Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ოქროპირიძე- აჭარა 1988–1994

უჩა ოქროპირიძე

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X – 1994.III)

 

თავი I. აჭარა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობიდან მრავალპარტიულ არჩევნებამდე (1989.X-1990.X)

თავი II. აჭარა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება (1990.28.X-1992.6.I)

თავი III. აჭარა საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების პერიოდში (1991.XII.22 – 1992.X.11) 

თავი IV. აჭარა “იმედის” არჩევნებიდან უიმედო არჩევანამდე (1992.XI.10 – 1994.I.03)

  

 

წინასიტყვაობა

საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მომხდარი მოვლენები უდიდეს ინტერესს იწვევს, არა მარტო როგორც ისტორიული ანალიზისათვის გამზადებული საშური მასალა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც ამ ანალიზიდან გამომავალი უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ გამოსატანი დასკვნებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტაცია, – ფაქტები, რომელთა სიღრმისეული წვდომის გარეშე, ვერ შევძლებთ სამომავლოდ მართებული, ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის უტყუარი, გეზის აღებას.

ამ ოცწლეულმა დაიტია არა მარტო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მღელვარებით აღსავსე დროება, არამედ საბოლოოდ გაამჟღავნა ბევრისთვის ცნობილი, მაგრამ ხელოვნურად გასაიდუმლოებული, საბჭოთა ცხოვრების წესიდან გამომდინარე წყლულები და ტკივილები, – ამ საზოგადოების შიგნით ჩაბუდებული მახინჯი ცხოვრების ზნე- ჩვეულებანი და გააშიშვლა მავანთა საკუთარი სამშობლოსადმი შეორგულების მთელი საზიზღარი ფიზიონომია, ჰომოსოვეტიკუსის ჩამოყალიბების ურთულესი მექანიზმის ნამოქმედარი და მისი მანკიერი სახე.

ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე ეტაპი, ეს არ არის ბრძოლა მარტო წარმავალსა და მომავალს შორის. – ეს არის ბრძოლა რწმენასა და უღმერთობას, ათასწლოვან ტრადიციებსა და ზერელე წამხედურობას, ქართველი კაცის შინაგან ბუნებასა და მასზე თავმოხვეულ სატანიზმს შორის, რომელიც დღესაც გრძელდება. ამიტომაც ეს ბრძოლა ჩვენი სამშობლოსათვის არის უდიდესი მსხვერპლითა და ტკივილებით დამძიმებული აპოკალიფსური შეჯახება ბოროტებასა და სიკეთეს შორის. სადაც ერთ მხარეს დგას საუკუნო მონობით შერყვნილი და დამძიმებული, გაჰომოსოვეტიკუსებულ-გამანქურთებული ნომენკლატურული კასტა (და მათ მიერ სამშობლოს ინტერესების უგულებელყოფისათვის მიღებულ სალაფავზე დახარბებული კონდოტიერთა მეხუთე კოლონა, – რომელიც თავგანწირვით იბრძვის ადგილისათვის მზის ქვეშ და მის სამსახურში შეგნებულად ჩამდგარი, ან “უნებურად” გამოყენებული “აზნაურობის მაძიებელნი”, არაჩვეულებრივი ჭურები (ადამიანები, რომელთაც თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რასაც ჩასძახებენ, იგივე ამოგძახონ.)), – მეორეზე კი ათასწლოვანი წვითა და დაგვით მსოფლიოს უძველეს ქართულ სასულიერო ცენტრებში საუკუნეებით ნაწრთობი, ძველ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, გონიერებითა და აზროვნებით გამორჩეული, უღრმესი სულიერებით განმსჭვალული, ყოველთვის ქართულად მოაზროვნე მამულიშვილები.

ამ ისტორიულ შეჯახებაში პირველთა მხარესაა ანტიეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული მთელი სახელმწიფო მანქანა, მისი სრული სამოქმედო არსენალით, რომელიც ახალ პირობებში, ძალისხმევას არ იშურებს, რათა სათანადო სასათბურე პირობები შეუქმნას მის ერთგულ სამსახურში გამობრმედილ ნომენკლატურულ აგენტურას (სწორედ ეს წარმოადგენდა ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების ძირითად არსს) და “ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის” სადავეებთანაც ისინი მოიყვანოს, – რასაც საკუთარი რესურსების სრული გამოყენებით აღწევს კიდეც.

მეორე მხარეს კი არის ისტორიული სამართლიანობა და მის შეგნებაზე დაფუძნებული ზნეობრივი სიმრთელე და ურყეობა, რომლის დამარცხებასაც პირველი ვერასოდეს შეძლებს, ამიტომაც უნდა გაანადგუროს იგი. რისკენაცაა, სწორედ, მიმართული მისი მთელი ძალისხმევა, რადგან როგორც ყველა მკვლელს, მასაც არ ესმის, რომ სწორედ ამ ზნეობრივ სიმრთელეშია მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი. მაგრამ ჰომოსოვეტიკურ ამორალიზმში აღზრდილთათვის თითქმის შეუძლებელია ამის შესმენა. ისინი არ სჯერდებიან ნამდვილ პატრიოტთა ფიზიკურ განადგურებას და ცდილობენ იმ ზნეობრივი საყრდენის ამოძირკვას, რაზედაც მომავალი, ნამდვილად ქართული სახელმწიფოებრიობა შეიძლება დაეყრდნოს. მის მაგიერ კი, ცდას არ აკლებენ, დანერგონ მათი არსებობის გახანგრძლივებისათვის აუცილებელი ყალბი ღირებულებანი.

დღესაც, როგორც ადრე, ბევრში ირონიულ ღიმილს იწვევს სამართლიანობისა და ზნეობის ხსენებაც კი, ხოლო მისთვის თავგამოდება დონკიხოტურ ახირებად ითვლება. ისევ დასაცინად და თეთრი ყვავის სინდრომად არის მიჩნეული პატიოსანი და წესიერი ცხოვრების წესი; ჭკუის მასწავლებლად კი კვლავ გვევლინებიან ისინი, რომლებიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობდნენ როგორმე შემძვრალიყვნენ და ესარგებლათ კომუნისტური ნომენკლატურისათვის ბოძებული ყველა სიკეთით და ხელისუფლების ცვლათა პერიოდშიც არასდროს არ დარჩენილან ხელმოცარულნი. სწორედ ამ კასტასთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობითა და უტიფრობით აგრძელებენ ისინი ჭეშმარიტ მამულიშვილთა ნამოღვაწარის გაბაიბურებას, საკუთარ “საქმეთა საგმიროთა” მიჩქმალვის ცდას და თუ გაუვიდათ, ეროვნულ მოღვაწეთა მანტიის მორგებასაც ცდილობენ. ამიტომაც აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია, უტყუარმა ისტორიამ საკუთარი ადგილი მიუჩინოს ყველას და ზღვარი დაუდოს იმ შეუსმენლობას, რომლის ნაყოფსაც ჩვენი სამშობლო მანამდე მოიმკის, სანამ ამ ხალხში შემორჩენილია მათ ცოდვათა გაუმხელობის იმედი. ამ შეუსმენლობის საფასური, სამწუხაროდ, ბევრმა საკუთარი სიცოცხლით ზღო, – და ვინც კვლავ გააგრძელებს ამ გზით სიარულს, მათაც იგივეს უმზადეს ბედისწერა, რადგან საკუთარი გენის მოღალატეს არ აცდება ღვთის განაჩენი.

 ამიტომაც მიგვაჩნია ლუსტრაცია სამოქალაქო მონანიების აქტად, რომელიც შანსს მისცემს ყველა “ძე შეცდომილს” მონანიების მადლით განწმენდილი შეუდგეს ახალ ცხოვრებას და პირნათლად ემსახუროს ჩვენი სამშობლოს მარადიულ სიცოცხლეს.

ამ ნაშრომის მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა განვლილი გზის ცოცხალ მაგალითებზე მითითებით საკუთარ სულში ჩაღრმავება და ერთხელ და სამუდამოდ ღვთისა და ერის მსახურებისაკენ მობრუნება.

 ***

 

თავი I. აჭარა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობიდან მრავალპარტიულ არჩევნებამდე (1989.X-1990.X)

 

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე ეტაპის ჭეშმარიტი ისტორიული სურათის შესაქმნელად აუცილებელია ყველა იმ უმნიშვნელოვანესი მახასიათებლის გათვალისწინება, რომლის წიაღშიც იგი ჩაისახა, აღმოცენდა და განვითარდა, ჩამოყალიბდა როგორც ქართველი ერის უმთავრესი სულიერი მისწრაფების ფაქტორი და იქცა მისი ენერგიის იმ მიზნისკენ წარმართვის კატალიზატორად, რომლისთვის ბრძოლასაც არაერთი თაობა შეეწირა. ყველა არსებობაზე პრეტენზიის მქონე ერის უმთავრესი მიზანი კი ეროვნულ თვითმყოფადობის შენარჩუნება და საკუთარი სუვერენობის განმტკიცებაა.

ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ხანგრძლივმა ყოფნამ, შემდეგ კი იმავე რუსეთის მიერ ორგანიზებულმა, მოდერნიზებული საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობამ საქართველოში წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ერის ფსიქო-სოციალურ წყობაზე, მის ბუნებაზე, მძლავრი დარტყმა მიაყენა მის ეროვნულ მდგრადობას, განსაკუთრებით მასზე ორი ასწლეულის განმავლობაში გამოყენებულმა რუსული იმპერიული ძალადობის მოქნილმა სისტემამ ძლიერ შეაფერხა, სცადა მოესპო ქართველი ერის არსებობისა და გადარჩენის განმსაზღვრელი ის ზნეობრივი, ისტორიულ-ტრადიციული საყრდენი, რომელზედაც თავის დროზე ქართული სახელმწიფოებრიობა აღმოცენდა, შემდეგ კი მის ისტორიულ მსვლელობაში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია, რასაც მოყვა მისი დაცემისა და კვლავ აღორძინების ციკლური პერიოდები და რაც ერის სულიერ მდგომარეობაზე არაერთმნიშვნელოვნად აისახა. განსაკუთრებით, ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ბილშევიკური სოციალიზმის იდეის ქვეშ განხორციელებული ექსპერიმენტი, რომელმაც თავისი ზეწოლის მექანიზმების სრულყოფილებითა და იდეოლოგიური ბრძოლის დახვეწილი მეთოდების გამოყენებით უფრო მეტი ზიანი მიაყენა ქართულ ეროვნულ ღირებულებებსა და ათასწლოვან საყოფაცხოვრებო ტრადიციებს, ვიდრე ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის დროინდელმა ასწლეულებმა. თუ რას ვგულისხმობთ ზემოთაღნიშნულში, ამის საილუსტრაციოდ საჭიროა ვცადოთ ჩავწვდეთ ბოლშევიკური სოციალიზმის (კომუნიზმის) და ტოტალიტარიზმის შინაგან არსს, მის რაობას, მისი ენერგიის წარმმართველი ძალების მოუთოკავი და ველური ბუნების მამოძრავებელ ინსტიქტებს და მათით მანიპულირების ტოტალურ მექანიზმთა ურთულეს სისტემას – ე.წ. სოციალისტურ-ტოტალიტარულ სახელმწიფოს.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გიგანტურ ცვლილებათა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს წარმოადგენდა ახლანდელ პოსტ-საბჭოურ სივრცეში დაწყებულ გარდაქმნათა შეუქცევადი პროცესი, რასაც აქ ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი აღმავლობა და შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის ასევე შეუქცევადი ნგრევა მოჰყვა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ცნობილი ფრანგი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მორის ალლე თავის ნაშრომში “მღელვარე ცვლილებანი აღმოსავლეთში” [1 გვ. 28-38], სადაც ნათქვამია, რომ “რომ ის გიგანტურ ტალღათა მორევი, რომელმაც 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის გახსნის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპას ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადაუარა, როგორც თავისი ძლიერებით, ასევე სიდიდით… უდიდეს მოვლენას წარმოადგენს მომავლისათვის… ლიბერალური რევოლუცია, რომლის პროდრომების (პროდრომი – დაავადების მომასწავებელი რამ – უ.ო.) მოწმენი უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ვართ, შეუქცევადია და განსაზღვრული დროისათვის აფეთქების ხასიათს მიიღებს, – ამბობს მორის ალლე და შემდგომ გამოთქვამს ვარაუდს, რომ უახლოეს პერიოდში ამას მოჰყვება ტოტალიტარული კომინიზმის ნგრევა. “ნამდვილად გასაკვირველი ის არის, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა შეძლო ასე დიდი ხნის განმავლობაში მონობაში ჰყოლოდა მთელი ხალხები, მაგრამ ახლა მოხდა რაც ადრე უნდა მომხდარიყო, – აღნიშნავს იგი და იქვე განაგრძობს, რომ “მეორე რაშიც უნდა დავრწმუნდეთ, ეს არის უდიდესი მარცხი კოლექტივისტური ეკონომიკური სისტემისა კომუნისტურ ქვეყნებში… კოლექტივიზაციის არსებობის 40 წელიწადი უფრო გამანადგურებელი იყო ეკონომიკისათვის, ვიდრე ორი მსოფლიო ომი… დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით, ერთი ფაქტი ჩანს აბსოლუტურად დამარწმუნებლად, როგორც ადამიანურ სფეროში, აგრეთვე ეკონომიკურ დარგში. – ტოტალიტარიზმის ეფექტურობა-ვარგისიანობა ნამდვილი ლეგენდაა” [1, გვ. 28-29] – ასკვნის იგი.

შემდეგ მ. ალლე წერილში საუბრობს ვარშავის პაქტის მითიურობის, გერმანიის შესაძლო და აუცილებელი გაერთიანების, ომისდროინდელი საფრანგეთის ოცნების აუსრულებლობის (მის მიერ დომინირებული ევროპა – უ.ო.), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიზაციის, მათი სისტემისა და ეკონომიკური სტრუქტურების ტრანსფორმაციის, იქ საბაზრო ეკონომიკის შემოღებისა და კერძო საკუთრების აღდგენის აუცილებლობაზე, (რაც დღეს უკვე მომხდარი ფაქტია). იქვე მიუთითებს, რომ დღევანდელი აღმოსავლეთ ევროპის მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა და ყოვლად ცხადია, უბრალო “მარშალია გეგმა” საკმაო ვერ იქნება [1, გვ. 29-30]. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით გადავხედოთ საქართველოში იმ პერიოდში შექმნილ ვითარებას და ვეცადოთ აქ მიმდინარე ისტორიული პროცესების რეალურ არსში გარკვევას.

სოციალისტური სისტემის ხასიათზე, მის ტოტალიტარულ ბუნებაზე ჯერ კიდევ 1901 წელს წინასწარმეტყველურად წერდა გუსტავ ლებონი თავის წიგნში “სოციალიზმის ფსიქოლოგია”. [2, გვ. 49]

“სოციალიზმი იქნება უპიროვნო, მაგრამ სრულიად განუსაზღვრელი დიქტატურა. იგი ადამიანებს ფარად მიიჩნევს, რომელიც უნდა ამუშაო და პარსო, ჰკვებო და არ დაუშვა ჩხუბამდე. იგი გულგრილია ყოველგვარი გონებრივი და ზნეობრივი პროგრესისადმი. იგი საერთაშორისოა – ინტერნაციონალურია, არა აქვს სამშობლო და იბრძვის მოსპოს ქვეყანაზე სამშობლოს იდეა. სიძულვილი და შური, უგერგილობა და უკიდურესი ეგოიზმი და სიმდიდრის განსაკუთრებული კულტი; ქვეყანა გადაიქცევა ჩინოვნიკთა არმიის მიერ მხარდაჭერილ სასტიკ დისციპლინას დამორჩილებულ მონასტრად. მუშები ნაკლებად არიან დაინტერესებული თავისუფლებით… ეს იქნება ყველაზე ბნელი მონობა განთავისუფლებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე. ადამიანთა გამყოფი განსხვავებანი გაქრება და დარჩება მხოლოდ საშუალო ადამიანის ტიპი, უვნებებო და უხინჯო, არც ჩერჩეტი, არც ჭკვიანი, საშუალო თვალსაზრისის, საშუალო შეხედულებების… მაჰმადი ურჯულოებს მოაქცევდა მახვილით, ინკვიზიცია – ცეცხლით, კონვენტი – გილიოტინით, ისინი – ყოველგვარი იზოლაციით და გაჩანაგებით… გაისმის სულ უფრო ძლიერი ყვირილი, – აღნიშნავს ლებონი, – რომელიც ითხოვს უფრო და უფრო წვრილმან რეგლამენტაციას. სახელმწიფო შეუჩერებლივ გამოსცემს კანონებსა და წესებს, იძულებულია ყოველივე განაგოს, ყოველივე გაითვალისწინოს. იგი შედის მოქალაქეთა ცხოვრების ყველაზე წვრილმან დეტალებში… ყოველივე გაქვავდა! უზნეობა და გამყიდველობა ღრღნის ადმინისტრაციას, სასამართლოების უფრო ეშინიათ, ვიდრე ბოროტმოქმედების. პარტიები განუწყვეტლივ იბრძვიან ძალაუფლების დაუფლებისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა თავის ჯერად გაყვლიფონ და გამდიდრდნენ.” [2, გვ. 49] – აცხადებს ლებონი.

თუ გავითვალისწინებთ სოციალისტური სისტემის მიერ განვლილ გზას და თუნდაც დღევამდელობამდე არსებულ მდგომარეობას, მეცნიერის შეხედულებანი მართლაც საოცრად ზუსტ წინასწარმეტყველებათ შეიცავენ და მისი მრავალი ასპექტი კვლავაც აქტუალურია პოსტ-სოციალისტურ თუ პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ამასთან მეტად ნიშანდობლივია ე.წ. პროლეტარიატის დიქტატურისა და მუშათა კლასისადმი დამოკიდებულების გამოხატულება, რომელსაც აბდურახმან ავტურხანოვი თავის მოგონებებში იხსენებს და რომელიც პროფესორ ბულატოვს მათთვის სემინარზე: “ლენინური დიალექტიკა პარტიულ მუშაობაში” შემდეგი სახით ჩამოუყალიბებია: “ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით როგორც რევოლუციური დიქტატორები და ვეყრდნობით უმცირესობას, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში როგორც დიქტატორები და ვკლავ ვეყრდნობით უმცირესობას. ჩვენ მუდმივად უნდა “ვეთათბიროთ” ლენინს და არასდროს ხალხს. ხალხი უტვინო მასაა, რომელსაც აღვირი უნდა ამოსდო, რომ მან იმუშაოს, მასზე უნდა იძალადო, რომ გააბედნიერო – როგორც ვხედავთ პრაქტიკამ სრულიად დაადასტურა თეორია” [2, გვ. 49-50] – დასძენს ავტურხანოვი. (იხ. ა. ავტურხანოვი, მოგონებათა წიგნი, გვ. 728-729). ხოლო პოლიტიკური ფილოსოფიის კლასიკოსი ჰანნა არენდტი თავის ნაშორმში “ტოტალიტარიზმის წარმოშობა” (1951 წ.) საუბრობს რა ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ, აღნიშნავს, რომ “ტოტალიტარული მოძრაობები ჩნდება იქ, სადაც მასებს, – ამა თუ იმ მიზეზით, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მადა გაეღვიძათ. ეს მასები არ არიან შეკავშირებული ინტერესთა გაცნობიერებული ერთობლიობით, მათ არა აქვთ კლასობრივი განსაზღვრულობა, რომელიც გამოიხატება კონკრეტული, შემოსაზღვრული და მისაღწევი მიზნის დასახვაში. ტერმინი მასა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ და მრავალრიცხოვნების ძალით, ან გულგრილობის, ან ერთი ან მეორე მიზეზით, არ შეიძლება გაერთიანებული იქნენ ინტერესთა ერთობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში… მასები არსებობენ ყველა სახელმწიფოში, ქმნიან უმრავლესობას, რომელიც მოიცავს უზომო რაოდენობის ნეიტრალურ, პოლიტიკურად გულგრილ ადამიანებს, რომელიც არასდროს შედიან პარტიაში და თითქმის არასდროს მონაწილეობენ არჩევნებში… პოლიტიკურად ნეიტრალურ და გულგრილ მასას შეუძლია შეადგინოს მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიულად მართულ სახელმწიფოში და ე.ი. დემოკრატიას შეუძლია იცხოვროს კანონებით, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს უმცირესობა” – ამბობს ავტორი და იქვე მიუთითებს, რომ “დამცველი კლასობრივი ტიხარების მოშლამ პოლიტიკურ პარტიათა გარეშე მყოფი პასიური უმრავლესობა გარდაქმნა გააფთრებულ ინდივიდთა ერთ უზარმაზარ, არაორგანიზებულ, უსტრუქტურო მასად… სწორედ ისინი წარმოადგენენ მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული ნებისნიერი ექსტრემისტული მოძრაობის ბაზას” [2, გვ. 48-49].

პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების საზოგადოებრივ აზროვნებაში იყო მცდელობა გამოენახათ სოციალიზმისა და კაპიტალიზმისაგან განსხვავებული რაღაც “მესამე” გზა. ალექსანდრე სოლჟენიცინის ნააზრევში აღნიშნული “მესამე გზა” არსებითად “ჯანსაღი ტოტალიტარიზმის” სახეს იძენს. ამ მესამე გზასთან დაკავშირებულად შეიძლება მივიჩნიოთ “მესამე მდგომარეობაში” მყოფი ადამიანი, ე.წ. ჰომოსოვეტიკუსი, რომლის რაობის ახსნის გარეშე ძნელი იქნება პოსტ-საბჭოურ სივრცეში, და კერძოდ, საქართველოში ეროვნული მოძრაობის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების სრულფასოვანი გააზრება და მათი ანალიზი. “მესამე მდგომარეობაში” მყოფი ადამიანის შესახებ არის საუბარი იოანეს გამოცხადების ცნობილ “არცე ცივი ხარ, არცა ცხელი და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშველ. გირჩევ იყიდო ჩემგან ოქრო, ცეცხლით გაწმენდილი, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო, და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო” [3, თავი 3, 15-18]

ადამიანის “მესამე მდგომარეობის” თვალსაჩინო დოკუმენტაცია “სტალინიზმის მსხვერპლ” ძველ კომუნისტთა შვილების წერილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცკ-სადმი. აღნიშნული წერილი მხილების მაგიერ ხელს აფარებს კომუნისტებს, “ბოროტების სამეფოს” შექმნას ისევ სტალინს მიაწერს და ისევ და ისევ იმ სტალინურ მექანიზმს იყენებს პარტიის გათეთრებისა. ამ ნამდვილი კომუნისტების, ნამდვილი კომუნისტი შვილებისათვის მათი მშობლების მიერ მილიონობით ადამიანის გაწყვეტა, სოციალური ქსოვილის და სტრუქტურების რღვევასა და ნგრევაში მონაწილეობა სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე, რაღაც ზინოვიევისებურ “ისტორიულ აუცილებლობად”, ან სოლჟენიცინისებურ “იზდერჟკი ისტორიად” წარმოიდგინება. დამოუკიდებელი რესპუბლიკების დაპყრობა – რუსეთის იმპერიის სამართლიან აღდგენად. ეს გასაოცარი დაბნელება ხედვისა ტიპიური მახასიათებელია “მესამე მდგომარეობაში” ჩავარდნილი ცნობიერებისა. ეს კი სრულ შესატყვისობაში იმყოფება ტოტალიტარიზმის საერთო სტრატეგიასთან, – მოახდინოს მასობრივი ცნობიერების შექანება და ამოძრავება თავის სასარგებლოდ. აქვე უნდა ითქვას, რომ მასობრივი ცნობიერების შექანების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს არასასურველი პირის ან მოვლენის დისკრედიტაცია მასათა თვალში. ეს, იმპერატორების პერიოდში ოსტატურად დამუშავებული მეთოდი, სოციალისტური ბრძოლის ტაქტიკად იქცა და დახვეწილი, დაფინირებული სახე მიიღო საბჭოთა უშიშროების, ე.წ. “კგბ”-ს ხელში. პიროვნებას უნდა გაუშრო სისხლი, თუ ვერ მოერევი, – ეს იყო ამ ტაქტიკის ლატენტური მაქსიმა.

რა თქმა უნდა “კგბ”-მ და ტოტალიტარულმა სისტემამ შესანიშნავად იცოდა ვინ იყო სინამდვილეში მისი აგენტი, მაგრამ მასა იმის მასაა, რომ იმას დაუჯეროს, ვისგანაც ლოზუნგი ესმის, (ე.ი. შეკვეთას ღებულობს), რადგან საკუთარი აზრი არა აქვს და არც პიროვნულობა. ყოველივე ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ ბიძგი მიეცეს ე.წ. კუდიანებზე ნადირობის დაწყებას, სადაც ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად და ხელშეუხებლად. ამასთან, ძალზე დამაფიქრებელი სურათია, როდესაც ასეთ ვითარებაში კეთილშობილი ინტელიგენტების ოჯახის შვილი თავის თავზე იღებს “კგბ”-ს დამახასიათებელ ფუნქციებს. მართლაც, დამაფიქრებელია ამგვარი დაკარგვა კრიტერიუმებისა და ზნეობრივი პრინციპებისა. ასეთი ჩამოქვეითება და შექანება ცნობიერებისა სავსებით ტიპიური ჩანდა და სავსებით შეესატყვისებოდა “მესამე მდგონარეობაში” მყოფ, გაჰომოსოვეტიკუსებული ცნობიერების, დაშლილი და დავადებული ცნობიერების ტიპს.

ამგვარი კარგად ორგანიზებული და მიზანმიმართული “გაშავება-გათეთრების” სტრატეგიით “კგბ”-მ და მისმა საქართველოს განყოფილებამ “პარადოქსულად” შეიძინა ქართული ინტელექტუალური რეზერვუარის სახე. მასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოთანამშრომლეთა სია იმდენად ვრცელი და იმდენად ინტელექტუალურად მწიფე აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ საქართველოს “კგბ”-სთან ამგვარი ინტელექტუალური ძალები თანამშრომლობენ, მაშინ ვინღა აკეთებს ნამდვილ ეროვნულ საქმეს, თუ არა იგივე “კგბ”? [1, გვ. 56-59] – აღნიშნავს პეტრე იბერი. ახლა კი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეროვნული მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებული ის უდიდესი პრობლემები იმ ქვეყანაში, რომელშიც ლოგიკურ მსჯელობაზე მიყოლას ანალოგიური კითხვის დასმამდე მივყავართ. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტოტალიტარიზმი იქმნება იმ ისტორიული სინამდვილიდან, რომელსაც წარმოადგენს “მესამე მდგომარეობაში” მყოფი მასა; ხოლო საბჭოთა მასა – გენერალური მდივნიდან უკანასკნელ ნაწილაკამდე ყოველთვის “მესამე მდგომარეობაში” იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ჰომოსოვეტიკუსმა შეიძინა მასობრივი “მესამე მდგომარეობისათვის” დამახასიათებელი ყველა ამბივალენტური ნიშანი. ამ ურთიერთსაპირისპირო გრძნობებს აძლიერებდა ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული ცხოვრების წესის სტრუქტურები, რომლებიც შიგა სუბსოციალურ დონეზე განაგრძნობდნენ მოქმედებას და ამით მალავდა და აბუნდოვნებდა იმ ფუნდამენტური ცვლილებების სურათს, რომელიც ქართული ცხოვრების ტრადიციულმა წესმა და ხასიათმა, თუნდაც საბჭოთა პერიოდში განიცადა. ეს ქმნიდა იმის ილუზიას, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა და ჰომოსოვეტიკუსმა საქართველოში ვერ მოიკიდა ფეხი, რომ ტოტალიტარიზმი აცდა საქართველოს, მაგრამ სინამდვილეში დემორალიზაციამ მართლაც ტოტალიტარული ხასიათი მიიღო. ეს განსაკუთრებით გამომჟღავნდა ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც ყოველგვარი ზნეობრივი კრიტერიუმი მოიშალა და მლიქვნელურ-მსახურობრივმა ამორალობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამან გამოიწვია ის მასშტაბითაც და უზნეობითაც უპრეცედენტო აგრესია საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელმაც ეროვნული თვითმკვლელობის, ანუ საკუთარი ხელით მტრის წინაშე ყელის გამოჭრის ხასიათი მიიღო. კვლავ გაისმა ნიკო ლორთქიფანიძის სულის შემძვრელი სიტყვები: “იყიდება საქართველო, მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით… ჰყიდის ყველა…”. ამ მოვლენათა ერთ-ერთი შემადგენელი ასპექტია თვითგამართლების ის უაღრესად დახვეწილი ტექნოლოგია, რომლითაც თითქმის ყოველი ქართველი და მთლიანად “ერი” თავის დანაშაულს ამართლებს სხვის აგრესიულობაზე მითითებით, რითაც თავის თავს არ აძლევს საშუალებას საკუთარ წილ ცოდვაზე და ცოდვილიანობაზე დაფიქსირებისა, ანუ “მესამე მდგომარეობიდან” გამოსვლისა. [1, გვ. 49-51]

წარმოჩენილი სურათისათვის მეტი დამაჯერებლობის მიცემის თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ე.წ. საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენელთა და დისიდენტთა მოძრაობის აქტივისტთა რეალური სახის გაშიშვლება. XX საუკუნის 80- იანი წლების მეორე ნახევარში საჯაროობის ლოზუნგს ამოფარებულმა საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს თავიანთი ნამდვილი სახე და არ მორიდებიან ე.წ. პატარა ერებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილმოსურნე დამოკიდებულების აშკარა გამოხატვას: საქართველოს და ქართველი ერისადმი “პატარა იმპერიის” ცნების დამკვიდრებას არცთუ წარუმატებელი ცდა განახორციელა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა და დისიდენტმა, აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით გვაქვს საუბარი წიგნის სათანადო ადგილზე); სტალინის ეპოქის სისხლიანი ფენომენის ქართული ეროვნული თავისებურებებით გახსნა სცადა მწერალმა ჩინგიზ აიტმატოვმა თუ სხვებმა; ხოლო ასევე ცნობილმა პროზაიკოსმა ვიქტორ ასტაფიევმა არაერთი გვერდი მიუძღვნა ქართველი ერის აშკარა გაქიქებასა და ლანძღვა-გინებას. [4, გვ. 100-141]

ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ კრიტიკული დამოკიდებულება გაძლიერებული ჰქონდა რუსული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს საკუთარი ერისადმიც, მაგრამ ამ საფარის ქვეშ სრულიად კარგავდა ობიექტურობის გრძნობას, როცა საქმე ე.წ. პატარა ერების, კერძოდ კი საქართველოს ინტერესებს ეხებოდა. ადგილი ჰქონდა “პატარა” ერების წარმომადგენელთა მრხიდან საპირისპირო ქმედებასაც. მაგალითად, იგივე ალექსანდრე სოლჟენიცინი თავის წერილში “როგორ მოვაწყოთ რუსეთი?”, ამბობს, რომ “…მომავალი დიდი დაპყრობებისათვის თავს ვინადგურებთ უგნური მმართველობით, ჩვენ გავჩეხეთ ჩვენი მდიდარი ტყეები, გავძარცვეთ ჩვენი უსაზღვრო სიმდიდრე… შეუბრალებლად გავყიდეთ ის საზღვარგარეთ. დავაძაბუნეთ ჩვენი ქალები ჯანის გამტეხი აუტანელი მუშაობით, მოვწყვიტეთ ისინი შვილებს. თვით ბავშვებზე მივუშვუთ სენი განათლების გაყალბებისა და გაველურებისა. მთლიანად მიშვებულია ჯანდაცვა… მილიონობითაა უსახლკარო და გაუსაძლისი პირადი უუფლებობითაა წალეკილი მთელი ქვეყანა, – ჩვენ კი ერთი რამ გვაწუხებს, – არ წაგვართვან უგნური ლოთობის საშუალება… ჩვენი მთელი უაზრობა და დაღუპვა შეგვიძლია ავიტანოთ, თუმცა მთელი ჩვენი ცხოვრება თვალწინ გვაქვს გადაშლილი – მხოლოდ თავს არ დაესხან, არ შეურაცხყონ, არ შეეხონ ჩვენს ნაციას! აქ – უკვე ვერაფერი დაგვაკავებს მარადიულ სიმშვიდეში, აქ ჩვენ აღშფოთებული სამამაცით მივწვდებით ქვებს, ჯოხებს, იარაღს და დავეცემით მეზობლებს, რათა გადავწვათ მათი სახლები და ამოვხოცოთ ისინი…” [5, გვ. 3-4] მაგრამ ეხება რა “ნაციონალურ დამოუკიდებლობას ასე მოწყურებულ საქართველოს”, მისი აზრით, იგი რუსეთს ძალით არ დაუპყრია და იგი მხოლოდ ლენინმა დაიპყრო (შიც! – უ.ო.) 1921 წელს. და დღეს, ეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველო თურმე ავიწროებს აფხაზებს, ოსებს, თავის ნამდვილ სამშობლოში არ უშვებს სტალინის მიერ გასახლებულ მესხებს, – ამის შემდეგ კი სვამს დიდაქტიკით გაზავებულ კითხვას: “ნუთუ ეს არის ასე სასურველი ეროვნული თავისუფლება?” [5, გვ. 12] – და ეს მაშინ, როდესაც თვითონ წერილში “ჯანსაღი იმპერიალიზმის” ქვეშ სტალინურ მოდელს სთავაზობს “ახალ იმპერიას” და შეგონებებიც კი აქვს “პატარა ხალხების” დასამშვიდებლად, ხოლო თავად სლავურ გაერთიანებაზე მეოცნებეს უკრაინისა და ბელორუსიის დამოუკიდებლად არსებობის შანსიც არა აქვს დაშვებული. [2, გვ. 61] ასეთია, სამწუხაროდ ამ რუსი ინტელიგენტ პატრიოტის ორმაგი სახე და მისი შეხედულებანი რუს ხალხზე; ქართველი ე. შევარდნაძე კი ტყავში ძვრება, რომ როგორმე ზნეობრივი სრულყოფილების თითქმის ეტალონად წარმოგვიდგინოს იგი. “რუსი ხალხისათვის, – ამბობს ე. შევარდნაძე, – მისი სულიერი არსისათვის დამახასიათებელია სოციალური სამართლიანობის გამახვილებული გრძნობა, რუს ხალხს ეროვნული თავისუფლების, ეროვნული სამართლიანობის მეტად გამახვილებული გრძნობა აქვს… რუსი ხალხი ოდითგანვე იყო მრავალრიცხოვანი, ძლიერი, გენიალური და დიდბუნებოვანი…” [6, გვ. 18] მედროვეობამ და საკუთარი ცნობიერების მუდმივად “მესამე მდგომარეობაშე” ყოფნამ ეს პიროვნება იქამდე მიიყვანა, რომ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოიყვანა, რაც ყველაზე მეტყველი მაგალითია “მესამე მდგომარეობაში” მყოფი ადამიანის მიერ მარადიული მონობის აპოლოგიისა.

აქვე უნდა მოვიყვანო კიდევ ერთი მრავლისმეტყველი მაგალითი. გაზეთ “ნოვოე რუსკოე სლოვოში” (ნიუ-იორკი) დაიბეჭდა ცნობილი რუსი სამართალდამცველის, ჟურნალ “კონტინენტის”(პარიზი) მთავარი რედაქტორის, მწერალ ვლადიმერ მაქსიმოვის სტატია სათაურით “დიდი ქართული შოვინიზმის შესახებ”, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ “ქართული ეროვნული მოძრაობა სასტიკად თრგუნავს აფხაზთა და ოსთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას… ქართველი ნაციონალისტები სასტიკად წინააღმდეგნი არიან მესხებისა და თურქული მოდგმის ხალხის დაბრუნებისა მათს ისტორიულ სამშობლოში – მესხეთ-ჯავახეთში…” რუსი სამართალდამცველი განსაკუთრებით აღუშფოთებია და ქართველთა საწინაარმდეგოდ განუწყვია ბიულეტენ “Вести из СССР”-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მოთხრობილი ყოფილა ქართველი ნაციონალისტების მიერ სურამში, თითქოს-და ებრაელთა დარბევის ფაქტის შესახებ. მაქსიმოვი ნიშნის მოგებით აღნიშნავს, რომ “და ეს მოხდა საქართველოში, სადაც არასდროს არ ყოფილა ანტისემიტიზმი; თვით “პამიატიც” კი ჯერ არ მისულა ამ დონემდე” – და ბოლოს ასეთ დასკვნას აკეთებს: “ძნელია ქართველთა მეგობარი უცბად გადაიქცეს მის მტრად – მაგრამ მე ისევე, როგორც ანდრეი სახაროვი და ყველა ჭეშმარიტი დემოკრატი, ჩემი უდიდესი სურვილისდა მიუხედავად, არ შემიძლია დავრჩე მეგობარი ასეთი ერისა: მიხსენით ასეთი პატივისაგან!” [7]

აი, ასე, მოკლედ და კონკრეტულად: არავითარი ძიება, არავითარი საღი აზრი, უბრალოდ საბჭოთა ბიულეტენში ამოკითხული ყალბი ცნობის საფუძველზე შეეძლო საბჭოთა “სამართალდამცველს” ასეთი დასკვნების გამოტანა, რითაც პირნათლად ასრულებდა მისი ერთადერთი ჭეშმარიტი დამკვეთისა და მოქმედებათა კოორდინატორის საბჭოთა სუკ-ის მიერ მიცემულ ინსტრუქციას, ამასთან გამოდის ცნობილი რუსი სამართალდამცველისა და დისიდენტის დაფარქვეშ. და ეს ე.წ. სამართალდამცველები და დისიდენტები აკეთებდნენ რა თავიანთ შავ საქმეს, ზუსტად იმის საწინააღმდეგო აზრის ჩამოყალიბებას ემსახურებოდნენ, რაც თითქოსდა მათ უმთავრეს მოწოდებას შეადგენდა. კერძოდ, ტოტალიტარული რეჟიმის ინტერესთა დაცვასა და მისი მსოფლიო მასშტაბით გათეთრებას, რათა გაამართლონ იმავე მსოფლიოს თვალში მისგან გამოვლენილი ტოტალური აგრესია ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა მიმართ და ხალხთა წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი წარმოაჩინონ როგორც აუცილებლობით გამოწვეული ნაკლები ბოროტება. აი, ცნობიერების “მესამე მდგომარეობაში” ყოფნის ნამდვილი საბჭოური არსი, რომელიც დღემდე წამლავს არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეს.

ასე, რომ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას თანამედროვე ეტაპზე მოუხდა ყველა იმ სიძნელეთა დაძლევა, რომლებიც ჩვენ შეძლებისამებრ ვცადეთ ნაშრომში წარმოგვეჩინა. ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოსა და ბოლშევიკური სოციალიზმის იდეოლოგიის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ისე იყენებდა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, როგორც უბრალო ჭანჭიკებს; რამაც გამოიწვია ამ რეჟიმის პირობებში მცხოვრები ადამიანების ერთი პულტიდან სამართავ უპიროვნო მასად გადაქცევა. აქ კომუნისტური იდეოლოგიით გამსჭვალული და მის სახელმწიფოებრივ ზედნაშენთან შერწყმული მთელი სისტემა, – საზოგადოების დაშინებისა და მისთვის სახელმწიფო თვალსაზრისთა შთაგონების, ამასთან ამავე სახელმწიფოს ინტერესთა შესაბამისად მათი მართვის უნიკალურ მექანიზმს წარმოადგენდა, – რისი თანამდევი შედეგიც ამავე საზოგადოების ტოტალურ, უპიროვნო მასად ქცევა და გამოთაყვანება იყო. ამ უპიროვნო, გამასებულ, პასუხისმგებლობის არმქონე ერთობისათვის კი ცნობიერების “მესამე მდგომარეობაში” ყოფნა ჩვეულებრივ, ბუნებრივ მდგომარეობად უნდა განვიხილოთ. ასეთ პირობებში კი ის “ცდომილებანი”, რომელიც ქართულ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობას თანამედროვე ეტაპზე თან სდევდა, თავისთავად, მოვლენათა განვითარების ლოგიკაში ჩამჯდარ ახსნას პოულობს და მათი გააზრება დღევანდელ საზოგადოებასაც კარგ სამსახურს გაუწევს საბოლოოდ დააღწიოს თავი საბჭოური გადმონაშთების ტყვეობას. მთავარია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ამ გზაზე არ შევჩერდეთ. ჩვენი ნაშრომიც სწოდერ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი და ვფიქრობ, ის თავის მიზანს მიაღწევს.

 და ჩვენ დღეს იმ ზღვარს მივადექით, როცა უკვე აღარ შეგვიძლია ჩვენი გარემომცველისაგან განსხვავებული სამყარო წარმოვიდგინოთ, განვჭვროტოთ რაიმე აშკარა და უეჭველი გზა, რაც მომავალში ძირეულად გააუმჯობესებს ახლანდელ წყობას, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ისტორიის სასრულის შესაძლებლობაც ვივარაუდოთ [8, გვ. 64] – ამბობ ფრენსის ფუკუიამა. მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც იგი ლიბერალიზმსა და დემოკრატიის ურთიერთდაკავშირებულობაზე ლაპარაკობს, მიმართავს ლორდ ბრაისისეულ დემოკრატიის უძირითადეს უფლებათა კლასიფიკაციას, რომელშიც გამოიყოფა სამი უმთავრესი უფლება:

1. სამოქალაქო – “მოქალაქეთა განთავისუფლება კონტროლისაგან, როცა საქმე ეხება მის პიროვნებას და საკუთრებას”, 2. რელიგიურს – “განთავისუფლება კონტროლისაგან რელიგიური შეხედულებების გამოხატვისა და ღვთისმსახურების დროს”, და 3. პოლიტიკურს – “კონტროლისაგან განთავისუფლება ყველ იმ შემთხვევაში, როდესაც ისე არ ზარალდება მთელი საზოგადოების კეთილდღეობა, რომ კონტროლი გახდეს აუცილებელი”; აქვე მოიაზრება პრესის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებაც [8, გვ. 57-58], – აღნიშნავს ფუკიამა.

ფრენსის ფუკიამას მიერ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებათ აქვს ის დიდი ნაკლი, რომ ისინი კაცობრიობის საზოგადოებრივი ისტორიისადმი უდიდესი პესიმიზმის გამოხატულებას წარმოადგენენ. მორწმუნე ადამიანი, რომელიც უფალმა შექმნა “ხატად და სახედ თვისად”, არ შეიძლება ამ პესიმიზმს იზიარებდეს და ამით უარყოფდეს საკუთარ თავში დავანებულ ღვთიურ საწყისს, სამყაროს შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და ამოუწურაობას. ავტორის პოზიცია მიუთითებს მისი გონებრივი შესაძლებლობების ზღვრულობასა და უნივერსალური შემოქმედის არსებობის ურწმუნოებაზე, რაც ადამიანთა ცნობიერების “მესამე მდგომარეობის” თავისებურ გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, – როდესაც მისი “ხედვის” იქით თითქოოს აღარაფერი არსებობდეს უსასრულო სამყაროში. ეს გონებრივი ბინდი და სისაპყრე დამახასიათებელია იმ სამყაროსათვის, რომელიც აპირებს თავად მოგვევლინოს მსოფლიოს ერთადერთ კანონმდებლად და ხილულ “ყოვლისშემძლედ”, სინამდვილეში კი დედამიწისეული, მიწიერი პრობლემების სათავისოდ გადაწყვეტას ცდილობს და ამიტომაც “ქადაგებს”. თავისუფლება კი უფლის რწმენაა, რომელიც არავითარ კონტროლს არ შეიძლება ექვემდებარებოდეს. ადამიანი რწმენაში, თავად არის თავის უფალი. და პოსტსაბჭოურ სივრცეში, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ წამოწყებულმა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და თავისუფლების იდეებმა უპირველესი მოთხოვნილების ხასიათი მიიღო, – მრავალწლოვანი ტანჯვა-წამებისა და უღმერთობის აპოლოგიის შემდეგ, – ზუსტად ეს წარმოადგენს ყველაზე თვალხილულ მაგალითს ადამიანის ბუნების ჭეშმარიტებასთან უტყუარი ზიარობისა და თავის უფლისაკენ მარადიული სწრაფვისა. და თუ კაცობრიობის ისტორიას დასასრული უწერია, ეს არ მოხდება მანამ, სანამ იგი არ მიაღწევს მისი ამ მარადიული სწრაფვის უმთავრეს მიზანს, – საწყისთან დაბრუნებას, ანუ თავის უფლებას.

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფუკიამა იქვე გვამცნობს: “რჩეული ინტელექტუალები იმ დასკვნამდეც კი მივიდნენ, რომ საერთოდ არ არსებობს რაიმე ლოგიკური თანმიმდევრობა ადამიანთა საქმიანობაში – ანუ ისეთი რამ, რასაც ჩვენ ისტორიას ვუწოდებთ”. [8, გვ. 21]

 ლოგიკა, ისტორია თუ სხვა, ადამიანის მიერ შექმნილი ცნებები, მოვლენათა მისეული გააზრების მეთოდოლგიური საშუალებებია, რომელთაც ღვთიურთან მხოლოდ იმდენად აქვთ შეხება, რამდენადაც ადამიანური აზროვნების პროდუქტს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში და ამ თვალსაზრისით ეს ინტელექტუალები, შეიძლება მათდა უნებურადაც, ჭეშმარიტებასთან ახლოს არიან – რადგან რაში სჭირდება უფალს “რაიმე ლოგიკური თანმიმდევრობა ადამიანთა საქმიანობაში”, ანუ მათი ისტორია… ეს ჩვენთვის, მისგან უნებურად მოწყვეტილთათვის, არის აუცილებელი საჭიროება – ვიქონიოთ რაღაცის შესახებ მეხსიერება და გავაკეთოთ ანალიზი, ხშირ შემთხვევაში კი, საკუთარი ადამიანური უბადრუკი მოთხოვნების გამართლებას მივუსადაგოთ იგი სათანადო იდეოლოგიური საფენლის სახით. როდესაც ადამიანები ყოველივე ამას ბოლომდე გავიაზრებთ, სრულიად ბუნებრივი გამოჩნდება ჰეგელისეული წინასწარმეტყველება, რომ “ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ეპოქის კარიბჭესთან, იწყება დუღულის დრო, როცა სული დიდი სისწრაფით მიჰქრის წინ, იშორებს ძველ ფორმას და ახალს იძენს. უწინდელი წარმოდგენები, შეხედულებები, ძველი ჯაჭვები, რომლებიც ჩვენ სამყაროს აკავშირებდნენ და აერთებდნენ, სიზმარეული ჩვენებებივით იშლება და იმსხვრევა. სული ახალ ფაზას იმზადებს თავისთვის… ისინი, ვინც ამას უმწეოდ ეწინააღმდეგებიან, ამაოდ ებღაუჭებიან წარსულს”. [9, გვ. 352]

 საბჭოთა იმპერიის გადარჩენის უკანასკნელ ცდას გარდაქმნა წარმოადგენდა, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის აღსასრული ვერ შეაჩერა პოლიტიკურმა ლიბერალიზმმა და კოსმეტიკური ხასიათის სოციალ-ეკონომიკურმა რეფორმებმა. მისი შეუქცევადი ნგრევა გაგრძელდა. ასეთ პირობებში შიდა და გარეშე ანტიქართულმა ძალებმა კარგად იცოდნენ, თუ რა გაქანებითა და სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებოდა ქართული ეროვნული იდეა. სწორედ ეს იდეა იყო ის კატალიზატორი, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ასულდგმულებდა მოწინავე ქართულ საზოგადოებრივ აზრს. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვებთ, რომ მტრული ძალები ცდილობენ შეაფერხონ ქართული ეროვნული იდეის განვითარება, მივალთ დასკვნამდე, რომ აქედანვე უნდა იღებდეს სათავეს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვლილი გზის და მიღწეული შედეგების იგნორირებაც.

ამ კონტექსტში უნდა გაცნობიერდეს თანამედროვე დემოკრატიზმისა და პატრიოტული ნაციონალიზმის ურთიერთდამოკიდებულებაც. თუ მცირე ერების ეროვნული სულიერებისა და ფიზიკური გადარჩენის გზა პატრიოტული ნაციონალიზმია, იმპერიული დემოკრატიის ახალ ფორმას “ძალით მშვიდობის დოქტრინა” წარმოადგენს, რომელიც მიმართულია მცირე ომების საშუალებით ურჩი ერების თვითმყოფადობის დათრგუნვისა და შეჩერებისაკენ. ამასთან, არის მცდელობა ნაციონალიზმი გამოცხადდეს არაცივილიზირებული ერის თვისებად, რომელიც არ არის მზად დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. აგრეთვე ზოგიერთი უშვებს იმაზე დემოგაგიურ მსჯელობასაც, რომ ადამიანური ჭეშმარიტება (ანუ საკუთარი “ჭეშმარიტება”) სამშობლოზე მაღლა დგას და საერთოდ არ არის აუცილებელი ენისა და ერის ერთად რწმენა. ე.ი. ეროვნული იდეა დაიყვანება რაღაც ტომობრივ იდეაზე, რომელიც წარსულში გვაბრუნებს და ყველანაირ პერსპექტივას უსპობს მცირე ერების თვითმყოფადობას. [10, გვ. 108-111]

 აი, ასეთ ვითარებაში მოუხდათ თანამედროვე ქარტული ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთ თავზე აეღოთ ეროვნული თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის უდიდესი პასუხისმგებლობა. საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვისა და მისი გუნდის მოსვლას მოჰყვა მცდელობა კურსი აეღოთ სისტემის გარდაქმნასა და გადემოკრატიულობაზე, რისი თანამდევიც იყო მონოპოლიური კონტროლის გაუქმება საბჭოთა ადამიანის აზროვნებაზე. ადამიანები საბჭოთა სივრცეში სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარ ნამდვილ დანიშნულებასა და რაობაზე, და უცებ გაირკვა, რომ საბჭოთა კონსტიტუციით დეკლარირებული “ახალი ისტორიული ერთობა – საბჭოთა ხალხი”, – მხოლოდ ფიქცია იყო და ყველა მისი შემადგენელი კომპონენტი არასდროს შელევია საკუთარი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და სანუკვარი თავისუფლების მიღწევის ოცნებასა და იმედს.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმთავრესი საძირკველის, – კომუნისტური იდეოლოგიისა და ე.წ. სოციალისტური სისტემის სრული გაკოტრება და მისი არარაობა განსაკუთრებით მკვეთრად წარმოაჩინა ტელეხიდებმა დასავლურ სამყაროსთან, რომელთა დროსაც საბჭოთა მხარეს ვეღარაფერი უშველა ვერც “სუკ”- ის შემზადებულმა სიუჟეტებმა და კონტიგენტმა, და ვერც აგიტაცია-პროპაგანდის ტყუილების კონვეირმა.

აღნიშნულ მოვლენათა თანამდევმა პროცესებმა თავისი გამოხატულება ჰპოვა საქართველოშიც. აქ, თავიდან ისტორიულ ძეგლთა დაცვის საბაბით გაიშალა ანტისაბჭოთა მოძრაობა შემდეგ კი, თანდათანობით ძალთა მოკრებისა და ამ ლოკალურ ბრძოლებში გამოწრთობის კვალობაზე, იგი გადაიქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მუხტის მატარებელ მძლავრ ბირთვად, რომლის გარშემოც შემდგომში შეიკრიბა ქართული ეროვნული მოძრაობის მოწინავე ძალები.

1987 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისში შედგა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 41 აქტივისტმა. კრებამ განიხილა საზოგადოების პროგრამისა და წესდების პროექტები, რომელიც წარმოადგინა გიორგი ჭანტურიამ. ცხარე კამათის შემდეგ მიღებულ პროგრამასა და წესდების პრეამბულაში ნათქვამია, რომ ი. ჭავჭავაძის საზოგადოება წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ გაერთიანებას, რომლის მიზანია: ქართველი ერის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ზრუნვა ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის შესანახად და ეროვნული თვითშეგნების განსამტკიცებლად.

საზოგადოების სამი წმინდათაწმინდა პრინციპია: ენა, სამშობლო, სარწმუნოება. მასში აღნიშნულია, რომ ქართველის ერთადერთი სამშობლო საქართველოა და ამიტომაც საქართველო უნდა დარჩეს ქართველთა ქვეყნად.

ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან, უნდა წყდებოდეს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებითა და სურვილით. ყველა პროექტი, რომელიც ემუქრება საქართველოს ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ანდა პოტენციურად შეუძლია დემოგრაფიული ცვლილებების გამოწვევა, გამოტანილი უნდა იქნას მთელი საქართველოს მასშტაბით საჯაროდ განსახილველად [12, გვ. 15-18] და ა.შ. ჟურნალ “გუშაგის” იმავე ნომერში აღნიშნულია, რომ საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ვანო ხუხუნაიშვილი, დავით ჯანელიძე, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია და რომ საზოგადოების ფილიალები აქვს ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში და სხვა ქალაქებში. [იქვე]

 ბათუმში აღნიშნული საზოგადოების ჩამოყალიბების სათავეებთან იდგა ერთის მხრივ – ბათუმის ჯგუფი რ. ნადირაძის, ჯ. ჯიჯეიშვილის, ბ. დოლიძის და სხვ. შემადგენლობით, და მეორეს მხრივ, – დ. ბერძენიშვილის, გ. ტოტოჩავასა და ბ. თევზაძის დაჯგუფება, ე.წ. კლუბ “თვალსაზრისის” წარმომადგენელთა სახით. ამ ისტორიულ პროცესთა მიღმა რომ არ დარჩენილა აჭარა, ამის მაგალითია ის, რომ ბათუმში ჯერ კიდევ 1987 წლის ოქტომბერში ადგილი ჰქონდა ეროვნული სულისკვეთების ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახის “ბათუმის” გამოცემის ცდას. ალმანახის გამოცემაზე უფლების მიღების შესახებ ბათუმელ ხელოვანთა ჯგუფმა: ზურაბ გორგილაძის (პოეტი), ანზორ კუდბას (მწერალი), რობერტ ნადირაძის (აირჩიეს ალმანახის რედაქტორად), ვახტანგ ღლონტის (პოეტი), ჯონი ჯიჯეიშვილის (მხატვარი), თამაზ დიასამიძის (მხატვარი, ბათუმის სამხატვრო სალონის მაშინდელი დირექტორი), შემადგენლობით, თხოვნით მიმართა შესაბამის საბჭოთა ორგანოებსა და ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტს, რაზედაც უარი მიიღო. [13] მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში გამოვლენილი ამგვარი ტენდენციები (თავისუფალ გამოცემათა დაარსების ცდა – უ.ო.) გამხდარა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ყურადღების საგანი და მასაც ჩვეული სისწრაფით მოუხდენია მასზე რეაგირება, – უმალ გამოუცხვია შესაბამისი დადგენილება, რომელიც შესახებაც ინფორმაციას გვაწვდის განმეორებით იმავე მოთხოვნაზე (ალმანახის გამოცემის უფლება) ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული დადგენილება განმეორებითი უარით, რომელშიც ვკითხულობთ: “…გაცნობებთ, რომ კოოპერატივის წესდების დამტკიცება შეუძლებელია, რადგან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 23 ოქტომბრის #5 ოქმის პირველი პუნქტის გადაწყვეტილებით საგამომცემლო და ტიპოგრაფიული კოოპერატივების შექმნა არ შეიძლება”. [14] მიუხედავად ამისა, ჟურნალი “ბათუმის” პირველი ნომერი მაინც გამოვიდა და ამის შესახებ აღნიშნა არაფორმალურმა გაზეთმა “ქართულმა ქრონიკამ” თავის 1988 წლის ივლისის ნომერში, თუმცა იქვე გამოთქვა სურვილი აღნიშნული გამოცემის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ. [15]

როგორც ჟურნალ “ბათუმის” გამოცემის ერთ-ერთმა ინიციატორმა რ. ნადირაძემ განგვიმარტა, აღნიშნული ალმანახი უნდა ყოფილიყო ეროვნულ-პოლიტიკური გაერთიანება “ბათუმის ჯგუფის” ლიტერატურული შეხედულებების წარმოჩენის საშუალება. რაც შეეხება “ბათუმის ჯგუფს”, იგი დაარსდა 1987 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, მაჭახლის ქუჩის #5-ში. მას ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური ორგანო, გაზეთი “ბათუმის ხმა”, რომლის პირველი ნომერიც 1988 წლის 11 სექტემბერს თვითნაბეჭდის სახით გამოვიდა (მაგრამ მისი არცერთი ეგზემპლარი რედაქციაში შემონახული არ არის). ამ გაზეთის მეორე ნომერი გამოვიდა ბათუმის ცნობილი მოვლენების წინ, 1988 წლის 11 ოქტომბერს. მასში აღნიშნულია, რომ “ბათუმის ჯგუფის” წევრს აქვს დამოუკიდებელი მოქმედების სტატუსი და პოლიტიკურ გაერთიანებას გააჩნია პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და რელიგიური სექციები; [16] რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ “ბათუმის ჯგუფმა” გაზეთის საშუალებითაც დააფიქსირა თავისი არსებობა. მანამდე კი, სანამ ბათუმში მომხდარ უმნიშვნელოვანეს აქციებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, საჭიროდ მივიჩნიეთ საქართველოში იმ მოვლენების შესახებ მოგვეთხრო, რომლებიც წინ უძღოდა და რომელთაც ფაქტიურად ნიადაგი შეამზადეს ამ აქციებისათვის.

ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებას საქართველოში კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაუპირისპირა აღვირახსნილი კამპანია დისიდენტური მოძრაობის წინააღმდეგ. 1988 წლის 28 თებერვალს, და 5-6 მარტის გაზეთ “კომუნისტის” ნომრებში გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართული პუბლიკაცია, სათაურით “შეიცან თავი შენი” (ავტორი დემურ იოსელიანი), რომელსაც “სუკ”-ის, ამ უჩინარი დირიჟორის ბეჭედი აზის, [12, გვ. 22] – აღნიშნავს პარიზში გამომავალი პატრიოტული გამოცემა ჟურნალი “გუშაგი” და იქვე განაგრძობს, – პრესის უხეშმა თავდასხმებმა, რომელზედაც პასუხის გაცემის უფლებაც არ გააჩნია, პოლიციურმა დევნამ (პროკურატურაში გამოძახებები, მოსკოვში მგზავრობის აკრძალვა) ზვიად გამსახურდია აიძულა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან 11 მარტს შიმშილით გაფიცვა გამოაცხადა, – ნათქვამია პუბლიკაციაში, შემდეგ კი მისი ავტორი გაზეთ “კომუნისტის” რედაქტორზე გამოთქვამს შემდეგ შენიშვნას: თქვენი ე.წ. კორესპონდენტები ზვიად გამსახურდიას უკიჟინებენ იმ სისუსტეზე, რომელიც მან ათიოდე წლის წინათ გასამართლების დროს გამოიჩინა და ნაწილობრივი მონანიების განცხადება გააკეთა; ასეთი მანევრი ახლა შეცდომაში ვერავის შეიყვანს, – აგრძელებს პუბლიცისტი, – სხვები რომ დავივიწყოთ, სულ ახლახან რეაბილიტირებული ნიკოლოზ ბუხარინის და მასთან ერთად დახვრეტილი ოციოდე ბრალდებულის მონანიებათა გახსენებაც საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება და რა ფასი აქვს საბჭოთა სასამართლოში გაკეთებულ მონანიების განცხადებებს, [იქვე] – მართებულად შენიშნავს ავტორი.

უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამის შესახებ მერაბ კოსტავამ და თვით ზვიად გამსახურდიამაც გააკეთეს სათანადო განმარტებანი. [17, გვ. 48-50] მაგრამ ისინი, ვისაც სხვა არაფერი ევალებათ, გარდა სუკ-ის დავალებათა შესრულებისა, – დისკრედიტაცია მოახდინონ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, – დღემდე თვალსაც იბრმავებენ და ყურსაც იყრუებენ, და თვით არაერთგზის მხილებულნი საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებთან ალიანსში, აგრძელენებ თავიანთ ბინძურ საქმეს, რადგან გარდა შეკვეთილი მისიის შესრულებისა, მათ სხვა დანიშნულება არასდროს ჰქონიათ. ასეთ ვითარებაში საბჭოთა რეჟიმი ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა სადავეები და ვერ ეგუება რა საზოგადოების დემოკრატიზაციას, კერძო ინიციატივას და თვითმოქმედებას, საქართველოში კრძალავს დამოუკიდებელ გამომცემლობას და იქვემდებარებს ახლადშექმნილ რუსთაველის საზოგადოებას. [12, გვ. 26] გამოცემის თავისუფლების აკრძალვის დადგენილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 1987 წლის 23 ოქტომბრის სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, – რაზეც ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, – რომელსაც თვით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ რიჟკოვი თავმჯდომარეობდა. [იქვე]

გორბაჩოვისეული გარდაქმნის სამი წლისთავის შედეგების მეტად შთამბეჭდავ სურათს გვაძლევს ფრანგული გაზეთი “Le Mond”-ი, [18] რომელშიც ნათქვამია, რომ “ყველა ეს გორბაჩოვისეული “სიახლენი” ეკონომიკაში ცხადია, რომ აღიარებაა საბჭოთა რეალური სოციალიზმის გაკოტრების, მოასწავებს კაპიტალისტური წესისაკენ მორცხვ დაბრუნებას, თუმცა ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა იხტიბარს არ იტეხს და საწინააღმდეგოს უმტკიცებს ხალხს. ჯერჯერობით ამ რეფორმების შედეგი ნოლია. არავითარი გაუმჯობესება არ ეტყობა მოსახლეობის ცხოვრების დონეს არც ერთ სფეროში. არც სურსათის, არც ჩაცმა-დახურვის, არც ბინის, არც სანიტარული და არც სამედიცინო მომსახურებაში… ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლის თავზე ბატონი გორბაჩოვი ვერ დაიქადნებს, რომ მის იალქნებს ზურგქარი უბერავდეს… შავი ღრუბლები გროვდება განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის შიგნითა ჰორიზონტებზე. ნაციონალიზმი, რომელმაც კავკასიაში იფეთქა, რეჟიმს აყენებს საშიში და რთული კრიზისის წინაშე… სამი წლის ჭიდილის შემდეგ ეკონომიკის რეკონსტრუქცია, რომელიც ჯერ კიდევ პროექტის მდგომარეობაშია, აწყდება პრაქტიკული განხორციელების და თვით სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგობებს. საბჭოთა მოქალაქენი მათ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, არამცთუ გაუმჯობესებას ვერ ხედავენ, არამედ კიდევ ახალი საზრუნავი გაუჩნდათ, მოსალოდნელი ცხოვრების დონის კიდევ უფრო შემცირების და სამუშაოს დაკარგვის საშიშროებისაგან”. [იქვე]

 ეხება რა საბჭოთა იმპერიის ეროვნულ პოლიტიკას ჟურნალი “გუშაგი” მართებულად შენიშნავს, რომ მისი – მწვავე კრიზისი აშკარა გახადა ალმა-ათაში, სუმგაითში, ბაქოში, მთიან ყარაბაღში მომხდარი გამოსვლებისადმი სისხლიანმა ანგარიშსწორებამ; – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პატრიოტულმა მანიფესტაციებმა, რომელთაც დაგმეს 1939 წლის 23 აგვისტოს რიბენტროპ- მოლოტოვის მუხანათური ხელშეკრულება, – ცხადყო და ნიღაბი ახადა საბჭოთა სისტემის ინტერნაციონალიზმის ყალბ მითს და მისი ძლევამოსილების ილუზიებს. [12, გვ. 8-10] შემდეგ კი, რედაქტორი ეხება რა საქართველოს დაპყრობის 67-ე წლისთავს, პირდაპირ მიუთითებს, რომ “ამ ხნის განმავლობაში ქართველი კაცის კაცობა, მისი თავმოყვარეობა არა მარტო იმითაა შელახული და დამცირებული, რომ ის მასზე ძლიერმა მტერმა ბრძოლის ველზე დაამარცხა და დამორჩილება აიძულა, არამედ კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ გამარჯვებული მტერი, ეროვნული მოსპობის მუქარით, მას აიძულებს თეთრს შავი უძახოს და, პირიქით, შავს თეთრი, დაპყრობას – განთავისუფლება, განთავისუფლებას კი – დაპყრობა; მამულს შეწირულნი მამულის მტრებად გამოაცხადოს, ხოლო მართლა მტრები და მოღალატენი – გმირებად და პატრიოტებად…

ქართველი ერის უკანასკნელი 70 წლის ისტორიას ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი აქვს: პირველია 1918 წლის 26 მაისი, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითხელმწიფება გამოცხადდა, ხოლო მეორე კი – 1921 წლის 25 თებერვალი, როცა საბჭოთა რუსეთმა იგი დაამხო. ქართველი ხალხისათვის მისი ისტორიის რეაბილიტაცია ნიშნავს, უპირველესად ამ ორი მთავარი თარიღის რეაბილიტაციას, ესე იგი მათ შესახებ სიმართლის აღიარებას, [იქვე] – აცხადებს ავტორი. უკვე ყველასათვის აშკარა გახდა, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიული სკოლის მიერ გამოგონილი ყალბი კონცეფციებით ფონს გასვლა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ საქმეში ჩართო ქართული საბჭოთა ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები და მათი მეშვეობით სცადა ახალი, ნახევარსიმართლით გაზავებული, კოცეფციის შეთავაზება ქართული საზოგადოებისათვის, – და მაშინ, როდესაც 1988 წლის 26 მაისს ქართული მოწინავე საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ აქციებზე აქტიურად გამოვიდა, “საქართველოს პრესისა და რადიო-ტელევიზიის პუბლიკაციებს დაემატა ე.წ. “მრგვალი მაგიდა” თემაზე: “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხები”, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები გიორგი მელიქიშვილი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, აკაკი სურგულაძე და სხვა მეცნიერები. [ჟ. “გუშაგი”, #16, გვ. 3-4] სწორედ ამ ფაქტზეა გამახვილებული ყურადღება, როდესაც ჟურნალი აღნიშნავს, რომ ეს ოფიციალური ისტორიკოსები ზემოდან მიღებული ბრძანებების მიხედვით ალაპარაკებენ ისტორიულ ფაქტებს: ახლა ტყუილებზე აგებულ ისტორიის ძველ კონცეფციებს გმობენ, მაგრამ ახლა ახალ ტყუილებზე აგებულ კონცეფციებს გვთავაზობენ. მაგალითად, წინათ დაწუნებულ ეროვნულ დამოუკიდებლობას, ახლა იწონებენ, მაგრამ მის დამსახურებას ქართველ ხალხს ართმევენ და რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციას აკუთვნებენ; კიდევ მეტი, წელებზე ფეხს იდგამენ და მიკიბულ- მოკიბული დიალექტიკით, მის დამხობას და ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას ამართლებენ… [იქვე] ასეთი დიალექტიკის წინააღმდეგ კი, რა თქმა უნდა, სრულიად მართებულად გაილაშქრა ქართველ პატიორტთა დაჯგუფებამ, რომელსაც “საქინფორმი” მეცნიერული პოლემიკის და ეთიკის ნორმების დარღვევაში სდებს ბრალს. [იქვე] ეს იყო ძველი ტყუილების ახლით შეცვლის წარუმატებელი მცდელობა, რაშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობა მიიღეს ქართული მეცნიერების ცნობილმა წარმომადგენლებმა.

საბჭოურ სივრცეში აღნიშნულ პერიოდში მომხდარი მოვლენებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1988 წლის 11-12 ივნისის ქ. ლვოვში გამართული საბჭოთა კავშირის ხალხთა პატრიოტული მოძრაობის წარმომადგენელთა თათბირი, რომელშიც საქართველოდან მერაბ კოსტავა მონაწილეობდა. აღნიშნული თათბირის მონაწილენი მათ მიერ მიღებულ საერთო განცხადებაში იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ “…დემოკრატიულ დისიდენტობასთან მრავალწლიანი კონფლიქტებიდან მიღებულმა ჩვენმა პირადმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ რუსული დემოკრატიული ოპოზოციის მოღვაწეებს ჯერაც არა აქვთ გაგებული დემოკრატიის აქსიომა: სხვა ერის მტანჯველი ერი, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი”, [19, გვ. 25-27] – რაც დიდად საყურადღებო განცხადებაა ყველასათვის, განსაკუთრებით, რუსული დემოკრატიზმის მესვეურთათვის. ამავე თათბირზე შექმნილმა საბჭოთა კავშირის ხალხთა პატრიოტული მოძრაობის საკოორდინაციო კომიტეტმა, რომელშიც მერაბ კოსტავაც შედიოდა, თავის დასკვნით განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა “აუცილებლად არის დაკავშირებული სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეცენტრალიზაციასთან საბჭოთა კავშირში, რომელიც მომავალში გვესახება როგორც ცალკეული სუვერენული სახელმწიფოების კონფედერაცია”. [19, გვ. 27-29] აღნიშნულ თათბირზე შექმნილ საკოორდინაციო კომიტეტში მერაბ კოსტავას გარდა შედიოდნენ შემდეგი ეროვნულ მოძრაობათა წარმომადგენლები: ივარ ჟუკოვსკისი (ლატვია), ანტანას ტერლაცკიასი და ევგენიუს კრუკოვსკისი (ლიტვა), სტეპან ხმარა და ვიაჩესლავ ჩერნოვილი (უკრაინა), ლაგლა პარეკი და მატი ვილუ (ესტონეთი). [იქვე, გვ. 27] შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოთ მოცემული განცხადებიდან აიღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის იდეა მისმა შემოქმედებმა. მაგრამ სანამ პოსტსაბჭოურ სივრცეში ეს იდეა პატივსაცემი გახდებოდა, მანამ აქ არსებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებს დიდი ბრძოლების გადახდა მოუხდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად და მათი სუვერენობის ასაღიარებლად. ამ ბრძოლაში კი, ქართული ეროვნული მოძრაობა ყოველთვის მოწინავე ხაზზე იდგა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 1987 წლის დეკემბერში შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – IV დასი. მაგრამ ჟურნალ “გუშაგის” 1988 წლის ოქტომბრის ნომერში ლაპარაკია საზოგადოების შიგნით უკვე ჩამოვარდნილ განხეთქილებაზე, [20, გვ. 27-29] რომელიც, სამწუხაროდ, ბოლომდე გაჰყვა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ავტორი აქვე მიუთითებს, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – IV დასი იყოფა სამ ზონად: თბილისის, დასავლეთი და აღმოსავლეთი. დასავლეთის ზონაში გაერთიანებულ ფილიალებს შორის კი დასახელებულია ბათუმისა და ხულოს ფილიალები. [იქვე, გვ. 26] იქვე მოტანილია საინტერესო ინფორმაცია ამ საზოგადოების ფრაქციათა დახასიათებით. “ფრაქციამ, რომლის გამგეობაში მამულია-ჩხეიძეა, – ნათქვამია მასში, – თავი მოუყარა ქართველ პატრიოტთა იმ ნაწილს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მთავარია ხალხის გათვითცნობიერება. ეს ფრაქცია უფრო მოხერხებული ჩანს, უფრო ლოიალურია ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ მისგან ნაკლებად სალანძღავი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათი პოზიცია მცდარია, ან, მით უფრო, მავნებელი, არა! იგი ძალიან საჭირო და სასარგებლოა…” [იქვე, გვ. 28] შემდეგ ეხება რა ზვიად გამსახურდიას, ავტორი აღნიშნავს: “ჩვენ კარგად ვიცნობთ ზვიად გამსახურდიას, ვხედავთ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენ ვამბობთ: ესაა წყაროსავით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი ქართული ეროვნული მოძრაობისა. მას გააჩნია დისიდენტური მოქმედების უზარმაზარი გამოცდილება, უნიკალური საერთაშორისო კავშირები, და მისი ჩამოშორება ან განადგურება შეიძლება სურდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნულ მტრებს და “კგბ”-ს მეგობრებს. მე ვიცი, თუ როგორ არ უყვარს “კგბ”-ს ზვიადი. შეხედეთ მხოლოდ იმ ჭუჭყის ღვარცოფს, რომელსაც მას ასხამს ოფიციალური პრესა! რატომ? პასუხი ერთია: ზვიადი ეფექტიანად მოქმედებს, ის ყელში ეჩხირებათ კომუნისტებს… როგორ მოვექცეთ მერაბს, რომლის სულიერი ძალა სამაგალითოა მთელი მსოფლიოსათვის? როგორ აიხსნას ის ფაქტი, რომ ზვიადი და მერაბი დღეს ერთია? როგორ აიხსნას ის ამბავი, რომ ილია ჭავჭავაძის 800 წევრი და ზვიადი ერთია? მე ამას ვხსნი ასე: ისინი, ვინც დღეს თავს ესხმიან ზვიადს, თავს ესხმიან აგრეთვე მთელს რადიკალურ ფრთას ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა”, [იქვე, გვ. 29] – ამბობს წერილის ავტორი თენგიზ გუდავა.

ასეთ ვითარებაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – IV დასის წიაღიდან იშვა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მიზნად ისახავდა “ბრძოლას (დემოკრატიული საშუალებებით) საქართველოს დამოუკიდებლობის და ცხოვრების ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სხვა საზოგადოებრივ ყოფაში პლურალიზმის დასამკვიდრებლად”. როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, “ეს არაა ახალი პარტიის შექმნა, არამედ ძველი, ისტორიული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობის განახლება, ახალ მდგომარეობასთან შეთანხმებულად”. [ჟ. “გუშაგი”, #17, გვ. 4] ახალი პარტიის დეკლარაციაში პირდაპირაა გაცხადებული, რომ “ჩვენი პარტია თავის უმაღლეს ამოცანად ისახავს: იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, დემოკრატიული, პარლამენტარული და ქრისტიანული საქართველოსათვის”, [იქვე, გვ. 6] – მასში აღნიშნულია, რომ “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იქნება ისტორიული უსამართლობის გამოსწორება; ამისათვის ღირს იცოცხლო, იბრძოლო და მოკვდე”. [იქვე, გვ. 8] ხოლო აქვე გამოქვეყნებული პარტიის პროგრამის XII სტატიაში ნათქვამია: “…აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფაქტიურად შექმნილია მხოლოდ რელიგიური პრინციპების მხედველობაში მიღებით, რაც ათეისტური სახელმწიფოს პირობებში სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს”. [იქვე, გვ. 9] მალე შეიქმნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის განყოფილება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ეროვნული მოძრაობის ცნობილი ბათუმელი წარმომადგენელი მერაბ კოპლატაძე, და იგი გახდა აქ მოქმედ ეროვნულ ძალთაგან ერთ-ერთი მძლავრი ორგანიზაცია.

 ქართული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები თავიდანვე დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ აჭარასა და მის პრობლემებს. ამ მხრივ აღსანიშნავია გ. თვალევის სტატია “აჭარელნი ლტოლვილნი”, რომელიც თვითგამოცემაში დაიბეჭდა. მასში სასტიკად არის გაკრიტიკებული რიბაკოვის გეგმა ქართველების საქართველოდან გასახლების შესახებ და მოცემულია ცნობები აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის უმწეო მდგომარეობაზე, რის გამოც ისინი იხიზნებიან კრასნოდარის მხარეში და თვით შიდა რუსეთშიც, სადაც მათ უკეთეს პირობებს სთავაზობენ. [ჟ. “გუშაგი”, #16, გვ. 46]

მერაბ კოსტავა თავის წერილში “ბერლინის კედელი საქართველოში”, თუმცა გასახლებული მესხებისა და ე.წ. აწყურის შლაგბაუმის პრობლემაზე საუბრობს, [21] მაგრამ როდესაც იგი ამბობს “…სახრჩობელა უმზეო ტაროსში, ბერლინის კედელივით აღმართული აწყურთან”, – ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ საქართველოს ეროვნული გმირი, ამასვე ფიქრობდა აჭარაში ანალოგიური შლაგბაუმების არსებობის შესახებაც, (და მადლობა ღმერთს, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა, ეს მართლაც სულის შემხუთავი და თავისი შემზარაობით სისხლის გამყინავი, საქართველოს ქედზე დამიზნებული გილიოტინა).

თბილისის 1988 წლის 26 მაისის, [22] 20 ივლისისა [23] და 21-22 სექტემბრის [ჟ. “გუშაგი”, #17, გვ. 48-50] ხალხმრავალი აქციები წინ უსწრებდა და ფაქტიურად მათ შეამზადეს ნიადაგი ბათუმის 1988 წლის 21 ოქტომბრის მიტინგი-მანიფესტაციისათვის. ამ აქციის შესახებ რ. ნადირაძე იგონებს, რომ “ბათუმის ოქტომბრის გამოსვლამდე გამოვუშვი გაზეთ “ბათუმის ხმის” მე-2 ნომერი, ხოლო აქციამდე 3 დღით ადრე დავიწყე სამიტინგო პროკლამაციების გავრცელება. 300-მდე პროკლამაცია დავბეჭდე და გავავრცელე (მრავლობითის ფორმა უფრო უპრიანი და მართებული იქნებოდა, რადგან შემდგომში მსჯელობიდანაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეს ერთი პიროვნება იყო “ბათუმის ჯგუფიც”, “ბათუმის ხმაც” და მთელი ეროვნული მოძრაობაც აჭარაში, რაც მის მიერ გაწეულ მუშაობას მხოლოდ აკნინებს – უ.ო.), იგი მოკლედ და კონკრეტულად იყო შედგენილი: “1988 წლის 21 ოქტომბერს დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შედგება მიტინგი ერის საჭირბოროტო საკითხებზე”. ეს იყო და ეს, და ამ მოწოდებას მთელი ბათუმი გამოეხმაურა. მიტინგის თარიღი ბერ-მონაზონ ნიკოლოზის მეშვეობით გავაგებინე გამსახურდიას. იგი თბილისი-ბათუმის მატარებლით ჩამოვიდა აქციის დღეს. სადგურში მას ნიკოლოზი, ნოდარ იმნაძე და მე დავხვდით. იქედან იმნაძის სახლში წავედი, რადგან ჩემი ბინა დაგირავებული მქონდა”, [24, გვ. 184-185] – ამბობს ავტორი. აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალ “ლაზარეს აღდგინებაშიც”. [25] უნდა აღინიშნოს, რომ რ. ნადირაძე ამ აქციის ჩატარებისათვის გაფრთხილდა სასამართლოს მიერ. [26]

 მეტად მნიშვნელოვანი იყო 1988 წლის 20 ნოემბერს ქ. ბათუმში გამართული მიტინგი-მანიფესტაცია, რომელზედაც თბილისიდან კვლავ ჩამობრძანდნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მიტინგზე პოლიტიკურის გარდა წამოყენებული იქნა ბათუმში არსებული კათოლიკური ტაძრის მართლმადიდებლური ეკლესიის განმგებლობაში გადაცემის მოთხოვნა. ეს აქცია იმითაცაა აღსანიშნავი, რომ მასზე ჩვენი კუთხის ისტორიაში პირველად მოხდა საქართველოში არსებული ავტონომიური ფორმირებების არსებობის გაკრიტიკება. თუმცა ვერ დავეთანხმებით ზოგიერთ ავტორს, რომ თითქოს სწორედ ამ მიტინგზე “პირველად რობერტ ნადირაძემ დასვა აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხი”. [27, 28]

ამას ადასტურებს ამავე წერილებში მათ მიერვე მოყვანილი ამონარიდი რ. ნადირაძის გამოსვლიდან, სადაც ის ამბობს: “…ამგვარი ავტონომიების შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მიგვაჩნია. ერთია რესპუბლიკაში არაქართველი მოსახლეობის უფლებების დაცვა, და სულ სხვაა მათთვის ქართული მიწების ხარჯზე ავტონომიებისა და ავტონომიური ოლქების შექმნა”, – აღნიშნავს რ. ნადირაძე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შესახებ, შემდეგ კი, ეხება რა აჭარის ავტონომიას, აგრძელებს, – “აჭარის, ამ ძირძველი ქართული კუთხის ავტონომიას რელიგიურ სარჩულს უდებენ, რაც ათეისტური სახელმწიფოსგანაც პარადოქსულად ჟღერს”. [იქვე] ამ ამონარიდიდან ნათლად ჩანს, რომ რობერტ ნადირაძეს აქ აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხი არ დაუსვამს, არამედ იგი მსჯელობს და სამართლიანადაც, ათეისტური სახელმწიფოსაგან რელიგიური ნიშნით ავტონომიის შექმნის პარადოქსულობაზე, – თანაც მის სიტყვებში იგრძნობა, ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის დებულების გავლენა.

ამავე მიტინგზე თქვა ზვიად გამსახურდიამ თავისი ცნობილი სიტყვა, რომლის ფასლიფიცირება და რეგიონში დაძაბულობის შესაქმნელად გამოყენება სცადა აჭარის ხელისუფლებამ. სინამდვილეში ზვიად გამსახურდიამ ბრძანა: “ძმები აჭარლები ჭეშმარიტი ქართველებია! ჩვენი მტრები ცდილობენ საქართველოსაგან აჭარის ჩამოშორებას, აჭარლების არაქართველებად გამოცხადებას, მათი მაჰმადიანური სარწმუნოების გამო. სირცხვილი ასეთ ხალხს! აჭარა საქართველოა”. [29, გვ. 21] და თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა აღნიშნულ მიტინგზე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სიტყვებმა ამას ასე იგონებს ცნობილი ბათუმელი ინტელიგენტი და საზოგადო მოღვაწე ნაზი მიქელაძე: “…დაგვეუფლა ეროვნული სიამაყის გრძნობა. თითქმის ყველას, იქ დამსწრეთ თვალებში სიხარულისა და აღტაცების ცრემლები უბრწყინავდათ… ასეთი შთაბეჭდილებების მოხდენა შეეძლო მხოლოდ ეროვნულ გმირთა ცოცხალ სიტყვას, მათ პიროვნულ ღირსებას და გამბედაობას…” [30]

ასეთ ამაღლებულ გრძნობებს აღვივებს ნამდვილ პატრიოტებში ამ უშესანიშნავესი დღის გახსენება. მაშინდელმა აჭარის ხელისუფლებამ კი, მართლაც, ყველაფერი იკადრა ამ უმშვენიერეს განცდათა გასაბაიბურებლად და ერთიან ეროვნულ სულიერებაში ბზარის შესატანად, – რასაც შემდგომში უნდა უზრუნველეყო მათ მიერვე გადადგმული ანტიეროვნული ნაბიჯების გასასამართლებლად ნიადაგის შემზადება და მხარის ანტიეროვნულ ავანტიურაში ჩათრევა; რაც მან ვერ მოახერხა ეროვნული მოძრაობის ძალთა მიერ გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისა და რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობაში, დიდი მცდელობების მიუხედავად, საჭირო დასაყრდენის ვერ გამონახვის გამო.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ საფეხურზე ასვლის მომასწავებელი იყო 1988 წლის 22-29 ნოემბრის თბილისის შეუპოვარი აქციები. თბილისის ამ აქციის დროს ბათუმიდან იქ ჩავიდა დელეგაცია ნოდარ იმნაძის, რობერტ ნადირაძის, ბადრი თევზაძის, ბიძინა აფხაზავას, კახა მამალაძის და ხათუნა ხუნდაძის შემადგენლობიღ, რომელსაც თბილისსში ვახტანგ ღლონტი ელოდა. მათ თბილისის მატარებლის სადგურზე დახვდათ 70-მდე აჭარიდან იქაურ უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე სტუდენტები გენადი თებიძის ხელმძღვანელობით, რომელთაც აღმართეს დიდი გასაჭიმი ლოზუნგი – “მზიური აჭარა თქვენთანაა, ძმებო!” – რამაც თბილისის მოსახლეობასა და მიტინგის მონაწილეთა შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია (გ. თებიძის მოგონებებიდან). ამ აქციების შესახებ 1989 წლის თებერვლის ჟურნალი “გუშაგი” სიამაყით აღნიშნავს: “ქართველი ხალხი რომ ეროვნული სუვერენობის მომხრე და ერთგული დარჩა, ეს აშკარად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოჩნდა თუნდაც გასული ნოემბრის თვის უკანასკნელ ათდღიურში, როცა სრულიად საქართველო, მისი ყველა ოფიციალური და არაოფიციალური ელემენტებით ყალყზე შედგა, ერთხმად უკუაგდო კრემლის ხელისუფალთა მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების ის მუხლები (კერძოდ, 108 და 109), რომლებიც სწორედ საბჭოთა კავშირში მოქცეული რესპუბლიკებისა და, მაშასადამე საქართველოს რესპუბლიკის სუვერენობას, მეტი რომ არ ვთქვათ, ემუქრებოდა… ქართველი ხალხის ასეთ შემჭიდროებულ გამოსვლას, თუნდაც ეროვნული სუვერენობის ამ ფიქციის (სსრ კავშირიდან კონსტიტუციური გასვლის უფლება იგულისხმება – უ.ო.) დასაცავად, – განაგრძობს ჟურნალი, – ჰქონდა დიდი საშინაო და საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგანაც იგი აშკარად, ყოველგვარი თუობის გარეშე მსოფლიოს, მტერსა და მოყვარეს, აჩვენებს მის, ქართველი ხალხის მუდმივ ლტოლვას ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ.

ნოემბრის თვის 22-დან 29-მდე თბილისში ჩატარებული უწყვეტი მანიფესტაციები, მიტინგები და, რაც მთავარია ახალი, ათასზე მეტი ახალგაზრდის შიმშილით გაფიცვა, ყოველგვარი ძალის გამოყენებისა და უხეშობის გარეშე, უდავოდ იყო ბრწყინვალე დადასტურება ქართველი ხალხის პოლიტიკური სიმწიფისა და ეროვნული გრძნობების ერთობისა”, [29, გვ. 6-7] – აღნიშნულია ჟურნალის მოწინავეში.

ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, შეაშფოთა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის ყველა მტერი და დაიწყო “ჯვაროსნული ლაშქრობა” ამ აქციათა მიზანდასახულობისა და განსაკუთრებით მასში მონაწილე ახალგაზრდების განსაქიქებლად. მაგალითად, პროფესორი ელიზბარ ცისკარიშვილი 1989 წლის 27 იანვრის გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” აქვეყნებს სტატიას – “სად გაჩერდნენ თქვენი მამები”, რომელშიც ძალასა და ენერგიას არ იშურებს სახელი გაუტეხოს, ცილი დასწამოს ამ აქციებში მონაწილე ახალგაზრდობას. [31] “ვცდილობთ და ვერ გაგვიგია ქართული პოზიციებიდან: თუ რა დაუშავეს ერთი კვირის განმავლობაში გარეთ ყინვაში მოშიმშილე ახალგაზრდებმა, რომ ასე დაუზოგავად ებრძვის და ამცირებს მათ, გულზე ფინთიხივით ხვდება მათი ქება და მზადაა საგიჟისათვის გაიმეტოს ისინი?!” [29, გვ. 8] – გაკვირვებული აღნიშნავს “გუშაგის” კორესპონდენტი ცისკარიშვილის გაცოფების გამო. მაგრამ ამ აქციის მონაწილეებზე სულ სხვა აზრისაა მწერალი რევაზ ჯაფარიძე, რომელიც ამბობს: “მინდა საქვეყნოდ განვაცხადო, რომ ქართველი ახალგაზრდობის არნახულმა გამოღვიძებამ, ერის ინტერესების დასაცავად დარაზმვამ,…შეუპოვრობამ, ერთსულოვნებამ დასახული მიზნის აღსასრულებლად წარბშეუხრელმა სწრაფვამ, სულის გამასპეტაკებელმა ფიქრმა და გრძნობამ, მთელს საზოგადოებას, დიდსა და მცირეს, ერთიანად რომ დაეუფლა, ჩემი გული სიხარულით და იმედით აღავსო. მწამს და ხეზე ფეხებითაც რომ დამკიდონ მაინც გავიმეორებ, რომ ვისაც, რომელ ერსაც თავის ფესვებზე ამოზრდილი ასეთი ახალთაობა ჰყავს, მას მომავლისა არ უნდა ეშინოდეს, ვინაიდან ეს მომავალი საიმედო ხელს უპყრია”. [32] თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შემდგომში ეროვნული მოძრაობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პირველი გასროლა მწერალ რ. ჯაფარიძის ხელითვე შესრულდა, – რაც მესამე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მის ნამდვილ სულიერ აღმაფრენასა და ნაღდ გრძნობებს, ისევ გამყინვარების მდგომარეობაში აბრუნებს რეჟიმისაგან შემოჭდობილი სულის შემხუთავი სალტე.

ეროვნული მოძრაობის მძლავრმა გაქანებამ გამოაცოცხლა და შეაღწია ისეთ კონსერვატიულ და თითქმის უძრავ მასაში, როგორსაც საბჭოთა პერიოდის ე.წ. პროლეტარული მუშათა კლასი წარმოადგენდა. ამის აშკარა დასტურია თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის მაგალითი, რომლის კოლექტივის მიერ 1988 წლის 11 ოქტომბერს გამართულ მიტინგზე ახალგაზრდა მუშამ მ. თორდიამ პირდაპირ განაცხადა, რომ “…არ შეიძლება იმ ხალხს ვუწოდოთ “გამსახურდია და მისი ამქრები” – ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ დაეხმარონ გაპარტახებულ საქართველოს. ქართველებმა არ უნდა მოვითმინოთ მარნეულში მომხდარი ფაქტი (ქართველების მიმართ ჩადენილ უხამს დანაშაულს გულისხმობდა – უ.ო.) გაუმარჯოს საქართველოს! გამსახურდიას და მის ჯგუფს ენა რომ არ ამოეღოთ, დავით გარეჯს არაფერი ეშველებოდა. ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ არ ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას…” იმავე მიტინგზე მანანა ჩიქოვანმა თქვა: “გამსახურდიას და მის ჯგუფს არ აძლევენ თქმის საშუალებას… თუ კი საქართველო გამოეყო (რუსეთს) საბჭოთა კავშირს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებთან მტრულად უნდა ვიყოთ. ვეთანხმები გამსახურდიას – ის ნამდვილი ქართველია და საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა”. [29, გვ. 14]

ნოემბრის უკანასკნელი დეკადის თბილისის ბრწყინვალე მანიფესტაციებმა და მისმა გამოძახილმა საქართველოს რეგიონებში აშკარა გახადა ქართველი ხალხის ეროვნული სიმწიფე და შემჭიდროება, რამაც ძალზე შეაშფოთა მისი დამოუკიდებლობის აღდგენის მოწინააღმდეგე ძალები და ისინი დროს დაუკარგავად ამოქმედდნენ. უცერემონიოდ პენსიაში მიაბრძანეს საქართველოს სსრ- ს სუკის თავმჯდომარე, გენერალი ალექსი ინაური და მის ადგილზე დანიშნეს ახალგაზრდა და ენერგიული გივი გუმბარიძე. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც კრემლში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მეთორმეტე სესიაზე რუსებს ერთგულებას ეფიცებოდა (აღნიშნულ სესიაზე ჯ. პატიაშვილმა ბრძანა: “ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი საქართველომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ აღიდგინა” – გაზეთი “კომუნისტი”, 1988, 1 დეკემბერი) სასწრაფოდ ბრუნდება თბილისში სათანადო ინსტრუქციებით, და უკვე 5 დეკემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში იწვევს “რესპუბლიკის მეცნიერი და შემოქმედი ინტელიგენციის” წარმომადგენლებს, უმაღლესი სასწავლებლების, მთელი რიგი სამინისტროებისა და უწყებების, შემოქმედებითი კავშირების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელთა თათბირს, რომლის შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომუნიკეში დაუფარავად ნათქვამია, რომ “იგი მიეძღვნა მიმდინარე წლის ნოემბრის უკანასკნელი დეკადის იმ ცნობილი მოვლენების მიზეზებისა და შედეგების ანალიზს, რომლებიც მოხდა თბილისში”-ო. რა თქმა უნდა, თათბირს მოხსენდებოდა კრემლის პოზიცია და მისი დირექტივა, რომ აუცილებლად აღიკვეთოს ნოემბრის მსგავსი ეროვნული მანიფესტაცია-მიტინგები. საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ეროვნული ნიშნით ჩატარებული მიტინგი-მანიფესტაციები დაარბიეს ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. გაძლიერდა პატრიოტებისა და სამართალდამცველთა დევნა-შევიწროება.

ბათუმში 1988 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს მორწმუნეებთან ერთად მოლაპარაკება უნდა გაემართათ ხელისუფლებასთან ერთ-ერთი ეკლესიის შენობის მრევლისათვის გადაცემის თაობაზე. მაგრამ დანიშნული მიტინგი გადაიდო სომხეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რაც ადგილობრივმა აჭარის ასსრ ხელისუფლებამ რეპრესიებისათვის გამოიყენა. ბათუმი გარშემორტყმული იქნა მილიციისა და შინაგანი ჯარის ნაწილებით, ქუჩებში გამოიყვანეს ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. 9 დეკემბერს, საღამოს კომენდანტის საათი გამოცხადდა. თბილისიდან ბათუმისაკენ მომავალი ასობით ადამიანი გზაზე შეაჩერეს და უკან დააბრუნეს. აჭარის შ/ს ორგანოს მუშაკებმა ჩაქვში დააკავეს და სასტიკად სცემეს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, ქუთაისელი სამართალდამცველი გივი რევიშვილი და სხვები. ბათუმში ანგარიშსწორება მოუწყვეს ნ. იმნაძეს და ეროვნული მოძრაობის სხვა აქტივისტებს. კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა გ. ემირიძემ წინასწარ მოახდინა ხულოს, ქედის და შუახევის რაიონებში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების დეზინფორმაცია და მოამზადა ისინი იმისთვის, რომ 10 დეკემბერს მათ ბათუმში სისხლიანი აქცია განეხორციელებინათ, – აღნიშნავს ჟურნალი “გუშაგი” და იქვე განაგრძნობს: – ამ მიზნით დასახელებული რაიონებიდან ბათუმში 7 ავტობუსით ჩამოიყვანეს დაახლოებით 300 კაცი. მათ, ამ სამარცხვინო აქციის ორგანიზატორებმა, მოატყუეს, რომ თითქოს ქართველ სამართალდამცველებს, ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და მათ მიმდევრებს სურთ აიძულონ ქართველი მაჰმადიანები, მიიღონ ქრისტიანობა, ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან მათ მოთხოვნას, გაასახლონ აჭარიდან. აჭარის შ/ს და უშიშროების ორგანოები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ამ ოპერაციაში, რომელსაც პირადად გ. ემირიძე ხელმძღვანელობდა. ტელევიზიასა და პრესაში დაიწყო პროვოკაციული კამპანია ნ. იმნაძის, ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და სხვა პატრიოტთა წინააღმდეგ. ხულოს საშუალო სკოლის მასწავლებელი ანდრო გოგოლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს ნაციონალიზმის ბრალდებით.

10 დეკემბრის დილის 10 საათზე დაახლოებით 20 კაცი მივიდა ბათუმში ნოდარ იმნაძის ბინაში, იგი ქუჩაში გაიყვანეს თითქოს სასაუბროდ, იქ კი მას ბათუმში სპეციალურად ჩამოყვანილი 300 კაცი ელოდებოდა, რომელნიც თითქოს აღაშფოთა ზვიად გამსახურდიას მიერ 20 ნოემბერს ბათუმში გამართულ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა: “აჭარლებიც ქართველები არიან”, [29, გვ. 19-21] – რითაც სპეკულირება თითქმის დღემდე მიმდინარეობს. ეს და ყველაფერი ზემოთ აღნიშნული კი, ამ რეგიონში უშიშროების სამსახურთა მიერ საბჭოთა პერიოდში ძალიან ღრმად გაშვებულ ფესვებზე მიუთითებს. სინამდვილეში გამსახურდიას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსგავსი არაფერი უთქვამს. მოვლენები, რომელზედაც ვსაუბრობთ ასე განვითარდა, ნოდარ იმნაძის გვერდით დადგა ბათუმელი აქტივისტი რ. ნადირაძე, მათ მოსულებს მეორე დღეს შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ მომხვდურებმა არ მიიღეს მათი ეს წინადადება და საცემრად გაიწიეს. იმნაძემ და ნადირაძემ მოასწრეს ბინაში დამალვა. ხელისუფლების მიერ წაქეზებულმა ფანატიკოსებმა ნამდვილი რბევა მოაწყვეს ნ. იმნაძის ბინაში: დაამტვრიეს ყველაფერი, ცემეს იმნაძეს და ნადირაძეს, გამოათრიეს ისინი ქუჩაში. შემდეგ იმნაძე ძალით წაათრიეს სადალაქოში წვერის მოსაპარსად, სადაც მის წინააღმდეგ ამზადებდნენ გაუგონარ პროვოკაციას, რის გამოც დალაქმა უარი თქვა მის გაპარსვაზე და მასაც სცემეს. ყველაფერი ეს ხდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების და მილიციის წარმომადგენლების თვალწინ, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ემირიძეს და საქართველოს მთავრობას, რომელიც განგებ აღვივებს მტრობას სხვადასხვა სარწმუნოების ქართველებს შორის. ნოდარ იმნაძისა და რობერტ ნადირაძის სიცოცხლე საფრთხეშია, – ნათქვამია 1988 წლის 11 დეკემბრის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ მ. კოსტავა, ზ. გამსახურდია და სხვები (სულ 21 პიროვნება). [34]

 ნოდარ იმნაძე შემდეგ დააკავეს ცივი იარაღის ტარების ბრალდებით. ანალოგიური რეპრესიები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წლის დეკემბერში ქ. რუსთავში იქნა მიღებული კომპმარტიის საქალაქო კომიტეტის ცნობილი რეზოლუცია “ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ”, რომელიც წარმოადგენდა პირდაპირ მოწოდებას საქართველს ეროვნულ მოძრაობასა და სამართალდამცველებთან ანგარიშსწორებისაკენ. [35]

ბათუმის 10 დეკემბრის მოვლენების შესახებ გაკეთებულ თავის ინტერვიუში რ. ნადირაძე იხსენებს: “თავდასხმის წინა დღეს ხულოს რაიონის მკვიდრმა დურსუნ ზოიძემ გამაფრთხილა (და ამის ბევრი მოწმე არსებობს) მოსალოდნელ თავდასხმაზე”, – და იქვე სამართლიანად მიუთითებს, რომ “ამ დარბევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკები და მათი აგენტები მონაწილეობდნენ და არა მოსახლეობა”… [36]

აღნიშნულ ვანდალურ აქციას იმავე წლის 12 დეკემბერს მოჰყვა აჭარის ასსრ საოლქო კომიტეტის ე.წ. აქტივის ცნობილი კრება, რომლის მიზანსაც შეადგენდა საქართველოში ეროვნული მოძრაობის ქმედებათა დაგმობა და ამასთან 10 დეკემბრის ჩაქვისა და ბათუმის დარბევათა, თითქოსდა აჭარის მოსახლეობის მიერ მოწონება. აქტივის კრებაზე ხელისუფლების მიერ შემზადებულ ამ ავანტიურას წინ აღუდგნენ აჭარის ინტელიგენციის მოწინავე წარმომადგენლები, რომელთაგან ერთ-ერთმა (ნ. ჯაფარიძე, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი) აღნიშნულ თავყრილობას საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად შესვლა უწინასწარმეტყველა; ხოლო მეორემ (უ. ოქროპირიძე), დაგმო რა აქტივის კრების ანტიეროვნული ხასიათი, ამხილა მისი პროვოკაციული მიზანდასახულობა და მისი შემოქმედ-ორგანიზატორები. [37, გვ. 13] მან, აჭარის ასსრ საოქლო კომიტეტის პირველი მდივნის გ. ემირიძის თითქმის ერთსაათიანი გამოსვლის პასუხად, პირდაპირ განაცხადა, რომ “საქართველოს ტელევიზიის, პრესის, ინფორმაციის სხვა საშუალებებით მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ნოემბრის შიმშილობის მონაწილეთა მოთხოვნებს და თქვენს მიერ ამ საკითხზე გამოთქმული აზრი დემაგოგია და მთელი ქართული საზოგადოებრივი აზრის შეურაცხყოფაა.

თქვენგან განსხვავებული აზრის მქონეთა “ექსტრემისტებად” მონათვლა, ეს ძველი სიმღერაა და ამას აქამდე უნდა მიმხვდარიყავით.

 რაც შეეხება თქვენს მიერ მოხსენებულ 15-16 წლის “ძუძუმწოვრებს” – ეს ძალიან ძლიერია… მე კი ვფიქრობ, რომ მათ უფრო კარგად ესმით ჩვენი ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები, ვიდრე ზოგიერთი ტრიბუნის მეფეს. თორემ თქვენი ერთსაათიანი გამოსვლა იმის დადასტურება იყო, რომ რაც მინდა და როგორც მინდა ისე ვიტყვი და თქვენ უნდა დამიჯეროთო.

10 დეკემბერს აჭარაში დატრიალებული ამბები, ჩვენი აზრით, აჭარის ადგილობრივი მმართველი აპარატის მიერ შექმინილი მასობრივი ფსიქოზის შედეგი იყო და აჭარის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც მასში მონაწილეობა მიიღო, მხოლოდ მსხვერპლს წარმოადგენდა…

თქვენი გამოსვლიდან გამომდინარე, როგორც ჩვენ გავიგეთ, თქვენ აჭარის პარტიულ, საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ ძალებს სთხოვთ ე.წ. “ექსტრემისტული ჯგუფების” წინააღმდეგ შეტევისა და მათთან რეაქციული ანგარიშსწორების სანქციას, რაც ყოვლად დაუშვებელია, ჩვენი საზოგადოებრივი აზრის აბუჩად აგდებაა…

ამიტომ მოვუწოდებ საღ საზოგადოებრივ აზრს, არ ავყვეთ დემაგოგიას, პატივი ვცეთ, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ საჯაროობა და დემოკრატია, ხალხის სუვერენობა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ზემოქმედების ეს მძლავრი იარაღი”. [38, გვ. 198-199] და მართლაც, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის ასსრ პარტიულ ბოსთა ყოვლისშეძლეობის მითი მისივე “აქტივის” წინაშე ერთი ხელის მოსმით გაქრა და მათ ვერ მოახერხეს სასურველი რეზოლუციისთვის ჩვეული რიხით ეყარათ კენჭი (ინსტრუქციით გათვალისწინებული დავალება ვერ შეასრულეს – უ.ო.). თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმის ინტელიგენციის მცდელობასაც, შეფასება მისცემოდა 1988 წლის 10 დეკემბრის ვანდალურ აქციებს და დასჯილიყვნენ მათი ორგანიზატორები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების (ჯ. პატიაშვილი) მიერ წაყრუების გამო, შედეგი არ მოჰყოლია. [იქვე, გვ. 199]

საქართველოში გამოვლენილმა ეროვნული მოძრაობის მძლავრმა გაქანებამ მაღალი შეფასება მიიღო 1989 წლის 28-29 იანვარს ქ. ვილნიუსში გამართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა თათბირზე, რომლის განცხადების დასკვნით ნაწილში ნათქვამია: “მოძრაობამ მწვერვალს მიაღწია ნოემბრის უკანასკნელ კვირაში, რომლის დროს ქართველმა ხალხმა მიაღწია კონსტიტუციის შესწორების უარყოფას, შესწორებებისა, რომელიც საქართველოს ართმევდა თვითგამორკვევის უფლებას. იმ დღეებში, მთავრობის სასახლის წინ შიმშილობდა 1000-მდე კაცი, საქართველოს ყველა კუთხიდან თბილისში ჩადიოდნენ დელეგაციები ეროვნული ღირსების დასაცავად”… [39] ამავე თავყრილობაზე მიიღეს “მსოფლიო მთავრობებისა და ხალხებისადმი საბჭოთა კავშირის დაპყრობილი ერების თავისუფლების ქარტია”.

საქართველოში მიმდინარე აღნიშნულ მოვლენათა პარალელურად აჭარაში მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრის გადახალისება და მისი ეროვნული მოძრაობის პრობლემებით მზარდი დაინტერესება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბათუმში ადგილი ჰქონდა დამოუკიდებელი, ეროვნული სულისკვეთების მატარებელი ლიტერატურული ალმანახის “ბათუმის” დაარსების ცდას და მისი ერთი ნომერი გამოიცა კიდეც. აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ქმედებებს მიმართავს “ბათუმის ჯგუფიც” რ. ნადირაძის, ჯ. ჯიჯეიშვილის, ბ. დოლიძის, ნ. იმნაძის და სხვათა მონაწილეობით. ამავე მიმართულებით 1988 წლის ბათუმის შემოდგომა-ზამთრის აქციების პერიოდში აქტიურდება ბათუმელ ახალგაზრდა ინტელექტუალთა ჯგუფის საქმიანობაც და ისინი თავმოყრას იწყებენ ახალგაზრდულ კლუბ “თვალსაზრისის” გარშემო. მის წამყვან ბირთვს წარმოადგენდა გ. მასალკინი, მ. გიორგაძე, ნ. ინაიშვილი, გ. ტოტოჩავა, ბ. თევზაძე და სხვები (ბათუმში მათი თავშეყრის ადგილს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მხატვრის სახლი წარმოადგენდა). პარალელურად აქტიურდებიან ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – IV დასის რ. ნადირაძისა და დ. ბერძენიშვილის ურთიერთდაპირისპირებული დაჯგუფებანი.

უნდა ითქვას, რომ კლუბ “თვალსაზრისის” საქმიანობა უფრო განმანათლებლურ ელფერს ატარებდა, სადაც ეროვნული მოძრაობის პრობლემებზე მსჯელობა თავიდან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიენების ჩრდილში იყო მოქცეული. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ პირობებში ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის მზარდი გაქანების პირობებში ძირითადად ამ ალიანსის ბაზაზე, მისი წევრების აქტივობით შეიქმნა ჯერ ილია ჭავჭავაძე-IV დასის დ. ბერძენიშვილის დაჯგუფება, ხოლო შემდეგ საქართველოს სახალხო ფრონტის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა აქტივისტთა ჯგუფმა იმავე დ. ბერძენიშვილის, ბ. თევზაძის, მ. გიორგაძის, გ. ტოტოჩავას, უ. ოქროპირიძის, თ. ყურაშვილისა და სხვათა შემადგენლობით. რ. ნადირაძის ირგვლივ შემოკრებილი “ბათუმის ჯგუფი” კი, გახდა ილია მართლის საზოგადოების ბათუმის პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი, რომელსაც შეუერთდნენ ეროვნული მოძრაობის ცნობილი აქტივისტები – ნუნუ ქაჯაია, ნიაზ მალაყმაძე, სვეტლანა და ანზორ კუდბები, შოთა ბერიძე და სხვები.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტივობით აღინიშნა 1989 წლის დასაწყისიც. აღსანიშნავია თბილისში 18 იანვარს გამართული აქცია თინათინ ფეტვიაშვილის გასათავისუფლებლად, რომლის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გარდა, იგი დაპატიმრების დროს ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არ შემსუბუქებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის წინ გამართული საპროტესტო აქცია სოხუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალის ქართულ განყოფილებაზე სტუდენტთა მიღების შეწყვეტისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ აფხაზურ სკოლებში აფხაზეთის ისტორიის დამახიჯებული სწავლების შემოღების ცდის წინააღმდეგ. მიტინგის მონაწილენი მოითხოვდნენ: ჯერ გამოეცათ მეცნიერულად სრულყოფილი სახელმძღვანელო და შემდეგ შემოეღოთ საგანი, ვინაიდან არის საშიშროება, რომ აფხაზ ახალგაზრდობას სიყრმიდანვე ჩაუნერგონ ანტიქართული სულისკვეთებაო.

მიტინგი სასტიკად დაარბიეს და მისი მონაწილენი დააპატიმრეს, მაგრამ ამან სავსებით ვერ შეაშინა ისინი და მათ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს დაპატიმრებულ თანამებრძოლთა გათავისუფლებას.

25 თებერვალს კი პირველად მოეწყო საქართველოს დაპყრობის სამგლოვიარო მანიფესტაციები, რასაც მოჰყვა ზვიად გამსახურდიას, კოკა გაწერილიას, ირაკლი შენგელიას, თედო პაატაშვილის და მერაბ სულაქველიძის, მეორე ეტაპზე კი ედპ-ს წევრთა – მამუკა გიორგაძის, გიორგი ჭანტურიას, იასონ ფავლენიშვილის და ჯონდო ბასაველის დაპატიმრება…

სამგლოვიარო მიტინგს უნივერსიტეტთან 20 ათასამდე კაცი ესწრებოდა. ორატორებმა ირ. წერეთელმა, მ. კოსტავამ, ნ. ნათაძემ, თ. ქორიძემ და სხვებმა ილაპარაკეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტზე და მის შედეგებზე. მიტინგზე წაიკითხეს გაეროსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებთან გასაგზავნი დეკლარაციის ტექსტი საქართველოს საერთაშორისო უფლების აღდგენის მოთხოვნით, რასაც ხელი მოაწერა 12 ათასმა კაცმა... მ. კოსტავამ და თ. ჩხეიძემ წერილით მიმართეს სსრკ მეთაურს მ. გორბაჩოვს, რომელშიც საქართველოში სამი ახალი პოლიტპატიმრის – გ. კულუმბეგაშვილის, ნ. იმნაძისა და კ. დობორჯგინიძის, გაჩენის შესახებ და აქ გარდაქმნის კრახით დამთავრებას ატყობინებდნენ. [40]

1989 წლის დასაწყისი აჭარაშიც ეროვნული მოძრაობის ძალთა გარშემო საზოგადოების მოწინავე ნაწილის ახალი კონსოლიდაციით აღინიშნა. ბათუმში განსაკუთრებით რეზონანსული იყო საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოებისადმი მიძღვნილ საპროტესტო გამოსვლათა ტალღა, რომელმაც მთელს აჭარაში ჰპოვა გამოხმაურება. მასზე აშკარად დაფიქსირდა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი, დაისვა მისი მისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნა.

არნახული ეროვნული გამოღვიძება და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სრულიად საქართველოს მასშტაბით ასევე არნახული გამოცოცხლება მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას.

როგორც ცნობილია თბილისის 1989 წლის აპრილის გრანდიოზული გამოსვლების საბაბად იქცა აფხაზთა მიერ ცოტა ხნით ადრე მიღებული ე.წ. ლიხნის მანიფესტი, რომლის გამოცხადებამაც აფხაზეთში მდგომარეობა სასწიტად გაამწვავა. აფხაზეთის პრობლემათა მოგვარების მოთხოვნით თბილისში, მთავრობის სახლის წინ 1989 წლის 4 აპრილს დაიწყო გრანდიოზული აქციები, რომელზედაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მოთხოვნას მალე ჩაენაცვლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა შიმშილობის გამოცხადებით, – რამაც მდგომარეობა საქართველოს დედაქალაქში უკიდურესად დაძაბა. სწორედ ამის გამოძახილი იყო 1989 წლის 7 აპრილს ბათუმის გარეუბანში სოუქსუს სასაფლაოს ეკლესიის ეზოში ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფის მიერ გამართული თათბირი.

თათბირზე დაისვა თბილისში მიმდინარე აქციისადმი დამოკიდებულების საკითხი. რადიკალურმა ფრთამ მოითხოვა აქტიური აქციებით, შიმშილობის გამოცხადების ჩათვლით, მხარი დაეჭირათ თბილისში მიმდინარე აქციისათვის, სადაც უკვე პრიორიტეტული გახდა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ზომიერმა ფრთამ არ მიიღო ეს წინადადება და აირჩია პასიური ლოდინის პოლიტიკა.

1989 წლის 9 აპრილს ღამით თბილისში დატრიალებული ტრაგედია ბათუმში იმავე დილით გახდა ცნობილი. – არასდროს დამავიწყდება ბათუმის დაცლილი ქუჩები, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე გავიარე. აქ თავი მოეყარა რამდენიმე აქტივისტს ეროვნული მოძრაობიდან, რომლებიც შავი სამკლაურებით იყვნენ და ილია მართლის ძეგლის ფასადზე ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ. გადავწყვიტეთ გაშლილი ეროვნული დროშით და შავი სამკლაურებით გაგვევლო მთელი ქალაქი და ამ საპროტესტო მარშით გამოგვეხატა, რომ ქართველი ხალხის დაშინება შეუძლებელია. ოცამდე მანიფესტანტის იმედი საპროტესტო მანიფესტაციაზე მოსახლეობის შემოერთების შესახებ არ გამართლდა. შემოგვიერთდა მხოლოდ ერთადერთი პიროვნება, რეჟისორი მერაბ ლებანიძე. [38, გვ. 202] სოუქსუს სასაფლაოს ეკლესიის ეზოში ასულმა მანიფესტაციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მეორე დღეს, 10 აპრილს ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტის წინ, (რუსთაველის ქუჩის მხრიდან) მოეწყოთ ერთობლივი მიტინგი- მანიფესტაცია ქალაქში შემდგომი მსვლელობით. მიტინგის ზოგიერთი ორგანიზატორის მიერ პოზიციის შეცვლის გამო იგი გაიმართა ინსტიტუტის შიგა ეზოში. მან სატიკად დაგმო 9 აპრილს თბილისში საბჭოთა შინაგანი ჯარების მიერ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა და მკვეთრად დაუპირისპირდა აჭარის ასსრ-ს ადგილობრივ ხელისუფლებასაც, რომლის წარმომადგენლები, აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნის ნ. ნადარაიას ხელმძღვანელობით, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამართლებასა და მომიტინგეების დაშლას ცდილობდნენ, რაც მათ არ გამოუვიდათ და ეროვნული მოძრაობის აქტივისტებმა ისინი ინსტიტუტის ეზოდან გააძევეს. [იქვე, გვ. 203] აი, როგორ იგონებს ამ ამბავს ქალბატონი ნაზი მიქელაძე: ”აჭარის საოლქო კომიტეტი 9 აპრილის სისხლიანი, ტრაგიკული ღამის ალიონზე ნუგზარ ნადარაიას გზავნის ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტში და ავალებს, რომ ახალგაზრდობა არ აჰყვეს თბილისში მომხდარ ამბებს.

ჩვენ დილაადრიან, მართლაც შევიკრიბეთ ინსტიტუტის ეზოში სტუდენტებთან ერთად და ვატარებდით მიტინგს. სათანადო შეფასებას ვაძლევდით მომხდარს. ნადარაია ცდილობდა სტუდენტობის ძალით შერეკვას აუდიტორიებში. ამასობაში შემოგვიერთდნენ ქალაქის მოწინავე ახალგაზრდები, ეროვნული მოძრაობის აქტივისტები – უჩა ოქროპირიძე, ბადრი თევზაძე, გოდერძი ტოტოჩავა და სხვები. ჩვენი საერთო ძალისხმევით მოხერხდა ნ. ნადარაიას გაძევება. სტუდენტებთან ერთად ჩავატარეთ სამგლოვიარო მიტინგი.” [30]

იმავე დღეს ინსტიტუტის უკან, ბათუმის ბულვარში გაშენდა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სკვერი, სადაც შემდეგ დაიდგა გრანიტის ქვა წარწერით – “ცხრა აპრილის ცრემლი”. თბილისში 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საგულისხმოა 1990 წლის მარტში გამოქვეყნებული სტატია – “ლიგაჩოვ-შევარდნაძის უცნაური შეკამათება”, [41] რომლის კომენტარში მითითებულია რა ლიგაჩოვის მიერ გაკეთებულ მეტად საყურადღებო განცხადებაზე, ნათქვამია: “ლიგაჩოვის ამ განცხადების შემდეგ შეუმცდარად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მიტინგის დარბევის განკარგულება მიღებული იქნა 7 აპრილს, კრემლში, პოლიტბიუროს სხდომაზე და მასში მონაწილეობდნენ: ლიგაჩოვი, ჩებრიკოვი, რიჟკოვი, სლიუნკოვი, მედვედევი, ლუკიანოვი, რაზუმოვსკი, გენერალი იაზოვი, გენერალი კრიუჩკოვი. გორბაჩოვი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე ჯერ კიდევ არ არიან ვიზიტიდან დაბრუნებულნი. ისინი დაბრუნდნენ მხოლოდ გვიან საღამოს. მათ მოსკოვის აეროდრომზე ხვდება პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა და იქვე, აეროდრომზე იმართება სხდომა. გენერალურ მდივანს მოხსენდება ქვეყნის მთავარი პრობლემები და ალბათ, პირველ რიგში, თბილისში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები. შეუცდომლად შეიძლება ითქვას, რომ გორბაჩოვმა მოიწონა პოლიტბიუროს “ჯგუფის” მიერ უკვე გაცემული განკარგულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა კრიმინალური განკარგულების აღსაკვეთად.” [42]

ჩვენს ხელთ არსებული, აგრეთვე აღნიშნულ სტატიაში დაფიქსირებული მასალა და მისი კომენტარი სრულ საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრება, რომ 9 აპრილის ტრაგედიის წარმომშობ ვითარებათა შორის ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო შევარდნაძე-პატიაშვილს შორის გამართული ფარული ბრძოლა; – და პირველი მათგანის უკიდეგანო კარიერიზმით ნასაზრდოები სურვილი, მის “მშობლიურ” რესპუბლიკაში ყველაფერი ხდებოდეს მისი ნება-სურვილის მიხედვით (პატიაშვილი, როგორც ცნობილია, არ იყო შევარდნაძის კადრი) და მეორის აგრეთვე უკიდეგანო კარიერიზმი, რამენაირად, ყველანაირი საშუალებით შეინარჩუნოს საქართველოში ხელისფულება. რით უნდა აიხსნას თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთ პასუხსაგებ მომენტში პირადად მ. გორბაჩოვი ავალებს ე. შევარდნაძეს თბილისში გამგზავრებას დაძაბულობის განსამუხტავად, ის კი იგნორირებას უკეთებს გენერალური მდივნის ამ დავალებას და თავის გასამართლებლად მოჰყავს უსუსური მოტივი, – “ქართველმა ამხანაგებმა თქვეს, რომ საჭირო არ არის ასეთი გამგზავრება”, რაც საბჭოთა იერარქიული სისტემისათვის ყოვლად წარმოუდგენელ ფაქტად აღიქმება. საგულისხმოა, რომ შევარდნაძემ ყველაფერი კარგად იცოდა, თუ რა უნდა დატრიალებულიყო თბილისში და საკუთარი სამშობლოს ეს ტრაგედიაც საკუთარ კარიერისტულ მიზნებს ამსახურა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საბჭოთა ხელისუფლების საოცრად უგნური ქმედებანი და ის ცინიზმი, რომლითაც იგი ცდილობდა თბილისის აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობისაგან თავის აცილებას და ყველაფერს კადრულობდა თავის გასამართლებლად. სწორედ ამან აიძულა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II წერილით მიემართა მ. გორბაჩოვისა და დეპუტატებისადმი. წერილში ნათქვამია: “…დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ ხელკეტები, ხელბარები და მოწამლული ქიმიური გაზები გამოეყენებინათ…

ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა თითქოს ჩემთვის დემონსტრანტებს შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით გამომიყვანეს – ეს სწორი არ არის, პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არ შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითიქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ საერთოდ გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობით და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი”… [43]

9 აპრილის შემდეგ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე კიდევ უფრო მწვავედ დაისვა საქართველოში არსებულ ავტონომიებთან ურთიერთობის საკითხი. პირველი ხალხმრავალი მიტინგი, რომელსაც 20 ათასამდე კაცი ესწრებოდა და სადაც პირდაპირ დაისვა აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხი, თავდაპირველად უ. ოქროპირიძის, შემდეგ კი სხვათა მიერაც, გაიმართა 1989 წლის 26 მაიის ქ. ბათუმის ბულვარში მდებარე შადრევნებთან. ამ საკითხის წინ წამოწევა განაპირობა იმან, რომ ამ დროისთვის უკვე აშკარად გამოიკვეთა აჭარის ასსრ-ს კომუნისტური მმართველობის ანტიქართული და ანტიეროვნული პოზიცია. ის, რომ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი მტრულად განწყობილი ძალები ავტონომიური სტრუქტურების გამოყენებას ცდილობდნენ ქართული ეროვნული სხეულის გასახლეჩად და საქართველოში განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთიან ფრონტში განხეთქილების შესატანად, რის გამოც აჭარაში მოქმედ ეროვნული მოძრაობის ძალთა დაპირისპირებამ აჭარის ხელისუფლებასთან რადიკალური ხასიათი მიიღო. ეს იყო ეროვნულ ძალთა მიერ მიმდინარე მომენტის შეფასებიდან გამომდინარე ბრძოლის ტაქტიკა, რაც საშუალებას აძლევდა მას აჭარის ასსრ ხელისუფლების ელიტარული ნაწილის მხილების გზით ავტორიტეტი გამოეცალა ადგილობრივი მმართველობის ისედაც სახელგატეხილი ორგანოებისათვის, შეეტანა მათში დაბნეულობა და დეზორგანიზაცია, ამით კი მიეღწია ამ სტრუქტურების ანტიეროვნულ ძალისხმევათა უმტკივნეულოდ გაუვნებელყოფისათვის. ამიტომაც ავტონომიის წამოწეული ლოზუნგი დროის მოთხოვნად იქცა.

 აჭარის ავტონომიის საკითხის ამგვარად დასმა ადგილობრივ მმართველობაში მოკალათებული ნომენკლატურისა და მათდამი დაქვემდებარებული ინტელიგენციის ნაწილის სასტიკი გააფთრება გამოიწვია. [37, გვ. 14-15] ისინი განსაკუთრებით გააღიზიანა გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში” გამოქვეყნებულმა დ. ბერძენიშვილის სტატიამ “აჭარის ავტონომიის წანამძღვრები”, სადაც ავტორი განიხილავდა რა აღნიშნულ საკითხს, მოხმობილი მასალის ანალიზის საფუძველზე აკეთებდა საბოლოო დასკვნას, რომ “ჩვენ ვიზიარებთ ბათუმის ინტელიგენციის ნაწილში მომწიფებულ და უკვე საჯაროდ დასმულ იდეას, რომ აჭარის ასსრ გადაკეთდეს ბათუმის ოლქად”. [44] დ. ბერძენიშვილის ეს პოზიცია ზემოთაღნიშნულმა ძალებმა აჭარის “საშინაო” საქმეებში “უცხო ძალის” პირდაპირ ჩარევად აღიქვეს (ამის გამო ეროვნულ ძალთა მიერ მათი ანტიქართული ქმედებების გასანეიტრალებლად მათთან გამართული შეხვედრებისას, ისინი პირდაპირ გააფთრებამდე მიჰყავდა დ. ბერძენიშვილის სახელის უბრალო ხსენებასაც) და ავტონომიის გაუქმების მომხრეთა საწინააღმდეგოდ ყველაფერი იღონეს თვით ისტორიული სიმართლეც კი სამსხვერპლოზე მიიტანეს, ოღონდ აღნიშნული ავტონომიის ურყევი მარადიულობა და უშრეტი სიკეთე დაემტკიცებინათ. ამ მიზნით დაწერილ სტატიებში მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ციტატების მათთვის დამახასიათებელ სტილში, წაღმა-უკუღმა ტრიალმა და ისტორიული ფაქტების ჩვეულმა გაყალბებამ, საქმეს ვერაფერი უშველა, – რადგან ქართული პატრიოტული ინტელიგენციის აჭარიდან გამოსულმა ახალგაზრდულმა ფრთად არგუმენტირებული, მეცნიერულად გამართული მაღალი დონის სტატიებით საკადრისი პასუხი გასცა ისტორიკოს-მარქსისტთა მცდელობას დაესაბუთებინათ დაუსაბუთებელი, [45] პირდაპირი მნიშვნელობით ქვა ქვაზე არ დატოვა მათი ფსევდო-მეცნიერული დებულებებიდან და წამოაყენა სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებანი. [46] ხოლო თავის წერილში ტ. ფუტკარაძემ მთელი კატეგორიულობით განაცხადა: “თავისი აბსურდულობით ყველაზე დიდ აღშფოთებას იწვევს აჭარის ავტონომია, – ქართველთა ავტონომია საქართველოში… ავტონომიის გაუქმება აჭარის მკვიდრთა საქმეა, მათი საპატიო და ისტორიული მოვალეობაა”… [47] ამავე პრობლემაზე მსჯელობისას ისტორიკოს თამაზ ფუტკარაძესაც გამოაქვს დასკვნა, რომ “აჭარის ავტონომია სასწრაფოდ გასაუქმებელია”... [48]

აჭარის ხელისუფლების ქმედებათა პარალელურად ამოქმედდა ანტიქართული ფსიქოზით გამსჭვალული რამდენიმე კაციანი ჯგუფი. მათი განწყობილება ნათლად გამოიხატა მათი სახელით, – “გარდაქმნისათვის მებრძოლი აჭარის სახალხო ფრონტი”, – გამოქვეყნებულ წესდებაში, სადაც ვკითხულობთ, რომ “ავტონომიური ფორმირებების გაუქმების თაობაზე მსჯელობა და ისიც არამკვიდრი მოსახლეობისა, საფუძველს მოკლებულია”, ან “ტენდენციურობის გამო ბათუმის მუშათა კლასისა და საერთოდ ინტელიგენციის რიგებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები უდიდეს უმცირესობას წარმოადგენენ”, ან კიდევ, კვლავ ცდილობენ რა “მკვიდრი” მოსახლეობისათვის პრიორიტეტის დამკვიდრებას, კატეგორიულად მოითხოვენ “საზღვარგარეთ სასწავლებლებში მივლინებული იქნას ძირითადად მკვიდრი მოსახლეობიდან გამოსული ახალგაზრდობა” [49] და ა.შ. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის მათთან პიროვნული მუშაობის შედეგად აღნიშნულ დაჯგუფებას ჩამოშორდა რამდენიმე წევრი, დარჩენილებმა კი უფრო მეტი თავგამოდებით გააჩაღეს თავიანთი საქმიანობა. სწორედ ამან აიძულა ბათუმის სახალხო ფრონტი უ. ოქროპირიძისა და შ. მამულაძის ხელმოწერით მათთვის გაეგზავნა მიმართვა-გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “…მივმართავთ და ვაფრთხილებთ გარდაქმნის ხელისშემწყობი აჭარის საზოგადოების დაჯგუფების წევრებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ისინი ბოლშევიკთა ახალი ინტრიგის, – რომელსაც გარდაქმნის სახელით ნიღბავენ და რომლის მიზანიც ძველი, უკვე დრომოჭმული იმპერიის მოდერნიზაციაა, – მსხვერპლნი არიან, დროულად მოეგონ გონს და თავი გაითავისუფლონ საქართველოში ამ ინტრიგის იარაღის ფუნქციისაგან“. [37, გვ. 20] მაგრამ აღნიშნულმა დაჯგუფებამ მაინც გააგრძელა თავისი ანტიეროვნული და ვიწროკუთხური საქმიანობა, რამაც ერთ-ერთი სახელისუფლებო უწყების ადგილობრივ ხელმძღვანელს – აჭარის ასსრ მაშინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გურამ ჩიგოგიძეს საბაბი მისცა 1989 წლის 18 ნოემებერს საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიაზე მიეთითებინა “აჭარული სეპარატიზმის” საფრთხის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ეს სწორედ ის სესიაა, რომელმაც აღიარა საქართველოს ძალით გასაბჭოება, მისი ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ, – რაც იმის ნიშანია, როგორ ცდილობდნენ აჭარაც შეემზადებინათ იმავე როლის შესასრულებლად, რომელიც სხვა ავტონომიურ ფორმირებებში შეძლეს. პარტიული ფუნქციონერის ამ გამოსვლას ოპერატიულად გაეცა პასუხი ჯერ აჭარის რადიოს გადაცემაში – პიკის საათი [37, გვ. 21] და შემდეგ ქართული პრესის ფურცლებზე. [50] ხოლო ავტორთა ჯგუფმა თავისი წერილის დასკვნით ნაწილში პირდაპირ განაცხადა, რომ “ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი აპარატი წლების განმავლობაში იქცა თანამდებობისათვის საბრძოლო პოლიგონად, რის გამოც იგი იყო და არის საქართველოს სხვა კუთხეებთან აჭარის დაპირისპირების საფუძველი. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ბოლოსდაბოლოს მოვიდა დრო ობიექტურად გადაისინჯოს ამ ავტონომიური ფორმირების შექმნისა და შემდგომი მიზანშეწონილობის საკითხი”. [51]

როგორც ვხედავთ, აჭარის ავტონომიის შეცვლაზე პოლემიკამ ფართო ხასიათი მიიღო. საჭირო იყო საკითხისათვის უფრო ფართო რეზონანსის მისაცემად მისი სამართლებრივ საფუძველზე დაყენება და იმის შემოწმება, თუ რა დონით იყო შესაძლებელი მისი განხორციელება. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ისეთი ფორმით, რომ აჭარის ხელისუფლების მესვეურთ ვერ მოეხერხებინათ ეროვნულ ძალთათვის ავტონომიის ერთი ხელის მოსმით გაუქმების სურვილის ბრალდების წაყენება, რასაც ისინი ხშირად მიმართავდნენ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებელ ნაწილში მღელვარების დასათესად და მისი “რისხვის” ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ წასამართავად. ამის პარალელურად მოსახლეობაში აქტიურ დემაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ “გხას”-ელებიც, რომელთაც მთელი თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალი დააბანდეს ხალხის დეზინფორმირებასა და თავიანთ მხარეზე გადაბირების საქმეში. ასეთ ვითარებაში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი უ. ოქროპირიძე 1990 წლის 5 მაისს აჭარის ასსრ უძენაესი საბჭოს სესიაზე გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით და დეპუტატებს მოუწოდა განეხილათ აჭარის ასსრ სტატუსის გადახედვის შესაძლებლობა. [52]

ანალოგიური მოთხოვნები ისმოდა აჭარაში ეროვნული მოძრაობის მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციაზე. ამ ვითარებაში ეროვნული მოძრაობის მძაფრი გაქანების შესასუსტებლად გააქტიურდნენ საკავშირო მნიშვნელობის ორგანიზაციებიც, რომლებიც რესპუბლიკაში ცდილობდნენ თავიანთი ფილიალების დაარსებას და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის ლოზუნგის ირგვლივ “მასების” დარაზმვას. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც სცადა ბათუმში ფეხის მოკიდება, იყო საკავშირო თვითმოქმედი საზოგადოება “Единство”, რომელსაც სათავეში ედგა გადაგვარებული ქართველი, ვინმე გურამ გოგია. ბათუმში ორგანიზებულ რამდენიმე შეხვედრაში ეროვნულ ძალებთან პაექრობისას განცდილი ფიასკოს შემდეგ იგი ასპარეზიდან გაქრა. [37, გვ. 24-25]

გაძლიერდა ზეწოლა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ ე.წ. საკავშირო დისიდენტური მოძრაობის მხრიდანაც, რის ნათელ სურათს გვიშლის თვალწინ ზვიად გამსახურდიას ღია წერილი ანდრეი სახაროვისადმი, რომელშიც ადრესატს უყენებს არაერთ ბრალდებას, ბატონი ზვიადი აღნიშნავს, რომ “…თქვენ ჩაერიეთ იმ ანტიქართულ კამპანიაში, რომელმაც საქართველო იმპერიად გამოაცხადა, რომელმაც თითქოს თავის შემადგენლობაში შეიყვანა აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები… [53] რაც შეეხება ავტონომიურ წარმონაქმნთა მოკავშირე რესპუბლიკებთან თანასწორუფლებიანობის თქვენეულ თეორიას, თქვენ, რომელმაც მთელი თქვენი სიცოცხლე და მოღვაწეობა სტალინიზმის გამოაშკარავებას შეალიეთ, ამ თეორიით მის მომხრედ გვევლინებით და აკანონებთ სტალინიზმის დანაშაულობებს ეროვნული პოლიტიკის სფეროში იმდენად, რამდენარაც ავტონომიურ წარმონაქმნთა უმრავლესობა – მათს ახლანდელ ფორმაში, წარმოადგენს სტალინიზმის დანაშაულს საბჭოთა ხალხების წინაშე, რათა განხორციელდეს იმპერიული პრინციპი, – “გათიშე და იბატონე”, რათა გამწვავდეს ერთაშორისი ურთიერთობა და შუღლი…

…ჟურნალ “ოგონიოკის” ფურცლებზე გამოქვეყნებული თქვენი “აქტუალური” ინტერვიუთი თქვენ, დეპუტატი, ამჟამად ოფიციალური წარმომადგენელი უწინ თქვენს მიერ არაერთგზის გაკრიტიკებული საბჭოთა ხელისუფლებისა – წარმოგვიდექით სტალინიზმის დანაშაულთა დამკანონებლად, თქვენ, მამხილებელი სტალინიზმის ეპოქის რეპრესიებისა – ცალკეულ პიროვნებებთან მიმართებაში, იწონებთ რეპრესიებს მთელი ხალხების მიმართ, რომელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ არის შექმნილი ეს უკანონო და უსამართლო ავტონომიები…” [54] აცხადებს ავტორი. თბილისის პოლიტიკური კლუბის განცხადებაში კი საქართველოში არსებული ავტონომიების შესახებ ნათქვამია და სავსებით სამართლიანადაც, რომ “საქართველოში ამჟამად შემავალ ავტონომიურ ფორმირებათა შექმნა არსებული სახით თავის დროზე არ ყოფილა საქართველოს შინაგანი პოლიტიკური განვითარების შედეგი, რაც არსებითად განაპირობებს ქართველთა დამოკიდებულებას ამ ფორმირებებისადმი. ამ ფორმირებათა არსებობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დღევანდელი საქართველო სხვა არაფერია, თუ არა ავტონომიური ერთეული საკავშირო ფედერაციულ სტრუქტურაში და ცენტრისაგან დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს პოლიტიკურ კონტროლს თავის შიგნით არსებულ ავტონომიებზე…” [55]

როგორც ვხედავთ, რაც ზემოთ აღნიშნულ განცხადებაშია ნაგულისხმევი დღეს რეალობაა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიები მართლაც იქცნენ პრობლემად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. აჭარაში კი ეს ვერ მოხერხდა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აქ მოქმედ ეროვნული მოძრაობის ძალებს, რომელთაც თავიანთი მართებული პოზიციითა და უშიშარი ქმედებებით გასაქანი არ მისცეს მოვლენების იმგვარადვე განვითარებას, რამაც ზემოთ აღნიშნული ავტონომიური ერთეულების ქართული სახელმსიფოსაგან ჩამოშორების რეალური საფრთხე შექმნა. პოსტსაბჭოური სივრცისთვის დამახასიათებელი ამ დიდი პრობლემის მთავარ კატალიზატორს ტოტალიტარული რეჟიმის შემორჩენილი მემკვიდრეობა და მის მიერვე ჩამოყალიბებული სისტემა წარმოადგენს, რომელიც მანამ იარსებებს, სანამ სიცოცხლეს განაგრძობს ამ სისტემაში ამოღზრდილი მესამე ცნობიერების მქონე “საზოგადოება”. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა საქართველო განარგძობდა თავის შეუპოვარ სვლას მიზნისაკენ.

საქართველოში 1990 წლის დასაწყისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალი აღმავლობით აღინიშნა. 5 იანვარს, თბილისში, მთავრობის სახლის წინ, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის, წიმნდა ილია მართლის საზოგადოების და მონარქისტული პარტიის ინიციატივით დაიწყო აქცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნით. 6 იანვარს აქციას შეუერთდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც აღნიშნული მოთხოვნით განცხადება გაუგზავნეს სკპ ცკ პოლიტბიუროს. [56] აქცია 20 იანვრამდე გაგრძელდა. საქართველოს მინდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა მოითხოვდა ეროვნული ძალების ორგანიზაციულ გაერთიანებას, მის კონსოლიდაციას ერთი საბრძოლო შტაბის გარშემო. ამ მიზნით 1990 წლის 13-15 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საგანგებო კონფერენცია, რომელმაც შექმნა ეროვნული ფორუმი, რომლის მიზანი იყო ეროვნული ყრილობის მოწვევა, რომელიც თავის მხრივ გაუძღვებოდა საქართველოს გარდამავალი კოალიციური ხელისუფლების საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების ორგანიზაციას… მაგრამ ეროვნულ ფორუმში მალე მოხდა განხეთქილება და მისი რიგები დატოვეს ჰელსინკის კავშირმა, ილია მართლის საზოგადოებამ, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, მონარქისტულმა (კონსერვატორთა) პარტიამ და მათ შექმნეს “მრგვალ მაგიდად” წოდებული პოლიტიკური გაერთიანება, რომლის სპიკერიც გახდა ზვიად გამსახურდია, – გვამცნობს ჟურნალი “გუშაგი”, – შემდეგ კი იქვე განაგრძობს: “დარჩენილმა ფორუმმა გააგრძელა საქმიანობა და მოიწვია ეროვნული ყრილობა, სადაც საფუძველი ჩაუყარა პარტიათა საკოორდინაციო ცენტრს, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ეროვნული კონგრესის არჩევნებისთვის ხელმძღვანელობა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქართველი ერის ნებისყოფის გამომხატველი ორგანო…” [57] ასე ჩამოყალიბდა ადრინდელი თანამებრძოლებისგან ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი და გადამწყვეტი ბრძოლის წინ გაერთიანების მაგიერ, მათ შორის გამართულმა პაექრობამ თანდათანობით ძალიან არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. შემდგომში კი, განსაკუთრებით ეროვნული კონგრესის შემადგენლობაში დაბანდებულმა ძალებმა ეს ურთიერთობა აშკარა კონფრონტაციის ესკალაციისკენ წაიყვანეს (რაც ცალკე მსჯელობის საგანია).

იმავე მარტის თვის 9-სა და 20 რიცხვებში საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სვლები გააკეთა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიებზე დაგმო, დაპყრობა და ანექსია უწოდა 1921 წლის 25 თებერვლის საქართველოს გასაბჭოების ფაქტს, ბათილად გამოაცხადა ყველა კანონი და დეკრეტი, მას შემდეგ მიღებული ქართველი ხალხის სახელით. [იქვე] დოკუმენტში “საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ” ნათქვამია: “…მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის გარანტი შეიძლება იყოს თვით რესპუბლიკა…

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით – ფაქტობრივ ანექსიას; გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს, და ესწრაფვის საქართველოსათვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული უფლებების აღდგენას. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხური სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს სსრ-სა და რუსეთის სფსრ-ს შორის. 1922 წლის 12 მარტს სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის სსრ ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ. დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია…” [58] ამის კვალობაზე, – აცხადებს ჟურნ. “გუშაგი”, – რიგგარეშე სესია, როგორც მას სჩვევია, ერთხმად, მორცხვად, მაგრამ არა ორაზროვნად აცხადებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას, მაგრამ მას “დაავიწყდა” შეექმნა მექანიზმი ამ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოსაყვანად… [57]

ამ მომენტისათვის უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სამზადისი 1990 წლის 25 მარტის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებისათვის, რომლის წინააღმდეგ დაიწყო მძლავრი საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მისი 1990 წლის შემოდგომაზე გადატანის მოთხოვნით. მასში აქტიურად ჩაერთო აჭარაც. 1990 წლის 15 მარტის გაზეთი “აჭარა” გვამცნობს, რომ “საქართველოს ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის, IV დასის ბათუმის კომიტეტის წევრმა მ. კოპლატაძემ განაცხადა, რომ პარტია აქტიური ბოიკოტს უცხადებს უზენაესი საბჭოს არჩევნებს, ვინაიდან არ სცნობს მის სამართლიანობას. ამავე პოზიციაზე დგანან ჰელსინკის კავშირი და წმინდა ილია მართლის საზოგადოება. სახალხო ფრონტის წარმომადგენლები კი აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. [59] საქართველოს სახალხო ფრონტის ეს პოზიცია განპირობებული იყო მისი ხელმძღვანელობის იმ რწმენით, რომ “…მორჩილი და უპრინციპო უმრავლესობის ყოლა საქართველოს უმაღლეს საბჭოში აუცილებელი პირობაა იმისა, რომ საქართველო კვლავ ჩააბან უვადო კაბალურ სამოკავშირო ხელშეკრულებაში და ჩვენს ქვეყანაში მიწისა და სამართლის გამყიდველი თანამდებობის პირები დანიშნონ… ცხადია, ერში უნდა იყოს ვიღაცა (რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან ინდივიდი) ვინც ოფიციალურ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, როგორც უკანონოს. მაგრამ მოწოდება ქართველი მოსახლეობისადმი მთლიანად, რომ “ბოიკოტი გაუწიოს მთლიანად არჩევნებს”, სახალხო ფრონტს ისეთსავე უაზრობად მიაჩნია, როგორც მოწოდება “არ იხმაროთ საბჭოთა ტყვიები”, იმ შემთხვევში, თუ საქართველოში სამოქალაქო ომი ატყდა და ჩვენი თავს დაცვა დაგვჭირდა…” [60]

 აჭარის მოსახლეობის პოლიტიკურ შეგნებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა 1990 წლის 18 მარტს მომხდარმა მოვლენებმა, როდესაც ქობულეთსა და ბათუმში დაამხეს ლენინის ძეგლები.

თბილისიდან ჩამოსულ თანამოაზრეებთან და აჭარის ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ზვიად გამსახურდიამ ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო აჭარის კომუნისტურ ნომენკლატურას. ერთი ხელის დაკვრით დაამსხვრია აჭარის (და არა მარტო აჭარის) მოსახლეობის ცნობიერებაში ათწლეულების განმავლობაში ჩანერგილ-ჩაგვირისტებული კერპი. ამხილა მათი ცრუპატრიოტიზმითა და ორპირობით შეზავებული მოღვაწეობა. ეს იყო მართლაც კომუნისტური რეჟიმის “ბართლომეს ღამე” აჭარაში და იმ აქციათა დაგვირგვინება, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 25 მარტს დანიშნულ არჩევნების ჩასაშლელად გაიმართა სრულიად საქართველოში. [37, გვ. 25] ამ აქციათა შედეგად აღნიშნული არჩევნები გადაიდო 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის. 1990 წლის 20 მარტს საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიაზე აგრეთვე ცვლილებები შეიტანეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში და მისი სათანადო მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “საქართველოს კომუნისტური პარტიის, სხვა პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე პროფკავშირი, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მასობრივი მოძრაობები სახალხო დეპუტატთა საბჭოებში არჩეული თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით და სხვა ფორმებით თანაბარ საფუძველზე მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ მართვაში.” [61]

ამით დასრულდა ერთპარტიული დიქტატურა და შესაძლებელი გახდა მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა საქართველოში, რაც განმათავისუფლებელი ბრძოლის გზაზე ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და შეუპოვარი საქმიანობის დიდი მონაპოვარი იყო, მაგრამ მის დემოკრატიულად ჩატარებამდე, ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი.

1990 წლის 31 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშიმშილო გაფიცვას იწყებს 5 სტუდენტი, რომლებიც მოითხოვენ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაუყოვნებლივ მოწვევას და მისგან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას. “სიკვდილი ან თავისუფლება”, “ჩვენი შვილები მონობაში არ დაიბადებიან!” – ნათქვამი იყო გაფიცულთა მიმართვაში. გაფიცვას დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა “მრგვალი მაგიდის” ორგანიზაციამ, ხოლო ეროვნული კონგრესის საკოორდინაციო ცენტრმა უარყოფითი პოზიცია დაიკავა და ეს იმით გაამართლა, რომ ეროვნული კონგრესიის არჩევის პერსპექტივამ შეაშფოთა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მას ჩამოაშოროს ქართული საზოგადოებრიობის ყურადღება და ის ყალბი პერსპექტივივებისაკენ მიმართოსო. სტუდენტებს მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა კავშირის, საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა, [57] საქართველოს მიწათმოქმედთა პარტიის მთავარმა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარემ ბატონმა რამინ რამიშვილმა უშიშრად განაცხადა: “საქართველოს მიწათმოქმედთა პარტია და მიწათმოქმედთა ასოციაცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელთაც ჭეშმარიტად გული შესტკივათ ეროვნული საქმისათვის, ვისაც სურს, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩიხში არ მოექცეს, დაუყოვნებლივ გაერთიანდეს 5 მოშიმშილის გარშემო, ანუ “თავგანწირულთა კავშირში” და ამით ბოლო მოუღოს იმ ბზარის გაღრმავებას, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ქართველის ერის მომავალს, მის ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობას. დავძლიოთ წვრილმანი წყენა და პირადი ამბიციები! გავერთიანდეთ “თავგანწირულთა კავშირში”. ერთიანობა არის ერთადერთი გზა დიდი მიზნების მისაღწევად”. [62]

ეს იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მართებული პოზიცია, რომელიც ქართველმა პარტიოტმა ღიად დააფიქსირა. მაგრამ ეს სულისკვეთება გაუგებარი დარჩა საქართველოში ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაბმულ საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ძალებისათვის, რომელთაც კონგრესის არჩევნების ჩატარების შემდეგაც გააგრძელეს ქართველი ერის უპირველეს სასიცოცხლო ინტერესთა იგნორირება. ხოლო რა შედეგი მოჰყვა საბოლოოდ ამგვარ პოლიტიკას, ყველასათვის ცნობილია.

ზემოთ აღნიშნული საშიმშილო გაფიცვის 10 დღის თავზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს სსრ კომპარტიის პირველი მდივანი ბ-ნი გივი გუმბარიძე, რომელიც გაფიცულებს დაპირდა, რომ მათი მოთხოვნა შესრულებული იქნებოდა უმოკლეს ვადაში. მართლაც, 1990 წლის 20 ივნისს, მოწვეული იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია შემდეგი დღის წესრიგით:

1) საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატების შეტანა (საქ. რევკომის 1921 წლის 16 თებერვლის, 1921 წლის 24 მარტისა და საქ. დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების გაუქმების სხვა აქტების სამართლებრივი შეფასება) და ამ დადგენილების შემდგომი რეალიზაციის ღონისძიებანი. მიმართვა რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოსადმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუსეთის სფსრ-ს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგების შეფასების თაობაზე.

2) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.

3) საქართველოს მოქალაქეობის კანონპროექტი.

4) საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს საყოველთაო დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნების კანონის პროექტი.

5) მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, მასობრივი მოძრაობების, პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების, ნებაყოფლობითი საზოგადოებების, ასოციაციების კანონის პროექტი.

6) საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კანონის პროექტი.

7) საბჭოთა არმიაში ალტერნატიული სამსახურისა და მასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგლამენტაცია.

8) სსრ კავშირის მთელი რიგი კანონების შეფასება საქართველოს სსრ კონსტიტუციის 77-ე მუხლის საფუძველზე… [57, გვ. 7]

როგორც ვხედავთ, ხელისუფლება თითქოს ყველაფერს აკეთებს, რაც სახალხო მღელვარებას დააშოშმინებს, მაგრამ ამავდროულად იგი იძულებულია შეასრულოს მისი “პატრონის” ბრძანებები. ქვეყანაში ამოქმედდა ბნელი ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან ეროვნულ დარაზმულობას. ასეთი ძალები ამოქმედებულია აჭარაშიც და მიუხედავად ეროვნული მოძრაობის მძლავრი გაქანებისა, ის ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციის წინააღმდეგ მიმართულ ძლიერ ფაქტორად იქცა, რომლის გასანეიტრალებლადაც მას უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა.

ამავე პერიოდში პრესაში ქვეყნდება საქართველოს ეროვნული მოძრაობის ორივე დაჯგუფების საქმიანობის განმსაზღვრელი ფუძემდებლური კონცეფციები, რომელშიც ეროვნულ ფორუმში დარჩენილი ძალები ასაბუთებენ საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევის აუცილებლობას; “მრგვალი მაგიდის” წარმომადგენლები კი კურსს 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე იღებენ.

1990 წლის 30 სექტემბერს მართლაც ჩატარდა საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნები, რომელიც აჭარაში ფაქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნულ კონგრესში აჭარიდან არჩეულ იქნენ: საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან – კობა ხაბაზი, ტარიელ მახარაძე და ამირან გორგასლიძე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან – მერაბ კოპლატაძე და ბიძინა აფხაზავა. საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან – დავით ბერძენიშვილი, თამაზ დიასამიძე, ოთარ ზოიძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება. [63]

1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებისათვის მზადების პერიოდი აჭარაში აღინიშნა მისი ავტონომიური მმართველობის სტრუქტურების არნახული გააქტიურებით, რომლის მიზანსაც შეადგენდა ყველა შესაძლო მეთოდის გამოყენებით გავლენა მოეხდინა არჩევნებზე ეროვნული მოძრაობის ძალთა საზიანოდ. ისინი არ ერიდებოდნენ არავითარ პროვოკაციას, დეზინფორმაციას და მოსახლეობის პირდაპირ მოსყიდვას (მისთვის უკანონო დახმარებების, სამშენებლო მასალების მიცემისა თუ სხვა სახით).

ასეთ ვითარებაში აჭარაში (ბათუმის გარდა) საქართველოს ამ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი დავით ხახუტაიშვილი აღნიშნავდა “სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ სწორედ იმ პარტიას დაუჭირა მხარი, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე შეურაცხყოფდა მის ღირსებას”. [64]  ბათუმიდან კი, საქართველოს პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს დეპუტატები გახდნენ თამაზ დიასამიძე და დავით ბერძენიშვილი, ხოლო მრგვალი მაგიდის პარტიული სიით იმავე ორგანოში მოხვდნენ ნოდარ იმნაძე და ანზორ კუდბა. მაგრამ დანარჩენ საქართველოში ეროვნულ ძალთა გაერთიანების – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ძლიერ შეარყია საბჭოთა იმპერიის საყრდენები საქართველოში. ამიტომაც მისმა მესვეურებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს სეპარატისტულ ძალთა გამოხტომები აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიურ ფორმირებებში და აჭარაშიც მოინდომეს იმავე მექანიზმის ამოქმედება.

 აჭარაში ეს ბოლომდე ვერ მოახერხეს. ამაში კი, უნდა აღინიშნოს ეროვნულ ძალებთან ერთად თავისი დადებითი როლი შეასრულა აჭარის მაშინდელი ხელისუფლების (თენგიზ ხახვა) ლოიალურმა დამოკიდებულებამ ეროვნული მოძრაობის იდეალებისადმი; იმან, რომ იგი გაგებით მოეკიდა სრულიად საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არ იკისრა იმ როლის ზედმიწევნით შესრულება, რასაც მას ნომენკლატურული თანამდებობა ავალებდა. მისთვის, აჭარაში გაზრდილი აფხაზი კაცისთვის, უფრო ძვირფასი აღმოჩნდა ყველაფერი ის, რისთვისაც ქართველი ხალხი თავგანწირვით იბრძოდა. ეს ჩვენ გვახსოვს და არასოდეს დავივიწყებთ (ჩვენ გვქონდა ამ საკითხებზე პირადი საუბარი მისი აჭარის ასსრ საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში და მას საჯაროდ პირველად ვახმიანებ – უ.ო.). ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიასაც.

განხილული მასალა საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე ეტაპზე აჭარა გვერდით ედგა ქართულ ეროვნულ მოძრაობას და თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. მისთვის დამახასიათებელი და ახლობელი იყო ყველა ის სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც ქართულ ეროვნულ მოძრაობას აღნიშნულ პერიოდში გააჩნდა. მან თავიდან ვერ აიცდინა ის დაპირისპირება და შინა ბრძოლა, რამაც თავი იჩინა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს. პირიქით, ზოგჯერ აქ წინააღმდეგობებს კიდევ უფრო ამძაფრებდა ავტონომიური სტრუქტურების არსებობა და მათში მოკალათებული კომუნისტური ნომენკლატურის ანტიეროვნული პოზიცია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლოსდაბოლოს ისინიც არ აღმოჩნდნენ მტრული ძალების დაკვეთათა უსიტყვო შემსრულებლები.

 აჭარამ აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოში ეროვნული მოძრაობის მიერ მოწყობილ ყველა აქციას. ამ მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უდიდესი როლი შეასრულეს ქართული ეროვნული იდეალების ირგვლივ რეგიონის მოსახლეობის დარაზმვაში. აჭარაში ჩატარდა, როგორც საქართველოს ეროვნული კონგრესის, ისე საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები და ორივე ორგანოში არჩეულ იქნებ აჭარის წარმომადგენლები, მათგან ორი – თამაზ დიასამიძე და დავით ბერძენიშვილი, – იყო როგორც კონგრესის, ასევე უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რაც, ჩვენი აზრით, პოლიტიკური კურიოზების სფეროს უნდა მივაკუთვნოთ. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ მოძაობას აქაც მოუწია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელი ცნობიერების მესამე მდგომარეობის გამო გაჰომოსოვეტიკუსებული საზოგადოების ურთულეს პრობლემებთან ჭიდილი. ამ ჭიდილის შედეგად საკმაოდ შესუსტდა აღნიშნული საზოგადოების საარსებო ბაზისი, თუმცა მისი საბოლოოდ დაძლევა დღესაც მომავლის საქმედ რჩება.

***

თავი II. აჭარა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება   (1990.28.X-1992.6.I)

 
***
 
 
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები: 
 
1. მორის ალლე, მღელვარე ცვლილებანი აღმოსავლეთში, ჟურნ. “ივერია”, #34, პარიზი, 1990, გვ. 28-38
2. პეტრე იბერი, შენიშვნები, ჟურნ. “ივერია”, #35, პარიზი, 1990, გვ. 48-61
3. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა, ა. 3, 15-18
4. Фстафьев А., Место действия, рассказы, журн. Наш современник, №5, Москва, 1986, стр. 100-141
5. Солженицин А., Как нам обустроить Россию?, Париж, YMჩA-PღEშშ, 1990, стр. 3-4
6. კაშია ჯ., ზოგიერთი რამ საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე, ჟურნ. “თავისუფლების ტრიბუნა”, #39, პარიზი, 1983, გვ. 18
7. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #58, 1990 (იანვარი)
8. ფუკიამა ფრ., ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი, თბილისი, 1999, (გვ. 21, 57-58, 64)
9. Dokumente zu Hegels Entwicklung, ed. S. Hoffmeister, Stutgart, 1936. (p. 352)
10. კვესელავა ი., ადეიშვილი ეკ., “გლობალურობა და ეროვნული იდეა”,
საისტორიო ვერტიკალები, #10, თბილისი, 2006, გვ. 108-111
11. არენდეტი ჰანნა, ტოტალიტარიზმის წარმოშობა, ჰაიდელბერგი, 1951
12. ჟურნ. “გუშაგი”, #15, პარიზი, 1988, მარტი
13. ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტ. საბჭოების აღმს. კომიტეტის #07/09/848, 1987 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება
14. იქვე, #4/480, 1988 წლის 18 ივლისის დადგენილება
15. გაზ. ქართული ქრონიკა”, #7, 1988, ივლისი
16. გაზ. “ბათუმის ხმა”, #2, 1988,11.10
17. გამსახურდია ზვიად, მონანიება, – მოუნანიებლობა სჯობდა, ჟურნ.“გუშაგი”, #16, პარიზი, 1988, ივლისი. გვ. 48-50
18. გაზ. “Lე Mონდ”, 1988.12.03
19. სსრ კავშირის ხალხთა პატრიოტული მოძრაობის საკოორდინაციო კომეტეტის შექმნა, ჟურნ. “გუშაგი”, #16, პარიზი, 1988, გვ. 25-29
20. გუდავა თ., ღია წერილი, ჟურნ. “გუშაგი”, #17, 1988.X
21. კოსტავა მერაბ, ბერლინის კედელი საქართველოში, ი. ჭავჭავაძის საზ-
ბის “მოამბე”, #4-5, 1988, მარტი-აპრილი
22. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #3, 1988
23. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა:, #45 (65), 1991
24. ნადირაძე რ., ტრაფარეტი (კრებული), საწყისი თარიღის შესახებ, ბათუმი, 2001, გვ. 184-185
25. ჟურნ. “ლაზარეს აღდგინება”, #2, 1989
26. 1988 წლის 21 ოქტომბერი, ბათუმი, საქმე 21, ამონაწერი სამსჯავრო სხდომის ოქმიდან
27. მალაყმაძე ნ., გვჭირდება თუ არა ავტონომია, გაზ. “აჭარა”, 2004, 1 ივლისი
28. ჟორდანია ნ., ჯერ კიდევ უთქმელი სათქმელი, ანუ დოკუმენტებში ასახული სინამდვილე, გაზ. “აჭარა”, #71, 2005, 20 აპრილი
29. ჟურნ. “გუშაგი”, #18, 1989, თებერვალი
30. მიქელაძე ნაზი, მოგონებები, გაზ. “ჟამთააღმწერელი”, #1, 2005, 17 მაისი
31. ცისკარიშვილი ე., სად გაჩერდნენ თქვენი მამები, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1989, 27 იანვარი
32. ჯაფარიძე რ., რა გვიმძიმს, რა გვიხარია, გაზ. “კომუნისტი”, 1988.8.12
33. გაზ. “კომუნისტი”, 1988.1.12
34. მიმართვა აშშ კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავ-რეს ბ-ნ სტენი ჰოიერსა და შეერთ. შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბ-ნ რ. შიფტერს
საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის, ი. ჭავჭავაძის საზოგადოების IV დასისა და საქ-ოს
ედპ-საგან, ჟურნ. “გუშაგი”, #18, 1989, გვ. 19-22
35. გუდავა თ., რეპრესიების განახლება, ჟურნ. “გუშაგი”, #18, 1989, გვ. 22-25
36. გაზ. “ბათუმის ხმა”, #3, 2005, აპრილი
37. ოქროპირიძე უ., საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და აჭარის ავტონომიის პრობლემა, ბათუმი, გამომც. “ბათუმის უნივერსიტეტი”, 2005
38. ოქროპირიძე უ., აჭარა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლის საწყის ეტაპზე (1988.X – 1989.9.04) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები, III, ბათუმი, 2008, გვ. 191-206
39. ვილნიუსის თათბირი, ჟურნ. “გუშაგი”, #18, 1989, გვ. 30-32
40. ლაშქარაშვილი ზ., სულ უკანასკნელი ამბები, ჟურნ. “გუშაგი”, #18, 1989, გვ. 94-99
41. ლიგაჩოვ-შევარდნაძის უცნაური შეკამათება, ჟურნ. “გუშაგი”, #21, 1990, გვ. 74-76 (გადმობეჭდილია 1990 წლის 9 თებერვლის გაზ. “კომუნისტიდან”)
42. ჩვენი კომენტარი (გ. წერეთელი) , ჟურნ. “გუშაგი”, #21, 1989, გვ. 77
43. ილია მეორის მიმართვა გორბაჩოვისა და დეპუტატებისადმი, ჟურნ. “გუშაგი”, #20, 1989, ნოემბერი, გვ. 5-6
44. ბერძენიშვილი დ., აჭარის ავტონომიის შექმნის წანამძღვრები, გაზ. “თბილისის უნივერსიტეტი”, 1989, 26 მაისი
45. ზოიძე ო., კიდევ ერთხელ “მოძმე აჭარელი ხალხის” შესახებ, ჟრნ.  “ცისკარი”, 1989, #8
46. მახარაძე მ., სტერეოტიპების ტყვეობაში თუ შეგნებული დეზინფორმაცია?, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1990.2.03
47. ფუტკარაძე ტ., თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა, ანუ
ვის სჭირდება აჭარის ავტონომია?, გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, #30, 1990, 17 მარტი
48. ფუტკარაძე თ., ავტონომიის სინდრომი, გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი”,
#33, 1990, 27 მარტი
49. გორგილაძე მ., დიასამიძე ბ., ქედელიძე ნ., ზოგჯერ თქმა სჯობს… გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1990, #9, 2.III
50. მახარაძე მ., ღია წერილი აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რეს ბატონ გურამ ჩიგოგიძეს, გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, #143, 1989.30.11
51. ჯიჯავაძე მ., ავალიანი თ., ცეცხლაძე ო., მგელაძე მ., კიდევ ერთხელ აჭარული სეპარატიზმის შესახებ, გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, #149, 1989, 9.12
52. სინამდვილეში კი ეს ასე იყო, გაზ. “საბჭოთა აჭარა”, #92, 1990, 16 მაისი
53. Журн. «Огонек», №31, 1989, июль, стр. 27
54. გამსახურდია ზვიად, ღია წერილი ანდრეი სახაროვისადმი, ჟურნ. “გუშაგი”, #20, 1989, ნოემბერი, გვ. 16-23
55. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, ჟურნ. “ივერია”, #34, პარიზი, 1990, გვ. 25-28
56. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, გაზ. “ქართული ქრონიკა”, #1 )58), 1990, იანვარი
57. დამოუკიდებლობა: ზეიმი და რეალობა, ჟურნ. “გუშაგი”, #22, გვ. 4-9
58. გაზ. “კომუნისტი”, #57 (20703), 1990, 10 მარტი
59. მითაიშვილი მ., გზა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ, გაზ. “აჭარა”, #50, 1990
60. ნათაძე ნ., საქართველოს სახალხო ფრონტის უშუალო ამოცანები, გაზ.“საქართველო”, #1, 1989
61. გაზ. “კომუნისტი”, #66, 1990,22.03
62. გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1990,2.06
63. სია შედგენილია ტარიელ მახარაძის მიერ ჩვენთვის გადმოცემული მოგონებისა და დოკუმენტების საფუძველზე
64. ხახუტაიშვილი დავით, რა მისცა ავტონომიამ აჭარას?, საქართველოს მეცნ. აკად. ჟურნ. “მაცნე”, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #3,1991

დატოვე კომენტარი