, დაძაბულობას ნუ ქმნითო”; რამდენიმე თვეა ყოველდღიურად მრევლი ჩადის, მუშაობს, ეფერება ადგილობრივ მოსახლეობას, უხსნის, რომ ეს პროვოკაციაა.

მეჩეთის აშენებას ლუკოილის ერთ-ერთი წარმომადგენელიც აფინანსებდა; ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქცია მოეწყო – ამ პროვოკაციაში მონაწილეობას ნუ მიიღებთო. შემდეგ ამ პროცესში სასულიერო პირები ჩაერივნენ და ლუკოილის ხელმძღვანელობამ, ძალიან შეგნებული დამოკიდებულება გამოავლინა. ამ პროვოკაციასთან მიმართებაში დღესაც მიმდინარეობს მშვიდი მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს შეიძლება ადამიანმა ხმას აუწიოს, ან დაუწიოს, ეს ბუნებრივი პროცესია და ქართულმა საზოგადოებამ ამ ადამიანების მუშაობის შესახებ არ იცის. აი, ამიტომაა ძალიან რთული წარმოსადგენი, რა პროცესები უძღვოდა წინ სტუდიაში მომხდარ ინცინდენტს. დღეს დაკავებული ადამიანები არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ტელეკამერების წინ სიამოვნებით იპოზიორებენ – ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ის გავაკეთეთ, ჩვენ ამას ვშვებით, იმას ვშვებითო.

მაგალითად, ლევან ჩაჩუაა ბოლნისში დაგეგმილი პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, მეტად ღირსეული ადამიანი, მორწმუნე, ყველა ქართული საქმის თანამონაწილე. პარასკევს ”ბარიერის” სტუდიაში მას ხმა საერთოდ არ ამოუღია, მაგრამ დაიჭირეს; აი, ამ კუთხით უნდათ ჩამოაშორონ თავის საქმიანობას და დაჭერილ ახალგაზრდებთან (გაბედავა, მაისურაძე, აფხაძე) ერთად საზოგადოების თვალში მოძალადედ წარმოაჩინონ.

მათ ბრალი დასდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში…
– კი მაგრამ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ჩემთვის წმინდას შეურაცხყოფას ხომ არ უნდა ნიშნავდეს?! ბექა მინდიაშვილს და გიგი თევზაძეს წმინდა არაფერი გააჩნიათ. დედებზე, ცოლებზე და დებზე ისეთ რამეს წერენ, რომ გაფიქრება და გამეორებაც შემზარავია და ამათთვის მაცხოვარი წმინდაა, ღვთისმშობელი წმინდაა და როდესაც შენ ღვთისმშობელს უდიერად მოიხსენიებ და სამების ტაძარს ისეთ მეტაფორაში ახსენებ, რომელი მეტაფორაც უბრალოდ, წარმოუდგენელია, ესენი შეურაცხყოფილები არიან. როდესაც საქმის გარკვევას სიტყვით ცდილობდნენ, ამის საშუალებას არ აძლევდნენ. როდესაც სასამართლოთი სცადეს ვითარების გარკვევა, არც ამის საშუალება მისცეს და შემდგომ, რომელიმე მათგანს თუ ნერვებმა უმტყუნა და ხმამაღალი საუბარი გამოუვიდა, მოძალადეობაში დაადანაშაულეს და რატომაა მოძალადე? იმიტომ რომ თავის სარწმუნოებას იცავს?! აი, ეს არის აქ მთავარი მომენტი და მით უმეტეს, მაპატიეთ და იმ ცვედან საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ”კავკასიას” ეთერში.

ვის გულისხმობთ?
– პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომელთა უპირველესი მოვალეობაა დაიცვან საქართველო, ქართული ცნობიერება, ქართული ღირებულებები, ფარისევლურად, რომ მელაპარაკებიან – მართლმადიდებლობა კარგია, მაგრამ ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებულიო. თუ ასე გაგრძელდა, ეს ხალხი ცოტა ხანში იქამდე გათავხედდება, რომ 9 ძმა ხერხეულიძეს მკვლელად გამოაცხადებს და დავით აღმაშენებლის იმ 200 მეომარს, დიდგორზე რომ პირველი შევიდა, ტერორისტებად მონათლავს. ისე, ძალიან საეჭვოა როგორ შეძლეს ისეთი სწრაფი ორგანიზება, რომ 15 წუთში მთელი პოლიტიკური სპექტრი ”კავკასიას” ეთერისკენ დაიძრა?! ნუთუ ასე აღშფოთდნენ და შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი?! რატომღაც ზოგიერთი ასე არ აღშფოთებულა, როდესაც თუნდაც 6 მაისს, ქალაქის სამმართველოსთან ხალხს თავი გაუტეხეს.

ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის რომ ეს ყოველივე ძალიან ხელოვნური იყო, დადგმულ სპექტაკლს ძალიან ჰგავდა, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა, ხელისუფლებისგანაა ინსპირირებული, სპექტაკლია და არა რეალური ბრძოლა. გამოჩნდა, რეალურ ბრძოლას ვინ ახორციელებს და ვის სურს განახორციელოს.

 http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10782

 ***

 7/05/2010

რა მოხდა ტელევიზია კავკასიის მიღმა

http://www.myvideo.ge/?video_id=892586

 ტელეკომპანია “კავკასიათან” მომხდარი ინციდეტდის შემდეგ, “სახალო მართლმადიდებელი მოძრაობის” რვა წევრი დააკავეს. საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის, სიტყვის თავისფლების ხელის შეშლის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის მუხლით.

***

მამა დავით ქვლივიძე 7 მაისს  ტვ “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

http://www.myvideo.ge/?video_id=895722

***

 

 9 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  მიტრის ტარებისა და განმშვენიერებული ჯვრის ტარების  უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი დავით ისაკაძე (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთერთი ხელმძღვანელი).

 ***

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” განცხადებას ავრცელებს

2010-05-12

 “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია “კავკასიაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათი ორგანიზაციის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რეპორტაჟები თუ სიუჟეტები მიმართული იყო საზოგადოებაში უარყოფითი გაწყობილების შესაქმნელად.

“შეიქმნა ისტერიული და არასამართლებრივი ფონი, რაც ხელს უწყობდა მასმედიის ორგანიზაციებისა და საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენელთა მიერ, გამოძიების დაწყებამდე აპრიორული შეფასებების გაკეთებასა და კლიშეების მიწებებას. იმას, რომ მშობელთა კავშირის წარმომადგენელები არიან კრიმინალები, არიან დასაჭერები. მეტიც, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა გადაცემა “ბარიერის” მსვლელობისას, მანამ სანამ “ინციდენტი” დაიწყებოდა. უდანაშაულობის პრეზუმფციის ამგვარი დარღვევა არის დემოკრატიის ელემენტალური პრინციპების ხელყოფა, არის ძალადობა და მცდელობა ზემოქმედება მოახდინოს გამოძიების მსვლელობასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე”,-ნათქვამია მმკ-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიების წარმართვისათვის.

ამავე განცხადების მიხედვით, მათი ქმედებები სავსებით შეესაბამება ამ სამართლებრივი ნორმებს და პრინციპებს.

http://www.myvideo.ge/?video_id=902717

One Response to “• საქართველოში ერთმანეთს ორი იდეოლოგია ეჯახება”

  1. giorgi said

    magaTi aglumiga gvaklia ra sruli bednierebistvis zustad. … bevrs nu blataoben, tu ara da tsavidnen holandiashi da iq kiseri utexiat…

    Like

დატოვე კომენტარი