Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ საბაზრო ეკონომიკის ანტისაკაცობრიო მნიშვნელობა

საბაზრო ეკონომიკის ანტისაკაცობრიო მნიშვნელობა

თეოდორ რუზველტმა ისტორიული როლი შეასრულა აშშ საერთაშორისო ურთიერთობების კონცენფიის შემუშავებაში და განხორციელებაში. არცერთ სხვა პრეზიდენტს ისე სრულყოფილად არ ჩამოუყალიბებია ამერიკის მსოფლიო მისია ეროვნულ ინტერესთა გათვალისწინებით, როგორც თ. რუზველტს.

კეთილმოსურნეებმაც კი კისინჯერის საგარეო პოლიტიკას უწოდეს დიპლომატიისა და ძალისმიერი ილეთების ნაზავი, სწორედ ამან გამოიწვია მისი საგარეო პოლიტიკის მიმართ უნდობლობა და ძლიერი ოპოზიცია ამერიკის კონგრესსა და სტუდენტურ ახალგაზრდობაში.

პრუსიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1862-1890), რაიხსკანცლერი XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რეალური პოლიტიკის გამტარებელი, ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებული პოლიტიკოსი, ანალიტიკურად მოაზროვნე, უნიჭიერესი დიპლომატი ევროპის კონტინენტზე, შესაძლებლობების წვდომის ხელოვანი, ბისმარკი იყო ის, ვინც გააერთიანა გერმანია.

“არის თუ არა ძალაუფლება პოლიტიკის წარმართვის უზენაესი კრიტერიუმი? ჰენრი კისინჯერმა ბისმარკი სულიერ ნათესავად მიიჩნია. მსოფლიოს იგი არ განიხილავდა კანონზომიერებათა სისტემაში. თვლიდა მას მარად ცვალებად და მარადიული ბრძოლის ფენომენად. მისთვის მთავარი იყო ძალთა თანაფარდობა და წარმატებები.

პირველმა მსოფლიო ომმა ახალი წესრიგის დამყარება გამოიწვია. წარმოიშვა სამეცნიერო ცენტრები, ინსტიტუტები, სკოლები, რამაც ხელი შეუწყო მთავრობებსა, ხალხებსა და საზოგადოებათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. XIX-XX საუკუნეებში პოლიტიკურმა მეცნიერებამ დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევა, რასაც ადასტურებს შვეიცარიელი პოლიტოლოგის ალოის რიკლინის შესანიშნავი ისტორიულ-ფილოსოფიური ანალიზი, რომელიც იძლევა დასავლური ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ანტიკურ საბერძნეთში ძალაუფლების რეგულირების ანალიზს.

ძალაუფ;ლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ევროპაში ექვსი არსებითი ხერხი იქნა აღნიშნული, რაც დღეს არსებითი კომპონენტია სამართლებრივი “დემოკრატიული სახელმწიფოსი”.

პირველი: _ ხელისუფლების მოთოკვა კონსტიტუციითა და კანონებით: ხელისუფლების მიერ მართვა ხორციელდება ისე, რომ თვით ხელისუფალნი არიან კანონებისგან მართულნი. ჯერ კიდევ პლატონის ფილოსოფიურ ნააზრევშია მითითებულია კანონთა ბატონობის უპირატესობა დიქტატურასთან შედარებით. პლატონის აზრით, უნდა ბატონობდნენ კანონები და არა ადამიანები (პირველი კონსტიტუცია დაიწერა 1654 წელს კრომველის მიერ).

უნდა იცრუოს თუ არა პოლიტიკოსმა? ადამიანთა თანაცხოვრების მოთხოვნილებად აღიარებულია სიმართლე, რომელიც მოეთხოვება ყველას, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსს, რადგან იგი პასუხისმგებელია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამიტომ მას ენიჭება პრივილეგია. კაცობრიობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ზღუდედ დაედო ზნეობრივი იმპულსები.

საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის დროს წამოყენებულ იქნა მოთხოვნა: როდესაც აკეთებ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას, მას უნდა დაუკავშირო ადამიანთა ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ადამიანი დარჩებოდა მხოლოდ უფლებათა ამარა და არავის ეცოდინეობა ვალდებულებები და უფლებები. მაგრამ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, რაოდენ დიდმნიშვნელოვანნიც არ უნდა იყვნენ ისინი, ვერ შევქმნიან კაცობრიობის ყოვლისმომცველ ზნეობას. ნებისმიერ კანონსა და კანონქვემდებარე აქტს ლოგიკურად წინ უსწრებს ცალკეული ადამიანების ზნეობრივი თვითმყობადობა და შეგნებული პიროვნული პასუხისმგებლობა.

სამართლისა და ზნეობის გამიჯვნას მძიმე შედეგები მოსდევს. თუ ისინი მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინ სამართალს ძალა ეკარგება. ასევეა პოლიტიკაშიც. მაგრამ რის მაქნისია ამდენი კანონი, თუ მას არ ამაგრებს ზნეობრივი მრწამსი და სინდისი? რის მაქნისია საზავო ხელშეკრულება, თუ იგი დარჩება ქაღალდზე? უკეთესი მსოფლიო წესრიგი ვერ დამყარდება და ვერც ძალით განხორციელდება კანონებით, კონვენციებით და განკარგულებებით. სამართალი თვინიერ ზნეობისა, დიდხანს ვერ იბოგინებს, ამიტომ ვერ დამყარდება ახალი მსოფლიო წესრიგი მსოფლიო ზნეობის გარეშე.

ამრიგად, “მსოფლიო ზნეობა” არ წარმოადგენს “მსოფლიო ეთიკას”, ფილოსოფიურსა და თეოლოგიურ მოძღვრებას ზნეკეთილი ქცევისა, ღირებულებებისა და ნორმების შესახებ. იგი გულისხმობს ადამიანის მართებული ყოფაქცევის ძირითად ნორმებს ინდივიდუალური და კოლექტიური აზრით.

მსოფლიო ზნეობის დაკონკრეტებამ უნდა შექმნას ეთიკური საძირკველი გაეროს ადამიანური უფლებების დეკლარაციისათვის, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ, არღვევენ და გვერდს უვლიან. ზნეობა მეტია, ვიდრე სამართალი, ხოლო ეთიკური ვალდებულებანი აღემატებიან სამართლებრივ ვალდებილებებს. მსოფლიო ზნეობის დაკონკრეტება შესაძლოა მოახდინონ არა მარტო იმ ადამიანებმა, ვინც დარწმუნებულია, რომ ჩვენი ემპირიული სამყარო არ წარმოადგენს უკანასკნელს, უმაღლესსა და “აბსოლუტურ” სულიერ სინამდვილესა და ჭეშმარიტებას.

როგორ აღვიქვათ მსოფლიო ზნეობა და მისი კრიტრიუმები?

ისტორიაში პირველად 1993 წელს 23 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ჩიკაგოში ყველა რელიგიის 6500 წარმომადგენლის მონაწილეობით მსოფლიო პარლამენტის საბჭომ შეიმუშავა დეკლარაცია მსოფლიო ზნეობის შესახებ; აღნიშნული დეკლარაციის ავტორმა გააშუქა ამ დეკლარაციის წარმოშობის მთელი ისტორია და რელიგიათა შორის საერთაშორისო კონსულტაციების პროცესში ამცნო იგი საზოგადოებას. დეკლარაციამ პარლამენტში მწვავე კამათი გამოიწვია. მაგრამ როდესაც ამდენი რელიგიაა ჩათრეული კონფლიქტებსა და საომარ მოქმედებებში, სხვადასხვა დიდი და მცირე რელიგიის წარმომადგენლებმა დედამიწის ზურგზე მცხოვრები უთვალავი მორწმუნის სახელზე მიიღეს და ხელი მოაწერეს ამ დეკლარაციას, რომელიც გადაიქცა ფართო და ხანგრძლივი კამათისა და შეთანხმების საფუძვლად. მას მოჰყვა შეთანხმება, ხოლო 1996 წლის 22 მაისს სახელმწიფოთა და მთავრობათა ყოფილი მეთაურების საბჭომ ვანკუვერში მიიღო იგი.

ზნეობას დიდი უპირატესობა აქვს კანონებთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა უნდა ხელმძღვანელობდეს და სულდგმულობდეს ზნეობის პრინციპებით. 1993 წელს ჩიკაგოს პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია მსოფლიო ზნეობის შესახებ. დეკლარაციაში გამიჯნულია იურიდიული და ზნეობრივი დონეები.

ჩიკაგოს დეკლარაციაში დაცულია ადამიანის უფლებები, რადგან ძალიან ხშირად მთელ მსოფლიოში ადამიანებს ექცევიან არაადამიანურად, ძალიან ხშირად ართმევენ მათ სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებას. დედამიწის ყველა რეგიონში მცხოვრები უთვალავი ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ თქვას და ქმნას მართალი, მაგრამ მთელ მსოფლიოში ვხვდებით სიცრუეს, მოტყუებას, ფარისევლობას, სიყალბეს.

დღეს მოქმედი სისტემისათვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, მოტყუება, _ პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომელთათვის ტყუილი წარმოადგენს პოლიტიკის წარმართვის და ადამიანთა მოტყუებისა და გამდიდრების საშუალებას. მათ ეხმარება მასმედია, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას და ხელს უწყობს ექსპლოატატორთა გამდიდრებას… ამასთან, ყველას კარგად ახსოვს სიბრძნე: “არა კაც კლა, არა იცრუო, არა იმრუშო, უფალსა, ღმერთსა შენს, თაყვანის ეც”..

ცდა ახალი პოლიტიკის შერქმისა; ვილსონი

1917-18 წლებში გაჩნდა და დღის წესრიგში დადგა მოთხოვნა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისა, რომელიც აშშ პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს ეკუთვნოდა.

ვუდრო ვილსონი (1856-1924) 1885 წლიდან პინკერტონის უნივერსიტეტში ასწავლიდა სამართალმცოდნეობასა და პოლიტოლოგიას, იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი 1902-10 წლებში. 1912 წელს მან, პინოგინესური მოძრაობის წარმომადგენელმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა, არჩევნებში დაამარცხა პ. ტაფტი და თეოდორ რუზველტი და აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. 1918 წლის იანვარში პრეზიდენტმა ვილსონმა საჯაროდ გამოაცხადა ამერიკის სამშვიდობო პროგრამა.

ვილსონის სურვილი იყო ახალი სამშვიდობო წესრიგის დამყარება. მისი ლოზუნგი და იდეალი იყო “თავისუფლება ყველა ხალხს”, “სამართლიანობა მტერსა და მოყვარეს”, “მშვიდობის უზრუნველყოფა ხალხთა გაერთიანების გზით”. იგი მოითხოვდა “საჭიროა შეიქმნას ერთა საყოველთაო გაერთიანება საგანგებო შეთანხმებათა საფუძველზე, რომლითაც უნდა უზრუნველყონ უშიშროება, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ტერიტორიული ხელშეუხებლობა როგორც მცირე, ისე დიდი ერებისათვის”.

“გამოდგება თუ არა ზნეობა არჩევნებში გასამარჯვებლად?” მაღალი ზნეობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას არჩევნებში გამარჯვებისათვის. მაღალი ზნეობა არც გარანტიას იძლევა გამარჯვებისათვის, არც ზნეობის დეფიციტია დაბრკოლება გასამარჯვებლად.

“ზნეობა უნდა გახდეს მსოფლიო საზოგადოების ზაფუძველი”.

“არ დამყარდება მშვიდობა რელიგიათა შორის თვინიერ დიალოგისა რელიგიათა შორის”.

მაქს ჰუბერმა (1874-1960) თავის დროზე მიუთითა სამართლისა და ზნეობის გამიჯვნის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამართლის დონეზე. ჰუბერი იყო საერთაშორისო სამართლის გამოჩენილი შვეიცარიელი სპეციალისტი, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე (1925-1928) და საერთაშორისო წითელი ჯვრის თავმჯდომარე. მან შეიმუშავა ცნება “საერთაშორისო ზნეობისა”, რაც, მისი აზრით, ტრანსცენდენტურად დგას სამართლის მიღმა და სამართლის ზემოთ და ამის გამო არ შეიძლება იყოს ამ სამართალზე დაფუძნებული. საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია: “ვერც სამართალი და ვერც ადათი ვერ იარსებებს, თუ მას გვერდში არ ამოუდგა ავტორიტეტი, ზნეობის განსხვავებული და უფრო მაღალი სფეროდან რომ არის მოვლენილი. _ ზნეობისა, რისი წყალობითაც უბრალო ადათი მართებული ყოფაქცევის რანგში ამაღლდება”. ხოლო საერთაშორისო სამართალთან მიმართებაში, რომელიც პოლიტიკას ანიჭებს მოქმედების დიდ დიაპაზონს, “ზნეობის ამოცანაა განსაზღვროს პოლიტიკური ქმედების მასშტაბი და მიანიშნოს მისი აქტივობის ფარგლები”.

სამართალს სჭირდება ზნეობრივი საფუძველი მსოფლიო წესრიგისათვის, რაც ნიშნავს: 

♦ უკეთესი მსოფლიო წესრიგი ვერ დამყარდება ვერც ძალით, ვერც კანონებით განხორციელდება და ვერც კონვენციებით და განკარგულებებით;

♦ ადამიანთა უფლებათა განხორციელება გულისხმობს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებათა შეგნებას, ადამიანის თავსაც და გულსაც;

♦ სამართალი თვინიერ ზნეობისა დიდხანს ვერ იბოგინებს და ამიტომ ვერ დამყარდება ახალი წესრიგი მსოფლიო წესრიგის გარეშე. მსოფლიო ზნეობა არ ნიშნავს მსოფლიო იდეოლოგიას;

“ბაზარი, როგორც მართვის ინსტრუმენტი შეიძლება გაკოტრდეს, ამიტომ საჭიროა განხორციელდეს პოლიტიკა წესრიგის დასამყარებლად”.

ძალადობისაგან თავისუფალი კულტურის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და თანასწორობისათვის მართებული იქნება, რომ ეკონომიკის დარგში დასაქმებულმა ქალბატონებმა და მამაკაცებმა იკისრონ სოლიდარობა სამართლიანი ეკონომიკური წესრიგის დამყარების საქმეში. საამისოდ ბრალი მიუძღვით უსამართლო საზოგადოებრივ სტრუქტურებს. უმუშევარ მილიონობით ადამიანს ექსპლოატაციას უწევენ და მცირე გასამჯელოს უხდიან, საზოგადოებიდან აძევებენ და ართმევენ სასიცოცხლო შანსებს. მრავალ ქვეყანაში უსაშველოდ დიდია განსხვავება ღარიბთა და მდიდართა, ძლიერთა და უმწეოთა შორის იმ ქვეყნებში, სადაც აულაგმავმა კაპიტალიზმმა და ტოტალიტარულმა სახელმწიფო სოციალიზმმა გააცამტვერა ეთნიკური და სულიერი ღირებულებანი, იქ დაივანა მომხვეჭელობამ, მატერიალისტურმა აზროვნებამ, მოქალაქე მეტს მოითხოვს სახელმწიფოსაგან და თვითონ არაფერს კისრულობს სამაგიეროდ.  განვითარებად ქვეყნებში და ინდუსტრიულ სახელმწიფოებში კორუფცია უკურნებელ სენად გადაიქცა საზოგადოებისათვის.

მაგრამ კაცობრიობის დიადი რელიგიური და ეთიკური ტრადიციები მიგვითითებენ: არა იპარო! ანუ პოზიტიურად მოიქეცი, რიგიან-წესიერად! კვლავ ჩავუფიქრდეთ ამ ძველთაძველ სენტენციას: არც ერთ ადამიანს არ გააჩნია უფლება, მოპაროს რამე სხვა ადამიანს, ანდა ხელყოს მისი საკუთრება და, პირიქით, არც ერთ ადამიანს არ გააჩნია უფლება, დახარჯოს თავისი ქონება საზოგადოების ინტერესთა და ეკონომიკური მოთხოვნების დარღვევით.

სადაც ბატონობს სიღატაკე, იქ ჩნდება უმწეობა და სასოწარკვეთილება და იქ სიცოცხ;ლის გადარჩენის მიზნით ხდება ქურდობა. საცა ძალუფლებას და სიმდიდრეს უცერემონიოდ იგდებენ ხელთ და განკარგავენ, იქ ღვივდება ჩაგრულთა და მარგინალიზებულთა შური, უნდობლობა, მომაკვდინებელი ზიზღი და ჯანყი. ეს კი, თავის მხრივ, წარმოშობს ძალადობისა და წინააღმდეგობის დახშულ წრეს. ნურავის გონია! _ არ დაივანებს მსოფლიოში მშვიდობა თვინიერ მსოფლიო სამართლიანობისა.

ამიტომ ახალგაზრდა ადამიანებმა ოჯახში და სკოლაში უნდა ისწავლონ, რომ საკუთრება, რაგინდ მცირე არ უნდა იყოს იგი, გვაკისრებს ვალდებულებას. მისი მოხმარება იმავდროულად უნდა შეესაბამებოდეს საზოგადო კეთილდღეობას. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სამართლიანი მსოფლიო წესრიგი.

ჯონ პერკინსი “ეკონომიკურ მკვლელში” დაწვრილებით მოგვითხრობს, რამდენად სასტიკია ამერიკული გლობალური იმპერია, რომელიც გასცემს იმდენად დიდ სესხებს, რომ მოვალე რამდენიმე წლის შემდეგ ვეღარ იხდის მას. 2003 წლის 7 მაისს ადგილობრივმა ინდიელებმა 1 მლრდ დოლარზე სარჩელიც კი შეიტანეს ნავთობკომპანია “შევრონ ტექსაკოს” წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ.

ეკონომიკური მკვლელობის გამო ეკვადორი გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სანამ მას თანამედროვე ეკონომიკის სასწაულებს, საბანკო საქმეს და ტექნიკას გააცნობდნენ. 1970 წლიდან, ე.ი. “ნავთობის ბუმიდან” სიღატაკის ოფიციალური დონე გაიზარდა 50%-დან 70%-მდე. სახელმწიფო ვალი _ 200 მლნ დოლარიდან 16 მლრდ დოლარამდე. მოსახლეობის უღარიბესი ფენებისათვის შემოსავალი შემცირდა 20-დან 6%-მდე.

და ბოლოს, თბილისის ქუჩებში ბევრგან დაინახავთ პლაკატს: “თამაშდება ხუთი ბინა”. რა არის ეს? ცინიზმი და მასხარად აღება?!

 

თენგიზ ჩხეიძე

 საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

 

ზურაბ აბაშიძე

 პროფესორი 

 

 “საქართველო”

იანვარი, 2010

 

რედაქციისაგან: მკითხველს შევახსენებთ, რომ თავისუფალი ეკონომიკა არ ნიშნავს უმართავ ეკონომიკას, ხოლო გლობალიზაცია არის ბუნებრივი პროცესი, გამოწვეული ტრანსპორტისა და კომუნიკაციების განვითარებით. ხელისუფლების ვარგისიანობა გლობალიზაციის პირობებში მდგომარეობს იმაში, რომ თავისი სახელმწიფო ჩააყენოს მოგებული ქვეყნების (წინნერ სტატეს) და არა წაგებული ქვეყნების (ლოსერ სტატეს) რიცხვში.

დატოვე კომენტარი