Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ქართული სიმღერა

 

 ქართული სიმღერა

 

ქართული მრავალხმიანობა

 

“საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია”

ალან ლომაქსი

 ეროვნული მუსიკალური ენის იმ სტილურ თავისებურებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქართული მუსიკალური აზროვნების თვითმყოფადობასა და ნაციონალურ იერ-სახეს, უპირველეს ყოვლისა, მისი მრავალხმიანობა უნდა დასახელდეს. ცხადია, მრავალხმიანი მღერა მარტო ქართველებისათვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ქართულ ხალხურ მუსიკაში სპეციალისტთა ყურადღებას იქცევს მრავალხმიანობის არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი ფორმების არსებობა და თითოეულ მათგანში ხმათა ურთიერთკავშირის დროს წარმოქმნილი ურთულესი ჰარმონიული, თუ კონტრაპუნქტული შეხამების არაორდინალურობა. ბ. ასაფიევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული მრავალხმიანობა «განსაცვიფრებელ და ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე ქედმოხრის შთამაგონებელ მოვლენად» აღიქმება. შეიძლება ითქვას, მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო ნიშანდობლივი თავისებურებებია.

ქართული მრავალხმიანი სიმღერები (ორ, სამ და ოთხხმიანი) დიდი ფაქტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. შემოვიფარგლებით ქართული მრავალხმიანობის მხოლოდ ძირითადი ფორმების ზოგადი აღწერით.

ქართულ ხალხურ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა ჰომოფონიური მრავალხმიანობაა. აქ თანხლების ფუნქციას გაბმული — ბურდონული ბანი, ან მრავალჯერადად გამეორებადი მოკლე ინტონაციური ფორმულა ასრულებს. რაც შეეხება მაღალ, მელოდიურ ხმებს, იგი ხან ურთიერთმონაცვლეობის, ხან პარალელიზმის, ხან კი პოლიფონიური (კონტრაპუნქტული) შეხამების პრინციპებზეა აგებული. ჰომოფონიური მრავალხმიანობის ფორმა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, განსაკუთრებით კი ქართლ-კახური მუსიკალური დიალექტებისთვის არის დამახასიათებელი.

დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე შეფენილი ეთნიკური ჯგუფების — რაჭველებისა და განსაკუთრებით სვანების მეხსიერებამ შემოინახა მრავალხმიანობის არქაული და ორიგინალური ფორმა, სადაც სამივე ხმის მოძრაობა რიტმული სინქრონიზმითა და კომპაქტური ჟღერადობით ხასიათდება. ასეთი ფაქტურა გამოკვეთილი ვერტიკალური თანაჟღერადობების — აკორდული კომპლექსების მოძრაობით გამოირჩევა.

მრავალხმიანობის აღნიშნული ფორმა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუსიკალური დიალექტისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ბარის რაიონებში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია) მან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა — თითოეულმა ხმამ მეტი დამოუკიდებლობა შეიძინა და საკუთარი მელოდიური ნახაზი შექმნა. ხმების კონტრასტულმა ურთიერთდაპირისპირებამ კოლორიტული თანაჟღერადობები წარმოქმნა, რომელთა უდიდესი ნაწილიც, კლასიკური მუსიკის თეორიის თვალსაზრისით, დისონანსებს წარმოადგენს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გურული მუსიკალური დიალექტი იმსახურებს, რომელიც მრავალი სპეციალისტის მიერ ხალხური პოლიფონიის მწვერვალადაა მიჩნეული. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ზოგიერთი გურული სიმღერის საოცრად ორიგინალური მაღალი ხმა, რომელიც «კრიმანჭულის» სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ფალცეტით სრულდება და ალპურ «იოდელი»-ს გვაგონებს. კრიმანჭულით აღფრთოვანებული ი. სტრავინსკი აღნიშნავდა: «იოდლი — რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია».

ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში ხშირია შემთხვევა, როდესაც მრავალხმიანობის სხვადასხვა ფორმათა ნიშან-თვისებები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. მრავალხმიანობის ასეთ ფორმას სინთეზურს უწოდებენ.

ისტორიულ, გეოგრაფიულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა გარემოებათა გამო, საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა ზოგადქართული მუსიკალური ფუძე-ენის დიფერენციაცია, რამაც განსხვავებული მუსიკალური დიალექტების წარმოქმნასთან მიგვიყვანა. ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა აღმოსავლეთ საქართველოში შემდეგ დიალექტებს გამოჰყოფს: ხევსურულს, ფშაურს, თუშურს, მთიულურ-გუდამაყრულს, მოხეურს, ქართლურს, კახურსა და ინგილოურს; დასავლეთ საქართველოში — რაჭულს, სვანურს, ლეჩხუმურს, იმერულს, გურულს, მეგრულსა და აჭარულს, ხოლო სამხრეთ საქართველოში — მესხურ-ჯავახურს, შავშურსა და ლაზურს. ყოველ მათგანს საკუთარი ინტონაციური სამყარო, სტილური თავისებურებები, საშემსრულებლო მანერა და მრავალხმიანობის ესა თუ ის ტიპი ახასიათებს. ლოკალური თავისებურებების შემუშავებით თითოეულმა მუსიკალურმა დიალექტმა გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა ეროვნული მუსიკალური საგანძური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დიალექტებს შორის, როგორც მუსიკალურ-ენობრივი, ისე სტილისტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ მკვეთრი განსხვავებაა, დაკვირვებული მსმენელი ადვილად შეამჩნევს მათი კილო-ჰარმონიული წყობისა და ინტონაციური საქცევების ერთი ფუძიდან წარმომავლობას.

დიალექტურმა თავისებურებებმა და ჟანრულმა სიმდიდრემ ქართული სიმღერის კილო-მელოდიური მრავალფეროვნება განაპირობა. სიმღერის იდეურ და შინაარსობრივ მხარისათვის, ემოციურ სამყაროსათვის სრულიად უცხოა სენტიმენტალიზმი და პესიმიზმი. ქართულ ხალხურ სიმღერაში ვაჟკაცური, რაინდული საწყისი ბატონობს. ზემოთაღნიშნულს ეხმიანება ის ფაქტიც, რომ ქართული ვოკალური კულტურისათვის უაღრესად ტიპიურია ერთგვაროვანი—ძირითადად მამაკაცთა—შესრულება.

მდიდარია ქართული ხალხური მუსიკის ჰარმონიული ენაც. ხმათა მელოდიური მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი ჰარმონიული კონსტრუქციები ინტერვალური აგებულების პრინციპით მკვეთრად ემიჯნებიან კლასიკურ მაჟორ-მინორულ სისტემას. თანაჟღერადობების ინტერვალური აგებულების მრავალფეროვანი, კომპაქტური და კოლორიტული ჟღერადობა ჰარმონიულ ენას სრულიად ორიგინალური ნაციონალური ელფერი შესძინა.

მრავალფეროვან და მაღალგანვითარებულ მოდულაციურ სისტემებს ქართულ ხალხურ მუსიკაში, ფორმაქმნადობის თვალსაზრისით, გამორჩეული ადგილი უჭირავს. მათი სრულქმნილი და დახვეწილი ფორმები ქართული ხალხური მუსიკალური აზროვნების განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებენ. მოდულაციური სისტემები და მამოდულირებელი კადანსები ქართულ სიმღერას მკაფიოდ გამოარჩევს ხალხური შემოქმედების ზოგადი პრინციპებისგან, რის გამოც ფენომენოლოგიურ თავისებურებად წარმოჩნდება.

აგრეთვე არაორდინალურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ სხვადასხვა ფაქტორების გამო ჩამოყალიბებული ისეთი სასიმღერო ფორმები, რომლებიც მაღალგანვითარებულ ნიმუშებში, განსაკუთრებით კი სუფრულ და სამ  და ოთხხმიან ნადურ (შრომის) სიმღერებში ვხვდებით. ეს ფორმები ინტენსიური დინამიურობით, თემატური ბირთვის ვარიანტულ-ვარიაციული სახეცვლით, ციკლიურობითა და ნაწილთა კონტრასტულობით გამოირჩევა და მასშტაბურ მუსიკალურ ნაგებობებად წარმოგვიდგება.

ქართველთა მუსიკალური სააზროვნო სისტემა ოდითგან მრავალხმიანი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ წარმართობის ჟამს ჩასახულმა საერო მრავალხმიანმა მუსიკამ ქართულ ქრისტიანულ საგალობელში მრავალხმიანი ფორმების ჩასახვა-განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სრულიად მართებულია მეცნიერთა ვარაუდი, რომ საქართველო არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.

http://www.polyphony.ge/index.php?m=555

 

***

რუსუდან წურწუმია

 

 პოლიფონია, როგორც ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორია

 

დაიწყო XXI საუკუნე, მესამე ათასწლეული ქრისტეს აქეთ და ქართული მუსიკალური კულტურაც თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა. როგორც ნებისმიერი უძველესი მუსიკალური კულტურა, ქართულიც მრავალშრიანი მოვლენაა და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შრეს ტრადიციული მუსიკა წარმოადგენს. ტრადიციული მუსიკის ქვეშ ქართულ სინამდვილეში მოიაზრება ორი, დროსა და სივრცეში განფენილი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენა _ მრავალხმიანი სიმღერა და მრავალხმიანი გალობა.

საზოგადოდ, კულტურა უნდა განვიხილოთ, როგორც ეთნოსის ერთიანი ცნობიერების სამყაროსთან ურთიერთობის მთლიანი სისტემა, რომელშიც ერის ისტორიულ-კულტურული განვითარების პროცესი ბუნებრივად გამოკვეთს ორ შრეს. ამ შრეების დასახასიათებლად მეცნიერები ხმარობენ ცნებებს “მოსახმარი” და “სიმბოლური” (ნათაძე, 1988), რომლებიც მუსიკალური კულტურის არსის მახასიათებლებადაც გვევლინებიან: მუსიკალური კულტურაც ასიმბოლოებს იმას, რაც ამ კულტურის შემქმნელს სხვა კულტურის შემქმნელისაგან განასხვავებს; და მუსიკალური კულტურაც მონაწილეობს ე.წ. “მოსახმარ კულტურაში”, რომელშიც ეთნოსის ცხოვრების დამახასიათებელი წესია განხორციელებული.

კულტურის სიმბოლური და მოსახმარი მნიშვნელობები ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, “სიმბოლური” კულტურის ცნება ვერ იტევს კულტურის მთელ სისტემას, რომელიც აუცილებლად გულისხმობს კულტურის ე.წ. “მოსახმარ” დონესაც. ამ უკანასკნელის დონეზე კულტურა არაეთგვაროვანია, ასახავს ბგერადი სინამდვილის მთელს სპექტრს და სხვადასხვა სოციო-ისტორიულ ვითარებაში ხშირად ერთობ ჭრელ სურათსაც იძლევა. “მოსახმარი” კულტურის ცნება უფრო ფართოა, იგი არსები- თად მთელს კულტურას მოიცავს, აირეკლავს კულტურის ქმნადობის მუდმივ პროცესს, რომელშიც ყველაფერთან ერთად უცხოკულტურულ ტრადიციებთან ურთიერთობის დიალექტიკაც არის რეალიზებული. სწორედ “მოსახმარ” დონეზე ხორციელდება ეთნოსის მუსიკალური ცნობიერების მიერ მისთვის მისაწვდომი სხვაეთნიკური მხატვრული მოვლენების აღქმა. ეს პროცესი ეთნოსისათვის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებაა, მისი მუსიკალური აზროვნების განვითარების აუცილებელი პირობა.

რაც შეეხება “სიმბოლურ” კულტურას, მასში თავს იყრის “მოსახმარის” დონეზე ჩამოყალიბებული ღირებულებების გარკვეული ნაწილი. ეს პროცესი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: “მოსახმარიდან” “სიმბოლურში” გადადის ის, რაც კერძოს მნიშვნელობას სცილდება, განსაკუთრებულისა და ზოგადის კატეგორიებით აღინიშნება და, შესაბამისად, ეროვნული კულტურის “სრულუფლებიანი წარმომადგენლის” მნიშვნელობას იძენს. ამრიგად, სიმბოლურ კულტურაში გროვდება ყველაფერი, რაც ერის სულიერებისა თუ მისი მატერიალური ყოფიერების სპეციფიკურობის ნიშნითაა აღბეჭდილი და განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს.

მაგალითად, შუასაკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლები მოწმობენ, რომ ამ პერიოდის ქართულ სინამდვილეში “მოსახმარის” დონეზე, ე.ი. ყოფაში (წარჩინებულთა კარზე და ქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში) ინტენსიურად ჟღერდა აღმოსავლური მონოდიური მუსიკა (ბახტაძე,1985), რომელიც პრაქტიკულად არ მონაწილეობს ძველი საქართველოს სიმბოლურ კულტურაში _ გლეხურ მრავალხმიანობასა და საეკლესიო ვოკალურ პოლიფონიაში.

 სიმბოლური კულტურა ტრადიციის ყველაზე მყარი მატარებელია. იგია სწორედ, რასაც ტრადიციულ კულტურას ვეძახით, რაც საუკუნეების მანძილზე გადადის თაობიდან თაობაში და ეროვნული კულტურის სახეს ქმნის, მის თვითმყოფ ბუნებას წარმოაჩენს. ტრადიციულ მუსიკალურ აზროვნებას აქვს გენეტიკურ-ისტორიული მეხსიერება, რომელიც უზრუნველყოფს მის უწყვეტობას, ეროვნული მუსიკალური “პირველგანცდის”, “პირველსახის”, კოლექტიურ ცნობიერებაში ჩამოყალიბებული და მრავალგზის განმეორებული არქეტიპის მონაწილეობას მასში.

ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ადასტურებს, რომ ჩვენი მუსიკალური კულტურის, როგორც თვითმყოფი ფენომენის ჩამოყალიბება ისტორიულად უძველესი წინააზიური ცივილიზაციების წიაღში მოხდა და მას, როგორც ამ ცივილიზაციის ნაწილს, ერთხელ შემუშავებული მხატვრული კანონებისა და პრინციპების ერთგულება ახასიათებდა. სწორედ ამისა და თავისი განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ქართულმა ტრადიციულმა მუსიკალურმა აზროვნებამ XX საუკუნემდე შემოინახა, როგორც ქართული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი დ.არაყიშვილი თითქმის საუკუნის წინ ამბობდა, “მეტად ძვირფასი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, თუ დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო ღრმა წარსულში ზოგადად ქართველური სიმღერა” (Аракишвили,1946:5). საინტერესო ისაა, რომ მუსიცირების ჩვენამდე მოღწეულ პრიმიტიულ, “პირველად” ფორმებში თითქმის ყოველთვის მჟღავნდება მზაობა ბურდონული მრავალხმიანობისათვის, სადაც მხოლოდ “შებანებაა” საჭირო, თუმცა კი ორხმიანად არ მღერიან. ამრიგად ქართული მუსიკალური ძეგლები საშუალებას გვაძლევენ თვალი გავადევნოთ ეროვნული ტრადიციული მრავალხმიანობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხანგრძლივ გზას, როგორც თანმიმდევრულ პროცესს. რაც შეეხება მის ადგილობრივ წარმომავლობას, ამის დამადასტურებელი მრავალი და, მათ შორის, არაქართველი მეცნიერის თვალსაზრისი არსებობს.

 ქართული მრავალხმიანობის ხანიერებაზე ზუსტი მითითება, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების ერთ-ერთ უადრეს ეტაპზე – წარმართულ ეპოქაში ჩამოყალიბდა, მანამ, სანამ საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდებოდა სახელმწიფო რელიგიად (ჩ.წ.IV ს.).

რა გვაძლევს ასეთი მტკიცების უფლებას?

მსჯელობის ლოგიკა ასეთია:

ეთნოსის ერად ჩამოყალიბების წინაპირობა ერთიან ეროვნულ ცნობიერებაზე დამყარებული კულტურული ერთიანობაა. ასეთი ერთიანობა, როგორც იდეოლოგიური მრწამსი, არა მხოლოდ (და არა იმდენად) თეორიულად გაცნობიერებული, არამედ პრაქტიკული მოღვაწეობის იმპულსი, საფუძვლად დაედო ქართველთა წინაპრების სწრაფვას ერთიანი ქართული სახელმწიფოსაკენ ძვ. წ. III საუკუნეში. ფარნავაზის ქართული სახელმწიფო შეიქმნა ოდესღაც ერთიანი ეთნიკური ჯგუფის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად დაქსაქსულ ქართველთა ნებაყოფლობით გაერთიანების შედეგად (მროველი,1987) რაც მათ მაღალ ეროვნულ-კულტურულ თვითშეგნებაზე მეტყველებს. ცნობიერება მთლიანი მოვლენაა და ამიტომ ამ დროისათვის ეროვნული მხატვრული ცნობიერების ჩამოყალიბებაც უნდა ვივარაუდოთ. ამ დროისათვის ქართული მუსიკალური აზროვნებაც უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, როგორც გარკვეული მუსიკალურ-პოეტური სემანტიკის მქონე სისტემა, რომელსაც ორიგინალური მუსიკალურ-გამომსახველობითი სტრუქტურა, მუსიკალური მასალის ორგანიზაციის საკუთარი პრინციპები გააჩნდა. ამ პრინციპებში იყო რეალიზებული ეროვნული მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნება, რომლის მუსიკალური მახასიათებლების _ ინტონაციის, რიტმის, კილო-ჰარმონიის სპეციფიკურობა აკუმულირებული იყო მრავალხმიან წყობაში. თითქოს დღეს ძნელია ვილაპარაკოთ იმ უძველესი სიმღერების თვითმყოფადობაზე, ქართველთა წინაპრები რომ მღეროდნენ, მაგრამ უძველეს წყაროებში (ქსენოფონტე, ძვ.წ.V საუკუნე) ხაზგასმითაა აღნიშნული მათი სიმღერებისა და ცეკვების “რაღაც განსაკუთრებული ყაიდის” შესახებ. ზოგიერთი ქართველი მეცნიერი ქსენოფონტეს ამ ცნობას წარმართული ქართული სიმღერების მრავალხმიანობის საბუთად მიიჩნევს, ზოგიერთი _ არა (ასლანიშვილი, 1954:12). მართლაც, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ “განსაკუთრებულობაში” ბერძენი ისტორიკოსი მრავალხმიანობას გულისხმობდა, მაგრამ ის კია სავარაუდო, რომ უკვე იმ დროისათვის ქართული სიმღერა მრავალხმიანი იყო, რადგან ამ “განსაკუთრებულმა” სასიმღერო კულტურამ რამდენიმე საუკუნის შემდეგ მთელს მონოდიურ ქრისტიანულ სამყაროში გამორჩეული ქართული მრავალხმიანი გალობის თვითმყოფადი სახე განაპირობა.

ამრიგად, შუასაკუნეების ქრისტიანულ მუსიკალურ კულტურაში ქართული გალობის უნიკალობას მისი მრავალხმიანი წყობა განაპირობებს.

 თავის მხრივ, წყობა, როგორც პოლიფონიური აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია, “მუსიკალური მატერიის” თავისებურებას განსაზღვრავს. მაგრამ წყობა მეტია, ვიდრე მხოლოდ მუსიკალური გამოსახვის საშუალება. მასში განხორციელებულია ქართველთა მიერ სამყაროს აღქმის სპეციფიკური იდეა, რადგან მხატვრული აზროვნება და, მით უფრო, საკულტო-რელიგიური, სიმბოლოების მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სისტემას ემყარება. ამ იდეის სპეციფიკურობას ეროვნული მხატვრული წარმოდგენები ასაზრდოებენ, ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ეთნოსის მსოფლაღქმის კონკრეტულ მუსიკალურ გამოხატულებად ქართულ სინამდვილეში სამხმიანი ქორალი იქცა.

ისტორიულად ჩამოყალიბებული თვალსაზრისის მიხედვით, ქორალური საწყისი სულიერისა და ზნეობრივის კატეგორიებს უკავშირდება, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა საუკუნეების მანძილზე ეროვნული სულიერებისა და მაღალზნეობრიობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ამასთან, ქართული ვოკალური პოლიფონია, რომელიც დასაბამს წარმართულ ეპოქაში იღებს, წინარექრისტიანული და ქრისტიანულეპოქალური მუსიკალური ცნობიერების სიმბოლოა, რომელშიც რეალიზებულია ეროვნული მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნება და წარმოადგენს ორიგინალურ ფენომენს, რომელშიც განსხეულებულია სულიერისა და ზნეობრივის ის განსაკუთრებულობა, ქართველმა ერმა თავის დროზე რომ შეიტანა კულტურულ ღირებულებათა საგანძურში. სამწუხაროდ, თავად კაცობრიობამ ჯერჯერობით ძალიან ცოტა იცის ამ მონაპოვრის შესახებ.

პოლიფონია, როგორც აზროვნების კატეგორია, მხოლოდ მუსიკის საკუთრებას არ წარმოადგენს. XX საუკუნეში უკვე დაიწყეს ლაპარაკი პოლიფონიურ აზროვნებაზე ლიტერატურაში, თეატრში (კაკაბაძე, 1987:6; Бахтин 1975:50). მაგრამ როგორც საზოგადოდ მხატვრული აზროვნების კატეგორია, იგი წარსულ ეპოქებშიც რომ არსებობდა, ამის დასტურს თუნდაც ქართული მხატვრული აზროვნება გვაძლევს. სწორედ იმ პერიოდში, როცა ქართულმა გალობამ თავისი კლასიკური მრავალხმიანი სახე მიიღო (X-XI საუკუნეები), პოლიფონიურობა, როგორც ეროვნული მხატვრული აზროვნების თავისებურება, იოანე პეტრიწმა საფუძვლად დაუდო ღვთაებრივი სამების ჰარმონიული ერთიანობის მუსიკალურ ანალოგიას (ნუცუბიძე და ყაუხჩიშვილი, 1937: XVIII; იხ. აგრეთვე ნ. ფირცხალავა ამ გამოცემაში). იგი მთელი სისრულით გამოვლინდა ქართული რენესანსის შედევრში რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში”, როგორც სამყაროს “უთვალავი ფერით” ხედვის უნარი. მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ყველაზე უფრო სრულყოფილად პოლიფონიურობა ქართულ მუსიკალურ კულტურაშია რეალიზებული, როგორც ქართველთა მსოფლაღქმის მხატვრულ-მუსიკალური ფორმა.

ამასთან, პოლიფონიურობა ეროვნული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორიაა, მაგრამ არა მისი განსაკუთრებულობა. მის განსაკუთრებულობას შეადგენს პოლიფონიური წყობის იმანენტურ კილო-ჰარმონიულ და რიტმულ-ინტონაციურ სტრუქტურათა ერთობლიობა და მასში ჩადებული ერის მუსიკალური მსოფლაღქმის ადეკვატური მხატვრულ-ესთეტიკური შინაარსი, რომელიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აირეკლება მხატვრულ მოვლენაში და ქმნის იმ სპეციფიკურ სულისკვეთებას, ამ მოვლენას უცხოკულტურულისაგან რომ გამოარჩევს. 

ქართველი ერის სიმბოლურ კულტურად ქცეულ ქართულ ტრადიციულ პოლიფონიას დღეს დიდი განსაცდელი ადგას. მას შეექმნა საშიშროება დაკარგოს ე.წ. “სახმარი” ღირებულება, ანუ დაკარგოს მისი გამოყენების ტრადიცია და ამდენად, პრაქტიკულად დაკარგოს ფუნციონირებისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი ასპარეზი. სიმბოლოდ არსებობა კი კულტურას არ შეუძლია ამ ასპარეზის გარეშე.

  

დამოწმებული ლიტერატურა

 ასლანიშვილი, შალვა. (1954). ქართული ხალხური სიმღერის ნარკვევები. ტ. I. თბილისი: ხელოვნება.

 ბახტაძე, ინგა. (1985) საერო ტენდენციების პრობლემისათვის ძველ ქართულ მუსიკალურ-ესთეტიკურ კულტურაში. კრებულში: ტორაძე, გულბათ. (რედ).  ქართული მუსიკის სტილისა და დრამატურგიის საკითხები. სამეცნიერო შრომები. (გვ.გვ. 125-131) თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

 კაკაბაძე, ზურაბ. (1987). ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა. თბილისი: მეცნიერება. მროველი, ლეონტი. (1987). ცხოვრება მეფეთა. კრებულში: სირაძე, რევაზ. (რედ). ქართული მწერლობა. ტ. I. (გვ.გვ. 49-58). თბილისი: ნაკადული.

ნათაძე, ნოდარ. (1988). ერი და ეროვნული კულტურა. თბილისი: მეცნიერება. ნუცუბიძე, შალვა და ყაუხჩიშვილი, სიმონ. (1937).

იოანე პეტრიწი და მისი “განმარტებაი”. კრებულში: იოანე პეტრიწი. შრომები. ტ. II. (გვ.გვ.IX – СXII). თბილისი: ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

Дмитрий Аракишвили (1946).

Бахтин Михаил (1975).

http://www.polyphony.ge/uploads/simposium/qartuli/wurwumia_polif.pdf

 

***

 

რომენ როლანი: “ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასეთი სიმღერა აქვს”…

 

“ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომის ღირებულებას ორი ფაქტი განსაზღვრავს: ერთი – მისი იდეის ორიგინალობა, მეორე კი – ამ იდეის მტკიცების მეთოდის სიმტკიცე და შემოწმებადობა. გიორგი გარაყანიძის მონოგრაფია “ქართული ეთნოგრაფის თეატრი და მისი საწყისები” ორივე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის ძვირფასი შენაძენია არა მარტო ეთნომუსიკოლოგიისა და საერთოდ, ქართველოლოგიური მეცნიერებებისა, არამედ – ზოგადად მეცნიერების…” – აღნიშნავს კრებულის რედაქტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ქურდიანი.

გიორგი გარაყანიძის ეს მრავალმხრივ საყურადღებო წიგნი მეცნიერული კეთილსინდისიერებითაა შესრულებული. ამას მოწმობს: ტერმინთა ზუსტი განმარტების მცდელობა, დამოწმებული ლიტერატურა, დამოწმებული მთხრობელთა სია, ექსპედიციათა ნუსხა, სანოტო მაგალითების წყაროები, სვ ალბომის სახით წარმოდგენილი ვიდეომაგალითები და “გულითადი მადლობის” გზავნილი ყველა იმ პიროვნებისადმი, ვინც ავტორს, სხვადასხვა დროს, პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარა.

“გულითად მადლობას მოვახსენებ: აკადემიკოს, ბატონ მიხეილ ქურდიანს – წლების მანძილზე ჩემდამი გამოჩენილი მამობრივი მზრუნველობისა და პროფესიული რჩევებისათვის; ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ სოსო ჭანტურიშვილს; ქალბატონ მანანა შილაკაძეს – წინამდებარე ნაშრომის რეცენზენტს; კონსერვატორიის პროფესორს, ბატონ ვანო ჟღენტს, კლასიკური მუსიკის ჰარმონიის საფუძვლების კურსი; მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტებს: ბატონ დავით შუღლიაშვილს – თავის დროზე გაწეული კონსულტაციებისათვის; ქალბატონ ნანა ვალიშვილს – საქმიანი რჩევებისა და თანამშრომლობისათვის; ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომლის ადამიანური თანადგომა არაერთზის დამხმარებია.

დაბოლოს, ბატონ გიორგი დონაძეს წინამდებარე წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის.

ჩვენი დროის პროფესიულ-ეთიკური მონაცემების ფონზე, ვფიქრობთ, იშვიათია მადლიერების ამგვარი გამოხატულება და ის პარალელები და სიღრმეებიც, რაც ამ კრებულში მეცნიერულის ნიშნითაა მნიშვნელოვანი.

თუ რა ეთნოგრაფიულ გარემოში ყალიბდებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები, წარსულში პროექციით და გამოვლილი გზის ანალიზით ხდება შესაძლებელი: რა რიტუალები სრულდებოდა ქორწილში, დატირებაში, შრომისა თუ საეკლესიო დღესასწაულების დროს… ცალკე თავი ეძღვნება “ქართული სუფრის ტრადიციის შინაგან ბუნებას”, ქართული სუფრის ტრადიციაში გამოკვეთილ დეტალებს, სუფრის წესის სტრუქტურას, ტერმინოლოგიას თუ იერარქიას ავტორი უძველესი საეკლესიო რიტუალებს უკავშირებს. თვლის, რომ დღეს მას გამოცლილი აქვს ამგვარი რიტუალური შინაარსი და “იგი დღეს ქრისტიანულ მრწამსზე დამყარებული სახალხო ტრადიციაა”.

***

“დროთა განმავლობაში ხალხმა სრულიად დაივიწყა სუფრის წესის რელიგიური მნიშვნელობა და იგი ხალხურივე მრწამსით გააჯერა, თუმცა სუფრის სტრუქტურას შენარჩუნებული აქვს, როგორც წარმართული რიტუალის ფორმა, ისე ქრისტიანული მრწამსი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მთაში პირველადი სახითა და დანიშნულებითაა წარმოდგენილი. ეს იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში წარმართული კულტები, საკულტო დანიშნულების ძეგლებითა და დღეობებით, ბოლო დრომდეა შენარჩუნებული. შესაბამისად, იმავე დღეობების ფარგლებში არსებულ საკულტო ტრაპეზს არ დაუკარგავს პირვანდელი მნიშვნელობა და თავისი უძველესი დანიშნულებისამებრ აგრძელებს სიცოცხლეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე თანდათანობით დავიწყებას ეძლევა: აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დადასტურებული ჩვეულებები, უმეტესად, წინა წლებში ჩატარებული ექსპედიციების აღწერილობებში ან ლიტერატურაშიღაა შემორჩენილი, რისი მიზეზიც ბოლო ათეულ წლებში გაცხოველებული მიგრაციაა. ამის შედეგად ბევრი რამ დაიკარგა, ბევრიც – შეიცვალა და გადაგვარდა.

ასე რომ, სუფრის ტრადიცია თავდაპირველად უძველესი წარმართული კულტმსახურების შემადგენელი ნაწილი იყო. გარემოებათა ცვლილებების კვალობაზე, მას გამოეცალა საკულტო მნიშვნელობა, შესაბამისი ეპოქის მრწამსით გაჯერდა და გახალხურდა. თუმცა, რიტუალური ფორმითვე განაგრძო არსებობა”.

***

ცნობილია, რომ 2001 წლის 18 მაისს იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერის მსოფლიო არამატერიალური კულტურული საგანძურის შედევრად აღიარა, რაც, რა თქმა უნდა, ამ ფენომენის მრავალმხრივი შესწავლის საფუძველი უნდა გახდეს. უპირველესად კი, ინდივიდუალური მაგალითების განზოგადებისა და პარალელიზაციის მცდელობით, რის შესახებაც სამეცნიერო კრებულის ავტორი კრებულის შესავალშივე მიგვანიშნებს:

ყოველი ერი იმით ფასობს, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო კულტურის საგანძურში. თანამედროვე მსოფლიოს დაწინაურებული ქვეყნების მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები, როგორც წესი, მათი მდიდარი სულიერი კულტურითაა ნასაზრდოები და კაცობრიობის მათდამი პატივისცემაც.

შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ტერიტორიულად მცირე და ეკონომიკურად არცთუ დალხენილი საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურულ რუკაზე, დიდი და ძლიერი ქვეყნების გვერდით.

ერის კულტუროსნობის ფესვები მისი სულიერი ცხოვრების წიაღშია საძიებელი, რადგან ნებისმიერი ერის, და მათ შორის, ქართველთა, კულტურაც ხალხური შემოქმედებითაა ნასაზრდოები.

ყოველი ერის ხალხური შემოქმედება წინაპართა მსოფლხედვის ანარეკლია, მასში თაობათა მიერ მხატვრულად გარდაქმნილი ცხოვრებისეული სიბრძნეა დაუნჯებული, – ამიტომ არის იგი ესოდენ ძვირფასი საკუთარი ხალხისა და კულტურისთვის და საინტერესო დანარჩენი სამყაროსთვის.

ყოველი კულტურული ერი უვლის და უფრთხილდება, სწავლობს და სხვებსაც აცნობს საკუთარ ხალხურ შემოქმედებას. მშობლიური ხალხური შემოქმედებისადმი სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიმუშად მოვიყვანთ ერთი ლიტველი ხელოვანის სიტყვებს: “ჩვენ აღგვაფრთოვანებს შუა საუკუნეების ფერწერა, აღორძინების ძეგლები. ხალხური შემოქმედება ის საგანძურია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამდიდრებდნენ ჩვენი წინაპრები და რომელიც თავისუფლად შეიძლება გავუტოლოთ ძველი ხელოვნების შედევრებს” (ლანდსბერგის ვიტაუტას).

ნებისმიერი ხალხის სულიერ კულტურაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მუსიკალურ შემოქმედებას. ბევრი ერი იწონებს თავს იმით, რომ მის სამშობლოს “სიმღერის ქვეყნად”  მოიხსენიებდნენ ძველთაგან…  ყველა ხალხის მუსიკა თავისებურად საინტერესოა. ბუნებრივია ისიც, რომ ყოველი ერის წარმომადგენელს უყვარს თავისი მშობლიური მუსიკალური ფოლკლორი, ამიტომ მისი შეფასებისას ძნელი იქნება ობიექტურობის დაცვა. ამ შემთხვევაში გაცილებით საგულისხმოა უცხოელთა აზრი. ქართულმა მუსიკალურმა ფოლკლორმა, იგივე ხალხურმა მუსიკამ, კარგა ხანია საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მრავალი ქვეყნის მეცნიერი მსჯელობს ჩვენი ხალხური მუსიკის ფენომენზე, მის მრავალფეროვნებაზე, განვითარების გასაოცარ ხარისხსა და მხატვრულ ღირებულებებზე. არაერთი სახელოვანი ადამიანის აღრთოვანების სიტყვები მოსულა ჩვენამდე, მრავალ ენაზე დაწერილა და თქმულა ქართული მრავალხმიანობის შესახებ. ნიმუშად გამოჩენილი რუსი მუსიკისმცოდნის ბორის ასაფიევის სიტყვებს მოვიყვანთ: “ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია მშვენიერ ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვაოცებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე”.

***

ძნელი სათქმელია, რამდენად ზუსტია რომენ როლანის სიტყვები: – “ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასეთი სიმღერა აქვს”… მაგრამ ვიდრე ჩვენი ბედნიერების თანამედროვე ფორმულას შევქმნიდეთ, ალბათ უნდა ვიცოდეთ, რითი მოვედით აქამდე და ერის სულიერი სახის შესანარჩუნებლად რა არის უპირვლესად გადასარჩენი… და თუ ამ ყველაფერს მეცნიერული დეფინიციაც ახლდება, ავტორის შრომა აუცილებლად პროფესიონალთა დონეზე უნდა იყოს განხილული და შეფასებული, რაც ვფიქრობთ, უახლეს ხანში განხორციელდება.

 

 გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” # 215

 

 

დატოვე კომენტარი